ტანტრა - გზა ნეტარებისკენ

ანიშა ლ. დილანი
5
1

ტანტრა – გზა ნეტარებისკენ. როგორ გავხსნათ ბუნებრივი სექსუალობა და მოვიპოვოთ შინაგანი ჰარმონია

ნაწილი 2

 თავი 2

სუნთქვის პულსაცია

სიტყვა «პულსაცია», რომელიც ჩემი პრაქტიკის სახელად ავირჩიე, ეხება სუნთქვის პულსაციას, ჩასუნთქვას და ამოსუნთქვას, რომელიც იწყება დაბადებით და მთავრდება სიკვდილით. მიუხედავად იმისა, ვაცნობიერებთ თუ არა მას, ეს პულსაცია მთელი ცხოვრება თან გვახლავს და ღრმადაა დაკავშირებული თავად სიცოცხლის წყაროსთან.

სუნთქვა ნიშნავს სიცოცხლეს... ჰაერის შიგნით შეშვება... გარეთ გამოშვება...  

სუნთქვა - განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ფუნდამენტურია ჩვენი ყოველდღიური არსებობისთვის, თუმცა მიუხედავად ამისა, თითქმის არასოდეს ვფიქრობთ ამაზე. სწორედ ეს გამუდმებული გადასვლა ჩასუნთქვისა და ამოსუნთქვის პოლარობებს შორის, წარმოადგენს პულსაციას, რომელზეც მე ვსაუბრობ.

ცოცხალ სხეულში მრავალი პულსაცია არსებობს: გულისცემა, სისხლძარღვების მუშაობა, ნაწლავების შეკუმშვა... სხეულის შიგნით ყველაფერი განსაზღვრული რიტმით მოძრაობს - პულსირებად რიტმში. როცა ვინმე ავადაა, ან ცნობიერებაგათიშული წევს, რას ამოწმებს პირველ რიგში ექიმი? რა თქმა უნდა, ეს ყველამ იცის: ექიმი მაჯას იღებს და პულსს სინჯავს. ასეთია სიტუაციის სწრაფად შეფასების მეთოდი. ექიმი ცდილობს გაიგოს, პულსირებს თუ არა სხეული ჯანმრთელად, თუ მასში რაღაც დარღვეულია.

აიურვედაში, მკურნალობის ტრადიციულ ინდურ სისტემაში, პულსი წარმოადგენს ინფორმაციის მთელ ენციკლოპედიას მთელი ორგანიზმის შესახებ. უბრალო პულსის გასინჯვით  ექიმს შეუძლია განსაზღვროს შინაგანი ორგანოების მდგომარეობა, გაიგოს სიმსივნეებისა და სხვა დაავადებების შესახებ, შეაფასოს იმუნური სისტემის მუშაობა და სხვა მრავალი. ანალოგიურად მუშაობს ჩინური აკუპუნქტურაც.

ჩემს პრაქტიკაში პულსაციის, როგორც ადამიანის ჯანმრთელობის მაჩვენებლის მნიშვნელობა, მომდინარეობს უშუალოდ ვილჰელმ რაიხის აღმოჩენებიდან, ამიტომ კარგი იქნება, თუ ცოტას მისი კვლევების შესახებ მოვყვები.

რაიხი პულსაციის გაგებამდე მედიცინისადმი და ფსიქოლოგიისადმი ინტერესმა მიიყვანა. იგი დაიბადა 1887 წელს, გაიზარდა ფერმაში, უკრაინის გერმანულ კოლონიაში და 21 წლის ასაკში ვენის უნივერსიტეტში დაიწყო მედიცინის შესწავლა. მალევე დაინტერესდა ფსიქოანალიზის ახალი რევოლუციური მეცნიერებით, რომელსაც პროფესორი ზიგმუნდ ფროიდი ავითარებდა. რამდენიმე პირადი შეხვედრის შემდეგ რაიხმა მასზე იმდენად დიდი შთაბეჭდილება მოახდინა, რომ ფროიდმა ნება დართო რაიხს შესულიყო ვენის ფსიქოანალიტიკურ ასოციაციაში - ექიმის დიპლომის მიღებამდე ორი წლით ადრე. აქამდე ასოციაციაში იღებდნენ მხოლოდ დიპლომირებულ ექიმებს. 1922 წელს ფროიდმა ვენაში საჯარო კლინიკა გახსნა და რაიხი თავის ასისტენტად დანიშნა. ამ თანამდებობის მიღწევაში ახალგაზრდა სპეციალისტს ანალიტიკოსის ნიჭი დაეხმარა. იმ მომენტისთვის რაიხი ფსიქოანალიზის სფეროში უკვე  მრავალი მნიშვნელოვანი ნაშრომის ავტორი იყო.

ფროიდის მიერ შემუშავებული ლიბიდოს თეორიამ რაიხზე ძლიერი შთაბეჭდილება მოახდინა; იგი ეთანხმებოდა იმას, რომ სექსი ადამიანის ფსიქიკას აყალიბებს. ასევე იმასაც, რომ ნევროზს საფუძვლად უდევს სწორედ სექსუალური იმპულსის დარღვევა, რომელიც გარდაუვალია ბავშვობაში ან ადრეულ სოციალურ განვითარებაში. მაგრამ ფროიდისა და რაიხის მიდგომებს შორის მნიშვნელოვანი სხვაობა იყო. რაიხი განიხილავდა სექსს, როგორც ენერგეტიკულ და არა მხოლოდ ფსიქოლოგიურ მოვლენას. სწორედ ამ ენერგიის წყაროების ძიებამ აიძულა რაიხი, გაეტარებინა მრავალი საათი მიკროსკოპთან და ღრმად შეესწავლა ბიოლოგია.

რაიხს ყოველთვის ახასიათებდა უსასრულო ცნობისმოყვარეობა და ადამიანის გონებისა და სხეულის შესწავლის უზარმაზარი სურვილი.  რაიხი სწავლობდა ამებების - ერთუჯრედიანი ორგანიზმების ქცევას და იკვლევდა გარკვეულ რიტმში მათ პულსირებას, იკვლევდა, თუ როგორ მოძრაობდა ეს პულსირებადი ენერგია უჯრედის დახურულ სივრცეში. რაიხმა აღმოაჩინა, რომ ენერგიის სწრაფვა - გასულიყო უჯრედის საზღვრებს გარეთ, ჩვეულებრივ იწვევდა ისეთი ფორმის წარმოქმნას, რომელიც ადამიანის თირკმელს წააგავდა; რაიხმა დაახასიათა იგი, როგორც სიცოცხლის საბაზისო ფორმა. მცენარის თესლები და ბოლქვები, სასქესო უჯრედები და ცხოველთა ჩანასახები, სხეულის ორგანოები, ერთუჯრედიანი ორგანიზმები, ადამიანის ემბრიონი განვითარების ადრეულ სტადიაში - ყველაფერი ეს ასეთ ფორმას შეესაბამება.

 

სწავლობდა რა ამ საბაზისო ფორმას, მის უმარტივეს, ამების მსგავს ფორმაში, რაიხი აკვირდებოდა, როგორ მოძრაობდა პლაზმა - ორგანიზმის ცოცხალი სითხე, უჯრედის შიგნით. პლაზმა მოძრაობს, მაგრამ არა უწყვეტი დინებადი ნაკადით, არამედ რიტმული ბიძგებით: ხდება პულსაცია.

 

მოძრაობა გარეთ, რომელსაც მოსდევს შიგნით დაბრუნება, მისწრაფება რაიმესადმი და მისგან განცალკევება - რაიხმა დაინახა, რომ ამ ძირითად ბიოლოგიურ პულსაციაში არ არის დიდი სხვაობა ამებას, რომელიც საჭმლის ნაწილაკებისკენ მიიწევს და ადამიანის ხელებს შორის, რომელიც შეყვარებულისკენაა გაწვდილი. რაიხი მიხვდა, რომ გრძნობების გამოხატულება ადამიანში იგივე ძირითად პულსაციას ექვემდებარება: ბრაზი გარეთ გამოიტყორცნება ობიექტის მიმართულებით, იმ დროს, როცა შიში უკან დახევას აიძულებს და ენერგიას შიგნით კუმშავს.

 

რაიხის თანახმად, ასეთი მოძრაობა ბუნებაში ყველგან ფუნქციონირებს. ყველაფერი პულსირებს, ყველაფერი გაფართოებისა და შეკუმშვის თავისი ციკლით მოძრაობს: მედუზა ნელა გადაადგილდება ოკეანეში, ყვავილი იფურჩქნება და ისევ იკუმშება, ადამიანი იღვიძებს და სამსახურში მიდის, შემდეგ სახლში ბრუნდება, დუნდება და იძინებს.

 

პულსაციის ორივე მიმართულება აუცილებელია. მაგალითად, თქვენ არ შეგიძლიათ უსასრულოდ გაფართოვდეთ, არ შეგიძლიათ მუდმივად იმუშაოთ და იმუშაოთ. ასე სულ გამოიფიტებით, აუცილებელია საწინააღმდეგო პოლარობა- გჭირდებათ დასვენება, საკუთარ თავთან დაბრუნება, საკუთარი აკუმულატორების დამუხტვა.

 

ასევეა სუნთქვის პულსაციის შემთხვევაში. თქვენ არ შეგიძლიათ გამუდმებით  ჩაისუნთქოთ, ჩაისუნთქოთ და ჩაისუნთქოთ. ასე უბრალოდ გასკდებით. აუცილებელია, ამოსუნთქვის საშალება მისცეთ საკუთარ თავს, რათა ჯანმრთელი პულსაცია დამყარდეს.

 

წარმოგიდგენიათ მაინც, რამდენად სერიოზული გავლენის მოხდენა შეუძლია პულსაციის უნარზე გარემოს, რომელშიც ვცხოვრობთ და მითუმეტეს რამხელა გავლენას მოახდენს პულსაციის უნარზე ჩვენს გვერდით მცხოვრები ადამიანები?.

 

აი, მაგალითად, პატარა ბავშვი ოთახში თავისთვის თამაშობს. მისი სუნთვის პულსაცია ნორმალური და ჯანმრთელია. დედამ ახლახანს მისცა საღებავები და ფურცლები, აკურატულად დასვა დიდ ცელოფანზე, რათა ბავშვს თავისაუფლად და სიამოვნებით ემოძრავა და გარშემო სივრცეც თავისუფლად დაესვარა. მაგრამ უეცრად მას წასვლა მოუწია, რაღაც დროის შემდეგ ბავშვი აღმოაჩენს, რომ ხატვა კედელზე გაცილებით უფრო საინტერესოა...

 

მისი მამა, რომელიც ახლახანს დაბრუნდა სახლში და მთელი შაბათ-კვირა სწორედ ამ კედლის შეღებვას მოანდომა, ამაში ფულიც დახარჯა, ბავშვის ეს ქცევა საშინლად განარისხებს. იგი ყვირის, ფეხებს აბაკუნებს. ხელს ჰკიდებს საღებავების ყუთს და ნაგვის ყუთში ისვრის. შესაძლოა ბავშვიც კი გალახოს.

 

რა ხდება ბავშვის სუნთქვის პულსაციაში?

 

იგი ჩერდება. რაღაც დროით ყველაფერი შეშდება, როგორც ჩასუნთქვა, ასევე ამოსუნთქვა. როცა ბავშვი შოკის მდგომარეობაში ვარდება, პულსაცია წყდება, შემდეგ კი მინიმალურ დონეზე ახლდება.

 

მაგრამ მოვლენები, რა თქმა უნდა, განაგრძობენ განვითარებას: მამა აბაზანაში შედის, დედა სახლში ბრუნდება, ხვდება რაც მოხდა და მაშინვე დამნაშავედ გრძნობს თავს, რადგანაც უფრო ყურადღებით ყოფნა მართებდა. ხელში იყვანს ბავშვს და ამშვიდებს. ბავშვი კვლავ იწყებს ნორმალურად სუნთქვას და ტირის.

 

ამ საღამოს ვახშამზე ატმოსფეროს ნაკლებად უწოდებთ მხიარულს. ბავშვი ტირილს განაგრძობს, მამა კვლავ ბრაზდება - მას დასვენება სჭირდება მძიმე სამუშაო დღის შემდეგ. მამა ამბობს: „გეყოფა! ნუ ბღავი!“

 

ახლა ბავშვს თავისი ცრემლების შეკავება, გრძნობების ჩაყლაპვა უწევს. ამისთვის კვლავ ამცირებს სუნთქვის პულსაციას, რადგანაც თუკი სუნთქავს, ესე იგი გრძნობს, ხოლო თუ გრძნობს, ტირილს იწყებს, - ეს ძალიან მარტივია.

 

სუნთქვა უშუალოდ უკავშირდება სხეულის სიცოცხლის გამომხატველ ემოციებს, და ასევე ენერგიას.

 

ბავშვი ამ ისტორიაში არა მხოლოდ შიგნით ტენის თავის ცრემლებს და ემოციებს. იგი ასევე ცდილობს დათრგუნოს ძლიერი ენერგია, რომელსაც გამონთავისუფლება სჭირდება.

 

როგორც წინა თავში ვახსენე, რაიხის შეხედულებები ემთხვევა ჩინური მედიცინისა და ინდური იოგას პრინციპებს იმაში, რომ ჩვენ მხოლოდ მატერიისგან, ხორცისგან, სისხლისგან და ძვლებისგან არ შევდგებით. ჩვენ ასევე ენერგეტიკული ქმნილებები ვართ. ფიზიკურ სხეულს განმსჭვალავს და გარშემო აკრავს ნატიფი უჩინარი აურა. მას „ენერგეტიკული სხეული“ ეწოდება და სუნთქვის პულსაციით ნარჩუნდება.

 

ჩასუნთქვისას ჩვენ მხოლოდ ჟანგბადს არ ჩავისუნთქავთ. ატმოსფეროდან ენერგიას ვიღებთ და ეს ჩვენს ენერგეტიკულ სხეულს კვებავს.

 

იოგაში შემუშავებულია სუნთქვის სპეციალური მეთოდი, რომელსაც „პრანაიამას“ უწოდებენ. იგი განკუთვნილია ჩასუნთქული ენერგიის ნაკადის გაძლიერებისთვის, რათა ენერგეტიკული სხეული დამუხტოს.

 

იმ ფენომენის არსებობის დამტკიცება, რომელსაც ენერგიას ვუწოდებთ, ადვილი არაა, რადგანაც ენერგია ძნელად მოსახელთებელია და შეუძლებელია მისი გაზომვა. თუმცა ადვილად შეიძლება მისი შეგრძნება, ან მასზე დაკვირვება, თუკი, კვლავაც, მაგალითის სახით პატარა ბავშვს ავიღებთ, მასში აღმოვაჩენთ ფიზიკური აქტივობის თითქმის ულევ პოტენციალს და ძალების აღდგენის მექანიზმს, რომელიც აშკარად კუნთოვანი ძალის მიღმა არსებული რაღაცით მოქმედებს.

 

მსმენია ერთხელ ჩატარდა ექპერიმენტი - პროფესიონალ სპორტსმენს დავალება მისცეს: დაეკოპირებინა პატარა ბავშვის მოძრაობები - ერბინა, ეგორავა იატაკზე, ეხტუნავა და მიებაძა ყველაფრისთვის, რისი გაკეთებაც ამ ბავშვს მოუნდებოდა. ბუნებრივია, ბავშვს მოეწონა ეს ახალი თამაში და შესანიშნავად გაატარა დრო, იგონებდა რა ხტუნაობის და მოძრაობის ახალ მეთოდებს მანამ, სანამ სპორტსმენი ბოლომდე არ დაიქანცა და ეს მოხდა გაცილებით ადრე, სანამ ბავშვს თამაშის შეწყვეტა მოუნდებოდა. რატომ? იმიტომ, რომ პატარა ბავშვი ახლოსაა ბუნებრივად მოძრავი ენერგიის თავისუფალ გამოყენებასთან მაშინ, როცა ზრდასრულს მასთან წვდომა შეზღუდული აქვს.

 

თუმცაღა, რაც არ უნდა საინტერესო იყოს ასეთი ექსპერიმენტები, ენერგიის ჩემეული გაგება დაფუძნებულია არა სხვების კვლევებზე, არამედ პრაქტიკული სამუშაოს პირად გამოცდილებაზე. იმედი მაქვს, რომ მომდევნო თავებში ჩემი პრაქტიკის აღწერასთან ერთად გასაგები გახდება, როგორ ფუნქციონირებს ენერგია ადამიანის სხეულში.

 

რაიხი ამტკიცებდა, რომ თავისუფალი ენერგია, „ორგონი“, არსებობს არა მხოლოდ დედამიწის ატმოსფეროს ფარგლებში, არამედ მთელ კოსმოსშიც. რაც უფრო მეტი ორგონის შეწოვა შეგვიძლია, მით უფრო მეტად იმუხტება ენერგეტიკული სხეული სასიცოცხლო ძალით.

 

ენერგეტიკული სხეული, რომელზეც მე ვსაუბრობ, ცნობილია, როგორც „მეორე სხეული“, იგი განლაგებულია პირველ რიგში ფიზიკურთან ახლოს და ვრცელდება ხუთ-შვიდ სანტიმეტრზე კანის ზედაპირიდან. სწორედ ეს „მეორე სხეული“ უკავშირდება ჩვენს ემოციებს. იგი განმსჭვალავს მთელ ფიზიკურ სხეულს და ზეგავლენას ახდენს პლაზმაზე, სხეულის თხევად შემადგენელზე, ეს ზეგავლენა მარტივად ხდება,  რადგან  ჩვენ, როგორც მინიმუმ, სამოცდაათი პროცენტით წყლისგან შევდგებით. ეს მოვლენა, თავის მხრივ, ჩვენს გრძნობებსა და ემოციებს ქმნის. წარმოიდგინეთ ქარი, რომელიც მთელს ორგანიზმში უბერავს და მღელვარებას ქმნის შინაგან ტბაში, შედეგად მოძრაობაში მოჰყავს მისი ზედაპირის ქვეშ დაფარული ემოციები. ასეთია პოეტური აღწერა. თუ ამ მოვლენის უფრო დაწვრილებითი ბიოქიმიური და ბიოელექტრული აღწერა დაგჭირდებათ, მათ რაიხის მრავალრიცხოვან ნაშრომებში იპოვნით. ახლა კი საკმარისია იმის ცოდნა, რომ ჩვენი ემოციები ფიზიკური და ენერგეტიკული სხეულების ურთიერთქმედებით იმართება. მათ შორის მნიშვნელოვან დამაკავშირებელ რგოლს კი  სუნთქვის პულსაციები წარმოადგენენ.

 

პულსაცია ნებისმიერ ცოცხალ ორგანიზმში წარმოადგენს ორ პოლარობას - ბირთვსა და პერიფერიას შორის მოძრაობას. ამებისთვის, მაგალითად, საჭმლის ნაწილაკის მიმართულებით მოძრაობა - ესაა ბირთვიდან პერიფერიისკენ მოძრაობა. ამ ნაწილაკის საკუთარ თავში შეტანა, მისი გადაყლაპვა და მონელება - ეს საპირისპირო მიმართულების მოძრაობაა - პერიფერიიდან ბირთვისკენ.

 

ზუსტად იგივე ხდება ადამიანებშიც. სუნთქვა ახდენს ჩვენი გარესამყაროსთან კონტაქტის ორი პოლარობის სიმბოლიზებას.

 

რამდენადაც შეგვიძლია ბოლომდე ჩავისუნთქოთ, იმდენად ვაძლევთ საშუალებას გარესამყაროს, რომ ჩვენში შემოვიდეს და ჩვენს ბირთვს, ჩვენს ცენტრს შეხვდეს.

 

აქ „ბირთვი“ აღნიშნავს არა იმდენად ზუსტ ფიზიკურ ადგილს, რამდენადაც ენერგეტიკულ ცენტრს, რომელიც დაახლოებით ჩვენს ნაწლავებს ან მუცელს შეესაბამება.

 

რამდენადაც შეგვიძლია ბოლომდე ამოვისუნთქოთ და მივცეთ საშუალება ჩვენს ენერგიას - გარეთ იმოძრაოს, იმდენად შეგვიძლია ჩვენი ცენტრისგან პერიფერიისკენ მოძრაობა, რათა შევხვდეთ გარემომცველ სამყაროს.

 

ტანტრული სექსუალობის სამყაროში ორ ადამიანს შეუძლია შეხვდეს, გალღვეს და შეერწყას ერთმანეთს ზუსტად იმდენად, რამდენად ღრმადაც შეუძლიათ ცენტრსა და პერიფერიას შორის ამ პულსირებად მოძრაობაში შესვლა.

 

როცა მართლა ჩაისუნთქავთ, საყვარელ ადამიანს თქვენს შიგნით ისრუტავთ. ამოსუნთქვისას კი მასში გადაიღვრებით. ამგვარად, შეყვარებულები რაღაც პულსირებადი სექსუალური ცეკვისმაგვარს ქმნიან და მეორე სხეულის მეშვეობით მათ ენერგეტიკულ გაერთიანებასთან ერთად ეს ცეკვა ორგაზმული ხდება.

 

რა თქმა უნდა, ტანტრა საკუთარ თავში უფრო ნატიფ განზომილებებსაც მოიცავს, მათ შორის ზედა ჩაკრებს, რომელთა საშუალებით შეგვიძლია განვიცადოთ ერთიანობა არა მხოლოდ შეყვარებულთან, არამედ მთელ ყოფიერებასთან. მაგრამ წყაროს ყოველთვის ფიზიკური და ენერგეტიკული სხეულები წარმოადგენენ, რომლებიც სუნთქვითი პულსაციით აღინთებიან და საფუძველს ქმნიან ტანტრული ფიზიკური სიახლოვისთვის.

 

ვფიქრობ, ახლა კარგი დროა, დავუსვათ საკუთარ თავს რამდენიმე კითხვა.

 

მართლა ვუშვებ სიცოცხლეს ჩემს შიგნით? მართლა ვიღებ ყველაფერს, რაც ჩემთვის ყოფიერებას მოაქვს, - განცდების და გამოცდილებების მთელ სპექტრს?

 

თუ არა, მაშინ სავარაუდოდ თქვენი ჩასუნთქვა შედარებით ზედაპირული იქნება. იგი არ იქნება ისეთი ღრმა და სრული, როგორც შეიძლება, რომ იყოს. იგი გულდასმით კონტროლირებული იქნება და ცხოვრებისადმი ფრთხილ დამოკიდებულებას განასახიერებს.

 

თქვენ შეგიძლიათ ასევე დასვათ კითხვა: ვაძლევ თუ არა საკუთარ თავს სხვა ადამიანებს და გარესამყაროს? ვუზიარებ თუ არა უხვად ჩემს ენერგიას და ვმონაწილეობ თუ არა მთელი სისავსით სიცოცხლის ცეკვაში?

 

თუ არა, თქვენი ამოსუნთქვა ასევე შეზღუდული იქნება, ვერ ამოწურავს თავის პოტენციალს.

 

სხვა სიტყვებით, ჯანმრთელობა და ჩვენი სუნთქვის პულსაციის სასიცოცხლო ძალა უშუალოდ ასახავენ ჩვენს დამოკიდებულებას სამყაროსთან, და პირიქით.

 

ახლა კი დადგა დრო, რომ გაგაცნოთ ძირითადი კონცეფცია, რომელსაც პრაქტიკაში ვიყენებ. აზრობრივად წარმოიდგინეთ, რომ თქვენს შიგნით განთავსებულია ცარიელი მილი, რომელიც პირიდან იწყება და მთელ სხეულს გაივლის მუცლის ქვედა ნაწილამდე. ეს ხატ-სახე დაგეხმარებათ, რომ უკეთ გაიგოთ სუნთქვის პულსაცია. ნაწილობრივ ეს მილი ფიზიკურ რეალობას წარმოადგენს და ჩვენს ანატომიას შეესაბამება: ბრონქული არხი პირიდან იწყება, ყელს გაივლის, ორად იტოტება და დიაფრაგმამდე გაივლის ფილტვებს. მეორე მილი, საჭმლის მომნელებელი არხი, ყელიდან კუჭამდე ჩადის, მაგრამ იგი განკუთვნილია საჭმლისა და სითხისთვის, და არა ჰაერისთვის.

 

როდესაც ვთხოვ ადამიანებს დახუჭონ თვალები და ღრმად ჩაისუნთქონ, ისინი ადვილად შეიგრძნობენ, რომ ჰაერს მუცლამდე უშვებენ. რატომ? იმიტომ, რომ როცა ღრმად ჩავისუნთქავთ, დიაფრაგმა - თხელი, მაგრამ მძლავრი კუნთოვანი საზღვარი გულმკერდის ყაფაზის ქვედა ნაწილში - ქვემოთ იზნიქება და მუცლის კუნთებს გარეთ აწვება. იქმნება შთაბეჭდილება, რომ ჰაერი მუცელში შედის. როცა ამოვისუნთქავთ, დიაფრაგმა დუნდება და ზემოთ იწევა, და მაშინ მუცელი კვლავ შიგნით იკუმშება. ეს იძლევა შეგრძნებას, რომ ჰაერი მოძრაობს მუცლიდან გულმკერდის ყაფაზში და ყელში, რათა პირიდან გამოვიდეს.

 

ენერგეტიკულ დონეზე ასეთი მილი მართლაც არსებობს. როცა დიაფრაგმა ქვემოთ იწევს და ჰაერს ფილტვების ქვემო ნაწილებში იწოვს, ჩასუნთქვასთან ერთად შემოსული ენერგიის ნაკადი მუცლისკენ მოძრაობას აგრძელებს.

 

მრავალი ადამიანი არც ისე ღრმად სუნთქავს, ამიტომ მათი დიაფრაგმა გაშეშებულია და ენერგიის ნაკადი სხეულის ზედა ნაწილში ჩერდება.

 

როცა ვთხოვ მათ, რომ აზრობრივად წარმოიდგინონ ცარიელი მილი და მუცლით ისუნთქონ, დიდი ხნის შემდეგ პირველად, მათი დიაფრაგმა მოძრავი ხდება და საშუალებას აძლევს სასიცოცხლო ენერგიის ნაკადს, რომ სხეულის ქვედა ნაწილში შეაღწიოს.

 

ჩვეულებრივ, ჩემი ტრენინგების დასაწყისში მე შემომყავს „ცარიელი მილის“ ცნება. იმისთვის, რომ შეიგრძნონ, თუ როგორ ფუნქციონირებს იგი ენერგიის არხის სახით, მონაწილეებს ვთავაზობ, ისე ისუნთქონ, როგორც ახლახანს ავღწერე. ეს გამოცდილება მათი ძირითადი ინსტრუმენტი გახდება შემდგომი მუშაობისთვის. შემდეგ ვუყვები პულსაციის შესახებ, პერიფერიასა და ცენტრს შორის მოძრაობის შესახებ, და მონაწილეებს მარტივი სავარჯიშოების სერიას ვაკეთებინებ, რათა მათ ამის შესახებ საკუთარი წარმოდგენა შეიქმნან.

 

მაგალითად, ვთხოვ ადამიანებს, რომ დადგნენ, მოდუნდნენ, თვალები დახუჭონ და ორივე ხელი მუცლის ქვედა ნაწილზე დაილაგონ. იმისთვის, რომ უკეთ იგრძნონ ეს ნაწილი, ზოგჯერ ყველა მონაწილეს ვთხოვ, რომ ბარძაყებით წრე შემოხაზონ. ეს ქმნის უძრავი წერტილის, ბირთვის, ცენტრის შთაბეჭდილებას მბრუნავი მენჯის ცენტრში. შემდეგ ვთავაზობ, რომ გახელილი თვალებით იარონ ოთახში, ხელები კი კვლავ მუცელზე ეწყოთ. ამ ცენტრთან კონტაქტში მყოფებმა, ამავდროულად ყურადღება უნდა მიაქციონ ყველაფერს, რაც მათ გარშემოა. ასევე ვახსენებ, რომ გააცნობიერონ თავიანთი სუნთქვა, განსაკუთრებით ჩასუნთქვა, რადგანაც ყოველ ჩასუნთქვას შეუძლია დაგეხმაროთ, რომ საკუთარი თავის შიგნით დარჩეთ.

 

რაღაც დროის შემდეგ მონაწილეებს ვთხოვ, რომ თავიანთი ყურადღება პერიფერიაზე გადაიტანონ. ამისთვის ვთავაზობ, რომ უფრო სწრაფად იმოძრაონ, ხელები მუცელს მოაშორონ და დაიწყონ მათი ქნევა, იმის გაცნობიერებით, რომ ხელები და ფეხები სხეულის პერიფერიაზეა განლაგებული. თვალები - ჩვენი მთავარი ჭიშკარი სამყაროსკენ - ასევე პერიფერიაზე იმყოფებიან. ამიტომ ვიწვევ მონაწილეებს, რომ დაივიწყონ მუცლის შესახებ და უფრო მეტად „თვალებში იმყოფებოდნენ“.

 

 

«დაე, გაცოცხლება დაიწყოს თქვენი სხეულის გარე ნაწილმა, - ვთავაზობ მე. - ააჩქარეთ მოძრაობა. შეხვდით თვალებით სხვა ადამიანებს. როდესაც გვერდზე ჩაუვლით, შეხვდით ხელებით, მიესალმეთ მათ. იმოძრავეთ და ირბინეთ, გახდით უფრო მსუბუქნი, უფრო პერიფერიულნი. ნება მიეცით თქვენს ყურადღებას, რომ ბოლომდე გარეთ იყოს».

 

ოთახში მალე დგება მხიარული ატმოსფერო. ხალხი დარბის, ხელებით ეხებიან, ეხვევიან ერთმანეთს, ყვირიან: „გამარჯობა!“, „ნახვამდის!“ და სხვა მოკლე ფრაზებს. თანდათან კვლავ ვანელებ ტემპს და ვიწვევ მონაწილეებს, რომ ყურადღება მიაქციონ, თუ რა ადვილია საკუთარი ცენტრის დავიწყება, როცა პერიფერიაზე ამდენი აქტიური მოქმედება ხდება.

 

          «ამიტომ ახლა, სიარულთან ერთად აღადგინეთ კონტაქტი თქვენს მუცელთან, თქვენს საკუთარ ცენტრთან. საშუალება მიეცით მოძრაობებს, რომ შენელდნენ, რათა იგრძნოთ, როგორ აღწევს შესუნთქვასთან ერთად სუნთქვა თავად ბირთვამდე. იმოძრავეთ უფრო ნელა. ბოლოს გაჩერდით და დაუბრუნდით იმ მდგომარეობას, სადაც მშვიდი და მდუმარე ხართ“.

 

ასე ვეხმარები მონაწილეებს, რომ მიიღონ პრაქტიკული გამოცდილება თავისი ყურადღების ცენტრიდან პერიფერიაზე, და პირიქით გადატანაში. ჩვენ ამ პროცესს რამდენჯერმე ვიმეორებთ, რათა მისი არსი დავაფიქსიროთ.

 

«ეს ძალიან ბუნებრივი პულსაციაა, - ვუხსნი მე, - ზოგჯერ „გარეთ“ ხართ, სამყაროსთან კონტაქტში, ზოგჯერ კი - „შიგნით“, უფრო მეტ კონტაქტში საკუთარ თავთან».

 

ხშირად ვიწვევ მონაწილეებს, რომ ერთ დიდ წრეში დადგნენ და ხელები ჩაჰკიდონ ერთმანეთს. შემდეგ ღრმად ჩაისუნთქონ პირით და თან ხელები მაღლა, თავსზემოთ ასწიონ; უკან გადაიზნიქონ და იგრძნონ, როგორ მიდის სუნთქვა ბირთვამდე. შემდეგ მისცენ ხელებს საშუალება, რომ ქვემოთ ჩამოვარდნენ, წინ დახარონ მთელი სხეული და ბოლომდე ამოისუნთქონ ბგერა „ჰა!“-სთან ერთად. ვიწყებთ ნელა, თანდათან ვზრდით სიჩქარეს მანამ, სანამ ეს მართლა ჩქარა არ მოხდება: „ჰა! ჰა! ჰა!“ გამოდის სუნთქვის პულსაციის ორი ტაქტის გამოხატული და ენერგიული დემონსტრაცია.

 

შემდეგ სტადიაზე ყველას ვთხოვ, რომ ცალკე დადგეს. ერთი ფეხი წინ გადადგას, მეორე უკან, და ხელები წინ, მკერდის დონეზე გაიშვიროს.

 

«ჩასუნთქვის დროს გადაიტანეთ წონა უკანა ფეხზე და თავადაც უკან გადაიხარეთ, თან ხელები პირთან მიიტანეთ, თითქოს ჰაერს ხელით იღებთ. შემდეგ, განაგრძეთ ჩასუნთქვა და ამავდროულად ხელები ხელისგულებით ქვემოთ შეატრიალეთ და წინ, სხეულის გასწვრივ დაუშვით, თითქოს სხეულის შიგნით ჰაერს ქვემოთ ქაჩავთ, მუცლამდე, - ვუხსნი მე. - ამოსუნთქვის დროს გადაიტანეთ წონა წინა ფეხზე და წინ გადაიხარეთ, საშუალება მიეცით ხელებს, რომ სხეულის გასწვრივ ზემოთ აიწიონ, შემდეგ კი წინ გაიშვირეთ ისინი „გამცემი“ ჟესტით, თითქოს ჰაერს კვლავ უკან აგდებთ».

 

ასევე, მონაწილეებს ვთავაზობ, რომ ჩასუნთქვისას დახუჭონ თვალები, რაც დაეხმარებათ - თავი საკუთარ სახლში, საკუთარ ცენტრში, ბირთვში იგრძნონ. ამოსუნთქვისას ისინი თვალებს ახელენ და პერიფერიისკენ მოძრაობას უწყობენ ხელს. ზოგჯერ სავარჯიშოს ამ ნაწილში აქცენტს ამოსუნთქვაზე ვაკეთებ, უფრო მძლავს და ფეთქებადს ვხდი მას და ამასთან ჩასუნთქვას რბილს და ნელს ვინარჩუნებ. შემდეგ კი ვცვლი სურათს და ჩასუნთქვას ინტენსიურს, ხოლო ამოსუნთქვას  - ნელს და მშვიდს ვხდი.

 

დასკვნით სტადიაზე მონაწილეებს ვთხოვ, რომ პარტნიორი იპოვნონ და ერთად გამოიკვლიონ სუნთქვის პულსაცია, თამაშით და შემოქმედებითად.

 

«სცადეთ, იპოვოთ თქვენი საკუთარი მოძრაობა პულსაციისთვის, ერთად ჩაისუნთქოთ და ამოისუნთქოთ, - ვთავაზობ მე. - ეს შეიძლება იყოს ნებისმიერი მოძრაობა, უბრალოდ იპოვეთ ერთმანეთთან ჰარმონიაში სუნთქვისა და მოძრაობის მეთოდი».

 

მონაწილეები ხელებს ერთი მხარიდან მეორეზე, ან ზემოთ-ქვემოთ იქნევენ, იხრებიან, ხელებით წრეებს აკეთებენ, სხვა ჟესტებს პოულობენ. ეს კარგი მეთოდია იმის შესაგრძნობად, რომ პულსაცია არაა შემოფარგლული ფიქსირებული ფორმატებით და შეუძლია ფორმათა ურიცხვი რაოდენობა მიიღოს და გარდა ამისა, ესაა ადამიანებს შორის სესიის დასაწყისში კონტაქტის დამყარების მხიარული შესაძლებლობა. ამ ეტაპზე ვარჯიშში შესაძლებელია მონაწილეობა მიიღოს თავიდან 4, შემდეგ 8, შემდეგ 16 და 32 ადამიანმაც კი. ქმნიან რა სპონტანურად უფრო და უფრო დიდ ორგანიზმებს, მაინც ახერხებენ დაამყარონ საერთო პულსაცია.

 

ყველა ამ ვარჯიშში ვცდილობ, რომ გარკვეულ ენერგეტიკულ სურათს მივყვე. ვიწყებ ნელა და საშუალებას ვაძლევ მონაწილეებს გაეცნონ მოძრაობებს და სუნთქვას, შემდეგ ვაჩქარებ ტემპს, ვკრეფ სიჩქარეს და ინტენსიურობას პიკამდე. შემდეგ კი ვანელებ და ვარბილებ სუნთქვას და მოძრაობებს და კვლავ ვაძლევ ენერგიას დამშიდების საშუალებას.

 

სწორედ ესაა პულსაცია.

 

მას შემდეგ, რაც მონაწილეები პულსაციის პირველ პრაქტიკულ გამოცდილებას ღებულობენ, მათთვის ადამიანის ორგანიზმში ენერგიის დინების მარტივ სქემას ვხატავ. იგი შედგება დიდი წრისგან - პერიფერიისგან და მასში მოთავსებული პატარა წრისგან - ბირთვისგან.

