სტანისლავ გროფი - "ჩვენი ყველაზე მძიმე ჭრილობების განკურნება. პარადიგმის ჰოლოტროპული ცვლილება"

სტანისლავ გროფი
0
0

1962 წელს, XX საუკუნის ერთ-ერთმა ყველაზე გავლენიანმა ფილოსოფოსმა, თომას კუნმა, გამოაქვეყნა მისი გამორჩეული წიგნი «სამეცნიერო რევოლუციების სტრუქტურა». მეცნიერების ისტორიის 15-წლიანი შესწავლის საფუძვ...

ეპილოგი

ეპილოგი

მსურს დავასრულო ჩემი შესავალი სიტყვა ღრმა განკურნების და გარდაქმნის გამოცდილების შესახებ მოყოლით, რომელიც მრავალი წლის წინ მოხდა იმ ადამიანთა ჯგუფში, რომელთანაც ცნობიერების უჩვეულო მდგომარეობა განვიცადე. ამ გასაოცარმა ეპიზოდმა ყველასათვის უკეთესი მომავლის იმედი გამიჩინა, მიუხედავად ზოგადი შავბნელი სიტუაციისა. მიუხედავად იმისა, რომ ეს 40-ზე მეტი წლის წინ მოხდა, მე მაინც ცრემლები მიპყრობს, როდესაც ამაზე ვფიქრობ ან ვსაუბრობ. ამ მოვლენამ იმ პრობლემების სიღრმე მაჩვენა, რომელთა წინაშე ჩვენს სამყაროში აღმოვჩნდით, სადაც მრავალი საუკუნის განმავლობაში სიძულვილი თაობიდან თაობას გადაეცემოდა. ამასთან, მან ასევე მომცა იმედი და რწმენა ამ წყევლის მოხსნისა და იმ ბარიერების ჩამოშლის შესაძლებლობისა, რომლებიც ერთმანეთისგან გვაშორებს.

1960-იანი წლების ბოლოს და 1970-იანი წლების დასაწყისში მე მონაწილეობა მივიღე მთავრობის მიერ დაფინანსებულ კვლევით პროგრამაში, ბალტიმორში, მერილენდის ფსიქიატრიული კვლევების ცენტრში, ფსიქოდელიური თერაპიის პოტენციური შესაძლებლობების შესწავლაში. ამ ცენტრში ჩვენი ერთ-ერთი პროექტი იყო ფსიქიატრიული ჯანმრთელობის დარგის სპეციალისტთა სასწავლო პროგრამა. ის საშუალებას აძლევდა ფსიქიატრებს, ფსიქოლოგებს, სოციალურ მუშაკებსა და სასულიერო პირებს, რომლებიც პასტორალურ კონსულტაციას ეწეოდნენ, გაევლოთ სამი სეანსი ელ-ეს-დე-ს მაღალი დოზების გამოყენებით საგანმანათლებლო მიზნებისთვის. ამ პროგრამის ერთ-ერთი მონაწილე იყო კენეტ გოდფრი, ფსიქიატრი ვეტერანთა ჰოსპიტალიდან ტოპეკაში (კანზასი). თავად კენი ფსიქოდელიური კვლევების ერთ-ერთი პიონერი იყო, და ატარებდა სეანსებს თავის კლიენტებთან, მაგრამ მის პროგრამაში საკუთარი სეანსების ჩატარების პირობები არ იყო. მე ვუხელმძღვანელე მას სამ ფსიქოდელიურ სეანსში, რომელიც მან ჩვენს ინსტიტუტში გაიარა და ამ პროცესში ჩვენ ძალიან ახლო მეგობრები გავხდით. კენი და მისი ცოლი ორივე მკვიდრი ამერიკელები იყვნენ და ძალიან ღრმა კავშირი ჰქონდათ თავიანთი ხალხის სულიერ ტრადიციასთან და მათი ტომის უხუცესებთან.

ჯერ კიდევ ჩეხოსლოვაკიაში ყოფნისას წავიკითხე აბორიგენთა ამერიკული ეკლესიის, სინკრეტული რელიგიის შესახებ, რომელიც აერთიანებს ქრისტიანულ და ინდიურ ელემენტებს და იყენებს საზიარებლის სახით მექსიკურ ფსიქოდელიურ კაქტუსს პეიოტს. ძალიან დამაინტერესდა პეიოტის ცერემონიის პირადად განცდა, რაც საშუალებას მომცემდა შემედარებინა ფსიქოდელიკების თერაპიული გამოყენება, თერაპიულ კონტექსტში მათი გამოყენებით. აშშ-ში ჩასვლის შემდეგ ასეთ შესაძლებლობას ვეძებდი, მაგრამ უშედეგოდ. კენის ელ-სე-დე-ს მესამე სეანსის დასრულების შემდეგ ჩვენი დასკვნითი განხილვის დროს გამიელვა აზრმა, რომ მას შესაძლოა რაიმე კავშირი ჰქონოდა აბორიგენულ ამერიკულ ეკლესიასთან და დამეხმარებოდა ჯგუფის პოვნაში, რომელიც საშუალებას მომცემდა მონაწილეობა მიმეღო პეიოტის ცერემონიაში. კენმა პირობა მომცა, რომ ამ საკითხს ჯონ მიტჩელთან, ცნობილ „გზის ბელადთან“, ან პოტავატომის ტომის წმინდა ცერემონიების ხელმძღვანელთან განიხილავდა, რომელიც მისი ახლო მეგობარი იყო. რამდენიმე დღის შემდეგ კენმა დამირეკა კარგი ამბების მოსაყოლად. ჯონ მიტჩელმა არამარტო დამპატიჟა სტუმრის როლში პეიოტის ცერემონიალზე, არამედ შემომთავაზა კიდევ რამდენიმე თანამშრომლის წამოყვანა.

შემდეგ შაბათ-კვირას ხუთნი ბალტიმორიდან ტოპეკაში მივფრინავდით. ჯგუფში შედიოდნენ ჩვენი მუსიკალური თერაპევტი ჰელენ ბონი, მისი და, ფსიქოდელიური თერაპევტი ბობ ლეიი, რელიგიის პროფესორი უოლტერ ჰიუსტონ კლარკი და მე. ტოპეკის აეროპორტში მანქანა ვიქირავეთ და იქიდან კანზასის პრერიის სიღრმეში გავემგზავრეთ. იქ, უკაცრიელ ადგილას, იდგა რამდენიმე ვიგვამი, წმინდა ცერემონიის ჩატარების ადგილი. მზე ჩადიოდა და რიტუალი ეს წუთია უნდა დაწყებულიყო. სანამ ცერემონიას შევუერთდებოდით, სხვა მონაწილეები უნდა დათანხმებულიყვნენ ჩვენს დასწრებაზე, რომელთაგან ყველა მკვიდრი ამერიკელი იყო. ჩვენ მოგვიწევდა დრამატული ჯგუფური თერაპიის სეანსის მსგავსი რთული პროცესის გავლა.

დამსწრე საზოგადოებამ თბილად და აღფრთოვანებით ისაუბრა თეთრი დამპყრობლების მიერ ამერიკის დაპყრობის მტკივნეულ ისტორიაზე - ამერიკელი ინდოელების გენოციდზე, მათი ქალების გაუპატიურებაზე, მათი მიწის ექსპროპრიაციაზე, კამეჩების უაზრო მასობრივ მკვლელობაზე და მრავალი სხვა სისასტიკის შესახებ. რამდენიმესაათიანი დრამატული საუბრის შემდეგ, ემოციები თანდათან განიმუხტა და ინდოელებმა სათითაოდ მიგვიღეს თავიანთ ცერემონიალში. საბოლოოდ, მხოლოდ ერთი ადამიანი დარჩა, რომელიც განაგრძობდა გააფთრებულ პროტესტს ჩვენი ყოფნის წინააღმდეგ - მაღალი, შუბლშეკრული კაცი. მისი სიძულვილი თეთრი ხალხის მიმართ უსაზღვრო იყო.

მას დიდი დრო და დიდი ხნის დარწმუნება დასჭირდა მისი თანამეტომეებისგან, რომლებიც შეწუხებულნი იყვნენ ცერემონიის შემდგომი შეფერხებით, სანამ მან საბოლოოდ უხალისოდ დათანხმდა ჯგუფში ჩვენს შეერთებას. რაც იქნა ყველაფერი მოგვარდა, ყოველ შემთხვევაში, ზედაპირზე და ყველანი დიდ ვიგვამში შევიკრიბეთ. ცეცხლი აინთო და წმინდა ცერემონია დაიწყო. ჩვენ პეიოტის კოკორს ვყლაპავდით და კვერთხსა და დოლს გადავცემდით წრეზე ერთმანეთს. მკვიდრი ამერიკელების ჩვეულების თანახმად, ვისაც კვერთხი ეჭირა, შეეძლო სიმღერა ემღერა ან ესაუბრა; ასევე იყო შემდეგისთვის მისი გადაცემის ვარიანტი. 

შუბლშეკრული კაცი, რომელსაც ასე არ სურდა ჩვენი მიღება, ჩემ პირდაპირ იჯდა, ვიგვამის ცენტრალურ საყრდენს მიყრდნობილი. ის სიბრაზესა და მტრობას ასხივებდა და ყველასთვის აშკარა იყო, რომ ის ბრაზობდა. მიუხედავად იმისა, რომ ყველა დანარჩენი მონაწილე მთელი გულით უძღვებოდა ცერემონიალს, ის აუღელვებელი და გულგრილი რჩებოდა. ყოველ ჯერზე, როდესაც კვერთხი და დოლი წრეს შემოივლიდა და მასთან მიდიოდა, ის ძალიან გაბრაზებით გადასცემდა მათ შემდეგ მონაწილეს. პეიოტის გავლენის ქვეშ ჩემი გარშემო მიმდინარე მოვლენების აღქმა ძალიან გამძაფრდა. ეს მამაკაცი მტკივნეულ ადგილად იქცეოდა ჩემს სამყაროში და ვიგრძენი, რომ ჩემთვის სულ უფრო და უფრო მტკივნეული ხდებოდა მისი ყურება. მისი სიძულვილი, თითქოსდა, თვალებიდან ასხივებდა კაშკაშა ლაზერის სხივების მსგავსად, რომლებიც მე მანადგურებდა და მთელ ვიგვამს ავსებდა. ის ახერხებდა თავისი ჯიუტი პოზიციის შენარჩუნებას მთელი ცერემონიის მანძილზე.

დილა ახლოვდებოდა და მზის ამოსვლამდე ცოტა ხნით ადრე კვერთხსა და დოლს ბოლო წრეზე გადავცემდით. ეს შესაძლებლობა იყო თითოეულისათვის ეთქვა რამდენიმე დასკვნითი სიტყვა განვლილი ღამის გამოცდილებისა და შთაბეჭდილებების შესახებ. უოლტერ ჰიუსტონ კლარკის სიტყვა ძალიან გრძელი და ძალიან ემოციური იყო. მან ღრმა მადლიერება გამოხატა ჩვენი ინდოელი მეგობრების გულუხვობისთვის, რომლებმაც თავიანთი ლამაზი ცერემონია გაგვიზიარეს. უოლტერმა განსაკუთრებით ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ მათ ჩვენ მიგვიღეს მიუხედავად იმისა, რამდენი რამ ჩავიდინეთ ჩვენ მათ მიმართ - მათი მიწის ოკუპაცია და მოპარვა, მათი ხალხის მკვლელობა, ქალების გაუპატიურება და კამეჩების განადგურება. თავის გამოსვლაში რაღაც მომენტში მან ჩემი თავიც ახსენა - რა კონტექსტში, არ მახსოვს: „სტენი, რომელიც ასე შორს არის სამშობლოდან, მშობლიური ჩეხოსლოვაკიიდან”.

როგორც კი უოლტერმა წარმოთქვა სიტყვა „ჩეხოსლოვაკია“, ადამიანი, რომელიც მთელი ღამე აღშფოთებული იყო ჩვენი იქ ყოფნით, უცებ უცნაურად აღელვდა. ის ფეხზე წამოდგა, ვიგვამი გადაკვეთა და ჩემს წინ გაიშალა მიწაზე. მან თავი ჩემს კალთაში დამალა, ხმამაღლა ტირილითა და სლუკუნით. დაახლოებით ოცი წუთის შემდეგ დამშვიდდა, თავის ადგილს დაუბრუნდა და ლაპარაკიც შეძლო. მან განმარტა, რომ ცერემონიის წინა საღამოს, მან ყველა ჩვენგანი აღიქვა, როგორც „მკრთალსახიანები“ და ამით ავტომატურად როგორც მკვიდრი ამერიკელების მტრები. უოლტერის შენიშვნის მოსმენისას, მან გაიაზრა, რომ მე, როგორც ჩეხოსლოვაკიის მკვიდრს, საერთო არაფერი მაკავშირებდა მისი ხალხის ტრაგედიასთან. აშკარად, ჩეხები არასოდეს ყოფილან ცნობილი როგორც ველური დასავლეთის დამპყრობლები. ამრიგად, მან უსაფუძვლოდ შემიძულა მე წმინდა ცერემონიის დროს. 

კაცი ღრმად დამწუხრებული და უბედური ჩანდა. მისი პირველ სიტყვებს შემდეგ ხანგრძლივი სიჩუმე ჩამოვარდა, რომლის დროსაც სახეზე დაძაბული შინაგანი ბრძოლა აისახა. აშკარა იყო, რომ ამ ყველაფერს სხვა რამე მოჰყვებოდა კიდევ. ბოლოს, მან შეძლო ჩვენთვის თავისი ამბის დასასრულის გაზიარება. მეორე მსოფლიო ომის დროს იგი მიიწვიეს ამერიკის სამხედრო-საჰაერო ძალებში და ომის დასრულებამდე რამდენიმე დღით ადრე მან პირადად მიიღო მონაწილეობა ჩეხეთის ქალაქ პლზენში სრულიად გაუმართლებელ და უსარგებლო საჰაერო იერიშში, რომელიც ცნობილი იყო მთელს მსოფლიოში საუკეთესო ლუდით და მანქანების ქარხანა „შკოდათი“. მისი სიძულვილი ჩემდამი არამარტო გაუმართლებელი იყო - სინამდვილეში, ჩვენი როლები საპირისპიროდ შეიცვალა: ის იყო დამნაშავე, მე კი მსხვერპლი. ის შემოიჭრა ჩემს ქვეყანაში და ჩემი ხალხი მოკლა. ეს იმაზე მეტი იყო ვიდრე მას შეეძლო ატანა. ის დამიბრუნდა და, გულში ჩამეხუტა და პატიებას მთხოვდა.

მას შემდეგ, რაც იგი დავარწმუნე, რომ მის მიმართ არანაირი მტრული გრძნობები არ მქონდა, რაღაც სრულიად შესანიშნავი მოხდა. ის მივიდა ჩემს ბალტიმორელ მეგობრებთან, რომლებიც ყველანი ამერიკელები იყვნენ, ბოდიში მოიხადა საქციელისთვის ცერემონიამდე და მის დროს, ჩაეხუტა მათ და პატიება ითხოვა. მისი თქმით, ამ ეპიზოდმა მას ასწავლა, რომ მსოფლიოს მშვიდობის დამყარების იმედი აღარ ექნებოდა, თუ ყველანი გავაგრძელებდით წინაპრების საქციელისადმი სიძულვილის გულში შენახვას. იგი მიხვდა, რომ არასწორი იყო რასობრივი, ეროვნული და კულტურული ჯგუფების განზოგადებულად განსჯა. ჩვენ უნდა ვიმსჯელოთ ადამიანებზე იმის მიხედვით, თუ ვინ არიან ისინი და არა როგორც იმ ჯგუფის წევრებზე, რომელსაც ისინი ეკუთვნიან. 

მისი გამოსვლა ბელადი სიეტლისთვის მიკუთვნებული ცნობილი წერილის შესაფერისი გაგრძელება იყო, რომელშიც მან ევროპელ კოლონიზატორებს მიმართა. ის შემდეგი სიტყვებით სრულდებოდა:

„თქვენ არ ხართ ჩემი მტრები, თქვენ ჩემი და-ძმები ხართ. თქვენ ჩემთვის ან ჩემი ხალხისთვის არაფერი გაგიკეთებიათ. ეს ყველაფერი დიდი ხნის წინ მოხდა ჩვენი წინაპრების ცხოვრებაში. იმ დროს მე ნამდვილად შემეძლო მეორე მხარეს ვყოფილიყავი. ჩვენ ყველანი დიდი სულის შვილები ვართ, ჩვენ ყველანი დედა-მიწას ვეკუთვნით. ჩვენი პლანეტა დიდ განსაცდელშია და თუ ჩვენ განვაგრძობთ ძველი წყენის გულში ტარებას და არ ვიმუშავებთ ერთად, მაშინ ყველანი დავიღუპებით“.

ამ მომენტისთვის ჯგუფში ადამიანების უმეტესობას ცრემლები მოსდიოდა. ჩვენ ყველამ განვიცადეთ ღრმა კავშირი და ადამიანის ოჯახისადმი კუთვნილება. სანამ მზე ცაზე ნელა ამოდიოდა, ჩვენ მონაწილეობა მივიღეთ ცერემონიალურ საუზმეში. ჩვენ ვჭამდით საჭმელს, რომელიც ვიგვამის ცენტრში იყო მთელი ღამე და რიტუალით იყო ნაკურთხი. შემდეგ ყველამ ხანგრძლივი ჩახუტებები გავცვალეთ ერთმანეთში, უხალისოდ დავემშვიდობეთ ერთმანეთს და სახლისკენ გავეშურეთ. ჩვენ ყველამ თან წავიღეთ რასობრივი და ეროვნებათაშორისი კონფლიქტის მოგვარების ამ ფასდაუდებელი გაკვეთილის შესახებ მოგონება, რომელიც უდავოდ იცხოვრებს ჩვენს გონებაში მთელი ცხოვრების ბოლომდე. პირადად ჩემთვის, ცნობიერების უჩვეულო მდგომარეობაში გამოცდილი ეს საოცარი სინქრონულობა იმედის გრძნობას აღვიძებს, რომ ოდესმე მომავალში, მსგავსი განკურნება შესაძლოა მასშტაბურად მოხდეს მსოფლიოში.

დიდი მადლობა ყურადღებისთვის.

ილუსტრაციების და ნახატების სანახავად გადმოწერეთ წიგნის რუსული ვერსია (ბოლოშია ნახატები).

 

თუ გსურთ დააფასოთ ჩვენი შრომა და დაეხმაროთ ჩვენს ვებ-გვერდს ამ და სხვა წიგნების თარგმნაში, ნებისმიერი თანხა შეგიძლიათ ჩარიცხოთ ამ რეკვიზიტებზე: 

საქართველოს ბანკი: GE04BG0000000621532700
TBC ბანკი: GE30TB7154245061100005
მიმღები: მამუკა გურული 
პირადი ნომერი: 35001029103 

ასევე შეგიძლიათ გადმორიცხოთ საზღვარგარეთიდან ნებისმიერი გზავნილის სისტემით.

 

წიგნის თავები


იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff