ტარო და გმირის მოგზაურობა

ჰაიო ბანცჰაფი
4.5
1

ავტორი: ჰაიო ბანცჰაფი მთარგმნელი: მამუკა გურული  ავტორის წინასიტყვაობა ტარო — ესაა სიმბოლოთა სისტემა, რომლის ბედიც ისე აეწყო, რომ მას ხშირად უბრალოდ მკითხაობის სისტემად თვლიან და რადგანაც...

სიკვდილი

13

მიწისქვეშა სამეფოში ჩასვლა

ერთ ძენის იგავში ოსტატი ეუბნება მომაკვდავ მოსწავლეს: «სიკვდილი - ყველაზე საინტერესო შეგრძნებაა, მაგრამ შენი შიში შეგიშლის ხელს, რომ მისით დატკბე». იგივე შეიძლება ითქვას სიკვდილის კარტზეც, რომლისაც ყველაზე მეტად ეშინიათ ტაროს მაღალ არკანებში - და რომლისაც ყველაზე ნაკლებად ესმით. იგი აღნიშნავს რაღაცის ბუნებრივ დასასრულს, რომელიც ოდესღაც ძლიერი იყო, მაგრამ ახლა ძალები ამოწურა და რეგენერაციას მოითხოვს. ნებისმიერ შემთხვევაში, ეს კარტი აჩვენებს, რომ გარკვეული ეტაპი დასრულებულია და დრო მოვიდა, ვუთხრათ მას - „მშვიდობით“. თუმცაღა ვერ გავიგებთ, გვეშინია ამ დამშვიდობების, თუ პირიქით, დიდი ხანია მოუთმენლად ველოდებით მას.

კარტზე გამოსახული ადამიანები მოძრაობენ ან მხოლოდ იყურებიან მარცხნივ. მარცხენა მხარე - ეს დასავლეთია, მზის ჩასვლა, სიბნელე, დასასრული, ღამე. თავად სიკვდილი კი, თანაც ცხენზე ამხედრებული, მარჯვნისკენ, აღმოსავლეთისკენ მოძრაობს - ახალი დღის დასაწყისისკენ. ასეთივეა ქარის მიმართულებაც და ფარაონის სამარხი ნავის კურსიც, რომელიც მდინარეზე მოჩანს. ხოლო იქ, აღმოსავლეთით, ორი მოკრძალებული კოშკის - ზეციური იერუსალიმის კარიბჭის მიღმა, რომელსაც კიდევ შევხვდებით მე-18 არკანის კარტზე, - უკვდავი მზე ამოდის. კარტზე გამოსახული ეს სიმბოლური მიმართულება აჩვენებს, რომ ჩვენ, ადამიანები, ჩვენი ცხოვრების ასეთ ეტაპებს მხოლოდ შავ ფერში აღვიქვამთ და თვალწინ ვხედავთ მხოლოდ სიკვდილს, დასასრულს და სრულ არარას, მაშინ, როცა ამ შეგრძნების ნამდვილი მნიშვნელობა იმაში მდგომარეობს, რომ ტრანსფორმაციის ღრმა პროცესის გავლის შედეგად მზის ახალ ამოსვლამდე, ახალ სიცოცხლემდე მივიდეთ.

თუმცაღა აქედან სულაც არ გამომდინარეობს, რომ ჩვენ შეგვიძლია უფლება მივცეთ საკუთარ თავს განვმარტოთ სიკვდილის არკანი, მხოლოდ როგორც მითითება ცხოვრებაში რაღაც ახლის დაწყებაზე და იგნორირება გავუკეთოთ იმ ღამეს, რომელმაც დაისსა და აისს შორის უნდა გაიაროს. სიკვდილი ყველთვის ნიშნავს დაშორებას და დამშვიდობებას. და მხოლოდ მაშინ, თუ დამშიდობება ნამდვილად შედგა, თუ წარსული მართლაც მოკვდა, მხოლოდ მაშინ იქმნება პირობები ტრანსფორმაციისთვის. იმას, თუ რას ნიშნავს ნამდვილი გამომშვიდობება, კარგად ხსნის ჰერმან ვაიდელენერი: სანამ საბოლოოდ დატოვებს რაიმე ადგილს, წერს იგი, ყოველმა ჩვენგანმა უნდა დაუსვას საკუთარ თავს კითხვა, იყო თუ არა ამ ადგილით განსაზღვრული ყველა მოთხოვნა დაკმაყოფილებული. და მხოლოდ ამაში დარწმუნების შემდეგ შეგვიძლია ღირსებით განვაგრძოთ გზა. ხოლო თუ დავალება დაუსრულებელი დარჩა, ეს წასვლა კი არა გაქცევა იქნება. ნაცვლად იმისა, რომ მოთხოვნადი შევასრულოთ, ჩვენ ვიწყებთ ერთიდან მეორე შენობაში ხეტიალს იმ იმედით, რომ იქ რაიმე მიმზიდველს, ამაღელვებელს და სასიამოვნოს ვიპოვნით. ჩვენ მთელი მონდომებით ვხსნით ახალ კარებებს ისე, რომ ძველებს არ ვხურავთ, რომ აღარაფერი ვთქვათ იმაზე, რომ საკუთარ თავს დავუსვათ იგივე კითხვა. ჩვენ გამუდმებით გავურბივართ დამშვიდობებას, და ამ გაქცევაშია ჩვენი უბედურება. თუმცაღა სწორედ აქ მოითხოვება ჩვენგან ძველის გაშვება, რამეთუ ამის გარეშე არაფერი ახალი არ გვექნება. თანაც ნამდვილად გაშვება, ანუ ძველტან ნამდვილად გამომშვიდობება. იმ სიტუაციის კვანძის გახსნა, რომელშიც ჩვენ გავიხლართეთ, როდესაც დაკიდებული კაცის წინა კარტამდე მივედით, იმაში მდგომარეობს, რომ დავეხსნათ ძველს, სანამ ახალს დავუწყებთ ყურებას. თუ ამას არ გავაკეთებთ, ცვლილებებიც არანაირი არ იქნება. ამის ნაცვლაად კვლავ და კვლავ დავუბრუნდებით დაკიდებული კაცის სიტუაციას და ამ ორ კარტს შორის ვიბოდიალებთ.

ასეთი მდგომარეობა შეგვიძლიაა შევადაროთ გაკაწრულ ფირფიტას, რომლის გამოც მასზე უწყვეტად მეორდება ერთი და იგივე მუსიკალური ფრაზა. ამიტომ თუკი უეცრად ცხოვრებაში გვიჩნდება გრძნობა, რომ ასეთ „განაკაწრზე“ გავიჭედეთ, შემდეგ ჯერზე, მოვხვდებით რა ერთი და იგივე სიტუაციაში, შეგვიძლია დარწმუნებულნი ვიყოთ, რომ დაკიდებული კაცის კარტში ჩავრჩით, ანუ სიკვდილის გვეშინია. ტიპიურ მაგალითად შეიძლება გამოგვადგეს ყველა ის შემთხვევა, როცა ჩვენ თვითონ ვიღობავთ გზას და მთელი მონდომებით ვარიდებთ თავს გადამწყვეტ ნაბიჯებს, რომლებიც შემდგომი ზრდისთვისაა აუცილებელი. ამასთან არც ისე მნიშვნელოვანია, რა მიზეზით ვარიდებთ მათ თავს: იმის გამო, რომ საკუთარი თავის არ გვჯერა, შერცხვენის და წარუმატებლობის შიშის გამო, თუ იმის გამო, რომ ამ ნაბიჯს ჩვენთვის დამამცირებლად ვთვლით. ერთ შემთხვევაში ეს ჩვენი ეგოს სისუსტის შედეგია, მეორეში - მისი ზედმეტი ეჭვების. თუმცაღა ნებისმიერ შემთხვევაში - მაშინაც კი, როცა ვყოყმანობთ - საკუთარ თავზე მეტისმეტად დიდი წარმოდგენა გვაქვს, რითაც თავადვე ვაბრკოლებთ საკუთარ თავს. აი, რა არის ამაზე ნათქვამი დაო დე ძინში:

ცერებზე აწეულს არ ძალუძს დიდხანს დგომა.
სწრაფად მავალს არ ძალუძს დიდხანს სვლა.
ვინცა ფიქრობს ყოველივე ვუწყიო, არა უწყის რა.
ვინცა დიდებას მიელტვის, ვერ ეღირსება დიდებას.
ვინც განდიდებას მიელტვის, ვერ გაწინამძღვრდება.

ამიტომ აქ ჩვენგან მოითხოვება პირველ რიგში დავძლიოთ ჩვენი ეგო, ვისწავლოთ, რომ არ შევაფასოთ საკუთარი თავი მეტისმეტად მაღლა და ცოტა გვერდზე გადავწიოთ საკუთარი „მე“, რათა გზა შემდგომი განვითარებისკენ ხსნილი იყოს.

მსგავსი „ნაკაწრი“ ფირფიტაზე გახდა „უსასრულო ისტორიის“ ცენტრალური მოტივი - ბასტიან ბალთაზარ ბუქსის საოცარი მოგზაურობისა. ბასტიანი, პატარა მსუქანი ბიჭი, სკოლის სახურავზე ზის და კითხულობს წიგნს სახელწოდებით „უსასრულო ისტორია“. და რაც უფრო დიდხანს კითხულობს ბასტიანი, მით უფრო ღრმად ითრევს ეს ისტორია (რაც უფრო დიდხანს ვკითხულობთ საკუთარი ცხოვრების წიგნს, მით უფრო ღრმად ვეფლობით მასში). და უეცრად ისტორია მოითხოვს მისგან, რომ თავად ჩაერიოს მოქმედებაში, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი არ გაგრძელდება. მაგრამ ბასტიანს სიმამაცე არ ჰყოფნის და უარს ამბობს. და მაშინვე მოქმედება უკან ინაცვლებს, დასაწყისისკენ, და მოთხრობა თავიდან იწყება, სანამ კვლავ არ მივა იმ მომენტამდე, სადაც ბასტიანი უნდა ჩაერიოს და აი, ერთ მშვენიერ მომენტში იგი გაბედავს, ბასტიანი ფანტასიაში ეშვება, ასე ჰქვია ამ წიგნში მიწისქვეშა სამეფოს, და მოქმედება, როგორც იქნა გრძელდება.

ციყვი ბორბალში - კიდევ ერთი კარგი მაგალითია, რომელიც კარგად ახდენს დაკიდებული კაცის სიტუაციისს ილუსტრირებას. სურვილით, ცხოვრების ხალისით აღვსილნი და ძალის კარტით შთაგონებულნი, რაღაც საქმეს ვიწყებთ, შემდეგ კი უცებ უაზრო სირბილის ბორბალში აღმოვაჩენთ თავს, სადაც მოქმედებისთვის ვმოქმედებთ (დაკიდებული კაცი). მაგრამ ვერაფით ვათვითცნობიერებთ რა მოხდა, რატომაა, რომ საქმე, რომელიც ასეთ სიხარულს გვანიჭებდა და ამდენი ენერგიით გვავსებდა, უცებ უაზრობად იქცა. იმის ნაცვლად, რომ ძველს დავეხსნათ, ავდგეთ და ბორბლიდან გადმოვხტეთ, ჩვენ გადავწყვეტთ ხოლმე: „უნდა დავამატოთ“ - მეთოდი, რომელიც პაულ ვაცლავიკის აზრით ფრიად საეჭვოა, - და ყველანი, სიჩქარის გაზრდით, მივრბივართ უაზრო ბორბალში. ხოლო როცა რაღაც გარე ძალა (სიკვდილი) უცებ აჩერებს ჩვენს ბორბალს, ბუნებრივია, თავიდან არაფერი გვესმის, როგორც ეს ციყვს დაემართებოდა. გაოგნებულნი კიდევ რამდენჯერმე ვცდილობთ ბორბლის დატრიალებას, სანამ ამ საქმიანობას თავს დავანებებთ - დამძიმებული გულით და მტკიცე რწმენით, რომ უკვე ვეღარაფერს დაიბრუნებ. მაგრამ გაივლის რაღაც დრო და ჩვენ, შესაძლოა, შევძლებთ ამ ყველაფრის აბსურდულობის გაცნობიერებას და იმის გაგებას, რა უპერსპექტივო სიტუაციაში გავებით მაშინ. მხოლოდ მაშინ გავიგებთ, რომ სიკვდილი ჩვენთვის არა მხოლოდ კვანძის გახსნა იყო, არამედ ჭეშმარიტი განთავისუფლებაც. დაკიდებული კაცი ასევე შეგვიძლია შევადაროთ ნაყოფს, რომელიც ხეზე ჰკიდია, უკვე მომწიფებულია და მხოლოდ ჩამოვარდნა უნდა გადაწყვიტოს, რათა ახალი ხეები აღმოცენდეს და ახალი ცხოვრება დაიწყოს. მაგრამ ჩამოვარდნას იგი აღიქვამს, როგორც სიკვდილს. თუ ნაყოფი უარს იტყვის ჩამოვარდნაზე, იგი ხეზე დარჩება და ბოლოსს და ბოლოს დალპება, ისე რომ დასაწყისს ვერ მისცემს ახალ სიცოცხლეს. თავის აღსასრულს იგი მაინც ვერ შეაჩერებს, მაგრამ ამ შემთხვევაში აღსასრული უნაყოფო იქნება.

თუ ამ მაგალითს ადამიანებზე გადავიტანთ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენ არავინ არ გვაიძულებს საკუთარ კრიზისებზე სწავლას. მიუხედავად იმისა, რომ დაკიდებული კაცი როგორც წესი შუა ხნის ასაკის კრიზისს აღნიშნავს, იგი შეიძლება ცხოვრების მთელ მეორე ნახევარზე გაიწელოს. მას, ვინც ვერ პოულობს ამ კრიზისზე პასუხს გარდა წუწუნისა და ტანჯვისა, უფლება აქვს სიცოცხლის ბოლომდე ასე იცხოვროს. ასეთ შემთხვევაში სიკვდილი ერთ მშვენიერ დღეს ერთდროულად მოგზაურობის დასასრულად და სიცოცხლის დასასრულად იქცევა. თუმცაღა ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა, რომ ამ კრიზისისგან გაკვეთილი მივიღოთ, ვისწავლოთ ძველთან განშორება და შევხედოთ სიკვდილს, როგორც ცენტრალურ თემას ცხოვრების შუა მომენტში, რის შემდეგაც იწყება კიდეც ყველაზე საინტერესო. აი, რატომაა, რომ სიკვდილის კარტი ტაროში მაღალი არკანების შუაშია და არ ასრულებს მას. სამყაროს შესახებ მსგავსი წარმოდგენაა ძველ კულტურებში, მაგალიტად კელტებში, რომელთა დრუიდებს სიტყვა მიუძღვნა რომაელმა პოეტმა ლუკანმა: „თუ თქვენი სიმღერები სიმართლეა, მაშინ სიკვდილი - მხოლოდ შუა ნაწილია ფრიად ხანგრძლივი მოგზაურობის“. იგივე აზრით უნდა გავიგოთ შემდეგი გამოთქმაც: „თუკი მანამ მოკვდები, სანამ მოკვდები, მაშინ, როცა მოკვდები, არ მოკვდები“. ამიტომ სხვადასხვა ხალხთა ბრძენები არ იღლებოდნენ იმის თქმით, რომ მათი ცხოვრების ცენტრალური თემა სიკვდილთან შეხვედრა და მისი საზრისის გაცნობიერება იყო და კვლავ და კვლავ უსვამდნენ ხაზს, რომ ადამიანი უნდა მოკვდეს და აღდგეს, რათა რეალობა შეიცნოს. თუ ბიბლიაში ნათქვამია: „ჩვენი დღეების დათვლა გვასწავლე, რათა შევიძინოთ სიბრძნე გულისა“ (ფს. 89:12), ჩვენს ეგოს ყველაზე მეტად ამ სიტყვების უკუღმა გაგება სურს: „მოგვეცი სიბრძნე, რათა დავიჯეროთ, რომ არ უნდა მოვკვდეთ“!

ამასთან არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ღრმა ტრანსფორმაციები დროს მოითხოვენ. ახლა საქმე ეხება მიწისქვეშა სამეფოში ჩასვლას. სინათლესთან დაბრუნება, ახლის დაბადება, მხოლოდ ექვსი კარტის შემდეგ დაიწყება, მე-19 არკანიდან - მზიდან. ორივე კარტი ავსებს ერთმანეთს, როგორც საღამო და დილა.

ორივე კარტზე ვხედავთ თეთრ ცხენს. სიკვდილის კარტზე ეს - აპოკალიფსის მეოთხე ცხენია (იოანეს გამოცხადება 6:9), „ჩალისფერი ცხენი“, რომელზეც სიკვდილი ამხედრებულა. მზის კარტზე, პირიქით, გამოსახულია თეთრი ზღაპრული სამეფო ცხენი, რომელიც ზურგით ხელახლა დაბადებულ გმირს ატარებს. სიკვდილის კარტზე მზე ჩადის, მზის კარტზე კი კვლავ მთელი ძალით ანათებს. სიკვდილის კარტზე ცხენზე ჩონჩხი ზის, მზის კარტზე - ბავშვი. (ასეთი ტრანსფორმაცია გვაიძულებს ვივარაუდოთ, რომ ამ ორ კარტს შორის არსებობს წყარო ცოცხალი წყლით, წინააღმდეგ შემთხვევაში მსგავსი გაახალგაზრდავება აუხსნელი იქნებოდა. და ჩვენ მას მე-17 არკანში ვპოულობთ. ხელში ბავშვს წითელი დროშა უჭირავს, სიცოცხლის ფერი, მაშინ, როცა სიკვდილი შავ დროშას ატარებს, მისტიური თეთრი ვარდით, სიცოცხლის სიმბოლოთი და იმის მინიშნებით, რომ დგება განახლების ფაზა, რომელიც სიკვდილით იწყება. ეს ყველაფერი გვიჩვენებს, რამდენად ძლიერაა ერთმანეთთან დაკავშირებული ეს კარტები, რომლებიც ორ პოლუსს წარმოადგენენ: სიკვდილს და ხელახლა დაბადებას. ისინი განასახიერებენ მიწისქვეშა სამეფოში ჩასვლას (სიკვდილი) და სინათლესთან დაბრუნებას (მზე), მათ შორის კი ღამის ზღვაში მოგზაურობაა.

კარტებს ცამეტიდან თვრამეტამდე ასევე ღამის კარტებს უწოდებენ. მათში ან შავი ფერი დომინირებს, როგორც სიკვდილის, ეშმაკის და კოშკის არკანებში, ან ღამის სიმბოლოები - მთვარე და ვარსკვლავი და მხოლოდ ზომიერების კარტი გამოიყურება შეუსაბამოდ ამ „ბნელ“ კომპანიაში, ყოველ შემთხვევაში ერთი შეხედვით. მაგრამ მალე გავეცნობით მას, როგორც ძალას, რომელიც შეუცვლელია მიწისქვეშა სამეფოში. იგი სულთა სწორედ იმ მეგზურს განასახიერებს, რომელზეც სხვადასხვა კულტურების მკვდართა წიგნები გვატყობინებენ და რადგანაც ჩვენს, დასავლურ-ქრისტიანულ ტრადიციაში სულთა მეგზურებად ანგელოზები ითვლებიან, ამ კარტზეც ანგელოზია გამოსახული.

მიწისქვეშა სამეფოში, ღამის ზღვაში მოგზაურობის სიუჟეტი არა მხოლოდ ფართოდაა ცნობილი აღმოსავლეთისა და დასავლეთის ყველა რელიგიურ ტრადიციაში, არამედ პრაქტიკულად ყველა მთავარ პუნქტში ემთხვევა. ყველა ეს კულტურა „სიკვდილს თვლის მოგზაურობას საკუთარი ნამდვილი არსის მოპოვების მიზნით, მაშინაც კი, თუ ამისთვის საჭიროა ზეცაში ან ჯოჯოხეთში ყოფნა, მაშინაც კი, თუ ეს ახალ სხეულში დაბადებას მოგვიტანს. ისიც კი ემთხვევა, რომ ბრძენი მხოლოდ ის ხდება, ვინც სიკვდილის ცნობიერება მოიპოვა, და ის, რომ აუცილებელია საკუთარი თავის მორალურად, სულიერად და წარმოსახვაში მომზადება სიკვდილისთვის, თუ გინდა რომ კარგად მოკვდე.“

იმისთვის, რომ გავიგოთ, თუ რა არის ეს მოგზაურობა ღამის ზღვაში, მოდით ჩავიხედოთ ძველი ეგვიპტელების მიწისქვეშა სამეფოში, რომელმაც ყველაზე მეტი საოცარი ხატ-სახე დაგვიტოვა იმისა, რაც მათმა ბრძენებმა მიღმიერ სამყაროში იხილეს. ჩვენ ვხედავთ, როგორ აღიმართება გარდაცვლილის სხეულის თავზე მისი სამშვინველი (душа). მას უწოდებენ ბა-ს და გამოხატავენ ფრინველის სახით, რომლისთვისაც მოგზაურობაში გამგზავრების დრო მოვიდა. გარდაცვლილს იცავენ ქალ-ღმერთი - მფარველები: ზეცის მბრძანებელი ნუტი და მორიელების დედოფალი სელ-კეტი, ხოლო მისი „ბა“ გიენას თავიანი ანუბისის ან მგლის თავიანი უპუაუტის თანხლებით მაატისკენ - სამართლიანობის ეგვიპტური ქალღმერთისკენ მიემართება.

მაატს ყოველთვის ფარშევანგისს ბუმბულით გამოსახავენ. უკვე ასეთი ბუმბულის არსებობაც კი ღვთაებრივი სამართლიანობის თანმყოფობის ნიშნად ითვლება. დარბაზში, რომელიც მაატის სახელს ატარებს, ხდება გადამწყვეტი გამოცდა - მკვდრების სასამართლო.

მარცხნივ ქვემოთ ჩვენ ვხედავთ, როგორ შემოჰყავს დარბაზში სულთა გამცილებელს ანუბისს გარდაცვლილი. სასწორის მარცხენა პინზე გარდაცვლილის გული დევს, მარჯვენაზე კი ბუმბული, მაატის, როგორც აბსოლუტური სამართლიანობის და მოუსყიდველობის სიმბოლო. სასწორის ზედა ნაწილზე ასევე მისი სიმბოლოა გამოსახული. ანუბისი ამოწმებს ისრის ჩვენებას და ატყობინებს მას მის მარჯვნივ მყოფ მწერალთან. ესაა ღმერთი ტოტი, იბისის თავით გამოსახული, ეგვიპტელებში - სიბრძნის ღვთაება, რომელიც აქ მიწისქვეშა სამეფოს პროტოკოლისტის როლში გამოდის. თუ გარდაცვლილის გულის წონა ბუმბულის წონის ტოლი იქნება, სასწორის ისარი ზუსტად ვერტიკალურ მდგომარეობას დაიკავებს; ეს ნიშნავს, რომ გარდაცვლილი არ არღვევდა კოსმიურ წონასწორობას, ანუ სათნოდ ცხოვრობდა და ღირსია ოზისირსთან, მიწისქვეშა სამეფოს მეუფესთან შესასვლელად. ხოლო თუ გული ბუმბულზე უფრო მსუბუქი, ან პირიქით უფრო მძიმე აღმოჩნდებოდა, ეს ნიშნავს, რომ მან შეცდომები დაუშვა და ახლა დაიღუპებოდა. სწორედ ამას ელის მდედრობითი სქესის ურჩხული, რომელიც სასწორთან ახლოს დგას. ახლა გაუმაძღარი, როგორც მას ეგვიპტელები ეძახდნენ, სამუდამოდ ჩაყლაპავს მას. თუმცაღა სცენაში ნახატზე გარდაცვლილმა წარმატებით გაიარა გამოცდა. ამიტომ გორს იგი მარჯვნივ, ოზირისისკენ მიჰყავს, რომლის ტახტის უკანაც ისიდა და ნეფტიდა დგანან და ახალმოსულს ესალმებიან. იგი ოზირისის სამეფოში მანამ იქნება, სანამ ანუბისი მასზე ბაგეთა გახსნის რიტუალს არ ჩაატარებს, რათა ახალი სიცოცხლე შთაბეროს და კვლავ გაგზავნოს ზედა სამყაროში.

სასწორი, როგორც წონასწორობის სიმბოლო, წარმოადგენს ეგვიპტური მიწისქვეშა სამეფოს ცენტრალურ ხატ-სახეს. ტაროში მას შეესაბამება ზომიერების არკანი. ხოლო ყველაზე მნიშვნელოვან პუნქტს მიწისქვეშა სამეფოში ჩაშვებაში წარმოადგენს მაატის, სამართლიანობის ქალღმერთის დარბაზი, რომლის სიმბოლოსაც ბუმბული წარმოადგენს.

მაღალ არკანებში ბუმბულით მორთულია მხოლოდ სამი ფიგურა - სულელი, სიკვდილი და ბავშვი - მზის არკანზე.

ეს კარტები ერთმანეთთან რამდენიმე დონეზეა დაკავშირებული. პირველ რიგში, სულელია ის გმირი, რომელიც სიკვდილის კარტში მიწისქვეშა სამეფოში უნდა ჩაეშვას და იქიდან მზის კარტით უნდა ამოვიდეს. ბუმბული იმ გამოცდებზე მიანიშნებს, რომელიც ამ გზაზე უდევს წინ: მათ შეესაბამებათ ეპიზოდი მაატის დარბაზში. შემდეგ ურთიერთკავშირი სულელისა და მზის არკანებს შორის ჩნდება მათზე გამოსახულ ორ ფიგურაში, რომლებიც თან ჰგვანან და თან არ ჰგვანან ერთმანეთს: ბავშვური სულელი და ბრძენი სულელი, მიამიტი და ნეტარი. მათ შორის იმყოფება სიკვდილი, როგორც აუცილებელი წინაპირობა ასეთი ღრმა ტრანსფორმაციისთვის. და ბოლოს, თეთრი მზე სულელის კარტზე, გადის რა სიკვდილის I ეტაპს (ალქიმიური „შავი მზე“), აღწევს თავის საპირისპირო მხარეს და ახლა შეუძლია კვლავ ამოვიდეს მზის კარტზე უკვდავების ოქროსფერ ნათებად. ჩვენს იუდეო-ქრისტიანულ ტრადიციაში ღამის ზღვაში ეს მოგზაურობა წარმოდგენილია პირველ რიგში ვეშაპის მიერ ჩაყლაპული იონას სახით (იონა, 1-3).

თავდაპირველად ღმერთი იონას დავალებას აძლევს: „ადექი, წადი ნინევეში, დიდ ქალაქში, და ამცნე, რომ მომწვდა მისი ბოროტების ამბავი“ (იონა 1:2). ანუ უბრალოდ კი არ „იქადაგო“, არამედ დაემუქრე ქალაქის მაცხოვრებლებს სამსჯავროთი და სასჯელით! ამგვარად, არსობრივად, იონასთვის მიცემული დავალება ბედის ბორბალის კარტს შეესაბამება. როგორ მოიქცა იონა? ისე, როგორც უმეტესობა ჩვენგანი ვართ მიდრეკილნი რომ მოვიქცეთ, როცა პირველად ვეჯახებით ჩვენი ცხოვრებისეული ამოცანის ასეთ ასპექტს. იგი გაიქცა.

ვეძებთ რა ჩვენს ცხოვრებისეულ ამოცანას, ჩვეულებრივ რაღაც ამაღლებულზე, მნიშვნელოვანზე და დიდებულზე ვოცნებობთ, და ბევრი გულწრფელად წუხს: „ეჰ, რომ ვიცოდე რა არის ჩემი ჭეშმარიტი დანიშნულება!“, ფიქრობს რა, რომ მისგან მხოლოდ ნიჭისა და პიროვნების სხვა ძლიერი მხარეების რეალიზაცია მოითხოვება. სინამდვილეში კი ასეთი დავალება ყოველთვის გულისხმობს მთლიანობის მიღწევას, ანუ ნებით თუ უნებლიეთ მოგვიწევს, რომ დავკავდეთ ჩვენი მიწიერი, პრიმიტიული, არასასიამოვნო, რთული, მანამდე გაუთვალისწინებელი და ვერშეყვარებული მხარეებით. როდესაც ვეჯახებით ისეთ რამეს, რაც ჩვენს ამ მხარეებს ავლენს, რისხვით და აღშფოთებით ვყვირით: „არა, ოღონდ ეს არა!“ შეგვიძლია თითქმის ვამტკიცოთ, რომ ჩვენი სულის ყველაზე ღრმა სიღრმიდან უეცრად ამოიტყორცნება: „არა, ოღონდ ეგ არა!“, ეს ნიშნავს, რომ კიდევ ერთი კენჭი ვიპოვეთ ჩვენი ცხოვრებისეული ამოცანის მოზაიკაში.

ალბათ ასე ფიქრობდა იონაც: „მე? ნინევიაში წავიდე? არასოდეს! ჯერ არ შევშლილვარ! ისინი ხომ ადგილზე გამათავებენ. არა, ყველაფერი, ოღონდ ეს არა!“ და ამის ნაცვლად იგი გემის ბორტზე ადის და საწინააღმდეგო მხარეს, საბერძნეთში მიემართება. ღვთაებრივი ნების შესრულებაზე უარის თქმის მსგავს პრეცენდენტს ბერძნები „ჰიბრიდს“ უწოდებდნენ და ამის ქვეშ ადამიანურ ამპარტავნებას და სითავხედეს მოიაზრებდნენ. როგორც მეთერთმეტე არკანში დავინახეთ, ასეთი სიჯიუტე ძალის კარტის მხოლოდ ერთ-ერთ ასპექტს შეადგენს. ბერძნები თვლიდნენ, რომ სწორედ ამ ცოდვისთვის სჯიან ღმერთები დაუყოვნებლივ, როგორც ეს დაემართა იონას, რომელმაც დაკიდებული კაცის კარტს მიაღწია. არის კი უფრო გამოუვალი სიტუაცია, ვიდრე გემი, რომელიც ქარიშხლიან ზღვაში იძირება? სწორედ ეს დაემართა მას. უმწეო და შეშინებული მეზღვაურები კენჭს ყრიდნენ, რომ გაეგოთ, ვის გამო ეწიათ ეს უბედურება. კენჭისყრამ დამნაშავედ იონა გამოავლინა, რომელმაც ყველაფერი აღიარა, მოინანია და დანაშაული საკუთარ თავზე აიღო. მან თქვა, რომ მზადაა მოკვდეს, რათა გამოისყიდოს თავისი დანაშაული ღმერთის წინაშე, და მეზღვაურებმა გარკვეული ყოყმანის შემდეგ ზღვაში მოისროლეს იონა. მაგრამ იგი არ მოკვდა, არამედ ვეშაპმა გადაყლაპა, რომლის მუცელშიც სამი დღე და სამი ღამე გაატარა (ქვედა სამყაროში ყოფნის ჩვეული დრო), სანამ ვეშაპი უკან გადმოაგდებდა მას. გაიარა რა ეს განწმენდა, იონა მზად იყო, რომ მიეღო ღმერთის ნება და აღესრულებინა თავისი ცხოვრებისეული ამოცანა.

თუკი რიგად განვალაგებთ ტაროს შესაბამის არკანებს, ამ ისტორიის გაგება ძალიან მარტივია. რადგანაც ბიბლიაშ მოყვანილია მხოლოდ ლოცვა, რომელიც იონამ ვეშაპის მუცელში წარმოთქვა, მაგრამ არაფერია ნათქვამი მის სხვა განცდებზე, ჩვენ ვერაფერს ვერ შევადარებთ არკანებს XIV-დან XVIII-მდე.

XIII კარტი გზის მეორე მესამედის დასასრულს ნიშნავს, რომლის დროსაც მაქსიმალური გახსნისკენ უნდა წავსულიყავით, შემდეგ კი გადაგველახა ჩვენი ეგო და დაგვემორჩილებინა იგი ჩვენი უმაღლესი თვითობისთვის. „შედის რა კონფლიქტში საკუთარი შინაგანი ზრდის პროცესთან, ნებისმიერი ცნობიერი პიროვნება თავს თითქოს ჯვარცმულად გრძნობს, - ამბობს მარია ლუიზა ფონ ფრანცი, თითქოს თვალწინ დაკიდებული კაცის კარტი უდგასო. — ცნობიერი პიროვნების პირადი ნება უნდა მოკვდეს და ბოლომდე უნდა მიენდოს ამ პროცესს“.

თუმცაღა აქედან არ უნდა გამოვიტანოთ ნაჩქარევი დასკვნა, რომ გზის შემდგომ მონაკვეთში ჩვენს „მე“-ს უკვე აღარ მოუწევს არანაირი როლის შესრულება. პოზიტიურ ვარიანტში მისი ყველა ძალა უნდა ემსახუროს თვითობას, ერთი მთლიანის ამ სიმბოლოს. ნეგატიურ ვარიანტში კი მათ შეუძლიათ ამორფულები დარჩნენ, ნებისმიერ ფასად მოინდომონ თავიანთი „მინდა“-ს განხორციელება და ნებისმიერ მომენტში განწირონ ტრანსფორმაციის პროცესი მარცხისთვის.

ტაროში იმპერატორისა და სიკვდილის კარტი დაკავშირებულია ერთმანეთთან ნუმეროლოგიური ჯამით (IV და XIII, 1+3), რაც მეტყველებს ამ ორი საწყისის ნათესაობაზე. თუ იმპერატორი ახალი სტრუქტურების შექმნას ნიშნავს, ანუ საბოლოო ჯამში ჩვენი „მე“-ს შემოზღუდვას გარესამყაროსგან, სიკვდილი მოითხოვს მანამდე შექმნილი ყველა ბარიერის გადალახვას და ნგრევას.

„მე“-ს არ შეუძლია ბარიერების გარეშე ცხოვრება, იმის გარეშე ცხოვრება, რომ შემოზღუდოს საკუთარი თავი ყველაფრისგან, რაც მის „მე“-ს არ წარმოადგენს, დასაზღვრის გარეშე მშობლიურ და საყვარელ „მე“-სა და მის ჩრდილს შორის, სულსა და სხეულს შორის, ღვთაებრივსა და ადამიანურს შორის, სიკეთესა და ბოროტებას შორის და ა.შ. აქ უკვე დროა ვაღიაროთ, რომ ყველა ბარიერი, რომლებსაც ვაწყდებით, ხელოვნურია. თავის დროზე მათ თავისი ამოცანა და ფუნქცია ჰქონდათ, ადრე მათ ჩვენი „მე“-ს განვითარებაში წვლილი უნდა შეეტანათ, და „მე“-ც ასევე უნდა შემოზღუდულიყო ყველაფერი დანარჩენისგან, რათა საკუთარი თავი მოეპოვებინა. და მაინც, ყველა ეს ბარიერი ხელოვნური და თვითნებურია. ამ ეტაპის მიღწევის შემდეგ ყველა ბარიერი უნდა მოვაშოროთ, გადავლახოთ ისინი, რათა „ადგილი გავანთავისუფლოთ“ კიდევ უფრო ღრმა და ფართო გამოცდილებისთვის. ეს - ერთ-ერთი ის მსხვერპლია, რომლის გაღებასაც დაკიდებული კაცი გვაიძულებს მანამ, სანამ ამისთვის მზად არ ვიქნებით.

ურთიერთკავშირს, რომელიც ამ ორივე კარტს შორის არსებობს, კიდევ ერთი მნიშვნელობა გააჩნია. გზის ამ წერტილში ჩვენ მივაღწიეთ თვითმართვის ზღვარს (იმპერატორი= დამოუკიდებლობა + მართვა). ეს ნიშნავს, რომ ამის მერე საკუთარ თავს ვეღარაფერს ვაიძულებთ. ეს სწორედ ისევე იქნება შეუძლებელი, როგორც შეუძლებელია ვინმეს ან საკუთარ თავს ძილი აიძულო, ისევე, როგორც შეუძლებელია გეძინოს და ამავე დროს საკუთარ თავს აკონტროლებდე. ჩვენი ეგოს ჩვევები - ყველაფრის მართვისა - აქ თავის ზღვარს აწყდება. ერთადერთი, რაც ახლა შეგვიძლია, ესაა რომ გავეხსნათ შემდგომ ცვლილებებს, ვისწავლოთ, რომ ყველაფერს თავისი გზით სიარულის საშუალება მივცეთ - და როგორც სიზმარში, მივენდოთ სხვა მდგომარეობაში გადასვლის ბუნებრივ პროცესს.

უძველესი დროიდან ადამიანს ეშინია ყველაფერი უსიცოცხლოსი, და ამის გამო კიდევ უფრო ძლიერ ადიდებს ყველაფერს ცოცხალს. ბერძნულ მითოლოგიაში ამ ორი ურთიერთწინააღმდეგობის განსახიერება იყო თანატოსი, იგივე სიკვდილი და ეროსი, როგორც სასიცოცხლო ძალა. ჯერ კიდევ ძველი დროიდან მაგები ცდილობდნენ, რომ შეეჩერებინათ სიკვდილი და მოეხმოთ სიცოცხლისთვის. დღეს ჩვენ იგივეს ვაკეთებთ და ვცდილობთ არ გავაჟღეროთ სიკვდილის თემა, ყოველგვარი ტაბუთი შემოვზღუდოთ იგი და აღტაცებულნი ვართ ნებისმიერი სიცოცხლის-წარმომშობი ელემენტით კინოსა და ტელევიზიაში, რეკლამირებულ პროდუქტებში, სილამაზის კულტურასა და მარადიული სიყმაწვილის თაყვანისცემაში. მაღალ არკანებში ორივე ურთიერთწინააღმდეგობა წარმოდგენილია ძალისა და სიკვდილის კარტებით, რომელთა შორისაც იმყოფება დაკიდებული კაცი - თუკი ძალის კარტს მის ჭეშმარიტ მეთერთმეტე ადგილას დავაბრუნებთ.

ადამიანი ჯვარცმულია (დაკიდებული კაცი) სიკვდილის პოლუსსა (სიკვდილი) და სიცოცხლის პოლუსს (ძალა) შორის. ასაკთან ერთად ეგო უფრო და უფრო ძლიერ შეიგრძნობს თავის უმწეობას გარდუვალი სიკვდილის წინაშე. სასოწარკვეთილი იგი უფრო და უფრო ხშირად მიმართავს სიცოცხლის პოლუსს და ცდილობს, რომ განერიდოს აზრებს ბედის შეუბრალებლობაზე. „საკუთარი თავი ყველას ძალიან ეცოდება, - წერს ელიას კენეტი. - ყველა მტკიცედაა დარწმუნებული, რომ მისი სიკვდილი ნამდვილად არაა საჭირო“.

აი, რატომ ვეჭიდებით სხვადასხვა საქმეებს, გაძლიერებულად ვკავდებით სპორტით, სექსით, ვეძებთ ყველანაირ სიამოვნებას და და ვაღვივებთ ჩვენში სიცოცხლით სიხარულს, და კვლავ და კვლავ ვუმტკიცებთ საკუთარ თავს, რომ ცოცხლები ვართ და უწინდებურად ვცოცხლობთ, რათა არ ვიყურებოდეტ საწინააღმდეგო მიმართულებით, იქ, სადაც „არაფერი“ გველოდება, სწორედ ის შავი კედელი, რომლისაც ასე ეშინია ჩვენს ეგოს. მოიძებნებიან ფსიქოთერაპევტებიც, რომლებიც პაციენტებს ამ აზრებისგან გაქცევის იოლ და სწრაფადმოქმედ საშუალებებს აძლევენ, შემდეგ კი ამაყობენ თავიანთი წარმატებებით და იმით, რომ თითქოს ეს მეთოდი ტრანსპერსონალურ თერაპიაზე მაღლა დგას, თერაპიაზე, რომელსაც უფრო ხანგრძლივი, მაგრამ სამაგიეროდ უფრო ღრმა მეთოდები აქვს. სწრაფადმოქმედი საშუალების სახით სულიერად დათრგუნულ ადამიანს სთავაზობენ, მაგალითად, რაიმე გასართობის კეთებას, და თუ ეს დაეხმარება, რაღაც პერიოდი იგი მართლაც კარგად იგრძნობს თავს. მაგრამ როგორც ტაროს კარტები აჩვენებენ, გზა დაკიდებული კაცისგან ძალისკენ - ესაა ნაბიჯი უკან. ამიტომ ყოველ შემდეგ ჯერზე სიცოცხლით სიხარულის გასახურებლად ძალის უფრო და უფრო მეტი დოზა ხდება საჭირო, სიკვდილი ხომ უფრო და უფრო შეუწყალებლად გვიკაკუნებს ჩვენი ცნობიერების კარებზე. მაგრამ ადრე თუ გვიან სიცოცხლე მაინც გვაიძულებს სხვა მიმართულებით წასვლას და გარდუვალობისთვის და სიკვდილისთვის თვალებში ჩახედვას.

ამასთან, მნიშვნელობა არ აქვს, რამდენად ღრმა, მეცნიერულად არგუმენტირებულიან გააზრებულია ჩვენი წარმოდგენები სიკვდილზე. მნიშვნელობა აქვს მხოლოდ იმას, როგორ მივდივართ მისკენ, რამდენად ახლოს ვუშვებთ საკუთარ თავთან ამ შეგრძნებას და რა დონით ვართ მზად, რომ მისით განვიმსჭვალოთ.

ისევე, როგორც საკათედრო ტაძარი დარჩება ჩვენთვის მხოლოდ მკვდარ მუზეუმად, სანამ მას მხოლოდ გარედან ვათვალიერებთ, ასევე ვერ შევიგრძნობთ სიკვდილის ნამდვილ საზრისს, სანამ მასზე მხოლოდ ვიფიქრებთ. მაგრამ როგორც კი მუხლს მოიყრის, ადამიანი ტურისტიდან მლოცველად იქცევა, უცხოდან - მოწიწებულ ხელდასმულად. ამ წამს მუზეუმი ტაძრად იქცევა, ცივი და უსიცოცხლო სიკვდილი კი - ღვთაებრივი განცდა.

რაც უფრო გულწრფელი იქნება ჩვენი მუხლმოყრა, მით უფრო მდიდარი იქნება ჩვენი შეგრძნებებიც; პირველ რიგში იმიტომ, რომ სიკვდილთან ახლოს უფრო სრული ხდება პატივისცემა სიცოცხლის მიმართ, მეორეც - იმიტომ, რომ სიკვდილი არის კიდეც ჭეშმარიტი ხელდასმა, ერთადერთი კარიბჭე, რომელსაც მართლაც მიჰყავს საიდუმლოსკენ. ყველაფერი, რასაც „საიდუმლოს“ უწოდებდნენ ჩვენს მიერ უკვე განვლილ გზაზე, ამასთან შედარებით პრიმიტიული ბავშვური საიდუმლოებებია.

და რაც უფრო მეტი შეუპოვრობით და შიშით ავარიდებთ მას თვალებს, მით უფრო ხშირად და ძლიერად ვიწრიალებთ სიამოვნებასა და სასოწარკვეთილებას შორის. თავის უკიდურეს ფორმაში ეს უარი შეიძლება დეპრესიულ-მანიაკალურ სინდრომად გადმოიღვაროს. რაც უფრო მანიაკალურად გავაღვივებთ ჩვენში სიცოცხლის სიყვარულს (ძალა), მით უფრო ღრმა იქნება მისი თანმდევი დეპრესია (დაკიდებული კაცი). იმას, თუ როგორ გადავჭრათ ეს წინააღმდეგობა, სიკვდილი მიგვანიშნებს. იგი მიმართულებას გვიჩვენებს.

თავის შესანიშნავ ნაშრომში, რომელიც ადამიანის სულის განვითარებას ეძღვნება, კენ უილბერი ამტკიცებს, რომ ნამდვილი ტრანსფორმაცია შესაძლებელია მხოლოდ თანატოსის, სიკვდილის პოლუსის მეშვეობით, მაშინ, როცა ეროსი, სიცოცხლის პოლუსი, მხოლოდ გადაადგილებებს იძლევა. უილბერი ადამიანის ცნობიერებას მრავალსართულიან სახლს ადარებს. მოეწყობა რა მოხერხებულად ერთ-ერთ სართულზე და ეჩვევა რა ფანჯრიდან გადაშლილ პერსპექტივას, ეგოს, რა თქმა უნდა სურს, რომ იქ დარჩეს - რაში ჭირდება სხვა სართულეები? ხოლო თუ იქ ცხოვრება მობეზრდება, ცარიელი და მოსაწყენი ხდება, ან ერთ სართულზე ცხოვრების მონოტონურობისგან დეპრესიული ფაზები უხშირდება, ეგო სიცოცხლის სიხარულის გაღვივებას ცვლილებებით (გადაადგილებებით) იწყებს. ადგილს ვუცვლით ავეჯს, მაგრამ იგივე ოთხ კედელში ვრჩებით. სხვა სიტყვებით, ახალ საქმეს, ახალ ნაცნობებს ვეძებთ, სიყვარულით ან თამაშით ვერთობით, ან ვაკეთებთ კიდევ რაღაცას, რაც ეგოსთვის უსაფრთხო გარეგნულ ცვლილებებს უზრუნველყოფს. ღრმა ტრანსფორმაციას კი მხოლოდ სიკვდილის პოლუსის გავლის შედეგად ვაღწევთ, ანუ როცა ჩვენი ცნობიერების ამ სართულს დავტოვებთ. მხოლოდ ასე მივიღებთ შანსს, რომ ზეცნობიერების სფეროში გადავიდეთ. თუმცაღა ასეთი გადასვლა ყოველთვის თავის ვერ-შემაგრების და უფსკრულში ჩავარდნის რისკთანაა დაკავშირებული. სწორედ ესაა ის საფრთხე, რომელსაც მოცემული სიტუაცია და მოცემული კარტი უკავშირდება. რამეთუ მათ, ვინც ღამის ზღვაში სამოგზაუროდ, ჭეშმარიტი ინიციაციისკენ გზაზე მიემართება, უკან დასაბრუნებელ ბილეთებს არ აძლევენ. სამაგიეროდ აძლევენ გამცილებელს.

საკვანძო სიტყვები სიკვდილის არკანისთვის:

არქეტიპი — სიკვდილი;
ამოცანა — გამომშვიდობება, ჩასვლა მიწისქვეშა სამეფოში, დასრულება, კვანძის გახსნა;
მიზანი — განთავისუფლება, ეგოს გადალახვა, ბარიერების ნგრევა, ღრმა ტრანსფორმაცია;
რისკი — შიშისგან სიკვდილი, ფეხის დაცდენა და უფსკრულში გადაჩეხვა;
ცხოვრებისეული შეგრძნება - პიესა დასრულებულია, სიუჟეტი ამოწურული; სიმშვიდისკენ, „ძალების აღდგენისკენ“ სწრაფვა, რაღაცასთან გამომშვიდობება.

წიგნის თავები


წიგნის ელექტრონული ვერსიის შეძენა წიგნის გადმოწერა
იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff