ტანტრა - გზა ნეტარებისკენ

ანიშა ლ. დილანი
5
1

ტანტრა – გზა ნეტარებისკენ. როგორ გავხსნათ ბუნებრივი სექსუალობა და მოვიპოვოთ შინაგანი ჰარმონია

ნაწილი 1

ბუნებრივი ჯანმრთელობა და ემოციური ჭრილობები

თავი1

ტრავმების წყარო

მე რევოლუციონერი ვარ. ჩემი სამუშაო აშიშვლებს იმ ზიანს, რომელსაც საზოგადოება გვაყენებს თავის მორალურ მარყუჟში მოქცევით.  რა თქმა უნდა მე არ ვაპირებ ხალხის აჯანყებას, არც არსებული წესრიგის დამხობის იდეა მხიბლავს. უბრალოდ ვხედავ იმას, რაც ჩემი კლიენტების სახით მოსულ ადამიანებში აისახება მაშინ, როდესაც ფრთხილად ვეხები მათ კუნთებს და ამ ასახვაში ვპოულობ როგორც მათთვის ოდესღაც მიყენებულ ზიანს, ასევე განკურნებასაც; როგორც ავადმყოფობას, ასევე წამალს.

უკვე 30 წელია ვმუშაობ პრაქტიკოს ნეორაიხულ თერაპევტად და ვიყენებ ვილჰელმ რაიხის მიერ აღმოჩენილ ძირითად პრინციპებს. ადამიანის, რომელიც  XX საუკუნის პირველი ნახევრის წამყვანი მეცნიერი და ფსიქოთერაპევტი იყო. კლიენტის სხეულში ინტენსიური დამუხტულობის შესაქმნელად მე ვიყენებ ძლიერ რაიხიანულ სუნთქვას და მოძრაობით ვარჯიშებს, რაც, თავის მხრივ, იწვევს გრძნობებისა და ემოციების ასეთივე ძლიერ განმუხტვას.

ჩემს მიერ შესრულებული სამუშაო არაა ორიენტირებული კონკრეტულ პიროვნებაზე, რადგანაც ამ თერაპიაში თითქმის ყველა ადამიანი ერთი და იმავე პროცესს გადის: ენერგეტიკული მუხტის დაგროვებას, შემდეგ კი გრძნობების გამოხატვას და გამონთავისუფლებას. და მაინც, ეს პრაქტიკა ღრმად ინდივიდუალურია. როდესაც ხელებით ვმუშაობ, სხეულის ცალკეულ ნაწილებს ვამასაჟებ და რბილად ვაწვები მათ, ზედაპირზე გრძნობებთან ერთად ამოდის ყველაფერი, რითაც ადამიანი დაიტანჯა, ამოდის მის მიმართ ჩადენილი ყველა დანაშაულის და უსამართლობის შედეგები. ამ დროს მე არ ვარ უბრალოდ დამკვირვებელი.  არ შემიძლია გვერდზე ვიყო იმისგან, რაც ჩემს თვალწინ ხდება და ღრმად ვერთვები პროცესში თითოეულ  კლიენტთან ერთად. როდესაც იგი კონტაქტში შედის დიდი ხნით დავიწყებულ ემოციურ ჭრილობებთან და შეკავებულ გრძნობებთან - მე იგივე ტკივილს განვიცდი, რასაც ის. შვება, სიმსუბუქე და სიხარული მოდის ჩვენთან, როდესაც ყველა ემოცია გამონთავისუფლებულია.

მე არ ვგავარ ტრადიციულ ფსიქოანალიტიკოსს, რომელიც უსაფრთხოდ ზის სავარძლის უკან მაშინ, როცა პაციენტი სიცარიელეს ესაუბრება. მე პაციენთან ვარ, გვერდით და  ადამიანი დაგროვებული დაძაბულობებისა და მოგონებების დანაღმულ ველზე მიმყავს იმ ემოციების საძებნად, რომლებიც მზად არიან აფეთქდნენ, მე  მხოლოდ   ვუბიძგებ მას მანამ, სანამ ეს არ მოხდება.

და ყველაფერი, რაც ამ აფეთქებასთან ერთად ვლინდება, გამონაკლისის გარეშე, ჩვენი აღზრდისა და თავსმოხვეული ცხოვრების სტილის დადანაშაულებაა.

ჩემი რევოლუციურობა იმაში მდგომარეობს, რომ დავეხმარო ადამიანებს ქრონიკული პრობლემებისგან და არასწორი აღზრდის შედეგებისგან განთავისუფლებაში, მივცე ყველას შესაძლებლობა იგრძნონ, თუ რას ნიშნავს იყო ინდივიდუალური, თავისუფალი და ჯანმრთელი. მე ვსაუბრობ რევოლუციაზე, რადგანაც ჯანყი ინდივიდუალობის განუყოფელი ნაწილია.

ყველაზე ღრმა გრძნობები, რომლებსაც ჩემთან მოსული ადამიანები განიცდიან, როგორც წესი საიმედოდაა დაფარული. ის, რაც მათ ჩემთან მუშაობას აიძულებს, - მხოლოდ ზედაპირული სიმპტომებია.

 ხშირად, თერაპიის საჭიროება მხოლოდ მაშინ ხდება გაცნობიერებული, როცა ადამიანები თავს უბედურად გრძნობენ, ან ეჩვენებათ, რომ ცხოვრება რაღაც განმეორებად ეპიზოდზე მონოტონურობასა და რუტინაში გაიჭედა და აღარსაით აღარ  მოძრაობს.

 ზოგი ემოციებს მოჰყავს, დამწყებები კონტროლიდან გამოდიან და ვერ იგებენ რა ხდება. ადამიანები მოდიან ჩემთან მაშინ, როცა ეჩვენებათ, რომ უკვე აღარაფერს გრძნობენ, თუმცა ჯერ კიდევ არ დავიწყებიათ, რომ ცოტა ხნის წინ ცხოვრება უფრო მკაფიო იყო, უფრო დატვირთული და საინტერესო. ბევრი მათგანი გრძნობს, რომ სიცოცხლის ცეცხლი ჩაქრა, მისი ალი მიილია და თითოეულ დღეს ენერგიისა და შთაბეჭდილებების მინიმუმი მოაქვს.

 ადამიანები მოდიან იმის გამოც, რომ ბრწყინვალე და საოცნებო წარმატების  მიღწევისთვის დიდი დროისა და ენერგიას დახარჯვის მიუხედავად, უეცრად ხვდებიან, რომ სადღაც, წარმატების მიღწევის გზაზე ჭეშმარიტი ბედნიერება და სულის სიმშვიდე გაიღეს მსხვეპრლად. გაიღეს იმ საგნებისთვის, რომლებმაც ვერ მოუტანა მათ ჭეშმარიტი ბედნიერება. ისინი მოდიან იმიტომ, რომ  დათრგუნულობას, მღელვარებას, რისხვას ან სევდას გრძნობენ.

 ადამიანთა მოსვლის მიზეზი უამრავია. მაგრამ მთლიანობაში მათი ვიზიტი დაკავშირებულია ერთგვარ დისკომფორტულ და მტანჯველ შეგრძნებასთან: „მე ეს არ მომწონს, და მინდა ამისგან განვთავისუფლდე“. მათ უეცრად უჩნდებათ დახმარების მიღების სურვილი, ახალი მიმართულებით მოძრაობის რუქის  მიღების სურვილი. სწორედ მაშინ მოდიან ჩემთან ინდივიდუალურ სესიაზე ან ერთ-ერთ ჯგუფში. 

სანამ სესიებზე და ჯგუფებში ჩემს აქტივობებზე მოგიყვებით, მინდა ყურადღება გავამახვილო იმაზე, თუ როგორ ადგება ზიანი ინდივიდუალობას.

მაგალითად, მე ყოველთვის დიდი სიმპათიით ვიყავი განწყობილი პრინცი ჩარლზის, ბრიტანეთის ტახტის მემკვიდრის მიმართ. შესაძლოა იმის გამო, რომ ჩვენ თანატოლები ვართ - ახლა, როცა ამ სტრიქონებს ვწერ, ორივე 54 წლის ვართ, - და მიუხედავად იმისა, რომ მე ამერიკელი ვარ, ის კი, რა თქმა უნდა, ინგლისელი, ყოველთვის მქონდა ისეთი გრძნობა, რომ ერთად ვიზრდებოდით.

მოზარდობისას (შესაძლოა უფრო ადრეც)  ყურადღებით ვათვალიერებდი გაზეთებს და ჟურნალებს, რათა გამეგო, თუ რას აკეთებდა პრინცი ჩარლზი, რადგან მართლაც მომწონდა და ერთგვარად ვაიგივებდი კიდეც მასთან საკუთარ თავს.

ჩარლზს უწევდა  „კარგი ბიჭის“ როლის თამაში, მე კი მეცოდებოდა, რადგანაც მას არ შეეძლო ვინმესთან ჩხუბი, ან თუნდაც მტვერში გასვრა. თუ მაინც მოხვდებოდა ასეთ სიტუაციაში, მაშინვე უნდა გამოეცვალა ტანსაცმელი. არ შეეძლო ქუჩებში სირბილი, დამალობანას თამაში, ღობეებზე სხვის ბაღებში გადაძრომა. 

მას გამუდმებით უნდა ეკონტროლებინა თავისი ქცევა, რადგანაც ყოველთვის ვიღაცის მეთვალყურეობის ქვეშ იყო. მარტო სეირნობაც კი არ შეეძლო, გვერდით ყოველთვის ჰყავდა დაცვა, რომელიც თვალყურს ადევნებდა, რომ ჩარლზი  მოქცეულიყო როგორც კარგი ბიჭი, როგორც განსაკუთრებული ბიჭი და რაღაც სასწაულით ჩარლზი კარგად ართმევდა მას თავს.

დადიოდა ხმები მის ისეთ უცნაურობებზე, როგორიცაა მცენარეებთან საუბარი, ექსპერიმენტები სპირიტულ მაგიდებზე, ინტერესები ოკულტიზმისადმი, მაგრამ დიდი ხნის განმავლობაშ, ჯერ ბავშვობის, შემდეგ კი ზრდასრულობის დროს, ჩარლზი მკაცრად იცავდა სამეფო წესებს.

რამდენიმე წლის შემდეგ, როდესაც ჩარლზის ბიძაშვილი, პრინცი უელფ ჰანოვერელი გავიცანი, მივხვდი, თუ რა უმოწყალო დისციპლინა სჭირდებოდა მას ასეთი საჯარო როლისთვის. უელფმა მითხრა: ბავშვობაში მუდმივად მინერგავდნენ თავში: „დააკვირდი შენს ყოველ მოქმედებას: შენ ხალხი გიყურებს“.

უელფი გერმანიის უკანასკნელი  იმპერატორის შვილთაშვილი იყო, და მასაც, ისევე როგორც ევროპული არისტოკრატიის უმეტეს ნაწილს, არ ეკუთვნოდა ტახტი, რომელსაც დაიკავებდა. აი ჩარლზს ასეთი ტახტი ჰქონდა, რაც კიდევ უფრო ზღუდავდა მის ქცევას.

რაში მდგომარეობს სამეფო ოჯახის ძირითადი ფუნქცია? ოდესმე გიფიქრიათ ამაზე? როგორც მე მესმის, ისინი წარმოადგენენ მაგალითს საზოგადოებისთვის. დედოფალი ვიქტორიას დროს მონარქიას მთელი ძალაუფლება წაერთვა და ერთადერთი ამოცანა, რომელიც ბრიტანეთის სამეფო ოჯახს დარჩა, იმაში მდგომარეობდა, რომ ქცევის უმაღლესი ეტალონი ყოფილიყვნენ უბრალო ადამიანებისთვის.

სამეფო ოჯახი დღესაც ამ როლს თამაშობს. ამ ადამიანებს მოწიწებით უყურებენ, აღფრთოვანებულნი არიან მათით, ბაძავენ მათ, თავს აიგივებენ მათთან. ბუნებრივია, ასეთი როლი მათგან მაქსიმალურ სრულყოფილებას მოითხოვს და ჩარლზი ამ როლს კარგად ართმევდა თავს, დიანა სპენსერთან საბედისწერო ქორწინებამდე.

ამ წყვილის ოჯახური ცხოვრება ძალიან კარგად დაიწყო, ჯადოსნურადაც კი. იმ მომენტში, როცა ჩარლზმა ბუკინგემის სასახლის აივანზე თავის ახალგაზრდა საცოლეს აკოცა, მომეჩვენა, რომ მთელი ბრიტანული ნაცია კოლექტიურ ორგაზმში გაშეშდა. ასეთ წამებში თითქმის გესმის, როგორ ყვებიან ზღაპარს: „... და ცხოვრობდნენ ისინი დიდხანს და ბედნიერად“. 

მაგრამ შემდეგ, როგორც ცნობილია, სამეფო კარტის დასტა დაიფანტა - მხილება მხილებას მოსდევდა: ჩარლზის საყვარელი, ამ ქალის უბედურება, მისი წასვლა, მისი საყვარლები, ფარული ჩანაწერები, სტატიები ბულვარულ პრესაში, პაპარაცების ფოტოები...

და დიანას პირველი ბიოგრაფიის გამოჩენასთან ერთად, რომელიც მისმა ახლო მეგობარმა მისივე ხელმძღვანელობით დაწერა, ნებისმიერი იმედი ამ ქორწინების აღდგენაზე დაინგრა. სიყალბე ნათელი გახდა.

რა დაემართა სინამდვილეში ჩარლზს? ჩემი აზრით, იგი გაიხლიჩა საჯარო ხატ-სახის მოვალეობებსა და თავის ადამიანურ მოთხოვნილებებს შორის. უფრო ზუსტად თუ ვიტყვით, ეს ღრმა კონფლიქტი, რომელიც ჩარლზს ბავშვობიდან ტანჯავდა, უეცრად პუბლიკაზე გადმოიფრქვა.

ჩარლზს, როგორც მან აღიარა, არასოდეს უყვარდა დიანა. იგი მასზე თავისი მამის, პრინც ფილიპის ზეწოლით დაქორწინდა, რადგან მისი მოვალეობა იყო სამეფო სისხლის ხაზი გაეგრძელებინა და მემკვიდრე დაეტოვებინა. მან მოვალეობა არჩია საკუთარ გრძნობებს და განწირული გახდა კოშმარისთვის.

სწორედ ეს, უფრო ნაკლებად დრამატულ ფორმაში, ბავშვობიდან ემართება ყოველ ჩვენგანს. სწორედ ასე გვასახიჩრებენ... და ამიტომაც მოდიან ადამიანები ჩემთან - რათა როგორმე განიკურნონ თავის ბუნებრივ არსსა და საზოგადოებას შორის გახლეჩილობისგან.

ეს გახლეჩა არანაირ საჭიროებას არ წარმოადგენს. აქ, ამ პლანეტაზე, მის გარეშე მოვდივართ. ახალშობილი ბავშვი წარმოადგენს ერთიან, ორგანულ, ჰარმონიულ ენერგიას, რომელიც თავისუფლად იღვრება, როგორც შადრევანი - ენერგიაში ვგულისხმობ სასიცოცხლო ძალას, რომელიც საიდუმლო, ჩვენში ღრმად დაფარული წყაროდან იღვრება.

ტრადიციულ ჩინურ მედიცინაში ამ ენერგიას „ცი“-ს, ან „ჩი“-ს უწოდებენ, ინდური იოგას უძველეს მეცნიერებაში - „პრანას“. ორივე სისტემაში მითითებულია, რომ ეს ენერგია არსებობს როგორც ადამიანის სხეულში, ასევე თავისუფლადაა განაწილებული სივრცეში. დასავლურ კულტურაში ფრანც მესმერი მას „ცხოველურ მაგნეტიზმს“ უწოდებდა, კარლ ფონ რაიხენბახი - „ოდილს“, ანრი ბერგსონი - „élan vital“-ს, „სასიცოცხლო ძალას“. ზიგმუნდ ფროიდისთვის ეს იყო „ლიბიდო“, ხოლო ვილჰელმ რაიხისთვის - „ორგონი“.

პატარა ბავშვში ეს ენერგია არ იყოფა და არ კონტროლირდება. იგი გამოიხატება სპონტანურად სხვადასხვა, ყველაზე მრავალფეროვანი ბუნებრივი მოთხოვნილებებისა და არაცივილიზებული ქცევის სახით.

ბავშვმა არაფერი იცის მანერების შესახებ. როცა ცუდად გრძნობს თავს - ხმამაღლა ტირის, როცა მხიარულია - იცინის, როცა ენერგია აქვს - ყველგან დარბის, ხოლო როცა იღლება, მაშინვე წვება და იძინებს. ძუძუს წოვს და არ კითხულობს: „შეიძლება?“, არც  „მადლობას“ ამბობს და როცა ხელს კრავს საჭმელს, არ ამბობს: „მაპატიეთ, მე მაძღარი ვარ“. იგი აკუებს, იფსამს და ისაქმებს და საერთოდ არ ფიქრობს ეტიკეტის წესებზე.

მაგრამ თანდათანობით სწავლების და აღზრდის პროცესი ფორმას აძლევს როგორც ბავშის ენერგიას, ასევე მის ქცევას, რამდენადაც ეს ცნებები ერთმანეთთან მჭიდრო კავშირშია.

ბევრ რამეში აღზრდა აუცილებელია. ბავშვს უნდა ვასწავლოთ ქოთნის გამოყენება, ტანსაცმლის ჩაცმა, საფრთხისგან თავის არიდება, მაგალითად, როცა მდუღარე ქვაბთან თამაშობს, ან ისე გარბის ქუჩაში, რომ გვერდზე არ იხედება... მზრუნველი მშობელი ათასობით სხვადასხვა საშუალებით ცდილობს, რომ თავის ბავშვს საკუთარ თავზე ზრუნვა და გარესამყაროსთან ურთიერთობა ასწავლოს.

აღზრდის პროცესი დიდ გავლენას ახდენს ბავშვში თავისუფლად მოძრავ ენერგიაზე. იგი იწყებს გარკვეული ფორმის მიღებას და საზოგადოების მოთხოვნების შესაბამისად გამოხატავს თავს: აი, დრო და ადგილი ჭამისთვის; აი, დრო და ადგილი თამაშისთვის, ყვირილისთვის, სირბილისთვის; აი, ძილის დროც დადგა.

გარდა ამისა, აღზრდას შეუძლია ბავშვის ენერგეტიკული სისტემაც დააზიანოს. ზიანის რაღაც ნაწილი უბრალოდ გარდუვალია - როგორც ნაწილი იმ დარტყმებისა და ნაკაწრებისა, რომლებსაც ყველაფერი ცოცხალი ღებულობს. მაგალითად, რატომ იზრდება ხე მოხრილი ან დაგრეხილი ღეროთი? შესაძლოა, როცა პატარა იყო, ფეხი გაკრეს, ან მანქანით გაედნენ და ხე მრუდედ გაიზარდა. ეს ცხოვრებისეული ვითარებაა. ზოგჯერ ზრდას ტკივილი ახლავს, ზოგჯერ იგი იოლი და ფაქიზია და ამაში ვინმეს დადანაშაულებას აზრი არ აქვს.

მაგალითად, როცა ბავშვი ავადაა და საავადმყოფოში ხვდება, მშობლებს ყოველთვის არ აქვთ შესაძლებლობა, რომ მასთან 24 საათი იყვნენ პალატაში. მათ მუშაობა სჭირდებათ, ფულის შოვნა, სხვა ბავშვებზე ზრუნვა და შესაძლოა მათ საავადმყოფოს წესებიც უკრძალავდეს მთელი ღამით დარჩენას. როგორც წესი, ასეთ სიტუაციაში ბავშვი მიტოვებულად იგრძნობს თავს და შესაძლოა მოგვიანებით აგრესიაც ჰქონდეს მშობლებზე, დაადანაშაულოს ისინი: „როგორ შეგეძლოთ ასე მომქცეოდით? მე ხომ თქვენი შვილი ვარ! თქვენ მე არ გიყვარვართ!“

და ბავშვს აქვს უფლება, რომ ამაში დაადანაშაულოს ისინი, რადგანაც მართლაც გრძნობდა თავს მიტოვებულად. ეს მისი ემოციური განცდა იყო, მაგრამ მშობლები სრულიად სხვა რეალობაში იყვნენ - „ჩვენ მოგვიწია ამის გაკეთება, შვილო“ - მშვიდად უხსნიან ისინი - „შენ ავად იყავი და ოპერაცია გჭირდებოდა; მის გარეშე შესაძლოა მომკვდარიყავი“.

ამ შემთხვევაში მშობლები საუკეთესო განზრახვით მოქმედებენ, მაგრამ მიუხედავად ამისა, ემოციური ჭრილობები მაინც ჩნდება. მაშინაც კი, თუ ბავშვის მიერ გამოტანილი დასკვნები მცდარია, მას მაინც ჭრილობა გაუჩნდება თავისი არასწორი გაგების შედეგად.

ბავშვებს ხშირად არ შეუძლიათ გადაიტანონ, ან მიიღონ ის, რაც მშობლებისთვის თვალნათლივი და სწორია.

ზემოთაღწერილ სიტუაციებს ენერგეტიკული სისტემის „გარდაუვალ“ დაზიანებებს ვუწოდებ ხოლმე. უმეტეს შემთხვევებში ისინი არ არიან სერიოზულნი და ადვილად იკურნებიან. მაგრამ მათ გარდა არსებობს ყველასთვის უსარგებლო, უაზრო ტრავმების უზარმაზარი რაოდენობა, რომლებსაც სოციალური განპირობების პროცესში ვაყენებთ ბავშვებს.

ყოველი ბავშვი იღებს თავისი მშობლებისგან იდეალურ ქცევებზე წარმოდგენების უზარმაზარ ნაკრებს. პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ ეს იდეალები ძალიან ხშირად არ უწყობენ ხელს ენერგიის ბუნებრივ გამოხატულებას და ბავშვის ინდივიდუალურ მახასიათებლებს. უფრო ხშირად ეს იდეალები აიძულებენ ბავშვს, რომ თავისი საკუთარი ბუნების წინააღმდეგ წავიდნენ, რაც  გახლეჩას იწვევენ მასში. როგორც წესი, ყველა ადამიანს ასე ემართება.

არსებობს ორი სფერო, რომლებშიც ბუნებრივი ენერგიის წინააღმდეგ მოძრაობა განსაკუთრებით დამანგრეველია. ესაა ემოციები და სექსუალობა. სწორედ აქ ხდება ყველაზე ღრმა ტრავმების მიყენება. 

«ნუ იცინი». «ნუ ტირი». «ნუ ბრაზობ». «ნუ დარდობ».

 უმეტესობა ჩვენგანს შეუძლია გაიხსენოს ბავშვობის ის სიტუაციები, როცა ჩვენი ემოციების უკან ჩატენვა ხდებოდა, როცა გვიხდებოდა ცრემლების ან სიბრაზის გადაყლაპვა, როცა გვაიძულებდნენ გრძნობების დამალვას ან თავის მოჩვენებას.

გვაიძულებენ გაგვეღიმა, როცა ყვირილი ან ქვითინი გვინდოდა. გვაიძულებენ ზრდილობიანად გვესაუბრა, როცა ტირილი გვინდოდა. ამან უშუალო და განსაკუთრებით დამანგრეველი გავლენა მოახდინა ჩვენს ენერგიაზე, მოახდინა რა მისი გამოხატულების დეფორმირება.

«იქ ნუ იკიდებ ხელს. ნუ ფიქრობ სექსზე. სექსი სიბინძურეა. ნუ მასტურბირებ, თორემ დაბრმავდები».

ისევე, როგორც ემოციური, სექსუალური ენერგიაც ჩახშული იყო, ყველაზე სიღრმეში იყო გადამალული, საზოგადოების თვალთაგან დაფარული, თითქოს საერთოდ არ არსებულა. ასეთმა მიდგომამ ჩვენი ენერგია სათავეშივე მოგუდა.

ვიღაცამ შეიძლება უარყოს, რომ სწავლება ემოციებისა და სექსის სფეროში აუცილებელია ისევე, როგორც სხვა სფეროებში.  ბევრი ადამიანი ამტკიცებს, რომ ბავშვის ბუნებრივი, ცხოველური იმპულსები მკაცრად უნდა მოითოკოს და ცივილიზებული ქცევის მიმართულებით უნდა წარიმართოს.

მაგრამ ჭეშმარიტება იმაში მდგომარეობს, რომ მსგავსი მკურნალობა უფრო საშინელია, ვიდრე წარმოსახვითი ავადმყოფობა, ხოლო გადაწყვეტილება უფრო დამანგრეველია, ვიდრე თავად პრობლემა.

ზიგმუნდ ფროიდმა და მისმა ერთ-ერთმა მოსწავლემ ვილჰელმ რაიხმა აღმოაჩინეს, რომ სწორედ სექსუალური დათრგუნვა უდევს საფუძვლად ფსიქიკურ ნევროზებს. ამასთან, რაიხი უფრო შორს წავიდა და აღმოაჩინა, რომ სექსუალური და ემოციური ჩახშობა წარმოადგენს იმ ემოციური სიკვდილის, გულგრილობისა და გაუხეშების უშალო მიზეზებს, რომლისგანაც ყველა ზრდასრული იტანჯება.

მე სრულიად ვეთანხმები რაიხს. ათასობით ადამიანთან ჩემივე საკუთარი გამოცდილება უდავოს ხდის ამ ფაქტს. იმ ენერგიისთვის გზის ჩახშობით, რომელიც გამოხატულებას სექსითა და გრძნობებით ეძებს, განსაკუთრებით ახალგაზრდობაში, ჩვენ ეფექტურად ვიკლავთ თავს და ცხოვრებით ტკბობის საშუალებას ვართმევთ საკუთარ თავს.

როდესაც ეს ყველაფერი გააცნობიერა, რაიხი დიდ წინააღმდეგობაშ მოვიდა ევროპულ და ამერიკულ კულტურასთან და ბრძლა გამოუცხადა მათ ფუნდამენტურ შეხედულებებსა და მდგომარეობებს.

იგი ემხრობოდა ყოველი ადამიანის სექსუალურ თავისუფლებას დაბადების მომენტიდან. რაიხი დარწმუნებული იყო, რომ ზრდის პროცესში მყოფ ბავშვს უნდა დავეხმაროთ მის ბუნებრივ ბიოლოგიურ მოთხოვნილებების გამოვლინებაში. პატარა ბავშვს აუცილებლად სჭირდება ძუძუს წოვა, ახლო ფიზიკური კონტაქტი დედასთან და საკუთარ გენიტალიებთან თამაში. ხუთიდან შვიდ წლამდე ასაკში გოგონებიც და ბიჭებიც საჭიროებენ „სექსუალური თამაშებისგან“ სიამოვნების მიღებას. ხოლო სქესობრივი მომწიფების შემდეგ სექსუალური თავისუფლება ყველაზე დიდ პირობას წარმოადგენს მოზარდების ფსიქიკის ჯანმრთელობისთვის.

რაიხი წერდა წიგნებს, ხსნიდა კლინიკებს, გამოდიოდა საზოგადოების წინაშე არა მხოლოდ სექსუალური თავისუფლების თემაზე, - იგი საუბრობდა ამასთან დაკავშირებულ უამრავ სხვა თემაზეც, მათ შორის ემოციური გამოხატულების აუცილებლობაზე და „ორგონული“ თერაპიის უპირატესობებზე. საუბრობდა იმ საფასურზეც, რომლითაც საზოგადოება ჩახშობისთვის იხდის: სექსუალური გადახრები, გაუპატიურებები, პორნოგრაფია, პროსტიტუცია, ოჯახური ძალადობა, დეპრესია და ყველა შესაძლო ფსიქიკური პრობლემები.

რა თქმა უნდა სადაც არ უნდა ჩასულიყო რაიხი, ყველგან დიდ წინააღმდეგობას აწყდებოდა - ავსტრიაში, გერმანიაში, დანიაში, ნორვეგიასა და აშშ-ში. 1957 წელს 60 წლის ასაკში რაიხი გულის შეტევით გარდაიცვალა ამერიკის ციხეში. ჩემთვის იგი იყო XX საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე წინააღმდეგობრივი და ვერგაგებული ადამიანი.

რაიხმა უამრავი ძვირფასი აღმოჩენა დაგვიტოვა. მათ შორის - პრაქტიკული მეთოდი, ანუ პროცესი, რომელიც საშუალებას გვაძლევს მოვიცილოთ სხეულიდან სექსუალური და ემოციური ჩახშობის შედეგად დარჩენილი ენერგეტიკული ბლოკები, ასევე განვაახლოთ ადამიანში სასიცოცხლო ენერგია და სიცოცხლის ხალისი.

სწორედ ამ მეთოდის მეშვეობით ვასრულებ ჩემს სამუშაოს. იგი ნეორაიხული თერაპიის ამერიკელმა მასწავლებელმა, ჩარლზ კელიმ მასწავლა. თავად იგი თავად რაიხთან სწავლობდა, შემდეგ მუშაობდა მასთან და ბოლოს დააფუძნა ინსტიტუტი „რადიქსი“, სადაც გავიარე კიდეც მომზადება.

როგორც თავიდანვე ავღნიშნე, მე არ ვარ საზოგადო მოღვაწე. არ მაქვს სურვილი რომ ბრძოლა გამოვუცხადო საზოგადოების მორალურ საფუძვლებს. სიამოვნებას იმით ვიღებ, რომ ვეხმარები ადამიანებს საკუთარ თავში სიცოცხლისადმი სიყვარულის, სიხარულისა და ბედნიერების შეგრძნების ხელახლა გახსნაში, თავისი საბაზისო „კის“ გახსნაში სამყაროსთან მიმართებაში, ყველაფრის გახსნაში, რაც ჩემი აზრით წარმოადგენს ადამიანის ცხოვრებისეული გამოცდილების არსობრივ ნაწილს.

ამასთან, მე ვხედავ, რომ სოციალურ დონეზე დამაიმედებელი ცვლილებები ხდება. როლური მაგალითები იმისა, თუ როგორ უნდა ვიცხოვროთ, ან უფრო ზუსტად, როგორ უნდა მოვკვდეთ, ისე რომ თავი მოვაჩვენოთ, თითქოს ცოცხლები ვართ, - ვერ უძლებენ თანამედროვე მსს-ს დაჟინებულ ყურადღებას ინფორმაციის სწრაფი გავრცელების პირობებში.

ამის ნათელი მაგალითია პრინცი ჩარლზი. მოვიდა დრო მოვიცილოთ ნიღბები. მინდა ტაში დავუკრა პრინც ჩარლზს მისი გულწრფელობისთვის და იმისთვის, რომ აღიარა თავისი შეცდომები, საჯაროდ აღიარა, რომ დამარცხდა დიანას ქმრის როლში, და რომ სინამდვილეში კამილა პარკერ ბოულზი უყვარს.

ასეთი გულწრფელობა ცოცხალი ხატის - სამეფო ოჯახის წევრის მხრიდან, ადამიანური „არასრულყოფილების“ ასეთი დადასტურება, იმედის მომცემია. 

ასეთივე პოპულრული ამ მხრივ გახლდათ პოლიტიკური სკანდალი აშშ-ში, რომელიც პრეზიდენტ ბილ კლინტონსა და მონიკა ლევინსკის გარშემო ატყდა. როცა მისი ფარული კავშირი საზოგადოების წინაშე გაასაჯაროვეს, თითქმის ყველა საინფორმაციო საშუალება და ჩინოვნიკი პრეზიდენტის გადაყენებას ითხოვდა. თუმცაღა კლინტონმა უარი თქვა გადადგომაზე და საზოგადოებამ მას მხარი დაუჭირა. უბრალო ამომრჩევლები მიხვდნენ, რომ მთელი ეს ხმაური ატეხილი იყო პირფერების ჯგუფის მიერ - იმ ადამიანების მიერ, რომლებიც საჯაროდ ქადაგებენ მორალს, მაგრამ პირად ცხოვრებაში სრულიად სხვაგვარად იქცევიან. ბილ კლინტონს თავისმა ამომრჩევლებმა აპატიეს და იგი ხელისუფლებაში დარჩა. დღესაც კი, როდესაც იგი აღარაა თანამდებობაზე, ათასობით ადამიანი იკრიბება, რათა მოუსმინოს კლინტონის აზრს, - ისინი ჯერ კიდევ აღმერთებენ მას.

ამასობაში მთელ მსოფლიოში დაიწყო კათოლიკე მღვდლების მხილება, რომლებიც თითქოს ცელიბატს იცავდნენ, მაგრამ სინამდვილეში ყველა შესაძლო გარყვნილებას ეწეოდნენ - პედოფილიის ჩათვლით. ამ მოვლენის მასშტაბმა კარგად დაგვანახა, თუ რა უსარგებლოა ჩვენივე ბუნებასთან ბრძოლა. 

ჩვენ სექსუალური არსებები ვართ და ნებისმიერ ზრდას, გონივრულობას და შემოქმედებითობას საფუძვლად სექსუალური ენერგია უდევს.  

ცელიბატი არა მხოლოდ რთულია, არამედ საოცრად დამანგრეველიცაა და ბიოლოგიურად შეუძლებელიც. ის დღე, როცა ვატიკანი ამ უბრალო ფაქტს აღიარებს, დიდი დღე გახდება კაცობრიობის პროგრესის ისტორიაში.

ეს ყველაფერი - სასურველი ნაპრალებია კოლექტიურ ფასადში, მტკიცებულებაა იმისა, რომ ადამიანური ბუნება უცილობლად შევა კონფლიქტში საზოგადოებაში მიღებულ შეხედულებებთან.

 ირონია იმაში მდგომარეობს, რომ მეტწილად არც გვახსოვს, რატომ და როგორ იყო ფორმირებული საზოგადოებაში მიღებული წარმოდგენები. ჩვენ უბრალოდ გაუაზრებლად გადავცემთ მათ თაობიდან თაობას. თითქოს ამას გვაიძულებს გვაროვნული მოწყობიდან წამოსული სურვილი - შევესაბამებოდეთ, მივყვებოდეთ ნორმებს, ასევე ღრმად ფესვგადგმული შიში, რომ დაუმორჩილებლობის შემთხვევაში საზოგადოება გაგვრიყავს. 

მაგალითად, ქალიშვილობის შენარჩუნება ჯერ კიდევ დაფასებულია ამერიკული საზოგადოების გარკვეულ ნაწილში - 1990-იან წლებში 2,5 მილიონზე მეტმა 16-დან 18 წლამდე მოზარდმა „უბიწოების აღქმა“ დადო, რაც განპირობებული იყო სხვადასხვა რელიგიური ორგანიზაციების „მოთხოვნით“. მაგრამ უბიწოების შენარჩუნებას არაფერი აქვს საერთო სისუფთავესთან ან მორალთან. ანთროპოლოგებმა დაამტკიცეს, რომ ქალიშვილობამ მნიშვნელობა მოიპოვა კერძო საკუთრების გაჩენასთან ერთად, რომელიც დაფუძნებული იყო მამაკაცურ შოვინიზმზე. მამაკაცებს სურდათ გარანტიები, რომ მათი შვილები და მემკვიდრეები მათი საკუთარი თესლისგან გაჩნდნენ და მათ სისხლსა და ხორცს წარმოადგენდნენ.

და მხოლოდ მოგვიანებით დაამკვიდრა რელიგიამ ეს პრაქტიკა და ვითომდა მართებულ ქცევად აქცია, რითაც გააძლიერა იმ საზოგადოების ზეწოლა, რომელშიც მამაკაცები დომინირებდნენ. რა თქმა უნდა, ყველა ეპოქასა და ყველა კულტურაში ახალგაზრდა მამაკაცებისთვის სამარცხვინო არ იყო „გოგოებთან გართობა“ და „ახალგაზრდობის გატაცებებისთვის ხარკის გადახდა“. მხოლოდ ქალები უნდა დარჩენილიყვნენ უბიწოები.

თუმცაღა, რაც არ უნდა საინტერესო ყოფილიყო ეს კულტურული მოვლენები, ჩემი პრაქტიკა და ჩემი ინტერესები მათ არ უკავშირდება. მე არ ვარ დაკავებული ქალებთან მიმართებაში სოციალური უსამართლობის ისტორიის გარკვევით უფრო მეტად, ვიდრე პოლიტიკური რევოლუციური საქმიანობით.

70-იანი წლების დასაწყისში, როცა სან-ფრანცისკოში ვცხოვრობდი და სექსუალური თავისუფლების პირველ ამაღელვებელ გამოვლინებებს ვხედავდი, რა თქმა უნდა, მქონდა შეგრძნება, რომ ფართოდ გავრცელებული სექსუალური რევოლუციის ნაწილი ვიყავი. ჩასახვის საწინააღმდეგო აბების გამოჩენასთან ერთად მე გავხდი ისტორიაში პირველი ქალების თაობის წარმომადგენელი, რომლებმაც კონტროლი მოიპოვეს თავიანთ სხეულზე. შემეძლო თავად გადამეწყვიტა, მინდოდა თუ არა დაორსულება, თუ უბრალოდ მსურდა ორგანიზმში სექსუალური ენერგიით დავმტკბარიყავი - საკუთარი სიამოვნებისთვის. ისე მოხდა, რომ სწორედ ამ დროს გამიჩნდა ინტერესი რაიხის ნაშრომებისადმი, რადგანაც ვკითხულობდი რა მის წიგნებს, საკუთარი გამოცდილების ანარეკლს ვხედავდი მათში.

არსობრივად, სამუშაომ, რომელიც რაიხმა ჩაატარა, ნიადაგი მოამზადა სექსუალური რევოლუციისთვის. მთელი ჩემი ენთუზიაზმით და მიამიტობით ვფიქრობდი, რომ ეს რევოლუცია შეუქცევად ცვლილებებს გამოიწვევდა საზოგადოებრივ წარმოდგენებში. მოგვიანებით ქანქარა საპირისპირო მიმართულებით დაიძრა, უკან, პურიტანობისკენ, და მივხვდი, რამდენად ხანმოკლე შეიძლება იყოს საზოგადოებრივი განწყობები.

საბედნიეროდ, ჩემი ყურადღება ყოველთვის ინდივიდუალურ გამოცდილებაზე მქონდა მიმართული და არა კოლექტიურ პროცესებზე. მე არ ვაპირებ ველოდო, როდის შევა კაცობრიობა მერწყულის ერაში იმისთვის, რომ ჩემი ცხოვრებით ვისიამოვნო. ჩემს სამუშაოს იმიტომ ვაკეთებ, რომ მიყვარს იგი და არ ველოდები, რომ იგი მსოფლიოს შეცვლის.

ჩემი სამუშაო მიმართულია იმ ადამიანების დახმარებაზე, რომლებმაც უკვე გაიგეს არსი: მათი განპირობებულობის მიზეზებს წარმოადგენენ ბავშვობაში მიღებული ტრავმები. ჩემი ამოცანაა - ვაჩვენო მათ ტრავმების მოშუშების მეთოდები და ბოლომდე გავყვე სამუშაო პროცესის დასრულებამდე. ეს ჩემი სამუშაოა, ჩემი სიყვარულია სიცოცხლისადმი და ეს წიგნი ჩემი მეთოდების ახსნას ეთმობა.

და კიდევ, მინდა გითხრათ, რომ ჩემი პრაქტიკა რაიხზე არ მთავრდება.

რა საოცარი და ღრმაც არ უნდა იყოს მის მიერ ჩატარებული სამუშაო, ჩემი აზრით იგი დაუსრულებელია. ფიზიკური ჯანმრთელობისა და ემოციური ბედნიერების აღდგენისკენ მიმართული რაიხის მეთოდები ხელიდან უშვებენ სულიერ განზომილებას. ეს ძალიან სამწუხაროა, რადგანაც საფუძველი ამ განზომილებისთვის მომზადებული იყო.

თავად რაიხი რელიგიის მოწინააღმდეგე იყო. მაგრამ ეს, ჩემი აზრით, გამოწვეული იყო იმ დამანგრეველი ზიანის დანახვით, რომელიც მის კლიენტებს ეკლესიამ მიაყენა. ჩემი წარმოდგენით, რაიხის სამუშაოს ბუნებრივ გაგრძელებას წარმოადგენს ტანტრას სულიერი გზა, რომელიც იმავე წერტილიდან იწყება. იგი იწყება ფიზიკური სხეულით, სექსუალური ენერგიით და მიიწევს ზემოთ, მედიტაციის მისტიური განზომილებისკენ.

ამ წიგნში მოგიყვებით იმის შესახებ, როგორ განიცდიან რაიხის მეთოდები ჩემს წიგნში ევოლუციას ტანტრამდე. ასევე გაგაცნობთ სხვა რევოლუციონერის, ინდოელი მისტიკოსის, ოშო რაჯნიშის შრომებს, რომელმაც ტანტრაში XXI საუკუნისთვის აქტუალური შინაარსი შემოიტანა, შინაარსი, რომელიც სცდება გავრცელებულ  წარმოდგენებს, თითქოს ტანტრა  მხოლოდ ხარისხიანი სექსით ტკბობის მეთოდია.

მაგრამ ყველაფერს თავისი დრო აქვს. დავიწყებ პირველი, ძირითადი ნაბიჯით ამ პროცესში - სუნთქვის პულსაციით.

წიგნის თავები


წიგნის ელექტრონული ვერსიის შეძენა წიგნის გადმოწერა
იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff