ადამიანის ძალადობისა და სიხარბის ფესვები
ადამიანის ძალადობისა და სიხარბის ფესვები
წიგნის დარჩენილი ნაწილი თარგმნა ნესტან არქანიამ
ხედვა სულიერებასა და ფსიქიკაზე
ცნობიერების ჰოლოტროპული მდგომარეობების შესწავლის შედეგად უამრავი დაკვირვება დაგროვდა, რომლებმაც მკვეთრად შეცვალა ადამიანის ჯანმრთელი და დაავადებული ფსიქიკის აღქმა. მრავალი ამ აღმოჩენის მნიშვნელობა ინდივიდუალური ფსიქოლოგიის ჩარჩოებს სცილდება და, როგორც ჩანს, ეს აღმოჩენები ამჟამინდელი გლობალური კრიზისის მასშტაბების ღრმა გაგების საშუალებას იძლევა (რომელიც აქამდე უგულებელყოფილი იყო) და გვთავაზობს სტრატეგიებს, რომელთა მის შესამცირებლად გამოყენება შესაძლებელია. ამ ნაშრომში მე ვცდილობ განვსაზღვრო ახალი ხედვა, იმ ორ სტიქიურ ძალაზე განსაკუთრებული ყურადღების მიქცევით, რომლებიც უხსოვარი დროიდან დღემდე კაცობრიობის ისტორიას მართავდნენ: მიდრეკილება აღვირახსნილი ძალადობისა და გაუმაძღარი სიხარბისკენ. მასობრივი განადგურების იარაღის შემუშავების, მოსახლეობის შეუნელებელი ზრდის, ბუნებრივი რესურსების უწყვეტად მზარდი მტაცებლობისა და სამრეწველო დაბინძურების ზრდის გამო, ღმერთის ეს ორი სასჯელი საფრთხეს უქმნის კაცობრიობის და სიცოცხლის სხვა სახეობების გადარჩენას ჩვენს პლანეტაზე.
ძალადობა და სიხარბე კაცობრიობის ისტორიაში
საუკუნეების განმავლობაში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მომხდარი სისასტიკის რაოდენობა და ხარისხი, რომელთა უმეტესობაც ღვთის სახელით იყო ჩადენილი, ნამდვილად ძნელად წარმოსადგენი და გასააზრებელია. მილიონობით ჯარისკაცი და რიგითი ადამიანები, დროთა მანძილზე, კლავდნენ ერთმანეთს ომებსა და რევოლუციებში ან სხვა სახის ბოროტმოქმედების გზით. ალექსანდრე მაკედონელმა თავისი არნახული ლაშქრობის დროს გაანადგურა სპარსელთა იმპერია და დაიპყრო ყველა სახელმწიფო მაკედონიიდან ინდოეთამდე. საერო და რელიგიური პრეტენზიულობა, რომის იმპერიის გაფართოებიდან დაწყებული, ისლამისა და ჯვაროსნული ლაშქრობების გავრცელებამდე, მხოლოდ და მხოლოდ ხმლისა და ცეცხლის დაუნდობელ გამოყენებაში იყო განსახიერებული. ძველი რომის არენაზე უამრავი ქრისტიანი შეეწირა პოპულარული სანახაობით ხალხთა მასების გართობას.
ასობით ათასი უდანაშაულო მსხვერპლი აწამეს, სიკვდილით დასაჯეს ან ცოცხლად დაწვეს შუა საუკუნეების ინკვიზიციის აუტოდაფეში (რწმენის აქტებში). ცენტრალურ ამერიკაში, აცტეკების მიერ დამარცხებული ტომების მეომრებს, რომლებიც ბრძოლის დროს არ დაიღუპნენ, სამსხვერპლო საკურთხევლებზე კლავდნენ. მაგრამ აცტეკების სისასტიკეს ვერ შეედრება ესპანელი კონკისტადორების სისხლიანი ავანტიურები. ჩინგიზ ყაენის მონღოლთა ურდოებმა და თემურ ლენგის ლაშქრებმა გადალახეს აზია, გაძარცვეს, მოკლეს, დაწვეს ქალაქები და სოფლები. მაგრამ დიდი ბრიტანეთისა და ევროპის სხვა ქვეყნების კოლონიალური დაპყრობები, ისევე როგორც ნაპოლეონის ომები, ბევრად აღემატება ძალადობისა და დაუოკებელი სიხარბის ამ მაგალითებს.
იგივე სტილით, ყველაფერი მე-20 საუკუნეშიც გაგრძელდა, თანაც ყოველგვარი შესუსტების გარეშე. პირველი მსოფლიო ომის დანაკარგები ათი მილიონი ჯარისკაცითა და ოცი მილიონი მშვიდობიანი მოქალაქით განისაზღვრებოდა. რამდენიმე მილიონი ადამიანი ომის შედეგად გამოწვეული ეპიდემიებისა და შიმშილისგან დაიღუპა. მეორე მსოფლიო ომში დანაკარგები დაახლოებით ორჯერ მეტი იყო. მე-20 საუკუნეში ნაცისტური გერმანიის დაპყრობითი პოლიტიკისა და ჰოლოკოსტის საშინელებების, აღმოსავლეთ ევროპაზე სტალინის უპასუხისმგებლო ბატონობის გავრცელებისა და „არქიპელაგი გულაგის“, კომუნისტურ ჩინეთში სამოქალაქო ტერორის მოწმენი გავხდით. ამას შეიძლება დავუმატოთ სამხრეთ ამერიკის დიქტატურების, ტიბეტში ჩინელების მიერ მოწყობილი არაადამიანობა და გენოციდის მსხვერპლი და სამხრეთ აფრიკის აპარტეიდის სისასტიკეები. ომები კორეასა და ვიეტნამში, ახლო აღმოსავლეთში, ხოცვა იუგოსლავიასა და რუანდაში - მხოლოდ იმ უაზრო სისხლიანი ხოცვა-ჟლეტის კიდევ რამდენიმე მაგალითია, რომელთა მომსწრენი გავხდით ბოლო 100 წლის განმავლობაში.
ადამიანურმა სიხარბემ ასევე იპოვა გამოხატვის ახალი, ნაკლებად ძალადობრივი ფორმები კაპიტალისტური ეკონომიკის, რომელიც მთავარ მნიშვნელობას მთლიანი ეროვნული პროდუქტის ზრდას ანიჭებს, ფილოსოფიისა და სტრატეგიის სახით, „შეუზღუდავი ზრდის“, შეუცვლელი ბუნებრივი რესურსების დაუნდობელი ძარცვის, საქონლის პრესტიჟული მოხმარებისა და „დაგეგმილი მოძველების“ სახით. უფრო მეტიც, ბევრი რამ ამ დამანგრეველ ეკონომიკურ პოლიტიკაში, რომელიც კატასტროფული ეკოლოგიური შედეგების მომტანია, მიმართულია მუდმივად მზარდი დამანგრეველი ძალის მქონე შეიარაღების წარმოებისკენ.
სიხარბე
ადამიანის სიცოცხლისა და ისტორიის მამოძრავებელი ძალის, დაუოკებელი სიხარბის პერსონიფიკაცია, ჰოლოტროპული სუნთქვის სეანსიდან (ანნე ხეივიკ)
სამხედრო ჩარევა ლიბანში, რომელიც გამოსახულია როგორც იმქვეყნიურ სამყაროში შესვლა
განკითხვის დღის სცენარები, რომლებიც ჩვენი პლანეტის სიცოცხლეს საფრთხეს უქმნის
წარსულში ძალადობასა და სიხარბეს ტრაგიკული შედეგები ჰქონდა უშუალოდ შინაომებში ჩართული ადამიანებისთვის და მხოლოდ მათი ოჯახის წევრებისთვის. თუმცა, ისინი საფრთხეს არ უქმნიდნენ ზოგადად კაცობრიობის ევოლუციას და, რა თქმა უნდა, საფრთხეს არ წარმოადგენდნენ პლანეტის ეკოსისტემისა და ბიოსფეროსათვის. ყველაზე გამანადგურებელი ომების შემდეგაც კი, ბუნებას ჰქონდა ყველა შედეგის გამოსწორების და რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში სრულად აღდგენის უნარი. მე-20 საუკუნის განმავლობაში კი ეს ვითარება ძირფესვიანად შეიცვალა. დაჩქარებულმა ტექნოლოგიურმა პროგრესმა, წარმოების ექსპონენციალურმა ზრდამ, მოსახლეობის უზარმაზარმა მატებამ და, რაც მთავარია, ბირთვული ენერგიის აღმოჩენამ, სამუდამოდ მოუღო ბოლო აქამდე არსებულ წონასწორობას.
ამ საუკუნეში, ერთი ათწლეულის განმავლობაში, ან თუნდაც ერთი წლის განმავლობაში, ჩვენ უფრო მნიშვნელოვანი სამეცნიერო და ტექნოლოგიური მიღწევების მომსწრენი ვხდებით, ვიდრე წინა საუკუნის ისტორიული ეპოქის ადამიანები მთელი ასწლეულის განმავლობაში აღწევდნენ. ამის მიუხედავად, ამგვარმა შთამბეჭდავმა ინტელექტუალურმა წარმატებებმა თანამედროვე კაცობრიობა გლობალური კატასტროფის პირას მიიყვანა, რადგან მათ არ ახლდა შესაფერისი ემოციური და ზნეობრივი სიმწიფის ზრდა. ჩვენ გვაქვს საეჭვო უპირატესობა იმისა, რომ ბუნებრიობის ისტორიაში პირველი სახეობა აღმოვჩნდეთ, რომელმაც მიაღწია საკუთარი თავისა და მთელი პლანეტის ცხოვრების მიმდინარეობის ციკლის განადგურების შესაძლებლობას.
კაცობრიობის ინტელექტუალური ისტორია წარმოუდგენელი გამარჯვების ისტორიაა. ჩვენ შევძელით ბირთვული ენერგიის საიდუმლოებებში ჩაწვდომა, მთვარეზე და მზის სისტემის ყველა პლანეტაზე კოსმოსური ხომალდების გაგზავნა, ვისწავლეთ თუ როგორ უნდა გადავცეთ ბგერები და ფერადი გამოსახულებები დედამიწის გარშემო, შევძელით დნმ კოდის გატეხვა და კლონირებისა და გენური ინჟინერიის ექსპერიმენტების ჩატარება. ამავდროულად, ეს მაღალი ტექნოლოგიები გამოიყენება პირველყოფილი ემოციების და ინსტინქტური მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად, რომლებიც დიდად არ განსხვავდება ქვის ხანაში ადამიანის ქცევის მამოძრავებელი მოთხოვნილებებისგან.
წარმოუდგენელი თანხები დაიხარჯა გამალებული შეიარაღების უგუნურობაში, თუმცა არსებული ბირთვული იარაღის არსენალის მცირე ნაწილის გამოყენებაც კი საკმარისია დედამიწაზე სიცოცხლის გასანადგურებლად. ათობით მილიონი ადამიანი დაიღუპა ორ მსოფლიო ომში და იდეური, ეთნიკური, რელიგიური თუ ეკონომიკური მიზეზების გამო მომხდარ სხვა უამრავ მძაფრ შეტაკებაში. ასი ათასობით ადამიანი სასტიკად აწამა სხვადასხვა ტოტალიტარული რეჟიმის საიდუმლო პოლიციამ. დაუოკებელი სიხარბე უბიძგებს ხალხს სარგებლიანობისკენ გაცხარებული სწრაფვისკენ და პირადი ქონების შეძენისკენ, ყველა გონივრულ ზღვარს მიღმა. ამ სტრატეგიამ გამოიწვია მდგომარეობა, როდესაც ბირთვული ომის აჩრდილის გარდა, კაცობრიობას ქვეყნიერების დასასრულის რამდენიმე ნაკლებად სანახაობრივი, მაგრამ მზაკვრული და უფრო პროგნოზირებადი სცენარი ემუქრება.
მათ შორის: ნიადაგის, წყლისა და ჰაერის საწარმოო დაბინძურება, ბირთვული ნარჩენების და კატასტროფების საშიშროება, ოზონის შრის განადგურება, სათბურის ეფექტი ატმოსფეროში და გლობალური დათბობა, ტყის შეუბრალებელი განადგურებისა და ოკეანის პლანქტონის მოწამვლის გამო ჟანგბადის მარაგების შესაძლო შემცირება პლანეტაზე და საკვებსა და სასმელებში ტოქსიკური დანამატების საშიშროება. ამას შეიძლება დაემატოს გარკვეული რაოდენობის ნაკლებად აპოკალიფსური ხასიათის, მაგრამ არანაკლებ გამანადგურებელი შედეგები, როგორიცაა ბიოლოგიური სახეობების გაუჩინარება, რომელიც ასტრონომიული სიჩქარით მიმდინარეობს, მსოფლიო მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილის უსახლკარობა და შიმშილი, ოჯახის დაშლა და მამობისა და დედობის აღმოფხვრა, სულიერი ღირებულებების გაქრობა, იმედისა და დადებითი მომავლის მოლოდინის არარსებობა, ბუნებასთან არსებითი კავშირის დაკარგვა და საყოველთაო განრიდება. და როგორც ზემოხსენებული მიზეზების შედეგი, კაცობრიობა დღესდღეობით ბირთვული და ეკოლოგიური კატასტროფის პირას ქრონიკულ ტანჯვაში ცხოვრობს მანამ, სანამ ზღაპრული ტექნოლოგიის ფლობა არ მიუახლოებს მას სამეცნიერო ფანტასტიკის სამყაროს.
თანამედროვე მეცნიერებამ ისეთი ქმედითი საშუალებები შეიმუშავა, რომლებმაც შეუძლია მსოფლიოში დღეს არსებული მწვავე პრობლემების დიდი ნაწილის გადაჭრა: უმეტესობა დაავადებების დამარცხება, შიმშილისა და სიღარიბის აღმოფხვრა, სამრეწველო ნარჩენების შემცირება და დამღუპველი წიაღისეული საწვავის ჩანაცვლება სუფთა ენერგიის განახლებადი წყაროებით. სინამდვილეში, სირთულეები, რომლებიც გზაზე გადაგვეღობა, ეკოლოგიური ან ტექნოლოგიური ბუნების კი არ არის, მათი ღრმა ფესვები ადამიანის პიროვნებიდან მომდინარეობს. სწორედ მათ გამო იქნა ჩადებული წარმოუდგენელი სახსრები უაზრო გამალებულ შეიარაღებაში, ძალაუფლებისთვის და „შეუზღუდავი ზრდისთვის“ ბრძოლაში. ისინი ასევე ხელს უშლიან სარგებლის უფრო მისაღებ განაწილებას ხალხსა და სახელმწიფოებს შორის, ისევე როგორც მხოლოდ ეკონომიკური და პოლიტიკური შეხედულებებიდან გარემოსდაცვითი პრიორიტეტებისკენ გადართვას, რაც გადამწყვეტია ჩვენს პლანეტაზე სიცოცხლის შესანარჩუნებლად.
გლობალური კრიზისის სულიერი და ფსიქიკური ფესვები
დიპლომატიური მოლაპარაკებები, ადმინისტრაციული და საკანონმდებლო ზომები, ეკონომიკური და საზოგადოებრივი სანქციები, სამხედრო შემოჭრა და სხვა მსგავსი ძალისხმევა ძალიან მცირე წარმატებას აღწევს, რადგან ფაქტია, რომ ისინი ზოგჯერ ბევრად უფრო მეტ სირთულეს ქმნიან, ვიდრე წყვეტენ. უფრო და უფრო ცხადი ხდება, რომ ისინი განწირულნი წარუმატებლობისთვის არიან. ამ კრიზისის შემსუბუქებისკენ გამიზნული სტრატეგიები სათავეს იღებს სწორედ იმ მსოფლმხედველობიდან, რომელმაც პირველად წარმოშვა იგი. ზედმიწევნითი დაკვირვების დროს, ამჟამინდელი გლობალური კრიზისი, თავდაპირველად, სულიერ-ფსიქიკური კრიზისია, რადგან იგი კაცობრიობის ცნობიერების ევოლუციის დონეს ასახავს. ამიტომ ძნელი წარმოსადგენია, რომ იგი შეიძლება მოგვარდეს კაცობრიობის ძირფესვიანი შინაგანი გარდაქმნის გარეშე ფართო მასშტაბით და ემოციური სიმწიფისა და სულიერი ცნობიერების მაღალ დონეზე ასვლის გარეშე.
სრულიად განსხვავებული ღირებულებებითა და მიზნებით კაცობრიობის შთაგონების ამოცანა შეიძლება ცხოვრებისაგან ძალიან მოწყვეტილი და უტოპიური ჩანდეს იმისათვის, რომ რაიმე რეალური იმედი ჩაგვინერგოს. თუ გავითვალისწინებთ ძალადობის და სიხარბის პირველხარისხოვან როლს კაცობრიობის ისტორიაში, მაშინ თანამედროვე კაცობრიობის გარდაქმნის შესაძლებლობა იმ ადამიანთა სახეობად, რომელთაც შეეძლებათ მშვიდობიანი თანაცხოვრება მათ თანამოძმეებთან, განურჩევლად რასისა, კანის ფერისა, რელიგიური და პოლიტიკური შეხედულებებისა, რომ არაფერი ვთქვათ სხვა სახეობებზე, რა თქმა უნდა არც ისე დამაჯერებლად გამოიყურება. ჩვენ ვდგავართ კაცობრიობაში ღრმა ზნეობრივი ფასეულობების დანერგვის, სხვისი საჭიროებებისადმი მგრძნობელობის, ნებაყოფლობითი სიმარტივის აღიარებისა და ეკოლოგიური იმპერატივების მკაფიო გაცნობიერების აუცილებლობის წინაშე. ერთი შეხედვით, ასეთი ამოცანა ძალიან ძნელი წარმოსადგენია სამეცნიერო ფანტასტიკის ფილმისთვისაც კი.
თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ სიტუაცია ძალზე სერიოზულია და კრიტიკულიც კი, ის არც ისე უიმედოა, როგორც გვეჩვენება. 40 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ჰოლოტროპული მდგომარეობების დაძაბული კვლევის შედეგად მივედი დასკვნამდე, რომ თეორიული ცნებები და პრაქტიკული მიდგომები, რომლებიც ტრანსპერსონალური ფსიქოლოგიის მიერ არის შემუშავებული - იმ დისციპლინის მიერ, რომელიც ცდილობს სულიერების დაკავშირებას დასავლურ მეცნიერებაში წარმოქმნილ ახალ პარადიგმასთან, - დაგვეხმარება იმ კრიზისის შემსუბუქებაში, რომლის წინაშე ჩვენ ყველანი აღმოვჩნდით. ამ კვლევების მონაცემები ცხადჰყოფს, რომ კაცობრიობის ძირეული სულიერი და ფსიქოლოგიური გარდაქმნა არა მხოლოდ შესაძლებელია, არამედ უკვე ხდება. საკითხავია მხოლოდ ის, შეიძლება თუ არა ის საკმარისად სწრაფი და ყოვლისმომცველი იყოს იმისათვის, რომ შეცვალოს თანამედროვე კაცობრიობის თვითგანადგურებისკენ მიმართული გეზი.
სამი შხამი ტიბეტური ბუდიზმის მიხედვით
მოდით, შევხედოთ ცნობიერების ჰოლოტროპული მდგომარეობების შესწავლისას მომხდარ თვალთახილვათა თეორიულ განზოგადებას, და მათ სასარგებლო გავლენას ჩვეულებრივ ცხოვრებაზე. შეიძლება თუ არა ახალი ცოდნის გამოყენება ისე, რომ ჩვენი ცხოვრება უფრო ნაყოფიერი და ღირსეული გავხადოთ? როგორ შეუძლია თანმიმდევრულ თვითშეგნებას, რომელიც იზიდავს ჰოლოტროპულ მდგომარეობებს, გააუმჯობესოს ჩვენი ემოციური და ფიზიკური კეთილდღეობა და პიროვნების სასიკეთო გარდაქმნის, სამყაროს ხედვისა და ღირებულებების სისტემაში მარგებელი ცვლილებების მიზეზი გახდეს? უფრო კონკრეტულად რომ ვთქვათ, როგორ შეუძლია ამ სტრატეგიას წვლილი შეიტანოს გლობალური კრიზისის შერბილებასა და სიცოცხლის გადარჩენაში ჩვენს პლანეტაზე?
როგორც ჩანს, ყველა საუკუნის სულიერი მასწავლებლები ერთსულოვნებას გამოხატავდნენ იმაში, რომ მხოლოდ მატერიალური მიზნების მიღწევა ვერ მოგვიტანს კმაყოფილებას, არც ბედნიერებას და არც შინაგან სიმშვიდეს. გლობალური კრიზისის სწრაფად გაძლიერება, ზნეობრივი გახრწნა და მზარდი უკმაყოფილება, რომელიც ინდუსტრიულ საზოგადოებებში მატერიალურ სიუხვეს თან ახლავს, ადასტურებს ამ უძველეს ჭეშმარიტებას. მისტიკურ ლიტერატურაში, მგონი, არსებობს ზოგადი ერთსულოვნება იმის შესახებ, რომ კაცობრიობის არსებობის დამაზიანებელი სენის ერთადერთი წამალი არის შინაგანი მოქცევა, საკუთარ სულში პასუხის ძებნა და ღრმა ფსიქო-სულიერი გარდაქმნა. ადვილი მისახვედრია, რომ წარმატებული არსებობის მნიშვნელოვანი წინაპირობაა ზოგადად გონივრულობა - სწავლისა და დამახსოვრების, ფიქრისა და გააზრების, მატერიალურ გარემოზე სათანადო გამოხმაურების უნარი. ბოლოდროინდელი გამოკვლევები განსაკუთრებით ხაზს უსვამენ „მგრძნობელობითი გონივრულობის“ – ჩვენს გარშემო მყოფ ადამიანების მიმართ სწორი გამოხმაურების და ინტერპერსონალურ ურთიერთობებში ადამიანებთან კარგი ურთიერთობის – უნარის მნიშვნელობას. ცნობიერების ჰოლოტროპულ მდგომარეობებზე დაკვირვების მონაცემები ადასტურებს მარადიული ფილოსოფიის ძირითად დებულებას იმაზე, რომ ჩვენი ცხოვრების ხარისხი საბოლოოდ დამოკიდებულია იმაზე, რასაც შეიძლება ეწოდოს „სულიერი გონივრულობა“.
სულიერი გონივრულობა არის თქვენი ცხოვრების ისე წარმართვის უნარი, რომ ის ასახავდეს სინამდვილის და საკუთარი თავის ღრმა ფილოსოფიურ და მეტაფიზიკურ გაგებას. ეს, რა თქმა უნდა, ბადებს კითხვას ფსიქო-სულიერი გარდაქმნის ბუნებაზე, რომელიც აუცილებელია ამ სახის გონივრულობის მისაღწევად, კითხვას იმ ცვლილებების მიმართულობაზე, რომლებიც ჩვენ უნდა განვიცადოთ და იმ საშუალებებზე, რომლებმაც შეიძლება ხელი შეუწყონ ამგვარ განვითარებას. ამ კითხვებზე ძალიან მკაფიო და დაწვრილებითი პასუხი შეგიძლიათ იხილოთ მაჰაინას ბუდიზმის სხვადასხვა სკოლაში.
ჩვენი გადმოცემის საფუძველად აქ შეგვიძლია გამოვიყენოთ ტიბეტის ცნობილი ნახაზი ქსოვილზე (თანგკა), რომელიც ასახავს სიცოცხლის, სიკვდილისა და გარდაქმნის ბრუნვას. მასზე გამოსახულია სიცოცხლის ბორბალი, რომელიც შიშისმომგვრელი სიკვდილის მბრძანებელსუჭირავს ხელში. ბორბალი დაყოფილია ექვს ნაწილად, რომლებიც წარმოადგენს სხვადასხვა ლოკს ანუ სამყაროს, რომლებშიც ჩვენ გარდაქმნა შეგვიძლია. ღმერთების ზეციური სფერო (დევალოკა) ნაჩვენებია როგორც სამყარო, რომელიც განიცდის მეძიებლობას შურიანი ომის სულების სფეროს (ასურლოკა) მხრიდან. მშიერი სულების მხარე (პრეტალოკა) დასახლებულია საწყალი არსებებით, რომლებიც წარმოადგენენ გაუმაძღარ სიხარბეს. მათ უზარმაზარი მუცელი და წარმოუდგენელი მოთხოვნილებები აქვთ, ხოლო პირი ნემსის ყუნწის ზომა აქვთ. ბორბლის დანარჩენი ნაწილი წარმოადგენს ადამიანთა სამყაროს (მანალოკა), ველური ცხოველების სამეფოს (ტირიალოკა) და ჯოჯოხეთს (ნარაკალოკა). ბორბლის შიგნით ორი კონცენტრული წრეა. გარედან გამოსახულია აღმავალი და დაღმავალი ბილიკები, რომელთა გასწვრივ სულები დახეტიალობენ. შიგნითა წრეში ღორი, გველი და მამალია დახატული.
ბორბლის შუაში მყოფი ცხოველები წარმოადგენენ „სამ შხამს“, ანუ სამ ძალას, რომლებიც ბუდისტური სწავლების თანახმად, უსასრულოდ ახანგრძლივებენ დაბადების და სიკვდილის ციკლს და პასუხს აგებენ ჩვენს ცხოვრებაში არსებულ ყველა ტანჯვაზე. ღორი მოასწავებს უმეცრებას სინამდვილის ბუნებისა და ჩვენი საკუთარი ბუნების მიმართ, გველი განასახიერებს სიბრაზესა და მტრობას, ხოლო მამალი - სურვილს და ვნებას, რომელსაც მოყვარულობამდე მივყავართ. ჩვენი ცხოვრების ხარისხი და უნარი გავუმკლავდეთ იმ განსაცდელებს, რომლებიც ცხოვრებას მოაქვს, მნიშვნელოვანწილად დამოკიდებულია იმაზე, რამდენად გაგვაჩნია უნარი იმისა, რომ აღმოვფხვრათ ან გარდავქმნათ ის ძალები, რომლებიც მგრძნობიარე არსებების სამყაროს ამოძრავებს. ახლა კი, მოდით ამ თვალსაზრისით მიზანმიმართული თვითშეგნების მსვლელობას შევხედოთ, რომელშიც ცნობიერების ჰოლოტროპული მდგომარეობებია ჩართული.
პრაქტიკული ცოდნა და უპირატესი სიბრძნე
ყველაზე აშკარა სარგებელი, რაც ჩვენ შეგვიძლია მივიღოთ ღრმა მუშაობით განცდასთან, არის არაჩვეულებრივი ცოდნის მიღება საკუთარი თავსა და სხვა ადამიანების შესახებ, ბუნებასა და სამყაროს შესახებ. ჰოლოტროპულ მდგომარეობებში ჩვენ ვაღწევთ ჩვენი სულის შეუცნობელი მამოძრავებელი ძალების ღრმა გაგებას. ჩვენ აღმოვაჩენთ, თუ როგორ გავლენას ახდენს საკუთარ თავსა და სამყაროს აღქმაზე ჩვილობის ან ბავშვობის დავიწყებული ან განდევნილი მოგონებები, დაბადების ან დაბადებამდე მშობიარობის პერიოდში არსებობის მეხსიერება. გარდა ამისა, ტრანსპერსონალურ განცდებში ჩვენი გაიგივება ხდება სხვა ადამიანებთან, სხვადასხვა ცხოველებთან, არაორგანული სამყაროს მცენარეებსა და სტიქიებთან. ამგვარი განცდები წარმოადგენს გონების უნიკალური გაბრწყინების და ვარაუდების უაღრესად მდიდარ წყაროს იმ სამყაროს შესახებ, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ, მათ შეუძლია ძირეულად შეცვალონ სამყაროს ჩვენებური ხედვა.
ბოლო წლების განმავლობაში ბევრმა ავტორმა ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ გლობალური კრიზისის ზრდის მნიშვნელოვანი მიზეზი გახდა ნიუტონ-კარტეზიანული პარადიგმა და მონისტური მატერიალიზმი, რომლებიც დასავლურ მეცნიერებაში ბოლო სამასი წლის განმავლობაში ბატონობდნენ. აზროვნების ეს გზა გულისხმობს მკვეთრ გაორებას გონებასა და ბუნებას შორის და ასახავს სამყაროს, როგორც გიგანტურ ზე-მანქანას, რომელიც მთლიანად წინასწარ განსაზღვრული და მართვადია მექანიკის კანონებით. კოსმოსის, როგორც მექანიკური სისტემის გამოსახულებამ, მცდარი წარმოდგენა გამოიწვია იმაზე, რომ მისი გაგება მხოლოდ მისი ნაწილებად დაყოფით და ყველა ამ ნაწილის შესწავლით არის შესაძლებელი. ეს სერიოზული დაბრკოლება გახდა კითხვების განსახილველად მათი რთული ურთიერთქმედებისა და მთლიანობის თვალსაზრისით.
გარდა ამისა, დასავლეთის მეცნიერებამ მატერიის ამაღლებით სამყაროს ყველაზე მნიშვნელოვანი საწყისის მდგომარეობამდე აყვანით, სიცოცხლე, ცნობიერება და გონება მისი შემთხვევითი თანამდევი პროდუქტების მდგომარეობამდე დაიყვანა. ამ პირობის თანახმად ადამიანები აღმოჩნდნენ, სხვა არაფერი თუ არა, უბრალოდ მაღალგანვითარებული ცხოველები. ამან გამოიწვია დაპირისპირების, არსებობისათვის ბრძოლისა და დარვინისეული „ყველაზე უკეთ შეგუებულთა გადარჩენის“ აღიარება, როგორც ადამიანთა საზოგადოების მთავარი საწყისებისა. გარდა ამისა, ბუნების, როგორც არაცნობიერის აღწერამ, ადამიანის მიერ მისი უმოწყალო ექსპლუატაცია გაამართლა, ფრენსის ბეკონის მიერ არაჩვეულებრივად ენაწყლიანად გადმოცემული პროგრამის შესაბამისად (Bacon, 1870).
ფსიქოანალიზმა ადამიანების პესიმისტური სურათი შექმნა, როგორც ისეთი არსებებისა, რომლის პირველადი მამოძრავებელი ძალები ცხოველური ინსტინქტებია. ფროიდის თანახმად, რომ არა სოციალური შედეგების შიში, და „ზე-მეს“ შეკავება (მშობლებისგან შეთვისებული აკრძალვები და მითითებები), განურჩევლად ჩავიდენდით მკვლელობებს და ძარცვას, ინცესტს და აღვირახსნილ განურჩეველ სექსუალურ ურთიერთობებს ავყვებოდით (Freud, 1961). ადამიანის ბუნების ამ სურათს დროებითი სტრატეგიების კატეგორიების ან გულუბრყვილო უტოპიური ფანტაზიების ჯგუფში დაჰყავს ისეთი ცნებები, როგორიცაა ამხანაგობა, ურთიერთდახმარება, ურთიერთპატივისცემა და მშვიდობიანი თანამშრომლობა, რომლებსაც, სანამ მომგებიანია, იყენებენ, შემდეგ კი - უგულებელყოფენ. ადვილი მისახვედრია, რომ სწორედ ასეთმა წარმოდგენებმა და მათთან დაკავშირებულმა ღირებულებების სისტემამ შეუწყო ხელი კრიზისის შექმნას, რომლის წინაშეც დღეს ყველანი აღმოვჩნდით.
ცნობიერების ჰოლოტროპული მდგომარეობის დროს გონების გაბრწყინებამ მყარი მტკიცებულება მოგვცა იმისათვის, რომ სამყარო, ბუნება და ხალხი სრულიად განსხვავებულად გავიგოთ. განცდების საშუალებით მათ დაადასტურეს ინფორმაციის თეორიისა და სისტემების თეორიის დამფუძნებლების მიერ შემუშავებული ცნებები, რომლებმაც აჩვენეს, რომ ჩვენი პლანეტა და მთელი სამყარო ერთიანი და ურთიერთდაკავშირებული ქსელია, რომლის განუყოფელი ნაწილი თითოეული ჩვენთაგანია (Bateson, 1979; სარგა, 1996). ჰოლოტროპულ მდგომარეობებში ჩვენ შეგვიძლია შევიძინოთ ღრმად განცდილი ცოდნა მატერიალური სინამდვილის სხვადასხვა მხარის, მათი ურთიერთდამოკიდებულების და ერთიანობის შესახებ, რომელიც სამყაროს მოჩვენებით განცალკევებულობას უდევს საფუძვლად. თუმცა, ტიბეტურ თანგკებზე ღორის სახით განსახიერებული უმეცრება არ წარმოადგენს ცოდნის არარსებობას ან ნაკლებობას ჩვეულებრივი გაგებით. ის ნიშნავს არა მხოლოდ არასწორ ცნობებს მატერიალური სამყაროს სხვადასხვა მხარეების შესახებ, არამედ ბევრად უფრო ღრმა და ძირეული თვისების არცოდნას.
უმეცრების ისეთი სახე, რაც აქ იგულისხმება (ავიდია) არის სინამდვილის ბუნებისა და ჩვენი საკუთარი არსის ძირეული არგაგება და შეცდენა. ამ სახის უმეცრების ერთადერთი წამალია უზენაესი სიბრძნე (პრადჟნიაპარამიტა). ამ თვალსაზრისით, არსებითად მნიშვნელოვანი, რომ ჰოლოტროპულ მდგომარეობებთან შინაგანი მუშაობა გაცილებით მეტს გვთავაზობს, ვიდრე უბრალოდ მატერიალური სამყაროს შესახებ ჩვენი ცოდნის გაზრდას, გაღრმავებას ან შესწორებას. ეს ასევე ერთადერთი გზაა უპირატესი ძალის საკითხების თაობაზე სიღრმისეული ცოდნის მისაღებად.
ამგვარი მტკიცებულებების გათვალისწინებით, ცნობიერება არ არის ტვინის ფიზიოლოგიური პროცესების პროდუქტი, არამედ არსებობის პირველადი თვისებაა. კაცობრიობის ღრმა ბუნება არ არის მხეცური, არამედ ღვთიურია. სამყარო გაჯერებულია შემოქმედებითი გონებით, ცნობიერება კი განუყოფლად არის ჩაქსოვილი მის ქსოვილში. ჩვენი გაიგივება ცალკეულ სხეულებრივ მე-სთან არის უბრალო ცდუნება, ჩვენი ნამდვილი იგივეობა კი – სიცოცხლის სისრულეა. ეს გაგება ცხოვრებისადმი პატივისცემის, თანამშრომლობისა და ურთიერთდახმარებისათვის ბუნებრივ საფუძველს წარმოადგენს, კაცობრიობის და მთლიან პლანეტაზე ზრუნვისა და ღრმა ეკოლოგიური შეგნების მიზნით.
ადამიანის დესტრუქციულობის ანატომია
მოდით იგივენაირად შევხედოთ მეორე „შხამს“ – ადამიანის მიდრეკილება მტრული დამოკიდებულებისკენ. მტრული ქცევის თანამედროვე გამოკვლევა გასული საუკუნის შუა პერიოდში დაიწყო, ჩარლზ დარვინის ეპოქალური აღმოჩენებით ევოლუციის დარგში (Darwin, 1952). ადამიანის მტრული დამოკიდებულების ცხოველური წარმოშობით ახსნის მცდელობამ ისეთი თეორიული ცნებები წარმოშვა, როგორიცაა დესმონდ მორისის „შიშველი მაიმუნი“ (Morris, 1967), რობერტ არდრეის „ტერიტორიული იმპერატივი“ (Ardrey, 1961), პოლ მაკლინის „სამეული ტვინი“ (MacLean, 1973) და რიჩარდ დოუკინსის სოციოლოგიური განმარტებები, რომლებიც მტრობას „თავკერძა გენების“ გენეტიკური სტრატეგიების ენით ხსნის (Dawkins, 1976). ეთიოლოგიის ისეთი ნოვატორების, როგორიცაა კონრად ლორენცი, ნიკოლაას ტინბერგენი და სხვების მიერ შემუშავებული უფრო მოხდენილი ქცევითი მოდელები ინსტიქტების მნიშვნელოვნობის მექანიკურ საყრდენს ავსებდნენ რიტუალისტული და სამოტივაციო შემადგენლების შესწავლით (Lorenz, 1963; Tinbergen, 1965).
ნებისმიერი თეორია, რომელიც ამტკიცებს, რომ ადამიანის მიდრეკილება ძალადობისკენ უბრალოდ ასახავს ჩვენს ცხოველურ წარმოშობას, არასარწმუნო და არადამაჯერებელია. იშვიათი გამონაკლისის გარდა, როგორიცაა შიმპანზეების მიერ საკუთარი სახეობის წარმომადგენლებზე დროდადრო განხორციელებული მძაფრი თავდასხმები (Wrangham and Peterson, 1996), ცხოველები არ ნადირობენ საკუთარი სახეობის წარმომადგენლებზე. ისინი მტრულ დამოკიდებულებას ავლენენ მაშინ, როდესაც მშივრები არიან, იცავენ თავიანთ ტერიტორიას ან ეჯიბრებიან შთამომავლობის დატოვების უფლებაში. ადამიანის ძალადობის ხასიათსა და მასშტაბების მსგავსი ძალადობა - ერიხ ფრომის „საზიანო მტრობა“ - ცხოველთა სამყაროში ვერ მოიძებნება (Fromm, 1973). იმის გაცნობიერებამ, რომ ადამიანის მტრობა ნამდვილად ვერ აიხსნება, როგორც ფილოგენეტიკური ევოლუციის ნაყოფი, გამოიწვია ფსიქოდინამიკური და ფსიქოსოციალური თეორიების წარმოშობა, რომლებიც თვლიან, რომ ადამიანის მტრული ურთიერთობების დიდი ნაწილი - კეთილშენაძენი მოვლენებია. ეს მიმართულება 30-იანი წლების ბოლოს გაჩნდა და საფუძველი დოლარდისა და მილერის ნამუშევრით (Bollard et al, 1939) ჩაეყარა.
ძალადობის ბიოგრაფიული სათავეები
ფსიქოდინამიკური თეორიები ცდილობენ ახსნან განსაკუთრებული, მხოლოდ ადამიანისთვის დამახასიათებელი მტრობა, როგორც პასუხი იმედგაცრუებაზე, არასათანადო მოპყრობაზე და სიყვარულის ნაკლებობაზე ჩვილობასა და ბავშვობაში. ამასთან, ამგვარი განმარტებები სრულიად მიუსადაგებელი ხდება ინდივიდუალური ძალადობის უკიდურესი ფორმების ინტერპრეტაციის დროს, როგორიცაა ბოსტონის მახრჩობელას ან ჯეფრი დაგმერის მიერ ჩადენილი სერიული მკვლელობები, ან განურჩეველი მრავალჯერადი მკვლელობები, მაგალითად ამოკის დროებითი გაცოფება. ამჟამინდელი ფსიქოდინამიკური და ფსიქოსოციალური თეორიები კიდევ უფრო ნაკლებად დამაჯერებელია, როდესაც ისინი ცდილობენ ახსნან მთელი ჯგუფების მიერ ჩადენილი სისასტიკეები, მაგალითად, შერონ ტეიტის მკვლელები, ან ციხის ბუნტის დროს ჩადენილი ბოროტმოქმედება. ისინი ასევე სრულიად დაუსაბუთებელი ხდება, როდესაც ცდილობენ ახსნან ისეთი მასშტაბური საზოგადოებრივი მოვლენები, რომლებიც მთელ სახელმწიფოებს შთანთქავს, როგორიცაა ნაციზმი, კომუნიზმი, სისხლიანი ომები, რევოლუციები, გენოციდი და საკონცენტრაციო ბანაკები.
ბოლო რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში ფსიქოდელიურმა გამოკვლევებმა და განცდების ღრმა ფსიქოთერაპიამ გაცილებით მეტი შუქი მოჰფინა ადამიანის მტრული განწყობის საიდუმლოს. ამ ნაშრომმა ცხადყო, რომ ადამიანის ბუნების ამ იდუმალი და საშიში მხარის ფესვები გაცილებით ღრმა და შთამბეჭდავია, ვიდრე ეს ტრადიციულ ფსიქოლოგიას წარმოედგინა. თუმცა, ამ ნაშრომმა ასევე აღმოაჩინა უაღრესად ქმედითი მიდგომები, რომელთა საშუალებით შესაძლებელია ადამიანის პიროვნების ამ მძვინვარე სტიქიების გაუვნებლება და გარდაქმნა. გარდა ამისა, ეს დაკვირვებები აჩვენებს, რომ მავნე მტრული მოქმედება არ ასახავს ადამიანის ჭეშმარიტ არსს. ის არაცნობიერი მამოძრავებელი ძალების სფეროს უკავშირდება, რომლებიც გვაშორებს ჩვენი უფრო ღრმა თავისებურებისგან. როდესაც ჩვენ გარე პიროვნებით დარგებს მივაღწევთ, რომლებიც ამ ტიხრის მიღმა არსებობს, ვხვდებით, რომ ჩვენი ჭეშმარიტი ბუნება ღვთაებრივია და არა მხეცური.
ძალადობის პერინატალური ფესვები
ყოველგვარი ეჭვგარეშეა ის, რომ „საზიანო მტრობა“ უკავშირდება ახალშობილობასა და ბავშვობაში გადატანილ ტრავმებსა და იმედგაცრუებას. მიუხედავად ამისა, ცნობიერების თანამედროვე კვლევამ ძალადობის მნიშვნელოვანი დამატებითი ფესვები გამოავლინა ფსიქიკის იმ ღრმა კუნჭულებში, რომლებიც მშობიარობის შემდგომი ბიოგრაფიის უკან დგას და ბიოლოგიური მშობიარობის ტრავმას უკავშირდება. სიცოცხლისათვის საშიში საგანგებო გარემოებები, ტკივილი და სულის ხუთვა, რომლებიც ბიოლოგიური მშობიარობის დროს მრავალი საათის განმავლობაში წარმოშობს წარმოუდგენელად უზომო მღელვარებასა და მომაკვდინებელ მტრობას, რაც სხეულში დაგროვილად რჩება. როგორც ადრე ვნახეთ, სხვადასხვა სახის განხრის ფსიქოთერაპიაში დაბადების ხელახალი განცდა მოიცავს არა მხოლოდ თავდაპირველი გრძნობების და შეგრძნებების კონკრეტულ განმეორებას, არამედ, როგორც წესი, უკავშირდება საზოგადოების არაცნობიერის სხვადასხვა განცდებს, რომლებიც წარმოუდგენელი განრისხების სურათებს ასახავს. მათ შორის ხშირად გვხვდება ძალიან შთამბეჭდავი სურათების მწკრივი, რომლებიც ომებს, რევოლუციებს, რასობრივ ამბოხებებს, საკონცენტრაციო ბანაკებს, ტოტალიტარიზმს და გენოციდს ასახავს.
მსგავსი ხატოვნების უნებლიე გამოჩენა დაბადების განმეორებით განცდის დროს, ხშირად უკავშირდება ადამიანის ძალადობის ამ უკიდურესი სახეობების პერინატალური წყაროების დამაჯერებელ ღრმა ხედვას. რა თქმა უნდა, ომები და რევოლუციები უკიდურესად რთული მოვლენაა, რომლებსაც ისტორიული, ეკონომიკური, პოლიტიკური, რელიგიური და სხვა განზომილებები აქვს. ჩვენი მიზანი იმაში კი არ მდგომარეობს, რომ შემოგთავაზოთ რაიმე გამარტივებული განმარტება, რომელიც სხვა დანარჩენს ჩაანაცვლებს, არამედ შემოგთავაზოთ საზოგადოებრივი ფსიქოპათოლოგიის ამ სახეობების ფსიქოლოგიური და სულიერი განზომილებების ახალი დამატებითი გაგება, რომელიც წინა თეორიებში არ იყო გათვალისწინებული ან მხოლოდ ზედაპირული განმარტება მიიღეს.
ძალადობრივი საზოგადოებრივ-პოლიტიკური მოვლენების სურათები, რომლებსაც თან ახლავს ბიოლოგიური დაბადების განმეორებითი განცდა, როგორც წესი ჩნდება საბაზისო პერინატალურ მატრიცებთან გარკვეულ კავშირში, როგორც მე ამას განცდების რთულ ნიმუშებს ვუწოდებ, რომლებიც დაკავშირებულია დაბადების მიმდინარეობის თანმიმდევრულ სტადიებთან. სანამ ჩვენ საშვილოსნოსშიდა აუღელვებელ არსებობის ეპიზოდებს (ბპმ-1) განვიცდით, როგორც წესი, განვიცდით ადამიანთა საზოგადოებების სურათებს, სადაც სუფევს სრულყოფილი სოციალური წესრიგი, ბუნებასთან სრულ ჰარმონიაში მყოფი კულტურები, ან მომავლის უტოპიური საზოგადოებები, რომელშიც ყველა ძირითადი წინააღმდეგობა უკვე მოგვარებულია. საშვილოსნოსშიდა არსებობის დარღვევები, მაგალითად, მომწამვლელი საშვილოსნო, მუცლის მოწყვეტის საშიშროება ან აბორტის მცდელობები, რომელსაც თან ახლავს სამრეწველო ზონებში მცხოვრები ადამიანთა საზოგადოების გამოსახულებები, სადაც ბუნება დაბინძურებული და მოწამლულია, ან ფარისევლური და მზაკვრული საზოგადოებრივი წყობის და საყოველთაოდ გავრცელებადი პარანოიას მქონე საზოგადოებებში.
შებრუნებითი განცდები, რომლებიც დაბადების პირველ კლინიკურ სტადიას მიეკუთვნება (ბპმ-2), რომლის დროსაც საშვილოსნო პერიოდულად იკუმშება, ხოლო საშვილოსნოს ყელი ჯერ არ გახსნილა, სრულიად საპირისპირო სურათს წარმოადგენს. ისინი ასახავენ მჩაგვრელ და სასტიკ ტოტალიტარულ საზოგადოებებს დახურული საზღვრებით, რომლებიც მსხვერპლად სწირავენ თავიანთ მოსახლეობას და „ახრჩობენ“ პიროვნულ თავისუფლებას, როგორიცაა ცარისტული ან კომუნისტური რუსეთი, ჰიტლერის მესამე რაიხი, საბჭოთა კავშირის აღმოსავლეთ ევროპელი მოკავშირეები, სამხრეთ ამერიკის დიქტატურები და აფრიკული აპარტეიდი, ან ნაცისტური საკონცენტრაციო ბანაკებისა და სტალინის „არქიპელაგ გულაგის“ მცხოვრებთა დეტალურ სურათებს ასახავენ. ხოლო როდესაც ჩვენ ცოცხალთა ჯოჯოხეთის ამ სურათებს განვიცდით, საკუთარ თავს ვაიგივებთ მხოლოდ მსხვერპლთან და ღრმა თანაგრძნობით ვივსებით დაჩაგრულთა და გაუბედურებულთა მიმართ.
მშობიარობის მეორე კლინიკური სტადიის (ბპმ-3) თანმხლები ხელახალი განცდა, როდესაც საშვილოსნოს ყელი ფართოვდება და მიმდინარე შეკუმშვა უბიძგებს ნაყოფს სამშობიარო არხების ვიწრო გასასვლელისკენ, განრისხების სურათების კაშკაშა ბზინვარებას აჩვენებს: სისხლიანი ომები და რევოლუციები, ხალხის ხოცვა-ჟლეტა ან პირუტყვის დაკვლა, დასახიჩრება, სექსუალური ძალადობა ან მკვლელობები. ხშირად ეს სცენები დემონურ შემადგენელს და საზიზღარ კოპროფილურ თემებს შეიცავს. ბპმ-3-ის დამატებით თანხლებას ცეცხლის ალში მოქცეული ქალაქების, გაშვებული რაკეტების და ბირთვული ბომბების აფეთქების ხშირი სურათები წარმოადგენს. აქ ჩვენ უკვე აღარ შემოვიფარგლებით მსხვერპლის როლით, არამედ ვმონაწილეობთ სამივე როლში: მსხვერპლის, მოძალადის და ემოციურად ჩართული დამკვირვებლის.
მოვლენები, რომლებიც განსაზღვრავს მშობიარობის მესამე კლინიკურ სტადიას (ბპმ-4), ნამდვილი დაბადებისა და დედისგან განშორების დრო, როგორც წესი, უკავშირდება ომებსა და რევოლუციებში გამარჯვების სურათებს, პატიმართა გათავისუფლებისა და საერთო ძალისხმევის წარმატების ისეთ სურათებს, როგორიცაა პატრიოტული ან ნაციონალისტური მოძრაობები. ამ მომენტში, ჩვენ შეგვიძლია აგრეთვე განვიცადოთ გამარჯვების ზეიმების და აღლუმების, ან საოცრად სწრაფი ომის შემდგომი აღდგენის სურათები.
1975 წელს მე აღწერე ეს დაკვირვებები, რომლებიც აკავშირებს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ გადატრიალებებს ბიოლოგიური დაბადების სტადიებთან „ადამიანის არაცნობიერის დარგში“ (Grof, 1975). ამ გამოქვეყნებიდან მალევე მივიღე წერილი ლოიდ დე მოზისგან, ნიუ-იორკის ჟურნალისტისა და ფსიქოანალიტიკოსისგან. დე მოზი ფსიქოისტორიის ერთ-ერთი ფუძემდებელია, დისციპლინისა, რომელიც სიღრმისეული ფსიქოლოგიის აღმოჩენებს იყენებს ისტორიასა და პოლიტიკურ მეცნიერებაში. ფსიქოისტორიკოსები შეისწავლიან ისეთ საკითხებს, როგორიცაა პოლიტიკური ლიდერების ბავშვობის ისტორიებს, მათ ღირებულებათა სისტემებსა და გადაწყვეტილებების მიღების მიმდინარეობებს შორის კავშირი, ან ბავშვის აღზრდის წეს-ჩვეულებების გავლენა რევოლუციების ბუნებაზე გარკვეულ ისტორიულ პერიოდებში. ლოიდ დე მოზს ძალიან აინტერესებდა ჩემი აღმოჩენები დაბადების ტრავმასთან და მის შესაძლო პოლიტიკურ შედეგებთან დაკავშირებით, იმის გამო, რომ ისინი მისი საკუთარი კვლევის დამოუკიდებელ დადასტურებას იძლეოდა.
გარკვეული დროის განმავლობაში დე მოზი დაკავებული იყო ომების და რევოლუციების წინა პერიოდების ფსიქოლოგიური თავისებურებების შესწავლით. იგი დაინტერესდა, თუ როგორ მოახერხეს სამხედრო ბელადებმა მშვიდობიანი მოსახლეობის მასების მობილიზება და, პრაქტიკულად ერთ ღამეში, მკვლელობის მანქანებად მათი გადაქცევა. მისი მიდგომა ამ საკითხისადმი ძალიან გამორჩეული და შემოქმედებითი იყო. ტრადიციული ისტორიული წყაროების შესწავლის გარდა, მან დიდი ფსიქოლოგიური მნიშვნელობის მქონე მონაცემები მოიპოვა კარიკატურებიდან, ხუმრობებიდან, სიზმრებიდან, პირადი ჩანახატებიდან, შენიშვნებიდან, გამომსვლელთა გვერდითი ახსნა-განმარტებებიდან და შავად ნაწერი პოლიტიკური დოკუმენტების ველებზე გაკეთებული მონახაზებსა ან ნაჯღაბნებიდან. იმ დროს, როდესაც მან დამიკავშირდა, ამ მეთოდით მას შესწავლილი ჰქონდა 17 ისტორიული მდგომარეობა, რომელიც წინ უძღოდა ომების დაწყებას და რევოლუციურ არეულობებს მრავალი საუკუნის განმავლობაში - ანტიკური დროიდან უახლეს დრომდე (de Mashe, 1975).
ის გაოცებული იყო ენობრივი კონსტრუქციების, მეტაფორებისა და ბიოლოგიურ დაბადებასთან დაკავშირებული გამოსახულებების არაჩვეულებრივი სიმრავლით, რომლებიც მან ამ მასალაში იპოვა. ყველა ასაკის სამხედრო ბელადები და პოლიტიკოსები კრიტიკული სიტუაციების აღწერისას ან ომის გამოცხადებისას, როგორც წესი, ისეთ სიტყვებს იყენებენ, რომლებიც არანაკლებად მიესადაგება დაბადებასთან დაკავშირებულ ტანჯვას. ისინი ადანაშაულებენ მტერს თავიანთი ხალხის დახრჩობასა და ჩაგვრაში, ფილტვებიდან უკანასკნელი ამოსუნთქვის ამოწურვაში და წაჭერაში და საკმარისი საცხოვრებელი სივრცის შეზღუდვაში (ჰიტლერის „ლებენსრაუმი“).
არანაკლებ ხშირად ნახსენებია ბნელი გამოქვაბულები, გვირაბები, ჩახლართული ლაბირინთები, საშიში უფსკრულები, სადაც შეიძლება მოხვდეს ადამიანი, და მცოცავი ქვიშის ან საშინელი მორევის გადაყლაპვის საფრთხე. ანალოგიურად, კრიზისის შემოთავაზებული გადაწყვეტა პერინატალური სურათების სახით მოდის. ბელადი პირობას დებს, იხსნის საკუთარი ხალხი თვალბედითი ლაბირინთიდან, მიიყვანოს ისინი გვირაბის მეორე ბოლოში შუქისკენ და შექმნას სიტუაცია, როდესაც საშიში დამპყრობელი და მჩაგვრელი დამარცხდება და ყველას შეეძლება კვლავ თავისუფლად ისუნთქოს.
იმ დროს ლოიდ დე მოსეს ისტორიულ მაგალითებში შედიოდა ისეთი ცნობილი პიროვნებები, როგორიცაა ალექსანდრე მაკედონელი, ნაპოლეონი, სემუელ ადამს, კაიზერ ვილჰელმ II, ჰიტლერი, ხრუშოვი და კენედი. სამუელ ადამს, ამერიკის რევოლუციაზე საუბრისას, აღნიშნავდა, რომ „დამოუკიდებლობის ბავშვი ახლა იბრძვის დაბადებისათვის“. 1914 წელს კაიზერ ვილჰელმი ამტკიცებდა, რომ „მონარქიას ყელში მოჭერილი აქვს და ახლა არჩევანის წინაშე დგას: თავის დახრჩობის ნება მისცეს ან უკანასკნელ ამოსუნთქვაში სასოწარკვეთილი ძალისხმევა იღონოს და თავი დაიცვას თავდასხმისგან“.
კარიბების სარაკეტო კრიზისის დროს, ხრუშოვი კენედს სწერდა და მოუწოდებდა, რომ ორი ქვეყანა არ „დაჯახებოდა ერთმანეთს ბრმა თხუნელებივით, რომლებიც გვირაბში სასიკვდილო ბრძოლაში არიან ჩართულნი“. კიდევ უფრო აშკარა იყო დაშიფრული შეტყობინება, რომელიც იაპონიის ელჩმა კურუსუმ გამოიყენა, როდესაც ტოკიოში დარეკა, რათა ენიშნებინა, რომ რუზველტთან მოლაპარაკება შეწყდა და ყველაფერი მზად არის პერლ ჰარბორის დაბომბვისთვის. მან შეატყობინა, რომ „ბავშვის დაბადება მოგველის“ და იკითხა, თუ როგორ ვითარდებოდა საქმეები იაპონიაში: „როგორც ჩანს, ბავშვი შეიძლება დაიბადოს?“ მას უპასუხეს: „დიახ, როგორც ჩანს, ბავშვი მალე დაიბადება“. საინტერესოა, რომ ამერიკული დაზვერვა უსმენდა და გამოიცნო დაშიფვრის მნიშვნელობა - „ომი, როგორც დაბადება“. ყველაზე უახლესი მაგალითები შეიძლება ვიხილოთ უსამა ბენ ლადენის ვიდეო-ჩანაწერში, სადაც იგი ემუქრება შეერთებულ შტატებს „მახრჩობელ ჯოჯოხეთად“ გადაქცევაში, აგრეთვე ამერიკის სახელმწიფო მდივნის კონდოლიზა რაისის სიტყვით გამოსვლისას, რომელმაც ერაყში მწვავე კრიზისი აღწერა როგორც „ახალი შუა აღმოსავლეთის სამშობიარო შეტევები“.
მშობიარობის ენის გამოყენება განსაკუთრებით საშინელი იყო ჰიროსიმაში ატომური ბომბის აფეთქებასთან დაკავშირებით. თვითმფრინავს პილოტის დედის სახელი დაარქვეს - „ენოლა გეი“, ატომურ ბომბს კი ჰქონდა წარწერა „ბიჭუნა“, ხოლო წარმატებული აფეთქების შესახებ ვაშინგტონში გაგზავნილი პირობითი შეტყობინება შემდეგ სიტყვებს შეიცავდა: „ბავშვი დაიბადა“. არც ისე არაბუნებრივი არ იქნებოდა ნაგასაკში ჩამოგდებული ბომბის სახელში ახალშობილზე მინიშნების დანახვა: „მსუქანა“. ჩვენი მიმოწერის შემდეგ, ლოიდ დე მოზმა კიდევ მრავალი ისტორიული მაგალითი შეაგროვა და დახვეწა საკუთარი დებულებები იმის შესახებ, რომ მეხსიერება, რომელსაც ახსოვს დაბადების ტრავმა, მნიშვნელოვან როლს ასრულებს, როგორც ძალადობრივი საზოგადოებრივი საქმიანობისკენ წაბიძგების წყარო.
პოლიტიკური კარიკატურა, რომელიც ბირთვულ ბომბს ორსული ქალის მუცელთან აიგივებს
ბირთვულ ომსა და დაბადებას შორის კავშირი იმდენად მნიშვნელოვანია, რომ მსურს უფრო საგულდაგულოდ განვიხილო ის, და გამოვიყენოთ მონაცემები კეროლ კონის შესანიშნავი სტატიიდან სახელწოდებით „სქესი და სიკვდილი თავდაცვის ინტელექტუალთა რაციონალურ სამყაროში“ (Cohn, 1987). თავდაცვის ინტელექტუალები არიან სამოქალაქო პირები, რომლებიც შედიან შემადგენლობაში და ტოვებენ მთავრობას, ზოგჯერ იკავებენ ადმინისტრაციულ მოხელეთა ან კონსულტანტების თანამდებობებს, ხშირად ასწავლიან უნივერსიტეტებში ან მუშაობენ „გონებრივ ცენტრებში“. ისინი ქმნიან თეორიულ საფუძველს, რომელიც შთააგონებს და აკანონებს ამერიკის შეერთებული შტატების ჩვეულ ბირთვულ სტრატეგიულ პრაქტიკას: როგორ მოხდეს ოსტატურად გამალებული შეიარაღება, როგორ აიცილო ბირთვული იარაღის გამოყენება, როგორ იბრძოლო ბირთვულ ომში, როდესაც დაშინება ვერ ხერხდება და როგორ უნდა ახსნა, თუ რატომ არ არის უსაფრთხო ბირთვული იარაღის გარეშე ცხოვრება.
კეროლ კონი დაესწრო ორკვირიან სემინარს ბირთვული შეიარაღების, ბირთვული სტრატეგიული დოქტრინისა და შეიარაღების კონტროლის საკითხებში. იგი ისე იყო გატაცებული იმით, რაც იქ ხდებოდა, რომ შემდეგი წელი მთლიანად გაატარა თავდაცვის ინტელექტუალების თითქმის მთლიანად მამაკაცურ სამყაროში (რა თქმა უნდა, მდივნების გამოკლებით). ამ ქალბატონმა შეაგროვა ბირთვული ომის პერინატალური განზომილების არსებობის დამადასტურებელი ძალზე საინტერესო ინფორმაცია. მისივე ტერმინოლოგიის თანახმად, ამ დასკვნებმა დაადასტურა „მამაკაცური დაბადების“ და „მამაკაცური ქმნილების“ თემის მნიშვნელობა, როგორც მნიშვნელოვანი ფსიქიკური ძალისა, რომელიც საფუძვლად უდევს ბირთვული ომის ფსიქოლოგიას. იმისათვის, რომ ნათლად აეხსნა საკუთარი მოსაზრება, მან გამოიყენა შემდეგი ისტორიული მაგალითები.
1942 წელს ერნესტ ლოურენსმა ატომური ბომბის შექმნაზე მომუშავე ჩიკაგოს ფიზიკოსთა ჯგუფს გაუგზავნა დეპეშა, რომელშიც ნათქვამი იყო: „ვულოცავ ახალ მშობლებს. მოთმინება არ მყოფნის, სანამ ახალშობილს ვნახავ“. ლოს-ალამოსში ატომურ ბომბზე ლაპარაკობდნენ, როგორც „ოპენჰეიმერის შვილზე“. სტატიაში „ლოს-ალმოსი მიწისქვეშიდან“, რიჩარდ ფეინმანმა დაწერა, რომ როდესაც ის დროებით შვებულებაში იმყოფებოდა მეუღლის გარდაცვალების გამო, მან მიიღო დეპეშა, რომელშიც ეწერა: „ბავშვის დაბადება მოსალოდნელია ამა და ამ რიცხვში“.
ლოურენს ლივერმორის ლაბორატორიებში წყალბადის ბომბზე საუბრობდნენ, როგორც „ტელერის შვილზე“, თუმცა ედვარდ ტელერის წვლილის დაკნინების მსურველები ამტკიცებდნენ, რომ ის ბომბის მამა კი არა, არამედ დედა იყო. მათი აზრით, ნამდვილი მამა იყო სტანისლავ ულამი, რომელმაც ყველაზე მნიშვნელოვანი იდეა წამოწია და „ჩასახა“ იგი, რის შემდეგაც ტელერმა მხოლოდ „ატარა მუცლით“. დედობასთან დაკავშირებული ცნებები ასევე ხშირად გამოიყენებოდა „გამოკვების“ - რაკეტების შექმნის ცნების აღსანიშნავად.
გენერალმა გროუვმა პოტსდამის კონფერენციაზე სამხედრო მდივანს ჰენრი სტიმსონს გამარჯვებულის დაშიფრული სატელეგრაფო შეტყობინება გაუგზავნა, რომელშიც მოხსენებული იყო პირველი ბირთვული ცდის წარმატება: „ექიმი დიდად აღფრთოვანდა და დარწმუნებულია, რომ ბავშვი ისეთივე დიდია, როგორც მისი დიდი ძმა. მის თვალებში შუქის გარკვევა აქედან ჰაიჰოლდამდე (სტიმსონის აგარაკი) იყო შესაძლებელი, მისი ყვირილი კი აქედან ჩემს ფერმამდე მესმოდა“. თავის მხრივ, სტიმსონმა ამის შესახებ ჩერჩილს აცნობა და გაუგზავნა მას ბარათი, სადაც ეწერა: „ბავშვები დამაკმაყოფილებლად დაიბადნენ“.
უილიამ ლ. ლორენსი პირველი ატომური ბომბის გამოცდის თვითმხილველი იყო და წერდა: „დიდი გრუხუნი გაისმა უდიდესი აფეთქებიდან ასობით წამში - ახალშობილი სამყაროს პირველი შეძახილი“. ლოს-ალამოსში გაგზავნილი ედვარდ ტელერის საზეიმო დეპეშაში, რომელიც წყალბადის ბომბის „მაიკის“ წარმატებით გამოცდას აუწყებდა მარშალის კუნძულების ატოლა ენივეტოკზე, ეწერა: „ეს ბიჭია“. „ენოლა გეის“ „ბიჭუნას“ - ჰიროსიმას ბომბის სახელის შესახებ და „ბავშვი დაიბადა“, „მსუქანას“ შესახებ - ნაგასაკზე ჩამოგდებული ბომბის სახელის შესახებ ადრე უკვე ვახსენეთ. კეროლ კონის თანახმად, „მამაკაცი მეცნიერები შთამომავლობას დაბადებისთვის გზას აძლევენ და ამით უზენაის ბატონობას გამოხატავენ ქალის ბუნების მიმართ“.
თავის სტატიაში კეროლ კონმა ასევე ახსენა აშკარად სექსუალური მნიშვნელობების სიჭარბე თავდაცვითი ინტელექტუალების ენაში. ამ საგნების ბუნება, რომლებიც სექსს მტრობას, ბატონობასა და კოპროფილიას უკავშირებენ, ღრმა მსგავსებას გამოხატავს დაბადების განცდის გარემოებებთან (ბპმ-3). კონმა შემდეგი მაგალითები გამოიყენა: ამერიკის დამოკიდებულება ბირთვულ იარაღზე განმარტებული იყო როგორც უდავო: „...წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენ ბევრად მეტ სიამოვნებას მიიღებთ თქვენს უკანალზე“. აი კიდევ ერთი პროფესორის განმარტება, თუ რატომ უნდა მოთავსდეს MX რაკეტები უახლესი რაკეტების „მინიტმენების“ სასტარტო შახტებში, ნაცვლად ძველი და ნაკლებად ზუსტი რაკეტების ჩანაცვლებისა: „თქვენ ხომ არ აპირებთ აიღოთ საუკეთესო რაკეტა, რომელიც გაქვთ, და ჩატენოთ აყროლებულ ხვრელში“. ერთხელ სერიოზული შეშფოთება გამოითქვა: „ჩვენ უნდა გავამაგროთ ჩვენი რაკეტები, ისე, რომ რუსებს ისინი ჩვენზე ოდნავ ნაკლებ ამდგარი ჰქონდეთ“. სახელმწიფო უსაფრთხოების საბჭოს ერთმა კონსულტანტმა ისაუბრა „ჩვენი მეგატონაჟის 70 ან 80 პროცენტის დახარჯვაზე ერთ ორგაზმულ ვამპზე“.
ლექციები სავსე იყო ისეთი ცნებებით, როგორიცაა ვერტიკალურად მდგარი გამშვები დანადგარები, შეიარაღების წევის ნორმა, რბილი შეღწევა, ღრმა შეღწევა და გრძელი შეტევების უპირატესობა წყვეტილ შეტევებთან შედარებით. კიდევ ერთი მაგალითი იყო ბირთვული წყალქვეშა ნავების სტუმრების მიერ რაკეტის ხელის თათუნის და ხელის გადასმის პოპულარული და ფართოდ გავრცელებული ჩვევა, რაშიც კეროლ კონი ხედავდა ფალური უპირატესობის და ასევე ჰომოეროტიკული მიდრეკილებების გამოხატვას. აშკარაა, რომ ამგვარი მასალის არსებობის გათვალისწინებით, ბირთვული პოლიტიკის ფემინისტი კრიტიკოსების სიტყვები „რაკეტისადმი შურის“ და „ფალოთაყვანისცემის“ განსახიერების შესახებ სავსებით მართებული ჩანს.
კიდევ ერთი დადასტურება იმისა, რომ არაცნობიერის პერინატალური მდგომარეობები მთავარ როლს თამაშობენ ომის ფსიქოლოგიაში, შეიძლება მოვიპოვოთ სემ კინის შესანიშნავ წიგნში „მტრის სახეები“ (Keen, 1988). კინმა შეაგროვა და შესანიშნავი კრებულში გააერთიანა ომის პლაკატები, პროპაგანდისტული ვიდეორგოლები და კარიკატურები სხვადასხვა ქვეყნიდან და ისტორიული ეპოქებიდან. მან ნათლად აჩვენა, რომ ომის ან რევოლუციის დროს მტრის აღწერა და გამოსახვა ერთგვარი შაბლონია, რომელიც მხოლოდ უმნიშვნელო სახეცვლილებებს აჩვენებს და ძალიან ცოტა საერთო აქვს აღნიშნული ქვეყნისა და მისი მოსახლეობის რეალურ განმასხვავებელ მახასიათებლებთან. ეს ყველაფერი ასევე უგულებელყოფს თითოეული ქვეყნის მოსახლეობის მრავალფეროვნებასა და არაერთგვაროვნებას და აღმაშფოთებელ განზოგადებულ დასკვნას აკეთებს: „რომ გერმანელები, ამერიკელები, იაპონელები, რუსები და სხვები - ყველა ერთია!“
კინმა მოახერხა ამ სახეების რამდენიმე არქეტიპულ კატეგორიად დაყოფა მათში უფრო მეტად გამოხატული ძირითადი მახასიათებლების შესაბამისად, კერძოდ: გადამთიელი, დამპყრობელი, ღირსეული მოწინააღმდეგე, უსახო, ღვთის მტერი, ბარბაროსი, ღორმუცელა, დამნაშავე, მტანჯველი, მოძალადე, სიკვდილი. კეინის აზრით, მტრის წარმოდგენილი სურათები, არსებითად, წარმოადგენს ჩვენივე არაცნობიერის განდევნილი და შეუცნობელი ბნელი მხარეების პროექციებს. მართალია, ჩვენ კაცობრიობის ისტორიაში, რა თქმა უნდა, სამართლიანი ომების შემთხვევებსაც შევხვდებით, მაგრამ ისინი, ვინც სამხედრო მოქმედებებს იწყებს, როგორც წესი, გარე მიზნებს საკუთარი ფსიქიკის სტიქიებით ანაცვლებენ, რომლებსაც, ფაქტობრივად, პირად თვითჩაწვდომის გზით უნდა წაწყდომოდნენ.
სემ კინის თეორიული სქემა განსხვავებულად არ იზიდავს არაცნობიერის პერინატალურ მხარეს. ამასთან, ამ ფერწერული მასალის შესწავლა ავლენს ბპმ-2 და ბპმ-3 აღმნიშვნელი ხატოვნების სიჭარბეს. ჩვეულებრივ, მტერი გამოსახულია, როგორც საშიში რვაფეხა, ბოროტი დრაკონი, მრავალთავიანი ჰიდრა, გიგანტური შხამიანი ობობა ან შემსრუტველი ლევიაფანი. სხვა ხშირად გამოყენებული სახეებია - ბოროტი მტაცებელი კატები ან ფრინველები, საზარელი ზვიგენები და თვალბედითი გველები, განსაკუთრებით გველგესლები და მახრჩობელა გველი. დახრჩობის ან წაჭერის ამსახველი ნახატები, ავის მომასწავებელი მორევები და მცოცავი ქვიშა, ასევე მრავლადაა ომების, რევოლუციების და პოლიტიკური კრიზისების დროს გამოყენებულ ნახატებში. ცნობიერების ჰოლოტროპული მდგომარეობიდან აღებული ნახატების შედარება, რომლებიც ასახავენ პერინატალურ განცდებს, ლოიდ დე მოზისა და სემ კინის მიერ შეგროვებულ ისტორიულ სახვით დოკუმენტებთან, ძალზე ძლიერ მტკიცებულებებს იძლევა ადამიანის ძალადობის პერინატალური ფესვების სასარგებლოდ.
ახალი ღრმა ჩაწვდომების შესაბამისად, რომელსაც ერთობლიობაში გვაწვდის ცნობიერების კვლევის მონაცემებიც და ფსიქოისტორიაც, ჩვენ ყველანი საკუთარ ღრმა არაცნობიერ მდგომარეობაში ძლიერ ძალებსა და გრძნობებს ვატარებთ, რომლებიც დაკავშირებულია დაბადების ტრავმასთან, რაც საკმარისად ვერ გადავლახეთ და ვერ შევითვისეთ. ზოგიერთი ჩვენგანისთვის, ჩვენი ფსიქიკის ეს მხარე შეიძლება დარჩეს სრულიად არაცნობიერ მდგომარეობაში მანამ, სანამ ჩვენ თვითონ არ გავემგზავრებით რაიმე სახის ღრმა თვითგაგებაში, ან ფსიქოდელიკების გამოყენებით ან განცდების ისეთი ძლიერი ფსიქოთერაპიული მიდგომების გამოყენებით, როგორიცაა ჰოლოტროპული სუნთქვა ან რებიოფინგი. სხვა ადამიანებში, ამა თუ იმ დონეზე, შეიძლება შეინიშნებოდეს იმ გრძნობების ან ფიზიკური შეგრძნებების შეგნება, რომლებიც დაგროვილია არაცნობიერის პერინატალურ დონეზე.
ამ შინაარსის ამოქმედებამ კი შეიძლება გამოიწვიოს სერიოზული ინდივიდუალური ფსიქოპათოლოგია, მათ შორის უმიზეზო ძალადობა. ლოიდ დე მოზი ვარაუდობს, რომ გაურკვეველი მიზეზების გამო, პერინატალური შემადგენელი შეიძლება ერთდროულად გაიზარდოს ადამიანთა დიდ რაოდენობაში. ეს ქმნის ზოგადი დაძაბულობის, შფოთვისა და შიშის გარემოს. ბელადი კი აღმოჩნდება ადამიანი, რომელიც სამშობიარო ენერგიების უფრო ძლიერი გავლენის ქვეშ იმყოფება, ვიდრე ჩვეულებრივი ადამიანი. მას ასევე აქვს უნარი, არ აღიაროს ეს აუტანელი გრძნობები როგორც საკუთარი (ჩრდილი, იუნგის გაგებაში) და გადაიტანოს ისინი გარე გარემოებებზე. ზოგადი უკმაყოფილება და გაღიზიანება მტერის მისმართით მიეწერება და სამხედრო ჩარევა გამოსავალის სახით წარსდგება. რიჩარდ ტარნასის არაჩვეულებრივმა წიგნმა სათაურით „კოსმოსი და სული: სამყაროს ახალი ხედვის განთიადი“ კიდევ ერთი განზომილება შესძინა დე მოზის დებულებებს. თავის საგულდაგულოდ ჩატარებულ კვლევაში ტარნასმა შეძლო ეჩვენებინა, რომ მთელი ისტორიის მანძილზე, ომების და რევოლუციების პერიოდები გარკვეულ ასტროლოგიურ ტრანზიტებს უკავშირდებოდა (Tarnas, 2006) და წამოაყენა მოსაზრება არქეტიპული ძალების მონაწილეობის შესახებ ამ მოვლენებში.
ომი და რევოლუცია ქმნის ხელსაყრელ შესაძლებლობას იმ ფსიქოლოგიური თავდაცვის გადასალახად, რომელიც ყოველდღიურ ცხოვრებაში აკავებს საშიშ პერინატალურ ძალებს. ფროიდის ზე-მეს - ფსიქიკური ძალას, რომელიც მოითხოვს თავშეკავებულ და ზრდილობიან ქცევას, ენაცვლება „სამხედრო ზე-მე“. ჩვენ ვიღებთ დამსახურებებსა და ჯილდოებს მკვლელობისთვის, განურჩევლად ყველაფრის განადგურებისა და ყაჩაღობისთვის - ანუ იმ საქციელისთვის, რომელიც მშვიდობიან დროს მიუღებლად ჩაითვლებოდა და ციხეში მიგვიყვანდა ან უფრო უარეს შედეგამდე. ანალოგიურად, ომის დროს სექსუალური ძალადობა ზოგადი, საყოველთაოდ მოსათმენი ჩვეულება იყო. სიმართლე რომ ვთქვათ, ძალზე ხშირად სამხედრო ბელადები თავიანთ ჯარისკაცებს, ბრძოლისთვის მათი წაქეზების მიზნით, დაპყრობილი ქვეყნის ქალებთან შეუზღუდავ წვდომას ჰპირდებოდნენ.
ხოლო როდესაც ომი მძვინვარებს, გამანადგურებელი და თვითგამანადგურებელი პერინატალური სურვილები ცხოვრებაში თავისუფლად გაჩაღდება. თემები, რომელსაც ჩვეულებრივ გარკვეულ ეტაპზე ვაწყდებით შინაგანი გაგებისა და გარდაქმნის პროცესში (ბპმ-2 და 3) ამ მომენტიდან ყოველდღიური ცხოვრების ნაწილი ხდება, პირდაპირ ან სატელევიზიო სიახლეების სახით. სხვადასხვა გამოუვალი სიტუაციები, სადომაზოხისტური ორგიები, სექსუალური ძალადობა, სასტიკი და დემონური ქცევა, უზარმაზარი ფეთქებადი ძალების განთავისუფლება და კაპროლოგია, რომელიც ჩვეულებრივი პერინატალური გამოსახულების კატეგორიას მიეკუთვნება - ეს ყველაფერი ომებსა და რევოლუციებში განსაკუთრებული სიძლიერითა და სიცხადით მძვინვარებს.
თუ თქვენ ნგრევის სურათების თვითმხილველი ხართ, ან გარეთ უშვებთ ძალადობრივ არაცნობიერ სურვილებს, განურჩევლად იმისა, ეს პიროვნების თუ საზოგადოების დონეზე ხდება, ომებსა თუ რევოლუციებში, ეს მაინც არ იწვევს არც განკურნებას და არც გარდაქმნას, როგორც ეს თერაპიულ გარემოში ამ სტიქიებთან შინაგანი შეხვედრის შემთხვევაში ხდებოდა. რადგან ეს გამოცდილება არ წარმოიქმნება ჩვენივე საკუთარი არაცნობიერის მიერ და მას არ გააჩნია საკუთარ თავში ღრმად ჩახედვის თვისება, მას არ მივყავართ ღრმა გაგებისკენ. აქ მთელი მდგომარეობა მთლიანად გარეთ გაიტანება და არანაირი კავშირი არ აქვს ფსიქიკის სიღრმისეულ მამოძრავებელ ძალებთან. და, რა თქმა უნდა, არ არსებობს არანაირი განკურნების განზრახვის კვალი და მით უმეტეს, ცვლილებებისა და ტრანსფორმაციის რაიმე განზრახვა. ამიტომ, ამგვარი ძალადობრივი მოვლენების საფუძვლად ჩადებული და მათი ღრმა მამოძრავებელი ძალის სახით წარმოდგენილი პერინატალური წარმოსახვის მიზანი ვერ მიიღწევა, თუნდაც ომი ან რევოლუცია წარმატებით დასრულდეს. ყველაზე ბრწყინვალე გარეგნულ გამარჯვებას არ მოაქვს ის, რისი მოლოდინი და იმედიც იყო: ემოციური განთავისუფლების შინაგანი და ფსიქოსულიერი აღორძინების განცდა.
ჰოლოტროპულ მდგომარეობებში გიგანტური რვაფეხა შეკუმშვადი და წამჭერი საშვილოსნოს სიმბოლოა. ეს ასევე პოლიტიკური პლაკატებისა და კარიკატურების პოპულარული გამოსახულებაა. აქ ის სლობოდან მილოშევიჩს განასახიერებს.
გამარჯვების თავდაპირველი დამათრობელი შეგრძნებების შემდეგ ჯერ ფხიზელი გამოღვიძება მოდის, შემდეგ კი მწარე იმედგაცრუება.
როგორც წესი, ამ ყველაფერს დიდი დრო არ სჭირდება და ძველი მძიმე წყობის სრული მსგავსება ისევ თავს აჩენს მკვდარი ოცნების ნანგრევებზე, რადგან თითოეული მონაწილის ღრმა არაცნობიერში იგივე არაცნობიერი ძალები განაგრძობენ მოქმედებას. როგორც ჩანს, კაცობრიობის ისტორიაში ეს ისევ და ისევ ხდება, როგორიც არ უნდა იყოს ამასთან დაკავშირებული მოვლენები, იქნება ეს საფრანგეთის რევოლუცია, ბოლშევიკური რევოლუცია რუსეთში, კომუნისტური რევოლუცია ჩინეთში, თუ სხვა ძალადობრივი გადატრიალებები, რომლებიც დიდ იმედებსა და მოლოდინებს უკავშირდება.
რადგან მე ღრმა განცდებზე მუშაობისას მრავალი წელი პრაღაში გავატარე, როდესაც ჩეხოსლოვაკიაში მარქსისტული რეჟიმი იყო, კომუნიზმის ფსიქიკური მამოძრავებელი ძალების შესახებ საინტერესო ინფორმაციის შეგროვება შევძელი. როგორც წესი, კომუნისტურ იდეოლოგიასთან დაკავშირებული კითხვები ჩემი პაციენტების მკურნალობის დროს გაჩნდა, როდესაც ისინი პერინატალურ ენერგიასა და გრძნობებს ებრძოდნენ. და მალევე გაირკვა, რომ გატაცება, რომელსაც რევოლუციონერები თავიანთი მჩაგვრელებისა და მათი ძალაუფლების მიმართ გრძნობენ, ძლიერ განმტკიცებას ღებულობს პერინატალური მეხსიერების შინაგანი ციხის წინააღმდეგ აჯანყებისგან. და პირიქით, სხვების იძულების და მათზე ბატონობის მოთხოვნილება წარმოადგენს საკუთარი არაცნობიერის ზემოქმედებით დათრგუნვის შიშის დაძლევის საჭიროების გარეგნულ შემცვლელს. ასე რომ, მჩაგვრელსა და რევოლუციონერს შორის სასიკვდილო ბრძოლა არის სამშობიარო არხებში განცდილი მდგომარეობის გარეგანი ტვიფრი.
კომუნისტური ხედვა შეიცავს ფსიქოლოგიური ჭეშმარიტების ერთ კომპონენტს, რაც მას მიმზიდველს ხდის ხალხის დიდი ნაწილისთვის. ფუძემდებელი წარმოდგენა იმაზე, რომ რევოლუციური, თავისი ბუნებით ძალადობრივი განცდა, საჭიროა იმისათვის, რომ ტანჯვასა და ჩაგვრას ბოლო მოეღოს და უფრო მეტი თანხმობის მდგომარეობა დამყარდეს, სწორია იმ შემთხვევაში, თუ ეს შინაგანი გარდაქმნის ქმედებად აღიქმება. თუმცა, იგი საშიშ ცდომილებად იქცევა, როდესაც ხდება გარე სამყაროში მიდი გადატანა ძალადობრივი რევოლუციების პოლიტიკური იდეოლოგიის სახით. მისი სიყალბე მდგომარეობს იმაში, რომ სწორედ ის, რაც უფრო ღრმა დონეზე სინამდვილეში სულიერი სიკვდილისა და აღორძინების არქეტიპულ გამოსახულებას წარმოადგენს, ათეისტური და ანტი-სულიერი პროგრამის ფორმას ღებულობს. რაც არ უნდა პარადოქსულად ჩანდეს, კომუნიზმს ორგანიზებულ რელიგიასთან ბევრი საერთო მახასიათებელი აქვს და ადამიანთა სულიერ მოთხოვნილებებს საკუთარი სარგებლისთვის იყენებს იმ დროს, რა დროსაც მათი სრული დაკმაყოფილება არ შეუძლია და მიზანმიმართულად ახშობს ნებისმიერ ჭეშმარიტ სულიერ ძიებას. კომუნიზმის შესაბამისობა ორგანიზებულ რელიგიასთან იქამდე მიდის, რომ სტალინი, თავისი ძალაუფლების მწვერვალზე უცოდველად გამოცხადდა.
შვეიცარიელი ფანტასტი რეალისტის ჰანსრუედი გიგერის ავტოპორტრეტი, რომელიც ასახავს იმ გავლენის გაცნობიერებას, რომელიც მოახდინა მის ხელოვნებაზე ბიოლოგიური დაბადების მეხსიერებამ (ჰ.გ. გიგერის ნებართვით, (www.hrgiger.com)
კომუნისტური რევოლუციები საოცრად წარმატებული იყო მათ დამანგრეველ ფაზაში, მაგრამ დაპირებული ძმობისა და თანხმობის ნაცვლად, მათმა გამარჯვებებმა ისეთი რეჟიმები გააჩინეს, რომლის დროსაც ჩახშობა, სისასტიკე და უსამართლობა განუყოფლად განაგებდა. დღეს, როდესაც ეკონომიკურად შერყეული და პოლიტიკურად გარყვნილი საბჭოთა კავშირი დაინგრა და კომუნისტური სამყარო დაიშალა, ყველა საღად მოაზროვნე ადამიანისთვის აშკარა გახდა, რომ ეს გიგანტური ისტორიული ექსპერიმენტი, რომელიც მილიონობით ადამიანის სიცოცხლის ფასად და წარმოუდგენელი ადამიანური ტანჯვით ჩაიარა, კოლოსალური მარცხი იყო. და თუ ზემოაღნიშნული დაკვირვებები სწორია, არცერთ გარე ჩარევას არ შეუძლია შექმნას უკეთესი სამყარო, თუ ის არ არის დაკავშირებული ადამიანის ცნობიერების ღრმა გარდაქმნასთან.
ცნობიერების თანამედროვე კვლევის შედეგად მიღებული მონაცემები ასევე ნათელს ჰფენს საკონცენტრაციო ბანაკების ფსიქოლოგიას. მრავალი წლის განმავლობაში, პროფესორი ბასტიანსი ლეიდენიდან ელ-ეს-დე-თერაპიას ატარებდა ჰოლანდიაში იმ ადამიანებთან, რომელთაც „საკონცენტრაციო ბანაკის სინდრომი“ აწუხებდა, მდგომარეობა, რომელიც ამ ბანაკების ყოფილ პატიმრებში პატიმრობიდან მრავალი წლის შემდეგ ვითარდება. ბასტიანსი ასევე მუშაობდა ბანაკის ყოფილ ზედამხედველებთან ღრმა დანაშაულის გრძნობის განცდის სირთულეებთან დაკავშირებულ საკითხებზე. ამ ნაშრომის მხატვრული აღწერილობა შეგიძლიათ იხილოთ ყოფილი პატიმრის კა-ცეტნიკი 135633-ის მიერ დაწერილ წიგნში „შივიტი“, რომელმაც ბასტიანსთან (Ka-Tzetnik 135633, 1989) სამკურნალო სეანსები გაიარა.
თავად ბასტიანსმა დაწერა სტატია სახელწოდებით „ადამიანი საკონცენტრაციო ბანაკში და საკონცენტრაციო ბანაკი ადამიანში", სადაც აღწერილი იყო მისი ნამუშევარი. აქ მან აღნიშნა, თუმცა ახსნის გარეშე, რომ საკონცენტრაციო ბანაკი არის ადამიანის არაცნობიერში არსებული გარკვეული უბნის პროექცია: „სანამ ადამიანი საკონცენტრაციო ბანაკში აღმოჩნდებოდა, საკონცენტრაციო ბანაკი უკვე არსებობდა ადამიანში“ (Bastians, 1955). ცნობიერების ჰოლოტროპული მდგომარეობების შესწავლა შესაძლებელს ხდის ფსიქიკის იმ უბნების გაიგივებას, რომელზეც ბასტიანსი საუბრობდა. ნაცისტების საკონცენტრაციო ბანაკებში ზოგადი და განსაკუთრებული პირობების უფრო გულდასმით შესწავლა ცხადყოფს, რომ ისინი კოშმარული ატმოსფეროს ეშმაკურ და ნატურალისტურ გათამაშებას ჰგავს, რაც ახასიათებს ბიოლოგიური მშობიარობის ხელახალ განცდას.
მავთულხლართები, მაღალი ძაბვის ღობეები, სათვალთვალო კოშკები ტყვიამფრქვევებით, დანაღმული მინდვრები და გაწვრთნილი ძაღლების ხროვა ქმნიდნენ უკიდურესად უიმედო და გამოუვალობის მძიმე მდგომარეობის ჯოჯოხეთურ და თითქმის არქეტიპულ სახეს, რაც ასე დამახასიათებელია დაბადების პირველ კლინიკურ სტადიაზე (ბპმ-2). ამავდროულად, სისასტიკის, არაადამიანობის, კოპროფილიისა და სექსუალური ძალადობის ყველა შემადგენელი ქალთა და ქალთა მიმართ, მათ შორის გაუპატიურება და სადისტური გარყვნილება, მიეკუთვნება დაბადების მეორე სტადიის ფენომენოლოგიას (ბპმ-3), რომელიც ცნობილია იმ ადამიანებისთვის, ვინც ხელმეორედ განიცადა საკუთარი დაბადება. საკონცენტრაციო ბანაკში სექსუალური ძალადობა არსებობდა უწესრიგო, პიროვნულ დონეზე, ისევე როგორც „თოჯინების სახლების“ გარემოში - დაწესებულებებში, რომლებიც ოფიცრებისთვის „გართობას“ უზრუნველყოფდნენ. ამ ჯოჯოხეთისგან თავის დაღწევის ერთადერთი გზა სიკვდილი იყო: ტყვიისგან, შიმშილისგან, ავადმყოფობისგან ან გაზის საკანში დახრჩობისგან. კა-ცეტნიკი 135633-ის წიგნები „თოჯინების სახლი“ და „ჯოჯოხეთის თავზე ამოსვლა“ (Ka-Tzetnik, 1955 and 1977) საკონცენტრაციო ბანაკებში ცხოვრების განსაცვიფრებელ აღწერას იძლევა.
მგონი, ესესელების დანაშაულები განსაკუთრებით ორსულ ქალებსა და მცირეწლოვან ბავშვებზე იყო გამახვილებული, რაც კიდევ უფრო აძლიერებს პერინატალური ვარაუდის გამყარებას. ყველაზე ძლიერი ნაწყვეტი ტერენს დე პრეს წიგნიდან „გადარჩენილი“, უდავოდ, ბავშვებით სავსე ვაგონეტის აღწერაა, რომელთაც ცეცხლში ყრიან, ამას მოჰყვება სურათი, სადაც ორსულ ქალებს სცემენ თოფის კონდახით და წკეპლებით, ძაღლებს აგლეჯვინებენ, თმით ათრევენ, მუცელში ფეხებს ურტყამენ და შემდეგ კრემატორიუმში აგდებენ, სანამ ისინი ჯერ კიდევ ცოცხლები არიან (des Pres, 1976).
ბანაკებში გამომჟღავნებული ირაციონალური მიდრეკილებების პერინატალური ხასიათი აგრეთვე აშკარაა ზედამხედველების კოპროფილურ ქცევაშიც. საპირფარეშოებში საჭმლისთვის განკუთვნილი ჯამების გადაყრა და პატიმრების იძულება უკან მათი ამოღებისთვის, პატიმრების დაძალება ერთმანეთს პირში შარდვისკენ - ეს იყო ქმედებები, რომელიც, მათი მხეცობის გარდა, ეპიდემიის საშიშროებას წარმოადგენდა. საკონცენტრაციო ბანაკები უბრალოდ პოლიტიკური მტრების იზოლაციის და იაფი მონური შრომის უზრუნველსაყოფად განკუთვნილი დაწესებულებები რომ ყოფილიყო, კარგი ჰიგიენის დაცვა ორგანიზატორთა ძირითადი საზრუნავი იქნებოდა, როგორც ეს ნებისმიერი ნაგებობის შემთხვევაში ხდება, რომელიც უამრავ ადამიანს იტევს. ამასთან, მხოლოდ ბუხენვალდში, ერთ თვეში, ასეთი გარყვნილი ჩვეულებების შედეგად, 27 პატიმარი განავალში დაიხრჩო.
დაბადების მოვლენასთან დაკავშირებული საზოგადოებრივი ძალადობის ყველა განცდის სიძლიერე, სიღრმე და დამაჯერებელი ბუნებრიობა მიანიშნებს, რომ მათ არ იგონებენ რაიმე კერძო გზით ისეთი წყაროების საფუძველზე, როგორიცაა სათავგადასავლო წიგნები, კინო ან ტელეგადაცემები, არამედ ისინი წარმოიშობა საზოგადოების არაცნობიერში. როდესაც ჩვენი თვითშეგნება განცდის დროს მშობიარობის ტრავმის მეხსიერებას აღწევს, ჩვენ კაცობრიობის მტკივნეული მოგონებების უზარმაზარ მარაგთან ვამყარებთ კავშირს და ვიღებთ სხვა ადამიანების განცდებთან წვდომის საშუალება გვეძლევა, რომლებიც ოდესმე მსგავს მძიმე გარემოებებში იმყოფებოდნენ. ძნელი წარმოსადგენი არ არის, რომ ჩვენი არაცნობიერის პერინატალური დონე, რომელმაც ასე იდუმალად „იცის“ ადამიანთა ძალადობის ისტორია, ფაქტობრივად ნაწილობრივ პასუხისმგებელია ომებზე, რევოლუციებსა და სხვა მსგავს სასტიკ საქმეებზე.
თვით პერინატალური განცდების სიძლიერე და ხარისხი კაცობრიობის ისტორიაში სხვადასხვა სისასტიკის სახეებს საოცრად უტყუარს ხდის. კრისტოფერ ბაშემ, ამ მოვლენის სხვადასხვა მხარეების საფუძვლიანად გამოკვლევის შემდეგ, საინტერესო დასკვნა გააკეთა. მან მიიჩნია, რომ კაცობრიობის ისტორიაში საუკუნეების განმავლობაში ჩადენილი ძალადობის მოგონებები ასნებოვნებს საზოგადოების არაცნობიერს იგივე გზით, რა გზითაც ჩვენი ჩვილობის ან ბავშვობის ტრავმა აბინძურებს ჩვენს პიროვნულ არაცნობიერს. ბაშეს თანახმად, სავსებით შესაძლებელია ისე მოხდეს, რომ როდესაც ჩვენ ვიწყებთ საზოგადოებრივი თვისების მქონე ამ მოგონებების განცდას, ჩვენი შინაგანი წინსვლა პერსონალური თერაპიის ჩარჩოებს სცილდება და ჩვენ ვიწყებთ თანამონაწილეობას სახეობრივი ცნობიერების ველის განკურნებაში (Bache, 1999).
დაბადების ტრავმის, როგორც ძალადობის წყაროსა და თვითგანადგურებისკენ მიდრეკილების როლი დადასტურებულია კლინიკური კვლევებით. მაგალითად, როგორც ჩანს, მნიშვნელოვანი კავშირი არსებობს რთულ მშობიარობებსა და დანაშაულს შორის (Litt, 1974; Kandel and Mednick, 1991; Raine, Brennan and Mednick, 1995). ანალოგიურად, შიგნით მიმართული მტრობა და განსაკუთრებით თვითმკვლელობისკენ მიდრეკილება, სავარაუდოდ, ფსიქოგენეტიკურად რთულ მშობიარობას უკავშირდება (Appelby, 1998). სკანდინავიელმა მკვლევარმა ბერტილ იაკობსენმა მკაცრი თანაფარდობა იპოვა ამ ტიპის თვითგამანადგურებელ ქცევასა და დაბადების პროცესს შორის. თვითმკვლელობები, რომლებიც დაკავშირებულია დახრჩობასთან შეეფარდებოდა სულის ხუთვას დაბადების დროს, ძალადობრივი თვითმკვლელობები - დაბადების მექანიკურ ტრავმას, ხოლო ნარკომანია, რომელიც თვითმკვლელობას იწვევდა - მშობიარობის დროს დანიშნულ ოპიატებს ან ბარბიტურატებს (Jacobsen et al, 1987).
დაბადების გარემოებები მნიშვნელოვან როლს ასრულებს ძალადობისა და თვითგანადგურების ტენდენციებისკენ მიდრეკილებაში, ან პირიქით, ნაზი და მოსიყვარულე ქცევასა და ჯანმრთელი პიროვნული ურთიერთობების შექმნაში. ფრანგმა მეანმა მიშელ ოდენმა აჩვენა, თუ როგორ მონაწილეობენ მსგავს აღბეჭდვაში ჰორმონები, რომლებიც დაბადების, კვების და დედის მზრუნველობის პერიოდშია ამოქმედებული. ამრიგად, კატექოლამინებმა (ადრენალინმა და ნორადრენალინმა) მნიშვნელოვანი როლი ითამაშეს ევოლუციაში, როგორც დედის თავდასხმისა და თავდაცვის ინსტიქტის ხელისშემწყობებმა იმ დროს, როდესაც დაბადება დაუცველ ბუნებრივ გარემოში ხდებოდა. ცნობილია, რომ ოქსიტოცინი, პროლაქტინი და ენდორფინები ცხოველებში დედობრივ ქცევას იწვევდა და ხელს უწყობდა დამოკიდებულებისა და ერთგულების განვითარებას. მაგრამ ბევრ სამშობიარო სახლში დატვირთული, ხმაურიანი, აწრიალებული გარემო მღელვარებას იწვევს და ყოველგვარი აუცილებლობის გარეშე ადრენალინის სისტემის ჩართვით, აღბეჭდავს მსოფლიოს იმ სურათს, რომელიც საფრთხეს ქმნის და საპასუხო მტრული რეაგირებისკენ მოუწოდებს. ეს ხელს უშლის იმ ჰორმონების გამოთავისუფლებას, რომლებიც ხელს უწყობენ ხელსაყრელი პიროვნული ურთიერთობების შთაბეჭდილებების აღბეჭდვაში. სწორედ ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია საკუთარი სახლის გარემოში მშვიდი, უსაფრთხო მშობიარობის უზრუნველყოფა (Odent, 1995).
ძალადობის ტრანსპერსონალური წყაროები
ზემოთ მოყვანილი მონაცემები ცხადყოფს, რომ მსოფლმხედველობრივი საფუძველი, რომელიც შემოიფარგლება მშობიარობის შემდგომი ბიოგრაფიით და ფროიდისეული არაცნობიერით, არ იძლევა ადამიანის მტრობის უკიდურესი ფორმების რეალურ ახსნას არც კერძო, და არც საზოგადოებრივ დონეზე. თუმცა, როგორც ჩანს, ადამიანის ძალადობის ფესვები ფსიქიკის პერინატალურ დონეზე ბევრად უფრო ღრმაა. ცნობიერების კვლევამ აღმოაჩინა სიძულვილის მნიშვნელოვანი დამატებითი წყაროები ტრანსპერსონალურ სფეროში, როგორიცაა დემონთა და მრისხანე ღვთაებების არქეტიპული გამოსახულებები, რთული გამანადგურებელი მითოლოგიური თემები და ემოციური წყენისა და ფიზიკური ტანჯვის მოგონებები წარსული ცხოვრებიდან.
კ.გ. იუნგი თვლიდა, რომ საზოგადოებრივი არაცნობიერის არქეტიპები მძლავრ გავლენას ახდენს არა მხოლოდ ადამიანის ქცევაზე, არამედ კაცობრიობის ისტორიის მოვლენებზეც. მისი აზრით, მთელ ერებს ან კულტურულ გაერთიანებებს შეუძლიათ ქცევაში მნიშვნელოვანი მითოლოგიური თემების გათამაშება. მეორე მსოფლიო ომის დაწყების წინა ათწლეულში, მისი გერმანელი პაციენტების სიზმრებში, იუნგი რაგნარიოკის ნორდული მითის, ანუ „ღმერთების ბინდის“ მრავალ შემადგენელს პოულობდა. ამგვარი დაკვირვებების საფუძველზე მან დაასკვნა, რომ ეს არქეტიპი გერმანელი ხალხის საზოგადოებრივ ფსიქიკაში ჩნდება და რომ ეს დიდ კატასტროფას გამოიწვევს, რომელიც საბოლოოდ თვითგანადგურებამდე მიიყვანს. ჯეიმს ჰილმანმა თავის ბრწყინვალე წიგნში „ომისადმი საშინელი სიყვარული”, დააგროვა დამაჯერებელი მტკიცებულება იმისა, რომ ომი არის სასტიკი არქეტიპული ძალა, რომელიც ხალხსა და სახელმწიფოების მიმართ დაუძლეველ ძალას ფლობს (Hillman, 1994).
ხშირ შემთხვევაში, სახელმწიფოთა ლიდერები, თავიანთი პოლიტიკური მიზნების მისაღწევად, განზრახ იყენებენ არა მხოლოდ პერინატალურ, არამედ არქეტიპულ სახეებს და სულიერ სიმბოლიკას. შუა საუკუნეების ჯვაროსნებს მოეთხოვებოდათ საკუთარი სიცოცხლე შეეწირათ იესო ქრისტესათვის ომში, რომელიც წმინდა მიწას მაჰმადიანთა მმართველობისგან გაათავისუფლებდა და დააბრუნებდა. ადოლფ ჰიტლერმა საკუთარ ინტერესებში გამოიყენა ნორდული რასის და ათასწლეულის იმპერიის უპირატესობის შესახებ მითოლოგიური თემები, ისევე როგორც სვასტიკისა და მზის არწივის უძველესი ვედური სიმბოლოები. აიათოლა ხომეინი და სადამ ჰუსეინი თავიანთი მუსლიმი მიმდევრების ფანტაზიასჯიჰადის,ურწმუნოების წინააღმდეგ წმინდა ომის მოხსენიებით აღძვრიდნენ. ამერიკის პრეზიდენტმა რონალდ რეიგანმა საბჭოთა კავშირს „ბოროტების იმპერია“ უწოდა, ხოლო ჯორჯ უ. ბუში თავის პოლიტიკურ გამოსვლებში მოიხსენიებს „ბოროტების ღერძს“ და არმაგედონს.
კეროლ კონი თავის სტატიაში აღწერს არა მხოლოდ პერინატალურ[A1] , არამედ სულიერ სიმბოლიკასაც, რომელიც უკავშირდება ბირთვული იარაღისა და ბირთვული დოქტრინის ენას. სტრატეგიული დოქტრინის ავტორები თავიანთი საზოგადოების წევრებს „ბირთვულ მღვდელობას“ უწოდებენ. პირველი ბირთვული იარაღის გამოცდას „თრინითი“ –სამება უწოდეს, მამის, ძისა და სულიწმინდის ერთარსი, ქმნილების მამაკაცური ძალები. თავისი ფემინისტური გადმოსახედიდან, კონი ამას ხედავს როგორც კაცი მეცნიერების უფლების განცხადებას, რათა მიითვისონ შემოქმედების უზენაესი ძალა (Cohn, 1987). მეცნიერები, რომლებიც ატომურ ბომბზე მუშაობდნენ და შეესწრნენ მის გამოცდას, ასე აღწერენ მას: „თითქოს ჩვენ შექმნის პირველი დღის მომსწრენი ვიყავით”. რობერტ ოპენგეიმერს კი გაახსენდა სიტყვები ბჰაგავადგიტიდან, რომლებიც კრიშნამ არჯუნას უთხრა: „მე სიკვდილად ვიქეცი, სამყაროთა დამშლელად“.
გაუმაძღარი სიხარბის წინასწარ განმსაზღვრელი ბიოგრაფიული მიზეზები
ამ ყველაფერს ტიბეტური ბუდიზმის მესამე შხამამდე მივყავართ, ძლიერ ფსიქოსულიერ ძალამდე, რომელშიც გაერთიანებულია ვნების, სურვილისა და დაუოკებელი სიხარბის თვისებები. „საზიანო მტრობასთან“ ერთად, ეს თვისებები, უთუოდ, პასუხისმგებელია კაცობრიობის ისტორიის ყველაზე ბნელ ფურცლებზე. დასავლელი ფსიქოლოგები ამ ძალის სხვადასხვა მხარეებს უკავშირებენ ზიგმუნდ ფროიდის მიერ აღწერილი სექსუალური მიზიდულობის სხვადასხვა მხარეებს. ადამიანის დაუოკებელი მოთხოვნილების ფსიქოანალიტიკური განმარტება, რომ მან რაღასაც უნდა მიაღწიოს, უნდა ფლობდეს რაღაცას ან გახდეს უფრო მეტი რამ, ვიდრე ახლა არის, ამ ფსიქიკურ ძალას მიაწერს უფრო დაბალი ინსტინქტების სუბლიმაციას.
ფროიდის თანახმად: „ის, რაც გამოიყურება როგორც... დაუღალავი განზრახვა[A2] უფრო მეტი დახვეწისკენ, ადვილად შეიძლება გავიგოთ, როგორც ინსტინქტების ჩახშობის შედეგი, რომელსაც ემყარება ყველაზე ძვირფასი თუ რამე არსებობს კაცობრიობის ცივილიზაციაში. ჩახშობილი ინსტიქტი არასოდეს წყვეტს სრული კმაყოფილებისკენ სწრაფვას, რაც კმაყოფილების თავდაპირველი განცდის გამეორებაში იქნებოდა. არანაირი შემცვლელი ან რეაქტიული წარმონაქმნი და არც სუბლიმაცია არ იქნება საკმარისი ინსტინქტების შენარჩუნებადი განდევნილი დაძაბულობის მოსაცილებლად” (Freud, 1955).
უფრო კონკრეტული თვალსაზრისით, სიხარბეს ფროიდი ხედავდა, როგორც ფენომენს, რომელიც უკავშირდება ძუძუთი კვების დროს წარმოქმნილ დარღვევებს. მისი აზრით, მუდმივი დაუკმაყოფილებლობამან ზედმეტმაჭმევამ,სექსუალური ლტოლვის განვითარების ორალურ ფაზაში შეიძლება იმდენად გაზარდოს ბავშვის საწყისი მოთხოვნილება საგნების შთანთქმაზე, რომ ზრდასრულ ასაკში, სუბლიმირებული ფორმით, ეს გადადის სხვადასხვა საგნებსა და გარემოებებზე. ხოლო როდესაც შეძენისკენ ლტოლვა ფულზე იკრებს ყურადღებას, ფსიქოანალიზი ამას სექსუალური განვითარების ანალურ სტადიაზე შეფერხებას მიაკუთვნებს. ხოლო დაუოკებელი სექსუალური მოთხოვნილება ფალოსური სტადიის შეფერხების შედეგად მიიჩნევა. შემდეგ მრავალი სხვა ადამიანური შეუნელებელილტოლვა განიმარტება მსგავსი ფალუსური ინსტინქტური სურვილების სუბლიმირების თვალსაზრისით. მაგრამ ცნობიერების თანამედროვე კვლევამ დაადგინა, რომ ამგვარი განმარტებები ზედაპირული და არაზუსტია, და მოპოვებლობისა და სიხარბის მნიშვნელოვანი დამატებითი წყაროები აღმოაჩინეს არაცნობიერის პერინატალურ და ტრანსპერსონალურ დონეზე.
დაუოკებელი სიხარბის პერინატალური წყაროები
ბიოგრაფიულად მიმართული ფსიქოთერაპიის მსვლელობისას, ბევრმა ადამიანმა აღმოაჩინა, რომ მათი ცხოვრება არ იყო რეალური პიროვნული ურთიერთობების ზოგიერთ ცალკეულ ასპექტთან მიმართებაში. მაგალითად, მშობლების უფლებამოსილებასთან დაკავშირებულმა მღელვარებამ შეიძლება გამოიწვიოს განსაკუთრებული ტიპის სირთულეები ხელისუფლების წარმომადგენლებთან ურთიერთობისას, სქესობრივ ურთიერთობებში დარღვევების განმეორებადი სახეები შეიძლება გამომდინარეობდეს მშობლებისგან, როგორც მისაბაძი მაგალითისა სექსუალურ ქცევაში, და-ძმებთან ურთიერთობის სირთულეებმა შეიძლება თავისებური ხასიათი შესძინოს და დაანგრიოს სამომავლო ურთიერთობა თანატოლებთან და ა.შ.
როდესაც განცდებში საკუთარი თავის შესწავლისას მივაღწევთ პერინატალურ დონეს, მაშინ, როგორც წესი, ვხვდებით, რომ ჩვენი ცხოვრება ამ დრომდე, სინამდვილეში, არაჭეშმარიტი იყო მთლიანობაში, და არა მხოლოდ ზოგიერთ ცალკეულ ნაწილებში. ჩვენდა გასაკვირად და გასაოცრად ვხვდებით, რომ მთლიანობაში, მთელი ჩვენი ცხოვრების სტრატეგია მცდარი მიმართულებით იყო მიმართული და ამიტომ მას არ შეეძლო ჭეშმარიტი კმაყოფილების მოტანა. ამის მიზეზი იყო ის გარემოება, რომ მას ხელმძღვანელობდა, პირველ რიგში, სიკვდილის შიში და ბიოლოგიურ დაბადებასთან დაკავშირებული არაცნობიერი ძალები, რომლებიც სათანადოდ არ იყო დამუშავებული და მიღებული. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ბიოლოგიური დაბადების დროს ჩვენ დავასრულეთ მისი მსვლელობა ანატომიურად, და არა ემოციურად.
როდესაც ჩვენი ცნობიერების სფეროზე ძლიერ გავლენას ახდენს მის სიღრმეებში ჩადებული მშობიარობის არხებში ბრძოლის შესახებ მეხსიერება, ეს იწვევს შევიწროების, უქეიფობისა და არსებული სიტუაციით უკმაყოფილების განცდას. ეს უკმაყოფილება შეიძლება მიმართული იყოს უამრავ სხვადასხვა საკითხზე: არადამაკმაყოფილებელ ფიზიკურ გარეგნობაზე, არასაკმარის შესაძლებლობებზე და მატერიალურ სახსრებზე, დაბალ საზოგადო მდგომარეობაზე, არასაკმარისი ძალაუფლების, გავლენისა და სახელმოხვეჭილობის ქონაზე და მრავალ სხვა ასპექტზე. მშობიარობის არხში ჩაჭერილი ბავშვის მსგავსად, ჩვენ გვიჩნდება ძლიერი სურვილი, რომ უკეთეს მდგომარეობაში გავიტანოთ თავი, რომელიც სადღაც მომავალში არსებობს.
როგორიც არ უნდა იყოს ჩვენი ამჟამინდელი გარემოებები, მათში კმაყოფილებას ვერ ვხედავთ. ჩვენი წარმოსახვა მუდმივად ქმნის მომავალი გარემოებების სურათებს, რომლებიც უფრო დამაკმაყოფილებლად ჩანს, ვიდრე აწმყო. გვგონია, რომ სანამ მათ მივაღწევთ, ჩვენი ცხოვრება მხოლოდ უკეთესი მომავლის მზადება იქნება, და არა „ნამდვილი საქმე“. ეს იწვევს ცხოვრებას ნიმუშის მიხედვით, რომელსაც ადამიანები, რომლებიც მონაწილეობენ თვითშეგნებაში განცდის გავლის გზით, აღწერენ როგორც არსებობას „სარბენი ბილიკის“ ან „ვირთხების რბოლის“ მსგავსად. ხოლო ეგზისტენციალისტები საუბრობენ მომავალში „თვითპროექტებაზე“. ეს სტრატეგია –ძირითადი შეცდომაა ადამიანის ცხოვრებაში. სინამდვილეში, ეს არის უიღბლო ადამიანის სტრატეგია, ვინაიდან მას არასოდეს მოაქვს მისგან მოსალოდნელი დაკმაყოფილება, იმისდა მიუხედავად, მივაღწევთ თუ არა ჩვენ დასახულ მიზნებს.
თუ მიზანი არ იქნა მიღწეული, მაშინ მუდმივი უკმაყოფილება იმ გარემოებას მიეწერება, რომ ჩვენ ვერ შევძელით შესაბამისი გამოსასწორებელი ზომების მიღება. ხოლო როდესაც მივაღწიეთ ჩვენი მისწრაფებების მიზანს, როგორც წესი, ეს დიდ გავლენას ვერ ახდენს ჩვენს ძირითად ცხოვრებისეულ შეგრძნებებზე. სწორედ მაშინ შენარჩუნებადი უკმაყოფილება მიეწერება იმას, რომ თვით მიზნის არჩევა არასწორი იყო, ან იმას, რომ ის საბოლოოდ მაინც არ იყო ჩვენი მოთხოვნების ღირსი. და როგორც შედეგი - ან წინა მიზნის სხვა მიზნით ჩანაცვლება, ან იგივე ტიპის პატივმოყვარე განზრახვების გაზრდა ხდება. ვერასოდეს ჩავთვლით საკმარისად იმას, რაც ნამდვილად არ გვინდა და არც გვჭირდება.
ნებისმიერ შემთხვევაში, წარუმატებლობის მიზეზი სწორად არ არის განსაზღვრული, როგორც თავდაპირველად არასწორი ცხოვრებისეული სტრატეგიის გარდაუვალი შედეგი, რომელსაც, პრინციპში, არ შეუძლია კმაყოფილება მოიტანოს. ეს ცრუ ნიმუში, რომელიც ფართო მასშტაბით არის გამოყენებული, პასუხისმგებელია უამრავი სხვადასხვა დიადი მიზნების დაუფიქრებლად და ირაციონალურად გატარებაზე, რაც გაცილებით მეტ ტანჯვას და კიდევ უფრო დიდ უბედურებას იწვევს მსოფლიოში. მას შეუძლია ხელისუფლებისა და შეძლების ნებისმიერი დონეზე იჩინოს თავი, მაგრამ მაინც არასდროს მოიტანოს ნამდვილ კმაყოფილება. ერთადერთი სტრატეგია, რომელსაც შეუძლია მნიშვნელოვნად შეამციროს ამგვარი ირაციონალური სწრაფვა, არის მისი სრული განცდა ცნობიერებაში და დაბადების ტრავმის გააზრება მიზანმიმართული შინაგანი თვითშეგნების გზით.
დაუოკებელი სიხარბის ტრანსპერსონალური მიზეზები
ცნობიერების თანამედროვე კვლევამ და განცდის ფსიქოთერაპიამ გამოავლინეს, რომ ჩვენი უკმაყოფილებისა და სრულყოფილებისკენ სწრაფვის ყველაზე ღრმა წყარო პერინატალურ სფეროს ფარგლებს სცდება. ის დაუკმაყოფილებელი ლტოლვა, რომელიც ადამიანის ცხოვრებას იზიდავს, თავის ბოლო არსში ტრანსპერსონალურია. დანტე ალიგიერის სიტყვებით: „სრულყოფილების სურვილი არის ისეთი სურვილი, რომელიც ნებისმიერ სიამოვნებას მუდამ არასრულფასოვანს ხდის, რადგან არ არსებობს ამ ცხოვრებაში ისეთი დიდი სიხარული და სიამოვნება, რომ მას ჩვენი სულის წყურვილის დაკმაყოფილება შეეძლოს” (Dante, 1990).
ზოგადი გაგებით, დაუოკებელი სიხარბის სიღრმისეული ტრანსპერსონალური ფესვები ყველაზე კარგად შეიძლება გასაგები გახდეს კენ უილბერის წიგნის „ატმანის პროექტის” (Wilber, 1980) ცნებების ენაზე მისადაგების გზით. ჩვენი ჭეშმარიტი ბუნება ღვთაებრივია: ღმერთი, სამყაროსქრისტე, ალაჰი, ბუდა, ბრაჰმანი, დაო - და მიუხედავად იმისა, რომ შექმნის მიმდინარეობა გვყოფს და გვაშორებს ჩვენს სათავეებს, ამ გარემოების გაცნობიერება ბოლომდე არასოდეს იკარგება. ცნობიერების განვითარების ყველა დონეზე სულში ყველაზე ღრმა წამქეზებელი ძალა მდგომარეობს ჩვენი ღვთაებრიობის განცდასთან დაბრუნების შესაძლებლობაში. თუმცა, განვითარების შემდგომი საფეხურების შემაკაველი პირობები ხელს უშლის ამ განცდას.
ნამდვილი უპირატესობისკენ გარდაქმნა მოითხოვს გამოცალკავებული „მე“-ს სიკვდილს, რომელიც კვდება, როგორც გულჩათხრობილი სუბიექტი. განადგურების შიშის გამო და „მე“-ზე ჩაბღაუჭების გამო, ადამიანს უწევს ატმანის შემცვლელებით ან შემნაცვლებლებით დაკმაყოფილება, რომლებიც თითოეული საფეხურის შემთხვევაში განსაკუთრებულია. ნაყოფისა და ახალშობილისთვის ეს ნიშნავს კმაყოფილებას, რომელსაც ის განიცდის კარგ საშვილოსნოში ან კარგ მკერდთან. ჩვილისთვის ეს არის ასაკისთვის დამახასიათებელი განსაკუთრებული ფიზიოლოგიური მოთხოვნილებების დაკმაყოფილება. ზრდასრული ადამიანისთვის, ატმანის შესაძლო განსახიერება-პროექტების ჩამონათვალი ბევრად უფრო ფართოა: საკვებისა და სქესის გარდა, ისინი ასევე მოიცავს ფულს, დიდებას, ძალაუფლებას, გარეგნობას, ცოდნას და სხვა მრავალს.
ჩვენი იმ სიღრმისეული განცდის წყალობით, რომლითაც მიგვაჩნია, რომ ჩვენი ჭეშმარიტი თვითმყოფადობა არის სამყაროს ქმნილების სისრულე და თვით შემომქმედი საწყისი, ნებისმიერი ხარისხისა და ზომის შემცვლელები (ატმანის განსახიერება-პროექტები) ყოველთვის არადამაკმაყოფილებელი დარჩება. მხოლოდ ჩვენი ღვთაებრიობის განცდამ ცნობიერების ჰოლოტროპულ მდგომარეობაში შეიძლება ოდესმე დააკმაყოფილოს ჩვენი სიღრმისეული მოთხოვნილებები. ამიტომ დაუოკებელი სიხარბის ბოლო გამოსავალი არის შინაგანი სამყარო, და არა რაიმე სახის და მასშტაბის ამქვეყნიური მისწრაფებები. სპარსელმა მისტიკოსმა და პოეტმა რუმიმ წარმოუდგენლად გარკვევით გამოხატა ეს:
„ყველა იმედი, სურვილი, სიყვარული და ერთგულება, რომელსაც ადამიანები სხვადასხვა საგნების სახით აღიქვამენ - მამების, დედების, მეგობრების, ცის, დედამიწის, სასახლეების, მეცნიერების, საქმეების, საჭმლისა და სასმელის სახით, - წმინდანისთვის ცნობილია, როგორც ღმერთისწყურვილი და ყველა ეს საგანი - უბრალოდ ფარდაა. როდესაც ადამიანი დატოვებს ამ სამყაროს და დაინახავს „მეფეს“ ამ ფარდების გარეშე, იგი შეიტყობს, რომ ყველა ის ფარდა და საფარი, რომელიც ახლა მისი სურვილების საგანს წარმოადგენს, სინამდვილეში მხოლოდ და მხოლოდ ის ერთადერთი „საგანი“ იყო” (Hines, 1996).
ღვთაებრივის ტექნოლოგიები და კაცობრიობის გადარჩენა
აღმოჩენა იმისა, რომ ადამიანის ძალადობის და გაუმაძღარი სიხარბის ფესვები ბევრად უფრო ღრმაა, ვიდრე აკადემიური ფსიქიატრია ამას წარმოიდგენდა, და რომ მათი მარაგი ფსიქიკაში მართლაც უზარმაზარია, თავისთავად საოცრად გულდასაწყვეტი შეიძლება ყოფილიყო. თუმცა, მას ათანასწორებს ახალი თერაპიული მექანიზმების და გარდამქმნელი შესაძლებლობების ამაღელვებელი აღმოჩენა, რაც ცნობიერების ჰოლოტროპულ მდგომარეობებში ხელმისაწვდომი ხდება ფსიქიკის პერინატალურ და ტრანსპერსონალურ დონეებზე.
წლების განმავლობაში მე ღრმა ემოციური და ფსიქოსომატური განკურნების მოწმე ვიყავი, ისევე როგორც მრავალი ადამიანის პიროვნების ძირეული გარდაქმნისა, რომლებიც ჩაბმულები იყვნენ სერიოზულ და მიზანმიმართულ შინაგან ძიებებში. ზოგი მათგანი დაკავებული იყო მედიტაციით და გამგებლობდნენ დინჯ სულიერ კეთებას, ზოგი მონაწილეობდა ფსიქოდელიურ სეანსებში, ან სხვადასხვა სახის განცდისა და თვითჩაწვდომის თერაპიაში. მე ასევე ღრმა სასიკეთო ცვლილებების მომსწრე ვიყავი ბევრ ადამიანში, რომლებმაც შესაბამისი დახმარება მიიღეს უნებლიე ფსიქო-სულიერი კრიზისების დროს.
როგორც კი ცნობიერებაში გამოჩნდება არაცნობიერის პერინატალური დონის შინაარსი და მიიღება, ადამიანები განიცდიან ძირეულ პიროვნულ ცვლილებებს. მტრობის დონე, როგორც წესი, მნიშვნელოვნად კლებულობს და ისინი უფრო მშვიდები, მოხერხებულები საკუთარი თავისთვის და სხვების მიმართ მომთმენი ხდებიან. სულიერ-ფსიქიკური სიკვდილისა და აღორძინების განცდა და ცნობიერების კავშირი მშობიარობის შემდგომ და მშობიარობამდე სასიკეთო მოგონებებთან, ამცირებს ირაციონალურისკენ სწრაფვას და მოთხოვნას. ეს იწვევს ყურადღების გადატანას წარსულიდან და მომავლიდან დღევანდელ მომენტში და ზრდის ცხოვრების მარტივი სასიხარულო განცდებით დატკბობის უნარს, როგორიცაა ყოველდღიური საქმიანობა, საკვები, სიყვარული, ბუნება და მუსიკა. ამის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი შედეგი არის მათში მსოფლიო და მისტიკური თვისების მქონე, უჩვეულოდ უტყუარი და დამაჯერებელი სულიერების გაჩენა, რადგან ის ღრმა პირად განცდას ემყარება.
როგორც წესი, სულიერი გახსნისა და გარდაქმნის მსვლელობა ტრანსპერსონალური განცდების შედეგად კიდევ უფრო ღრმად მიდის, მაგალითად, როგორიცაა სხვა ადამიანებთან, ადამიანთა მთელ საზოგადოებებთან, ცხოველებთან, მცენარეებთან და ბუნების არაორგანულ ნივთიერებებთან და პროცესებთან გაიგივება. სხვა განცდები უზრუნველყოფს ცნობიერების წვდომას სხვა ქვეყნებში განვითარებულ მოვლენებთან, კულტურებსა და ისტორიულ ეპოქებთან, ასევე მითოლოგიურ სამეფოებსა და საზოგადო არაცნობიერის არქეტიპულ არსებებთანაც კი. მსოფლიო მასშტაბისერთიანობისა და საკუთარი ღვთაებრიობის განცდა მთლიან შექმნილ სამყაროსთან მზარდ გაიგივებას და მოკრძალების, სიყვარულის, თანაგრძნობისა და შინაგანი სიმშვიდის გრძნობას იწვევს.
ის, რაც არაცნობიერი ფსიქიკის ფსიქოლოგიური მოსინჯვა დაიწყო, თავისთავად გადაიქცა ცხოვრების აზრის ფილოსოფიურ ძიებად და სულიერი აღმოჩენებით სავსე მოგზაურობად. ადამიანებს, რომლებმაც დაამყარეს კავშირი თავიანთი ფსიქიკის ტრანსპერსონალურ არეალთან, მიდრეკილება აქვთ განავითარონ საკუთარ თავში არსებულის ახალი მაღალი შეფასება და მოკრძალებამთელი ცხოვრების მიმართ. სხვადასხვა სახის ტრანსპერსონალური განცდების ერთ-ერთი ყველაზე გასაოცარი შედეგია ადამიანისა და ეკოლოგიის მიმართ ღრმა მღელვარების უნებლიე გაჩენა და განვითარება და რაიმე საყოველთაო მიზნის სამსახურში ჩართვის მოთხოვნილება. ეს კი ეფუძნება თითქმის უჯრედულ დონეზე გაცნობიერებას იმისა, რომ სამყაროში ყველა საზღვარი შემთხვევითია და რომ თითოეული ჩვენგანი გაიგივებულია არსებობის მთლიან ქსოვილთან.
მოულოდნელად ცხადი ხდება, რომ ჩვენ ვერაფერს მოვახდენთ ბუნებაზე ისე, რომ ერთდროულად არ მოვახდინოთ იგივე საკუთარ თავზე. ხოლო ადამიანებს შორის განსხვავებები უფრო ძლიერი ცნობისმოყვარეობის გამომწვევი და გამამდიდრებელი გვეჩვენება, ვიდრე საფრთხის მომტანი, მიუხედავად იმისა ეხება თუ არა ისინი სქესს, რასას, ფერს, ენას, პოლიტიკურ მრწამსს თუ რელიგიურ რწმენას. ცხადია, რომ ამგვარი გარდაქმნა გაზრდის ჩვენი გადარჩენის შესაძლებლობებს, თუ ეს საკმარისად ფართო მასშტაბით მოხდება.
ცნობიერების ჰოლოტროპული მდგომარეობების გაკვეთილები გადარჩენის ფსიქოლოგიისათვის
ცნობიერების ჰოლოტროპული მდგომარეობის მქონე ადამიანების ზოგიერთი ხედვა უშუალოდ ეხება მიმდინარე გლობალურ კრიზისს და მის დამოკიდებულებას ცნობიერების ევოლუციასთან. ისინი მოწმობენ, რომ თანამედროვე სამყაროში ჩვენ სინამდვილედ ვაქციეთ დაბადების დროს წარმოქმნილი მრავალი არსებითი თემა, რომელსაც ღრმა პიროვნულ გარდაქმნაში მონაწილე ადამიანი აწყდება და შინაგანად ურიგდება. იგივე შემადგენლები, რომლებსაც შეიძლება შევხდეთ ფსიქო-სულიერი სიკვდილისა და გარდაქმნის დროს ჩვენს სულთ-ხედვით განცდებში, კვლავ გვევლინება საღამო ახალი ამბების სახით. ეს განსაკუთრებით გამართლებულია ბპმ-3განმსაზღვრელი მოვლენების მიმართ.
ჩვენ, რა თქმა უნდა, ვხედავთ მტრობისკენ სწრაფვისაგან საოცარ განთავისუფლებას მსოფლიოში მომხდარ უამრავ ომსა და რევოლუციურ მოვლენებში, დანაშაულის, ტერორიზმისა და რასობრივი ამბოხებების ზრდაში. მიუხედავად ამისა, ამაღელვებელი და გასაოცარია აკრძალვების მოხსნა და სექსუალური მიზიდულობის გამოთავისუფლება, რომელსაც როგორც ჯანსაღი, ასევე ცუდი შედეგები აქვს. სექსუალური განცდები და სხვადასხვა სახის სექსუალური ქცევა პოულობს მანამდე არნახულ განსახიერებას, რაც გამოიხატება მოზარდების სექსუალურ თავისუფლებაში, ჰომოსექსუალურ თავისუფლებაში, ზოგადად განუსხვავებლობაში, ღია ქორწინებებში, განქორწინებების მაღალ დონეში, აშკარა ეროტიკულ წიგნებში, თამაშებსა და კინოფილმებში, სადომაზოხისტურ ექსპერიმენტებში და სხვა მრავალში.
თანამედროვე სამყაროში დემონური სტიქიაც უფრო და უფრო აშკარა ხდება. ამას ადასტურებს სატანური კულტების და ჯადოქრობის აღორძინება, ოკულტურ თემებს მიძღვნილი საშინელებათა წიგნების და ფილმების პოპულარობა და სატანური მოტივებით ჩადენილი დანაშაულები. ნაცისტების, კომუნისტებისა და ტერორისტების მოქმედებები, მათ შორის თვითმკვლელი ტერორისტების, რამაც ათასობით უდანაშაულო მოქალაქის სიცოცხლე შეიწირა, რა თქმა უნდა, უნდა შეფასდეს, როგორც სატანური ქცევა. კოპროფილური განზომილება აშკარად გამოიხატება თანდათან მზარდ სამრეწველო დაბინძურებაში, მთელს მსოფლიოში ნარჩენების დაგროვებასა და დიდ ქალაქებში ცხოვრების ჰიგიენური პირობების სწრაფ გაუარესებაში. იგივე მოძრაობის უფრო განყენებული მხარეა პოლიტიკურ და ეკონომიკურ წრეებში მუდმივად მზარდი მექრთამეობა და გადაგვარება.
ბევრმა ადამიანმა, ვისთანაც ერთად ვმუშაობდით, დაინახა, რომ კაცობრიობა გადამწყვეტ გზაჯვარედინზე არჩევანის წინაშე იდგა: ან სრული განადგურება ან ცნობიერების უზომოდ შეუდარებელი ევოლუციური ნახტომი. ტერენს მაკენამ ეს ძალიან ლაკონურად გამოხატა: „ყოველ შემთხვევაში, სულელი მაიმუნის ისტორია დასრულდა” (МсКеппа, 1992). როგორც ჩანს, ჩვენ ყველანი ერთად ვართ ჩართულნი მოძრაობაში, რომელიც თავისი მიმართულებით შეესაბამება იმ ფსიქოსულიერ სიკვდილს და აღორძინებას, რომელიც ამდენმა ადამიანმა შინაგანად განიცადა ცნობიერების ჰოლოტროპულ მდგომარეობაში. და თუ ჩვენ გავაგრძელებთ საეჭვო დამანგრეველ და თვითგანადგურების მისწრაფებების გარეთ გამოშვებას, რომლებიც არაცნობიერი მდგომარეობის სიღრმეში წარმოიქმნება, ჩვენ უდავოდ გავანადგურებთ საკუთარ თავს და, შესაძლოა, სიცოცხლეს ჩვენს პლანეტაზე. ამასთან, თუ ჩვენ საკმარისად მივაღწევთ წარმატებას ამ მოძრაობის საკუთარ თავში, შიგნით მობრუნებას, ამან შეიძლება გამოიწვიოს არნახული ევოლუციური წინსვლა. რაც არ უნდა უტოპიური მოგვეჩვენოს ასეთი განვითარების შესაძლებლობა, ის შეიძლება აღმოჩნდეს ჩვენი მომავლის ერთადერთი ნამდვილი იმედი.
მოდით ახლა ვნახოთ, როგორ შეიძლება გამოყენებულ იქნეს ცნებები, რომლებიც გაჩნდა ცნობიერების შესწავლისას, ტრანსპერსონალურ ფსიქოლოგიაში და მეცნიერების ახალ პარადიგმაში. მიუხედავად იმისა, რომ მეცნიერების მრავალ დარგში რევოლუციურმა მიღწევებმა საფუძველი ჩაუყარა ახალ სამეცნიერო მსოფლმხედველობას, ეს ახალი იდეები ჯერ კიდევ მეტ წილად მაინც გაფანტულ მოზაიკას წარმოადგენს, ვიდრე დასრულებულ და ყოვლისმომცველ მსოფლმხედველობას. ჯერ კიდევ ბევრი რამ უნდა გაკეთდეს მონაცემთა დაგროვების, ახალი თეორიების შექმნისა და შემოქმედებითი სინთეზის მისაღწევად. ამასთან, არსებულმა მონაცემებმა ბევრად უფრო ფართო წრეებში უნდა მიაღწიოს მანამ, სანამ ისინი მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს მსოფლიოში არსებულ ვითარებაზე.
მაგრამ ძირეული ინტელექტუალური ძვრა ახალი პარადიგმისკენ ფართო მასშტაბითაც კი არ იქნება საკმარისი გლობალური კრიზისის შესამსუბუქებლად და იმ დამანგრეველი მოძრაობის უკან მოსაბრუნებლად, რომელშიც ჩვენ ჩაბმულნი ვართ. სამყარო მოითხოვს კაცობრიობის ღრმა მგრძნობიარე და სულიერი გარდაქმნას. არსებული მტკიცებულებების გამოყენებით შეიძლება ვივარაუდოთ ზოგიერთი სტრატეგია, რომლებსაც საქმის ასეთი მსვლელობისთვის ხელშეწყობა და მხარდაჭერა შეუძლია. კაცობრიობის შეცვლის მცდელობები უნდა დაიწყოს წინასწარი ფსიქოლოგიური ზომებით ადრეულ ასაკში. მშობიარობამდე და მშობიარობის შემდგომი ფსიქოლოგიიდან მიღებული მონაცემები მიუთითებს, რომ ბევრის მიღწევა შეიძლება ორსულობის, მშობიარობისა და მშობიარობის შემდგომი მოვლის პირობების შეცვლით. ეს მოიცავს ორსულობის პერიოდში დედის ემოციური მომზადების გაუმჯობესებას, ბუნებრივი შვილოსნობის განხორციელებას, მშობიარობისთვის სულიერად და ფსიქოლოგიურად გაცნობიერებული გარემოს შექმნას და მშობიარობის შემდგომ პერიოდში დედასა და შვილს შორის მგრძნობელობითი გამამდიდრებელი შეხების წახალისებას.
ბევრია დაწერილი ბავშვის აღზრდის მნიშვნელობაზე, ასევე ჩვილობისა და ბავშვობის პერიოდში ტრავმული პირობების დამანგრეველ ემოციურ შედეგებზე. ეს, რა თქმა უნდა, არის ის სფერო, სადაც საჭიროა უწყვეტი განათლება და ხელმძღვანელობა. ამასთან, იმისათვის, რომ თეორიულად უკვე ცნობილი წესების გამოყენება შევძლოთ, მშობლებმა თავად უნდა მიაღწიონ საკმარის ემოციურ სტაბილურობასა და სიმწიფეს. რადგან ცნობილია, რომ ემოციური დაავადებები წყევლასავით გადადის თაობიდან თაობაზე, რაც არაფრით განსხვავდება ქათმისა და კვერცხის შესახებ ყველასთვის ცნობილი საკითხისგან.
ჰუმანისტური და ტრანსპერსონალური ფსიქოლოგიის სხვადასხვა ტიპებმა გამოიმუშავა საკუთარი შეგნების, განკურნების და პიროვნული გარდაქმნის ეფექტური მეთოდები განცდის მეშვეობით. ზოგიერთი მათგანი დასავლური თერაპიის ტრადიციიდან მომდინარეობს, ზოგი კი ძველი და ხალხური სულიერი ხერხების თანამედროვე გადაკეთებას წარმოადგენს. ემოციური განკურნების გარდა, ამ მიდგომებს აქვთ შესაძლებლობა, დააბრუნონ დასავლურ კულტურაში ნამდვილი, განცდაზე დაფუძნებული სულიერება და გამოასწორონ თანამედროვე კაცობრიობის განდგომა. არსებობს მიდგომები პროფესიონალი დამხმარეებისა და პრაქტიკოსების ძალიან მოსახერხებელი რაოდენობის თანაფარდობით და ისეთები, რომლებიც შეიძლება გაკეთდეს თვითდახმარების ჯგუფების პირობებში. მათთან მიზანმიმართულმა მუშაობამ შეიძლება სულიერი ღირებულებები დაუბრუნოს სამრეწველო ცივილიზაციას და ხელი შეუწყოს კაცობრიობის გარდაქმნას, რაც ძალზე მნიშვნელოვანია ჩვენი, როგორც სახეობის, გადარჩენისთვის. ამ მიზნის მისაღწევად საჭირო იქნება მედიის ჩართვა და ინფორმაციის გავრცელება ამ შესაძლებლობების შესახებ, რათა მოხდეს საკმარისი რაოდენობის ადამიანთა პირადი დაინტერესება მათ განხორციელებაში.
როგორც ჩანს, ჩვენ ჩართულნი ვართ დროის წინააღმდეგ წარმტაც რბოლაში, რომელსაც კაცობრიობის მთელი ისტორიის განმავლობაში ტოლი აღარ მოეპოვება. ხოლო მასში დადებული ფსონი არანაირად არ არის ნაკლები, ვიდრე ჩვენი პლანეტის სიცოცხლის მომავალი. და თუ ჩვენ გავაგრძელებთ ძველი სტრატეგიების დანერგვას, რომლებიც მათი შედეგებით აშკარად დამანგრეველი და თვითგანადგურებადია, ნაკლებ სავარაუდოა, რომ ადამიანის სახეობა დედამიწაზე გადარჩება. ამასთან, თუ ადამიანთა საკმარისად დიდი რაოდენობა განიცდის ღრმა შინაგანი გარდაქმნის მოვლენას, ჩვენ შევძლებთ მივაღწიოთ ცნობიერების ევოლუციის ისეთ დონეს, როდესაც გავხდებით იმ დიდებული სახელის ღირსნი, რომელიც ჩვენს სახეობას ვუწოდეთ: Homo sapiens sapiens.
მომდევნო ქვეთავის სანახავად ისრით გადადით შემდეგ თავზე, ან აირჩიეთ შესაბამისი თავი სარჩევში (მარჯვენა პანელზე)
თუ გსურთ დააფასოთ ჩვენი შრომა და დაეხმაროთ ჩვენს ვებ-გვერდს ამ და სხვა წიგნების თარგმნაში, ნებისმიერი თანხა შეგიძლიათ ჩარიცხოთ ამ რეკვიზიტებზე:
საქართველოს ბანკი: GE04BG0000000621532700
TBC ბანკი: GE30TB7154245061100005
მიმღები: მამუკა გურული
პირადი ნომერი: 35001029103
ასევე შეგიძლიათ გადმორიცხოთ საზღვარგარეთიდან ნებისმიერი გზავნილის სისტემით.