საიდუმლო სკოლათა მისტერიები, ვეგეტარიანელობა, პითაგორა, კვება და ტემპერამენტი
13.11.1903
ჩვენი დრო ხასიათდება რეფორმებით. რეფორმის მოძრაობები და მცდელობები ყველგანაა. არსებული ტრადიციით განცდილი გამოცდილებით, უკმაყოფილო ადამიანები ცდილობენ შექმნან და განავითარონ რაღაც ახალი, ეძებონ თავიანთი ხსნა განსხვავებულში. ეს ასე უნდა იყოს; რადგან სამყაროში ყველაფერი, ყველა კულტურა, ცალკეული ადამიანი, არ ჩერდება და ვითარდება.
ხშირად როგორი დიდი და ძლიერია ცალკეულ რეფორმატორთა იდეები, მაგრამ როგორ მახინჯდება და უკიდურესობამდე მიდის მასების მიერ. მოდი ავიღოთ ყველაზე მნიშვნელოვანი რეფორმატორიული მოძრაობა. არსებობს მოძრაობა რომელიც არ შეუმჩნევიათ არცერთ კულტურულ ეპოქაში, რაც საკმაოდ უცნაურია ზოგისთვის, ესაა ქალთა მოძრაობა
კულტურულ და სოციალურ ცხოვრებაში დიდი ამოცანების მონაწილეობის სურვილი უბიძგებს ქალებს, იბრძოლონ აღიარებისა და მამაკაცებთან თანასწორობისთვის. დროც აიძულებს ქალებს ამისკენ. მათ აღარ სურთ იყვნენ არადამაკმაყოფილებელ გარემოებებთან მიბმულნი ან მარტონი მსოფლიოში, მმართველობა მცირე წრეში, მხარდამჭერი სამუშაოსა და ცხოვრებისეული საქმის გარეშე. მათ სურთ მამაკაცებთან თანაბარი უფლებებში მუშაობა კულტურულ ცხოვრებაში, საკუთარ ფეხებზე დგომა. დიასახლისის მშვენიერი იდეალი, რომელსაც შილერი ასე ლამაზად გვიჩვენებს თავის „ზარში“: „და შიგნით მეფობს უმანკო დიასახლისი“, აღარ არის იდეალი ჩვენი ქალი სამყაროს უმრავლესობისთვის.
მაგრამ რამდენად არასწორად გაგებული და ექსტრემალურია ეს სწრაფვა დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისკენ. ქალებმა ჯერ ვერ გაიაზრეს, რომ თვითნებური მოქმედება არ შედის თავისუფლების სფეროში, თავისუფლება და დამოუკიდებლობა პროფესიულ ცხოვრებაში მხოლოდ თავდაჯერებულობით კი არ მიიღწევა, არამედ, უპირველეს ყოვლისა, დამოუკიდებლობით და შინაგანი თავისუფლებით. მხოლოდ ჩვენი მთელი ფსიქოლოგიური ცხოვრების საფუძვლიანი გადამუშავება, ჩვენი ხასიათის განწმენდა და განმანათლებლობა ხდის ქალს დამოუკიდებელ და თავისუფალ არსებად და მაშინ დღვანდელი გარემოებები მცირე გავლენას მოახდენენ. შინაგანი დამოუკიდებლობის მიღწევა აძლევს ქალს გარე თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის უფლებას; ის მხოლოდ მაშინ შეძლებს გახდეს მამაკაცის თანასწორი, მაგრამ არა მისი მეტოქე. სულისმეცნიერებამ შეგვიძლია გვიჩვენოს გზა ამ ნამდვილი შინაგანი დამოუკიდებლობისკენ; თავისუფლებისკენ სხვა ყველა სწრაფვა არსად მიგვიყვანს.
მოდით, გადავინაცვლოთ სხვა სფეროში, ნატუროპათიის სფეროში. აღმოჩნდა, რომ დღევანდელი ბევრი დაავადება ჩვენი ამჟამინდელი კულტურული ცხოვრებიდან მომდინარეობს. არსებობისთვის ბრძოლა ძნელად აძლევს ადამიანებს დასვენების, მით უმეტეს გამოჯანმრთელების საშუალებას. ითვლება, რომ ჩვენი წინაპრები, რომლებიც სრულად ცხოვრობდნენ ბუნებაში, სუფთა ჰაერზე, ტანსაცმლის შეზღუდვის გარეშე და მარტივი დიეტით, იყო გადამწყვეტი ფაქტორი მათი ჯანმრთელობისთვის. რადგან სამედიცინო მეცნიერება ზოგიერთ შემთხვევაში ვეღარ პოულობს სწორ გადაწყვეტილებას, ადამიანები თვლიან, რომ „ბუნებაში დაბრუნება“, ბუნებასთან ცხოვრება, იქნება ყველაზე ჯანსაღი. ისინი იღებენ მიწას, წყალს, ჰაერსა და სითბოს და იყენებენ მათ ყველგან, სადაც შეუძლიათ.
მაგრამ ისინი არ ითვალისწინებენ, რომ ადამიანი ინდივიდუალური არსებაა, რომელსაც აღარ აქვს ურთიერთობა ყველა ელემენტთან. ზოგისთვის მზის აბაზანები საერთოდ არ არის კარგი, ხოლო სხვებისთვის წყლის მკურნალობა შეიძლება დამაზიანებელი იყოს. სულისმეცნიერული თვალსაზრისით საჭიროა ადამიანებს ინდივიდუალურად მივუდგეთ თუ გვსურს მათი გამოჯანმრთელება. თითოეული ადამიანი ისე იმკურნალებს, რაც სასარგებლო იქნება მისი შინაგანი ბუნებისათვის, ტემპერამენტისათვის, მთლიან ხასიათისათვის, მისი სულიერ შემადგენლობისათვის.
ადამიანი ყოველთვის მჭიდრო კავშირშია მარადიულ კანონებთან და მხოლოდ ამ კანონების შესაბამისად შეიძლება მისი სრული განკურნება, ადამიანის სრული ჰარმონია მის ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ორგანიზმთან. ადამიანისთვის არ არსებობს “ბუნებასთან დაბრუნება” ბუნებაში უმაღლესის დანახვის მნიშნელობით, არამედ არსებობს მხოლოდ “ბუნების გავლით სულთან მისვლა” (შენიშვნა N48).
ვეგეტარიანელობა, როგორც წესი, გვერდიგვერდ მოდის ბუნებრივი სამკურნალო მეთოდებთან. ითვლება, რომ ცხოველურ საკვებში არის რაღაც, რაც არ არის სასარგებლო ჯანმრთელობისთვის, რომ ადამიანისთვის უფრო სასარგებლო მცენარეული საკვების მიღებაა. ეს შეხედულება რძეს და მისგან ნაწარმოებ პროდუქტსაც კვებისთვის შეუფერებლად მიიჩნევს. ხალხი ყველგან ირჩევს მცენარეულ პროდუქტებს, ხორციანი საკვების სრულად შემცვლელი მცენარეული საკვების სწორი მრავალფეროვნებისათვის. ცხოვრების ეს წესი მართლაც ძალიან სასარგებლოა, მაგრამ სხვა საკითხია ამის დიდხანს გაძლება შეუძლია თუ არა ყველას. ვეგეტარიანული დიეტა სულიერი სწრაფვის გარეშე აუცილებლად იწვევს დაავადებას. ამბობენ, რომ ვეგეტარიანელობა ცნობილი იყო საბერძნეთში ქრისტეს დაბადებამდე საუკუნეებით ადრე, და რომ ანტიკური დროის დიდი ბრძენი, პითაგორა, იყო ვეგეტარიანელობის ფუძემდებელი. მაგრამ ეს აჩენს კითხვას: ვინ იყო პითაგორა და რატომ ცხოვრობდა ის, როგორც ვეგეტარიანელი? და ეს გაგვიყვანს საიდუმლო სკოლების, მისტერიების სფეროში.
უძველესი დროიდან მთელ მსოფლიოში არსებობდა საიდუმლო სკოლები, რომელთა წევრები მკაცრი თვითდისციპლინის, გულმოდგინე სწავლისა და მედიტაციის გზით ცდილობდნენ შეეღწიათ სამყაროს დაფარულ არსში, გაეხედათ წარმავალი ფარდის მიღმა. საბერძნეთში განსაკუთრებით გამოირჩეოდა ამ მიმართულებით მოღაწე ერთ ერთი დიდი ხელთდასხმული პითაგორა. მან შეკრიბა მოსწავლეები თავის გარშემო, რომლებსაც მკაცრი გამოცდების გავლით აცნობდა მისტერიებს. ამავდროულდ გასცა მკაცრი დიეტური რეგულაციები. სრულად აკრძალა ალკოჰოლური სასმელები, ასევე, ხორცისა და პარკოსნების მოხმარება. მოგვიანებითაც, ყველა საიდუმლო სკოლა აძლევდა მითითებებს მოსწავლეების ცხოვრების წესის შესახებ. რადგან მოსწავლემ უნდა ისწავლოს საკვების არჩევა სულიერი ცოდნის პრინციპების მიხედვით. მან უნდა იცოდეს, რომ იმაში, რასაც ის იღებს საკვებად, დევს გარკვეული არსებების ძალა. თუ ადამიანს სურს გახდეს თავისი ორგანიზმის მმართველი, მან ცნობიერად უნდა აირჩიოს თავისი საკვები.
როდესაც ადამიანი პირველად ხვდება, რომელი არსებები მიიზიდება ამა თუ იმ საკვებით, ის ასევე აცნობიერებს კვების მნიშვნელობას. წარსულში, თუნდაც დიდ რელიგიურ თემებში, მაგალითად, იუდაიზმსა და კათოლიციზმში, ცნობილი იყო საკვების ზემოქმედება. რეგულაციების დარღვევა ისჯებოდა თემიდან გაძევებით.
ბრაჰმანიზმშიც, შობასა და აღდგომას შორის პერიოდი მიძღვნილი იყო ვიშნუსადმი. ისინი, ვინც თავს მის მსახურებად თვლიდნენ, ამ დროს აღნიშნავდნენ ყველა პარკოსნის, ზეთის, ხორცის, მარილისა და ალკოჰოლური სასმელებისგან თავის შეკავებით. იმ დღეებში ჯერ კიდევ არსებობდა მიკროკოსმოსისა და მაკროკოსმოსის კავშირის ცოცხალი გრძნობა და თემის ყოველი ზრდასრული წევრი ვალდებული იყო გარკვეულ დროს გაეხადა თავი უფრო მგრძნობიარე გარკვეული სულიერი ძალების მიმართ, რათა შეძლებოდა ბუნებასთან ერთად აღნიშნა ხელახალი დაბადება და აღდგომა. ეს იყო შობისა და აღდგომის წინა პერიოდები.
განვიხილოთ, რა არის სინამდვილეში კვება. თითქმის არცერთ სხვა სფერო არ იწვევს ისეთ ინტერესს, როგორც კვება; რადგან დღევანდელი სამყაროს მოთხოვნები ინდივიდის შესრულების უნარზე მოითხოვს კარგ კვებას. ჩვენ ვხედავთ, რომ კვება გვჭირდება ჩვენი სხეულის შესანარჩუნებლად. კვებით ჩვენ ვაწვდით ჩვენს სხეულს მშენებლურ და შემანარჩუნებელ ძალებს. გარე მეცნიერული თვალსაზრისით, საკვები არის ენერგიის მიწოდება. მაგრამ ეზოთერული მეცნიერება ამბობს: სამება ვლინდება ბუნების ყველა ნაწილში. ყველაფერი შედგება ფორმის, სიცოცხლისა და ცნობიერებისგან.
ბუნებაში ყველაფერი ცოცხალია და სულიერი. ჩვენ ვიღებთ კვებას ცხოველთა და მცენარეთა სამყაროდან. ცხოველს ფიზიკურ სამყაროში აქვს თავისი ფიზიკური სხეული, ეთერული სხეული და ასტრალური სხეული; ცხოველთა ჯგუფური ეგო ასტრალურ სიბრტყეზეა. როდესაც ცხოველი მკვდარია, ცხოველური ბუნების ზემოქმედება ჯერ კიდევ არ არის აღმოფხვრილი, რადგან ცხოველის პრინციპი აგრძელებს მოქმედებას ცხოველის სიკვდილის შემდეგაც.
იგივე ეხება მცენარეებს. მცენარეს ფიზიკურ სიბრტყეზე აქვს თავისი ფიზიკური და ეთერული სხეული, მისი ასტრალური სხეული ასტრალურ სამყაროშია, ხოლო მცენარის „მე“ დევახანშია. მცენარეში მოქმედი პრინციპი ასევე ეფექტური იქნება მცენარის მომზადების შემდეგაც. კვების ეფექტი არა მხოლოდ ფიზიკურ და ეთერულ სხეულზე ვრცელდება, არამედ ადამიანის სხვა ნაწილებზეც.
ახლა ვისაუბროთ კვებაზე ჩვენი სულიერი სწრაფვის კონტექსტში. მედიტაცია და კონცენტრაციის სავარჯიშოები ძირითადია, როდესაც ასტრალურ სხეულზე მუშაობა დაიწყება, მაგრამ არც კვებაა უმნიშვნელო. უპირველეს ყოვლისა, მნიშვნელოვანია ნებისმიერი ფორმის ალკოჰოლის თავიდან აცილება; ალკოჰოლით სავსე ტკბილეულმაც შეიძლება დიდი ზიანი მიაყენოს. ალკოჰოლი და სულიერი სავარჯიშოები ყველაზე ცუდ გზებზე მიგვიყვანს! მეცნიერული თვალსაზრისით უკვე დადასტურებულია ცუდი გავლენა ტვინის ფუნქციონირებაზე; მით უმეტეს, ადამიანმა, რომელიც თავის ყველა სწრაფვას სულიერისკენ მიმართავს, თავი უნდა შეიკავოს სიამოვნებისგან, რომელიც სრულად გამორიცხავს სულიერის აღიარებას. ხორცისა და თევზის მოხმარება არ არის სასურველი. ხორცის მიღებით ადამიანი იღებს ცხოველის მთელ ვნებას, ხოლო თევზით — მთელი მსოფლიოს კამას მასთან ერთად. სოკოები უკიდურესად მავნეა. ისინი შეიცავს მთვარის შემაკავებელ ენერგიას, და ყველაფერი, რაც მთვარეზე წარმოიშვა, გაყინვას, პარალიზებას ნიშნავს. პარკოსნებიც ასევე არ არის ძალიან სასურველი მათი მაღალი აზოტის შემცველობის გამო. აზოტი აბინძურებს ეთერულ სხეულს.
მოდით, გამოვყოთ ზოგიერთი ყველაზე გაუხეშებული დაბალი თვისება და დავაკავშიროთ ისინი სხვადასხვა საკვებ ნივთიერებებთან. თუ ადამიანი ძალიან დამოუკიდებელია და მიდრეკილია ეგოიზმისკენ, მან ცოტა კონცენტრირებული შაქარი უნდა მიიღოს, რადგან შაქარი ხელს უწყობს დამოუკიდებლობას. პირიქით, თუ ვინმეს არ აქვს შინაგანი თუ გარეგანი საყრდენი და ყოველთვის თვლის, რომ მხარდაჭერა სჭირდება, მან ბევრი შაქარი უნდა მიიღოს, რათა უფრო დამოუკიდებელი გახდეს. თუ ვინმე ძალიან ადვილად ბრაზდება, იგი უნდა მოერიდოს საკვებში ბევრი სანელებლის განსაკუთრებით მარილისა და წიწაკის დამატებას. თუ ვინმე ძალიან მიდრეკილია სიზარმაცისა და უსაქმურობისკენ, უნდა მოერიდოს აზოტიან საკვებს და აირჩიოს ხილი და ბოსტნეული თავის საკვებად.
თუ ვინმეს სურს დაიოკოს სქესობრივი ვნება – ის ვნება, რომელიც, როდესაც დაბალ დონეზე განხორციელებისას, ადამიანი ცხოველზე დაბლა დაჰყავს, მაგრამ გარდაქმნისას ყველაზე ახლოს მიჰყავს თავის ღვთაებრიობასთან – მან რაც შეიძლება ნაკლები ცილოვანი საკვები უნდა მიიღოს. ცილების გადაჭარბებული მოხმარება იწვევს რეპროდუქციული ნივთიერებების გადაჭარბებულ სიუხვეს, რაც ძალიან ართულებს სქესობრივი ვნების კონტროლს.
შურის, ბოროტი სურვილებისა და მოტყუებისკენ მიდრეკილისათვის, კიტრი, გოგრა და ყველა მცოცავი მცენარე არ არის სასარგებლო. სიფრთხილეა საჭირო ხილის მიღების დროსაც. ადამიანები, რომლებიც ძალიან მიდრეკილნი არიან გრძნობების გადაჭარბებით გამოხატვისაკენ, არ უნდა მიირთვან ნესვი. ამ ხილის ტკბილი, მთვრალი სურნელი აბნელებს ყოველგვარ ნათელ გონებრივ ცნობიერებას. ასევე, ვაშლის ზედმეტი მიღება არ არის სასარგებლო ყველასთვის. ზოგიერთ ადამიანში ეს ზრდის ძალაუფლების სურვილს და ხშირად იწვევს სიუხეშესა და სისასტიკეს. ალუბალი და მარწყვი ყველასთვის არ არის ადვილად მოსანელებელი მათი მაღალი რკინის შემცველობის გამო. ბანანი, ფინიკი და ლეღვი უფრო სასარგებლოა.
თხილის შემთხვევაშიც შეიძლება გარკვეული არჩევანის გაკეთება. თუ ვინმეს სურს გაიაროს ინტელექტუალური მომზადების კურსი, მაშინ, უპირველეს ყოვლისა, მას სჭირდება კარგად აგებული, ჯანსაღი ტვინი. ამჟამად იშვიათად ხდება, რომ მშობლებმა შვილებს ასეთი კარგად აგებული ტვინი მისცენ, ამიტომ საჭიროა დანამატი ტვინის გასაძლიერებლად, და განსაკუთრებით თხილია ის, რაც უზრუნველყოფს ტვინის ასაგებ ნივთიერებას. სხვა ყველა სახის თხილეული ნაკლებად ღირებულია. მიწისთხილი საერთოდ უნდა მოვერიდოთ.
რაც შეეხება ცხიმებს, უპირატესობა უნდა მივანიჭოთ რძისგან დამზადებულ კარაქს. თხილის კარაქიც ასევე სასურველი იქნებოდა.
ახლა გადავიდოდეთ ფუფუნების საკვებზე: ყავა და ჩაი. ყავის სმა ხელს უწყობს ლოგიკურ აზროვნებას. მაგრამ მხოლოდ ყავის სმით ვერ გავხდებით ლოგიკურად მოაზროვნე ადამიანები; ამისთვის მეტია საჭირო. ადამიანებში, რომლებშიც აზროვნების პრინციპი არ იკავებს დომინანტურ ადგილს, როგორც ეს ხშირად ხდება ქალებთან, ზედმეტი ყავის სმა ემოციურ დისბალანსისკენ მიდრეკილებას აჩენს. ჩაის სმა კარგ იდეებს წარმოშობს. თუმცა, კარგი იდეების მიღება ასევე შესაძლებელია განსაკუთრებული სავარჯიშოებით.
სულიერი სწრაფვის დროს განსაკუთრებით აუცილებელია, რომ ადამიანმა იცხოვროს ზომიერად! „ზომიერება ასუფთავებს გრძნობებს, აღვიძებს უნარს, ამხიარულებს გონებას და აძლიერებს მეხსიერებას. ზომიერებით სული თითქმის თავისუფლდება მიწიერი ტვირთისგან და, ამგვარად, სარგებლობს უფრო მეტი თავისუფლებით“, ამბობს ძველი ბრძენი.
თუ ადამიანი ბევრს და ხშირად ჭამს, ის ვერ შეძლებს ნაყოფიერად აზროვნებას, რადგან საჭმლის მონელება დიდ ენერგიას მოითხოვს და აზროვნებისთვის ძალა აღარ რჩება. სწორედ ის ადამიანები, რომლებმაც თავიანთი გონების ნაყოფით შეავსეს სამყარო, ცხოვრობდნენ ძალიან მწირი დიეტით. შილერი, შექსპირი და მრავალი სხვა პოეტი, რომლებსაც ჩვენ ვუმადლით შესანიშნავ ნაწარმოებებს, საკმაოდ მწირად იკვებებოდნენ. გონება არასოდეს არის ისეთი ნათელი, როგორც ხანგრძლივი მარხვის შემდეგ. ასევე, რელიგიური ორდენების ისტორიაში და წმინდანთა ბიოგრაფიებში უამრავი მაგალითია ზომიერი ცხოვრების ეფექტის შესახებ. უდიდესი წმინდანები ცხოვრობდნენ მხოლოდ ხილით, პურითა და წყლით, და არც ერთი სასწაულმოქმედი წმინდანი არ იყო ცნობილი, რომ ღვთაებრივი ძალები გამოევლინა მდიდრულ ტრაპეზზე. ასევე, ანტიკური დროის ყველა დიდი ბრძენი ცნობილი იყო თავისი ზომიერებით.
როდესაც ადამიანი უფრო შორს მიდის თავის სულიერ სწრაფვაში, როდესაც ჭეშმარიტებისა და სიკეთის კანონები სულ უფრო მეტად შეედინება „მე“-ში, როდესაც სულიერი მზის სხივები სულ უფრო მეტად აღავსებს და ანათებს „მე“-ს, მაშინ იწყება სიცოცხლის ანუ ეთერული სხეულის ცნობიერი გადამუშავება.
ადამიანის მარადიული არსი, რომელიც განსხეულებიდან განსხეულებაში გადადის, თითოეულ ახალ განსხეულებაში ისე ვვლინდება, რომ იწვევს ადამიანის ბუნების ოთხი ნაწილის (ფიზიკური, ეთერული, ასტრალური სხეული და „მე“) გარკვეულ ურთიერთქმედებას. ამ ოთხი ნაწილის ურთიერთქმედებით წარმოიქმნება ადამიანის ტემპერამენტი. იმის მიხედვით, თუ რომელი ელემენტია განსაკუთრებით გამოკვეთილი, ადამიანი შესაბამისი ტემპერამენტით გვევლინება. იმის მიხედვით, თუ რომელი ძალა იკავებს უპირატესობას და დომინირებს სხვებზე, დამოკიდებულია ადამიანის ბუნების თავისებური შეფერილობა, რასაც ჩვენ ვუწოდებთ ტემპერამენტის თავისებურ შეფერილობას. არსებობს ოთხი ძირითადი ტემპერამენტი: ქოლერული, სანგვინური, ფლეგმატური და მელანქოლიური. ეს ტემპერამენტები ინდივიდუალურ ადამიანში ყველაზე მრავალფეროვანი გზებითაა შერეული, ისე, რომ შეიძლება ითქვას, რომ ესა თუ ის ტემპერამენტი დომინირებს ადამიანში. როდესაც ადამიანი მუშაობს საკუთარ თავზე, მას ჰარმონია, წესრიგი და წონასწორობა მოაქვს ამ ტემპერამენტებში. სულიერი სავარჯიშოები მთავარია ტემპერამენტებთან მუშაობაში, თუმცა ასევე მნიშვნელოვანია ის, თუ როგორ იკვებება ადამიანი.
თუ ადამიანში ფიზიკური პრინციპი დომინირებს, ეს ხშირად ხდება განვითარების ერთგვარი დაბრკოლება. ადამიანი უნდა ფლობდეს თავის ფიზიკურ სხეულს, თუ მას სურს მისი გამოყენება. თუ ადამიანი ჯეროვნად ვერ იყენებს თავისი ინსტრუმენტს - ფიზიკურ სხეულს, სხვა სხეულები იზღუდება, რითაც ფიზიკურ სხეულსა და სხვა სხეულებს შორის დისჰარმონია წარმოიქმნება.
როდესაც მელანქოლიური ადამიანი მუშაობს საკუთარ თავზე, მან უნდა მიიღოს მხოლოდ ის საკვები, რომელიც შორს იზრდება მიწისგან, რომელიც ძალიან ახლოს იზრდება მზესთან და მზის სრული ძალის ქვეშ მწიფდება ანუ ხილი. ისევე, როგორც სულიერი ვარჯიშებით სულიერი მზე ანათებს და აბრწყინებს ადამიანს, ასევე, ფიზიკურ დონეზე ხილში შემცველი მზის ძალებით მელანქოლიკის გამაგრებული და გაშეშებული ბუნება უნდა გაჯერდეს და გარდაიქმნას.
ფლეგმატურია ადამიანი, რომელშიც ეთერული სხეული დომინირებს. იგი ინარჩუნებს ინდივიდუალურ ფუნქციებს წონასწორობაში, სადაც თავისთავად შეზღუდული შინაგანი ცხოვრება წარმოშობს შინაგან კომფორტს და ადამიანი უპირატესად ამ შინაგან კომფორტში კმაყოფილი ცხოვრობს, მის ორგანიზმში ყველაფერი რიგზეა და საერთოდ არ არის მიდრეკილი თავისი შინაგანი ინტერესი გარე სამყაროსკენ მიმართოს ან თუნდაც განავითაროს ძლიერი ნებისყოფა. ასეთმა ადამიანმა უნდა მიიღოს საკვები, რომელიც არ იზრდება მიწის ქვეშ. განსაკუთრებით არ უნდა მიიღოს საკვები, რომელსაც ხშირად ორი წელი სჭირდება სანამ მიწის ზედაპირზე გამოჩნდება. მაგალითად, ფლეგმატური ადამიანი არ უნდა ჭამდეს შავ ფესვურას. ამ მცენარის თესლს დიდი ხანი სჭირდება სანამ გარე ძალებისთვის გაიხსნება. ფლეგმატიკოსშიც ბევრი რამ უნდა გადამუშავდეს, სანამ ის გარე სამყაროს მიმართ აქტიურ ინტერესს გამოიჩენს. ამ მცენარის პრინციპი მხოლოდ გაზრდის მის შინაგან თვითკმაყოფილებას.
სანგვინური ადამიანებისთვის, სადაც ასტრალური სხეული დომინირებს, სადაც ადამიანი ინტერესს იჩენს ობიექტის მიმართ, მაგრამ მალევე ტოვებს მას, სადაც ჩანს სწრაფი აღგზნება და სწრაფი გადასვლა სხვა ობიექტზე, საკვებად ფესვიანი ბოსტნეული უნდა აირჩეს. შეიძლება ითქვას, რომ სანგვინიკი საკვებითაც კი უნდა მიებას ფიზიკურთან, მისი მოძრაობის სიმსუბუქე ძალიან შორს, რომ არ წაიყვანოს. ამიტომ, რეკომენდებულია ბოსტნეული, რომელიც მიწისქვეშ ხარობს.
როდესაც „მე“ დომინირებს, განსაკუთრებული გზით მოქმედებს თავისი ძალებით და ჭარბობს ადამიანის ბუნების სხვა ელემენტებზე, მაშინ წარმოიქმნება ქოლერული ტემპერამენტი. ქოლერულმა ადამიანმა, უპირველესად, თავი უნდა აარიდოს სანელებლებიან და აღმგზნებ საკვებს, რაც მისთვის უკიდურესად მავნეა.
შეიძლება ვიფიქროთ, რომ უფრო მაღალ განვითარებაში ტემპერამენტს დიდი როლი აღარ ექნება და არც კვებას ექნება გავლენა. ოსტატობის საფეხურზე ეს ნამდვილად ასეა, რადგან ოსტატს აღარ სჭირდება მყარ საკვები, ისევე, როგორც ტემპერამენტი არ მოქმედებს მასზე ან აკონტროლებს მას. პირიქით, იგი ტემპერამენტებს გამოიყენებს ფიზიკურ სამყაროში მოქმედებისთვის. ქოლერული ტემპერამენტს ის გამოიყენებს სულიერი ძალების ფიზიკურ სამყაროში მოქმედებისათვის; ფიზიკური სამყაროს მოვლენებსა და შემთხვევებს გაატარებს ისე, როგორც სანგვინიკი; ის ფლეგმატიკივით გაწონასწორებული იქნება ცხოვრების სიამოვნებებთან; მელანქოლიკივით ჩაეფლება თავის სულიერ გამჭრიახობაში. თუმცა ჯერ კიდევ გარკვეული დროა საჭირო, სანამ ამ დონემდე მივალთ!
ჩვენ უნდა ვეცადოთ, რომ მთელი ჩვენი ცხოვრება შევუსაბამოთ ჩვენს სულიერ სწრაფვებს. არა მხოლოდ დღის მცირე ნაწილი უნდა ვიცხოვროთ ჩვენი იდეალების მიხედვით, არამედ ჩვენ უნდა მოვაწყოთ ჩვენი საქმიანობა ამის შესაბამისად, ავირჩიოთ ჩვენი ამოცანები ამის გათვალისწინებით, ჩვენი კვება ამ გზით დავარეგულიროთ, ვესწრაფოთ გავხდეთ ჰარმონიული და შინაგანად მყარი ადამიანი, რათა შემდეგ შევძლოთ ცხოვრებაში ჩვენი შესაძლებლობების მაქსიმუმით ჩართვა. ცხოვრება არაფერს გვაძლევს, ყველაფერს უნდა მივაღწიოთ.
გოეთეს მშვენიერი ნათქვამი აქ უნდა იყოს:
“მიზნამდე მიგიყვანს მხოლოდ მტკიცე ნება
და დაუსრულებელი შრომა.
მიზანი არ არის უბრალო შემთხვევითობა,
და სიცოცხლე უკან გაბრუნებს მხოლოდ იმას,
რასაც თავად აძლევ მას.“