ტარო და გმირის მოგზაურობა

ჰაიო ბანცჰაფი
4.5
1

ავტორი: ჰაიო ბანცჰაფი მთარგმნელი: მამუკა გურული  ავტორის წინასიტყვაობა ტარო — ესაა სიმბოლოთა სისტემა, რომლის ბედიც ისე აეწყო, რომ მას ხშირად უბრალოდ მკითხაობის სისტემად თვლიან და რადგანაც...

მზე

 

19

სინათლესთან დაბრუნება ანუ შერიგება

აღსრულდა! გმირმა გამარჯვება მოიპოვა. მიჰყვებოდა რა მზის გზას, მან გაიარა ზეცაც და მიწისქვეშა სამეფოც, გაუძლო ყველა გამოცდას და სახლში დაბრუნდა. ეს წამი შეგვიძლია გარიჟრაჟს შევადაროთ. სიბნელე უკან იხევს და სული ღამის ბნელი სიღრმეებიდან ამოდის, რათა უშიშარობის ნათელ სამყოფელში შევიდეს. ეს სწორედ ის მომენტია, როდესაც ურჩხული გადაყლაპულ გმირს ათავისუფლებს. ვეშაპი იონას ხმელეთზე გამოისვრის, გიგანტური გველი არგონავტ იასონს გადმოაფურთხებს, ემორჩილება რა ათენას - მის ანიმას.

ამ კარტზე გმირი გაახალგაზრდავებულად გამოიყურება. მისი ფიგურა - ბავშვის ფიგურა - საღად სუნთქავს, და ხანგრძლივი, ბნელი და საფრთხეებით სავსე ღამის შემდეგ დამდგარი ახალი, ნათელი დილის შეგრძნებას იწვევს.

ბიბლიის სიტყვებით: «იყო საღამო, იყო დილა: პირველი დღე» (დაბ. 1:5), ინიციაცია, ანუ გმირის ნამდვილი ტრანსფორმაცია საღამოს დაიწყო და დილის დადგომასთან ერთად დასრულდა.

ის, რომ გმირი აქ ბავშვის სახით წარმოგვიდგება, ასევე გვაჩვენებს, რომ მოგზაურობის შედეგი კვლავ მოპოვებული სიმარტივე გახდა. ადამიანი, რომელიც სინამდვილეს მთელი მისი სირთულით შეიცნობს, გზის ბოლოს მიდის გარდუვალ დასკვნამდე, რომ ყველა დიადი ჭეშმარიტება მარტივია. თუმცაღა ბრტყელი გაწერილი ჭეშმარიტებების სიბრძნედ მიღება არანაკლები სიბრიყვეა, ვიდრე ყველა მასხარას ბრძენად ჩათვლა. «ადამიანის ინსტინქტმა იცის, რომ ნებისმიერი დიდი ჭეშმარიტება მარტივია, - ამბობს კ.გ. იუნგი ამასთან დაკავშირებით და ამატებს: — აი, რატომაა მზად ადამიანი განუვითარებელი ინსტინქტით, რომ ჭეშმარიტებად ნებისმიერი გამარტივებული ბანალურობები ჩათვალოს, ან რამდენიმე იმედგაცრუების შემდეგ მეორე უკიდურესობაში ვარდება და თვლის, რომ დიდი ჭეშმარიტება მეტისმეტად რთული და მიუწვდომელი უნდა იყოს».

ბავშვში მზის კარტზე ჩვენს წინაშე წარმოდგენილია სულელი, როგორიც ის მთელი ამ ისტორიის დასაწყისში იყო. მოგზაურობის დაწყების შემდეგ იგი მალე გაიზარდა, დაჭკვიანდა და ბევრი რამ ისწავლა. ახლა, გზის ბოლოს, იგი კვლავ ტვინიერი, მოკრძალებული და მართლაც მომწიფებული გახდა. ახლა ესაა ბრძენი მასხარა ან გულით ალალი “ჩუდაკი” პარსიფალის შესახებ ლეგენდიდან, რომელიც თავის პირვანდელ უბრალოებას დაუბრუნდა. შემთხვევითი არაა, რომ სწორედ ის პოულობს გზას გრაალის ციხე-სიმაგრისკენ, რომლისკენ წვდომაც მხოლოდ გულით წმინდებისთვისაა გახსნილი. თავდაპირველად, სანამ ჯერ კიდევ სულელი მოზარდი იყო, იგი შემთხვევით გადაეყარა ამ ციხე-სიმაგრეს, მაგრამ მეტისმეტად სულელურად მოიქცა და გარეთ გამოაბუნძულეს. შემდეგ, თავისი გზის დასასრულს, იგი იქ სულით უბრალოდ მოგზაურად ბრუნდება - და ხსნის გმირობას ასრულებს.

პირვანდელ უბრალოებასთან დაბრუნებით სრულდება ასევე ჰერმან ჰესეს შესანიშნავი ამბავი სიდჰართჰას მოგზაურობის შესახებ. მასაც იმედი ჰქონდა თავიდან, რომ შეძლებდა იმ უფსკრულების თავიდან აცილებას, რომლებიც ყველა ადამიანს ელოდება ცხოვრების გზაზე, რათა დაბრკოლებების გარეშე მიეღწია გასხივოსნებისთვის. თუმცაღა ისიც იძულებული იყო დარწმუნებულიყო, რომ ყოფით მეცნიერებაში “არ არსებობს სამეფო გზა”, და ადამიანი ჯერ ღრმად უნდა „ჩაიძიროს ამ ყოფით ზღვაში, სანამ გაიგებს, თუ რა არის თავისუფლება და როგორ მიაღწიოს მას. თავისი გზის ბოლოს სიდჰართა აზრობრივად წარმოთქვამს სიტყვებს, რომლებსაც მშვენივრად შეუძლიათ მზის არკანის აღწერა: «ახლა, - ფიქრობდა ის, - როცა ყველა ეს ეფემერული საგანი წავიდა ჩემგან, მე კვლავ ვდგავარ მზის ქვეშ, როგორც ოდესღაც ვიდექი პატარა ბავშვი, არაფერი მეკუთვნის, უძლური ვარ და უმეცარი». და შემდეგ: «იგი ქვემოთ დაეშვა და კვლავ იდგა შიშველი, უმეცარი, და შიგნით სიცარიელით. მაგრამ ეს ოდნავადაც არ აღელვებდა, პირიქით, ძლივს იკავებდა სიცილს - სიცილს საკუთარ თავზე, ამ უცნაურ სამყაროზე».

გმირის საოცარი გაახალგაზრდავება - ესაა ასევე ახალი დროითი ცნობიერების მოპოვება ცოცხალი წყლის წყაროში (ვარსკვლავის არკანი) განბანვის მეშვეობით. კოსმიური კანონების გაცნობიერებამ საშუალება მისცა მას, რომ დროის ქრონოლოგიურ აღქმაზე მაღლა დამდგარიყო, იგი დროისგან დამოუკიდებელი გახდა ამ სიტყვის საუკეთესო გაგებით. მაგრამ მან, განსხვავებით გილგამეშისგან, მოახერხა მარადიულობის ამ შეგრძნების შენარჩუნება მთვარის ზღურბლს მიღმაც. ახლა იგი უსაზღვრო დროს განაგებს, როგორც ეს ბავშვობაში იყო. თუკი მანამდე იგი დროს რაოდენობრივად აღიქვამდა და იგი მას არასოდეს არ ჰყოფნიდა, ახლა დრომ ხარისხობრიობა მოიპოვა. ახლა იგი არ მისდევს მას იმ იმედით, რომ რაც შეიძლება მეტი მოასწროს, არამედ იცის, რომ დროის გარეთ მყოფი ბედნიერების ერთი ჭეშმარიტად ღრმად განცდილი წამი ათას “კუდში ჩავლებულ” სიამოვნებაზე ძვირფასია და რომ სწორედ ასეთი გაფართოებული ცნობიერების მომენტები ხდებიან შემდეგ ყველაზე მკაფიო მოგონებები.

გზის დასაწყისი და დასასრული ერთმანეთს ჰგვანან, მაგრამ იგივენი არ არიან. ამაზე მოწმობს მანდალაც, რომლის შიგა და გარე წრეები დაკარგულ სამოთხეს და კვლავ მოპოვებულ სამოთხეს შეესაბამებიან. ისინი მსგავსნი არიან, მაგრამ არა ერთნაირნი. მათ შორის გრძელი და რთული გზა დევს, მიხვეულ-მოხვეულებით სავსე, რომლის თავიდან აცილებაც ჯერ არავის მოუხერხებია. ცნობილმა გერმანელმა ასტროლოგმა ოსკარ ადლერმა ამას შესანიშნავი ალეგორია მოუძებნა, შეადარა რა ადამიანის ცხოვრება აფრიკულ მდინარე ნიგერს, რომელიც მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე გრძელი მდინარეა, თუმცაღა დაშორება მისი სათავიდან ზღვამდე არც ისე დიდია. მაგრამ პირდაპირ დინება მას არ შეუძლია, რადგან გზას მთები უღობავენ, ამიტომ ათას კილომეტრიანი კაუჭის გაკეთება უწევს, რათა თავის ერთი შეხედვით ახლო მიზანს მიაღწიოს.

ჩვენს გონებას, რომელიც მიჩვეულია, რომ ყოველთვის და ყველაფერი გაასწოროს, ეს მოსახვევები უაზროდ ეჩვენება. ის კი ნამდვილად სწორ გზას აირჩევდა. აი, რატომ მოდის ბევრი ადამიანი კონსულტაციაზე იმის იმედით, რო ტაროს კარტები, ი-ძინის წიგნი, ჰოროსკოპი ან ბროლის სფერო დაეხმარებათ, მაგალითად, რომ სწრაფად და უშეცდომოდ აირჩიონ პროფესია. ისინი არ ფიქრობენ იმაზე, რომ ორაკულს შეუძლია საკუთარი შესაძლებლობების მთელი მდიდარი სპექტრი გადმოუშალოს, არამედ სურთ, რომ მიიღონ რაც შეიძლება მოკლე და ზუსტი პასუხი, რაღაც ამის მსგავსი: «ორი წლის შემდეგ მქარგველად იმუშავებ».

რატომ უნდა იფიქრონ, რატომ უნდა აგზავნონ უსარგებლო რეზიუმეები, როცა შეიძლება ეს დრო, მაგალითად დედამიწის გარშემო მოგზაურობაზე დახარჯო, ან სხვადასხვა სახის ქარგების შესწავლაზე, რათა მომავალი პროფესიისთვის მოემზადონ. რა კარგი იქნებოდა, მაგრამ აქ ერთი შეუსაბამობაა! ისეთი პროფესია, რომელსაც უნდა ადგე და ერთ დღეს შეუდგე, არ არსებობს და ვერც იარსებებს, როგორც ვერ იარსებებს ასი პროცენტით ბედნიერი ქორწინება, რომელიც მზა სახით გელოდება გარკვეული ვადისთვის. იმისთვის, რომ ამ და ნებისმიერ სხვა მიზანს მივაღწიოთ, ჩვენ უნდა გავიზარდოთ აქამდე, ამისთვის კი მოგვიწევს, რომ მრავალი შეცდომა და ეჭვი გავიაროთ, ანუ სწორედ ის მოსახვევები, რომლებიც ასეთი დამღლელი და უსარგებლო გვეჩვენება.

«ნამდვილი გზა მთლიანობისკენ, - წერს კ. გ. იუნგი, - სამწუხაროდ შედგება გარდუვალი ხეტიალისგან და მოსახვევებისგან. ეს — longissima via, (შესაძლებელთაგან ყველაზე გრძელი გზა) მიხვეულ-მოხვეული ხაზია და არა პირდაპირი, და იგი ორ ურთიერთწინააღმდეგობას აკავშირებს, მსგავსად გზამკვლევი კადუცეისა, ბილიკისა, რომლის ლაბირინთისმაგვარი ხვეულები ხშირად გვაშინებს».

იგივეს ეუბნება აიულაც, მიხაელ ენდეს “უსასრულო ისტორიის” ერთ-ერთი გმირი, პატარა ბასტიანს: «შენ სურვილების გზით მიდიოდი, ის კი არასოდესაა პირდაპირი. შენ დიდი კაუჭი გააკეთე, მაგრამ ეს შენი გზა იყო, და იცი რატომ? შენ მათ შორის ხარ, ვინც უკან მხოლოდ მაშინ ბრუნდება, როცა ცოცხალი წყლის წყაროს იპოვნის. მისი ადგილმდებარეობა კი ფანტასიის ყველაზე დიდი საიდუმლოა. იქამდე მიღწევა ძნელია. - და ცოტა ხნის დუმილის შემდეგ მან დაამატა: - ნებისმიერი გზა, რომელიც იქამდე მიგიყვანს, საბოლოო ჯამში სწორი აღმოჩნდება».

ძველ ტაროში მზის არკანზე ხშირად ტყუპებს გამოსახავდნენ. ისინი განასახიერებენ ნაჩხუბარი ძმების შერიგებას, მშვიდობას, დაყარებულს სინათლესა და სიბნელეს შორის. ახლა, როცა გმირმა ერთიც გაიარა და მეორეც, მისცა რა თავის ნათელ მხარეს გაფურჩქვნის საშუალება, ხოლო ბნელს - ტყვეობიდან განთავისუფლების, მათ უკვე შეუძლიათ ერთმანეთთან შერიგება.

უმნიშვნელოვანესი ამოცანა, რომელიც ჩვენს წინ ორნიშნა არკანების “მდედრობით” გზაზე იდგა, შესრულებულია: ცივილიზებული ადამიანი თავის ცხოველურ ნატურას შეურიგდა, ცნობიერებამ მშვიდობა დაამყარა თავის ჩრდილოვან ასპექტებთან. ეს თემატიკა უკვე გამოვლინდა ძალის კარტში (XI), რომლიდანაც იწყება ორნიშნა არკანების რიგი. თუმცაღა საკუთარ განდევნილ ნაწილებთან შეერთება მხოლოდ მას შემდეგ გახდა, რაც ჩვენმა “მე”-მ გადალახა (XIII სიკვდილი) და დაანგრია (XVI კოშკი) ის კედლები და ბარიერები, რომლებიც თავად უნდა აღემართა ოდესღაც, რათა თავისი განვითარება და მომწიფება უზრუნველეყო.

პირველი ნაბიჯი ამ შეერთხებისკენ ზომიერების არკანი გახლდათ, რომელიც ღამის ოკეანეში მოგზაურობის დასაწყისს აღნიშნავდა - მანამდე დაშორებული სითხეების შეერთებით. ახლა, როცა ღამემ ჩაიარა, ახალი დღის სინათლეზე ჩვენ ვხედავთ, რომ ჩვენი ორივე ურთიერთსაწინააღმდეგო მხარე წარმატებით შეერთდა. ადამიანი მთლიანი გახდა, მისი გზა დასრულდა - მან მზე იხილა.

შერიგება - უმთავრესი პირობაა ნებისმიერი ისტორიის “კარგი” დასასრულისთვის. ტყუილად არაა, რომ მრავალ ლეგენდასა და მითში ვხვდებით შერიგების სცენას. ბაბილონურ ეპოსში, რომელიც ოთხიათასი წლის წინ შეიქმნა, მოთხრობილია გილგამეშის - ქალაქ-სახელმწიფო ურუკის ძლევამოსილი მეფის შესახებ, რომელიც ბოროტ ენკიდუს ებრძოდა. გოლიათი ენკიდუ ღმერთებმა განზრახ შექმნეს იმისთვის, რომ “მოედრიკათ” თავმოყვარე, და მათი აზრით მეტისმეტად იღბლიანი გილგამეში. პირველივე შეხვედრის დროს ისინი ერთმანეთს ერკინებიან იარაღით ხელში - მეფე, როგორც ცივილიზებული ძალის სიმბოლო, ველურის ცხოველური ძალის წინააღმდეგ (ხატ-სახეები, რომლებიც გამოსახულია ძალის არკანზე). ბოლოს გილგამეში და ენკიდუ რწმუნდებიან, რომ მათი ძალები თანასწორია, მშვიდობაზე თანხმდებიან და მეგობრებად იქცევიან. გაერთიანებულნი - უძლეველ ძალად იქცევიან და ამარცხებენ საშინელ ურჩხულს - ხუმბაბუს, რომელიც მათ ქალაქ-სახელმწიფოს ემუქრება.

ანალოგიური სიტუაციაა აღწერილი ლეგენდაში პარსიფალის შესახებ, რომელსაც გზის ბოლოს თავის ნახევარ-ძმასთან - ფეირეფისთან მოუწია შეხვედრა. მათი საერთო მამას, ჰამურეტს, მეორე შვილი აღმოსავლეთში, შავკანიანი ბელაკანისგან ჰყავდა, რის გამოც ფეირეფისი ნაწილობრივ შავი იყო, ნაწილობრივ კი თეთრი. პარსიფალი შეებრძოლა მას ისევე, როგორც ჩვეულებრივ ჩვენ ვებრძვით ხოლმე სხვა ადამიანებს, თუკი მათში ჩვენი საკუთარი შავი ჩრდილის ნიშნებს აღმოვაჩენთ. თუმცაღა ამ შემთხვევაში ძმები შერიგდნენ, როცა გაარკვიეს, რომ თანაბარი ძალები აქვთ. როცა შეწყვიტა საკუთარ ჩრდილთან ბრძოლა, აღიარა მასში საკუთარი ძმა და მშვიდობა დაამყარა მასთან, პარსიფალს გრაალისკენ გზა გაეხსნა.

ცნობიერების ენაზე თუ ვთარგმნით, ეს შერიგება ნიშნავს მათ შორის იმ მუდმივი დიხოტმიის (შავ-თეთრი) გადალახვას, რომლითაც ჩვენი გონება ასე მიეჩვია რომ ყველაფერს მიუდგეს, რაც კი არსებობს. აქ, ამ ეტაპზე, ჩვენ ბოლოს და ბოლოს შეგვიძლია გავიგოთ ჟან გებსერის სიტყვები: «ის, რაც გონებას წინააღმდეგობებად ეჩვენება, ფსიქიკის თვალსაზრისით მხოლოდ პოლარობას წარმოადგენს. არა ბოროტებას, არამედ რაღაცას, რისი განადგურებაც შეუძლებელია წმინდად რაციონალური ანალიზის მეშვეობით».

ნუმეროლოგიური გამოთვლა კავშირს ადგენს სამ კარტს შორის: მზე (XIX), ბედის ბორბალი (X) და მაგი (I). ეს ნიშნავს, რომ ჭეშმარიტი ცხოვებისეული ამოცანა (ბედის ბორბალი), რომელიც ადამიანმა (მაგი) უნდა აღასრულოს, მდგომარეობს ურთიერთწინააღმდეგობების: სინათლისა და სიბნელის, სიკეთისა და ბოროტების, ცივილიზებულობის და ველურობის, მამაკაცური და ქალური საწყისების, სიცოცხლისა და სიკვდილის შერიგებაში (მზე). «ის, ვისაც ძალუძს დაინახოს თავისი სინათლეც და ჩრდილიც, საკუთარ თავს ორივე მხრიდან ხედავს, ანუ ოქროს შუალედს პოულობს».

საკვანძო სიტყვები მზის არკანისთვის:

არქეტიპი — განთიადი;
ამოცანა — ნამდვილი შერიგება;
მიზანი — ხელახლა დაბადება, მოკრძალებულობის აუცილებლობის გაგება და გაცნობიერება;
რისკი — გახდე ბანალური რეზონატორი;
ცხოვრებისეული შეგრძნება — სიმშვიდე, სიცოცხლის სიხარული, უნარი - არ შეიქმნა პრობლემები, სიმსუბუქე და არა-დაციკლულობა.

წიგნის თავები


წიგნის ელექტრონული ვერსიის შეძენა წიგნის გადმოწერა
იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff