ტანტრა - გზა ნეტარებისკენ

ანიშა ლ. დილანი
5
1

ტანტრა – გზა ნეტარებისკენ. როგორ გავხსნათ ბუნებრივი სექსუალობა და მოვიპოვოთ შინაგანი ჰარმონია

თავი 14 ტანტრას სივრცე

 

თავი 14 ტანტრას სივრცე

 

იმისთვის, რომ ტანტრას სამყაროში შევიდეთ, საჭიროა განსაზღვრული ატმოსფერო. არ ვგულისხმობ მხოლოდ მატერიალური გარემოების შექმნაზე. უფრო მეტად ვგულისხმობ ფსიქოლოგიურ გარემოცვას.

 

ტანტრასთვის საჭიროა ატმოსფერო, რომელიც ხელს უწყობს ადამიანებს მოდუნებაში, მინდობაში, იმის შეგრძნებაში, რომ უსაფრთხო ადგილას არიან და რომ ნატიფი და დელიკატური პროცესები - გახსნილობა, მოწყვლადობა, გულწრფელობა -  პატივისცემისა და მიმღებლობის ატმოსფეროში წარიმართება.

 

წიგნის იმ ნაწილში, სადაც ჯავშნის მოხსნაზე ვისაუბრე, დაწვრილებით მოვყევი „გრძნობათა წყვილების“, როგორც სქემის შესახებ, რომელიც საშუალებას გვაძლევს გავიგოთ ენერგიის მოძრაობა, რომელსაც ემოციის სახით განვიცდით. ამასთან, ყურადღება გამახვილებული იყო ამ წყვილთა ნეგატიური ასპექტების გამოხატულებათა შესახებ: ბრაზის, შიშისა და ტკივილის. ტანტრას პრაქტიკაში კვლევა მეტწილად კონცენტრირებულია „გრძნობათა წყვილების“ პოზიტიურ თვისებებზე: სიყვარულზე, ნდობასა და სიამოვნებაზე. ხლო იმისთვის, რომ ეს უფრო რბილი და ნატიფი გრძნობები გამოვლინდეს, აუცილებელია უსაფრთხო და დაცული სივრცე. რა თქმა უნდა, მასში არის რელაქსაციის მომენტებიც, სითბოსა და გულისხმიერების მომენტებიც, მაგრამ მასში ასევე საკმაოდაა უხეში დარტყმები და არასასიამოვნო სიურპრიზებიც.

 

მაგალითად, თქვენ იმყოფებით საყვარელი მამაკაცის საზოგადოებაში და გადაწყვიტეთ, რომ მოვიდა დრო, გაეხსნათ მას და გულწრფელად მოუყვეთ თქვენი დაუცველობის შესახებ. აქამდე გრძნობდით, რომ თქვენი პიროვნების ეს ნაწილი - სუსტი, მოწყვლადი, საკუთარ თავში დაეჭვებული - აუცილებლად უნდა დაგემალათ, რათა მორგებოდით იდეალური „გირლფრენდის“ როლს. მაგრამ დაძაბულობამ პიკს მიაღწია და თქვენ მოგინდათ შეატყობინოთ შეყვრებულს, რომ ბნელი მხარეც გაქვთ. და უეცრად... ჰოპ! იგი ემოციურად განზე დგება, უარყოფს პრობლემას, გადანაშაულებთ, მიდის, ან რაიმე მსგავსს აკეთებს - და მაშინვე გახსენდებათ, რომ სწორედ ასეთი გამოვლინებების გამო გადაწყვიტეთ საკუთაი თავის დაცვა და ჩაკეტვა.

 

მსგავსი ინციდენტები ძალიან ხშირად ხდება და არა მხოლოდ ქალებთან. თუ თქვენ მამაკაცი ხართ, მაშინ მაგალითად შეიძლება დაუმალოთ შეყვარებულს, რომ ხშირად ათვალიერებთ სხვა ქალებს, ან ფიქრობთ მათზე. და აი, ერთხელაც გადაწყვიტეთ, რომ დროა ღიად მოუყვეთ მას ამ საიდუმლოს შესახებ. საქმე სულაც არაა იმაში, რომ თქვენ მართლა გსურთ შეყვარებულის ღალატი, არამედ საქმე ისაა, რომ თქვენ უბრალოდ დაიღალეთ მისგან ამ თვისების დამალვით.

 

მაგრამ ნაცვლად იმისა, რომ დააფასოს თქვენი გულწრფელობა და ინტიმური განცდების გაზიარების სურვილი, თქვენს შეყვარებულს ეჭვიანობის შემოტევა ეწყება, გემუქრებათ, რომ გაწყვეტს ურთიერთობას და ცრემლებად იღვრება. სწორედ ამიტომ ვართ მიდრეკილნი ჯავშანში ცხოვრებისკენ.

 

 ყველასთვის კარგადაა ნაცნობი ისეთი სიტუაციები, როცა გახსნის და მოწყვლადობის გამოვლენისას  ყველა შესაძლო არასასიამოვნო რეაქციას ვეჯახებით. შეიძლება უპატივცემულოდ მოგვეპყრონ, შეიძლება უარგვყონ, დაგვსაჯონ, მანიპულირება მოახდინონ.

 

ტანტრულ პულსაციებში ძალიან მნიშვნელოვანია დამცველი და მხარდამჭერი ატმოსფეროს შექმნა. ამ თავში მოვყვები იმის შესახებ, როგორ უზრუნველვყოფ ამას პრაქტიკაში: რას ვამბობ და რას ვაკეთებ, ურთიერთობის რა სახეს ვთავაზობ მონაწილეებს იმისთვის, რომ გაიხსნან და უფრო ღრმად ჩაიძირონ ენერგიასთან დაკავშირებულ ექსპერიმენტში.

 

ჯგუფის დაწყებიდან რამდენიმე დღით ადრე ვესაუბრები მომავალ მონაწილეებს, რათა დავრწმუნდე, რომ ნამდვილდ მზად არიან ტანტრული პულსაციებისთვის. ვეკითხები, ყოფილან თუ არა ბავშვობაში ძალადობის მსხვერპლნი, განსაკუთრებით სექსუალურის. ეს საკითხი ძალიან მნიშვნელოვანია, რადგანაც ჩემი პრაქტიკის ტანტრულ განზომილებაში მე არ ვფოკუსირდები ტრავმებზე მუშაობაზე. ტანტრა უმეტესწილად ორიენტირებულია სიამოვნებაზე და სექსუალური ენერგიის კვლევაზე ამაღელვებელი თავგადასავლის სტილში. ამიტომ ვურჩევ ადამიანებს, რომლებიც ძალადობის მსხვეპრლნი იყვნენ, რომ ჯერ სხვა თერაპიული პროცესები გაიარონ და მხოლოდ ამის შემდეგ მიიღონ მონაწილეობა ტანტრას ჯგუფში.

 

ასევე ვცდილობ დავაბალანსო ქალებისა და მამაკაცების რაოდენობა - ეს მნიშვნელოვანია წყვილში ვარჯიშებისთვის. ჯგუფში ვიღებ ნებისმიერი ასაკის ადამიანს, დაახლოებით 20 წლიდან მათი ჩათვლით, ვინც დიდი ხანია გადასცდა 60 წელს. თუმცაღა უმრავლესობა 30-დან 40 წლამდეა, ან ცოტა მეტი.

 

ამ ასაკში ადამიანები ძალიან ინტერესდებიან მედიტაციური ტანტრული პრაქტიკებით. რატომ? იმიტომ, რომ მათ აქვთ ჩვეულებრივი სექსის გამოცდილება, ყველაფერი გამოსცადეს, მაგრამ მათი სექსუალური ენერგია ჯერ კიდევ აქტიურია, მოძრაობს და ახლა უკვე რაღაც ახალს ეძებენ. ახლა სურთ გაიგონ, რა ხდება, როცა სექსუალობა შიგნითკენაა მიმართული - და სწორედ ამას გულისხმობს ტანტრა: მედიტაცია სხვა ადამიანთან სიახლოვეში, მედიტაციური ტექნიკების პრაქტიკა შეყვარებულთან, მეგობართან ან პარტნიორთან.

 

ჯგუფის პირველი დღე ცეკვით იწყება. სანამ დავჯდებით და ვისაუბრებთ, ან შესავალ ვარჯიშებს გავაკეთებთ, ყოველთვის კარგია სხეულის გამოძრავება და ფიზიკური ენერგიის გამოღვძება. თუმცა ასეთი დასაწყისი ძალიან ჰგავს პულსაციების ჩვეულ ჯგუფს, მაგრამ მაინც უნდა გავითვალისწინოთ ტანტრასთან დაკავშირებული ხარისხობრივი სხვაობა. ამჯერად ადამიანები განზრახ შეიკრიბნენ იმისთვის, რომ შეხვდნენ ერთმანეთს, მოიწვიონ და აამოქმედონ სექსუალური ენერგია. ეს მომხდარს გარკვეულ სიმძაფრეს ჰმატებს.

 

თავად სიტყვა «ტანტრა» მოიცავს ყველაზე მრავალფეროვან აზრებს სექსის შესახებ.  

 

ადამიანებს იზიდავს საკუთარი სექსუალური ენერგიის კვლევის შესაძლებლობა, მაგრამ  ამავდროულად მათ ეშინიათ ამის.

 

არსებობს გარშემომყოფი კულტურის და სოციალური გარემოს შედეგად შექმნილი განპირობებულობის მრავალი შრე - მშობლებისგან, მასწავლებლებისგან, მღვდლებისგან, საინფორმაციო საშუალებებისგან, მეგობრებისგან და ამიტომ ადამიანებს ხშირად რცხვენიათ ამ თემაზე ლაპარაკი. უბრალოდ ერთმანეთის თვალებში ჩახედვამ შესაძლოა გამოიწვიოს მორცხვობის გრძნობა ან უარყოფის შიში. ამიტომ, როცა მუსიკა ირთვება და მონაწილეები ცეკვას იწყებენ, მე ვიღებ მიკროფონს და თამაშის განწყობაზე ვაყენებ მათ.

 

«ეს ჯგუფი შესაძლებლობას იძლევა დავაკვირდეთ საკუთარ თავს, დავტკბეთ ერთმანეთით მსუბუქად და ძალდატანების გარეშე, - ვუხსნი მე. - ამიტომ საშუალება მიეცით თქვენს ენერგიას, რომ იმოძრაოს... იცეკვეთ, გადაადგილდით ოთახში, უყურეთ გარშემომყოფებს, გამოიყენეთ თვალები, ითამაშეთ მათით, იფლირტავეთ... და განაგრძეთ მოძრაობა, განაგრძეთ სუნთქვა... არ დაგჭირდებათ ვინმეს არც ცოლად მოყვანა, არც გათხოვება. ესაა შესაძლებლობა შეხვდეთ ვინმეს, რაიმე შედეგების გარეშე».

 

მე საკმაოდ დიდ დროს გამოვყოფ ამ პირველ მიმართვაზე. ვარწმუნებ მათ, რომ შეუძლიათ გამოავლინონ თავიანთი მოთამაშე ბუნება და რომ ამას არაფერი სერიოზული არ მოჰყვება. საქმე იმაშია, რომ ჩვენს კულტურაში სექსუალური თემები ძალიან სერიოზული და მძიმე ქვეტექსტით დამძიმდნენ, რომლებიც გულისხმობენ ისეთ შედეგებს, როგორიცაა ფეხმძიმობა, ქორწინება და შვილები. აქ კი ჩვენ ვხვდებით ერთმანეთს, რათა დავტკბეთ სექსუალური ენერგიით და უბრალოებით, ბუნებრივი ტკბობით და, პირველ რიგში მეგობრობით. მე მინდა, რომ ქალები და მამაკაცები ერთად გაემგზავრონ ამ მოგზაურობაში, თანამგზავრების და მეგობრების სახით და დაანგრიონ საუკუნეთა განმავლობაში აღმართული ცრურწმენათა კედლები.

 

 «უბრალოდ განაგრძეთ შეხვედრა, პარტნიორების გამოცვლასთან ერთად, - ვეუბნები მე. - ამ ხუთი დღის განმავლობაში  ბევრი სხვადასხვა პარტნიორი გეყოლებათ, ამიტომაც არ დაიწყოთ ფიქრი: „ღმერთო, სასწრაფოდ უნდა ვიპოვო ვინმე საჩემო, თორემ იქნებ იმასთან აღმოვჩნდე, ვინც არ შემეფერება!“ ნუ ღელავთ. თქვენ არ აღმოჩნდებით ერთ ადამიანზე მიჯაჭვული».

 

ერთ-ერთი ყველაზე სასარგებლო ინსტრუმენტი საჭირო ატმოსფეროს შესაქმნელად მსგავს ჯგუფებში, ესაა მუსიკა.

 

სხვადასხვა მუსიკა ბადებს სხვადასხვა სივრცეებს და თვისებებს.

 

მე ვიყენებ მუსიკას ენერგიის დონის აწევისთვის, მუხტის დაგროვებისთვის, სწრაფი და ენერგიული ცეკვებისთვის. ვიყენებ მას ასევე მოდუნებისთვის, დარბილებისთვის, იმისთვის, რომ გრძნობებს შევეხოთ. გულისმიერ მუსიკას ვრთავ იმისთვის, რომ ცრემლები გამოვიწვიო, ასევე ვრთავ მუსიკას, რომელიც ღრმა სიმშვიდითაა განმსჭვალული და ხელს უწყობს საკუთარი თავის სიღრმეში მიმართვას.

 

თავიდან ვრთავ ცოცხალ, კოლორიტულ, გამამხნევებელ საცეკვაო სიმღერებს მსგავსი ტექსტებით: «That’s the way, uh-huh, uh-huh, I like it…» ანუ მუსიკას, რომელიც იწვევს მონაწილეებს ფლირტაობისკენ, გართობისკენ და სხეულებრივი ურთიერთობისკენ. ეს ყველაფერი ჯგუფის ატმოსფეროს უფრო მსუბუქს ხდის და ამავდროულად მუხტავს მონაწილეებს ენერგიით.

 

სამ-ოთხ საათიანი ცეკვის შემდეგ მუსიკა წყნარდება და მონაწილეებს ვთხოვ, რომ გაჩერდნენ, თვალები დახუჭონ და საკუთარი თავის სიღრმეში კონცენტრირდნენ.

 

«გაჩერდით მდუმარედ, შეიგრძენით ტერფები, რომლებიც იატაკს ეხება და ფეხები, რომლებსაც ეყრდნობით, შეგიძლიათ ოდნავ მოხაროთ ფეხები მუხლებში: ეს დაგეხმარებათ, რომ მიწასთან იგრძნოთ კავშირი».

 

ამის შემდეგ მოდის დრო, რომ ენერგია უფრო ღრმად წავიყვანოთ და ქალებსა და მამაკაცებს შორის ნაცნობობა უფრო ახლო გავხადოთ. აქ ვამჯობინებ თანდათანობით წავიწიოთ წინ. მნიშვნელოვანია, რომ ტანტრას სამყარო თანმიმდევრულად გავუხსნა მონაწილეებს, აუჩქარებლად და ყოველი ნაბიჯის შემდეგ გაცნობიერებამდე მივიყვანო ისინი, რაც შემდეგი ნაბიჯის გადადგმის საშუალებას მისცემს მათ.

 

ამრიგად, თავდაპირველად მონაწილეები თვალებს ახელენ და ოთახში სიარულს იწყებენ ისე, რომ თვალებით კონტაქტს ამყრებენ სხვა მონაწილეებთან. ამ დროს ხმამაღლა ავღწერ იმას, რაც შესაძლოა მათ გონებაში ხდება და ვიმეორებ, მაგალითად, შემდეგ ფრაზებს:

 

 «შესაძლოა, როდესაც ოთახში გადაადგილდებით, მორიდებულობას გრძნობთ - ეს ნორმალურია. უცნობი ადამიანებით სავსე ოთახში ეს ბუნებრივია. განაგრძეთ მოძრაობა, განაგრძეთ ყურება, განაგრძეთ სუნთქვა და მორიდებულობის შეგძნება, საშუალება მიეცით მას, რომ იარსებოს... ეცადეთ შეამჩნიოთ, ვის მიმართ გრძნობთ მიზიდულობას, ვისთან იწყებს ენერგია გარკვეული სახის ცვლილებებს...»

 

გარკვეული დროის შემდეგ მონაწილეებს ვთხოვ, რომ საწინააღმდეგო სქესის პარტნიორი აირჩიონ, მასთან პირისპირ დადგნენ, მშვიდად ისუნთქონ და თვალებში უყურონ ერთმანეთს.

 

«შეიგრძენით ყველა ის ემოცია და გრძნობა, რომელსაც ეს კავშირი შესაძლოა იწვევდეს თქვენში - ვთავაზობ მე. შესაძლოა ნერვიულობდეთ, შიშს ან მღელვარებას განიცდიდეთ, როცა შეამჩნევთ, რომ მიზიდულობის გრძნობა გაჩნდა. განაგრძეთ სუნთქვა, ყურება და საშუალება მიეცით ამას, რომ მოხდეს».

 

ამ პირველი საცდელი ნაბიჯიდან იხსნება ტანტრას სამყარო, რადგანაც ახლა ორი ურთიერთსაწინააღმდეგო ენერგია ემზადება შეხვედრისთვის და პოლარობების ეს შეხვედრა - რა ზედაპირულიც არ უნდა იყოს იგი თავიდან - თავის თავში ტანტრას მთელ ალქიმიას შეიცავს.

 

ტანტრა შეგვიძლია დავარქვათ მამაკაცური და ქალური პოლარობების შეხვედრას, რომელიც შობს დინამიურ პულსირებად ენერგიას. ამ ენერგიას შეუძლია მამაკაცურის და ქალურის ორმაგობის მიღმა გაგიყვანოთ - ყოფიერებასთან ერთიანობის მდგომარეობაში.

 

«მაშინაც კი, თუ ეს თქვენთვის უჩვეულოა, საშუალება მიეცით მეორე ადამიანს მაქსიმალურად ღრმად შემოიხედოს თქვენში. უბრალოდ დგომით და სხვა მხარეს გახედვის გარეშე, თქვენ შეგიძლიათ მიიღოთ ეს ადამიანი და მიიწვიოთ თქვენს შინაგან სამყაროში თვალების მეშვეობით» – მოვუწოდებ მე.

 

ერთ-ერთი მთავარი რამ, რაც ამ დროს მეხმარება, ჩემი ხმის ტონი და ხარისხია. ახლა სიტყვების განსაკუთრებულად მიწოდება ჩემი მეორე ნატურა გახდა, თუმცა სპეციალურად არ მისწავლია ეს. ჩემს სამუშაოში ხმის ტონი საკვანძო ელემენტია, განსაკუთრებით ტანტრულ ჯგუფში, სადაც ნდობის ატმოსფერო ძალიან სწრაფად უნდა დამყარდეს, დრო კი - შეზღუდულია.

 

 

მახსოვს, 60-იანების ბოლოს, როცა კანადელმა სოციოლოგმა მარშალ მაკლუხანმა მყისიერად გაითქვა სახელი აშშ-სა და ევროპაში ერთი იდუმალი განაცხადის წყალობით, რომელიც რაღაცნაირად იმ დროის სულს გადმოსცემდა და დღესაც ჯერ კიდევ ძალაში რჩება. აკეთებდა რა კომენტარს მსოფლიო კულტურის მდგომარეობაზე, რომელშიც ბატონობდა მასობრივი საინფორმაციო საშუალებები და განსაკუთრებით ტელევიზია, მაკლუხანმა თქვა: „თავად გზავნილის გადაცემის მეთოდი არის კიდეც გზავნილი“.

 

მე ვფიქრობ, რომ ეს შეეხება ჩემს ხმასაც ჯგუფური პრაქტიკების დროს. იგი გვიწვევს, გვეხმარება და გვამშვიდებს, ეხმარება ადამიანებს იმის გაგებაში, რომ აქ ცუდი არაფერი მოხდება და რომ ჩვენს პროცესში მხოლოდ ყველაზე კეთილი, სიყვარულით აღსავსე განზრახვებია. ჩემს ხმაში არის ავანტიურობის, თანადგომისა და მგრძნობიარობის ნაზავი, ასევე ცოტა მხიარულებაც.

 

«კარგი. ახლა კი ნამასტეს ჟესტის შემდეგ დაემშვიდობეთ ადამიანს, რომელმაც თქვენთან ეს წუთები გაიზიარა და კვლავაც განაგრძეთ ოთახში გადაადგილება».

 

ნამასტე, როგორც წინა თავში ავხსენი, - ესაა მისალმების და დამშვიდობების ტრადიციული ფორმა ინდოეთში: ერთმანეთთან შეერთებული ხელისგულები გულის დონეზეა. ეს ჟესტი ნიშნავს: „მე მივესალმები ღვთაებრივს შენში“. მე მომწონს მისი ტანტრისტულ სამუშაოში გამოყენება, რადგან მას პატივისცემისა და ღირსების მდგომარეობა შემოაქვს მათთვისაც, ვინც ამ ჟესტს აკეთებს და მათთვისაც, ვისთვისაც აკეთებს.

 

შემდეგ ვიწვევ მონაწილეებს, რომ თვალებით შეხვდნენ საწინააღმდეგო სქესის შემდეგ პარტნიორს. შემდეგ კი, მესამე შეხვედრისას, ვთხოვ მათ, რომ ხელების მეშვეობით დაამყარონ კავშირი.

 

«დახუჭეთ თვალები და ნება მიეცით თქვენს ხელებს, რომ რაღაც საშუალებით რბილად უთხრან ერთმანეთს: „გამარჯობა!“ დაე, ეს შეხება ძალიან მსუბუქი იყოს - თითქმის არანაირი მოძრაობა, უბრალოდ ერთგვარი ნიშანი, რომ აქ ხართ, რომ ცოცხალი ხართ და კონტაქტის დამყარება გსურთ. ხელებჩაჭიდებულმა ღრმად ჩაისუნთქეთ მთელი გულ-მკერდით და ჰაერით აღავსეთ თქვენი გულის მიდამო. ჩვენი ხელები გულის გაგრძელებას წარმოადგენენ, რადგანაც სწორედ მათი მეშვეობით გავცემთ და ვიღებთ. თქვენ შეგიძლიათ იგრძნოთ, ამ შეხებით როგორ უკავშირდება ერთმანეთს თქვენი გულები თქვენი ხელების მეშვეობით».

 

ხშირად, ამ სავარჯიშოების კეთებისას ადამიანები ტირიან - როცა ხელებით გულთა კავშირს შეიგრძნობენ. ასე იქმნება მგრძნობელობის ახალი დონე და სწორედ ეს გვჭირდება, რომ ერთმანეთს შიშისა და შოკის გარეშე მივუახლოვდეთ. თუ გვსურს, რომ ტანტრული განცდის ღრმა არსამდე მივიდეთ, ნელა, რბილად და ნაზად უნდა ვიმოძრაოთ, რათა გაჩნდეს ნდობა და გაიხსნას ტანტრას მშვენიერი ლოტოსი.

 

«გაახილეთ თვალები და შეხედეთ ადამიანს თქვენს წინ», – ვეუბნები მონაწილეებს.

 

როცა ხელებიც და თვალებიც კონტაქტში არიან, ენერგია პარტნიორებს შორის უფრო ინტენსიურად მიედინება და მე განვაგრძობ მონაწილეების წაქეზებას - თუკი შეუძლიათ - ნება მისცენ მეორე ადამიანს უფრო ღრმად დაინახონ მისი შიდა სამყარო.

 

«გააცნობიერეთ ის, რასაც შეუძლია ხელი შეუშალოს ენერგიას თქვენს შორის დინებაში. ეს შეიძლება შეიგრძნობოდეს, როგორც დაძაბულობა მხრებში, კისრის უკანა ნაწილში, ან შესაძლოა, როგორც ერთგვარი რიგიდულობა თვალებში. ეს შეიძლება იყოს „არა-აქ-მყოფი“ მზერა, როცა ადამიანი სინამდვილეში აქ არაა ან უყურებს წერტილს თვალებს შორის, რათა თავი აარიდოს შეხვედრას.

 

გახსოვდეთ: ახლა, ამ ადგილას, ამ სივრცეში, თქვენ შეგიძლიათ მოდუნდეთ, რადგანაც ეს სივრცე უსაფრთხოა. არავინ დაგესხმებათ თავს, არავინ მოგეჭიდებათ. შეგიძლიათ გახსნილი იყოთ, შეგიძლიათ თავს ამის განცდის ნება მისცეთ და ეს სრულებით არ ნიშნავს, რომ რაღაც თქვენს შორის მომავალშიც უნდა მოხდეს».

 

როდესაც სავარჯიშოს ვატარებ, არ ვცდილობ, რომ ყველამ ერთნაირი გამოცდილება მიიღოს. ის, თუ რას გრძნობენ მონაწილეები, ის, თუ როგორ უყურებენ და ეხებიან ერთმანეთს, ძალიან განსხვავდება - შიშიდან სიყვარულამდე, ცრემლებიდან ღიმილამდე.

 

ტანტრაში ვერ იქნება ერთფეროვნება.

 

მნიშვნელოვანია, რომ ადამიანებმა გააცნობიერონ ყველაფერი, რასაც განიცდიან, - იქნება ეს გარკვეული სახით დინებადი ენერგია, ერთგვარი განცდა სხეულის შიგნით თუ შფოთვის ან სიამოვნების შეგრძნება. როგორც კი ადამიანის გონება კონცენტრირებულია იმაზე, რაც აქ და ახლა ხდება მის შიგნით, მას უჩნდება შანსი, ამოიცნოს, განიცადოს და მიიღოს ეს.

 

მიღება - ესაა ტანტრას ოქროს გასაღები, რადგან ყოველ ჯერზე, როცა რეალობა ცნობიერდება და მიღებული ხდება, ენერგია მოძრაობას და დინებას იწყებს.

 

აუცილებელია შევამჩნიოთ ის, რაც არის და არსებობის ნება მივცეთ მას. ყველა, ვინც ოთახშია, რაღაც თავისას, განსაკუთრებულს განიცდის, მაგრამ თუ ყველა ენერგია მიღებული ხდება, მაშინ ჯგუფური დინამიკა აქტიურდება და ტანტრული ენერგიის მდინარე ოკეანის მიმართულებით იწყებს მოძრაობას.

 

ჩემი საკუთარი გამოცდილებით და როგორც რაიხის, ასევე ოშოს ხედვის თანახმად, ჩვენ ყველანი - ცოცხალი ორგანიზმები - ენერგიის ოკეანეში ვარსებობთ. ჩვენს გარშემო ოკეანეა, რომელიც ჩვენში, ჩვენგან და ჩვენსკენ მიედინება და ეს -სიცოცხლის ოკეანეა. ჩვენ განვეწყობით მასზე, თუკი უბრალოდ „საკუთარ გრძნობებს ვიგრძნობთ“ და იმ ენერგიის ტალღაზე „ვისერფინგებთ“, რომელიც ჩვენი ცენტრიდან მოედინება. რა თქმა უნდა, ეს პროცესი იმ წერტილიდან უნდა დავიწყოთ, სადაც ადამიანები მოცემულ მომენტში იმყოფებიან, ანუ პერიფერიიდან, გარედან, სოციალური ურთიერთობიდან. პერიფერია - ეს ისაა, რაც მისაწვდომია, რასაც ადამიანები იცნობენ, ადგილი, საიდანაც შეუძლიათ დაწყება, ამასთან, სწორედ ასე: სესიის დროს ოთახში დგომით, პარტნიორთან ხელიხელ-ჩაკიდებით, ერთმანეთის თვალებში მზერით.

 

«ხვდებით რა თვალებითა და გულებით ერთმანეთს, თქვენ იწყებთ შეგრძნებას, რომ შეგიძლიათ სხვა ადამიანის თითქმის შუაგულ ცენტრში ჩაიხედოთ, - ვუხსნი მე. - ჩვენ ყველანი ადამიანები ვართ, ყოველი ჩვენგანისთვის დამახასიათებელია მსგავსი სურვილები და მისწრაფებები, მსგავსი სისუსტეები და ნაკლოვანებები. ჩვენ არაფერი გვაქვს დასამალი. დააკვირდით, შეგიძლიათ თუ არა დაუშვათ, რომ ვინმეს შეხვდეთ. ნება მიეცით საკუთარ თავს, რომ მოწყვლადი გახდეთ».

 

ვიღაც ხითხითებს, სხვები ცრემლებს იწმენდენ, ან სიამოვნებისგან იღიმიან. ჩემი ტანტრული სამუშაო - ესაა შთამბეჭდავი ცეკვა  პარტნიორთა ერთმანეთის შეგრძნების, საერთო ადამიანური მომენტების შეგრძნების და ქალისა და მამაკაცის პოლარულობის შეგრძნებებს შორის .

 

სწორედ ჩვენი ერთობა ქმნის ნდობას და მოდუნებას. სწორედ ურთიერთწინააღმდეგობა ქმნის აგზნებას და მე გამუდმებით ვწნავ ერთმანეთში ამ ორ თვისებას.

 

ატმოსფერო ოთახში თანდათან იცვლება იმის მიხედვით, თუ როგორ იწყებენ მონაწილეები მოდუნებას და უფრო თავისუფლად სუნთქვას. სუნთქვა - ენერგიის ნაკადის მნიშვნელოვანი ინდიკატორია. ჩვეულებრივ, როდესაც თვალებს ახელს ახალ პარტნიორთან ერთად, თითქმის ყველა მონაწილე წყვეტს სუნთქვას. მე მესმის ეს, მესმის, რომ ოთახში უეცრად სუნთქვა შეწყდა. მაშინ მე ვამბობ: „დააკვირდით, ხომ არ შეწყვიტეთ სუნთქვა“. ყველა მოულოდნელად აცნობიერებს რაც მოხდა და შემდეგ მესმის, როგორ განახლდება სუნთქვა. ჩემი გამოცდილების წყალობით მე შემიძლია ვიგრძნო, როგორც საერთო დაძაბულობა, ასევე ყველას მოდუნებაც - მომენტი, როცა დინებას იწყებს ენერგია, როცა ადამიანები სიამოვნების მიღებას იწყებენ.

 

ყოველ ჯერზე, როდესაც ახალ პარტნიორს ხვდებიან, მონაწილეები უფრო და უფრო დუნდებიან, ამიტომ, ხვდებიან რა სამ ან ოთხ ადამიანს, ისინი, როგორც წესი დამიწებას განიცდიან და უფრო მეტად ენდობიან ჯგუფურ პროცესს.  ეს საოცარი სანახავია. თუ მხედველობაში მივიღებთ, რომ ადამიანები არ იცნობენ ერთმანეთს და ნერვიულობენ, უბრალოდ გაგიკვირდებათ, რამდენი სითბო იღვრება ოთახში ასეთ მოკლე დროში.

 

ტანტრული სავარჯიშოების დასაწყისში მე კიდევ ორ ვარჯიშს ვთავაზობ - „მენჯის რხევას“ და „ხელებით სუნთქვას“, რომლებიც ამ წიგნში უკვე ავღწერე. თუმცაღა, როგორც უკვე ავღნიშნე, ყველაფერი ცოტა სხვაგვარად ხდება, როცა ასეთი სავარჯიშოები ტანტრულ კონტექსტში კეთდება - საწინააღმდეგო სქესის პარტნიორთან.

 

სექსუალური და გულის ცენტრები - საკვანძო მიდამოებია ენერგიის კვლევის პროცესში, განსაკუთრებით მაშინ, როცა მუშაობას ვიწყებთ ნატიფ ტანტრულ მედიტაციებთან. ჩვენ მოვახდენთ ენერგიის წრებრუნვის ფორმირებას ამ ორ ცენტრს შორის, ამიტომ ისინი ცოცხლები, მგრძნობიარენი და თავგადასავლებისთვის მზადყოფნი უნდა იყვნენ.

 

„მენჯით მოძრაობის“ დროს ვთხოვ ქალებს და მამაკაცებს ერთმანეთის პირისპირ დადგნენ დაახლოებით ნახევარ მეტრში, დაამყარონ კონტაქტი თვალებით და მენჯის წინ წამოწევის დროს ამოისუნთქონ, ხოლო უკან გაზნექის დროს ჩაისუნთქონ. სანამ მონაწილეები ამ სახით თავიანთ სექსუალურ ცენტრს აღვიძებენ, მე ვეუბნები იმის შესახებ, თუ რამდენად ძლიერ ვართ შებოჭილნი, რამდენად ვართ მოქცეულნი მკაცრი აკრძალვების ქვეშ.  

 

«ახლა კი ვაპირებთ, რომ გავემგზავროთ იქ, სადაც ყველაზე მეტად აგვიკრძალეს წასვლა - სწორედ იმიტომ, რომ ჩვენ გვეუბნებოდნენ: „არ წახვიდე იქ!“» – ვხუმრობ მე, და მიმართულებას ვაძლევ მონაწილეებს ამ სავარჯიშოსთვის.

 

ასევე ვუხსნი, რამდენად აუცილებელია სექსუალური ენეგიის გენერირება, რათა საკუთარ თავს დავუბრუნდეთ სხეულის დონეზე. სექსუალური ცენტრი ხომ ჩვენი ენერგიის წყარო, როცა სხეულის გავლით ზემოთკენ დავიწყებთ მოძრაობას.

 

«ჩვენ გვჭირდება, რომ გავაცოცხლოთ ეს ჩაკრა, - ვეუბნები ჯგუფს. - გვჭირდება, რომ მოძრაობაში მოვიყვანოთ ჩვენი ცხოველური ბუნება, მივიღოთ იგი, ვაჩვენოთ იგი ერთმანეთს თვალების მეშვეობით: „ეი, შემომხედე, მე ცოცხალი ცხოველი ვარ!“»

 

მსგავსივე სახით „ხელებით სუნთქვა“ ენერგიით ავსებს გულის ცენტრს და საწინააღმდეგო სქესის პარტნიორების მონაწილეობას ასევე შეაქვს დამატებითი გამოცოცხლება. სწორედ გული გვაძლევს მიღების თვისებას, ასევე გაცემის და მიღების მისწრაფებას. ამ სამი თვისების გარეშე ტანტრული კვლევა შორს ვერ წავიდოდა.

 

პირველ სტადიაზე მონაწილეებმა გამოაღვიძეს თავიანთი ენერგია და მიუახლოვდნენ ერთმანეთს. ახლა დგება დრო ცოტა უფრო მეტი სიახლოვისთვის, მაგრამ მანამ, სანამ ამ ნაბიჯს გადადგამენ, მე ვუხსნი, რომ ჩემი წარმოდგენა ტანტრაზე არ დაიყვანება მხოლოდ სხეულების შეხვედრამდე და სექსუალურ ჩახუტებამდე. ჩვენთვის საინტერესოა ენერგიის ნატიფი დონეების და გრძნობათა ნატიფი თვისებების კვლევა, ამიტომ ვთხოვ მონაწილეებს, რომ შემდგომი ხუთი დღის განმავლობაში თავი შეიკავონ სექსისგან, რათა დროებით შეაჩერონ ძველი ჩვეული შაბლონები, ძველი სექსუალური თამაშები და გაიხსნან ახალი დონის განცდებისთვის.

 

ძირითადად მონაწილეები ამ თხოვნას კეთილგანწყობით და პატივისცემით ხვდებიან. ბევრი შვებას გრძნობს, რადგანაც ამით იხსნება ზეწოლა და შორდება შფოთვა იმაზე, რომ იპოვონ და შეინარჩუნონ შესაფერისი პარტნიორი. ამ შეთანხმების შემდეგ ვთავაზობ ქალებს და მამაკაცებს, რომ წყვილებად გაიყონ მასაჟის სერიისთვის - გაცემის და მიღების თვისებებთან გაცნობის მარტივი საშუალებისთვის. ნებისმიერი სტრუქტურა, რომელიც შეიცავს თავის თავში დინამიკას - „მამაკაცური-ქალური“, მოახდენს პოლარობების მიზიდვის სტიმულაციას, მე მინდა ხელი შევუწყო ამას რბილი კეთილგანწყობილი შეხებების გარკვეული რაოდენობით.

 

 

მონაწილეებს ვთავაზობ, რომ თავიანთ პარტნიორს დაუმასაჟონ ზურგი, რომელიც სხეულის ერთ-ერთ ყველაზე „უსაფრთხო“ მიდამოს განეკუთვნება. ძირითადი აქცენტი კუნთების მოდუნებაზე კეთდება - ხერხემლის ორივე მხარეს, ამასთან, მასაჟი ყოველთვის რჩება მსუბუქი და პატივისცემით მოპყრობის შემცველი.

 

ზურგის მასაჟს გაცნობიერებულობა მოაქვს ხერხემალში, ენერგიის ამ მძლავრ გამტარში, რომელიც ჩვენს მიწიერ ფესვებს კოსმიურთან, მიღმიერთან აერთებს.

 

ტანტრას ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ტექნიკა სწორედ ხერხემლის გამოყენებაა, რომელიც აკავშირებს ჩაკრების ჯაჭვს, ჩვენი ცხოველური ბუნების ღვთაებრივთან დასაკავშირებლად. შემდეგ თავში ამაზე უფრო დაწვრილებით გიამბობთ.

 

ვთავაზობ რა შეხებას, მე ხაზს ვუსვამ მათ „უმოქმედობის“ თვისებას. ბევრი ადამიანი, როცა მათ მასაჟის გაკეთებას თხოვენ, მაშინვე ძალიან ქმდითნი ხდებიან და გულმოდგინედ მუშაობენ, კუნთებში ფათურობენ და ზედმეტი ძალისხმევისგან ძალებს კარგავენ. შედეგად, ადამიანი, რომელიც ძალიანაა შეპყრობილი აზრებით, თუ „როგორ კეთდება ეს“ ან „როგორ მივანიჭო სიამოვნება ჩემს პარტნიორს“, კონტაქტს კარგავს საკუთარ ენერგიასთან. ეს შაბლონი გავრცელებულია სექსის დროსაც და როდესაც გამცემი არაა დაკავშირებული საკუთარ ენერგიასთან, მას შანსი არ აქვს, რომ მიმღები პარტნიორის ენერგიასთან გაერთიანდეს. ამიტომ განვაგრძობ შეხსენებას მონაწილეებისთვის, რომ არსი „კეთებაში“ არაა. არსი იმაშია, რომ ერთად იმყოფებოდნენ მოდუნების სივრცეში.

 

ასევე ვთავაზობ, რომ მასაჟი ენერგეტიკულ ანუ ფსიქიკურ დონეზე გააკეთონ და რამდენიმეჯერ გაატარონ ხელი მთელი ზურგის გასწვრივ, დუნდულებიდან კისრამდე, და ხელისგულსა და კანს შორის 3-5 სანტიმეტრის დაშორება შეინარჩუნონ. ეს მოძრაობა ხელს უწყობს მაღლა მზარდი ენერგიის შეგრძნებას, ერთგვარი აღმავალი ნაკადის - მიწიდან ცამდე.

 

მასაჟის შემდეგ, როცა მონაწილეები უკვე სასიამოვნოდ მოდუნებულნი არიან, მოდის საღამოს სესია, რომელზეც, რბილი ინტიმური ატმოსფეროს შესაქმნელად, შუქი შესაძლოა ცოტათი ჩავაბნელო. ეს ტანტრული მედიტაციაა; მასში პარტნიორები რამდენიმე სტადიას გაივლიან, რომლებიც დაეხმარებიან ერთმანეთთან მიახლოებაში და თანდათანობით ერთმანეთთან ენერგეტიკულად ჰარმონიაში მოსვლაში.

 

მონაწილეებს ვთხოვ, რომ აირჩიონ პარტნიორი, შემდეგ კი ერთად დასხდნენ მატრასზე სახით ერთმანეთის პირისპირ, ისე, რომ არ შეეხონ ერთმანეთს და თვალები დახუჭონ. მას შემდეგ, რაც ყველა კომფორტულად მოეწყობა თავის ადგილას, მონაწილეებს მუცლით სუნთქვას ვაწყებინებ, რადგანაც საკუთარ ენერგიასთან დაკავშირება აუცილებელია სხვა ადამიანთან ნებისმიეერი ტანტრული შეხვედრისთვის.

 

რაღაც დროის შემდეგ ყველას ვთავაზობ, რომ თვალები გაახილონ და რბილად შეხედონ პარტნიორს თვალებში, ამავდროულად მსუბუქად შეეხონ ერთმანეთს ხელებით. ვთხოვ, რომ რამდენიმე წუთი დაუთმონ ამ პროცესს, შეხვდნენ და შეერთდნენ ენერგეტიკულად. ფონის სახით მსუბუქ მედიტაციურ მუსიკას ვრთავ.

 

ეს შესამზადებელი სტადია სრულდება ნამასტეს ჟესტით, ტრადიციული ინდური მისალმებით, როცა ხელები ერთმანეთთან შეერთებული ხელისგულებით გულის დონემდე მიიტანება. როგორც უკვე ვახსენე, ნამასტეს გამოყენებას ძალიან სასარგებლოდ მივიჩნევ ასეთ სავარჯიშოებში. ამ პატივისცემის გამომხატველი ჟესტით მონაწილეები მის წინ მჯდომ პარტნიორში ბუდას აღიარებენ, ქედს იხრიან მის წინაშე. ეს ასევე იმის გახსენებაცაა, რომ სავარჯიშო მედიტაციას წარმოადგენს.

 

შემდეგ ყველას ვთხოვ, რომ შებრუნდნენ და ერთმანეთის მიმართ ზურგით დასხდნენ ისე, რომ ხერხემლები ერთმანეთს ეხებოდნენ და თვალები დახუჭონ. ვთავაზობ, რომ მთელი ყურადღების კონცენტრაცია ზურგზე მოახდინონ და გამოიყენონ იგი, როგორც პარტნიორთან კონტაქტის დამყარების საშუალება, შეიგრძნონ პარტნიორის ზურგი საკუთარის მეშვეობით, იგრძნოს პარტნიორის სუნთქვა, სითბო, ენერგია - ყველაფერი, რაც ზურგს გაივლის. რამდენიმე წუთის შემდეგ პარტნიორებს ვთავაზობ, რომ ერთად დაიწყონ მსუბუქად რწევა დახუჭული თვალებით და ისევ ვუსვამ ხაზს, რომ ეს „უმოქმედობაა“. მინდა შეეგუონ აზრს, რომ შეგვიძლია ენერგიას საშუალება მივცეთ თავისით იდინოს, ნაცვლად იმისა, რომ ვაკონტროლოთ იგი.

 

ძალიან მალე მონაწილეები გრძნობენ, რომ ენერგია ხერხემლის გავლით ზემოთ იწევს, მათ ზურგებში სითბოს ავრცელებს. ისინი პარტნიორის ენერგიასთან კავშირს ამყარებენ და ერწყმიან მას. რწევა ცენტრირების ტექნიკაა. ამიტომ მონაწილეებს ვთხოვ, რომ შერწყმის საშუალება მისცენ ენერგიებს, მაგრამ ამავდროულად დარჩნენ საკუთარ ცენტრში ისე, რომ არ დაკარგონ საკუთარი თავი იმის გაგების მცდელობებში, თუ რას ფიქრობს ან აკეთებს მათი პარტნიორი.

 

ახლა მონაწილეები უკვე მზად არიან უფრო ღრმა შეხვედრისთვის და მეც თანდათანობით ეს სტადია დასრულებამდე მიმყავს. ვთავაზობ მათ, რომ თვალები გაახილონ და შებრუნდნენ, რათა გამოიკვლიონ ახალი პოზიცია ჩახუტებებით, რომლებიც ამჯერად სხეულის წინა ნაწილებს აძლევენ საშუალებას, რომ შეხვდნენ ერთმანეთს. ეს ძირითადი პოზიციაა, რომელსაც სახით პირისპირ შეხვედრისთვის საჭირო ყველა ტანტრული შეხვედრისთვის ვიყენებ. ამიტომ საჭიროდ ვთვლი, დეტალურად ავღწერო იგი.

 

სახით პირისპირ მჯდომარე მდგომარეობაში ყოველი პარტნიორი მაღლა წევს და მუხლში ხრის მარჯვენა ფეხს ისე, რომ ტერფს მატრასს არ აცილებს. მარცხენა ფეხი წინაა გაშვერილი და მატრასზე დევს. თუ ორივე პარტნიორი ამ პოზას მიიღებს, თავისი მარცხენა ფეხის პარტნიორის მარჯვენა ფეხის ქვეშ შეყოფასთან ერთად მათ შეუძლიათ მიუახლოვდნენ ერთმანეთს მანამ, სანამ მათი სხეულები ერთმანეთს არ შეეხებიან. შედეგად შესაძლებელი ხდება ბოქვენის, მუცლისა და გულ-მკერდის მიდამოების შეხება - ჩახუტება, რომელშიც მონაწილეობს სხეულის მთელი წინა მხარე და რომელიც ამავდროულად კომფორტული და მომადუნებელია. მე ასევე ვთხოვ მონაწილეებს, რომ რბილად მოეხვიონ ერთმანეთს ხელებით და ცოტათი წინ დაიხარონ, რათა მათი თავები ერთმანეთს გვერდით, ლოყებით კონტაქტში განლაგდნენ.

 

რადგანაც ეს პირველადაა, როცა მონაწილეები ამ სახით ხვდებიან, მე არ ვთავაზობ სექსუალურ ცენტრზე კონცენტრაციას ან რაიმე სხვა სირთულეს. უბრალოდ ვთავაზობ, რომ გაცნობიერებულობა შემოიტანონ თავიანთ სუნთქვაში და პარტნიორის სუნთქვაში, და განეწყოს მის რიტმზე. ასეთი საკმაოდ რთული და უმანკო ურთიერთქმედება შესაძლოა ძალიან ინტიმურ განცდად იქცეს, რადგანაც ერთობლივი სუნთქვა და საერთო რიტმის ძიება აახლოებს ადამიანებს, განსაკუთრებით მაშინ, როცა ნელა და მსუბუქად სუნთქავენ. ესაა დელიკატური სავარჯიშო, რომელიც თანამშრომლობას და ემპათიას მოითხოვს. სექსიც კი ყოველთვის ვერ აახლოებს ადამიანებს ამდენად ძლიერად - ისევე, როგორც ყველაფერი დანარჩენი, სექსიც შესაძლოა იყოს ჩვევითი, მექანიკური საქმიანობა.

 

მე საშუალებას ვაძლევ ამ შეხვედრას, რომ დაახოებით 10 წუთის განმავლობაში გაგრძელდეს და ხელს ვუწყობ მას მსუბუქი მუსიკით. შემდეგ, მცირე ვარიაციის სახით, ვთავაზობ პარტნიორებს, რომ „გულით სუნთქვა“ სცადონ - მოახდინონ ყურადღების კონცენტრაცია მეოთხე ჩაკრაზე და განაგრძონ ერთიანი რიტმით სუნთქვა. მე არ ვახსენებ არც პოლარობებს და არც ენერგიის გაცემას და მიღებას, არამედ ვსაუბრობ მხოლოდ ცნობიერების ფოკუსირებაზე იმისთვის, რომ ერთად იგრძნონ, თუ რას ნიშნავს „გულში ყოფნა“.

 

ვასრულებ რა სავარჯიშოს, მონაწილეებს ვთხოვ, რომ ნელ-ნელა დაშორდნენ ერთმანეთს, იმდენად ნელა, რომ ერთმანეთის დანახვა შეძლონ და კვლავ რამდენიმე წუთი პარტნიორს უყურონ თვალებში. რაღაც დროის შემდეგ ვთავაზობ, რომ ბოლომდე დაშორდნენ ერთმანეთს და საკუთარ სივრცეში დასხდნენ დახუჭული თვალებით, სახით ერთმანეთთან, მაგრამ პარტნიორთან შეხების გარეშე.

 

განმარტოების ეს მომენტი ასევე მნიშვნელოვანია, რადგანაც საშუალებას აძლევს ყოველ ადამიანს - ჩაიხედოს საკუთარ თავში და იგრძნოს, რა დაემართა მის ენერგიას ასეთი ახლო შეხვედრის შემდეგ.

 

და ვარჯიში ნამასტეს ჟესტით სრულდება.

 

იმედი მაქვს, ახლა უკვე ცხადია, რომ ჩემი აქცენტი ტანტრული პულსაციების დროს კონცენტრირებულია არა იმდენად ფიზიკურ სხეულზე, არამედ უფრო ენერგიის კვლევაზე - როგორ მიედინება იგი, როგორ მოძრაობს, როგორ ხვდებიან ერთმანეთს, როგორ ერწყმის სხვა ადამიანის ენერგიას, როგორ შორდება კვლავ. მე ვთვლი, რომ ძალიან ბევრი სასარგებლოს გაგება შეიძლება სექსუალური ენერგიის შესახებ სექსუალობის ღია გამოვლინების გარეშეც. უფრო მეტიც, ჩემმა რაიხულმა მეთოდმა მასწავლა, რომ კონცენტრაცია გენიტალიებზე და სექსუალურ აგზნებაზე - კოცნაზე, შეხებებზე, სტიმულაციებზე - შესაძლოა ძალიან იოლად გახდეს მექანიკური და საფრთხესაც კი წარმოადგენდეს, რადგანაც ადამიანების სექსუალობასთან მრავალი ემოციური ტრავმაა დაკავშირებული.

 

სხვადასხვა შიშები, საფრთხის შეგრძნება და თავის დაცვის მცდელობები, რომლებიც გენიტალიებთანაა დაკავშირებული, უფრო ხშირად ქალებში გვხვდება. მათ არ სურთ, რომ უცნობი ადამიანები მათ ინტიმურად ეხებოდნენ. თუ ამას მისი საყვარელი მამაკაცი არ აკეთებს, მაშინ ოთხმოცდაცხრამეტ პროცენტ შემთხვევებში ეს ქალისთვის მისი საზღვრების დარღვევაა და ნაცვლად იმისა, რომ გაიხსნას, მისი ენერგია იბლოკება.

 

ჩემი მიდგომა იმაში მდგომარეობს, რომ მოვახდინო ტანტრას ორიენტირება იმ ადამიანებზე, რომლებსაც არასოდეს ჩაუტარებიათ ექსპერიმენტები სექსუალურ ენერგიებთან და რომლებმაც, მიუხედავად ამისა, შესაძლოა რამდენიმე დღეში ტანტრულ ჩახუტებებში ჩაძირულებმა იპოვნონ თავი - სწორედ იმიტომ, რომ ეს მიდგომა უსაფრთხოა და მუქარას არ შეიცავს.

 

 

წიგნის თავები


წიგნის ელექტრონული ვერსიის შეძენა წიგნის გადმოწერა
იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff