ბოროტების წარმოშობის შესახებ
13.10.1903
ვინაიდან ღმერთი სრულყოფილია, პრაქტიკულად შეუძლებელია, რომ რაიმე არასრულყოფილი წარმოიშვას. ბოროტების წარმოშობის კითხვა ისეთივე ძველია, როგორც თავად კაცობრიობა და მისი პასუხი მხოლოდ თეოსოფიურ საფუძველზე შეიძლება. ქრისტიანულ თეოლოგიას აქვს ძალიან სპეციფიკური რწმენა, ძალიან სპეციფიკური ხედვა ბოროტების წარმოშობის შესახებ. ის ამბობს, რომ სამყარო შეიქმნა ღმერთის განდიდებისთვის. ამიტომ, ბოროტება, რაღაცნაირად, განდიდებისთვის უნდა ყოფილიყო დაშვებული. მაგრამ ეს ფორმულა მხოლოდ არაადეკვატურ გადაწყვეტას იძლევა ამ პრობლემისთვის და ის ასევე ეგზოტერულია.
პავლე ამბობს, სანამ კანონი არ არსებობდა, არ არსებობდა ცოდვა, როდესაც კანონი მოვიდა, მოვიდა ცოდვაც სამყაროში. ყველაფერთან ერთად გასათვალისწინებელია, რაც მე ვთქვი ბოლოს. ჩვენ გვაქვს საქმე ხაზოვან განვითარებასთან. მაგალითისთვის საათი ავიღოთ. სანამ საათის გაკეთება შეგეძლოთ, საჭირო იყო ბორბლების გაკეთება, ასევე საჭირო იყო მათემატიკასა და ფიზიკაში ისეთი წინსვლა, რომ გცოდნოდათ კანონები და შეგძლებოდათ მათი გამოყენება მთლიანობის შესაქმნელად. თავდაპირველად, მათემატიკოსებს არაფერი ჰქონდათ საერთო ფიზიკოსებთან. მაგრამ გარკვეულ მომენტში გაერთიანდნენ, რათა ორი შემეცნებას ერთ ტვინში ემოქმედა. შემდეგ საათის იდეაც განვითარდა. ასე რომ, აქ ერთდება დინებები. ადამიანიც სულიერი და მატერიალური დინებების შეერთებაა.
სინამდვილეში, ადამიანში სამი დინება ერთიანდება. მთვარის-პიტრები (შენიშვნა N37) მთვარიდან მოვიდნენ. მათ მხოლოდ პრანა და კამა ჰქონდათ. ის, რაც დღეს ადამიანშია, პირველ რიგში მთვარიდან მოდის: პრანა და კამა; მეორე, ელემენტარული სამეფოდან: ფიზიკური სხეული; მესამე, ის, რაც უმაღლესი არსებებიდანაა ჩანერგილი: სული = მანასი, ბუდჰი, ატმა.
როდესაც წამოიჭრება არასრულყოფილების საკითხი, მე ხშირად ვიყენებ მაგალითს, რომელსაც თავად ბუნებისმეტყველება გვაძლევს: იყო ერთი ადამიანი, რომელსაც ფსიქიკური დაავადება აწუხებდა. მან ნება დაკარგა და ექიმმა სამხრეთში გაგზავნა, რათა ნერვული სისტემა გაემაგრებინა. იქ მას ერთი დოკუმენტი უნდა შეედგინა და ხელი მოეწერა, მაგრამ მისთვის სრულიად შეუძლებელი იყო საკუთარი სახელის დაწერა. შემდეგ ის რომში ჩავიდა. სწორედ მაშინ რომში დღესასწაული იმართებოდა და იმ დღეს მან თავი სრულიად ჯანმრთელად იგრძნო. თუმცა ამ დღის შემდეგ ჯანმრთელობა ისევ დასრულდა. სახლში დაბრუნებისას მას ეტლით მოუწია მგზავრობა. მგზავრობისას მის ეტლის გვერდით ვიღაცას გადაუარეს. მან ეს შენიშნა, მაშინვე გადმოხტა და დაეხმარა დაშავებულს. მაგრამ ამის შემდეგ კვლავ ვერ შეძლო საკუთარი სახელის დაწერა. იგი კითხულობდა, ყველაფერს სხვასაც აკეთებდა, მაგრამ თავის სახელის დაწერა მაინც არ შეეძლო. როცა მას სურდა მიეღო გადაწყვეტილება ისეთი საქმის შესახებ, რაც სრულიად წესრიგში არ იყო, ისე რომ მისი გონიერება არ შეესაბამებოდა მის ფიზიკურ სხეულს, მაშინ თითქოს ამ ორს შორის კავშირი წყდებოდა. ეს პროცესი მთელი სამყაროს მასშტაბით უნდა წარმოვიდგინოთ.
იაკობ ბიომემ (შენიშვნა N38) ეს პრობლემა უკვე ამ თვალსაზრისით გადაჭრა. ის ამბობს: ადამიანს არასოდეს აქვს ხელები ფეხების ნაცვლად, ან ფეხები ხელების ნაცვლად. ისინი ერთმანეთთან შესაბამისობაშია. თუმცა, შესაძლებელია, რომ მარჯვენა ხელმა დაკაწროს მარცხენა (შენიშვნა N39).
სული, კამა, მანასი, პრანა ერთი და იგივე ღვთაებიდან მოდის. მაგრამ ისინი სხვადასხვა დროს ერწყმიან ერთმანეთს და ამიტომ წარმოიქმნება სხვადასხვა მდგომარეობა. შესაბამისად, დიდ სამყაროშიც კი, შესაძლებელია, რომ მიუხედავად იმისა, რომ ცალკეული ელემენტი სრულყოფილია, მათ შორის თანხმობაში მაინც დისჰარმონია იყოს.
შეიძლება იკითხოთ ღვთაება რატომ არ ახდენს იმის პრევენციას, რომ მარჯვენამ არ გაკაწროს მარცხენა? ჩვენ უნდა გავიაზროთ, რომ ღმერთმა ადამიანი ხატად თვისად შექმნა. ადამიანი ღვთაების ხატია. ღმერთმა სამყარო შექმნა თავისუფლებაში ჩამოყალიბება გულისხმობს შექმნას შიდა მიზეზებით და არა გარე მიზეზებით.
ადამიანის დაცემის ალეგორია ამბობს, რომ ადამიანი იძენს ცოდნას, და მისი მეშვეობით ის სწავლობს სიკეთისა და ბოროტების გარჩევას. ერთი მხრივ, ის ღვთაების ხატადაა, მეორე მხრივ, ის არასრულყოფილია. მისი ქმედებების მიზეზი თავის თავში უნდა ჰქონდეს. თავდაპირველი, მარადიული არსება მხოლოდ სრულყოფილი შეიძლება იყოს. ეს თავდაპირველი არსება გადაისხა მრავალ ანგელოზურ არსებაში. და ამის მეშვეობით, ადამიანშიც ჩნდება საკუთარი გადაწყვეტილებების მიღების უნარი. უმაღლესი არსებების მთვარის არსებებამდე დაღმასვლით, ეს ორი დინება ურთიერთქმედებს. ადამიანი განსხვავდება სხვა არსებებისგან იმით, რომ მასში სამი უმაღლესი ელემენტია - მანასი, ბუდჰი, ატმა. რატომ უნდა მოხდეს მათ შორის დისჰარმონია?
ცხოველი არასოდეს არის ბოროტი. თქვენ არ შეგიძლიათ თქვათ, რომ ლომი ბოროტია. მიუხედავად ამისა, ის დიდ ზიანს აყენებს, უფრო დიდს, ვიდრე ყველაზე დიდი დამნაშავე. რატომ შეიძლება იყოს ადამიანი ბოროტი? იმიტომ, რომ ადამიანში იგივე ცხოველური ბუნება, რაც ლომშია, უნდა იყოს ჰარმონიაში უმაღლეს ბუნებასთან. უმაღლესი და დაბალი ბუნების ეს დისჰარმონიაა ის, რასაც ჩვენ ბოროტებას ვუწოდებთ. როდესაც უმაღლესი სულიერება არასწორად იყენებს დაბალ ბუნებას, წარმოიქმნება ბოროტება. ახლა ჩვენ გვესმის პავლეს, როდესაც ის ამბობს: სანამ კანონი არ იყო, ცოდვა არ არსებობდა."
კიდევ ერთი უხეში მაგალითი: შეიძლება თუ არა ცხოველებში სექსუალური გადამეტება ბოროტებად ჩაითვალოს? — არა, ყველაფერი თავის ბუნებრივ გზას მიჰყვება. გარყვნილება მხოლოდ მაშინ იჩენს თავს, როცა ცნობიერი ელემენტი ერთვება. მას ძალუძს ფიზიკურის ბოროტად გამოყენება. სწორედ აქ, ცნობიერი ძალის არასწორ გამოყენებაში იბადება ბოროტება.
მაგრამ საიდან მოდის სულიერ ბუნებაში გადახრისკენ მიდრეკილება? ეს იმიტომ, რომ სხვადასხვა დინებები თავდაპირველად, გამოსხივების დასაწყისში, სრულყოფილი იყო. საბოლოოდ, ისინი ისევ ჰარმონიაში იქნებიან, მაგრამ შუალედში ისინი სულაც არ უნდა იყვნენ ჰარმონიაში. ეს იგივეა, რაც მუსიკაში, სადაც დისჰარმონიაც საბოლოოდ ისევ უფრო მაღალ ჰარმონიაში გადაწყდება.
თუ თქვენ ძალიან განავითარეთ თქვენი ინტელექტი, მაგრამ უგულებელყავით თქვენი მორალური მხარე, თქვენს შემდეგ ინკარნაციაში მოგიწევთ გადალახოთ დიდი დისჰარმონია თქვენს შიგნით.
არსებობენ არსებები, რომლებიც ჩვენს განვითარებაში ერთვებიან. მათ შეიძლება იმდენად მაღალი განვითარების დონეს მიაღწიონ, რომ კაცობრიობის განვითარებას გაცილებით აღემატებოდნენ. არ შეიძლება უბრალოდ განვითარების უფრო მაღალი დონიდან განვითარების უფრო დაბალ დონეზე გადახვიდე, თუმცა ასეთი მაღალგანვითარებული არსებები ჩაგდებულნი არიან ჩვენს განვითარებაში. ისინი ძალიან ინტელექტუალურები არიან, მაგრამ არასოდეს არიან კმაყოფილი ადამიანური განვითარების ამჟამინდელი მდგომარეობით. ასეთ არსებას ექნება სურვილი, ხელახლა ინკარნაციისკენ. ამიტომ ისინი ცდილობენ ადამიანების შეცდენას; სურთ, რომ ადამიანი მიიყვანონ ისეთი განვითარების ეტაპამდე, რომლისთვისაც იგი ჯერ კიდევ მოუმზადებელია. იქ მუდმივად მიმდინარეობს ჩურჩულივით ზეგავლენები. ვისაც ამის გარკვევა შეუძლია, მისთვის ადამიანის განვითარება ასე წარმოჩნდება თითქოს: ღმერთსა და ეშმაკს შორის ჩასმული. ასეთი არსებები არიან ჩრდილის ძმები (შენიშვნა N40).