თავი 11 სიღრმეებში – ღრმა გრძნობების გამოთავისუფლება მუცლიდან
თავი 11 სიღრმეებში – ღრმა გრძნობების გამოთავისუფლება მუცლიდან
მუცელი – ჩვენი შემდგომი ნაბიჯია შიგნით, ანუ ქვემოთ, ჯავშნისგან გათავისუფლების პროცესში. აქ ჩნდება გრძნობები. აქედან იწყებენ მოძრაობას ენერგიის იმპულსები.
ზედა სეგმენტებმა შესაძლოა ამ გრძნობათა და იმპულსთა გამოხატვის როლი შეასრულონ და მუცელი - მათი წყაროა. მსგავსად ამისა, ზედა სეგმენტებს შეუძლიათ იყვნენ იმ შთაბეჭდილებების მიმღებნი, რომლებიც გარედან მოდიან, მაგრამ სწორედ მუცელი ახდენს მათზე რეაგირებას.
რაც არ უნდა ვიგრძნოთ: ტკივილი, ზიზღი, შიში, სიბრაზე... - ამ გრძნობების წყარო მუცელშია.
დასავლურ ქვეყნებში ადამიანები მეტწილად თავზე არიან ორიენტირებულნი, ამიტომ მუცელზე, როგორც გრძნობათა სათავსოზე წარმოდგენა თავიდან შესაძლოა მიუღებელიც იყოს. მაგალითად, როცა ზიზღის გრძნობა ჩნდება, შეგვიძლია ვიფიქროთ, რომ იგი თავში იბადება, ხოლო უშუალო გამოხატულება ამ ზიზღისა, ძირითადად პირით შემოისაზღვრება, რომელიც შესაბამის გრიმასას იღებს, ან შესაძლოა ყელის მიდამოთი, სადაც შესაბამისი ბგერები იბადება.
თუმცაღა ტრადიციულ იაპონურ და ჩინურ კულტურებში მუცელი განიხილება, როგორც ფსიქოლოგიური და ემოციური კეთილდღეობის სათავსო. განსაკუთრებით ეს ეხება ჰარას, რომელიც მუცლის ქვედა ნაწილშია განლაგებული, ჭიპიდან სამი თითით ქვემოთ და სასიცოცხლო ენერგიის წყაროს წარმოადგენს.
ჩაკრების ინდურ სისტემაში მუცლის ქვედა ნაწილში, ჰარასთან ახლოს, იმყოფება მეორე ჩაკრა, რომელიც პასუხს აგებს სოციალურ ურთიერთობებზე, ჯგუფურ ენერგიაზე, ასევე ემოციასა და გრძნობებზე.
მეორე ჩაკრა დაშენებულია პირველზე, როგორც ადამიანური მოთხოვნილებების აღმავალი კიბის შემდგომი საფეხური. პირველი ჩაკრა ზრუნავს ძირითად, გადარჩენისთვის აუცილებელ საჭიროებებზე - საკვები, თავშესაფარი და სექსი და მხოლოდ მაშინ, როცა ისინი დაკმაყოფილებულნი არიან, ჩნდება სოციალური ურთიერთობებით ტკბობის შესაძლებლობა - ჯოგური ან ოჯახური ცხოვრებით, ასევე ამით გაჩენილი ემოციური ატმოსფეროთი.
თუკი ამ ყველაფერს გავითვალისწინებთ, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ დასავლური ჩვევა - მივანიჭოთ გონებას დომინანტური მდგომარეობა - სხვა არაფერია, თუ არა ადგილობრივი კულტურული თავისებურება. სინამდვილეში, როგორც უკვე ავღნიშნე, აზროვნებისა და შეგრძნების პროცესში მთელ სხეულშია გადანაწილებული.
როდესაც ჯავშნისგან გათავისუფლების რაიხულ პროცესში მუცელზე გადავდივართ, ადრე დაწყებულ სამუშაოს ვაგრძელებთ. ნებისმიერი ჯგუფის ან ტრენინგის პირველივე დღიდან, იმ მომენტიდან, როდესაც ძირითად სუნთქვით პოზიციას წარმოვადგენ, ჩვენ ვიწყებთ მუცლით სუნთქვას, რათა წვდომა გვქონდეს ქვედა სეგმენტებში არსებულ ენერგიასთან და სასიცოცხლო ძალებთან. ამგვარად, მუცლით სუნთქვა თავიდანვე ხორციელდება. თუმცაღა, როგორც წინა თავში ვნახეთ, მუცლით ბუნებრივი სუნთქვა საკუთარ თავში მოიცავს დიაფრაგმის პულსაციას, რომელსაც უნდა შეეძლოს ჩასუნთქვისას ადვილად დაიწიოს ქვემოთ, ამოსუნთქვისას კი აიწიოს ზემოთ.
ადამიანები, რომელთა დიაფრაგმასაც არ შეუძლია ასეთი თავისუფალი პულსაცია, სიძნელეებს განიცდიან მუცლით სუნთქვისას. როდესაც კლიენტს კურსის დასაწყისშივე ასე სუნთქვას ვთავაზობ, მესმის, რომ მას მხოლოდ შეზღუდული ეფექტი ექნება და რომ დიდი მუშაობა იქნება საჭირო ზედა სეგმენტების გასათავისუფლებლად, სანამ მუცელში ნამდვილი სუნთქვა აღდგება.
მას შემდეგ, რაც ზედა სეგმენტები უფრო მოდუნდებიან, ხოლო დიაფრაგმა უფრო მოძრავი გახდება, ჩვენ შეგვიძლია მუცელში - გრძნობათა ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ცენტრში, არსებულ გრძნობათა და ემოციათა უფრო ღრმა ფენებში შევიდეთ. მეორე ასეთი ცენტრი - გულია.
მუცელი - ესაა ადგილი, რომლითაც ჯერ კიდევ დაბადებამდე, ჭიპლარით ვიყავით დედასთან დაკავშირებულნი. სწორედ ამიტომ სწორედ აქაა ყველა საწყისი გრძნობა - „ახალშობილი-დედა“: მოთხოვნილებები და მათი დაკმაყოფილება, კვება და დაცულობა - გრძნობები, რომლებიც ჯერ კიდევ საშვილოსნოში ჩნდება.
თავისი პრიმიტიული მიმნდობი ბუნების გამო ეს გრძნობები ბუნებრივად იმარხება სხვა მრავალი შემდგომი განცდებით, რომლებიც ფენებად ლაგდება და ჩვენს პირველად ემოციებს ქვეცნობიერში დევნის. ამის გამო მუცლის მიდამოს თან ახლავს გაუცნობიერებლობის შეგრძნება რაღაც ამოუცნობის, ესაა ღრმად ჩამარხული ატმოსფერო ყველაზე ადრეული ტრავმების, განსაკუთრებით მათი, რომლებიც შიშს უკავშირდება.
უკვე ავხსენი, როგორაა დაკავშირებული გამხდარი ქალის ბრტყელი მუცელი შიშთან, რომელიც ენერგეტიკული სხეულის ბირთვთან ახლოსაა შეკავებული. ნებისმიერი სამუშაო მუცელთან, პირველ რიგში შიშის ამ ფენას ეხება, მასთან ერთად კი გრძნობათა მთელ სპექტრს, როგორიცაა უმწეობა, ძალებისგან გამოფიტვა, გაქცევის, დამალვის სურვილი.
ზოგჯერ, როცა ამ გრძნობებს ეხებიან, ადამიანები თითქოს იმალებიან მუცელში. მათ არ შეუძლიათ გარეთ გაქცევა და ამის ნაცვლად მათი ყურადღება შიგნით სიღრმეში მიდის. ამით საკუთარ თავს ნებისმიერი მოახლოვებული შიშისგან კვეთენ.
გადარჩენის ასეთი სტრატეგია, რომელიც ბავშვობაში გამომუშავდება, ექვივალენტურია სირაქლემას ქცევისა, რომელიც თავს ქვიშაში მალავს, რათა მოახლოებული საფრთხე არ დაინახოს.
მე ვერ წარმომიდგენია, რომ სირაქლემები მართლა ასე იქცეოდნენ, იმიტომ, რომ ველურ ბუნებაში ეს უცილობელ სიკვდილამდე მიიყვანდა მათ. თუმცაღა ეს ხატ-სახე შესანიშნავად მუშაობს ადამიანური ქცევის გარკვეული ფორმების მეტაფორის სახით, განსაკუთრებით უმწეო ბავშვის ქცევის, რომელსაც არ შეუძლია გაექცეს გაბრაზებულ ან აგრესიულ მშობელს. მას ერთადერთი გამოსავალი რჩება - დაიმალოს შიგნით.
ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ ემოციას, რომლებთან შეხვედრაც მუცლის მიდამოში მოგვიწევს - ესაა შიში.
შიშით აღვსილ ამ დაჭიმულობას ძალიან ფრთხილად უნდა მივუახლოვდეთ, რადგანაც იგი შესაძლოა დაკავშირებული იყოს შოკთან, ამ შემთხვევაში ენერგიული მიდგომა მხოლოდ განმეორებით ტრავმას გამოიწვევს, ან შოკის პირველად განცდას გააძლიერებს.
ჩვეულებრივ, იმისთვის, რომ ბირთვში შევაღწიო, აქცენტს ვაკეთებ მუცლით ღრმა ჩასუნთქვებზე, ამავდროულად თვალებით კონტაქტის შენარჩუნებით. ამასთან ნაზად ვადებ ხელისგულს მუცლის იმ მიდამოებზე, რომლებიც დაძაბული და გამაგრებულია.
ხშირად მე არც კი ვეხები ფიზიკურ სხეულს, არამედ ხელი კანიდან 2-3 სანტიმეტრზე მიჭირავს და ენერგეტიკულ სხეულთან ვამყარებ კავშირს. ენერგეტიკული სხეული ამ ადგილას ადვილად მისაწვდომია, რადგანაც ფიზიკური სხეული აქ შედარებით რბილი და დინებადია. მუცელში არ არის ძვლოვანი სტრუქტურები, სახსრები ან იოგები. არის მხოლოდ კედელი, რომელიც შექმნილია კუნთების მიერ და იკავებს შიგნეულობას.
განსხვავებით სხეულის ზედა ნაწილის კუნთებში შეკავებული დაჭიმულობებისგან, რომელიც სრულიად განსაზღვრულ ადგილებში გროვდებიან, როგორებიცაა ყბები, ყელის გვერდითი ნაწილები და ა.შ., დაძაბულობა მუცლის მიდამოში ძირითადად ამორფული მასის სახით არსებობს. ასეთ სიტუაციაში კუნთებზე თითებითა და ხელისგულებით ზეწოლა, უფრო ნაკლებად ეფექტური იქნება, ვიდრე ენერგეტიკულ დონეზე ზემოქმედება. განსაკუთრებით ეს ეხება შიშთან მუშაობას.
მე შემიძლია ნელა ან სწრაფად ვამოძრაო ხელები მუცელთან შეხების გარეშე და ენერგია, რომელიც ჩემი ხელებიდან გამოდის, მოახდენს კლიენტის ენერგეტიკული სხეულის სტიმულირებას და მოძრაობაში მოიყვანს მას, ის კი, თავის მხრივ, კავშირს დაამყარებს კუნთებში დამალულ ემოციებთან. თუ ეს ემოცია შიშია, მთავარი, რაც ამ სტადიაზე კლიენტმა უნდა გააკეთოს ისაა, რომ არ გაიქცეს, არც დაიმალოს, არამედ კონტაქტში დარჩეს აღმოჩენილ გრძნობასთან. აქ საჭიროა სიმამაცე და გაცნობიერებულობა, რადგანაც ინსტიქტურად სწორედ გაქცევის და დამალვის სურვილი ჩნდება.
თუ მოხერხდა შიშის შეგრძნების გამოთავისუფლება, იხსნება გზა რისხვის გამოთავისუფლებისთვის, რაც ხშირად ძალიან შთამბეჭდავია ხოლმე.
წინა თავში მე განვიხილე კონტროლის თემა დიაფრაგმასთან დაკავშირებით. იგივე თემა გრძელდება მუცელზეც, ამასთან განსაკუთრებით ღრმად იგი დაკავშირებულია ძალადობის ან იძულების ადრეულ განცდებთან, მაგალითად, ქოთანზე ჯდომის შეჩვევასთან, გარკვეულ რეჟიმში ჭამასთან და სხვა დროს არ-ჭამასთან, ასევე გარკვეული სახით ჩაცმასთან [და წარმოიდგინეთ რა მარაზმია, ამ ყველაფრიდან გამომდინარე, აკვანი - ქართული „მამაპაპური ტრადიცია“ მთარგმნ. შენიშვნა].
იძულება შეიძლება მოიცავდეს შემდეგ ბრძანებებს:
«ახლა ტუალეტში უნდა წახვიდე»;
«ახლა უნდა ჭამო»;
«ახლა დასაძინებლად უნდა დაწვე».
რთული არაა იმის წარმოიდგენა, რამხელა რისხვა წარმოიშვება შიშის გამოთავისუფლების შემდეგ.
წარმოვიდგინოთ, რომ ბავშვი ცხოვრობს გამუდმებული საფრთხის ატმოსფეროში: მაგალითად, მას ჰყავს ფეთქებადი ან თითქმის მუდამ მთვრალი მამა. ამ ბავშვს არ შეუძლია თავისი რისხვის ან სიბრაზის გამოვლენა, რადგანაც მათი გამოვლენა კიდევ უფრო მეტი ძალადობის პროვოცირებას გამოიწვევს. ასეთი ემოციები ღრმად, მუცელში უნდა დაიმალოს, სადაც შესაძლოა შემდეგ წლობით დაიბუდონ. როდესაც ადამიანი ბოლოს და ბოლოს იღებს უფლებას - კონტაქტში შევიდეს ამ დიდი ხნით დავიწყებულ გრძნობებთან და გამოთავისუფლოს ისინი, ეს ემოციები ხშირად ვლინდებიან, როგორც სასიკვდილო მრისხანება, რომელიც მოძალადე მშობლისკენაა მიმართული.
«რომ შემეძლოს მოგკლავდი!» – სწორედ ასეთი ემოციები მოდიან მუცლიდან.
კონტაქტი ამ ღრმად ჩამარხულ გრძნობებთან სესიის დაწყებისთანავე არ ჩნდება. როგორც წესი, ემოციური გამოთავისუფლების პროცესი კლიენტში სხეულის ზედა ნაწილიდან იწყება, ყველაზე ხშირად - გულ-მკერდის სეგმენტში. შემდეგ, იმის შესაბამისად, თუ როგორ ხდება დიაფრაგმის გახსნა, გამოხატვის პროცესი ღრმავდება, და ბოლოს, ემოცია უზარმაზარი ძალით იღვრება მუცლის დონიდან, უშუალოდ ნაწლავებიდან.
როგორც ხელმძღვანელი და თერაპევტი მე თვალყურს ვადევნებ იმას, რაც შრიდან შრემდე, სეგმენტიდან სეგმენტამდე გამოთავისუფლდება, და ეს არ ხდება ყოველთვის ერთი მიმართულებით მოძრაობით. ზოგჯერ მუცლამდე სეგმენტების თანმიმდევრული დამუშავების შემდეგ, გამოთავისუფლებული ენერგია და ემოციები დიაფრაგმიდან იწყებენ აღმასვლას, მაგრამ გულ-მკერდში ან ყელში იჭედებიან.
მაშინ მე კვლავ უნდა მივაქციო ყურადღება სხეულის ზედა ნაწილს და უნდა ვიმუშაო ბლოკირებული სეგმენტისგან დაძაბულობის გამოთავისუფლებაზე, შემდეგ კი კვლავ დავუბრუნდე მუცელს. კვლავაც ვუბრუნდები მუცელს და ვიწვევ გრძნობებს, რომელიც მაქსიმალური სიღრმიდან ამოდიან - გამუდმებით ამაზე ვარ ორიენტირებული.
ნებისმიერი სახის გამოთავისუფლების შემდეგ აუცილებლად უნდა მოდიოდეს რელაქსაციის ფაზა. ასეთია ბუნებრივი ციკლი, რომელიც რაიხმა თავის ორგაზმულ ფორმულაში დააფიქსირა: დამუხტვა, დაძაბულობა, განმუხტვა, მოდუნება, - რომელსაც გამუდმებით ვიყენებ ჩემს პრაქტიკაში.
რელაქსაციის სტადიაზე ვთავაზობ კლიენტს, რომ თვალები დახუჭოს და მუცლით ნელა და ღრმად სუნთქვა დაიწყოს, და ამავდროულად ყურადღება ქვედა სეგმენტებსა და ფეხებზე შეინარჩუნოს, - ეს გვეხმარება, რომ კვლავ დავმუხტოთ მუცლის მიდამო. შესაძლოა, რამდენიმე წუთში ემოციის კიდევ ერთი ტალღა წამოვიდეს, რომელთა განმუხტვაც ასევე ზედა სეგმენტებით იქნება შესაძლებელი.
შედეგად, მრავალი სესიის შემდეგ დგება მომენტი, როცა მთელ გზაზე, მუცლის ჩათვლით, იხსნება თავისუფალი არხი და მაშინ ადამიანი იძენს უნარს, რომ სტაბილურად იმუშაოს სიღრმიდან.
როგორც წესი, ეს კურსის ბოლოს ხდება, როცა კლიენტებს უკვე შეუძლიათ შეუერთდნენ იმას, რაც მათი არსების უფრო ღრმა ნაწილებში დევს და მიიღონ ის, რის დანახვაც მთელი თავისი ზრდასრული ცხოვრების მანძილზე არ სურდათ, - «ნაწლავების ამომტრიალებელი» სევდა, დარდი ან ტკივილი. ეს შეიძლება იყოს ბავშვობაში განცდილი დიდი დანაკარგი - მაგალითად ისეთი, როგორიცაა სამი-ოთხი წლის ასაკში დედის დაკარგვა.
მახსოვს, როგორ განვიცდიდი მსგავს ტკივილს, როდესაც ჩემი ოჯახი სხვაგან გადავიდა საცხოვრებლად. მაშინ ძალიან მიყვარდა ჩემი ბიძაშვილი - ორივე შვიდი წლის ვიყავით, ყველაფერს ერთად ვაკეთებდით. ჩვენი ოჯახები მეზობლად ცხოვრობდნენ და თითქმის არ ვშორდებოდით ერთმანეთს. შემდეგ ჩემი მშობლები სხვა შტატში გადავიდნენ, დაშორება 9 საათი იყო, ამან ბოლომდე გაწყვიტა ჩვენი კავშირი. მას შემდეგ წელიწადში მხოლოდ ერთხელ ვხვდებოდით. რამდენიმე თვის განმავლობაში ძლიერ სევდას ვგრძნობდი და ახლა მესმის, რომ უბრალოდ დავმარხე ეს გრძნობა, შემდეგ კვლავ დავმარხე და მანამდე ვმარხავდი, სანამ თვალს არ მიეფარა.
სწორედ ასეთი სახის გრძნობები - დანაკარგის სიმძიმე, დამანგრეველი იმედგაცრუება, ღრმა მრისხანება - ინახებიან მუცლისა და ენერგეტიკული ბირთვის სფეროში.
იგივე თემებს შეიძლება შევხვდეთ ზედა სეგმენტებთან მუშაობის დროსაც. შეგვიძლია ბევრჯერ შევეჯახოთ ფსიქოლოგიურად ან ემოციურად რაღაც ტრავმულ შემთხვევას, მაგრამ ყოველთვის, როცა სიღრმეში ჩავდივართ, ცოტათი უფრო მეტად ვუახლოვდებით გრძნობას, რომელიც ბირთვის შიგნითაა და უცებ, მოულოდნელად, ვვარდებით რა მუცელში, ჩვენ მის შუაგულში აღმოვჩნდებით, მასთან სრულ და აბსოლუტურ კონტაქტში.
ამასთან დაკავშირებულია ვარჯიში, რომელსაც ჩემს ჯგუფებში მაშინ ვატარებ, როცა პროცესი დასასრულს უახლოვდება და რომელსაც ეწოდება - „დაუსრულებელი საქმე“.
ამ ვარჯიშის შესახებ სწორედ ახლა ვყვები, რადგანაც მასში აქტიურად მონაწილეობს მუცლის სეგმენტი. იგი უმეტესწილად ორიენტირებულია „შეგრძნებაზე“ და მისი დანიშნულებაა - დაეხმაროს ადამიანებს წარსულში ჩახედვაში და იქ რომელიღაც კონკრეტულ ადამიანთან დაუსრულებელი სიტუაციის აღმოჩენაში: რაღაცის, რაც ყურადღების გარეშე დარჩა, ქვეცნობიერ გონებაში გამოკეტილი, რაღაც გრძნობა, რომელიც არასოდეს გამოხატულა ან არასოდეს აღიარებულა.
იმის გამო, რომ სიტუაცია დაუსრულებელი რჩება, ჩვენ ვატარებთ მას ქრონიკული დაძაბულობის სახით სხეულის ჯავშანში, ასევე ფსიქოლოგიური მონაცემების თავისუფალი ბაიტების სახით, რომლებიც ჩვენი გონების ბიო-კომპიუტერში დახეტიალობენ. ვარჯიში „დაუსრულებელი საქმე“, რომელიც ერთდროულად მუშაობს ფსიქოლოგიურ და ემოციურ დონეებზე, ამ სიტუაციის გადაჭრის საშუალებას იძლევა.
დასაწყისისთვის გამახურებელ ვარჯიშს ვთავაზობ - რამდენიმე რბილ ბიო-ენერგეტიკულ დაძაბულ პოზიციას, რომლებიც ადამიანს საკუთარ მუცელთან შეერთებაში ეხმარება. ყველას ვთხოვ, რომ მატრასზე ზურგით დაწვნენ და ძირითადი სუნთქვითი პოზიცია მიიღონ, მუხლები მოხარონ და ტერფები მატრასზე დაალაგონ, შემდეგ კი დაიწყონ თითებით მუცელზე კაკუნი, რათა აღმოჩინონ, სადაა ამ სეგმენტში დაძაბულობა და მოადუნონ იგი. ამის შემდეგ ვიწვევ მონაწილეებს, რომ მუცლით სუნთქვასთან ერთად თავი წამოსწიონ და პირდაპირ, მოხრილი მუხლების მიმართულებით იმზირონ. ადამიანთა უმეტესობა თავის წამოსაწევად მუcლის კუნთებს იყენებს, ასე მუცელი მაშინვე იჭიმება, სუნთქვა კი შეზღუდული ხდება.
შემდეგ ვთავაზობ, რომ ამოისუნთქონ და თავი მატრასზე დაუშვან, ამასთან ყურადღება მიაქციონ იმას, თუ როგორ დუნდებიან მუცლის კუნთები. «იმისთვის, რომ თავი წამოწეული შეინარჩუნოთ, - ვუხსნი მე, - შეგიძლიათ გამოიყენოთ სხვა კუნთები, მაგალითად კისრის კუნთები. ამ შემთხვევაში მუცელს შეუძლია მოდუნებული დარჩეს».
მე ვთავაზობ მონაწილეებს, რომ კვლავაც სცადონ ამის გაკეთება, დამოუკიდებლად, სუნთქვის 15-20 ციკლის განმავლობაში და თან თავი დაუშვან, ექსპერიმენტები ჩაატარონ, გაიგონ, შეუძლიათ თუ არა მუცლის მოდუნებულ მდგომარეობაში შენარჩუნება. ეს მარტივი ტექნიკა საშუალებას აძლევს ადამიანებს, რომ იგრძნონ, როგორ იქმნება ხშირად დაძაბულობა მუცელში ყოველგვარი საჭიროების გარეშე.
მეორე სავარჯიშოში, რომელიც ასევე ძირითადი სუნთქვითი პოზიციით იწყება, მონაწილეებს ვთავაზობ, რომ ხელებით მუხლებს ჩაეჭიდონ: მარჯვენათი მარჯვენას, და მარცხენათი - მარცხენას, მუხლები მკერდთან მიიტანონ და საშუალება მისცენ დუნდულებს და ზურგს, რომ მატრასზე იკოტრიალონ. ეს პოზა, რომელიც ახალშობილის პოზას გვაგონებს, გვეხმარება, რომ თამაშის ფორმით მოვადუნოთ მენჯისა და სექსუალური ცენტრის მიდამო.
შემდეგ მონაწილეებს ვთავაზობ, რომ მენჯის იატაკზე შენარჩუნებით, მაღლა ასწიონ ფეხები ისე, რომ ტერფები ფეხების პერპენდიკულარულად იყვნენ და ჭერს უყურებდნენ. ამ პოზიციაში იმ დონეზე უნდა მიაწვნენ ტერფებით ზემოთ, რომ ფეხების უკანა ნაწილებში დაძაბულობა იგრძნობოდეს.
პრინციპში, ფეხების ასე დაჭერა ბარძაყების კუნთებითაც შეიძლება. მაგრამ რადგანაც თეძოს კუნთები ჩვეულებრივ ძალიან დაჭიმულია, ადამიანებს უწევთ, რომ ფეხები ვერტიკალურ პოზიციაში მუცლის კუნთების გამოყენებითაც შეინარჩუნონ. ამ პოზიციის უფრო ღრმად გამოსაკვლევად მონაწილეებს დამატებითი დახმარების სახით ვთავაზობ, რომ მუშტები დუნდულებს ქვეშ ამოიდონ და ამ დროს ყურადღება მუცლისა და თეძოს დაძაბულ კუნთებზე მიმართონ (ორივე ეს მიდამო მუცლის სეგმენტის შემადგენლობაში შედის).
ორივე ეს სავარჯიშო ენერგიას და ყურადღებას მუცლის სეგმენტისკენ მიმართავს. მათ შემდეგ ჩვენ შეგვიძლია გადავიდეთ „დაუსრულებელი საქმის“ სტრუქტურაზე.
ეს სავარჯიშო მოიცავს გეშტალტის კლასიკურ ტექნიკას (საუბარი სიტუაციის ყოველი მონაწილის პირით) და ნეორაიხულ სუნთქვას, რომელსაც მძლავრი ენერგეტიკული მუხტი შემოაქვს. ვარჯიში სრულდება წყვილში. ერთ-ერთი პარტნიორი მონაწილეობს მასში, როგორც კლიენტი, მეორე კი - როგორც დამხმარე. კლიენტი მატრასზე წევს, ძირითად სუნთქვით პოზიციაში, ხოლო დამხმარე მის გვერდით ზის.
თავიდან კლიენტები სხეულში ენერგიის მუხტს აგროვებენ მუცლით ღრმა სუნთქვის შედეგად, ხოლო დამხმარე პარტნიორის ერთ-ერთი ამოცანა იმაში მდგომარეობს, რომ ხელი შეუწყოს ამ ღრმა სუნთქვას მთელი ვარჯიშის განმავლობაში.
ამასობაში რბილ მუსიკას ვრთავ, ხშირად - სევდიანს ან ბავშვურს, რაც შესაბამის განწყობას ქმნის და კლიენტებს ვთხოვ, რომ თვალები დახუჭონ. შემდეგ იწყება წარსულში ჩაძირვა. ვთავაზობ მათ, რომ გადახედონ განვლილ წლებს და გაიხსენონ რამდენიმე ადამიანი, რომლებიც მათთვის ემოციურად მნიშვნელოვანნი იყვნენ, ადამიანები, რომლებიც უყვარდათ, ადამიანები, რომლებთანაც ძალიან ახლოს იყვნენ. ეს ადამიანები ჯერ კიდევ ჩვენში ცხოვრობენ - ადამიანები, რომელთა მიმართაც გულგრილნი არა ვართ ამა თუ იმ თვალსაზრისით.
მონაწილეებს ვთხოვ, რომ გაიხსენონ კონკრეტული სიტუაცია რომელიმე ადამიანთან. ეს შეიძლება იყოს ნეგატიური გრნობებით დატვირთული ინფორმაცია, მაგალითად წყენით ან ტკივილით, ან სიტუაცია პოზიტიური გრძნობებით, რომლებიც არასოდეს გამოხატულა ბოლომდე - შესაძლოა უყვარდათ ვიღაც, მაგრამ მაინც ვერ მისცეს თავს უფლება - ღიად ეთქვათ: „მე შენ მიყვარხარ“.
შესაძლოა, ერთ-ერთი მშობელი, ბაბუა ან ბებია, ან ვინმე სხვა, - ვინც მნიშვნელოვანი იყო. ეს შეიძლება იყოს და, ძმა, რომელიმე ახლო ნათესავი ან ვინმე ახლო წარსულიდან - მეგობარი, მეუღლე, შეყვარებული... შესაძლოა ის, ვინც უკვე მოკვდა, ის, ვისაც ვეღარასოდეს ნახავს.
მე ვთავაზობ კლიენტებს, რომ განსაზღვრონ, ვინაა ეს ადამიანი, წარმოიდგინონ, რომ სწორედ იმ დროს იქ იმყოფებიან, იმ ოთახში, რამდენჯერმე დაუძახონ ხმამაღლა სახელი, თვალებში შეხედონ და ლაპარაკი დაიწყონ - თქვან ყველაფერი, რაც ადრე ვერ გამოთქვეს.
ბუნებრივია, რომ ლაპარაკის პროცესში ემოციები იწყებენ ზემოთ ამოსვლას. ამ დროს ვთავაზობ მათ, რომ სხეულს მოძრაობის საშუალება მისცენ, გრძნობებს კი - გარეთ გამოსვლის საშუალება. მაგრამ აქ უფრო მნიშვნელოვანი სიტყვიერი გამოხატულებაა. სიტყვები ემოციებს გონებასთან აკავშირებენ. ეს სწორედ ისაა, რაც გვჭირდება: უშუალო კონტაქტი სხვა ადამიანთან კონკრეტულ სიტუაციაში. შედეგად, ყველაფერი ის, რაც წლების განმავლობაში გონებასა და სხეულში რჩებოდა, შეიძლება განკურნებულ და გაშვებულ იქნეს.
შესაძლოა, გონებაში უკვე მილიონჯერ გვითქვამს ეს ყველაფერი საკუთარი თავისთვის, მაგრამ როცა ხმამაღლა წარმოვთქვამთ, უკეთ გვესმის ისინი. გარდა ამისა, სიტყვათა ბგერები სხეულში წარმოქმნიან ვიბრაციებს, რომლებიც გვეხმარებიან გაუცნობიერებლის გაცნობიერებულად გარდაქმნაში.
დამხმარეებს ვთხოვ, რომ თავის კლიენტს ენერგეტიკულად დაუჭირონ მხარი. ისინი ნელ მოძრაობებს ასრულებენ ხელისგულებით კლიენტის მუცლიდან ზემოთ, მთელი სხეულის გასწვრივ, ისე რომ არ ეხებიან მას, მაგრამ დაახლოებით ხუთ სანტიმეტრიან დისტანციას ინარჩუნებენ. როგორც ადრე აღვწერე, დამხმარეთა ხელების ენერგია ერთიანდება კლიენტების მუცლის ენერგიასთან და ხელს უწყობს ერთგვარი „გამოხატვის ნაკადი“ შეიქმნას - ენერგიის ნაკადი, რომელიც მუცლის, გულ-მკერდისა და ყელის გავლით მოძრაობს და რომელსაც შეუძლია ძალიან დაეხმაროს ადამიანს ემოციის გამოხატვაში.
რამდენიმე წუთში ბევრი მონაწილე ტირილს ან ქვითინს იწყებს: ეხებიან რა ძველ ჭრილობებს, ისინი ათავისუფლებენ იმას, რაც ამდენ ხანს დაფარული იყო. მე ვთავაზობ, რომ წარმოთქვან სიტყვები, განაგრძონ სუნთქვა და საშუალება მისცენ სხეულს, რომ მონაწილეობა მიიღოს გამოხატვაში ნებისმიერი საშუალებით, რომელიც სწორად აღიქმება, მაგალითად მუშტების მატრასზე ბრახუნით ან ფეხების ბაკუნით.
დაახლოებით 10 წუთის შემდეგ კილიენტებს ვთხოვ, რომ რაღაც დროით შეწყვიტონ საუბარი, ყურადღება საკუთარი თავის შიგნით მიმართონ და დაისვენონ. შემდეგ ვთავაზობ, რომ ყურადღება მიაქციონ იმას, თუ რას გრძნობს სხვა ადამიანი - ახლა, როცა მან გაიგო ის, რაც ითქვა. ვთავაზობ, წარმოიდგინონ, რომ ახლა ეს სხვა ადამიანები არიან, გაიმეორონ ხმამაღლა მათი პირით საკუთარი სახელი, თითქოს ახლა ეს ადამიანი მიმართავს მას და საშუალება მისცეს, რომ ილაპარაკოს.
ჩვეულებრივ, იმისთვის, რომ როლების ასეთი შეცვლა მოხდეს, რამდენიმე წუთია საჭირო, მაგრამ ადამიანთა უმეტესობა ამას უმკლავდება და შემდეგი 10 წუთის განმავლობაში ლაპარაკობენ და უკვე ამ ადამიანის თვალსაზრისს გამოხატავენ.
უნდა აღვნიშნო, რომ, როცა წინასწარ ვხსნი ამ სავარჯიშოს ტექნიკას, ზოგიერთი ადამიანი სხვა ადამიანის როლში გამოსვლის წინააღმდეგია. ისინი ამბობენ: „საიდან უნდა ვიცოდე, რას ფიქრობდა მაშინ მამაჩემი?“ მაგრამ რაღაცნაირად ჩვენ ეს ვიცით. როცა განვეწყობით ადამიანზე, კონცენტრაციას ვახდენთ მასზე, ამ დროს ღრმა ფსიქიკურ კავშირს აღმოვაჩენთ მასთან და ვაცნობიერებთ, რა ხდებოდა მაშინ მის შიგნით.
ის, რომ ჩვენ არა მხოლოდ მივმართავთ ამ ადამიანს, არამედ მის როლსაც ვთამაშობთ, პროცესს უფრო სავსეს და დასრულებულს ხდის. წინააღმდეგ შემთხვევაში იგი ცალმხრივი იქნებოდა. ეს იქნებოდა ემოციის გამოხეთქვის შესაძლებლობა, მაგრამ მასში არ იქნეებოდა გამოთავისუფლების სიღრმე, არ იქნება თანაგრძნობისა და განკურნების მომენტი.
ამ სტადიის დასრულებისას მე ვთავაზობ კლიენტებს, რომ კვლავ დაუბრუნდნენ თავის თავს და გამოხატონ ყველაფერი იმისთვის, რომ ეს ურთიერთგაცვლა დაასრულონ, შემდეგ კი იგრძნონ, მზად არიან თუ არა აპატიონ ამ ადამიანს, ან თავად თხოვონ პატიება - იმის მიხედვით, რა უფრო ადეკვატურია მოცემულ შემთხვევაში. მონაწილეებს მოვუწოდებ, რომ გულიდან ილაპარაკონ, რათა ეცადონ ურთიერთობაში ახალი, ჭრილობის გამამთელებელი გაგების შემოტანას. შემდეგ ვთხოვ, რომ დაემშვიდობონ ამ ადამიანს და გაუშვან.
თანდათანობით მე ვეხმარები კლიენტებს, რომ „რეალურ სამყაროში“, აწმყოში დაბრუნდნენ. შემდეგ ვთხოვ მათ, რომ კონტაქტი დაამყარონ დამხმარეებთან და რამდენიმე წუთი დაუთმონ თავიანთი განცდების გაზიარებას, მოყვნენ, თუ ვისთან ილაპარაკეს და რა მნიშვნელობა აქვს ამ ადამიანს მათ ცხოვრებაში.
შესვენების შემდეგ მონაწილეები როლებს ცვლიან და ამ სავარჯიშოს კიდევ ერთხელ აკეთებენ.
წაიკითხავთ რა ამ ტექნიკის აღწერას, შესაძლოა იფიქროთ: „ამის გაკეთება ხომ თვითონაც შემიძლია, უბრალოდ სავარძელში ჩავჯდები, თვალებს დავხუჭავ და ვინმეზე ვიფიქრებ“.
მოკლე პასუხი იქნება: „კი, შეგიძლიათ“. და რეალურად მსგავსი ვარჯიშები, რომლებიც გეშტალტის მეთოდზეა დაფუძნებული, ფსიქო-კონსულტირების პროცესში მთელს მსოფლიოში ტარდება. ამისთვის როგორც წესი იყენებენ ორ ბალიშს. როცა ერთ-ერთზე ზის, კლიენტი წარმოიდგენს ადამიანს, რომელიც მეორეზე ზის და მასთან ლაპარაკს იწყებს.
ეს ძალიან ეფექტური პრაქტიკაა, განსაკუთრებით გამოცდილი ფსიქო-კონსულტანტის ხელმძღვანელობით. თუმცაღა, ჩემი გამოცდილებით, ამ დროს არ მიიღწევა ის ემოციური სიღრმე, რომელსაც შეგვიძლია მივაღწიოთ გეშტალტის რაიხულ პრაქტიკასთან შეთავსებით.
ჩვეულებრივ, ამ სავარჯიშოს ხუთდღიანი ჯგუფის ბოლო დღეს ვაკეთებ ხოლმე. ამ დროისთვის მონაწილეების სხეულები მოდუნებულია, მათი ენერგია უფრო ბუნებრივად მოძრაობს, ხოლო თვითონ თავის ემოციებთან კონტაქტში არიან. ასეთ მდგომარეობაში „დაუსრულებელი საქმის“ თემებზე კონცენტრაცია უცილობლად იწვევს ღრმა ზემოქმედებას. გარდა ამისა, დაწოლილ და თვალდახუჭულ მდგომარეობაში უფრო მოწყვლადები ვართ და უფრო განწყობილნი ვართ რეგრესიისადმი. თქვენ ადვილად შეგიძლიათ იქცეთ ბავშვად, რომელიც სარწეველაში ან პატარა ლოგინში წევს, განსაკუთრებით მაშინ, თუ ვიღაც თქვენს გვერდით ზის და ზრუნავს თქვენზე.
ამ სავარჯიშოებს დამხმარების გარეშეც ვატარებდი, როცა მონაწილეები დამოუკიდებლად მუშაობდნენ, მაგრამ აღმოვაჩინე, რომ ადამიანის გვერდით ყოფნა, რომელიც გისმენთ და გვერდში გიდგათ, ეხმარება კლიენტებს, სწორი კურსის დაჭერაში. მათთვის უფრო რთული ხდება „გაფრენა“ ან ვარჯიშის სტრუქტურის მიღმა გასვლა. უფრო მეტიც. მომხდარი დამხმარეებზეც ახდენს გავლენას. ხშირად ისინი ემოციურად ერთვებიან, თანაუგრძნობენ და ზოგჯერ თავადაც ტირიან, როცა ხედავენ, რომ მათ წინ ამაღელვებელი ისტორია ვითარდება.
მე უკვე მითქვამს იმის შესახებ, რომ მუცლის სეგმენტი დაკავშირებულია ბავშვისა და დედის ურთიერთობების თემასთან, ღრმა გრძნობებთან, განსაკურნებელ ემოციურ ჭრილობებთან - რაღაც ნეგატიურთან, რომელიც მუცელში ინახება. ახლა დროა პოზიტიურ ასპექტზეც ვთქვათ.
მუცელს გააჩნია ტკბობის უზარმაზარი შესაძლებლობა.
მუცლით ტკბობა - ესაა, მაგალითად, ახალშობილის ღრმა ტკბობა, რომელიც დედის ხელებზეა დასვენებული და მის ძუძუს წოვს, ან მის სხეულზე ისვენებს. სასიამოვნო შეგრძნებებს ფიზიკურ სხეულში ადამიანი მუცლის ენერგეტიკული ცენტრით შეიგრძნობს. როგორც უკვე აღვნიშნე, ამ სეგმენტში არსებობს ღრმა კავშირი ფიზიკურ და ენერგეტიკულ სხეულებს შორის. ამიტომ გრძნობები ფიზიკურ სხეულში ადვილად შეიგრძნობა და ვიბრირებს ენერგეტიკულ სხეულში. ბავშვი ძუძუს წოვის დროს ბოლომდე ჩართულია ამ საქმიანობაში: მისი ტუჩები წოვენ, ხელები ეხებიან, კუჭი ივსება, მთელი სხეული იკვებება. კვებისა და ავსების ეს შეგრძნებები განიცდება მუცლის მეშვეობით, რომელიც გრძნობებს აღიქვამს და ენერგეტიკულ სხეულს გადასცემს მათ. ის კი ტკბობისგან ფართოვდება, დაკმაყოფილების აურას ქმნის და მთელ ფიზიკურ სხეულს მოიცავს. ღრმა მოდუნებისა და დაკმაყოფილების შეგრძნება, რომელიც მას შემდეგ მოდის, რაც ბავშვი დანაყრდება, ასევე წარმოადგენს ენერგეტიკული, ანუ მეორე სხეულის განცდას.
რაიხულ პრაქტიკაში ინტენსიური სესიის შემდეგ კლიენტი, რომელმაც ღრმა ემოციური გამოთავისუფლება განიცადა, ბუნებრივი გზით ხვდება სასიამოვნო მოდუნების მსგავს სივრცეში. ეს ერთ-ერთი ის იშვიათი მომენტია ზრდასრული ადამიანის ცხოვრებაში, როცა მას შეუძლია მართლაც გაუშვას მთელი დაძაბულობა და შფოთვა, იგრძნოს, რომ არაფრის კეთება არაა საჭირო, რომ ყველაფერი კარგადაა. როცა კლიენტი ამ სივრცეში შედის, მე ფრთხილად ვალაგებ მისივე ხელებს მის მუცელზე. ეს აძლიერებს განცდას და იძლევა „საკუთარ სახლში ყოფნის“ შეგრძნებას, ერთიანობის, ჰარმონიის შეგრძნებას.
ხდება ხოლმე, რომ ადამიანი მოდის ჩემთან, რადგან სხვადასხვა ენერგეტიკული გახლეჩილობების გამო თავს სრულიად დამტვრეულად გრძნობს. შემდეგ, ამ კონფლიქტური ენერგიების გამოხატვისა და გამოთავისუფლების შედეგად, ყოველი სეგმენტი ჰარმონიულად უერთდება დანარჩენს - ყოველ შემთხვევაში გარკვეული დროით მაინც. ამ გრძნობას ხელს უწყობს ენერგიის თავისუფალი დინება ყველა სეგმენტის გავლით. ენერგიამ შეიძლება იდინოს ხელის თითებში, მიაღწიოს გულს, შეაღწიოს სექსუალურ ცენტრში და გაიაროს ფეხებსა და ტერფებში, შექმნას მთლიანობის შეგრძნება, რომელიც რაღაც სახით მუცლის მეშვეობით აღიქმება.
ორგანული მთლიანობის ეს გრძნობა წარმოადგენს ბიოენერგეტიკულ მოვლენას, ძალიან სასიამოვნოს, მაგრამ ადამიანთა უმეტესობისთვის ჩვეულებრივ ცხოვრებაში მიუწვდომელს. რაღაც სიტუაციებში ჩვენ შეგვიძლია განვიცადოთ ბედნიერების ან აგზნების წამები - მაგალითად სპორტული შეჯიბრის კრიტიკულ მომენტებში ან აზარტულ თამაშში წარმატების დროს. მაგრამ ეს შეგრძნებები ვერანაირად ვერ შეედრება მთლიანობის განცდას, რომელიც ჩვენს ბირთვში იწვევს ტკბობის შეგრძნებას.
თუმცაღა არსებობს განცდის კიდევ ერთი სახე, რომელიც თითქმის ისეთივე სიამოვნებას გვანიჭებს და ეს - სექსია.
სექსუალური სიახლოვე, ორგაზმის მიღწევა, სიყვარული - ყველაფერ ამას შეუძლია ნეტარების იგივე სიმაღლეებამდე მიგვიყვანოს.
მსგავსი განცდებით ტკბობის უნარი ბოლომდე განისაზღვრება მენჯის სეგმენტის ჯანმრთელი მდგომარეობით და ენერგეტიკული სისავსით - სეგმენტის, რომელსაც შემდეგ თავში აღვწერთ.