თავი 5 გრძნობათა წყვილები
თავი 5 გრძნობათა წყვილები
თუ სიტყვას «emotion» (ემოცია) ორ შემადგენელ ნაწილად დაყოფთ – «e» და «motion», დაინახავთ, რომ თავდაპირველად იგი ლათინური ფესვებისგან წარმოიშვა და აღნიშნავდა გარეთა მიმართულებით მოძრაობას.
ეს განსაზღვრება კარგად შეესაბამება ადამიანური ემოციების რაიხისეულ გაგებას. თავის საფუძველში ემოციები - სხვა არაფერია, თუ არა პლაზმის მოძრაობა, ენერგიის ტალღა, რომელიც, სხეულის თხევადი შემადგენელის გავლით, გამოხატვისკენ და გამოთავისუფლებისკენ მიისწრაფვის. ასეთი განზოგადებული თვალთახედვა ჩვენთვის არაფრისმთქმელია დაკარგული სიყვარულის გლოვისას, ან წყენისას. მაგრამ იგი უცილობლად ეხმარება რაიხულ თერაპევტს კლიენტის სხეულში ჯანმრთელი პულსაციის აღდგენაში, რათა კარი გაუღოს ბედნიერებისკენ, მეტი სიცოცხლისუნარიანობისკენ და კარგი განწყობისკენ.
თავად რაიხი აკვირდებოდა ემოციების წარმოშობას მათი უფრო პრიმიტიული და საბაზისო ფორმიდან და მაგალითის სახით ერთუჯრედიანი ამება აირჩია. მიკროსკოპის მეშვეობით მან დაინახა, რომ ამებას უჯრედის შიგნით არსებული პლაზმა გარეთ გამოიზნიქება ხოლმე სიამოვნების წყაროს მიმართულებით და შიგნით შედის, როდესაც ტკივილის წყაროსგან უკან იხევს. ესაა ორმხირივი მოძრაობა, ანუ, როგორც რაიხი უწოდებდა - „პროტოპლაზმის ორმხრივი ემოცია“.
სიამოვნებისკენ სწრაფვა იწვევს მოძრაობას უჯრედის ბირთვიდან პერიფერიისკენ, მაშინ, როცა ტკივილისგან გაქცევის სწრაფვა იწვევს მოძრაობას საწინააღმდეგო მიმართულებით - შეკუმშვას პერიფერიიდან ცენტრისკენ. რაიხი თვლიდა, რომ ეს საბაზისო პულსაცია ორი მიმართულებით დამახასიათებელია ყველა ცოცხალი ორგანიზმისთვის და ადამიანური გამოხატულების პირველ საფუძლევს წარმოადგენს: ჩვენ ყველას გვსურს სიამოვნების შეგრძნება; ყველას გვსურს ტკივილისაგან თავის არიდება. რაიხი ასევე მიანიშნებდა, რომ მოძრაობა, რომელიც გამოხატვის საშუალებას წარმოადგენს, ცოცხალი როგანიზმების განუყოფელი თვისებაა, რაც მათ დანარჩენი ბუნებისგან განასხვავებს. იყო ცოცხალი, ნიშნავს იმოძრაო; იმოძრაო, ნიშნავს გამოხატო.
ყველაფერ ამას ერთ არსებით დასკვნამდე მივყავართ: მოგვწონს თუ არა ეს, ჩვენ ყველანი ემოციური არსებები ვართ.
გრძნობები - ესაა ნაწილი კომპლექტისა, რომელსაც „სიცოცხლე“ ეწოდება, ხოლო ამ გრძნობების ემოციური გამოხატულება - ჩვენი ენერგიის ბუნებრივი და აუცილებელი მოძრაობაა.
თუ ჩვენ მათ ვახრჩობთ, ვთრგუნავთ, ამით ჩვენივე სასიცოცხლო ძალას ვთრგუნავთ.
ამ თვალსაზრისით, რთული არაა დავაკვირდეთ ძირითად კონფლიქტს, რომელიც ადამიანურ ბუნებასა და ჩვენს ე.წ. სოციალურად მიღებულ ქცევას შორის ჩნდება. „ელიტარულ“ საზოგადოებაში რაც უფრო ნაკლებად ავლენს ადამიანი ემოციებს, მით უფრო ცივილიზებულად თვლიან მას.
ეს მაგონებს ბრიტანელების ცნობილ „მოკუმულ ზედა ტუჩს“, როდესაც ემოციებისა და უკიდურესი სტრესის არ-გამოხატვა კარგი მანერებისა და აღზრდილობის მწვერვალად ითვლებოდა.
მე არ მახსოვს წიგნის სათაური, მაგრამ ზუსტად მახსოვს ციტატა ბრიტანელი ლედის დღიურიდან, რომელიც ინდიელების აჯანყების დროს, 1957 წელს, ლაკნაუს ალყაში აღმოჩნდა: „დღეს დილით ესა და ეს მაიორი წვერის პარსვის დროს, ქვემეხის ბირთვის მოხვედრისას, უთავოდ დარჩა“. ასეთი იყო მთელი მისი დღიური: ალყის საშინელებათა პედანტური ჩამონათვალი ემოციების მკაცრი ჩახშობით.
ჩვენ, ამერიკელები, არც ისე კარგად ვმალავთ ემოციებს, მაგრამ საერთო მიდგომა იგივე რჩება. მაგალითად, მახსოვს, როგორ ვხუმრობდით დებთან იმაზე, რომ ყველანი ”კარგის“ გვარს ვეკუთვნით, და რომ ჩვენი ნამდვილი გვარი „დილანი“ კი არა, „კარგია“, იმიტომ რომ ყოველ ჯერზე, როცა შეხვედრისას ერთმანეთს ვეკითხებოდით: „როგორ ხარ?“ - პასუხი იყო: „კარგად!“
ეს ამერიკული სტილია: კარგად უნდა გამოიყურებოდე, იღიმოდე და დარწმუნებული უნდა იყო, რომ ყველაფერი კარგადაა. და თუ ამ ფასადს, წარწერით - „მე ყველაფერი კარგად მაქვს“ - რაღაც არასასურველი ნეგატიური ემოციები ეპარებიან, მათი ნეიტრალიზაციისთვის ყოველთვის არის პროზაკის ან ვალიუმის ბოლო გამოშვება. რა თქმა უნდა, ეს პატარა ჭკვიანური ტაბლეტები თქვენს ტანჯვასთან ერთად დაანგრევენ ასევე თქვენი ბედნიერების უნარს, მაგრამ ეს ის ფასია, რომელსაც ადამიანები იმისთვის იხდიან, რომ ყველაფერი უწინდებურად ვითომ კარგად იყოს.
ეს პოზიცია მხოლოდ ამერიკელებისთვის და ევროპელებისთვის არაა დამახასიათებელი. ყველა მაღალორგანიზებულ კულტურაში, მათ შორის იაპონიაში, ჩინეთში, ეგვიპტეში და ინდოეთში, ყველა დროში მოითხოვდნენ მკაცრი ფორმალურობების შესრულებას სოციალურ ურთიერთობებში და როგორც წესი ყველგან იკრძალებოდა გრძნობების გამოხატვა.
რაიხის გზავნილი მთელი მსოფლიოსადმი იმაში მდგომარეობს, რომ ცივილიზაციის განვითარების პროცესი მეტისმეტად შორს წავიდა ემოციების კონტროლის მიმართულებით. მეცნიერების განვითარების წყალობით ადამიანმა ბევრს მიაღწია კომფორტის შექმნის თვალსაზრისით. მსოფლიო სავსეა ყველა შესაძლო ტექნიკური საოცრებით, რომლებიც ამსუბუქებენ შრომას და ფუფუნების სხვადასხვა ფორმას გვთავაზობენ. მაგრამ ამის პარალელურად მიმდინარე სასიცოცხლო ძალის განადგურებამ თითქმის წაგვართვა ჩვენი საკუთარი მიღწევებით ტკბობის უნარი.
ჩვენ უნდა აღვადგინოთ ჩვენი ემოციები, რათა კვლავ მოვიპოვოთ სიცოცხლისადმი სიყვარული.
ჩარლზ კელიმ საფუძვლად რაიხის საბაზისო პულსაცია - „სიამოვნება-შფოთვა“ -აიღო და კლიენტებთან სამუშაოდ უფრო რთული მოდელი შეიმუშავა. მან აღმოაჩინა, რომ უფრო სწორი და სასარგებლოა ემოციების განხილვა გრძნობათა არა ერთი, არამედ სამი წყვილის სახით.
აი ეს სამი წყვილი:
სიბრაზე – სიყვარული
შიში – ნდობა ტკივილი – სიამოვნება
ამ სამი ნეგატიური ემოციიდან თითოეული: სიბრაზე, შიში და ტკივილი - პულსაციის სხვადასხვა ასპექტებს უკავშირდება. სიბრაზე დაკავშირებულია ბირთვიდან პერიფერიისკენ მოძრაობასთან. შიში დაკავშირებულია პერიფერიიდან ბირთვისკენ მოძრაობასთან. ტკივილი დაკავშირებულია ენერგეტიკული განმუხტვის კონვულსიურ თვისებასთან, კუნთების სწრაფ შეკუმშვასთან და შემოდგომ მოდუნებასთან. ჩვენ ამას მაშინ ვგრძნობთ, როცა ვიცინით, ვტირით, ორგაზმს განვიცდით.
თუ ნეგატიური ემოციებიდან რომელიმე ბლოკირებულია, იგი სხეულში კუნთოვანი დაძაბულობების სახით ინახება.
ეს საშუალებას აძლევს გამოცდილ თერაპევტს, რომ „წაიკითხოს“ კლიენტის სხეული და უფრო გამოკვეთილად გამოავლინოს ბლოკირებული ენერგია.
გარკვეული თვალსაზრისით, ადამიანები შეგვიძლია დავყოთ ტიპებად, რომლებიც იკავებენ სიბრაზეს, შიშს ან ტკივილს. ეს გვეხმარება განვსაზღვროთ, რითი უნდა დავიწყოთ დაბლოკილი ემოციების გამოთავისუფლების და ჯანმრთელი პულსაციის აღდგენის პროცესი. რა თქმა უნდა, ეს არ ნიშნავს, რომ მხოლოდ ისინი ბრაზდებიან, ვინც სიბრაზეს იკავებს.
ყოველი ჩვენგანის შიგნით ემოციების მთელი სპექტრი ცოცხლობს. ეს კლასიფიკაცია მხოლოდ აღნიშნავს, სახელდობრ რომელი ჩვევა ფორმირდა ადამიანში მრავალი წლის განმავლობაში და ემოციების რომელი ტიპია უფრო მეტად დაბლოკილი.
სამი დადებითი ემოცია ასევე დაკავშირებულია პულსაციასთან. სიყვარული გარეთკენ მიედინება, ბირთვიდან პერიფერიისკენ - სხვა ადამიანებისკენ. ნდობა - ესაა მიმღებლობის ფორმა, რომელიც საშუალებას აძლევს გარშემომყოფ სამყაროს მის შიგნით შეაღწიოს. სიამოვნება - ესაა კარგი თვითგანწყობის მდგომარეობა, რომელშიც მთელი ორგანიზმია ჩართული.
როგორც შემდგომ დავინახავთ, იმ ფაქტიდან, რომ როგორც ნეგატიური, ასევე პოზიტიური ემოციები პულსაციას უკავშირდება, გამომდინარეობს მნიშვნელოვანი დასკვნები, რადგანაც გაუგებრობა იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ მივუდგეთ ნეგატიურ ემოციებს, უშუალოდ ზემოქმედებს ასევე ჩვენს მიერ პოზიტიური გრძნობების გამოხატვის უნარზე.
სიბრაზე – სიყვარული
სიბრაზე - ესაა ენერგია, რომელიც გარეთკენ მოძრაობს. მისი გამოთავისუფლების დანახვა ადვილია, თუ დავაკვირდებით, როგორ ვითარდება ჩხუბი და კამათი, განსაკუთრებით მამაკაცებს შორის.
აი, მაგალითად, ორი ბიჭი ბარში ფეხბურთზე საუბრობს. ერთი ამბობს, რომ ესა და ეს გუნდი საუკეთესო გუნდია მსოფლიოში, მეორე ზიზღით პასუხობს: „ბოლო დროს ეგენი ჩირადაც არ ღირან“. პირველი მაშინვე შეურაცხყოფილად გრძნობს თავს, ბრაზდება და ყბაში უთავაზებს მეორეს. იწყება კლასიკური მთვრალი ჩხუბი.
სიბრაზე - ესაა ენერგიის უხეში, ფეთქებადი და აგრესიული გამოხატვა - უეცარი გამოტყორცნა ბირთვიდან პერიფერიისკენ და ამიტომ ჩხუბში ჩართული მუშტი, არსობრივად, სხვა არაფერია, თუ არა გარეთკენ მოძრავი ენერგეტიკული იმპულსის გაგრძელება.
იგივე ეხება ცეცხლსასროლ იარაღსაც. როცა ძველ ვესტერნში ორი კოვბოი ერკინება ერთმანეთს და იარაღს სტაცებენ ხელს, მბრწყინავი რევოლვერები და ასევე ტყვიები, სიბრაზის ენერგიის გაგრძელებას წარმოადგენენ. სხვათაშორის, სწორედ აშშ-ში ძალიან ბევრი ადამიანი ცეცხლსასროლი ჭრილობებით იღუპება. ეს ხდება იარაღის ადვილად მისაწვდომობის გამო, რომელიც აგრძელებს და აძლიერებს რისხვის ენერგეტიკულ იმპულსს.
ჩვენ, როგორც ცივილიზებულ ადამიანებს, ბავშვობიდან გვასწავლიან - არ გამოვხატოთ სიბრაზე, ჩვენც მთელი ძალით ვცდილობთ მის შეკავებას. საუკეთესო განზრახვებით მოტივირებული ასეთი ძალისხმევა კუნთებში დაძაბულობას და გაშეშებას იწვევს.
სიბრაზის ჯავშანი განლაგებულია სხეულის პერფერიაზე, რადგანაც ენერგია, რომელიც შეაჩერეს, გარეთკენ მოძრაობდა. ადამიანს, რომელის სიბრაზეს იკავებს, როგორც წესი ძლიერი ხელები აქვს უხეში კუნთებით, მისი პირი და ყბა თითქმის ყოველთვის დაძაბულია, ხოლო კასრისმაგვარი გულმკერდის ყაფაზი ისეა გამოზნექილი, თითქოს მთელ სამყაროს გამოწვევას უცხადებს. ისე ჩანს, რომ ასეთი ადამიანები ძლივს იკავებენ თავის ემოციებს; როგორც კი შემთხვევით დაეჯახებით, ან ფეხზე დააბიჯებთ, ან რამე გადაბრუნებულს ეტყვით - მაშინვე ფეთქდებიან.
როგორც ახლახანს ავღნიშნე, სოციალური აღზრდა რისხვის ბლოკირებას გვასწავლის - გარდა განსაკუთრებული სიტუაციებისა, როგორიცაა ომი. მაგრამ ასეთი მიდგომის პრობლემა ისაა, რომ იგი სიყვარულის გამოვლინებასაც უშლის ხელს.
სიყვარული - ესაა ჩვენი გარეთკენ მოძრავი ენერგიის რბილი, ნაზი, თანამგრძნობი გამოხატულება.
მიუხედავად ძლიერი სხვაობებისა, სიყვარული და სიბრაზე ერთი და იმავე მაგისტრალზე მოძრობენ, ერთი და იმავე მიმართულებით - ბირთვიდან პერიფერიისკენ. თუ გარეთკენ მიმართული გამოვლინების ერთ-ერთი ასპექტი ბლოკირებულია, მაშინ როგორც წესი მეორე ასპექტიც ბლოკირებული იქნება. სიყვარული კი - გაცილებით უფრო რბილი და ნატიფი გრძნობაა. იგი ვერ შეაღწევს ქრონიკული დაძაბულობების სიბრაზის ბლოკირების ჩვევით წარმოქმნილ უხეშ შრეებში. მაშინაც კი, თუ შიგნით სიღრმეში, თქვენს ბირთვში სიყვარულის გამოხატვისკენ ისწრაფვით, ცდილობთ, რომ მისწვდეთ სხვებს თქვენს ექსპანსიურ მოძრაობებში, ამას ვერ მოახერხებთ. მაგისტრალზე საცობია, მოძრაობა ბლოკირებულია და ვერაფერი ვერ იმოძრავებს.
ეს საზოგადოებრივი მორალის მიერ შექმნილი კლასიკური დილემაა. ჩვენგან მოითხოვენ, რომ არ გავბრაზდეთ და ამის ნაცვლად მოსიყვარულეები ვიყოთ. გვასწავლიან, რომ „გვიყვარდეს მოყვასი“ და „მივუშვიროთ მეორე ლოყა“, და საერთოდ არ ესმით და არ ითვალისწინებენ ამაში ჩართული ენერგიის დინამიკას.
ერთდროულად - დათრგუნო სიბრაზე და ამავდროულად იყო მოსიყვარულე - შეუძლებელია.
დიახ, თქვენ შეგიძლიათ დაიყვანოთ სიყვარული ერთგვარ წარმოდგენამდე, ინტელექტუალურ კონცეფციამდე და თავი მოაჩვენოთ, რომ გიყვართ სხვები, რომ გიყვართ კაცობრიობა, რომ ზრუნავთ ღარიბებზე და უსახლკაროებზე. მაგრამ რეალური, თბილი, გულწრფელი სიყვარული - ესაა ცოცხალი ენერგია, რომელსაც მოძრაობა და გამოხატულება სჭირდება და თუ გამოხატვის გზა ბლოკირებულია ჯავშანში გამოკვეთილი სხეულით, იგი ვერასოდეს მიაღწევს სხვა ადამიანამდე.
იმისთვის, რომ სიყვარულმა დაიწყოს დინება, სიბრაზე უნდა გამოიხატოს და გამოთავისუფლდეს.
არასწორი აღზრდის გამო ადამიანებმა არ იციან რა მოუხერხონ სიბრაზეს, არადა გამოსავალი ძალიან მარტივია: სიბრაზე უბრალოდ უნდა გამოისროლოთ, გამოტყორცნოთ საკუთარი თავიდან - ეს ერთადერთი გამოსავალია. ესაა გარეთკენ მიმართული ენერგიის ტალღა, რომელიც უნდა გამოიხატოს და განიმუხტოს. რა თქმა უნდა, ეს არ ნიშნავს, რომ ერთმანეთს უნდა ვუღრიალოთ, ვეჩხუბოთ და რევოლვერები ვატაროთ. არსებობს სიბრაზის გამოხატვის უსაფრთხო და გონივრული საშუალებები, ისე, რომ სხვებს არ მივაყენოთ ზიანი.
ჩვენ შეგვიძლია ოთახშ ჩავიკეტოთ, ბალიში ავიღოთ, იატაკისკენ მოვიქნიოთ და მუშტები ვურტყათ. შეგვიძლია გავაკეთოთ მედიტაციური ტექნიკა, რომელიც ხელს უწყობს ემოციურ გამოხატულებას, მაგალითად - დინამიური მედიტაცია. შეგვიძლია ვიყვიროთ, როცა მარტონი ვართ მანქანაში აწეული შუშებით - თუმცა ამისთვის საჭიროა გარკვეული სიფრთხილე და ყურადღება, რომ ავარიაში არ მოვყვეთ (ჯობია მანქანა გაჩერებული იყოს).
სიბრაზისგან განმუხტვის და შინაგანი მაგისტრალის განთავისუფლების შემდეგ იმის ალბათობა, რომ სიყვარული დინებას დაიწყებს და გამოხატულებას ჰპოვებს, მნიშვნელოვნად იზრდება. ამით იხსნება ჩვევა, რომელიც ზოგიერთ დიდი ხნის წყვილს ახასიათებს: იჩხუბონ, შემდეგ კი სექსი ჰქონდეთ - «fucking and fighting», როგორც ზოგჯერ ამას უწოდებენ. ისე, რომ თავადაც ვერ ხვდებიან, ეს წყვილები ცდილობენ განთავისუფლდნენ ბლოკირებული ენერგიისგან და შეიგრძნონ მის მიღმა არსებული სიყვარული.
ადრე ქალებს ძალიან უჭირდათ სიბრაზის გამოხატვა. ვიქტორიანულ ეპოქაში, მაგალითად, ვიწრო კორსეტები და შემზღუდველი ტანსაცმელი სასტიკი ემოციური შეზღუდვის შესაბამის მდგომარეობას ასახავდნენ. ამას საფუძვლად ედო რწმენა იმისა, რომ, როგორი სამართლიანიც არ უნდა ყოფილიყო ქალის რისხვა, მამაკაცი ყოველთვის უფრო ძლიერი აღმოჩნდება, არ დაუშვებს მის გამოხატვას და ქალს რისხვის ჩაყლაპვას აიძულებდა.
ყველაზე ხშირად რისხვა ქალებში ისტერიული შეტევებით ვლინდებოდა, რაც უმწეო რისხვის გამოვლინებას წარმოადგენს. სწორედ ისტერიებთან ჰქონდათ შეხება ყველაზე ხშირად ფროიდისტებს, რომლებმაც XX საუკუნის დასაწყისში ქალის ფსიქიკის კვლევა დაიწყეს. ქალების განთავისუფლების და მათ მიერ თავისი ემოციების პირდაპირ გამოხატვის შედეგად, ჩვენს დროში ისტერია არც ისეთი ხშირი მოვლენაა. მეორე, ტრადიციული, სიბრაზესთან გამკლავების ქალური საშუალებაა ბუზღუნი. იგი მათ მამაკაცების დამორჩილებაში ეხმარებათ, მაგრამ სინამდვილეში სიბრაზის გამოხატვის დამახინჯებული ფორმაა. ისევე, როგორც ისტერია, ბუზღუნიც ემოციების პირდაპირ გამოხატვის შეუძლებლობით განვითარდა.
შიში – ნდობა
შიში ადამიანს შეკუმშვას აიძულებს. ესაა დაჭიმვა, ენერგიის შიგნით შეტანა, რადგანაც სინამდვილეშ თქვენი გადარჩენის ძირითადი ინსტინქტი გაძლევთ სიგნალს: „გაიქეცი!“ ესაა მისწრაფება - გამოხვიდეთ იმ სიტუაციიდან, რომელიც საფრთხედ აღიქმება. იმისთვის, რომ მოქმედებას შეუწყოს ხელი, სხეულში ადრენალინი გამომუშავდება და ცხოველს თქვენს შიგნით გაქცევა და გადარჩენა სურს.
ზოგიერთ სიტუაციაში გაქცევა სწორი და პრაქტიკული მოქმედებაა.
ყველას გვინახავს 2001 წლის 11 სექტემბერს გადაღებული ვიდეო და ფოტოები, როცა ასობით ადამიანი დარბოდა მანჰეტენის ქუჩებში, რათა მსოფლიო სავაჭრო ცენტრის ტყუპი შენობების ნამსხვრევებს გაქცეოდა. ჩვეულებრივი, ცივილიზებული ქცევა, ასოცირდებული კოსტუმებთან, ჰალსტუხებთან, პორტფელებთან და ცხოვრების საქმიან სტილთან, უეცრად მიეცა დავიწყებას, ცხოველურმა ინსტინქტმა თავი გამოავლინა და ადამიანებს გაქცევა და სიცოცხლის გადარჩენა აიძულა.
აღზრდის პროცესში საქმე სულ სხვაგვარადაა. ბავშვები საშინელ ოჯახურ პირობებში აღმოჩნდებიან ხოლმე, მაგრამ გაქცევა არ შეუძლიათ. ისინი უმწეონი არიან და დამოკიდებულნი არიან იგივე ადამიანებზე - ყველაზე ხშირად ესაა დედა და მამა, - რომლებიც შიშის მიზეზს წარმოადგენენ. ბავშვები ვერ გარბიან და ამის ნაცვლად შიშისგან მოიკუნტებიან ხოლმე.
არსობრივად ეს შეკუმშვა წარმოადგენს ენერგიის ბირთვისკენ უკანდახევას, შიგნითკენ მოძრაობას, საფრთხისშემცველი პერიფერიისაგან გაქცევის მცდელობას მცდელობას. ეს შეკუმშვა შეიძლება ათასი მიზეზით იყოს გამოწვეული, მაგრამ ძირითადად მას სახლში უსაფრთხო პირობების არარსებობა განაპირობებს. ასეთ პირობებში ბავშვი მუდამ ყურადღებით უნდა იყოს. წინასწარგანუსაზღვრელობა - შიშის საკვანძო ფორმულაა. საქმე იმაში კი არაა, რომ დედა ან მამა გამუდმებით ბრაზობენ, არამედ იმაში, რომ ერთ-ერთი ან ორივე მშობლის უეცარი აფეთქებებისკენ მიდრეკილება ქმნის გამუდმებული შფოთვის, გამუდმებული მოლოდინის ატმოსფეროს: „როდის მოხდება ეს?“ ასეთი ატმოსფერო ისეთ ოჯახებშია, სადაც ალკოჰოლიკი მამა თვრება და მოძალადე ხდება და თუ დედას აქვს ნერვიული ხასიათი, ისიც მხოლოდ გარკვეულ მომენტამდე უმკლავდება სტრესს, შემდეგ კი უეცრად „გამოდის წყობილებიდან“ და ბავშვს ეცემა ხოლმე.
ასევე მრავალ კლიენტთან მიღებული გამოცდილებით ვიცი, რომ ადამიანთა შიში საშვილოსნოშივე ყალიბდება, რადგანაც იქიდან ნამდვილად შეუძლებელია გაქცევა. მაგალითად, თუ დედას ორსულობა არ უნდა, მისი გამოუთქმელი სურვილი აბორტის თაობაზე შიშის ატმოსფეროს უქმნის ნაყოფ. მსგავსად ამისა, თუ დედა ორსულობის პერიოდში უწყვეტი სტრესის მდგომარეობაშია, შფოთავს ან ეშინია, ეს გრძნობები ბავშვსაც გადაეცემა. მას უჩნდება კითხვები: „უსაფრთხოა აქ?“, „მაქვს აქ ყოფნის უფლება?“ ასეთი გამოძახილი აზროვნების დონეზე არ ჩნდება - ნაყოფმა არ იცის ენა, - არამედ განიცდება ორგანიზმის მიერ პრიმიტიულ, ინსტინქტურ დონეზე და იწვევს ენერგეტიკულად შეკუმშვისკენ სწრფვას.
შიშის შეკავება შესაძლოა ჩამოყალიბდეს დაბადებიდან, პირველი ერთნახევარი წლის განმავლობაში, ე.წ. „ორალური სტადიის“ დროს, როცა ბავშვი უფრო უმწეო მდგომარეობაშია და მუდამ დამოკიდებულია დედის ზრუნვაზე. თუ დედასთან ახლო ურთიერთობები დარღვეულია, თუ მზრუნველობას და კვებას თან ერთვის დედის ბრაზი, გაუცხოება, უყურადღებობა ან, შესაძლოა გაღიზიანება იმის გამო, რომ მეტისმეტად ხშირად უწევს საფენების ცვლა, ბავშვს ასევე უყალიბდება ენერგეტიკული შეკუმშვისადმი მიდრეკილება. ამასთან, სულაც არაა აუცილებელი, რომ დედას რაიმე ბოროტი ზრახვა ჰქონდეს. შესაძლოა იმ დროს, როცა ბავშვს საფენებს უცვლის, მისი სამი წლის ბავშვი ტირის და ყურადღებას ითხოვს, და შემთხვევით დედა ახალშობილს „ბულავკას“ უჩხვლეტს. თუ მსგავსი რამ საკმაოდ ხშირად ხდება, ბავშვს საფრთხის შემცველი გარემოცვის შეგრძნება უჩნდება, რაც თავის მხრივ შიშს წარმოშობს.
შიში - საინტერესო მოვლენაა, რადგანაც თქვენ არა მხოლოდ გაქცევა გსურთ საფრთხის ან ტკივილის წყაროსგან; თქვენ ასევე გსურთ, რომ თავად შიშის შეგრძნებისგანაც განთავისუფლდეთ.
შიში - უსიამოვნო განცდაა. ესაა შეკუმშვის შეგრძნება, საიდანაც გამომდინარეობს ლოგიკური დასკვნა, რომ თუკი მეტისმეტად ძლიერად შეიკუმშებით, საერთოდ გაქრებით და მოკვდებით. შიშზე ორიენტირებული ბავშვი, ამგვარად კიდევ უფრო მეტად იცავს თავს ჯავშნით ამ გრძნობისგან.
შედეგად, იმ ადამიანის ჯავშანი, რომელიც შიშს იკავებს, სხეულის შიგნით, ღრმად, ბირთვის გარშემოა განლაგებული.
აქ ვლინდება ორი ტენდენცია. პირველი - ენერგიის პერიფერიიდან უკან გამოდინება, სადაც საფრთხეა. მეორე - თავად ბირთვის დაცვა ამ საფრთხისგან ენერგიის შეკუმშვით.
როგორც ვნახეთ, სიბრაზის შემთხვევაში ჯავშანი პერიფერიაზეა განლაგებული, რათა შეაკავოს გარეთკენ მიმართული დარტყმა. შიშის შემთხვევაში კი შიგნით სიღრმეში ერთგვარი გაყინვა ხდება, რათა პერიფერიიდან შიგნით მოწოლილმა ენერგიამ მთლიანად არ დაფაროს ბირთვი.
ადამიანები, რომლებიც შიშს იკავებენ, გარეგნულად თხელები და სათუთები არიან, რადგანაც მათი ენერგია ცენტრშია შეკავებული.
ასეთ ადამიანებს, ჩვეულებრივ ხელებზე და ფეხებზე სუსტი კუნთები აქვთ, გულმკერდის ყაფაზი შესაძლოა ჩავარდნილი იყოს. ასევე ხშირად ენერგია თვალებისგანაც უკან იხევს, შედეგად ასეთი ადამიანები შესაძლოა ახლომხედველები იყვნენ. გასაგებია, რომ ასეთი ადამიანი ძნელად ენდობა სხვა ადამიანებს და გარესამყაროს, რადგანაც ნდობისთვის საჭიროა გახსნილობა და მიმღებლობა. ნდობა - ესაა მზაობა - საშუალება მისცეთ ენერგიას, რომ თქვენს შიგნით შემოაღწიოს.
ისევე როგორც შიში, ნდობაც შიგნითკენ მიმართულ პულსაციის ფაზასთან ერთად მოძრაობს - პერიფერიიდან ბირთვისკენ. აქედან გამომდინარე, თუ ადამიანი შიშის ჯავშანშია მომწყვდეული, მაშინ ეს ბლოკირება ხელს შეუშლის ასევე ნდობის რბილი ნაკადის შემოსვლასაც.
შიშთან მუშაობისას ერთ-ერთი პირველი ნაბიჯი იმაში მდგომარეობს, რომ დავეხმაროთ კლიენტს მის აღიარებასა და მიღებაში, ეს კი ნიშნავს ბირთვში ჩაძირვას, სადაც შიშია. ეს უფრო დელიკატური ამოცანაა, ვიდრე შიშთან მუშაობა, რადგანაც ადამიანი, რომელიც შიშს იკავებს, საჭიროებს, რომ თავი უსაფრთხოდ იგრძნოს. საჭიროა, რომ მას უკვე ჰქონდეს გარკვეული ნდობა - ეს საშუალებას მისცემს ენერგიას, რომ კიდევ უფრო ღრმად შევიდეს შიგნით.
შიშისგან განმუხტვა არც ისე ნათლად ხდება, როგორც სიბრაზის გამოთავისუფლება. ჩვეულებრივ, მას თან ახლავს ხმამაღალი ბგერები. იმასთან ერთად, რაც შინაგანი ჯავშანი ინგრევა და დაძაბულობა ქრება, თანდათან აღდგება ნდობის უნარიც.
ფსიქოლოგიურ დონეზე ნდობა ნიშნავს, რომ თქვენ შეგიძლიათ მოდუნდეთ სხვა ადამიანის საზოგადოებაში და არ იყოთ შეპყრობილი ეჭვებით. მაგალითად: „ეს ადამიანი მეგობრულად გამოიყურება, მაგრამ ეს მხოლოდ იმიტომ, რომ ჩემგან რაღაც სჭირდება...“
ეს არ ნიშნავს, რომ ნდობა უპირობო და ბრმა უნდა იყოს. თუ ეჭვისთვის რეალური საფუძვლები არსებობს, თუ სიტუაცია უცნაური ან სახიფათო ხდება, საჭიროა ამის ამოცნობის უნარი და ზომების მიღება თავდაცვისთვის.
მაგრამ ძირითადად ნდობა - ესაა პოზიცია, რომელიც შემდეგში მდგომარეობს: „სამყარო არ ნადირობს ჩემზე. შემიძლია ღიად და მოდუნებულად ვიარო ცხოვრებაში და საშუალება მივცე სხვადასხვა მოვლენებს იმოქმედოს ჩემზე, შემეხოს, ზეგავლენა მოახდინოს“.
ეს რაიხული პრაქტიკის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი შედეგია: იგი კლიენტებს ეხმარება, რომ კვლავ მოიპოვონ გახსნის და დახურვის სწორი უნარი
დაცვა შეგვიძლია ავღმართოთ, როცა შიშისთვის მიზეზი არსებობს. ხოლო როდესაც არსებობს ნდობის შესაძლებლობა, ამ დაცვის მოხსნა უნდა შეგვეძლოს.
ტკივილი – სიამოვნება
როცა პატარა ბავშვი გულით ტირის ან იცინის, მთელი მისი სხეული ჯანმრთელი და ბუნებრივი პულსაციის მდგომარეობაში შედის. მაგრამ თუ ეს გრძნობები ითრგუნება და იბლოკება, პულსაცია მცირდება ისე, რომ მოძრაობა როგორც შიგნით, ასევე გარეთ მინიმუმამდე დაიყვანება, არასასურველი და მიუღებელი გრძნობების დათრგუნვის მოტივით.
ადამიანი, რომელიც ტკივილს იკავებს, ყველა ღონეს ხმარობს იმისთვის, რომ არ იგრძნოს, არ აღიაროს ის, რაც გამოხატვას ცდილობს. ესაა მთელი პულსაციის შეკავების, ანუ შეჩერების მეთოდი.
ასე ხდება, როცა ბავშვს აწყენინებენ ხოლმე. მაგალითად, როცა სხვა ბავშვები დასცინიან, ან ხელს ჰკრავენ, ან რაიმე ცუღლუტობისთვის თავის საკუთარ ოჯახში კუთხეში დგომას აიძულებენ მაშინ, როცა მშობლების მთელი ყურადღება და სიყვარული სხვა ბავშვებისკენაა მიმართული.
მახსოვს, რომ ბავშვობაში ძალიან ვბრაზობდი უმცროს დაზე, რომელიც ჩემზე ორი წლით პატარა იყო, რადგან მთელი ყურადღება, რომელიც მის გაჩენამდე ჩემზე იყო კონცენტრირებული, უცებ მას ერგო. ვერ ვიტანდი ჩემს დას და ხშირად მართლაც საშინლად ვექცეოდი, ამიტომ მშობლები, ცდილობდნენ რა მის დაცვას, გამაგდებდნენ ხოლმე ოთახიდან. შედეგად მარტო ვრჩებოდი საკუთარ სიბრაზესთან და ცრემლებთან, რომლებიც გამოუხატველნი რჩებოდნენ და თანდათანობით ვისწავლე ერთგვარ სიმუნჯეში შესვლა, რათა აღარ მეგრძნო ისინი.
როგორც სიბრაზეს, ასევე შიშს თავისი მკაფიო მიმართულება აქვს: სიბრაზე გარეთკენაა მიმართული, შიში კი - შიგნითკენ. ტკივილის ბლოკირების დროს კი პულსაციის ორივე ტაქტი მოკლდება და თანდათანობით მთელი ორგანიზმი უგრძნობი ხდება.
როგორც ვნახეთ, ადამიანები, რომლებიც სიბრაზეს იკავებენ, ენერგიის დიდ მუხტს პერიფერიაზე ატარებენ, მაშინ, როცა ადამიანები, რომლებიც შიშს იკავებენ, ამ მუხტს ბირთვში ატარებენ. იმ ადამიანებში კი, რომლებიც ტკივილს იკავებენ, ინტენსიური მუხტი მთელ სხეულში აქვთ განაწილებული, ბირთვიდან პერიფერიამდე.
შედეგად ამ ადამიანებს შეუძლიათ დაუღალავად იშრომონ, გამოირჩევიან საოცარი ამტანობით - მათ შეუძლიათ წრეები ურტყან აუზს მას შემდეგ, როცა ყველა დანარჩენი დანებდა, - მაგრამ ამის მიუხედავად მათში სიცოცხლისა და სიჯანსაღის შეგრძნება არარსებობს. პირიქით, მათში ენერგეტიკული გაყინულობა იგრძნობა. მათთვის დამახასიათებელია ზედმეტი წონისკენ მიდრეკილება, რადგანაც ცხიმის დაგროვება დაძაბულობის ადგილებში გრძნობების დათრგუნვაში ეხმარებათ.
იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ტკივილს ბლოკავენ, განკურნებისკენ პირველი ნაბიჯი ენერგიის პულსაციის გაზრდა იქნება. ყველაზე იოლად ამის მიღწევა სუნთქვის გაღრმავებით შეიძლება. ასეთი ტექნიკა უცილობლად მიიყვანს ადამიანს მტკივნეულ გრძნობებამდე. თუკი იგი შეძლებს მათ აღიარებას და მიღებას, მაშინ სავარაუდოდ დაიწყება ღრმა ტირილი და კონვულსიური ქვითინი, დაძაბულობა გამოთავისუფლდება და სხეული თანდათანობით უფრო ცოცხალი გახდება.
მას შემდეგ, რაც ხელახლა განიცდიან ტკივილს და აღიდგენენ ნორმალურ პულსაციას სხეულში, ადამიანები, რომლებიც ტკივილს იკავებდნენ, სიამოვნების, მგრძნობელობის და სიხარულის უზარმაზარ შესაძლებლობებს აღმოაჩენენ ხოლმე
ძალიან ხშირად დაბლოკილი ტკივილის მუდმივი დამაჩლუნგებელი თვისება არ აძლევს ადამიანს ორგაზმისგან ინტენსიური სიამოვნების მიღების საშუალებას. ტკივილის გამოთავისუფლება ორგაზმული ტკბობის საშუალებას იძლევა.
სუნთქვის სამი ტიპი
ჯგუფის მონაწილეებს ზოგჯერ ვთავაზობ იმ ვარჯიშების შესრულება, რომლებიც შეიცავენ სუნთქვის სამ ტიპს, რომელთაგანაც ყოველი დაკავშირებულია გარკვეულ გრძნობასთან.
მე ვიწყებ ჩასუნთქვით, რომელიც ასახავს შიშის პულსაციას შიგნითკენ მოძრაობის ფაზაში. თავდაპირველად ყველას ვთხოვ, რომ წრეში დადგნენ, ისე, რომ არა მხოლოდ საკუთარ თავში მომხდარი შეიგრძნონ, არამედ სხვებსაც დააკვირდნენ.
მონაწილეებს ვთავაზობ, რომ სრული ამოსუნთქვა გააკეთონ, გულმკერდის შეზნექასთან და მხრების წინ და ქვემოთ წამოწევასთან ერთად. ეს ახდენს შეკუმშვისა და დაბალი ენერგიის მდგომარეობის იმიტაციას, რომელიც დამახასიათებელია შიშის შემკავებელი ადამიანისთვის.
შემდეგ ვთავაზობ მათ, რომ შეასრულონ უეცარი მკვეთრი ჩასუნთქვა პირით, სწრაფად აავსონ ჰაერით ყელი და გულ-მკერდის ყაფაზი, ამავდროულად გამოსცენ გაოცების ხმა და ფართოდ დაჭყიტონ თვალები, როგორც შეშინების დროს.
ასევე მონაწილეებს ვთავაზობ წარმოიდგინონ, რომ ჰაერი შედის არა მხოლოდ პირით, არამედ თვალებით, რადგანაც ასე უფრო ადვილია შიშის შეგრძნება. ჩასუნთქვისას ხელებიც განზე იწევა, იმისთვის, რომ მთელი სხეული უკან-დამხევად გამოიყურებოდეს შოკისა და გაკვირვების გამო.
ამას ყველანი ერთად ვაკეთებთ, უფრო და უფრო ღრმა ჩასუნთქვით, უფრო და უფრო ხანგრძლივი ბგერით. ამოსუნთქვისას ვდუნდებით, რათა ამოსუნთქვა უფრო მეტად ჰგავდეს ჩვეულებრივს.
ამ შესავალ ვარჯიშში შიშის ჯავშნამდე მიღწევის დრო არ გვრჩება, ის სხეულის სიღრმეშია და ბირთვს ეკვრის გარს, მაგრამ ასეთი სუნთქვით სწრაფად გროვდება ენერგიის მუხტი და ძალიან მალე ადამიანები დაძაბულობას გრძნობენ კისრის უკანა ნაწილში, რომელიც დაკავშირებულია შიშის შეკავებასთან.
ჯგუფის წევრებს წინ ელით სუნთქვის ამ ფორმის უფრო ახლოს გაცნობა.
შემდეგ მათ გაჩერებას და დაძაბულობის ჩამოფერთხვას ვთავაზობ და მოვუწოდებ გადავიდნენ სუნთქვის პულსაციის გარეთკენ მოძრაობის ფაზაზე, რომელიც სიბრაზეს უკავშირდება.
ვაჩვენებ, როგორ გამოიყურება „რისხვით აღსავსე გულ-მკერდი“, რისთვისაც ღრმა ჩასუნთქვას ვაკეთებ, ვიკავებ მას, ვბერავ გულ-მკერდს და ვმართავ მხრებს, მსგავსად იმისა, როგორც მულტფილმებში გამოხატავენ განრისხებულ ჯარის პოლკოვნიკს.
ყველას ვთავაზობ, რომ მოახდინონ ჩემი პოზის კოპირება და რამდენიმე წამით დარჩნენ ამ გაბერილ პოზიციასთან, შეიკავონ ჰაერის მაქსიმალური რაოდენობა და გამოზნიქონ გულ-მკერდი.
ახლა კი საჭიროა უეცრად და მთელი ძალით ამოსუნთქვა და ჰაერის გამოტყორცნა. ეს მკვეთრი ამოსუნთქვაა, ძალიან სწრაფი და მძლავრი, ფართოდ გაღებული პირით და ყბებით, აგრესიული ბგერით: „ჰა!“
ამასთან ერთად მონაწილეებს ვთავაზობ მრისხანებისგან დამანჭონ სახე, შეჭმუხნონ წარბები. ამოსუნთქვასთან ერთად მკვეთრად ვისვრით წინ ხელებს, თითქოს ამის დახმარებით შიგნიდან ჰაერს და ენერგიას გამოვტყორცნიდეთ.
ვიმეორებთ რა სუნთქვის ამ მოდელს, ვთავაზობ ყველა მონაწილეს, რომ თვალებით კონტაქტი შეინარჩუნონ მათ წინ მდგომ მონაწილეებთან, ენერგია მათში გამოტყორცნონ და გულმკერდიდან სრული ამოსუნთქვის შეგრძნება მიიღონ.
ასეთი სუნთქვა იწყებს პულსაციის გახსნას გარეთკენ მოძრაობის ფაზაში. სიბრაზის შემთხვევაში ენერგია გარეთ მოძრაობისას იბლოკება, ამიტომ დაძაბულობა უშუალოდ სხეულის პერიფერიაზე იქმნება, უპირატესად სახეზე და ხელებზე.
ჰაერის კვლავ და კვლავ გამოტყორცნით: „ჰა! ჰა! ჰა!“ - ჩვენ ვაიძულებთ ჯავშანს, რომ დასუსტდეს, ადამიანებს რისხვის პირდაპირი გამოვლინების შანსი უჩნდებათ.
და ბოლოს, ვმუშაობთ ტკივილი-სიამოვნების შეკავებასთან. აქ ბლოკირება ხდება პერიფერიაზეც და ბირთვის გარშემოც, ამიტომ ენერგია კავდება ჯავშნის ორ კედელს შორის. სუნთქვის პულსაციის შიგნითკენ მოძრაობის ფაზაში ენერგიას არ შეუძლია შეაღწიოს დიაფრაგმის ქვემოთ, ხოლო გარეთკენ მოძრაობის ფაზაში იგი ვერ სცდება ყელის დონეს. ხდება ერთგვარი უხეში გამკვრივება, რომელიც აიძულებს ადამიანს უგრძნობი გახდეს და ვერ იგრძნოს ტკივილი. ამ შემთხვევაში საჭიროა მივაღწიოთ სხეულის პულსაციას, როგორც ჩასუნთქვის, ასევე ამოსუნთქვის გამოყენებით და შემცირდეს ჩვეული ძლიერი კონტროლი. ამისთვის ვთავაზობ სუნთქვის ქაოსურ ფორმას, რომელიც დინამიური მედიტაციის პირველ სტადიას გვაგონებს.
ესაა სწრაფი და მოწყვეტითი სუნთქვა პირით, მოკლე ამოსუნთქვებით, ამასთან ყელი ისეთ ხმებს უნდა გამოსცემდეს, როგორც შეშლილი ცხოველი, რომელიც იგუდება, ხროტინებს და ძლივს იჭერს ჰაერს. ჩასუნთქვა ხან ღრმა და სრულია, ხან მოკლე. ამოსუნთქვა - ხან სრულია, ხან ზედაპირული. სხეული ამ ქაოსურ სუნთქვასთან ერთად დახტის და თრთის და ხელებიც მასთან ერთად მოძრაობენ.
საერთო მოქმედება გულისხმობს ჩვეული შეკავების მორყევას ყელისა და დიაფრაგმის დონეზე.
შემდეგ ვთხოვ მონაწილეებს, რომ წარმოიდგინონ, როგორ შეიგრძნობა ქვითინი - როცა ნამდვილად ტირით, თითქოს თქვენი გული გატეხილია და არ შეგიძლიათ ბგერის შეკავება, ქვითინის დროს მთელი თქვენი სხეული თრთის.
ამ სუნთქვის დროს ზოგიერთი მონაწილე მართლაც ეხება რეალურ ემოციებს, მაგრამ ჩემი მიზანი ჯერ-ჯერობით სხვა რამეა. მინდა, რომ ყველას შეექმნას წარმოდგენა იმ მექანიზმის შესახებ, რომელიც ტკივილის ჯავშანს ანგრევს. სიცილიც იგივეს აკეთებს - მასშიც ისეთივე კონვულსიური თვისებაა, რაც ქვითინში, - ამიტომ ვარჯიშს სიცილით ვამთავრებთ.
ამით მთავრდება ჩემი წიგნის პირველი ნაწილი, რომელშიც ზოგადად ავღწერე ჯანმრთელობისა და კარგი განწყობის ბუნებრივად აღსადგენი რაიხული მიდგომის ძირითადი პრინციპები. შემდეგ ნაწილში ჩვენ განვიხილავთ, როგორ გამოიყენება ეს პრინციპები პრაქტიკაში.