ბჰაგავად-გიტა

ბჰაგავად-გიტა
5
1

თავი მეთერთმეტე - ყოვლისმომცველი სახის ხილვა

თავი მეთერთმეტე - ყოვლისმომცველი სახის ხილვა

არჯუნამ თქვა:

უდიადესი ეს საიდუმლო, ზესთა სული რომ ჰქვია სახელად,
მანდე მოწყალედ და ეს კმაროდა ჩემს დაბრმავებულ თვალთ ასახელად.

შენგან შევიტყვე, უფლის ქმნილება ვით ჩნდება, ან ვით გარდაიცვლება,
შენვე გამანდე, რომ არ ილევა დიდება შენი და არც იცვლება.

ყოვლის მეუფევ უზენაესო, ისე, ვით სიტყვით შენ დამანახე,
ახლა თვალითაც მინდა ვიხილო მეუფებრივი მე შენი სახე.

და თუ არ ფიქრობ, რომ ხილვა შენი შეძლებას ჩემსას აღემატება,
მაშინ მაჩვენე, ყველაფრის შემძლევ, სამარადისო შენი ხატება.

უზენაესმა მიუგო:

აჰა, იხილე, პართჰას ნაგრამო, ათასნაირი ჩემი იერი,
ეს მრავალფერი სახება ჩემი, მრავალფერადი და ზეციერი.

შენ ჩემში ნახავ რუდრებს, აშვინებს, _ უკლებლივ ყველა ბინადარს ცისას,
სხვასაც უამრავ სასწაულს ისეთს, რომ არ უნახავს ჯერ თვალს კაცისას.

მთელს ამ სამყაროს, მყარსა და მოძრავს, იტევს ეს ერთი ჩემი სხეული,
ისიც, გულს შენსას რისიც სურს ხილვა, არის უკლებლივ აქ დატეული.

თუმცა-ღა ხილვა ჩემი არსების არ შეუძლია მაგ თვალს ქვეყნიურს,
რომ დაგანახო შეძლება ჩემი, მე მოგანიჭებ შენ თვალებს ღვთიურს.

სანჯაიამ თქვა:

ასე თქვა, მეფევ, მან, ვინც იოგას დიად მეუფედ ფიქრს ესახება
და არჯუნას თვალს გადაუშალა უდიადესი უფლის სახება.

გაჩნდა საკვირველ სახეთმრავლობა და ბაგე-თვალნი მათზე დართული,
ცის მოსართავი დაულეველი და საჭურველი ზეაღმართული.

ციურ ყვავილთა ესხა წნულები, ზეცის სურნელი ზედ ეკმეოდა,
ყოვლადსაკვირველს, ღვთიურს, უსაზმნოს, სახე ყოვლისკენ მიექცეოდა.

ათასი მზე რომ სულ ერთიანად ამ ცის კაბადონს გადანთებოდა,
ციაგი მათი ნათელს უფლისა იქნებ როგორმე დამსგავსებოდა.

მაშინ იხილა არჯუნამ იგი, რაც დაშლილია, დაშორებული,
მთელი სამყარო იქ, ერთ ადგილას, უფლის სხეულში შეერთებული.

ყალყზე დაუდგა თმა განცვიფრებულს , მლოცველის დარად იწყო ხელები
და თავდახრილი უფლის წინაშე ასე ამბობდა, განახელები:

არჯუნამ თქვა:

უფალო, ღმერთთა საუფლოა ეგ ტანი შენი,
ყოველ სულდგმულით, შენში მყოფით ხარ შემორტყმული,
შენშია გველნი ციურნი და ბრძენნი, ცის მშვენნი,
მეუფე ბრაჰმა – ის, ლოტოსის ტახტზე მორთხმული.

მრავალი მკლავი შენ გამშვენებს, ბაგე და თვალი,
უზღვროდ გაშლილი ყოველმხარეს თვალწინ მესახე,
არც დასაწყისი არ მოგიჩანს, არც დასავალი,
ვხედავ, სამყაროს მეუფე ხარ შენ, ყოველსახე!

ყოველგან შენი სინათლეა თვალისმომჭრელი,
გამკობს გვირგვინი, დიადემა, კვერთხი მრავალი,
გმოსავს უსაზღვრო ბრწყინვალება, მზესავით მწველი,
ყველგან შენა ხარ, გონებისთვის ძნელმისავალი.

წარუვალი ხარ, ზენაარი, ღირსსაცნობელი,
შენ შეგეფარვის საბოლოოდ მიწა და ცანი,
მარადი დჰარმის საცავი ხარ, დაუმხობელი,
დაუსაბამო შენ ხარ სული, ასე გიცანი.

გჭვრეტ უსაწყისოს, უსასრულოს, უსაზღვროდ ძლიერს,
ულევმკლავიანს თვალებად გაქვს შენ მზე და მთვარე,
ვხედავ, როგორ წვავს, როგორ ადნობს ცის დასალიერს,
შენს ბაგეთაგან მობრიალე ცეცხლის მდინარე.

სულო დიადო, შენითაა სულ განმსჭვალული,
ეს ცა და მიწა და მათ შორის რაც ისახება,
უთრთის, უღელავს სამ სამყაროს შიშისგან გული,
აფრთხობს საზარი, მშვენიერი შენი სახება.

კარგად ჩანს, როგორ შეგერთვიან ღმერთთა დასები,
შიშით თაყვანსაც მოგიძღვნიან ხელაბყრობილნი,
გაქებენ დიდი წმინდანები, ასჯერ ასები,
`დიდება შენდა!~ – გიგალობენ ხმაშეწყობილნი.

მზის ღვთაებანი, მეხთამტეხნი, მპყრობნი ქარების,
ზესთ-ზეციური მომღერალნი შენ გიმღერიან,
ისმის გალობა სრულყოფილთა, ღმერთთა ჯარების,
მათთან ავსულნიც განცვიფრებით შემოგცქერიან.

და რა შეჰყურებს ამ სახებას შენსას დიდებულს,
უამრავ ხელ-ფეხს, დაულეველ ბაგეებს, თვალებს,
უთვალავ ეშვ-კბილს, პირში ავად გადმოკიდებულს,
მთელი სამყარო ჩემთან ერთად თრთის და წრიალებს.

გიყურებ და ხარ მრავალფერი, ცად აზიდული,
ვეება ხახა დაფჩენილი, თვალებცეცხლება,
შენს შემხედვარეს სული მითრთის, მიშფოთავს გული,
ვეღარ ვისვენებ, თითქოს ფეხქვეშ მიწა მეცლება.

მჭვრეტი ეშვ-კბილის, საშინელის, ენით უთქმელის,
ვერ ვცნობ ქვეყანას, ღმერთო, თავი სად შევაფარო?!
მიშველე რამე! მსგავსო ცეცხლის, ყოვლის დამნთქმელის,
გთხოვ, ღმერთთა ღმერთო, სამყაროთა თავშესაფარო!

ვხედავ ამქვეყნის ყველა მპყრობელს – მეფეებს, მთავრებს,
შენსკენ მოდიან და ნაბიჯი მათი ჩქარია,
დირითარაშტრას შვილებს ვარჩევ... ჩვენს მხედართმთავრებს,
აქვე არიან ბჰიშმა, კარმა, დრონაჩარია.

მოიჩქარიან, თითქოს ითრევს მათ ხახა ავი,
გადმოფჩენილი, შემზარავი, პირბასრეშვება
ზოგს კბილებს შუა ეჩხირება ნაჩეჩქვი თავი,
სანამ ბედშავი შენს ყელში არ გადაეშვება.

როგორც უამრავ მდინარეთა მდინარე წყალი,
ადრე თუ გვიან მაინც ზღვაში ჩაედინება,
უკლებლივ ყველა ამაქვეყნის გმირი საწყალი,
შენსკენ მოდის და მაგ ცეცხლოვან ხახაში დნება.

როგორც პეპელა, ღამით ცეცხლს რომ თავს დასტრიალებს
და დასაღუპად მისკენ მიქრის, მიექანება,
ხალხიც მიელტვის მობრიალე შენს ცეცხლთა ალებს
და ხალხსაც თავის დასაღუპად მიეჩქარება.

შენ კი მათ ხვდები მოგიზგიზე ცეცხლის ალებით,
ტუჩს ილოკავ და ყველა სულდგმულს ნთქავ ერთიანად,
სპობ ყოველივეს, დიდო ვიშნუ, ამ მხურვალებით,
ამ მცხუნვარებით სამყაროებს ფარავ მთლიანად.

ვინ ხარ, ვისია ამ საზარელ სახეთა წყება?
მითხარი, ღმერთო, გევედრები, წყალობა ჰქმენი!
ღმერთთა ღმერთი ხარ, ყველაფერი შენით იწყება,
მსურს გიცნობდე და ვერ მიცვნია შენი საქმენი.

შრი ბჰაგავანმა მიუგო:

მე ვარ დრო-ჟამი, ძველთაძველი სამყაროს მკვლელი,
ადამიანთა მოსასპობად მიწყივ მშრომელი,
რომც იუარო და საქმეზე აიღო ხელი,
ვერ გადარჩება მტერი შენი, ავისმდომელი.

ამიტომ ადექ, მტერს მახვილი აძგერე ძლიერ,
რომ სვებედნიერ ქვეყნის იყო შენ მბრძანებელი,
იცოდე, ყველა მოკლულია უკვე ჩემს მიერ,
შენ მხოლოდ ჩემი ნების იყავ აღმსრულებელი.

გაჰკვეთე დრონა, მოჰკალ ბჰიშმა, სხვაც დიდი სპანი
უჩვენე ჯიდრას, რის შემძლეა ეგ მაჯა მარჯვე,
უკვე მოვკალი მე ისინი, არ ღირს ჭოჭმანი,
შენ მხოლოდ ხმალი გაიქნიე და გაიმარჯვე!

სანჯაიამ თქვა:

ესმა არჯუნას რას ურჩევდა კრიშნა, რას არა,
მის ფერხთით მუხლი მოიყარა, ხელაპყრობილმა,
ათრთოლებულმა მოკრძალებით თავი დახარა
და ძლივსღა დასძრა სიტყვა შიშით გულშეპყრობილმა.

არჯუნამ თქვა:

გულთამპყრობელო, სამყარონი ხოტბას გიძღვნიან,
აღტაცებულნი ხარობენ და ნაღარას ცემენ,
გულგახეთქილი ავსულები შორიშორ რბიან,
სრულყოფილნი კი ქედს გიხრიან და თაყვანს გცემენ.

ან რად არ გაქონ, წარუვალო, დიადო სულო,
შენგან არს ბრაჰმაც! რას არ სჭარბობს შენი დიდება?!
ხარ სამყაროთა საყუდარი შენ უსასრულო,
ყოფნა, არყოფნა და რაც იმათ ზღვარსაც სცილდება.

შენა ხარ ღმერთი უწინდელი, წინაზეც წინა
და სამყაროთა საბოლოო ნავსაყუდელი,
მცოდნეც ხარ, ცოდნაც, ზეციური შენა ხარ ბინა,F
სახეულეველს აგივსია სამყარო მთელი.

ემორჩილება შენს ხელს მთვარე, ცეცხლი და ქარი,
წყალს და თვით სიკვდილს მხოლოდ შენი განაგებს ნება,
შენა ხარ არსთა შემოქმედი და წინაპარი,
თაყვანი შენი არასოდეს მომეწყინება!

ყოველი მხრიდან შენს წინაშე მიხრია თავი,
ვერ კი მიცია მე თაყვანი შენი საფერი,
რა უსასრულოდ ძლიერი ხარ, დაუღალავი,
ყველაფერში ხარ, ამიტომაც ხარ ყველაფერი.

მეგობრად გთვლიდი, უბოდიშოდ ზოგჯერ გკადრებდი:
`ეი, შენ, კრიშნა, ჰე, ძმობილო, იადაველო!~
თუმც ამ დიდებას, მითხარ, როგორ გავიაზრებდი!
მეგობრობით მთვრალს სხვა რამ ფიქრად ვერც კი გამევლო.

ზოგჯერ ხუმრობით აგდებულად მე გექცეოდი,
სადილი იყო თუ ლაღობა, ლხინი, ყბედობა,
მარტოკა იყავ თუ ტოლებთან ერთად მწვეოდი,
ო, უნაპიროვ, გთხოვ შემინდო ეს თავხედობა!

მამა ხარ მთელი ცისქვეშეთის – უძრავის, მყარის,
მოძღვართმოძღვარო, ხარ საფიცი, სათაყვანები,
შენზე დიადი ან სადარი სხვა არსად არის,
ვერ ჰპოვო, გინდაც მოიარო სამთავ ყანები.

ამიტომაც ვარ შენს წინაშე მუხლებზე მდგარი,
შეგთხოვ, უფალო, ვიყო შენგან შეწყნარებული
და მპატიებდე, ვით შვილს მამა, ტოლს მეგობარი,
ანდა ვით სატრფოს აპატიებს შეყვარებული.

ჯერ არნახული, მიხარია, რომ დამანახე,
თუმც გული შიშით შეაშფოთე და გააწვალე,
ღმერთთა მეუფევ, დაიბრუნე ნაცნობი სახე,
ო, საყუდარო სამყაროთა, იყავ მოწყალე!

მხოლოდ გვირგვინით, ოთხი ხელით, დისკოთი, კვერთხით,
მინდა გიხილო, რომ გულიდან შიში გავყარო,
ათასმკლავებავ, მუხლმოყრილი ისევ შენს ფერხთით,
შენ გევედრები, ვის სახედ გაქვს მთელი სამყარო.

შრი ბჰაგავანმა თქვა:

ჩემს ღვთიურ ძალას უმადლოდე, შევძელ ამითი,
უზეშთაესი რომ გაჩვენე ჩემი იერი,
ნათელი, სრული, უსასრული, დასაბამითი,…
მისი მნახველი არ ყოფილა ჯერ სულიერი!

მას ვერ იხილავ ცოდნით, თმენით ან მსხვერპლის წირვით,
შენ გეუბნები, ვისი ძალაც სხვაზე მეტია,
მას ვერ მისწვდები ქველი საქმით, ვერც ლოცვა-წირვით,
შენს გარდა მისთვის ჯერ არავის არ უჭვრეტია.

მაშ ნუღარ ღელავ, ნუ დაკარგე სულმთლად გონება,
თუმც რასაც ხედავ საზარია და საკვირველი,
დაიცხრე გული, ნუღარ გინდა შიშის მონება,
აჰა, იხილე ჩემი სახე თავდაპირველი.

სანჯაიამ თქვა:

ასე უთხრა და დაიბრუნა ძველი იერი,
დიადმა სულმა კაცის სახე თავს დაუბრუნა,
ისევ ეჩვენა საამური, პირმშვენიერი,
შიშნაჭამს გული გაუკეთა და მოუბრუნა.

არჯუნამ თქვა:

ამ უწყინარი სახის მნახველი, იმ პირისახის, მე რომ მეცნობა,
ვწყნარდები ისევ, გრძნობას მოვდივარ და მიბრუნდება თანდათან ცნობა.

შრი ბჰაგავანმა თქვა:

იცოდე, სახე, შენ რომ Dდღეს ნახე, ძლიერ საძნელო სახილველია,
ღმერთებისთვისაც, ზეცის მკვიდრთათვის, იგი მარადის სანატრელია.

მისი ხილვის ნიჭს ვერ მოგანიჭებს მსხვერპლის წირვა და კითხვა `ვედების~,
მას ვერც დათმენა ვერ დაგანახვებს და ვერც სიმრავლე ქველმოქმედების.

ვინც არასა იქმს ერთგულების მეტს, მას ძალუძს ასე მე დამინახოს,
მხოლოდ მას ძალუძს მცნოს ჭეშმარიტად , ჩემში დამკვიდრდეს და ბინა ნახოს.

ვინც ჩემთვის შრომობს და ერთგულია, ჩემსკენ ისწრაფვის ხუნდებს დახსნილი,
ვინც არას ერჩის არც ერთ სულიერს, მოვა ჩემამდე, გზა აქვს გახსნილი.

წიგნის თავები


იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff