ბედის ბორბალი
მოწოდება
მოიპოვებს რა თავის ჭეშმარიტ თვითცნობიერებას, გმირი მზის დღის გზის ბოლოს დღისა და ღამის საზღვარს აღწევს, რათა იპოვოს იქ ორაკულის პასუხი თავის კითხვაზე: „რა არის ჩემი დანიშნულება?“ მხოლოდ ახლა, საკუთარი თავის გაცნობიერების შემდეგ, იგი მზადაა დასვას ეს კითხვა და გაიგოს მასზე პასუხი.
მაღალ არკანებში ცოტას თუ გააჩნია ისეთი ზედაპირული და ცრუ ინტერპრეტაციები, როგორც ბედის ბორბალს. ჯერ კიდევ უეიტი გამოთქვამდა მწუხარებას, რომ ელიფას ლევის შემდეგ ამ კარტის ყველა ოკულტური განმარტება მეტისმეტად მარტივი გახდა. სინამდვილეში, მეათე არკანის მნიშვნელობის გაგება მხოლოდ მისი სახელიდან გამომდინარე, პრაქტიკულად შეუძლებელია. მითუმეტეს, რომ სახელიც სხვადასხვანაირი აქვს, განსაკუთრებით სხვადასხვა ენებსა და დასტებში - ბედნიერების ბორბალი, ბედის ბორბალი, ფორტუნის ბორბალი ან უბრალოდ ფორტუნა, - მაგრამ ვერცერთი ეს ვარიანტი ვერ აღწევს არსამდე. კარტზე გამოსახული ბორბალი - სინამდვილეში დროის ბორბალია. თავისი მუდმივი ტრიალით მას ამ სამყაროში ახალი საგნები შემოაქვს, მაშინ, როცა სხვები მიდიან. იგივეს სიმბოლოა ორი ფიგურა, რომლებიც ბორბლის გვერდებზეა გამოსახული. ორივე ძველეგვიპტურ მითოლოგიას უკავშირდება: მარჯვნივ - ანუბისი, ღვთაება გიენას თავით, ზრდისა და განახლების ძალების სიმბოლო, მარცხნივ კი - სეთი, ღვთაება გველის სახით, განადგურების სიმბოლო. კარტის კუთხეებში განლაგებულია ოთხი ქერუბიმი, რომლებიც განასახიერებენ ოთხ ევანგელისტს, ოთხ სტიქიას, ქმნილების მთლიანობას. მათ აერთიანებს ფენიქსი, რომელიც ბორბალს მართავს. მას გამოსახავენ ცხოველის სახით, რომელსაც ადამიანის სახე, არწივის ფრთები, ლომის კუდი და ბრჭყალები, და კუროს სხეული აქვს. გამოცანად რჩება, რატომაა, რომ უეიტის დასტაში სფინქსს ფრთები არ აქვს, წინა დასტებში კი ისინი მკაფიოდ ჩანან.
ბორბლის შიგნით მარილის, გოგირდის, ვერცხლისწყლისა და წყლის ალქიმიური სიმბოლოებია, გარე წრეზე კი განთავსებულია სიტყვა „თორა“-ს ლათინური ასოები და ტეტრაგრამატონის ივრითული ასოები, იგივე ღმერთის სახელი - YHVH. მთლიანობაში ეს სიმბოლოები აღნიშნავენ ფორმულას: ქმნილება, ყოფიერება და განადგურება - ესაა ძალები, რომლებიც დროის ბორბალს ატრიალებენ. მათი განსახიერებაა: ზრდის შემოქმედებითი პრინციპი (ანუბისი), შენარჩუნებისა და მუდმივობის პრინციპი (სფინქსი) და დაცემისა და განადგურების პრინციპი (სეთი), ერთად ისინი ქმნიან ღვთაებრივ კანონს (თორა და YHVH), რომლებიც ადამიანისგან მოითხოვენ, რომ დაბალიდან მაღლისკენ აღიმართონ (ალქიმიური სიმბოლიკა).
ამგვარად, ბედის ბორბალი აღნიშნავს ყველა იმ ამოცანის ერთობლიობას, რომელიც მთელი ჩვენი ცხოვრების განმავლობაში უნდა შევასრულოთ. როცა არ უნდა ამოგვივიდეს ეს კარტი, იგი აჩვენებს, რომ რაღაც, რის შესახებაც კითხვას ვსვავთ, მტკიცედ შემოდის ჩვენს ცხოვრებაში, რათა მოცემულ ეტაპზე ჩვენს საქმედ იქცეს. მსგავსად მოზაიკისა, ჩვენს წინ ცალკეული ასპექტებისგან თანდათანობით ლაგდება მთლიანი სურათი და საშუალებას გვაძლევს, რომ ჯერ მივხვდეთ ჩვენს წინ მდგარი ამოცანის არსებობას, შემდეგ კი უფრო და უფრო ცხადად დავინახოთ იგი, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ მისი განსაზღვრა ერთი სიტყვით ან რაიმე მოკლე ფორმულით იქნება შესაძლებელი. ამ ამოცანის განსაზღვრება მხოლოდ მიახლოებითი აღწერილობით შეიძლება, როგორც უძველესი დროიდან ამბობდნენ ორაკულები, როცა პასუხს აძლევდნენ გმირს კითხვაზე, თუ რა უნდა გაეკეთებინა: „ეძიე დაფარული!“
და ის, ვინც ამ პასუხზე ფსიქოლოგიური ახსნის ძებნას დაიწყებს, კ.გ. იუნგთან იპოვის მას. მისი წყალობით ჩვენ დღეს ხასიათთა დაწვრილებით ტიპოლოგიას ვფლობთ, რომელიც ერთი შეხედვით ძალიან ჰგავს ძველების „პიროვნების ტიპებს“. იუნგიც ასევე გამოყოფს პიროვნების ოთხ ძირითად სტრუქტურას, რომელსაც ცნობიერების ფუნქციებს უწოდებს: აზროვნებას, გრძნობას, შეგრძნებას და ინტუიციას. განსხვავება ამ ფუნქციებისა ძველი კლასიკური მოდელებისგან, მაგალითად ოთხი სტიქიისგან (ცეცხლი, წყალი, მიწა, ჰაერი) ან ოთხი ტემპერამენტისგან (სანგვინიკი, ქოლერიკი, მელანქოლიკი და ფლეგმატიკი), - მდგომარეობს არა იმდენად მათ ახლებურ დასახელებაში ან განსაზღვრებაში, რამდენადაც იმ დინამიკაში, რომელიც მათში იუნგმა შეიტანა.
თუკი წინა დახასიათებები ჩვეულებრივ შეიცავდნენ ერთგვარ „ბირთვს“ და განსაზღვრავდნენ ადამიანს, როგორც ამა თუ იმ კონკრეტულ ან შერეულ ტიპს, იუნგთან ადამიანი ყოველთვის მოიცავს საკუთარ თავში ყველა ამ ასპექტს, მაგრამ მათი გამოხატულება სხვადასხვა დონით აქვს. სწავლობდა რა სხვადასხვა ლეგენდებს, მითებს, ზღაპრებს და ალქიმიურ სიმბოლიზმს, და რაც მთავარია მუშაობდა რა პაციენტებთან, როგორც ექიმი და თერაპევტი, კ.გ. იუნგი დარწმუნდა, რომ ცხოვრების პირველ ნახევარში ადამიანი, როგორც წესი, თავისი ოთხი ფუნქციიდან მხოლოდ სამს ხსნის. მეოთხე ქვეცნობიერში იმალება. იგი შეესაბამება ზღაპრულ სიუჟეტებს გაყიდული სულის ან ამბის დასაწყისში დაკარგული მარგალიტის (მთლიანობის სიმბოლო) შესახებ.
გმირის მშობლების ორი წყვილი, რომლებიც ასახავენ როგორც მის წარმოშობას, ასევე მის თანდაყოლილ თვისებებს, ასევე წარმოადგენენ კვარტეტს, რომლის ყველა ელემენტს გმირი საკუთარ თავში აერთიანებს. თუმცაღა ერთი ამ ოთხი მშობლიდან ჩვეულებრივ, აღიქმება როგორც დედინაცვალი (ან მამინაცვალი), და დამოკიდებულება მის მიმართ გმირის მხრიდან შესაბამისია. საკუთარი პიროვნების ამ დაუმუშავებელი მხარისადმი მიმართვა, მისი მიღება და უფრო მაღალ დონეზე აყვანა, არის კიდეც იუნგის აზრით ცხოვრების მეორე ნახევარის ამოცანა. სწორედ ესაა, თუ ზემოთ ნათქვამს დავუბრუნდებით, დაფარულის ძიება და პოვნა.
როგორ გავიგოთ ეს? ცხადია, რომ ჩვენს ძლიერ მხარეებს სუსტების ხარჯზე ვანვითარებთ. რაც უფრო ძლიერ ვითარდება ერთი, ყველაზე ძლიერი ცნობიერების ოთხი ფუნქციიდან, მით უფრო ღრმად შედის ქვეცნობიერში მეოთხე, ყველაზე სუსტი; ცნობიერება ვერ აკონტროლებს მას და იგი ჩვენი შეცდომების ყველაზე მთავარი წყარო ხდება, შეცდომების, რომელთა გამოც საკუთარ თავზე ვბრაზდებით, ზოგჯერ კი უბედურადაც ვგრძნობთ თავს.
ფუნქციას, რომელიც ადამიანს ყველაზე მეტად აქვს განვითარებული, კ.გ. იუნგი მთავარს უწოდებდა. თუკი, მაგალითად, მოაზროვნე ტიპისთვის „დაფარული განძი“ გრძნობა იყო, მგრძნობიარე ტიპმა პირიქით, ობიექტურ შემეცნებაზე მიმართული ფხიზლად აზროვნება უნდა ისწავლოს.
მგძნობიარე ტიპი სამყაროს შეგრძნებებით აღიქვამს: ფერით, გემოთი, სუნით, გარეგნული ფორმით. მას შეუძლია იმდენად მიეცეს თავის შეგრძნებებს ან „დაიციკლოს“ გარეგნულ ფორმაზე, რომ ვერ გრძნობს რა შესაძლებლობები შეიძლება იყოს დაფარული ამა თუ იმ ობიექტსა თუ პროექტში. მას არ ჰყოფნის უნარი - ინტუიტიურად იპოვოს ისინი. ყველაზე უკიდურესი შემთხვევა - ესაა როცა ადამიანი მხოლოდ იმას ხედავს, რაც არის, და არა იმას, რაც შეიძლება ყოფილიყო. საკუთარ თავში ამ უნარის გამომუშავება, იმის შეგრძნების სწავლა, თუ როგორ შესაძლებლობებს სთავაზობს მას გარესამყარო მთელი თავისი მრავალფეროვნებით, ინტუიციის განვითარება მოვლენათა განვითარების ამოსაცნობად და შანსების შესაფასებლად, რომელსაც მას ესა თუ ის ექსპერიმენტი ან ჩანაფიქრი აძლევს, მოკლედ, „შინაგანი თვალის“ გახსნა - აი, ის „საგანძური“, რომელსაც იგი უნდა დაეუფლოს.
სრულიად სხვაგვარად იქცევა მისი ანტიპოდი. ინტუიტიური ტიპი იმდენად გატაცებულია შესაძლებლობებით, რომლებსაც ესა თუ ის პროექტი, ჩანაფიქრი თუ იდეა ჰპირდება, რომ საერთოდ ვერ ამჩნევს ვერც გარეგნულ ფორმას და ვერც რეალურ ფაქტებს. მეტისმეტად გიჟური ფანტაზია ხელს უშლის, რომ საქმით დაკავდეს. იმისთვის, რომ თავისი საგანძური იპოვოს, მას სჭირდება, რომ რეალურ სინამდვილეს პირისპირ შეხვდეს, არ დაკმაყოფილდეს მხოლოდ საკუთარი წარმოდგენებით მასზე, მოთმინებით აღჭურვილი საქმეს მთელი ყურადღებით შეუდგეს და ბოლომდე მიიყვანოს იგი.
ბედის ბორბალის კარტის კუთხეებში გამოსახულია ოთხი სიმბოლური ფიგურა, რომლებიც შეესაბამებიან ცეცხლის, მიწის, ჰაერისა და წყლის სტიქიებს, რომლებიც, თავის მხრივ, აღნიშნავენ ოთხი ფუნქციის სახით ზემოთ აღწერილ ოთხ ტემპერამენტს. ყოველ ფიგურას ხელში უჭირავს წიგნი, რომელიც იმ ამოცანების და გაკვეთილების სიმბოლოა, რომლებსაც ისინი გვაძლევენ და როცა არ უნდა დასვას ადამიანმა კითხვა: „როგორია ჩემი დანიშნულება ამ ცხოვრებაში?“, ოთხიდან ერთ-ერთი ფიგურა უპასუხებს მას: „შემისწავლე, შედი ჩემს არსში, რათა მთლიანობას მიაღწიო“. ამიტომ ბედის ბორბალი მთელ იმ გამოცდილებას აღნიშნავს, რომელიც ცხოვრების განმავლობაში უნდა გავიაროთ, რათა ჩვენი მთლიანობა აღვიდგინოთ. აქედან ცხადი ხდება მისი დასახელების მნიშვნელობაც: ლათინური «Fortuna» (fors+una), გერმანული «Schicksal» (schick+sal), და რუსული «Счастье» (со+часть) - სამივენი შეიცავენ იდეას იმის შესახებ, რომ ძალა - ყველა ნაწილის ერთიანობაშია, მთლიანობაშია, მთლიანობა კი, როგორც ვიცით, ჯანმრთელობაა. ჩვენ არ ვართ მთლიანები, ჯან-მრთელები, და იმ გამოცდილების მიზანი, რომელსაც ამ კარტთან დაკავშირებით ვიღებთ, ის გაკვეთილი, რომელსაც იგი გვაძლევს, სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ მთლიანობის მოპოვებაში დაგვეხმაროს.
მაღალი არკანების რიგი ოცდამეერთე არკანით - სამყაროთი - სრულდება. იგი შეესაბამება მანდალას გარე წრეს, ლეგენდებისა და ზღაპრების კვლავ მოპოვებულ სამოთხეს, სულიერ დონეზე კი აღნიშნავს მთლიანობის მიღწევას. ამ კარტზე კვლავ ვხედავთ ოთხ ქერუბიმს, მაგრამ განსხვავებით მეათე არკანისგან, მათ ხელში უკვე აღარ უჭირავთ წიგნები. ეს ნიშნავს, რომ ბედის ბორბალის გაკვეთილები გათავისებული იქნა ჩვენს მიერ, სანამ იმ გზას გადავლახავდით, რომელიც სამყარომდე გვაშორებდა. მთლიანობა მიღწეულია, ადამიანი გამოჯანმრთელებულია, და მისი პიროვნების უკანასკნელი, მეოთხე ნაწილი პირველ სამს შეუერთდა.
ბედის ბორბლიდან იწყება ორმნიშვ ნელიანი კარტების რიგი. დღის გზაზე ეს არკანი აღნიშნავს მზეს, რომელიც დასავლეთის მხარეს ჰორიზონტზე ჩადის, როგორც სინათლიდან სიბნელისკენ, საპირისპირო პოლუსისკენ გადასვლა, პოლუსისკენ, რომელსაც მანამდე ასე ცოტა ყურადღება ეთმობოდა. ეს - თვალსაჩინო გამოვლინებაა უმაღლესი კანონისა, რომელსაც ამქვეყნად ყველაფერი ემორჩილება, რამეთუ მზემაც უნდა დაასრულოს თავისი გზის ეს ნაწილი. კარტი საშუალებას გვაძლევს, რომ გავაცნობიეროთ ეს კანონი.
სიმბოლურ პლანზე მამაკაცური საწყისი გაყოფას ნიშნავს, ქალური კი - გაერთიანებას. ასე გვყოფს გზის მამაკაცური მონაკვეთი ჩვენი ფესვებისგან, ქალური კი, რომელიც ჯერ კიდევ წინ გვაქვს, კვლავ გვაერთიანებს მასთან. მამაკაცური აზროვნება ცდილობს, რომ ყველაფრის გაყოფა და დიფერენცირება მოახდინოს, ახალი საზღვრები გაავლოს და უფრო ნატიფი სხვაობები გამოავლინოს, მაშინ, როცა ქალური აზროვნება - ანალოგურია, მთლიანობრივია - ცდილობს იპოვოს ის საერთო, რაც ურთიერთწინააღმდეგობებს აერთიანებს და მანამდე გავლებულ საზღვრებს შლის. მამაკაცური აზროვნება ქალურს არაერთმნიშვნელოვანებაში სდებს ბრალს, ქალური კი დასცინის მამაკაცური აზროვნების მისწრაფებას - მიაღწიოს ერთმნიშვნელოვანებას ყველაფერში, რამეთუ აცნობიერებს, რომ რეალობა მეტისმეტად რთულია იმისთვის, რომ იგი რაიმე მარტივ ფორმულამდე დავიყვანოთ. თუკი გზას ერთნიშნა ნომრიან კარტებზე გავლით პირველყოფილი ერთიანობიდან მრავალფეროვნებისკენ მივყავდით, რომელშიც გამოღვიძებული და განვითარებადი, ერთმნიშვნელოვანებისკენ მიმართული ეგო საბოლოო ჯამში თავად ხდებოდა უფრო და უფრო ერთფეროვანი, ორნიშნა ნომრიანი კარტების გზას, ანუ იმ გზას, რომელსაც ზიზღით უარჰვყოფდით დასაწყისში, როგორც მეტისმეტად არაერთმნიშვნელოვანს, პარადოქსულ ცნობიერებამდე, მისი მეშვეობით კი - სრულ ყველაფრის ერთიანობამდე მივყავართ. რამეთუ, როგორც კ.გ. იუნგი წერს, „პარადოქსი, როგორც არ უნდა უცნაური იყოს, უმაღლეს სულიერ ღირებულებებს ეკუთვნის; ერთმნიშვნელოვნება კი - სისუსტის ნიშანია“. და შემდეგ განაგრძობს: „მხოლოდ პარადოქსს შეუძლია ნაწილობრივ მაინც გადმოსცეს სიცოცხლის სიმრთელე, ერთმნიშვნელოვნება და არაწინააღმდეგობრიობა კი - ცალმხრივნი არიან, ამიტომ ვერ გამოგვადგებიან გამოუთქმელის გამოსათქმელად“.
ემორჩილება რა უმაღლეს კანონს, გზა მოსახვევს აკეთებს, და ეს როგორც წესი ძალიან არ მოსწონს ჩვენს ეგოს. მას სრულებით არ სურს, რომ უარი თქვას თავის ჩვევაზე - უპოვოს ყველაფერს ერთმნიშვნელოვანი ახსნა. შესაძლოა, ამით აიხსნება ორაკულის წინასწარმეტყველებების ზედმეტად ნაჩქარევი და შესაბამისად ცრუ ახსნების მრავალი მაგალითი. ამ კარტის წაკითხვაც ორნაირად შეიძლება, მამაკაცურ ან ქალურ ყაიდაზე; შესაბამისი იქნება რეაქციაც. თუმცაღა კანონის მიყოლაზე უარის თქმას უცილობლად მივყავართ უკან, დაკიდული კაცის გამოუვალ მდგომარეობამდე.
მაღალი არკანების ორნიშნა კარტების რიგს ყოველთვის აქვს არსობრივი კავშირი ერთნიშნა კარტების რიგთან, რომელთა ნომრებიც მათ ნუმეროლოგიურ ჯამს ქმნიან. მე-10 კარტი (ბედის ბორბალი) დაკავშირებულია 1-თან (მაგი): 1+0=1. თუ ბედის ბორბალი ადამიანის ცხოვრებისეულ ამოცანას განასახიერებს, მაგი მის ძალას და დასახული ამოცანების შესრულების უნარს აღნიშნავს. ამიტომ ცხოვრებისეული ამოცანა ყოველ ადამიანს ისე ენიშნება, რომ მისი აღსრულება შეეძლოს.
საკვანძო სიტყვები ბედის ბორბალის არკანისთვის:
არქეტიპი — მოწოდება, ორაკულის წინასწარმეტყველება;
ამოცანა — უმაღლესი კანონის გაცნობიერება, დასახული ამოცანის მიღება;
მიზანი - დაბალის მაღლად ტრანსფორმაცია, ცხოვრებისეული ამოცანის შესრულება, მთლიანობის მიღწევა;
რისკი — ფანატიზმი, საკუთარი ამოცანის არასწორი გაგება;
ცხოვრებისეული შეგრძნება — გაკვეთილები და გამოცდილება, რომელიც მთლიანობის მოპოვებაში გვეხმარება, თუმცა პირველ ჯერზე ისინი ძალიან არ მოგვწონს.