 

ამ პოლუსებს შორის ხდება აქტიური მოძრაობა. ჩასუნთქვა მიმართულია პერიფერიიდან ბირთვისკენ, ხოლო ამოსუნთქვა - ბირთვიდან პერიფერიისკენ. ამაშია პულსაციის ძირითადი დინამიკა და მისი გაგება მნიშვნელოვანია, თუკი გვსურს, რომ სასიცოცხლო ძალის გამოღვიძების რაიხიანულ პროცესში უფრო ღრმად შევიდეთ.

 

მე ასევე ვყვები ორგონის შესახებ - ენერგიის, რომელიც რაიხის წარმოდგენების თანახმად თავისუფლად მიედინება სივრცეში და განმსჭვალავს ადამიანის სხეულს. „ჩვენ შეგვიძლია გავზომოთ ორგონი მეცნიერული მოწყობილობების მეშვეობით, მაგრამ თქვენ შეგიძლიათ თავად შეიგრძნოთ იგი ამ სესიების დროს“, - ვხსნი მე.

 

რაიხი თვლიდა, რომ ეს ენერგია ყველგანაა. თუ ნათელ მზიან დღეს მოწმენდილ ლურჯ ცას შეხედავთ, შესაძლოა დაინახოთ ჰაერში პატარა ფიფქისმაგვარი ნაწილაკები. მოქუფრულ დღეს მათი დანახვა უფრო ძნელია, მაგრამ ნათელ მზიან დღეს ისინი კარგად ჩანან. ასეთი ფენომენი, რაიხის თანახმად, წარმოადგენს თავისუფლად მოძრავ ენერგიას. ბავშვობაში, როცა ამის შესახებ სვამდით კითხვას, სავარაუდოდ დედა გპასუხობდათ: „თვალებში რაღაც გაქვს შვილო“. რაიხი არ დაეთანხმებოდა. იგი თვლიდა, რომ ეს თავისუფლად დინებადი ორგონია, რომელიც შეგვიძლია დიდი ოდენობით ვშთანთქოთ, თუკი უფრო ღრმად ვისუნთქებთ.

 

იმისთვის, რომ გასაგები გავხადო ჩემი პოზიცია, ვაზუსტებ, რომ უპირობოდ არ მჯერა რაიხის ყველა სავარჯიშოსი. პირველ რიგში მაინტერესებს არა მისი თეორია, არამედ ეფექტორობა პრაქტიკულ სამუშაოში. მართალია თუ არა ის, არ ვიცი, მაგრამ ვარჯიშები და მეთოდები, რომლებიც მისი აღმოჩენების ბაზაზე შემუშავდა, საოცარი გზით მოქმედებენ და ჩემთვის სწორედ ესაა მნიშვნელოვანი.

 

მე არც მეცნიერი ვარ და არც თეორეტიკოსი. ჩემი საქმე - აღდგომაა. მე სიცოცხლის დაბრუნებაში ვეხმარები ადამიანებს, რომლებიც ნახევრადმკვდარ მდგომარეობაში იმყოფებიან. ვაკეთებ საქმეს, რომელსაც უზამრაზარი ბედნიერება და სიხარული მოაქვს ჩემთვის და დიდ ვალში ვგრძნობ თავს რაიხისა და მისი მოსწავლეების, განსაკუთრებით ჩარლზ კელის წინაშე. სწორედ მათ მაჩვენეს ის პრაქტიკული მეთოდები, რომლებიც აუცილებელია ადამიანის სასიცოცხლო ძალის მის ბუნებრივ, ჯანმრთელ მდგომარეობამდე დაბრუნებისთვის.

 

პულსაციის ზემოქმედების შედეგის, მისი ადამიანზე ზეგავლენის კვლევა და დაკვირვება იმ სასწაულის შეგრძნებას მაძლევს, რომელიც ჩემს სამუშაოს უდევს საფუძვლად. პრაქტიკულ დონეზე მე ვმუშაობ ემოციურ გამონთავისუფლებასთან და დათრგუნული ენერგიების გახსნასთან, მაგრამ პროცესი გაცილებით უფრო ღრმა შრეებს ეხება, ვიდრე ამის წარმოდგენაა შესაძლებელი. პულსაციას შეუძლია ადამიანი იმ ადგილამდე მიიყვანოს საკუთარ თავში, სადაც შეუძლია სამყაროსთან ერთიანობა შეიგრძნოს. ეს არაა ინტელექტუალური განცდა, ესაა განცდა სხეულის დონეზე. საკუთარი სხეულის მთლიანობის შეგრძნებით შესაძლებელია თავად სიცოცხლის მთლიანობის შეგრძნებაც.

 

ვიგრძნობთ რა, როგორ პულსირებს სხეული ბუნებრივად, შეგვიძლია თავი კოსმოსის პულსაციასთან ჰარმონიაში შევიგრძნოთ.

 

ამას საოცარი სიმშვიდე, მიღება და მოდუნება მოაქვს.

 

როგორც მისტიკოსები ამბობენ, საკუთარ „მე“-სთან კონტაქტი შესაძლებლობას გაძლევთ შევეხოთ დიდ „მე“-ს - მთელი სიცოცხლის „მე“-ს. მოძრაობთ რა სიღრმეში, თქვენი საკუთარი ენერგიის წყაროსკენ, ამით თქვენ ყველაფრის წყარომდე მიდიხართ.

 

წიგნის თავები


წიგნის ელექტრონული ვერსიის შეძენა წიგნის გადმოწერა
იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff