სტანისლავ გროფი - "ჩვენი ყველაზე მძიმე ჭრილობების განკურნება. პარადიგმის ჰოლოტროპული ცვლილება"

სტანისლავ გროფი
0
0

1962 წელს, XX საუკუნის ერთ-ერთმა ყველაზე გავლენიანმა ფილოსოფოსმა, თომას კუნმა, გამოაქვეყნა მისი გამორჩეული წიგნი «სამეცნიერო რევოლუციების სტრუქტურა». მეცნიერების ისტორიის 15-წლიანი შესწავლის საფუძვ...

ცნობიერების რევოლუცია - საერთაშორისო ტრანსპერსონალური კონფერენციების ისტორია

ცნობიერების რევოლუცია - საერთაშორისო ტრანსპერსონალური კონფერენციების ისტორია

მოსკოვში, 2010 წლის 23-27 ივნისს, XVII საერთაშორისო ტრანსპერსონალური კონფერენციის გახსნაზე წარმოთქმული შესავალი სიტყვა

მგონია, რომ ადამიანის ერთ-ერთი ყველაზე ძირითადი გამოცდილება, რომელიც მართლაც ზოგად ხასიათს ატარებს და აერთიანებს - ან, უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, შეუძლია გააერთიანოს - მთელი კაცობრიობა, არის აღმავლობის გამოცდილება ამ სიტყვის ფართო გაგებით.

ვაცლავ ჰაველი, ჩეხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი

ძვირფასო მეგობრებო!

მსურს შეუერთდე ვოლოდია მაიკოვს და ყველას მივესალმო ამ შესანიშნავ შეხვედრაზე, XVII საერთაშორისო ტრანსპერსონალურ კონფერენციაზე. ლექციას ინგლისურ ენაზე წავიკითხავ, მაგრამ სანამ დავიწყებ, მინდა რამდენიმე ფრაზა რუსულად ვთქვა, ჩვენი მასპინძლების მშობლიურ ენაზე, რომ მადლიერება და მაღალი შეფასება გამოვხატო.

ქალბატონებო და ბატონებო, ძვირფასო მეგობრებო!

სანამ ინგლისურად დავიწყებ ჩემს მოხსენებას, მინდა ვთქვა რამდენიმე ფრაზა რუსულად, ჩვენი მასპინძლების მშობლიურ ენაზე და გამოვხატო ჩემი პატივისცემა და მადლიერება. პირველ რიგში, მინდა მადლობა გადავუხადო ვოლოდია მაიკოვს და მის თანამშრომლებს (ან მის „გუნდს“, როგორც თავად უწოდებს მათ) იმ საქმის, დროის, ენერგიისა და სიყვარულისთვის, რაც ამ შესანიშნავი კონფერენციის ორგანიზებისთვის იყო საჭირო. მე და ჩემმა მეუღლემ, ქრისტინამ, არაერთი წინა საერთაშორისო ტრანსპერსონალური კონფერენცია მოვაწყვეთ და შეგვიძლია წარმოვიდგინოთ ამ ამოცანის მასშტაბები. დიდი მადლობა ყველას.

განსაკუთრებით მინდა მადლობა გადავუხადო ვოლოდიას ყველაფრისთვის, რაც მან გააკეთა წლების განმავლობაში რუსეთში და აღმოსავლეთ ევროპის სხვა ქვეყნებში ტრანსპერსონალური პერსპექტივის დანერგვისა და გავრცელების მიზნით - მრავალი რუსული წიგნის გამოცემისა და უცხოური წიგნების შესანიშნავი თარგმანის, სატელევიზიო პროგრამებში და ფილმებში თანამშრომლობის, სემინარების ორგანიზებისა და ჰოლოტროპული სუნთქვის ტრენინგის ხელმძღვანელობის კუთხით.

ასევე უპირველესყოვლისა, მადლობა მინდა ვუთხრა ვოლოდიას მოწვევისთვის, რომელმაც საშუალება მომცა რუსეთში ჩამოვსულიყავი და გამეზიარებინა თქვენთვის გამოცდილება და 50 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ცნობიერების არაჩვეულებრივი მდგომარეობების კვლევის შედეგად მიღებული შენიშვნები. ეს ჩემი პირველი ვიზიტი არ არის რუსეთში. წარსულში რამდენჯერმე ვიყავი აქ და ბევრი სასიამოვნო მოგონება მაქვს ამ მოგზაურობიდან და არაერთი შესანიშნავი მეგობარი მყავს შეძენილი. ჩემთვის განსაკუთრებული სიამოვნება აქ დაბრუნება. კიდევ ერთხელ მადლობა ყველაფრისთვის!

ჩვენი რუსი მეგობრებისთვის მადლობის გადახდის შემდეგ, ახლა ვუბრუნდები ინგლისურს. ჩემთვის საკმაოდ გასაკვირია ამ კონფერენციის პროგრამის გადახედვა და მომხსენებელთა სიის ნახვა. და მე მჯერა, რომ მე ჩემი მეუღლის, ქრისტინას სახელითაც ვლაპარაკობ, რომელიც ჩემთან ერთად იყო საერთაშორისო ტრანსპერსონალური ასოციაციის (სტა) დაარსებისას და წარსულში მონაწილეობდა ჩემთან ერთად მრავალი ტრანსპერსონალური კონფერენციის ორგანიზებაში. დაახლოებით ერთი წლის წინ, ვოლოდია მაიკოვმა მთხოვა, ტრანსპერსონალური მოძრაობის პიონერებთან არსებული მჭიდრო მეგობრული კავშირები გამომეყენებინა, რომლებიც მე და ქრისტინამ დავამყარეთ ესალენის ინსტიტუტში ჩატარებულ 30 ერთ თვიან პრაქტიკულ სემინარებზე და სხვადასხვა საერთაშორისო კონფერენციებზე, რომლებიც წლების განმავლობაში ორგანიზებული გვაქვს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში და ვოლოდიას სახელით მოგვეწვია ეს ხალხი მოსკოვში. ეს ძალიან სამწუხარო ამოცანა აღმოჩნდა, რადგან ბევრი მათგანი უკვე გარდაიცვალა, ზოგი კი სიბერის ან ჯანმრთელობის პრობლემების გამო ვერ ჩამოვიდა. ფაქტობრივად, ერთი პერიოდი ისე ჩანდა, თითქოს ძველმა საერთაშორისო ტრანსპერსონალურმა ასოციაციამ დაასრულა არსებობა და მისი კონფერენციების ტრადიცია აღარ გაგრძელდება.

ამიტომ, მე ძალიან მაღელვებს და მამხნევებს ახალგაზრდა თაობის ამდენი წარმომადგენლის აქ ყოფნა, რომლებიც მიაწვდიან და განავითარებენ ტრანსპერსონალურ ხედვას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში. განსაკუთრებული მადლობა დევიდ ლუკოფს, ჰარის ფრიდმანს და გლენ ჰარტელიუსს, რომლებიც საერთაშორისო ტრანსპერსონალურ ასოციაციას აღორძინებაში დაეხმარნენ; მათ და ვოლოდია მაიკოვის გარეშე ეს კონფერენცია არ შედგებოდა. პირადად მე განსაკუთრებით მაღელვებს ის ფაქტი, რომ ამ კონფერენციაში მონაწილეობს ფსიქოდელიური მკვლევარების ახალი თაობა. რიკ დობლინისა და მის მიერ დაარსებული ფსიქოდელიური კვლევების დისციპლინათაშორისი ასოციაციის (MAPS) შეუპოვრობისა და სიმტკიცის წყალობით, ჩვენ დღეს მთელს მსოფლიოში ფსიქოდელიური კვლევებისადმი ინტერესის შესანიშნავი აღორძინების მოწმენი ვართ.

შეერთებულ შტატებში ფსიქოდელიურ კვლევას დაუბრუნდა რამდენიმე მსხვილი უნივერსიტეტი - ჰარვარდის უნივერსიტეტი, კალიფორნიის უნივერსიტეტი ლოს-ანჯელესში (UCLA), ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტი, ნიუ-იორკის შტატის უნივერსიტეტი, კალიფორნიის უნივერსიტეტი სან-ფრანცისკოში (UCSF), ჩიკაგოს უნივერსიტეტი და არიზონას უნივერსიტეტი. დოქტორმა მაიკლ მიტოჰოფერმა და მისმა მეუღლემ ანიმ განაცხადეს, რომ პოსტტრამვული აშლილობის მკურნალობაში (PTSD) მეთილენდიოქსმეტამფეტამინის (MDMA) გამოყენებას დადებითი შედეგები მოჰყვა. მათმა მუშაობამ შეიძლება მნიშვნელოვანი გავლენა იქონიოს ომის ვეტერანებში ემოციური აშლილობების რთული პრობლემის გადასაჭრელად. მნიშვნელოვანი ფსიქოდელიური კვლევები ამჟამად შვეიცარიაში, გერმანიაში, ესპანეთში, დიდ ბრიტანეთში, ნიდერლანდებში, ისრაელში, ბრაზილიაში, პერუში და მსოფლიოს ბევრ სხვა ქვეყანაში მიმდინარეობს.

საერთაშორისო ტრანსპერსონალური ასოციაციის კონფერენცია, რომელსაც ჩვენ ვესწრებით, არის XVII საერთაშორისო ტრანსპერსონალური კონფერენცია. მისი გახსნის ფარგლებში, მე მსურს უკან წარსულში გადავინაცვლოთ, განვლილი მოგონებების გზაზე, რათა ისტორიულ კონტექსტში მოვაქციოთ ის, რასაც უახლოეს დღეებში განვიცდით. ტრანსპერსონალური ფსიქოლოგიის ასოციაცია დაარსდა 1969 წელს აბრაჰამ მასლოუს და ტონი სიუტიჩის მიერ და შემდეგ წლებში მან რეგულარული კონფერენციები ჩაატარა ასილომარში, კალიფორნიაში. ამ კონფერენციებს ზოგჯერ ესწრებოდნენ მონაწილეები სხვა ქვეყნებიდან. ორმა მათგანმა, გეირ და ინგრიდ უილიამსონებმა, გააკეთეს შემოთავაზება საერთაშორისო ტრანსპერსონალური კონფერენციის ორგანიზების თაობაზე 1972 წელს, ისლანდიაში, ბიფროსტში.

ამ შეხვედრას 72 მონაწილე ესწრებოდა, მათ შორის იყვნენ ჯოზეფ კემპბელი და მისი მეუღლე ჯინ ერდმან-კემპბელი, ჰიუსტონ სმიტი, უოლტერ ჰიუსტონ კლარკი, ფიზიკოსი ნიკ ჰირბერტი და ისლანდიელი მითოლოგი ეინარ პალსონი. გეირმა და ინგრიდმა ასევე მეორე საერთაშორისო ტრანსპერსონალური შეხვედრა მოაწყვეს 1973 წელს, კვლავ ისლანდიაში. მესამე შეხვედრა შედგა სამი წლის შემდეგ ინარში, ფინეთის ლაპლანდიაში, საბჭოთა კავშირის საზღვართან. ლექციები სკოლის შენობის სავარჯიშო დარბაზში ჩატარდა, სადაც კონფერენცია ტარდებოდა; არდადეგების დრო იყო და საკლასო ოთახები საცხოვრებელ ფართებად გადაკეთდა. მონაწილეთა შემადგენლობა საკამოდ ფართო იყო - მექსიკელი ფსიქოდელიური თერაპევტი სალვადორ როკედან დაწყებული, დანიის პრინცი პიტერით, მისი უწმინდესობა დალაი ლამას ძველი მეგობრით, დამთავრებული; მან 20 წელი გაატარა ტიბეტში და გვაჩვენებდა მის მიერ პირადად გადაღებულ შესანიშნავ კინომასალას ოთხი ტიბეტელი წინასწარმეტყველის, ანუ კუტენის - ტიბეტური რელიგიის, პოლიტიკის, წინასწარმეტყველებისა და მკურნალობის მნიშვნელოვანი ფიგურების შესახებ.

პირველი სამი კონფერენცია თეთრი ღამეების პერიოდში ჩატარდა, პოლარული წრის მიღმა მდებარე რეგიონებში. საყოველთაოდ ცნობილია, რომ უკიდურესი ჩრდილოეთის ამ ტერიტორიებზე მცხოვრებ ადამიანებში საოცრად ხშირია ფსიქიკური ფენომენები. ჩვენ შევხვდით უამრავ ადამიანს, რომლებსაც აქვთ წინასწარმეტყველების, ტელეპათიისა და მჭევრმეტყველების ნიჭი, ასევე იმათ, ვისაც მკურნალის რეპუტაცია ჰქონდათ ან წარმატებული მიწისქვეშა წყლების მაძიებლები იყვნენ. ამ კონფერენციებზე აბსოლუტურად საოცარი ატმოსფერო იყო; ბევრმა მონაწილემ განიცადა ცნობიერების სპონტანური უჩვეულო მდგომარეობა და ზემგრძნობიარე აღქმის გამოცდილება. 

მეოთხე კონფერენციის ორგანიზატორები იყვნენ ბრაზილიაში მცხოვრები ფრანგი ფსიქოლოგი პიერ ვეილი და დანიაში მცხოვრები ბრაზილიელი ფსიქოლოგი ლეო მატოსი; ის 1977 წელს ჩატარდა ბელუ-ორიზონტში, ბრაზილიაში. ამ შეხვედრის მონაწილეები ეცნობოდნენ ბრაზილიის საოცარ სულიერ ცხოვრებას, მათ შორის სპირიტების მოძრაობას და უმბანდის სინკრეტულ რიტუალებს. კონფერენციის საბოლოო პლენარულ სხდომაზე გამოთქმულ იქნა წინადადება, რომ საერთაშორისო ტრანსპერსონალური კონფერენციების ტრადიცია ოფიციალური გამხდარიყო და შექმნილიყო ტრანსპერსონალური ფსიქოლოგიის საერთაშორისო ასოციაცია, რომელიც გახდებოდა მომავალი საერთაშორისო შეხვედრების მეგზური. წინადადება ასეთი ორგანიზაციის შექმნის შესახებ ყველა დამსწრემ ენთუზიაზმით მიიღო. როდესაც დადგა საკითხი ამ ორგანიზაციის პრეზიდენტთან დაკავშირებით, ვიღაცამ ჩემი სახელი დაასახელა და ყველამ ერთხმად აღმართა ხელები. საკუთარი საღი აზრის საწინააღმდეგოდ - რადგან ადმინისტრაციული საქმიანობის მიმართ ყოველთვის ძლიერი აუტანლობა მქონდა - მე მივიღე წინადადება.

კალიფორნიაში ორგანიზაციის დაფუძნებისათვის სამი ადამიანი იყო საჭირო. ჩემი მეგობრები მაიკლ მერფი და დიკ პრაისი, ესალენის ინსტიტუტის თანადამფუძნებლები, დათანხმდნენ, რომ ორი დარჩენილი ხელმოწერა დაერთოთ სადამფუძნებლო დოკუმენტებზე. იმ დროისთვის უკვე აშკარა იყო, რომ ტრანსპერსონალური მოძრაობა არა მხოლოდ საერთაშორისო გახდა, არამედ დისციპლინათაშორისი. თუ ახალ ორგანიზაციას ტრანსპერსონალური ფსიქოლოგიის საერთაშორისო ასოციაციას დავარქმევდით, ეს ასევე გამოამჟღავნებდა იერარქიულ უპირატესობას ტრანსპერსონალური ფსიქოლოგიის ასოციაციასთან მიმართებაში, რაც მიზანშეწონილი არ იყო. არტურ ხასტინგსთან განხილვის შემდეგ, მე გადავწყვიტე გამომეყენებინა ახალი ორგანიზაციისთვის სახელი „საერთაშორისო ტრანსპერსონალური ასოციაცია“.

ჩემი, როგორც „საერთაშორისო ტრანსპერსონალური ასოციაციის“ პრეზიდენტ-დამფუძნებლის, პირველი ამოცანა იყო 1979 წელს, ქრისტინასთან ერთად, და ელიას და იზა ამადორების დახმარებით, შემდეგი საერთაშორისო კონფერენციის გამართვა დენვერში (მასაჩუსეთსი). ჩვენ ავირჩიეთ თემა „რეალობის ბუნება“ და გადავწყვიტეთ შეგვეკრიბა რეგიონის ყველა ძირითადი წარმომადგენელი და ამისთვის ტრანსპერსონალური მოძრაობის „საზოგადოებაში ოფიციალური გამოსვლის“ სახე მიგვეცა. მომხსენებელთა სიაში იყვნენ გრეგორი ბეიტსონი, ფრენსის ვოონი, როჯერ უოლში, მაიკლ და სანდრა ჰარნერები, ჯიმ ფეიდიმენი, არტურ ჰასტინგსი, რამ დასი, რალფ მეტცნერი, კენ რინგი, ენჯელეს ერიენი და ცნობიერების კვლევების მრავალი სხვა პიონერი.

ამ კონფერენციაზე მე და ქრისტინას წილად გვერგო დიდი პატივი პირველად გაგვეცნო საზოგადოებისთვის ალექს გრეის შესანიშნავი ქმნილება - მისი „წმინდა სარკეები“. ჩვენ ასევე ვისარგებლეთ შემთხვევით და პირველად წარმოვადგინეთ ჩვენი „სულიერი საგანგებო სიტუაციების“ (სულიერი კრიზისის) კონცეფცია. ამ კონფერენციის სპეციალური და მოულოდნელი სტუმარი იყო სვამი მუკტანანდა - სიდხა-იოგას ტრადიციის მეთაური. ჩვენ ეს შეხვედრა საზოგადოებისთვის ღია გავხადეთ და მას 2 000-ზე მეტი ადამიანი დაესწრო, მათ შორის ჯერი ბრაუნი, რომელიც იმ დროს აშშ-ს პრეზიდენტობის კანდიდატი იყო.

ორმა ავსტრალიელმა - ელფ და მიურიელ ფუთებმა, რომლებიც ესალენში ჩვენს პრაქტიკულ სემინარს დაესწრნენ, დახმარება შემოგვთავაზეს შემდეგი „საერთაშორისო ტრანსპერსონალური ასოციაციის“ კონფერენციის ორგანიზებაში. ვინაიდან ტრანსპერსონალური ფსიქოლოგია ავსტრალიაში სრულიად უცნობი იყო, კონფერენციას ძალიან სჭირდებოდა რეკლამა. 1979 წელს სპეციალური ვიზიტით გავემგზავრეთ ავსტრალიაში, რათა ჩაგვეტარებინა პრაქტიკული სემინარებისა და ლექციების სერია, ასევე რადიო- და სატელევიზიო ინტერვიუები. კონფერენციის დაწყების მომენტისთვის ჩვენ 400-ზე მეტი მონაწილე გვყავდა. შეხვედრაზე, რომელიც 1980 წელს შედგა ფილიპეს კუნძულზე, მელბურნის მახლობლად, ხალხმა მთელი ავსტრალიიდან მოიყარა თავი - ისინი დაინტერესებული იყვნენ ტრანსპერსონალური საკითხებით, მაგრამ არ სმენიათ არაფერი ამ ტერმინზე. გარდა ამისა, „საერთაშორისო ტრანსპერსონალურმა ასოციაციამ“ შეძლო კავშირი დაემყარებინა მასპინძელი ქვეყნის ძირძველ ტრადიციასთან; პროგრამაში ერთ-ერთი მომხსენებელი იყო ავსტრალიელ აბორიგენთა ბელადი და აქტივისტი ბარნამ ბარნამი. კონფერენციის წარმატებას დიდ წილად ხელი შეუწყო ბუნებამ; ფილიპეს კუნძული კოალას დათვების ნაკრძალია და პინგვინების გიგანტური კოლონია აქვს. პინგვინების დაკვირვება, რომლებიც მზის ჩასვლისას ბრუნდებოდნენ თავიანთი წიწილების გამოსაკვებად, ნამდვილი ტრანსპერსონალური გამოცდილება იყო. ამ შეხვედრამ ავსტრალიაში ტრანსპერსონალურ მოძრაობას საფუძველი ჩაუდო.

სვამი მუკტანანდას შემოთავაზებით, „საერთაშორისო ტრანსპერსონალური ასოციაციის“ შემდეგი კონფერენცია 1982 წელს ჩატარდა, ბომბეიში (მუმბაი), ინდოეთში. ფასდაუდებელი დახმარება მივიღეთ სიდხა-იოგის ფონდისა და განეშ-პურის აშრამასგან, მათ შორის მერილინ ხერშენზონისგან, რომელიც კონფერენციის ორგანიზატორი და ადგილობრივი კოორდინატორი გახდა. შერჩეულ იქნა თემა „ძველი სიბრძნე და თანამედროვე მეცნიერება“; ჩვენ განზრახული გვქონდა ერთად შეგვეკრიბა სულიერი მასწავლებლები და მეცნიერების ახალი პარადიგმის წარმომადგენლები და მათი მსოფლმხედველობის დაახლოება გვეჩვენებინა. ეს ძალიან განსაკუთრებული შეხვედრა იყო, მიუხედავად იმისა, რომ ორი ცნობილი მომხსენებელი დაგვაკლდა - მისი უწმინდესობა დალაი ლამა, რომელიც მონაწილეობას დაგვპირდა, მაგრამ დხარამსალიდან მოგზაურობისას ძალიან ცუდად გახდა და იძულებული გახდა ნიუ-დელის (დილის) საავადმყოფოში დარჩენილიყო. ასევე კარმანი, რომელმაც შემოგვთავაზა კონფერენციის დასრულება შავი გვირგვინის ცერემონიით, მაგრამ კონფერენციამდე რამდენიმე თვით ადრე გარდაიცვალა.

ახალი პარადიგმის მეცნიერება ისეთმა პიონერებმა წარმოადგინეს, როგორიცაა კარლ პრიბრამი, ფრიტიოფ კაპრა, რუპერტ შელდრეიკი და ელმერ და ელის გრინები; სულიერ ელემენტს წარმოადგენდნენ სვამი მუკტანანდა, დედა ტერეზა, დოქტორი კარან სინგჰი, რაბინი ზალმან შახტერი, ზოროასტრიელი მღვდელმთავარი დასტურ მინოჩერი ჰომჯი, ტანტრისტი მეცნიერი აჯიტ მუკერჯი და სხვები. კულტურულ პროგრამაში შედიოდა ინდური კლასიკური ცეკვის ამომავალი ვარსკვლავის ალარმელ ვალის, მუსიკოსი პოლ ჰორნის და ტაიცზის ოსტატის ალ ჰუანგის გამოსვლები, ასევე ებრაული მისტიციზმის საღამო შლომო კარლებახთან და ზალმან შახტერთან ერთად და სუფისტური ზიკრი, რომელსაც ატარებდნენ შეიხ მუზაფერი და დერვიში ჰალვეტი ჯერახი. ამ კონფერენციას 700-ზე მეტი ადამიანი ესწრებოდა. მისი დასრულების შემდეგ, ბაბა მუკტანანდამ ყველა სტუმარი მოიწვია განეშპურში თავის აშრამის მოსანახულებლად და ტრადიციული ინდური ფესტივალით (ბანდარა) დატკბობისთვის.

ბომბეის კონფერენციის დასასრულს, „საერთაშორისო ტრანსპერსონალური ასოციაციის“ პრეზიდენტობა ჩავაბარე იუნგიელ ფსიქოლოგ სესილ ბარნის, რომელმაც რაშნა იმჰასლის ადმინისტრაციული დახმარებით მორიგი კონფერენცია 1983 წელს, დავოსში, შვეიცარიაში მოაწყო. შეხვედრა ძალიან წარმატებით ჩატარდა; ამჯერად, მისმა უწმინდესობამ დალაი ლამამ შეძლო ჩამოსვლა და სხვა სპეციალურ სტუმართა შორის იყვნენ ექიმი კარან სინგხი, მეანი ფრედერიკ ლებოიერი, ელისაბედ კიუბლერ-როსი, გოპი კრიშნა და მარია-ლუიზა ფონ ფრანცი.

დავოსის კონფერენციის წარმატების შემდეგ, სესილ ბარნი ოდნავ პრეტენციოზული გახდა. 1985 წელს კიოტოში, „სულიერება და ტექნოლოგიური საზოგადოება“ სახელწოდებით ჩატარებული კონფერენციის მომზადების პრცესში, მან შეძლო საორგანიზაციო კომიტეტში მოეწვია ფირმა „სონის“ დამფუძნებელი და საპატიო პრეზიდენტი და „კიოსერას“, იაპონიის ყველაზე სწრაფად მზარდი კომპანიის, დამფუძნებელი. ამ ალიანსით წაქეზებულმა მან გადაწყვიტა დაექირავებინა კონფერენციისთვის კიოტოს საერთაშორისო საკონფერენციო ცენტრი; ქირა დღეში 11 000 აშშ დოლარს შეადგენდა. ეს ემყარებოდა იმას, რომ იგი 1500 ფასიანი წევრის მიღებას ელოდა. მან ვერ გააცნობიერა, რომ მას საზოგადოებისთვის უნდა გაეცნო არა მხოლოდ ტრანსპერსონალური ფსიქოლოგია (იმ დროს იაპონიაში უცნობი), არამედ კონფერენციის კონცეფციაც, რომლის გამო იაპონელებს მოუწევდათ ერთ კვირიანი შვებულების აღება და იმ სხდომების დასწრება, რომლებიც არ უკავშირდებოდა მათ პროფესიას. კონფერენციას 700 ადამიანი ესწრებოდა, რაც იმ გარემოებებში, ფაქტობრივად, საკმაოდ შთამბეჭდავი და მშვენიერი იყო, მაგრამ ეს ფინანსურ კატასტროფას ნიშნავდა. კონფერენციამ 50 000 დოლარზე მეტი დაკარგა და „საერთაშორისო ტრანსპერსონალური ასოციაციის“ გაკოტრება გამოიწვია. მალევე, ამის შემდეგ სესილ ბარნი მოულოდნელად ინფარქტით გარდაიცვალა ასპენში (კოლორადო).

მე და ქრისტინამ მრავალი წერილი და ზარი მივიღეთ იმ ადამიანებისგან, რომლებიც წარსულში ესწრებოდნენ ჩვენს ტრანსპერსონალურ კონფერენციებს და ძალიან განაწყენდნენ შექმნილი ვითარების გამო. ისინი ძალიან შეწუხებულები იყვნენ იმით, რომ მოაკლდათ საერთაშორისო მასშტაბის შეხვედრის შესაძლებლობა და გვთხოვეს, რომ ტრადიციის გაგრძელების გზა გამოგვნახა. ზოგიერთი შემთხვევითი გარემოება დაგვეხმარა „საერთაშორისო ტრანსპერსონალური ასოციაციის“ აღორძინებაში. გამომცემლობა „ჰელდრეფ პაბლიკეიშენმა“, რომელიც ჟურნალ „რე-ვიჟნს“ უშვებდა დარომლის რედაქტორიც მე ვიყავი იმ დროს, საწყისი ინვესტიციის სახით შემოგვთავაზა მნიშვნელოვანი სესხი შემდეგი კონფერენციის ჩასატარებლად. მათი დახმარების წყალობით, „საერთაშორისო ტრანსპერსონალური ასოციაცია“ აღორძინდა, ამჯერად შტაბ-ბინით ვაშინგტონში და მე ისევ დავიკავე მისი პრეზიდენტის თანამდებობა. კიოტოს ფიასკოს თავიდან აცილების მიზნით, მე და ქრისტინამ გადავწყვიტეთ კონფერენცია ჩაგვეტარებინა სანტა-როუზში, სან-ფრანცისკოს ყურეს მახლობლად, სადაც ტრანსპერსონალური მოძრაობის მრავალი პიონერი ცხოვრობდა, რომლებსაც ამგვარად შეეძლოთ მონაწილეობა მიეღოთ კონფერენციაში მნიშვნელოვანი სატრანსპორტო ხარჯების გარეშე. 

1988 წლის ამ კონფერენციის თემა იყო „ტრანსპერსონალური ხედვა: წარსული, აწმყო და მომავალი“. კოორდინატორი იყო ჯონ მაკკენზი, მას ჩვენი ახალი მეგობრები ტევ და კერი სპარქსები ეხმარებოდნენ. აქ ჩვენ წინასაკონფერენციო პრაქტიკული სემინარის სახით პირველად შევთავაზეთ ჰოლოტროპული სუნქვის გამოცდილება; სემინარს ესწრებოდა 360 ადამიანი, ყველაზე დიდი ჯგუფი, რომელსაც ოდესმე გავძღოლილვართ. ამ კონფერენციამ უდიდესი ფინანსური წარმატება მოიპოვა. მის განსაკუთრებით გამორჩეულ მახასიათებლებს შორის იყო ელ-სე-დე-ს აღმომჩენის - ალბერტ ჰოფმანის მონაწილეობა, და საღამო ამერიკული როკ-ჯგუფის „მადლიერი მკვდრების“ (The Grateful Dead) წევრთან მიკი ჰარტთან ერთად. საპატიო სტუმრების სახით ჩვენ ასევე შევძელით მოგვეწვია ვასილი და ჟანა ნალიმოვები. „საერთაშორისო ტრანსპერსონალურმა ასოციაციამ“ ტრანსპერსონალურ სფეროში შეტანილი წვლილისთვის სპეციალური პრემია მიანიჭა დორა კალფს, ქვიშასთან თამაშის თერაპიული მეთოდის ავტორს.

„საერთაშორისო ტრანსპერსონალური ასოციაციის“ მომდევნო ორმა კონფერენციამ შთააგონა ჩვენი ინტერესი ალკოჰოლიზმისა და ნარკომანიისადმი პირადი მიზეზების გამო; ერთი მათგანი 1990 წელს შეერთებული შტატების დასავლეთ სანაპიროზე იუჯინში (ორეგონი) ჩატარდა, ხოლო მეორე - 1991 წელს აღმოსავლეთ სანაპიროზე ატლანტაში (ჯორჯია). ორივეს ერთი და იგივე სახელწოდება ჰქონდა - „მისტიკური ძიება, მიჯაჭვულობა და დამოკიდებულება“ და შთაგონებული იყო ქრისტინას იდეით - მოეკრიბა დამოკიდებულებების დარგში მომუშავე ადამიანები, რომლებიც აღიარებენ სულიერების სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან როლს ალკოჰოლიზმის და სხვა დამოკიდებულებების განვითარებასა და მკურნალობაში, აგრეთვე ტრანსპერსონალური ფსიქოლოგიის პიონერები, რომლებიც ავითარებენ სულიერებისთვის მეცნიერულად მისაღებ თეორიულ საფუძველს.

ამ კონფერენციების შემდეგ მეორედ გადავეცი „საერთაშორისო ტრანსპერსონალური ასოციაციის“ პრეზიდენტის პოსტი, ამჯერად ფსიქოლოგ პატრიცია დემეტრიოს-ელერდს. პატრიციამ მასპინძლობა გაუწია მეთორმეტე ტრანსპერსონალურ კონფერენციას 1994 წელს სანტა-კლერში, კალიფორნიაში, რომლის თემა იყო: „სული მოქმედებაში: გაღვიძება წმინდასადმი ყოველდღიურ ცხოვრებაში“, რომელსაც ტრანსპერსონალური პერსპექტივა შემოჰქონდა პოლიტიკაში, ბიზნესში, ეკონომიკაში, ეკოლოგიაში, ფემინიზმსა და მედიცინაში. მნიშვნელოვანი დამაკავშირებელი როლის მქონე სპეციალურ სტუმრებს შორის იყვნენ ჯერი ბრაუნი, აშშ-ს პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი და კალიფორნიის გუბერნატორი ჯიმ გარისონი, რომელიც მოგვიანებით გორბაჩოვის ფონდის პრეზიდენტი გახდა და მწერალი იზაბელ ალენდე, აგრეთვე ფემინისტი გლორია სტეინამი. „საერთაშორისო ტრანსპერსონალური ასოციაციის“ პრემია მიენიჭა რამ დასუს.

მეცამეტე შეხვედრა, რომელიც 1995 წელს ჩატარდა კილარნში, ირლანდიაში, გარკვეულწილად სანტა-კლერის კონფერენციის გაგრძელებად იქცა, რომელიც ყურადღებას იკრებდა მსოფლიოს გადაუდებელ პრობლემებთან მიმართებაში ტრანსპერსონალური ფსიქოლოგიის გამოყენების ირგვლივ. ამ კონფერენციის თემა იყო „სულიერება, ეკოლოგია და ბუნებრივი სიბრძნე“; კონფერენციის პროგრამის კოორდინატორი იყო რალფ მეტცნერი, რომელმაც დიდი ინტერესი გამოხატა ეკოლოგიისა და მშვიდობის მოძრაობის მიმართ. ამ კონფერენციაზე „საერთაშორისო ტრანსპერსონალური ასოციაციის“ პრიზი გადაეცა არნე ნესს, ბუნების შვედ დამცველს და ღრმა ეკოლოგიის ფუძემდებელს.

პატრიციას ნაადრევი გარდაცვალების შემდეგ, ჩვენი კალიფორნიელი მეგობრების თხოვნით, მე მეორედ დავბრუნდი „საერთაშორისო ტრანსპერსონალური ასოციაციის“ პრეზიდენტის პოსტზე. ვინაიდან „საერთაშორისო ტრანსპერსონალური ასოციაციის“ ერთ-ერთი მთავარი მიზანი იყო სახელმწიფოებს შორის ურთიერთობების გაუმჯობესება და კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარების ძიება, ჩვენ ძალიან განაწყენებული ვიყავით, რომ აღმოსავლეთ ევროპის მაცხოვრებლები ვერ მონაწილეობდნენ ჩვენს შეხვედრებში. ჩვენ შევეცადეთ, მოგვეწყო კონფერენცია რუსეთში გარდაქმნა და საჯაროობის პერიოდში, მაგრამ წარმატებას ვერ მივაღწიეთ. როდესაც „ხავერდოვანმა რევოლუციამ“ რადიკალურად შეცვალა პოლიტიკური ვითარება ჩეხოსლოვაკიაში, ქრისტინამ შემოგვთავაზა მეთოთხმეტე ტრანსპერსონალური კონფერენციის პრაღაში ჩატარება.

1992 წლის კონფერენცია სახელწოდებით „მეცნიერება, სულიერება და გლობალური კრიზისი“, რომელიც წარმოადგენდა აღმოსავლეთისა და დასავლეთის პირველ ტრანსპერსონალურ შეხვედრას, დაუჯერებლად წარმატებული იყო. ვინაიდან კონფერენციის მიზანი იყო დასავლეთიდან და აღმოსავლეთიდან მონაწილეთა თანასწორი წარმომადგენლობა, კონფერენციამდე ერთი თვით ადრე მოგვიწია შეგვეწყვიტა დასავლელი მონაწილეთა რეგისტრაცია. შედეგად, სმეტანის სახელობის საკონცერტო დარბაზი, რომელიც 1600 ადამიანს იტევდა, სავსე იყო და რამდენიმე ასეული ჩეხისთვის, რომელთაც დასწრება სურდათ, ადგილი აღარ დაგვრჩა. კონფერენციის მონაწილეები 36 სხვადასხვა ქვეყნიდან შეიკრიბნენ, ხოლო ჰოლოტროპული სუნთქვის წინასაკონფერენციო სემინარში 350 ადამიანი მონაწილეობდა.

ეს კონფერენცია ჩეხეთის პრეზიდენტის ვაცლავ ჰაველის მფარველობს ქვეშ ჩატარდა - პოლიტიკოსის, რომელიც ღრმად დაინტერესებული იყო ტრანსპერსონალური პერსპექტივით. ჩვენდა დიდი იმედგაცრუების გამო, პრეზიდენტმა ჰაველმა ვერ შეძლო მონაწილეთა პირადად მისალმება და შესავალი სიტყვით გამოსვლა, რადგან იგი უნდა დასწრებოდა პარლამენტის რიგგარეშე სხდომას, რომელიც მიეძღვნა ჩეხოსლოვაკიის ორ ცალკეულ სახელმწიფოდ მოსალოდნელი დაშლის საკითხს. კონფერენციის მთავარი მოვლენა იყო ნიგერიელი მუსიკოსის ბაბატუნდე ოლატუნჯის საღამო, რომელსაც თან ახლდა ათი აფრიკელი მოცეკვავე და მედოლე. მათი გამოსვლის შემდეგ, ეს ჯგუფი გამოვიდა პრაღის ქუჩებში და განაგრძო სიმღერა, ცეკვა და დოლებზე დაკვრა. მათ შეუერთდა ასობით გამვლელი და ქალაქის მაცხოვრებელი, რომლებმაც თავიანთი სახლებიდან ამ საოცარმა სანახაობამ გამოიტყუა. ეს დიონისური დღესასწაული გამთენიამდე გაგრძელდა სტარომესტკის მოედანზე. ჩეხეთის მცხოვრებთათვის, რომლებიც სულ ცოტა ხნის წინ გათავისუფლდნენ ტირანული კომუნისტური რეჟიმის მარწუხებიდან, რომელიც თავისუფალი გამოხატვის საშუალებას არ იძლეოდა, ეს წარმოუდგენელი მოვლენა იყო. ჩემთვის ამ კონფერენციას განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა, რადგან მან შესაძლებლობა მომცა, ტრანსპერსონალური ფსიქოლოგია ჩამომეტანა ჩემს სამშობლოში, სადაც დავიწყე ჩემი პროფესიული კარიერა და პირველი კვლევები ჩავატარე. 

მეთხუთმეტე ტრანსპერსონალური კონფერენციის თემა იყო „წმინდანის ტექნოლოგიები: ძველთაძველი, ძირძველი და თანამედროვე“. მან ყურადღება მოიკრიბა ცნობიერების უჩვეულო მდგომარეობების სამკურნალო, გარდამქმნელ და ევოლუციურ პოტენციალზე. ტრანსპერსონალური მოძრაობის წარმომადგენლების გარდა, მასში მონაწილეობდნენ შამანები პერუდან, ეკვადორიდან, ბრაზილიიდან და ვენესუელადან, სანტო დაიმეს მიმდევრები, იუნიონ დე ვეჯეტალის წევრები და სხვები. კონფერენციის მთავარი მოვლენა იყო კონცერტი ცნობილ მანაუსის ოპერის სახლში, რომელიც ამაზონის ჯუნგლების შუაში აშენდა. კონცერტში სხვებთან ერთად მონაწილეობდნენ ჩუნ-გლიაგ ალ ჰუანგი, ჯაი უტალი და ჯეფ გორდონი. მოგზაურობის უხერხულობისა და კლიმატის მიუხედავად, კონფერენციას 900 ადამიანი დაესწრო.

მეთექვსმეტე ტრანსპერსონალური კონფერენციის სახელწოდება, რომელიც ბოლოს მე და ქრისტინამ ერთად მოვაწყვეთ, იყო: „მითიური წარმოსახვა და თანამედროვე საზოგადოება: მსოფლიოს მომხიბვლელობის აღორძინება“. კონფერენცია დაუკავშირეს მითოლოგ ჯოზეფ კემპბელის დაბადების 100 წლისთავს და მიუძღვნეს მითოლოგიისა და არქეტიპული ფსიქოლოგიის ადამიანთა საზოგადოებისთვის მნიშვნელობის კვლევას. ადგილზე კოორდინატორი იყო რობერტ დაჩმანი; სპეციალურ სტუმართა შორის იყვნენ ინგლისელ-ამერიკელი მსახიობი ჯონ კლიზი, პიანისტი ლორინ ჰოლანდერი და ინდოელი კლასიკური მოცეკვავეები ვიშნუ ტატვა დას და ბარბარა ფრამი. გარდა ამისა, ამ კონფერენციამ შესაძლებლობა მისცა რიკ ტარნასს წარმოედგინა თავისი ნოვატორული ნაშრომი, რომელიც აკავშირებს არქეტიპულ ფსიქოლოგიასა და ასტროლოგიას. იმ დროს მწვავე პოლიტიკურმა კრიზისმა, რომელიც 11 სექტემბრის შემდეგ ატყდა, უარყოფითად იმოქმედა საერთაშორისო გადაზიდვებზე. მონაწილეთა რაოდენობა დაეცა დაახლოებით იმის ნახევრამდე, რასაც ჩვენ შეჩვეულნი ვიყავით საერთაშორისო ტრანსპერსონალურ კონფერენციებზე.

აქ ჩვენ ვესწრებით XVII საერთაშორისო ტრანსპერსონალურ კონფერენციას, იმ კონტექსტში, რომელიც საშუალებას გვაძლევს შევარიგოთ აღმოსავლეთი და დასავლეთი, ჩრდილოეთი და სამხრეთი. ჩვენ ვხვდებით უპრეცედენტო მასშტაბის გლობალური კრიზისის დროს, რომელიც საფრთხეს უქმნის homo sapiens-ისა და მრავალი სხვა სახეობის გადარჩენას. საუკუნეების მანძილზე, აღვირახსნილმა ძალადობამ და გაუმაძღარმა სიხარბემ - ადამიანის ბუნების ორმა საშიშმა მანკიერებამ - უამრავი სისხლიანი ომი და რევოლუცია წარმოშვა და განუზომელი ტანჯვა გამოიწვია. კაცობრიობის ისტორიის განმავლობაში, სხვადასხვა ერების როლები და მათი ურთიერთობები მუდმივად იცვლება ძალიან ახირებული გზით. მაგალითად, მეორე მსოფლიო ომის დროს გერმანია, იაპონია და იტალია, „ღერძის ძალები“, შეერთებული შტატების მტრები იყვნენ, ხოლო საბჭოთა კავშირი მნიშვნელოვანი მოკავშირე იყო. ომის შემდეგ, პოლიტიკური ლანდშაფტი მკვეთრად შეიცვალა. იაპონია და იტალია ამერიკელების მეგობრული ქვეყნები გახდნენ, ხოლო საბჭოთა კავშირი მთავარი მტერი გახდა, რომელსაც „ბოროტების იმპერიას“ უწოდებდნენ. გერმანიასთან მდგომარეობა უფრო რთული იყო; დასავლეთ გერმანია ახლა შეერთებული შტატების მოკავშირე იყო, ხოლო აღმოსავლეთ გერმანია მტრული ბანაკის წევრი გახდა.

XX საუკუნეში ევროპის ბევრმა ქვეყანამ ნაციზმის საშინელება და ფაშისტური ოკუპაცია განიცადა, ზოგიერთმა ქვეყანამ კი საბჭოთა კავშირის მიერ მათზე თავს მოხვეული სასტიკი კომუნისტური რეჟიმი. ახალ დროში ბრიტანეთისა და საფრანგეთის მთავარი გამოწვევა გერმანია იყო და მათ ერთმანეთთან კარგი ურთიერთობა ჰქონდათ. ამასთან, რამდენიმე საუკუნის წინ, ისინი მოსისხლე მტრები იყვნენ. ისტორიის გარკვეულ ეტაპზე ინგლისისთვის მთავარი პრობლემა ესპანეთი იყო, ხოლო რუსეთისთვის - საფრანგეთი, ესპანეთი ომობდა ჰოლანდიასთან, შვედეთი - რუსეთის მტერი იყო და ა.შ.

ზედაპირზე ალიანსები და დაპირისპირებები მოდიან და მიდიან, მაგრამ ღრმა ჭრილობების მეხსიერება და მათგან წარმოქმნილი ცრურწმენები საუკუნეების განმავლობაში ხალხთა კოლექტიურ არაცნობიერ მდგომარეობაში აგრძელებს არსებობას და გავლენას ახდენს მათ დღევანდელ პოზიციებსა და ურთიერთობებზე. გადაუჭრელი და მიუტევებელი წყენა და ტრავმა კვლავ აჩენს ახალ ძალადობას. წარსულში ძალადობასა და სიხარბეს ტრაგიკული შედეგები ჰქონდა ომებსა და რევოლუციებში მონაწილე ადამიანებისთვის და მათი ოჯახებისთვის. თუმცა, ისინი ადამიანის სახეობის ევოლუციას არ ემუქრებოდნენ და, რა თქმა უნდა, საფრთხეს არ უქმნიდნენ პლანეტის ეკოსისტემასა და ბიოსფეროსთვის. ყველაზე სასტიკი ომების შემდეგაც კი, ბუნებამ შეძლო ყველა შედეგის კომპენსირება და სრულად აღდგენა რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში. XX საუკუნეში ეს სიტუაცია რადიკალურად შეიცვალა. სწრაფმა ტექნოლოგიურმა პროგრესმა, სამრეწველო წარმოების ექსპონენციალურმა ზრდამ, მოსახლეობის რიცხობრიობის გიგანტურმა ზრდამ და განსაკუთრებით მასობრივი განადგურების იარაღის გაჩენამ სამუდამოდ შეცვალა განტოლებები, რომლებიც კაცობრიობის მომავალს ქმნიან.

დიპლომატიურ მოლაპარაკებებს, ადმინისტრაციულ და სამართლებრივ ზომებს, ეკონომიკურ და საზოგადოებრივ სანქციებს, სამხედრო ჩარევებს და სხვა მსგავს ძალისხმევას ძალიან მცირე წარმატება ჰქონდა; სინამდვილეში, ისინი ხშირად უფრო მეტ პრობლემას ქმნიდნენ, ვიდრე წყვეტდნენ. სულ უფრო ნათელი ხდება, თუ რატომ იყვნენ ისინი წარუმატებლობისთვის განწირულნი. ამ კრიზისის შესამსუბუქებლად გამოყენებული სტრატეგიები ემყარება იმავე იდეოლოგიას, რომელმაც შექმნა იგი. ეს ძალიან ლაკონურად ჩამოაყალიბა ალბერტ აინშტაინმა: „ჩვენ ვერ გადავჭრით პრობლემებს მსოფლიოში აზროვნების იმავე მეთოდის გამოყენებით, რომელსაც ვიყენებდით მათი შექმნისას” („Die Probleme die es in der Welt gibt, sind nicht mit der gleichen Denkweise zu losen, die sie erzeugt hat”). საბოლოო ჯამში, ამჟამინდელი გლობალური კრიზისი - ფსიქოსულიერი კრიზისია; ეს ასახავს ადამიანის სახეობის ცნობიერების ევოლუციის დონეს. ამიტომ ძნელი წარმოსადგენია, რომ მისი მოგვარება შესაძლებელი იყოს კაცობრიობის რადიკალური შინაგანი გარდაქმნის გარეშე და მისი ემოციური სიმწიფისა და სულიერი ცნობიერების უფრო მაღალ დონეზე აყვანის გარეშე.

კაცობრიობისთვის ღირებულებების და მიზნების სულ სხვა სისტემის შთაგონების ამოცანა შეიძლება ძალიან არარეალური და უტოპიური ჩანდეს იმისათვის, რომ რაიმე რეალური იმედი ვიქონიოთ ამისა. კაცობრიობის ისტორიაში ძალადობისა და სიხარბის პირველხარისხოვანი როლის გათვალისწინებით, თანამედროვე კაცობრიობის ისეთ ინდივიდთა საზოგადოებად გარდაქმნის შესაძლებლობა, რომლებიც შეძლებენ მშვიდობიან თანაარსებობას თავიანთი სახეობის თანამოძმეებთან, მამაკაცებთან და ქალებთან, განურჩევლად რასისა, ფერისა, რელიგიური და პოლიტიკური შეხედულებებისა, რომ აღარაფერი ვთქვათ სხვა სახეობებზე, როგორც ჩანს, არც ისე დამაჯერებლად ჟღერს. ჩვენ ვდგავართ კაცობრიობაში ღრმა ეთიკური ფასეულობების დანერგვის, სხვისი საჭიროებებისადმი მგრძნობელობის, ნებაყოფლობით თვითშეზღუდვის მიღებისა და ეკოლოგიური იმპერატივების გაცნობიერების აუცილებლობის წინაშე. ერთი შეხედვით, ასეთი ამოცანა ძალიან ფანტასტიურად გამოიყურება, თუნდაც სამეცნიერო ფანტასტიკური ფილმისთვის.

ამასთან, მიუხედავად იმისა, რომ სიტუაცია სერიოზული და კრიტიკულია, შეიძლება ის არც ისე უიმედო იყოს, როგორც ჩანს. 50 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ცნობიერების უჩვეულო მდგომარეობების შესწავლის შემდეგ, მე მივედი დასკვნამდე, რომ ტრანსპერსონალური ფსიქოლოგიის მიერ - იმ დისციპლინის მიერ, რომელიც ცდილობს დასავლურ მეცნიერებაში წარმოქმნილ ახალ პარადიგმასთან სულიერების გაერთიანება მოახდინოს - შემუშავებული თეორიული კონცეფციები და პრაქტიკული მიდგომები იმ კრიზისის შემსუბუქებაში დაგვეხმარება, რომლის წინაშეც ყველანი აღმოვჩნდით. ეს დაკვირვებები ითვალისწინებს, რომ კაცობრიობის რადიკალური ფსიქოსულიერი გარდაქმნა არა მხოლოდ შესაძლებელია, არამედ უკვე ხდება. ერთადერთი კითხვა არის ის, შეძლებს თუ არა იგი საკმარისად სწრაფი და ფართო იყოს იმისათვის, რომ უკან მოაბრუნოს თანამედროვე კაცობრიობის თვითგანადგურების ტენდენცია.

სისტემური სულიერი პრაქტიკა და საპასუხისმგებლო შინაგანი მუშაობა ცნობიერების უჩვეულო მდგომარეობების გამოყენებით არა მხოლოდ ამსუბუქებს ემოციურ და ფსიქოსომატურ დარღვევებს და მასში მონაწილე ადამიანების ცხოვრებას უფრო კომფორტულსა და დამაკმაყოფილებელს ხდის. მის შედეგად მიმდინარე მსოფლმხედველობის, ღირებულებების იერარქიისა და ცხოვრების სტრატეგიის ცვლილებებს, რომლებიც ბიოგრაფიული, პერინატალური და ტრანსპერსონალური მასალის შემუშავების შედეგი ხდება, მნიშვნელოვანი შედეგები აქვს, რომლებიც ინტენსიური შინაგანი მუშაობის მქონე ადამიანების პირადი სარგებელის ზღვარს სცილდება. ეს გარდაქმნა მოიცავს აგრესიულობის მნიშვნელოვან შემცირებას და რასობრივი, გენდერული, კულტურული და იდეოლოგიური შემწყნარებლობის, თანაგრძნობის, ეკოლოგიური მგრძნობელობის და პლანეტარული მოქალაქეობის განცდის განვითარებას. 

ბევრი ადამიანი, ვისთანაც ერთად ვმუშაობდით, მიიჩნევდა, რომ კაცობრიობა გადამწყვეტ გზაჯვარედინზე იმყოფება, რომელსაც ან კოლექტიური განადგურებისკენ ან უპრეცედენტო მასშტაბის ცნობიერების ევოლუციური ნახტომისკენ მივყავართ. ტერენს მაკენამ ეს ძალიან ლაკონურად ჩამოაყალიბა: „სულელი მაიმუნის ისტორია, ასე თუ ისე, მაინც დამთავრდება” - თუ ჩვენ არ გავივლით ღრმა ფსიქოსულიერ გარდაქმნას, ჩვენი სახეობა შეიძლება ვერ გადარჩეს. როგორც ჩანს, ჩვენ ყველანი კოლექტიურად ვართ ჩართული ფსიქოლოგიური სიკვდილისა და აღორძინების პროცესის მსგავს პროცესში, რომელიც ბევრმა ადამიანმა შინაგანად განიცადა ცნობიერების უჩვეულო მდგომარეობებში. თუ ჩვენ განვაგრძობთ პრობლემატური დამანგრეველი და თვითგანადგურებადი ტენდენციების ცხოვრებაში დანერგვას, რომლებიც არაცნობიერის სიღრმიდან მომდინარეობს, მაშინ, დიდი ალბათობით, გავანადგურებთ საკუთარ თავს და, შესაძლოა, სიცოცხლეს ამ პლანეტაზე. ამასთან, თუ ამ პროცესის საკმარისად დიდი მასშტაბებით ინტერნალიზირებას შევძლებთ, შედეგი შეიძლება იყოს უპრეცედენტო ევოლუციური პროგრესი, რომელიც იმ დონეზე აგვიყვანს, როდესაც ჩვენ დავიმსახურებთ იმ სახელს, რომელიც ასე ამაყად ვუწოდეთ ჩვენს სახეობას, – homo sapiens sapiens.

წიგნის თავები


იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff