ტანტრა - გზა ნეტარებისკენ

ანიშა ლ. დილანი
5
1

ტანტრა – გზა ნეტარებისკენ. როგორ გავხსნათ ბუნებრივი სექსუალობა და მოვიპოვოთ შინაგანი ჰარმონია

თავი 8 ნიღბის მოხნა სახიდან

 

თავი 8 ნიღბის მოხნა სახიდან

ნაწილი 2: პირი და ყელი

აშშ-ს 38-ე პრეზიდენტმა სახელი თავისი ღიმილით გაითქვა. იყო რა კანდიდატი მსოფლიოში ყველაზე გავლენიან თანამდებობაზე, ჯიმი კარტერს შეეძლო სახეზე იმდენად სასიამოვნო ღიმილის დაყენება, რომ მხოლოდ ღიმილის წყალობით მან უდიდესი პოპულარობა მოიპოვა  და 1976 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე  დაამარცხა კიდეც  ჯერალდ ფორდი, რომელსაც მანამდე ეს პოსტი ეკავა. კარტერი მოვიდა თავისი გაბადრული სახით, სუფთა CV-ით და სიცოცხლისმოყვარე ხასიათით.

მაგრამ, კანდიდატისთვის დამახასიათებელი უდარდელი გულკეთილობა იშვიათად გაჰყვება ხოლმე არჩეულ პრეზიდენტს თანამდებობის მთელი ვადის განმავლობაში. თეთრი სახლის ჟურნალისტებმა, რომლებიც კარტერის კბილებს ითვლიდნენ მისი გაღიმების დროს, შეამჩნიეს, რომ მისი ღიმილი თანდათან ქრებოდა - თვიდან თვემდე, კრიზისიდან კრიზისამდე, კბილიდან კბილამდე. ფასების სწრაფი ზრდა, საბჭოთა კავშირის შეჭრა ავღანეთში, 52 ამერიკელის მძევლად აყვანა ირანში ისლამური რევოლუციის დროს, და რაც მთავარია: „მკვლელი-კურდღელის“ თავდასხმა, როდესაც პრეზიდენტი პატარა ნავში იჯდა და თევზაობდა თავისი სახლთან ახლოს, ჯორჯიაში - ამ ყველაფერმა კარტერის სახიდან გააქრო ღიმილი.

ამჯერად სიხარულის ჯერი კანდიდატ რონალდ რეიგანს დაუდგა. პრეზიდენტთან სატელევიზიო დებატების სერიაში მან წარმატებით დაამარცხა კარტერი მისივე საკუთარი იარაღით, წარმოადგინა რა თავი მაყურებლის წინაშე თავდაჯერებულ, გულკეთილ და მხიარულ ადამიანად, რომელსაც შეეძლო ამერიკისთვის მისი ნაციონალური სიამაყე და საკუთარი თავისადმი რწმენა დაებრუნებინა.

პოლიტიკის ერთ-ერთი დამახასიათებელი შტრიხია, რომ მისი წარმომადგენლების უმეტესობა ცდილობს გარეგნულად მომხიბვლელი იყოს და ცივილიზებულად იმოქმედოს, თუმცა სინამდვილეში ეს ძალაუფლებისთვის ღია ბრძოლაა, რომელშიც ადამიანები სამკვდრო-სასიცოცხლოდ იბრძვიან. გავარჯიშებული ღიმილი, გაწვდილი ხელები, სიტყვებით: „გამარჯობა, მე ჯიმი კარტერი ვარ, პრეზიდენტობის კანდიდატი“, - ეს ყველაფერი საშუალებას იძლევა, რომ სასიამოვნო ქცევის ნიღბის ქვეშ პირველყოფილური ბრძოლა დავმალოთ.

ძალაუფლებისთვის ამ ბრძოლას, რა თქმა უნდა შეგვიძლია ღრმა წარსულიდან ვადევნოთ თვალყური. ჩვენი წინაპარი ცხოველები ბუნების ძირითად კანონს ემორჩილებოდნენ: გადარჩებიან უფრო მეტად ადაპტირებულები. სწორედ ყველაზე ძლიერი მამრი დომინირებდა ჯოგში და პირველს ჰქონდა მდედრებთან შეჯვარების საშუალება.

ცხოველები არ იღიმიან. მათ არ შეუძლიათ პირის ამ მიზნით გამოყენება. პირიქით, უფრო ხშირად იარაღად იყენებენ მას. ველური ცხოველებისთვის პირი ბრძოლის და კვების საშუალებაა, მისი საშუალებით კბენენ და ნაკუწებად ფლეთენ. ყველამ ვიცით, რომ თუ ძაღლი თავდასხმას აპირებს, ან გრძნობს, რომ თავი უნდა დაიცვას, ბაგეები უკან ეწევა და ეშვები შიშვლდება, ყბა კი კბენისთვის ემზადება. შესაძლოა ძაღლი არ იყოს აგრესიულად განწყობილი, მაგრამ, თუკი მაგალითად, იგი სხვა ძაღლის ტერიტორიას გაივლის და ის კი თავდასხმით ემუქრება, ესაა საშუალება, რომ თქვას: „მე შემიძლია თავის დაცვა და შენი დაზიანება, ამიტომ, იქნებ ჯობდეს, რომ თავი დამანებო“.

რაც შეეხება თანამედროვე პოლიტიკას, ზოგჯერ მიფიქრია, რამდენად უფრო ბუნებრივი იქნებოდა, პოლიტიკოსებს რომ თავიანთი მომღიმარი ნიღბები გადაეგდოთ რამდენიმე წუთით და უფლება მიეცათ საკუთარი თავისთვის, რომ ეყეფათ და ეღრინათ ერთმანეთისთვის. ეს რეალური ემოციაა, რომელიც ძალაუფლებისთვის ბრძოლას ახლავს თან და პოლიტიკოსების თავიანთი ნამდვილი სახით დანახვა ფრიად საინტერესო ეფექტს გამოიწვევდა.

წარმოიდგინეთ სცენა ბრიტანეთის პალატაში იმ საათებში, რომლებიც გამოყოფილია მთავრობისთვის დასმული კითხვებისთვის.

«ხომ არ ინებებს ღრმად პატივცემული ჯენტლმენი აღიაროს, რომ მისი უდიდებულესობის მმართველობა არაფერს აკეთებს, გარდა... რრრრრრ! ჰავ! ჰავ! ტიავ! ტიავ! რრრრრრ!»

ჩვენშიც, სხვა ადამიანურ ქმნილებებშიც, მიუხედავად ჩვენი ძალისხმევისა, რომ უარვყოთ ჩვენში მხეცის არსებობა, პირის ირგვლივ კუნთებში მძლავრი ცხოველური გრძნობები იმალება, განსაკუთრებით ძლიერ დაკავშირებულნი კბენასთან და ღრენასთან.

 

დროდადრო ეს გრძნობები გარეთ გამოდიან ხოლმე. მაგალითად, ბოქსი ყოველთვის იყო ცხოველური საქმიანობა: ორი ზრდასრული მამაკაცი უაზროდ ცემს ერთმანეთს და ამას სპორტს უწოდებს. 1997 წელს კი მასში სიუჟეტის ახალი განვითარება გაჩნდა, როდესაც მსოფლიოს ყოფილმა ჩემპიონმა მაიკ ტაისონმა, ევანდერ ჰოლიფილდს ყურის ნაწილი მოაჭამა. შედეგად იგი დისკვალიფიცირებულ იქნა.

 

ასეთივე ინსტინქტები აქვს ბევრ ბავშვს. სანამ მშობლები სათანადოდ „გამოწვრთნიან“, ისინი ხშირად იყენებენ პირს, რათა თავიანთი გრძნობები ცხოველური სახით გამოხატონ. მახსოვს, რომ როდესაც პატარა ვიყავი, ჩემი რისხვის გამოხატვა კბენით დავიწყე. თუ ვცოფდებოდი, ჩემს პატარა ბიძაშვილს ან დას ვკბენდი ხოლმე და ერთხელ დედამ, რომელიც ბევრჯერ მეუბნებოდა, რომ პატარა გოგონები არ უნდა იკბინებოდნენ, ჩემი ხელი აიღო და მიკბინა.

 

მე ტირილი დავიწყე, მან კი მითხრა: „ხედავ? აი, ამას გრძნობს, როცა ვინმეს კბენ“.

 

მას შემდეგ ვეწინააღმდეგებოდი კბენის იმპულსს და დროთა განმავლობაში საერთოდ დამავიწყდა ეს, სანამ ჩემი ტრენინგის დროს კელისთან, ეს მოგონებები ნაკადად არ გადმოიღვარა ჩემზე.

 

ამგვარად, უმრავლესობის პირში ემოციურად მნიშვნელოვანი თემები იმალება - არა მხოლოდ სიბრაზე, არამედ ასევე ტკივილი და შიშიც, - რომლებიც ჯავშნისგან გათავისუფლების პროცესში იწყებენ გამოვლენას.

 

ჯავშნისგან გათავისუფლების პროცესში, პირველ რიგში, ყველა ის ხელოვნური ღიმილი და ზედაპირული მომხიბვლელობა მოგძვრებათ, რომლებსაც წლების განმავლობაში გამოიმუშავებდით. მაგრამ რადგანაც ჩემთან მოსული ადამიანების უმეტესობა კენჭს არ იყრის მაღალ თანამდებობებზე, ეს საფასური არც ისე დიდია. უფრო მეტიც, ადამიანებს შეუძლიათ დარწმუნებულნი იყვნენ, რომ ჯავშნისგან განთავისუფლოების პროცესის გავლით ისინი საკუთარი თავისთვის გაცილებით უფრო გულწრფელ ღიმილს გახსნიან, რომელიც მათი სიყვარულის და სიხარულის ბუნებრივ წყაროს უკავშირდება.

 

როგორც წინა თავში ვახსენე, რაიხმა კუნთების მეორე რგოლს სხეულში პირის (ორალური) სეგმენტი უწოდა. იგი მოიცავს პირს, ტუჩებს, კბლებს, ენას, ყბებს, ყურებს, ცხვირის ქვედა ნაწილს და თავის უკანა ნაწილს - პირის უკან.

 

ამ ადგილის გავლით სხეულში უზარმაზარი ენერგია შედის და გადის. ამ სეგმენტით გამოიხატება ყველა ჩვენი ბგერა და სიტყვა. აქ ხდება ყველანაირი საჭმლის მიღება ან უარყოფა. პირით, და ასევე ცხვირით ხდება სუნთქვა, განსაკუთრებით სირბილის დროს. სწორედ პირით ვწოვდით დედის ძუძუს და სწორედ მისი მეშვეობით მივიღეთ პირველად ღრმა სიამოვნება, რომელსაც რაიხი ორალური ორგაზმისს ნაირსახეობად თვლიდა. იგი ამბობდა, რომ თუ ახალშობილს დედის ძუძუს არ აძლევენ, შედეგად ჩნდება დაძაბულობა, ანუ შეკავება პირის მიდამოში, რაც ბუნებრივად ტკბობის საშუალებას წაართმევს მას.

 

თუ ტკბობაზე ვილაპარაკებთ, პირიც, ტუჩებიც და ენაც მონაწილეობენ კოცნაში სექსამდე მოსამზადებელი თამაშის პროცესში და მნიშვნელოვან როლს ასრულებენ სექსუალური მომწიფებულობის პერიოდში სიამოვნების მინიჭებასა და მიღებაში.

 

გარდა ამისა, უფრო ღრმა გრძნობები და ემოციები, რომლებიც გულიდან და მუცლიდან ამოდიან, ამ სეგმენტს გაივლიან, რათა თავისი გამოხატვა ჰპოვონ. ამრიგად, პირი ძალიან აქტიურად მონაწილეობს გრძნობების გამოხატვაში. როგორც ყველა სხვა სეგმენტის შემთხვევაში, აქაც ხდება ბლოკირება და გროვდება დაძაბულობა.

 

ნეო-რაიხული თერაპიის დროს სუნთქვა ღია პირით ხდება და სწორედ აქ შეიძლება ბლოკირების პირველი ნიშნების დანახვა. დახურულ პირს არ შეუძლია ჰაერის მიღება, ან ბგერების, ენერგიის და ემოციების გამოცემა, ამიტომ კლიენტებს უნდა  შევახსენოთ, რომ სუნთქვისას პირი ღია ჰქონდეთ.

 

აქ მინდა მოკლედ შევეხო ცხვირსაც, რომელიც თუმცა არის სახის მნიშვნელოვანი ნაწილი, თავისთავად არ წარმოადგენს ცალკე სეგმენტს. იგი ფუნქციონირებს, მჭიდროდ უკავშირდება თვალების და პირის სეგმენტებს, ხოლო ცხვირის ღრუ პირის უკანა ნაწილის მეშვეობით უშუალოდ უკავშირდება ყელის სეგმენტსაც. ცხვირი არც ისე მოძრავია და როგორც გამოხატვის საშუალება, ვერც კი შეედრება თვალებს და პირს, თუმცაღა მას თავისი საკუთარი ენა აქვს და იმ საიდუმლო გრძნობებს ხსნის, რომელთა საჯაროდ დემონსტრირებაც ადამიანებს არ უყვართ.

 

ინგლისურ ენაში არსებობს გამოთქმა: „His nose is out of joint“, რაც ნიშნავს, რომ ვიღაც ძალიან გამწარებულია, მისი სიამაყე შელახულია, მაგრამ ამის დამალვას ცდილობს. საინტერესოა, რომ ამ დროს სახეზე მართლაც შეინიშნება ხოლმე ცხვირის ერთგვარი გამრუდება. ყოველთვის გაოცებული ვარ, როცა ამას ვხედავ ხოლმე.

 

როცა საქმე ემოციური გამოხატვის ბლოკირებას ეხება, პირის სეგმენტი შეგვიძლია განვიხილოთ, როგორც ყელის სეგმენტის გაგრძელება, რადგანაც ისინი ერთიანობაში, მჭიდრო ურთიერთკავშირით მუშაობენ. ამ თავში ორივე ამ სეგმენტის ფუნქციებს ავღწერ.

 

უკვე მივიყვანე მაგალითები იმისა, თუ როგორ რეაგირებენ ბავშვები, როცა მშობლები ეუბნებიან, რომ ტირილი ან ყვირილი შეწყვიტონ. მათი ყელი ცდილობს მოახრჩოს ამომავალი ენერგია და ემოცია, გადაყლაპოს ისინი, პირი კი მჭიდროდ იხურება, რათა ვერაფერმა გამოაღწიოს გარე სამყაროში.

 

ყელის სეგმენტი - მესამე რაიხული სეგმენტია, რომელშიც შედის ყელი, კისრის უკანა და გვერდითა ნაწილები, ხორხი და ენის ფუძე. აქ ფორმირდება ყველა ხმოვანი ბგერა, რომელიც შეიძლება დაბლოკილ იქნეს კუნთების შეკუმშვით. ეს დაძაბულობა ხელს უშლის ენერგიის ქვემოდან ზემოთ, პირის გავლით გარეთ მოძრაობას, ასევე ხელს უშლის ჩვენს მიერ გარედან ენერგიის მიღებას. სწორედ ყელით და კისრით უკავშირდება სხეულს ჩვენი თავი. აქ ფაქტიურად გონება და სხეული ხვდება ერთმანეთს, და ფრაზა: „თავი არ დაკარგო“ მიუთითებს საკუთარი თავის კონტროლის აუცილებლობაზე.

 

აქ, მესამე სეგმენტში, ყველა სხვა სეგმენტზე მეტად შეგვიძლია გამოკვეთილად დავინახოთ სამი ძირითადი ემოცია: სიბრაზე, შიში და ტკივილი. ყელისა და კისრის კუნთები ადვილად მისაწვდომია ხელებით მუშაობისთვის და ყოველივე ეს ჩემთვის მესამე სეგმენტს ერთ-ერთ ყველაზე საინტერესოდ ხდის სხეულში დაგროვილი დაძაბულობების მხრივ.

 

ყელი წარმოადგენს ჩახშობილი ემოციების მართლაც ძალიან ცხად და ზუსტ რუკას.

 

სანამ ჯგუფური ვარჯიშების აღწერაზე გადავალ, მინდა ცოტა მოგიყვეთ იმაზე, თუ როგორ კავდება გრძნობები ყელში და როგორ შეიძლება მათი გამოთავისუფლება ინდივიდუალურ სესიებზე.

 

სიბრაზე ინახება კუნთებში, რომლებიც იწყება ყურის ქვეშა მიდამოდან, ყბის უკან და კისრის გვერდითი ნაწილების გავლით ქვემოთ ჩადიან. ამ კუნთებს ანატომიურად სტერნო-კლეიდო-მასტოიდური კუნთები ჰქვიათ. როდესაც ვბრაზობთ, მაგრამ წამოსული ენერგიის დაბლოკვას ვცდილობთ, ეს კუნთები შესამჩნევად იკვეთებიან, იძაბებიან და მაგრდებიან, როგორც თოკები და აჩვენებენ, რომ მზად ვართ ავფეთქდეთ და ვიჩხუბოთ. როცა თერაპევტი ხელებით ზელს ამ კუნთებს, ხშირად სიბრაზე გამოვლენას იწყებს ხოლმე. ამავდროულად კლიენტმა შესაძლოა თავი აქეთ-იქეთ აქნიოს და იყვიროს: „არა“. ეს სიბრაზის გამოთავისუფლებაშ ეხმარება.

 

მრავალი ადამიანი, ბლოკავს რა თავის სიბრაზეს, თავის ხმას არბილებს და არაგამომხატველს ხდის, ამიტომ ამ ემოციის გამოთავისუფლებისთვის საჭიროა ხორხიდან გაბრაზებული ბგერების წარმოთქმა და სიტყვებით ყვირილი.

 

ძალიან სასარგებლოა ველური ცხოველივით ღრიალი და ღრენა. ენის გამოყოფა ამოსუნთქვასთან და ღრიალთან ერთად ყელის ზედა ნაწილში შეკავებული სიბრაზის გამოთავისუფლებაში გეხმარებათ.

 

შიში ყელის სეგმენტში - ყელისა და კისრის უკანა ნაწილში ინახება. ამ ემოციასთან კონტაქტში შესვლისთვის კლიენტებს ვთხოვ, რომ აქცენტი ჩასუნთქვაზე გააკეთონ და ფართოდ გააღონ თვალები და პირი. ამოსუთქვისას ხმამაღალი ბგერების გამოცემა, მაგალითად გამყინავი კივილი ასევე გეხმარებათ შიშთან დაკავშირებაში და მის გამოთავისუფლებაში.

 

თქვენ შეგიძლიათ ძალიან იოლად შეიგრძნოთ შიშით გამოწვეული შეკუმშვა, თუკი წარმოიდგენთ, რომ ვიღაც უკნიდან გეპარებათ იმ განზრახვით, რომ თავში რაღაც ჩაგარტყათ. თქვენი მხრები მაშინვე რეფლექსურად ზემოთ იწევა, თავი კი სხეულში ჩადის, რათა ეს მოწყვლადი წერტილი დაიცვას. ეს ის ადგილია, სადაც თავს უმწეოდ ვგრძნობთ. მრავალ ცხოველს, მაგალითად კატებს და ძაღლებს, თავიანთი ნაშიერები ამ ადგილით გადაჰყავთ კბილებით, რადგანაც ასე მათ შეწინააღმდეგება არ შეუძლიათ.

 

კისრის უკანა ნაწილში დაგროვილი ქრონიკული დაძაბულობა შეკუმშულ კუნთებს მყარ გროვად აქცევს, რომელიც თავს უკან ქაჩავს, მხრებს კი - ზემოთ, ჩვეულ დაცვით პოზაში. და მაინც, თერაპევტის ხელებს შეუძლიათ შეაღწიონ ამ კუნთებში, შეასუსტონ დაძაბულობა და გამოანთავისუფლონ შიში.

 

ტკივილი ინახება ყელის წინა ნაწილში, კუნთებში, რომლებიც ლავიწიდან ყბამდე ადიან. სწორედ აქ ხდება ცრემლების ჩაყლაპვა, სწორედ აქ დარჩა გამოუთქმელი მწარე და სევდიანი სიტყვები.

 

თერაპევტს შეუძლია დაამასაჟოს ეს კუნთები, ამავდროულად ხელი შეუწყოს სუნთქვის ღრმა პულსაციას და შესთავაზოს კლიენტს, რომ ბგერები გამოსცეს. ენერგეტიკულ დონეზე ხშირად შემინიშნავს, რომ თუ ხელს ზემოთ, ყელის გავლით გავატარებთ ისე, რომ არ შევეხებით მას, ენერგია გამოთავისუფლების მიმართულებით იწყებს დინებას.

 

თავიდან, როცა დაბლოკილი ტკივილი გამოთავისუფლებას იწყებს, იგი შეიძლება გამოვლინდეს, როგორც ერთგვარი სლუკუნი, ზლუქუნი და წუწუნი, რომელიც გრძელდება და გრძელდება, მაგრამ განმუხტვამდე არ მიდის. ასეთ შემთხვევებში ვეხმარები კლიენტს, რომ დააჩქაროს და გააღრმავოს სუნთქვის პულსაცია, რისთვისაც მას შეუძლია ფართოდ გააღოს პირი და უფრო ხმამაღალი ბგერები ამოუშვას, რათა გაჭედილობის ენერგეტიკული შაბლონი დაანგრიოს.

 

იმისთვის, რომ ცრემლების ნაკადი და ენერგიის სრული განმუხტვა გამოვიწვიოთ, შეგვიძლია ასევე შევთავაზოთ კლიენტს, რომ მიმართოს თავისი სიტყვები უშუალოდ იმ ადამიანისკენ, ვინც რაღაც მომენტში წარსულში ამ მტკივნეული გრძნობების მიზეზი გახდა.

 

პირის და ყელის სავარჯიშოები

 

პულსაციების ტრენინგის სტრუქტურაში გათვალისწინებულია დღე, როდესაც ძირითადად პირთან და ყელთან მუშაობაზე ვკონცენტრირდები. არსებობს მრავალი სავარჯიშო, რომლებიც შეიძლება სასარგებლო იყოს ჯავშნის შესუსტებისთვის ამ ორ სეგმენტში და ზოგიერთ მათგანს გამახურებელ ვარჯიშებად ვიყენებ შემდგომ ღრმა სამუშაოებამდე.

 

მაგალითად, ვდგავართ წრეში და ვიწყებთ ენერგიის გამოღვიძებას და გამოცოცხლებას პირის სეგმენტში - გრიმასების კეთებით და პირის გარშემო დაძაბულობის გაცნობიერებით. სახის გაწელვა გადაჭარბებული და უცნაური გრიმასებით - ეფექტური და სასიამოვნო მეთოდია პირის კუნთების მოდუნებისთვის. 

 

როდესაც ენას ვყოფთ და ამავდროულად სხვა მონაწილეებს ვუყურებთ, ჩვენ არა მხოლოდ ვასუსტებთ ამ მიდამოში დაგროვილ დაჭიმულობებს, არამედ გამოწვევას ვუცხადებთ საზოგადოებრივ ნორმებს და განპირობებულობებს, რომლებიც ამბობენ: „ზრდასრული ადამიანები ასე არ იქცევიან“.

 

მონაწილეებს მოვუწოდებ რომ იყვირონ და იღრიალონ, რაც კბილებსა და ყბებში სიბრაზის გამოწვევას უწყობს ხელს. ისევე, როგორც ინდივიდუალურ სესიაზე, სიბრაზის გამომხატველ სიტყვებს, რომლებიც გრძნობითა და ენერგიითაა წარმოთქმული, შეუძლიათ წლების განმავლობაში ჩახშობილი ემოციები გამოათავისუფლონ.

 

ჯიბერიში - სწრაფი და ხმამაღალი ლაპარაკი ნებისმიერი უაზრო ენაზე - ესაა პირის და ყელის სეგმენტის მოდუნების ეფექტური მეთოდი.

 

ჯიბერიში მომდინარეობს მისტიციზმის სუფიური სკოლებისგან და სახელდობრ, ერთი უცნაური მისტიკოსისგან - სახელად ჯაბარი, რომელიც თავის მოსწავლეებს და მნახველებს მხოლოდ ბგერების და არა სიტყვების გამოყენებით ელაპარაკებოდა.

 

ჯიბერიში ინტენსიურად გამოიყენება ოშოს მიერ შემუშავებულ ერთ-ერთ მედიტაციურ ტექნიკაში, რომელიც განკუთვნილია მენტალური ნაგვის მოსაშორებლად, რათა მოამზადოს ნიადაგი მომდევნო მდუმარებისთვის. ეს ტექნიკა, რომელსაც „არა-გონების მედიტაცია“ (No Mind) ეწოდება, მოიცავს ჯიბერიშის ერთ საათს, რომელსაც მოსდევს ერთსაათიანი მდუმარედ ჯდომა; იგი სრულდება ყოველდღე ერთი კვირის განმავლობაში.

 

პულსაციების ჯგუფებში ჯიბერიშს ცოტა განსხვავებული მიზნით ვიყენებთ. იგი მდგომარეობს იმაში, რომ მოვადუნოთ კუნთები პირისა და ყბების გარშემო, გავხსნათ ხმა და გავააქტიუროთ ენერგიის ნაკადი პირისა და ყელის გავლით. პროცესის შემოკლებული ვარიანტი მდგომარეობს ჯიბერიშის 10-15 წუთში, რომლის დროსაც გარეთ ვყრით ყველანაირ ნაგავს, შემდეგ მოდის 10-15 წუთიანი მდუმარება: ჩვენ ვაკვირდებით მშვიდ ცარიელ შინაგან სივრცეს, რომელმაც ქაოსი შეცვალა.

 

მესამე სეგმენტის ჯავშნის განთავისუფლების პროცესში მე ვიყენებ ბიოენერგეტიკულ დაძაბულ პოზიციას, რომელიც პირველად ალექსანდრ ლოუენმა შექმნა და მას „ყელის გაწელვა“ ეწოდება.

 

მონაწილეები სხდებიან მატრასებზე, უკან იზნიქებიან და ხელისგულებს სხეულის უკან ალაგებენ, რათა მისი სიმძიმე დაიკავონ. ტერფები მთელი სიბრტყით მატრასზე ალაგია, მუხლები მოხრილია. მას შემდეგ, როცა მონაწილეები მოემზადებიან, მე ვთავაზობ მათ, რომ უკან გადაიხარონ, ბოლომდე გადაწიონ თავი, პირი გააღონ და სუნთქვა დაიწყონ. მთელი ხერხემალი უკან იზნიქება, ამის წყალობით გულ-მკერდის ყაფაზი ფართოვდება და ყელის წინა ნაწილი იწელება, რაც უფრო მეტად ათავისუფლებს ყელის ამ სეგმენტში დაგროვილ დაძაბულობას.

 

მონაწილეები რამდენიმე წუთის განმავლობაში ასე სუნთქავენ, შემდეგ კი ნელა გადადიან ვერტიკალურ მდგომარეობაში და წინ იხრებიან, თავს კი მხრების სიგანეზე გაშლილ ფეხებს შორის ჰკიდებენ, რის შედეგადაც იწელება კისრის უკანა მხარე და იღვიძებენ ამ მიდამოში დაგროვილი გრძნობები და ემოციები.

 

ამას სამჯერ ვაკეთებთ, უკან და წინ. შედეგად მონაწილეების ყურადღება კონცენტრირდება ყელის მიდამოზე, გამოთავისუფლდება დაძაბულობა და იზრდება ენერგიის ნაკადი, რომელიც ზემოთ და ქვემოთ მოძრაობს ხერხემლის გავლით.

 

მონაწილეებს ვთხოვ, რომ არ დააძალონ საკუთარ თავს, არ გამოიწვიონ რაღაც ემოციები, არამედ მისცენ საშუალება ამ პოზიციას, რომ გახსნას სხეული და მოამზადოს იგი მთავარი ჯგუფური სავარჯიშოსთვის - „ყელის გათავისუფლება“.

 

მანამ, სანამ ამ ძალიან მძლავრ ვარჯიშს შევუდგებით, შეგვიძლია შევასრულოთ კიდევ ერთი გამახურებელი ტექნიკა, რომელსაც „სარკე“ ეწოდება. ეს ჩემი ერთ-ერთი უსაყვარლესი სავარჯიშოა. ორი ადამიანი ერთმანეთის პირისპირ ჯდება, ახლოს, მაგრამ შეხების გარეშე, და ინარჩუნებს კონტაქტს თვალებით. ისინი წყვეტენ, რომელი იქნება პარტნიორი A, და რომელი - პარტნიორი B.

 

ერთგვარი წარმოსახვითი თამაშის მეშვეობით, რომელსაც მიკროფონში ავღწერ, პარტნიორი A თავის პირად სააბაზანო ოთახში „მიემართება“, სადაც იპყრობს ძლიერი სურვილი, რომ სარკის წინ დაიმანჭოს და უცნაური გრიმასები აკეთოს, ყველა შესაძლო მეთოდით გაწელოს სახე და ამ ყველაფერს ბგერები და ჟესტები მიაყოლოს. პარტნიორი B არის კიდეც ეს სარკე: იგი გრიმასების კოპირებას ახდენს და პარტნიორ A-ს აირეკლავს,და მალე ყველა მონაწილე ბავშვობაში გადადის და სამი წლის ბავშვებივით იქცევიან.

 

ეს ერთი შეხედვით სულელური სავარჯიშო ერთ-ერთი უძლიერესი ტექნიკაა სახის კუნთების მოსადუნებლად. თავად მისი არასერიოზულობა აიძულეებს ადამიანებს, რომ სახეს ყველაზე უცნაური ფორმები მისცეს და ნორმალურ პირობებში „დაუშვებელი“ ბგერები გამოსცეს, ეს კი, თავის მხრივ, კუნთებს მოძრავს ხდის და ენერგიას დინების საშუალებას აძლევს.

 

დაახლოებით 5 წუთის შემდეგ პარტნიორები როლებს იცვლიან და „სარკეს“ კიდევ ერთხელ თამაშობენ.

 

ახლა უკვე მზად ვართ სავარჯიშოსთვის - „ყელის გათავისუფლება“, რომელსაც თერაპიაში ზოგჯერ „ნერწყვის დენასაც“ უწოდებენ.

 

ორი პარტნიორი ერთი და იმავე პოზაში ერთმანეთის პირისპირ ჯდება; ორივე მათგანი ღრმად სუნთქავს, საშუალებას აძლევს პირს, რომ ფართოდ გაიხსნას და ენას ისე ადუნებს, რომ იგი თითქმის გადმოკიდებულია.

 

პირის აპარატთან მუშაობისას, ძალიან საინტერესოა ენაზე დაკვირვება, რადგანაც ეს მძლავრი კუნთი აქტიურად მონაწილეობს გამოხატვაშიც და ამ სეგმენტის გავლით მოძრავი ნებისმიერი ემოციის ჩახშობაშიც. „ენის გადაყლაპვა“ - ჩახშობის ჩვეულებრივი მეთოდია; საშუალება მისცე მას, რომ გარეთ იყოს გამოყოფილი - ეფექტური საშუალებაა მისი კონტროლის შესუსტებისთვის.

 

ჩოგბურთელი პიტ სამპრასი ცნობილი იყო იმით, რომ ენას ყოფდა ხოლმე კორტებზე ხანგრძლივი და დამღლელი შერკინებების დროს. ეს საშუალებას აძლევდა, რომ მსოფლიო დონის შეჯიბრებებისას, ძლიერი სტრესის პირობებში, მოდუნებული ყოფილიყო და მაქსიმალური ეფექტურობით ემოქმედა.

 

„ყელის გათავისუფლებისთვის“ ძირითადი ინსტრუქციაა - არ დავხუროთ პირი და არ გადავყლაპოთ. რა თქმა უნდა, ყლაპვის გარეშე პირიდან ნერწყვი იწყებს დენას. ამ ვარჯიშის უფრო რბილ ვერსიაში მონაწილეებს ეძლევათ ქაღალდის ხელსახოცების ყუთები პირიდან გამომავალი ნერწყვის მოსაწმენდად. თუმცაღა მოწმენდაც კონტროლის ფორმა და ცივილიზებულად დარჩენის მცდელობაა, ამიტომ უფრო ძლიერ ვარიანტში ამის უფლებას არ ვაძლევ ხოლმე. იმისთვის, რომ პირიდან გამომავალი ნერწყვი მოვაგროვოთ, მუხლებზე და იატაკზე პირსახოცს ან ზეწარს ვაფენთ.

 

ენერგიის მუხტის დაგროვება სუნთქვის მეშვეობით, თავისუფლად გაღებული პირი, სხვადასხვა ბგერები, ნერწყვისთვის დენის მიცემის უფლება... ძალიან მალე გამოვლენას იწყებენ გრძნობები, განსაკუთრებით ისინი, რომლებიც დაკავშირებულნი არიან საკუთარი ემოციების გადაყლაპვასთან. ახლა უკვე არაფერია აკრძალული, ყველაფერი დაშვებულია. ჩნდება ემოციური ტვირთის მოხსნისგან გამოწვეული ცრემლები, რადგანაც მონაწილეებს უკვე აღარ უწევთ მათი გადაყლაპვა. ზოგიერთი შიშისგან ყვირის, ზოგიერთი - სიბრაზისგან...

 

ყოველი პარტნიორი თავისებურ ემოციას გრძნობს და ეს ნორმალურია. მოქმედებენ რა, როგორც პროექციული ეკრანები, პარტნიორები „რთავენ“ ერთმანეთს. მაგალითად, ერთ-ერთ პარტნიორს შესაძლოა „მკვდარი“, გამომხატველობას მოკლებული სახე ჰქონდეს. ეს ჩვეულებრივ მაშინ ხდება, როდესაც ენერგიის დაგროვილი მუხტი ჯავშნის კუნთებს ურტყავს და შეკავების სტერეოტიპი უფრო მტკიცე ხდება - მთელი სახე ნიღაბს ემსგავსება, თვალები შუშის ხდება, სუნთქვა კი ნელდება. ამან, თავის მხრივ, შესაძლოა მოახდინოს მეორე პარტნიორის პროვოცირება კიდევ უფრო მეტ გამოხატვაზე - ამ „გაყინულობის“ დანახვაზე რეაქციის სახით. 

 

მრავალი ადამიანი გაოცებული რჩება იმით, რაც ამ ვარჯიშისას „გამოხტება“ ხოლმე. ყველაფერი, რაც წლების განმავლობაში გროვდებოდა - ეს შეიძლება იყოს ზიზღი, იმის ჭამისადმი წინააღმდეგობა, რასაც გაიძულებდნენ - იწვევს ენერგეტიკულ რეაქციას: „მე არ მინდა ეს!“ ახლა შეიძლება ეს ყველფერი გადმოვაფურთხოთ, ან ზოგ შემთხვევაში ამოვაღებინოთ კიდეც.

 

მე არავის ვუბიძგებ ემოციური გამოხატვისკენ. ეს არაა „კეთების“ ვაარჯიში. პირიქით, მონაწილეებს ვეუბნები, რომ მხოლოდ ერთი რამაა საჭირო: არ შეეწინააღმდეგონ არაფრის გამოხატვას. მიუხედავად ამისა, ხდება ძლიერი ემოციების პროვოცირება და გამოხატვა.

 

ამ სავარჯიშოს დროს მე და ჩემი ასისტენტები ოთახში დავდივართ და ვეხმარებით პროცესს, ზოგჯერ ხელებით ყბებს და კისრის გვერდითა და უკანა ნაწილებს ვუზელთ მონაწილეებს. პირადად მე ძალიან ბევრს ვმუშაობ თავის პოზიციასთან, რომელიც უშუალოდაა დაკავშირებული ყელისა და კისრის დაძაბულობასთან. ზოგჯერ თავი წინ გადახრილ მდგომარეობაშია ბლოკირებული, ზოგჯერ - უკან გადახრილში - ორივე ეს კუთხე ქრონიკული კუნთური ჯავშნის მიერ იქმნება. იმას, რასაც მე ვაკეთებ, მასაჟს ვერ დავარქმევდი. ხელებით მუშაობისას გამოწვევას ვუცხადებ შეკავების სტერეოტიპს. ვარჯიშის გარკვეულ მომენტში, თუ თავი უკანაა გადაგდებული კისრის კუნთების შეკუმშვის გამო, მე შემიძლია წინ წავწიო თავი, და ჩახშობილი ემოცია მოულოდნელად დაიწყებს გამოთავისუფლებას - თვალების ან პირის მეშვეობით. ზუსტად ასევე, თუ თავი წინ გადახრილია დაფიქსირებული, ყელში შეკავებული სიბრაზის შესაფერხებლად, მაშინ უკან ვწევ თავს და იმ მომენტში, როცა სწორ კუთხეს ვაფიქსირებ, ჩახშობილი ემოცია პირიდან ამოიტყორცნება.

 

ყოველთვის ადვილი არაა - სწორი წერტილის პოვნა, რომელშიც კლიენტი უეცრად ათავისუფლებს საკუთარ თავს და ხდება გრძნობების აფეთქება.

 

ჩვეულებრივ, მე დავდივარ ოთახში, ვამხნევებ მონაწილეებს: „უბრალოდ ნება მიეცით ამას, რომ თქვენი თვალებიდან გამოვიდეს... ნება მიეცით ენას, რომ გარეთ იყოს გამოყოფილი... განაგრძეთ სუნთქვა... განაგრძეთ საკუთარი თავისთვის ნების მიცემა...“

 

ხდება ყველა სხვადასხვა მრავალფეროვანი რაღაცის გამოვლენა, რადგანაც მრავალი წლის განმავლობაში ადამიანები ამდენ ნაგავს ყლაპავდნენ. ისინი ემოციურად არწყევენ ამ ყველაფერს და ზოგჯერ საკუთარ სადილსაც - პირდაპირი მნიშვნელობით. მე ვცდილობ, რომ ეს სავარჯიშო სადილამდე ჩავატარო, მაგრამ ზოგჯერ ღებინება მაინც ხდება.

 

სავარჯიშოს ამ სტადიაზე თითქმის მთელი საათი ვრჩებით, თვალებში ვუყურებთ ერთმანეთს, განვაგრძობთ სუნთქვას ყლაპვის გარეშე და ამ დროს ფონად ვრთავ მაპროვოცირებელ მუსიკას - დამმუხტავ რიტმს, რომელიც ხელს უწყობს გრძნობების გამოხატვას.

 

შემდეგ გადავდივარ შედარებით მშვიდო მუსიკაზე და მონაწილეებს ვთავაზობ, რომ შემსუბუქების საშუალება მისცენ საკუთარ განწყობას, უფრო მეტად მოდუნდნენ, მშვიდად ისუნთქონ, იგივე მდგომარეობაშ დარჩნენ და იგრძნონ, თუ რა ხდება შიგნით.

 

განწყობის ცვლილებასთან ერთად, სიბრაზე როგორც წესი ქრება და ჩნდება კონტაქტი ცრემლების ან სევდის შრესთან - უფრო მშვიდთან, რბილთან, რომელიც გამოხატულებას შედარებით წყნარ გარემოში მოითხოვს.

 

ხმაურიანი და გამომხატველი ემოციები მშვიდ, ნატიფ გრძნობებზე მნიშვნელოვანი სულაც არაა.

 

ესაა ერთ-ერთი, რასაც ხაზს ვუსვამ პულსაციის ტრენინგებზე, როდესაც ხალხს ამაზე მუშაობას ვასწავლი. ხშირად, განსაკუთრებით თავიდან, ისინი თვლიან, რომ არსი მდგომარეობს იმაში, რომ აიძულონ კლიენტები  -რაც შეიძლება მეტად იხმაურონ, ხელები და ფეხები ურტყან მატრასს. რა ტქმა უნდა, ჩნდება წარმოდგენა, რომ რაღაც მნიშვნელოვანი ხდება, მაგრამ ეს ასევე შეიძლება იყოს დაცვა ან სპექტაკლი, თერაპევტის დაკმაყოფილების საშუალება, რათა დაფაროს უფრო შემაშინებელი, მოწყვლადი გრძნობები.

 

„ყელის გათავისუფლების“ სავარჯიშოს დასრულებისას პარტნიორებს ვთავაზობ, რომ უფრო მიუახლოვდნენ და ხელები ჩაჰკიდონ ერთმანეთს. ზოგიერთი ამ დროს ერთგვარ ენერგეტიკულ ცეკვაში შედის და მუსიკასთან ერთად მოძრაობს. სხვები ტირილს იწყებენ, მაშინ, როცა მესამენი განაგრძობენ ყურებას და ისევ არ ყლაპავენ - ამ მომენტისთვის მათ გარშემო ქაღალდის „სალფეტკების“ დიდი გროვა ჩნდება.

 

შემდეგ ვთავაზობ მათ, რომ გადაეხვიონ პარტნიორს, თუ ამის სურვილი აქვთ. ამ მომენტში ბევრი ტირილს იწყებს, რადგანაც ამდენი რამ გადაიტანეს ერთად. გახსნეს ერთმანეთის წინაშე ის, რაც დათრგუნული და დაფარული იყო, აჩვენეს სახე, რომელსაც არასოდეს არავის აჩვენებდნენ. როდესაც ერთმანეთს უახლოვდებიან, მათი გულები ერთმანეთს ხვდება, და ამან შესაძლოა კიდევ უფრო მეტი ემოციები ჩართოს. ეს ძალიან ამაღელვებელი მომენტია. შესაძლოა ამოტივტივდეს მოგონება იმაზე, თუ როგორ სურდათ, რომ დედა ჩახუტებოდა მათ... ან რაღაც ამდაგვარი.

 

შემდეგ ვთავაზობ პარტნიორებს, რომ გამოცდილებები გაგვიზიარონ. ვთავაზობ, რომ მოხერხებულად მოეწყონ, მწოლიარე ან მჯდომარე მდგომარეობაში მატრასებზე და ბალიშებზე და ისაუბრონ იმაზე, რაც ამ ვარჯიშის დროს მოხდა.

 

იმისთვის, რომ ამ დღის სამუშაო დავასრულო, ჩვეულებრივ ოშოს ერთ-ერთ საუბარს ვრთავ ხოლმე, რომელშიც იგი ჩახშობის თემას აღწერს და არსობრივად, ეს საკუთარი თავის მოწამვლის საშუალებაა. იმისთვის, რომ სიცოცხლით ვიზეიმოთ, - ამბობს იგი, - ჩვენ უნდა დავუბრუნდეთ გამოხატვის უფრო ბუნებრივ მეთოდს, დავიბრუნოთ საკუთარი ენერგია და გამოვიყენოთ იგი ცნობიერების მაღალი მდგომარეობების მისაღწევად. გამოხატვა - ეს სიცოცხლეა, ჩახშობა - ეს თვითმკვლელობაა.

 

ამ ორი ვარჯიშის, „თვალების გათავისუფლების“ და „ყელის გათავისუფლების“ (პირველი თვალების სეგმენტისთვისაა, მეორე კი - პირისა და ყელის სეგმეენტებისთვის) კომბინაცია შესანიშნავ საშუალებას წარმოადგენს სახის ტრანსფორმაციისთვის. იგი ხელს უწყობს კიდევ უფრო მეტ ემოციურ გამოხატვას, ასუსტებს ჯავშანს და ხელს უწყობს ნიღბის გადაგდებას. შედეგად სახე კვლავ ცოცხლდება, ბუნებრივი ხდება და აღიდგენს გრძნობათა უფრო დიდი დიაპაზონის გამოხატვის უნარს.

 

რა თქმა უნდა, შეგიძლიათ უწინდებურად, პოკერის თამაშისას, შეინარჩუნოთ სახის უემოციო გამომეტყველება, თუკი ეს გჭირდებათ, მაგრამ თავად სახე უკვე აღარაა მკვდარი, იგი აღარ იმყოფება კონტროლის ქრონიკული მექანიზმების მარწუხებში.

 

გარდა ამისა, თქვენ კარები გახსენით, შესასვლელი თქვენს ენერგეტიკულ სისტემაში, ქვაბს თავი მოხსენით და ახლა უფრო იოლი იქნება წვდომა ყველაფრამდე, რაც მის ქვემოთ, ქვედა სეგმენტებშია.

 

ის, რაც შიგნითაა, უფრო ადვილად გამოდის გარეთ, ხოლო ის, რაც გარეთაა, უფრო ადვილად აღწევს შიგნით - ბირთვში, რადგანაც გამოხატვის ძირითადი ინსტრუმენტები: თვალები, პირი და ყელი - ახლა უკვე უფრო მეტად ეხმარებიან ენერგიის ამ ორმხრივ დინებას.

 

ასე იხსნება გზა გრძნობების პირველი მთავარი ცენტრისკენ, გულისკენ და სწორედ მისკენ მივემართებით შემდეგ თავში.

წიგნის თავები


წიგნის ელექტრონული ვერსიის შეძენა წიგნის გადმოწერა
იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff