თავი 4 ჯავშანი: 7 სეგმენტი
თავი 4 ჯავშანი: 7 სეგმენტი
ბავშვობაში ძალიან ექსპრესიული ბავშვი ვიყავი და სხვა პატარა გოგონებისს მსგავსად, რომელიც ე.წ. „ნორმალურ“ ოჯახში იზრდებოდა, მამა ძალიან მიყვარდა. იმ პერიოდში - წლებში, რომელიც ხასიათს აყალიბებს - მამა მთავარი ადამიანი იყო ჩემს ცხოვრებაში. ძალიან მინდოდა, რომ გადამხვეოდა, ზოგჯერ მივიწევდი მისკენ და ვეხებოდი უბრალო ბავშური სურვილით - მეგრძნო სითბო, სიახლოვე და თავდაჯერება, რომლის მოცემაც მამას შეუძლია. მაგრამ ხშირად, უფრო სწორედ თითქმის ყოველთვის - მას გარკვეულ დისტანციაზე ვყავდი. ეს ჩემს მიერ აღიქმებოდა, როგორც უარყოფა.
არ ვიცი, რატომ აკეთებდა ასე. ვიცი, რომ ზრუნავდა ჩემზე და ცდილობდა, რომ კარგი მამა ყოფილიყო. შესაძლოა, ეშინოდა, რომ დედაჩემი ან ჩემი დები იეჭვიანებდნენ ან იქნებ საკუთარი ემოციების ეშინოდა, რცხვენოდა სიყვარულის გამომჟღავნების, იქნებ აწუხებდა ის, თუ რას იფიქრებდნენ სხვები. შესაძლოა, ეშინოდა, რომ თავი სექსუალურად ეგრძნო, როცა ზურგით მატარებდა.
ძნელი გამოსაცნობია მისი ფიქრები. თუმცაღა მოგვიანებით, ერიკა კელისთან იმ პირველი სესიის შემდეგ, თერაპიაში ჩაღრმავებასთან და ჩემი ფსიქიკის დაფარული ნაწილების კვლევასთან ერთად, მე დავიწყე სევდის, იმედგაცრუებისა და განდევნილობის შეგრძნების იმ მრავალი მომენტის გახსენება, რომლებიც მამასთან და მასთან სიახლოვის სურვილთან იყო დაკავშირებული. გამახსენდა ასევე ისიც, თუ როგორ ვუკრძალავდი საკუთარ თავს მსგავს გრძნობებს, რათა ტკივილი არ მეგრძნო და არ გამომემჟღავნებინა ეს გრძნობები. მე ვიპოვე მათთან გამკლავების და ტკივილისგან თავდაცვის საშუალება.
ფიზიკურად ეს ტკივილი ყელში მოჭერის სახით ვლინდებოდა, თითქოს საკუთარ ხმას ვყლაპავდი, თავის შეკავებისას სხეულში გარკვეული ჯგუფის კუნთებს ვჭიმავდი, განსაკუთრებით დიაფრაგმისა და მზის წნულის დონეზე. ასე ყველაფერი უფრო კონტროლირებადი და მართვადი ხდებოდა; თითქოს ჩემი გრძნობების გამოხატვას იმ ფორმას ვაძლევდი, რომელიც ჩემთვის და ჩემი მშობლებისთვის მისაღები იყო.
რა თქმა უნდა, იმ დროს წარმოდგენა არ მქონდა რას ვაკეტებდი. არ ვიცოდი, რომ არასასურველი გრძნობების მოხრჩობისთვის შესაძლებელია გარკვეული ჯგუფის კუნთების გამოყენება. მე უბრალოდ თავის დაცვას ვცდილობდი და შედეგად ნაკლებად გამომხატველი, ნაკლებად უშუალო და ნაკლებად ცოცხალი გავხდი.
ესაა ის ფასი, რასაც ჩვენ ყველანი ვიხდით, რათა თავი დავიცვათ.
როცა ჩვენი კუნთები ჩვეულებისამებრ დაძაბული და შეკუმშულია, ენერგიის მოცულობა მცირდება, რადგან ახლა მას უკვე აღარ შეუძლია სხეულში თავისუფლად გადაადგილება. ასე იქმნება მთელი მომდევნო ცხოვრების განმავლობაში დაქვეითებული სასიცოცხლო ენერგიის სტერეოტიპი.
მაგალითად, მე ბავშვობაში მამისგან რაიმეს მიღების სურვილიც კი ავუკრძალე საკუთარ თავს. როცა გავიზარდე, ეს ჩვევა მამაკაცებთან ჩემს სასიყვარულო ურთიერთობებშიც გადავიტანე. მიძნელდებოდა სპონტანურად თვითგამოხატვა, თავისუფლად და ემოციურად რეაგირება, საკუთარი სიყვარულის ჩვენება ან მისი თხოვნა. ჩემი გონებაც და სხეულიც კარგად მყავდა გაწვრთნილი გამოხატვისთვის ხელის შესაშლელად.
ურთიერთკავშირი ემოციურ კონტროლსა და კუნთების დაძაბულობას შორის პირველად რაიხის მიერ იქნა აღმოჩენილი ჯერ ფროიდის ვენის კლინიკაში, შემდეგ კი მის საკუთარ კლინიკებში, რომლებსაც ყველგან ხსნიდა სადაც ჩადიოდა. რაიხმა შეამჩნია, რომ მის მრავალ პაციენტს აღენიშნებოდა ერთგვარი მოკვდინება ან ძლიერი რიგიდულობა ფიზიკურ გამოვლინებებში. იგი მათ მანერებს აკვირდებოდა: იმას, თუ საუბრისას როგორ ვერ უმზერდნენ მას პირდაპირ, როგორ საუბრობდნენ ძალიან ჩუმად, ან თითქოს საერთოდ არ სუნთქავდნენ, ან მოხრილები იყვნენ, ან მჭიდროდ ჰქონდათ ხელები გადაჯვარედინებული მკერდზე.
თანდათანობით რაიხი მიხვდა, რომ ნევროზიან ადამიანებს სხეულში გარკვეული სახის დაჭიმულობები აქვთ და დაიწყო ექსპერიმენტები. როცა ტახტზე წამოწოლილი პაციენტი საუბრობდა, რაიხი მის მუცელს ეხებოდა და აღმოაჩენდა რა, რომ დაძაბულობისგან იგი ქვასავით გამაგრებული იყო, სთავაზობდა პაიენტს: „ახლა უფრო ღრმად ისუნთქეთ აქ, მუცელში“.
ბუნებრივია, იგი წინააღმდეგობას აწყდებოდა პაციენტების მხრიდან, რადგანაც ადამიანები იმისთვის ქმნიან სხეულში დაძაბულობას, რომ შეგრძნება შეწყვიტონ. როცა პაციენტი სუნთქვას იწყებდა, სუნთქვასთან ერთად მასში მღელვარება იზრდებოდა და ამავდროულად ბრაზიც რაიხის მიმართ, რომელიც სუნთქვას და შეგრძნებას აიძულებდა.
მაგრამ იმის ნაცვლად, რომ ამ ემოციების შეჩერება ან მათთვის სხვა მიმართულების მოძებნა ეცადა, რაიხი კიდევ უფრო მეტად ახდენდა პაციენტის პროვოცირებას. იგი ხელს უწყობდა გამოხატვის ამ ენერგიის გაფართოებას და იწვევდა კლიენტებს, რომ ელაპარაკათ სხეულში ნებისმიერ ფიზიკურ დაძაბულობაზე ან ნებისმიერ ემოციაზე, რომელიც ზედაპირზე ამოტივტივდებოდა. იგი სთხოვდა პაციენტებს, საკუთარ თავში შეემჩნიათ, თუ როგორ უჭირდათ იმ სიტყვების წარმოთქმა, რომლების თქმაც უნდათ, როგორ ვიწროვდება მათი ყელი, სუნთქვა კი ჩერდებოდა ალბათ იმისთვის, რომ ხელი შეეშალა აკრძალულ სიტყვების გამოთქმისთვის - და თუ მაინც სიტყვები გარეთ ამოხეთქვას ახერხებდნენ და პაციენტი ფეთქდებოდა, რაიხი სთავაზობდა, რომ ტახტისთვის დაეშინა მუშტები, ან მთელი სხეულით ემოძრავა, ან ეყვირა და ეღრიალა, რათა ენერგია გამოეთავისუფლებინა.
გამოთავისუფლების შემდეგ იგი ამჩნევდა, რომ პაციენტის სუნთქვა უფრო მოდუნებული და ბუნებრივი ხდებოდა, დაძაბულობა გარკვეული ჯგუფის კუნთებში სუსტდებოდა და ენერგია ადვილად ცირკულებდა მთელ სხეულში, განსაკუთრებით იმ სფეროებში, რომლებიც მანამდე დაჭიმულნი იყვნენ. ეს რაიხის რევოლუციის ნაწილი იყო: მან შეიმუშავა თერაპიის „მანუალური“ მიდგომა, მუშაობდა რა ერთდროულად სხეულთან, სუნთქვასთან, ემოციებთან და ფსიქოლოგიურ პრობლემებთან.
ასეთი მიდგომა ძალიან განსხვავდებოდა მისი მასწავლებლის, ზიგმუნდ ფროიდის ცივი, ანალიტიკური სტილისგან. უბრალოდ წარმოიდგინეთ: თქვენი თერაპევტი უკვე აღარ ზის სავარძლის უკან და გულგრილი ტონით არ გისვამთ კითხვებს, არ იწერს იმას, რასაც ლაპარაკობთ. ამის ნაცვლად იგი პირდაპირ თქვენს წინ დგას. ხელით გაწვებათ სხეულზე, რათა უფრო ღრმად ისუნთქოთ, გიწვევთ, რომ უფრო მეტად იგრძნოთ, გიზელთ დაძაბულ კუნთებს და გამზადებთ ემოციური აფეთქებისთვის. ასეთი ფორმის თერაპიის წარმოდგენას ფროიდი ვერასოდეს შეძლებდა. მაგრამ რაიხისთვის ეს იყო ნევროზის მკურნალობის და ფსიქიური ჯანმრთელობის აღდგენის ძირითადი ნაწილი. მისი აზრით, შეუძლებელია ღრმა დონეზე შეცვალო აზროვნების პროცესი, თუ სხეულს არ შეეხები. ამგვარად, რაიხი პირველი გახდა, ვინც ფსიქოლოგია გონების საზღვრებს მიღმა გაიყვანა და სხეულამდე მიიყვანა.
მის ერთ-ერთ მთავარ აღმოჩენას წარმოადგენდა, რომ კუნთების ჯგუფები შეთანხმებულად მოქმედებენ და ხელს უწყობენ ენერგიის გამოვლინებას. მაგალითად, ენის გამოყოფა - ესაა ბრაზის გამოხატულება, რომელშიც ჩართულია პირისა და ყელის ზედა ნაწილის კუნთები. როცა ადამიანი შეშინდება ხოლმე, მისი გულმკერდის ყაფაზი იკუმშება, მხრები კი წინ და შიგნითკენ მიდიან და გულის მიდამოს იცავენ. უეცარი შოკი თვალებს გაფართოებას აიძულებს, რადგანაც კუნთები მის გარშემო უკან იქაჩება და ვიწროვდება.
რაიხმა შვიდი სეგმენტი, ანუ კუნთების ჯგუფი აღმოაჩინა, რომლებიც რგოლებად ერტყმიან გარშემო სხეულს, მსგავსად ჭიაყელას რგოლებისა. ფაქტიურად, იგი ვარაუდობდა, რომ კუნთების ეს სეგმენტალური განლაგება ადამიანში ევოლუციურ მემკვიდრეობას წარმოადგენს ჩვენი ძველი წინაპრებისგან - ჭიაყელებისგან.
მე ავღწერ ამ შვიდ სეგმენტს, და დავიწყებ სხეულის ზედა ნაწილით:
- თვალის (ოკულარული) სეგმენტი
განლაგებულია თავის ზედა ნაწილში. მოიცავს თვალებს, თვალის ბუდეების შიგა და გარე კუნთებს, შუბლს, თხემს, თავის გვერდითა ნაწილებს, ასევე თავის უკანა ნაწილს, სადაც თავის ქალა კისერს უერთდება.
- პირის (ორალური) სეგმენტი
მოიცავს პირის მიდამოს: ტუჩებს, კბილებს, ენას, ყბებს და იმ კუნთებს, რომლებიც ქვედა ყბას კისრის უკანა ნაწილთან აკავშირებენ.
- ყელის სეგმენტი
მესამე სეგმენტის შემდგენლობაში შედის ყელისა და კისრის ყველა კუნთი. რაიხის თერაპიაში ეს სეგმენტი ფრიად მნიშვნელოვანია, რადგანაც მისი გავლით დიდი ენერგია გადის. ყელის წინა ნაწილში განლაგებულია კუნთები, რომლებიც დაკავშირებულია ტირილთან, სევდისა და ტკივილის გამოხატულებასთან; გვერდითი კუნთები დაკავშირებულია ბრაზის შეკავებასთან ან გამოხატვასთან; კისრის უკანა ნაწილის კუნთებს კავშირი აქვთ შიშთან.
- გულ-მკერდის სეგმენტი
გულ-მკერდის სეგმენტი მოიცავს გულ-მკერდის ყაფაზს, დაწყებული გულ-მკერდიდან, უკან, ნეკნების ხერხემალთან შეერთების ადგილამდე. მასში ასევე შედის მხრებისა და ხელების ყველა კუნთი. ცხადია, რომ ეს სეგმენტი ღრმადაა დაკავშირებული ჩვენს სუნთქვასთან, ასევე გულის შეგრძნებებთან.
- დიაფრაგმის სეგმენტი
მეხუთე სეგმენტი მოიცავს დიაფრაგმის ყველა კუნთს. ესაა კუნთების გუმბათისებური ჯგუფი, რომელიც ჩასუნთქვისას მუცლის ღრუში ეშვება, ამოსუნთქვისას კი ზემოთ იწევა და ფილტვებს ჰაერისგან დაცლაში ეხმარება. ეს სეგმენტი ასევე ღრმადაა დაკავშირებული სუნთქვასთან და ემოციების კონტროლთან.
- მუცლის (აბდომინალური) სეგმენტი
მუცლის სეგმენტი მოიცავს მუცლის ღრუს და წელის ყველა კუნთს. მის შემადგენლობაში ასევე შედის ჩვენი ნაწლავებიც - მრავალი ღრმა გრძნობის დაბადების ადგილი.
- მენჯის სეგმენტი
ეს უკანასკნელი სეგმენტი მოიცავს მენჯის ფსკერის კუნთებს, გენიტალიებს, ანუსს, დუნდულებს, ფეხებს და ტერფებს. ესაა ჩვენი სხეულის მიწასთან კავშირის ადგილი.
ამრიგად ეს შვიდი, კუნთოვანი სეგმენტი რგოლისებურად ერტყმის სხეულს, ქმნის მილის მსგავს წარმონაქმნს და ხელს უწყობს ენერგიას დინებაში. ეს პროცესი ჭიაყელას მოძრაობას გვაგონებს. ზუსტად ისევე, როგორც ჭიაყელას სეგმენტებით გადაეცემა მოძრაობის ტალღა და უზრუნველყოფს მის გადაადგილებას ნიადაგში, ენერგიის ტალღაც სხეულში, თავისი საკუთარი რიტმით, კუნთოვანი სეგმენტების გახსნისა და დახურვის მეშვეობით გაივლის ხოლმე. ყოველი სეგმენტი, ანუ კუნთების რგოლი, სფინქტერს ჰგავს, მაგალითად იმას, რომელიც ანუსის გარშემოა. ან სხვა სფინქტერებს საჭმლის მომნელებელ ტრაქტში, რომლებიც იხსნებიან, იხურებიან და საშუალებას აძლევენ საკვებს და სხვადასხვა ნივთიერებებს - დროის გარკვეულ მონაკვეთებში გადაადგილდნენ.
ენერგია - განსაკუთრებით ემოციური ენერგია - მთელს სხეულში შვიდი კუნთოვანი სეგმენტის პულსაციებით გადაადგილდება და ერთი სფეროს შეგრძნება მთელი ორგანიზმის გამოხატულება ხდება.
პატარა ბავშვის სხეულში ჯერ კიდევ არაა ფორმირებული ქრონიკული დამცავი შაბლონები და საერთო გამოხატულება იოლად და თავისუფლად ხდება. წარმოვიდგინოთ, რომ ბავშვი ბრაზდება. ეს გრძნობა შესაძლებელია მუცელში დაებადოს. შემდეგ კუნთოვანი სეგმენტების პულსაციების მეშვეობით, გულმკერდის ყაფაზის გავლით ყელს გადაეცემა, სადაც ბგერით გამოხატულებას ჰპოვებს და პირიდან მრისხანე ყვირილის ან ტირილის სახით გამოიტყორცნება. ამასთან, ბავშვს შეუძლია მუშტებიც ურტყას, იფართხალოს და მთელი სხეული ჩართოს ბრაზის ტოტალურ აფეთქებაში. ამ რისხვის გამოხატულებაში ბავშვის სხეულში ყველა კუნთოვანი სეგმენტი თანამშრომლობს და ეხმარება ენერგიას მოძრაობაში, გამოხატვაში და გამოთავისუფლებაში.
მაგრამ თუ ამ მომენტში ბავშვი ერთ-ერთი მშობლისგან მუქარის შემცველ „გაჩუმდი!“-ს ისმენს, ჩნდება ბლოკი: ყელი, რომელიც ბგერებს გამოსცემს, მაშინვე იხურება. კუნთების ჯგუფი ამ სეგმენტში იკუმშება, ერთგვარ პარალიჩის მდგომარეობაში შედის და ხელს უშლის ხმოვან გამოხატულებას. სუნთქვაც ასევე - ან წყდება, ან მისი სიღრმე და სიხშირე მნიშვნელოვნად მცირდება, რათა შეაჩეროს მოძრაობა გულ-მკერდის ყაფაზისა, რომლის მეშვეობითაც ენერგია ყელისკენ გადაეცემა. ერთდროულად იქმნება დაძაბულობა დიაფრაგმაში და სხვა კუნთებში, რომლებიც ბავშვის სუნთქვას არეგულირებენ.
პრაქტიკოს რაიხულ თერაპევტს უნდა ესმოდეს, რომ ეს შეკავებული ენერგია ჰაერში არ ორთქლდება. მას შეუძლია ნაწილობრივ განიმუხტოს სხვა ტიპის ემოციის სახით, მაგალითად ცრემლების, რომლბიც უფრო მისაღებია მშობლებისთვის. მაგრამ ძირითადი ენერგეტიკული მუხტი თავად კუნთებში ჩერდება დაძაბულობის სახით და, თუ ასეთი სიტუაციები მეორდება, ეს დაძაბულობა უფრო მყარდება და ქრონიკული ხდება - მუსკულატურის ნაწილად იქცევა.
აი, რატომაა, რომ როდესაც კლიენტის მუცელს, დიაფრაგმას ან მკერდს ვეხები, მე ვგრძნობ - ისევე, როგორც რაიხი გრძნობდა, - რომ ზოგიერთი კუნთი თითქმის რკინასავითაა. ისინი ფოლადივით მტკიცენი გახდნენ, სწორედ იმისთვის, რომ ადამიანი გარემოცვისგან დაიცვან. რაიხმა ამ გამყარებას კუნთოვანი „ჯავშანი“ უწოდა. არსობრივად, ესაა შენახული დაძაბულობა, დაბლოკილი ენერგია, ჩახშობილი ემოციები.
სხეულის ყველა დაძაბულობა ჯავშანს არ წარმოადგენს. ზოგიერთი მათგანი დაკავშირებულია სუფთად მექანიკურ ფაქტორებთან, მაგალითად უხერხულ სამუშაო პოზასთან. თუ ადამიანი მთელი დღის განმავლობაში კომპიუტერთან ზის, მოხრილი და მხრებჩამოშვებული, მაშინ მის კისერში, მხრებში, ზურგსა და ტორსის ზედა ნაწილში დაძბულობა ჩნდება.
მაგრამ უამრავი დაძაბულობა ჩვენს შიგნით დაკავშირებულია ემოციებთან. ჩვენ შეგვიძლია თვალყური გავადევნოთ ამ დაძაბულობების ისტორიას, მის გამომწვევ ბავშვობის ტრამვამდე. ისინი ქმნიან „ჯავშანს“, რომელსაც ჩვენ ვატარებთ.
მე მომწონს ეს ტერმინი, რადგანაც იგი ძალიან ზუსტად აღწერს იმ მდგომარეობას, რომელშიც ჩემთან მოსული ადამიანების უმეტესობა იმყოფება. მსგავსად ძველი რაინდებისა, ისინი აღჭურვილნი არიან საბრძოლო ჯავშნით და ახლა უკვე აღარ შეუძლიათ მისგან განთავისუფლება. რა თქმა უნდა, ინსტრუმენტების კარგი ნაკრების: სახრახნისის, ხერხის და ა.შ. მეშვეობით შესაძლებელია ჯავშნის მოხსნა და მასში მომწყვდეული ადამიანის განთავისუფლება, მაგრამ სიტუაცია კუნთოვან ჯავშანთან გაცილებით უფრო რთულია. იგი ჩვენს შიგნით იმყოფება, თავად კუნთების შიგნით; იგი მთელი ჩვენი ენერგეტიკული სისტემის და მისი პირველადი შაბლონების ნაწილი გახდა.
ჯავშნისგან განსხვავებით, კუნთები მკვდარი არაა. ისინი ცოცხალია. სეგმენტები ჯერ კიდევ ასრულებენ თავიანთ სამუშაოს და ატარებენ ენერგიას, მაგრამ მისი ნაკადი ძალიან შემცირებულია. იმპულსები ემოციის გამოხატულებისთვის ჯერ კიდევ არსებობენ, მაგრამ მათი შემაკავებელი დაძაბულობა ჩვეულებრივ უფრო ძლიერი აღმოჩნდება ხოლმე. ამას ერთი მნიშვნელოვანი მომენტის გაგებამდე მივყავართ: შვიდი სეგმენტი არა მხოლოდ აფერხებს ენერგიის დინებას, ზოგიერთი ვითარების შემთხვევაში, ისინი აქტიურად უბიძგებენ მას საწინააღმდეგო მიმართულებით. ასეთ საწინააღმდეგო მოძრაობას „კონტრპულსაცია“ ეწოდება.
იმის გასაგებად, თუ როგორ მუშაობს იგი, ცოტა ხნით დავუბრუნდეთ რგოლური სეგმენტებისგან შემდგარი მილის ხატ-სახეს. წარმოიდგინეთ, რომ ენერგია ამ მილში იზრდება და ეძებს გზას ექსპრესიული გამოხატვისთვის - ცრემლების, ბრაზის ან სიყვარულის სახით - ნებისმიერ შემთხვევაში ენერგია იზრდება და მოძრაობს. ბუნებრივ, ჯანმრთელ ორგანიზმში შვიდივე სეგმენტი ამ ენერგიის ნაკადს ეხმარება გამოთავისუფლებაში, მაგრამ ჯავშანში ჩაკეტილ სხეულში გაზრდილი ენერგია დაძაბულობის კედელს ეჩეხება. ასე მოხდა ჩემს შემთხვევაში, სიყვარულისადმი სწრაფვის სურვილი ბავშვობაში შემიჩერდა, ახლა დიაფრაგმა და გულმკერდის ყაფაზის კუნთები უკვე გავარჯიშებულია მის შეკავებაში.
კონტრპულსაცია კი ხდება მაშინ, თუკი ერთ-ერთი კუნთოვანი რგოლი მაინც, რომელიც ჩვენს შინაგან მილს ახვევია გარშემო, გამოხატვის დამხმარე რიტმული შეკუმშვების ნაცვლად, ენერგიას საწინააღმდეგო მიმართულებით ამოძრავებს და უკან ტენის მას. სხვა სიტყვაბით, ესაა გარკვეული ნაწილის პულსაცია, რომელიც მთელი ორგანიზმის პულსაციის საწინააღმდეგოდ მუშაობს. გასაკვირი არცაა, რომ ამის გამო სხეულში ენერგიის ჰარმონიული დინება ირღვევა. ბუნებრივი, უწყვეტი გამოხატულების ნაცვლად, გამოხატვა წყდება.
ბიოლოგიურ და ენერგეტიკულ დონეზე კონტრპულსაცია იწვევს ადამიანის შინაგან გახლეჩას - ესაა ერთგვარი შიზოფრენიული გახლეჩა გამოხატვის ბუნებრივ იმპულსსა და გამოხატვის ბლოკირების შეჩვეულ რეაქციას შორის. სხეულის ზედა ნაწილში რგოლებს შეუძლიათ ერთი გრძნობა გამოხატონ მაშინ, როცა ქვედა სეგმენტები რაღაც აბსოლუტურად საწინააღმდეგოს შესახებ აცხადებენ. პიროვნების ან აზროვნების დონეზე ჩვენ შერეულ გრძნობებს განვიცდით.
«მე მინდა ეს, მაგრამ შედეგების მეშინია».
«ვგრძნობ, რომ ჩემთვის ეს შესანისნავი იქნებოდა, მაგრამ არ მმართებს ამის გაკეთება».
ასეთი ორაზროვანი გზავნილები ორმაგ დაჭიმულობებს ქმნიან ჩვენი ენერგიის დინებაში. ადვილად შეგვიძლია ვიგრძნოთ, რომ გამოჭერილები ვართ და გავიჭედეთ ორ ურთიერთსაწინააღმდეგო იმპულსს შორის, რომ არ შეგვიძლია მოძრაობა და რამის თავისუფლად გამოხატვა.
ერთი შეხედვით კონტრპულსაცია „ცუდია“, რადგანაც ენერგიის ბუნებრივი დინების წინააღმდეგ მოქმედებს. მაგრამ თერაპევტს უნდა ახსოვდეს, რომ კონტრპულსაცია ჩვეულებრივი სიცოცხლის ძალის გამოხატულებაა. მას პოზიტიური მიზანი აქვს. პირველად იგი ჩვენი ბავშვური შეგნების შედეგად წამოიშვა, მისწრაფებისგან - საუკეთესო საშუალებით დაეცვა თავი კრიტიკულ სიტუაციებში - მაგალითად არ ეტირა, თუ ამისთვის დასჯიდნენ. პრაქტიკულად, კონტრპულსაცია - ესაა სასიცოცხლო ენერგია, რომელიც თავისი თავის წინააღმდეგ შემობრუნდა.
ენერგიისა და ემოციების შეკავების «გადაწყვეტილება» ჩნდება იმის შესაბამისად, კონკრეტულ სიტუაციაში რომელი ქცევაა მისაღები ჩვენთვის და რომელი - არა. ამას საკუთარი გამოცდილება გვასწავლის ჩვენი ბავშვობა და ყმაწვილობა, შემდეგ თავშეკავება იმდენად ავტომატური ხდება, რომ ვეღარც კი ვამჩნევთ როდის ვლინდება ის.
ადამიანებს გააჩნიათ ჯავშანი, ცხოველებს კი - არა. ცხოველებს არ შეუძლიათ თავიანთი ქცევის შეფასება. ისინი არ იკავებენ ენერგიას ან გრძნობებს. ენერგიის დინების თვალსაზრისით, ისინი ცხოვრობენ მარტივი, ღია ცხოვრებით და მოქმედებენ ყველაზე მთავარ ინსტინქტთან შესაბამისობაში - „შეუტიე ან გაიქეცი“. ადამიანები კი, ებმებიან რა იმის წარმოდგენის რთულ ხლართებში, თუ ემოციის გამოხატვის რომელი ფორმებია სოციალურად მისაღები, თანდათანობით აძლიერებენ დაცვის ბრონირებულ სისტემას.
ჯავშნით დაცულ სხეულში ორი ურთიერთდაკავშირებული, მაგრამ განსხვავებული პროცესი ხდება. პირველ რიგში, ყოველდღიურ ცხოვრებაში ჯავშანი ენერგიის ნაკადს ამცირებს. თანამედროვე საზოგადოებაში ყველა მეტ-ნაკლებად ერთნაირ მდგომარეობაში იმყოფება. მაგალითად, თქვენ შეგიძლიათ იცხოვროთ თქვენი შესაძლებლობების მხოლოდ ოცი პროცენტით. დაკავებული ხართ მუშაობით და ყოველდღიური საქმეებით და არაფერი იცით იმ ქრონიკულ და დამასახიჩრებელ ეფექტზე, რომელიც თქვენში ცხოვრობს. თქვენთვის ოცი პროცენტი „ნორმალურია“, რადგან ასე იყო ყოველთვის, ყოველ შემთხვევაში ზრდასრულ ცხოვრებაში.
ჯავშანს ნებისმიერ მომენტში შეიძლება დასჭირდეს „სხვა გადამრთველზე გადასვლა“ და კონტრპულსაციის შექმნა. მაგალითად, დღეს სამსახურში თქვენი უფროსი უკანასკნელი იდიოტივით იქცევა, თქვენ მზის წნულში მწველ რისხვას გრძნობთ, გინდათ, რომ იყვიროთ: „წადი შენი!..“ მაგრამ თქვენი გამჭრიახი გონება დაუყოვნებლივ გაძლევთ შეტყობინებას იმ შესაძლო შედეგებზე, რომლებსაც ამ იმპულსის აყოლა გამოიწვევს - სავარაუდოდ გაგანთავისუფლებენ სამსახურიდან, ეს კი არ გაწყობთ. თქვენს საკრედიტო ბარათზე ხომ ლიმიტი ამოწურულია, ჯერ არც ბინის საფასური გადაგიხდიათ, თქვენი დაქალის დაბადების დღე 2 დღეში მოდის, ყოველი ცენტი გჭირდებათ, რომლის გამომუშავებასაც მოახერხებთ.
და როდესაც რისხვის ენერგია გზას იკვალავს დიაფრაგმის და გულ-მკერდის გავლით, და გამოხატვას ცდილობს, თქვენს ფინანსურ სიტუაციას ყელის სეგმენტი გადაარჩენს. ყელის კუნთები მარწუხებივით გიჭერენ და ახრჩობენ იმ ლანძღვას, რომელიც უნდა გამოგეშვათ. ენერგია კვლავ უკან მილში ჩატენეთ და სამსახური შეინარჩუნეთ. თუმცა ამისთვის მკაცრი საფასური გადაიხადეთ: თქვენი სასიცოცხლო ძალა უკვე მერამდენედ მოხრჩობილია.
უნდა ავღნიშნო, რომ ჩარლზ კელის აზრით, ჯავშანი ყოველთვის არ წარმოადგენს ნეგატიურ მოვლენას. კელი ამტკიცებს, რომ ჯავშანი შესაძლებელია შემოქმედებითი სახით იქნეს გამოყენებული გრძელვადიანი მიზნების მიღწევისთვის - სწრაფად მიღწევად სიამოვნებაზე უარის თქმის ხარჯზე.
კლიენტთან მუშაობისას ხშირად შემიმჩნევია მოქმედებაში კონტრპულსაცია: ენერგიის გამომხატველი ტალღა ქვედა სეგმენტებიდან იძვრება, ჯავშანის კედელს ეჯახება და უკან ბრუნდება.
არსებობს სპეციალური სავარჯიშოები, რომლებსაც სტუდენტების სწავლებისთვის ვიყენებ და რომლებიც ეხმარება მათ იმის დანახვაში, თუ როგორ ხდება კონტრპულსაცია.
ერთ-ერთი სავარჯიშო წყვილებში სრულდება. პარტნიორი, რომელიც კლიენტის როლს ასრულებს, მატრასზე წვება, მუხლებს ხრის და მთლიანად აბჯენს ტერფებს მატრასს - ესაა ძირითადი სუნთქვითი პოზიცია. სხვა პარტნიორი, რომელიც დამკვირვებელი თერაპევტის როლს ასრულებს, მის გვერდით ჯდება.
მწოლიარეებს ვთავაზობ, რომ რბილად დაიწყონ ღრმა სუნთქვითი პულსაცია, გაავსონ ფილტვები, გააფართოვონ გულმკერდის ყაფაზი, ბოლომდე, მუცლამდე ჩაისუნთქონ ჰაერი, შემდეგ კი ბოლომდე ამოისუნთქონ.
რაღაც დროის შემდეგ ვთხოვ მათ, რომ დაამატონ სხეულის მოძრაობები იმავე რიტმში, რომელშიც სუნთქავენ.
ჩასუნთქვისას ზურგი იზნიქება, მენჯი კი უკან ტრიალდება და კუდუსუნს მატრასზე აჭერს. ეს ქმნის სივრცეს ენერგიისთვის, რომელიც ჩასუნთქვასთან ერთად შემოდის და მუცლის ავსების საშუალებას აძლევს მას.
ამოსუნთქვისას მენჯი წინ და ზემოთ მოძრაობს და აკეთებს მოძრაობას, რომელიც სექსუალურ ბიძგს ჰგავს. ამ დროს კუდუსუნი მატრასს შორდება. მენჯი ენერგიის ტალღას უბიძგებს და სუნთქვა კვლავ ზემოთ, სხეულის გავლით პირიდან ამოდის.
თუ სხეული ასეთ პულსირებად ნაკადს გავლის შესაძლებლობას აძლევს, ენერგეტიკული ტალღა მოძრაობს და ძლიერდება კიდეც სუნთქვისა და მოძრაობის ინტენსივობის გაძლიერებასთან ერთად. ჯავშანში მომწყვდეულ სხეულში აღმოვაჩენთ, რომ ენერგიის მუხტის დაგროვებასთან ერთად კუნთების გარკვეული ჯგუფები იძაბებიან და აქტიურად იწყებენ დიდი მუხტის შეკავებას. მაგალითად, იმ მომენტში, როცა მენჯი წინ მოძრაობს და ენერგია სხეულში ზემოთ გადაადგილდება, შეგვიძლია შევამჩნიოთ, რომ დიაფრაგმა შეკუმშვას იწყებს, რათა ენერგიას პირიდან გამოსვლაში ხელი შეუშალოს. ენერგიის მუხტის გაზრდასთან ერთად დიაფრაგმის კუნთები უფრო და უფრო ხისტები ხდებიან და მალევე აისახება კონტრპულსაციას მოქმედებაში, რომელიც ბუნებრივის საწინააღმდეგო მიმართულებით მოძრაობს. დიაფრაგმა ცდილობს, რომ ტალღა უკან, მუცელში ჩატენოს.
კონტრპულსაცია ჭავლს წააგავს ტბის მშვიდ ზედაპირზე. ერთ კენჭს აგდებთ და მის გარშემო წრეები წარმოიქმნება. მეორეს აგდებთ პირველისგან შორიახლოს და ახალი წრეები იქმნება. რაღაც წერტილში ტალღების ორი ჯგუფი ერთმანეთს ხვდება, ერთმანეთს ეხეთქება და კონტრ-ტალღას წარმოქმნის. ამასთან, ტალღის ნაწილი საწყისი მიმართულებით განაგრძობს მოძრაობას.
იგივე ხდება ადამიანის ორგანიზმშიც. მაგალითად, დიაფრაგმას შეუძლია გაატაროს ენერგიის გარკვეული ნაწილი, ამავე დროს, იმისთვის, რომ უზრუნველჰყოს ბლოკირება და ხელი შეუშალოს გამოხატვას - ყელი იკუმშება. ხშირად დიაფრაგმა და ყელი ერთად მუშაობს, როგორც ერთი გუნდი. ზოგჯერ თერაპევტისთვის ეს გველის შუა ნაწილით დაჭერას ჰგავს, რომლის სხეულის ორივე ნაწილი, თავიც და კუდიც იკლაკნება, მაგრამ იმ ნაწილში, სადაც გიჭირავთ, გველი უძრავია. ზუსტად ამის მსგავსად, შეგვიძლია დავაკვირდეთ, როგორ მოძრაობს ადამიანის ორგანიზმში ენერგია ჯავშანში მოქცეული ადგილის ზემოთ და ქვემოთ, მაგრამ თავად ბლოკირების ადგილში ყველაფერი გაშეშებულია, თითქოს უხილავ ხელს უჭირავსო.
მე რამდენჯერმე ვახსენე ჯავშანის შესახებ ყელსა და დიაფრაგმაში, რადგანაც სწორედ ეს სეგმენტები აკონტროლებენ ყველაზე მეტად გამოხატულებას. მაგრამ ეს არაა ერთადერთი ადგილები, სადაც კონტრპულსაცია ჩნდება. იგი შეიძლება ნებისმიერ სხვა სეგმენტში გამოვლინდეს.
ზოგჯერ სუნთქვის აღწერილი მეთოდის დროს მენჯი ავტომატურად იწყებს ენერგიის მიმართვას უკან, ბუნებრივი პულსაციის საწინააღმდეგო მიმართულებით. ისე, რომ თავადაც ვერ ამჩნევს, ადამიანი მოძრაობის წესრიგს ცვლის: მენჯი ჩასუნთქვისას წინ მიდის, ხოლო ამოსუნთქვისას - უკან. ეს მკაფიო კონტრპულსაციის მაგალითია მენჯის სეგმენტში, რომელიც ქვეცნობიერად ეუბნება „არა“-ს ენერგიას და მის გამოხატვას.
ეს სავარჯიშო ეხმარება ადამიანებს კონტრპულსაციების ამოცნობაში - დაინახონ ისინი მოქმედებაში და გაიგონ მათი პრინციპი ჯერ კიდევ ჯავშნის მოშორების პროცესის დაწყებამდე. ეს ასევე კარგი მეთოდია იმის გასარკვევად, თუ სად იმყოფება ჯავშნის ძირითადი ნაწილი, როგორ ახდენს სხეულის ენერგიის შეკავებას და ბლოკირებას.
თუმცა, ისევე, როგორც დისციპლინათა უმეტეს შემთხვევებში, პრაქტიკა ძლიერ განსხვავდება თეორიისგან და არ მინდა შეგიქმნათ წარმოდგენა, რომ მუშაობა სუნთქვით პულსაციასთან, ორგაზმის ფორმულასთან და შვიდ სეგმენტთან ზუსტ მეცნიერებას წარმოადგენს.
რაიხული თერაპია არც იმდენად თვალნათლივი და მარტივია, როგორც ეს მოცემული კონცეფციებით წარმოგვიდგენია. იგი უფრო ხელოვნებაა. კლიენტთან მუშაობისას მე ვიყენებ საბაზისო პრინციპებს, რომლებიც ჩემი სწავლიდან და პრაქტიკიდან გამოვიტანე, მაგრამ ამასთან ერთად სპონტანურად და ინტუიტიურადაც ვმოქმედებ. კლიენტს შესაძლოა რამდენიმე სხვადასხვა პულსაცია და კონტრპულსაცია ჰქონდეს, შემიძლია ერთდროულად რამდენიმე წყვეტა შევნიშნო ენერგიის დინებაში და მაშინ დგება პრობლემა - საიდან დავიწყო, როგორ გადავწყვიტო ეს თავსატეხი, როგორ მოვხსნა დაძაბულობა, გავაერთიანო ენერგია და განვკურნო ორგანიზმი.
ეს ინდივიდუალური პროცესია და არა მათემატიკური განტოლება. არაა დამოკიდებული არც ნაციაზე, არც კულტურაზე, რელიგიურ თუ ეთიკურ წინაპირობებზე, მაგრამ მაინც, ყოველი ადამიანი უნიკალურია.
ყოველ ორგანიზმს ჯავშნის თავისი კონფიგურაცია გააჩნია, ყოველ კლიენტს თავისი ფსიქოლოგია, თავისი ცხოვრებისეული ისტორია აქვს.
ვიმედოვნებ, რომ ახლა უკვე გასაგები გახდა, რატომ განვაცხადე წინა თავის დასასრულში, რომ ადამიანის ორგანიზმის მისი ბუნებრივი, ბედნიერი და ჯანმრთელი მთლიანობის მდგომარეობაში დასაბრუნებლად ინტენსიური ძალისხმევების გარკვეული რაოდენობაა საჭირო.
საჭიროა, რომ გამოვასწოროთ მიყენებული ზიანი.
უნდა გავნთავისუფლდეთ ჯავშნისგან, რათა ჩვენმა ენერგიამ თავისუფლად დინება შეძლოს, რათა შეგვეძლოს ემოციების შეგრძნება, რათა შეგვეძლოს საკუთარი სექსუალობის მიღება და მისით დატკბობა.
და სხვათაშორის, ჩემი ჯავშნის ტიპი, რომელიც ზემოთ ავღწერე, არაფერია იმასთან შედარებით, რასაც მრავალი ადამიანი განიცდის ბავშვობაში. ფიზიკური ან სექსუალური ძალადობა, სექსუალობის გაკიცხვა, ემოციების უარყოფა, სისასტიკე, დაშინება, მანიპულაცია, დაცინვა, სიყვარულის უკმარისობა, უგულვებელჰყოფა, იზოლაცია, მიტოვებულობა... ეს ყველაფერი გავლენას ახდენს კუნთოვან სეგმენტებზე და ინახება მათში, როგორც დაძაბულობები, ბლოკირებული ენერგია და გამაგრებული ჯავშანი, რომელიც სხეულს აკრავს გარს.
ამ ჯავშნის მოშორება იმედისმომცემი გზაა პიროვნული თავისუფლებისკენ, მაგრამ ეს გზა მოკლე არაა.