დედოფალი და იმპერატორი
მიწიერი მშობლები
თუ ზეციური მშობლები იდეების სამყაროში განასახიერებენ მამრობით და მდედრობით საწყისებს, მიწიერი მშობლები ამ პრინციპებს კონკრეტულის სამყაროში წარმოადგენენ: ესაა დედა-ბუნება (იმპერატორი ქალი) და კულტივირების, ცივილიზაციის მომტანი საწყისი - იმპერატორი. როცა ორივე საწყისი ჰარმონიაშია, ადამიანი სიმშვიდეს და უსაფრთხოებას გრძნობს და არ განიცდის რაიმეს უკმარისობას. დედა-ბუნებას, როგორც ყოველგვარი სიცოცხლის წყაროს, სულ ახალი და ახალი ნაყოფები მოაქვს, ბატონი კი - მოსავალს აგროვებს. დედა-ბუნება მხოლოდ იხსნება მთელი თავისი პირველყოფილობით, ბატონი კი ბაღებს აშენებს ჯუნგლების ადგილას, და თავშესაფარებს ადამიანის დასაცავად - ბუნების შლეგობის და კაპრიზებისგან, რომლებიც წინააღმდეგ შემთხვევაში საფრთხეს შეუქმნიდნენ მის სიცოცხლეს - ყინვით, სიცხით, სინესტით და ქარბუქებით. ბუნება მხოლოდ ციკლური ცვლილებების კანონს ემორჩილება, ბატონი კი ცდილობს, რომ გააწონასწოროს ეს ცვლილებები, შეინარჩუნოს ისინი რაღაც ჩარჩოებში მაინც. დედა-ბუნებას შეუძლია რამდენიმე წლის განმავლობაში ზედიზედ გაანებივროს თავისი შვილები ნაყოფების სიუხვით, შემდეგ აშიმშილოს. ბატონი სათავსოს აშენებს ხორბლისთვის და მაცივრებს დგამს, გათბობას და კონდიციონერებს აყენებს, რათა გააწონასწოროს „მისი“ ტემპერატურის მერყეობა.
იცავს რა ზომას, იგი მართლაც ახდენს ბუნების ცივილიზაციას, მისი სიუხეშის და სიველურის რაფინირებას. ივიწყებს რა ზომას, იგი ძალით იჭრება ბუნებრივ ციკლებში, ცვლის მდინარეთა კალაპოტებს, ჩვეულებრივი ჯუნგლების ნაცვლად ბეტონის და ასფალტის ჯუნგლებს ქმნის, ულამაზესი ბაღების ნაცვლად - მონოტონურ პარკებს და აქცევს დედამიწას სტერილურ, ხელოვნურ კონსტრუქციად. როცა ბეტონის ნაგებობები ქვავდება, დედა-ბუნება არბილებს ან ანგრევს მათ. ბეტონის კედლები სუროს ნაზი ფოთლებით იფარება, ნანგრევებზე კი - ყვავილები ამოდის. რაც არ უნდა შექმნას ბატონმა, ადრე თუ გვიან ყველაფერი იჟანგება, ინგრევა და კვლავ უბრუნდება დედას, თუ მამა არ ზრუნავს თავის ქმნილებებზე და არ ანახლებს მათ.
ამგვარად, დედა-ბუნება, იმპერატორი ქალი, განასახიერებს ყველაფერ ბუნებრივს. იმერატორი კი - ყველაფერს, რაც ადამიანის მიერაა შექმნილი. დედა განასახიერებს ყველაფერს მომრგვალებულს, რადგანაც სწორი ხაზები მის სამყაროში იშვიათი გამონაკლისია. მამა კი პირიქით - განასახიერებს ყველაფერ პირდაპირს, რამეთუ ყველაფერი, რასაც მისი ხელები ან მანქანები აშენებენ, სწორკუთხოვანი გამოდის. დრო დედისთვის - ასევე წრეა, ციკლია, რომელსაც არც დასაწყისი აქვს და არც დასასრული, და ეს ციკლი პრაქტიკულად არ იცვლება. ესაა კალენდარული წელი, მარადიული დაბრუნება იმისა, რაც უკვე იყო. მამისთვის კი დრო სწორხაზოვანია. მასში ყველაფერს აქვს დასაწყისი და დასასრული, და მიმდინარე ცვლილებებს იგი პროგრესს უწოდებს. ამიტომაც დედის სამყარომ იცის, რომ ყველაფერი, რაც წავიდა, ოდესმე დაბრუნდება და მასში ცოცხლობს რწმენა რეინკარნაციის მარადიული ბორბალის შესახებ. მამის სამყაროში კი ასევე ურყევი რწმენა სუფევს იმისა, რომ ყველაფერი იწყება და მთავრდება, და ნებისმიერი ყოფიერება ერთჯერადია.
მიწიერი დედა
დედა-ბუნება დაბრძანებულია ტახტზე და გარემოცულია ნაყოფიერების სიმბოლოებით: ესაა ბროწეულებიც, რომლებიც მის კაბას ამშვენებს, მარცვლეულის ყანაც, ტყეც და მდინარეც. ისინი აჩვენებენ, რომ იგი - ნაყოფიერი ნიადაგია, ყოველი სიცოცხლის წყარო. 12 ალმასი გვირგვინში განასახიერებს 12 თვეს და აჩვენებს, რომ იგი - წელიწადის დროების განმგებია. ვენერას ნიშანი მის ტახტზე განასახიერებს დედა-ბუნების მშვიდობიან მხარეს, მის სიყვარულს, მზრუნველობასა და სიუხვეს. მისი ველური, დაუმორჩილებელი მხარე, რომელიც სტიქიურ უბედურებებში ვლინდება, ამ კარტში უკანა პლანზე გადადის.
იმპერატორი ქალის კარტი აღნიშნავს სასიცოცხლო და შემოქმედებით ძალას მთლიანობაში, იმ ამოუწურავ წყაროს, საიდანაც გამუდმებით იბადება ახალი. ესაა - შემოქმედების, მჩქეფარე ზრდის და ციკლური განახლების პერიოდი.
საკვანძო სიტყვები იმპერატორი ქალის არკანისთვის:
არქეტიპი - დედა (დედა-ბუნება);
ამოცანა - ნაყოფიერება, ახლის დაბადება;
მიზანი - სასიცოცხლო ძალა, ზრდა, ციკლური განახლება, სიცოცხლის შენარჩუნება;
რისკი - შესაძლოა ველურობა, არამუდმივობა;
ცხოვრებისეული შეგრძნება - ნაყოფიერ ნიადაგზე ყოფნა, სიცოცხლით სიხარული, ცოდნა ციკლების შესახებ, ნდობა ყოფიერების სისავსისადმი.
მიწიერი მამა
იმპერატორი - ესაა სტრუქტურა, წესრიგი, სიცხადე და რეალობა. იგი არა მხოლოდ უსაფრთხოებას და წესრიგს უზრუნველჰყოფს, არამედ დიდ პასუხისმგებლობასაც ატარებს. მისი ძალა -საკუთარ პოზიციაზე მყარად დგომის უნარია. XX საუკუნეში მამის პატრიარქალურმა ხატ-სახემ თანდათან გაფერმკრთალება დაიწყო და ის ღირებულებები, რომლებსაც იგი განასახიერებს, ბევრს უკვე დრომოჭმულად ეჩვენება. ამასთან ადამიანებს ავიწყდებათ, რომ მასში ჩადებულია ძალა, რომელიც ხელს უწყობს მათ იდეებს, სურვილებს და განზრახვებს განხორციელებაში. იგია - სწორედ ის მკეთებელი, რეალიზატორი, რომელსაც „ხელები ყველა ადგილიდან ეზრდება“. ამასთან, იგი საერთოდ არაა სიცოცხლის მოწინააღმდეგე, როგორადაც ხშირად წარმოუდგენიათ ხოლმე. პირიქით: მარჯვენა ხელში ანხის კვერთხი უჭირავს, წრის და ჯვრის ძველეგვიპტური სიმბოლო, რომელიც განასახიერებს მამაკაცური და ქალური საწყისების ცოცხალ შეერთებას. ეგვიპტელებისთვის ეს იყო სიცოცხლის სიმბოლო. ეს კვერთხი ახასიათებს მას, როგორც სიცოცხლის დამცველს.
საკვანძო სიტყვები იმპერატორის არკანისთვის:
არქეტიპი — მამა (მამული);
ამოცანა - იდეების, განზრახვების თანმიმდევრული განხორციელება, საკუთარ პოზიციაზე მყარად დგომა;
მიზანი - წესრიგისა და უსაფრთხოების შექმნა და უზრუნველჰყოფა; სტრუქტურა, მედეგობა;
რისკი - შესაძლებელია სიჯიუტე, პედანტიზმი, სიხისტე, მოუქნელობა;
ცხოვრებისეული შეგრძნება - პასუხისმგებლობის გაცნობიერება, უნარი - არ დაკარგო წითელი ძაფი, რეალისტურობა, ფხიზელი აზროვნება.
ზეციური და მიწიერი მშობლები
ასეთი თანმიმდევრობით აღებული მშობელთა წყვილების ეს კარტები უკვე ნათელ წარმოდგენას გვაძლევენ გმირის გზის თემებზე და ეტაპებზე.
ორივე წყვილი პირველ ოთხ კარტში შემდეგი თანმიმდევრობთ ლაგდება: მამაკაცური (I), ქალური (II), ქალური (III), მამაკაცური (IV). პრინციპში კენტი რიცხვები მამაკაცურებად ითვლება, ლუწი კი - ქალურებად, ასე რომ თითქოს უფრო ლოგიკური იქნებოდა, მიგვენიჭებინა იმპერატორისთვის III ნომერი, იმპერატორი ქალისთვის კი - IV. თუმცაღა ეს ნუმერაციაც ბევრზე მეტყველებს.
1. მიწიერი წარმოადგენს ზეციურის ანარეკლს, ამიტომ მიწიერი მშობლები, „როგორც სარკეში“, მხარეებს იცვლიან ზეციურთან მიმართებაში.
2. ასეთ ოთხობით რიტმს ექვემდებარება ჩვენს სამყაროში ყველაფერი, რასაც ფიზიკური ან მატერიალური ფორმა აქვს. თავიდან ყოველთვის საჭიროა ჩამსახველი იმპულსი (I), რომელსაც სჭირდება გამოხმაურება, ექო, მისი მიმღები (II). ასეთი ექოს გარეშე იმპულსი ქრება, მაგრამ ექოც ვერ იქნება იმპულსის გარეშე. როცა ორივე სახეზეა, მაშინ - „ერთისგან გაჩნდა ორი, ორისგან წარმოიქმნა სამი“, - მომწიფებას იწყებს ნაყოფი (III), რომელიც ბოლოს და ბოლოს მოიპოვეებს თავის უნიკალურ, კონკრეტულ ფორმას (IV). თუკი ვისაუბრებთ ადამიანის განვითარებაზე, ესაა: თესლი (I), კვერცხუჯრედი (II), ნაყოფი საშვილოსნოში (III) და ბავშვის დაბადების მომენტი (IV). თუკი ავიღებთ შემოქმედების პროცესს, ეს სტადიები აღნიშნავენ: ჩანაფიქრს (I), პოზიტიურ რეზონანსს, ანუ იმ ნაყოფიერ ნიადაგს, რომლის გარეშეც ჩანაფიქრი ვერ განხორციელდება (II), პროექტის დამუშავებას (III), და ბოლოს, მის ცხოვრებაში განხორციელებას (IV).
3. წყვილთა ასეთ განლაგებას მნიშვნელობა აქვს გმირის მოგზაურობისთვისაც. პირველი ოთხი კაარტი უკვე წარმოდგენას გვაძლევს იმის შესახებ, თუ სად მიჰყავს გმირი თავის გზას, რა ამოცანები და რა ეტაპზე უნდა გადაჭრას. მამაკაცური გზა - ესაა ნების, ცნობიერის, ასევე კანონის გზა, რადგანაც გმირმა თავის გზაზე უნდა შეიცნოს ცხოვრების კანონები, სამყაროს კანონები, რომელშიც იგი ცხოვრობს და ისწავლოს მათთან შესაბამისობაში ცხოვრება. თავიდან ეს გზა ერთნიშნა რიცხვიან კარტებზე გადის, და პირველი მათგან მაგია (I). ეს აქტიური კარტია, რომელიც გულისხმობს გამოწვევას და საკმარის სიმამაცეს მის მისაღებად და გამოწვევის პატივით გასავლელად. გარკვეული თვალსაზრისით, ეს ეტაპი აღნიშნავს ცხოვრებისეული გზის დასაწყისს. გმირი, ანუ არსობრივად ყოველი ჩვენგანი, ადრე თუ გვიან თავისუფლდება დედის მზრუნველობისგან (III=იმპერატორი ქალი), რათა ზრდასრული გახდეს. შემდეგ გმირისთვის დგება ქურუმი ქალის (II) ეტაპი, რომელიც აღნიშნავს ორნიშნიანი კარტების რიგში შესვლას, ანუ ადამიანთაშორის ურთიერთობებში შესვლას და პირველ ჩაძირვას საკუთარი ქვეცნობიერის იდუმალ სიღრმეებში, ცხოვრების წმინდა მისტერიაში.
ამ ეტაპზე ადამიანმა უნდა ისწავლოს ცხოვრების ხელოვნება და ამის უფლების სხვებისთვის მიცემაც. უნდა ისწავლოს ყოფიერება, და ამის უფლების სხვებისთვის, მისგან განსხვავებული ადამიანებისთვის მიცემა, რადგან ის, რასაც სხვებთან ურთიერთობით შეიცნობს, შესაძლებელია ათვისებულ და გათავისებულ იქნას მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი სხვა ადამიანების გამოცდილებას მიუკერძოებლად მიიღებს. საკუთარი სურვილისა და სხვების მიმართ თანაგრძნობის ამ გზას ძალით ვერ გავივლით: შეგვიძლია მხოლოდ უფლება მივცეთ მას, რომ გვატაროს. როცა ადამიანი მზადაა, რომ მიყვეს ზემოდან წამოსულ მითითებებს, მას შემდეგ რაც დედის მზრუნველობისგან (III=იმპერატორი ქალი) გათავისუფლდება, იგი იზრდება და ახალ გამოწვევას ხვდება: მას მოუწევს, რომ თავიდან ისწავლოს მორჩილება (შეგუება), უარი თქვას მოპოვებულ დამოუკიდებლობაზე (IV=იმპერატორი), რათა თავი მიანდოს უზენაეს მმართველობას. აი, რას წერს ამაზე ძველი მითების მკვლევარი და იუნგიანელი ფსიქოლოგი ჯოზეფ კემბელი: «ცხოვრების მეორე ნახევარში ჩვენი ჩვეული სურვილების და შიშების სიმბოლოები პოლარობას იცვლიან. ახლა ჩვენთან უფრო ახლოს სიკვდილია და არა სიცოცხლე. უარის თქმა უფრო გვიადვილდება არა ქალის საშოზე, არამედ საკუთარ ფალოსზე». მაგრამ იმისთვის, რომ ეს გამოცდა გავიაროთ, უნდა ვფლობდეთ უკვე საკმარისად განვითარებულ პიროვნებას; აი, რატომაა აუცილებელი თავიდან პირველი ეტაპის გავლა, შემდეგ კი მეორის. წინააღმდეგ შემთხვევაში არაფერი გამოვა. თავიდან ადამიანმა თავისი „მე“ უნდა აღზარდოს, ძალა უნდა მიანიჭოს მას, უნდა შეიცნოს ცხოვრების კანონები მაგის ეტაპზე და მხოლოდ ამის შემდეგ შეუძლია გადავიდეს ქურუმი ქალის ეტაპზე, დადგეს გულმოწყალების და საკუთარი „მე“-ს გადალახვის მისტიურ გზაზე, რომელიც დააბრუნებს კიდეც საწყის მთლიანობასთან.