თავი 2. იმოქმედე უმოქმედოდ
თავი 2. იმოქმედე უმოქმედოდ
ამგვარად, ჩვენ გავარკვიეთ, რომ პირველ რიგში მოსწავლე იწყებს აღწერილობის ახალი შაბლონის დაგროვებას და თანდათანობით ანაცვლებს მისით ძველ შაბლონს. პრობლემა მხოლოდ იმაშია, რომ ახალ, მაგიურ შაბლონსაც კი, იგი ძველის მეშვეობით აღიქვამს. ახლაც კი, როცა ამ სიტყვებს კითხულობთ, თქვენი გაგება სხვა არაფერია, თუ არა – ძველი აღწერილობის რეაქცია. შეიძლება ითქვას, რომ ძველი შაბლონი ესაა კომპიუტერის ოპერაციული სისტემა. მაგიური აღწერილობა ესაა პროგრამა, რომელიც ამ ოპერაციულ სისტემაზე მუშაობს. ამიტომ, როგორი ძლიერიც არ უნდა იყოს ეს პროგრამა, იგი სამყაროს ადამიანურ აღწერილობაზეა დამყარებული.
მუდმივი პრაქტიკით თქვენ აგროვებთ საკუთარ თავში მაგიურობას, თუ შეიძლება ასე ვთქვათ. ეს ახალი დამატება ძველ ოპერაციულ სისტემაში უფრო და უფრო რთულდება. იგი უფრო და უფრო მეტ ოპერატიულ მეხსიერებას მოითხოვს. და როდესაც იგი მნიშვნელობით გაუტოლდება სამყაროს ძველ სურათს, ხდება სისტემის დაკიდება, ანუ სამყაროს გაჩერება.
იმის თქმა მინდა, რომ სამყაროს გაჩერება - ესაა პროცესი, რომელიც თავისთავად გაეშვება. თქვენ მხოლოდ უნდა დააგროვოთ საკუთარ თავში ახალი აღწერილობა და პრაქტიკული გამოცდილებით უნდა გაამყაროთ იგი. აკეთეთ ეს აუჩქარებლად. ეს პროცესი წლებს მოითხოვს. მაგრამ როგორ „დავაგროვოთ“ სამყაროს ახალი სურათი, თუკი აზრობრივი პროცესებისთვისაც კი ძველს ვიყენებთ? პასუხი იმაშია, რომ საკუთარი თავი უნდა მოვატყუოთ, სხვა სიტყვებით, უმოქმედოდ ვიმოქმედოთ.
ამ ტვინისმმტვრეველ მოქმედებებში ყველაზე წინ ძენ-ბუდისტები წავიდნენ. მაგალითად, ყველასთვის ცნობილი მეთოდი - ტაში ერთი ხელით. ითვლება, რომ ამ ტაშის შესრულებისას ადამიანი გასხივოსნებული ხდება. ინტელექტით ჩვენ ვიცით, რომ ეს ტაში ჟღერს როგორც სიჩუმე. მაშ, გავაკეთებ ამას. სერიოზულად ვამბობ. მოხერხებულად დაჯექით და დაიწყეთ ერთი ხელით ტაშის დაკვრა. როგორ? სწორედ ეს ამოცანა უნდა გადაჭრათ.
და ამ ამოცანის არსი იმაშია, რომ იგი არ იჭრება ინტელექტით ან ხელის რაიმე დახვეწილი მოძრაობით. ყრუდ უნდა იჯდეთ და ეცადოთ ტაშის დაკვრას. შესაძლოა ამაზე წლები წავიდეს. საქმე იმაშია, რომ მთელი საკუთარი თავი უნდა მიუძღვნათ ამ პრაქტიკას. თუკი მთელ თქვენს გონებას ალესავთ (აღქმის ძველ შაბლონს) ამ პრაქტიკისთვის, მაშინ ერთხელაც გონება გაჩერდება და დარჩება მხოლოდ მოქმედება. ანუ თავად ტაში, რომელიც გონების სიჩუმეა, ანუ მოქმედება უმოქმედოდ.
ამ თავის დასახელების ახსნა იმაში მდგომარეობს, რომ ნებისმიერ მოქმედებაში ყოველთვის ორი იღებს მონაწილეობას. ესენია აღქმის შაბლონი და ენერგია, რომლებიც ამ მოქმედების გაშვებას იწვევენ. ამგვარად, მაგიური პრაქტიკების საწყისი ეტაპის ამოცანა იმაში მდგომარეობს, რომ საჭიროა მოქმედების შესრულება ენერგიით, სხეულით, ძალით, სხვა სიტყვებით - საკუთარი თავით, მაგრამ აღწერილობის გარეშე, გამორთული შაბლონით. მაგრამ შეუძლებელია ამ მოქმედების მაშინვე გაშვება. იგი თავისით მოდის.
ვეცდები მაგალითით ავხსნა. თქვენ მიაჭირეთ ავტომობილის გაზის პედალს, და იგი დაიძრა. შემდეგ ავტომობილი აჩქარდა და პედალს ფეხი აუშვით. მაგრამ იგი განაგრძობს სვლას. თქვენ არ აკეთებთ მანქანის მოძრაობისთვის არანაირ მოქმედებას, მაგრამ მოქმედება მაინც ხდება. სწორედ ამას ნიშნავს უმოქმედოდ მოქმედება.
მაგიურ პრაქტიკებთანაც იგივე ისტორიაა. თავიდან მთელი გულმოდგინებით ვიწყებთ მათ შესრულებას. არ გამოგვდის. მაგრამ ძალიან გვინდა შედეგები, ამიტომ განვაგრძობთ. მაგრამ აი, მოვიდა დაღლილობა. ჩვენ დავისვენეთ - და კვლავ ბრძოლაში... გამოდის, მაგრამ ისე არა, იმ მიმართულებით არა... შემდეგ იმედი გვიცრუვდება და თავს ვანებებთ.
სადაა აქ ძაღლის თავი დამარხული? თავად ჩვენს რეაქციაში. ენთუზიაზმი, სურვილი, შემდეგ დაღლილობა და იმედგაცრუება. ყველაფერი ეს შაბლონის რეაქციებია. მათი გამოჩენა ნორმაა. განაგრძეთ პრაქტიკა. თქვენი გონება ვერ მოახდენს ერთი და იგივე მოქმედებაზე რეაგირებას ურიცხვი რეაქციებით. ისინი მას შეზღუდული აქვს, ამიტომ როცა ერთს იყენებს და ხედავს, რომ არ ჩერდებით, მეორეზე გადადის. და როცა რეაქციები თავდება, იგი ჩუმდება. მოქმედება კი დარჩა. ასე ატყუებთ „ბატონს თქვენს თავში“. ასე იხსნება კარი.
არ ვიცი შეამჩნიეთ თუ არა, მაგრამ მე აღვწერ შინაგანი დიალოგის (შდ) გაჩერებას. ჩემს პირველ წიგნში ვწერდი თავში ლაყბობის გაჩერების ერთ მეთოდზე. აქ მინდა ცოტათი გავაფართოო ტექნიკური არსენალი.
ახლავე გეტყვით, რომ პრაქტიკის შესრულებისას მნიშვნელოვანია მოტივაცია. ამრიგად, მაგს იგი არ გააჩნია. იგი ამ პრაქტიკას თავად მოქმედების გამო აკეთებს. ყველა მოტივაცია უნდა მოკვდეს, რადგანაც ისინი გონების ძველი სისტემის პროდუქტია, რომლებიც აღზრდილნი არიან რაღაცის ფლობის სურვილზე. ჩვენ არ ვართ დამნაშავენი, რომ ასე აღგვზარდეს. მაგრამ ცვლილების დრო მოვიდა, და შესაბამისად პრაქტიკისადმი დამოკიდებულებაც უნდა შევიცვალოთ.
საქმე იმაშია, რომ როდესაც საკუთარი თავისადმი ახსნა-განმარტება, რატომ გავაკეთოთ ესა თუ ის პრაქტიკა, კვდება, მის ადგილზე მოდის ერთგვარი ძალა. რომელსაც განზრახვას უწოდებენ. ესაა მდუმარე იმპულსი, რომელსაც შეუძლია ნებისმიერი პროცესი გაუშვას, რომელსაც კი მიწვდება. მაგალითად ჩვენ დავეუფლეთ ათასობით სხვადასხვა განზრახვას. სიარულის განზრახვა, ან წერის, ლაპარაკის, ფიქრის, ფერების გარჩევის და ა.შ. განზრახვა. ეს ყველაფერი ადამიანური განზრახვებია. სხვა სიტყვებით, ადამიანად ყოფნა სხვა არაფერია, თუ არა – ადამიანად ყოფნის განზრახვა. მაგრამ ჩვენ არ შეგვიძლია განვიზრახოთ, რომ ვიყოთ, მაგალითად, ვეფხვი, რადგანაც უბრალოდ არ ვიცით, როგორ აკეთებს ვეფხვად ყოფნის განზრახვას თავად ვეფხვი.
ამრიგად, მაგებს ესმით, რომ შესაძლებელია მრავალი მაგიური განზრახვის წვდომა, მაგალითად, ტელეკინეზის, პიროკინეზის, ლევიტაციის, მაგრამ ამ ხელოვნების მწვერვალია განზრახვის გამოწვევის განზრახვა, ანუ მისი დაგროვება, ანუ განზრახვად ყოფნა.
ასე ვთქვათ, არსებობს რაღაცის კეთების განზრახვა, მაგრამ არსებობს განზრახვა სუფთა სახით. და როდესაც იგი ბევრია, მაგს ყველაფერი შეუძლია. შეიძლება ითქვას, რომ მთელი მაგია შედგება განზრახვებისგან, მაგრამ მხოლოდ მაგიურისგან, მაგიური შაბლონიდან.
და განზრახვის წყაროს ძებნა შდ-ს გაჩერებით იწყება. არსობრივად, ეს პრაქტიკა ყველაზე მთავარია გზაზე. შდ-ს გაჩერების მდგომარეობა ესაა ჩვენი ბუნებრივი მდგომარეობა, რომელშიც ხშირად ვვარდებით ძილის დროს. სწორედ ასეთი ძილის შემდეგ ვგრძნობთ თავს დასვენებულად და ძალებით აღსავსედ. გაიხსენეთ, ალბათ გქონიათ შემთხვევები, როცა საზოგადოებრივ ტრანსპორტში ან სამსახურში, სანამ არავინ ხედავდა, ჩაგძინებიათ 10-15 წუთით. ამასთან, ამას ძილსაც ვერ ვუწოდებთ, ნახევრად აქ ხართ, ნახევრად – იქ. და აი, გაიღვიძეთ. ტროლეიბუსის თქვენი გაჩერებაა, ან ხელმძღვანელი მოვიდა. და უცებ ამჩნევთ, რომ რაღაცნაირად კარგად გრძნობთ თავს. სხეული ფხიზლადაა და ძილიანობა საერთოდ გაქრა. გქონიათ ასეთი შემთხვევა, ხომ მართალია?
ახლა დეტალურად გაიხსენეთ. მთელი ეს დრო არ ყოფილხართ სრულიად გამოთიშულ მდგომარეობაში. თქვენი რაღაც ნაწილი თვალყურს ადევნებდა გაჩერებებს, რათა არ ჩასძინებოდა, ან იმას, თუ სად იყო ხელმძღვანელი. გაიხსენეთ ეს ნაწილი. ეს თქვენ ხართ, მაგრამ ერთი განსხვავებით, ეს „თქვენ“ არ ფიქრობდა. იგი აკვირდებოდა, უსმენდა, ეძინა კიდეც და სიზმრებს ხედავდა, მაგრამ საჭირო მომენტში მან გაგაღვიძათ. სწორედ ჩვენი ამ ნაწილის კონტროლს და განვითარებას გვასწავლიან მაგები.
იცით, პრობლემა იმაშია, რომ ჩვენი არსების ამ ნაწილს ვერ ვაკონტროლებთ. ერთხელ 15 წუთში გამოიძინეთ, სხვა დროს კიდევ უფრო უარეს მდგომარეობაში გაიღვიძეთ, ვიდრე ჩაძინებამდე იყავით. მაგრამ მაშინაც კი, თუ ეს ნაწილი მოდის ყოველ ჯერზე, როდესაც მცირე ხნით თვალებს ვხუჭავთ და წავთვლემთ, მაშინ წარმოიდგინეთ, რამდენად ეფექტურნი ვიქნებოდით, ასეთ მდგომარეობაში მოქმედება რომ შეგვძლებოდა. არა ძილის მდგომარეობაში, არამედ სამყაროს მდუმარე ხედვის მდგომარეობაში, რომელიც არ წარმოშობს ჩვენი ენერგიის შთანმთქმელი ფსიქიკური პროცესების უზარმაზარ რაოდენობას. ანუ თქვენ მუშაობთ, მაგრამ ამასთან თქვენი ძალები მხოლოდ იზრდება. სწრაფად შეგიძლიათ გამოძინება, ეფექტურად მუშაობთ, თავს შესანიშნავად გრძნობთ.
ამ მდგომარეობაში მოქმედება შესაძლებელია განზრახვიდან გამომდინარე. ამ დროს სასწაულები ხდება. ამ მდგომარეობაში იწყება მაგია. აი, რატომაა აუცილებელი, რომ გამუდმებით ივარჯიშოთ შდ-ს გამორთვაში.
მაგრამ გვეყოფა ლაყბობა. გადავიდეთ პრაქტიკულ ნაწილზე.
შდ-ს გაჩერება
ეს პრაქტიკა პირობითად შეგვიძლია დავყოთ ორ ტიპად. შინაგან და გარეგნულ ტექნიკებად. შინაგანი ტექნიკები ესაა საკუთარ გონებასთან მუშაობა. თქვენ ხუჭავთ თვალებს, ჭვრეტთ თქვენს ფიქრებს და ცდილობთ, რომ შეინარჩუნოთ გაცნობიერებულობა, და თანდათანობით განზე დგებით თქვენი ფიქრებისგან. ეს მეთოდი მე დაწვრილებით აღვწერე პირველ წიგნში. აქ კი მინდა, რომ გარეგნულ ტექნიკებზე შევჩერდე, ანუ შდ-ს გამორთვის მეთოდებზე არა თვალების დახუჭვის, არამედ რეალობის გრძნობის ყველა ორგანოთი აღქმის მეშვეობით.
ჩვენ გამუდმებით ვიმყოფებით გამუდმებული შინაგანი ლაყბობის რეჟიმში, რადგანაც ჩვენი ყურადღება დიდი ხნით ვერაფერზე ვერ ჩერდება. ჩვენ მუდმივად ვესვრით სამყაროს სწრაფ და მოკლე მზერებს, და ვკონცენტრირდებით ხან ერთ რამეზე, ხან მეორეზე. ყოველ ჯერზე ყურადღების გადატანა ამა თუ იმ ობიექტზე, ცნობიერებაში შესაბამის რეაქციას იწვევს, რომლის არსიც იმაშია, რომ ეს ობიექტი აღწეროს. მაგალითად, ხეს შეხედეთ. სიგნალი თქვენს ტვინში შემოვიდა, და ტვინმა დაიწყო პრეცედენტის ძებნა, ანუ იგი თითქოს ეკითხება საკუთარ თავს: „რას ვუყურებ?“ და მეხსიერების სიღრმეებიდან მას ხის ხატ-სახე გამოაქვს. ამით ხვდებით, რომ ხეს ხედავთ. ეს იმდენად მყისიერად ხდება, რომ ჩვენ არ ვაჩერებთ ყურადღებას არც ხეზე, არც ადამიანზე და არც სხვა რამეზე რაღაც ხანგრძლივი დროის განმავლობაში. ტვინი ძალიან სწრაფად მუშაობს.
მაგრამ მაშინაც კი, თუკი ერთ ობიექტს მივაშტერდებით, ყურადღება ამ დროსაც დაიწყებს განსხვავების ძიებას. ხე უბრალოდ ხე არაა. მას გააჩნია ღერო, ტოტები, ფოთლები. ფოთლები ერთმანეთისგან განსხვავდებიან, ფორმით, ფერით და ა.შ. ანუ ერთი ობიექტი იშლება ასობით სხვა ობიექტად, და ყურადღება ახლა მათზე დახტის. მაგრამ მაშინაც კი, თუკი ერთი ავირჩიეთ და მასზე შევაჩერეთ ყურადღება, ჩვენი გონება გამუდმებით აღწერს ამ ობიექტს, რაც გვაძლევს იმის გაცნობიერებას, რასაც ვუყურებთ. ჩვენ კი გვახსოვს, რომ საკუთარი თავი უნდა მოვატყუოთ. და როგორ გავაკეთოთ ეს? საქმე იმაშია, რომ ჩვენ არასოდეს გვიცდია მიგვექცია ყურადღება თავად აღქმისთვის. სხვა სიტყვებით, მოგვეხდინა ყურადღების კონცენტრაცია საკუთარ ყურადღებაზე. ერთი ხელით ტაში, სხვანაირად ვერა.
ჩვენ გვაქვს გრძნობათა ორგანოები, რომელთა მეშვეობითაც კონტაქტს ვამყარებთ გარე სამყაროსთან. რა იქნება, თუკი ვეცდებით, რომ თავად გრძნობათა ორგანოებში გამავალ სიგნალს დავაკვირდებით, და არა მის ინტერპრეტაციას, როგორც ამას ჩვეულებრივი აღქმის შემთხვევაში ვაკეთებთ? სწორედ ეს უნდა გავაკეთოთ.
ამისათვის სამ გრძნობას გამოვიყენებთ: მხედველობას, სმენას და შეხებას.
შდ-ს გაჩერება მხედველობითი არხის მეშვეობით
ამ ტექნიკის გასაგებად რაღაც მარტივიდან უნდა დაიწყოთ. დააყენეთ თქვენგან 3-4 მეტრში რაიმე საგანი, მაგალითად, ჩაიდანი. თქვენსა და საგანს შორის სხვა არაფერი არ უნდა იყოს. შემდეგ უნდა მოახდინოთ ყურადღების კონცენტრაცია თქვენსა და ჩაიდანს შორის. ანუ ჰაერზე. უფრო ზუსტად, არა ჰაერზე, არამედ სივრცეზე, თქვენსა და საგანს შორის. თვალები ჯობია არაფოკუსირებული გქონდეთ. გახსოვდეთ, რომ საჭიროა ყურადღების კონცენტრაცია, და არა მზერის.
თქვენი ამოცანა იმაში არ მდგომარეობს, რომ რაღაც დაინახოთ, არამედ იმაში, რომ ყურადღება შეაჩეროთ არაფერზე. ამასთან თქვენ შეამჩნევთ, როგორ ეცდება ყურადღება, რომ შეეხოს საგანს, აღწეროს იგი, ან დაათვალიეროს. სწორედ ამაშია სირთულე. არაფრის დათვალიერება არაა საჭირო.
ხანგრძლივი მცდელობების შემდეგ მიაგნებთ ყურადღების საჭირო ფოკუსირებას. იგი კონცენტრირებული იქნება ცალსახად თავად ხედვის უნარზე, ისე რომ არაფერს არ დააკვირდება. პერიფერიული მხედველობით შესაძლოა შეამჩნიოთ, რომ ჩაიდანი უკვე აღარ წარმოადგენს ჩაიდანს, არამედ უფორმო მასა გახდა. სასაცილოა, მაგრამ როგორც კი ამას შეამჩნევთ, თქვენი ყურადღება თქვენივე ნების საწინააღმდეგოდ დაუყოვნებლივ ჩაიდნისკენ გაიქცევა, რათა თავიდან შექმნას ან აღწეროს იგი. ასეთი რეაქცია იმით აიხსნება, რომ თუკი ნაცნობი უცნობად იქცევა, გონება შიშს განიცდის. მაგრამ როგორც კი აღუწერთ საკუთარ თავს, რომ ეს მხოლოდ ჩაიდანია, შიში ქრება. ამრიგად, თქვენ უნდა ისწავლოთ ყურადღების შეჩერება სიცარიელეზე, თვალწინ, რაც არ უნდა ხდებოდეს უკანა პლანზე, თავად ღმერთიც რომ გესტუმროთ, ყურადღება სიცარიელეზე.
თავიდან თქვენი ყურადღება ეცდება, რომ ჰაერს მოეჭიდოს, უფრო სწორად, ჰაერის აღწერილობას. ეს ნორმალურია. გარკვეულ რეჟიმში ყურადღების შეჩერების სწავლის შედეგად, თქვენ შეამჩნევთ, რომ თქვენი მდგომარეობა იცვლება. თანდათანობით შედიხართ აღქმის ამ სფეროში და შემდეგ უკვე ინერციით რჩებით მასში. ანუ მოქმედებთ უმოქმედოდ. როცა გონება მშვიდდება და ყურადღება ფიქსირებული ხდება, თქვენი გონება წყვეტს სამყაროს აღწერას და გონებაში სიჩუმე დგება, მაგრამ ამასთან, თავად ყურადღების კონცენტრაციის ქმედება გრძელდება. როგორც კი ამას აღწევთ, იწყება სიცარიელის დაგროვება.
სიჩუმეს, რომელიც შდ-ს გაჩერების შედეგად დგება, დაგროვების თვისება გააჩნია. სანამ დუმილის უწყვეტ მდგომარეობაში იმყოფებით და თქვენ წინ არსებულ ცარიელ სივრცეს ჭვრეტთ, თქვენი ყურადღება კონცენტრაციის ამ რეჟიმის დამახსოვრებას სწავლობს. სწორედ ამას ეწოდება ყურადღების ან სიცარიელის (ცარიელი ყურადღების) დაგროვება. კვლავ და კვლავ აპრაქტიკეთ, და შეამჩნევთ, რომ ყოველ ჯერზე უფრო სწრაფად გამოგდით ამ მდგომარეობაში შესვლა, ან იგი უფრო ხანგრძლივი ხდება. მაგრამ ყველაზე მთავარი მოგვიანებით მოვა. ერთ მშვენიერ დღეს თქვენ შეამჩნევთ, რომ პრაქტიკის დასრულების შემდეგ თქვენ უყურებთ სამყაროს ისე, რომ არ აღწერთ მას. ანუ პრაქტიკა დასრულდა, ყურადღების რეჟიმი კი იგივე დარჩა. რა თქმა უნდა, გარეგნულად სამყარო არ შეცვლილა, მაგრამ თქვენ თითქოს მასთან არანაირი საქმე არ გაქვთ. საერთოდ არ ფიქრობთ სამყაროზე. თქვენი ყურადღება სუფთაა. ძალიან გაცნობიერებულნი ხართ. ამ მდგომარეობაში ძალზე სასიამოვნოა სამყაროს ობიექტების დათვალიერება. და თქვენ დაინახავთ, რომ ყველაფერს გააჩნია სილამაზე. მაგალითად, შესაძლოა ჟანგიან ნივთს ათვალიერებდეთ, მოუწესრიგებელ ოთახს, ან ტარაკანს. და არანაირი რეაქცია. ყველაფერი ერთნაირად საინტერესოა. დააგროვეთ საკუთარ თავში ეს უნარი. იგი ბევრად გაგიმარტივებთ ცხოვრებას.
თუკი დასაწყისში თქვენ სპეციალურად ქმნიდით პირობებს სიცარიელეზე კონცენტრაციისთვის, შემდეგ უნდა ისწავლოთ ამ მდგომარეობაში შესვლა ნებისმიერ ადგილას, მიუხედავად იმისა, რა საგნები ავსებენ თქვენს სივრცეს. გამოიყენეთ ყოველი თავისუფალი დრო. ისწავლეთ ამ მდგომარეობაში გადაადგილება, მაგრამ არ გარისკოთ ამ მდგომარეობაში ავტომობილის ტარება ან გზაზე გადასვლა. იყავით გონიერნი.
შდ-ს გაჩერება სმენითი არხით
ამ პრაქტიკას ეწოდება „დაყურადება“. ჩვენი ყურადღება ბგერებსაც ისევე ეპყრობა, როგორც გამოსახულებებს. ამასთან, თუკი თვალების მართვა რაღაც დონეზე შეგვიძლია, ყურებთან უძლურნი ვართ. რა ხმებსაც გამოსცემს სამყარო, ის გვესმის. მაგრამ ამოცანა აქ იმაში არაა, რომ სმენა ვმართოთ, არამედ იმაში, რომ შევწყვიტოთ სამყაროს აღწერა ბგერების ამოცნობით.
ამოცანა შემდეგია: დასაწყისისთვის ჯობია ეს დაწოლილ მდგომარეობაში გააკეთოთ. რატომღაც ასე უფრო მოსახერხებელია. მაგრამ ასე დაძინებაც ადვილია, ამიტომ გააკეთეთ პრაქტიკა დღისით, როცა არ გეძინებათ.
დაწექით, დახუჭეთ თვალები და დაიწყეთ ბგერების მოსმენა. თავდაპირველად შეამჩნევთ, რომ უბრალოდ არეგისტრირებთ ბგერებს თქვენი ცნობიერებით: მანქანების სიგნალიზაცია, ხმაური სამზარეულოში, კომპიუტერის ზუზუნი და ა.შ. იმისთვის, რომ ბგერების ცარიელი რეგისტრაციისგან განთავისუფლდეთ, გირჩევთ, რომ ყურადღების კონცენტრაცია მათ წყაროზე მოახდინოთ. ეს დაგეხმარებათ, რომ არ იფიქროთ იმაზე, თუ რა გესმით.
ბგერის ამა თუ იმ წყაროზე მიჩვევით, თქვენი ყურადღება მისგან განზე გადგება და უფრო და უფრო მეტ ახალ ბგერას გაიგებს. გახსოვდეთ, მთავარია არა ამოცნობილი ჟღერადობების რაოდენობა, არამედ მათი წყაროები. როდესაც ერთი-მეორეს მიყოლებით იგრძნობთ სხვადასხვა წყაროებს, თქვენ შეამჩნევთ, რომ სივრცეში არის ბგერები, რომლებსაც ან სახელი არ აქვთ, ან რაც ყველაზე საინტერესოა, ვერ მოუძებნით წყაროს, საიდანაც მოდიან.
რაღაც დროის შემდეგ შესაძლოა შეამჩნიოთ, რომ ბგერები თითქოს სხვადასხვა დონეებზე, ანუ შრეებზე არსებობენ. შესაძლოა მოგეჩვენოთ, რომ ეს შრეები აღწერენ სხვაობას ტიპით ახლოს-შორს, მაგრამ სინამდვილეში ეს სხვა რამეა. ამ შრეებზე ყურადღების გადართვისას თქვენ მხოლოდ იმ შრის ბგერები გესმით, რომელზეც ყურადღებას აჩერებთ, სხვები კი არ გესმით. ამ მომენტისათვის თქვენი ყურადღება სიცარიელის მსგავს რეჟიმში იმუშავებს, როგორც მხედველობითი არხის შემთხვევაში. ეს იმაში გამოიხატება, რომ თქვენ არ მოახდენთ ამ ბგერების იდენტიფიკაციას. გესმით - და მორჩა. მაგრამ სახელდობრ, რა გესმით - არ იცით.
მაგრამ ყველაზე საინტერესო აღმოჩენა ისაა, რომ თქვენ სიჩუმის მოსმენას დაიწყებთ. დიახ, სიჩუმეს აქვს ბგერა. სიჩუმის დაყურადებას ამოუცნობის მდგომარეობაში შეჰყავხართ და შეუძლია ძალიან ძლიერ გადაწიოს თქვენი ფწ–ი (ფიქსაციის წერტილი), რამაც შესაძლოა პანიკა გამოიწვიოს. მაგრამ პრაქტიკასთან ერთად თქვენ ისწავლით საკუთარი თავის ფიქსაციის ახალ ადგილზე გაჩერებას.
ისევე, როგორც მხედველობითი არხის შემთხვევაში, უკვე პრაქტიკის დასრულების შემდეგ შეამჩნევთ, რომ სამყაროს აღქმა ძალიან შეიცვალა. საერთოდ, სხეულის სივრცეში კოორდინაციაზე პასუხს სწორედ სმენის აპარატი აგებს, ამიტომ ნუ გაგიკვირდებათ, თუკი პრაქტიკის შემდეგ სივრცე თქვენ გარშემო უფრო დიდად ან პატარად მოგეჩვენებათ, ამასთან, მხედველობითაც კი.
ამ პრაქტიკაში სრულყოფის შედეგად შეგიძლიათ მიაღწიოთ უზარმაზარ მანძილზე ბგერების მოსმენის უნარს. ისეთ მანძილზეც კი, რომელზეც ითვლება, რომ მოსმენა შეუძლებელია.
შდ-ს გაჩერება შეხებითი გრძნობის არხის მეშვეობით
ამ ტექნიკის პრინციპიც იგივეა. უნდა მოახდინოთ ყურადღების კონცენტრაცია ნებისმიერ შეგრძნებაზე და ეცადოთ, რომ მაქსიმალურად ძლიერ გააიგივოთ მასთან თავი, ანუ საშუალება მისცეთ შეგრძნებას, რომ თავისით გამოვლინდეს. არაა საჭირო მისი გაძლიერება ან შესუსტება, იგი უბრალოდ უნდა განიცადოთ და გააცნობიეროთ.
გირჩევთ დაიწყოთ სახის შეგრძნებით. დაჯექით მოხერხებულად და მოახდინეთ ყურადღების კონცენტრაცია სახის ზედაპირზე, უფრო ზუსტად, შეგრძნებაზე, სადაც სახე ჰაერს ეხება. შემდეგ უბრალოდ დააკვირდით ამ შეგრძნებას. არაფერი არ წარმოიდგინოთ. არაფერზე არ იფიქროთ.
შეგრძნებები შეიცვლება. გაოცებულნი აღმოაჩენთ, რომ ერთი შეხედვით მთლიანი სახის ნაწილი ათობით სხვადასხვა შეგრძნებად იყოფა. მიხვდებით, რომ შეგიძლიათ ჰაერი იგრძნოთ არა მხოლოდ კანით, არამედ თავის ქალათიც. და ყველაზე საინტერესო მაშინ იწყება, როდესაც რამდენიმე მსგავსი მედიტაციის შემდეგ აღმოაჩენთ, რომ სივრცეს აღიქვამთ, როგორც რაღაცას, თქვენი სახის მიღმა. თითქოს სახის უჩინარი შრე გაქვთ რამდენიმე სანტიმეტრში იმისგან, სადაც თავი მთავრდება. ეს ნატიფი სხეულებია. შემდეგ უკვე მათით შეგრძნება უნდა ისწავლოთ.
გახსოვდეთ, ამ პრაქტიკის მიზანი შდ-ს გაჩერებაა, და არა საკუთარი ნატიფი სხეულების აღმოჩენა. როცა გონება გაჩერებულია, სხეული თავად იწყებს სწავლებას და გაჩვენებთ თავის შესაძლებლობებს. ასე რომ, თუკი პრაქტიკის პროცესში თქვენი შეგრძნებების ანალიზს დაიწყებთ, კონცენტრაცია შესუსტდება და ცარიელ ყურადღებას დააგროვებთ.
ამ პრაქტიკის შედეგად თქვენი მგრძობელობა ათეულებჯერ მეტი გახდება. იგრძნობთ, რომ შეგიძლიათ გადაიტანოთ ყურადღება სხეულის შიგნით და იგრძნოთ შინაგანი ორგანოები და ჩონჩხი. პრაქტიკასთან ერთად შეამჩნევთ, რომ თქვენი სხეული განსხვავებულად რეაგირებს აბსოლუტურად ყველაფერზე. იცით, რა ძალიან განსხვავდება შეხებით ხე და ლითონი. მაგრამ თქვენს სხეულს შეუძლია მოგცეთ სხვადასხვა შეგრძნებები ჯერ კიდევ მანამდე, სანამ ამ საგნებს შეეხებით.
სხვადასხვა შეგრძნებების კოლექციონერობით, თქვენ შეძლებთ განასხვაოთ სასარგებლო და მავნე საჭმელი. სასიკეთო და არასასიკეთო ადგილები სახლში. ასევე იოლად იპოვნით დაკარგულ ნივთებს.
შეგიძლიათ ჩაატაროთ ექსპერიმენტი: აღრიცხეთ შეგრძნება საგნიდან, შემდეგ კი დაე ვინმემ დამალოს იგი. თუკი ბინაში გამორთული შინაგანი დიალოგით იმოძრავებთ და სხეულს მოუსმენთ, სასურველ ნივთთან მიახლოებისას თქვენი სხეული მიგანიშნებთ რაიმე სიგნალით.
ივარჯიშეთ. თუკი ამ ტექნიკას ხანგრძლივ დროს დაუთმობთ, ისწავლით საგნების შორ მანძილზე შეგრძნებას, მათზე აზრობრივად ან ფოტოებით განწყობის შედეგად. ჩათვალეთ, რომ ეს სასიამოვნო ბონუსია, თუმცაღა მიზანი სულ სხვაა. იგი იმაში მდგომარეობს, რომ ისწავლოთ ყურადღების გამოთავისუფლება ძველი შაბლონიდან და შეძლოთ ყურადღებით ძალასთან შეხება.