სტანისლავ გროფი - "ჩვენი ყველაზე მძიმე ჭრილობების განკურნება. პარადიგმის ჰოლოტროპული ცვლილება"

სტანისლავ გროფი
0
0

1962 წელს, XX საუკუნის ერთ-ერთმა ყველაზე გავლენიანმა ფილოსოფოსმა, თომას კუნმა, გამოაქვეყნა მისი გამორჩეული წიგნი «სამეცნიერო რევოლუციების სტრუქტურა». მეცნიერების ისტორიის 15-წლიანი შესწავლის საფუძვ...

ამჟამინდელი გლობალური კრიზისი და კაცობრიობის მომავალი

ამჟამინდელი გლობალური კრიზისი და კაცობრიობის მომავალი

ტრანსპერსონალური ხედვა

2005 წლის 26 და 27 იანვრის შაბათ-კვირას სტანისლავ გროფი ტომალეს ბეის ინსტიტუტში, პოინტ რეიეს სადგურში (კალიფორნია), „ტვინის ცენტრში“ მიიწვიეს. შეხვედრას მასპინძლობდნენ ტომალეს ბეის თანამშრომლები და მწერლები ჯონათან როუ და პიტერ ბერნი; სტანისლავ გროფის გარდა, მონაწილეობდნენ ასევე კინოსა და მხატვრული ლიტერატურის კრიტიკოსები: ჯიმ ბონეტი, გინ ჰაინსი, ჯონ კორტი და კორნელია დარანტი, „პროექტ მეტაფორას“ წარმომადგენელი სიუზენ სტრონგი და ჯეისონ სალფი იორფ აილენდის ინსტიტუტიდან.

განიხილებოდა შემდეგი საკითხი: „რას შეიძლება ვუწოდოთ არაცხადი და უპირობო ნარატივი, მოქმედება ან მითი, რომელიც დღეს საზოგადოებრივი სივრცის სტრუქტურირებას ახდენს და არის თუ არა საჭირო რაიმე ახალი ნარატივი მის აღმოსაფხვრელად?” ჯგუფის ამოცანა იყო შეერთებული შტატებისთვის იმ ხედვის მოხაზვა და დახასიათება, რომელიც შთააგონებდა ამერიკელ ხალხს და წარმატებით გაუწევდა კონკურენციას „ამერიკული ოცნების“ ხედვას, რომელიც უკვე აშკარად აღარ არის აქტუალური, და ასევე „მივიწყებულობის“ (იესოს ამაღლებისას) საშიშ ხედვას, რომელიც ამჟამად დომინირებს ათეულობით მილიონი ამერიკელის აზროვნებაში. ასეთი ხედვის გროფის მიერ შემოთავაზებული ქვემოთ მოცემული წინადადება ემყარება ცნობიერების შესწავლისას მის მიერ გაკეთებულ დაკვირვებებს.

ჩვენ გადავწყვიტეთ შეხვედრაზე დოქტორ გროფის მიერ გაკეთებული მოხსენება აქ ჩაგვესვა, მიუხედავად იმისა, რომ იგი შეიცავს ისეთ ნაწყვეტებს, რომლებიც სხვა კუთხით იყო განხილული ჩვენი კრებულის სხვადასხვა სტატიებში, რადგან იგი აჯამებს ცნობიერების და ადამიანის ფსიქიკის მისი ორმოცდაათწლიანი კვლევების მნიშვნელობას დღეს არსებული გლობალური კრიზისის ფსიქო-სულიერი ფესვების გაგების თვალსაზრისით და გვთავაზობს რამდენიმე პრაქტიკულ მიდგომას, რომლებსაც შეუძლია ხელი შეუწყოს მისი მიმდინარეობის შესუსტებას.

მიმდინარე გლობალური კრიზისი

მგონია, რომ ადამიანთა ერთ-ერთი ყველაზე მთავარი განცდა, მათ შორის, რომლებიც ჭეშმარიტი გაგებით არის საყოველთაო და გამაერთიანებელი, ან, უფრო სწორედ, რომლებსაც მთელი კაცობრიობის გაერთიანება შეუძლია, არის უპირატესობის განცდა ამ სიტყვის ფართო გაგებით.

ვაცლავ ჰაველი, ჩეხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი

კაცობრიობა, მთლიანობაში, ფინანსური რესურსების, ტექნოლოგიური გამოგონებების, მუშა ძალების სახით უზარმაზარ რესურსებს ფლობს. თანამედროვე მეცნიერებამ შეიმუშავა მძლავრი ინსტრუმენტები, რომლებსაც დღევანდელი სამყაროს მწვავე პრობლემების უმეტესი ნაწილის გადაჭრა შეუძლია: გაუმკლავდეს დაავადებების უმრავლესობას, აღმოფხვრას შიმშილი და სიღარიბე, შეამციროს სამრეწველო ნარჩენები და შეცვალოს დამღუპველი წიაღისეული საწვავი სუფთა ენერგიის განახლებადი წყაროებით. მაგრამ ამ გზაზე არსებული დაბრკოლებები არ ატარებს ეკონომიკურ ან ტექნოლოგიურ ხასიათს - მათი ღრმა წყაროები ადამიანის ინდივიდუალობაში მდგომარეობს.

მათ გამო უაზრო გამალებულ შეიარაღებაში, ძალაუფლებისთვის ბრძოლაში და „შეუზღუდავი ზრდისკენ“ სწრაფვაში ტყუილუბრალოდ წარმოუდგენელი რესურსები გაიფლანგა. ისინი ასევე ხელს უშლის სიმდიდრის უფრო მისაღებ განაწილებას ხალხებსა და ადამიანებს შორის, ისევე როგორც წმინდა ეკონომიკური და პოლიტიკური სარგებლის მოპოვებაზე ფიქრის ჩანაცვლებას უპირველეს ყოვლისა ეკოლოგიაზე ზრუნვით, რაც გადამწყვეტია ჩვენი პლანეტის სიცოცხლის შენარჩუნებისთვის.

დიპლომატიურ მოლაპარაკებებს, ადმინისტრაციულ და საკანონმდებლო ზომებს, ეკონომიკურ და საზოგადო სანქციებს, სამხედრო ჩარევებსა და სხვა მსგავს მცდელობებს დიდი წარმატება არ მოჰყოლია; სინამდვილეში, ისინი ხშირად უფრო მეტ სირთულეს ქმნიდნენ, ვიდრე აგვარებდნენ. უფრო და უფრო ნათელი ხდება, თუ რატომ იყვნენ განწირული ისინი წარუმატებლობისთვის. უპირველესყოვლისა, სტრატეგიები, რომლებიც ამ კრიზისის შემსუბუქებას ცდილობდნენ, იმავე იდეოლოგიაზე იყო დაფუძნებული, რომელმაც ისინი შექმნა. საბოლოო ჯამში, ამჟამინდელი გლობალური კრიზისი ძირითადად ფსიქოსულიერი კრიზისია და ასახავს კაცობრიობის ცნობიერების განვითარების დონეს. ამიტომ ძნელი წარმოსადგენია, რომ მისი მოგვარება შესაძლებელი იყოს კაცობრიობის ძირეული, შინაგანი, დიდი მასშტაბების მომცველი გარდაქმნის გარეშე და ემოციური სიმწიფისა და სულიერი ცნობიერების უფრო მაღალ დონეზე გადასვლის გარეშე. 

კაცობრიობისთვის სრულიად განსხვავებული ღირებულებებისა და მიზნების მინიჭების ამოცანა შეიძლება ცხოვრებისაგან ძალიან მოწყვეტილი და უტოპიური ჩანდეს რაიმე დამაჯერებელი იმედის მოსაცემად. თუ გავითვალისწინებთ, რომ კაცობრიობის ისტორიაში ძალადობისა და სიხარბის როლი ჭარბობდა, თანამედროვე კაცობრიობის ინდივიდის ისეთ სახეობად გადაქცევის შესაძლებლობა, რომელსაც შეუძლია მშვიდობიანი თანაცხოვრება თავის თანამემამულეებთან, მამაკაცებთან და ქალებთან, განურჩევლად რასისა, კანის ფერისა, რელიგიური თუ პოლიტიკური შეხედულებებისა, რომ აღარაფერი ვთქვათ სხვა სახეობებზე, რა თქმა უნდა, არ ჩანს მთლად სარწმუნო. ჩვენ წინაშე დგას საჭიროება კაცობრიობას თანდათანობით შთავაგონოთ ღრმა ეთიკური ფასეულობები, სხვისი საჭიროებებისადმი მგრძნობელობა, ნებაყოფლობითი სიმარტივის მიღება და ეკოლოგიური გარდაუვალობის გაცნობიერება. ერთი შეხედვით, ასეთი ამოცანა ძალიან ფანტასტიკური ჩანს, თუნდაც სამეცნიერო ფანტასტიკური ფილმისთვის.

ამასთან, რაც არ უნდა საშიში და კრიტიკული იყოს მდგომარეობა, ის არც ისე უიმედოა. ნახევარ საუკუნეზე მეტი ხნის განმავლობაში ჰოლოტროპული მდგომარეობების კუთხით ჩატარებული დაძაბული კვლევების შედეგად მივედი დასკვნამდე, რომ ტრანსპერსონალური ფსიქოლოგიის მიერ შემუშავებულ თეორიულ ცნებებსა და პრაქტიკულ მიდგომებს, ანუ იმ დისციპლინის მიერ, რომელიც ცდილობს დააკავშიროს სულიერება დასავლურ მეცნიერებაში წარმოქმნილ ახალ პარადიგმასთან, ხელშეწყობა შეუძლია კრიზისის ნაწილობრივ მოგვარებაში, რომლის წინაშე ყველანი აღმოვჩნდით. მისი მონაცემები მიუთითებს იმაზე, რომ კაცობრიობის ძირეული ფსიქო-სულიერი გარდაქმნა არა მხოლოდ შესაძლებელია, არამედ უკვე ხდება. ერთადერთი კითხვა მდგომარეობს იმაში, შესაძლებელი არის თუ არა, რომ იგი საკმარისად სწრაფი და ყოვლისმომცველი იყოს, რათა მთლიანად შეცვალოს თანამედროვე კაცობრიობის ამჟამინდელი თვითგამანადგურებელი გეზი.

ძველი მსოფლმხედველობითი პარადიგმა, მითი და ხედვა, რომელიც გლობალურ კრიზისს საფუძვლად უდევს

ძველი ხედვა, რომელიც დასავლურ ტექნოლოგიურ ცივილიზაციას იზიდავდა, ძლიერ მხარდაჭერასა და გამართლებას ღებულობდა მეცნიერების მხრიდან, რომელიც ეფუძნებოდა დეკარტ-ნიუტონის პარადიგმასა და მონისტურ მატერიალიზმს. სამყაროს ეს ხედვა ემყარება მეტაფიზიკურ დაშვებას იმის თაობაზე, რომ სამყარო არის მექანიკური სისტემა, მკაცრად დეტერმინირებული და მატერია მასში პირველადია. სიცოცხლე, ცნობიერება და გონება განიხილება, როგორც მატერიის მეტნაკლებად შემთხვევითი გვერდითი პროდუქტები, ფაქტობრივად, როგორც ბედნიერი შემთხვევა, რომლებიც უზარმაზარი სამყაროს უმნიშვნელო ნაწილში მოხდა უმოძრაო და არააქტიური არაორგანული მატერიის მილიარდობით წლიანი განვითარების შემდეგ. 

ძველ პარადიგმაში სამყაროს და ბუნებას არ აქვს არანაირი სახელმძღვანელო ან შემოქმედებითი გეგმა. ასტრონომიით დაწყებული ბიოლოგიით და კვანტური ფიზიკით დამთვარებული, სხვადასხვა მეცნიერების მიერ აღმოჩენილი ყველა წარმოუდგენლად რთული სახეები მიეკუთვნებოდა მატერიალური ნაწილაკების უაზრო თამაშს. არაორგანული მატერიის ნაწილაკებმა უბრალოდ წარმოქმნეს ორგანული ნაერთები და ამ უკანასკნელებმა, თავის მხრივ, მოახერხეს უჯრედებად ჩამოყალიბება. დარვინის მთელი ევოლუცია - ერთუჯრედიანი ორგანიზმიდან დაწყებული ადამიანით დასრულებული - განიხილება როგორც შემთხვევითი გენეტიკური მუტაციებითა და ბუნებრივი გადარჩევით მართვადი. სამყაროს ამ ხედვის თანახმად, ბუნებაში განვითარების ძირითადი მექანიზმი არის ყველაზე შეგუებულთა გადარჩენა და ეგოისტური გენის ოსტატობა ამ ბრძოლაში. როგორც ჩანს, ეს განმარტავს და ამართლებს პირადი ინტერესის მიღწევას სხვებთან და სხვების ხარჯზე კონკურენციაში ყველაფერთან მიმართებაში: პირადი ცხოვრებიდან დაწყებული საზოგადოებრივი ეკონომიკური, პოლიტიკური და სამხედრო მიზნებით დამთავრებული.

ეს კიდევ უფრო განმტკიცდა სიღრმისეული ფსიქოლოგიის მონაპოვრებით, რომლის წამომწყებნი იყვნენ ზიგმუნდ ფროიდი და მისი მიმდევრები, რომლებიც აცხადებდნენ, რომ ყველა ჩვენი საქციელი საბოლოოდ იმართება ძირითადი ინსტიქტებით. ამ თვალსაზრისით, სიყვარულის გრძნობა სხვა არაფერია თუ არა დაგვიანებული პასუხი ჩვენი თანდაყოლილი მტრული დამოკიდებულებისადმი ან მშობლებისადმი არასქესობრივი ინტერესი, ზნეობრივი ქცევა ემყარება დასჯის შიშს, ესთეტიკური ინტერესი არის ფსიქოლოგიური დაცვა ძლიერი ანალური სურვილების წინააღმდეგ და ა.შ. საზოგადოებრივი შეზღუდვების, სადამსჯელო ინსტიტუტების და სუპერ-ეგოს გარეშე, რომლებიც შექმნილია მშობლების და სასამართლო აკრძალვების მიერ, ჩვენ ავყვებოდით განურჩეველ და უწესრიგო სექსუალურ ურთიერთობებს, მკვლელობებსა და ქურდობას (ფროიდი. „კულტურით უკმაყოფილება“). რელიგიურ რწმენებს და ნებისმიერი სახის სულიერი მისწრაფებებს, ფაქტობრივად, ცრურწმენას, შთაგონებულობას, პირველყოფილ მაგიურ აზროვნებას, ავადმყოფობის წინაპირობებს, შეპყრობილ-აკვიატებულ ქცევას, რომელიც ანალური სურვილების დათრგუნვასა და ოიდიპოსის ან ელექტრას გადაუჭრელ კომპლექსებიდან გამომდინარეობს ან სერიოზული ფსიქოპათიურ შედეგს მიაკუთვნებდნენ (ფროიდი. „ტოტემი და ტაბუ. ერთი ილუზიის მომავალი“).

ჩვენი ამჟამინდელი სამეცნიერო მსოფლმხედველობა უზრუნველყოფს არააშკარა ან აშკარა მხარდაჭერას ჩვენი ზნეობისა და ცხოვრებისეული სტრატეგიისთვის. დასავლეთის კაპიტალისტურ საზოგადოებაში პირადი წარმატება სხვების ხარჯზე ამაღლებული და სათნოებამდე აყვანილი იყო. თითქოსდა სავსებით ბუნებრივია ჩვენი წრის ან საზოგადოების უკეთესი მომავლის შექმნა სხვების ხარჯზე (მაგალითად, წიაღისეული საწვავის არაგანახლებადი წყაროების ძარცვით და მათი დაბინძურების წყაროდ გადაქცევით, ჩვენი ცხოვრების დონის შენარჩუნებისკენ სწრაფვის პროცესში, როდესაც სხვა ქვეყნებში უდანაშაულო მოქალაქეების მკვლელობას ჩვენ ვუყურებთ როგორც „გვერდით ზარალს“ ჩვენივე უსაფრთხოების უზრუნველყოფის სწრაფვაში და ა.შ.). ჩვენ ვერ ვხედავთ და ვერ ვაფასებთ თანამშრომლობის, ერთობლივი მოქმედებების და მშვიდობიანი თანაარსებობის გადამწყვეტ მნიშვნელობას პლანეტაზე გადარჩენისთვის. ჩვენ ასევე ტვინის გამორეცხვის გზით გვარწმუნებენ იმაში, რომ ჩვენი კეთილდღეობა პირდაპირ არის დამოკიდებული და გადამწყვეტად განპირობებულია მატერიალური რესურსების არსებობით: პირადი შემოსავალი და ქონება, მთლიანი ეროვნული პროდუქტის ზრდა და ა.შ. 

შეერთებული შტატების (ქვეყნის, რომელიც თავისი უზარმაზარი ეკონომიკური და პოლიტიკური ძალაუფლების გამო გლობალური კრიზისის საკვანძო მოთამაშედ არის წარმოდგენილი) ამჟამინდელ პოლიტიკურ ვითარებასთან დაკავშირებით დამატებითი განსაკუთრებული სირთულეები არსებობს. დემოკრატიული იდეალების მზრუნველური აღზრდა და დაცვა უპირველესყოვლისა ამერიკელი ლიბერალების მიერ ხდება. ამ ჯგუფის წამყვანი ფილოსოფია არის ჰუმანიზმი, რომელიც ასოცირდება ათეიზმთან, რადგან ნებისმიერი სახის რელიგიური მრწამსი ამ ჯგუფს გულუბრყვილოდ მიაჩნია და მათთვის ისინი წინააღმდეგობაში მოდის გონიერებასთან და სამეცნიერო მსოფლმხედველობასთან. ამრიგად, ეს ხედვა არანაირად არ თავსდება სულიერ შიმშილთან და საჭიროებებთან. ისტორია გვიჩვენებს, რომ ისინი ადამიანის ბუნებისთვის დამახასიათებელი მნიშვნელოვანი და ძლიერი ძალებია, სექსზე უფრო ძლიერი, რომელსაც ფროიდი ფსიქიკის პირველად მამოძრავებელ ძალად მიიჩნევს (ენდრიუ ვეილი: ბუნებრივი გონება). ლიბერალების საზოგადოებრივ შეშფოთებას, მათ ფილანთროპიულ ძალისხმევებს, ეკოლოგიურ ცნობიერებას და ანტისაომარ პროტესტებს ამჟამინდელი ფორმით აკლია უფრო ღრმა იდეოლოგიური საფუძველი და სულიერი ფუძე. ამიტომ, ისინი მარტივად შეიძლება იქნეს უარყოფილი, როგორც სისუსტის ნიშნები, რომელიც კაპიტალისტური მსოფლმხედველობისთვის უცხოა.

როგორც ჩანს, ამით აიხსნება ფუნდამენტალისტური და ნეოკონური ჯგუფების ფართო მიმზიდველობა, რომლებიც თავიანთ იდეებს რელიგიურ ტერმინოლოგიაში შეფუთულად წარმოადგენენ. ასეთი ჯგუფები უამრავი გზით არღვევენ დემოკრატიის ძირითად პრინციპებს, მაგრამ მიმართავენ მათი მიმდევრების სულიერ მოთხოვნილებებს. ეს მიმდევრები უგულებელყოფენ ამას და ბელადები მათ უსარგებლო რელიგიური დოგმებითა და საშიში ბოდვითი სისულელეებით კვებავენ, რომლებიც მხოლოდ და მხოლოდ მათ სულიერ მოთხოვნილებებს იყენებენ, რეალურად კი არ აკმაყოფილებენ მათ. და თუნდაც ასეთი დამახინჯებული ფორმით, მინიშნებები და მითითებები ღვთიური საწყისისაკენ ძალზე ეფექტურია და მათ შეუძლიათ დემოკრატიული იდეალების და ადამიანის ფუძემდებელი წესიერების დაძლევა და გათელვა.

რელიგია, რომელიც უნდა აერთიანებდეს (religare - კვლავ ერთმანეთთან შეერთება) მსოფლიოში გამყოფ სტიქიად იქცევა, რომელიც აშორებს არა მხოლოდ ერთ სარწმუნოებას მეორისგან („ჩვენ ქრისტიანები ვართ, თქვენ წარმართები“, „ჩვენ ვართ მუსლიმები, თქვენ - ურწმუნოები”, „ჩვენ ებრაელები, თქვენ - გოიები”), არამედ რელიგიის ერთი ნაწილს მეორისგან („ჩვენ კათოლიკეები ვართ, თქვენ პროტესტანტები”,” ჩვენ შიიტები ვართ, თქვენ  - სუნიტები”), რაც ისტორიიდან კარგად არის ცნობილი. ბოლო წლების განმავლობაში, ამ განხეთქილებამ ასევე მიიღო მოსახლეობის, მათ შორის ქრისტიანული საზოგადოების, დაყოფა წმინდა ამერიკულ საფუძველზე, ორ შეუთავსებელ ბანაკად („ჩვენ ვართ ის რჩეულები, ვინც „ამაღლებას“ გადაურჩება; ჩვენ იესოს შევუერთდებით, თქვენ კი - დავიწყებას მიეცემით”).

ამ ქრისტიანი ფუნდამენტალისტების მამოძრავებელი რწმენა ემყარება არმაგედონისა და აპოკალიფსის ბიბლიური აღწერილობის არასწორ განმარტებას. მათი შეხედულებები იმდენად აბსურდული და ფანტასტიკურია, რომ ისინი „ფსიქოზის“ დიაგნოზის საკმარის საფუძველს ქმნის იმ შემთხვევაში, თუ ისინი ცალკეულ ფსიქიატრიულ პაციენტს გაეჟღერა. სამწუხაროდ, თანამედროვე შეერთებულ შტატებში ისინი დომინირებენ ათობით მილიონი ადამიანის აზროვნებაში და გაკვალული აქვთ გზა ძალაუფლების უმაღლეს ეშელონებში. ისეთი გლობალური გარემოსკენ საშიში მიდრეკილებები, როგორიცაა გარემოს განადგურება, სამრეწველო დაბინძურება, პოლიტიკური კრიზისი და ძალადობის მატება, სინამდვილეში მისასალმებელია ამ საზოგადოების მხრიდან, რადგან ისინი არმაგედონის მოახლოების ნიშნებია და „ამაღლების“ გარდაუვალობას აუწყებენ, რომელიც მათ იესოსთან გააერთიანებს (იხილეთ შემზარავი შეტყობინებები ინტერნეტში მითითებით „ამაღლების მანიშნებელი“). უბედურებაზე მეტია, როდესაც ეს სიგიჟე იწვევს პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს უმაღლეს დონეზე და საკუთარ განკარგულებაში აქვს უზარმაზარი ამერიკული სამხედრო ძალა. ჩვენი მთავარსარდლის მიერ ახლო აღმოსავლეთის ომის, როგორც „ჯვაროსნული ლაშქრობის“, დროდადრო გაჟღერებული მოუხერხებელი და უადგილო ხსენება, კვებავს მუსლიმი ფუნდამენტალისტების მიერ გულში ნატარებ „ჯიჰადის“ ასეთივე ცრუ იდეოლოგიას და მსოფლიო მდგომარეობას უკიდურესად მერყევს ხდის.

ის რაც უნდა დავუპირისპიროთ ამ საშიშ რელიგიურ პროპაგანდას, რომელმაც ამდენი ამერიკელის მოტყუება და დაბრმავება მოახერხა, არის მიმართულების მიმცემი ახალი მითი, ახალი მომხიბვლელი ხედვა, რომელიც დაეფუძნება ყველაფერ საუკეთესოს მეცნიერებაში, და ამავდროულად სულიერად განმტკიცებული იქნება, რომელიც ადამიანის ბუნების გონივრულ და სულიერ მხარეებს მიმართავს. ჩვენ გვჭირდება ხედვა, რომელიც ნამდვილად დემოკრატიული იქნება (მაგრამ არა აღრეული დემოკრატია დასავლური კაპიტალისტური საზოგადოების ღირებულებების და საქონლის აგრესიულ ექსპორტითურთ), ხედვა, რომელიც უზრუნველყოფს ადამიანის სულიერი მოთხოვნილებების ჭეშმარიტ დაკმაყოფილებას. მიზანშეწონილად მიმაჩნია აქ ჩავრთო ამონარიდი ჩეხეთის პრეზიდენტის ვაცლავ ჰაველის სტენფორდის ლექციიდან, რათა განვმარტო ეს მონაკვეთი:

„შინაგანად დარწმუნებული ვარ, რომ პასუხი იმაში მდგომარეობს, რაც მე უკვე შევეცადე შემომეთავაზებინა - იმ სულიერ განზომილებაში, რომელიც აკავშირებს ყველა კულტურას და, ფაქტობრივად, მთელ კაცობრიობას. თუ დემოკრატია არსებობს არა მხოლოდ გადარჩენისთვის, არამედ კულტურების ამ წინააღმდეგობების წარმატებით გაფართოებისა და მოგვარებისთვის, ჩემი აზრით, მან ახლიდან უნდა აღმოაჩინოს და აღადგინოს საკუთარი ზესამყაროს წარმოშობა... პლანეტარული დემოკრატია ჯერ კიდევ არ არსებობს, მაგრამ ჩვენი გლობალური ცივილიზაცია უკვე ამზადებს მისთვის ადგილს: ეს არის სწორედ ის დედამიწა, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ, რომელიც ჩვენს ზემოთ არსებულ ზეცას უკავშირდება. მხოლოდ ასეთ გარემოში შეიძლება ახლიდან შეიქმნას კაცობრიობის ორმხრივი ურთიერთობა და ერთობა პატივისცემითა და მადლიერებით იმისდა მიმართ, რაც თითოეულ ჩვენგანს და ყველას ერთად სჯობს. მსოფლიო დემოკრატიული წყობის ძალა უბრალოდ კიდევ სხვა რამეზე ვერ აიგება, გარდა მსოფლიოს ახლად აღორძინებული ძალაუფლებისა”.

მომდევნო გზავნილში შევეცდები მსგავსი ხედვა ჩამოვაყალიბო ცნობიერების ჰოლოტროპულ მდგომარეობებზე წლების მანძილზე ჩემ მიერ ჩატარებული კვლევების საფუძველზე. ეს არ არის ერთგვარი გონებრივი აგებულება ან დანასკვნის ნაყოფი, არამედ გარკვეული მსოფლმხედველობა და ცხოვრებისეული სტრატეგიაა, რომელიც თავისთავად ჩნდება ადამიანებში, რომლებსაც დაბადების ტრავმისა და მათი წინა ცხოვრების შედეგად დატოვებული კვალისგან გათავისუფლების პროცესში, ღრმა ტრანსპერსონალური განცდები ჰქონდათ. ამ სახის განცდებთან სიღრმისეული მუშაობა წარმოშობს იმას, რასაც შეიძლება „სულიერ გონივრულობა“ ვუწოდოთ.

ადვილი გასაგებია, რომ წარმატებული არსებობის მნიშვნელოვანი წინაპირობაა ზოგადად გონივრულობა - სწავლისა და დამახსოვრების, ფიქრისა და გააზრების, მატერიალურ გარემოზე სათანადო რეაგირების უნარი. ბოლოდროინდელმა გამოკვლევებმა განსაკუთრებით ხაზი გაუსვა „მგრძნობელობითი გონივრულობის“ მნიშვნელობას, ჩვენს გარშემო მყოფი ადამიანების მიმართ სწორი რეაგირების უნარს და პიროვნებათაშორის ურთიერთობებში ადამიანებთან კარგი კომუნიკაცია (Goleman, 1996). ცნობიერების ჰოლოტროპული მდგომარეობების დაკვირვებების შედეგად მიღებული მონაცემები ადასტურებს მარადიული ფილოსოფიის ძირითად დებულებას იმაზე, რომ ჩვენი ცხოვრების ხარისხი საბოლოოდ დამოკიდებულია იმაზე, რასაც შეიძლება „სულიერ გონივრულობა“ ვუწოდოთ. სულიერი გონივრულობა არის თქვენი ცხოვრების ისე წარმართვის უნარი, რომ მან სინამდვილისა და საკუთარი თავის ღრმა ფილოსოფიური და მეტაფიზიკური გაგება ასახოს. ბუდისტური წერილები გვეუბნებიან ისეთი სახის სულიერ სიბრძნეზე, როგორიცაა „პრაჯნაფარამიტე“. ორგანიზებული ეკლესიების დოგმატებისგან განსხვავებით, განცდებში თვითჩაწვდომის პროცესში შეძენილ სულიერ გონივრულობას ძალუძს დაძლიოს და გააუქმოს მატერიალისტური მეცნიერების მეცნიერული მსოფლმხედველობა. ამავე დროს, იგი არანაკლებ ეფექტურია, როგორც ინსტრუმენტი, რომელსაც შეუძლია წინააღმდეგობა გაუწიოს ორგანიზებული რელიგიების უსარგებლო დოგმებს.

თუ გსურთ დააფასოთ ჩვენი შრომა და დაეხმაროთ ჩვენს ვებ-გვერდს ამ და სხვა წიგნების თარგმნაში, ნებისმიერი თანხა შეგიძლიათ ჩარიცხოთ ამ რეკვიზიტებზე: 

საქართველოს ბანკი: GE04BG0000000621532700
TBC ბანკი: GE30TB7154245061100005
მიმღები: მამუკა გურული 
პირადი ნომერი: 35001029103 

ასევე შეგიძლიათ გადმორიცხოთ საზღვარგარეთიდან ნებისმიერი გზავნილის სისტემით.

წიგნის თავები


იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff