თავი 7 ნიღბის მოხსნა სახიდან ნაწილი 1: თვალები
თავი 7 ნიღბის მოხსნა სახიდან ნაწილი 1: თვალები
ძველ საბერძნეთში მსახიობები, რომლებიც მთის ქვიან ფერდობზე გამოკვეთილ საოცარ ამფითეატრებში თამაშობდნენ, ყოველთვის იკეთებდნენ ნიღბებს, რომლებიც მათ მიერ წარმოდგენილ ხასიათს ასახავდა. ისინი ამ ნიღბების საშუალებით საუბრობდნენ. სიტყვა „პერსონაც“ თავდაპირველად აღნიშნავდა „მას, ვინც ნიღბისს საშუალებით ლაპარაკობს“.
ამ ტერმინმა საუკუნეები გამოიარა და თანდათანობით შეიცვალა თავისი მნიშვნელობა. პირველად, როცა ეს სიტყვა ნიღბის მტარებელს აღნიშნავდა, მხოლოდ „პიესის პერსონაჟზე“ გამოიყენებოდა, შემდეგ კი გაფართოვდა და ნებისმიერ ადამიანს - ნებისმიერ „პერსონას“ აღნიშნავს.
დღეს სიტყვა „პერსონას“, „პიროვნებას“ ადამიანის ხასიათის აღსაწერად ვიყენებთ. ის, რომ პირველად ეს სიტყვა აღნიშნავდა ნიღაბს, რომელიც სახეს ფარავდა, ძალზე მრავლისმეტყველია - არსობრივად სწორედ ესაა პიროვნების ფუნქცია.
პიროვნება – ესაა ხატ-სახე, რომელსაც სხვა ადამიანებს და მთელ მსოფლიოს წარვუდგენთ.
ჩვენი ხატ-სახე შეიძლება გამოხატულ იქნეს სხეულის მეშვეობითაც, ტანსაცმლითაც, მანქანებითაც, რომლებსაც ვატარებთ, და სხვა რამეებით, მაგრამ ძირითადად, სწორედ სახე - მზერა, მიმიკა, საუბრის მანერა მეტყველებს იმაზე, თუ რა პიროვნებას წარმოვადგენთ.
პირველყოფილ ხანაში არანაირი სხვაობა არ იყო შინაგან შეგრძნებებსა და სახის გამომეტყველებას შორის .
სხეული, ყოველი მისი შემადგენელი ნაწილით, ჩვენი წინაპარი-ცხოველებისგან გვერგო, ცხოველები კი თავს მარტივად და გულწრფელად გამოხატავენ: აზრების, კონტროლისა და ცენზურის გარეშე.
იმასთან ერთად, რაც უფრო ცივილიზებულნი გავხდით და დიდ საზოგადოებად დავიწყეთ ცხოვრება, ჩვენი გარეგნული გამოხატულება თანდათანობით შეკავებული გახდა თანამშრომლობის, კომპრომისების, ჩვეულებებისა და ტაბუების მეშვეობით.
ჩვენ ვისწავლეთ, როგორ ვიყოთ ყალბები, როგორ ვაადაპტიროთ ჩვენი ქცევები, რათა საზოგადოებისგან ის მივიღოთ, რაც გვჭირდება.
ამიტომ გასაკვირი არაა, რომ სახის, თავისა და კისრის კუნთებში ძალიან ბევრი დაძაბულობა გროვდება. ჩვენ გამუდმებით ვცდილობთ ვაკონტროლოთ სახე, გამოვიმუშავოთ სწორი სოციალური ნიღაბი, ვაჩვენოთ ის, რაც მისაღებია, ყველაფერი დანარჩენი კი დავმალოთ.
არსებობს მრავალი გამოთქმა, რომლებიც სოციალურ ურთიერთობაში სახის მნიშვნელობაზე მიუთითებენ. მაგალითად, იაპონიაში, საჯარო კონფუზია ანუ დამცირება აღიწერება, როგორც „სახის დაკარგვა“ - ფრაზა, რომელიც აშკარად გულისხმობს, რომ სახე - ესაა ნიღაბი, რომელიც შეიძლება ნებისმიერ დროს ჩამოგძვრეს.
თითქმის ყველა კულტურაში არსებობს გამოთქმა: „ორსახიანი ადამიანი“, რომელიც აღნიშნავს იმას, ვინც ნდობას არ იმსახურებს და ვისაც შეუძლია გულწრფელი სახით მოატყუოს ადამიანები.
ამერიკაში კარტის თამაშიდან წამოვიდა გამოთქმა: „პოკერის მოთამაშის სახე“ (pockerface), რომელიც აღნიშნავს, რომ თქვენ არანაირ ემოციას არ ავლენთ.
მაგალითად, უკვე ორი საათია პოკერს თამაშობთ და სულ აგებთ, უეცრად საოცარი კარტი მოგდით. თქვენ გულით გინდათ გაღიმება, გაცინება, სიხარულის გამოხატვა, მაგიდაზე ცეკვა, მაგრამ არაფერს აჩვენებთ - საკუთარ ნამდვილ გრძნობებს არ ავლენთ, - რადგან გინდათ, რომ სხვა მოთამაშეებმა ბევრი ფული დადონ ფსონად და წააგონ. ამ დროს თქვენი სახე არაფერს არ გამოხატავს.
იგივე ხდება ჰოლივუდის ფილმებში, სადაც უამრავი სცენაა, რომლებშიც მთავარი გმირი ყველაზე კრიტიკულ სიტუაციებშიც კი ინარჩუნებს უშფოთველობას და სახის უემოციო გამომეტყველებას, რითაც ბოროტმოქმედს ატყუებს და ყველაზე წარმოუდგენელ სიტუაციაშიც კი გადარჩება ხოლმე.
მე უკვე ვახსენე ცნობილი ბრიტანული „მოკუმული ზედა ტუჩი“ - პირდაპირი აღნიშნვნა სახის კონკრეტულ ადგილზე უემოციობის გამოსახატავად.
ეს მახსენებს შემთხვევას, რომელიც მეორე მსოფლიო ომამდე ცოტა ხნით ადრე მოხდა, როცა ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ენტონი იდენი რომში ჩაფრინდა, რათა იტალიელ ფაშისტ დიქტატორს - ბენიტო მუსოლონის შეხვედროდა.
ცდილობდა რა იდენზე შთაბეჭდილება მოეხდინა თავისი ძალაუფლებით, მუსულონიმ დრამატულად მიუთითა ღილაკზე, რომელიც მის მაგიდაზე იყო და ხმამაღლა განაცხადა: „იმისთვის, რომ ომი დავიწყო, მხოლოდ ამ ღილაკზე თითის დაჭერა მჭირდება!“
სახის უემოციო გამომეტყველებით იდენმა ცივად შენიშნა: „რა მოუხერხებელია ეს, როცა მხოლოდ ჩაი გინდათ“.
საერთოდ, იტალიელები უფრო ექსპრესიულები არიან, ვიდრე ბრიტანელები, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ჯავშანი მათ ნაკლები აქვთ. ლათინური ტემპერამენტით დემონსტრირებული ემოცია შესაძლოა სულაც არ იყოს იმის ნამდვილი გამოხატულება, რაც ადამიანის შიგნით ხდება და ამ შემთხვევაშ ყალბი ხატ-სახე ისეთივე დაძაბულობას გამოიწვევს კუნთოვან სეგმენტებში, როგორც ემოციების სრული შეკავება.
ჩვეულებრივ, ცხოვრებაში, ჩვენს შეყვარებულს ერთ სახეს ვაჩვენებთ, კოლეგას - მეორეს, საკუთარ ბავშვებს კი - მესამეს.
სახეს შეუძლია მრავალი გამოხატულება მიიღოს; ჩვენ ვსწავლობთ ისე ვაადაპტიროთ კუნთები, რომ მოცემული სიტუაციისთვის რაღაც სწორი გამოვხატოთ - ეს იმდენად ღრმად გამჯდარი ჩვევაა, რომ ამაზე არც კი ვფიქრობთ.
სწორედ სახეზეა განლაგებული ჩვენი გრძნობათა ორგანოების უმეტესობა: თვალები, ყურები, ცხვირი, ენა და სწორედ აქ, მხედველობის, სმენის, ყნოსვისა და გემოვნების მეშეობით ვიღებთ ინფორმაციას გარესამყაროს შესახებ. ესაა ჩვენი საზღვარი, სადაც პირისპირ ვურთიერთობთ გარემოცვასთან, გარესამყაროსთან და სადაც ვამაგრებთ დაცვის პირველ ზოლს.
ენერგეტიკული თვალსაზრისით, ესაა ასევე კარი, რომლითაც შეგვიძლია ჩვენს შიგნით არსებულ სამყაროში მოვიწვიოთ და საშუალება მივცეთ სხვა ადამიანს, რომ ახლობელი გახდეს და ჩვენი დამცავი ბარიერი გაიაროს. სწორედ აქ განვსაზღვრავთ, უსაფრთხოა გახსნა გარშემომყოფებისადმი, თუ ჯობია დახურული დავრჩეთ.
როგორც მეოთხე თავში მოვყევი, რაიხმა თავი და სახე ორ სეგმენტად: თვალის (ოკულარულ) და პირის (ორალურ) სეგმენტებად დაჰყო. მათ შორის არსებული ცხვირი ძალიან გვაგონეებს ხიდს, რადგან მისი ზედა ნაწილი უფრო მეტად თვალებს უკავშირდება, ქვედა კი - პირს.
თვალის სეგმენტი - ესაა პირველი სეგმენტი, რომლითაც ჯავშნის მოხსნის პროცესი იწყება. იგი მოიცავს თვალების ირგვლივ არსებულ კუნთებს, შუბლს, წარბებს, თავის ზედა, გვერდით და უკანა ნაწილებს, ცხვირისა და ლოყების ზედა ნაწილებს. მასში ასევე შედის კისრის ის კუნთები, რომლებიც უშუალოდ კეფის ქვეშაა განლაგებული.
მთელი ეს სფერო წარმოადგენს არხს ენერგიისთვის, რომელიც სხეულში მოძრაობს. აქ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია თვალები - ამბობენ, რომ თვალებით შედის და გამოდის ჩვენი ენერგიის 80%.
ყველა ჩვენი გრძნობა შეიძლება გამოხატულ იქნეს თვალების მეშვეობით და მსგავსივე სახით თვალებშივე იქნენ „დაბლოკილნი“. არსობრივად, ნებისმიერი ადგილი სხეულზე, საიდანაც ენერგია შედის ან გამოდის, პოტენციურად წარმოადგენს ადგილს, სადაც ენერგიის დაბლოკვა შეიძლება. სხვა ასეთი ადგლებია: პირი, ცხვირი, ყურები, მტევნები, ტერფევი, გენიტალიები და ანუსი.
ბავშვები ბუნებრივად არიან გახსნილები და მოწყვლადები გარედან ენერგეტიკული და ემოციური ზემოქმედებისთვის. როდესაც ბავშვს მზრუნველი მშობლები და სიყვარულის ატმოსფერო ახვევია გარშემო, იგი ვიზუალურად და ენერგეტიკულად ისრუტავს ყველა ამ შთაბეჭდილებას ფართოდ გახელილი და მიმნდობი თვალებით. ხოლო მაშინ, როცა ბავშვი მყვირალა, მოჩხუბარ მშობლებთანაა, იგი არაცნობიერად იწყებს ამ ძალადობრივი ენერგიის დათრგუნვას და შიგნით არ უშვებს მას, განსაკუთრებით მხედველობით, რადგანაც არცერთ ბავშვს არ სურს დაინახოს თავის გარშემო მსგავსი მოვლენები.
თვალების ზონის ბლოკირება ხშირად იწვევს ახლომხედველობას, რომელიც შესაძლოა დაკავშირებული იყოს შიშით გამოწვეულ დაძაბულობასთან. ჩემმა მასწავლებელმა, ჩარლზ კელიმ, რომელიც ასევე ბეიტსის მიხედვით მხედველობის გაუმჯობესების მეთოდს ასწავლის, თვალების კუნთების დაძაბულობების მოხსნით ფაქტიურად განიკურნა ახლომხედველობისგან. ამისთვის მან შეიმუშავა ტექნიკები, რომლებიც ასევე ჩავრთე ჩემს პრაქტიკებში. თვალების ირგვლივ არსებულ დაძაბულ კუნთებში ჩახშობილი ემოციები იმალება. როცა გრძნობები იღვიძებენ, გამოთავისუფლებას იწყებენ და თვალებიდან იღვრებიან, მათი გამოღვიძება მხედველობას ახალ სიცხადეს ჰმატებს.
კარგი მხედველობა მოიცავს არა მხოლოდ ფიზიკურ თვალებს, არამედ გაგებისა და ინტუიციის თვალებსაც. ფიზიკურმა თვალებმა შესაძლოა შესანიშნავად დაინახონ, მაშინ, როცა უფრო ნატიფ ენერგეტიკულ ან ინტუიტიურ დონეზე შესაძლოა სრული სიბრმავე იყოს.
„შინაგანი ხედვის“ უნარი ძალიან მნიშვნელოვანია თერაპიული სამუშაოს დროს. შესაძლოა ადამიანმა ყველაზე მრავალფეროვანი ემოციები განიცადოს და გამოხატოს, მაგრამ მათი მნიშვნელობის საკუთარი ცხოვრების კონტექსტში წვდომის გარეშე ეს ყველაფერი ამაო სავარჯიშოდ რჩება. იგივე ძველი მექანიზმები კვლავ და კვლავ დააგროვებენ ამ დაძაბულობას.
ამიტომ, ისევე როგორც ჯგუფში მუშაობის დროს, ასევე ინდივიდუალური სესიებისს დროსაც, სამუშაო მდგომარეობს არა მხოლოდ იმაში, რომ ვარჯიშების სერია ჩავატაროთ. თავიდანვე მე აქცენტს ვაკეთებ გაგებაზე - რატომ ვაკეთებთ იმას, რასაც ვაკეთებთ, - ასევე ვეხმარები ადამიანებს, განივითარონ მგრძნობელობა თავის განცდებისადმი, შინაგანი რადარისადმი, რომელიც ატყობინებს იმის შესახებ, რაც გრძნობების დონეზე ხდება.
ეს საკუთარი თავისადმი ნდობის დაბრუნებას ჰგავს.
ერთხელ მოვისმინე, როგორ თქვა ოშომ, რომ ყველა ბავშვი „შინაგანი სისულელის დეტექტორით“ იბადება. სხვა სიტყვებით, მათ ინსტინქტურად იციან, როდის ამბობენ დიდები სისულელეს, ან როდის იქცევიან არაადეკვატურად. ჩვენ უბრალოდ გვჭირდება, ამ ძვირფასი თვისების აღდგენა, აღდგენა იმ „ხედვისა“, რაც გვეხმარება გავარკვიოთ რა არის ჩვენთვის კარგი და სწორი.
თვალების სეგმენტთან მუშაობა ქვაბიდან თავსახურის მოხსნას ჰგავს. იგი გზას უხსნის არხს ენერგიის მთელ სხეულში დინებისთვის. თვალებით ენერგია შეიძლება შემოვიდეს ჩვენში და ნებისმიერ ქვედა სეგმენტს შეეხოს და ზუსტად ასევე, ნებისმიერი ცენტრიდან ზემოთ ამოვიდეს და გამოიხატოს, გარეთ გამოვიდეს.
თვალები, ესაა წერტილი, რომლითაც ამა თუ იმ მიმართულებით მოძრავი ენერგია ენერგეტიკულ სისტებაში შედის, ან ტოვებს მას.
რამდენადაც სხეულის ჯავშნისგან გათავისუფლების პროცესი ზემოდან ქვემოთ, და გრძნობების ზედაპირული შრეებიდან უფრო ღრმა შრეებამდე ხდება, ჩვენ ჯავშნის მოხსნას ყოველთვის თვალების სეგმენტიდან ვიწყებთ.
არსებობს უამრავი ვარჯიში, რომლებსაც ვატარებ, რათა თვალების კუნთები მოვადუნო, შეკავების მექანიზმები მოვხსნა და აქ კონცენტრირებული დაძაბულობა გამოვათავისუფლო.
თვალებით კონტაქტი
ჯგუფური ან ინდივიდუალური თერაპიის დასაწყისიდანვე სხეულის ჯავშნისგან განთავისუფლების მომზადებისთვის ადამიანების ყურადღებას მათ თვალებზე ვამახვილებ.
სესიის დასაწყისში საცეკვაო მუსიკას ვრთავ და მონაწილეებს ვთხოვ, რომ ცეკვის დროს ერთმანეთს უყურონ, დაინახონ ვინაა მათ წინ და ვისთან ერთად მოუწევთ საკუთარი თავის სიღრმეებში მოგზაურობა. ეს პირველი ნაბიჯია: ერთად ცეკვით და მოძრობით ძალდატანების გარეშე შევიდნენ კონტაქტში.
როცა მუსიკა მთავრდება, მონაწილეებს ვთხოვ, რომ მხედველობითი კონტაქტი დაამყარონ - ერთმანეთის პირისპირ დადგნენ და პარტნიორს თვალებში უყურონ.
მრავალი ადამიანი ამ დროს უხერხულობას განიცდის, რადგანაც ჩვეულებრივ არ ვუყურებთ თვალებში სხვა ადამიანს 2-3 წამზე მეტხანს - უფრო ხანგრძლივი მზერა უზრდელობად ან ძალდატანებად ითვლება.
გარდა ამისა, სხვა ადამიანთან თვალებით კონტაქტისგან თავის არიდება საკუთარი თავისგან გაქცევის საშუალებაა - იმ გრძნობებისგან გაქცევის, რომლებიც შესაძლოა ადვილად ამოტივტივდნენ, როცა სახით ერთმანეთთან პირისპირ ვდგავართ. კატალიზატორივით ვმოქმედებთ და „ვრთავთ“ ერთმანეთს. რაც უფრო დიდხანს ვუყურებთ თვალებში სხვა ადამიანს, მით უფრო შესამჩნევი ხდება ჩვენი გრძნობები - არა მხოლოდ მისთვის, არამედ ჩვენი საკუთარი თავისთვისაც.
ამან შეიძლება შიშის გრძნობა გამოიწვიოს.
ემოციების დათრგუნვის ყველა ჩვენი ძალისხმევა მიმართულია იმისკენ, რომ ნამდვილი გრძნობები დაფაროს და რაღაც ყალბის დემონსტრირება მოახდინოს - ის, რაც ადამიანებს ჩვენგან უსაფრთხო მანძილზე შეინარჩუნებს.
ბუნებრივია, მსგავსი ვარჯიშების დროს ადამიანები ხშირად გრძნობენ შიშს ან საფრთხეს. მაგალითად, შეიძლება გაჩნდეს ლტოლვის შეგრძნება, როცა ადამიანები უეცრად ხვდებიან: „ო, მე ის მომწონს“. ეს ლტოლვა მზერით ვლინდება, მაგრამ წარსულმა გამოცდილებამ აჩვენა, რომ არ უნდა გამოხატონ მსგავსი გრძნობები.
ასეთი რამ შეიძლება მოდიოდეს უარყოფის შიშისგან, ან სოციალური აღზრდისა და კულტურული შეხედულებების გამო.
ასევე ამ სავარჯიშოთი ცხადი ხდება, რომ ზოგიერთ ადამიანს არ შეუძლია - პირდაპირ უყუროს ვინმეს თვალებში. ისინი უყურებენ ცხვირს, უყურებენ წარბებს... სადაც გნებავთ - ოღონდ არა თვალებში. ზოგიერთი, იმისთვის, რომ კონტაქტს თავი აარიდოს, „მიფრინავს“. თითქოს თვალებში გიყურებენ, მაგრამ შიგნიდან კავშირი არ აქვთ და ცოტა ხანში ხვდებით, რომ „სახლში არავინაა“ - სინამდვილეში თქვენ არავინ გიყურებთ. ვიღაც უბრალოდ თვალებს ხუჭავს, იღებს იმ ფაქტს, რომ არ შეუძლია მზერით შეხვდეს სხვა ადამიანს.
ხოლო მათში, ვინც თვალებში ყურებას აგრძელებს, ეს სავარჯიშო სხვადასხვა გრძნობების და ემოციების პროვოცირებას ახდენს.ზოგიერთი მონაწილე ტირილს იწყებს, უბრალოდ ერთმანეთის თვალებში ყურებით და მოპირდაპირედ მდგომი ადამიანის შემხვედრი თანაგანცდით. მათ გულებს ეხება რაღაც საერთო, ადამიანური შეგრძნება, შეგრძნება იმისა, რომ შიგნით, სიღრმეში ერთნაირები ვართ: სათუთები, მორცხვები, მოწყვლადები. თავად აღიარება იმისა, რომ „ეს - სხვა ადამიანია, რომელიც მე მიყურებს“, შეიძლება მოულოდნელად მრავალ გრძნობას შეეხოს.
იცვლიან რა პარტნიორს სამჯერ ან ოთხჯერ, მონაწილეები დიდ სიახლოვეს გრძნობენ ერთმანეთის მიმართ და ეს მნიშვნელოვან როლს ასრულებს მომდევნო სამუშაოსთვის ჯგუფური დინამიკის შექმნაში.
ამ სავარჯიშოს შესახებ წაკითხვისას შესაძლოა გადაწყვიტოთ, რომ ასეთი ძლიერი რეაქცია შეუთავსებელია მის სიმარტივესთან - ზოგჯერ მეც კი გაოცებული ვარ, როცა ვხედავ, როგორ იოლად ცვივა ხოლმე დაცვისა და სიყალბის შრეები. თუმცაღა, თუ დაფიქრდებით, მიხვდებით, რომ ეს არც ისე გასაკვირია. სწორედ თვალებით ვხვდებით სხვა ადამიანებს ყველაზე მეტად, სხვა გრძნობათა ორგანოებთან შედარებით. როცა მამაცად და გაცნობიერებულად ვდგავართ და ვუყურებთ ერთმანეთს, ძალიან მალე ჩვენი დაცვა ირყევა. ამიტომაც, ჩემი კურსების ასეთი დასაწყისი მნიშვნელოვანი და სასარგებლო ნაბიჯია.
ჯავშნისგან განთავისუფლების მთელი პროცესის განმავლობაში, განსაკუთრებით ემოციების გამოხატვისას, მე განვაგრძობ მონაწილეების წაქეზებას თვალებით კონტაქტისკენ. ვთავაზობ, რომ თვალებით გამოხატონ სიბრაზე, შიში, საშუალება მისცენ, თერაპევტს ან დამხმარე პარტნიორს, რომ მათ თვალებში ცრემლები და სევდა დაინახონ.
ჩვეულებრივ, როცა კლიენტს ვუყურებ თვალებში, იქ შეკავებულ ემოციებს ვხედავ. „გრძნობათა წყვილების“ მუსაობის ცოდნა მეხმარება, რომ შევაერთო ამ ემოციასთან და გამოხატვისს სასუალება მივცე. მაგალითად, თუ შეკავებულ სიბრაზეს ვხედავ, ვიცი, რომ ხელი უნდა შევუწყო ამ ენერგიის გარეთ გამოხატვას, აქცენტი გავაკეთო ამოსუნთქვაზე და ავირეკლო ეს სიბრაზე საკუთარი თსახით და თვალებით. თუ გაუცნობიერებელ შიშს ვხედავ, აქცენტს ჩასუნთქვაზე გავაკეთებ და შევთავაზებ ადამიანს, რომ ფართოდ გაახილოს თვალები და მოახდინოს შეშინების იმიტაცია, რის შედეგადაც შეიძლება „ჩაირთოს“ ნამდვილი ემოციები.
თვალების განთავისუფლება
ჩემი პულსაციის ჯგუფები ისეა აწყობილი, რომ ზოგჯერ მთელი დღე ერთ კონკრეტულ სეგმენტთან ვმუშაობთ. იმ დღის ძირითად სტრუქტურას, რომელსაც „თვალების სეგმეენტის დღეს“ ვუწოდებ, წარმოადგენს ნეორაიხიანული სავარჯიშო სახელწოდებით „თვალების განთავისუფლება“.
სანამ მონაწილეებს ამ სავარჯიშოში ღრმად შევიყვან, ნიადაგს უჩვეულო მედიტაციური ტექნიკით ვამზადებ, რომელიც ინდოეთში ვისწავლე. იგი ოშოს მიერ იქნა შემუშავებული და „მანდალა-მედიტაცია“ ეწოდება. ორივე ეს სტრუქტურა, რომელიც საწყისს სხვადასხვა კულტურებში იღებს, მშვენივრად ეთავსება ერთმანეთს და ერთი და იმავე ენერგეტიკულ ცენტრებზე მუშაობს.
მანდალა - ჩემი ერთ-ერთი უსაყვარლესი ტექნიკაა, და ყოველთვის სიამოვნებას მანიჭებს მისი ტრენინგებში ჩართვა. ამ მედიტაციური ტექნიკის აღწერით დავიწყებ, შემდეგ კი გადავალ რაიხული სავარჯიშოს აღწერაზე, რადგანაც სწორედ ამ თანმიმდევრობით ვიყენებ მათ.
მანდალა 1 საათი გრძელდება: მასში 4 სტადიაა - 15 წუთის ხანგრძლივობით. პირველი სტადია - ადგილზე სირბილია, რომლის დროსაც მუხლები და ბარძაყები მაღლა იწევა, დაახლოებით ჰორიზონტალურ მდგომარეობამდე - თეძოების დონეზე. ამით სხეულის ქვედა ნაწილში ბევრი ენერგია გენერირდება, ფეხებში და ტერფებში იბადება და მენჯის სეგმენტით ზემოთკენ ვრცელდება.
სირბილის დროს თვალები ღია უნდა იყოს, მზერა კი - წინ მიმართული. მზერა შეიძლება ფოკუსირებული იყოს კედლის რაღაც წერტილზე ან რომელიმე ხეზე, ან ბუჩქზე ბაღში - ფანჯრის მიღმა. სირბილის და ვიზუალური კონცენტრაციის ასეთი შეთანხმება ნიშნავს, რომ სხეულის ორი ურთიერთსაწინააღმდეგო ნაწილი - ტერფები და თვალები - ერთდროულად მუშაობენ, და ეს ენერგეტიკულ კავშირს ქმნის, ანუ გაერთიანებულ ველს, რომელიც მთელ სხეულს გაივლის.
მანდალას მეორე სტადიაზე მონაწილეები გადაჯვარედინებული ფეხებით სხედან (თვალები დახუჭულია, ხერხემალი კი - გამართული) და ნელ-ნელა ირწევიან მსუბუქი ოკეანის მუსიკის თანხლებით. ეს ცენტრირების მეთოდია, რომელიც საშუალებას აძლევს გამოღვიძებულ ენერგიას, რომ სხეულის ბირთვში შეგროვდეს და არ გაიფანტოს.
მესამე სტადიაზე მონაწილეები ზურგზე წვებიან, თვალებს ახელენ და თვალის კაკლებს ატრიალებენ - აკეთებენ ფართო წრეებს საათის ისრის საწინააღმდეგო მიმართულებით. მოძრაობის მიმართულება მნიშვნელოვანია. საათის მიმართულებით მოძრაობა ენერგიას გარეთკენ მოძრაობაში ეხმარება მაშინ, როცა საათის ისრის საწინააღმდეგო მიმართულებით მოძრაობა მის შიგნითკენ მოძრაობას უწყობს ხელს, ახლა კი ჩვენი მიზანი სწორედ ისაა, რომ ენერგია შიგნით შევინარჩუნოთ და „მესამე თვალისკენ“ მივმართოთ.
მათ, ვინც იოგას აღმოსავლურ სისტემას იცნობენ, იციან მესამე თვალის, ანუ მეექვსე ჩაკრას შესახებ, რომელიც დაკავშირებულია შინაგან ცოდნასთან ისევე, როგორც ჩვენი ფიზიკური თვალებია დაკავშირებული გარე მხედველობასთან. როცა მესამე თვალი აქტიურდება, ხშირად ჩნდება შინაგანი სივრცის, მომატებული გაცნობიერებულობისა და სიცხადის შეგრძნება. ფიზიკური თვალების წრიული მოძრაობა თვალების სეგმენტს ენერგიით ავსებს, რაც კარგად წაადგება ხოლმე შემდგომი რაიხული სავარჯიშოებს.
ადამიანებში, რომლებსაც ძლიერად აქვთ განვითარებული ჯავშანი თვალების გარშემო და ქრონიკული დაძაბულობა აქვთ ამ სეგმენტის კუნთებში, მესამე სტადია ზოგჯერ ძილისკენ მიდრეკილებას იწვეევს. ზოგიერთი მართლაც ღრმად იძინებს, ეს გონების არაცნობიერ ნაწილში გაღვიძებული მოვლენებისაგან გაქცევის მცდელობაა. იმისთვის, რომ ძილს შევეწინააღმდეგო, ყველას მოვუწოდებ განაგრძონ თვალების ტრიალი, იყვნენ ყურადღებით და „აქ მყოფნი“ და შეიგრძნონ ყველაფერი ის, რასაც ეს ტექნიკა ეხება და აღვიძებს.
მეოთხე, დასკვნით სტადიაზე, მონაწილეები თვალებს ხუჭავენ, დაწოლილები, მდუმარედ და უძრავად არიან და არაფერს აკეთებენ, უბრალოდ აკვირდებიან შეგრძნებებს და აზრებს, რომლებიც შიგნით მოძრაობენ, ასევე გარედან მოსულ ხმებს. ოშოს თითქმის ყველა მედიტაცია სიმშვიდით და სიჩუმით მთავრდება.
სხვათაშორის, ნუ იღელვებთ, თუ წიგნის ამ ნაწილში საკმარისი ყურადღება არ დავუთმე ოშოს და მის მიდგომას სულიერი პრაქტიკებისადმი. ამის შესახებ დაწვრილებით მესამე ნაწილის დასაწყისში მოვყვები, რომელიც ტანტრას და მედიტაციას ეხება.
მანდალასა და შესხვენების შემდეგ მონაწილეები მზად არიან სავარჯიშოსთვის - „თვალების გათავისუფლება”.
აქ ისინი წყვილებში მუშაობენ: ერთი მონაწილე აქტიური პარტნიორის, „კლიენტის“ სახით, მეორე კი - როგორც „დამხმარე“. კლიენტი ზურგზე წვება, ძირითად სუნთქვით პოზიციას იღებს, მუხლებს ხრის და მთლიანად აბჯენს ტერფებს იატაკზე. დამხმარე ბალიშზე ზის, უშუალოდ მისი თავის უკან.
აქტიური პარტნიორი ღრმად იწყებს სუნტქვას და ენერგიის მუხტს აგროვებს. ამ დროს დამხმარე თავს უზელს და კუნთებს უდუნებს თვალის სეგმენტის მიდამოში, განსაკუთრებით თვალების, წარბებისა და შუბლის მიდამოში. ასევე ვთავაზობ დამხმარეებს, რომ კისრის უკანა ნაწილზეც გაუკეთონ მასაჟი, თავის ქალას ფუძესთან, რადგანაც დაძაბულობა ხშირად სწორედ აქ გროვდება ხოლმე. ამ ადგილას შიშის ბლოკირებას ვახდენთ.
თვალებიდან მრავალი ენერგეტიკული მერიდიანი და არხი იწყება, რომელიც შუბლის გავლით თხემისკენ ადის და შემდეგ კისრის უკანა ნაწილისკენ ეშვება. ჩვეულებრივ ისინი ბლოკირებულნი არიან ქრონიკული დაძაბულობებით, რის შედეგადაც წყდება ენერგიის ნაკადი გონებასა და სხეულს შორის, ასევე წყდება კავშირი მხედველობასა და შეგრძნებებს შორის, ამიტომ დამხმარეებს ვთხოვ - დაუზილონ კისერი მხრების ჩათვლით.
სანამ მასაჟის პროცესი მიმდინარეობს და ოთახში სიჩუმეა, მე ვყვები, რომ არსებობს ბევრი რამ, რომლის დანახვაც ბავშვობის პერიოდში არ გვსურდა, არ გვინდოდა ამის შიგნით შემოშვება... მახინჯი, არაკომფორტული, შემაშინებელი საგნები და მოვლენები, მაგალითად მშობლებს შორის კამათი და ჩხუბი, მამა, ომელიც დედას სცემს, ყველა სხვადასხვა ოჯახური სიტუაცია... ჩვენ არ გვინდა ამის დანახვა, ამიტომ ვსწავლობთ ენერგიის თვალებისგან მოშორებას და ვეღარ ვხედავთ იმას, რაც ჩვენს წინაა. „თვალების გათავისუფლების“ სავარჯიშო გეხმარებათ, რომ შეასუსტოთ ენერგიის ნაკადის შეწყვეტის დამცავი რეფლექსით გამოწვეული ქრონიკული დაძაბულობა.
დამხმარეებს ვთხოვ, რომ ხელში აიღონ ავტოკალამის მსგავსი პატარა სანათი, ჩართონ იგი, კლიენტის თავს ზემოთ დაიჭირონ, მისი ცხვირიდან დაახლოებით ნახევარ მეტრში და ყვითელი შუქის სუსტი სხივი აქტიურ პარტნიორს თვალებში მიანათონ. მნიშვნელოვანია, რომ ეს სხივი სახის ზემოთ შემთხვევითი მიმართულებებით მოძრაობდეს - ზემოთ და ქვემოთ, გვერდიდან გვერდზე, წრიულად. ამ დროს კლიენტი თვალს არ აცილებს სინათლეს და თვალებით მიჰყვება მას. მოძრაობს მხოლოდ თვალები და არა თავი.
ამ შემთხვევაში კლიენტის თვალები იძულებულნი არიან იყურონ ყოველი კუთხისკენ, ყოველი მიმართულებით, ყოველ წერტილში - მხედველობის ველის საზღვრებში. მოძრაობა შემთხვევითი უნდა იყოს, მისი სურათი არ უნდა მეორდებოდეს - ისე, რომ მოძრაობის ავტომატური გამეორება შეუძლებელი იყოს. ეს საშუალებას აძლევს აქტიურ პარტნიორებს, რომ გამუდმებით შეინარჩუნონ ყურადღება, რადგანაც წინასწარ არასოდეს იციან, რა მიმართულებით გადაადგილდება სინათლე შემდეგ მომენტში.
თვალების შემთხვევითი მოძრაობა გავლენას ახდენს თვალების მიდამოში დაგროვილ დაძაბულობაზე და მასთან ერთად - მოგონებებზე, რომლებიც განდევნილ იქნენ გონების არაცნობიერ ნაწილში. ზოგჯერ ადამიანებში ამოტივტივდება ხოლმე ბავშვობის ხატ-სახეები: სასიამოვნო მოგონებები, მაგალითად იმის შესახებ, როგორ იწვნენ ბავშვის საწოლში და უყურებდნენ ნაირფერი სათამაშოების მოძრაობას; ან დისკომფორტული მოგონებები, როდესაც სადღაც რაღაც არასასიამოვნო ხდება და ბავშვი ცდილობს, რომ არ გაიხედოს იქით.
რაღაც დროის შემდეგ ვთხოვ კლიენტებს, რომ სანათის მოძრაობას თვალებითაც მიჰყვნენ და ცხვირის წვერითაც, რათა თავმაც იმოძრაოს შემთხვევითი მიმართულებებით და გამოათავისუფლოს დაძაბულობა კისრის უკანა ნაწილში. სუნთქვის, სინათლეზე დაკვირვების, თვალებისა და თავის მოძრაობის შეთანხმების შედეგად იღვიძებენ და მოძრაობას იწყებენ ყველა სხვადასხვა გრძნობები. იმისთვის, რომ ხელი შეუწყონ ამ გამოთავისუფლებას, მონაწილეებს ვთავაზობ, რომ გამოსცენ ხმები, რათა ენერგეტიკულად ჩართონ ამ პროცესში პირი და ყელიც. ასევე ვთავაზობ, რომ ტერფები მატრასს ურტყან, ეს გვაგონებს სირბილის სტადიას „მანდალაში“ - მუხლები მოხრილია, ტერფები კი თანმიმდევრობით ურტყამენ: ერთი, მეორე, ერთი, მეორე. ამგვარად ფეხები ახდენენ ენერგიის გენერირებას და ყოველ დარტყმასთან ერთად სხეულის გავლით ზემოთკენ აგზავნიან მას.
სავარჯიშოს ამ ნაწილის მიზანია - გამოხატვა და ენერგეტიკული არხების გათავისუფლება, გრძნობებისთვის გამოვლენის შესაძლებლობის მიცემა ყვირილის, ტირილის ან სიცილის სახით. ამ განმუხტვას ხმამაღალი, აქტიური მუსიკით ვეხმარები და დამხმარეებს მითითებას ვაძლევ, რომ სანათი უფრო ენერგიულად და ქაოტურად ამოძრაონ.
დაახლოებით 15 წუთში თანდათან დაბლა ვუწევ მუსიკის ხმას და პროცესი მშვიდდება. დამხმარეებს ვთხოვ, რომ სანათი უფრო ნელა და რბილად ამოძრაონ, კლიენტებს კი ვთხოვ, რომ უფრო მიმღებნი გახდნენ და სინათლე შიგნით შეუშვან თვალებიდან. ეს გზას უხსნის ენერგიის შიგნითკენ მოძრაობას. აქტიურ პარტნიორებს ვთხოვ ჩართონ წარმოსახვა და საშუალება მისცენ სინათლესა და ენერგიას ცარიელი მილში გაიარონ, ყელის, გულისა და მუცლის გავლით - სექსუალურ ცენტრამდე.
ეს მიმღებლობა, შინაგანი გახსნილობა ეხება დაფარულ, მოწყვლად გრძნობებს - ძირითადად შიშთან და ნდობასთან დაკავშირებულს და ბირთვთან უფრო ახლოს მყოფს. გრძნობენ რა ამას, მონაწილეები ხშირად ღრმად ტირიან ხოლმე.
დაახლოებით 10 წუთში დამხმარეები გამორთავენ ხოლმე სანათებს, გვერდით უსხდებიან თავიანთ პარტნიორებს და თანდათანობით ასრულებენ სავარჯიშოს, ეხებიან რა ხელებით რბილად მათ ტერფებს, რითაც დამიწებაში, სხეულში დაბრუნებაში ეხმარებიან. შემდეგ კლიენტები დამხმარეებს რამდენიმე წუთის განმავლობაში სავარჯიშოს დროს განცდილის შესახებ შთაბეჭდილებებს უზიარებენ.
ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული განცდაა, რომ ადამიანებს არ სურთ სინათლის დანახვა. ცდილობენ, თავი დააღწიონ მას - შესაძლოა შიშის გრძნობის გამო, რომლის პროვოცირებასაც ეს შუქი ახდენს მათში. ზოგჯერ, ამ შუქის ყურებისას, ადამიანები ძალიან ბრაზდებიან, უნდათ, რომ დაარტყან, ან უკბინონ მას, ან შეაფურთხონ. ზოგჯერ სინათლე ტკივილის ან სევდის გრძნობას ეხება და ადამიანმა შესაძლოა უეცრად ტირილი დაიწყოს. სხვა ადამიანები განიცდიან სინათლისადმი მზარდი სიყვარულის გრძნობას, შეიგრძნობენ მას, როგორც რაღაც პოზიტიურს და მშვენიერს. სურვილი უჩნდებათ, რომ ჩაეხუტონ, საკუთარ თავში შემოუშვან. ასევე შესაძლოა, რომ სინათლემ განასახიეროს დედა, მამა ან ხელმძღვანელი, ან რაიმე მშვენიერი ან ბოროტი ძალა, ან გააღვიძოს სხეულში მგრძნობელობა და სიცოცხლის შეგრძნება.
ამგვარად, სინათლე მოქმედებს, როგორც პროექციული ეკრანი პიროვნების სტრუქტურისთვის და იმ განპირობებულობებისთვის, რომლებიც ბავშვობიდან ჩაიბეჭდა ამ სეგმენტში, და ამიტომ „თვალების გათავისუფლების“ წყალობით ადამიანები უფრო მკაფიოდ აცნობიერებენ ხოლმე თავიანთ პირად პრობლემებს.
ხშირად, ვარჯიშის შემდეგ რამდენიმე დღის განმავლობაში, მონაწილეების ამბობენ, რომ მათი მხედველობა უფრო მკაფიო და უკეთესი გახდა - საგნები უფრო გაფერადდნენ და გაცოცხლდნენ; ახლა უფრო უიოლდებათ სხვებისთვის თვალებში ყურება, თავდაცვის გარეშე.
მას შემდეგ, რაც კლიენტები თავიანთ განცდებს აზიარებენ, დგება შესვენების დრო - ჩაისთვის ან ყავისთვის - დამატებითი შესაძლებლობა ჩვეულ „რეალობაში“ დასაბრუნებლად. ადამიანებს ხშირად უკვირთ, რომ ემოციური გამოთავისუფლების პროცესში ღრმად ჩაძირვის მერე, თურმე შეუძლიათ წამოდგნენ და სხვა მონაწილეებთან ერთად გავიდნენ საჭმელად ან ჩაის დასალევად, სანამ როლებს შეცვლიან თავიანთ პარტნიორებთან და პროცესს თავიდან დაიწყებენ.
მინდა ამ მომენტზე განსაკუთრებით გავამახვილო თქვენი ყურადღება, არა მხოლოდ იმიტომ, რომ მიყვარს დილაობით ჩაის სმა, არამედ იმიტომაც, რომ მინდა - ადამიანები ეჩვეოდნენ პოლარობებს შორის გადასვლებს ინტენსიური ემოციური გამოთავისუფლებიდან ყოველდღიური ცხოვრებისკენ. ეს კარგი მეთოდია დამიწების შენარჩუნებისთვის ცხოვრების პრაქტიკულ მხარეში, რათა საკუთარი თავი და საკუთარი ემოციები მეტისმეტად სერიოზულად არ აღვიქვათ.
რა თქმა უნდა, თუ ვინმე თავს განსაკუთრებულად შეძრულად ან მოწყვლადად გრძნობს, შემიძლია ბაღში გავაცილო იგი, რათა შეძლოს თავის პარტნიორთან ერთი-ერთზე დაჯდომა, და ყველაფერი თანდათანობით „დაილექოს“ და დამშვიდდეს.
იმ დროისთვის, როდესაც თვალების გათავისუფლების ტექნიკას ორივე პარტნიორი აკეთებს, ჯგუფის ეს დღეც სრულდება. ჩვენ კი მზად ვართ გადავიდეთ სახიდან ნიღბის მოხსნის მეორე სტადიაზე.