ბჰაგავად-გიტა

ბჰაგავად-გიტა
5
1

თავი მეხუთე - საქმისგან განდგომის გზა

თავი მეხუთე - საქმისგან განდგომის გზა

არჯუნამ თქვა:

განდეგილობა შეამკე ხოტბით, მაგრამ შრომაც ხომ ქებით მიხსენე?
გარკვევით მითხარ, რა გზას დავადგე, რა გზა ჯობს ჩემთვის, გთხოვ, ამიხსენი!

შრი ბჰაგავანმა მიუგო:

მოქმედებაც და განდეგილობაც ორთავ ხსნისათვის დანაწესია,
თუმცა შრომაზე ხელის აღებას საქმე აკეთო, უმჯობესია.

განდეგილია, ვისაც ამქვეყნად არც ზიზღი ი პყრობს, აღარც წადილი,
გაორებისგან თავის მხსნელისთვის ტყვეობისაგან ხსნაა ადვილი.

გზებს ცოდნისა და მოქმედებისა ბრძენი კი არა, ბავშვიც არ გაჰყოფს,
ვინც ერთ გზას მაინც ადგას გზიანად, ორივე გზისას მოიწევს ნაყოფს.

რასაც კი წვდები ფიქრით და ბჭობით, საქმის წილადაც იგივე გხვდება,
ერთია ბრძნობა და საქმოსნობა, მართლად მხედია, ვინც ამას ხვდება.

ძნელად ეწიოს განდეგილობას კაცი, უსაქმოდ დაყუდებული
უფალთან მივა დაუხანებლად ბერი, იოგას წრთობით ქებული.

ვინც განსპეტაკდა იოგას ღვაწლით, თავს მოერია, მოდრიკა ვნება,
ვინაც შეერთო ყოველ სულთა სულს, საქმის კეთებით არ შეირყვნება.

მე თვით არას ვიქმ , როს ვხედავ , ვისმენ , როს მძინავს , ვსუნთქავ , დავიარები , _
ასე სჯის კაცი გონმოკრებილი, ჭეშმარიტებას ნაზიარები.

როცა ვსაუბრობ, მივიღებ, გავცემ, და მაშინაც კი, როს ვახელ თვალებს,
ეს გრძნობა ჩემი იღვიძებს მხოლოდ და გრძნობის საგანს თავს დასტრიალებს.

ვინც უზენაესს შესწირავს საქმეს და უანგაროდ მუდამ ასრულებს,
ვერ შეეხება იმას ცოდვები, ისე, ვით წყალი ლოტოსის ფურცლებს.

ოდენ სხეულით იქმან იოგნი, ჭკუით, გონებით და გრძნობით ოდენ,
რადგან იციან, მიუჯაჭველნი ხამს განწმენდისთვის ოდენ იქმოდენ.

ვინც არ სდევს საქმის ნაყოფს და ბოლოს, ციურ სიმშვიდის შეაღებს კარებს,
ვინც მონაგარით ტკბობისთვის შრომობს, შეიბორკება, ვერ გაიხარებს.

სული ხორცსხმული, ყოველი საქმის ჭკუით დამთმობი, თავის მთოკველი,
აღარც თვით იქმს და არც სხვას ასაქმებს , ცხრაბჭიან ქალაქს ზის უშფოთველი.

უფალი არ შობს კეთების სურვილს, არც საქმეს აჩენს განგების ნება,
საქმეს ნაყოფთან არ აკავშირებს, ამას ყველაფერს ბუნება შვება.

ზეცა არ იცნობს მოკვდავთა ცოდვებს, არც მადლთანა აქვს საქმე განგებას,
თუმც უმეცრება ფარავს ცოდნას და ვერვინ ახერხებს ამის გაგებას.

მაგრამ როდესაც ამ უმეცრებას გაფანტავს სულის ცოდნა დიადი,
საჩინოს გახდის ის უზენაესს, ქვეყანას აჩენს ვით განთიადი.

ვინც მასში დანთქავს გონებას, სულსაც და ნავსაყუდელს მასში აიჩენს,
განიწმინდება ცოდნით ცოდვისგან და სამუდამოდ თავს გადაირჩენს.

ბრძენს სწორად უჩანს ძროხა და მღვდელი , ცოდნით , ზრდილობით ნაქები , ქველი,
სულერთი არის იმისთვის სპილო, ძაღლი ან თუნდაც ძაღლისმჭამელი.

აქვე დასძლია წუთისოფელი, ვინც ერთობას ჭვრეტს, აღუშფოთველი,
უფალში სუფევს, რადგან უფალიც არგანმრჩევია და უცოდველი.

სოფლის სიამე მას არ ახარებს, არც სატანჯველით სჭირს დაღონება,
უფალთანაა უფლის მცნობელი, რადგან მტკიცეა მისი გონება.

თავისთავშივე იპოვის ლხენას, ვინც არ ტყვევდება გარეგან გრძნობით,
ულევ სიხარულს დაეწაფება, ვინც უზენაესს მიაღწევს წრთობით.

ტანჯვის წყაროა სიამოვნება თუ შეხებაა მისი მშობელი,
დასწყისი აქვს და დასასრული, არ მიენდობა კაცი მბჭობელი.

ვის ძალა შესწევს დასძლიოს ჟინი, წადილისა და რისხვისმიერი
დასძლიოს აქვე, ხორცთან გაყრამდე, თავის მფლობია და ბედნიერი.

ბედნიერებას, სიხარულს, ნათელს ვინც თავისთავში არის წეული,
უერთსულდება ღმერთს ის იოგი, მასში შესული და შეღწეული.

ნახავს ღმერთს ბრძენი, ცოდვის დამძლევი და გაორება განქარვებული,
ვინც თავს მეუფებს და სხვა სულდგმულთა სიკეთითაა გახარებული.

ვინც ეხსნა სურვილს და განრისხებას, დაიმორჩილა ვინც ფიქრთა ზვავი,
მისთვის იხსნება ბჭენი ზეცისა, _ იმისთვის ვინაც შეიცნო თავი.

გრძნობას გარეგანს ვინც ჩამოსცილდა და წარბთა შორის მიაპყრო თვალი,
სუნთქვის ნაკადიც მოიწესრიგა ვინც აღმავალი და დაღმავალი;

ვინც დაეუფლა გონს, გრძნობებს, ფიქრებს და განდეგილი ხსნას მიზნად სახავს,
ვინც სძლია სურვილს, შიშსა და რისხვას, თავისუფლებას მარადისს ნახავს.

მე ვარ მეუფე ცისა და მიწის, მესაიდუმლე ყოველ სულდგმულის,
მე ვიწევ მსხვერპლის , თმენის ჭირნახულს , ვინც მიცნობს , ჰპოვებს მშვიდობას სულის.

წიგნის თავები


იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff