ტანტრა - გზა ნეტარებისკენ

ანიშა ლ. დილანი
0
0

ტანტრა – გზა ნეტარებისკენ. როგორ გავხსნათ ბუნებრივი სექსუალობა და მოვიპოვოთ შინაგანი ჰარმონია

თავი 10

თავი 10

გზა ლუქის გავლით - დიაფრაგმის გათავისუფლება

თუ ბილეთს იყიდით და ქალაქ ანაჰაიმში დისნეილენდის ჯადოსნურ ქუჩაზე გაივლით, თქვენ ბუნებრივად მოახდენთ ყურადღების ფოკუსირებას ატრაქციონებზე, თქვენი საყვარელი ანიმაციური პერსონაჟების კოსტუმებზე და საოცარ დეკორაციებზე. ამ დროს, როგორც წესი, თქვენ ვერ ამჩნევთ მძლავრ და ეფექტურ უსაფრთხოების სისტემის არსებობას, ეს არცაა გასაკვირი: ის ხომ ფარულად და კულისებიდან მოქმედებს. იგი დაფარულია პუბლიკისგან, რათა „ბედნიერი“ ატმოსფერო არ დაარღვიოს და სინათლეზე მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში ჩნდება.

ეს შედარება შეიძლება „ყურით მოთრეულს“ ჰგავდეს, მაგრამ სწორედ ასე წარმოვიდგენ ხოლმე ზოგჯერ დიაფრაგმას - როგორც სხეულში მოქმედი დისნეის დაცვის ჩემს ძალიან პირადულ სისტემას.

 

დიაფრაგმა კონტროლის და მართვის საიდუმლო ცენტრია, ერთ-ერთი „აღმოჩენილი საიდუმლო“ ადამიანის ორგანიზმში: ყველამ იცის, რომ დიაფრაგმა გვაქვს, მაგრამ არავინ ანიჭებს მას განსაკუთრებულ ყურადღებას და არ უფიქრდება იმას, თუ რას აკეთებს ის, გარშემო ხომ მრავალი უფრო საინტერესო მოვლენა ხდება.

 

როცა მავნე საჭმლის უხვად მიღების შემდეგ მუცელი გვტკივდება, უცებ ვაცნობიერებთ, რომ ნაწლავები გაგვაჩნია. როცა ბევრ კვამლს შევისუნთქავთ და ვახველებთ, ფილტვები გვახსენდება. როცა სექსუალურ სურვილს ვგრძნობთ, ჩვენი ყურადღება გენიტალიებზე გადადის.

 

მაგრამ დიაფრაგმა? იგი უბრალოდ არ ფიგურირებს სხეულის სურათში. არადა, იგი ნებისმიერ სხვა სეგმენტზე უფრო მეტად აკონტროლებს ჩვენს ემოციურ გამოხატულებას.

 

დიაფრაგმა - ესაა კუნთების თხელი გუმბათისმაგვარი ჯგუფი, რომლებიც უშუალოდ ფილტვების ქვეშ არიან განლაგებულნი და გამუდმებით მოძრაობენ. ყოველ ჯერზე, როდესაც ჩავისუნთქავთ, დიაფრაგმის კუნთები იკუმშება და ქვემოთკენ იზნიქებიან, რათა სივრცე შექმნან ფილტვების ქვედა ნაწილებში ჰაერის შემოდინებისთვის. ყოველ ჯერზე, როდესაც ამოვისუნთქავთ, დიაფრაგმა ზემოთკენ იწევს და ჰაერს გარეთ დევნის.  

 

სუნთქვა - სხეულის ერთ-ერთი ის ფუნქციაა, რომელიც არასოდეს ჩერდება.

 

სუნთქვა ავტომატურად ხდება, მუდმივად და შესვენების გარეშე, დაბადების მომენტიდან სიკვდილამდე. ამგვარად, დიაფრაგმა უწყვეტად პულსირებს, მუდმივად მოძრაობს ზემოთ-ქვემოთ და ეს მუდმივი პულსაცია სხეულში ენერგიის გადაცემის ერთ-ერთ უმთავრეს საშუალებად ხდის მას.

 

როგორც ავღნიშნე, რაიხის თანახმად, ადამიანის ჯანმრთელობისს ერთ-ერთი ძირითადი პრინციპი იმაში მდგომარეობს, რომ ენერგიამ თავისუფლად, ტალღების ან იმპულსების სახით უნდა იდინოს შვიდი სეგმენტის გავლით. ენერგიის ზემოთ-ქვემოთ ამ მოძრაობაში დიაფრაგმა საკვანძო მონაკვეთია, რადგან სხვა ადგილებთან შედარებით აქ ენერგია ყველაზე მეტად იბლოკება.

 

ჩვენი სუნთქვა გარკვეული დონით მისაწვდომია ცნობიერი კონტროლისთვის. სურვილის შემთხვევაში ჩვენ შეგვიძლია შეზღუდული დროით შევიკავოთ სუნთქვა და ამისთვის დიაფრაგმა დავძაბოთ. შეგიძლიათ ახლავე სცადოთ ეს. ჩაისუნთქეთ ჰაერი ფილტვებში და შეიკავეთ იგი. იგრძენით, როგორ შეკუმშეთ დიაფრაგმის კუნთები, რათა სუნთქვა შეგეჩერებინათ. ეს შეკუმშვა მნიშვნელოვნად ამცირებს სხეულში მიმდინარე პულსაციას და ხელს უშლის ენერგიის დინებას. რადგან ენერგიის ნაკადი მჭიდრო კავშირშია ჩვენი გრძნობების გამოხატვასთან, ეს ნიშნავს, რომ დიაფრაგმის დაძაბვით შესაძლებელია ასევე ხელი შევუშალოთ ემოციათა ტალღების მოძრაობას. ამგვარად, უნარი გვაქვს, რომ ამ ადგილიდან ჩვენი გრძნობები ვაკონტროლოთ - რასაც ვაკეთებთ კიდეც.

 

დიაფრაგმა განლაგებულია უშუალოდ მუცლის და მთელი საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ზემოთ. ამიტომ ყველაფერს, რაც ჩავყლაპეთ, ყველაფერს, რაც ჩვენი ნების წინააღმდეგ ჩაგვიტენეს გარედან: „იყავი კარგი ბიჭი, გაიღიმე, თქვი „მადლობა“, თორემ კინოში არ წაგიყვანთ!“ - ეს ენერგეტიკული ლუქი უნდა გაევლო და შიგნით დიაფრაგმის დაჭიმულობის სახით უნდა შენარჩუნებულიყო.

 

ამასთან დაკავშირებით თანამედროვე ამერიკულ სლენგში არსებობს უსიამოვნო, მაგრამ სამწუხაროდ ძალიან ზუსტი გამოთქმა, რომელიც არასასურველი რაღაცეების გადაყლაპვის პროცესს ასახავს, განსაკუთრებით სხვა ადამიანებთან ურთიერთობის კონტექსტში. ესაა გამოთქმა - „მძღნერის ჭამა“ და ჩვეულებრივ იგი შეესაბამება სიტუაციას, როდესაც ვიღაც, ვისაც ძალაუფლება აქვს, მაგალითად ხელმძღვანელი, გლანძღავთ, თქვენ კი თავაზიანად უნდა უპასუხოთ: „დიახ სერ“, ან : „დიდი მადლობა“.

 

ენერგეტიკულად, ყელი ყველაზე აქტიური სეგმენტია, როცა საქმე „მძღნერის ჭამას“ ეხება. მაგრამ სწორედ დიაფრაგმა კეტავს ლუქს, როდესაც იგი ქვედა სეგმენტებში გადადის.  სწორედ იგი იკავებს მას იქ, რადგან სრულიად ცხადია, რომ როდესაც „მძღნერს ყლაპავთ“, ბუნებრივი იმპულსია - პირველივე ხელსაყრელი შემთხვევისას უკან ამოიღოთ იგი. ამიტომ ძალიან მძლავრი ლუქი გჭირდებათ იმისთვის, რომ იგი შიგნით შეიკავოთ.

 

ცოტათი ქვემოთ განლაგებულია მუცელი და სექსუალური ცენტრი და დიაფრაგმა წააგავს არხს, რომელსაც ჩვენი შინაგანი ცხოველური ენერგიისკენ, ყველა პირველადი გრძნობისკენ მივყავართ, რომლებიც დაკავშირებულნი არიან ან ახალშობილობასთან, ან მგრძნობელობასთან - ემოციის პირველსაწყისებთან. ყოველ ჯერზე, როცა გვინდა, რომ ჩავახშოთ ეს გრძნობები, რომლებიც ან მუცლიდან, ან სექსუალური ცენტრიდან ამოდიან, სწორედ დიაფრაგმაა ის ადგილი, სადაც დაძაბულობას ვქმნით, რათა მათთან კონტაქტს თავი ავარიდოთ, ეს პირველსაწყისი იმპულსები კვლავ უკან ჩავტენოთ და ჩვენი ხედვისა და ცნობიერების ველიდან განვდევნოთ.

 

როდესაც ვსაუბრობთ ადამიანში ემოციურ გახლეჩილობაზე, როდესაც სხეულის ერთი ნაწილი ერთ სურვილს და მისწრაფებას გამოხატავს, მეორე კი - ებრძვის ამ იმპულსს და განაგდებს მას, ხშირად ასეთი გახლეჩა სწორედ დიაფრაგმის მეშვეობით ხდება.

 

ეს განსაკუთრებით ეხება იმ სიტუაციებს, რომლებიც სიყვარულსა და სექსუალობას ეხება. გული, რომელიც დიაფრაგმის ზემოთაა, ერთ სურვილს გამოხატავს მაშინ, როცა სექსუალური ცენტრი, რომელიც მის ქვემოთაა, შესაძლოა სრულიად საპირისპირო სურვილს გამოხატავდეს.

 

მაგალითად, კორპორატიულ წვეულებაზე ხართ და რომელიღაც ამორალურ, მაგრამ სიმპათიურ ფლეიბოის ესაუბრებით გაყიდვების განყოფილებიდან. უცებ მოულოდნელად აღმოაჩენთ, რომ თქვენი სექსუალური ცენტრი „იქოქება“.

 

გული ამჩნევს ამ აქტივობას სხეულის ქვედა ნაწილში და ამბობს: „ეი, რას აკეთებ? შენ სტაბილური ურთიერთობა გაქვს და შენი მზრუნველი, მოსიყვარულე ბოიფრენდი მომდევნო კვირაში შანხაიდან დაბრუნდება. ნუთუ აპირებ, რომ ამ... კორპორატიულ რომეოს დაუკავშირდე და მიაფურთხო ნამდვილ სიყვარულს, უბრალოდ ვნების უაზრო მომენტის გამო?“

 

და ამ ორ იმპულსს შორის, სადღაც შუაში, დიაფრაგმა კანონის და წესრიგის დამცველის ფუნქციას კისრულობს და უკან დევნის სექსუალურ გრძნობებს, რათა ხელი, რომლითაც მარტინით სავსე ჭიქა გიჭირავთ, არ აკანკალდეს, თქვენი ხმა კი კვლავ მშვიდი და თანაბარი დარჩეს.

 

 «დიახ, მე ნანახი მაქვს ეს ფილმი. ჩემს საქმროსთან, ბრაიანთან ერთად ვნახე. ნათქვამი მაქვს, რომ დანიშნული ვარ? ივნისში დაქორწინებას ვგეგმავთ...»

 

მეორე გავრცელებული გახლეჩა ხდება აზრებსა და გრძნობებს შორის. პირველი, რა თქმა უნდა, გონებაში ხორციელდება, მაშინ როცა მეორე, ჩვეულებრივ მუცელში იბადება. მაგალითად, ხანგრძლივი დევნისა და რამდენიმე ძვირადღირებული ვახშმის შემდეგ, ბოლოს და ბოლოს მოხიბლეთ თქვენი ოცნების მშვენიერი ქალი. და აი, თქვენი მამაკაცური თვისებების გამოვლინების დამაგვირგვინებელი აქტის შემდეგ - აბსოლუტურად ცხადია, რომ მან ორგაზმს მიაღწია, - მასთან ერთად საწოლში წევხართ.

უეცრად, თქვენი მუცლის სიღრმიდან მოდის უცნაური სურვილი, რომელიც, თუ მას სიტყვებით გამოვხატავთ, ასე გაიჟღერებს: „რა კარგი იქნებოდა, შენს ხელებზე რომ ვიყო, ბავშვივით, ან თავი მუხლებზე დაგადო და შენ იავნანა მიმღერო?“

 

რა თქმა უნდა, შოვინისტური მამაკაცური გონება დაუყოვნებლივ ცენზურის ქვეშ გაატარებს ამ გრძნობას: „ნუ ხარ იდიოტი. შენ ბავშვი არ ხარ. შენ - მამაკაცი ხარ! პირიქით, ის უნდა დაგიწვეს შენს ძლიერ საიმედო ხელებზე და თავი დაცულად იგრძნოს“.

 

ასე და ამგვარად, მრავალი მეთოდით, გონება მუდმივ ბრძოლაშია ჩვენს ფუნდამენტალურ მოთხოვნილებებთან და დიაფრაგმა ამაში ფრიად აქტიურ მონაწილეობას ღებულობს.

 

ჩემი მასწავლებელი, ჩარლზ კელი, ამბობდა, რომ შინაგან აზროვნებასთან დაკავშირებული დაძაბულობა დიაფრაგმაში გროვდება, ამიტომ ყველა, ვინც დიდ დროს ატარებს ფიქრში, დაგეგმვაში, განსჯასა და შედარებაში, უცილობლად შეიქმნის ამ სეგმენტში ქრონიკულ დაძაბულობებს. ეს დიაფრაგმის, როგორც მართვის მთავარი ცენტრის როლის კიდევ ერთი ასპექტია.

 

თუ ჩაკრების ინდურ სისტემას შეხედავთ, დაინახავთ, რომ მესამე ჩაკრა - მზის წნულში განლაგებული ენერგეტიკული ცენტრი, ძალიან ახლოსაა დიაფრაგმასთან,  ეს ცენტრი ტრადიციულად დაკავშირებულია ისეთ თვისებებთან, როგორებიცაა ძალაუფლება, შეფასება, კონკურენცია, წინააღმდეგობა და მოხერხებულობა. ამგვარად, კელი და ჩაკრების სისტემა ამ საკითხში ერთმანეთს ემთხვევა.

 

სამივე საბაზისო ემოციას - შიშს, სიბრაზეს და ტკივილს - აკავებს დიაფრაგმა, ხოლო შედეგად შექმნილი დაძაბულობა ვლინდება, როგორც რიგიდულობა.

 

რიგიდულობის დროს კუნთები უხეშდება და ძნელად მოძრაობენ. მიუხედავად ამისა, მას შემდეგ, რაც ზედა სეგმენტების ჯავშანი მოდუნდება, შემიძლია დავიწყო დიაფრაგმის მოძრაობის უნარის გაზრდა ჩასუნთქვისას, რადგანაც ახლა უკვე არის ღია არხი, რომელსაც ამ სფერომდე მივყავართ. სანამ გულ-მკერდის და ყელის სეგმენტს ცოტა მაინც არ გავხსნიდი, ამის გაკეთება არ შემეძლო. სწორედ ამიტომ, ვიმეორებ, ჯავშნის მოხსნას ზემოდან ვიწყებთ.

 

გულ-მკერდის სეგმენტთან მუშაობისას ჩასუნთქვა მოკლე და მკვეთრია, თითქოს როგორც განცვიფრებისას. მაგრამ როდესაც კლიენტს ყურადღების დიაფრაგმაზე გადატანას ვთავაზობ, ჩასუნთქვა უფრო ღრმა და ხანგრძლივი ხდება.

 

დიაფრაგმის ქვემოთ დაწევისას კონტაქტში შევდივართ შიშთან, რომელიც როგორც დრე ავღნიშნე, ენერგეტიკული სხეულის ბირთვის გარშემოა შეკავებული, დაახლოებით ფიზიკური მუცლის მიდამოში. როგორც კი დიაფრაგმა ქვემოთ მიმართული ენერგიის ნაკადების გატარებას იწყებს, მუცელი პულსაციაში ერთვება და ამ დროს კლიენტი შიშს ხვდება.

 

უფრო მკაფიოდ ეს ეფექტი ვლინდება ბრტყელმუცლიან გამხდარ ქალებში. ისინი შეგვიძლია ადვილად მივაკუთვნოთ ტიპს, რომელიც შიშს იკავებს: მათ სუსტი კუნთები აქვთ სხეულის პერიფერიაზე, თავად კი ძალიან მსუბუქები არიან, თითქოს ქუსლებზე ფრთები აქვთ, ან თითქოს მათი ძვლები მსუბუქი მასალისგანაა დამზადებული. ასეთი ბრტყელი მუცლის დანახვისას შეიძლება მხოლოდ გაგიკვირდეს, სად ეტევა მათი შინაგანი ორგანოები. თუმცაღა დაძაბულ მუცელში შესაძლოა ძალიან ბევრი შიში იყოს შენახული და ეს პირველი ემოციაა, რომელსაც ვეჯახებით, როცა დიაფრაგმის ლუქი იხსნება. ეს შეიძლება ძალიან შემაშინებელი იყოს, რადგანაც ხშირად დაკავშირებულია უმწეობის გრძნობასთან, შიშთან, რომ რაღაც მნიშვნელოვან პრობლემას ვერ გაუმკლავდები, ან ვინმე ძლიერთან შეხვედრისას ვერ გაძლებ. 

 

მთელი ენერგია იმ ადამიანებისა, რომლებიც შიშს იკავებენ, გარესამყაროდან ცენტრისკენაა გადანაცვლებული და იქაა შეკუმშული. ესაა მათი საშუალება - გაექცნენ რაღაც განცდილ საფრთხეს ან მუქარას. მაგრამ ასეთ შეკუმშვას ფიზიკურ გამოფიტვამდე მივყავართ. როცა ენერგია ცენტრისკენ ინაცვლებს, ერთადერთი, რაც შეგიძლიათ გააკეთოთ, - დაეცეთ. ფეხებში არაა ენერგია, რომ მყარად იდგეთ, ხელებში არაა ენერგია, რომ თავი დაიცვათ, თვალები კი შუშის ხდება. ეს უკიდურესი შემთხვევაა, მაგრამ ხაზს ვუსვამ მას, რათა ვაჩვენო, როგორ ხდება პერიფერია არაეფექტური იმ ადამიანებში, რომლებიც შიშს იკავებენ, ენერგიის წყაროსადმი მიუწვდომლობის გამო - რადგან მთელი ენერგია ბირთვის გარშემო კავდება.

 

როდესაც მუცლით ვსუნთქავთ და საშუალებას ვაძლევთ ენერგიას, რომ დიაფრაგმის ქვეშ შეაღწიოს, შიში შესაძლოა გამონთავისუფლებულ იქნეს. მხოლოდ მაშინ ხდება შესაძლებელი საკუთარი ძალის შეგრძნება, რადგანაც დიაფრაგმაში ბლოკირება მენჯის ქვედა ნაწილში დაფარულ სასიცოცხლო ენერგიამდე არ გვიშვებს.

 

ჩემთვის ეს ძალიან ამაღელვებელი სანახაობაა - როცა თხელი, შეშინებული ქალები, რომლებსაც ყოველთვის უწევდათ ყოფილიყვნენ სასიამოვნოები და ნაზები, მოულოდნელად ფურიებად იქცეოდნენ. დიაფრაგმის გამონთავისუფლებასთან და შიშის გამონთავისუფლებასთან ერთად ისინი იმ თავიანთ ძალას და რისხვას უერთდებიან, რომლებსაც მანამდე იკავებდნენ. მათი რისხვა შემაძრწუნებელია. სწორედ ამ მდგომარეობაში ხსნის ქალი თავისთვის კალის არქეტიპს, ინდუისტური ნგრევის ქალღმერთის, რომელიც მიუხედავად თავისი ქალურობისა და შემოქმედებითი თვისებებისა, ასევე ფლობს ძალას, რომელსაც მთელი სამყაროს დანგრევა შეუძლია.

 

როცა ასეთი ქალი ბოლოს და ბოლოს შინაგან სიმყარეს მოიპოვებს, მისი ფეხები დამიწებული და ფესვგადგმული ხდება, როგორც პატარა სვეტები, ძალა მთელს სხეულში იღვრება, თვალებში კი რისხვის ნაპერწკლები ანთია.

 

საოცარი სანახაობაა, როდესაც ქალური ძალის ამ მდგომარეობაში მონაწილე, რომელმაც ახლახანს გამოანთავისუფლა შიში, საერთო წრის შუაში დგას. იგი უყურებს სხვა მონაწილეებს და ამბობს: „მე შემიძლია გაჩვენოთ ჩემი ძალა“ - ან რამე ამდაგვარი.

 

ამასთან ხდება მთელი მისი ენერგიის, ან ზოგჯერ მთელი მისი ცხოვრების კარდინალური ცვლილება.

 

იმ შემთხვევაში, როცა შეკავებულ ემოციას სიბრაზეა (რისხვაა), დიაფრაგმა ისე შეშდება, რომ ენერგიის გარეთ მოძრაობას უშლის ხელი. ტკივილის შეკავების შემთხვევაში მისი მოძრაობა შეფერხებულია ორივე მიმართულებით - ჩასუნთქვის დროსაც და ამოსუნთქვის დროსაც ისე, რომ თავად შეგრძნების ბლოკირება ხდება.

 

დაამატეთ ამას დიაფრაგმის უნარი - გაყოს სხეული და ენერგია ორად და მიხვდებით, რამდენად მნიშვნელოვანია ეს სეგმენტი, როგორც ენერგიის ნაკადის რეგულატორი. ხოლო ყელთან შეერთებისას მას შეუძლია გამოიწვიოს ენერგიის სრული გაჩერება, ისე რომ ყოველგვარი მოძრაობა შეწყდება და ყველაფერი ერთგვარ უსიცოცხლო წონასწორობაში შენარჩუნდება.

 

იმისთვის, რომ გაყინული დიაფრაგმის მოძრაობისუნარიანობა გავზარდო, მე გამუდმებით ვინარჩუნებ მასთან კონტაქტს ხელებით. კლიენტის მიერ ამოსუნთქვის შესრულებისას თითების წვერებით მისი გულ-მკერდის ყაფაზის ქვემოთ და მზის წნულის მიდამოზე ვაწვები, რათა ფილტვების ქვედა ნაწილებმა სრულად შეძლონ ჰაერის გამოშვება, ჩასუნთქვის ფაზაში კი ვწყვეტ ზეწოლას. ჩასუნთქვისთვის აქტიურად ხელის შეწყობა ბევრად უფრო რთულია, მაგრამ შეიძლება, მაგალითად, ხელები მუცელზე დავადოთ - უფრო ზუსტად კი მუცელსა და დიაფრაგმას შორის - და რბილად დავაწვეთ მცირე ვიბრაციით, ისე რომ ვაჩვენოთ, სად შეიძლება შეაღწიოს სუნთქვამ. ეს უბიძგებს დიაფრაგმას, რომ უფრო ქვემოთ დაეშვას. ზოგჯერ ცალი ხელით ვმუშაობ, ზოგჯერ  - ორივეთი; ზოგჯერ თავად დიაფრაგმასთან, ზოგჯერ კი - ქვედა ნეკნებთან ორივე მხრიდან.

 

დიაფრაგმის კუნთები ქსოვილებისა და იოგების მეშვეობით მთელი გულ-მკერდის ყაფაზის შიგა ნაწილს უკავშირდება. შიში სწორედ იქაა შეკავებული, სადაც დიაფრაგმა სხეულის უკანა ნაწილს უკავშირდება.

 

რაიხი ბევრს საუბრობს შიშის ზურგის მიდამოში შეკავებაზე და ამბობს, რომ სხეულის ფორმა ამ ადგილას ქმნის შთაბეჭდილებას, თითქოს უკნიდან თავში დარტყმას ელოდება. ესაა მოულოდნელი თავდასხმის შოკის შედეგი... თითქოს ყველაფერი კარგადაა, და უცებ: „ბახ!“ - თავი უკან მიდის, მხრები იძაბება, ხერხემალი იზნიქება. ტყუილად არ ვამბობთ, რომ საშინელებათა ფილმებისგან „ზურგი ცივდება“ - რადგანაც ამ დროს ზურგში შეკავებულ შიშთან ხდება შეხება.

 

ამ მიდამოსთან მუშაობისას, მე ხელისგულებს ვაცურებ მატრასზე მწოლიარე კლიენტის სხეულის ქვეშ და დიაფრაგმის უკან არსებულ კუნთებს ვაწვები. ამავდროულად ვთავაზობ კლიენტს, რომ ღრმად ისუნთქოს. ამას ხშირად გამოჰყავს ზედაპირზე იქ დამალული საოცარი და მოულოდნელი ემოციები. პრობლემები, რომლებიც ზურგშია დამალული, ძალიან იდუმალია: სწორედ ამიტომ ვმალავთ მათ უკან.

 

მე შეიძლება ვამასაჟებდე ამ მიდამოში კუნთებს, რომლებიც ხერხემალთან გაივლიან, და ვიფიქრო, რომ საქმე შიშთან მაქვს, მაგრამ უეცრად რისხვა გამონთავისუფლდება - რისხვა, რომელიც ღრმად იყო დამალული. მაგალითად, კლიენტი სრულიად დარწმუნებულია იმაში, რომ უყვარს საკუთარი დედა, რომ დედა ყოველთვის ზრუნავდა მასზე, იცავდა სასტიკი მამისგან და სხვა ნათესავი-მამაკაცებისგან და მოულოდნელად რისხვა ზედაპირზე ამოდის, ამასთან ერთად კი ქალი აცნობიერებს, რომ დედა მის მანიპულირებას ახდენდა ეჭვიანობის გამო, დამახრჩობელ ურთიერთობაში ითრევდა და მამის სიყვარულს უკეტავდა.

 

დიაფრაგმის გათავისუფლების პროცესის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილის სახით ვთავაზობ კლიენტებს, გამოსცენ ბგერები, რომლებიც ამ სეგმენტში ივიბრირებენ, მაგალითად „ჰო!“. როცა დიაფრაგმა გახსნილია და ბგერის ვიბრაცია მუცელში აღწევს, შესაძლოა გაჩნდეს ერთგვარი დაბალი „გრგვინვა“. ხოლო თუ დიაფრაგმა ბლოკირებულია, ბგერა უფრო მეტად  ზმუილს წააგავს. იგივე ბგერა ვიბრირებს ყელის სეგმენტშიც და ხელს უწყობს გამოთავისუფლებას.

 

როგორც ადრე ავღნიშნე, დიაფრაგმა დაკავშირებულია ყველაფერთან, რაც გადავყლაპეთ - პირდაპირი გაგებით, ფიგურალურად და ენერგეტიკულად, - და განსაკუთრებით იმ ყველაფრის გადაყლაპვასთან, რაც გვაიძულებდა გვეგრძნო სიბრაზე, ზიზღი და გულისრევა. მაშინ, გადაყლაპვის მომენტში, არ შეგვეძლო გამოვლენის ნება მიგვეცა ბუნებრივი ღებინების რეფლექსისთვის, მაგრამ ზოგიერთი ვარჯიში გვეხმარება ამის პროვოცირებაში. კარგად აღვიძებს დიაფრაგმას სხეულის და ხერხემლის გაზნექა „წიხლების სერიის“ ან „რისხვის შემოტევის“ დროს. ეს თავის მხრივ ქმნის კონტროლის დაკარგვის შეგრძნებას. ხოლო ერთ-ერთ შეგრძნებას, როელიც კონტროლის დაკარგვას უკავშირდება, წარმოადგენს ღებინება - როდესაც გამონთავისუფლებას იწყებს გადაყლაპული ენერგია.

 

ღებინების შეგრძნება ხშირად ისეთი ძალით აწვება, რომ ადამიანმა შესაძლოა მართლაც ამოაღებინოს და ეს კარგია, რადგან ღებინებასთან ერთად ხდება მძლავრი ემოციური განმუხტვა. ხშირად ზიზღთან ერთად რისხვაც გამოიტყორცნება: „როგორ ბედავ, რომ ბარდის ჭამა მაიძულო?“ ან: „როგორ ბედავ, რომ სკოლაში სიარული მაიძულო?“ ამ ღებინებასთან და რისხვასთან ერთად, დიაფრაგმის მოდუნების პარალელურად, ზედაპირზე გამოდის ყველაფერი, რის კეთებასაც ოდესმე გვაიძულებდნენ და რისი კეთებაც არ გვინდოდა.

 

ახლა თქვენ უკვე გესმით, რომ ჩვენს ემოციებს შეუძლიათ შეკავდნენ, შეგრძნებულ იქნენ და გამოიხატონ ყველა სეგმენტში. მაგრამ ქვემოთკენ მოძრაობათან ერთად ეს ემოციები სხეულის უფრო და უფრო ღრმა სფეროებიდან ამოდიან და შესაბამისად მათი ინტენსივობაც იზრდება.

 

თუ კლიენტი ტირილს იწყებს ჯავშნისგან გათავისუფლების პროცესის დასაწყისში, ცრემლებისა და ტირილის ენერგია თვალებიდან, ყელიდან, პირიდან და შესაძლოა რაღაც წილად, გულ-მკერდიდანაც გამოიხატება. ანუ ენერგია სხეულის ზედა ნაწილში დარჩება. ვუყურებ რა კლიენტის სხეულს, ვხედავ, რომ ენერგია არ აღწევს გულ-მკერდის სეგმენტს ქვემოთ, ხოლო ტირილს თან ახლავს მაღალი ბგერები, ერთგვარი ქვითინი და ჩივილი, ან მასში წუწუნის ერთგვარი თვისებაა - გაღიზიანება, რომელსაც სურს, რომ რისხვად იქცეს, მაგრამ საკმარისი ძალა არ აქვს, ამიტომ შეუძლია მუდმივად გაგრძელდეს.

 

კლიენტს ვთხოვ, რომ უფრო ღრმად ისუნთქოს და მის გულ-მკერდის სეგმენტთან ვიწყებ მუშაობას, ფილტვები უფრო და უფრო ღრმა ჩასუნთქვებს აკეთებენ და მაშინ ქვითინი გულის მიდამოდან ამოდის, შემდეგ კი ყელის გავლით პირისკენ და თვალებისკენ ისწრაფვის. შემდეგ, თუკი კლიენტი ამ ტირილთან რჩება, დგება მომენტი, როდესაც დიაფრაგმა დუნდება, ენერგია ქვედა სეგმენტებში ეშვება და მუცლიდან ღრმა ქვითინი ამოდის.

 

თქვენთვის ალბათ ცნობილია გამოთქმა - „ტირილისგან გული ამოუჯდაო“, ან „ტკივილისგან ნაწლავები ამოყარაო“. ეს ლინგვისტური მინიშნებაა იმაზე, თუ როგორ იზრდება ემოციის ინტენსივობა სხეულის ქვედა ნაწილებში ჩვენს ჩასვლასთან ერთად.

 

უკვე შეიძლება ვისაუბრო ჩემს ჩართულობაზე კლიენტის სამუშაო პროცესში. მე ვახსენე როგორ მახარებს ჯგუფის მონაწილის ან ინდივიდუალური სესიის კლიენტის გარღვევა და მის მიერ  შეკავებულ ენერგიის გათავისუფლება. მსგავსად ამისა, ძალიან იმედგაცრუებული ვრჩები, თუ ეს გარღვევა არ ხდება, მაგრამ ყველაზე ხშირად ცნობისმოყვარეობის მდგომარეობაში ვვარდები: „სადაა გასაღები? რა დაეხმარება ამ ადამიანს თავის გრძნობებთან კონტაქტზე გასვლაში და მათ გამოხატვაში?“ უმეტესად ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს კლიენტი შიშს ეხება, სიბრაზეს, ტკივილს თუ სიხარულს. მაგრამ ყველა სესიაზე მაქსიმუმს ვაკეთებ და იმდენ მეთოდს ვიყენებ ჩემი არსენალიდან, რამდენიც გონივრული და ადექვატური მეჩვენება.

 

ბევრ რამეს სპონტანურად ვაკეთებ, 30 წლიანი პრაქტიკით დაგროვებულ გამოცდილებიდან ყველაფერს ვიყენებ სიტუაციის შესაბამისად. მაგალითად, შეიძლება გამოვიყენო შეხება, სუნთქვა ან მოძრაობა, შემდეგ კი უეცრად ვიგრძნო, რომ ფსიქოლოგიური მიდგომის გამოყენებაა საჭირო და ვიწყებ კითხვების დასმას მაშინაც კი, როცა კლიენტი სუნთქავს, ან ვთხოვ მას - გამოხატოს ის, რასაც გრძნობს - სიტყვებით. ამ სიტყვებს შეუძლიათ გახსნან მთელი ისტორია და მაშინ ვთავაზობ, რომ განაგრძოს და ზედაპირზე ამოსვლის საშუალება მისცეს მოგონებებს.

 

რაც არ უნდა ხდებოდეს, თერაპევტი ენერგეტიკულ კავშირში უნდა იყოს კლიენტთან.

 

სესიაში ორი ადამიანი ერთად მუშაობს. ეს არ ნიშნავს, რომ მე რაღაცას ვუკეთებ კლიენტს, ან რომ კლიენტი უბრალოდ სუნთქავს და თავისთვისაა ცალკე. ეს უფრო ენერგეტიკულ კვლევას ჰგავს, რომელაც ერთად ვატარებთ.

 

მე არ წარვმართავ სესიის პროცესს რაციონალურად და ლოგიკურად, პროცესი უფრო სპონტანურია: ხელებით შევიგრძნობ სხეულში არსებულ დაძაბულობას, ვამჩნევ რაღაცას, რაც სუნთქვის მიმართულებას უკავშირდება, ვგრძნობ ენერგიის ნაკადს, ვხედავ, როგორ მოძრაობს სხეული, ვუსმენ ხმებს, რომელსაც კლიენტი გამოსცემს...

 

ზოგჯერ მე საკუთარ სხეულში ვგრძნობ იმის ანარეკლს, რაც კლიენტში ხდება. ვაკვირდები საკუთარ სხეულს და ზუსტად ვგრძნობ, სადაა შეკავებული ენერგია - შესაძლოა ყელის ცენტრში, შესაძლოა გულ-მკერდში, შესაძლოა სადღაც სიღრმეში. ამ ინტუიტიური გრძნობით მე შემიძლია შევთავაზო კლიენტს ერთგვარი ხმის გამოცემა, რომელიც მისივე სხეულის ამავე მიდამოში მოახდენს ვიბრირებას, ან ვთავაზობ მას, რომ იმოძრაოს და ისუნთქოს ისე, რომ იმ ადგილს შეეხოს ან გამოაღვიძოს, სადაც ენერგიაა შეკავებული. როცა ესმის ჩემი და პოულობს ამ ადგილს, მე ვეუბნები: „დიახ, აქ! ნება მიეცი ამას, რომ მოხდეს!“ მნიშვნელოვანია, საშუალება მივცეთ კლიენტს იცოდეს, რომ სწორ გზაზე დგას. მე ვუდასტურებ, ვამხნევებ, ვაღიარებ ამას, რათა ამ ადგილში უფრო ღრმად შეძლოს შესვლა, კონტაქტში შევიდეს ემოციებთან და „ჩართოს“ ისინი.

 

მე ვტკბები კარგი ემოციური განმუხტვით იმიტომ, რომ მომწონს ძლიერი ენერგიის მოძრაობის შეგრძნება. მიყვარს კარგი ჭექა-ქუხილი, მიყვარს კარგი ორგაზმი, მიყვარს მრისხანების კარგი გამოხატვა.

 

ასევე მიყვარს სიმშიდე ქარიშხლის შემდეგ, როცა ენერგია მშვიდდება. ეს სიმშვიდე არ შეიცავს სასაფლაოს მკვდარ ატმოსფეროს, არამედ უპირობოდ ცოცხალია, პულსირებადია და მაინც წყნარია. ეს სივრცე სრული გამოთავისუფლების შემდეგ ისევე ფასეულია, როგორც თავად გამოთავისუფლება, ამ დროს ენერგია კვლავ ავსებს მთელს სისტემას. ის ადგილები, რომლებიც მანამდე დაძაბული იყო, ახლა საკმარისად მოდუნებულნი არიან იმისთვის, რომ სიცოცხლის ახალი ხარისხი შეისრუტონ. ყველაზე ღრმა დონეზე მთელს ენერგიას შეუძლია შიგნითკენ შეტრიალდეს და შექმნას მედიტაციის და საკუთარ თავთან კონტაქტის ის მომენტი, რომელიც აქამდე მიუწვდომელი იყო.

 

კლიენტი ხაფანგში იყო გამოჭერილი ზედაპირზე, თავისი საკუთარი ჯავშნით და იქვე რჩებოდა, სანამ კუნთური დაძაბულობა არ გამოთავისუფლდა, შემდეგ კი... „ბუუუმ!“... იგი ცენტრში ვარდება.

 

ჩემი ამოცანა ამ ნატიფი ახალი სივრცისთვის ხელის შეწყობაა. ადამიანს ვთხოვ თვალები დახუჭოს და ხელები გულზე ან მუცელზე დაიწყოს, ან ვთავაზობ, რომ თვალებით სხვა მონაწილეებს შეხვდეს და მდუმარებაში გაუზიაროს ის, რასაც გრძნობს. ეს შეიძლება ძალზე ამაღელვებელი განცდა იყოს - როცა ადამიანი თვალებს ახელს და თავის გარშემო ადამიანებს ხედავს, რადგანაც მრავალი მათგანი ასევე განიცდის შიგნიდან მომავალ ამ სიხარულს. ეს ერთგვარი სინქრონიზაციაა. ეს გათავისუფლებაა მთელი ჯგუფისთვის, რადგანაც ყოველ მათგანს შეუძლია ჩაჯდეს იგივე მატარებელში, ყოველ მათგანს შეუძლია იმოძრაოს იმ ენერგიის ტალღასთან ერთად, რომელიც ერთმა ადამიანმა ემოციური გამოთავისუფლების პროცესში შექმნა.

 

ნუ, თითქმის ყოველს... ზოგი ადამიანი ძლიერ დისკომფორტს განიცდის. ისინი კონტაქტს წყვეტენ ყველასთან და კუთხეში ან ტუალეტში მიდიან, რადგანაც ის გრძნობები, რომლებიც გამოთავისუფლდნენ, ახლა იმას ეხებიან, რასაც უარყოფდნენ. ეს იმის ნიშანია, რომ  ახლა სწორედ ამ პრობლემისთვის პირისპირ შეხედვის და ჩაღრმავების დროა.

 

წიგნის თავები


წიგნის ელექტრონული ვერსიის შეძენა წიგნის გადმოწერა
იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff