ტარო და გმირის მოგზაურობა

ჰაიო ბანცჰაფი
4.5
1

ავტორი: ჰაიო ბანცჰაფი მთარგმნელი: მამუკა გურული  ავტორის წინასიტყვაობა ტარო — ესაა სიმბოლოთა სისტემა, რომლის ბედიც ისე აეწყო, რომ მას ხშირად უბრალოდ მკითხაობის სისტემად თვლიან და რადგანაც...

განდეგილი

 

 9

ჭეშმარიტი სახელი

 სრულდება ერთნიშნა რიცხვების რიგი, და სრულდება მზის გზაც დღის ცაზე. განდეგილის ხატ-სახე, რომელიც თოვლით დაფარულ მწვერვალზე დგას, ამ კარტის საზრისს გვიხსნის: ცნობიერების განვითარების გზა დასრულებულია, ჩვენ მივაღწიეთ იმ ცოდნის მწვერვალებს, რომელთა მოპოვებაც შეგვეძლო ამ გზაზე. მითებსა და ზღაპრებში - ესაა საქმეებისგან განზე გადგომის, შეჯამების ეტაპი, ან შეხვედრა ბრძენ მოხუცთან, რომელიც ადამიანებისგან მოშორებით ცხოვრობს. იგი გმირს მაგიურ ატრიბუტებს აძლევს და ჯადოსნურ სიტყვას ეუბნება, რომელიც გზაზე დაიცავს და გამოადგება, როგორც „სეზამ გაიღე!“, გზის ბოლოში, რათა გმირმა შეძლოს თავისი დიადი გმირობის გაკეთება. მაგრამ ყველაზე მთავარი ისაა, რომ სწორედ გმირი გებულობს თავის ჭეშმარიტ სახელს.

 

საკუთარი ჭეშმარიტი სახელის ცოდნა გმირს, და შესაბამისად ყველას, ვინც ცნობიერების განვითარების ეს გზა გაიარა, აძლევს შესაძლებლობას, ბოლოს და ბოლოს გაიგოს, ვინაა სინამდვილეში. იგი აბსტრაგირდება ყველაფრისგან, რასაც მანამდე ეუბნებოდნენ მშობლები, აღმზრდელები, ნათესავები და მეგობრები. ასეთი თვითიდენტიფიკაცია - ცნობიერების განვითარების უმნიშვნელოვანესი ნაყოფია, რომელიც მხოლოდ განმარტოების სიჩუმეში მწიფდება. მხოლოდ ასე შეგვიძლია გავიგოთ, ვინ ვართ. ამასთან, ბრძენი მოხუცი, როგორც ყველა სხვა არქეტიპი ან ეტაპი - მხოლოდ ალეგორიაა. მაშინაც კი, თუ ჩვენ მართლა გავიგეთ რაღაც საკუთარ თავზე სხვა ადამიანისგან, მაინც - ესაა პროცესი, რომელიც თავად ჩვენში ხდება, და სხვა ადამიანი მხოლოდ იმის საშუალებაა, რომ უფრო უკეთ და სწრაფად გამოვავლინოთ საკუთარი თავი. ამიტომ აზრი არ აქვს ბრძენი მოხუცების ძებნას, რათა რომელიმემ საიდუმლო გაგვიხსნას, თუმცა ასეთი შეხვედრები შესაძლოა მართლაც საინტერესო აღმოჩნდეს, - განდეგილის კარტი (ეტაპი) იზრუნებს ამაზე. გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია, ყური ვუგდოთ საკუთარ შინაგან ხმას, რომელიც მოცემულ შემთხვევაში მოგვიწოდებს, რომ სადმე მიყრუებულ ადგილას განვმარტოვდეთ, და მივყვეთ მას. მხოლოდ იქ, მოხუცი ბრძენი, რომელიც ჩვენშია, გვეტყვის სიმართლეს. სწორედ იქ გავიგებთ, ვინ ვართ სინამდვილეში.

 

დღეს პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ სიჩუმე ჩვენს გარშემო უფრო და უფრო ცოტაა. იგი იმდენად ცოტაა, რომ მშვიდი ადგილის მოძებნა, სადაც შესაძლებელი იქნებოდა საკუთარ შინაგან ბრძენთან, თითქმის შეუძლებელი გახდა. ამიტომ უფრო და უფრო ცოტა ადამიანი ასწრებს თავისი სახელის, ანუ თავისი ჭეშმარიტი დანიშნულების გაგებას. და მათი უმეტესობა უფრო მეტად ცდილობს მიბაძოს ვიღაცას, განასახიეროს ის, ვინც არაა, და სწორედ ეს ჩათვალოს უმაღლეს „შიკად“, საშვად მაღალი საზოგადოების „ტუსოვკაზე“ ან, როგორც ახლა ამბობენ, „მაგრობად“. ყოველი ადამიანი უიშვიათეს ორიგინალად დაიბადა, მაგრამ უმეტესობა უბადრუკ ასლებად მოკვდება. ტყუილად არ თვლის კ.გ. იუნგი მიბაძვის ჩვენს ბუნებრივ უნარს ძალიან სასარგებლოდ კოლექტივისთვის, მაგრამ საზიანოდ ინდივიდისთვის.

ლეგენდაში პარსიფალის შესახებ გმირს ამის გაცნობიერებაში მისი ბიძაშვილი სიგუნი ეხმარება. თავდაპირველად კითხვაზე, თუ ვინაა იგი, პარსიფალი პასუხობდა: მე - დედიკოს ბიჭი ვარ, მზე და მშვენიერება. ასე მიმართავდა მას დედა. ახლა კი მან არა მხოლოდ თავისი ჭეშმარიტი სახელი გაიგო, არამედ მრავალი სხვა რამ, რომლებზეც გზის წინა ეტაპებზე არც კი დაფიქრებულა. და კიდევ მან გააცნობიერა თავისი დანაშაული, რომელიც იმაში მდგომარეობდა, რომ გრაალის ციხე-სიმაგრეში ყოფნისას, თავისი ბავშვური გულუბრყვილობით და მოუმზადებლობით, არ დასვა ის ყველაზე მნიშვნელოვანი კითხვა, რომელსაც ყველაფერი უნდა გადაეწყვიტა. ამიტომაც დაარქვა ბიძაშვილმა პარსიფალი, „საწყალი“.

ცნობიერების ზრდა უძველესი დროიდან უკავშირდება საკუთარი დანაშაულის გაცნობიერებას. შეუძლებელია ვიცხოვროთ ისე, რომ არასოდეს არაფერი დავაშაოთ. ადგილს, რომელსაც ცხოვრებაში ვიკავებთ, მოცემულ მომენტში სხვა ვერავინ დაიკავებს. ჩვენ არ შეგვიძლია, მოვიპოვოთ საკვები, თუ არ მოვკლავთ (მაშინაც კი, თუ საქმე მცენარეების „მკვლელობას“ ეხება) ან სხვა ცოცხალ არსებებს არ წავართმევთ იმას, რაც მათ მიერ შეიქმნა, მაგალითად, რძეს და თაფლს.

«ქვეცნობიერისთვის ცნობიერი - უკვე დანაშაულია, - ამტკიცებს ემა იუნგი, - ამასთან ჭეშმარიტად ტრაგიკული დანაშაული, რადგანაც მხოლოდ ცნობიერის მეშვეობით შეუძლია ადამიანს მართლა გახდეს ის, ვინც უნდა გახდეს». მაგრამ თუკი ჩვენი პირველ-წინაპრების დანაშაული მხოლოდ იმაში მდგომარეობდა, რომ მათ შემეცნების ხის ნაყოფი იგემეს, ჩვენი დანაშაული მას შემდეგ არასაკმარის შემეცნებაშია, და პირველ რიგში - არასაკმარის თვითშემეცნებაში. რამეთუ მას შემდეგ, რაც ადამმა და ევამ, და შესაბამისად გმირმა და ჩვენც დავტოვეთ უმეცრების ბაღი, ახლა, გზის შუაში, უნდა გადავლახოთ ნახევრად-ცნობიერების ის წყვდიადი, რომელშიც დავიკარგეთ, რათა ბოლოს და ბოლოს გავიდეთ მკაფიო სინათლემდე, რომელიც ანათებს გზას ზეცნობიერებისკენ და რომელიცაა სწორედ ჩვენი გზის უკანასკნელი მესამედის მიზანი.

ამ არქეტიპის სხვა პერსონიფიკაციას გრაალის შესახებ ლეგენდაში წარმოადგენს ტრევიზენტი, პარსიფალის ბიძა, რომელიც განდეგილად ცხოვრობს ქოხში. გრაალის თავის ხანგრძლივ ძიებებში პარსიფალი პერიოდულად მოინახულებს მას, ეძებს რა სწორ გზას. განდეგილი არა მხოლოდ ჭეშმარიტ სახელს უმხელს მას, არამედ „ჯადოსნურ სიტყვასაც“: ყურში ლოცვას ჩასჩურჩულებს, რომლის წარმოთქმაც მხოლოდ უკიდურესი საფრთხის შემთხვევაში შეუძლია.

გავიგებთ რა ჭეშმარიტ სახელს, გმირი, - ისევე როგორც ჩვენ, - უკვე აღარასოდეს დაივიწყებს და და უარს აღარ იტყვის მასზე. სხვა სიტყვებით, თუკი ერთხელ გავიგებთ, ვინ ვართ სინამდვილეში, ისიც უნდა გავაცნობიეროთ, რომ ახლა უკვე უნდა შევესაბამებოდეთ ჩვენს ცოდნასა და მოწოდებას, წინააღმდეგ შემთხვევაში პარსიფალივით მოგვიწევს პერიოდულად იქ დაბრუნება, სადაც კიდევ ერთხელ გაგვახსენებენ, ვინ ვართ. კარტზე ეს გამოყოფა გარშემომყოფი რეალობისგან სიმბოლიზებულია კაპიუშონით, რომლითაც განდეგილი გარე ზემოქმედებისგან იცავს თავს. მისი ლამპა, უეიტის მიხედვით, ესაა გზამკვლევი შუქურა: „იქ, სადაც ახლა მე ვარ, შეგიძლია შენც იყო“. ამით იგი მიანიშნებს, რომ ეს შეხვედრა და საიდუმლოს ეს გამჟღავნება - საოცარი შემთხვევა კი არაა, რომელიც იშვიათი რჩეულების ხვედრია, არამედ ცნობიერების განვითარების ეტაპია, რომელიც ყველასთვის მისაწვდომია, ვინც სიჩუმეში განმარტოვდება.

ჯადოსნური სიტყვა და მაგიური ატრიბუტები, რომელსაც მოხუცი ბრძენი გმირს აძლევს, მხოლოდ ზღაპრებში არ გვხვდება. ეს მხოლოდ სიმბოლოა იმის, რაც ადამიანს მოულოდნელად ებოძება. ეს შეიძლება იყოს, მაგალითად, მელოდია, ხატ-სახე ან ფრაზა, კენჭი, ბუმბული ან უბრალოდ სიტყვა, მარცვალი, ნიშანი. იგი იმით იცნობა, რომ „სრულიად შემთხვევით“ მოდის, თუმცაღა მაშინვე შეძრავს ხოლმე ადამიანს სულის სიღრმემდე, და კიდევ იმ მაგიური ძალით, რომელიც მისგან გამოდის. განათლებულ გონებას მსგავსი რამეები შესაძლოა სისულელედ მოეჩვენოს. მაგრამ ისინი არსებობენ. ის, ვისაც ასეთი საჩუქარი შეხვდა, მზრუნველად უნდა ინახავდეს მას მანამ, სანამ მართლაც რთულ სიტუაციაში არ გამოადგება, განსაკუთრებით კი ძალიან საშიშ სიტუაციაში. და აი მაშინ, როცა გაიხსენებს ამ ფრაზას, ხატ-სახეს ან მელოდიას, ან შეეხება თავის კენჭს ან ბუმბულს, იგი იგრძნობს, როგორ ეხმარება ეს ძლევამოსილი ძალა. თუმცაღა ამასთან ერთად უნდა გვახსოვდეს ის გაფრთხილებებიც, რომლებიც თან ახლავს ამ საჩუქრებს ზღაპრებსა და მითებში: მათ არ ყიდიან და არ ყიდულობენ, არ შეიძლება მათი თვითნებურად გაკეთება ან მოგონება, ისინი თავისით უნდა მოვიდნენ, ან იქნენ ნაპოვნნი, მათი გამოყენება მხოლოდ კრიტიკულ სიტუაციებში შეიძლება, მათზე მოყოლა არავისთვის შეიძლება და, რა თქმა უნდა, ისინი არასოდეს და არსად უნდა დაგავიწყდეთ.

როგორ გავიგოთ ეს? ძალიან ადვილად. ეს „მაგიური ძალა“, რომელიც რთულ სიტუაციებში გვეხმარება, ჩვენს ქვეცნობიერში ცხოვრობს. არსებობენ ადამიანები, რომლებიც როცა ამას გაიგებენ, ამ ძალის მონურად ექსპლუატაციას იწყებენ, აიძულებენ, რომ თავისი გაბუქებული ეგოს სულელური სურვილები შეასრულებინონ და ამ ყველაფერს „პოზიტიურ აზროვნებას“ უწოდებენ. მლოცველების 90% სწორედ ამის გამო აღავლენს თავის ლოცვებს. კარგი იქნებოდა, ერთხელ მაინც რომ გადაეხადად მადლობა ღმერთისთვის, რომ არ მისცა მათი უბადრუკი სურვილების და ცარიელი გეგმების შესრულების საშუალება. და მაინც, მიუხედავად ამისა, ჩვენი ქვეცნობიერი უზარმაზარ მაგიურ ძალას ფლობს და შეუძლია, რომ ყველაზე საოცარი სახით დაგვეხმაროს.

და, რა თქმა უნდა, ეს მაგიური ძალა ცხოვრობს არა ფრაზაში, ხატ-სახეში ან კენჭში, სპეციალურად დამზადებული და ყველა წესით „შელოცვილი“ თილისმაში, არამედ ეს - ჩვეულებრივი სასწაულია, რომელსაც ყოველდღიურად ქმნის ჩვენი ქვეცნობიერი. და რაც უფრო მეტად მოვყვებით ამის შესახებ ან ამაყად მივანიშნებთ ჯადოსნობაში მონაწილეობაზე, რაც უფრო ხშირად მოვუყვებით ჩვენს საიდუმლო ჯადოსნურ სიტყვაზე სხვებს, მით უფრო მალე წავართმევთ მას მაგიურ ძალას. და ამის შემდეგ მხოლოდ უსულგულო ფორმულები, ცარიელი სიტყვები, მკვდარი რიტუალები, უაზრო ფრაზები და არაცოცხალი კენჭები დაგვრჩება. ჯადოსნობა გაქრება. აი, რატომ უნდა შეინახოს გმირმა ეს საჩუქარი გულში, სანუკვარ ადგილას. აი, რატომ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეს სწორედ საჩუქარია, რომელიც მადლიერებით უნდა მივიღოთ, და არა დამსახურება, რომლითაც ჩვენი „მე“ თავს შეიქებდა.

ბრძენი მოხუცი - ჩვენი დასავლური კულტურის ეს სახელგანთქმული არქეტიპი, წარმოდგენილია მრავალი ცნობილი ადამიანის ხატ-სახით. პირველ რიგში უნდა დავასახელოთ ჰერმეს ტრისმეგისტი („სამგზის დიდებული“), ლეგენდარული ქურუმი ბრძენი, რომელიც სხვადასხვა წყაროების თანახმად ან ძველეგვიპტური კულტურის განთიადისას ცხოვრობდა და შემდეგ გამოცხადებულ იქნა ეგვიპტელების მიერ სიბრძნის ღმერთად - თოთად, ან უკვე მოსეს დროს, როგორც აჩვენებს ნახატი სიენის ტაძრის მოზაიკურ იატაკზე. ალქიმიკოსები, მასონები, თითქმის ყველა საიდუმლო კავშირი და ეზოთერული საზოგადოება მას თავის დამფუძნებელ-მამად აღიარებდა, ან რაიმე სხვა სახით აკავშირებდა მას თავის სწავლებებს.

არანაკლებ ცნობილია ჩვენთვის მერლინი, მოხუცი ბრძენი მეფე არტურის ლეგენდებიდან. ან ჩრდილოეთის სხვა ბინადარი, სიბრძნის ძველ-გერმანული ღმერთი ოდინი, რომელმაც ცხრა დღე-ღამე გაატარა იფნის ხეზე, სახელად იგდრასილი და ასე მიიღო თავისი განდობა. იმის ნიშნად, რომ სხვა რამეებთან ერთად მან მოიპოვა „შორეულ მხარეებში მოგზაურობის“, ანუ ასტრალური მოგზაურობების უნარი, მას ყოველთვის თან ახდლა ორი ყორანი, ჰუგინი და მუნინი.

ისტორიულ პიროვნებას, რომელიც ბრძენი მოხუცის არქეტიპს განასახიერებს, წარმოადგენს თალეს მილეთელი, ფილოსოფოსი, რომელიც ჩ.წ.აღ-მდე VI საუკუნეში ცხოვრობდა. ბერძნები მას პირველს უწოდებდნენ თავის შვიდ ბრძენს შორის. ჩვენამდე მოაღწია მისმა ორმა გამოთქმამ, რომელიც სრულიად დამახასიათებელია განდეგილისთვის. კითხვაზე, თუ რა არის ამქვეყნად ყველაზე რთული, მან ღრმა პასუხი გასცა: „საკუთარი თავის შეცნობა“. ხოლო ამის შემდგომ კითხვას, მაშინ რაღაა ყველაზე ადვილი, მან სავარაუდოდ ღიმილით უპასუხა: „სხვებისთვის რჩევების მიცემა“.

ჩვენი იუდეო-ქრისტიანული ტრადიციის ფარგლებში ამ არქეტიპის უფრო მეტად ცნობილი წარმომადგენლად მოსე უნდა ჩავთვალოთ. მან დაუბრუნა თვითცნობიერება („ჭეშმარიტი სახელი“) მთელ ერს, ორმოცი წელი ატარა უდაბნოში აღთქმული მიწისკენ და ღვთაებრივი კანონები გადასცა მას. მისი აღმასვლა სინაის მთაზე და იქ ღვთაებრივი კანონების მიღება პარალელს პოულობს განდეგილის გადასვლაში ბედის ბორბალის კარტზე.

საკვანძო სიტყვები განდეგილის არკანისთვის:

არქეტიპი - ბრძენი მოხუცი;

ამოცანა - საქმეთაგან განდგომა, გზა საკუთარი თავის სიღრმეში, ღირსეული სერიოზულობა, ფიქრი, შინაგანი შეკრულობა;

მიზანი - საკუთარი თავის შეცნობა, თავის დაცვა გარე ზემოქმედებებისგან, ღირებულებათა საკუთარი სისტემის შექმნა. იყო ის, ვინც ხარ;

რისკი - იყო „ჩუდაკი“, ჩაიკეტო საკუთარ თავში, „გაბოროტდე“

ცხოვრებისეული შეგრძნება - სიცხადე და ერთმნიშვნელოვანობა, შინაგანი სიმშვიდე, საკუთარი თავის მოპოვება და ერთგულება საკუთარი თავისადმი.

წიგნის თავები


წიგნის ელექტრონული ვერსიის შეძენა წიგნის გადმოწერა
იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff