სტანისლავ გროფი - "ჩვენი ყველაზე მძიმე ჭრილობების განკურნება. პარადიგმის ჰოლოტროპული ცვლილება"

სტანისლავ გროფი
0
0

1962 წელს, XX საუკუნის ერთ-ერთმა ყველაზე გავლენიანმა ფილოსოფოსმა, თომას კუნმა, გამოაქვეყნა მისი გამორჩეული წიგნი «სამეცნიერო რევოლუციების სტრუქტურა». მეცნიერების ისტორიის 15-წლიანი შესწავლის საფუძვ...

სულიერი გამწვავებების მიზეზები

სულიერი გამწვავებების მიზეზები

ხშირ შემთხვევაში შესაძლებელია იმ გარემოებათა დამთხვევის განსაზღვრა, რომლებიც ფსიქო-სულიერი კრიზისის დადგომას იწვევს. უპირველესყოვლისა, ეს ფიზიკური ხასიათის მატარებელი მიზეზებია, როგორიცაა ავადმყოფობა, უბედური შემთხვევა ან ქირურგიული ოპერაცია. სხვა შემთხვევებში კი, უშუალო გამომწვევი მიზეზი უკიდურესი ფიზიკური დაძაბულობა ან ხანგრძლივი უძილობა შეიძლება გახდეს. ქალებში ეს შეიძლება იყოს ბავშვის დაბადება, მუცლის მოშლა ან აბორტი. ჩვენ აგრეთვე არაერთხელ ვყოფილვართ ისეთი შემთხვევების მომსწრენი, როდესაც ამგვარი მდგომარეობის დადგომა უჩვეულოდ ძლიერ სექსუალურ განცდას ემთხვეოდა.

სხვა შემთხვევებში, ფსიქო-სულიერი კრიზისები ტრავმული ემოციური განცდების შემდეგ მალევე იწყებოდა. ეს შეიძლება ყოფილიყო რაიმე მნიშვნელოვანი კავშირის გაწყვეტა, როგორიცაა ბავშვის ან სხვა ნათესავის გარდაცვალება, განქორწინება ან სასიყვარულო რომანის დასრულება. ანალოგიურად, ცხოვრებისეული წარუმატებლობების ჯაჭვი, სამსახურის დაკარგვა ან ქონების დაკარგვა, შეიძლება გახდეს სულიერი გამწვავების დადგომის წინაპირობა. ზოგიერთისთვის, განსაკუთრებით ამისკენ მიდრეკილი ადამიანებისთვის, „ბოლო წვეთი“ შეიძლება გახდეს ფსიქოდელიური ნივთიერებებით ან განცდითი თერაპიის სეანსით გამოწვეული განცდა.

თუმცა, სულიერი გამწვავების ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან კატალიზატორად, როგორც ჩანს, სხვადასხვა სახის მედიტაციაში და სულიერ მოღვაწეობაში ღრმა ჩაძირვა მოგვევლინება. და ეს არ უნდა გაგვიკვირდეს, რადგან სულიერი განცდების ხელშესაწყობად სწორედ ამგვარი მეთოდები იყო განკუთვნილი. ჩვენ არაერთხელ შეგვხვედრია ადამიანები, ვისაც ჰოლოტროპული მდგომარეობის ხანგრძლივი პერიოდები ძენის ან ვიპასანას ბუდისტური მედიტაციის, იოგის, სუფიური წეს-ჩვეულებების, ბერ-მონაზვნური ჭვრეტის ან ქრისტიანული ლოცვის პრაქტიკით ჰქონდა გამოწვეული.

იმ მიზეზთა უზარმაზარი მრავალფეროვნება, რომლებიც სულიერ გამწვავებას იწვევს, აშკარად მიუთითებს იმაზე, რომ გარე გამაღიზიანებლებზე ბევრად უფრო დიდ როლს თვით ადამიანის შინაგანი გარდაქმნისთვის მზადყოფნა ასრულებს. რადგან, როდესაც ჩვენ ვეძებთ ზემოთ მოცემულ მდგომარეობებთან მიმავალ, საყოველთაოდ აღიარებულ და საბოლოო გზას, ირკვევა, რომ ყველა მათგანი მოიცავს წონასწორობის ძირეულ ძვრას გაუცნობიერებელ და ცნობიერ გავლენებს შორის. ხოლო ფსიქიკური დაცვითი მექანიზმების შესუსტება, ან, პირიქით, არაცნობიერი მამოძრავებელი ძალების ენერგეტიკული დაძაბულობის ზრდა გაუცნობიერებელი ან ზეცნობიერი შინაარსის ცნობიერებაში შეღწევას შესაძლებელს ხდის.

საყოველთაოდ ცნობილია, რომ ფსიქოლოგიური დაცვა შეიძლება შესუსტდეს სხვადასხვა ფიზიკური სნეულების გამო, როგორიცაა ფიზიკური ტრავმები, გამოფიტვა, უძილობა ან მოწამვლა. ფსიქოლოგიურ ტრავმებს შეუძლია არაცნობიერის ამოძრავება განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ისინი მოიცავს ისეთ შემადგენელს, რომელიც ადრე მიღებულ ტრავმას მოგვაგონებს და კონდენსირებული გამოცდილების  (კგს) რომელიმე მნიშვნელოვანი სისტემის ნაწილია. როგორც ჩანს, მშობიარობის, როგორც სულიერი და ფსიქიკური კრიზისის მაპროვოცირებელი ბიძგის დიდი შესაძლებლობები, ასახავს იმ გარემოებას, რომ ბავშვის დაბადებას თან ახლავს სხეულის ბიოლოგიური შესუსტება პერინატალური დაგროვილი დედის მოგონებების განსაკუთრებული გამოცოცხლებით.

წარუმატებლობამ და იმედგაცრუებამ პროფესიულ და პირად ცხოვრებაში შეიძლება შეარყიოს და გაფანტოს ადამიანის გარშემო სამყაროსკენ მიმართული მისწრაფებები და განზრახვები. ეს ართულებს გარე საქმიანობის, როგორც ემოციური უბედურებისაგან თავის დაღწევის საშუალების, განხორციელებას და იწვევს ფსიქოლოგიურ დაშორებასა და შინაგანი სამყაროსკენ მთელი ყურადღების მიქცევას. ამის შედეგად, ცნობიერებაში შეიძლება არაცნობიერმა შინაარსმა შეაღწიოს, რომელიც ინდივიდის ყოველდღიურ გამოცდილებაში შეიჭრება ან მთლიანად ანადგურებს კიდევაც მას.

სულიერი გამწვავებების დიაგნოსტიკა

მაშინაც კი, როდესაც ჩვენ განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ ფსიქოსულიერი კრიზისების არსებობის აუცილებლობას, ეს არ ნიშნავს ტრადიციული ფსიქიატრიის თეორიებისა და პრაქტიკის განურჩევლად უარყოფას. რადგანაც ყველა მდგომარეობა, რომელსაც ჩვეულებრივ ფსიქოტური მდგომარეობის დიაგნოზი დაესმევა, არ წარმოადგენს ფსიქო-სულიერი გარდაქმნის კრიზისს და არც სამკურნალო ძალა გააჩნია. ცნობიერების უჩვეულო მდგომარეობის შემთხვევები მოიცავს ძალიან ფართო სპექტრს - დაწყებული წმინდა სულიერი განცდებით და დამთავრებული მდგომარეობებით, რომლებიც აშკარად ბიოლოგიურ ხასიათს ატარებს და სამედიცინო ჩარევას საჭიროებს. თანამედროვე ფსიქიატრები ხომ ყველგან და ყველაფერში მისტიკური მდგომარეობების პათოლოგიზირებას ახდენენ, ასევე არსებობს ფსიქოტური მდგომარეობების რომანტიზაციისა და განდიდების საპირისპირო შეცდომა ან, მთლად უარესი - სერიოზული სამედიცინო დარღვევების უგულებელყოფა.

სულიერი ჯანმრთელობით პროფესიონალურად დაკავებულ ბევრ ადამიანს, რომელსაც ერთხელ მაინც ჰქონია შეხება სულიერი გამწვავების ცნებასთან, სურს იცოდეს რა არის ის ზუსტი კრიტერიუმები, რომელთა მიხედვითაც შეიძლება დაისვას „დიფერენციალური დიაგნოზი“ ამ სახის („სულიერ გამწვავებებასა“) და ფსიქოზებს შორის. სამწუხაროდ, ასეთი განსხვავების გაკეთება იმ კრიტერიუმების მიხედვით, რომლებიც დღეს სომატურ მედიცინაში გამოიყენება, პრინციპში შეუძლებელია. სომატური მედიცინის ხელთ არსებული დაავადებებისგან განსხვავებით, ფსიქოტური მდგომარეობები, რომელთაც არ აქვს გამოხატული ორგანული ხასიათი, ანუ ე.წ. ფუნქციური ფსიქოზები ან ენდოგენური ფსიქოზები, სამედიცინო მეთოდებით არ განისაზღვრება. სისხლის, შარდის, განავლისა და ზურგის ტვინის სითხის ლაბორატორიული კვლევები, ისევე როგორც ენცეფალოგრამა, რენტგენი და სხვა მსგავსი მეთოდები, ამ თვალსაზრისით, არანაირ სასარგებლო მიმართულებას არ იძლევა. სინამდვილეში ხომ, სრულიად განსხვავებული, ძალიან სერიოზული კითხვა ჩნდება: საერთოდ უნდა ეწოდოს თუ არა მათ დაავადება?

ფუნქციური ფსიქოზები, რა თქმა უნდა, არ წამოადგენს დაავადებას იმავე გაგებით, რაც დიაბეტი, მუცლის ტიფი ან ავთვისებიანი სისხლნაკლებობა. ისინი არ ექვემდებარება გამოკვლევის რაიმე კლინიკურ ან ლაბორატორიულ მეთოდებს, რომლებსაც დიაგნოზის დადასტურება და რაიმე ბიოლოგიური მიზეზის არსებობის შესახებ თავდაპირველი ვარაუდის გამართლება შეუძლია. მსგავსი მდგომარეობების დიაგნოსტიკა მთლიანად ემყარება ისეთი უჩვეულო განცდებისა და ქცევის სახეობებს, რომელთათვის თანამედროვე ფსიქიატრიას სათანადო ახსნა არ გააჩნია. ხოლო უაზრო ზედსართავი სახელი „ენდოგენური“ (სიტყვასიტყვით „შიგნიდან მომდინარე“), რომელიც ამ მდგომარეობების აღსანიშნავად გამოიყენება, ამგვარი უცოდინრობის აღიარების ტოლია. ამიტომ, ამჟამად არ არსებობს არანაირი საფუძველი იმისა, რომ ვისაუბროთ ისეთ მდგომარეობებზე, როგორიცაა „გონებრივ დაავადებებზე“ და თავი მოვაჩვენოთ, რომ თითქოსდა მათ მიერ გამოწვეული განცდები - თავის ტვინში მიმდინარე რაიმე პათოლოგიური პროცესის ნაყოფია, რომელსაც მომავალი კვლევები ბოლო-ბოლო მაინც გამოავლენს.

თუმცა, ამას ოდნავ მაინც თუ დავაკვირდებით, მივხდებით, რომ ნაკლებად სავარაუდოა, რომ რომელიმე პათოლოგიურ პროცესს, რომელიც ტვინს აზიანებს, თავისთავად შეეძლოს განცდების იმ უჩვეულოდ მდიდარი პალიტრის წარმოშობა, რომელიც შეინიშნება მდგომარეობებში, რომელთაც დღესდღეობით ფსიქოტიკურის დიაგნოზი დაესმის.

ხოლო რამდენად შესაძლებელია, რომ ტვინში მიმდინარე ანომალურმა პროცესმა გამოიწვიოს ისეთი განცდები, როგორიცაა კულტურული დეტალებით გაჯერებული ფსიქო-სულიერი სიკვდილისა და აღორძინების თანმიმდევრობა, ან ჯვარზე ტანჯულ ქრისტესთან, ან მოცეკვავე შივასთან, ან საფრანგეთის რევოლუციის დროს პარიზის ბარიკადებზე სიკვდილის განცდაში მყოფ ადამიანთან ჭეშმარიტი გაიგივება ან უცხოპლანეტელების მიერ გატაცების უცნაური ხილვები?

მაშინაც კი, როდესაც მსგავსი განცდები ვლინდება გარემოებებში, რომლებშიც ბიოლოგიური ცვლილებები გულდასმით არის განსაზღვრული, ისევე, როგორც ქიმიურად სუფთა ლსდ-ს (ლსდ)-25-ის ზუსტი დოზების დანიშვნის შემთხვევაში, ამ განცდების შინაარსის წყარო და ბუნება კვლავ ღრმა საიდუმლოდ რჩება. ლსდ-ზე შესაძლო რეაქციების სიმრავლე ხომ უჩვეულოდ ფართოა და მოიცავს ბიოგრაფიული მოვლენების ხელახლა განცდას, ფსიქო-სულიერ სიკვდილსა და აღორძინების განცდებს, მისტიკური აღფრთოვანების შეტევებს, სამყაროსთან ერთობის განცდას, ღმერთთან ერთობის განცდას და მოგონებებს წინა სიცოცხლეებიდან, ისევე როგორც პარანოიდულ მდგომარეობს, მანიის შემთხვევებს, აპოკალიფსურ ხილვებს ან უბრალოდ ფსიქოსომატურ რეაქციებს და მრავალი სხვა. სხვადასხვა ადამიანებისთვის ან ერთი და იგივე ადამიანისთვის, მაგრამ სხვადასხვა დროს, დანიშნული ერთი და იგივე დოზა, სრულიად განსხვავებულ განცდებს იწვევს.

ქიმიური ცვლილებები ორგანიზმში აშკარად მოქმედებს როგორც განცდების კატალიზატორი, მაგრამ თავად ისინი ვერ მოახდენენ გავლენას არც მათ რთულ ხატოვნებაზე და ვერც გამოიწვევს მკვეთრ ფილოსოფიურ და სულიერ გაბრწყინებებს, რომ აღარაფერი ვთქვათ სამყაროს ცხოვრების სხვადასხვა ასპექტების შესახებ სრულიად ახალ საიმედო ინფორმაციასთან წვდომაზე. ლსდ-ს   და სხვა მსგავსი ნივთიერებების დანიშნულებამ შეიძლება ახსნას ღრმა არაცნობიერი შინაარსის ცნობიერებაში შეღწევა, მაგრამ ვერ ახსნის ვერც მის ბუნებას და ვერც შინაარსს. ფსიქოდელიური მდგომარეობების ფენომენოლოგიის გააზრება ბევრად უფრო გამჭრიახ მიდგომას მოითხოვს, ვიდრე სხეულში მიმდინარე ანომალური ბიოქიმიური და ბიოლოგიური პროცესებისკენ მარტივი მითითება. ეს მოითხოვს ბევრად უფრო მრავალმხრივ მიდგომას, რომელიც უნდა მოიცავდეს ტრანსპერსონალურ ფსიქოლოგიასაც, მითოლოგიასაც, ფილოსოფიასაც და რელიგიების შედარებით შესწავლასაც. და ეს უაღრესად მართებულზე მართებულია სულიერ და ფსიქიკურ კრიზისებთან მიმართებაში.

განცდები, რომლებიც სულიერ გამწვავებებში მოიაზრება, აშკარად არ წარმოადგენენ თავის ტვინში პათოფიზიოლოგიური პროცესების გადახრის ხელოვნურ პროდუქტებს, მაგრამ ფსიქიკის უფრო ღრმა ფენებს აჩენენ. სრულიად ბუნებრივია, რომ ამგვარად ამის დასანახად, ჩვენ უნდა გადავლახოთ ფსიქიკის ვიწრო გაგების ჩარჩოები, რომელსაც კონფორმისტული უმრავლესობის ფსიქიატრია გვთავაზობს და გაცილებით ფართო გაგების სქემას უნდა მივმართოთ. ფსიქიკის ასეთი გაფართოებული ხატების მაგალითებია კარტოგრაფია, რომელიც ჩემს წიგნებსა და სტატიებში ადრე იქნა აღწერილი (Grof, 1975, 2000, 2007 а), კენ უილბერის სპექტრული ფსიქოლოგია (Wilber, 1977), რობერტო ასაჯიოლის ფსიქოსინთეზი (Assagioli, 1976) და კ.გ. იუნგის წარმოდგენა ფსიქიკაზე, როგორც შესატყვის მსოფლიო სულზე (anirna tnundi), რომელიც მოიცავს ისტორიულ და არქეტიპულ საზოგადოებრივ არაცნობიერს (Jung, 1959). ფსიქიკის ასეთი ფართო და ყოვლისმომცველი გაგება ასევე დამახასიათებელია აღმოსავლეთის ფილოსოფიური და მისტიკური მსოფლიო ტრადიციებისათვის. 

ვინაიდან ფუნქციონალური ფსიქოზები განისაზღვრება არა სამედიცინო, არამედ ფსიქოლოგიური მეთოდით, შეუძლებელია მკაცრი დიფერენციალური დიაგნოზის დასმა ფსიქო-სულიერ კრიზისს („სულიერი გამწვავება“) და ფსიქოზს შორის იმავე გზით, რაც ეს ხდება სამედიცინო პრაქტიკაში ენცეფალიტის, ტვინის სიმსივნის ან ჭკუასუსტობის სხვადასხვა სახეობებთან მიმართებაში. ნუთუ, ამ გარემოების გათვალისწინებით, საერთოდ შეუძლებელია რაიმე დიაგნოსტიკური დასკვნების გაკეთება? მაშინ როგორ უნდა მივუდგეთ ამ საკითხს და რა შეიძლება შემოგვთავაზოს სულიერ გამწვავებასა და ფსიქიკურ დაავადებას შორის მკაფიო და ცალსახა დიფერენციალური დიაგნოზის ნაცვლად?

საკმაოდ საიმედო ალტერნატიული მიდგომა მდგომარეობს იმ კრიტერიუმების დადგენაში, რომელთა მიხედვით შესაძლებელი გახდება იმის განსაზღვრა, თუ რომელი ადამიანი, რომელიც განიცდის ცნობიერების დაძაბულ უნებლიე ჰოლოტროპულ მდგომარეობას, შესაფერისია ამა თუ იმ თერაპიული სტრატეგიისთვის, რომელიც განამტკიცებს და მხარს დაუჭერს არსებულ გარემოებებს. და პირიქით, მიზანშეწონილი იქნებოდა იმის გარკვევა, თუ რა გარემოებებში იქნებოდა ალტერნატიული მიდგომა შეუსაბამო, ხოლო სიმპტომების ფსიქოფარმაკოლოგიური ჩახშობის ამჟამინდელი, საყოველთაოდ გავრცელებული, პრაქტიკა უპირატესობით ისარგებლებდა.

ასეთი შეფასების აუცილებელი წინაპირობა იქნებოდა დეტალური სამედიცინო გამოკვლევა, რომელიც გამორიცხავდა ორგანული ხასიათის მქონე და ბიოლოგიურ მკურნალობას დაქვემდებარებულ მდგომარეობებს. თუმცაб ეს რომ გაკეთებულიყო, შემდეგი მნიშვნელოვანი მახასიათებელი იქნებოდა ცნობიერების გამოსაკვლევი ჰოლოტროპული მდგომარეობების ფენომენოლოგია. სულიერი გამწვავებები ხომ მხოლოდ იმ ბიოგრაფიულ, პერინატალური და ტრანსპერსონალურ გამოცდილებას მოიცავს, რომლებიც ჩვენ ადრე აღვწერეთ განსხვავებულ კავშირში, როდესაც ფსიქიკის გაფართოებული კარტოგრაფია ავხსენით (Grof, 1975,2000, 2007 а). ამგვარი განცდების გამოწვევა „ნორმალური“ ადამიანების ბრმად შერჩეულ ნებისმიერ ჯგუფშია შესაძლებელი არა მხოლოდ ფსიქოდელიური ნივთიერებების მეშვეობით, არამედ ისეთი მარტივი საშუალებებით, როგორიცაა მედიტაცია, შამანური კამლანობა, გახშირებული სუნთქვა, მოგონებების მომგვრელი მუსიკა, სხეულთან მუშაობა და სხვა მრავალი არა სამკურნალწამლო საშუალებები.

ისინი, ვინც ჰოლოტროპულ სუნთქვასთან მუშაობს, ყოველდღე ხედავენ ასეთ განცდებს სემინარებსა და სეანსებზე და ეძლევათ ხელსაყრელი საშუალება შეაფასოს მათი განკურნებადი და გარდამქმნელი ძალა. ამ გარემოების გათვალისწინებით, მსგავსი განცდები, იმ შემთხვევებში, როდესაც ისინი უნებლიედ ხდება ყოველდღიურ ცხოვრებაში, უჩვეულოდ რთულია მიაკუთვნო რომელიმე ეგზოტიკურ, მაგრამ ჯერ კიდევ უცნობ პათოლოგიას. ამიტომ აუცილებელია ამ განცდებს მივუდგეთ ზუსტად ისე, როგორც მათ ჰოლოტროპული სეანსების დროს უდგებიან, ანუ შთააგონო ადამიანები იმისკენ, რომ ისინი მოვლენათა მსვლელობას მიენდონ და ხელი შეუწყონ იმ არაცნობიერი შინაარსის წარმოქმნას და სრულ გამოხატვას, რომელიც ხელმისაწვდომი ხდება.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მაჩვენებელია თავად პიროვნების დამოკიდებულება ამ მოვლენისადმი და მისი განცდითი შესაძლებლობების სტილი. უმეტეს შემთხვევაში, ადამიანებს, რომლებსაც ჰოლოტროპული განცდები გააჩნია, წარმოუდგენლად შთააგონებს  მხოლოდ იმის გაცნობიერებაც  კი, რომ ყველაფერი, რაც მათ თავს ხდება, ერთგვარი შინაგანი მოვლენაა და მათთვის, რომლებმაც განცდასთან მუშაობისთვის მზადყოფნა გამოთქვეს, საინტერესო ხდება მისი შეგრძნობა. მაგრამ იმ ადამიანებს, ვისაც ასეთი მარტივი გამჭრიახობა არ გააჩნია, რომლებიც ძირითადად იყენებენ პროექციის მექანიზმს ან დევნის მანია აწუხებთ, ტრანსპერსონალურ სტრატეგიებს ვერ მოარგებ. რადგან კარგი შრომითი ურთიერთობის შექმნის უნარი, ნდობის აუცილებელი მოცულობით, სულიერი კრიზისის მდგომარეობაში მყოფ ადამიანებთან ფსიქოთერაპიული მუშაობის აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენს.

ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ყურადღება მივაქციოთ იმას, თუ როგორ ყვებიან პაციენტები თავიანთ განცდებზე. რადგან ხშირად, მოწოდებული შეტყობინების სტილი საშუალებას იძლევა განვასხვავოთ პერსპექტიული კანდიდატები უვარგისი კანდიდატებისგან ან მათგან, ვის მიმართაც ეჭვი არსებობს. ძალიან კარგი წინასწარ განმსაზღვრელი მაჩვენებელი შეიძლება იყოს ის, თუ რამდენად დაწყობილად და ლოგიკურად აღწერს ადამიანი თავის განცდებს, იმისდა მიუხედავად, რამდენად უკიდურესად და უცნაურად ჩანს მათი შინაარსი. გარკვეულწილად, ეს უნდა ჰგავდეს იმ პიროვნების მონათხრობის მოსმენას, რომელმაც ახლახან გაიარა ფსიქოდელიური სეანსი და გონივრულად აღწერს ყველაფერს, რაც უმეცარ ადამიანს შეიძლება უცნაურ და უაზრო განცდად მოეჩვენოს.

სულიერი გამწვავებების სახეობები

სულიერი და ფსიქიკური კრიზისების დიფერენციალური დიაგნოსტიკის სირთულესთან მჭიდრო კავშირშია მათი კლასიფიკაციის საკითხი. მაინც, რაც არ უნდა იყოს, რამდენად არის შესაძლებელი მათ შორის გარკვეული ტიპების ან კატეგორიების განსხვავება და დადგენა ისე, როგორც ამის გაკეთებას „სულიერი დაავადებების დიაგნოსტიკურ და სტატისტიკურ სახელმძღვანელოში“ სახელმძღვანელოში“
(DSM IV-revised) და მის წინამორბედ ნაშრომებში სცადეს, რომლებსაც ტრადიციული ფსიქიატრები იყენებდნენ? თუმცა, ამ საკითხის განხილვამდე უნდა აღინიშნოს, რომ ფსიქიატრიული დაავადებების კლასიფიკაციის მცდელობები, გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც აშკარად ავლენს თავიანთ ორგანულ წარმოშობას, ზოგადად წარუმატებლად დასრულდა.

დიაგნოზის კატეგორიებთან დაკავშირებით აზრთა ზოგადი გასხვავენულობა არსებობს როგორც ცალკეულ ფსიქიატრებს შორის, ასევე სხვადასხვა ქვეყნების ფსიქიატრიულ საზოგადოებებს შორის. და მიუხედავად იმისა, რომ მრავალჯერ მოხდა DშM-ის გადახედვა და შეცვლა, მკურნალი ექიმები ჩივიან, რომ მათ მუდმივად წარმოეშვებათ სირთულეები მათთან მკურნალობაზე მყოფი პაციენტების სიმპტომებსა და ოფიციალურ დიაგნოსტიკურ კატეგორიებს შორის შესაბამისობის კუთხით. ამ თვალსაზრისით არც სულიერი გამწვავებაა გამონაკლისი, მით უმეტეს, სულიერ-ფსიქიკური კრიზისის მდგომარეობაში მყოფი ადამიანების განაწილება წინასწარ განსაზღვრული დიაგნოსტიკური კატეგორიების მიხედვით განსაკუთრებით საეჭვოა იმის გამო, რომ ასეთი მდგომარეობების ფენომენოლოგია საოცრად მდიდარია და შეიძლება გამომჟღავნდეს ფსიქიკის სხვადასხვა დონეზე.

სულიერ-ფსიქიკური კრიზისების სიმპტომები არის ადამიანის ფსიქიკის ღრმა მამოძრავებელი ძალების განხსეულებული გამოვლენა და გამოხატვა. ადამიანის ფსიქიკა ხომ მრავალგანზომილებიანი და მრავალდონიანი წარმონაქმნია, რომელსაც არ გააჩინა არანაირი შინაგანი ქვედანაყოფები და საზღვრები. ხოლო მშობიარობის შემდგომი ბიოგრაფიიდან და ფროიდის ინდივიდუალური არაცნობიერიდან მომდინარე ელემენტები,  პერინატალური დონის მამოძრავებელ ძალებთან და ტრანსპერსონალურ სფეროსთან ერთად, ერთგვარ განუწყვეტლობას წარმოადგენენ. ამიტომ, ჩვენ ვერანაირად ვიქონიებთ იმედს იმისა, რომ ოდესმე საბოლოოდ გამოვავლენთ სულიერი გამწვავებების აშკარად განსაზღვრულ და მკაფიოდ გამიჯნულ ტიპებს.

თუმცა, ჩვენმა მუშაობამ ფსიქოსულიერი კრიზისის მდგომარეობაში მყოფ ადამიანებთან, აზრთა გაცვლამ კოლეგებთან, რომლებიც იმავე საქმეს აკეთებენ, და ამასთან დაკავშირებული ლიტერატურის შესწავლამ დაგვარწმუნა, რომ შესაძლებელია, და მით უმეტეს, სარგებლის მომტანია ისეთი ფსიქოსულიერი კრიზისების რამდენიმე ძირითადი ტიპის გამოყოფა, რომლებსაც საკმაოდ მკვეთრი ნიშნები გააჩნია, რათა განვასხვავოთ ისინი სხვებისგან. ბუნებრივია, რომ მათ არ აქვთ მკაფიოდ განსაზღვრული საზღვრები და სინამდვილეში ჩვენ მათ, მეტწილად, განიხილავთ როგორც ერთმანეთის გადამფარველ მდგომარეობებს. პირველ რიგში, მე უბრალოდ წარმოგიდგენთ ფსიქოსულიერი კრიზისების ყველაზე მნიშვნელოვანი ტიპების ჩამონათვალს იმ სახით, რა სახითაც მე და ქრისტინემ განვსაზღვრეთ ისინი და მოკლედ ვისაუბრებ თითოეულ მათგანზე.

1. შამანური დაავადება.
2. კუნდალინის გამოღვიძება.
3. ღვთაებრივთან შეერთებული ცნობიერების შემთხვევები („მწვერვალისეული განცდები“, მასლოუ).
4. ფსიქოლოგიური განახლება კონცენტრირების დაბრუნების გზით (ჯონ პერი).
5. ფსიქიკური გახსნის კრიზისი.
6. წარსული სიცოცხლეების განცდები.
7. ურთიერთობა გამცილებელ-სულებთან და „დამაკავშირებელი ძაფის გაჩენა“.
8. სიკვდილის ირგვლივი  განცდები.
9. ახლო შეხვედრები უცხოპლანეტელებთან და უცხოელთა მიერ გატაცების განცდები.
10. შეპყრობილი მდგომარეობები.
11. ალკოჰოლიზმი და ნარკომანია.

1. შამანური დაავადება

მრავალი შამანის - ქალისა თუ მამაკაცის საქმიანობა, რომლებიც სხვადასხვა კულტურაში ექიმბაშების ან მკურნალების როლს ასრულებენ, იწყება გარკვეული უნებლიედ წარმოქმნილი ამაღელვებელი სულიერი ხედვის მდგომარეობით, რომელსაც ანთროპოლოგები „შამანურ დაავადებას“ უწოდებენ. მსგავს შემთხვევებში, როგორც წესი, მომავალი შამანი ფსიქოლოგიურად და ფიზიკურადაც კი ტოვებს საკუთარ ყოველდღიურ გარემოს და განიცდის უძლიერეს ჰოლოტროპულ განცდებს. როგორც წესი, ისინი მოგზაურობენ ქვედა სამყაროში, მკვდართა სამეფოში, სადაც განიცდიან დემონების თავდასხმებს და საშინელი განსაცდელისა და ტანჯვის გამოვლა უწევთ. 

ეს მტკივნეული ზიარება თავის უმაღლეს წერტილს სიკვდილსა და დანაწევრების განცდებში აღწევს, რასაც აღორძინება და აღმასვლა მოჰყვება ან ჯადოსნური ფრენა ზეცაში. მან შეიძლება მოიცვას ისეთ ფრინველებად გარდაქმნა, როგორიცაა არწივი, შევარდენი, ქარიშხალა ან კონდორი და მსოფლიო მზის სამეფოში აღმაფრენა. ახლად ნაზიარევ შამანს ასევე შეიძლება ჰქონდეს იმის განცდა, რომ ამ ფრინველებს იგი მზის სამეფოში მიჰყავთ. ზოგიერთ კულტურაში ჯადოსნური ფრენის თემას ენაცვლება მსოფლიო ხის, ცისარტყელის, მრავალი ნაჭდევის მქობე სვეტის დახმარებით ან ისრებისგან გაკეთებული კიბით ზეციურ სამყაროში ასვლის შესახებ მონაყოლი.

ამ რთული სულიერი ხედვითი ხეტიალის განმავლობაში, ახლად ნაზიარები შამანები ღრმა კონტაქტში შედიან ბუნებისა და ცხოველების ძალებთან, როგორც მათი ბუნებრივი ფორმით, ასევე არქეტიპული ჰიპოსტასებით გამოხატვისას: „ცხოველთა სულები“ ან „ცხოველთა ძალა“. თუ ასეთი სულიერი ხედვის  მოგზაურობები წარმატებით სრულდება, ისინი ღრმა განკურნების მომტანია, რადგან მათი მსვლელობისას ახლად ნაზიარები შამანები ხშირად ემოციური, ფსიქოსომატური და ფიზიკური დაავადებებისგანაც კი თავისუფლდებიან. სწორედ ამ მიზეზის გამო შამანებს ზოგჯერ „დაჭრილ მკურნალებს“ უწოდებენ. 

ხშირ შემთხვევაში, ეს უნებლიე ნაზიარებულნი, ასეთ განცდებში, დაავადების ენერგეტიკულ და მეტაფიზიკურ მიზეზებში ღრმა წვდომას აღწევენ  და სწავლობენ არა მხოლოდ საკუთარი თავის, არამედ სხვა ადამიანების განკურნებას. ზიარების კრიზისის წარმატებით დასრულების შემდეგ, ადამიანი შამანი ხდება და უბრუნდება თავის ხალხს, როგორც საზოგადოების სრულუფლებიანი და პატივსაცემი წევრი. ხოლო თავად იგი ერთდროულად კისრულობს ქურუმის, სულთა მხედველისა და მკურნალის როლს.

ჩვენს სემინარებსა და პროფესიონალების მზადებებზე, თანამედროვე ამერიკელები, ევროპელები, ავსტრალიელები და აზიის მაცხოვრებლები ჰოლოტროპული სუნთქვის სეანსებზე ხშირად განიცდიდნენ მოვლენებს, რომლებსაც შამანური დაავადებისთან ახლო მსგავსება ჰქონდათ. ფიზიკური და ემოციური ტანჯვის, სიკვდილისა და აღორძინების გარდა, მსგავსი მდგომარეობები მოიცავს ცხოველებთან, მცენარეებთან და ბუნების სტიქიურ ძალებთან სიახლოვის განცდებს. ადამიანები, რომლებიც განიცდიდნენ ასეთ კრიზისებს, ასევე ხშირად ავლენდნენ თავისთავად წარმოქმნილ მიდრეკილებებს რიტუალების ჩატარებისადმი, რომლებიც წააგავდა სხვადასხვა კულტურაში შამანების მიერ ჩატარებულ რიტუალებს. გარკვეულ ვითარებაში, სულიერად ჯანმრთელ ადამიანებს, რომლებსაც განათლებაც და პროფესია აქვთ, მსგავსი შემთხვევების განცდისას შეეძლოთ მოგზაურობიდან მიღებული გამოცდილების გამოყენება საკუთარ სამუშაოში და თანამედროვე ტიპის შამანური პროცედურების შექმნა.

ძირძველი კულტურების წარმომადგენელთა დამოკიდებულება შამანური დაავადებისადმი ხშირად აიხსნებოდა შამანის თანატომელების ჩანასახოვანი ფსიქიატრიული ცოდნის არარსებობით და, აქედან გამომდინარე, ყოველივე იმ განცდისა და ქცევის, რომელიც ამ ხალხისთვის გაუგებარი იყო, ზებუნებრივი ძალებისადმი მიკუთვნების სწრაფვით. თუმცა, არაფერია ასე დაშორებული ჭეშმარიტებისგან, როგორც მსგავსი განცხადება. რადგან შამანური კულტურების წარმომადგენლებისთვის, რომლებიც შამანებს აღიარებენ და ღირსეულ პატივს სცემენ მათ, მცირედ სირთულესაც კი არ წარმოადგენს მათი განსხვავება შეშლილებსა და ავადმყოფებისგან.

იმისათვის, რომ შამანად გაღიარონ, ადამიანმა წარმატებით უნდა გაიაროს გარდამქმნელი მოგზაურობა და საკუთარ თავში მიიღოს ცნობიერების ჰოლოტროპული მდგომარეობების ყველა მოვლენა და განცდა. ყოველ შემთხვევაში, მან უნდა შეასრულოს ყველა ის მოვალეობა, რაც ტომის სხვა წევრებმა. ამიტომ, ამ საზოგადოებების მიდგომა და გამკლავება შამანურ დაავადებასთან, ზოგადად, ფსიქოსულიერი კრიზისებისადმი დამოკიდებულების უკიდურესად სასარგებლო და თვალსაჩინო მაგალითია.

2. კუნდალინის გამოღვიძება

ამ ტიპის ფსიქო-სულიერი კრიზისების გამოვლინებები კუნდალინის, ანუ გველის ძალის, იმ გამოღვიძების აღწერილობას მოგვაგონებს, რომელიც ინდურ ლიტერატურაში გვხვდება (Woodroff, 1974; Mookerjee and Khanna, 1977; Mookerjee, 1982). იოგის მიმდევრების აზრით, კუნდალინი არის წარმომშობი, ქალური ბუნების, კოსმოსური ენერგია, რომელსაც სამყარო საკუთარ შექმნას უნდა უმადლოდეს. მიძინებულ მდგომარეობაში იგი ადამიანის ხერხემლის ფუძეში იმყოფება, მის ნატიფ ანუ ენერგეტიკულ სხეულში, რომელიც წარმოადგენს გამსჭვალავ, შემავსებელ ველს და ასევე ფიზიკური სხეულის გარემომცველს. ეს ფარული ენერგია შეიძლება გაღვიძებულ იქნას მედიტაციით, სპეციალური ვარჯიშებით, სრულყოფილი სულიერი მასწავლებლის (გურუს) გავლენით ან სხვა გაურკვეველი მიზეზებით.

გამოღვიძებული კუნდალინი, რომელსაც შაქტის უწოდებენ, ფაქიზი სხეულის ნადის, დენებისა და მავთულებით ადის. სამი ძირითადი ნადი ადამიანის სხეულის ვერტიკალური ღერძის გასწვრივ ადის და ეწოდება იდა, სუშუმნა და პინგალა. როდესაც კუნდალინი გადაადგილდება, ის ასუფთავებს ყველა ტრავმულ ანაბეჭდს და ათავისუფლებს ფსიქიკური ენერგიის კვანძებს, რომლებსაც ჩაკრები ეწოდება. ისინი მდებარეობს იდას და პინგალას გადაკვეთის წერტილებში. ასეთი მოძრაობა, მიუხედავად იმისა, რომ იოგიკურ ტრადიციაში ძალიან დაფასებულია და სასარგებლოდ მიიჩნევა, არ არის საფრთხეს მოკლებული და მოითხოვს გურუს გამოცდილ ხელმძღვანელობას, რომლის კუნდალინი სრულად გაღვიძებულია და უკვე მიღებული აქვს სიმტკიცე. კუნდალინის გამოღვიძების ყველაზე ამაღელვებელი ნიშნებია ფიზიკური და ფსიქოლოგიური გამოვლინებები, რომელსაც კრია ეწოდება.

კრია მოიცავს ენერგიის და სითბოს ძლიერ შეგრძნებებს, რომლებიც ხერხემლის გასწვრივ ზემოთ მიედინება, რასაც შეიძლება თან ახლდეს დაძაბული კანკალი, კრუნჩხვები და კონვულსიები. თითქოსდა არაფრით აღგზნებადი გრძნობების უძლიერესი ტალღები, როგორიცაა შფოთვა, შიში, სევდა, სიხარული და გააფთრებული აღფრთოვანება, შეიძლება ზედაპირზე ამოტივტივდეს და ცოტა ხნით შეავსოს ფსიქიკა. ამას შეიძლება თან ახლდეს კაშკაშა სინათლის ან სხვადასხვა არქეტიპული არსებების ხილვები და მრავალი შინაგანად აღქმადი ხმები.

ამ მოვლენაში ჩაბმული ბევრი ადამიანი ასევე ძლიერ განცდებში ვარდება, რომლებიც, როგორც ჩანს, წარსული ცხოვრების მოგონებებს წარმოადგენს. სურათს უნებლიე და ხშირად უკონტროლო ქცევები ემატება: უცნობ ენაზე ლაპარაკი, უცნობი სიმღერების ან წმინდა მოწოდებების (მანტრები) შესრულება, იოგური პოზების (ასანები) მიღება და იოგური ჟესტები (მუდრები), ან ცხოველებისთვის დამახასიათებელი მრავალი სხვადასხვა ხმის წარმოთქმა და სხეულის მოძრაობების შესრულება.

კ.გ. იუნგმა და მისმა თანამშრომლებმა არაერთი სპეციალური სემინარი დაუთმეს ამ მოვლენას (Jung, 1996), ამასთან იუნგის მოსაზრებები კუნდალინთან დაკავშირებით, მისი მთელი შრომის მანძილზე, ალბათ, ყველაზე ნიშანდობლივი შეცდომა იყო. მან დაასკვნა, რომ კუნდალინის გამოღვიძება მხოლოდ აღმოსავლეთისთვის დამახასიათებელი ფენომენია და იწინასწარმეტყველა, რომ დასავლეთში ამ ენერგიის, როგორც სიღრმისეული ფსიქოლოგიის განვითარების ნაყოფის გადატანას, მინიმუმ ათასი წელი დასჭირდება. მაგრამ ბოლო ათწლეულების განმავლობაში კუნდალინის გამოღვიძების აშკარა ნიშნები შეინიშნებოდა ათასობით დასავლელ წარმომადგენელთა შორის. ამ მოვლენაზე ყურადღების გამახვილების დამსახურება ეკუთვნის კალიფორნიელ ფსიქიატრს და ოფთალმოლოგს ლი სანელეს, რომელმაც მარტოდ-მარტო შეისწავლა დაახლოებით ათასი ასეთი შემთხვევა და შეაჯამა საკუთარი დასკვნები წიგნში „კუნდალინის განცდა: ფსიქოზი ან გადალახვა“ (Sannella, 1987).

3. ღვთაებრივთან შეერთებული ცნობიერების შემთხვევები („მწვერვალის განცდები“, მასლოუ)

ამერიკელმა ფსიქოლოგმა აბრაჰამ მასლოუმ ასობით ის ადამიანი გამოიკვლია, რომელთაც ღვთაებრივთან ერთობის მისტიკური განცდები ჰქონდა და ამ განცდებისთვის სახელწოდება გამოიგონა - „მწვერვალის განცდები" (Maslow, 1964). დასავლურ ფსიქიატრიასთან დაკავშირებით, მან ძალიან მკაცრი კრიტიკა გამოხატა იმის გამო, რომ ის მსგავს მისტიკურ მდგომარეობებს სულიერ დაავადებებში ურევს. მისი თქმით, ეს მდგომარეობა უნდა განიხილებოდეს არა როგორც ანომალური მოვლენა, არამედ უფრო როგორც ზენორმალური. მით უმეტეს, რომ, თუ მათ ხელი არ შეუშალე და თავის ნებაზე მიუშვი, ისინი ხშირად ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას იწვევს, „საკუთარი თავის ასრულებას“ ან „საკუთარ თავში ჩაწვდომას“, ანუ აძლიერებს იმის უნარს, რომ ადამიანმა საკუთარი შემოქმედებითი შესაძლებლობები უფრო სრულად გამოხატოს, და უფრო ღირსეულად და ნაყოფიერად იცხოვროს.

ფსიქიატრმა და ცნობიერების მკვლევარმა უოლტერ პანკემ ტიპური მწვერვალის განცდების ძირითადი განმსაზღვრელი მახასიათებლების სია შეიმუშავა, ა. მასლოუს და უ.ტ. სტეისის ნამუშევარზე დაყრდნობით. გონების ამ მდგომარეობების აღსაწერად მან შემდეგი კრიტერიუმები გამოიყენა (Pahnke and Richards, 1966):

ერთიანობა (შინაგანი და გარეგანი).
ძლიერი ნეტარი  გრძნობა.
დროისა და სივრცის გადალახვა.
წმინდანობის (სასწაულებრიობის) გრძნობა.
პარადოქსული ბუნება.
გაბრწყინებების ობიექტურობა და რეალობა.
გამოუთქმელობა.

როგორც ეს ჩამონათვალი გვიჩვენებს, როდესაც მსგავსი მწვერვალის განცდა გვეუფლება, ჩვენ გონებისა და სხეულის ჩვეულებრივი განცალკევების დაძლევის გრძნობა გვიჩნდება და იმის განცდა, რომ სისრულესა და მთლიანობის მდგომარეობას მივაღწიეთ. ჩვენ ასევე გადავლახავთ სუბიექტსა და ობიექტს შორის ჩვეულებრივი განსხვავების და კაცობრიობასთან, ბუნებასთან, სამყაროსთან და ღმერთთან უსაზღვრო ერთობას განვიცდით. ეს ყველაფერი უკავშირდება სიხარულის, ნეტარების, განდეგილობის და შინაგანი სიმშვიდის ძლიერ გრძნობებს. ამ სახის მისტიკური განცდისას გრძნობა გვიჩნდება, რომ დავტოვეთ ყოველდღიური რეალობა, სადაც სივრცეს სამი განზომილება აქვს, ხოლო დრო ერთხაზოვანი გახდა. ჩვენ ვიჭრებით გადალახვის მეტაფიზიკურ სფეროში, რომლისთვისაც მსგავსი კატეგორიები უკვე შეუსაბამო ხდება. ამ მდგომარეობაში, უსასრულობა და მარადისობა რეალურ განცდებად იქცევა. და ამ მდგომარეობების სასწაულებრივ თვისებებს საერთო არაფერი აქვს რელიგიურ რწმენასთან, რომელიც ადამიანს მანამდე ჰქონდა, რადგან ისინი გამოხატავენ რეალობის ღვთიურ ბუნებაში უშუალო ჩაწვდომას.

gggrof

კეთილსაიმედო შედეგები

 „პოლაროიდით“ გადაღებული ფოტოსურათი რეტუშის გარეშე იმ მომენტში, როდესაც ქრისტინას კუნდალინი ძალიან აქტიური იყო. მისი ჩაკრები ანათებს

ჩვეულებრივ, მწვერვალის გამოცდილების აღწერა პარადოქსებითაა სავსე. თავად განცდები აღწერილია, როგორც „უშინაარსო, მაგრამ მაინც შინაარსობრივად ყოვლის მომცველი”, რადგან მათ რაიმე კონკრეტული შინაარსი არ აქვთ, ისინი ყველაფერს შესაძლებლობის სახით შეიცავს. ისეთი შეგრძნება გვიჩნდება, რომ ერთდროულად ყველანი და არაფერი ვართ. და რადგან ჩვენი პიროვნული თავისებურება და ჩვენი შეზღუდული ეგო გაქრა, ვგრძნობთ, რომ გავცხელდით ისე, რომ ჩვენი არსება მთელ სამყაროს მოიცავს. და ზუსტად ასევე, ჩვენ შეგვიძლია აღვიქვათ ყველა სახე, როგორც ცარიელი, ხოლო სიცარიელე - სახეებით დატვირთული. ჩვენ შეგვიძლია მივაღწიოთ მდგომარეობებს, როდესაც ვხედავთ, რომ სამყარო ერთსა და იმავე მომენტში არსებობს და არსებობს ერთდროულად.

მწვერვალის განცდას შეუძლია გადმოგვცეს ის, რაც, როგორც ჩანს, საწყისს სიბრძნესა და მსოფლიო მნიშვნელობის საკითხების ისეთ გაგებას წარმოადგენს, რომელსაც უპანიშადები აღწერენ როგორც „იმ რაღაცის“ შეცნობას, რომლის ცოდნაც ყველაფრის ცოდნას იძლევა“. და რაც ჩვენ ამ განცდების მომენტში შევიტყვეთ, გამოუთქმელია, რადგან სიტყვებით აღუწერელია. რადგან, გგონია, რომ თავად ბუნება და ჩვენი ენის აგებულება არ არის შესაფერისი ამ მიზნისთვის. თუმცა საბოლოოდ, ამგვარი განცდა დიდ გავლენას ახდენს მთელ ჩვენს ღირებულებებზე და ჩვენი არსებობის სტრატეგიაზე.

მწვერვალის განცდების ზოგადად ზეციური ბუნებიდან და კეთილისმყოფელი შესაძლებლობებიდან გამომდინარე, ისინი სულიერი გამწვავებების ისეთ კატეგორიას მიეკუთვნება, რომელთანაც დაკავშირებით ყველაზე ნაკლები სირთულე ჩნდება, რადგან ასეთი განცდები, თავიანთი ბუნებით, გარდამავალი და თვითშემზღუდველია. ამიტომ, საერთოდ არ არსებობს არანაირი მიზეზი, თუ რატომ უნდა ჰქონდეს მათ არაკეთილსასურველი შედეგი. მიუხედავად ამისა, სულიერების საკითხებთან მიმართებაში ფსიქიატრიული საზოგადოების ცრუ წარმოდგენის გამო, მრავალი ადამიანი, რომელმაც ასეთი მდგომარეობები განიცადა, საბოლოოდ საავადმყოფოში ხვდება, მათ პათოლოგიური იარლიყის დამღას ადებენ და ფსიქოფარმაკოლოგიური დამუშავების საშუალებებით ამშვიდებენ.

4. ფსიქოლოგიური განახლება კონცენტრაციასთან დაბრუნების გზით (ჯონ პერი).

ტრანსპერსონალური კრიზისების კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ტიპი იუნგისეული მიმართულების კალიფორნიელმა ფსიქიატრმა და ფსიქოანალიტიკოსმა ჯონ უეირ პერიმ აღწერა, რომელმაც მას „აღდგენის პროცესი“ უწოდა (Perry, 1974, 1976, 1998). ამ ტიპის სულიერ-ფსიქიკური კრიზისის სიღრმისა და დაძაბულობის გამო, მას, უფრო დიდი ალბათობით, სერიოზული ფსიქიკური დაავადების დიაგნოზს დაუსვამენ, რადგან აღდგენის პროცესში ჩართული ადამიანების განცდები იმდენად უცნაური, ახირებული და ყოველდღიურ რეალობას მოკლებულია, რომ, აშკარად ისე გამოიყურება, თითქოს მათი ტვინი აუცილებლად სერიოზული პათოლოგიური პროცესით უნდა იყოს დაზიანებული.

ამგვარ კრიზისში შესული ადამიანები საკუთარ სულს აღიქვამენ, როგორც ბრძოლის გიგანტურ ველს, სადაც იბრძვიან სიკეთისა და ბოროტების, სინათლისა და სიბნელის ძალები. მათ შთანთქამს სიკვდილის თემა: რიტუალური მკვლელობები, მსხვერპლშეწირვა, წამება და იმქვეყნიური სიცოცხლე. წინააღმდეგობათა საკითხი ხიბლავს მათ, განსაკუთრებით ის წინააღმდეგობები, რომლებიც დაკავშირებულია სქესთა განსხვავებებთან. ისინი თავს განიცდიან, როგორც მსოფლიო მნიშვნელობის მქონე წარმოუდგენელი და მომავალი მსოფლიოსთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი  მოვლენების პირველსაწყისს. ხოლო მათ სულიერი ხედვით მდგომარეობებს უფრო და უფრო უკან მიჰყავს ისინი საკუთარი ისტორიისა და კაცობრიობის მთელი ისტორიის გავლით - სამყაროს შექმნისკენ, ოდინდელი იდეალური სამოთხისეული მდგომარეობისკენ. და თითქოს, ამ მოძრაობაში ისინი მხოლოდ და მხოლოდ სრულყოფილებას ეძებენ, რადგან ცდილობენ გამოასწორონ წარსულში მომხდარი არასწორი მოვლენები.

მღელვარებასა და დაბნეულობაში ყოფნის გარკვეული დროის გავლის შემდეგ განცდები უფრო და უფრო სასიამოვნო ხდება და თანდათან იწყებს სვლას საკუთარი დასასრულისაკენ. ხოლო თავის უმაღლეს წერტილს მოძრაობა ხანდახან cieroVgarnoV, ანუ „წმინდა ქორწილის“ განცდისას აღწევს, რომლის დროსაც ადამიანი საუცხოო და ღვთაებრივ მდგომარეობამდეც კი მიდის და მასზე არანაკლებ ღირსეულ მეუღლესთან ერთიანობას განიცდის. ეს გვიჩვენებს, რომ პიროვნების მამაკაცური და ქალური მხარეები თავიანთ ახალ წონასწორობას აღწევენ. წმინდა ერთიანობა ადამიანმა ასევე შეიძლება განიცადოს, როგორც არქეტიპული სახის ანარეკლთან კავშირი, ან გადაიტანოს იდეალიზებულ ადამიანზე საკუთარი ცხოვრებიდან, რომელიც ამ შემთხვევაში კარმული მეუღლე ან სულიერი მეწყვილე ხდება.

ამ დროს ადამიანს შეიძლება დაეუფლოს განცდები, რომლებიც იმის მომტანია, რაც იუნგისეულ ფსიქოლოგიაში განიმარტება, როგორც განუმეორებლობის, ზეპიროვნული ცენტრის სიმბოლოები, რომელიც ასახავს ჩვენს უღრმეს და ნამდვილ ბუნებას და დაკავშირებულია, მაგრამ მაინც არ არის ბოლომდე შესატყვისი, ატმან-ბრაჰმანის ინდუისტურ გაგებასთან. სულიერი ხედვის  მდგომარეობებში იგი ჩნდება როგორც არაამქვეყნიური სილამაზის, მბრწყინავი სფეროების, ძვირფასი ქვების, მარგალიტების, მბრწყინავი ფერადი თვლების და სხვა მსგავსი სიმბოლური სახეების სინათლის წყარო. მძიმე და მტკივნეული განცდებისგან საკუთარი ღვთაებრიობის აღმოჩენის მიღწევის  მსგავსი მაგალითები შეგიძლიათ იხილოთ ჯონ პერის წიგნებში (Perry, 1953, 1974, 1976) ან ჩვენს წიგნში „საკუთარი თავის შეუჩერებელი ძიება“ (Grof and Grof, 1990), რომელიც ეძღვნება სულიერ გამწვავებებს.

მიღწევის ამ ეტაპზე ასეთი მომხიბლავი განცდები განიმარტება როგორც პირადი გაღმერთება, რიტუალის მსგავსი ამაღლება დიდებისკენ, რასაც საკუთარი თავის განცდა ადამიანისთვის მაქსიმალურად შესაძლებელ დონემდე აჰყავს ან ადამიანის ხვედრთა შორის ყველაზე მაღალ დონემდე: უდიდესი ბელადი, სამყაროს მხსნელი და მსოფლიო მბრძანებელიც კი. ხშირად ამას შეერწყმის სულიერი აღორძინების სიღრმისეული გრძნობა, რომელიც ენაცვლება სიკვდილით ადრინდელ შთანთქმას. ხოლო ამგვარი შესრულებისა და შეერთების მომენტში, ჩვენ, როგორც წესი, იდეალური მომავლის ხილვები გვიჩნდება: ახალი სამყარო, სადაც სიყვარული და სამართლიანობა სუფევს, სადაც საბოლოოდ დაძლეულია ყოველგვარი გასაჭირი და ბოროტება. ხოლო ამ მოძრაობის ძალის დამშვიდებისთანავე, ადამიანი იწყებს იმის გაცნობიერებას, რომ თვით გასაოცარი მოვლენა ფსიქოლოგიურ გარდაქმნად იქცა, რომელიც მხოლოდ მისი შინაგანი სამყაროთი შემოიფარგლებოდა და გარე რეალობას არც კი მოიცავდა.

ჯონ პერის აზრით, აღდგენის პროცესი უბიძგებს ადამიანს იმისკენ, რასაც იუნგმა „ინდივიდუალიზაცია“ უწოდა - საკუთარი სიღრმისეული შესაძლებლობების სრული რეალიზებისა და გამოხატვისკენ. პერის კვლევის ერთი ასპექტი განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს, რადგან ის, ალბათ, ყველაზე დამაჯერებელ მტკიცებულებებს იძლევა ფსიქოზის გამარტივებული ბიოლოგიური გაგების წინააღმდეგ. რადგან მან მოახერხა იმის ჩვენება, რომ განცდები, რომლებიც ჩართულია აღდგენის პროცესში, ზუსტად ემთხვევა იმ სამეფო სანახაობრივი მოქმედებების მთავარ თემებს, რომლებიც მრავალ ძველ კულტურაში ახალი წლის ზეიმობის დროს ხდებოდა.

ეს სარიტუალო მოქმედებები, რომლებიც ახალი წლის მოახლოებას ადიდებს, იმ პერიოდში სრულდებოდა, რომელსაც თავად პერიმ უწოდა „განსახიერებული მითის ძველი საუკუნე“. ამ კულტურების ისტორიაში ეს იყო საუკუნეები, როდესაც ითვლებოდა, რომ მმართველობის სათავეში განსახიერებული ღმერთები იდგნენ და არა რიგითი ადამიანები. ასეთი მეფე-ღმერთების მაგალითებია ეგვიპტის ფარაონები, პერუელი ინკები, ძველი ებრაული და ხეთური მეფეები, ჩინეთის ან იაპონიის იმპერატორები (Perry, 1991).

თავად აღმდგენი პროცესის ხელსაყრელი შესაძლებლობები და მისი ღრმა კავშირი არქეტიპულ სიმბოლიკასთან, ისევე როგორც კაცობრიობის ისტორიის განსაკუთრებულ პერიოდებთან, წარმოადგენენ სრულიად უდავო მოსაზრებებს იმ თეორიის საწინააღმდეგოდ, რომ ეს განცდები აგზნებული ტვინის ქაოტურ-პათოლოგიური პროდუქტია. ისინი აშკარად მჭიდრო კავშირშია პიროვნულ განვითარებასთან ცნობიერების სოციალურ და საზოგადოებრივ დონეებზე.

5. ფსიქიკური გახსნის კრიზისი.

სრულიად ჩვეულებრივია, რომ სხვადასხვა სახის ფსიქო-სულიერი გამწვავების დროს, ინტუიციური აღქმის უნარი და ექსტრასენსორული ან პარანორმალური მოვლენების გამოვლინების სიხშირე უჩვეულოდ იზრდება. თუმცა, ზოგიერთ შემთხვევაში, უჩვეულო ინფორმაციის მოზღვავება, რომლის წყაროც სრულიად გაუგებარია, როგორც ეს ასტრალური პროექციის, წინასწარმეტყველების, ტელეპათიის ან ნათელხილვის შემთხვევებში ხდება, იმდენად მოულოდნელი, ყოვლის მშთანთქმელი ხდება, იმდენად დამაბნეველი, მსოფლიო სურათის სრულად შევსების შედეგად, რომ თავისთავად მთავარ სირთულეს წარმოადგენს.

სხეულის დატოვების განცდები - ფსიქიკური გახსნის ყველაზე ამაღელვებელ გამოვლინებებს მიეკუთვნება. ხდება ისე, რომ ყოველდღიურ ცხოვრებაში უეცრად და ხშირად სრულიად უმიზეზოდ, ვიღაცის გონება შეიძლება დაშორდეს სხეულს და გახდეს მოწმე იმისა, რაც ახლომახლო ან სხვადასხვა შორეულ ადგილებში ხდება. ამასთან, აღმოჩნდება, რომ ზემგრძნობიარე აღქმის ამგვარი შეტევების დროს მიღებული ინფორმაცია ხშირად შეესაბამება იქ მომხდარ მოვლენებს. ხოლო სიკვდილის წინა მდგომარეობებში სხეულიდან მსგავსი გამოსვლის განცდები განსაკუთრებული სიხშირით ხდება, ხოლო ამგვარი „შორსმჭვრეტელობის“ საიმედოობა დადასტურებულია მიზანმიმართული კვლევების დროს (Ring, 1982, 1985; Ring and Valarino, 1999).

დაძაბული ფსიქიკური გახსნის მდგომარეობაში მყოფ ადამიანებს გააჩნიათ უნარი იმდენად მჭიდროდ დაუკავშირდნენ სხვა ადამიანების შინაგან მოძრაობებს, რომ ტელეპათიის სრულიად საოცარი შესაძლებლობების გამოჩენა შეუძლიათ. თავიანთ მწვავე გამჭრიახობას და წარმოუდგენლად ზუსტ შეღწევას სხვა ადამიანების აზრებში ისინი გულახდილად სიტყვებით გამოხატავენ სხვადასხვა შემთხვევებში და ხშირად უბრალოდ საუბრობენ იმაზე, რასაც ადამიანები გულდასმით მალავენ. ეს ძალზე აშინებს ადამიანებს და იმდენად აღიზიანებს და აშორებს, რომ ასეთი გარემოება ხდება მთავარი მიზეზი იმისა, რის გამოც მიიღება  არასავალდებულო გადაწყვეტილება საავადმყოფოში ამ ადამიანების გაგზავნისა და ფსიქიატრიის ფარგლებში განსაზღვრული სადამსჯელო ზომების გამოყენების შესახებ. ანალოგიურად, მომავალი მოვლენების სწორად ზემგრძნობიარე წინასწარ განჭვრეტა და ნათელხილვა, განსაკუთრებით იმ მოვლენებისა, რომლებიც ყოველ ჯერზე რაიმე რთული გარემოებების დამთხვევისას ხდება, სერიოზულ შეშფოთებას იწვევს როგორც კრიზისულ მდგომარეობაში მყოფ ადამიანებში, ასევე გარშემომყოფებში, რადგან ეს მნიშვნელოვნად არღვევს მათში ჩამოყალიბებულ საკუთარ წარმოდგენას რეალობის შესახებ.

იმ განცდების დროს, რომლებსაც „მედიუმისტური“ შეიძლება ეწოდოს, იკარგება საკუთარი პიროვნების გრძნობა და ამის ნაცვლად სხვა პიროვნებასთან გაიგივება ხდება, რაც შეიძლება შეიცავდეს სხვა პიროვნების სხეულის გამოსახულების მითვისება, მისი პოზების, ჟესტების, სახის გამომეტყველების, გრძნობების და აზრების მოძრაობაც კი. ნამდვილ შამანებს, ექსტრასენსებს და სულიერ მკურნალებს შეუძლიათ აკონტროლონ ასეთი განცდები და ნაყოფიერად გამოიყენონ ისინი. სულიერი გამწვავების მდგომარეობაში მყოფი პირებისგან განსხვავებით, მათ შეუძლიათ საკუთარი სურვილით მიიღონ სხვისი თავისებურება, ხოლო სამკურნალო სესიის ყველა ამოცანის დასრულების შემდეგ, ისინი კვლავ იბრუნებენ საკუთარ თვითიგივეობას. ფსიქიკური გახსნის კრიზისების დროს საკუთარი ჩვეული პირადი იგივეობის უეცარი, მოულოდნელი და უმართავი დაკარგვა ვიღაცისთვის შეიძლება ძალიან საშიში აღმოჩნდეს.

სულიერი კრიზისის პირობებში ადამიანები ხშირად განიცდიან საოცარ დამთხვევებს, რომლებიც აკავშირებს შინაგანი რეალობების სამყაროს, როგორიცაა სიზმრები ან სულიერი ხედვის  მდგომარეობები, ყოველდღიურ ცხოვრებაში მომხდარ მოვლენებთან. მსგავსი მოვლენა პირველად გააზრებულ და აღიარებულ იქნა კ.გ. იუნგის მიერ, რომელმაც მას სინქრონულობა უწოდა და განიხილა იგი თავის ცალკეულ ნაშრომში (Jung, 1960). ამასთანავე, სინქრონული მოვლენების შესწავლა იუნგს დაეხმარა იმის გაცნობიერებაში, რომ არქეტიპები არ წარმოადგენენ საწყისს, რომლებიც დაკავშირებულია მხოლოდ და მხოლოდ შინაგან ფსიქიკურ არესთან. მისთვის ნათელი გახდა, რომ მათ გააჩნია თვისება, რომელსაც მან „ფსიქოიდური“ უწოდა, რაც იმას გულისხმობს, რომ ისინი მართავენ არა მხოლოდ ფსიქიკას, არამედ სინამდვილის სამყაროში მიმდინარე მოვლენებს, რომლებიც როგორც საერთო ისე მოიაზრება. ეს მომხიბლავი თემა ჩემს სხვა ნაშრომებშიც არის გაშუქებული ჩემს მიერ (Grof, 1988, 2006).

ნებისმიერი მკვლევარი, რომელმაც შეისწავლა იუნგის სინქრონულობა, აღმოაჩენს, რომ ისინი, ყოველგვარი ეჭვის გარეშე, ნამდვილი მოვლენებს უკავშირდება და მათი უგულებელყოფა ან უარყოფა, როგორც შემთხვევითი დამთხვევებისა, შეუძლებელია. ასევე შეუძლებელია მათი უსაფუძვლოდ უარყოფა, თითქოს ისინი რეალობის პათოლოგიურ დამახინჯებას - უაზრო კავშირების ისეთ დამახინჯებულ აღქმას წარმოადგენდნენ, რომლებიც სინამდვილეში არაფერს შეიცავს. მაგრამ თანამედროვე ფსიქიატრიისთვის ზოგადი გავრცელებული პრაქტიკაა, როდესაც  მცირედი მინიშნება რაიმე მნიშვნელოვან დამთხვევებზე ავტომატურად იწვევს დიაგნოზს: „შედარების მანია“.

მაგრამ ჭეშმარიტი სინქრონულობის შემთხვევაში, საკმარისად ფართოდ მოაზროვნე მოწმეები, რომლებსაც ხელი მიუწვდებათ ყველა შესაბამის ინფორმაციაზე, აუცილებლად დაადასტურებენ, რომ დამთხვევები, რომლებსაც ადგილი ჰქონდა, სცილდება ყოველგვარ გონივრულად დასაშვებ სტატისტიკურ ალბათობას. ასეთი უჩვეულო სინქრონულ დამთხვევებს თან ახლავს მრავალი სახის სულიერი გამწვავება, ხოლო ფსიქიკური გახსნის კრიზისულ მდგომარეობაში, ისინი განსაკუთრებით ხშირად გვხვდება.

6. წარსული სიცოცხლეების განცდები

ყველაზე შთამბეჭდავი და ფერადი ტრანსპერსონალური გამოცდილებებს შორის, რაც ჰოლოტროპულ მდგომარეობებში ხდება, არსებობს ისეთები, რომლებიც წინა გარდასახვების მოგონებების სახით იჩენს თავს. ისინი წარმოდგენილია როგორც სხვა ისტორიულ დროში და ხშირად სხვა ქვეყნებში მომხდარი, და როგროც წესი ასოცირდება უჩვეულოდ ძლიერ გრძნობებთან და ფიზიკურ შეგრძნებებთან. ისინი ხშირად ძალიან დეტალურად ასახავს ადამიანებს, დროის ვითარებასა და გარემოებებს. მათი ყველაზე შესანიშნავი მხარეა წარსულის გარკვეულ პერიოდში უკვე ნანახი (დეჟავიუ) და უკვე გამოცდილი (დეჟავეკიუ) მოგონების და განმეორებითი განცდების ძალიან დამაჯერებელი შეგრძნება. აშკარაა, რომ სწორედ ამ ტიპის განცდებმა გააღვიძა აზიასა და მსოფლიოს ბევრ სხვა ნაწილში გარდასახვისა და კარმის კანონისადმი რწმენა. 

მსგავსი „წარსული სიცოცხლეების მოგონებებით“ მოწოდებული უხვი და უტყუარი ინფორმაცია, ისევე როგორც მათი განკურნებითი შესაძლებლობები, მოგვიწოდებს სერიოზულად მოვეკიდოთ მათ. რადგან, როდესაც გონებაში სრულად ჩნდება რომელიმე კარმული განცდის შინაარსი, მას მოულოდნელად შეუძლია ახსნას ვისიმე ყოველდღიური ცხოვრების მრავალი გაუგებარი მხარე. უცნაური სირთულეები ზოგიერთ ადამიანებთან ურთიერთობისას, უსაფუძვლო შიში, უცნაური პიროვნული თვისებები ან გატაცებები, ისევე როგორც ზოგ შემთხვევაში გაუგებარი ემოციური და ფსიქოსომატური სიმპტომატიკა, მოულოდნელად შინაარს იძენს როგორც წარსული ცხოვრებიდან გადმოტანილი კარმული ნარჩენები. როგორც წესი, მსგავსი სირთულეები ქრება მაშინვე, როგორც კი ეს კარმული ანაბეჭდი დაძლეულ და სრულად მიღებულ იქნება განცდაში.

წარსულ სიცოცხლეების განცდებს შეუძლია სხვადასხვანაირად გაართულოს ცხოვრება. სანამ მათი შინაარსი თავს იჩენს და სრულად წარმოიშობა ცნობიერებაში, ადამიანი ყოველდღიურ ცხოვრებაში შეიძლება უცნაურმა გრძნობებმა შეიპყროს, ფიზიკურმა შეგრძნებებმა ან ხილვებმა, ია კი ვერ გებულობს, საიდან მოდის ისინი და რას ნიშნავს. სრულიად ბუნებრივია, რომ მსგავსი განცდები, რომლებიც წარმოიშობა რაიმე მოვლენასთან კავშირის გარეშე, გაუგებარი და უსაფუძვლო გვეჩვენება. სულ სხვა სახის გართულებები ხდება, როდესაც ზოგიერთი, განსაკუთრებით ძლიერი, კარმული განცდა უეცრად იწყებს შეღწევას ჩვენს ცნობიერებაში ყოველდღიურ საქმიანობის დინებისას და ხელს უშლის მოვალეობების ნორმალურ შესრულებას.

ადამიანმა ასევე შეიძლება იგრძნოს, რომ ის იძულებულია განახორციელოს კარმული კვალის ზოგიერთი ნაწილები, სანამ ის ბოლომდე არ იქნა განცდილი, გაგებული და დასრულებული. მაგალითად, შეიძლება მოულოდნელად მოგვეჩვენოს, რომ გარკვეულმა ადამიანმა, რომელთანაც ჩვენ ამჟამინდელ ცხოვრებაში ვართ დაკავშირებული, მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ჩვენს წინა განსხეულებაში, რომლის შესახებ მოგონებები ცნობიერებაში აღწევს. და როდესაც მსგავსი რამ ხდება, ადამიანი ემოციურ კონტაქტს ეძებს იმ ადამიანთან, რომელიც, როგორც ახლა წარმოუდგენია, მისი „სული-მეწყვილე“ იყო კარმული წარსულიდან, ან, პირიქით, შეტაკებას ცდილობს და ღია დაპირისპირებას მოწინააღმდეგესთან სხვა, წარსული ცხოვრებიდან. ამგვარმა მოქმედებებმა შეიძლება გამოიწვიოს უსიამოვნო გართულებები, ვინაიდან, ჩვეულებრივ, მათ გამამართლებელ კარმულ კვალს  ადამიანის საკუთარ განცდებში არ გააჩნია არანაირი საფუძველი იმისათვის, რომ ასეთი ქცევის გაგება შესაძლებელი გახდეს.

მაშინაც კი, თუ ვინმე მოახერხებს თავიდან აიცილოს ცხოვრებაში ამ მოგონებების ასეთი უაზრო გათამაშების საშიშროება, უბედურებები მაინც არ წყდება. მას შემდეგ, რაც წარსული ცხოვრების მოგონებამ სრულად იჩინა თავი ცნობიერებაში, ხოლო მისი შინაარსი და არცთუ მთლად მკაფიო მნიშვნელობა სრულად გამოაშკარავდა განცდებში მყოფი ადამიანისთვის, მას კიდევ ერთი გამოცდა ელის. მან უნდა შეარიგოს ეს განცდა ინდუსტრიული ცივილიზაციის ტრადიციულ რწმენებთან და ღირებულებებთან. რადგან გარდასახვის შესაძლებლობის უარყოფა ქრისტიანული ეკლესიისა და მატერიალისტური მეცნიერების სრული ერთსულოვნების იშვიათი შემთხვევაა. ამიტომ, დასავლურ კულტურაში, წარსული ცხოვრების მეხსიერების აღიარება და მასთან კვლავ შეერთება გონების დონეზე, თანაბრად რთული ამოცანაა როგორც ათეისტისთვის, ასევე ტრადიციული სარწმუნოების ადამიანისთვის.

წარსული ცხოვრებისეული განცდების საკუთარ წარმოდგენათა სისტემასთან მიკუთვნება ბევრად უფრო ადვილი საქმე შეიძლება აღმოჩნდეს მისთვის, ვინც არ განიცდის ძლიერ ერთგულებას ქრისტიანობისადმი ან მატერიალისტური მსოფლმხედველობისადმი. რადგან ეს განცდები, როგორც წესი, იმდენად დამაჯერებელია, რომ ადამიანი უბრალოდ ღებულობს მათ და შეიძლება აღელვებულად და შთაგონებულადაც კი იგრძნოს თავი ამ ახალი აღმოჩენების გამო. თუმცა, ფანატიკოსი ქრისტიანები და ის ფანატიკოსები, რომლებიც დიდ იმედებს ამყარებენ რაციონალურობასა და ტრადიციულ სამეცნიერო თვალსაზრისზე, შეიძლება აღმოჩნდნენ ხანგრძლივი დაბნეულობის მდგომარეობაში  თუკი წააწყდებიან ისეთ დამაჯერებელ პირად განცდებს, რომლებიც მათი რწმენის სისტემას უარყოფს.

7.  ურთიერთობა გამცილებელ-სულებთან და „დამაკავშირებელი ძაფის გაჩენა“

ზოგჯერ, ჰოლოტროპული განცდის დროს, შეიძლება წააწყდეთ რაიმე არსებას, რომელიც, თითქოსდა, გამოხატავს თქვენთან პირადი ურთიერთობის დამყარების ინტერესს და იღებს თქვენი მასწავლებლის, გამცილებლის, დამცველის ან უბრალოდ სხვადასხვა ინფორმაციის დამხმარე წყაროს. როგორც წესი, ასეთ არსებებს აღიქვამენ, როგორც რაიმე სახის უხორცო ადამიანურ ან ზეადამიანურ არსებებს ან ღვთაებებს, რომლებიც არსებობენ ცნობიერების უფრო მაღალ დონეზე და განუზომელი სიბრძნით არიან დაჯილდოებულნი. ზოგჯერ ისინი ადამიანის სახეს იძენენ, სხვა შემთხვევაში სინათლის მბრწყინავ წყაროებად გვევლინებიან ან უბრალოდ საშუალებას გვაძლევენ ვიგრძნოთ მათი სიახლოვე. მათი შეტყობინებები, როგორც წესი, აზრის პირდაპირი გადაცემის ან სხვა ზემგრძნობიარე გზების სახით გადმოგვეცემა. ზოგიერთ შემთხვევაში, შეტყობინება შეიძლება სიტყვიერი ინსტრუქციის სახითაც მოხდეს.

ამ თვალსაზრისით განსაკუთრებით საინტერესოა დამაკავშირებელი ძაფის წარმოქმნის მოვლენა, რამაც ბოლო წლების განმავლობაში საზოგადოების და მედიის დიდი ყურადღება მიიპყრო. ადამიანი, რომელსაც „დამაკავშირებელი ძაფი წარმოექმნა”, გადასცემს სხვებს შეტყობინებებს, რომლებიც მიღებულია რაღაც წყაროდან, რომელიც, როგორც ჩანს, წარმოდგენილია და არსებობს მისი ცნობიერების გარეთ. ეს ხდება ან ტრანსის მდგომარეობაში წინასწარმეტყველების გზით, ან ავტომატური წერის გამოყენებით, ან კიდევ ტელეპატიურად მიღებული აზრების ჩაწერით. ინფორმაციის მსგავსმა გადაცემამ წარმოქმნილი შემაერთებელი ძაფის მეშვეობით მნიშვნელოვანი როლი ითამაშა კაცობრიობის ისტორიაში. მართლაც, ამ გამტარი საშუალებით გადმოცემულ სულიერ სწავლებებს შორის არსებობს მრავალი წმინდა წერილი, რომლებმაც უდიდესი გავლენა მოახდინეს ისეთ კულტურებზე, როგორიცაა ძველი ინდური ვედები, ყურანი და მორმონის წიგნი. ამ კავშირის საშუალებით გადმოცემული თანამედროვე გზავნილის შესანიშნავი მაგალითია ფსიქოლოგ ჰელენ შუკმანის მიერ ჩაწერილი წიგნი „სასწაულების გზა“ (Anonymous, 1975; Grof, 2006).

განცდების დამაკავშირებელმა და მიმართულების მიმცემმა ძაფებმა ადამიანი შეიძლება მძიმე ფსიქოლოგიურ და სულიერ კრიზისში ჩააგდოს. ჩაბმულ ადამიანს შეუძლია განმარტოს ეს განცდა როგორც მითითება დაწყებულ შეშლილობაზე. ეს განსაკუთრებით შესაძლებელია იმ შემთხვევაში, თუ წარმოშობილი კავშირი ხმების მოსმენაში გამოიხატება - პარანოიდული შიზოფრენიის ცნობილი სიმპტომში. გადმოცემული შინაარსის ღირებულება კი უაზრო და საეჭვო ყბედობასა და განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე ინფორმაციებს შორის მერყეობს. ზოგიერთ შემთხვევაში, ამგვარ წარმოქმნილ გადამცემ ძაფს შეუძლია ზუსტი ინფორმაციის მიწოდება იმ ნივთების შესახებ, რომლებიც ინფორმაციის მიმღებს არასოდეს გამოუყენებია. ეს გარემოება შეიძლება მოგვეჩვენოს, როგორც ზებუნებრივი რეალობების მონაწილეობის განსაკუთრებით დამაჯერებელი მტკიცებულება და შეიძლება სერიოზული დაბნეულობა გამოიწვიოს საერო ათეისტსა თუ სამყაროს მატერიალისტური ხედვის მქონე მეცნიერის მსოფლმხედველობაში. ამ მოვლენით დაინტერესებულ მკითხველს უამრავი ღირებული ინფორმაციის მოძიება შეუძლია არტურ ჰასტინგსისა და იონა კლიმოს სპეციალურ კვლევებში (Гастингс, 1991; Klimo, 1998).

გამცილებელი სულები ჩვეულებრივ აღიქმება, როგორც ცნობიერების განვითარების მაღალ დონემდე განვითარებული სულიერი არსებები, რომლებიც დაჯილდოებულია უმაღლესი გონებით და უკიდურესი ზნეობრივი სიწმინდით. ამან შეიძლება გამოიწვიოს საკუთარი ეგოს საშიში გაზვიადება მასში, ვისაც ასეთი კავშირი წარმოეშვა, ვინაიდან მან შეიძლება იგრძნოს თავი სპეციალური მიზნისთვის არჩეულად და მიიჩნიოს ეს საკუთარი უპირატესობის მტკიცებულებად.

8. სიკვდილის ირგვლივი  განცდები

მითოლოგიაში, ფოლკლორსა და სულიერ ლიტერატურაში მთელ მსოფლიოში დიდი რაოდენობით გვხდება მოთხრობები, რომლებიც სიკვდილთან და გარდაცვალებასთან არის დაკავშირებული. ხოლო  სიკვდილის შემდგომ სულის მოგზაურობის აღწერასა და ახსნას სპეციალური წმინდა ტექსტები ეძღვნებოდა, როგორიცაა ტიბეტური წიგნი „განთავისუფლება გადასასვლელზე მოსმენის საშუალებით“ (ბარდო თხედროლი), ეგვიპტური „ასვლა სინათლისკენ“ (პერტ ემ ხრუ), აცტეკების „კოდექს ბორჯია“, „მაიას სიკვდილის წიგნი“ და მათი ევროპელი ორეული „გარდაცვალების ხელოვნება“  (Ars moriendi) (Grof, 1994, 2006 b).

წარსულში, მსგავს ესქატოლოგიურ მითოლოგიას დასავლელი მეცნიერები, როგორც წარმოსახვის ნაყოფს და სასურველი მოვლენების სინამდვილედ გასაღებას, ანგარიშს არ უწევდნენ, რაც პირველყოფილი ხალხისთვის არის უფრო დამახასიათებელი, რომლებსაც, თითქოსდა, არ შეეძლოთ პირისპირ შეხვედრა ყოფიერების ცვალებადობასა და საკუთარ სიკვდილთან. მაგრამ ეს სიტუაცია მკვეთრად შეიცვალა რაიმონდ მუდის მთელ მსოფლიოში ცნობილი წიგნის „სიცოცხლე სიცოცხლის შემდეგ“ გამოქვეყნების შემდეგ, რომელიც ამგვარი ისტორიების მეცნიერულ დასტურს იძლევა და აჩვენებს, რომ ცნობიერებისათვის სიკვდილთან შეხვედრა საოცარ თავგადასავალად შეიძლება იქცეს. მუდის წიგნი ეყრდნობა 150 ადამიანის ისტორიას, რომლებმაც განიცადეს მჭიდრო შეხება სიკვდილთან ან გადაიტანეს ზუსტად დადგენილი კლინიკური სიკვდილი, მაგრამ გონზე მოვიდნენ და იცოცხლეს საკუთარი განცდების მოსაყოლად (Moody, 1975).

მუდი იუწყება, რომ ადამიანები, რომლებსაც სიკვდილის ირგვლივი  განცდები (სიგ) ჰქონდათ, ხშირად ყოფილან იმის მოწმენი, როგორ ჩაიარა მათ თვალწინ მთელმა მათმა ცხოვრებამ ფერადი, წარმოუდგენლად შეკუმშული სახით, ჩვეული დროის საზომით სულ რაღაც წამებში. ცნობიერება ხშირად შორდებოდა სხეულს და თავისუფლად ლივლივებდა გარემომცველ გარემოში, ცნობისმოყვარეობით და გულისგარე გაოცებით აკვირდებოდა მიმდინარე მოვლენებს, ან მიემგზავრებოდა ძალიან შორეულ ადგილებში. ბევრმა ადამიანმა აღწერა ბნელი გვირაბის ან ღვთიური, მშვენიერი და ზებუნებრივად გასხივოსნებული სინათლისკენ მიმავალი ვიწრო გზის გავლა.

მაგრამ ეს შუქი, თავისი ბუნებით, ფიზიკურ ხასიათს კი არ ატარებდა, არამედ მკაფიო პიროვნული თვისებები ჰქონდა. ეს იყო სინათლისეული ყოფიერება, უსასრულოდ მანათობელი, ყოვლის მომცველი სიყვარული, პატიება და მიღება. პირადი ურთიერთობის დროს, რომელიც ხშირად აღიქმებოდა როგორც ღმერთის წინაშე დგომა, ამ ადამიანებმა მიიღეს დარიგება ცხოვრების და მსოფლიო კანონების შესახებ და ბრწყინვალე შესაძლებლობა მიეცათ ამ ახალი მოდელების შესაბამისად შეეფასებინათ თავიანთი წარსული. სწორედ მაშინ მათ მიიღეს გადაწყვეტილება დაბრუნებულიყვნენ ჩვეულებრივ რეალობას და თავიანთი ცხოვრება ახლებურად, მათ მიერ ათვისებული საწყისების შესაბამისად. გამოქვეყნების დღიდან მუდის აღმოჩენები არაერთხელ დადასტურებულ იქნა სხვა მკვლევარების მიერ (Ring, 1982; Ring, 1985; Sabom, 1982; Greyson and Flynn, 1984).

სიკვდილის ირგვლივი  განცდებით გამოწვეული გამოცდილების შემდეგ ცოცხლად დარჩენილთა უმეტესობა შინაგანად ძალიან შეიცვალნენ. მათ გაუჩნდათ რეალობის მსოფლიო მასშტაბის , ყოვლისმომცველი სულიერი ხედვა, ღირებულებათა ახალი სისტემა და ძირეულად განსხვავებული ცხოვრებისეული სტრატეგია. ისინი ღრმა მადლიერებას გრძნობდნენ იმის გამო, რომ ცოცხლობენ, ნათესაობრივ კავშირს გრძნობდნენ ყველა ცოცხალ არსებასთან და ზრუნავდნენ კაცობრიობის და პლანეტის მომავალზე. მაგრამ ის, რომ სიკვდილთან შეხვედრას ასეთი დიდად კეთილისმყოფელი შესაძლებლობები აქვს, სულაც არ ნიშნავს, რომ ასეთი გარდაქმნა ყოველთვის ასე მარტივად ხდება.

სიკვდილის ირგვლივი  განცდები ძალიან ხშირად იწვევს ფსიქო-სულიერ გამწვავებებს, რადგან სიკვდილის ირგვლივი  ძლიერ  განცდებს შეუძლია ძირეულად შეარყიოს ამ პროცესში მოქცეული ადამიანების მსოფლმხედველობა, ვინაიდან მკვეთრად და ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე განდევნიან აქამდე არსებულ ძირეულად განსხვავებულ რეალობას. მაგალითად, საავტომობილო ავარიას დატვირთულ გზაზე ან გულის შეტევას გამაჯანსაღებელი სირბილის დროს, შეუძლია რამდენიმე წამში ადამიანის ჩაგდება გასაოცარ სულთა სულიერი ხედვის თავგადასავალში, რომელიც მტვრად აქცევს მის ყოველდღიურობას. ამიტომ, სიკვდილის ირგვლივი  განცდების შემდეგ, შეიძლება ადამიანს განსაკუთრებული რჩევა და მხარდაჭერა დასჭირდეს, რათა შეძლოს ამ არაჩვეულებრივი განცდების მიღება ყოველდღიურ ცხოვრებაში. 

სამწუხაროდ, სიკვდილის ირგვლივი  განცდების შემდეგ გადარჩენილთა მიმართ პერსონალის მიდგომა სამედიცინო დაწესებულებებში, უმეტეს წილად, უკეთესის იმედს გვიტოვებს, მიუხედავად იმისა, რომ ბოლო რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში ამ მოვლენას დიდი ყურადღება ექცეოდა როგორც პროფესიონალურ ლიტერატურაში, ასევე მედიაში. სიკვდილის ირგვლივი  განცდების შემდეგ გადარჩენილთაგან არც ისე ბევრი ადამიანი იღებს სპეციალისტების რჩევას, მიუხედავად იმისა, რომ ბევრ მათგანს ეს ძალიან სჭირდება. ასევე ჯერ კიდევ არ არის აუცილებელი სიკვდილის ირგვლივი  განცდების შემდეგ გადარჩენილ პაციენტთა მიერ მოწოდებული გზავნილების სამედიცინო ჩანაწერებში შეტანა, თუმცა ცნობილია, რომ ამ შემთხვევებმა შეიძლება დიდი გავლენა მოახდინოს მათ ემოციურ და ფსიქოსომატურ მდგომარეობაზე. სიკვდილის ირგვლივი  განცდებთან დაკავშირებული საკითხების მრავალმხრივი განხილვა შეგიძლიათ იხილოთ ჩემს წიგნში „ბოლო მოგზაურობა: სიკვდილის ცნობიერება და მის საიდუმლოება“ (Grof, 2006 ბ).

9. ახლო შეხვედრები უცხოპლანეტელებთან და უცხოელთა მიერ გატაცების განცდები

არამიწიერი წარმოშობის მფრინავ აპარატებთან შეხვედრის და უცხოპლანეტელების მიერ გატაცების განცდებმა შეიძლება ზოგჯერ სერიოზული ემოციური და ინტელექტუალური დარღვევები გამოიწვიოს, რომლებსაც ფსიქოსულიერ გამწვავებებთან ბევრი საერთო გააჩნია. ეს გარემოება ახსნას მოითხოვს, ვინაიდან ადამიანთა უმრავლესობა უცხოპლანეტელებს ოთხი ურთიერთგამომრიცხავი თვალსაზრისით უყურებს: როგორც უცხოელი კოსმოსური ხომალდის ნამდვილ ვიზიტს დედამიწაზე, როგორც მოტყუებას, როგორც ბუნებრივი მოვლენების და მიწიერი წარმოშობის მოწყობილობების ცრუ აღქმას ან განმარტებას და როგორც ფსიქოტურ ჰალუცინაციებს. ელვინ ლოუსონმა, ჩემი საექიმო საქმიანობის მონაცემების გამოყენებით, შეეცადა აეხსნა უცხოპლანეტელების მიერ გატაცების განცდები როგორც დაბადების ტრავმის არასწორი ხელახალი განმარტება (Lawson, 1984).

უცხოპლანეტელების დაკვირვების აღწერილობები, როგორც წესი, გვაუწყებს სინათლის წყაროებზე, რომლებსაც აქვთ უჩვეულო, ზებუნებრივი თვისებები. ეს სინათლის წყაროები ჰგავს იმათ, რომლებიც ნახსენებია სულთა სულიერი ხედვის მდგომარეობებში. კ.გ. იუნგი, რომელმაც სპეციალური კვლევა მიუძღვნა „მფრინავი თეფშების"“ საკითხის შესწავლას, ვარაუდობდა, რომ ეს მოვლენები, უფრო მეტად, შეიძლება იყოს არქეტიპული ხედვები, რომელთა წყარო კაცობრიობის არაცნობიერი საზოგადოებრივიდან მომდინარეობს, ვიდრე ფსიქოზური ჰალუცინაციები ან სხვა ცივილიზაციების წარმომადგენელთა ვიზიტები შორეული პლანეტებიდან (Jung, 1964). ეს ვარაუდი მან მას შემდეგ გამოთქვა, რაც შეისწავლა შესახებ კაცობრიობის მთელი ისტორიის მანძილზე მფრინავი ბორბლების შესახებ წარმოშობილი თქმულებები და სხვადასხვა მსგავსი მოვლენების შესახებ ანგარიშები, რომლებიც დროდადრო კრიზისებს და მასობრივ პანიკას იწვევდა.

აგრეთვე აღინიშნებოდა, რომ ამგვარ შეხვედრებში მონაწილე არამიწიერ არსებებს მნიშვნელოვანი შესაბამისობა აღენიშნებოდათ მითოლოგიისა და რელიგიის სამყაროსთან, ანუ იმ წყებებთან, რომლებიც თავისი ფესვებით საზოგადოების არაცნობიერში მიდის. უცხოპლანეტელთა მფრინავ აპარატებსა და კოსმოსურ ფრენებს, რომლებსაც აღწერენ ისინი, ვინც, მათივე თქმით, გაიტაცეს ან გასეირნებაზე მიიწვიეს, ასევე აღენიშნება შესაბამისობა სასულიერო ლიტერატურასთან, მაგალითად: ვედური ღმერთის ინდრას ეტლი ან ბიბლიაში აღწერილი იეზეკილის ცეცხლის ეტლი. ხოლო ზღაპრული ქვეყნები და ქალაქები, რომლებსაც ასეთი მოგზაურობის დროს სტუმრობდნენ, სამოთხის, ზეციური სამეფოებისა და სინათლის ქალაქების სულთა სულიერი ხედვის განცდებს მოგვაგონებს.

გატაცებული ხალხი ხშირად ჰყვება, რომ უცხოპლანეტელები მათ სპეციალურ ლაბორატორიაში ათავსებდნენ, მტკივნეულ გამოკვლევებს უტარებდნენ და სხვადასხვა უცნაური იარაღის გამოყენებით საშიშ ცდებს ატარებდნენ. ეს მდგომარეობდა სხეულის ღრუების ზონდირებაში, სასქესო ორგანოების შესწავლასა და სპერმისა და კვერცხუჯრედის ნიმუშების აღებაში. ხშირად ჰყვებიან გენეტიკურ ექსპერიმენტებზე შერეული შთამომავლობის მიღების მიზნით. ამასთან, ეს ჩარევები ძალიან მტკივნეულია და ზოგჯერ წამებასაც კი ჰგავს. ეს აახლოებს გატაცებულთა განცდებს შამანების მაზიარებელ კრიზისებსა და ახლად მოქცეულთა განსაცდელთან ძველი ტომობრივი მოსახლეობის წეს-ჩვეულებებში, როგორიცაა პენისის წინადაცვეთა და შემოჭრა.

არსებობს კიდევ ერთი მიზეზი იმისა, რის გამოც ამოუცნობი მფრინავი ობიექტების  განცდებმა შეიძლება გამოიწვიოს სულიერი კრიზისი. ის იმ სირთულეებს ჰგავს, რომლებზეც ადრე ვისაუბრეთ გამცილებელ სულებთან და დამაკავშირებელი ძაფის გაჩენასთან დაკავშირებით, რადგან უცხოელი სტუმრები, როგორც წესი, განიხილება, როგორც ჩვენთან შედარებით ბევრად უფრო განვითარებული ცივილიზაციების წარმომადგენლები, და არა მხოლოდ ტექნოლოგიურად, არამედ ინტელექტუალურად, ზნეობრივად და სულიერად. ამიტომაც, ასეთი შეხებები ზოგჯერ ძლიერი მისტიკური ჟღერადობით სავსეა და დაკავშირებულია ცნობიერების გაბრწყინებასთან სამყაროს მიმართ. ხოლო მათი მონაწილეებისთვის ძალზე მარტივია მათ მიმართ ასეთი განსაკუთრებული ყურადღების ახსნა, რაც მათთვის საკუთარ განსაკუთრებულობაში მდგომარეობს.

გატაცებულებმა შეიძლება იგრძნონ, რომ მათ უფრო განვითარებული ცივილიზაციების უმაღლესი არსებების ინტერესი გამოიწვიეს, რადგან თავად ისინი გარკვეულ წილად რჩეული, განსაკუთრებული ადამიანები არიან და, შესაბამისად, განსაკუთრებული მიზნისთვის ძალზედ შესაფერისი არიან. მაგრამ იუნგისეულ ფსიქოლოგიაში ის მდგომარეობა, რომელშიც ადამიანი ირწმუნება, რომ მისი საკუთარი პიროვნება არქეტიპული სამყაროს მიერ მსხვერპლად არის შერჩეული, მოიხსენიება როგორც „ეგოს გადაჭარბება“. ამ მიზეზების გამო, „ახლო შეხვედრების” განცდებმა შეიძლება გამოიწვიოს სერიოზული ტრანსპერსონალური კრიზისები.

ადამიანებს, რომლებმაც ამოუცნობი მფრინავი ობიექტების  უცნაური სამყაროსა და უცხოპლანეტელების მიერ გატაცების განცდები გაიარეს, სჭირდებათ პროფესიონალური დახმარება მათგან, ვისაც აქვს ზოგადი ცოდნა არქეტიპების ფსიქოლოგიის შესახებ, ასევე იცნობს ამოუცნობი მფრინავი ობიექტების  ფენომენის განსაკუთრებულ გამორჩეულ თვისებებს. ისეთი გამოცდილი მკვლევარები, როგორიცაა ჰარვარდის ფსიქიატრი ჯონ მეკი, უამრავ მტკიცებულებას გვაწვდის იმის დასტურად, რომ უცხოპლანეტელების მიერ გატაცების განცდები სუი გენერის ფენომენია, რომელიც დასავლეთ ფსიქიატრიისა და ზოგადად მატერიალისტური მეცნიერებისათვის სერიოზულ მსოფლმხედველობით გამოცდას წარმოადგენს. თუმცა, ამოუცნობი მფრინავი ობიექტების  მოვლენათა ერთი მხარე განსაკუთრებით დამაბნევლად გვევლინება: დროდადრო ისინი გარკვეულ ფსიქოიდურ თვისებებს ატარებენ. ეს ნიშნავს, რომ ისინი სინქრონულად დაკავშირებულია მატერიალური სამყაროს მოვლენებთან. და ცხადი ხდება, რომ გულუბრყვილო და დაუსაბუთებელია მათში სულიერი დაავადების გამოვლინებების დანახვა ან უსაფუძვლოდ მათი უარყოფა, როგორც ჩვეულებრივი მოვლენების არასწორი აღქმისა და არასწორი განმარტებისა (Mack, 1994, 1999).

წლების მანძილზე მუშაობის პროცესში მე ბევრ ისეთ ადამიანს შევხვედრივარ, რომლებსაც უცხოპლანეტელების მიერ გატაცების უძლიერესი განცდები ჰქონდათ ჰოლოტროპული სუნთქვის ფსიქოდელიური სეანსების და სულიერი გამწვავებების დროს. იშვიათი გამონაკლისის გარდა, ეს შემთხვევები ძალზე ძლიერი და დამაჯერებელი იყო. ჩემივე დაკვირვების საფუძველზე, შემიძლია დავადასტურო ამოუცნობი მფრინავი ობიექტების  მრავალი სერიოზული მკვლევარის აზრი, რომ ასეთი განცდები შესანიშნავი და ნამდვილი მოვლენაა და ყურადღებით შესწავლას იმსახურებს. ხოლო ფსიქიატრების კონფორმისტული უმრავლესობის პოზიცია, რომლებიც მათ ტვინში უცნობი პათოლოგიური პროცესის ნაყოფად განიხილავენ, აშკარად გამარტივებულად და ძალზე არასარწმუნოდ გამოიყურება.

მაგრამ თანაბრად წარმოუდგენელია ისიც, რომ საქმე გვაქვს არამიწიერი არსებების ნამდვილ ვიზიტებთან. ვინაიდან არამიწიერი ცივილიზაციები, რომლებსაც შეეძლოთ კოსმოსური ხომალდების გაგზავნა ჩვენს პლანეტაზე, უნდა ფლობდნენ ისეთ ტექნიკურ საშუალებებს, რომელთა წარმოდგენაც კი არ შეგვიძლია. ჩვენ უკვე დაგროვილი გვაქვს საკმარისი ინფორმაცია მზის სისტემის პლანეტების შესახებ იმისათვის, რომ ნათლად წარმოვიდგინოთ, რომ ისინი ვერ იქნება ამგვარი ვიზიტების ამოსავალი წერტილი. მანძილი მზის სისტემის გარეთ არსებულ უახლოეს ციურ სხეულებამდე კი მრავალი სინათლის წელიწადს მოიცავს.

ასეთ მანძილზე კომუნიკაცია მოითხოვს სინათლის ან მასზე აღმატებულ სიჩქარესთან მიახლოებულ ან განზომილებებს შორის გასასვლელს ჰიპერსივრცის გავლით. სრულიად შესაძლებელია, რომ ასეთი მიღწევების მქონე ცივილიზაციას განკარგულებაში ჰქონდეს ისეთი ტექნოლოგია, რომელიც შეუძლებელს გახდის ჩვენთვის ჰალუცინაციებისა და რეალობის გარჩევას. და სანამ ჩვენთვის უფრო საიმედო ინფორმაცია არ იქნება ხელმისაწვდომი, ყველაზე შესაფერისად, როგორც ჩანს, მიიჩნევა - ამოუცნობი მფრინავი ობიექტების განცდების, როგორც საზოგადოების არაცნობიერის არქეტიპული შემადგენლის გამოვლინების წარმოდგენა.

10. შეპყრობილი მდგომარეობები

ტრანსპერსონალური კრიზისის ასეთი ფრომის მქონე ადამიანებს მკაფიო შეგრძნებები უჩნდებათ იმის შესახებ, რომ მათი სული და სხეული შეპყრობილია და მართვადია რაღაც ბოროტი არსებით ან ძალით, რომელსაც გააჩნია პიროვნული თვისებები. ისინი ამას აღიქვამენ, როგორც საკუთარ პიროვნებაში გარედან, მტრულ და გამაღიზიანებელ შეჭრას. ეს შეიძლება ვლინდებოდეს როგორც ერთგვარი უხორცო რაობა, დემონური არსება ან როგორც ბოროტი ადამიანის ცნობიერება, რომელიც ჩასახლდა მათში შავი მაგიისა და ჯადოქრობის მეშვეობით.

ასეთ მდგომარეობებს მრავალი განსხვავებული ტიპი და ხარისხი აქვს. ზოგიერთ შემთხვევაში, ასეთი აშლილობის ნამდვილი ბუნება ამოუცნობი რჩება. სირთულეები კი სერიოზული ფსიქოპათოლოგიის სახით ვლინდება, როგორიცაა ანტისაზოგადოებრივი ან თუნდაც დანაშაულებრივი ქცევა, დეპრესია სუიციდალური მიდრეკილებებით, მკვლელობამდეც კი მიმავალი მტრობა ან თვითგანადგურებადი ქცევა, განურჩეველი ან დამახინჯებული სექსუალური სურვილები და გამოვლინებები, ან ალკოჰოლისა და ნარკოტიკების გადაჭარბებული მოხმარება. ზოგ შემთხვევაში კი, სანამ ასეთი ადამიანი არ დაიწყებს განცდების თერაპიის გავლას, ეს „შეპყრობა“ განისაზღვრება, როგორც ყველა ამ უბედურების საფუძვლად აღიარებული მდგომარეობა.

განცდების სეანსის დროს, ასეთი შეპყრობილი ადამიანის სახე შეიძლება იკრუნჩხებოდეს, „ბოროტების ნიღბად“ გადაიქცეს, თვალებმა კი ველური გამომეტყველება მიიღოს. ხელები და სხეული უცნაურად იგრიხება, ხმა კი იცვლება და ისეთ თვისებებს იძენს, თითქოს იმიერი სამყაროდან მოდის. და როდესაც ასეთი მდგომარეობას შემდგომი განვითარების შესაძლებლობა ეძლევა, სეანსი საოცრად ჰგავს კათოლიკურ ეკლესიაში ავი სულის განდევნის წესს ან სხვადასხვა ძირძველ კულტურებში ეშმაკების განდევნის რიტუალებს.

გათავისუფლება კი ზოგჯერ მთელი რიგი დახრჩობის შთამბეჭდავი შეტევების შემდეგ, ღებინების დაუძლეველი შეტევების, ხარხარის, სხეულის დემონური მოძრაობების ან გონების დროებითი დაკარგვის შემდეგ ხდება. მაგრამ მოვლენების ამგვარი თანმიმდევრობა შეიძლება მოულოდნელად აღმოჩნდეს სამკურნალო და გარდამქმნელი და ზოგჯერ დასრულდეს მონაწილე პირის ღრმა სულიერი მოქცევით. ამგვარი ყველაზე შთამბეჭდავი შემთხვევის დეტალური აღწერილობა, რომელიც მთელი ჩემი პროფესიული საქმიანობის განმავლობაში შემხვედრია, შეგიძლიათ იხილოთ ჩემს მონათხრობში ფლორას შემთხვევასთან დაკავშირებით (Grof, 2006 a).

სხვა შემთხვევებში, შეპყრობილი ადამიანი აცნობიერებს მის სხეულში „ავი სულის“ არსებობას და დიდ ძალისხმევას ხარჯავს მის წინააღმდეგ ბრძოლაში და მისი გავლენის შეკავებაში. შეპყრობილი მდგომარეობების  უკიდურესი გამოვლინებისას იდუმალ ძალას შეუძლია თავისთავად იჩინოს თავი და უეცრად დაიპყროს ადამიანი ყოველდღიურ ცხოვრებაში. ეს ვითარება ჰგავს თერაპიის სესიებთან დაკავშირებით ადრე აღწერილ სხვა განცდას, მაგრამ აქ ადამიანს არ გააჩნია ის მხარდაჭერა და დაცვა, რომელიც მას მკურნალობის დროს ეძლევა. ასეთ ვითარებაში, ის თავს უკიდურესად შეშინებულად და უიმედოდ მარტოსულად გრძნობს. ნათესავები, მეგობრები და ზოგჯერ ექიმებიც კი ცდილობენ თავი შორს დაიჭირონ „შეპყრობილი“ ადამიანისგან და პასუხობენ მის ტანჯვას მეტაფიზიკური შიშის და ზნეობრივი უარყოფის უცნაური ნარევით. ხშირად ისინი ამ ადამიანს ბოროტმოქმედის იარლიყს არგებენ და უარს ამბობენ მასთან შემდგომ კონტაქტზე.

ცხადია, რომ ეს მდგომარეობა მიეკუთვნება „სულიერი გამწვავებების“ კატეგორიას, მიუხედავად იმისა, რომ ის მოიცავს უარყოფით ძალებს და დაკავშირებულია მრავალ დასაძრახ ქცევასთან. დემონური არქეტიპი ხომ თავისი ბუნებით ტრანსპერსონალურია, რადგან იგი ღვთიურის უარყოფითი სარკისებრ ანარეკლს წარმოადგენს. ის ხშირად წარმოდგენილია, როგორც „კარიბჭეში შესასვლელის ფენომენი“, რომელიც შედარებულია ბუდისტური ტაძრების კარების გვერდებზე მდგომი შემზარავი მცველებით, რომლებსაც ბუდას ნათელ გამოსახულებამდე მივყავართ. ასეთ არსებასთან შეხვედრა ხშირად წინ უსწრებს ღრმა სულიერ გამოცდილებას. და იმ ვიღაცის დახმარებით, ვისაც არ ეშინია მისი საშინელი ბუნების და შეუძლია გონებაში მისი სრული გამოვლინების შენარჩუნება, შესაძლებელია ამ ძალის გაფანტვა, რის შემდეგ მშვენიერი განკურნება მოხდება.

11. ალკოჰოლიზმი და ნარკომანია როგორც ფსიქოსულიერი გამწვავებების შემთხვევა

ალკოჰოლზე და ნარკომანიებზე დამოკიდებულების აღწერას უდიდესი აზრი აქვს, როგორც ტრანსპერსონალური კრიზისის („სულიერი გამწვავების“) სახეობას, მიუხედავად იმისა, რომ გარეგანი გამოვლინებებით ის განსხვავდება ჩვეულებრივი სახეობის ფსიქოსულიერი გამწვავებისგან. ამგვარი დამოკიდებულების შემთხვევაში, ისევე როგორც შეპყრობილ მდგომარეობებისას, სულიერი განზომილება ძლიერ დაბნელებულია აშლილობის დამანგრეველი და თვითგანადგურებელი ბუნებით. თუ სხვა სახის სულიერი გამწვავებების შემთხვევაში ადამიანები სირთულეებს აწყდებიან მისტიკურ განცდებთან გამკლავების შეუძლებლობის გამო, ალკოჰოლზე და ნარკოტიკებზე დამოკიდებულების შემთხვევაში, სნეულების წყარო არის ძლიერი სულიერი წყურვილი და ის გარემოება, რომ მისტიკურ განზომილებასთან შეხება ჯერ არ შემდგარა.

არსებობს საკმარისი მტკიცებულება იმისა, რომლებიც მიუთითებს იმაზე, რომ ალკოჰოლზე და ნარკოტიკებზე დამოკიდებულების მიღმა საკუთარი უპირატესობისა და მთლიანობის გაუცნობიერებელი სურვილი იმალება (Grof, 1987), ვინაიდან მრავალი განკურნებული ადამიანი საუბრობს საკუთარი ცხოვრების უცნობი დაკარგული დასაწყისის ან განზომილების განუწყვეტელი ძიების შესახებ და განმარტავს, რომ სწორედ წამლების, საკვების, სასიყვარულო ურთიერთობების, ქონების ან ძალაუფლების დაუღალავ დევნაში გამოიხატება დაუღალავი, მაგრამ ამაო მცდელობა ასეთი წყურვილის დასაკმაყოფილებლად (Grof, 1993).

როგორც ჩანს, დამოკიდებულების გაგების გასაღები - მისტიკურ მდგომარეობებსა და ალკოჰოლით ან მძიმე ნარკოტიკებით გამოწვეული დათრობის მდგომარეობებს შორის გარკვეულ ზედაპირულ მსგავსებაში იმალება. ორივე მდგომარეობას აერთიანებს პირადი საზღვრების ბუნდოვანების შეგრძნება, შემაშფოთებელი ემოციების გაქრობა და ამაღლება ამქვეყნიურ საზრუნავებს ზემოთ. და მიუხედავად იმისა, რომ ალკოჰოლით ან ნარკოტიკებით დათრობას არ აქვს მისტიკური მდგომარეობის მრავალი უმნიშვნელოვანესი განმსაზღვრელი თვისება, როგორიცაა განდგომილება, სასწაულებრიობა, ფილოსოფიური შეხედულების გაბრწყინება, განცდების ის ნაწილობრივი დამთხვევაც კი საკმარისია ნარკომანიებისა და ალკოჰოლიკების ცდუნებისთვის.

უილიამ ჯეიმსი აცნობიერებდა ამ კავშირს და წიგნში „მრავალფეროვანი რელიგიური გამოცდილება” წერდა ამასთან დაკავშირებით: „ალკოჰოლის გავლენა კაცობრიობაზე უდავოდ გამოწვეულია ადამიანის ბუნების მისტიკური უნარ-ჩვევების აღგზნების თვისებით, რომლებიც ჩვეულებრივ დამიწებულია ცივი ფაქტებითა და საღი აზროვნებით ნაკარნახევი ქმედებების კრიტიკული მიდგომით. სიფხიზლე აკნინებს, გამოხატავს მიუკერძოებლობას და კრძალავს, სიმთვრალე კი - აფართოებს, აერთიანებს და ნებას რთავს” (ჯეიმსი, 1961). მას ასევე ესმოდა ამ გარემოების ფარული მნიშვნელობა განკურნებისათვის, რაც მან ძალიან მოკლედ გამოხატა თავის ცნობილ განცხადებაში: „დიფსომანიის (ალკოჰოლიზმის მოძველებული აღნიშვნა) საუკეთესო მკურნალობა არის რელიგიომანია“.

ამასთან დაკავშირებით კ.გ. იუნგის მიერ გამომჟღავნებულმა მიუკერძოებელმა გამჭრიახობამ გადამწყვეტი როლი ითამაშა პროგრამათა მსოფლიო ქსელის - სახელწოდებით „თორმეტი ნაბიჯი“ - განვითარებაში. ცოტამ თუ იცის, რომ იუნგმა ძალზე მნიშვნელოვანი როლი ითამაშა „ანონიმური ალკოჰოლიკების“ (აა) ამხანაგობის ისტორიაში. მაგრამ იუნგის შემოქმედების ამ ნაკლებად ცნობილი ასპექტის შესახებ ცნობები შეგიძლიათ იხილოთ 1961 წელს, „აა“ თანადამფუძნებელის, ბილ ვილსონის მიერ იუნგისთვის მიწერილ წერილში (Wilson and Yung, 1963).

იუნგს ჰყავდა პაციენტი როლანდ ჰ., რომელიც მასთან მივიდა მას შემდეგ, რაც ალკოჰოლიზმისგან განკურნების ყველა საშუალება გამოსცადა. მაგრამ იუნგთან ერთწლიანი მკურნალობის შედეგად დროებითი გაუმჯობესების შემდეგაც კი, იგი ისევ დაუბრუნდა ძველ ჩვევას. იუნგმა უთხრა, რომ მისი შემთხვევა უიმედო იყო და მიანიშნა, რომ მას მხოლოდ ერთი შესაძლებლობა დარჩა - შეუერთდეს რომელიმე რელიგიურ საზოგადოებას და ღრმა სულიერი განცდის იმედი იქონიოს. რონალდ ჰ. შეუერთდა ოქსფორდის ჯგუფს - ევანგელურ მოძრაობას, რომელიც ხაზს უსვამდა პირად ხსნას, ცოდვების აღიარებას და მსახურებას.

იქ მან რელიგიური მოქცევა განიცადა, რომელმაც გაათავისუფლა იგი ალკოჰოლზე დამოკიდებულებისაგან. შემდეგ იგი ნიუ-იორკში დაბრუნდა და იქაური ოქსფორდის ჯგუფის ძალიან აქტიური წევრი გახდა. მან ბილ ვილსონის მეგობრის, ედვინ ტ.,  დახმარებაც კი შეძლო, რომელიც თავის მხრივ ბილ ვილსონს პირადი კრიზისის დროს დაეხმარა. ბილ ვილსონს კი, თავის ძლიერ სულიერ განცდებში ჰქონდა ხილვა, რომ ამხანაგობა ერთმანეთის გვერდში მდგომი ალკოჰოლიკების ჯაჭვის მსგავსად მთელ მსოფლიოშია გავრცელებული. 

წლების შემდეგ, ვილსონმა იუნგს წერილი მისწერა, სადაც ხაზგასმით აღნიშნა, თუ რა მნიშვნელოვანი როლი შეასრულა მან „აა“ გაერთიანების ისტორიაში. საპასუხოდ, იუნგმა თავის პაციენტზე დაწერა: „ალკოჰოლისადმი მისი ლტოლვა, გარკვეულ უფრო დაბალ დონეზე, თავის სისრულით უდრიდა ჩვენი არსებობის სულიერ ტანჯვას, რომელსაც შუა საუკუნეების ენაზე ღმერთთან ერთობა ეწოდებოდა”. იუნგმა ასევე ხაზი გაუსვა იმას, რომ ლათინურ ენაზე სიტყვა spiritus ორი მნიშვნელობა აქვს: „სული“ და „ალკოჰოლი“. ამის შემდეგ კი, მოკლე გამონათქვამში, მან გამოხატა საკუთარი რწმენა იმისა, რომ მხოლოდ ღრმა სულიერ განცდას შეუძლია გადაარჩინოს ხალხი ალკოჰოლის დამანგრეველი ზემოქმედებისგან. მან გამოთქვა აზრი, რომ ალკოჰოლიზმისგან განკურნების რეცეპტი მდგომარეობს შემდეგ გამონათქვამში: „Spiritus contra spiritum“,  მას შემდეგ ჯეიმსისა და იუნგის შორსმჭვრეტელობა დადასტურდა „თორმეტი ნაბიჯის“ პროგრამის გამოცდილებით და ფსიქოდელიკებთან ჩატარებული კლინიკური კვლევებით (Grof, 1980).

ფსიქო-სულიერი გამწვავებების მკურნალობა

სულიერ კრიზისში მყოფი ადამიანების ფსიქოთერაპიული სტრატეგია ემყარება იმის მკაფიო გაგებას, რომ ეს მდგომარეობები არ არის რაიმე უცნობი პათოლოგიური პროცესის გამოვლინება, არამედ არის გარკვეული სულიერი კრიზისის შედეგად გამოწვეული მოძრაობა, რომელიც სულში თავისთავად ხდება, გულისხმობს არაცნობიერის ღრმა ძალების ჩაბმას ახდენს და ასევე სამკურნალო და გარდამქმნელი შესაძლებლობები აქვს. სულიერ გამწვავებებში ჩაწვდომა და მათი სათანადო მკურნალობა მოითხოვს ფსიქიკის შესახებ უფრო ფართო წარმოდგენას, რომელიც მოიცავს პერინატალურ და ტრანსპერსონალურ განზომილებებს. ეს ახალი სახე საკმაოდ დაწვრილებით არის აღწერილი სხვებთანაც  (Grof, 1975, 2001, 2007 а).

აუცილებელი სამკურნალო მხარდაჭერის ბუნება და დონე დამოკიდებულია მიმდინარე სულიერ-ფსიქიკური მოვლენის დაძაბულობაზე. მსუბუქი ტიპის სულიერი გამწვავების დროს, სულიერ კრიზისში მყოფ ადამიანს, ჩვეულებრივ, შეუძლია ყოველდღიური ცხოვრებით იცხოვროს და გაუმკლავდეს ჰოლოტროპულ განცდებს იმისდა მიხედვით, როგროც კი ისინი ცნობიერებაში ჩნდება. ხოლო ყველაფერი, რაც მას ამ შემთხვევაში ესაჭიროება - არის მხოლოდ მათი მიმდინარეობის განხილვის შესაძლებლობა რომელიმე ტრანსპერსონალურად ორიენტირებულ თერაპევტთან, რომელიც უზრუნველყოფს შემოქმედებით უკუკავშირს, დაეხმარება პაციენტს ყოველდღიურ ცხოვრებაში ამ განცდების ჩართვაში და შესთავაზებს ლიტერატურას, რომელიც შეიცავს სასარგებლო ინფორმაციას ამის შესახებ.

თუმცა, უფრო ძლიერი ძვრების შემთხვევაში შეიძლება განცდების თერაპიის მუდმივი სეანსები გახდეს საჭირო, სადაც ჩვენ ვიყენებთ აჩქარებულ სუნთქვას, მუსიკას და სხეულის მუშაობას, ცნობიერებაში არაცნობიერი შინაარსის გაჩენის გამარტივებისა და ემოციების და სხეულის დაგუბებული ენერგიების სრული გამოხატვისათვის. ამ მიდგომის ზოგადი სტრატეგია იგივეა, რაც ჰოლოტროპული სუნთქვის სეანსებზე გამოიყენება (Grof, 2001, 2007 b).  სპეციალურად ამ მიზნისთვის განკუთვნილ და დროის მიხედვით გაწერილ სეანსებზე არაცნობიერი შინაარსის სრულად გამოხატვის შესაძლებლობის დაშვებისას, ჩვენ ვამცირებთ იმის შესაძლებლობას, რაც ზედაპირზე ამოტივტივდება და პაციენტის ცხოვრებას ხელს შეუშლის სეანსებს შორის პერიოდში.

ხოლო როდესაც განცდები ძალზე დაიძაბება, პაციენტებთან მუშაობისას ერთადერთი რაც უნდა გავაკეთოთ პაციენტებთან მუშაობისას - უნდა ვუთხრათ მათ, რომ დახუჭონ თვალები, მიენდონ მიმდინარე მოვლენებს, დააკვირდნენ რა ხდება და იპოვონ გამოხატვა წარმოქმნილი ემოციებისა და სხეულის შეგრძნებებისთვის. თუ კი ძლიერ ფსიქოლოგიური წინააღმდეგობის წინაშე აღმოვჩნდით, ამ შემთხვევაში შეგვიძლია გამოვიყენოთ განმათავისუფლებელი მუშაობა სხეულთან, როგორც ეს ხდება ჰოლოტროპული სუნთქვის დასკვნით ეტაპებზე. თვით ჰოლოტროპული სუნთქვა კი, როგორც ასეთი, ინიშნება მხოლოდ იმ შემთხვევებში, როდესაც ბუნებრივად განვითარებადი მოძრაობა ჩიხში შედის. ამ კატეგორიის პაციენტებთან თერაპიული სამუშაო უნდა ჩატარდეს დაწესებულებაში, სადაც 24 საათიანი ყოფნაა შესაძლებელი, და სადაც დაკვირვება შესაძლებელია 24 საათის განმავლობაში.

განცდების ამ დაძაბულ სეანსებს შეიძლება დაემატოს ფრიც პერლსის გეშტალტური მეთოდები (Perls, 1973), დორა კალფის იუნგისეული თამაში საქვიშარში (Kalff, 2004), თვალის მოძრაობის დესენსიბილიზაცია და ფრანსინ შაპიროს (EMDR) განმეორებითი დამუშავება (Шапиро, 2001), ან სხეულით მუშაობა ფსიქოლოგიურად გამოცდილ ექიმთან. ძალიან სასარგებლო შეიძლება აღმოჩნდეს ასეთ გარემოებებში მრავალფეროვანი დამატებითი ხერხები. მათ შორის შეიძლება დავასახელოთ დიაგრამების შედგენა, მანდალას დახატვა, გამომეტყველებითი ცეკვა, ძუნძულით სირბილი, ცურვა ან სპორტის სხვა სახეობები. თუ პაციენტს შეუძლია კონცენტრირება მოახდინოს კითხვაზე, ძალიან სასარგებლო შეიძლება იყოს ტრანსპერსონალური მიმართულების მიმცემი წიგნები, განსაკუთრებით კი ის წიგნები, რომლებიც ყურადღებას ამახვილებენ ფსიქო-სულიერ კრიზისებთან დაკავშირებულ საკითხებზე ან პაციენტის შინაგანი განცდების რომელიმე კონკრეტულ ასპექტზე.

განსაკუთრებული სირთულეები დაკავშირებულია იმ ადამიანებთან, რომელთა განცდები იმდენად ძლიერი და ამაღელვებელია, რომ ამბულატორიულად მკურნალობა შეუძლებელია. მაგრამ პრაქტიკულად არ არსებობს ისეთი მომსახურე დაწესებულებები, რომლებიც 24 საათის განმავლობაში უზრუნველყოფენ პაციენტის მომსახურებას საყოველთაოდ მიღებული, დამთრგუნველი, ფსიქოფარმაკოლოგიური ჩარევის გარეშე. ამ ტიპის რამდენიმე ექსპერიმენტულ დაწესებულებას, რომელიც წარსულში კალიფორნიაში არსებობდა, მაგალითად, ჯონ პერის მიერ გახსნილი დიაბაზისი სან-ფრანცისკოში და ქრიზალისი სან-დიეგოში, ან ბარბარა ფინდაიზენის მიერ შექმნილი როკეტ რენჩი გეიზერვილში, დიდხანს არ უარსებია. ამის მთავარი მიზეზი იყო ის გარემოება, რომ სადაზღვევო კომპანიებმა უარი თქვეს ალტერნატიული თერაპიისთვის თანხის გადახდაზე, რომელიც ოფიციალურად არ იქნა მოწონებული. ამიტომ, ასეთი ალტერნატიული ცენტრების საკითხის გადაწყვეტა - აუცილებელი წინაპირობაა მომავალში დაძაბული სულიერი გამწვავების ეფექტური მკურნალობისთვის.

ზოგან დამხმარეები ცდილობენ დაძლიონ ეს ნაკლი და ქმნიან გაწვრთნილ დამხმარეთა ჯგუფებს, რომლებსაც შეუძლიათ მორიგეობით მოუარონ პაციენტებს სახლებში, სანამ შეტევა გაგრძელდება, რადგან დაძაბული და მკვეთრად გამოხატული ტიპის სულიერი გამწვავების მართვისთვის საჭიროა რამდენიმე საგანგებო ზომების მიღება, იმისდა მიუხედავად, ხდება ისინი სპეციალურ დაწესებულებაში თუ კერძო სახლში. ასეთი გახანგრძლივებული შეტევები ხომ შეიძლება რამდენიმე დღის ან თუნდაც რამდენიმე კვირის განმავლობაში გაგრძელდეს და უკავშირდებოდეს უზარმაზარ ფიზიკურ აქტივობასთან, ძლიერ ემოციებთან, მადის დაკარგვასთან და უძილობასთან. 

ისინი გაუწყლოების, ვიტამინებისა და მინერალური ნივთიერებების ნაკლებობის და სხეულის სრული გამოფიტვის საფრთხის მატარებელნი არიან. საკვების ნაკლებობა იწვევს სისხლში შაქრის შემცირებას, რაც, მოგეხსენებათ, ასუსტებს ფსიქოლოგიურ დაცვას და შეუცნობელი მდგომარეობიდან დამატებითი შინაარსი შემოაქვს. ამან შეიძლება გამოიწვიოს მანკიერი წრე, რომელიც მწვავე მდგომარეობას დიდი ხნით გაახანგრძლივებს. თაფლიანი ჩაი, ბანანი ან გლუკოზის შემცველი სხვა სახის საკვები პროდუქტები შეიძლება კარგი დახმარება აღმოჩნდეს განვითარებადი გამწვავების ჩახშობისთვის.

ძლიერი ფსიქო-სულიერი კრიზისის მდგომარეობაში მყოფი ადამიანი, როგორც წესი, იმდენად ღრმად არის ჩაფლული საკუთარ განცდებში, რომ ავიწყდება საკვები, სასმელი და მარტივი ჰიგიენა. სწორედ ამიტომ, პაციენტის ძირითადი საჭიროებების განსაზღვრასა და დაკმაყოფილებაზე მომვლელებმა უნდა იზრუნონ. და ვინაიდან ყველაზე მკვეთრი სახის სულიერი გამწვავებების მქონე ადამიანებზე ზრუნვა განსაკუთრებით შრომატევადი საქმეა, დამხმარეების ცვლების ხანგრძლივობა უნდა იყოს გონივრული, რომ მათ ასევე შეძლონ საკუთარი ფიზიკური და სულიერი ჯანმრთელობის შენარჩუნება. ამიტომ, ასეთ პირობებში სრული და ყოვლისმომცველი მოვლის უზრუნველსაყოფად საჭიროა განრიგის მკაცრი დაცვა და პაციენტის მიერ საკვების, სასმელისა და ვიტამინების მიღების შესახებ ინფორმაციის საგულდაგულოდ ჩაწერა.

ძილის დაკარგვას იგივე შედეგები აქვს, რაც შიმშილს - ის ასუსტებს თავდაცვით მექანიზმებს და ხელს უწყობს ცნობიერებაში არაცნობიერი შინაარსის მოზღვავებას. ამან ასევე შეიძლება მანკიერი წრე შექმნას, რომელიც გაწყვეტას საჭიროებს. ამ შემთხვევაში შეიძლება საჭირო გახდეს პაციენტისთვის მსუბუქი დამამშვიდებლის ან დასაძინებელი საშუალებების მიცემა. ამ შემთხვევაში წამლის გამოყენება არ განიხილება, როგორც მკურნალობა, როგორც ეს ტრადიციულ ფსიქიატრიულ დაწესებულებებში ხდება.

პაციენტის ისინი მხოლოდ ძილის შენარჩუნების მიზნით ეძლევა. მსუბუქი დამამშვიდებელი ან დასაძინებელი საშუალებების მიღება არღვევს მანკიერ წრეს და პაციენტს ძალების აღსადგენად აუცილებელი დასვენების შესაძლებლობას აძლევს, რათა მეორე დღეს გახსნის მსვლელობა გაგრძელდეს. 

სულიერი გამწვავების უფრო გვიან საფეხურებზე, როდესაც დაძაბულობა იკლებს, ადამიანი აღარ საჭიროებს მუდმივ მეთვალყურეობას. ის თანდათან უბრუნდება ყოველდღიურ საქმიანობას და კვლავ იღებს საკუთარ თავზე ზრუნვის პასუხისმგებლობას. დამხმარეების დაცვის ქვეშ ყოფნის საერთო ხანგრძლივობა დამოკიდებულია დამშვიდების და მიმდინარე მოვლენების აღიარების სიჩქარეზე. საჭიროების შემთხვევაში შეიძლება განცდების დამატებითი სეანსების შედგენა და ზემოთ აღწერილი ცალკეული დამატებითი და მეორადი ხერხების გამოყენების რჩევის მიცემა. მოვლენების დროს გავლილი განცდებისა და ცნობიერების გაბრწყინების დროს მუდმივ საუბრებს დიდი დახმარების გაწევა შეუძლია მათი მიღებისათვის.

ალკოჰოლიზმისა და ნარკომანიის მკურნალობა გარკვეულ განსაკუთრებულ სირთულეებს წარმოადგენს და სხვა სულიერი გამწვავებისგან განცალკევებულად უნდა იყოს წარმოდგენილი. კერძოდ, სპეციალური ზომების მიღება სწორედ ფიზიოლოგიური დამოკიდებულების და თავად აშლილობის თანდათანობით განვითარებადი ბუნების მიმართ არის საჭირო. ამგვარი მიდრეკილების ფსიქოლოგიურ სირთულეებთან მუშაობამდე, რომლებიც წარმოადგენს ამგვარი დამოკიდებულების საფუძველს, აუცილებელია ქიმიური ჯაჭვის გაწყვეტა, რომელიც წამლების მუდმივი გამოყენების აუცილებლობას ქმნის. ამიტომ, ადამიანმა სპეციალურ დაწესებულებაში მუდმივად ყოფნის რეჟიმში უნდა გაიაროს ორგანიზმიდან მომწამვლელი ნივთიერებების გამოდევნის ეტაპი.

ამ ეტაპის გავლის შემდეგ, ყურადღება უნდა მიექცეს დაავადების ფსიქო-სულიერ ფესვებს. როგორც უკვე დავრწმუნდით, ალკოჰოლიზმიც და ნარკომანიაც გადალახვისკენ მიმართულ არასწორ ძიებას წარმოადგენს. გამომდინარე აქედან, წარმატების მისაღწევად, განკურნების პროგრამამ განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოს ამ დაავადების სულიერ განზომილებასროგორც განუყოფელი ნაწილის,. ისტორიულად, ალკოჰოლური და ნარკოტიკული დამოკიდებულების დაძლევის საქმეში ყველაზე წარმატებული ანონიმური ალკოჰოლიკების (აა) და ანონიმური ნარკომანების (ან) პროგრამები აღმოჩნდა - ამხანაგობები, რომლებიც ბილ უილსონის მიერ აღწერილ თორმეტ საფეხურიან ფილოსოფიაზე დაფუძნებულ ყოვლისმომცველ მიდგომას გთავაზობთ.

ამ პროგრამის დაცვის შემთხვევაში, ალკოჰოლიკები და ნარკომანები, ნაბიჯ-ნაბიჯ, აცნობიერებენ, რომ კონტროლი დაკარგეს საკუთარ ცხოვრებაზე და უმწეოები გახდნენ, თანაც ეგუებიან ამ ყველაფერს. მათი მდგომარეობის დასადგენად მათ ურჩევენ დამორჩილებას და უფრო მაღალი ძალისთვის მინდობას. საკუთარი ცხოვრების გარკვეული მტკივნეული მიმოხილვა მათივე არასწორი ქცევების ჩამონათვალს უმხელს, რაც საფუძველს აძლევს მათ ვალი გადაუხადონ ყველა იმ ადამიანს, ვისაც ზიანი მიაყენეს თავიანთი დამოკიდებულებით. ხოლო მათ, ვინც საბოლოოდ სიფხიზლეს დაუბრუნდა და სრულად გამოჯანმრთელდა, შემდგომში სთხოვენ სხვა ალკოჰოლიკებსა და ნარკომანებს მიაწვდინონ ხმა და დაეხმარონ მათ დამღუპველი დამოკიდებულების დაძლევაში.

 „თორმეტი ნაბიჯის“ პროგრამები ფასდაუდებელია ალკოჰოლიკებისა და ნარკომანების მხარდაჭერისა და ხელმძღვანელობის უზრუნველსაყოფად, როგორც მკურნალობის დასაწყისში, ასევე თავის შეკავებისა და გამოჯანმრთელების შემდგომი წლების განმავლობაში. მაგრამ რადგან ნარკვევების ამ კრებულში ძირითადი ყურადღება გამახვილებულია ჰოლოტროპული მდგომარეობების სამკურნალო შესაძლებლობებზე, ახლა განვიხილავთ, შეიძლება თუ არა ეს მდგომარეობები სასარგებლო იყოს ალკოჰოლიზმისა და ნარკომანიის მკურნალობისას და კონკრეტულად რაში. ეს კითხვა მჭიდრო კავშირშია „მეშვიდე ნაბიჯთან“, რომელიც ხაზს უსვამს „ლოცვითა და ფიქრით გავაუმჯობესოთ ჩვენი გააზრებული შეხება ღმერთთან, როგორ არ უნდა გვესმოდეს ღმერთის“. და ვინაიდან ჰოლოტროპული მდგომარეობებს შეუძლია ხელი შეუწყოს მისტიკური განცდებთან წვდომას, გასაგებია, რომ ისინი სწორედ ამ ნაწილს შეესაბამება.

მრავალი წლის განმავლობაში მე დიდი გამოცდილება მივიღე ჰოლოტროპული მდგომარეობების გამოყენებაში ალკოჰოლიკებისა და ნარკომანების მკურნალობისას, ასევე გამოჯანმრთელების გზაზე მდგარ ადამიანებთან მუშაობის დროს, რომლებიც ამ მდგომარეობებს იყენებდნენ საკუთარი თავშეკავების ხარისხის გასაუმჯობესებლად. მე მონაწილეობა მივიღე ბალტიმორში მერილენდის ფსიქიატრიული კვლევითი ცენტრის ჯგუფის მუშაობაში, რომელმაც ალკოჰოლიკებსა და ნარკომანებზე ფსიქოდელიური თერაპიის გავლენის შესახებ ვრცელი და დეტალური კვლევა ჩაატარა (Grof, 1980). მე ასევე შესაძლებლობა მქონდა თვალი მიმედევნებინა ჰოლოტროპული სუნთქვის თანმიმდევრული სეანსების და ჩვენი სემინარების ჩატარებასთან დაკავშირებით გავლენაზე გამოჯანმრთელების გზაზე მდგარი ბევრი ადამიანის შემთხვევაში. თუმცა, პირველ რიგში, გაგიზიარებთ საკუთარ დაკვირვებებსა და მუშაობის გამოცდილებას, შემდეგ კი ვისაუბრებ კითხვებზე, რომლებიც ჩნდება „თორმეტი ნაბიჯის“ მოძრაობის განვითარების უფრო ფართო პირობებთან დაკავშირებით.

ჩემი გამოცდილებით, არა მგონია, რომ ჰოლოტროპულ სუნთქვას ან ფსიქოდელიურ თერაპიას შეუძლია ალკოჰოლიკებისა და ნარკომანების დახმარება ამ ნივთიერებების მუდმივი გამოყენების დროს. ღრმა და მრავალმნიშვნელოვანი განცდებიც კი, როგორც ჩანს, ვერ გაწყვეტს ამოქმედებულ ქიმიურ ჯაჭვს. ჰოლოტროპულ მდგომარეობებთან თერაპიული სამუშაო უნდა ჩატარდეს მხოლოდ მას შემდეგ, რაც ალკოჰოლიკებმა და ნარკომანებმა გაიარა ორგანიზმის გაწმენდის პროცედურები, გადალახეს ე.წ. ლომკის სიმპტომები და მიაღწიეს  თავშეკავების გარკვეულ დონეს. მხოლოდ ამის შემდეგ შეუძლიათ მათ ჰოლოტროპული გამოცდილებისგან სარგებლის მიღება და გარკვეული ღრმა მუშაობის ჩატარება ფსიქოლოგიური სირთულეების გადასალახად, რომლებიც მათ დამოკიდებულებას უდევს საფუძვლად. ამ საფეხურზე ჰოლოტროპული მდგომარეობები ძალიან სასარგებლო შეიძლება გახდეს, რათა დაეხმაროს მათ ტრავმული მოგონებების წინაშე პირისპირ შესახვედრად, მათთან დაკავშირებული მძიმე გრძნობებთან პირისპირ შესახვედრად და საკუთარი სნეულების ფსიქოლოგიურ ფესვებთან დაკავშირებით უკიდურესად სასარგებლო განათლების მისაღწევად.

ჰოლოტროპული განცდები ასევე ხელს უწყობს ფსიქო-სულიერ სიკვდილისა და აღორძინების მოვლენას, რომლებიც ცნობილია როგორც „ფსკერამდე მიღწევა“ და წარმოადგენს გადამწყვეტ მომენტს ბევრი ალკოჰოლიკისა და ნარკომანის ცხოვრებაში. ამასთან, ეგოს სიკვდილის განცდა ამ შემთხვევაში დაცულ გარემოში ხდება, სადაც არ არსებობს საშიში ფიზიკური, ფსიქოლოგიური, პიროვნებათაშორისი და საზოგადოებრივი საფრთხეები, რომლებიც აუცილებლად წარმოიქმნებოდა, თუ პაციენტი ბუნებრივ გარემოში იმყოფება და პროცესი თავისთავად მიმდინარეობს. და ბოლოს, ჰოლოტროპულ მდგომარეობებს ხელშეწყობა შეუძლია ღრმა სულიერი განცდების მიღწევაში, იმ მდგომარეობის მიღწევაში, რომელიც ალკოჰოლიკებს და ნარკომანებს სწყურიათ, რისი წყალობითაც ნაკლებ სავარაუდო ხდება ის, რომ ისინი კვლავ დაიწყებენ ალკოჰოლსა ან ნარკოტიკებში ამ განცდების ყალბი ჩამნაცვლებლების ძიებას.

მერილენდის ფსიქიატრიული კვლევითი ცენტრის მიერ ჩატარებული ფსიქოდელიური თერაპიის პროგრამები ალკოჰოლიკებისა და ნარკომანიებისთვის, უაღრესად წარმატებული აღმოჩნდა, მიუხედავად იმისა, რომ წესების თანახმად ფსიქოდელიური სეანსების რაოდენობა შეზღუდული იყო და მხოლოდ სამი სეანსით შემოიფარგლებოდა. შემდგომი ექვს თვიანი საექიმო დაკვირვების დროს ქრონიკული ალკოჰოლიკების ნახევარზე მეტი და ამ პროგრამებში მონაწილე მესამედზე მეტი გამოუსწორებელი ნარკომანი ინარჩუნებდა თავშეკავებას და ექსპერტთა დამოუკიდებელი ჯგუფის მიერ განიხილებოდა, როგორც „არსებითად რეაბილიტირებული” (Pahnke et al, 1970; Savage and McCabe, 1971; Grof, 1980).  ჩვენს სეანსებსა და სემინარებში მონაწილე და გამოჯანმრთელების გზაზე მდგარი ადამიანები, თითქმის გამონაკლისის გარეშე, მიიჩნევენ, რომ ჰოლოტროპული სუნთქვა წარმოადგენს მათი თავშეკავების ხარისხის გაუმჯობესების და მათი ფსიქოლოგიური ზრდის დაჩქარების გზას.

აშკარა დადებითი შედეგების მიუხედავად, ჰოლოტროპული მდგომარეობების გამოყენებას ადამიანების სამკურნალოდ მწვავე წინააღმდეგობას უწევენ „თორმეტი ნაბიჯის“ მოძრაობის ზოგიერთი კონსერვატიული წევრები. ეს ადამიანები აცხადებენ, რომ ალკოჰოლიკები და ნარკომანები, რომლებიც ნებისმიერი სახის „მაღალის“ ძიებაში არიან, „რეციდივს“ განიცდიან. ისინი ამგვარ მსჯელობას არა მხოლოდ იმ ჰოლოტროპული მდგომარეობების მიმართ გამოთქვამენ, რომლებიც ფსიქოდელიური ნივთიერებების გამოყენებით არის გამოწვეული, არამედ სხვა სახის განცდების ფსიქოთერაპიაზე და მედიტაციაზეც კი - მიდგომა, რომელიც გარკვევით არის ნახსენები „მეთერთმეტე საფეხურის“ აღწერაში.

როგორც ჩანს, ეს უკიდურესი განწყობა საწყისს იღებს „ანონიმური ალკოჰოლიკების“ ისტორიაში. „ანონიმური ალკოჰოლიკების“ მეორე საერთაშორისო ყრილობამდე ცოტა ხნით ადრე, ბილ ვილსონმა, „ანონიმური ალკოჰოლიკების“ თანადამფუძნებელმა, ოცწლიანი თავშეკავების შემდეგ, აღმოაჩინა ფსიქოდელიკი - ლსდ. მან იგი პირველად 1956 წელს მიიღო და გააგრძელა მასთან ექსპერიმენტები მეგობრებისა და ნაცნობების, მათ შორის სასულიერო პირებისა და ფსიქიატრების, წრეში. იგი მისი მხურვალე თაყვანისმცემელი გახდა და თვლიდა, რომ ამ ნივთიერებას აქვს შესაძლებლობა მოხსნას დაბრკოლებები, რომლებიც ღმერთის უშუალო განცდისგან გვაშორებს. „ანონიმური ალკოჰოლიკების“ საბჭო ძლიერ აღელვებული იყო მისი წინადადებით იმის თაობაზე, რომ ლსდს სესიები შემოეღოთ „ანონიმური ალკოჰოლიკების“ პროგრამაში. ამან დიდი არეულობა გამოიწვია მოძრაობაში და საბოლოოდ წინადადება უარყოფილ იქნა.

ამ შემთხვევაში ორი ურთიერთგამომრიცხავი თვალსაზრისი წინაშე აღმოვჩნდით, ჰოლოტროპული მდგომარეობებისა და ალკოჰოლსა და ნარკოტიკებზე დამოკიდებულებას შორის ურთიერთკავშირის საკითხთან დაკავშირებით. ერთ-ერთი მათგანი ცნობიერების ჩვეული მდგომარეობისგან დაშორების ნებისმიერ მცდელობას მიუღებლად მიიჩნევს დამოკიდებულებით დაავადებული პირებისათვის და განმარტავს მას, როგორც რეციდივს. საპირისპირო თვალსაზრისი კი ემყარება იმ აზრს, რომ სულიერი განცდების ძიება არის ადამიანის კანონზომიერი და ბუნებრივი მიდრეკილება, ხოლო უპირატესობის სურვილი - სულის ყველაზე ძლიერი მამოძრავებელი ძალა არის (Weil, 1972). ამ შემთხვევაში, ალკოჰოლზე და ნარკოტიკებზე დამოკიდებულება ასეთი მისწრაფების ცრუ მიმართული და დამახინჯებულ სახეს წარმოადგენს, ხოლო ამგვარი დამოკიდებულების ყველაზე ეფექტური საშუალებაა - ნამდვილი სულიერი განცდების ხელმისაწვდომობის ხელშეწყობა.

ამ ორი მიდგომიდან რომელი იქნება აღიარებული პროფესიონალებისა და განკურნებულთა საზოგადოების მიერ, მომავალი გვიჩვენებს. ჩემი აზრით, ალკოჰოლიზმისა და ნარკომანიის მკურნალობის განვითარების მხრივ ყველაზე დიდი იმედების მომცემი მიმართულება იქნება „თორმეტი ნაბიჯის“, ალკოჰოლიზმისა და ნარკომანიის მკურნალობის ყველაზე შედეგიანი  სტრატეგიისა, და ტრანსპერსონალური ფსიქოლოგიის შერწყმა, რომელიც უზრუნველყოფს მყარ თეორიულ დასავუთებას სულიერად დამდაბლებული თერაპიისთვის. ჰოლოტროპული თერაპიის საპასუხისმგებლო გამოყენება კი, სრულიად კანონზომიერად გახდებოდა ასეთი ყოვლისმომცველი მკურნალობის განუყოფელი ნაწილი.

1980-იან წლებში მე და ჩემმა მეუღლემ მოვამზადეთ საერთაშორისო ტრანსპერსონალური ასოციაციის (სტა) ორი ყრილობის ჩატარება იუჯინში, შტატი ორეგონ და ატლანტაში, შტატი ჯორჯია, რომლებმაც თვალსაჩინოდ აჩვენა „თორმეტი ნაბიჯის“ პროგრამის და ტრანსპერსონალური ფსიქოლოგიის შერწყმის განხორციელებადობა და სარგებლიანობა. ასეთი შერწყმის პრაქტიკული და თეორიული არგუმენტები წარმოდგენილია რამდენიმე ბეჭდვით პუბლიკაციაში (Grof, 1987; Grof, 1993; Sparks, 1993).

„სულიერი გამწვავების“ ცნება ახალია და მომავალში, უდავოდ, გაფართოვდება და დაზუსტდება. ამის მიუხედავად, არაერთხელ უკვე ვნახეთ, რომ დღევანდელი სახითაც კი, რა სახითაც მე და ქრისტინამ განვსაზღვრეთ, ის უდიდესი დახმარება აღმოჩნდა უამრავი ადამიანისთვის, რომლებიც გარდაქმნის კზრიზისს განიცდიან. ჩვენ ვნახეთ, რომ როდესაც ამ მდგომარეობებს სათანადო ყურადღებით ეკიდებიან და მათში მყოფი ადამიანები სათანადო მხარდაჭერას ღებულობენ, ამ მდგომარეობებმა შეიძლება გამოიწვიოს საოცარი განკურნება, ღრმა სასიკეთო გარდაქმნა და ცხოვრების უფრო მაღალ დონეზე გავლა ყოველდღიურ საქმიანობაში. ეს ხშირად ხდება, მიუხედავად იმისა, რომ დღეს ფსიქო-სულიერი კრიზისების მკურნალობის პირობები სრულყოფილებისგან ძალიან შორს არის.

მომავალში, ამ ძალისხმევის წარმატება მნიშვნელოვნად შეიძლება გაიზარდოს, თუ იმ ადამიანების განკარგულებაში, ვისაც სულიერ გამწვავებაში მყოფი ადამიანებისთვის დახმარების გაწევა შეუძლია, იქნება ცენტრების ქსელი, რომლებიც 24 საათიან რეჟიმში იმუშავებს და განკუთვნილი იქნება მათთვის, ვისი განცდები იმდენად დაძაბულია, რომ ამბულატორიულად მათი განკურნება შეუძლებელია. ამჟამად, ასეთი დაწესებულებების არარსებობა და სადაზღვევო კომპანიების მხრიდან ყველა არაშაბლონური მიდგომის მხარდაჭერის არარსებობა - სერიოზულ დაბრკოლებებს წარმოადგენს ახალი თერაპიული სტრატეგიების ეფექტურად გამოყენებისთვის.

მომდევნო ქვეთავის სანახავად ისრით გადადით შემდეგ თავზე, ან აირჩიეთ შესაბამისი თავი სარჩევში (მარჯვენა პანელზე)

თუ გსურთ დააფასოთ ჩვენი შრომა და დაეხმაროთ ჩვენს ვებ-გვერდს ამ და სხვა წიგნების თარგმნაში, ნებისმიერი თანხა შეგიძლიათ ჩარიცხოთ ამ რეკვიზიტებზე: 

საქართველოს ბანკი: GE04BG0000000621532700
TBC ბანკი: GE30TB7154245061100005
მიმღები: მამუკა გურული 
პირადი ნომერი: 35001029103 

ასევე შეგიძლიათ გადმორიცხოთ საზღვარგარეთიდან ნებისმიერი გზავნილის სისტემით.

წიგნის თავები


იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff