ბჰაგავად-გიტა

ბჰაგავად-გიტა
5
1

თავი მეჩვიდმეტე - სამგვარი რწმენა

თავი მეჩვიდმეტე - სამგვარი რწმენა

არჯუნამ თქვა:

ვინც წერილთა წესს არ სდევს , თუმც სწირავს , რადგან რწმენა აქვს გულში ძლიერი,
ტამასისაა იმისი რწმენა, რაჯასისა თუ სატვასმიერი?

შრი ბჰაგავანმა მიუგო:

კაცს სულ სამგვარი – ტამასისებრი, რაჯასეული და სატვიური,
აქვს რწმენა, მისსავ ბუნების დარი, სამივეს გეტყვი, კვლავ მიგდე ყური.

ყველა მოკვდავის რწმენა, იცოდე, თვითონ მისივე ბუნებისაა,
კაცს რწმენა აქცევს იმად, რაც არი და რაც რწმენაა, კაციც ისაა.

ღმერთებს სწირავენ სატვასმიერნი, რაჯასეულნი _ ბოროტ ავსულებს,
ტამასეულნი – ბუნების ძალებს და გარდაცვლილთა , წასულთა სულებს.

ის, ვინც წერილში დაუწესებელ ტანჯვით თავს იგვემს, ძლიერ ევნება,
თუმც თაღლითსა და თავკერძობით მთვრალს სურს მბრძანებლობა , ატყვევებს ვნება;

ვინაც სხეულის ნაწილებს იგვემს, რადგან სიბეცემ გზა აურია
და მეც მაწვალებს მის სხეულში მყოფს, განზრახვა მისი ეშმაურია.

სამნაირია ქვეყნად საკვებიც, რომ გაამებს და გსურს სხვას არჩიო,
სამნაირია თმენაც, სიკეთეც, ყური დამიგდე, რომ გაარჩიო.

რას სიმრთელე და დღე გრძელი მოაქვს, ლხენა, სიწმინდე და მოსვენება,
რაც საამოა, მსუბუქი, სარგო, სატვიურს ტკბილად ის ეჩვენება.

საჭმელი მწარე, მჟავე და მლაშე, ცხელი და ცხარე, მშრალი და მწველი,
ვნებიანს უყვარს მომტანი ვნების, დამაღონები და დამტანჯველი.

უგუნურს მოსწონს კერძი ნარჩენი, შელანძღული და გემოგასული,
ბინძური, მყრალი და უვარგისი თავს ურჩევნია და მისდის სული.

სატვიურია მსხვერპლის აღვლენა, ვით ითხოვს წერილთ წესი და რიგი,
როცა იცი, რომ ვალია შენი და არ გადარდებს, რას მოგცემს იგი.

მაგრამ თუ წირვა პირფერობაა, სანახაობა, გუნდრუკის კმევა,
თუ საზღაურის ახლავს სურვილი, რაჯასეულად ის მიიჩნევა.

ულოცველი და უშესაწირო, წესს გადასული, სასოლეული,
არ გამცემი და არ გამკითხავი, მსხვერპლშეწირვაა ტამასეული.

ორჯერშობილთა და ღვთის თაყვანი, უვნებელობა და გულწრფელობა,
მოძღვარისა და ბრძენთა პატივი და სიწმინდეა ხორცის მწვრთნელობა.

სიტყვა მართალი, სარგო, საამო, არავისათვის მომტანი წყენის,
თან კი წერილთა მუდამ კითხვაა წრთვნა მეტყველების, სრულყოფა ენის.

აუმღვრევლობა, კეთილგანწყობა, მდუმარება და მოთოკვა თავის,
გასპეტაკება მთელი არსების საქმეა კაცის, ფიქრის მმართავის.

სატვიურია ეს წრთვნა სამგვარი, თუკი ურყევად, რწმენით სრულდება,
სატვიურია, თუ კაცს თავისი საქმის ნაყოფი არ მოუნდება.

თუ დაფასებას, პატივს დაეძებს, სურს დაუყენოს ქვეყანას თვალი,
რაჯასულია წრთვნა ფარისევლის, მიუნდობელი და წარმავალი.

ხოლო თუ ვინმე ბრიყვულ განზრახვით ვნებას აყენებს, იწვალებს სხეულს,
ან გულში სხვისი დაღუპვა უდევს, წრთვნას მისდევს იგი ტამასისეულს.

ვინც საჭირო დროს, საჭირო ალაგს გასცემს და არ სურს რამ მაგიერი,
ღირსეულს წყალობს, რადგან თვლის ვალად, მისი ძღვენია სატვასმიერი.

თუკი სიკეთით სიკეთე გსურდა, კვლავ გამორჩენით იყავ ძლეული,
თუ უხალისოდ უწყალობებდი, ძღვენი გიძღვნია რაჯასეული.

თუ უდროო დროს და უადგილოდ, უღირსისათვის გიძღვნია ძღვენი,
თუ აგდებულად, ზიზღით გიძღვნია, ტამასისაა ეგ ძღვენი შენი.

`ომ, ტატ, სატ~ – აი სიტყვა სამკეცი, რითიც უფალი მიისწავლება,
მისგან არს ქვეყნად ყველა მოძღვარი, მსხვერპლის წირვა და წმინდა სწავლება.

და ამიტომაც ქველმოქმედებენ, იწრთობიან თუ წირვად დგებიან,
ჯერ `ომ~-ს იტყვიან უფლის მცოდნენი, საქმეს კი მერე შეუდგებიან.

კვლავ ამითაა, სიკეთეს სჩადის, წრთობას იწყებს თუ დგება მწირველად,
უანგარო და ხსნის მოწადინე, `ტატ~-ს იტყვის კაცი თავდაპირველად.

`სატ~ ეწოდება სიკეთესა და თვით სინამდვილეს _ ჭეშმარიტებას;
`სატ~ საქმეცაა, საქმე რომელიც დაიმსახურებს ქება-დიდებას.

`სატ~ სიმტკიცეა მსხვერპლის შეწირვის, თავის წრთობის და ქველმოქმედების;
`სატ~ ქმედებაა, უფლისთვის შრომა თუა მიზანი შენი ქმედების.

მაგრამ ურწმენოდ, გინდ წირვა იყოს, გინდ მოწყალება ან თავის წრთობა,
ამსოფლადაც და იმქვეყანაზეც ტყუილი არის და უაზრობა.

წიგნის თავები


იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff