თავი 9
თავი 9
ჯავშნის მოხსნა – შებოჭილი გულის გათავისუფლება
თუკი გვსურს, რომ სამოთხე და ჯოჯოხეთი მიწიერ, ამ უშუალო ინკარნაციაში განვიცადოთ, არაფერია უფრო შესაფერისი, ვიდრე ქალებსა და მამაკაცებს შორის სასიყვარულო ურთიერთობები.
ურთიერთსაწინააღმდეგო სქესებს შორის კონტაქტის პოვნისა და მათ შორის უფსკრულზე ხიდის გადებისა და გაერთიანებისკენ მისწრაფებით, ჩვენში ღვთაებრივსაც აღმოვაჩენთ და დემონურსაც. და თუ განვსაზღვრავთ სხეულში იმ სფეროებს, სადაც ტკბობა და ტკივილი ამ ურთიერთკავშირისგან უფრო მწვავედ განიცდება, მოგვიწევს, რომ მათ შორის ორი გამოვყოთ. პირველი - ადამიანის გულია: სიყვარულის, მწველი მისწრაფებისა და ღრმა სიმწარის წყარო. მეორე სფერო ცოტათი ქვემოთაა განლაგებული - სადღაც მუცელსა და მუცლებს შორის.
ამ თავში განვიხილავთ გულის ცენტრს, რომელიც განლაგებულია გულის სეგმენტის სიღრმეში, ასევე იმ უძლიერეს ემოციებს, რომლებიც სხეულის ამ მიდამოს უკავშირდება.
არის ერთი გარემოება, რომელიც მნიშვნელოვნად მიმაჩნია და რომელსაც ხშირად ვერ ვამჩნევთ. იგი ყველას უნდა ახსოვდეს, ვინც გულის განზომილებაში გამგზავრებას გადაწყვეტს: იმისთვის, რომ გიყვარდეთ, გამბედაობაა საჭირო.
რატომ? იმიტომ, რომ როდესაც გულს ხსნით, რისკავთ, რომ საკუთარ თავს ტკივილი მიაყენოთ.
ზღაპრები და რომანტიული ისტორიები ნამდვილ სიყვარულზე სიმართლეს არ გვიამბობენ. სიყვარული მარადიულად არ გრძელდება.
სიყვარული მოდის, სიყვარული მიდის და მის წასვლას უცილობლად ახლავს სევდა, გულისტკივილი და ნაღველი. უფრო მეტიც, შეიძლება ითქვას, რომ გაგვიმართლა, თუ მხოლოდ ამ გრძნობებს განვიცდით სიმწარის, სიძულვილისა და სინანულის გარეშე. განქორწინების პროცესში, სასამართლოებში, მრავალი წყვილი ცდილობს ერთმანეთის ნაკუწებად ქცევას და ძალისხმევას არ იშურებენ, იმისთვის, რომ უკანასკნელი ცენტრიც კი გამოსტყუონ ყოფილ შეყვარებულს, რომელმაც იმედები არ გაამართლა და მისი ოცნების განსხეულებად არ იქცა. ასეთი მტკივნეული ცხოვრებისეული გამოცდილების შედეგად ბევრი საერთოდ უარს ამბობს სიყვარულზე და თავისი გულის კარს სამუდამოდ კეტავს, რათა თავი დაიცვას.
მახსოვს, ჩემი პირველი დიდი რომანის გაფურჩქვნის პერიოდში მე და ჩემი შეყვარებული სან-ფრანცისკოში ფოსტაში შევედით, რათა რამდენიმე წერილი გაგვეგზავნა. ალბათ სულ ერთმანეთს ვუყურებდით თვალებში და ნაკლებ ყურადღებას ვაქცევდით მომსახურე პერსონალს, რადგანაც შემოგვხედა თუ არა, წამოიძახა: „ო, თქვენ შეყვარებულები ხართ!“ და მაშინვე გადააჯვარედინა საჩვენებელი თითები, თითქოს ავ სულებს დევნიდა. ჩვენ დრო არ გვქონდა, რომ დეტალებში ჩავღრმავებულიყავით, მაგრამ ცხადი იყო, რომ ოდესღაც მას გული გაუტეხეს და მას უკვე აღარ სურს სიყვარულთან საქმის დაჭერა - არადა ოცდაათზე ცოტა მეტის თუ იქნებოდა.
შემთხვევითი არაა, რომ ცნობილ სასიყვარულო ისტორიებში, მაგალითად „რომეო და ჯულიეტაში“, ან „ტრისტანი და იზოლდა“-ში, მთავარ გმირებს არ აძლევენ დიდხანს ერთად ყოფნის საშუალებას. მათი სიყვარული სუფთა და მშვენიერი რჩება, რადგანაც დრო არ აქვთ, რომ ერთმანეთისგან დაიღალონ და ვერასოდეს აღწევენ გამოფიტული ურთიერთობების ავადმყოფურ დასასრულამდე.
ყველა რეალურ სასიყვარულო ურთიერთობაში ტკბობა და ტკივილი ერთ განუყოფელ კომპლექტს წარმოადგენს.
ის მამაცი ადამიანები, რომლებიც ჩემთან მოდიან, რათა ჯავშნის მოხსნის პროცესი დაიწყონ, მალე ხვდებიან, რომ არ არსებობს გულის დაცვისგან გათავისუფლების სხვა საშუალება, გარდა იმისა, რომ კვლავ განიცადონ დაკარგვით გამოწვეული ტკივილი, წყენა და უპასუხოდ დარჩენილი ლტოლვა. ასეთია სიყვარულთან დაბრუნების ფასი და ჩემი აზრით, ღირს მისი გადახდა, რადგანაც მგრძნობიარე, პულსირებადი გულის ცენტრის გარეშე ჩვენ, არსობრივად, ვერ ჩავთვლით საკუთარ თავს ადამიანებად.
რაიხის მიერ აღმოჩენილ სხეულებრივი ჯავშნის სისტემაში გული გულ-მკერდის სეგმენტის მხოლოდ ნაწილია. ამ სეგმენტის შემადგენლობაში შედიან გულ-მკერდის ყაფაზი და ყველა კუნთი, რომლებიც განლაგებულნი არიან გულ-მკერდის მიდამოში მხრებიდან ნეკნების ქვედა რკალამდე, როგორც წინიდან, ასევე უკნიდან. გარდა ამისა, მასში შედიან ხელები და ხელის მტევნებიც, რომლებიც გულის გაგრძელებას წარმოადგენენ. ჩვენ ადვილად შეგვიძლია ამის შეგრძნება ყოველ ჯერზე, როდესაც სხვა ადამიანისკენ მივილტვით სიყვარულის ძიებაში, ან ხელს ვკრავთ ვინმეს, ვიყენებთ რა ხელებს, როგორც გულის გრძნობების გამოხატვის ძირითად საშუალებას.
გაიხსენეთ, რაიხული სამუშაოს ჩემი პირველი გამოცდილებისას, პირველი ინდივიდუალური სესიისას, ერიკა კელიმ მიმიწვია, რომ გამეწვდინა ხელები და მეთქვა: „მე მინდა... მე მინდა...“ ამან ტკივილთან უშუალო კონტაქტამდე მიმიყვანა, ტკივილთან, რომელიც გულში ცხოვრობდა იმის გამო, რომ არასოდეს მიმიღია იმდენი სიყვარული, რამდენიც მინდოდა (განსაკუთრებით მამაკაცებისგან) და ასევე მიმიყვანა ამ სიყვარულის მოთხოვნის შიშთან. ჩემს თერაპიულ პრაქტიკაში კლიენტებთან ხშირად ვაწყდები მსგავს გრძნობებს. ინდივიდუალურ სესიებზე ან ჯგუფური მუშაობისას, ყოველ ჯერზე, როცა ადამიანებს ვთავაზობ, რომ „ხელები გაიწვდინონ“, გამოვლინდებიან ხოლმე მსგავსი ჭრილობები. ამასთან, მოსიყვარულე გულის ყველა თვისებასაც: სინაზეს და თანაგრძნობას, მზრუნველობის და დაცვის სურვილს - ხელებით გამოვხატავთ. ამიტომ რაიხის მიერ ხელების გულის სეგმენტის შემადგენლობაში ჩართვა ლოგიკურია.
ალბათ შეგინიშნავთ საკუთარი გამოცდილებით, ან კინოში, რომ სულიერი ტკივილი ან დიდი დარდი უფრო მწვავედ გულის ცენტრალურ ნაწილში იგრძნობა და არა იმ მიდამოში, სადაც ფიზიკური გულია განლაგებული. სიყვარულით შეპყრობილ ან დანაკარგით შეძრულ ადამიანებს ხელისგულები გულ-მკერდის შუა ნაწილთან მიაქვთ, და არა მარცხენა მხარეს. და მაინც, ამ გრძნობას „გულის ტკივილს“ ვუწოდებთ.
მის წარმომავლობას რაიხი იმით ხსნის, რომ სწორედ გულმკერდის ყაფაზის კუნთებში ინახება ქრონიკული დაძაბულობები. არსებობს სხვა სისტემაც, რომელზეც მინდა ვისაუბრო და რომელიც სინათლეს ჰფენს გულსა და მის საიდუმლოებებს.
ჩაკრების ინდურ სისტემაში არსებობს შვიდი ენერგეტიკული ცენტრი, რომლებიც მთელ სხეულზეა განლაგებული, სექსუალური ცენტრიდან თხემამდე. სიტყვა „ჩაკრა“ სანსკრიტულია და ნიშნავს „ბორბალს“ ან „ტურბულენტობას“.
ჩაკრა - ესაა ენერგეტიკული ცენტრი, დინამიური და უჩინარი ფენომენი, რომელიც აქტიურობის შემთხვევაში დისკის მსგავსად ტრიალებს.
მიუხედავად იმისა, რომ მატერიალური ფორმა არ გააჩნიათ, ჩაკრები ზემოქმედებენ ჩვენს ფიზიკურ, ემოციურ და სულიერ დონეებზე. ჩაკრები იღებენ და გადასცემენ ენერგიას და ასევე მართავენ მათთან ახლოს მყოფ ორგანოებს. წიგნის მესამე ნაწილში ჩაკრების შესახებ უფრო დაწვრილებით მოვყვები, ახლა კი მხოლოდ ავღნიშნავ, რომ „გულის ჩაკრა“, ანუ გულის შესაბამისი ენერგეტიკული ცენტრი, ამ სისტემაში ზუსტად გულ-მკერდის შუაშია განლაგებული. გასაგები ხდება, თუ რატომ შეიგრძნობა გულისმიერი ემოციები განსაკუთრებულად მწვავედ ამ ადგილას. რადგან სწორედ ენერგეტიკული სხეული და არა ფიზიკური ორგანო აღძრავენ ემოციებს, ხოლო გულის ჩაკრა ენერგეტიკული სხეულის ცენტრალურ წერტილს წარმოადგენს.
ვაკავშირებ რა ამ ორ სისტემას, მე განვიხილავ ჩაკრებს, როგორც ყოველი რაიხული სეგმენტის შინაგან ბირთვს, რომლებშიც გრძნობები და განცდები არანივთიერნი ხდებიან და ნატიფ სხეულებში აღწევენ.
ამასთან, არ უნდა დაგვავიწყდეს ფიზიკური გული და არ უნდა ჩავთვალოთ, რომ იგი გავლენას არ ახდენს ჩვენს ემოციურ ცხოვრებაზე. მე ვკითხულობდი ამონარიდებს დოქტორ პირსელის შესანიშნავი წიგნიდან - „გულის კოდი“, რომელშიც იგი ამტკიცებს, რომ გულს შეუძლია ფიქრობდეს, გრძნობდეს, ახსოვდეს, უყვარდეს, სძულდეს და გადასცეს ინფორმაცია. სპეციალური გამოკიტხვა ჩაუტარეს პაციენტებს, რომლებსაც ორგანოთა ტრანსპლანტაცია ჰქონდათ ჩატარებული, დოქტორ პირსელმა აღმოაჩინა, რომ ბევრმა ოპერაციის შემდეგ ცვლილებები შენიშნა თავის პიროვნებასა და ქცევებში. ასევე დაადგინა, რომ მათი ეს ახალი თვისებები სინამდვილეში ორგანოთა დონორებს ეკუთვნოდა.
მაგალითად, ესპანელ ბიჭს, რომელმაც ერთი სიტყვაც კი არ იცოდა ინგლისურად, გადაუნერგეს ავტოკატასტროფაში გარდაცვლილი მამაკაცის გული. ორი წლის შემდეგ ბიჭმა აღმოაჩინა, რომ გამუდმებით იმეორებს სიტყვას - «copathetic». გარდაცვლილი მამაკაცის მეუღლემ მოყვა, რომ «copathetic» - ეს იყო სიტყვა, რომელიც მან და მისმა ქმარმა მოიფიქრეს, რათა ამ სიტყვით კამათის დასასრული აღენიშნათ, ხოლო ავარიაში იმ მომენტში მოყვნენ, როცა ცხარედ კამათობდნენ.
მეორე შემთხვევაში 9 წლის გოგონას გადაუნერგეს გული, რომელიც უცნობის მიერ მოკლულ პატარა ბავშვს ეკუთვნოდა. მალე პატარას კოშმარები დაეწყო - მას ესიზმრებოდა, რომ მასაც კლავდნენ. მისი სიზმრები საკმაოდ მკაფიო იყო იმისთვის, რომ მკვლელი აღეწერა. მისი სახელიც კი იცოდა. ეს ადამიანი იდენტიფიცირებულ იქნა. გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ ბავშვი სწორედ მან მოკლა.
მე მომყავს ეს მაგალითები, რათა ვაჩვენო ჭეშმარიტება, რომლამდეც დამოუკიდებლად მივედი: ადამიანის ორგანიზმი საოცრად ნატიფი და რთული მოვლენაა. შეუძლებელია მისი მკაფიოდ დაყოფა ცალკეულ შემადგენელ ნაწილებად: მენტალურად, ემოციურად, ენერგეტიკულად და სხეულებრივად. მასში ყველაფერი ურთიერთდაკავშირებულია. ყველაფერი ერთმანეთშია გადახლართული და დუბლირებული.
უფრო მეტიც, ყოველი ჩვენგანი უნიკალურია.
ყოველი ჩვენგანი - საიდუმლოა, რომელიც ვერასოდეს იქნება ბოლომდე გაგებული და ახსნილი.
ნებისმიერ სისტემას, რომელიც ამ საიდუმლოს აღწერას ცდილობს, იქნება ეს დასავლური - რაიხული პრაქტიკა, თუ აღმოსავლური - ჩაკრები, გააჩნია თავისი შეზღუდვები და სასარგებლო იქნება მხოლოდ გარკვეულ დონემდე. ნებისმიერი ინსტრუმენტის გამოყენებისას ბევრი რამ იქნება დამოკიდებული თერაპევტის უნარზე - განეწყოს კლიენტზე და ინტუიტიურად იგრძნოს, რა და როგორ გამოიყენოს მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში.
შემდეგი მნიშვნელოვანი მდგომარეობა, რომელიც გულ-მკერდის ცენტრთან მუშაობისას უნდა გვახსოვდეს, ესაა ძლიერი კავშირის არსებობა სიყვარულსა და სექსს შორის.
ალბათ ახლა კარგი მომენტია იმისთვის, რომ გავიხსენოთ, როგორ იკვლევდა რაიხი ადამიანის ორგანიზმს. გრძნობდა რა, რომ ფროიდის ანალიტიკური ტექნიკები არაეფექტური იყო ფსიქოლოგიური პრობლემების მკურნალობისთვის, მან შეიმუშავა სხეულზე ორიენტირებული თერაპიის მეთოდები. რაიხი ეყრდნობოდა საკუთარ აღმოჩენას იმ ფაქტისა, რომ ენერგიამ თავისუფლად უნდა იდინოს სხეულის შვიდ სეგმენტში. ამ ენერგიის წყარო, რაიხის აზრით, სექსუალური იმპულსია. ამგვარად, ენერგია, რომელსაც შევიგრძნობთ, როგორც სიყვარულს, როგორც ჯანმრთელი გულის გამოვლინებას, დამოკიდებულია სექსუალურ ენერგიაზე. ამ შემთხვევაში სექსუალური ენერგია სიყვარულის ვნებას კვებავს.
რაიხისთვის სექსი და სიყვარული განუყოფელად დაკავშირებულია ერთმანეთთან. აქ ვეჯახებით პრობლემებს, რომელიც ჩვენმა სოციალურმა აზროვნებამ გადმოგვინერგა. ჩვენ ჩაგვიბეჭდეს, რომ „სუფთა სიყვარულს“ არაფერი აქვს სექსთან საერთო. ასეთი რწმენები ღრმადაა გამჯდარი აზროვნების დასავლურ სტილში. მაშინაც კი, თუ სექსთან მიმართებაში „თავისუფლებად“ და „თანამედროვეებად“ ვთვლით თავს, ამ დამოკიდებულების სრულიად აღმოფხვრა საკუთარ თავში ადვილი მაინც არაა. კოლექტიური კულტურა ამას საუკუნეების განმავლობაში გვიბეჭდავდა. მაგალითად, შუასაუკუნეების ევროპაში მითი „რომანტიული სიყვარულის“ შესახებ, როცა ახალგაზრდა რაინდებს მიუწვდომელი დიდგვაროვანი ქალბატონები უნდა ჰყვარებოდათ, კარგად ეთავსებოდა ქრისტიანული ეკლესიისთვის დამახასიათებელი მრისხანე გაკიცხვას სექსუალური ტკბობისა, როგორც „ხორციელი ვნებისა“ და „ხორციელი ცოდვისა“. ამასთან სრულიად იქნა დავიწყებული, რომ იდეალიზებული სიყვარულის კონცეფცია არაბული და სპარსული ლიტერატურიდან მოვიდა - ძირითადად სუფიების მისტიური პოეზიიდან. მასში მიწიერი სიყვარული გამოიყენებოდა, როგორც მეტაფორა ადამიანის სულის ღვთაებრივთან მისწრაფების გამოსახატად. დროთა განმავლობაში სულიერმა მოტივებმა, რომლებიც ევროპაში მოგზაურმა მწირებმა შემოიტანეს, დაკარგეს თავიანთი ალეგორიული მნიშვნელობა და მიგვიყვანეს მიუღწეველ რომანტიულ ოცნებამდე, რომელსაც დღემდე აღმერთებენ ჰოლივუდში.
ეპიკურ რომანში მეფე არტურისა და წმინდა გრაალის ძიების შესახებ, რომელიც იმავე ისტორიულ პერიოდს განეკუთვნება, მრგვალი მაგიდის რაინდებიდან მხოლოდ ერთი რაინდი, პერსევალი, ითვლებოდა საკმარისად „სუფთად“ იმისთვის, რომ წმინდა თასის ძიება განეგრძო და რადგანაც გრაალი სულიერი რეალიზაციის სიმბოლოა, გზავნილი მარტივია: იმისთვის, რომ სულიერი ხსნა მოიპოვო, „უწმინდური“ სურვილები უნდა განაგდო. ეს დამაბნეველი იდეალები, რომლებიც მითებისა და ლეგენდების სახით ვრცელდებოდა, ღრმად გაჯდა ევროპული სულის კოლექტიურ არაცნობიერში და იქიდან განაგრძობდნენ ზემოქმედებას. რა თქმა უნდა, ზოგიერთმა პურიტანმა, რომლებიც ამ იდეალებს ღებულობდა, დროთა განმავლობაში გადალახა ატლანტიდის ოკეანე და ფონი შეუქმნა ახალი ნაციის მთელ კულტურას.
ამ ძველი შეხედულებების სახეცვლილი ფორმები დღესაც ჩნდება და „ნიუ ეიჯის“ ტერმინოლოგიით იფუთება. მაგალითად, დროდადრო მხვდებიან ჯგუფის მონაწილეები ან კლიენტები, რომლებიც ცდილობენ რა უფრო „გაცნობიერებული“ ან „სულიერი“ ცხოვრებით იცხოვრონ, ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ თავი აარიდონ სექსის მსგავს „დაბალ ვიბრაციებს“. ისინი თვლიან, რომ ასე მათ ენერგიას შეუძლია „ამაღლდეს“ და ტრანსფორმირდეს ცნობიერების „უფრო გასხივოსნებულ“ განზომილებებად.
სისუფთავეზე ასეთ ხაზგასმას, საბოლოო ჯამში მივყავართ იმ სექსუალური ცხოველის კასტრაციამდე, რომელიც ჩვენს შიგნით ცხოვრობს, რაც თავად სიყვარულის ენერგეტიკული წყაროსგან გამორთვას გამოიწვევს. შედეგად გულს აღარ შეუძლია სიყვარულის გამოსხივება, რადგანაც ძალზე მცირე საწვავს იღებს, რათა ცეცხლი აანთოს. ჩემი სამუშაო, ანუ მისი ნაწილი, სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ კვლავ ვაიძულო ამ ცეცხლს ანთება.
იმდენად, რამდენადაც ჩემს სესიებზე ძლიერ აქცენტს ვაკეთებ სუნთქვებზე, თავიდანვე მუდმივად ვმუშაობთ გულმკერდის სეგმენტთან. გამახურებელ სავარჯიშოში, „ხელებით სუნთქვა“, რომელიც მე-6 თავში ავღწერე, გულ-მკერდის ყაფაზი სტიმულირდება და იხსნება ღრმა სუნთქვის, ხელების ენერგიული მოძრაობისა და პარტნიორებს შორის თვალებით კონტაქტის მეშვეობით. უბრალო შესავალი ტექნიკაც კი, როდესაც მონაწილეები ოთახში დადიან და ერთმანეთს თვალებში უმზერენ, უკვე ეხება გულსა და მის გრძნობებს. ამასთან ერთად, ვარჯიშების მეშვეობით, რომლებიც მოიცავენ მენჯით ბიძგებს, შემდეგ კი ფეხებით და მენჯით დარტყმებს, იღვიძებს სექსუალური ენერგია. ამგვარად, პირველივე დღიდან, ენერგიის დონე სისტემაში იზრდება და გულ-მკერდის სეგმენტი გამოღვიძებას იწყებს.
მას შემდეგ, რაც ზედა სამი სეგმენტი ნაწილობრივ მაინც გათავისუფლდება ჯავშნისგან, ჩვენ შეგვიძლია დავიწყოთ უშუალო მუშაობა შეკავების მექანიზმთან გულ-მკერდის სეგმენტში; ახლა გამათავისუფლებადი ენერგიის გამოხატვისთვის უკვე ხსნილია გზა ყელის, პირისა და თვალების გავლით. სწორედ ამიტომ რაიხული თერაპევტები მუშაობენ სეგმენტებთან ზემოდან ქვემოთ. უსარგებლოა ეცადოთ ღრმა გრძნობების გამოთავისუფლებას, ვთქვათ მუცლის სეგმენტიდან, თუკი მათ გზაზე შეფერხებად დიაფრაგმის ან ყელის სეგმენტები შეხვდება.
შეკავების მექანიზმები გულ-მკერდის სეგმენტში დაკავშირებულია გულის ტკივილთან და ჭრილობებთან. როდესაც ამ სეგმენტზე ვმუშაობთ, ყველაზე მრავალფეროვან ემოციურ დაზიანებებს ვაწყდებით ამ სფეროში - მსუბუქიდან მძიმემდე, მცირე სევდიდან ღრმა სიცარიელემდე. თუ დედა კვდება ან ოჯახს ტოვებს, როცა ბავშვი ორი-სამი წლისაა, ასეთი ტრაგედია ღრმა კვალს ტოვებს გულში. მაგრამ ჩვენ ასევე ვატარებთ ამ სეგმენტში მცირე ჭრილობებსაც, - მაგალითად არასაკმარის ყურადღებას მშობლების მხრიდან ცხოვრების მნიშვნელოვან მომენტებში და შედეგად განვითარებული მიდრეკილება იმედგაცრუებისკენ: „დედას ჩემთვის არ სცალია“.
ჯავშნის სიმყარე გულ-მკერდის სეგმენტში შესაძლოა სხვადასხვაგვარი იყოს. თუ იგი რბილია, გრძნობებისადმი წვდომა შესაძლებელი ხდება, როგორც კი კლიენტს ვთავაზობ, რომ გულით ბუნებრივ სუნთქვაზე გადავიდეს. ხოლო იმ შემთხვევებშ, როცა ჯავშანი ძლიერი და მყარია, როგორც წესი საქმე მაქვს ხლმე უზარმაზარ კუნთურ დაჭიმულობასთან და ძლიერ დამცავ შეკუმშვასთან: ხელებით გულმკერდზე ზეწოლისას იგი უბრალოდ ადგილს არ იცვლის.
მსგავსი „რკინა-ბეტონის“ გულმკერდის სეგმენტი საკმაოდ ხშირად გვხვდება; მათმა მფლობელებმა ეს მძიმე ჯავშანი იმისთვის შეაკოწიწეს, რომ დაეფარათ და შეეკავებინათ ტკივილი და რისხვა. საოცარია, რომ ამ ადამიანებს გარეგნულად შეუძლიათ სასიამოვნოდ, მშვიდად და თავაზიანად გამოიყურებოდნენ. ასეთი ზედაპირყლი შრე ყველას აქვს - „ნიღაბი ხელის ჩამორთმევის დროს“, სოციალური პიროვნება, რომელიც სხვა ადამიანებთან ყოველდღიურად ურთიერთობს.
თუ დავფიქრდებით, ჭეშმარიტად საოცრად გვეჩვენება, რომ გულმკერდის გარშემო ასეთი ფოლადის ჯავშანი გვაქვს და მაინც შეგვიძლია ასეთი სასიამოვნო გარეგნული ფასადის შენარჩუნება.
ამ სეგმენტის გახსნის მთავარი საშუალება სუნთქვაა - ჩასუნთქვა, ამოსუნთქვა, უმთავრესი ცხოვრებისეული რიტმის აღდგენა. ეს გასაღები ალღობს იმ დაძაბულობას, რომელიც საკუთარ გულთან კონტაქტში გვიშლის ხელს.
შიშის, სიბრაზის თუ ტკივილის ემოციასთან მუშაობა სუნთქვას უკავშირდება, ამასთან, უმთავრესად სუნთქვის მიმართულებას. ამიტომ გულ-მკერდის სეგმენტთან მუშაობისას მე განსაკუთრებულ ყურადღებას ვაქცევ მას. თუკი ვხედავ, რომ შიშია შეკავებული, კლიენტს ვთხოვ, რომ აქცენტი ჩასუნთქვაზე გააკეთოს და თანდათანობით გაზარდოს გულმკერდის ყაფაზის ავსება. თანდათან ჩასუნთქვებს ვაღრმავებთ, რათა ეს სეგმენტი ენერგიით დაიმუხტოს.
სიბრაზესთან მუშაობისას განსაკუთრებულ ყურადღებას ვაქცევ ჰაერის ამოსუნთქვას და კლიენტს ვთავაზობ, რომ სუნთქვის 10-12 ციკლი გაიმეორეოს, რაც შეიძლება სრული ამოსუნთქვით.
იმისთვის, რომ დაბლოკილი ტკივილი ვიგრძნოთ, აუცილებელია მთელი პულსაციის აღდგენა გულ-მკერდის მიდამოში - როგორც ჩასუნთქვის, ასევე ამოსუნთქვის. ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია, რომ კლიენტმა ღრმა სუნთქვა შეინარჩუნოს ხანგრძლივი დროის განმავლობაში, რადგანაც, როდესაც ადამიანი ტკივილს ბლოკავს, ხშირად იგი რამდენიმე ჩასუნთქვა-ამოსუნთქვას აკეთებს, შემდეგ კი ჩერდება. მე მათ სუნთქვის გაგრძელებას ვთავაზობ და თანდათანობით მიმყავს სხეულში დამალულ ტკივილთან შეხვედრამდე.
გულ-მკერდის სეგმენტის კუნთები რთულ სისტემას ქმნიან, განსაკუთრებით მხრების გარშემო, სადაც ისინი ყელის სეგმენტს უერთდებიან. ყელიც, თავის მხრივ, ასევე გამოხატვის ფუნქციას ასრულებს გულ-მკერდის სეგმენტში აღმოცენებული გრძნობების გამოხატვისთვის ან ბლოკირებისთვის.
მთელი ცხოვრების განმავლობაში ფორმირებულ შიშის შეკავების ჩვევას ჩვეულებრივ მივყავართ ჩაღრმავებული და შეკუმშული გულ-მკერდის ყაფაზის წარმოქმნამდე.
დაძაბულობა კონცენტრირდება და ინახება კისრის უკანა ნაწილსა და ბეჭების ზედა ნაწილში - მხრები შიგნით შედიან, თითქოს თავს იცავენო. შეგიძლიათ თავად სცადოთ: დაჭიმეთ კისრის უკანა ნაწილის კუნთები ისე, რომ თავი ზემოთ და უკან გადაიწიოს, აწიეთ მხრები ზემოთ და წინ წამოწიეთ ოდნავ შეზნექვით, ამავდროულად ეცადეთ შეავიწროვოთ გულ-მკერდის ყაფაზი. ასე გამოიყურება შიშით გამოწვეული შეკუმშვა. დაძაბულობა მთელ ზურგში წარმოიქმნება, კისრისა და ბეჭების ჩათვლით.
ტკივილი, შიშისგან განსხვავებით, სხეულის წინა ნაწილში კავდება, განსაკუთრებით გულ-მკერდის წინა ნაწილის კუნთებში. გარდა ამისა, იგი კავდება კუნთების შრეში, რომელიც იწყება ლავიწიდან და ყელის გავლით ყბებამდე, ნიკაპამდე და ენის ფუძემდე ადის. ეს კუნთები მონაწილეობენ ცრემლების, ტირილის, სევდის ან დარდის შეკავებაში ან გამოხატვაში.
სიბრაზეს, როგორც უკვე ავღნიშნე, მივყავართ იქამდე, რომ გულ-მკერდი იბერება - ჰაერით ივსება. მხრები იშლება და უფრო დიდად გვეჩვენება, კუნთები მათ ზედა ნაწილში მაგრდება. გულ-მკერდის ყაფაზი გამუდმებით იმყოფება გაფართოებულ მდგომარეობაში და არ შეუძლია მოდუნება. ასეთ გულ-მკერდს ნებისმიერ მომენტში შეუძლია „აფეთქდეს“, ამიტომ კუნთები ყელის გვერდებზე ასევე მკვრივია რისხვის შეკავების გამუდმებული ძალისხმევისგან. ეს კუნთები უშუალოდ ყურების ქვეშ იწყება და დიაგონალზე წინ და ქვემოთ მიდიან, ლავიწების ცენტრამდე. ისინი მონაწილეობენ თავის აქეთ-იქით ტრიალში (უარყოფის ნიშნად). იგივე კუნთები უერთდებიან ყბებს, ყურებს, თავის გვერდითა ნაწილებს და საფეთქლებს, შესაბამისად ეს კუნთები ხელს უშლიან ბრაზს გამოვლინებაში .
რადგანაც გულ-მკერდის სეგმენტს ყელის, თავისა და ხელების ამდენი კუნთი უკავშირდება, შეგვიძლია ვიპოვოთ მრავალი სხვადასხვა მოძრაობა, რომლებშიც მონაწილეობას სხეულის ეს ნაწილები მიიღებენ და რომლებიც დაგვეხმარებიან გულში დამალული ემოციების გამოთავისუფლებაში. გარდა ამისა, მე აქტიურად ვიყენებ უშუალოდ გულ-მკერდზე ხელებით ზეწოლას, ვთხოვ კლიენტს რომ ზეწოლის მომენტში ამოისუნთქოს, რათა ხაზი გავუსვა ამოსუნთქვას და ამავე დროს საშუალება მივცე იგრძნოს დაძაბულობის ადგილი. ამოსუნთქვის დროს შესაძლებელია მოძრაობაში მოვიყვანოთ მთელი გულმკერდის ყაფაზის კუნთები, თუკი თითების ერთგვარ ვიბრირებად ზეწოლას გამოვიყენებთ და ამგვარად დაძაბულობას შევამცირებთ. ასევე შემიძლია შევაჯანჯღარო გულმკერდის კუნთები და კლიენტს ჩასუნთქვა შევთავაზო, ან გულ-მკერდს ჩასუნთქვისას ისე დავაწვე, რომ ჩასუნთქვას მეტი ძალისხმევა დასჭირდეს.
გულის გრძნობებზე წვდომის მიღების სხვა საშუალებაა კლიენტის ხელებზე მეტი აქცენტი, რადგანაც სწორედ ისინი წარმოადგენენ გულის სეგმენტში აღქმისა და გამოხატვის საშუალებებს. ხელებით გავცემთ და ვიღებთ, მათივე მეშვეობით განსაკუთრებულად მკაფიოდ გამოვხატავთ გულის ემოციების გაზიარების მისწრაფებას. მაგალითად, სექსუალური ალერსის დროს ძალიან ბევრ რამეს ვეუბნებით ჩვენს შეყვარებულს მის სხეულთან უბრალო შეხებით და მოფერებით. გარდა ამისა, ხელები გვიცავენ, როდესაც დამცავ მდგომარეობას იღებენ სხეულის წინ, თუკი გვინდა, რომ ვინმეს ან რამეს ხელი შევუშალოთ მოახლოებაში.
მე ვცდილობ აღმოვაჩინო ის გრძნობები, რომლებიც კლიენტის გულში ახლა, ამ მომენტში არიან და ხელების მდგომარეობა ამას კარგად აჩვენებს. გახსნილია თუ არა ხელისგულები? თუ მოკუმშულია მუშტებად? სურთ თუ არა მათ ხელის კვრა? თუ კლიენტი როგორღაც აკონტროლებს მათ მდგომარეობას?
თუკი უნებურ მოძრაობებს ვამჩნევ, რომლებიც რაღაცისადმი მიწვდომის მცდელობებს ჰგავს, მაშინ ვთავაზობ კლიენტს, რომ ხელები ასწიოს, ხელისგულები გაშალოს და თქვას: „გთხოვ, მოდი!“, ან „არ დამტოვო!“, ან „მე შენ მჭირდები!“
თუკი ვხედავ, რომ მუშტები შეკრულია, ხოლო ხელების, მხრებისა და კისრის კუნთები უფრო და უფრო იძაბება, ეს მკაფიო ნიშანია იმისა, რომ სიბრაზეს შევეხეთ. კლიენტს ვთხოვ, რომ მუშტები მატრასს ურტყას, თან თვალებში მიყუროს და ხმამაღალი ბგერები გამოსცეს, ან ის სიტყვები წამოიყვიროს, რომლებიც მის გაბრაზებულ გრძნობებს გამოხატავენ.
თუ ხელები სახესთან ან გულთან მიდიან დაცვით პოზიციაში, ეს ნიშნავს, რომ შიშს შევეხეთ. შემიძლია კლიენტს შევთავაზო, რომ აქცენტი ჩასუნთქვაზე გააკეთოს, რათა მკერდში, თვალებსა და ყელში შეკავებული შიშის აქტივიზება მოახდინოს.
მას შემდეგ, რაც ნეგატიური ემოციები იდენტიფიცირებულია, მათთან მუშაობა უკვე შეგვიძლია ზემოთაღწერილი საშუალებებით: სიბრაზე შეგვიძლია ეფექტურად მოვიშოროთ მუშტების დარტყმით, თავის ქნევითა და ყვირილით. შიში თავისუფლდება ხმამაღალი ბგერებითა და ცრემლებით, ტკივილი - ღრმა ქვითინით. და შემდეგ, გაწმენდილ გზაზე უკვე გზა ეხსნება დადებით ემოციებს: რისხვა ადგილს უთმობს სიყვარულს, შიში მიღებად იქცევა, ხოლო ტკივილი სიხარულად ტრანსფორმირდება... გულის ცენტრი უფრო ბუნებრივად იწყებს პულსაციას და მისი ენერგია ფართოვდება.
გულის გაფართოება საოცარი სანახაობაა, განსაკუთრებით მაშინ, თუ იგი ღრმა ემოციურ გამოთავისუფლებას შედეგად დგება.
გულის ენერგიის გამოხატვა, გარეთ მიმართული, სიყვარულის შადრევანს ჰგავს, ხოლო შიგნით მიმართული - გზას უხსნის უზარმაზარ მინდობას. და ყველაფერი ერთად იძლევა უზომო სიყვარულისა და ტკბობის შეგრძნებას.
სიცილი, რომელიც ასეთ შემთხვევებში იბადება გულში, კოსმიურ ხარისხს ატარებს, თითქოს ადამიანი, გამოთავისუფლების შემდეგ, უეცრად ხედავს ამ უზარმაზარ კოსმიურ ხუმრობას, რომელშიც ყველა ადამიანია ჩართული.
ზოგჯერ, როცა კლიენტი სიყვარულის გულისმიერ ენერგიასთან კონტაქტშია, ვთავაზობ მას, რომ ხელებით რბილი გამომხატველი მოძრაობა გააკეთოს. ერთდროულად მშვიდ ამოსუნთქვასთან ერთად ხელები ნელა მოძრაობენ, დაწყებული გულიდან, გარეთკენ და ზემოთ, შემდეგ კი ჩასუნთქვისას გულს უბრუნდებიან და წრეს ასრულებენ. ეს მარტივი მოძრაობები კიდევ უფრო აფართოებენ გულის ენერგიას. ჩნდება გრძნობა, რომ სიყვარულის ნაკადი უსაზღვროა, რომ გული ენერგიის იმ საყოველთაო წყაროს უერთდება, რომელსაც შეუძლია სიყვარულით აღავსოს მთელი სამყარო.
ასეთ მომენტებში შეიძლება მოვიდეს ღრმა გაგება, იმ სირთულეების მთავარ მიზეზებთან დაკავშირებით, რომლებსაც განვიცდით სასიყვარულო კავშირებისა და ურთიერთობების დროს. ეს მიზეზი იმაში მდგომარეობს, რომ სადაც საჭიროა იქ არ ვეძებთ სიყვარულს. ჩვენ მას სხვებში ვეძებთ. ჩვენ ვიკარგებით გარეთ ძებნაში - კოლექტიური სინდრომი, რომელიც აისახება ათასობით „მარტოხელა გულების“ განცხადებებში, რომლებიც მთელი მსოფლიოს გაზეთებსა და ჟურნალებში ქვეყნდება: „სად ხარ ჩემო პრონცო? სად ხარ, ჩემო ნამდვლო სიყვარულო?“
რაიხულ პრაქტიკას შეუძლია საშუალება მისცეს ადამიანებს, რომ იგრძნონ სიყვარულის ნაპერწკალი იქ, სადაც მისი პოვნა ყოველთვის შეიძლება. როცა გული ბუნებრივად პულსირებს, შესაძლებელია გეშტალტის სრული ცვლილება იმის გაცნობიერებასთან ერთად, რომ „სიყვარული ჩემს შიგნითაა. მას არაფერი აქვს საერთო ვინმე სხვასთან. ეს ყოფიერების ჩემი საკუთარი მდგომარეობაა“.
რა თქმა უნდა, ასეთი გამონათება ყველა ავადმყოფობას ვერ განკურნავს. ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ აღარასოდეს შეგვიყვარდება სიგიჟემდე „მისტერ სწორედ ის“ – „აჰ, ამჯერად ნამდვილად ვიპოვე იგი!“ - ან რომ არასოდეს ვიგრძნობთ ეჭვიანობას, როცა სხვა ქალს შეხედავს, არასოდეს ვიტირებთ, როდესაც კარს გაიხურავს და წავა. მაგრამ ჩვენი უნარი, რომ გავუძლოთ დარტყმებს, რომლებიც აუცილებლად ახლავს სასიყვარულო ურთიერთობებს, მნიშვნელოვნად იზრდება, როცა ვიცით, რომ სხვა ადამიანი - მხოლოდ კატალიზატორია გრძნობებისთვის, რომლებიც ჩვენივე საკუთარ გულში ბუდობენ და რომ შეგვიძლია ამ გრძნობებს შეყვარებულის გარეშეც დავუკავშირდეთ.
თბილი, «ფაფუკი» გრძნობები, რომლებიც გულის გავლით მიედინებიან ემოციის ღრმა გამოთავისუფლების შემდეგ, - ესაა ის, რისკენაც ჩვენ ნამდვილად ვისწრაფვით.
ჩვენ დავკარგეთ კონტაქტი ამ გრძნობებთან, რადგანაც დაჯავშნა დაგვჭირდა, რათა ნეგატიური ემოციეებისგან დაგვეცვა თავი, ახლა ამის დაბრუნების ერთადერთი გზა - საკუთარ თავში საკმარისი გამბედაობისა და სურვილის პოვნაა, რათა კვლავ განვიცადოთ მტკივნეული შეგრძნებები, შევეხოთ ძველ ჭრილობებს, რომლებიც გახსნას და განკურნებას მოითხოვენ.
ჩემთვის ამ პრაქტიკის ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი ასპექტი, რომელიც განსაკუთრებით შესამჩნევია გულ-მკერდის სეგმენტთან მუშაობისას, იმაში მდგომარეობს, რომ სხეული არ იტყუება და არც შეუძლია მოიტყუოს.
გონებას იოლად შეუძლია მოიტყუოს. მას შეუძლია ყველაფერი გაითამაშოს, და ამაში სხვებიც დაარწმუნოს და საკუთარი თავიც: მე ყველაფერი რიგზე მაქვს... ყველაფერი მშვენივრადაა... მე არ ვარ ბოროტი ადამიანი... მიყვარს ჩემი ოჯახი... არაფრის მეშინია... არ არსებობს არანაირი შიში...“ - და ა.შ.
მაგრამ როდესაც უშუალოდ საბაზისო ენერგეტიკულ სისტემას, პულსირებად ორგანიზმს უახლოვდებით, დაზიანება ცხადი ხდება ნებისმიერი გამოცდილი რაიხული თერაპევტისთვის. როცა გულ-მკერდის ყაფაზი გარკვეულ მდგომარეობაშია, ან სიბრაზით, სიამაყით და სიჯიუტით წინ გამობერილი, ან შიშის შედეგად შიგნით ჩავარდნილი, კლიენტის მცდელობები - უარყოს ეს ფიზიკური მტკიცებულებანი, საეჭვოა, რომ დამაჯერებელი აღმოჩნდეს.
სწორედ ამიტომ ვერ იქნება რაიხული პრაქტიკა წარმოდგენილი თვითმასწავლებელი სახელმძღვანელოების სახით, მსგავსად: „დაეხმარე საკუთარ თავს თვითონ“ - რადგანაც საკუთარი ემოციების წაკითხვის მცდელობისას შეგვიძლია ყველანაირი საშუალებით მოვატყუოთ საკუთარი თავის.
ჩვენ შეგვიძლია ვიფიქროთ, რომ მთავარი თემა - ეს სიბრაზეა, მაგრამ სინამდვილეში - ესაა შიში. შეგვიძლია გვჯეროდეს, რომ სხეულის ჯავშნიდან ყველანაირი დაძაბულობა მოვიშორეთ, მაგრამ სინამდვილეში მხოლოდ ზედაპირულად დავკაწრეთ იგი.
იმისთვის, რომ სხეულისა და მისი ენერგიის გზავნილები წავიკითხოთ და ეფექტურ ქმედებებად ვაქციოთ ისინი, საჭიროა თერაპევტის გამოცდილი თვალი.
რაიხული თერაპია ყველასთვის არაა, რადგანაც მას ადამიანები ისეთ სიღრმეებამდე მიჰყავს, სადაც უსიამოვნო ემოციები და ძველი მშფოთვარე მოგონებები ბუდობენ. საჭიროა ძლიერი ინტერესი იმისთვის, რომ ცისარტყელის ბოლოში ოქროთი სავსე ქოთნამდე მისაღწევად ფალშის მრავალი შრე გავიაროთ.
საჭიროა ნებისყოფა, საჭიროა სიმამაცე, რათა პირისპირ შევხვდეთ იმას, რაც დიდი ხნის წინ იქნა დათრგუნული და არაცნობიერ გონებაში განდევნილი, - იმისთვის, რომ ავირჩიეთ აღარ გვეგრძნო, რადგანაც ეს მეტისმეტად მტკივნეული, ან მეტისმეტად უსიამოვნო იყო.
თუმცაღა მათთვის, ვინც გამოწვევას იღებს, რაიხული თერაპია გამათავისუფლებელი და ღირებული აღმოჩნდება. სწორედ ამიტომ ვაკეთებთ ამ პრაქტიკას - რათა უნატიფეს მგრძნობელობას და მოწყვლადობას მივაღწიოთ, რომელიც საშუალებას მოგვცემს - დავტკბეთ საკუთარი პულსირებადი გულის შეგრძნებით.
და მაშინ შევძლებთ, რომ კიდევ უფრო ღრმად წავიდეთ...