ბჰაგავად-გიტა

ბჰაგავად-გიტა
5
1

თავი მეთოთხმეტე - ბუნების სამსახოვნება

თავი მეთოთხმეტე - ბუნების სამსახოვნება

შრი ბჰაგავანმა თქვა:

კვლავ მსურს გაგანდო, გადმოგცე ცოდნა, ყოველ ცოდნაზე მაღალი, სრული;
ცოდნა, რომლითაც ყველა განმდგარი აქვე, მიწაზე შეიქმნა სრული.

შეაფარებენ რა თავს ამ სიბრძნეს, ჩემი მსგავსნი და ცალნი ხდებიან,
აღარ ჩნდებიან გაჩენის დღეს და აღარც ბოლო ჟამს იღუპებიან.

დიდი ბრაჰმაა წიაღი იგი, სად თესლი ჩემი აღმოცენდება,
ამის გამოა, რომ ცისქვეშეთში სულდგმულს სიცოცხლის დღე უთენდება.

ვისი ნაშობიც იყოს სულდგმული, ვისი ნაშენი და ნათესავი,
ბრაჰმაა მისი დედა მშობელი, მე კი მამა ვარ, თესლის მთესავი.

სატვა, რაჯასი და ტამასია სამი თვისება – ბუნების ძალი,
მათი ბრალია, რომ ხორცს ვერ წყდება სული ხორცსხმული და წარუვალი.

ხოლო ამათგან წმინდაა სატვა _ საღი, უმწიკვლო, ნათლისმიერი,
სიხარულის და ცოდნის ბორკილით შეუბორკია მას სულიერი.

ვნებიანია ზნე რაჯასისა, მას წყურვილი და ტყვეობა ბადებს,
სულს , ხორცში მცხოვრებს , ო , კუნტის შვილო , ის მოქმედების ბორკილებს ადებს.

ხოლო ტამასს კი უმეცრება შობს , ის ყველა სულდგმულს მცდარი გზით არებს,
იმით ატყვევებს ძეხორციელს , რომ თვალს უხვევს , ბანგავს და ამცონარებს.

რაჯასით საქმის, ხოლო სატვათი სიხარულის ტყვე ხდება არსება,
უმეცრების ტყვედ გაქცევს ტამასი, რადგანაც ცოდნას ის ეგარსება.

თუ სატვა ჭარბობს, მაშინ რაჯასის და ტამასისაც მცირდება წვლილი,
თუ რაჯასი ან ტამასი მძლავრობს, სხვა ორი იკლებს, ძალგამოცლილი.

როცა სხეულის ყველა კარიბჭე ცოდნის სხივებით აელვარდება,
მაშინ იზრდება სატვა, იცოდე და ძალა მისი მაშინ მრავლდება.

ჟინი, სიხარბე, მოუსვენრობა, საქმის გაძღოლის, შრომის სურვილი
თუ მოგეძალა, მაშინ იცოდე, რომ რაჯასით ხარ შემობურვილი.

მაგრამ უმეცარს, უგულისყუროს, ბნელში გზა-კვალი თუ აგრევია,
თუ მცონარებას დამონებულხარ, მაშინ ტამასი შენ მოგრევია.

სატვათი სავსე კაცის სული რომ სიკვდილის ხელმა სხეულს გაჰყაროს,
მიაღწევს იგი და დაიმკვიდრებს ზენარის მცნობთა წმინდა სამყაროს.

კვლავ ქვეყნად ჩნდება რაჯასში მკვდარი, ისევ საქმის ტყვედ, განა იცვლება,
ტამასის ხელში სულამომხდარი უგონო არსში გარდაიცვლება.

წმინდაა მართალ საქმის ნაყოფი, სატვიური და შეუბღალავი,
რაჯასს ტანჯვა და ტკივილი მოაქვს, ტამასს – სიბრმავე გაუკვალავი.

სატვა ცოდნას შობს, ხოლო სიხარბე გეგულებოდეს რაჯასის ბოლოდ,
ტამასს სიბრმავეს, დაუდევრობას და უმეცრებას დასტყუებ მხოლოდ.

ცად მაღლდებიან სატვას წეულნი, რაჯასეულნი იქვე რჩებიან,
ხოლო უმდაბლეს ბუნებისანი დაცემას ვერსით გადურჩებიან.

ქვეყნად ეს სამი მოქმედებს მხოლოდ, თუ მხედი ამას ხედავს და ხვდება,
ამათ მიღმა კი ჭვრეტს უზენაესს, ის ჩემს სიცოცხლეს, ზენაარს სწვდება.

ვინც გადალახავს ამ სამ თვისებას, მოკვდავს სხეულად რომ ეხლართება,
ეხსნება ტანჯვას, სიბერეს, სიკვდილს და უკვდავ მხარეს გაემართება.

არჯუნამ თქვა:

როგორ ვცნო, ღმერთო, ის, ვინც ეღირსა, ბუნებისაგან შველა ენახა,
ქცევა რას უგავს, ან როგორ შესძლო სამივე გუნა გადაელახა?

შრი ბჰაგავანმა თქვა:

არც უმეცრება, არც საქმეები და არც სინათლის ამობრწყინება,
არ მოიძულა ვინც კარს მომდგარი და არც დაკარგულს ეპოტინება;

ვის _ განს განმდგარსა და ჩაურეველს, ვეღარ არყევენ ძალნი გუნების
არ კრთება, რადგან უწყის, რომ ყველა მოძრაობაა თავად გუნების.

ვისთვის ერთია საამო, მწარე, ერთია ოქრო და მიწაყრილი,
მტკიცეა, ერთი ჭირსა და ლხინში, ნადიდები და პატივაყრილი;

მან სძლია გუნებს, ვისთვის ერთია მასხრად გდება და ქება დიდება,
ვინც აღარ არჩევს მტერს და მოყვარეს და ყველა საქმეს ვინც ერიდება.

ვინც მე მსახურებს და ამ ბილიკზე მტკიცედ, ერთგულად, მხნედ იარება,
ის გადალახავს ბუნების ძალებს და ბრაჰმას ყოფას ეზიერება.

საძირკველი კი ბრაჰმასი მე ვარ – მარად უცვლელი, დაურღვეველი,
ჩემშია დჰარმა სამარადისო და სიხარული, დაულეველი.

წიგნის თავები


იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff