ტარო და გმირის მოგზაურობა

ჰაიო ბანცჰაფი
4.5
1

ავტორი: ჰაიო ბანცჰაფი მთარგმნელი: მამუკა გურული  ავტორის წინასიტყვაობა ტარო — ესაა სიმბოლოთა სისტემა, რომლის ბედიც ისე აეწყო, რომ მას ხშირად უბრალოდ მკითხაობის სისტემად თვლიან და რადგანაც...

კოშკი

 

16

დრამატული განთავისუფლება

შეაღწევს რა მიწისქვეშა სამყაროში, გმირმა უნდა შეასრულოს კიდევ ერთი, არანაკლებ მნიშვნელოვანი ამოცანა - უნდა იპოვოს და წაართვას გამტაცებელს მოპარული განძი, გაყიდული სული ან რამე სხვა, რათა ზედაპირზე ამოიტანოს იგი. ამ ამოცანას კოშკის არკანი შეესაბამება. იგი განასახიერებს შესასვლელის დაცვაზე გამარჯვებას, მთავარი ურჩხულის განადგურებას, საიდუმლო საპყრობილის აღმოჩენას, დაკარგული სულის განთავისუფლებას და უკან, ბნელი სამყაროს ალაყაფით ნათელ სამყაროში დაბრუნებას.

კარტზე გამოსახულია ელვა, რომელიც კოშკს ურტყამს და მის გვირგვინს აგდებს. ძველი ტრადიციით ასეთი გვირგვინი, ანუ „ზემოდან დახურული“ დამატებითი გუმბათით, ითვლება სამეფო ან საიმპერატორო გვირგვინად, ანუ საკუთარი თავის ზემოთ არანაირ ძალაუფლებას არ აღიარებს. ამგვარად, კოშკის არკანი წარმოადგენს ქედმაღლობის, ამპარტავნების და განდიდების მანიის სიმბოლოს, როგორიც ოდესღაც ბაბილონის გოდოლი იყო.

ელვა, ეს ღმერთის ბეჭედი, წარმოადგენს ერთგვარი გარე მოვლენის სიმბოლოს, რომელიც იწვევს ძველი წესრიგის ნგრევას. ზუსტად ასევე ეს შეიძლება იყოს გამონათება, რომელიც უეცრად გვიხელს თვალებს ჩვენი უწინდელი წარმოდგენების სიმცდარეზე და გეგმების განუხორციელებლობაზე. თუმცაღა ყველაზე თვალსაჩინოდ კარტის მნიშვნელობა ვლინდება მისი კვერთხების ოთხიანთან შედარებისას, რომელიც კოშკის ერთგვარ ანტიპოდს წარმოადგენს დაბალ არკანებს შორის.

 

ორივე კარტზე გამოსახულია დიდი ციხე-სიმაგრე, კოშკი. აქაც და იქაც ვხედავთ ადამიანებს ერთი და იგივე ტანსაცმლით. მაგრამ თუკი კვერთხების ოთხიანზე ისინი გახარებულნი თავად გამოდიან ციხე-სიმაგრიდან, კოშკის არკანში მათ უკვე ზემოდან ყრიან. იმისთვის, რომ უკეთ გავიგოთ ურთიერთკავშირი ამ ორ კარტს შორის, წარმოვიდგინოთ, რომ კვერთხების ოთხიანი განასახიერებს იდეალურ სახლს და ოჯახს, რომლებიც ბავშვობაში გვქონდა. ციხე-სიმაგრე უკანა პლანზე, ისევე, როგორც მშობლიური სახლი, განასახიერებს საიმედო და უსაფრთხო ზურგს, რომელიც მაშინ გვქონდა, როცა სასიხარულო ცნობისმოყვარეობით გავემგზავრეთ გარესამყაროს „დასაზვერად“, ვიყავით რა დარწმუნებულნი, რომ ყოველთვის შევძლებდით დაბრუნებას. ამგვარად, კვერთხების ოთხიანი აღნიშნავს სიმშვიდეს, ღიაობას და უსაფრთხოებას. ანუ სწორედ იმას, რაც მოცემულ ეტაპზე გვჭირდება. თუმცაღა თუკი ჩვენ ორმოცი წლის ასაკში იმავე საბავშვო ოთახში ვცხოვრობთ და დედა უწინდებურად გვისწორებს ლოგინს და გვიმზადებს საუზმეს, ეს უკვე სულაც აღარაა ის, რაც გვჭირდება, რადგან ჩვენ უკვე გავიზარდეთ. ეს ჩარჩოები მეტისმეტად ვიწრო გახდა, ამიტომ ისინი უნდა დავამტვრიოთ. ამიტომ კოშკი აღნიშნავს იმის ნგრევას, რასაც მეტისმეტად დიდხანს ვეჭიდებოდით: თუნდაც იგი ოდესღაც აუცილებელი იყო და სრულიად შეგვეფერებოდა, მაგრამ ახლა მოძველდა, გაიხრწნა და მოდიდან გადავიდა, ანუ საპყრობილეს დაემსგავსა.

აქედან კოშკის კარტი შეიძლება აღნიშნავდეს ძველი წესების ნგრევას, ღირებულებათა დრომოჭმული ან მეტისმეტად გულუბრყვილო სისტემის მსხვრევას, და ასევე ჩვენი ილუზორული თვითშეფასების კრახს. მაგრამ ამავდროულად, კოშკი - ესაა კოშკიდან გამოსავალი, განთავისუფლება. პრობლემა მხოლოდ იმაშია, რომ ჩვენ სინამდვილეში ვეჩვევით ჩვენს საპყრობილეს. თუნდაც მასში ვიწროდ ვიყოთ, სამაგიეროდ მშობლიურია და საერთოდ, ჩვენ ვამჯობინებთ, რომ რაღაც მშობლიურთან გვქონდეს საქმე, თუნდაც მშობლიურ ნანგრევებთან. აი, რატომაა, რომ კოშკის მიერ განსახიერებული ძველის ნგრევა თავიდან აღიქმება, როგორც რაღაც საშინელი, თუ არა კატასტროფა. მხოლოდ მოგვიანებით ვხვდებით, რომ ეს განთავისუფლება იყო.

ჩვენს მისწრაფებაში - თავი ავარიდოთ ყველაფერ არამდგრადს, ავხსნათ ყველაფერი არაცხადი და „კონტროლის ქვეშ გვყავდეს“ ყველაფერი, ჩვენი ეგო განსაზღვრულ წარმოდგენას იქმნის რეალობის შესახებ, ანუ გარკვეულ საზღვრებს იწესებს, რომლის შიგნითაც თავდაჯერებულად გრძნობს თავს. აქედან ცხადია, თუ რატომ ერთიანდებიან ინტერესთა ჯგუფებად „ეგოები“ მსგავსი წარმოდგენებით: ასეთ ჯგუფში ისინი ინარჩუნებენ და აღიარებენ ერთმანეთის სიმართლეს, რაც კვლავაც ამყარებს ყოველი ეგოს წარმოდგნას საკუთარ თავზე და მათ რწმენას მოცემული ჯგუფის, როგორც ერთადერთ და „მართლაც რეალურ“ სინამდვილეში. მათ, ვისაც სხვა წარმოდგენები აქვთ, ისინი „თავისიანებად“ არ თვლიან და საუკეთესო შემთხვევაში დასცინიან მათ უცნაურობას, გაუნათლებლობას, გაუგებრობას ან სიბრიყვეს. ხოლო თუ მოცემულ ჯგუფებში ეგო თავისთვის საფრთხეს გრძნობს, იგი მათ ომს უცხადებს, და ხშირად სამკვდრო-სასიცოცხლოსაც. იგი ამაყად მიაბიჯებს ცხოვრებაში მტკიცე რწმენით, რომ მასზე უკეთ სინამდვილე არავინ იცის, და ყველგან ეძებს და პოულობს დადასტურებებს თავისი მყარად ფესვებგადგმული წარმოდგენებისთვის.

სურათები, რომლებსაც თავად ვხატავთ ჩვენს გარშემომყოფ რეალობასთან დაკავშირებით, გაცილებით უფრო მეტად მოგვწონს, ვიდრე თავად ეს რეალობა. ვერც კი ვამჩნევთ, როგორ იზრდება ბზარი და როგორ ვკარგავთ თანდათანობით რეალობასთან კონტაქტს. და ბოლომდე ვართ დარწმუნებულნი, რომ ეს სურათები, რომლებიც მხოლოდ ჩვენს საკუთარ აზრებს, მოგონებებს, სურვილებს, კომპლექსებს ან შიშებს ასახავენ, არის კიდეც სინამდვილე. ჩვენი გონება ობიექტური რეალობის ასახვისკენ გაცილებით უფრო ნაკლებადაა მიდრეკილი, ვიდრე თავისი წარმოდგენების შენარჩუნებისკენ, რომლებიც მისთვის ასეთი ჩვეული, კომფორტული და მშობლიურია. აიღეთ, მაგალითად, ადამიანი, რომელიც უკვე დიდი ხანია ეჭვობს, რომ ქორწინებაში ყველაფერი რიგზე ვერ აქვს. მაგრამ იგი ყოველ ჯერზე აგდებს ამ აზრს და არწმუნებს საკუთარ თავს, რომ სინამდვილეში ყველაფერი მშვენივრადაა, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში მას მოუწევდა ჯერ ეღიარებინა პრობლემის არსებობა, შემდეგ დაფიქრებულიყო თავის პრობლემებზე, შემდეგ კი რაღაც შეეცვალა. რა თქმა უნდა, მისთვის გაცილებით მოსახერხებელია, დახუჭოს თვალები ყველა სიმპტომზე და დაარწმუნოს საკუთარი თავი, რომ ყველაფერი რიგზეა, ან ყოველ შემთხვევასი, ნორმის ფარგლებშია, რადგანაც მეგობრებსა და მეზობლებსაც არ აქვთ უკეთ საქმე. მაგრამ ერთხელ დგება მომენტი, როცა სინამდვილე გარეთ აღწევს ჩვეული სურათებიდან და ლამაზი სასახლეები, სადაც ასე მყუდროდ მოეწყო მისი ეგო, მის თვალწინ ინგრევა. სწორედ მაშინ აცნობიერებს, რომ რეალობა სულაც არ აღმოჩნდა ისეთი, როგორსაც ხატავდა. სწორედ ესაა კოშკი. ამასთან სურათები, რომლებსაც ასე ვეჭიდებით, აუცილებელი არაა, რომ ლამაზები იყვნენ. ასეთივე წარმატებით მათ შეუძლიათ გამოსახონ საშიში და მოქუფრული რეალობა. ფილოსოფოსი ეპიქტეტი ჯერ კიდევ 2000 წლის წინ ამბობდა, რომ ტანჯვას გვაიძულებენ არა თავად საგნები, არამედ ჩვენი წარმოდგენა მათ შესახებ. ეს წარმოდგენები შესაძლოა აკვიატებულ იდეებად იქცნენ, რომლების დახმარებითაც საკუთარ ცხოვრებას მოვიწამლავთ. თუკი ეგო ჩაიციკლება, მაგალითად, იდეაზე, რომ ლიფტებით სიარული სახიფათოა, მაშინ ადამიანს შეეშინდება ლიფტების და ჩათვლის, რომ ისინი შეიძლება როგორც მინიმუმ გაიჭედნონ, ან ჩაწყდნენ კიდეც. ადრე თუ გვიან იგი საერთოდ აღარ ისარგებლებს ლიფტებით, ენდობა რა უფრო მეტად თავის შიშებს, ვიდრე სხვების ყველაზე გონივრულ არგუმენტებს და გამოცდილებას. ასეთი იდეა-ფიქსების საფასურია - არა მხოლოდ განცდების თავისუფლების უფრო და უფრო მეტი შეზღუდვა, არამედ ცხოვრებისგან მიღებული ტანჯვების გაძლიერებაც. ასეთ შემთხვევებში კოშკი შესაძლოა აღნიშნავდეს რაღაც მოვლენას ან გამონათებას, რომელსაც ჩაციკლულობისგან განთავისუფლებისკენ მივყავართ.

თუკი კოშკის კედლები ხელს გვიშლიან ერთი მთლიანის ხედვაში, თუკი ისინი, ისევე როგორც ნებისმიერი სხვა საზღვრები, ყოვლის-ერთიანობისგან გვაცალკევებენ, მაშინ ეს კედლები უნდა დაინგრნენ. სწორედ ეს იქნება კრიშნამურტის სიტყვებით, ცნობიერების „დაცარიელება“, განთავისუფლება ვინმესადმი ან რამესადმი მორჩილებისგან და წარსულისგან განწმენდა. თუმცაღა ჩვენი ეგო როგორც წესი ისე მაგრად ეჭიდება თავის არაფრისმომცემ წარმოდგენებს, რომ განთავისუფლებისთვის ძლიერი რყევა ხდება საჭირო. აი, რატომაა, რომ ზღაპრებში ბოროტებასთან ბრძოლა ძალების მაქსიმალურ დაძაბვას საჭიროებს: მათში ბოროტებად ითვლება ყველაფერი ის, რაც ჭეშმარიტი თვითცნობიერების მოპოვებაში უშლის ხელს. სწორედ ხდება მისი განადგურება ასე უმოწყალოდ.

უფრო ღრმა თვალსაზრისით კოშკი კარს აღებს ჭეშმარიტების გაცნობიერებისკენ, ანგრევს რა უწინდელ, თავსმოხვეულ ფასეულობათა სისტემას და არყევს რა დასავლეთის მიერ ასეთი საყვარელი „ღვთაებრივი წესრიგის“ საფუძვლებს მისი ერთმნიშვნელოვანებით, სიცხადით და ლოგიკით. სწორედ ამაში მდგომარეობს უმაღლესი ჭეშმარიტების გაცნობიერების წინაპირობა - სწორედ იმ ყოვლის-ერთიანობის, რომელიც თავისი არსით შეიძლება მხოლოდ პარადოქსული იყოს. ამიტომ უდიდესი ბრძენების მიზანს ოდითგანვე წარმოადგენდა ნგრევა იმ ვიწრო ჩარჩოებისა, რომლებიც ჩვენს ცნობიერებას ზღუდავდნენ, და ამას ისინი აკეთებდნენ მოულოდნელი განცხადებების მეშვეობით, რომლებიც აიძულებდნენ ადამიანის აზრს, რომ გაკვალული გზიდან გადაეხვია, ანუ პარადოქსული კითხვებით, რომლებზე პასუხების ძიებაც გაოგნებულ ობივატელს მისი ჩვეული წარმოდგენების მთელ აბსურდულობას უხსნიდა. ლეგენდის მიხედვით, სწორედ ასე იქცეოდა ხოჯა ნასრედინი. ანალოგიური სახით ძენ-ბუდიზმში მოსწავლეებს მედიტაციისთვის სთავაზობენ პარადოქსულ იგავ-გამოცანებს (კოანებს), რომლებიც გადაუჭრელია ერთმნიშვნელოვანი ყაიდის აზროვნებისთვის.

ამ ყველაფერთან ერთად, არაა საჭირო შეზღუდული ან ცრუ ცნობიერების კოშკის ნგრევის ფაქტის და მისი შედეგების არ-დაფასება. უწინდელი წარმოდგენების კრახი - წვრილმანი კი არა, როგორც კ.გ. იუნგი ამბობს, „სამყაროს ყველაზე ნამდვილი აღსასრულია, რომელიც ყველაფერს პირველსაწყის ქაოსთან აბრუნებს. ადამიანი თავს მიმართულება-დაკარგულად გრძნობს, როგორც სტიქიის ნებას მინდობილი უმართავი ნავი. ყოველ შემთხვევაში, მას ასე ეჩვენება. სინამდვილეში კი იგი უბრალოდ კოლექტიურ არაცნობიერს დაუბრუნდა, რომელიც იღებს კიდეც მართვას საკუთარ თავზე“.

შემდეგ იგი გვაფრთხილებს, რომ ამის შედეგები შესაძლოა სხვადასხვა იყოს: ვიღაცისთვის ასეთი კრახი მართლაც სამყაროს აღსასრული ხდება, ვიღაცას კი შინაგანი ხმა ეხმარება, რომ ახალი მიმართულება იპოვოს. შედეგი იმაზეა დამოკიდებული, თუ როგორ შევძელით კოშკთან მიახლოვება, რამდენად მოვასწარით სიმწიფის მიღწევა გზის წინამდებარე ნაწილში. რაც უფრო ამორფული, თავდაჯერებული ან ამპარტავანი ვართ, მით უფრო დრამატულად შეიძლება განვითარდეს მოვლენები. კ.გ. იუნგი ასევე წერს, რომ „თავდაჯერებული ცნობიერება საკუთარ თავს აჰიპნოზებს, ამიტომ მისადმი მიმართვა უაზრობაა. ამიტომ კატასტროფებს თავიდან ვერ აიცილებს და მათ შესაძლოა გაანადგურონ კიდეც იგი“.

ადამიანის ცხოვრებაში „კოშკის ნგრევა“ ასევე სხვადასხვანაირად ხდება. პირველ რიგში, ეს შესაძლოა „გაყიდული სულის“ განთავისუფლება გახდეს, ღრმად დამალული განძის, ანუ ცნობიერების მეოთხე, მანამდე დაუმუშავებელი და არარეალიზებული ფუნქციის გახსნა, თავისი ყველა გამომდინარე შედეგით, ცვლილებითა და ღირებულებათა გადაფასებებით. მეორეც, ჩვენ შეგვიძლია გავაკეთოთ რაღაც, რისთვისაც მანამდე გამბედაობა არ გვყოფნიდა, რადგანაც საკუთარი ძალების არ გვჯეროდა და „გაყიდული გვქონდა საკუთარი სული“ უსაფრთხოების, კომფორტის ან სხვა რომელიმე ასეთივე ყალბი მონეტის სანაცვლოდ. ამგვარად, მას შეუძლია „ბომბის აფეთქების“ ფორმა მიიღოს, როცა ჩვენ ტყვეობიდან ვაღწევთ თავს, განცხადებას ვწერთ წასვლის შესახებ, უბრალოდ აღარ ვუქნევთ თავს ვინმეს ან უეცრად ისეთი მხრიდან ვავლენთ თავს, რომელზეც აქამდე არავინ (ჩვენი ჩათვლით) არ ეჭვობდა.

კიდევ კოშკი შეიძლება აღნიშნავდეს იმ შინაგანი ბორკილების და ჯაჭვების გაწყვეტას, რომელიც გვბოჭავდა და გვზუდავდა. ზღაპარში მეფე-ბაყაყის შესახებ ჯადოსნური ჯაჭვები, რომლებიც ჰაინრიხის გულს ბორკავდა, სამჯერ ტყდება საშინელი ხმაურით.

და რა თქმა უნდა, კოშკი ასევე აღნიშნავს განთავისუფლებას იმ ყველაფრისგან, რაც მანამდე თვალებს გვიბინდავდა, არაცნობიერად გვიქვემდებარებდა თავისი ძალაუფლების ქვეშ, გვაიძულებდა ისეთი ქმედებების კეთებას, რომლებსაც ვერ ვუხსნიდით საკუთარ თავს და არ გვაძლევდა სრული ცხოვრებით ცხოვრების საშუალებას. ამ თვალსაზრისით კოშკი შეესაბამება ზღაპრებს და მითებს, რომელთა ცენტრალურ თემასაც წარმოადგენს ბრძოლა სახიფათო მოწინააღმდეგესთანან - დრაკონთან, რომელიც გამუდმებით შიშის ქვეშ ამყოფებს ყველას და იმის განთავისუფლებას, რასაც ან ვისაც იგი ტყვეობაში ამყოფებს. ეს ურჩხული შეიძლება წარმოადგენდეს იმ შინაგანი წინააღმდეგობის ხატ-სახეს, რომელსაც ჩვენ განვიცდით, როცა ჩვენს წინაშე წამოყენებულ ცხოვრებისეულ ამოცანაზე ვრეაგირებთ: «არა! მხოლოდ ეს არა!» ან: «ჯობია მოვკვდე!» ასეთი წინააღმდეგობის გადალახვა, გადაწყვეტილება იმისა, რომ ბოლოს და ბოლოს გავაკეთოთ ის, რასაც მანამდე ჩვენთვის მიუღებლად ვთვლიდით, - მშვენიერი მაგალითია „კოშკის კარდინალური ნგრევისა“.

მეორე მხრივ, ამ დრაკონში შეგვიძლია ვიცნოთ ჩვენი შინაგანი კონტროლიორიც, მამის ან დედის ის ავტორიტარული ხატ-სახე, რომლისგანაც ჯერ კიდევ ვერ განვთავისუფლდით და რომელიც ამიტომაც ასე გვიშლის ხელს ცხოვრებაში ჩვენი გზით სიარულში. ეს თემაც ასევე გვხვდება მრავალ მითსა და ზღაპარში. გაიხსენეთ თუნდაც ჰენზელი, რომელმაც უღრან ტყეში ნამცხვრის ქოხი იპოვა - სამოთხისეული ნეტარება! - და ტყვედ ჩავარდა ბოროტ გრძნეულთან, რომელმაც მისი ჩაყლაპვა გადაწყვიტა. რა არის ეს, თუ არა არაცნობიერი (უღრანი ტყე), დედის ბნელი ხატ-სახე, რომლის წინაშეც ადამიანი დაუცველია, სანამ და გრეტელი (მისი ანიმა) არ გაანთავისუფლებს მას. საპირისპირო სიტუაცია მოხდა მძინარე მზეთუნახავთან, რომელთანაც ანიმუსი მივიდა, რათა ბნელი ფერიას შელოცვისგან გაენთავისუფლებინა - თუმცა ამის ლოდინი მთელი 100 წლით მოუხდა. მამის ხატ-სახის და მასთან დაკავშირებული ექსპექტაციების გადალახვაზე საუბარია, მაგალითად, ზღაპარში - „რუმპელიპტილცჰენი“, სადაც მეწისქვილე განაცხადებს, რომ მისმა ქალიშვილმა ოქროს ნართის დართვა იცის, და ამით აიძულებს მეფეს, რომ უსაზღვრო მოთხოვნები წამოუყენოს.

ყოველი ამ ზღაპრის აზრი, რა თქმა უნდა, არ დაიყვანება ერთ სენტენციამდე, მაგრამ ყველანი ისინი გვიჩვენებენ, თუ რა მნიშვნელოვანია მეტისმეტად ავტორიტეტული მამის ან დედის ჩრდილისგან განთავისუფლება, რათა მოვიპოვოთ თავისუფლება - და პარტნიორთან ცხოვრების უნარი და აქ მნიშვნელობა არ აქვს, მშობლის ხატ-სახეს დადებითი ხასიათი აქვს თუ უარყოფითი: მანამ, სანამ იგი ძალაუფლებას ფლობს ჩვენზე, ჩვენ თავისუფალნი არ ვართ და მზად არ ვართ საწინააღმდეგო სქესთან პირისპირ შესახვედრად. ასეთი სიყვარული-სიძულვილი ერთ-ერთი მშობლის მიმართ შეიძლება იმდენად ძლიერი იყოს, რომ ჩვენ ან ყოველ ჯერზე უარს ვამბობთ სხვა ადამიანთან დაახლოების შანსზე, ან, განსაკუთრებით თუ ამ ხატ-სახეში ნეგატივი ჭარბობს, შიშით ვუვლით გვერდს საწინააღმდეგო სქესს. მაგრამ მაშინაც კი, თუ ხატ-სახე პოზიტიურია, ჩვენ მაინც გვჭირდება მისგან განთავისუფლება, რადგანაც ყოველთვის შევადარებთ მას სხვა ადამიანს. ეს შინაგანი ხატ-სახეები ყოვეელთვის სრულყოფილია, რასაც, სამწუხაროდ, ვერ ვიტყვით „გარე“ ადამიანებზე. სწორედ ამიტომაც გვიცრუებენ ისინი იმედებს რეგულარულად, და სწორედ ამიტომ ინგრევა ოჯახები. სწორედ შინაგანი ხატ-სახისადმი ერთგულება რჩება ურყევი.

ამ თვალსაზრისით მომენტი, როცა პერსევსი თავს ჰკვეთს მედუზას, შეგვიძლია ჩავთვალოთ დედის მძლავრი ხატ-სახის გადალახვად. ამ გმირობის ჩადენას იგი მხოლოდ თავისი ანიმას მეშვეობით ახერხებს, რომელიც მისი მფარველი ქალ-ღმერთის - ათენას როლში გვევლინება, და რომელთანაც კავშირი მუდმივად აქვს. სწორედ მან მისცა სანდლები, ნამგალი, ტომარა და ფარი. სწორედ მან მიიყვანა გორგონას სამყოფელში და აუხსნა, რაც უნდა გაეკეთებინა. მისი დახმარების გარეშე პერსევსს არაფერი გამოუვიდოდა. ამგვარად მოახერხა მან ქალური საწყისის მეშვეობით ნეგატიურ ქალურ ხატ-სახეზე გამარჯვება.

ოიდიპოსი კი პირიქით, ცდილობდა თავისი პრობლემა მხოლოდ გონების მეშვეობით გადაეწყვიტა და არ მიემართა ანიმასთვის, რის შედეგადაც მხოლოდ მოჩვენებით გამარჯვებას მიაღწია. მართალია, მან გამოიცნო სფინქსის მიერ დასმული გამოცანა, რითაც გაანთავისუფლა ქალაქი თებე მისგან. მაგრამ იყო სხვა გამოცანაც, რომელიც მან არა მხოლოდ ვერ გამოიცნო, არამედ ყურადღებაც კი არ მიაქცია, რადგანაც არ აინტერესებდა იგი - ეს იყო თავად სფინქსი, უფრო ზუსტად „თავად იგი“, როგოც მარადიული ქალურობის სიმბოლო. ამგვარად, მიიღო რა ნაწილი მთელად, მან საკუთარი თავი გამარჯვებულად ჩათვალა და ამაყად მისცა ნება, რომ თებეს მეფედ გამოეცხადებინათ. მის შინაგან ქალურ საწყისს, ანიმას, რა თქმა უნდა, შეეძლო დაეცვა იგი შეცდომისგან. ასე კი , თვითონაც არ იცოდა ისე, საკუთარ დედაზე დაქორწინდა, ანუ არსობრივად ნებაყოფლობით ჩაბარდა ტყვედ მის ხატ-სახეს, იმ ქალურ საწყისს, რომელსაც დამარცხებულად თვლიდა. როცა მისი სამყაროს ცრუ სურათი, მისი კოშკი დაინგრა, და ჩვეული ილუზიების ნაცვლად მას სასტიკი რეალობა გაეხსნა, ვერ გაუძლო და ჭკუიდან შეიშალა.

მითი ეგვიპტური მზის ღმერთის - რას - ღამის ოკეანეში მოგზაურობის შესახებ ასევე მოგვითხრობს უწინდელი წარმოდგენების სრულ ამოყირავებაზე შუაღამის წერტილში. თავისი გზის ამ ყველაზე ქვედა წერტილში რა ხვდება მთავარ და ყველაზე საშიშ საფრთხეს. ღამის სამეფოს გიგანტური გველი, აპოპისი, ერთი ყლუპით შთანთქავს მიწისქვეშა მდინარე ნილოსს, და რა-ს ნავი მშრალზე რჩება. მზის ღმერთი ვერ გააგრძელებდა გზას და ახალი განთიადი ვეღარასოდეს დადგებოდა, საშველად რომ არ მოსულიყო სეთი, რომელმაც აიძულა გველს, რომ მდინარე უკან გამოეშვა. ის, რაც ახლა უბრალოდ სახალისო ზღაპრად გვეჩვენება, ძველი ეგვიპტელებისთვის რაღაც დაუჯერებლად ჟღერდა. სეთი ხომ ყველაზე ბოროტად ითვლებოდა ყველა ღვთაებას შორის და დღის სინათლეზე რა-ს დაიძინებელი მტერი იყო. მაგრამ აქ, ღამის სიღრმეებში, იგია ერთადერთი, ვისაც შეუძლია საშუალება მისცეს ნავს, რომ გზა განაგრძოს. სეთის ისე ეშინოდათ, რომ მისი სახელის ხმამაღლა გამოთქმაც კი არ შეიძლებოდა, ამიტომ მთხრობელი მხოლოდ მინიშნებებით შემოიფარგლებოდა: „დიად რას დაეხმარა უდიადესი ჯადოქართა შორის“. თუმცაღა ყველა მსმენელმა იცოდა, ვინ იყო ეს ჯადოქარი. ჩვენთვის ამ ძველი და საინტერესო ამბის აზრი იმაში მდგომარეობს, რომ ღამის ამ ყველაზე ბნელ საათში ჩვენი ჩვეული „დღის“, შავ-თეთრი წარმოდგენები ინგრევა. აქ ისინი უბრალოდ აღარ მუშაობენ. აქ ისიც კი, ვისაც ყოველთვის ჩვენს დაუძინებელ მტრად მივიჩნევდით, შეიძლება ერთადერთი აღმოჩნდეს, ვისაც ჩვენი გადარჩენა შეუძლია. ამ თვალსაზრისით ბიბლიური მცნებაც - „გიყვარდეთ თქვენი მტრები“ - სხვა მნიშვნელობით წარმოგვიდგება.

ტაროს ძველ დასტებში გვირგვინს კოშკიდან ბუმბულის ფრთა აგდებს. როგორც ქალ-ღმერთ მაატის სიმბოლო, იგი აღნიშნავს ღვთაებრივ სამართლიანობას, რომელიც ყველაფერ ცრუს და არამყარს ანგრევს.

ნომერის ციფრების ჯამი კოშკის არკანს (XVI) ეტლის არკანთან (VII) აკავშირებს. თუ ეტლი აღნიშნავდა გმირის გამოსვლას გარე-სამყაროში, კოშკი აღნიშნავს მის გადამწყვეტ გარღვევას თავისუფლებისკენ ღამის სამეფოდან.

საკვანძო სიტყვები კოშკის არკანისთვის:

არქეტიპი — განთავისუფლება;
ამოცანა — იმ ჩარჩოების ნგრევა, რომლებიც ვიწრო გახდნენ, ყველაფერი მოძველებულის, დრომოჭმულის გადალახვა. „შავ-თეთრი“ აზროვნების გადალახვა, „ბომბის აფეთქება“;
მიზანი — ავტორიტეტული შინაგანი ხატ-სახეებისგან და თავსმოხვეული წარმოდგენებისგან განთავისუფლება, თავისუფლებისკენ გაჭრა;
რისკი — ფიასკოს განცდა, გატეხვა;
ცხოვრებისეული შეგრძნება — მკვეთრი ცვლილებების ფაზა. მოულოდნელი განთავისუფლება დაგეხმარებათ ტყვეობიდან თავის დახსნაში.

წიგნის თავები


წიგნის ელექტრონული ვერსიის შეძენა წიგნის გადმოწერა
იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff