სტანისლავ გროფი - "ჩვენი ყველაზე მძიმე ჭრილობების განკურნება. პარადიგმის ჰოლოტროპული ცვლილება"

სტანისლავ გროფი
0
0

1962 წელს, XX საუკუნის ერთ-ერთმა ყველაზე გავლენიანმა ფილოსოფოსმა, თომას კუნმა, გამოაქვეყნა მისი გამორჩეული წიგნი «სამეცნიერო რევოლუციების სტრუქტურა». მეცნიერების ისტორიის 15-წლიანი შესწავლის საფუძვ...

ცნობიერების და ტრანსპერსონალური ფსიქოლოგიის თანამედროვე კვლევების აღმოჩენები 

ცნობიერების და ტრანსპერსონალური ფსიქოლოგიის თანამედროვე კვლევების აღმოჩენები 

ფსიქოდელიური თერაპიის, ჰოლოტროპული სუნთქვისა და სულიერი გამწვავებების მქონე ადამიანებთან მუშაობის აღმოჩენებმა აჩვენა, რომ ხალხის მიდრეკილებას ძალადობისა და სიხარბის მიმართ ბევრად უფრო ღრმა ფესვები აქვს, ვიდრე ამჟამინდელ ბიოლოგიურ თეორიებს (შიშველი მაიმუნის, ეგოისტური გენის, სამეული ტვინის თეორიები) და ფსიქოლოგიურ თეორიებს (ფსიქოანალიზი, ეგო-ფსიქოლოგია და მასთან დაკავშირებული სკოლები). ღრმა წამქეზებელი ძალები, რომლებიც ადამიანის ბუნების ამ საშიშ თვისებებს საფუძვლად უდევს, სათავეს იღებს ფსიქიკის პერინატალურ და ტრანსპერსონალურ დონეებზე, იმ დარგებში, რომლებსაც გაბატონებული ფსიქოლოგია არ აღიარებს (Gროფ, 2000). აღმოჩენა, რომ ადამიანის ძალადობის და გაუმაძღარი სიხარბის ფესვები ბევრად უფრო ღრმაა, ვიდრე ოდესმე წარმოუდგენია აკადემიურ ფსიქიატრიას, და რომ მათი მარაგი ადამიანის სულში მართლაც რომ უზარმაზარია, თავისთავად შეიძლება საკმაოდ გამაოგნებელი ყოფილიყო. თუმცა, მას ახალი თერაპიული მექანიზმების და გარდაქმნის შესაძლებლობების შესანიშნავი აღმოჩენა აწონასწორებს, რომლებიც ჰოლოტროპულ მდგომარეობებში ხდება ხელმისაწვდომი ფსიქიკის პერინატალურ და ტრანსპერსონალურ დონეებზე. 

წლების განმავლობაში მე ღრმა ემოციური და ფსიქოსომატური განკურნების მოწმე ვიყავი, ისევე როგორც მრავალი ისეთი ადამიანის პიროვნების ძირეული გარდაქმნისა, რომლებიც ჩათრეულნი იყვნენ სერიოზულ და მიზანმიმართულ შინაგან ძიებებში. ზოგი მათგანი მედიტაციას ეწეოდა და ასრულებდა გამოზომილ სულიერ საქმიანობას, სხვები კი სხვათა ხელმძღვანელობის ქვეშ ფსიქოდელიურ სეანსებში ან განცდებისა და თვითჩაწვდომის სხვადასხვა სახის ფსიქოთერაპიაში ან შამანურ რიტუალებში მონაწილეობდნენ. მე ასევე ღრმა სასიკეთო ცვლილებების მოწმე ვიყავი ბევრ ისეთ ადამიანში, რომლებმაც სათანადო დახმარება მიიღეს ფსიქო-სულიერი კრიზისების უნებლიე ეპიზოდების („სულიერი გამწვავებების”) დროს.

როგორც კი ცნობიერებაში გამოჩნდება არაცნობიერის პერინატალური დონის შინაარსი და მიიღება, ადამიანები განიცდიან ძირეულ პიროვნულ ცვლილებებს. ისინი განიცდიან მტრული დამოკიდებულების მნიშვნელოვნად შემცირებას და უფრო მშვიდნი, საკუთარი თავისთვის უფრო კომფორტულები და სხვების მიმართ მომთმენი ხდებიან. ფსიქოსულირი სიკვდილისა და აღორძინების და ცნობიერების კავშირის განცდა მშობიარობის შემდგომ და მშობიარობამდე მოგონებებთან, ამცირებს ირაციონალურ ლტოლვას და მოთხოვნებს. ეს იწვევს ყურადღების გადატანას წარსულიდან და მომავლიდან დღევანდელ მომენტში და ზრდის ცხოვრების მარტივი სასიხარულო მომენტებით ტკბობის უნარს, როგორიცაა ყოველდღიური საქმიანობა, საკვები, სიყვარული, ბუნება და მუსიკა. ამის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი შედეგია მათში მსოფლიო და მისტიკური თვისების მქონე სულიერების გაჩენა, რაც, გაბატონებული რელიგიების დოგმებისგან განსხვავებით, უჩვეულოდ უტყუარი და დამაჯერებელია, რადგან იგი ღრმა პირად გამოცდილებას ემყარება.

როგორც წესი, სულიერი გახსნისა და გარდაქმნის მსვლელობა კიდევ უფრო ღრმად მიდის ტრანსპერსონალური განცდების შედეგად, როგორიცაა, მაგალითად, სხვა ადამიანებთან, ადამიანთა მთელ საზოგადოებებთან, ცხოველებთან, მცენარეებთან და ბუნების არაორგანულ ნივთიერებებთან და პროცესებთან გაიგივება. სხვა განცდები უზრუნველყოფს სხვა ქვეყნებში, კულტურებსა და ისტორიულ ეპოქებში განვითარებულ მოვლენებთან და მითოლოგიურ სამეფოებსა და საზოგადოებრივი არაცნობიერის არქეტიპულ არსებებთანაც კი ცნობიერების წვდომას. მსოფლიო მასშტაბის ერთიანობისა და საკუთარი ღვთაებრიობის განცდები იწვევს მთელ შექმნილ სამყაროსთან უფრო მზარდ გაიგივებას და იწვევს მოწიწების, სიყვარულის, თანაგრძნობისა და შინაგანი სიმშვიდის გრძნობას.

ის, რაც დაიწყო როგორც არაცნობიერი ფსიქიკის ფსიქოლოგიური მოსინჯვა, რომელიც განკურნების მიზნით ტარდებოდა, თავისთავად ცხოვრების აზრის ფილოსოფიურ ძიებად და სულიერი აღმოჩენებით სავსე მოგზაურობად გადაიქცა. ადამიანები, რომლებმაც კავშირი დაამყარეს თავიანთი ფსიქიკის ტრანსპერსონალურ არეალთან, საკუთარ თავში გარშემო არსებულის ახალი მაღალი შეფასებისა და მთელი ცხოვრებისადმი მოკრძალების განვითარების მიდრეკილებას იჩენენ. სხვადასხვა სახის ტრანსპერსონალური განცდების ერთ-ერთი ყველაზე თვალშისაცემი შედეგია - ადამიანისა და ეკოლოგიის გამო ღრმა შეშფოთების უნებლიე გაჩენა და განვითარება და რაიმე საერთო მიზნის სამსახურში ყოფნის აუცილებლობა. ეს ეფუძნება თითქმის უჯრედულ გაცნობიერებას იმისა, რომ სამყაროში ყველა საზღვარი შემთხვევითია და რომ თითოეული ჩვენგანი გაიგივებულია არსებობის მთლიან ქსოვილთან.

მოულოდნელად ცხადი ხდება, რომ ბუნებას ჩვენ ვერაფერს ვუზამთ ისე, რომ ერთდროულად საკუთარ თავსაც არ გავუკეთოთ ეს. ადამიანებს შორის განსხვავება კი უფრო როგორც გამომწვევი საღი ცნობისმოყვარეობა ჩანს და უფრო მეტად გამამდიდრებელია, ვიდრე საფრთხის მატარებელი, იქნება ეს დაკავშირებული სქესთან, რასასთან, კანის ფერთან, ენასთან, პოლიტიკურ შეხედულებებთან თუ რელიგიურ რწმენასთან. ამგვარი გარდაქმნის შემდეგ ამ ადამიანებმა, ისევე როგორც ბევრმა ამერიკელმა ასტრონავტმა, რომლებმაც დედამიწა კოსმოსიდან დაინახა (იხ. მიკი ლემლას დოკუმენტური ფილმი „მთვარის შებრუნებული მხარე“), აღმოაჩინეს საკუთარ თავში სიღრმისეული განცდა იმისა, რომ პლანეტის მოქალაქეები არიან და არა რომელიმე ცალკეული ქვეყნის მოქალაქეები ან განსხვავებული რასობრივი, სოციალური, იდეოლოგიური, პოლიტიკური ან რელიგიური ჯგუფის წევრები. ცხადია, ამგვარი გარდაქმნა გაზრდის გადარჩენის ჩვენს შესაძლებლობებს, ის რომ საკმარისად ფართო მასშტაბით მიმდინარეობდეს.

რეალობის ახალი ხედვა და ახალი მითი, რომლის მიხედვით უნდა ვიცხოვროთ

მთლიანობაში სამყაროს სურათი, რომელიც საფუძვლად უდევს ახალ ხედვას, ემყარება კვანტურ-რელატივისტური ფიზიკის ფილოსოფიურ მნიშვნელობებს და ანთროპიულ პრინციპს. იგი ცნობიერებას განიხილავს როგორც არსებობის ფუძემდებელ მხარეს, რომელიც მატერიის ტოლია ან შესაძლოა აღემატება მას, არა როგორც გვერდითი პროდუქტი, არამედ როგორც მატერიის გარკვეულ გართულება. იგი განიხილავს სამყაროს, როგორც უმაღლესი შემოქმედებითი გონების ქმნილებას და მისით გამსჭვალულს (ანიმა მუნდლ). ნიუტონის ზემანქანის ნაცვლად, რომელიც ცალკეული სამშენებლო ბლოკისგან (ელემენტარული ნაწილაკები და საგნები) შედგება, იგი სამყაროს როგორც ერთიანი ველს ხატავს, როგორც ორგანული მთლიანობას, რომელშიც ყველაფერი გააზრებული და ურთიერთდაკავშირებულია.

ახალი ბიოლოგია აცნობიერებს, რომ სახეობათა ევოლუცია ხელმძღვანელობდა შემოქმედებითი გონივრულობით და რომ სახეობათა ერთობლივი მოქმედება და თანამშრომლობა, როგორც მინიმუმ, ისეთივე მნიშვნელოვანი სახელმძღვანელო საწყისი იყო, როგორც დარვინის ყველაზე უკეთ შეგუებულის გადარჩენა. ბიოსფეროსა და მის მკვიდრთა გაგება შეუძლებელია, თუ მხოლოდ იმ ნივთიერებებს განვიხილავთ, რომელთაგან ისინი შედგებიან, და არ ავხსნით, თუ საიდან მომდინარეობს შექმნილი სამყაროს წესრიგი, გამოსახულებები, აზრობრივი ურთიერთობები და ესთეტიკური მხარეებები. ისეთი ცნებები, როგორიცაა მორფული რეზონანსი და შელდრეიკის მორფოგენეტიკური ველები, დნმ-ის და გენეტიკური კოდის დანიშნულების გასაგებად, აგრეთვე ცნობიერებას, მეხსიერებას და ტვინს შორის კავშირის გასაგებად გადამწყვეტია (იხ. შელდრეიკის „სიცოცხლის ახალი მეცნიერება“). ჰოლოგრაფიულმა აზროვნებამ, რომელიც პირველად შეიმუშავა დევიდ ბომმა და კარლ პრიბრამმა პიონერულმა, ახალი შუქი მოჰფინა ნაწილსა და მთლიანობას შორის ურთიერთობს (იხ. ბომის „მთლიანობა და ნაგულისხმევი წესრიგი“ და პრიბრამის „ტვინის ენები“). ერვინ ლასლომ ურთიერთდაკავშირებული სამყაროს ბრწყინვალე მოდელი მოგვცა, რომელიც მის წარმოდგენაში ჟღერს როგორც „ფსი-ველი“ ან აკაშის ველი (იხ. ლასლოს წიგნები „შემოქმედი კოსმოსი“, „დაკავშირებულობის ჰიპოთეზა“ და „მეცნიერება და აკაშის ველი“).

ცნობიერების თანამედროვე კვლევამ და ტრანსპერსონალურმა ფსიქოლოგიამ აჩვენა ფროიდის ფსიქოანალიზის ავადმყოფური შეზღუდულობა და არასწორი წარმოდგენები ადამიანის ჯანმრთელ და დაავადებულ სულის გაგებაში. ეს მიგვითითებს მოქმედი ფსიქოლოგიისა და ფსიქიატრიის ყველაზე ფუძემდებელი წინაპირობების ძირეული გადასინჯვის სასწრაფო აუცილებლობაზე შემდეგ სფეროებში. 

ადამიანის ფსიქიკის და ცნობიერების განზომილების ბუნება

ტრადიციული აკადემიური ფსიქიატრია და ფსიქოლოგია იყენებს სურათს, რომელიც შემოიფარგლება ბიოლოგიით, მშობიარობის შემდგომი ბიოგრაფიით და ფროიდის ინდივიდუალური არაცნობიერით. იმისათვის, რომ ავხსნათ ყველა მოვლენა, რომელიც ხდება ჰოლოტროპულ მდგომარეობებში, ჩვენ მტკიცედ უნდა გადავხედოთ ადამიანის ფსიქიკის განზომილების ჩვენში არსებულ გაგებას. მშობიარობის შემდგომი ბიოგრაფიული დონის გარდა, ფსიქიკის ახალი გაფართოებული კარტოგრაფია მოიცავს ორ დამატებით სფეროს: პერინატალურს (დაბადების ტრავმასთან დაკავშირებულს) და ტრანსპერსონალურს რომელიც მოიცავს სამშობიარო, რასობრივ, საზოგადოებრივ და ფილოგენეტიკურ მოგონებებს, კარმულ განცდებს და  არქეტიპული შემადგენლების ურთიერთქმედებას).

ემოციური და ფსიქოსომატური დარღვევების ბუნება და არქიტექტონიკა

სხვადასხვა დარღვევების ასახსნელად, რომლებსაც ორგანული საფუძველი („ფსიქოგენური ფსიქოპათოლოგია“) არ გააჩნია, ტრადიციული ფსიქიატრია იყენებს ნიმუშს, რომელიც შემოიფარგლება მშობიარობის შემდგომი ბიოგრაფიული ტრავმებით ჩვილობაში, ბავშვობაში და შემდგომ ცხოვრებაში. ახალი გაგებით, ასეთი დარღვევების ფესვები ბევრად უფრო ღრმად აღწევს და მოიცავს მრავალ შემადგენელს პერინატალური დონიდან (დაბადების ტრავმა) და ტრანსპერსონალური არეებიდან (როგორც ეს ადრე იყო განსაზღვრული).

განკურნების ეფექტური მექანიზმები

ტრადიციული ფსიქოთერაპიისთვის ცნობილია მხოლოდ ის თერაპიული მექანიზმები, რომლებიც ბიოგრაფიული შემადგენლების დონეზე მუშაობს, როგორიცაა დავიწყებული მოვლენების გახსენება, დათრგუნვისგან გათავისუფლება, წარსულის აღდგენა თავისუფალი ასოციაციის, სიზმრებისა და ნევროზული სიმპტომების მეშვეობით, ტრავმული მოგონებების ხელახლა განცდა და გადატანილის ანალიზი. ჰოლოტროპული კვლევა აჩვენებს განკურნების და პიროვნების გარდაქმნის სხვა მრავალ მნიშვნელოვან მექანიზმს, რომლებიც ხელმისაწვდომი ხდება, როდესაც ჩვენი ცნობიერება პერინატალურ და ტრანსპერსონალურ დონემდე აღწევს.

ფსიქოთერაპიისა და თვითჩაწვდომის სტრატეგია

ტრადიციული ფსიქოთერაპიის მიზანია - შეიძინო გონებრივი გაგება იმისა, თუ როგორ მუშაობს ფსიქიკა, რატომ ვითარდება სიმპტომები და რას ნიშნავს ისინი. შემდეგ ეს გაგება ხდება იმ მეთოდების განვითარების საფუძველი, რომელიც ექიმებს შეუძლიათ გამოიყენონ თავიანთი პაციენტების სამკურნალოდ. მაგრამ ამ სტრატეგიის დიდი სირთულე არის ფსიქოლოგთა და ფსიქიატრთა შორის ურთიერთ თანხმობის გასაოცარი არარსებობა ყველაზე ფუძემდებელ თეორიულ საკითხებზე, რის შედეგადაც წარმოიშვება წარმოუდგენლად დიდი რაოდენობით, ერთმანეთის მეტოქეობაში ჩართული, ფსიქოთერაპიის სკოლები. ჰოლოტროპულ მდგომარეობებთან მუშაობა კი გვიჩვენებს ძირეულად განსხვავებულ გასაოცარ სურათს: პაციენტთა ღრმა შინაგანი გონივრულობის გამოყენება, რომელიც განკურნებისა და გარდაქმნის მიმდინარეობას მართავს.

სულიერების როლი ადამიანის ცხოვრებაში

დასავლური მატერიალისტური მეცნიერება არ იძლევა რაიმე სახის სულიერების ადგილს და სინამდვილეში თვლის, რომ იგი შეუთავსებელია სამეცნიერო მსოფლმხედველობასთან.  ნებისმიერი სახის სულიერებას იგი განიხილავს როგორც განათლების ნაკლებობის, ცრურწმენის, ჯადოსნური პირველყოფილი აზროვნების ან სერიოზული ფსიქოპათოლოგიის გამოხატვას. ცნობიერების თანამედროვე გამოკვლევა მტკიცე გამოწვევას უცხადებენ ამ მცდარ წარმოდგენებს და აჩვენებს, რომ სულიერება არის ადამიანის სულის და საგნების ზოგადი მსოფლიო წესრიგის ბუნებრივი და მართლზომიერი განზომილება. თუმცა, ამ ეტაპზე მნიშვნელოვანია იმის ხაზგასმა, რომ ასეთი მტკიცება ჭეშმარიტ სულიერებას ეხება, რომელიც უშუალო პირად განცდას ეფუძნება და არა ორგანიზებული რელიგიების იდეოლოგიებსა და დოგმებს.

სინამდვილის ბუნება: სული, კოსმოსი და ცნობიერება

აქამდე გამოთქმული შეხედულებათა აუცილებელი ცვლილებები დაკავშირებული იყო ფსიქიატრიის, ფსიქოლოგიისა და ფსიქოთერაპიის თეორიასთან და პრაქტიკასთან. თუმცა, ჰოლოტროპულ მდგომარეობებთან მუშაობა გაცილებით უფრო ღრმა ბუნების განსაცდელებს ატარებს. მრავალი განცდა და დაკვირვება, რომელიც ასეთი სამუშაოს შესრულების დროს ხდება, იმდენად განსაკუთრებულია, რომ მათი გაგება უბრალოდ შეუძლებელია სინამდვილესთან მიმართებაში მონისტურ-მატერიალისტური მიდგომის ფარგლებში. წარმოდგენებზე მათი გავლენა იმდენად შორს მიდის, რომ ძირს უთხრის დასავლური მეცნიერების ყველაზე ძირითად მეტაფიზიკურ წინაპირობებს, განსაკუთრებით იმათ, რომლებიც დაკავშირებულია ცნობიერების ბუნებასთან და მატერიასთან მის კავშირთან.

სამყაროს ახალი ხედვა და ცხოვრების ძირითადი სტრატეგია, რომლებიც თავისთავად ჩნდება ღრმა ჩაწვდომის დროს, ასეთია.

1. პიროვნების დონეზე

ჩვენი ღრმა მოთხოვნილებები სულიერი ხასიათისაა, რადგან მატერიალური საშუალებები თავისთავად ვერ მოგვანიჭებს სრულყოფასა და ბედნიერებას, მაშინაც კი, თუ ძირითადი ბიოლოგიური მოთხოვნილებების დაკმაყოფილებას მივაღწევთ (საკვები, უსაფრთხოება, თავშესაფარი, სექსი). ბიოგრაფიულად მიმართული ფსიქოთერაპიის მსვლელობისას, ბევრმა ადამიანმა აღმოაჩინა, რომ მათი ცხოვრება, მათი პიროვნული ურთიერთობათა გარკვეულ ასპექტში, ყალბი იყო. მაგალითად, მშობლების ძალაუფლებიდან გამომდინარე წარმოქმნილმა მღელვარებამ შეიძლება განსაკუთრებული სახის სირთულეები გამოიწვიოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან ურთიერთობისას, სქესობრივ ურთიერთობებში განმეორებითი სახის დარღვევები შეიძლება გამომდინარეობდეს მშობლებისგან, როგორც მისაბაძი მაგალითისგან სექსუალურ ქცევაში, და-ძმებთან ურთიერთობის სირთულეებმა – შეიძლება მომავალში გავლენა იქონიოს და დაამახინჯოს სამომავლო ურთიერთობები თანატოლებთან და ა.შ.

ხოლო როდესაც საკუთარი თავის შესწავლის პროცესში ჩვენ ვაღწევთ პერინატალურ დონეს, როგორც წესი, ვხვდებით, რომ ჩვენი ცხოვრება ამ დრომდე, არსებითად, ყალბი იყო მთლიანობაში და არა მხოლოდ ზოგიერთ ცალკეულ ნაწილებში. ჩვენდა გასაკვირად და გასაოცრად აღმოვაჩენთ, რომ მთლიანობაში, მთელი ჩვენი ცხოვრების სტრატეგია არასწორი მიმართულებით იყო მიმართული და ამიტომ ვერ შეეძლო ჭეშმარიტი კმაყოფილების მოტანა. ამის მიზეზი იყო ის გარემოება, რომ, უპირველეს ყოვლისა, იგი იმართებოდა სიკვდილის შიშით და ბიოლოგიურ დაბადებასთან დაკავშირებული არაცნობიერი ძალებით, რომლებიც შესაბამისად არ იყო დამუშავებული და მიღებული სათანადო სახით. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ბიოლოგიური დაბადების დროს ჩვენ მისი მსვლელობა დავასრულეთ ანატომიურად, მაგრამ არა ემოციურად.

როდესაც ჩვენი ცნობიერების სფეროზე ძლიერ გავლენას ახდენს მის სიღრმეებში ჩადებული მოგონება მშობიარობის არხში ბრძოლის შესახებ, ეს იწვევს შევიწროების, შეუძლოდ ყოფნისა და არსებული მდგომარეობით უკმაყოფილების განცდას. ეს უკმაყოფილება შეიძლება მიმართული იყოს უამრავ სხვადსხვა საკითხზე: არადამაკმაყოფილებელი ფიზიკური გარეგნობა, არასაკმარისი შესაძლებლობები და მატერიალური რესურსები, დაბალი საზოგადოებრივი მდგომარეობა, არასაკმარისი ძალაუფლება, გავლენა და სახელგანთქმულობა და მრავალი სხვა. სამშობიარო არხში ჩაჭერილი ბავშვის მსგავსად, ჩვენ ძალიან ძლიერ საჭიროებას ვგრძნობთ, რომ უკეთეს მდგომარეობას მივაღწიოთ, რომელიც სადღაც მომავალში გვეგულება.

როგორიც არ უნდა იყოს სინამდვილეში ჩვენი ამჟამინდელი გარემოებები, მათში კმაყოფილებას ვერ ვპოულობთ. ჩვენი წარმოსახვა მუდმივად ქმნის სამომავლო ვითარების სურათებს, რომლებიც უფრო დამაკმაყოფილებლად ჩანს, ვიდრე არსებული მდგომარეობა. გვგონია, რომ სანამ მათ არ მივაღწევთ, ჩვენი ცხოვრება მხოლოდ უკეთესი მომავლისთვის მზადება იქნება, და ჯერ კიდევ „ნამდვილი საქმე“ არ არის. ეს იწვევს ნიმუშის მიხედვით ცხოვრებას, რომელსაც განცდების მეშვეობით თვითჩაწვდომაში მონაწილე ადამიანები, აღწერენ როგორც „სარბენ ბილიკს“ ან „ვირთხების რბოლას“. ეგზისტენციალისტები კი საუბრობენ მომავალში „თვითპროექტირებაზე“ - მუდმივად წარმოიდგენენ თავს მომავალში უფრო დამაკმაყოფილებელ გარემოებებში და ცდილობენ შექმნან ისინი. ეს სტრატეგია ძირითადი მცდარი შეცდომაა ადამიანის ცხოვრებაში. სინამდვილეში ეს არის უიღბლო ადამიანის სტრატეგია, რადგან მას არასოდეს მოაქვს მისგან მოსალოდნელი კმაყოფილება. ამ თვალსაზრისით, მნიშვნელობა არა აქვს ნაყოფს გამოიღებს თუ არა იგი მატერიალურ სამყაროში. ჯოზეფ კემპბელის აზრით, ის ნიშნავს „კიბის თავზე ასვლას და გაცნობიერებას იმისა, რომ კიბე არასწორ კედელთან იყო მიყრდენილი“.

თუ მიზანი არ იქნა მიღწეული, მაშინ მუდმივად არსებული უკმაყოფილება მიეწერება იმ გარემოებას, რომ ჩვენ ვერ შევძელით შესაბამისი გამოსასწორებელი ზომების მიღება. როდესაც ჩვენ მივაღწიეთ ჩვენი მისწრაფებების მიზანს, მაშინ, როგორც წესი, ეს დიდ გავლენას არ ახდენს ჩვენს ძირითად ცხოვრებისეულ შეგრძნებებზე. აი მაშინ, მუდმივად არსებული უკმაყოფილება მიეწერება იმ გარემოებას, რომ თვით მიზნის არჩევა არასწორი იყო, ან იმას, რომ ის არ იყო ჩვენი მოთხოვნების საკადრისი. და როგორც შედეგი ხდება ან წინა მიზნის ახლით ჩანაცვლება, ან იგივე სახის პატივმოყვარე გეგმების ზრდა.

ნებისმიერ შემთხვევაში, წარუმატებლობის მიზეზი სწორად არ არის განსაზღვრული, როგორც თავდაპირველად არასწორი ცხოვრებისეული სტრატეგიის გარდაუვალი შედეგი, რომელსაც, პრინციპში, არ შეუძლია მოიტანოს კმაყოფილება. ეს ყალბი ნიმუში, რომელიც ფართო მასშტაბით არის გამოყენებული, პასუხისმგებელია უამრავი ნაირნაირი დიდი მიზნების დაუფიქრებელ და ირაციონალურ დასახვაზე, რაც გაცილებით მეტ ტანჯვას და კიდევ უფრო მეტ უბედურებას იწვევს მსოფლიოში. მას შეუძლია თავი იჩინოს ძალაუფლების  და სიმდიდრის ნებისმიერ დონეზე, მაგრამ მაინც არასდროს მოიტანოს ჭეშმარიტი კმაყოფილება. ერთადერთი სტრატეგია, რომელსაც შეუძლია მნიშვნელოვნად შეამციროს ამ სახის ირაციონალური მიზიდულობა, არის ცნობიერებაში დაბადების ტრავმის სრულად განცდა და მიღება მიზანმიმართული შინაგანი თვითჩაწვდომის პროცესში და კავშირის დამყარება ფსიქიკის ტრანსპერსონალურ დონესთან.

ცნობიერების თანამედროვე კვლევებმა და განცდის ფსიქოთერაპიამ გამოავლინა, რომ ჩვენი უკმაყოფილებისა და სრულყოფილებისკენ სწრაფვის ყველაზე ღრმა წყარო პერინატალურ დონეზეც კი შორს მიდის. ის დაუკმაყოფილებელი ლტოლვა, რომელიც ადამიანის ცხოვრებას იზიდავს, თავისი ბოლო არსით ტრანსპერსონალურია. დანტე ალიგიერის აზრით: „სრულყოფილების სურვილი არის ისეთი სურვილი, რომელიც ნებისმიერ სიამოვნებას მუდამ არასრულფასოვნად აქცევს, რადგან ამ ცხოვრებაში ისეთი სიხარული და სიამოვნება არ არსებობს, რომ მას შეეძლოს ჩვენი სულის წყურვილის დაკმაყოფილება” (Dante, 1990).

მისი ზოგადი გაგებით, დაუოკებელი სიხარბის ყველაზე ღრმა ტრანსპერსონალური ფესვები უკეთესად შეიძლება გავიგოთ კენ უილბერის წიგნზე „პროექტი ატმან“ (Wilber, 1980) დაყრდნობით. ჩვენი ჭეშმარიტი ბუნება ღვთაებრივია: ღმერთი, სამყაროს ქრისტე, ალაჰი, ბუდა, ბრაჰმანი, დაო, დიდი სული და მიუხედავად იმისა, რომ შექმნის მიმდინარეობა გვყოფს და გვაშორებს ჩვენს წყაროს, ამ გარემოების გაცნობიერება ბოლომდე არასოდეს ქრება. ცნობიერების განვითარების ყველა დონეზე სულში ყველაზე ღრმა მამოძრავებელი ძალა მდგომარეობს იმაში, რომ დავუბრუნდეთ ჩვენი ღვთაებრიობის განცდას. ამასთან, განვითარების შემდგომი ეტაპების შემზღუდველი პირობები ხელს უშლის ადამიანს განიცადოს სრული განთავისუფლება ღმერთში და როგორც ღმერთმა.

ნამდვილი აღმავლობა მოითხოვს ცალკეული „მე“-ს სიკვდილს, რომელიც კვდება, როგორც ჩაკეტილი სუბიექტი. განადგურების შიშის გამო და „მე“-ზე ჩაბღაუჭების გამო, ადამიანი უნდა კმაყოფილდებოდეს ატმანის შემცვლელებით ან ჩამნაცვლებლებით, რომლებიც თითოეული საფეხურისთვის განსაკუთრებულია. ნაყოფისა და ახალშობილისთვის ეს ნიშნავს კმაყოფილებას, რომელსაც ის კარგ საშვილოსნოში ან კარგ მკერდთან განიცდის. ჩვილისთვის ეს არის მისი ასაკისთვის დამახასიათებელი განსაკუთრებული ფიზიოლოგიური საჭიროებების დაკმაყოფილება. ზრდასრული ადამიანისთვის, ატმანის შესაძლო განსახიერება-პროექტების სპექტრი ბევრად უფრო ფართოა: საკვებისა და სქესის გარდა, მათში ასევე შედის ფული, დიდება, ძალაუფლება, გარეგნობა, ცოდნა და მრავალი სხვა.

ჩვენი ღრმა შეგრძნების წყალობით იმის თაობაზე, რომ ჩვენი ნამდვილი თავისებურება არის მსოფლიო ქმნილების სისრულე და თვით შემოქმედი საწყისი, ნებისმიერი ხარისხისა და ზომის შემცვლელები (ატმანის განსახიერება-პროექტები) ყოველთვის არადამაკმაყოფილებელი დარჩება. მხოლოდ ჩვენი ღვთაებრიობის განცდას ჰოლოტროპულ ცნობიერებაში შეუძლია ოდესმე დააკმაყოფილოს ჩვენი ღრმა მოთხოვნილებები. ამიტომ გაუმაძღარი სიხარბის ბოლო გამოსავალი არის შინაგანი სამყარო, და არა რაიმე სახის და მასშტაბის ამქვეყნიური მისწრაფებები. სპარსელმა მისტიკოსმა და პოეტმა რუმიმ ეს წარმოუდგენლად ნათლად გამოხატა: 

„ყველა იმედი, სურვილი, სიყვარული და ერთგულება, რომელსაც ადამიანები სხვადასხვა ნივთებად აღიქვამენ - მამები, დედები, მეგობრები, ცა, დედამიწა, სასახლეები, მეცნიერებები, საქმეები, საჭმელი და სასმელი, - წმინდანისთვის ცნობილია, როგორც ღმერთის გულისთქმა და ეს ყველაფერი - უბრალოდ ფარდა. როდესაც ხალხი დატოვებს ამ სამყაროს და დაინახავს „მეფეს“ ამ ფარდების გარეშე, ისინი შეიტყობენ, რომ ყველა ის გარდა და ბურუსი, რომელიც ახლა მათი სურვილების ობიექტია, სინამდვილეში ის ერთადერთი „საგანი“ იყო” (Hines, 1996).

2. საზოგადოებრივ დონეზე

როგორც ბიოლოგიური ორგანიზმები, ჩვენ მოთავსებული ვართ ბუნებრივ გარემოში და დიდ წილად ვართ დამოკიდებული სუფთა ჰაერზე, სუფთა წყალზე და ნიადაგზე. ჩვენი უმაღლესი და ყველაზე უცვლელი წესი უნდა იყოს ცხოვრების ამ წყაროების დაცვა, რომლებიც აუცილებელია ჯანმრთელობისა და გადარჩენისთვის. დაუშვებელია, რომ არცერთმა სხვა პრობლემამ, როგორიცაა ეკონომიკური მოგება, სახელმწიფო, იდეოლოგიური, რელიგიური მოტივები, ვერ დაძლიოს და ფეხქვეშ ვერ გათელოს ზრუნვა ადამიანისა და სახეობის ჯანმრთელობასა და გადარჩენაზე. როგორც ბაკმინსტერ ფულერმა გაგვახსენა, ჩვენ „კოსმოსური ხომალდი” ვართ, რომელსაც შეზღუდული რესურსები აქვს. ეს მოითხოვს, რომ მივმართოთ განახლებადი ენერგიის წყაროებს, რომლებიც ყოველთვის ხელმისაწვდომი იქნება და არ დააბინძურებს ჩვენს გარემოს (მზის ენერგია, ნულოვანი ენერგია). არ შეიძლება დაუშვათ ისეთი მასალების წარმოება, რომლებიც არ დაემორჩილება მიკროორგანიზმებით დაშლას, მათი განმეორებითი გამოყენების ან განადგურების გათვალისწინების გარეშე. წყლის, ჰაერისა და ნიადაგის მუდმივად მზარდი ქიმიური დაბინძურება, რადიოაქტიური ნალექისა და მცურავი პლასტმასის დაგროვება ოკეანეში, რომელიც მოიცავს შტატი ტეხასის ზომის ზონას, სერიოზული გაფრთხილება უნდა გახდეს. ჩვენი ერთობა ბუნებასთან, ისევე როგორც ჩვენს გარშემო მყოფ ყველა ადამიანთან, მოითხოვს რასობრივი, გენდერული, ეროვნული, კულტურული, პოლიტიკური და რელიგიური საზღვრების გადალახვას და პლანეტარული ცივილიზაციის შექმნას. ძალადობა, როგორც წინააღმდეგობათა მოგვარების მისაღები საშუალება, უნდა აღმოიფხვრას.

ჩვენ უნდა გვქონდეს მსოფლიო დებულება, რომელიც გარემოს დაცვას და ადამიანის სიცოცხლეს ყველაზე მაღალ მოთხოვნად მიიჩნევს. ჩვენი მთავარი საზრუნავი საერთაშორისო პოლიტიკაში უნდა იყოს მიმართული ერთობლივ მოქმედებაზე, თანამშრომლობასა და მეგობრობაზე, და არა მტერთან ბრძოლაზე (და, რა თქმა უნდა, არ მტრების შექმნაზე). შეერთებული შტატები, თავისი სამეცნიერო ტექნოლოგიისა და ეკონომიკური საშუალებების წარმოუდგენელი რესურსებით, უნდა გახდეს ალტერნატიული ენერგიის წყაროების განვითარების წამყვანი ძალა. ასეთი მიზანი იმსახურებს მეცნიერების საუკეთესო წარმომადგენლების ერთობლივ ძალისხმევას, რომელიც შეიძლება შევადაროთ მანჰეტენის პროექტს. განახლებადი ენერგიის ალტერნატიული წყაროების განვითარება ასევე წარმოადგენს სერიოზული პოლიტიკური პრობლემების გრძელვადიან რადიკალურ მოგვარებას. ამ საქმეში წარმატების მიღწევით ჩვენ დამოუკიდებელი გავხდებით შუა აღმოსავლეთის ნავთობისგან და ამით აღმოვფხვრით საშიშ ეკონომიკურ დამოკიდებულებას არაბულ სამყაროზე. ეს ალბათ ყველაზე ეფექტური გზა იქნებოდა ფუნდამენტალისტური მუსულმანური ტერორიზმის და ჯიჰადის საშიშროების დასაძლევად.

შესაძლებელი იქნებოდა ისეთი პროგრამების შემუშავება, რომლებიც ამერიკის ეკონომიკას დაეხმარებოდა, და ამავე დროს განუვითარებელ ქვეყნებს დაეხმარებოდა, მეგობრობას და მსოფლიოში პატივისცემას დანერგავდა. ამან შეიძლება მოიცვას ისეთი პროექტები, როგორიცაა ინდოეთში ინფრასტრუქტურის განვითარება, აფრიკის სხვადასხვა ნაწილის მორწყვა და მსოფლიოში შიმშილისა და დაავადებების აღმოფხვრა. განუვითარებელ ქვეყნებში ცხოვრების დონის ამაღლება ასევე იქნებოდა საზოგადოების უკმაყოფილებისა და კომუნიზმის საშიშროების მოგვარების ყველაზე ეფექტური გზა.

ცნობიერების ჰოლოტროპული მდგომარეობების გაკვეთილები გადარჩენის ფსიქოლოგიისთვის

ცნობიერების ჰოლოტროპული მდგომარეობაში მყოფი ადამიანების ზოგიერთი შთაგონება უშუალოდ ეხება მიმდინარე გლობალურ კრიზისს და მის კავშირს ცნობიერების ევოლუციასთან. ისინი მოწმობენ, რომ თანამედროვე სამყაროში ჩვენ ცხოვრებაში დავნერგეთ მრავალი არსებითად მნიშვნელოვანი თემა, რომელიც წარმოიშობა დაბადების პერიოდში, რომელთაც ღრმა პიროვნულ გარდაქმნაში მონაწილე ადამიანი აწყდება და შინაგანად ურიგდება. და იგივე შემადგენლები, რომლებსაც შეიძლება შევხვდეთ ფსიქო-სულიერი სიკვდილისა და გარდაქმნის დროს ჩვენს სულთა ხედვით განცდებში, დღეს ჩვენ საღამოს ახალი ამბების სახით გვევლინება. ეს განსაკუთრებით ეხება იმ მოვლენებს, რომლებიც განსაზღვრავს იმას, რასაც მე ვუწოდებ მესამე საბაზისო პერინატალურ მატრიცას (ბპმ-3) (Grof, 2000).

ჩვენ, რა თქმა უნდა, მტრობისადმი ლტოლვის საზარელი განთავისუფლებას ვხედავთ სამყაროს მრავალ ომსა და რევოლუციურ არეულობებში, დანაშაულის, ტერორიზმისა და რასობრივი არეულობების ზრდაში. არანაკლებ ამაღელვებელი და საოცარია აკრძალვების მოხსნა და სექსუალური ლტოლვის გამოთავისუფლება, რომელსაც როგორც ჯანმრთელი, ასევე ცუდი შედეგები მოყვება. სექსუალური განცდა და სხვადასხვა სახის სექსუალური ქცევა მანამდე არნახულ განსახიერებას პოულობს, რაც გამოიხატება მოზარდების სექსუალურ თავისუფლებაში, ქორწინებამდე სექსუალურ ურთიერთობებში, ჰომოსექსუალურ თავისუფლებაში, ზოგად განურჩევლობაში, საერთო და ღია ქორწინებებში, განქორწინების მაღალ დონეში, გულწრფელად ეროტიულ წიგნებში, თამაშებსა და ფილმებში, სადომაზოხისტურ ექსპერიმენტებში და მრავალ სხვა რამეში. 

დემონური სტიქია თანამედროვე სამყაროში უფრო და უფრო აშკარა ხდება. ამას ადასტურებს სატანური კულტებისა და ჯადოქრობის აღორძინება, ოკულტურ თემებზე დაწერილი წიგნების და საშინელებათა ფილმების პოპულარობა და სატანური მოტივებით ჩადენილი დანაშაულები. ნაცისტების, კომუნისტებისა და ტერორისტების მოქმედებები, მათ შორის თვითმკვლელი ტერორისტებისა, რომლებმაც ათასობით უდანაშაულო მოქალაქის სიცოცხლე იმსხვერპლა, რა თქმა უნდა, უნდა შეფასდეს, როგორც სატანისტური ქცევა. კოპროფილური განზომილება აშკარად გამოიხატება თანდათან მზარდ სამრეწველო დაბინძურებაში, მსოფლიოში ნარჩენების დაგროვებასა და დიდ ქალაქებში ცხოვრების ჰიგიენური პირობების სწრაფ გაუარესებაში. იგივე მოძრაობის უფრო განყენებული სახეობაა პოლიტიკური, სამხედრო, ეკონომიკური და რელიგიური ინსტიტუტების, მათ შორის ამერიკის პრეზიდენტების, მუდმივი მზარდი მექრთამეობა და გადაგვარება.

ბევრ ადამიანს, რომელთანაც ჩვენ ვმუშაობდით, ნანახი ჰქონდა კაცობრიობა გადამწყვეტ გზაჯვარედინზე მდგარი არჩევანის წინაშე: ან სრული განადგურება, ან, თავისი ზომებითა და ბუნებით შეუდარებელი, ცნობიერების ევოლუციური ნახტომი, რომელიც ტერენს მაკენამ ძალიან ლაკონურად გამოხატა: „ყოველ შემთხვევაში, სულელი მაიმუნის ამბავი დასრულდა” (МсКеnnа, 1992). ან ჩვენი სახეობის ძირეულ გარდაქმნას განვიცდით, ან ვერ გადავრჩებით. როგორც ჩანს, ჩვენ ყველანი ერთად ჩართულნი ვართ მოძრაობაში, რომელიც თავისი მიმართულებით შეესაბამება იმ ფსიქო-სულიერ სიკვდილს და აღორძინებას, რომელიც ამდენმა ადამიანმა განიცადა ცნობიერების ჰოლოტროპულ მდგომარეობაში. და თუ ჩვენ გავაგრძელებთ გარეთ საეჭვო დამანგრეველი და თვითგანადგურებადი მისწრაფებების გამომჟღავნებას, რომლებიც არაცნობიერის სიღრმეში წარმოიშობა, მაშინ ჩვენ უდავოდ გავანადგურებთ საკუთარ თავს და დავაზიანებთ სიცოცხლეს ამ პლანეტაზე. თუმცა, თუ ჩვენ საკმაოდ დიდ წარმატებას მივაღწევთ ამ მოძრაობის საკუთარი თავის შიგნით მიმართვაში, ამან შეიძლება გამოიწვიოს შეუდარებელი ევოლუციური წინსვლა, რომელსაც შეუძლია პრიმატებისგან, დღევანდელი მდგომარეობიდან ბევრად უფრო შორს წაგვიყვანოს. რაც არ უნდა უტოპიური მოგვეჩვენოს ასეთი განვითარების შესაძლებლობა, ეს შეიძლება აღმოჩნდეს ჩვენი ერთადერთი ნამდვილი მომავლის იმედი.

მოდით ახლა ვნახოთ, როგორ შეიძლება გამოყენებულ იქნეს მსოფლიოში ცნებები, რომლებიც გაჩნდა ცნობიერების შესწავლისას, ტრანსპერსონალურ ფსიქოლოგიაში და მეცნიერების ახალ პარადიგმაში. მიუხედავად იმისა, რომ მეცნიერების მრავალ დარგში წარსული მიღწევები საკმაოდ შთამბეჭდავი იყო, ეს ახალი შეხედულებები მაინც დაცალკევებული მოზაიკაა, ვიდრე სრული და ყოვლისმომცველი მსოფლმხედველობა. ჯერ კიდევ ბევრი რამ უნდა გაკეთდეს დაგროვილ მონაცემებთან დაკავშირებით, ახალი თეორიების შექმნასა და შემოქმედებითი სინთეზის მიღწევასთან დაკავშირებით. არსებულმა ინფორმაციამ ბევრად უფრო ფართო წრეებში უნდა მიაღწიოს მანამ, სანამ ისინი მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს მსოფლიოში არსებულ ვითარებაზე.

მაგრამ ფართო მასშტაბით განხორციელებული ძირეული ინტელექტუალური ძვრა ახალი პარადიგმისკენ არ იქნება საკმარისი გლობალური კრიზისის შესამსუბუქებლად და იმ დამანგრეველი მოძრაობის მოსაბრუნებლად, რომელშიც ჩვენ ჩათრეულები ვართ. სამყარო მოითხოვს კაცობრიობის ღრმა მგრძობიარე და სულიერ ტრანსფორმაციას. არსებული მტკიცებულებების გამოყენებით შეიძლება შემოთავაზებულ იქნას რამდენიმე სტრატეგია, რომლებიც ხელს შეუწყობს და მხარს დაუჭერს საქმის ამგვარ მსვლელობას. კაცობრიობის შეცვლის მცდელობები უნდა იწყებოდეს ადრეულ ასაკში მიღებული დამცველი ფსიქოლოგიური ზომებით. პრენატალური და მშობიარობის შემდგომი ფსიქოლოგიიდან მიღებული მონაცემები მიუთითებს იმაზე, რომ ბევრის მიღწევა შეიძლება ორსულობის, მშობიარობისა და მშობიარობის შემდგომი მოვლის პირობების შეცვლით. ეს უნდა მოიცავდეს ორსულობის პერიოდში დედის ემოციური მომზადების გაუმჯობესებას, ბავშვთა ბუნებრივი დაბადების განხორციელება, დაბადებისთვის სულიერად და ფსიქოლოგიურად გაცნობიერებული გარემოს შექმნას და მშობიარობის შემდეგ დედასა და ბავშვს შორის მგრძნობელობითი გამამდიდრებელი შეხებითი კონტაქტის წახალისებას.

ბევრი დაიწერა ბავშვის აღზრდის მნიშვნელობაზე, ისევე როგორც ჩვილობის და ბავშვობის პერიოდში ტრავმული პირობების დამანგრეველ ემოციურ შედეგებზე. რა თქმა უნდა, ეს ის სფეროა, სადაც საჭიროა უწყვეტი განათლება და ხელმძღვანელობა. ამასთან, იმისათვის, რომ თეორიულად უკვე ცნობილი წესების გამოყენება შეძლონ, მშობლებმა თავად უნდა მიაღწიონ საკმარის ემოციურ სტაბილურობასა და სიმწიფეს. საყოველთაოდ ცნობილია, რომ ემოციური დაავადებები წყევლასავით გადადის თაობიდან თაობაზე. აქ ჩვენ ძალიან რთული კითხვის წინაშე ვდგებით - ქათმისა და კვერცხის შესახებ.

ჰუმანისტური და ტრანსპერსონალური ფსიქოლოგიის სხვადასხვა სახეობებმა შეიმუშავა თვითჩაწვდომის, განკურნების და პიროვნების გარდაქმნის ეფექტური მეთოდები გამოცდილების საშუალებით. ზოგიერთი მათგანი მომდინარეობს დასავლური თერაპიის ტრადიციიდან, ზოგი კი წარმოადგენს ძველი და ხალხური სულიერი ტექნიკების თანამედროვე გადაკეთებულ ვარიანტს. არსებობს მიდგომები პროფესიონალ დამხმარეთა და პაციენტთა ძალიან მოსახერხებელი თანაფარდობით და ისეთი მიდგომები, რომლებიც შეიძლება გაკეთდეს თვითდახმარების ჯგუფების პირობებში. მათთან მიზანმიმართულმა მუშაობამ შეიძლება გამოიწვიოს სულიერი გახსნილობა, წინსვლა იმ მიმართულებით, რომელისკენ ჩვენ უკიდურესად გვჭირდება მოძრაობა, რათა გადავრჩეთ როგორც სახეობა. არსებითად მნიშვნელოვანია ამ შესაძლებლობების შესახებ ინფორმაციის გავრცელება ისე, რომ გვყავდეს საკმარისი რაოდენობის ადამიანები, რომლებიც პირადად არის მონდომებული მათ რეალიზებაში. ამ ძალისხმევის მნიშვნელოვანი ნაწილი იქნება ისეთი ქსელის შექმნა, რომელიც უზრუნველყოფს ფსიქოლოგიურ დახმარებას და დახმარებას იმ ადამიანებისთვის, რომლებიც სულიერი გამწვავების დროს უნებლიე ფსიქო-სულიერ გარდაქმნას განიცდიან. ამჟამად, ამ ადამიანთაგან ბევრის დიაგნოზს არასწორად ადგენენ - როგროც ფსიქოზით დაავადებულებს, ხოლო გარდაქმნა, რომელიც განკურნების და განვითარების შესაძლებლობას წარმოადგენს, ჩერდება მედიკამენტოზური ჩახშობის გზით დამამშვიდებლების გამოყენებით (Grof and Grof, 1989, 1991).

ზემოთ აღწერილი ყოვლისმომცველი ხედვა შეიძლება გამოიყურებოდეს როგორც მრავალი ნაწილისგან შემდგარი მოზაიკა, რომელთაგან თითოეული ცალკეულ მეცნიერებაში ჩატარებული კვლევის შედეგია. ამრიგად, მისი სხვადასხვა ნაწილების შემდგომი გაუმჯობესება და განვითარება საჭიროებს დისციპლინათა შორის თანამშრომლობას და ურთიერთობას თეორიულ ცნებებსა და მათ ცხოვრებაში გამოყენებას შორის, რაც განხორციელდება მედიის სხვადასხვა საშუალებების გამოყენებით. როგორც ჩანს, ჩვენ დროის საინტერესო რბოლაში ვართ ჩართული, რომლის თანასწორი რამ კაცობრიობის მთელ ისტორიაში ვერ მოიპოვება. ხოლო ფსონი მასში არც მეტი არც ნაკლები - ჩვენი პლანეტის სიცოცხლის მომავალია. და თუ ჩვენ ძველი სტრატეგიების განხორციელებას გავაგრძელებთ, რომლებიც თავიანთი შედეგებით აშკარად თვითგამნადგურებადია, კაცობრიობის გადარჩენა საკამოდ საეჭვოდ ჩანს. ამასთან, თუ ადამიანთა საკმარისად დიდი რაოდენობა განიცდის ღრმა შინაგანი გარდაქმნის მოვლენას, ჩვენ შევძლებთ მივაღწიოთ ცნობიერების ევოლუციის ისეთ დონეს, როდესაც გავხდებით იმ დიდებული სახელის ღირსნი, რაც ჩვენს სახეობებს მივანიჭეთ: Homo sapiens sapiens.

თუ გსურთ დააფასოთ ჩვენი შრომა და დაეხმაროთ ჩვენს ვებ-გვერდს ამ და სხვა წიგნების თარგმნაში, ნებისმიერი თანხა შეგიძლიათ ჩარიცხოთ ამ რეკვიზიტებზე: 

საქართველოს ბანკი: GE04BG0000000621532700
TBC ბანკი: GE30TB7154245061100005
მიმღები: მამუკა გურული 
პირადი ნომერი: 35001029103 

ასევე შეგიძლიათ გადმორიცხოთ საზღვარგარეთიდან ნებისმიერი გზავნილის სისტემით.

წიგნის თავები


იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff