ბჰაგავად-გიტა

ბჰაგავად-გიტა
5
1

თავი პირველი - არჯუნას სასოწარკვეთილება

თავი პირველი - არჯუნას სასოწარკვეთილება

დირითარაშტრამ თქვა:

წმინდა ალაგას, კურუთა ველზე, სად შემართული ბრძოლად ჯარია,
მითხარ, რას იქმან ჩემი შვილები, ან პანდაველნი, გთხოვ, სანჯაია! 

სანჯაიამ თქვა:

რა ნახა მეფე დურიოდჰანამ, პანდაველების ლაშქართა წყობა,
მაშინვე მოძღვარს ეახლა თვისას და ყოველივე წვრილად აცნობა. 

უთხრა, გახედე მასწავლებელო, პანდაველების მხედრობას ძლიერს,
მოხერხებულად გაწყობილს ომად, შენგან ნაწრთობი მოწაფის მიერ. 

ნახე, აქ არის კურუთა ჯარი, ურიცხვი გმირი და მოისარი,
ბევრი ბჰიმას და არჯუნას სწორი და უძლეველი დრუპადას დარი. 

გვერდს უმშვენებენ მათ ჩეკიტანა და პურუჯიტი, მძლე, ვითა ხარი.
კაშთა ხელმწიფე, კუნტის მთავარი და შაიაბა _ დევგმირთა გვარი. 

აგერ მძლეთამძლე უდჰამანიუ, უტამანუჯა, ძალგულოვანი,
ძენი სუბჰადრას და დრაუპადის _ ეტლით მებრძოლი, ნაცადი სპანი.

ნახე, თუმცა-ღა ჩვენშიც ბევრია კაცი ნაქები, ჭკუით, მარჯვენით,
ვინც განალაგებს ჯარს გონივრულად და წარუძღვება წინ გამარჯვებით.

ჯერ შენ რად ღირხარ, ან ლომი ბჰიშმა და სხვა გმირები, ბევრგზის ვნებულნი,
აშვათჰამა და სომადატას ძე, ბრძოლაში მუდამ გამარჯვებულნი?!

კიდევ ბევრი გვყავს გმირი ერთგული, ჩემთვის სიკვდილის ჩამგდები არად,
ომში ნაცადი და შეჭურვილი სახელოვანი მეომრის დარად!

ბაბუა ბჰიშმა წინ უძღვის ლაშქარს, ძალაა მისი განუზომელი,
თავს დაჰკანკალებს თუმც ბჰიმა პანდავთ, წინ დაგვიდგება მათგან რომელი?!

თავის ადგილზე დადგეს ყოველი! დაე, ვერ გვძლიოს პანდავთა შიშმა,
არ გავაკაროთ ავისმდომელი, ყველამ ერთგულად დავიცვათ ბჰიშმა!

ამ დროს ჩაჰბერა ნიჟარას ბჰიშმამ და ამოუშვა ღრიალი ლომის.
მან გაამხნევა დურიოდჰანა, ამცნო დაწყება დიადი ომის.

დასცეს ყიჟინა ყურისწამღები, აახმაურეს ბუკი, საყვირი,
ჰკრეს დაფდაფებს და ჰბერეს ნიჟარებს, ცას მისწვდა მათი გადანაყვირი.

მაშინ არჯუნამ და თავად კრიშნამ, თეთრჰუნებშებმულ ეტლში მჯდომარემ,
ღვთიურს ჩაჰბერეს ნიჟარებს მყის და ხმამ ზეციურმა გააპო არე.

ბჰიმამ `ლერწმისა~ აახმიანა, გმირმა არჯუნამ _ `უფლის წყალობა,~
ხოლო კრიშნამ კი, გულთა მპყრობელმა `ხუთღეროვანი~ ააგალობა.

იუდჰიშთჰირამ, დიდმა ხელმწიფემ, აახმაურა “ყოვლის მკვეთელი,”
საჰადევამ და შემდეგ ნაკულამ _ “თვლითმოოჭვილი” და “ხმაკეთილი.”

საყვირს ჩაჰბერა კაშთა ხელმწიფემ, დიდმა მებრძოლმა და მოისარმა,
ხმა შეუერთა მას ვიტარამაც და სატიაკამ, დევისა გვარმა.

შემდეგ, დრუპადას და სხვა დევგმირთა მძლე ნიჟარებმა დაიგრიალა.
საყვირს ჩაჰბერა ყველამ მიწყობით და ხმით საზარით ააღრიალა.

ცა ჩამოამხო მათმა გნიასმა, ძირს მიწა შესძრა, შეაზანზარა,
დირითარაშტრას შვილთა სმენასაც სწვდა და დაატყდა თავს შიშის ზარად.

მაშინ მოზიდა არჯუნამ მშვილდი, მაგრამ წამითვე დაუშვა დაბლა,
დირითარაშტრას დალანდა შვილნი და უფალ კრიშნას მიმართა მდაბლად:

არჯუნამ თქვა:

გთხოვ, გამაქანე ორ ლაშქარს შორის, მაჩვენე მტერი, არას მთმობელი,
მინდა ვიხილო, ვისთან მომიწევს ბრძოლა უწყალო და ულმობელი.

გთხოვ, დამანახე ის, ვინც მოსულა და ელის ბრძოლას, ავი სიამით,
სურს იომოს და დურიოთჰანას ბოროტი გული მოიგოს ამით!

სანჯაიამ თქვა:

დაჰყვა უფალი უმალ არჯუნას, შემცბარს მოსახდენ უბედურებით
და ორ ჯარს შორის შემოაგელვა ეტლი თეთრონი ბედაურებით.

მიუახლოვდა დრონას და ბჰიშმას, ქვეყნის სარდალთა წინ შეანელა.
უთხრა არჯუნას: მამიდაშვილო! შეხედე, კურუ აქ არის ყველა!

იდგა არჯუნა და შეჰყურებდა ნაცნობ სახეებს ორივე მხარეს:
ბაბუებს, მამებს, საყვარელ გამზრდელს, ერთგულ მეგობარს, ძმას თუ მოყვარეს.

მის წინ გაწყობილ მოძმეთა ცქერას ვეღარ გაუძლო არჯუნას გულმა
აღვსილმა დარდით და სიბრალულით, სიტყვა ძლივს დასძრა გულდადაგულმა:

არჯუნამ თქვა:

ყველა ვინც მიყვარს, იქ არის მგონი, ყველას ომი სურს, ჩვენზეა მწყრალი;
ლამის წამერთვას ძალი და ღონე, სულს ვეღარ ვითქვამ, სასა გამშრალი.

თითქოს სხეულზე ცეცხლი მედება, ვცახცახებ, თვალზე გადმეკრა ბინდი.
ვგრძნობ, სადაცაა გამივარდება ჩემი განდივა, ერთგული მშვილდი.

ვხედავ, ვერ ვიკრებ გონებას სრულად და უძლურების ვერ ვარ მომრევი,
რადგან ყველაფერ ამის სასრულად უბედურების მიჩანს მორევი.

თვისტომთა ჟლეტით ვით დავთესთ კეთილს, ან ვით მოვიმკით მით ძლიერებას,
ან გამარჯვებას ასეთს რად ველტვით, სამეფოს ანდა ბედნიერებას?!

რად გვინდა შვება, ან ხელმწიფება, ან თვით სიცოცხლე, მითხარ, გოვინდა,
თუ წუთისოფლის მზე დავუბნელეთ, ეს ყოველივე ვისთვისაც გვინდა?!

ყველა აქ არის, თვისტომი ჩემი, ვინც სიცოცხლეზე უფრო მეტია,
ყველა მოსულა და ბრძოლის ველზე თავის დადება გადუწყვეტია.

მამაზე, შვილზე და შვილიშვილზე როგორ ავწიო, მითხარი, ხელი?
რომც დავიღუპო, დემონის მკვლელო, მაინც არა ვარ მე ამის მქმნელი!

ნეტა რას გვარგებს, რით გაგვახარებს მითხარ, ჩადენა ამ საქმის ძნელის?!
არც მეფობა მსურს ამის სანაცვლოდ, არც მეუფება სამივე სკნელის!

თუმც აღუმართავთ მათ ჩვენზე ხელი, მათი კვლით ცოდვას ვიმკით, იცოდე!
როგორ იქნები, თქვი, ბედნიერი, თუ შინაურიც არ შეიცოდე?!

კურუთა შვილებს, შურით აღვსილებს, დაბნელებიათ გრძნობა და გული
და მათ მამასაც, ხარბსა და ცბიერს, არაფრად უჩანს სიწმინდე, სჯული!

მაგრამ, ჩვენ მაინც ხომ კარგად ვუწყით, თუ რა მოელის დამღუპველს გვარის!
რა გვემართება, რატომ არ ვუფრთხით, რად არ გვაქს შიში ცოდვის ამგვარის?!

გვარის მოსპობით, ოჯახის მოშლით, ხომ დაემხობა ადათი წმინდა?!
უღმერთოება დაისადგურებს და უწესობა მაშინ, გოვინდა!

თუ უმეცრება გაიბატონებს და თუ ზნეობა გადაგვარდება,
ოჯახის ქალი დაეცემა და ქვეყნად აღრევა ჩამოვარდება!

შთამომავლობას – ჭირთა მრავლობა, გვარის დამქცევს კი წაწყმედა ელის!
წინაპრებს საკურთხს არვინ მიაგებს, ხსოვნაც გაქრება მათი სახელის.

უკუღმა წავა ამ ბოროტებით, რაც რამ ყოფილა ნაწაღმართალი
გავერანდება ოჯახის წესი, პატიოსნება და სამართალი.

გამიგონია, რომ ვინც დააქცევს თვისტომთა წმინდა ადათს და წესებს,
ზენა განგება სამარადჟამოდ თვით ჯოჯოხეთში მას გაამწესებს.

საკვირველია, ეს ცოდვა მძიმე რატომ გვგონია ჩვენივე ნება?!
გაჟლეტა გვნებავს საკუთარ მოდგმის, რომ არ მოგვაკლდეს ლხინი და შვება!

არა! არ მინდა მე მათთან შებმა! არ მსურს ხმალდახმალ ძმებთან ვიბრძოლო!
სჯობს, კბილებამდე შეჭურვილებმა უიარაღოს მომიღონ ბოლო.~

სანჯაიამ თქვა:

გულდამდუღრულმა ეს თქვა და მყისვე ეტლში ჩაეშვა ღონემიხდილი,
მშვილდი `განდივა~ დაუშვა ისევ, გადაეფარა ღრუბლების ჩრდილი.

 

წიგნის თავები


იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff