22-ე არკანი. „სულელი“
22-ე არკანი. „სულელი“. კონრტოლირებადი სისულელე
გლიფების თვალსაზრისით ეს არკანი დაწვრილებით გავშიფრე ჩემს პირველ წიგნში. ახლა ვისაუბროთ იმაზე, თუ რა არის „სისულელე“ და როგორ შეიძლება ის კონტროლირებადი იყოს.
სულელის მდგომარეობა ცნობიოლია ნებისმიერი ცოცხალი არსებისთვის ჩვენს პლანეტაზე. მიუხედავად ამისა მოცემული მდგომარეობის სიტყვებით აღწერა ძალიან რთულია.
იმის გაგება, თუ რა არის „სისულელე“, ადვილი იქნება მათთვის, ვინც დიდი ხნის განმავლობაში გრძნობდა საკუთარ თავზე იმ ადამიანის რისხვას, ვისაც მასზე ძალაუფლება ჰქონდა. სხვა სიტყვებით, როცა აკეთებდით მხოლოდ იმას, რასაც გეუბნებოდნენ, და ამასთან, არ ავლენდით ინიციატივას. ბრძანების ბრმა შესრულება.
ჩემ შემთხვევაში ეს ჯარში გამოვცადე. დიდი ხნის მცდელობების შედეგად გადამაჩვიეს დამოუკიდებლად აზროვნებას, თანაც ფიზიკური ძალის მეშვეობით. და აი, სადღაც 3-4 თვის შემდეგ ოფიცრები მისვამენ პრიმიტიულ კითხვას, მე კი ვერ ვპასუხობ. ვიცი პასუხი, მაგრამ არ შემიძლია თავში დავალაგო ისე, რომ გადმოვცე. თავს უზომოდ სულელად ვგრძნობდი მათი თანდასწრებით, ვისაც წესით „უნდა ეაზროვნა“. იმდენად დიდი აღშფოთება განვიცადე, რომ პირველივე წიგნი ავიღე და კითხვა დავიწყე. მინდოდა დამებრუნებინა ჩემი სახელით, ჩემი „მე“-თი აზროვნების უნარი.
სწორედ ესაა სულელის მდგომარეობა. მინდა ვთქვა, რომ თუ ადამიანმა არ იცის რამდენია 5 + 5, ან ვერ არჩევს კუჭს ნაწლავისგან, ეს არ ნიშნავს, რომ ის სულელია. სისულელე ესაა მდგომარეობა, როდესაც სხვა ძალის მიერ მართულს, შენ არ გაგაჩნია საკუთარი საყრდენი წერტილი.
ვეცდები სხვა პოზიციიდანაც ავხსნა. სისულელე ეს ერთგვარი არაზროვნების მდგომარეობაა, მაგრამ მას არაფერი აქვს საერთო შდ-ს (შინაგანი დიალოგის) გათიშვასთან. წარმოიდგინეთ ადამიანი, რომლის მაგივრადაც სხვები ფიქრობენ. მას ეუბნებიან, წადი და გააკეთე ეს სამუშაო. ისიც მიდის და აკეთებს. სწორედ სხვისი ნების შესრულებაა ის მდგომარეობა, როცა ადამიანი რაღაც ძალას მიჰყავს. მაგრამ როგორც კი ადამიანი იწყებს იმის შეფასებას, თუ რა უთხრეს, მაშინვე ერთვება მისი საკუთარი „მე“, და მაშინ, როგორც წესი, ადამიანში ჩნდება კონფლიქტი, რომელსაც ფსიქოლოგიურ ტრავმამდე მივყავართ.
ავიღოთ იგივე მაგალითი, როდესაც ვიღაც მუშაობას გაიძულებთ. თქვენ მუშაობთ, ანუ ბრძანებას ასრულებთ, მაგრამ, ვთქვათ, არ მოგწონთ ეს. თქვენს „მე“-ს მოცემულ მომენტში დასვენება, ძილი, გართობა და მოგზაურობა უნდა, ან ეს სამუშაო თქვენს ღირსებაზე დაბლა დგას, მაგრამ იძულებული ხართ შეასრულოთ იგი, რადგან ფული გჭირდებათ, და რაღაც ამდაგვარი.
აქ არსებობს ორი ძალა. ერთი ძალა მუშაობას გავალებთ, მეორეა თქვენი „მე“, რომელიც რეაგირებს. თუ თქვენი „მე“ პროტესტით რეაგირებს, მაშინ იქმნება შეჯახება ფსიქიკაში. ეს შეჯახება, ანუ შინაგანი წინააღმდეგობა, ქმნის ბლოკს, რომელიც საშუალებას არ გაძლევთ, რომ პირველი ძალისგან ისწავლოთ, ანუ თავად იმ მოქმედებისგან, რომელსაც ასრულებთ. ეს არ ნიშნავს, რომ უნდა გინდოდეთ იმის კეთება, რასაც აკეთებ. უბრალოდ არ უნდა შეეწინააღმდეგოთ პროცესს.
ახლა კი შეხედეთ. მას შემდეგ, რაც ამ სამყაროში ვიბადებით, ჩვენ მართვას იწყებენ გარე ძალები– მშობლები, მეგობრები, სოციუმი. საკუთარი „მე“-ს ფორმირებისას ერთი გვინდა, მეორე კი არ გვინდა. მაგალითად, ვფიქრობთ, რომ წარმატებული და მდიდარი ადამიანის ცხოვრება ეს გონივრულია, ცხოვრების ყველა სხვა ვარიანტი კი სისულელეა. მაგრამ სხვა ადამიანი, რომელიც სხვა კანონებით, მაგალითად სხვა კასტაში იზრდება, იტყვის, რომ სიმდიდრე ეს სისულელეა, გონივრულობა კი პატიოსნების, ღირსების, ძალაუფლებისა და ძალის სფეროშია.
მე იმაზე მივანიშნებ, რომ ჩვენი „მე“ ყოველთვის მართალია და თან ყოველთვის ცდება. არ არსებობს არანაირი სტანდარტი, რომელიც იდეალური და საუკეთესო იქნებოდა. არ არსებობს ცხოვრების არანაირი დასრულებული ვარიანტი. ყველგანაა უკმარისობა, და ეს უკმარისობა ჩვენი „მეა“, რომელსაც უნარი აქვს, წინ აღუდგეს რეალობას.
მაგრამ თუ ცხოვრების სწორი ალგორითმი არ არსებობს, მაშინ გამოდის, რომ ამ სამყაროში ყველაფერი სისულელეა. ერთი „თავისი“ ღმერთისთვის იბრძვის, მეორე - ფულისთვის, მესამე - სამართლიანობისთვის, მეოთხე - მშვიდობისთვის მსოფლიოში. ყველა ეს და ყველა სხვა იდეა, მაგიის თვალსაზრისით, სისულელეა. მაგიაც სისულელეს წარმოადგენს, ისევე როგორც სხვა ყველაფერი. განსხვავება კი მაგსა და ჩვეულებრივ ადამიანს შორის ისაა, რომ ჩვეულებრივი ადამიანი პირზე დუჟმორეული იცავს იმას, რისიც სჯერა. მაგს კი არაფრის არ სჯერა, და ამავე დროს ყველაფრის სჯერა. უნარი, რომ უპირატესობა არ მიანიჭოს არაფერს, საშუალებას აძლევს მაგს, რომ განვითარდეს ნებისმიერ რეალობაში, რომელიც მის წინაა. ამგვარად აკონტროლებს იგი თავის სისულელეს.
კონტროლირებადი სისულელე ესაა უნარი, შეინარჩუნოს საკუთარი თავი „სულელის“ მდგომარეობაში, ნებისმიერ სიტუაციაში. სწორედ ამ უნარს აძლევს მაგებს 22-ე არკანი. და რადგანაც ესაა დიაპაზონი მულადჰარადან მანიპურამდე, ეს მეტყველებს მაგის მიერ განხორციელებული გარეგნული მოქმედებების კონტროლზე.
და რა არის მოქმედება? მოდი, კვლავ დავუბრუნდეთ მაგალითს, სადაც რაღაც ძალა გაიძულებთ მუშაობას. რეაქცია მუშაობის არნდომის სახით ჩვეულებრივ ადამიანში მოქმედებაა. ამით იცავს იგი თავისი „მე“-ს იდეას, რომელიც ეუბნება, რომ ეს დრო შეეძლო უკეთ გაეტარებინა. მაგრამ რეალობა ისეთია, რომ უნდა იმუშაოს. მაგს ესმის ეს, და თავის მოქმედებად იმას ირჩევს, რომ კი არ შეეწინააღმდეგოს რეალობას, არამედ მიეცეს მას.
მაგალითად, ჯარში ტუალეტების წმენდა ძალიან მდაბალ და უღირს საქმედ ითვლება. ერთხელ განწესში ვიყავი ასეულში, არავის უნდოდა ჩვრის ხელში აღება და ტუალეტის მოწესრიგება, არადა დრო მოდიოდა, როცა განწესი შემდეგი მორიგეებისთვის უნდა გადაგვებარებინა. მე არ ვიზიარებდი შეხედულებას ამ საქმის უღირსობაზე, ამიტომ ეს საქმე თავად გავაკეთე. სასაცილო ის იყო, რომ ჩემი განწესის სხვა წევრებს შემდეგში 20-30-ჯერ მოუწიათ ასეულის განწესში ყოფნა, მე კი მას შემდეგ აღარ ვყოფილვარ მორიგე. ანუ ერთხელ დავემორჩილე ძალას, რაღაც ვისწავლე, და მორჩა, ძალამ თავი დამანება. ჩემი „ვაჟნი“ თანამომსახურეები კი იძულებულნი იყვნენ კვლავ და კვლავ გაევლოთ ეს გაკვეთილი, რადგანაც „ზედმეტად ჭკვიანები“ იყვნენ.
სამყარო 22-ე არკანის პოზიციიდან ეს ერთი დიდი სისულელეა. არავინაა ამ სამყაროში მართალი და არავინაა დამნაშავე. არ არიან მემარჯვენეები და მემარცხენეები, არაფერია სწორი და არასწორი. ამიტომ, შეგვიძლია ნებისმიერ ძალას მივენდოთ და მართული გავხადოთ საკუთარი თავი. თუ ამ დროს საყრდენი წერტილი არ არის საკუთარი „მე“, მაშინ აღარ შედიხართ შინაგანი კონფლიქტის მდგომარეობაში და შედეგად შესაძლოა ისე აღმოჩნდეს, რომ ძალა რაღაცას გასწავლით, იმ დროს, როცა ჯიუტი „ჭკვიანები“ თავიანთი ტრავმებით უკან, შორს დარჩებიან.
ეს ძალიან კარგადაა ნაჩვენები ფილმში „ფორესტ გამპი“. ყველა იცინოდა მთავარ გმირზე და იდიოტს ეძახდა მას. მაგრამ საბოლოოდ სად აღმოჩნდა ფორესტი და სად აღმოჩნდნენ ისინი, ვინც მას დასცინოდა? ყველაფერი, რაც აწმყო მომენტში ხდება, სისულელეა. აი, ქალი ეჩხუბება ქმარს იმის გამო, რომ გამოთვრა, აი, დედა შვილს უყვირის იმის გამო, რომ დღიურში ორიანი უწერია. აგერ, ახალგაზრდა ბიჭი სიყვარულში უტყდება სატრფოს. სადღაც ვიღაც კვდება, ვიღაცა ფულს აგროვებს ახალი ავტომობილისთვის, ვიღაცას ღალატობენ, ვიღაც პირველად მიფრინავს საზღვარგარეთ. ყველაფერი ეს სისულელეა. მაგრამ ადამიანებს სჯერათ, რომ ის მოვლენები, რაც ახლა ხდება, მნიშვნელოვანია. და თუ რაღაც მათი რწმენის საწინააღმდეგო ხდება, უბედურები ხდებიან. მაგი კი ხვდება, რომ ყველაფერი მის ცხოვრებაში სისულელეა. ის აკონტროლებს საკუთარ თავს და მოქმედებს ამ სისულელეში მხოლოდ იმიტომ, რომ თავად ისიც და მთელი სამყაროც მეტი არაფერია, თუ არა სისულელე. მაშ, რა აზრი აქვს აღშფოთებას? თუ გარშემო ყველგან სისულელეა, ისღა დარჩენია თავისი საკუთარი სისულელე აკონტროლოს.
22-ე არკანის პრაქტიკა
ჩვენ ყველანი ასე თუ ისე სხვების ნებას ვასრულებთ, და შესაბამისად, ვხვდებით 22-ე არკანის ზემოქმედების ქვეშ. მაგრამ თუ ჩვეულებრივი ადამიანი ამას გაუცნობიერებლად აკეთებს, მაგი ამ საქმეს გაცნობიერებულად ეკიდება.
მაგის ამოცანაა მოიშოროს ნებისმიერი მოვლენის მნიშვნელოვნობის შეგრძნება და არ დააწყოს არანაირი გეგმა მომავლისთვის. თუ მაგი გაცნობიერებულად შეწყვეტს თავის გამოცდილებაზე დაყრდნობას (გლიფი - კვერთხი მხარზე) და ეძლევა სიტუაციას, რომელიც მის წინ ვითარდება (გლიფი - ნაბიჯი უფსკრულისკენ), და ამასთან არ თვლის მნიშვნელოვნად არც საკუთარ თავს (გლიფი - არ იყურება საკუთარი ფეხებისკენ), და არც სხვებს (გლიფი - არ უსმენს ძაღლს), არ ფიქრობს შედეგებზე და არ ზრუნავს ყოველდღიურ საქმეებზე (გლიფი - კვერთხზე ჩამოკიდებული ტომარა), არამედ ბოლომდე ენდობა ძალას, რომელსაც იგი მიჰყავს (გლიფი - მზე), მაშინ შედეგად იგი მიიღებს სწრაფ ადაპტაციას იმ მოვლენებისადმი, რომლებშიც მონაწილეობს. ეს საშუალებას აძლევს მაგს, რომ დაინახოს ის, რის დანახვაშიც სხვებს ინტელექტი უშლის ხელს. სწავლის უნარი ამ მდგომარეობაში მრავალჯერ იზრდება, ასევე უცნაურად წყდება რთული ამოცანები, რასაც ხალხში გამართლებას უწოდებენ.
ამ არკანის პრაქტიკა თუნდაც იმისთვისაა საჭირო, რომ მშრალი არ გავხდეთ ჩვენს გზაზე. ყველაფრისგან სწავლის უნარი მაგს აძლევს წყლის თვისებას, იყოს დინებადი, ხოლო ამ არკანის სიდდჰა (ძალა) საშუალებას იძლევა, რომ მძიმე ცხოვრებისეულ სიტუაციებში გადარჩეს. მაგალითად ისეთში, როდესაც მთელ თქვენს დანაზოგს კარგავთ. ჩვეულებრივი ადამიანი, რომელიც თავის „მე“-ს ეჭიდება, ამ სიტუაციაში დაიტანჯება. ხოლო მაგი, რომელსაც ამ არკანის სიდდჰა გააჩნია, მშვიდად გაუშვებს ამ სიტუაციას და იოლად შეეწყობა ახალ ცხოვრებისეულ პირობებს. მაგრამ თქვენ იტყვით, რომ ტანჯვა და დარდი, მრავალწლიანი შრომის შედეგად ნაგროვების დაკარგვის გამო, სრულიად გამართლებულია. მაგრამ როგორც კი 22-ე არკანში შედიხართ, ეს ყველაფერი სისულელედ იქცევა.
ამ არკანში შესვლას მოქმედებით გასწავლით და არა მედიტაციით. რა თქმა უნდა, გლიფებითაც შეიძლება განწყობის შექმნა, მაგრამ ჯობია საკუთარ ტყავზე გამოსცადოთ იგი. პრაქტიკა კი ძალიან მარტივია. თქვენ გადიხართ სახლიდან და მიდიხართ იქ, სადაც თვალები იყურებიან. თავში ინარჩუნებთ იდეას, რომ ყველაფერი, რაც გარშემო ხდება, სისულელეა. ამიტომ, არანაირი გეგმა არ უნდა გქონდეთ სად წახვალთ სასეირნოდ და რამდენი ხნით. უბრალოდ სეირნობთ ყოველგვარი ლოგიკის გარეშე. რამდენიმე საათი გავა, სანამ იგრძნობთ, რომ სისულელე თქვენს ცნობიერებაში შემოდის. შეიძლება ითქვას, რომ სწორედ ამ მომენტიდან იწყება პრაქტიკა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყურადღება სიარულზე გაამახვილოთ, და არ ჩაიძიროთ ფიქრებში. წინააღმდეგ შემთხვევაში, ფიქრების ფონი არ მოგცემთ 22-ე არკანში შესვლის საშუალებას.
თავდაპირველად თქვენი სეირნობა უკვე ნაცნობ მოქმედებებს გაგახსენებთ. მაგალითად, ნაცნობ ადგილებში ივლით და ბნელ ქუჩებს გვერდს აუვლით. არ დაიწყებთ ღობეზე გადაძრომას, და თუ ვინმე ცუდი თვალით შემოგხედავთ, მაშინვე ეცდებით ადგილის დატოვებას.
მსგავსი ქცევები, ანუ რეაქციები ამა თუ იმ მოვლენებზე, ეს თქვენი „მე“-ს რეაქციებია. ჩვენ კი გვახსოვს, რომ „მე“ უნდა გამოვრთოთ. ამიტომ, სეირნობისას უნდა ეძებოთ მიმართულებები, რომლებშიც არ იცით როგორ მოიმოქმედოთ. მაგალითად უცნობ რაიონში მოხვდით, და თქვენ წინ ღობეა:
ჩვენი „მე“ ამბობს, რომ სხვა გზა უნდა მოვძებნოთ. როგორც კი ამ რეაქციას გააცნობიერებთ, მაშინვე სისულელედ ჩათვალეთ იგი. და თამამად წადით ვაბანკზე. ამან შეიძლება ვინმეში სხვა რეაქცია გამოიწვიოს. დავუშვათ, კერძო ტერიტორიაზე მოხვდით. პატრონმა შესაძლოა პოლიცია გამოიძახოს, და თქვენ წაგიყვანენ, ეს ყველაფერი სისულელედ უნდა ჩათვალოთ და შესაბამისად მოიქცეთ. ანუ იყოთ აქ და ახლა და უბრალოდ დააკვირდეთ მიმდინარე მოვლენებს.
აი, ასეთმა უწყინარმა სეირნობამ შეიძლება ბევრი რამ გასწავლოთ. თუმცაღა ამოცანა აქ სუფთა ჰაერის სუნთქვა კი არაა, არამედ იმ მდგომარეობაში შესვლა, სადაც ყველა მოვლენაზე, რომელიც თქვენ გარშემო ხდება, ჩვენ ვრეაგირებთ როგორც სისულელეზე, და ვიშორებთ როგორც ამ მოვლენების, ასევე საკუთარი თავის მნიშვნელოვანობის შეგრძნებას.
რა თქმა უნდა, შეიძლება სიფათშიც მოგვხვდეთ. მაგრამ დამიჯერეთ, ძალიან ბედნიერ ადამიანად იგრძნობთ თავს. და რაც მთავარია, პრაქტიკულად გააცნობიერებთ, როგორ მართოთ გაცნობიერებულად თქვენი ქცევები ყველაზე რთულ სიტუაციებშიც კი.
და რადგანაც ყველანი სულელები ვართ, გისურვებთ, რომ თქვენი ნებით გახდეთ სულელი.