ნაწილი 3 ტკბობის გეოგრაფია
ნაწილი 3 ტკბობის გეოგრაფია
ჩემს სამუშაოს პუბლიკას ორ სემინარზე წარმოვუდგენ. პირველს ეწოდება „პულსაციები“ და გულისხმობს კუნთოვანი ჯავშნის შესუსტებას, ემოციური გამოხატულების და ენერგიის გამოთავისუფლების ხელშეწყობას. მეორე - „ტანტრული პულსაციები“ - ადამიანებს ეხმარება, რომ შეიგრძნონ ენერგიის მოძრაობა სექსუალური წყაროდან ზემოთ, მთელი სხეულის გავლით - მედიტაციისკენ და თუმცა ეს ორი სხვადასხვა სემინარია, არსობრივად ისინი ერთიანი ტანტრული მიდგომის ნაწილებს შეადგენენ.
ჩემს მიერ ამ მიდგომის აღმოჩენა და ტანტრული პულსაციების შექმნა ძირითადად ნეორაიხული პრაქტიკის წყალობით მოხდა, რომლითაც დავიწყე ჩემი სწავლა და რომელსაც მრავალი წლის განმავლობაში ვაპრაქტიკებდი. ხოლო წლებმა, რომლებიც ინდოეთში გავატარე, აღმოსავლურმა სულიერმა პრაქტიკებმა და მედიტაციამ უფრო ნატიფი ენერგიების სამყაროში - გაცნობიერებულობის მდგომარეობაში, მდუმარებაში ნეტარებაში ღრმა შეღწევამდე მიმიყვანეს და ჩემს სამუშაოს ტანტრას განზომილება დაამატეს.
წიგნის ამ ნაწილიდან გასაგები გახდება, რომ ტანტრა ადამიანური გამოცდილების მთელ გამოცდილებას მოიცავს - სხეულის უხეში ცხოველური ენერგიიდან ღვთაებრივის განცდამდე. ამიტომ, მიუხედავად იმისა, რომ ტანტრულ პულსაციებს წიგნის მხოლოდ მესამე ნაწილი ეძღვნება, მნიშვნელოვანია ავღნიშნოთ, რომ პირველ ორ ნაწილში აღწერილი პრაქტიკა თავისი ბუნებით ასევე ტანტრულია. ეს ყველაფერი ერთიანი ორგანული მიდგომაა ადამიანური არსებისადმი, ენერგიის მოგზაურობაა ცხოველური ფესვებიდან სულიერ ყვავილობამდე.
ტანტრული პულსაციები საშუალებას აძლევენ ადამიანებს, რომ შეისწავლონ და დააპრაქტიკონ სხვადასხვა ენერგეტიკული ტექნიკები. შემოაქვთ რა ეს ტექნიკები ყოველდღიურ ცხოვრებაში, მათ შეუძლიათ თავიანთი ჩვეული ურთიერთობები უფრო მდიდარი გახადონ.
ტანტრული პულსაციის პროცესი უფრო ეფექტურია მათთვის, ვინც უკვე გაიარა გარკვეული სხეულზე-ორიენტირებული თერაპიული სამუშაო თავისი კუნთოვანი ჯავშნის მოსადუნებლად. ასეთ ადამიანებში ენერგია თავისუფლად მიედინება, რადგანაც არ იზღუდება ფსიქოლოგიური და ემოციური ბლოკების მიერ. თუმცაღა გამოცდილი ხელმძღვანელობის ქვეშ სემინარში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ შედარებით „დამწყებებსაც“, თუ ისინი გახსნილნი არიან თვითშემეცნების ახალი სახეებისთვის.
თავი 13 ტანტრას გამოცდილება
მე არ ვსწავლობდი ტანტრას - მე მას განვიცდიდი. ერთ მშვენიერ დღეს ინდოეთის სულიერი კომუნის ჭიშკარში შევედი, რომლის ჰაერიც კი ტანტრას ენერგიით პულსირებდა. ამ მომენტიდან დაწყებული, ვაგრძელებდი ტანტრული გამოცდილების მიღებას და კვლევას.
სინამდვილეში ისე, რომ არც კი ვეჭვობდი ამაზე, ტანტრას გზას ჯერ კიდევ ინდოეთში ჩასვლამდე მივყვებოდი - რადგანაც რაც თავი მახსოვს, ყოველთვის მქონდა ეს საბაზისო „კი!“ ცხოვრებასთან მიმართებაში. და ეს „კი!“ - არის კიდეც ტანტრული მიდგომის არსი. ესაა თანხმობის გზა, არაუარყოფის გზა, ყველაფრის მიღების, რისი შემოთავაზებაც ცხოვრებას შეუძლია, ამქვეყნიურიდან ღვთაებრივამდე, სექსიდან სამადჰიმდე.
ტანტრას, როგორც ინდოეთის სულიერი მიმდინარეობის ისტორია - როგორ და სად ყვაოდა იგი, რა რიტუალები ტარდებოდა, რატომ დევნიდნენ და რატომ გახდა საიდუმლო, იატაკქვეშა სწავლება - არასოდეს არ მიზიდავდა. თავის საუბრებში ოშო ყვებოდა ტანტრას ხედვაზე, მის ძირითად მდგომარეობებზე და მნიშვნელობაზე. მასაც ასევე არ აინტერესებდა დიდად ისტორიული წვრილმანები. მთელი მისი ძალისხმევა მიმართული იყო იმაზე, რომ ტანტრა თანამედროვე ცოცხალ ძალად ექცია, რომლის შეგრძნებაც ახლავე უშუალოდ შეგვეძლო საკუთარ სხეულში და ამაში ოშომ საოცარ წარმატებას მიაღწია.
მე ვამბობ „საოცარს“, რადგან მისი პატარა აშრამი რაღაც დროით მძლავრი ქვაბი გახდა, რომელშიც „იხარშებოდნენ“ და კვლევებს ატარებდნენ ასობით და ათასობით ადამიანი. ეს იყო ინტენსიური, რევოლუციური, ძალიან მაპროვოცირებელი ექსპერიმენტი, რომელმაც პრესისისა და ტელევიზიის ყურადღება მიიპყრო, ინდოელი პოლიტიკოსები ააწრიალა და მამაცი თავგადასავლების მაძიებლები მთელი მსოფლიოდან მოიზიდა.
შესაძლოა, საუკეთესო მეთოდი, რომ ტანტრას გაგაცნოთ, ესაა ჩემივე საკუთარი ისტორიის მოყოლა, რადგანაც 1976 წელს, როცა კომუნაში ჩავედი, ეს ექსპერიმენტი ის-ის იყო იბადებოდა. ჩემი პირადი განცდები დაგეხმარებათ, რომ აღვწეროთ ის გარემო, რომელშიც ვითარდებოდა ტანტრული პულსაციების ჩემი პრაქტიკა.
ინდოეთში ევროპიდან მოვხვდი, სადაც, როგორც მესამე თავში აღვნიშნე, რაიხული თერაპიის ჯგუფები მყავდა. ლონდონში პირველად გავიცანი სანიასი - ასე უწოდებენ ოშოს მოსწავლეებს, სწორედ მათ მაჩვენეს დინამიური მედიტაცია. იქიდან მე გავფრინდი ბომბეიში, ანუ მუმბაიში, როგორც ახლა უწოდებენ.
ოშოს აშრამი პუნაში იყო, მუმბაიდან დაახლოებით 200 კილომეტრში. პირველ დანახვაზე ამ ადგილს განსაკუთრებული შთაბეჭდილება არ მოუხდენია: ორი-სამი დიდი შენობა ქალაქის გარეუბანში და მათ უკან დამალული მცირე დარბაზი მედიტაციებისთვის.
მაგრამ ძალიან მალე მოვიხიბლე ერთგვარი იდუმალებით, რომლითაც იქაურობა იყო გაჟღენთილი, განსაკუთრებით საღამოობით, როცა ყველაფერს ღამის ყვავილების სუნით და ეგზოტიკური ფრინველების უცნაური ხმებით სავსე მსუბუქი აურა გადაეფინებოდა ხოლმე. აშრამის შიგნით რაღაც განსაკუთრებული ვიბრაცია, ენერგია იყო, რომელსაც ძნელად ვარჩევდი თბილი სუბტროპიკული კლიმატისგან. როცა ჭიშკარში შევდიოდი, მეჩვენებოდა, რომ ყველაფერი ერთიანდებოდა ატმოსფეროდ, რომელიც შემეძლო შემესრუტა და რომელმაც ძალიან მალე გაიმარჯვა ამ ადგილის ჩვეულებრივობის პირველ შთაბეჭდილებაზე.
გარდა ინდოელი სანიასებისა, კომუნაში იყო ასობით ადამიანი დასავლეთიდან, რომელთა უმეტესი ნაწილიც აშრამში მუშაობდა. ის, რაც მათ შორის ხდებოდა, ძალიან მომეწონა. იქ იყო ბევრი სიცილი, ნამდვილი გულისმიერი სითბოს შეგრძნება, განსაკუთრებით ჩემი ყურადღება მიიპყრო მათმა ხანგრძლივმა და ძალიან ახლო ჩახუტებებმა, რომლებიც თითქოს საათობით გრძელდებოდა. ხდებოდა ხოლმე, რომ როცა სასადილოში ჩაისთვის მივდიოდი, გზაზე ერთმანეთთან ჩახუტებულ ქალს და მამაკაცს ჩავუვლიდი ხოლმე. ნახევარი საათის შემდეგ, როცა უკან ვბრუნდებოდი, ვხედავდი, რომ ისინი უწინდებურად იგივე ადგილზე იდგნენ, მჭიდროდ ეხვეოდნენ ერთმანეთს და სრულიად შთანთქმულნი იყვნენ ამ პროცესით.
აუცილებელი არაა, რომ ეს ჩახუტებები სექსუალური ხასიათის ყოფილიყო, მიუხედავად სრული სხეულებრივი კონტაქტისა. ეს ენერგეტიკული მოვლენა იყო - ზოგჯერ, როცა ახლოს ჩავუვლიდი, სიცხეს ვგრძნობდი - და უნდა ვაღიარო, რომ ეს ყველაფერი ჩემთვის იდუმალებით მოცულიც იყო და მიმზიდველიც.
პირველად ოშო მაშინ ვნახე, როცა მის დილის დისკურსზე მივედი. ვერ ვიტყვი, რომ მისმა სიახლოვემ რაღაც განსაკუთრებული ზემოქმედება მოახდინა. მე ვგრძნობდი გარკვეულ აგზნებას და ცნობისმოყვარეობას: „ღმერთო ჩემო, მე აქ ვარ, ინდოეთში, ეს ადამიანი კი, როგორც ამბობენ, გასხივოსნებული ოსტატია!“ - თუმცაღა იმისთვის, რომ შემეგრძნო ჩემში მისი ენერგიის ღრმად აღქმის უნარი, გარკვეული დრო დამჭირდა.
ევროპაში მე მინახავს ოშოს ფოტოები, ასე რომ მისი გარეგნობა მეტ-ნაკლებად შეესაბამებოდა ჩემს მოლოდინებს: მელოტი, ჭაღარა წვერით, დიდი წაბლისფერი თვალებით; არც ისე მაღალი, უბრალო თეთრი რობით შემოსილი.
ჩემი აშრამში ყოფნის მეორე დღეს მე სანიასას ინიციაცია ვითხოვე. ეს გადაწყვეტილება ჯერ კიდევ ევროპაში მივიღე, რადგანაც ცხადი იყო, რომ ის გამოცდილება, რომლის მიღების იმედიც მქონდა ოშოსგან, მხოლოდ ამაში მონაწილეობით იყო შესაძლებელი. და, გარდა ამისა, მე ყოველთვის ვიყავი მათ შორის, ვინც ჯერ ხტებიან და მხოლოდ ამის შემდეგ სვავენ კითხვებს.
ჩემს პირველ დარშანს (ასე ეწოდება ოშოსთან საღამოობით შეხვედრას) თხუთმეტამდე ადამიანი ესწრებოდა. იგი იმავე აუდიტორიაში ტარდებოდა, რომელშიც დისკურსები.
როცა ჩემი ჯერი მოვიდა, ოშოს წინ დავჯექი. მან მთხოვა, თვალები დამეხუჭა, თვითონ კი ჩემი ახალი სახელი დაწერა ფურცელზე. შემდეგ ცერა თითით ჩემს მესამე თვალს შეეხო. თანდათანობით დაშვებული ქუთუთოების ქვეშ ჩემი თვალები ზემოთკენ მიემართნენ, იმ ადგილისკენ, რომელსაც თითით ეხებოდა. რამდენიმე წამის შემდეგ ოშომ თქვა: „კარგი“, - და ხელი მომაშორა. ეტყობოდა, რომ ელოდებოდა, როდის მივმართავდი ყურადღებას შიგნით, საკუთარი თავისკენ და მხოლოდ ამის შემდეგ გაუშვა ხელი ჩემს მესამე თვალს. შემდეგ მთხოვა, რომ თვალები გამეხილა და ჩემი სახელი მაჩვენა: დევა ანიშა. ამიხსნა, რომ „დევა“ ნიშნავს „ღვთაებრივს“, ხოლო „ანიშა“ – „უღმერთობას“.
რა პარადოქსია -იყო ერთდოულად ღვთაებრივი და უღმერთო!
ოშო განაგრძობდა ახსნას, რომ მისი აზრით პარადოქსი სიცოცხლის თავად კანონი და არსია.
«ღმერთი – არაა პიროვნება, - ამბობდა იგი. - სინამდვილეში, ღმერთი არ არსებობს - არსებობს მხოლოდ ღვთაებრივი ენერგია. ჯობია მას ღვთაებრიობა ვუწოდოთ და არა ღმერთი. სიცოცხლე ღვთაებრივია, მაგრამ მამის მსგავსი ღმერთი არ არსებობს. არავინაა, ვინც მანიპულაციას ან მართვას მოახდენდა. არასოდეს არავის შეუქმნია სიცოცხლე - იგი მარადიულად არსებობს».
მან თქვა, რომ რელიგიები, რომლებშიც მამის ფიგურა მონაწილეობს - ბავშვურია, და რომ აღმოსავლეთის დიდი რელიგიები, იმის მსგავსი, რაც გაუტამა ბუდამ დატოვა, განკუთვნილია ზრდასრული ადამიანებისთვის, რომლებიც არ საჭიროებენ ღმერთს. კიდევ ოშომ თქვა, რომ მელოდებოდა. მე ვიფიქრე, რომ ეს შენიშვნა შესაძლოა რაღაცით იმასთან იყო დაკავშირებული, რომ მე ჯგუფის ლიდერი ვიყავი ესალენში.
ჯერ კიდევ პირად შეხვედრამდე ოშოს გავუგზავნე ჩემი ბუკლეტის ეგზემპლარი - „პულსაცია და გრძნობა“, წარწერით, სადაც საკუთარ თავს და საკუთარ უნარებს წარვადგენდი. ეს ბუკლეტი დღემდე იმყოფება ოშოს პირად ბიბლიოთეკაში. მე ვიცოდი, რომ აშრამში წარმოდგენილი იყო თერაპიის დასავლური მეთოდების და აღმოსავლური მედიტაციების ფართო პროგრამა. სრულიად ბუნებრივად მეჩვენებოდა, რომ, თუ კომუნაში რაღაც პერიოდი გავჩერდებოდი, ვიმუშავებდი კიდეც.
იმ მომენტში დაგეგმილი მქონდა კიდევ რამდენიმე ტრენინგის ჩატარება ევროპასა და აშშ-ში. შესაბამისად, პირველ ჩასვლაზე მხოლოდ იმისთვის მრჩებოდა დრო, რომ თავად ჩავძირულიყავი ჯგუფურ პროცესში, რომელიც სრულიად არ ჰგავდა იმ ყველაფერს, რასაც ესალენში გადავაწყდი.
ჯგუფები კომუნაში წარმოადგენდნე ველურ, ინტენსიურ სტრუქტურებს ყოველგვარი შეზღუდვების გარეშე. ჯგუფური პროცესი ხელს უწყობდა მთელი იმ ჩახშობილი ემოციური და სექსუალური ენერგიის გამოხატვას, რომლის შეკავებასაც ადამიანები მთელი ცხოვრება ცდილობდნენ. დინამიურ მედიტაციასთან სინთეზში, რომელიც ყოველ დილით 6 საათზე ტარდებოდა, ასევე სხვა მედიტაციურ ტექნიკებთან, რომლებსაც ენერგია მოძრაობაში მოჰყავდათ, ეს ყველაფერი წარმოადგენდა ძლიერმოქმედ კოქტეილს, რომელმაც მალე ჩამოგვაშორა სოციალური მორალის ნალექი.
ამ ჯგუფებში მე ვჩხუბობდი, წიხლებს ვიქნევდი, ვყვიროდი, ვტიროდი, სექსი მქონდა... მრავალმა სიტუაციამ, რომელსაც უკიდურეს ზღვრამდე მივყავდი, საბოლოოდ მაიძულა, რომ შინაგანი კვანტური ნახტომი გამეკეთებინა და შორს ჩამომეტოვებინა ის პიროვნება, რომლადაც თავს ვთვლიდი. შედეგად ისეთი ენერგეტიკული რესურსები და უხეში ცხოველური ემოციები აღმოვაჩინე ჩემს თავში, რომელთა შესახებაც წარსულში არც კი ვიცოდი.
მოგვიანებით მივხვდი, რომ ჯგუფები ამ კომუნაში სინამდვილეში არასოდეს წყდებოდა. შეიძლება ითქვას, რომ ცხოვრება პუნაში ერთი დიდი ჯგუფი იყო. სასიყვარულო თავგადასავლების, სექსუალური კავშირებისა და ურთიერთობების ცვალებადი ნაკადი სანიასების საზოგადოებაში უზრუნველყოფდა ინტენსიური ემოციების თითქმის ოცდაოთხსაათიან პროცესს.
მახსენდება ერთი შემთხვევა, როცა ვიპასანას მედიტაციის ჯგუფის დროს, მე შევეჩეხე საკუთარი ეჭვიანობის უკიდურეს გამოვლინებას.
ვიპასანა ის ჯგუფი არაა, სადაც გათვალისწინებულია შეჯახებები. ეს კლასიკური ბუდისტური მედიტაციაა, რომელშიც თქვენ ჩუმად ზიხართ თვალებდახუჭული და საკუთარ სუნთქვას აკვირდებით, ასევე აკვირდებით, როგორ მოძრაობს თქვენი მუცელი სუნთქვასთან ერთად. თქვენ საკუთარ განმარტოებას ხვდებით - სულ ესაა.
მაგრამ ისე მოხდა, რომ ჩემი მაშინდელი ბოიფრენდს ფეხსაცმელების ძალიან შესამჩნევი წყვილი ჰქონდა. ყოველ ჯერზე, როცა სამედიტაციო ოთახიდან გამოვდიოდით, რათა „ძენის სიარული“ შეგვესრულებინა, ვამჩნევდი, რომ ეს ფეხსახმელები უცვლელად იდო მეზობელი შენობის შესასვლელთან, სადაც ძალიან მომხიბვლელი ახალგაზრდა გოგო ცხოვრობდა. მე ამ ფეხსაცმელებს 10 დღის განმავლობაში ვხედავდი და ერთადერთი, რაც იმ შემთხვევაში შემეძლო გამეკეთებინა, - ეს იყო ჩუმად ჯდომა, ღრმად სუნთქვა და დაკვირვება, თანდათანობით როგორ ვკარგავდი საღ აზრს.
შტურმანი, რომელმაც გზა გაგვიკვალა ინტენსიურობის ამ ლაბირინთში, თავად ოშო გახლდათ, რომელიც ყოველ დილით საათნახევრის განმავლობაში გვესაუბრებოდა. მისი დისკურსები აწყობილი იყო წარსულის გასხივოსნებული ადამიანების გამონათქვამებით და სუტრებით: გაუტამა ბუდა, ლაო-ძი, პატანჯალი, კაბირი, იესო - სხვადასხვა ძენის, სუფიზმის და ტანტრას მასტერები. მაგრამ ამ საუბრების ძირითადი მიზანი ჩვენი გაცნობიერებულობის ცეცხლის გამოკვება იყო. სწორედ გაცნობიერებულობა უნდა დაგვხმარებოდა იმ ყველაფრის დანახვაში და გაგებაში, რაც გვემართებოდა.
ოშო ამბობდა, რომ სულიერი ზრდისთვის საჭიროა მთელი ჩვენი ენერგია და რომ იგი მხოლოდ მაშინ გახდება ჩვენთვის მისაწვდომი, როცა ყველა ჩახშობილი ემოცია, დაბლოკილი სექსუალობა, ქვეცნობიერი ფსიქოლოგიური შაბლონები - ეჭვიანობა, შედარება, არასრულფასოვნების გრძნობა, დანაშაულის გრძნობა - ცნობიერების სინათლეზე ამოტანილი და აღმოფხვრილი იქნება.
სწორედ ენერგიის ტრანსფორმაციას, იმის მიუხედავად, თუ რამდენად დამანგრეველია ის, მიჰყავს ადამიანი შინაგან მთლიანობამდე და უღებს კარს ცნობიერების მაღალ მდგომარეობებს.
«ის, რასაც მე თქვენ გეუბნებით, აბსოლუტურად ცოცხალი, ახალი, საღი, ახალგაზრდაა და არ განეკუთვნება არცერთ ტრადიციას, - ხსნიდა ოშო. - ამიტომაც ჩემს ტანტრას ნეო-ტანტრას ვუწოდებ. ეს სრულიად ახალი მოვლენაა. ტანტრაც და სხვა ძველი რელიგიებიც რიტუალურები იყვნენ. ახლა კაცობრიობა გაიზარდა, სრულწლოვანებას მიაღწია. ბავშვობის წლებმა ჩაიარეს. ძველი რიტუალები სულელურად გამოიყურება. ჩვენ უნდა გავათავისუფლოთ ტანტრა ყველა რიტუალური წესისგან. იგი უფრო პოეტური, უფრო უშუალო, ნაკლებად შაბლონური, ნაკლებად სტრუქტურირებული უნდა გავხადოთ. სწორედ ამას ვაკეთებ».
ჩემდა გასაოცრად და სასიხარულოდ, ოშო ვილჰელმ რაიხის შესახებაც საუბრობდა. მან აღნიშნა, რომ ტანტრაზე რაიმე წარმოდგენის გარეშეც კი რაიხმა შექმნა სექსუალური პრობლემების განკურნების მეთოდები, რომლებიც რამდენიმე ათასწლეულით ადრე შექმნილ ტანტრას ტექნიკებს ჰგავს. ოშო ეთანხმებოდა რაიხის კუნთოვანი ჯავშნის თეორიას - იმას, რომ სხეული წარსულის მეხსიერებას ატარებს - კუნთებში ქრონიკული დაძაბულობების სახით დაგროვილს. ასევე იგი ამბობდა, რომ რაიხის მიერ აღწერილი სხეულის ენერგიის გაფართოება, როცა ადამიანი სიყვარულს შეიგრძნობს, და მისი შეკუმშვა, როცა სიყვრული არაა, - ეს, არსობრივად ადამიანის აურის აღწერაა, რომლის შესახებაც აღმოსავლეთში მრავალი საუკუნის განმავლობაში იცოდნენ.
«იგი ერთ-ერთი უდიდესი რევოლუციონერი იყო და უცნობი, დაუფასებელი და დავიწყებული დარჩა», – აღნიშნა ოშომ და დაამატა, რომ რაიხის სწავლებას შეუძლია კიდევ უფრო მეტად გახსნას თავისი პოტენციალი, თუკი მას ტანტრასთან ერთად განვავითარებთ.
1977 წლის აპრილში მე უკვე ჩემი საკუთარი ჯგუფი მყავდა. ოშომ მას „ანატა“ უწოდა - ბუდისტური ტერმინი, რომელიც „არა-მე“-ს ნიშნავდა. ამრიგად, ქალს, სახელად „უღმერთობა“, მიჰყავდა ჯგუფი, სახელად „არა-მე“.
არ არსებობს ღმერთი და არ არსებობს „მე“... და ჩემთვის თითქმის აღარაფერი დარჩა, რასაც შემეძლო მოვჭიდებოდი. შესაძლოა სწორედ ეს იყო ამ ყველაფრის უკან მდგარი განზრახვა. რამდენიმე კვირის შემდეგ კი ძლიერი გამონათება მქონდა: მივხვდი, თუ რატომ იყენებდა ოშო ასეთ ტერმინებს.
ყოველი ჯგუფის დასრულების შემდეგ მონაწილეებს და ლიდერებს საღამოს დარშანზე იწვევდნენ, სადაც მათ შეეძლოთ ოშოსთვის კითხვების დასმა იმაზე, რაც ჯგუფური პროცესის დროს ემართებოდათ, ან იმაზე, რაც მათთვის მნიშვნელოვანი იყო. ჯგუფის ლიდერები პირველ რიგში სხდებოდნენ, ამიტომ იმ საღამოს ოშოსთან ძალიან ახლოს ვიჯექი, თითქმის მის პირდაპირ.
იქ თითქმის მთელი დარშანის განმავლობაში ვიჯექი, ჩუმად და მშვიდად ვტკბებოდი სიტუაციით. მახსოვს, ეს იყო გრძნობა, რომ მის მიერ ნათქვამი ყოველი სიტყვა უბრალოდ ვარდებოდა ჩემს შიგნით და იქ რჩებოდა. საქმე იმაში არ იყო, თუ რას ამბობდა, არამედ იმ ვიბრაციაში, რომელიც მის სიტყვებში იყო. პირველად მივეცი საკუთარ თავს უფლება, რომ დამელია და შემესრუტა მისი თანმყოფობა.
დარშანი დასრულდა. ოშო სავარძლიდან წამოდგა წასასვლელად, ხელები ნამასტეს ჟესტით შეატყუპა, სანამ წამოდგებოდა, რაღაც მომენტში თვალებით შეხვდა ჩემს მზერას და ამ მზერას მთელი იმ ხნის განმავლობაში ინარჩუნებდა, სანამ დგებოდა. ეს რამდენიმე წამზე მეტხანს ვერ გაგრძელდებოდა, მაგრამ მე მარადისობად მომეჩვენა. შემდეგ იგი ნამასტეს ჟესტით ყველა იქ მყოფს დაემშვიდობა და აუდიტორია დატოვა.
ეს მზერა...
მე არ შემიძლია ვთქვა, რა იყო გადმოცემული ამ მზერით, მაგრამ მან ძალიან ღრმად შემოაღწია ჩემში და ვიგრძენი, რომ „რაღაცის ისეთი უზარმაზარი დოზა მივიღე, რომ ძლივს ვიკავებდი ამას.
ჩემი თავი იატაკისკენ დაეშვა და ტირილი დავიწყე. ვტიროდი მადლიერების გამო, მინდობის გამო, იმის გამო, რომ ასეთი საოცარი საჩუქარი მივიღე. მაგრამ სახელსაც ვერ დავარქმევდი ამას. სინამდვილეში იმან არ შემძრა ასე ღრმად, რაც მან მომცა. არამედ იმან, თუ როგორ მომცა, როგორ გვიზიარებდა ყოველ ჩვენგანს - ასე გულუხვად, ასე უპირობოდ გვაძლევდა ამ „რაღაცას“, რის მისაღებადაც, როგორც ჩანს, მზად ვიყავი იმ მომენტში.
ეს აუხსნელი იყო. ეს სიტყვებს მიღმა იყო. ეს იყო ღვთაებრივი ენერგიის გადაცემა, მსგავსად იმისა, თუ როგორ ხტება ცეცხლის ალის გადახტომა ერთი სანთლიდან მეორეზე. ეს იყო „რაღაცის“ მიღება, და ამავდროულად „არაფრის“ მიღება.
მაშინ მივხვდი ისეთი კონცეფციებისგან გათავისუფლების ფასეულობას, როგორებიცაა „მე“ და „ღმერთი“. რადგანაც ყველაფერი, რაც ხდება განზომილებაში, რომელსაც „სულიერებას“ უწოდებენ, იმდენად აღემატება ყველა სიტყვას, ცნებას და კონცეფციას, რომ მათ შეუძლიათ მხოლოდ ხელი შეუშალონ გადაცემას. ეს ჭეშმარიტად ყოველგვარ გაგებას აღემატება.
„ანატას“ წაყვანის საწყის პერიოდში ჩემს სამუშაოს არ განუცდია რაიმე რადიკალური ცვლილებები. მე მქონდა ვარჯიშებისა და სტრუქტურების გარკვეული რაოდენობა, რომლებიც ჩაკ და ერიკა კელებისგან ვისწავლე და რომლებიც „რადიქსის“ პრაქტიკაში გამოიყენებოდა. სწორედ ისინი შეადგენდნენ იმ ხუთდღიანი ჯგუფის ბაზას, რომელსაც მე ვატარებდი. მე არ ვჩქარობდი ჩემი სამუშაოს სტილის შეცვლას და არც არავინ მიბიძგებდა ამისკენ. ვიცოდი, რომ ზოგიერთმა თერაპევტმა ოშოსგან დაწვრილებითი მითითებები მიიღო იმის თაობაზე, თუ რა უნდა გაეკეთებინათ თავიანთ ჯგუფებში, მაგრამ ჩემსთვის მსგავსი არაფერი უთქვამს.
დრო და დრო დარშანზე ზოგიერთი მონაწილე, რომელიც ოშოს წინ იჯდა, აღწერდა იმას თუ რა ემართებოდა ენერგეტიკულად, სხეულში, ან ფსიქიკაში. პასუხის დროს, ზოგჯერ ოშო ჩემსკენ ბრუნდებოდა და მეკითხებოდა: „რას ფიქრობ ამაზე, ანიშა?“
მე ვამბობდი იმას, რაც ჩემი აზრით ზედაპირული და ძალიან ცხადი იყო. მაგალითად, მივანიშნებდი დიაფრაგმის მიდამოს დაჭიმულობაზე და მასთან დაკავშირებულ ღრმად სუნთქვის უუნარობაზე და მთლიანობაში არაფერ განსაკუთრებულად ბრძნულს არ ვამბობდი სულიერების ან მედიტაციის ტერმინებით. თუმცაღა ოშო თავს მიქნევდა და ამბობდა: „სრულიად მართალია“, - შემდეგ კი კითხვის დამსმელ ადამიანს უბრუნდებოდა.
შედეგად მე მის საერთო თანადგომას ვგრძნობდი. არსობრივად, ოშომ სრული თავისუფლება მომცა და შემეძლო ისე ჩამეტარებინა ჩემი სამუშაო, როგორც საჭიროდ ვთვლიდი. როდესაც უკან ვიხედები, ვხედავ, რომ ჩემს პრაქტიკაში მომხდარი ცვლილებები იზრდებოდა არა რაღაც იდეებიდან, თეორიებიდან ან მითითებებიდან, არამედ ჩემი საკუთარი განცდებიდან, რომლებიც ოშოს ენერგეტიკულ ველში მივიღე. ამიტომ მინდა ცოტა მათ შესახებაც მოგიყვეთ.
პირველ რიგში, წლები პუნაში ჩემთვის განმარტოებაში, ჩემს პირად, შინაგან სამყაროში მოგზაურობა იყო. და ეს იყო ერთ-ერთი ის პარადოქსი, რომელზეც ოშო საუბრობდა, რადგანაც გარეგნულად ძალიან ინტენსიური საზოგადოებრივი ცხოვრებით ვცხოვრობდი. მე ვიმყოფებდი ასობით სანიასის მზრდადი საზოგადოების შუაცენტრში, მჭიდროდ ვიყავი მათთან დაკავშირებული, მყავდა შეყვარებულები და მეგობრები, ბოლომდე ვმონაწილეობდი კომუნის ცხოვრებაში, ვატარებდი ჯგუფებს და სესიებს.
მაგრამ იყო ჩემი სხვა, ძალიან განსხვავებული ნაწილიც, რომელიც გარეგნული ცხოვრების პარალელურდ მიდიოდა. ეს იყო ჩემი შინაგანი მაძიებელი, მედიტატორი. იგი ყოველდღე მიდიოდა, რომ საათნახევრის განმავლობაში ოშოს დილის დისკურსები მოესმინა. სიტყვების და სიტყვებს შორის შუალედების მეშვეობით იგი უფრო და უფრო ღრმად იძირებოდა საკუთარ თავში. ეს იყო ის, ვინც მუშაობის წინ, ან მის შემდეგ რეგულარულად მონაწილეობდა აშრამში ჩატარებული მედიტაციების ყოველდღიურ ტექნიკებში.
ჩემი სიყვარული სხვადასხვა ტექნიკებისადმი თვეების და წლების განმავლობაში გრძელდებოდა. ზოგჯერ დინამიურ მედიტაციაში ვიძირებოდი, რომელიც დილით ადრე ტარდებოდა. ზოგჯერ - კუნდალინის მედიტაციაში, რომელიც მზის ჩასვლის დროს ტარდებოდა. ზოგჯერ ეს იყო ვიპასანა, ზოგჯერ - სუფიური ცეკვები, ზეიმი სიმღერით და ცეკვებით.
უფრო და უფრო მეტად ვხვდებოდი, რომ აშრამი პუნაში არ იყო ჩვეულებრივი ტიპის აშრამი. იქ ყველაფრის საფუძველს მედიტაცია წარმოადგენდა, თუმცაღა მნიშვნელობით მეორეს, და თითქმის ასევე არსებითს, წარმოადგენდა ზეიმი. ოშო ამბობდა, რომ მედიტაცია ზეიმის გარეშე ძალიან მშრალია, ხოლო ზეიმი მედიტაციის გაარეშე სიღრმეებამდე ვერ აღწევს. საჭირო იყო სინთეზი, ამიტომ ყოველდღიურ პროგრამაში მრავალი შესაძლებლობა იყო როგორც სიმღერისთვის, ასევე ცეკვებისთვის, მე კი ერთიც მომწონდა და მეორეც.
მოზარდობისას როკ-ენ-როლს და მსგავს ცეკვებს ვცეკვავდი, ასევე გიტარაზე ვუკრავდი და ვმღეროდი სიმღერებს მიუზიკლიდან და ხალხურებს. თუმცაღა, როცა გავიზარდე, კალიფორნიაში გადავედი და პრაქტიკოსი თერაპევტი გავხდი, ეს ყველაფერი ჩემი ცხოვრებიდან გაქრა. რაღაცნაირად მათთვის ადგილი აღარ დარჩა.
პუნაში ყველაფერი უზარმაზარი რაოდენობით დაბრუნდა. ყოველ საღამოს ვმღეროდით და ვცეკვავდით ბუდა-ჰოლში - ახლადაშენებულ მედიტაციისთვის განკუთვნილ დიდ შენობაში, რომელსაც შეეძლო მნახველთა უფრო და უფრო მზარდი რაოდენობა დაეტია.
იმის მოსმენა, თუ როგორ საუბრობდა ოშო ზეიმის მნიშვნელობაზე, შემდეგ კი ამ ყველაფრის საკუთარ სხეულში განცდა, ჩემთვის აღმოჩენა იყო.
მთელი გულით სიმღერა და ცეკვა, იმ მომენტის ჭესმარიტად შეგრძნებით, როდესაც მოცეკვავე ქრება და რჩება მხოლოდ ცეკვა... ეს ძალიან ღირებული განცდებია.
ვინმეს რომ ეკითხა, რა მივიღე პუნაში გატარებული პირველი წლებისგან, მე ვუპასუხებდი, რომ თავად ცხოვრების სტილი მთლიანობაში გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი იყო, ვიდრე ნებისმიერი ცალკეული განცდა ან გაგების მომენტი. ოშო ამ კოლექტიურ ფენომენს „ბუდას ველს“ უწოდებდა: ჯგუფში შეკრებილი მაძიებლები აძლიერებენ ერთმანეთის ზრდისს პროცესს უბრალოდ იმის შედეგად, რომ ერთად იმყოფებიან გასხივოსნებულ ოსტატთან ერთ ენერგეტიკულ ველში.
ის გაგება, რაც ჩემი პრაქტიკისთვის მოვიპოვე და რომელსაც ახლა სხვებს ვუზიარებ, ჩემთან ბუნებრივად მოვიდა იმის შედეგად, რომ უბრალოდ ამ ცხოვრებით ვცხოვრობდი და გამოცდილებით ვეცნობოდი ჩემს საკუთარ ენერგიას ყოველდღიური მედიტაციის, ზეიმის და მუშაობის პროცესში.
„ანატას“ ჯგუფში ჩემი სამუშაოს ხასიათი 1978 წლის ბოლოდან შეიცვალა, როცა ოშომ „ენერგეტიკული დარშანების“ მოცემა დაიწყო.
ჯერ კიდევ ჩემი პუნაში პირველი ჩასვლისას ყურადღება მივაქციე იმას, რომ ოშო დარშანებზე ხშირად მუშაობდა ადამიანების ენერგიებთან. ზოგჯერ იგი იყენებდა ფანარს, რომელიც, როგორც ჩანს აურის გარჩევაში ეხმარებოდა; ზოგჯერ თხოვდა ადამიანს, რომ თვალები დაეხუჭა და საშუალება მიეცა სხეულისთვის - ემოძრავა და ხმები გამოეცა იმ დროს, როცა თვითონ მის მესამე თვალს ან გულს ეხებოდა.
ამ შემთხვევებში ოშო თხოვდა ქალ სანიასებს, რომ ამ ადამიანის უკან დამსხდარიყვნენ და ამით მედიუმის როლი შეესრულებინათ მისი ენერგიისთვის - დახმარებოდნენ ენერგიის გატარებაში მის წინ მჯდომ ადამიანს. ზოგჯერ იგი ამ როლისთვის მე მიწვევდა, რაც დიდ სიამოვნებას მანიჭებდა.
შემდეგ ოშომ ახალი განზომილება შემოიტანა. სანიასას ინიციაციის, კითხვების დასმის შესაძლებლობის, წასვლის წინ გამომშვიდობების ან ჩამოსვლის შემდეგ მონახულების გარდა, ჩვენ ახლა უკვე შეგვეძლო მიგვემართა თხოვნით „ენერგეტიკულ დარშანზე“, რომელიც არ გულისხმობდა საუბრებს. ხალხი ორ-ორად მიდიოდა და ოშოს წინ ჯდებოდა, შემდეგ კი მათ ქალი-მედიუმები შემოეხვოდნენ ხოლმე გარშემო. ისინი გარკვეული განლაგებით სხდებოდნენ და დაკავშირებულნი იყვნენ ერთმანეთთან. ოშო ყველა იქ დამსწრეს თხოვდა, რომ ხელები აეწიათ, თვალები დაეხუჭათ და რწევა დაეწყოთ გუგუნთან ერთად. ჰაერი გიჟური „მუსიკით“ ივსებოდა, ფეთქდებოდა და ქვრებოდა შუქი, ხალხი გუგუნებდა და დროდადრო ექსტაზში ყვიროდა, ჩვენ ვიძირებოდით ამ უსაზღვრო „არაფერში“, რომელიც იზრდებოდა და ყველას გვშთანთქავდა.
მე არ განვეკუთვნებოდი მუდმივი მედიუმების რიცხვს, რომლებსაც ყოველ საღამოს იწვევდნენ, მაგრამ ვიყავი რა ჯგუფის ლიდერი, საკმაოდ ხშირად მივიდოდი დარშანზე. ძალიან მიყვარდა ეს ახალი ენერგეტიკული პროცესი და მისი ყოველი წამით ვტკბებოდი. ხელებს მაღლა ვწევდი, ვგუგუნებდი და საშუალებას ვაძლევდი მთელ სხეულს, რომ ექანავა, პრაქტიკულად მაშინვე მიჩნდებოდა ენერგიის ძლიერი შეგრძნება, რომელიც ჩემს სხეულში მაღლა იწევდა და სექსუალური ცენტრიდან გულის გავლით თხემამდე აღწევდა.
ამან სამუდამოდ შეცვალა ჩემი წარმოდგენა ენერგიის შესახებ. ეს იყო პირველი ხელიდან პრაქტიკულად მიღებული განცდა იმ ტანტრული პრინციპებისა, რომლებზეც ოშო დისკურსებზე საუბრობდა, - მოძრაობა ცხოველურისგან ადამიანურის გავლით ღვთაებრივისკენ. ასევე ამან რაიხის სწავლების საზღვრებს მიღმაც გამიყვანა, რადგანაც იგი ადამიანურზე, მიწიერზე გაჩერდა, მაშინ, როცა მე ვგრძნობდი შინაგან აღმავალ მოძრაობას, რომელსაც მატერიალური ფორმის საზღვრებს მიღმა გავყავდი და საშუალებას მაძლევდა ღვთაებრივი ენერგიის უსაზღვრო ოკეანეს შევრწყმოდი.
მეჩვენებოდა, რომ ენერგიის უშუალო წყარო ოშო იყო, მაგრამ იგი, თავად მისი სიტყვებით, მხოლოდ კარი იყო, რომლის გავლითაც ჩვენ შეგვეძლო წვდომა მიგვეღო რაღაც ბევრად უფრო დიდზე, ვიდრე ნებისმიერი პიროვნებაა. თავად იგი უკვე გაქრა ამ ოკეანეში და ამიტომ შეეძლო სხვებისთვისაც მისაწვდომი გაეხადა იგი.
ყოველ ჯერზე, როდესაც ენერგეტიკულ დარშანზე მივდიოდი, მზრდადი ენერგიის ამ ფენომენს განვიცდიდი და, რა თქმა უნდა, როდესაც ოშოს პირდაპირ ვიჯექი მედიუმების გარემოცვაში, ეს განცდა განსაკუთრებით ძლიერი იყო. მისი შეხება ჩემს მესამე თვალზე აღძრავდა ჩემს ენერგიას, ზემოთკენ აღმართულიყო ორგაზმული გაფართოების მიმართულებით; მეჩვენებოდა, რომ იგი კოსმიურ განზომილებებს აღწევდა, რომლებიც გონების საზღვრებს სცდებოდნენ - ძენის ადამიანები ამ მდგომარეობას „გონების გარეთ“ მდგომარეობას უწოდებდნენ. ხშირად ბევრისთვის ეს განცდა იმდენად მძლავრი იყო, რომ არსებობდა ახალგაზრდა მამაკაცების სპეციალური ჯგუფი, რომლებსაც „ამწევებს“ უწოდებდნენ. ყოველი სესიის ბოლოს ისინი მზად იყვნენ ფრთხილად გაეყვანათ ისინი, ვინც იმდენად გადავსებული და შეძრული იყო ამ განცდით, რომ დროებით სიარულის უნარს კარგავდა.
მაშინაც კი, როცა დარშანზე ვიყავი, გარედან ვმონაწილეობდი, რადგანაც ენერგეტიკული სესიის დაწყებისთანავე მთელი აშრამი სიბნელეში იძირებოდა. ხოლო თუ ჩემს ოთახში ვიჯექი ან საღამოს მუსიკალურ ჯგუფში ვმღეროდი, დარშანის დაწყებასთან ერთად ყველაფერს ვწყვეტდი და უბრალოდ მის ენერგიას ვგრძნობდი. ეს ჩემი დღის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი იყო.
იმის წყალობით, რაც ჩემს თავს ენერგეტიკულ დარშანებზე ხდებოდა, მე დავიწყე იმის გაგება, რომ ჩაკრების სისტემა და რაიხის სეგმენტები, ფუნქციონირებენ რა სხვადასხვა დონეებზე, არსობრივად ერთი და იმავე მოვლენის ნაწილებს წარმოადგენენ. კუნთოვანი სეგმენტები პერიფერიაზე იმყოფებიან - მატერიალურნი და აშკარად გამოხატულნი, მაშინ, როცა ჩაკრები - ენერგეტიკული განზომილება, მაქსიმალურადაა მიახლოებული სხეულის ბირთვთან. ჩემს ჯგუფებში იმ მეთოდების გამოყენება დავიწყე, რომლებიც ადამიანებს ჩაკრებთან ენეგეტიკულ შეერთებაში ეხმარებიან და ისევე ავსებენ მათ სასიცოცხლო ძალით, როგორც კუნთოვანი სეგმენტები.
დაახლოებით ერთი წლის შემდეგ ვიგრძენი, რომ სხვა ტიპის ჯგუფის შექმნა მინდოდა. მე ყოველთვის სტრუქტურირებული სახით ვმუშაობდი, მაგრამ უეცრად ვიგრძენი, რომ ჩემთვის უფრო საინტერესო იქნებოდა სტრუქტურის გარეშე მუშაობა და ეს ჩემთვის გამოწვევა გახდებოდა.
ოშოს ვკითხე, შემეძლო თუ არა სამდღიანი თერაპიის ჩატარება, რომელზეც ექსპერიმენტს ჩავატარებდი სტრუქტურის არარსებობით. მან მომანდო ჯგუფი, რომელსაც უწოდა „საჰაჯ“, რაც სანსკრიტზე „სპონტანურობას“ ნიშნავს.
„საჰაჯის“ ჩატარებისას მე ინტერესით ვადევნებდი თვალყურს, როგორ ხტუნაობდა ენერგია დღითიდღე სხვადასხვა მიმართულებით. ზოგჯერ ვეხმარებოდი მას, ზოგჯერ საშუალებას ვაძლევდი მონაწილეებს, რომ თავად გამკლავებოდნენ მას. ზოგჯერ მთელი ჯგუფი ერთ მთლიან ბურთად იკრიბებოდა, დუნდებოდა და არაფერს აკეთებდა. შემდეგ ენერგია რაღაც სახით ირთვებოდა და ჯგუფში აფეთქება ხდებოდა: ადამიანები ოთახში დადიოდნენ და ბავშვებივით თამაშობდნენ. შემდეგ ენერგია კვლავ იცვლებოდა, მშვიდდებოდა, უფრო რბილი და მგრძნობიარე ხდებოდა.
სწორედ ამ ჯგუფის გაძღოლის წყალობით ვისწავლე ენერგიის სპონტანური ნაკადის ნდობა ადამიანთა ჯგუფში. ამ ნაკადის დინამიკა ძალიან მაგონებდა თევზების ან ჩიტების გროვაში არსებულ ენერგიას, როცა ყველა მათგანი უეცრად მიმართულებას იცვლის.
დაახლოებით იმავე პერიოდში ვთხოვე ოშოს, რომ უფლება მოეცა გავძღოლოდი ჯგუფს, რომელსაც „პულსაცია“ ეწოდებოდა, რათა ექსპერიმენტები ჩამეტარებინა იმ ყველაფერზე, რაც ენერგეტიკულ დარშანებზე ვისწავლე. ჯგუფში მე დავიწყე სტრუქტურების შექმნა, რომლებშიც მონაწილეები ოკეანის ფსკერის წყალმცენარეების მსგავსად ირწეოდნენ, თითქოს მათ რბილად ექაჩებოდნენ ენერგიის უჩინარი ნაკადები. ვცდილობდი ჩამერთო მანდალების მსგავსი სხვადახვა ენერგეტიკული ფორმები. ვიყენებდი მუცლით ცეკვას და რიტმულ გველისმაგვარ მოძრაობებს, რათა გამეღვიძებინა ენერგია მენჯის სეგმენტში და დავხმარებოდი მას სხეულში ზემოთკენ მოძრაობაში. გაცნობიერებულად ვმუშაობდი იმაზე, რომ დავხმარებოდი ადამიანებს მგრძნობელობის ახალი განზომილების გახსნაში, განსაკუთრებით შეხების დროს - უფრო ქალურის, მიმღების, „უმოქმედოსი“.
1981 წელს, როცა ოშო და მისი სანიასები ამერიკაში გადავიდნენ და ახალი კომუნის მშენებლობა დაიწყეს დიდ რანჩოზე, ცენტრალურ ორეგონში, მე რაღაც დროით ევროპაში წავედი და რამდენიმე ქვეყანაში ვატარბდი ტრენინგებს. შემდეგ რანჩოზე მივედი და ჩემი დრო გავანაწილე სახლების მშენებლობასა (რაც ძალიან მომწონდა) და ჯგუფების ლიდერობას შორის.
ჩვენი აშშ-შ ყოფნა ოთხნახევარი წელი გაგრძელდა. ამჟამად ისე დაწვრილებით ვერ აღვწერ მთელ ამ ისტორია: საოცარი სისწრაფის, რომლითაც მთელი ქალაქი ავაშენეთ, და ბრძოლის, რომელიც ჩვენს კომუნასა და თითქმის მთელ ამერიკას შორის გაჩაღდა. საკმარისია თუ ვიტყვი, რომ ოშოს რადიკალური ხედვა და ჩვენი უნარი - ენთუზიაზმით განგვეხორციელებინა იგი რეალობაში, გამოიწვია რეაქცია, რომელიც ძალიან წააგავდა იმას, რომელსაც ვილჰელმ რაიხი შეეჯახა. რაიხის მსგავსად, არც ოშო წავიდა კომპრომისზე საკუთარი თავის გადარჩენისთვის.
ოშო დააპატიმრეს, ციხეში ჩასვეს და 1985 წლის ნოემბერში დეპორტაცია გაუკეთეს. მან მთელი მსოფლიო შემოიარა ახალი ადგილსამყოფელის ძებნაში, ბოლოს ისევ პუნაში დაბრუნდა. 1987 წელს მე კვლავ შევუერთდი მას პუნაში და კვლავ მიმყავდა ჯგუფები ახალ საზოგადოებაში. სწორედ მაშინ დავიწყე ტრენინგების ჩატარება, სადაც ადამიანები რაიხის ტექნიკებთან მუშაობის პრაქტიკულ გამოცდილებას იღებდნენ და ინდივიდუალური სესიების ჩატარებას სწავლობდნენ. რაიხის პრაქტიკებს კი „პულსაციები“ დავარქვი.
ოშო 1990 წლის იანვარში გარდაიცვალა, მაგრამ საზოგადოება პუნაში კვლავ განაგრძობდა არსებობს.
მე არასოდეს დამავიწყდება მისი სიტყვები - „რაიხის მეთოდებს და ტანტრას შეუძლიათ ერთად განვითარდნენ“. ჩემთვის ეს გახდა ახალი პროცესის დაწყების იმპულსი, ტანტრული პულსაციების, რომლებსაც ამჟამად ჩემი პულსაციის პრაქტიკების ერთ-ერთ განყოფილებად ვთავაზობ.
ჩემი წიგნის მესამე ნაწილი ეხება იმას, თუ როგორ მუშაობენ ტანტრული პულსაციები.