ადამიანის განვითარება - მთვარე და დედამიწა
06.11.1903
დედამიწის წინამორბედის დასასახელებლად ვიყენებთ სიტყვას - „მთვარე“, „ლუნა“. „მთვარის“ ხსენებისას უნდა ვიცოდეთ, რომ ძალიან განსხვავებული რამ იგულისხმება დღევანდელი მთვარისაგან და აგრეთვე იმ პლანეტებისაგან, რომელიც ასტრონომიას საერთოდ შეუძლია აღმოაჩინოს. ეს პლანეტები ჩანს ადამიანის ამჟამინდელი ცნობიერების მდგომარეობაში არსებული ორგანოებით. ახლა ადამიანი ხედავს ყველა იმ სხეულს, რომლებიც მინერალურ სამყაროშია შემოსული და ხილულია.
როდესაც ოკულტისტი საუბრობს მინერალთა სამეფოზე, ის არამხოლოდ ქვებზე საუბრობს, არამედ დღევანდელი ადამიანის ცნობიერების აღქმის გარკვეულ ფორმაზე. მატერიალისტი ამტკიცებს, რომ არ არსებობს ასეთი მოვლენა, როგორიც სასიცოცხლო ძალაა, არამედ ეს მხოლოდ მოლეკულების კომბინაციაა და ა.შ. ოკულტისტი ასხვავებს მარტივად მოძრავი ნაწილებით შემდგარ მანქანას, რთული გზით გაცოცხლებული ორგანიზმისაგან. მაგრამ ადამიანი ახლა ისეა ორგანიზებული, რომ მას შეუძლია აღიქვას მხოლოდ მინერალური, უსულო ნივთი, ამიტომაც ოკულტიზმში დღეს ამბობენ: „ადამიანი თავათ ცხოვრობს მინერალთა სამეფოში“.
როდესაც ყურს ვსწავლობთ, ვხვდებით, რომ ის რთული ფიზიკური აპარატია. მასში არის კლავიატურა – კორტის ორგანო. გარკვეული ვიბრაციებით კორტის ორგანოში აღიძვრება გარკვეული ბოჭკო, როგორც სიმი ფორტეპიანოში.
ამ ყველა რთული ფიზიკური მოწყობილობების ჯამი ფიზიკური სხეულია. როდესაც თქვენს წინ ადამიანი დგას, თქვენს წინ მხოლოდ ფიზიკური სხეული როდია, არამედ თქვენს წინაა ამ პიროვნების გრძნობებიც, უბრალოდ ვერ ხედავთ ამ გრძნობებს, მაგრამ ისინი ცვლიან ფიზიკურ სხეულს. გასათვალისწინებელია, რომ თქვენ არასოდეს გაქვთ საქმე მხოლოდ ფიზიკურ სხეულთან. ცნობიერება გაღვიძებულია მხოლოდ ფიზიკურ სხეულში. ცხადად უნდა ითქვას: ცნობიერება ამჟამად მხოლოდ ფიზიკურ სფეროში ხორციელდება და იგი აწი უნდა გაფხიზლდეს სხვა სხეულებში.
მეორე საფეხური არის ის, რომ ცნობიერება ასევე განხორციელდება მცენარეთა სამეფოში. მას შემდეგ მოჰყვება ცნობიერება განხორციელება ცხოველთა სამეფოში. ახლა ადამიანმა მხოლოდ მინერალური სამყაროს შემეცნებამდე მიაღწია. ამის შემდეგ ის მიაღწევს სამყაროს სიცოცხლით სავსე მცენარეულ შემეცნებას, შემდეგ კი ცხოველურ შემეცნებას. საბოლოოდ, ჩვენ მივაღწევთ ადამიანურ შემეცნებას.
ამჟამად ადამიანი აღიქვამს მხოლოდ მინერალურ სამეფოს, მას ჯერ არ შეუძლია აღიქვას ინსტიქტები, სურვილები და ტკივილები ცხოველში, არც ზრდის ძალა მცენარეში. მოდი წარმოვიდგინოთ შემდეგი: წარმოიდგინეთ მცენარის ყველა მატერიალური ნაწილი გაქრა, მაშინ თქვენ ვეღარ აღიქვამთ მას, ანუ იგი მხოლოდ მატერიალური თვალსაზრისით აღიქმებოდა თქვენს მიერ. მომავალში ადამიანი დაინახავს მცენარის არსს, მაგრამ ეს ხედვა ერთდროულად დაკავშირებული იქნება იმასთან რისი შექმნაც ამ მცენარეებს შეუძლიათ. ადამიანს შეუძლია მხოლოდ შექმნას საგნები მექანიკურ მინერალური ძალებით, ის მუშაობს დედამიწის მინერალურ სტრუქტურაზე. ეს არის „მსოფლიოს ტაძარი“ (შენიშვნა N46), რასაც ადამიანი ახლა აშენებს მინერალური ნივთიერებიდან.
მოდით ახლა ერთად გავაკეთოთ შემდეგი: ჩვენ წარმოვიდგინოთ შორეული წარსული, როდესაც დედამიწას ჯერ ადამიანის ხელი არ შეხებია, როდესაც დედამიწა წარმოიშვა ღმერთების ხელიდან, ანუ სანამ ადამიანმმა რაიმე შექმნა. ეს ის პერიოდია, როდესაც ადამიანი ჯერ არ შეხებია მინერალური სამეფოს არცერთ ძალას.
რა თქმა უნდა, იმ დროს ყველაფერი სრულიად განსხვავებული იყო, ვიდრე დღესაა. თუ დღევანდელ დღეს გადავხედავთ, დედამიწაზე ბევრი რამ ადამიანის ხელებითა და ძალებითაა ჩამოყალიბებული. ახლა, მას შემდეგ, რაც საკმარისად წარმოვიდგინეთ ეს შორეული წარსული, მოდით, წარმოვიდგინოთ დედამიწის გარკვეული საბოლოო მდგომარეობა. წარმოიდგინეთ ასე: ყველაფერი, რაც ადამიანს გადაეცა, მან სრულად გარდაქმნა თავისი ხელებით. თავდაპირველად, დევაებმა (შენიშვნა N47) მისცეს საგნებს ფორმა, მაგრამ საბოლოოდ, ყველაფერი ადამიანის ხელებით გარდაიქმნება. თუ ამას ღრმად განვიხილავთ, დევაების ხელებით შექმნილი მინერალური შემოქმედებითი ძალა თანდათანობით სულ უფრო მეტად გადადის ადამიანის ხელებში. ძველ ტრადიციაში ამ გარდაქმნას სამი ასპექტი ჰქონდა, რომლებსაც ეწოდებოდა: სიბრძნე, სილამაზე და სათნოება. ტაძარი, რომელსაც ადამიანები ააგებენ დედამიწაზე, აგებული იქნება სიბრძნის, სილამაზისა და სათნოებისგან. როდესაც ადამიანის მიერ ეს ტაძარი აიგება, უმცროსი არსებები აღტაცებით შეხედავენ იმას, რაც ადამიანებმა შექმნეს, ისევე, როგორც ჩვენ ახლა აღტაცებით ვუყურებთ დევაების მიერ შექმნილ მინერალურ სამყაროს.
მუდმივად გვახსოვდეს შენობები და მანქანები არ შენდება ამაოდ. რასაც ჩვენ ახლა დედამიწიდან კრისტალის სახით მოვიპოვებთ, დევაებმა ოდესღაც ააგეს იმდაგვარი გზით, როგორც ჩვენ ახლა “ტაძარს” ვაშენებთ. თუ ჩვენ წარსულში დავბრუნდებით დავინახავთ, თუ როგორ წარმოიშვა მთელი მინერალური სამყარო ქაოტური მასისგან შორეულ წარსულში.
ასე იქნება შორეულ მომავალშიც; დღევანდელი ტაძრიდან, თუნდაც დღევანდელი სახელმწიფოდანაც კი დარჩება თესლის მდგომარეობა, რომელიც მოგვიანებით ისევ აღმოცენდება. ეს უნდა გვახსოვდეს, რადგან ამგვარად ხდება გარდაქმნა ერთი სიცოცხლის ფორმიდან მეორეში. ის, რასაც მოგვიანებით აღვიქვამთ, იქნება მინერალური სამყაროს გარდაქმნა. მინერალური სამყაროს ეს გარდაქმნა არის უნარი, რომელიც ახლა თანდათანობით ვითარდება. განვითარების შემდგომ ეტაპებზე ადამიანები ასევე ისწავლიან მცენარეთა სამყაროს გარდაქმნას, რაც უფრო მაღალი დონის უნარია.
ადამიანი, როგორც დღეს აშენებს ტაძრებს, გარკვეულწილად ანალოგიურად, მომავალში შეძლებს მცენარეთა სამეფოში ქმნას და მშენებლობას. ეს არის ასპექტები და პერსპექტივები რომელსაც მივყავართ ნამდვილ ადამიანურ მომავალში
ადამიანი კიდევ უფრო განვითარდება ძალიან შორეულ მომავალში, როდესაც ის არა მხოლოდ ზრდადი, არამედ ცნობიერი არსებების შექმნას შეძლებს, ანუ როდესაც ის ცხოველთა სამყაროშიც დაიწყებს ქმნას. როცა ბოლოს ადამიანი იმ მდგომარეობამდე მივა, რომ თვითონვე შეძლებს საკუთარი თავის წარმოქმნას, მაშინ იგი შეგნებულად აღასრულებს უფრო მაღალ საფეხურზე იმას, რასაც დღეს მხოლოდ ყველაზე გრძნობად, მინერალურ სამეფოში აღასრულებს.
თესლი, საიდანაც ადამიანი გახდება შემოქმედებითი, გრძნობადობის გარეშე, არის სიტყვა, რომელსაც დღეს წარმოვთქვამთ. ადამიანის ამჟამინდელი ცნობიერების მდგომარეობა დაიწყო პირველი ამოსუნთქვით. ადამიანის ცნობიერების მდგომარეობა სრულყოფილი იქნება, როდესაც შეძლებს იმავე არსის გადმოცემას, რომელსაც დღეს აზრს ხმის მეშვეობით ანიჭებს. ახლა ის მხოლოდ თავის აზრებს გადასცემს ჰაერს, სულის შინაგან არსებას. მაგრამ როდესაც ის გადავა გამოსახულებების ცნობიერებაზე, მაშინ უკვე შეძლებს გამოსახულების გადმოცემას ჰაერში. განვითარების ამ ეტაპზე სიტყვა იქნება წარმოსახვის განსახიერება. ამ გამოსახულებების სიტყვაში ჩართვით, ის შექმნის სიტყვას, რომელიც გამოსახულებით იქნება გაჯერებული. თუ ჩვენ შევძლებთ არა მხოლოდ ობიექტის აზრობრივი შინაარსის, მაგალითად, საათის ჩართვას, არამედ თუ წარმოსახვას ჩავდებთ სიტყვაში, მაშინ გამოსახულება გაცოცხლდება. ის, რასაც დღეს საათის სახით ვქმნით, გახდება მცენარე. ადამიანი შემდეგ ისწავლის გამოსახულების ცხოველური სიცოცხლით გაჯერებას. განვითარება გაგრძელდება და საბოლოოდ ადამიანი უფრო მაღალ საფეხურზე საკუთარი თავის რეპროდუქციას შეძლებს. დედამიწის ფორმირების დასასრულს, მთელი ჰაერი გაჯერებული იქნება სიტყვების ძალით. ამგვარად, ადამიანი უნდა განვითარდეს, სანამ არ შეძლებს სრულად გამოხატოს თავი თავის გარემოში. ხელდასხმული დღეს უკვე წინასწარ ჭვრეტს ამ მდგომარეობას.
რა თქმა უნდა დედამიწა თავისი განვითარების დასაწყისში ვერ შეძლებდა ისეთი ადამიანის სხეულები შეექმნა, როგორსაც შექმნის ევოლუციის დასასრულს. დედამიწის ევოლუციის დასასრულს სხეულები მზად იქნებიან გამოხატონ ის რასაც ლოგოსს უწოდებენ. მისიონერი, რომელმაც ეს უკვე გამოხატა დღეს არსებულ სხეულში არის იესო ქრისტე. ის რაც სულიერად ჩვენი ადამიანურ-მიწიერი განვითარების საბოლოო მიზანია ქრისტიანობის განვითარების დასაწყისში გვაჩვენა იესო ქრისტეში არსებულმა სულმა.
ვკითხულობთ: როგორ არსებობდა მანამდე ადამიანის სული, რომელიც დღეს ჩვენში სუნთქვით ცოცხლობს? დედამიწა არის წინა პლანეტის რეინკარნაცია. დედამიწის წინა ინკარნაცია იყო „მთვარე“. მთვარის არსებობის თავისებურება ის იყო, რომ მაშინ ჩვენი დღევანდელი მინერალური სამეფო ჯერ არ არსებობდა. ადრინდელი მთვარე, არ შედგებოდა მინერალური ქანებისაგან, გამაგრებული მინერალებისგან. იგი ჰგავდა დიდ მცენარეულ მასას, მისი მთელი არსი მინერალურსა და მცენარეულ სამეფოს შორის იყო ჩარჩენილი. უნდა წარმოვიდგინოთ, რომ ეს მცენარეული სფერო თავის ყველაზე მკვრივ ნაწილებში ხის მსგავსი იყო. ასეთივე იყო მთვარის ქანების აგებულებაც. ის, რაზეც ადამიანი დადიოდა, არ იყო მინერალურ ნიადაგს. მას ტორფიან ჭაობს ან ახლადწარმოქმნილი ქვანახშირის ფენას თუ შევადარებთ.
ამ მთვარის სფეროდან ამოდიოდნენ არსებები, რომლებიც ნახევრად ცხოველები იყვნენ და ნახევრად მცენარეები. არსებობდა მესამე სამეფო, რომელიც თანამედროვე ცხოველურ და ადამიანურ სამეფოს შორის იდგა. სწორედ ამ არსებებს ჰქონდათ ისეთი ცნობიერება, როგორიც სიზმრისეული ცნობიერებაა. ის მატერია, რომლისგანაც ეს არსებები შედგებოდნენ, შეიძლება შევადაროთ დღევანდელი ნერვული მასის სტრუქტურას, ტვინის აგებულებას და აგრეთვე კიბოსებრთა შინაგან აგებულებას.
ამ მატერიის გამკვრივებით შეიქმნა ის, რაც დღეს ადამიანში აქვს შიგნით: ტვინი, ზურგის ტვინი, ნერვები. ყველაფერი, რაც მთვარეზე ცხოვრობდა, თავისუფლად, ლორწოვან-ჟელატინისებურად არსებობდა გარემოსთან ერთად. მაგრამ დედამიწაზე საჭირო გახდა ამ ყველაფრის გარსით დაცვა. მთვარის უმაღლესი არსებებიც, რომლებიც დედამიწაზე გადავიდნენ, შემოსეს თავი ძვლოვანი ჯავშნით: კიბოები, კუები, ხოჭოები და სხვანი. ადამიანშიც ეს ჟელატინისებრი სუბსტანცია შემოსილი იყო ძვლოვანი გარსით. როდესაც ეს საკმარისად მოამზადდა, მაშინ შევიდა უფრო მაღალი ცნობიერება, და მოხდა “მე”-ს ჩამოსვლა.
უფრო მაღალი არსებებიც შემიძლია ასე დავახასიათო: ის, რომ ადამიანი თავისი „მე“-თი განაყოფიერდა, ფიზიკურად რომ ვთქვათ, მომდინარეობს იქიდან, რომ მას შეეძლო მის გარშემო არსებული ჰაერის ჩასუნთქვა. რას სუნთქავდნენ მთვარეზე მყოფი არსებები? რაც უფრო უკან ვიხევთ დედამიწის განვითარებაში, მით უფრო მაღალი ხდება ტემპერატურა. ატლანტიდაში ყველაფერი ჯერ კიდევ ნისლით იყო სავსე, ლემურიაში კი ყველაფერი ცხელი, ცეცხლოვანი ორთქლით იყო გაჯერებული. ასეა, რაც უფრო შორს ვიხევთ უკან, მით უფრო თბება.
როგორც ჩანს, სითბო არის ის, რისკენაც სულ უფრო და უფრო მეტად ვბრუნდებით. თუ ჰაერი გადადის უფრო ადრეულ მდგომარეობაში, მას «სითბო» ან «ცეცხლი» ეწოდება — ეს არის ის, რაც ჰაერს ხსნის ისე, რომ ის აღარ არის ჰაერი. ამიტომაც, როცა უკან ვუბრუნდებით, ვარჩევთ: მყარს ანუ მიწას, თხევადს ანუ წყალს, სითბოს ანუ ცეცხლს. ადამიანი დღეს დედამიწაზე სუნთქავს ჰაერს, აირს. ლემურიელი ადამიანები კი იყვნენ არსებანი, რომლებიც სუნთქავდნენ ცეცხლს, ამიტომაც მათ «ცეცხლის სულებს» ვუწოდებთ. ისე, როგორც დღეს ადამიანებს უნდა ვუწოდოთ «ჰაერის სულები». ამიტომაც წერია ოკულტურ ნაშრომებში, რომ ადამიანებს თავდაპირველად ცეცხლის სულები ასწავლიდნენ.
როდესაც ადამიანი გახდა ადამიანი დედამიწაზე, ჰაერი გახდა მისი სიცოცხლის წყარო. დედამიწაზე სიცოცხლე იმაში მდგომარეობს, რომ სულ უფრო მეტად ხდება ის, რომ ადამიანი განიცდის დაღმავალ განვითარებას, ის გამოყოფს ნახშირორჟანგს. მცენარეთა სამყარო დღეს ამას აბალანსებს. მაგრამ დანამდვილებით ცნობილია, რომ დღევანდელი სხეულებისთვის, რომლებიც აუცილებლად საჭიროებენ ჟანგბადის შთანთქმას, ნახშირორჟანგი იმდენად გაიზრდება, რომ ადამიანი, როგორც ფიზიკური არსება, განადგურდება. ეს განვითარების პროცესის ნაწილია, ფიზიკური თავისივე ძალებით ნადგურდება. როდესაც ეს მდგომარეობა მიიღწევა, დედამიწა გახდება „ასტრალური“. მოხდება დაბნელება, პრალაია, სანამ ფიზიკური დედამიწა ასტრალური გახდება. სანამ ჩვენი დედამიწა ფიზიკური გახდებოდა, მსგავსი პროცესი მოხდა: მთვარის ატმოსფერო შეიცავდა აზოტს, ისევე როგორც ჩვენი ნახშირს, რომელიც მთვარეზე იმავე როლს თამაშობდა, რასაც ნახშირი დღეს დედამიწაზე. მთვარის იმდროინდელი დაბნელების დასაწყისი - პრალაია აღნიშნა აზოტის სიჭარბით.
ის, რაც დარჩა, გვახსენებს მთვარეზე მიმდინარე ბოლო პროცესებს; დედამიწაზე ეს არის აზოტის ნაერთები, ციანის ნაერთები. ამიტომაცაა, რომ ეს ნაერთები დედამიწაზე ასე დამანგრეველია. ისინი ნარჩენებია და, შესაბამისად, საშიშია, რადგან ისინი ნორმა იყო მხოლოდ მთვარეზე. ერთ-ერთი ყველაზე მძიმე შხამი არის ციანი, ნახშირბადისა და აზოტის შეერთება. მთვარეზე ეს ნიშნავდა დაახლოებით იმავეს, რასაც დღეს დედამიწაზე ნახშირბადისა და ჟანგბადის შეერთება. ყველაფერი, რაც ერთ ეპოქაში არსებობდა, შემდეგ ეპოქაში უნდა იქნას გამოყენებული. ადამიანის ფიზიკური სხეული ჩამოყალიბდა მთვარის ცხოველ-ადამიანების მიერ, ხოლო ადამიანის სული — მთვარეზე მცხოვრები ცეცხლის სულებისგან. ამიტომაა ადამიანი ორმაგი არსება. ის, რაც მთვარეზე ცეცხლში განსხეულდა, დედამიწაზე ჰაერში განსხეულდა.
სად არის განსხეულების საშუალება იმ სულისთვის, რომელიც ოდესღაც ცეცხლოვანი მატერია იყო? წარსულში თბილი სისხლი არ არსებობდა. ჩვენ შეგვიძლია ვიკითხოთ: რამ შექმნა სისხლი და, შესაბამისად, გრძნობების სიცოცხლე? ეს შეიქმნა იმავე ცეცხლ-ჰაერის მიერ, რომელსაც მთვარის არსებები სუნთქავდნენ; მთვარის ეს ცეცხლ-ჰაერი დღეს თბილსისხლიან არსებათა სისხლშია. დღევანდელი ადამიანის სული, ჰაერის სული, შეიმოსა გრძნობადი სხეულით. ის, რაც ადრეულ დღეებში მთვარიდან გადმოვიდა, დღეს არის ტვინი, ზურგის ტვინი და ა.შ. მაგრამ ორგანო, რომელმაც ცეცხლი შეიწოვა, მომავალში გარდაიქმნება შემეცნებით ორგანოდ.
ეს მხოლოდ იმას გვიჩვენებს, რამდენად ღრმად უნდა ჩავიხედოთ ნივთიერებათა გარდაქმნაში, რათა საერთოდ შევძლოთ ისეთი მეტამორფოზის გაგება, როგორიც მოხდა მაშინ, როცა დედამიწა თავის წინამორბედიდან, მთვარისგან თავად დედამიწად გადაიქცა. თუ კიდევ უფრო უკან დავბრუნდებოდით, დავინახავდით, რომ არსებას, რომლის სხეულებრიობა სინათლეში იყო განსახიერებული. და თუ კიდევ უფრო უკან წავიდოდით, აღმოვაჩენდით, რომ არსების სხეულებრიობა ხმაში იყო განსახიერებული. მაშინ კი ადამიანური სული სრულიად უცნობი იყო საკუთარ თავთან. ხმიდან ერთხელ გამოვიდა ადამიანი. შემდეგ წინ წაიწია, სინათლეში განსახიერდა. მხოლოდ ამ მეოთხე საფეხურზე ხდება ადამიანი ცნობიერი. თავიდან მიმართულებას აძლევს მას ხმა, შემდეგ სიტყვა, ლოგოსი. ამგვარად მისი ყველაზე შინაგანი არსი თვითონვე წარმოთქვამს თავს და ხდება მისი ახალი შემქმნელი. «მე»-ში მისი პირვანდელი არსება მოდის არსებობაში. «მე»-ს შეგნებული გამოჩენა ქრისტეს პრინციპია.
თუ არსება ცხოვრობს მხოლოდ ხმაში, ის მის პირველ ელემენტარულ სამყაროშია. თუ ცხოვრობს სინათლეში - მეორე ელემენტარულ სამყაროში, თუ ცხოვრობს ცეცხლში - მესამე ელემენტარულ სამყაროში და თუ ცხოვრობს ჰაერში მაშინ - მინერალურ სამყაროში.
თუ ჩვენ პირველ ელემენტურ-ფორმირებამდე ავმაღლდებოდით, მოვხვდებოდით ხმების მდინარების სამეფოში; ხოლო შემდეგ, დაღმავალ გზაზე, მოვიდოდით იმ სამეფოში, რომელიც სავსეა ნაკადული სინათლის ხატებით; შემდეგ ისეთ სამეფოში, სადაც ეს ნაკადული ცეცხლითაა გამსჭვალული; ბოლოს კი მოვიდოდით იმ სამეფოში, სადაც სახეები და ფორმები ყალიბდება — ეს არის დღევანდელი მინერალური სამეფო.