თეოსოფია და ოკულტიზმი

რულოლფ შტაინერი
0
0

მთარგმნელი: ადილარი წირღვავა

სამი ლოგოსი და ადამიანი. ცნობიერების შვიდი საფეხური

20.10.1903

დღეს ჩვენ გვსურს დავიწყოთ შემდეგი შეკითხვით: ფლობენ თუ არა ცნობიერებას არსებები ფიზიკურ სფეროში, რომლებიც ადამიანებთან ახლოს არიან განვითარებით? ან როგორ უკავშირდება ადამიანთა ცნობიერება ფიზიკურ სფეროში მყოფ სხვა არსებებს, ცხოველთა, მცენარეთა და ე.წ. „მკვდარ ქვის“ ცნობიერებას? შეგვიძლია თუ არა ვისაუბროთ ბუნების სხვა სამეფოების ცნობიერების შესახებ?

წარმოიდგინეთ პატარა არსება, რომელიც შეძლებდა ადამიანის ქმედების ნაწილის დანახვას, მაგალითად, თითის მოძრაობის. ეს პატარა არსება მხოლოდ თითის მოძრაობას დაინახავდა და ვერ შეძლებდა წარმოდგენას რა იყო ამ მოძრაობის საფუძველში. ამ პატარა არსებას ასევე არ ექნებოდა წარმოდგენა ადამიანის სულის შესახებ და მხოლოდ მისი ძალის გამოვლინებებს დაინახავდა და აღწერდა. იგივე შეიძლება დაემართოს ადამიანს სხვა არსებების შეფასების დროს. მატერიალისტი ხედავს ნივთებს, მაგრამ ის არ საუბრობს დედამიწის ნამდვილ სულზე. განა არ შეიძლება, რომ იმ მდგომარეობაში აღმოჩნდეს, როგორც ეს პატარა არსება, რომელიც ადამიანის გარშემო დადის და მხოლოდ დეტალებს ხედავს და აღწერს? თავად პატარა არსებას არ გააჩნია სულის ცნობიერება და, შესაბამისად, ვერ საუბრობს ადამიანის სულზე. ისევე, როგორც მატერიალისტს აკლია სული, ამიტომ ის ვერ ცნობს დედამიწის სულს.

დედამიწის სული უფრო მაღალ დონეზე დგას, ვიდრე ადამიანის სული. ფიზიკურ სფეროში მყოფ ყველა არსებას გააჩნია ცნობიერება. მაგრამ ადამიანის ცნობიერება განსხვავდება სხვა არსებების ცნობიერებისგან იმით, რომ ის თავისი ცნობიერებით ცხოვრობს აქ, ფიზიკურ სფეროში.

ძილის დროს ადამიანის ცნობიერებაც სხვა სფეროშია. ე.წ. უსიზმრო ძილის დროს ადამიანის ცნობიერება ცხოვრობს დევახანის სფეროში. სადაც მცენარის ცნობიერება ყოველთვის სახლშია. ცხოველის ცნობიერება არის სადღაც ადამიანების და მცენარეების ცნობიერების შუაგულში, ასტრალურ სფეროში. ადამიანი არის არსება, რომელსაც მისი ცნობიერება ფიზიკურ სფეროში აქვს. 

ცხოველს მისი ცნობიერება ასტრალურ სფეროში აქვს. მცენარეს - დევახანის სფეროში. ცნობიერება ასტრალურ და დევახანურ სფეროებში მნიშვნელოვნად განსხვავდება ფიზიკურ სფეროში არსებული ცნობიერებისაგან. ცნობიერებას  ფიზიკურ სფეროში მხოლოდ აზრებისა და იდეების მიღება ძალუძს მისი ფიზიკური  ორგანოებით. ცნობიერება დევახანურ და ასტრალურ სფეროში მხოლოდ სურათებსა და სურათხატებს აღიქვამს, როგორც ეგ ხდებოდა პრეისტორიულ ხანაში ადამიანებში. 

ცნობიერ ასტრალურ არსებას აქვს კიდევ ერთი თავისებურება: ის უფრო მეტად ცხოვრობს სხვა არსებების უკან და მათ შიგნით და არ არის ისე განცალკევებული სხვა არსებებისგან, როგორც ფიზიკურ სფეროში ცნობიერების მქონე არსება. არსებისთვის, რომელსაც ცნობიერება ფიზიკურ სიბრტყეზე აქვს, აუცილებელია, რომ ყველაფერი გადაეცეს მას გრძნობების მეშვეობით. თუ მისი ცნობიერება ობიექტის მიმართ ასტრალური იქნებოდა, თვალი ვერ გადასცემდა ნივთების გამოსახულებებს; ადამიანი საერთოდ ვერაფერს აღიქვამდა ობიექტის შესახებ. ამის საპირისპიროდ, წარმოიქმნებოდა გამოსახულება, რომლის ფერებიდან და კონფიგურაციიდანაც შეიძლებოდა დაედგინა, სასიამოვნოა თუ უსიამოვნოა ობიექტი. გამოსახულებები, რომლებიც ადრე ობიექტებიდან წარმოიქმნებოდა და სულში ტივტივებდა, დღევანდელ ადამიანებში სრულადაა დაბინდული, რადგან ფიზიკური ცნობიერება პირდაპირ ობიექტებზეა გადატანილი. ასე წარმოიქმნება გრძნობითი ცნობიერება.

ფიზიკურ სფეროში არსებული ცნობიერება მკაცრად განსაზღვრული წრეა, რაღაც მყარი, სადაც სხვა არსებებს არ შეუძლიათ შეღწევა. ცნობიერება ასტრალურ სფეროში ღრუბლოვანი, სულიერი ნივთია. 

ასტრალურ სიბრტყეზე ცნობიერება ღრუბლოვანი, სულიერი ნივთია. ისევე, როგორც სითხე, მაგალითად, წყალი, განსხვავდება მყარისგან, ასტრალურ სიბრტყეზე ხდება ცნობიერების სხვადასხვა შინაარსის ერთად შერწყმა.

ადამიანმა თავისი ფიზიკური სხეული თავად ჩამოაყალიბა. მანამდე არსებობდა ძველი, ცხოველური სამეფო. თუ ვინმე დაინახავდა ამ არსებებს, ისინი დღევანდელი ადამიანისთვის კარიკატურებად მოეჩვენებოდა. თავდაპირველმა ასტრალურმა სხეულმა შეძლო ამ ცხოველების გარდაქმნა, მათი დახვეწა და ადამიანებად განვითარება. ეს ადრეული ადამიანი თავდაპირველად ფლობდა ასტრალურ ცნობიერებას. ამან ჯერ ჩამოაყალიბა და განსაზღვრა ფიზიკური სხეული.

რა იყო ამ შემდგომი ევოლუციის მიზანი ფიზიკურ სფეროში? ფიზიკური სფეროს გავლის გარეშე ის დედამიწელი არსება, რომელსაც ნაკლებად განვითარებული ცნობიერება ჰქონდა, ვერასოდეს ისწავლიდა საკუთარ თავისათვის „მე“ ეწოდებინა. ღმერთი, რომელიც დღეს ადამიანში სახლობს, ღვთაებრივი ჩანასახი, ვერ შევიდოდა ამ ასტრალურ სხეულში სხვაგვარად, თუ არა მისი გამკვრივებით  ადამიანის ფიზიკურ სხეულად. ღვთის სული მანამდე მთლიანად ასტრალური სხეულის გარეთ იყო, „მე“ იყო ღვთაების სული. ასტრალური ცნობიერება წყლის მსგავსი იყო: „ღვთის სული ტივტივებდა წყლებზე“. „მე“ სული ტივტივებდა თავდაპირველ ცნობიერების წყლებზე, ასტრალურ სხეულებზე (შენიშვნა N44).

ბუნების სამეფოები განსხვავდებიან ოკულტური თვალსაზრისით იმის მიხედვით თუ როგორ უკავშირდება ფიზიკური სხეული ცნობიერებას. ადამიანმა ქვემოთ,  ფიზიკურ სფეროში ჩამოიტანა ცნობიერება, ცხოველმა - ასტრალურ სფეროში და მცენარემ - დევახანის სფეროში. 

მცენარე ცხოველად გარდაიქმნება, როდესაც იგი ასტრალურ სფეროში გადმოიტანს მის ცნობიერებას. ცხოველი ადამიანური არსება გახდება, თუ მისი ცნობიერება ფიზიკურ სფეროში ჩამოვა. ქვის ცნობიერება დევახანის უმაღლეს სფეროშია სახელდობრ მეოთხე საფეხურზე, აკაშის ჩანაწერებიც იქ საზღვართან მდებარეობს. მის მიღმა არის სიჩუმის სფერო, სრულიად განსხვავებული დევახანის არუპა რეგიონისაგან. ამ სამეფოში მდებარეობს სრულიად მინერალთა სამყაროს ცნობიერება. იმისთვის, რომ ოკულტურ ჭეშმარიტებებზე მხოლოდ კონსტრუქციულ მსჯელობას არ დავჯერდეთ, საჭიროა გავარკვიოთ თუ რა არის სინამდვილეში მინერალი. მინერალი არის თვისობრივად განსხვავებული ფორმა ყველა ადამიანის გარშემო არსებული ყველა ქმნილებისაგან და მხოლოდ მანასური ცოდნით შეუძლებელია მინერალური სამყაროს სრული შეცნობა. 

ადამიანმა უნდა შეიძინოს მორალური დამოკიდებულება მინერალურ სამყაროსთან. ამ მიზნით როზენკროიცერული სკოლებში ადამიანთა ყურადღება მიმართული იყო მინერალური სამყაროს უბიწოებაზე. თავისი სიწმინდით მინერალური სამყარო ადამიანისთვის მისაბაძ მაგალითს წარმოადგენს. ადამიანი კვლავ ჩაძირულია ვნებებსა და სურვილებში.

წარმოიდგინეთ ადამიანი, რომელიც იმდენად განიწმინდა, რომ მისი შინაგანი ბუნება ისეთივე სუფთა, თავმდაბალი და თავშეკავებულია, როგორც მინერალი. ვერ ითქმის, რომ მინერალური სამეფო ადამიანთა სამეფოზე დაბალ დონეზეა. ადამიანი აქ, ფიზიკურ სიბრტყეზე, მხოლოდ მინერალური სამეფოს გარეგანი გარსის ზედაპირს იცნობს, რომელიც ასე ვთქვათ ისე უკავშირდება ნამდვილ მინერალს, როგორც ადამიანის კანი თავად ადამიანს. მინერალი არის ადამიანური არსება, რომელიც ცხოვრობს მხოლოდ დევახანის სიბრტყის უმაღლეს ნაწილებში.

ფიზიკური არსებების რიგს ცნობიერებას ვერ მოვუსპობთ; მათ მხოლოდ სხვადასხვა ფორმის ცნობიერება უნდა მივაკუთვნოთ:

— არსებობს ცნობიერება, რომელიც ფორმით მხოლოდ სამი საფეხურით დაბლა ვვლინდება: დღევანდელი მინერალი,

— ცნობიერება, რომელიც ორი საფეხურით დაბლა ვვლინდება: დღევანდელი მცენარე,

— ცნობიერება, რომელიც ერთი საფეხურით დაბლა ვვლინდება: დღევანდელი ცხოველი,

— ცნობიერება, რომელიც იმავე საფეხურზე ვვლინდება, რომელზეც თვითონ არსებაა - დღევანდელი ადამიანი.

ეს არის ევოლუციის დაღმავალი ხაზი (შენიშვნა N45). უძველეს დროში ადამიანი ერთხელ იდგა იმ საფეხურზე, სადაც ის დღევანდელი მინერალის საფეხურზე იყო. იმ დროს მას სხვა არსებები ხელმძღვანელობდნენ. ადამიანის განვითარების მიზანი უმაღლეს სფეროებში ყველა ამგვარი არსებებისაგან განთავისუფლება და  თავად ასეთ არსებად გახდომაა უმაღლეს სფეროებში.

ადამიანის მიერ განვლილ ცნობიერების პირველი საფეხურს, შეიძლება ეწოდოს  ღრმა ტრანსის ცნობიერება, მეორეს, რომელიც ჯერაც მოიპოვება მცენარეებში - ღრმა ძილის ცნობიერება, მესამეს, რომელიც ჯერაც მოიპოვება ცხოველთა სამყაროს იმ ნაწილში, რომეთაც ჯერ არ განუვითარებიათ თბილი სისხლი - სიზმრებიანი ძილის ცნობიერება. მოგვიანებით წარმოშობილ ცხოველებს უკვე ოდნავ განსხვავებული ცნობიერება აქვთ; მაგალითად, მაიმუნებს აქვთ ცნობიერება, რომელიც ადამიანის მსგავსია. სიზმრებიანი ძილის ცნობიერებიდან, ამ ცნობიერების გამოსახულებებიდან, ვითარდება უმაღლესი ცხოველთა სამყარო. ცნობიერების მეოთხე საფეხური, რომელსაც ადამიანი დღეს მიაღწია, არის „ობიექტის ან სუბიექტის“ ცნობიერება.

დღეს ადამიანს იშვიათად აქვს რაიმე კავშირი ცნობიერების პირველ საფეხურთან. მაგრამ მეორე საფეხურს, ღრმა ძილის ცნობიერებას, ის განიცდის ღამის განმავლობაში; ეს არის ატავისტური ნარჩენი იმ დროიდან, როდესაც ის მთლიანად ძილის ცნობიერებაში იყო. მესამე ცნობიერება ატავისტურად შემორჩა სიზმრების ქაოტურ სამყაროში. მეოთხე საფეხური, ნორმალური ცნობიერება, არის დღევანდელი ყოველდღიური ცნობიერება. ადამიანის განვითარების შემდგომი ნაბიჯი იქნება ის, რომ ის განვითარდება კიდევ უფრო მაღალი ცნობიერებისკენ. მეხუთე საფეხური, რომელსაც ყველა ადამიანი მომავალში მიაღწევს, არის ის, სადაც ობიექტის ცნობიერებას ისევ დაემატება ასტრალური ცნობიერება, როდესაც ადამიანი სრულად ცნობიერად შეძლებს გადაადგილებას ხატოვან გამოსახულებებს შორის.

არსებას, რომელსაც მხოლოდ ასტრალური ცნობიერება აქვს, არ შეუძლია ადამიანის ფორმის დანახვა, თუმცა ძალუძს დაინახოს, რა ხდება ადამიანის შიგნით, ყველა ტკივილი, ყველა ტანჯვა და ა.შ., ის ამ ყველაფერს აღიქვამს, გამოხატულს ფერებში და ფორმებში. თუ ამ არსებაში განვითარდებოდა ობიექტის ცნობიერება, გამოსახულებები თანდათან მიიღებდა ფიქსირებულ საზღვრებს და გადაიფარებოდა ობიექტზე; ეს გამოჩნდებოდა და ყველაფერი, რაც ადრე სიამოვნებად და ტკივილად ჩანდა, გაქრებოდა.

შემდეგ მხოლოდ ასტრალური ცნობიერების გარდა კიდევ უფრო მაღალი საფეხური ემატება, მასში ჩნდება რაღაც რაც აღემატება ყველაფერს, რაც სიამოვნებისა და ტანჯვის სახით ადამიანის შიგნით ხდება. მედიუმი ახშობს დღის ცნობიერებას და ამით კარგავს კონტროლს. თუმცა, ნათელმხილველი არ ახშობს ფიზიკურ ცნობიერებას, ის ინარჩუნებს ფიზიკურ გონებას და მის ყველა ფიზიკურ შესაძლებლობას და, გარდა ამისა, ავითარებს გამოსახულებების ცნობიერებას. ამგვარად, მეხუთე საფეხური არის ცნობიერი ცნობიერება, რომელიც სინამდვილეში მოიცავს სამყაროს იმ ნაწილს, რომელიც ვრცელდება დევახანის სამყაროს საზღვრამდე.

მეექვსე საფეხური არის მდგომარეობა, როდესაც ძილის ცნობიერება გახდება შეგნებული მდგომარეობა და გადმოსცემს არა გამოსახულებებს, არამედ ხმებს. ეს ცნობიერება ვვლინდება ნათელხილვის უფრო მაღალი ხარისხის დროს. ეს არის „იმქვეყნიური ხმის“ ცნობიერება. ამის რეალური გამოვლინებაა პითაგორას სფეროთა მუსიკა. ეს „იმქვეყნიური ხმის“ ცნობიერება წარმოიშვება არა მხოლოდ მაშინ, როდესაც ძილი ხდება უსიზმრო, არამედ როდესაც აცნობიერებს გამოხატულ ხმებს. შინაგანი სამყაროს გამოღვიძება გვამცნობს ამას. ეს არა სიმბოლო არამედ ჭეშმარიტი შინაგანი სინამდვილეა. მომენტი, როდესაც საგნები თავიანთ არსს ისე გამოხატავენ, ისე ამბობენ, როგორც სინამდვილეში არიან. ადამიანი ფიზიკურ სფეროში სწორედ იმიტომ ცხოვრობს, რომ მას აქვს ძალა საკუთარი “მე”-ს მეშვეობით გამოხატოს თავისი არსი. მაგრამ ნათელმხილველობის ამ საფეხურზე ყველა საგანი მათ სახელს ეუბნება. მთელი მსოფლიო იღებს დინებადი ხმის ხასიათს, და ყოველი არსება ამ დინებადი ხმის სამყაროში არის ერთი ნოტა, რომელიც ყველა სხვა არსებისაგან განსხვავდება. 

უმაღლესი, მეშვიდე ცნობიერების მდგომარეობაზე სიტყვებით მხოლოდ ის შეიძლება ითქვას, რომ ის არსებობს. ამის გასაგებად, სულის გარკვეული სფერო უნდა იყოს განცალკევებული ფიზიკური ცნობიერებისგან. 

ადამიანი თავის ევოლუციაში გადის ცნობიერების ამ შვიდ მდგომარეობას და ამჟამად მეოთხე მდგომარეობაშია, განვითარების შუაში. თუ ჩვენ მეხუთე მდგომარეობაში ვიქნებოდით, ისევ განვითარების შუაში ვიქნებოდით; თუ წინა ცნობიერების საფეხურზე ვიქნებოდით, მაშინ შემდგომი საფეხურებიდან ერთი გაქრებოდა, ხოლო მეორე მხრივ ახალი საფეხური გაჩნდებოდა. ამრიგად, ყოველთვის შეინიშნება ცნობიერების შვიდი საფეხური.

წარსულში ადამიანმა განსხვავებული ცხოვრებისეული მდგომარეობა გაიარა. ცნობიერების ყოველი მდგომარეობა გაივლის ცხოვრების შვიდ მდგომარეობას, ხოლო ცხოვრების ყოველი მდგომარეობა — ფორმის შვიდ მდგომარეობას. ამგვარად, ფორმის შვიდი მდგომარეობა ქმნის ცხოვრების ერთ მდგომარეობას, ხოლო ცხოვრების შვიდი მდგომარეობა ერთად ქმნის მთლიან პლანეტარულ განვითარებას.

პირველ ცხოვრებისეულ მდგომარეობაში ცნობიერება სამი საფეხურით მაღლაა. მეორე ცხოვრებისეულ მდგომარეობაში ცნობიერება ორი საფეხურით მაღლაა. მესამე ცხოვრებისეულ მდგომარეობაში ცნობიერება ერთი საფეხურით მაღლაა.

ცხოვრების შვიდი მდგომარეობა ეწოდება „შვიდ სფეროს“. ესენია სამი ელემენტარული სფერო: მინერალთა, ცხოველთა და მცენარეთა სფეროები/სამეფოები. სამი ელემენტარული სფერო წინ უსწრებს ცხოვრების ამჟამინდელ მდგომარეობას; ადამიანებმა ეგ გაიარეს, სანამ მინერალთა სფეროდან მეოთხე ცხოვრებისეულ მდგომარეობაში ანუ მეოთხე სფეროში გადავიდოდნენ, რომელშიც ისინი ახლა იმყოფებიან.

ამგვარი ცხოვრებისეული მდგომარეობის გავლის პროცესს აქამდე „რაუნდი“ ეწოდებოდა, და ეს მოიცავს ფორმის შვიდ მეტამორფოზას. ცნობიერების თითოეულ მდგომარეობაში გადიან ცხოვრების შვიდ მდგომარეობას, ხოლო ცხოვრების თითოეულ მდგომარეობაში — ფორმის შვიდ მდგომარეობას. სულ 7 x 7 x 7 = 343 ფორმის მეტამორფოზა. ოკულტიზმში ეს იწერება როგორც: 343. ბევრი რამ არის დამოკიდებული ამ რიცხვის — 7 x 7 x 7 = 343 — წაკითხვის უნარზე. ყველა ფორმის მდგომარეობა გაგებულია, როგორც მესამე ლოგოსი. ორმოცდაცხრა ცხოვრებისეული მდგომარეობა არის მეორე ლოგოსი. ცნობიერების შვიდი მდგომარეობა არის პირველი ლოგოსი.

წიგნის თავები


იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff