ტარო და გმირის მოგზაურობა

ჰაიო ბანცჰაფი
4.5
1

ავტორი: ჰაიო ბანცჰაფი მთარგმნელი: მამუკა გურული  ავტორის წინასიტყვაობა ტარო — ესაა სიმბოლოთა სისტემა, რომლის ბედიც ისე აეწყო, რომ მას ხშირად უბრალოდ მკითხაობის სისტემად თვლიან და რადგანაც...

მართლმსაჯულება

8

მომწიფება

მართლმსაჯულების კარტი ტრადიციულად მერვედ ითვლება მაღალ არკანებში. უეიტმა თავის დასტაში იგი მეთერთმეტე ადგილას გადაანაცვლა. მიუხედავად ამისა, ეს კარტი განასახიერებს ადამიანის მიერ მიღებულ პირველ გამოცდილებას, როდესაც იგი მშობლიურ სახლს ტოვებს და გარე-სამყაროში შეაბიჯებს, ამიტომ მისი ადგილი გმირის მოგზაურობის ეტაპებში მაინც მერვეა.

ახლა გმირმა სრულწლოვანებას მიაღწია და თავად უნდა აგოს პასუხი საკუთარ ქმედებებზე - სწორედ ამას ამბობს მართლმსაჯულების კარტი. თუკი სახლში იგი მხოლოდ ოჯახურ წესებსა და ჩვეულებებს ემორჩილებოდა, ახლა მან საზოგადოების კანონები უნდა გაიცნოს. თუკი მანამდე მასზე ზრუნავდნენ, ახლა ნებისმიერი კომფორტი მხოლოდ მისი საკუთარ თავზე ზრუნვის შედეგი იქნება. მოუწევს გააცნობიეროს, რომ რასაც დასთესს იმას მოიმკის, და იმას მიიღებს, რაც დაიმსახურა.

მართლმსაჯულება ამ კარტზე გამოსახულია ქალღმერთ დიკეს სახით, რომლის თავზეც დაკბილული გვირგვინი განასახიარებს მისი, როგორც ქალაქის და ცივილიზებული წესრიგის დამცველის როლს. მარჯვენა ხელსი მახვილი უჭირავს - განაჩენების გამოტანისა და აღსრულების სიმბოლო. ნახატზე მოჩანს ტახტის მარჯვენა მხარე და ქალღმერთის მარჯვენა ფეხი, რაც ხაზს უსვავს ამ კარტის, როგორც სამართლის და სიმართლის (права и правоты) განსახიერებას, რამეთუ მარჯვენა მხარე გონებას, ცნობიერებას შეესაბამება. მთლიანობაში კარტი აღნიშნავს გულდასმით გაკეთებულ არჩევანს, გონებით ნაკარნახებ განსჯას, რომელმაც კრიტიკის შემოწმება გაიარა და ობიექტურ მონაცემებს დაეფუძნა. სასწორი მარცხენა ხელში აჩვენებს, რომ ინტუიცია და გრძნობა (სამართლიანობის გრძნობა) ასევე არაა დავიწყებული. თუმცაღა ძირითადი აქცენტი მაინც სამართალზე და გონებაზე კეთდება. ამგვარად, სამართლიანობის კარტი, რომელიც განასახიერებს ბრძნულ, გააზრებულ გადაწყვეტილებას, წარმოადგენს პოლარულ წინააღმდეგობას შეყვარებულების კარტთან, რომელიც აღნიშნავს არჩევანს გულის კარნახით. ორივე ამ კარტს შორის იმყოფება ეტლის არკანი, რომელიც აღნიშნავს გაცნობიერებული გადაწყვეტილებების ფაზის დადგომას, სპონტანურობიდან გააზრებულობისკენ და პასუხისმგებლობისკენ გადასვლას. თუ ამ კარტებს ერთიმეორეს მიყოლებით დავალაგებთ, დავინახავთ, რომ შავი სფინქსი - არაცნობიერის სიმბოლო შეყვარებულების კარტის მხარეს აღმოჩნდება, ხოლო თეთრი სფინქსი (ცნობიერება) ეტლს მართლმსაჯულებასთან აკავშირებს.

კარტების ასეთ განლაგებაში არანაირი შეფასებითი განსჯა არაა: მათგან არცერთი არაა სხვაზე უკეთესი ან უარესი. არის სიტუაცია, როცა არჩევანის გაკეთება გულითაა საჭირო, მაგრამ არის ისეთი სიტუაციაც, როცა კრიტიკული გონების დახმარების გარეშე ფონს ვერ გავალთ. ამ კარტის საზრისი - ცნობიერების მომწიფებაა, მის მიერ გადაწყვეტილების მიღების უნარის მოპოვებაა და ასეთი მკაფიო და ნათელი ცნობიერების სიმბოლოს თავად მახვილი წარმოადგენს ქალღმერთის ხელში. მითებში სიმწიფის მიღწევის ეს მომენტი აღწერილია, როგორც გმირის მიერ მახვილის მოპოვების სცენა. ესაა ზიგფრიდიც, რომელმაც ხელახლა გამოაწრთო ბალმუნდი, მამის გატეხილი მახვილი, და არტურიც - ერთადერთი, რომელმაც შეძლო ქვიდან ექსკალიბურის ამოღება, და პარსიფალიც, რომელმაც თავისი მახვილი გრაალის ციხესიმაგრის პირველი (შემთხვევითი) მონახულებისას იპოვა.

გზაში გამგზავრებისას გმირს არაფერი აქვს, გარდა კვერთხისა (რომლის როლიც შეიძლება შუბმა ან კეტმაც შეასრულოს), რომელიც განასახიერებს გამბედაობას და ნების ძალას. ეს იარაღი ბუნებრივია, მსგავსად იმისა, რომლის მეშვეობითაც ორმა ლეგენდარულმა ყმაწვილმა თავისი გმირობა აღასრულა: დავითი, რომელმაც გოლიათი ქვით მოკლა და პარსიფალი, რომელმაც შუბით განგმირა იტერი - წითელი რაინდი. მაგრამ დგება დრო - ვისწავლოთ თავშეუკავებელი სიმამაცის მოზომვა, გამოვაწრთოთ ნება და შევამოწმოთ ქმედების მდუღარე წყურვილი საღი გონებით, რამეთუ ამის გარეშე შეუძლებელია ახალ ამოცანებთან გამკლავება. იმისთვის, რომ რაინდად იქცეს, იმპულსურმა ყმაწვილმა უნდა ისწავლოს თავის ქმედებათა შედეგების გულდასმით აწონ-დაწონვა. მსგავსად მახვილისა, ეს უნარიც არ გვეძლევა მაშინვე მზა სახით: იგი დიდი ხნის განმავლობაში უნდა გამოვაწრთოთ და გავლესოთ, სანამ მის ოსტატურად გამოყენებას ვისწავლით და რაინდობის ხელდასმას მივიღებთ. და ვინ გახდება გმირი ამის შემდეგ: ღარიბებისა და ჩაგრულების დამცველი, მსგავსად რობინ ჰუდისა, სულის მეომარი, რომელიც წმინდა გრაალს ეძებს, თუ სასტიკი და ულმობელი რაინდი-ყაჩაღი, - ამას დრო გვიჩვენებს. რამეთუ გონებაც, ისევე როგორც მახვილი, შეიძლება ორლესული იყოს. თუმცა გონება, ცოდნა და გამოცდილება ყოველთვის ძვირფასია, და შემდგომ გზაზე მათ გარეშე ფონს ვერ გავალთ, გონება მაინც შეიძლება შემოგვიტრიალდეს თავისი ცბიერებით და ღალატით, და აქციოს ადამიანი ანგარიშიან, მოხერხებულ მატყუარად, რომელსაც ნებისმიერი სიმუხთლის ჩადენა შეუძლია. ასე გადადის კარტის სიმბოლიზმი თავის ურთიერთწინააღმდეგობაში: საღი აზრი სუბიექტურ აზრად იქცევა, და რაც ყველაზე უარესია - განსჯა განკითხვად იქცევა. ყველას განკითხვის ასეთ მისწრაფებას ელიას კანეტი უწოდებს ავადმყოფობას, და ხაზს უსვამს, რომ ეს ავადმყოფობა იმდენად გავრცელდა, რომ ამქვეყნად ალბათ არცერთი ადამიანი არაა, ვისაც იგი არ გადაუტანია: «ამგვარად ადამიანი მოსამართლის როლს ირგებს. მაგრამ ეს მხოლოდ გვეჩვენება, რომ მოსამართლე ორ ურთიერთ-დაპირისპირებულ მხარეს შორის დგას, საზღვარზე, რომელიც სიკეთეს ბოროტებისგან ჰყოფს. უპირობოდ, ნებისმიერი მოსამართლე სიკეთის დამცველებს მიაკუთვნებს საკუთარ თავს, და საკუთარ უფლებას ამ თანამდებობაზე იგი პირველ რიგში იმით ამყარებს, რომ სიკეთის მხარეს ისე მტკიცედ დგას, თითქოს ამ მხარეს დაიბადა და ეკუთვნის განსჯის უფლება, და განსჯის კიდეც. და მის განაჩენს ძალა გააჩნია. რადგანაც იგი განსჯის იმ საკითხებში, რომლებშიც პროფესიონალურად ერკვევა, და სიკეთისა და ბოროტების გარჩევის მისი უნარი მის მდიდარ გამოცდილებასაც ეყრდნობა. თუმცაღა ისინიც, ვისაც არ ეკუთვნის განსჯა, - განაგრძობს კანეტი, - ვისთვისაც ეს თანამდებობა არასოდეს არავის შეუთავაზებია და თუ საღ აზრზეა არც შესთავაზებს, განსჯიან ყველას და ყველაფერს ამქვეყნად. პროფესიონალიზმის სუნი ამას არ ასდის, და მაინც, ადამიანები, რომლებიც განსჯისგან თავს იკავებენ, რადგანაც სინდისი არ უშვებთ, თითზე ჩამოსათვლელი თუ მოიძებნება».

მართლმსაჯულების კარტის კიდევ ერთი მნიშვნელობა იმაში მდგომარეობს, რომ პასუხისგებაში მხოლოდ სრულწლოვანის მიცემა შეიძლება, ანუ იმის, ვინც პასუხს აგებს კანონის წინაშე. ბავშვი ასეთ პასუხისმგებლობას არ ატარებს. მაგრამ ახალგაზრდა, და მითუმეტეს ზრდასრულმა ადამიანმა სრულად უნდა აგოს პასუხი თავის ქმედებებზე, და სწორედ ამაზე მეტყველებს ეს კარტი. იგი ხაზს უსვამს მომწიფებული ეგოს უმნიშვნელოვანეს მხარეს - საკუთარ თავზე და სხვებზე პასუხისმგებლობისთვის მზადყოფნას. ადამიანი, რომელიც ცდილობს თავი აარიდოს ამ ეტაპს, სისტემატიურად გაურბის პასუხისმგებლობას და მასთან დაკავშირებულ სირთულეებს, მოუმწიფებელი, ინფანტილური რჩება, ანუ არსობრივად - ბავშვად რჩება, რამდენი წლისაც არ უნდა იყოს. ასეთი ადამიანის ამოცნობა ადვილია იმით, რომ იგი არასოდეს არაფერზე აგებს პასუხს, არ შეუძლია ღირსეულად დამარცხდეს, და დამნაშავედ ნებისმიერს თვლის, გარდა საკუთარი თავისა. ამასთან ერთად მას გამომუშავებული აქვს ყველაფრის სხვებზე გადაბრალების იმდენად ვირტუოზული ტექნიკა, რომ გარშემომყოფებს მხოლოდ უკვირთ, როგორ ახერხებს იგი ყველაზე უჩვეულო სიტუაციებიდან თავის დაძვრენას და საკუთარი პასუხისმგებლობის სხვებისთვის აკიდებას. ესაა ტიპიური მაგალითი ბავშვური, ინფანტილური ცნობიერებისა, ამიტომ გასაკვირი არაა, რომ ასეთი ადამიანები ზოგჯერ სხვა უკიდურესობაში ვარდებიან: ისინი წუწუნებენ და ტირიან იმის გამო, რომ არავის არ სჭირდებიან, და საერთოდ ყველაფერი ისე არ გამოსდით, როგორც საჭიროა.

მომწიფებული ეგო კი შეძლებს, რომ საკუთარ თავზე აიღოს პასუხისმგებლობა, როცა არის ამის მიზეზი, მაგრამ ასევე შეუძლია თავიც დაიძვრინოს, როცა მის მიმართ მოთხოვნები უსამართლოა. ასეთი ადამიანი აღიარებს თავის შეცდომებს და ამასთანავე არ კარგავს ღირსებას. თუ მოუმწიფებელი და სუსტი ეგო სხვებს მუდამ შურით უყურებს, თავხედურად დაითრევს ხოლმე საუკეთესო ნაჭერს და ვერ ახერხებს გაზრდას ბავშვურ-მომთხოვნი : „მეც მინდა!“-დან, მომწიფებულ ეგოს შეუძლია იყოს სულგრძელი, დაუთმოს სხვებს და სიკეთე მთელი გულით აკეთოს. სამართლიანი თამაში რთულ სიტუაციებშიც კი, სიტყვის შესრულების და საქმის ბოლომდე მიყვანის უნარი, და ამავდროულად „არა“-ს თქმის უნარი - აი, ესაა მომწიფებული ეგოს ძვირფასი ნაყოფები, რომელთა განვითარებაც იქცევა კიდეც გმირის გზის მოცემული ეტაპის ამოცანად. ამისთვის კი მას, პირველ რიგში, სჭირდება განსჯის უნარი. სხვაგან სად, თუ არა აქ, მოახერხებს იგი მის ალესვას? გზის პირველი ეტაპი, რომელიც ცნობიერების განვიტარებას ეძღვნება, თითქმის გავლილია. ამიტომ მართლმსაჯულების კარტის აქ, მერვე ადგილზე განლაგება გაცილებით უფრო საფუძვლიანია, ვიდრე მისი გადანაცვლება მეთერთმეტე ადგილზე - უეიტის დასტაში.

საკვანძო სიტყვები მართლმსაჯულების არკანისთვის:

არქეტიპი - გონება;
ამოცანა - არსებული კანონების გაცნობიერება, გონივრული, აწონ-დაწონილი დასკვნების გამოტანის უნარი, მოქალაქეობრივი ღირსება;
მიზანი - პასუხისმგებლობა, ობიექტურობა, სამართლიანი თამაში, გაწონასწორებულობა, გამოცდილების მიღება;
რისკი - თავხედობა, მიკერძოებულობა, განსჯის სურვილი, ინტრიგანობა;
ცხოვრებისეული შეგრძნება - იმას მოვიმკით, რაც დავთესეთ, ითამაშე სამართლიანად - და შენც სამართლიანად გეთამაშებიან, სანამ გადაწყვეტ - დაფიქრდი.

 8marcel

ძველ დასტებში, მაგალითად მარსელის ტაროში, შეგვიძლია აღმოვაჩინოთ სხვა ასოციაციებიც, რომლებიც ერთმანეთთან აკავშირებენ იმპერატორის კარტს, რომელიც მარჯვენა ხელით (ცნობიერით) მართავს, წესრიგს ინარჩუნებს და გარკვეულ საზღვრებს ამყარებს, და მართლმსაჯულების კარტს, რომელიც პასუხს აგებს კანონის დაცვაზე და ამ საზღვრების დაურღვევლობაზე. იმპერატორი დაკავშირებულია ციფრთან - ოთხი, რომლის გაორმაგებითაც ვიღებთ რვას - მართლმსაჯულების ციფრს. ზუსტად ასევე არსებობს კავშირი სამიანს, ანუ იმპერატორ ქალს (რომელიც მარცხენა ხელით მართავს) და გაორმაგებულ სამიანს, ანუ ექვსიანს - ანუ შეყვარებულების კარტს შორის, რომელიც განასახიერებს არჩევანს გულის კარნახით (რომელიც, როგორც ცნობილია, მარცხნივ ფეთქავს). ამის მიღმა ერთი საინტერესო ანალოგია დგას:

მატრიარქალურ ეპოქებში და სტრუქტურებში, ისევე, როგორც ადრეულ ბავშვობაში (დედასთან ურთიერთობა) ყველაფერი ემყარება ჩვეულებებს და გულის კარნახს. ამის ბნელი მხარეა - იძულება კოლექტიურად ცხოვრებისკენ, ტრადიციებისა და წესების სიმკაცრე, სისხლიანი შურისძიებები და განაჩენების ზედმეტი ემოციურობა (ლინჩის წესი). პატრიარქალურ ეპოქებსა და სტრუქტურებში, ისევე, როგორც ყმაწვილობის ასაკში, დომინირებს საფუძვლიანი სამართალი და გადაწყვეტილების გაწონასწორებულად მიღება, რისი ბნელი მხარეც ხელისუფლების ბიუროკრატიზმი, თვითნებობა, უგულობა და არაადამიანურობაა. მატრიარქალური სტრუქტურების თემურ ცნობიერებას და თემურ საკუთრებას შეგვიძლია დავარქვათ მარცხენას არქეტიპი. ხოლო მარჯვენას არქეტიპი ვლინდება პატრიარქალურ სტრუქტურებში, რომლებიც ხელს უწყობენ ინდივიდუალურ განვითარებას (ეგოს) და ამყარებენ მკაფიო საზღვრებს პირადი საკუთრების ცნებაში.

წიგნის თავები


წიგნის ელექტრონული ვერსიის შეძენა წიგნის გადმოწერა
იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff