შინაგანი სამუშაო: სიზმრებისა და აქტიური წარმოსახვის გამოყენება პერსონალური განვითარებისათვის

რობერტ ალექს ჯონსონი
5
2

მთარგმნელები: დავით ჯანგველაძე და ვარიკო ესებუა

ნაწილი პირველი: არაცნობიერი და მისი ენა. თავი პირველი: გამოღვიძება არაცნობიერში

ერთ მშვენიერ დილას, ქალბატონი ჩვეულებისამებრ ჩაჯდა მანქანაში და სამსახურისაკენ მიმავალ გზას გაუდგა. გზად მისმა ფანტაზიამ დიდებული თავგადასავალის წარმოსახვა დაიწყო. იგი საკუთარ თავს ხედავდა ძველ დროში, სადაც ერთი უბრალო ქალბატონი, ომებისა და ჯვაროსნული ლაშქრობების შუაგულში ცხოვრობდა. წარმოსახვაში იგი გმირი გახდა, გადაარჩინა თავისი ხალხი საკუთარი ძალითა და მსხვერპლის გაღებით, საბოლოოდ კო შეხვდა ძლიერ და კეთილშობილ პრინცს, რომლსაც იგი უყვარდა.

მისი წარმოსახვით დაკავებული ცნობიერი გონების ფონზე, მან მანქანით გაიარა რამდენიმე ქუჩა, გაჩერდა შუქნიშანთან, ყოველი გადასახვევისას ჩართო სათანადო სიგნალი და უსაფრთხოდ მივიდა ოფისის ავტოსადგომზე. როდესაც გონს მოვიდა, მიხვდა, რომ საერთოდ არ ახსოვდა, როგორ მოაღწია ოფისამდე. მას არ ახსოვდა არცერთი გაჩერება თუ მოხვევა. მის გაოგნებულ გონებაში დაისვა კითხვები: „როგორ გავიარე ამხელა გზა გაცნობიერების გარეშე? სად დაფრინავდა ჩემი გონება? ვინ მართავდა ავტომობილს, სანამ მე წარმოსახვაში ვიყავი ჩაფლული?“ - მაგრამ მსგავსი რამ ადრეც მომხდარა, ამიტომაც მან ეს თემა დაივიწყა და ოფისში შევიდა.

ის იყო, სამუშაო მაგიდასთან დაიწყო დღის წესრიგის დაგეგმვა, რომ ხელი შეუშალა კოლეგამ, რომელიც მოულოდნელად შემოვარდა ოფისში, ქალბატონის მომზადებული მემორანდუმი მაგიდაზე დააგდო და გაბრაზდა რაღაც უმნიშვნელო საკითხზე, რომელშიც მას არ ეთანხმებოდა. ქალი გაოგნებული დარჩა. მისი ბრაზი ძალიან არაპროპორციული იყო პრობლემის სიმძიმესთან შედარებით. რა დაემართა ამ ადამიანს?

თავის მხრივ, საკუთარი ამაღლებული ხმის გაგონებისას, კოლეგა მიხვდა, რომ ჭიანჭველასგან სპილოს ქმნიდა. დარცხვენილმა, ბოდიში ჩაიბუტბუტა და ოთახიდან გავიდა. საკუთარ ოფისში თავის თავს ჰკითხა: „რა დამემართა? რატომ მოხდა ეს? ჩვეულებრივ წვრილმანებზე არ ვბრაზდები. იმ მომენტში საკუთარი თავი არ ვიყავი!“ - მან იგრძნო რომ მასში ბრაზი დუღდა, რომელსაც არაფერი ჰქონდა საერთო მეგობრის მემორანდუმთან, მაგრამ ბრაზმა მოულოდნელად ამოხეთქა ამ წვრილმან საკითხთან დაკავშირდებით. თუ საიდან მოვიდა ეს ბრაზი, მან არ იცოდა.

ამ ორ ადანიანს რომ მოცემულ საკითხზე დაფიქრების დრო ჰქონოდა, შესაძლოა მიმხვდარიყვნენ, რომ დილით, მათ საკუთარ ცხოვრებაში არაცნობიერის არსებობა იგრძნეს. ჩვენ ყოველდღიური ცხოვრების განმავლობაში ათობით სხვადასხვა საშუალებით განვიცდით არაცნობიერის თანმყოფობას, რადგან იგი ჩვენში და ჩვენი გავლით მოქმედებს.

ზოგჯერ არაცნობიერი, ცნობიერი გონების გვერდიგვერდ მუშაობს და გონების ფუნქციონირებაზე კონტროლს იღებს, როდესაც ცნობიერი გონება სხვა საკითხზეა ორიენტირებული. ყველას გვქონია მსგავსი „ავტო-პილოტის“ გამოცდილება, როგორც ეს ჩვენს მაგალითში მოყვანილ ქალბატონს ჰქონდა. ცნობიერი გონება სადღაც სხვაგან დაქრის და არაცნობიერი გონება უბრალოდ კონტროლს იღებს იმ პროცესზე, რასაც ვაკეთებთ. ის გვაჩერებს წითელ ნათებაზე, გვიშვებს მწვანე შუქზე, ასევე გვტოვებს კანონის ფარგლებში, სანამ ცნობიერი გონება აქ და ახლა არ დაბრუნდება. ეს არ არის მანქანის მართვის ყველაზე უსაფრთხო გზა, მაგრამ არაცნობერი გვაძლევს შესანიშნავ გამოსავალს - ეს არის სარეზერვო სისტემა, რომელიც ყველა ჩვენგანშია ჩაშენებული და რომელიც ჩვენი ყურადღების მიღმა რჩება.

ზოგჯერ არაცნობიერი წარმოშობს ფანტაზიას, რომელიც სავსეა ნათელი, სიმბოლური სურათებით, რაც მთლიანად იპყრობს ცნობიერ გონებას და ჩვენს ყურადღებას დიდი ხნის განმავლობაში ერთ კონკრეტულ საკითხზე აჩერებს. ფანტაზია თავგადასავლებზე, საშიშროებაზე, გმირულ თავგანწირვასა და სიყვარულზე, წარმოადგენს სამსახურში მიმავალი ქალის უპირველეს მაგალითს, როცა არაცნობიერი იჭრება ცნობერ გონებაში და ცდილობს საკუთარი თავის გამოხატვას - წარმოსახვისა და ემოციით დატვირთული სიმბოლური ენის გამოყენებით.

არაცნობიერის განცდის კიდევ ერთი გზა არის ემოციის უეცარი ამოხეთქვა - აუხსნელი სიხარული ან ირაციონალური ბრაზი, რომელიც მოულოდნელად იჭრება ცნობიერებაში და მთლიანად იპყრობს მას. გრძნობების წყალდიდობას არანაირი აზრი არ აქვს ცნობიერი გონებისათვის, ვინაიდან ისინი მას არ შეუქმნია. ჩვენს მაგალითში მამაკაცმა ვერ ახსნა საკუთარი რეაქციის ინტენსივობა. მან საკუთარ თავს ჰკითხა: „საიდან გაჩნდა ეს ბრაზი?“ - ის გრძნობდა, რომ ბრაზი სადღაც გარედან მოდიოდა. მან იგრძნო, რომ წამოდენიმე წამის განმავლობაში „საკუთარ თავს არ წარმოადგენდა“. თუმცა, სინამდვილეში, ეს უმართავი ემოციის მოზღვავება მოვიდა მისივე არსებიდან და იმ სიღრმიდან, რომელსაც იგი ვერ ხედავდა თავისი ცნობერი გონებით. და სწორედ ამიტომ, ამ უხილავ ადგილს, „არაცნობიერი“ ეწოდება.

არაცნობიერის იდეა ყოველდღიურ ცხოვრებაში მარტივი დაკვირვებიდან მომდინარეობს: ჩვენს გონებაში არის გარკვეული მასალა, რომლის შესახებაც არ ვიცით დროის უმატესი ნაწილის განმავლობაში. ჩვენ ხანდახან ვაცნობიერებთ მოგონებებს, სასიამოვნო ასოციაციებს, იდეალებს და რწმენა-წარმოდგენებს, რომლებიც მოულოდნელად ამოდიან უცნობი ადგილიდან. ჩვენ ვგრძნობთ, რომ ეს ელემენტები უკვე დიდი ხანია გაგვაჩნია, მაგრამ სად? ეს არის ტოტალური ფსიქიკის იმ უცნობ ნაწილში, რომელიც ცნობერი გონების საზღვრებს მიღმა იმყოფება.

არაცნობერი არის უხილავი ენერგიებისა და ძალების გასაოცარი სამყარო; ესაა ინტელექტის ფორმები და განსხვავებული პიროვნებები, რომლებიც ჩვენში ცხოვრობენ. ესაა ბევრად უფრო ფართო სფერო, ვიდრე ჩვენ ვაცნობიერებთ, რომელსაც თავისი საკუთარი ცხოვრება გააჩნია და იგი მიმდინარეობს იმ ჩვეულებრივი ცხოვრების პარალელურად, რომელსაც ყოველდღიურად გავდივართ. არაცნობერი ჩვენი აზრების, შეგრძნებებისა და ქმედებების დიდი ნაწილის საიდუმლო წყაროს წარმოაგდენს. ისინი ჩვენზე ძალიან დიდ გავლენას ახდენენ, რადგან წინასწარ განუსაზღვრელნი არიან.

ჩვენგან უმრავლესობას გააჩნია ინტუიციური გაგება იმის შესახებ, თუ რა იგულისხმება ტერმინ „არაცნობიერში“. ჩვენ ვაკავშირებთ ამ იდეას უამრავ გამოცდილებასთან, პატარასთან თუ დიდთან, რომლებიც ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებასთანაა გადახლართული. ჩვენ ყველას გვქონია ქვეცნობიერად რაღაცის გაკეთების გამოცდილება, როდესაც ჩვენი გონება სხვაგან დაქროდა და შემდეგ გაკვირვებულნი ვყოფილვართ ჩადენილი ქმედებით. გაგვახსენდება შემთხვევა, როცა საუბრისას დაგვიფიქსირებია მყარი აზრი ან დამოკიდებულება საკითხისადმი, რომელიც არც კი ვიცოდით, რომ ცნობიერად გაგვაჩნდა.

ზოგჯერ გვიკვირს: „საიდან მოვიდა ეს? მე არ ვიცოდი, თუ ასე განვიცდიდი ამას.“ - რაც უფრო მგრძნობიარენი გავხდებით არაცნობიერის ენერგიის ტალღების მიმართ, ჩვენ ვისწავლით განსხვავებული შეკითხვის დასმას: „ჩემში რა ნაწილს სჯერა ამ ასპეტქის? რატომ იწვევს ეს საგანი ჩემი მხრიდან ასეთ მძაფრ რეაქციას?“

ჩვენ ვსწავლობთ საკითხზე უფრო დეტალურ დაკვირვებას. ის, რაც „გვემართება“, არის არაცნობიერიდან ენერგიის უეცარი შემოჭრის აქტი. თუ ვფიქრობ, რომ „ეს მე არ ვარ“, მაშინ, გამოდის, ვერ ვიაზრებ, რომ ეს „მე“ ასევე მოიცავს ჩემს არაცნობიერ გონებას. საკუთარი თავის ამ დაფარულ ნაწილებს გააჩნიათ ძლიერი შეგრძნებები და თვითგამოხატვის სურვილი. თუმცა, სანამ ჩვენ შინაგანი სამუშაოს შესრულებას არ ვისწავლით, ჩვენი ეს ნაწილები ცნობიერი ხედვიდან დაფარულნი რჩებიან.

ზოგჯერ ეს ფარული პიროვნებები სამარცხვინოები ან ძალადობრივები არიან, ამიტომაც ჩვენ თავს დამცირებულად გვაგრძნობინებენ, როცა ისინი საკუთარ თავს ავლენენ. სხვა დროს კი ჩვენს არსებაში ვაღვიძებთ ძალასა და კარგ თვისებებს, რომელთა არსებობის შესახებ არასდროს ვიცოდით. ჩვენ ვიყენებთ ფარულ რესურსებს და ვაკეთებს იმას, რასაც ჩვეულებრივ არ ვაკეთებდით ხოლმე, ვამბობთ რაღაც უფრო მკაფიოსა და ინტელექტუალურს, ვიდრე ოდესმე შეგვეძლო რომ გვეთქვა, გამოვხატავთ სიბრძნეს, რომელიც არ ვიცოდით, რომ გვქონდა და ვიჩენთ კეთილშიბილებას, რისი გაკეთებაც არასდროს ვიცოდით, რომ შეგვეძლო. თითოეულ ამ შემთხვევაში ჩვენ გვაქვს გაოგნებული რეაქცია: „მე იმისგან განსხვავებული ადამიანი ვარ, ვიდრე მეგონა, მაქვს დადებითი და უარყოფითი თვისებები, რომლებიც არ ვიცოდი, რომ ჩემი არსების ნაწილნი იყვნენ“ - მოცემული თვისებები ცხოვრობენ არაცნობიერში, მხედველობისა და გონების მიღმა.

ჩვენ ყველანი იმაზე მეტნი ვართ, ვიდრე „მე“, რომლის შესახებაც ვიცით. ჩვენს ცნობიერ გონებას, მთლიანი არსების მხოლოდ შეზღუდულ ნაწილზე შეუძლია ფოკუსირება დროის ნებისმიერ მონაკვეთში. მიუხედავად ჩვენი ძალისხმევისა საკუთარი თავის შემეცნებაში, უზარმაზარი არაცნობიერი ენერგიის მხოლოდ მცირე ნაწილია ჩართული ცნობიერი გონების ფუნქციონირებაში. ამიტომ უნდა ვისწავლოთ, თუ როგორ უნდა ჩავიდეთ არაცნობიერის სიღრმეებში და გავხდეთ მისი გზავნილების მიმღები: ესაა ერთადერთი გზა საკუთარი თავის შეუცნობელი ნაწილების პოვნისთვის.

არაცნობიერთან მიახლოება - ნებაყოფლობით ან უნებურად

არაცნობიერი სიმბოლოების ენით ვლინდება. იგი არ ვლინდება მხოლოდ უნებლიედ ან იძულებით მდგომარეობაში. მას გააჩნია ორი ბუნებრივი გზა უფსკრულის გადასალახად და ცნობიერ გონებასთან საუბრისათვის: პირველი - სიზმრებით და მეორე - წარმოსახვით. ფსიქიკური კომუნიკაციის უაღრესად დახვეწილი ორივე არხი განვითარებულია იმგვარად, რომ არაცნობიერ და ცნობიერ დონეებს შეეძლოთ ერთად საუბარი და ერთობლივად მუშაობა.

 

არაცნობიერმა განივითარა სპეციალური ენა სიზმრებსა და წარმოსახვაში გამოსაყენებლად: ესაა სიმბოლიზმის ენა. როგროც მოგვიანებით ვნახავთ, შინაგანი სამუშაო, უპირველეს ყოვლისა, არაცნობიერის ამ სიმბოლური ენის შესწავლის ხელოვნებას წარმოადგენს. ამიტომ, ჩვენი დროს უმეტეს ნაწილს სიზმრებთან და წარმოსახვასთან მუშაობას დავუთმობთ და ვეცდებით, სიმბოლიზმის გამოყენებაც შევისწავლოთ.

არაცნობიერის მრავალი კომუნიკაციური მცდელობა ჩვენთვის დაკარგულია. სიზმარში არაცნობიერი ასპექტები ზედაპირზე ამოდის, თუმცა ცოტას აქვს ინფორმაცია, რომელიც აუცილებელია სიზმრების სერიოზულად მისაღებად და მათი ენის გასაგებად. არაცნობიერის აქტივობა ასევე აშკარად ჩანს წარმოსახვის პროცესში: წარმოსახვითი აფეთქებები, რომლებიც ღრუბლებივით დაცურავენ ცნობიერი გონების პეიზაჟზე, ჩვენ მიერ ძნელად აღიქმება. ფანტაზიის წყალდიდობა ბევრ ადამიანს რეგულარულად იპყრობს და მდინარესავით მიედინება მათი გონების კიდეზე. ჩვენ გვგონია, რომ „ვფიქრობთ“ ან გვგონია, რომ „ვგეგმავთ“, მაგრამ ხშირ შემთხვევაში, ჩვენ წარმოსახვით სიზმარში ვიმყოფებით, რამდენიმე წუთით ვიკარგებით ფანტაზიის ნაკადში, სანამ ისევ არ დავუბრუნდებით საკუთარ თავს ფიზიკურ მდგომარეობაში.

იმისათვის, რომ ტოტალურად გავაცნობიეროთ ვინ ვართ, გავხდეთ უფრო სრულყოფილი და ინტეგრირებული ადამიანები, ჩვენ უნდა წავიდეთ არაცნობიერში და დავამყაროთ მის სიღრმეებთან კომუნიკაცია. ჩვენი ხასიათისა და პიროვნების მრავალ განმსაზღვრელ ფაქტორს არაცნობიერი შეიცავს. მხოლოდ მასთან დაახლოებით გვაქვს შანსი, რომ ცნობიერი, სრული და გამთლიანებული ადამიანი გავხდეთ. იუნგმა დაგვანახა, რომ არაცნობიერთან მიახლოებითა და მისი სიმბოლური ენის შესწავლით, ჩვენ ვცხოვრობთ უფრო მდიდარი და სავსე ცხოვრებით. ჩვენ ვიწყებთ არაცნობიერთან პარტნიორულ ურთიერთობას, მასთან გამუდმებული კონფლიქტისა და ომის ნაცვლად.

თუმცა, ადამიანების უმეტესობა ნებაყოფლობით არ უახლოვდება არაცნობიერს. ისინი არაცნობიერის არსებობას მხოლოდ მაშინ აცნობიერებენ, როცა მასთან სერიოზული პრობლემა ექმნებათ. ჩვენ, თანამედროვე ადამიანები, იმდენად არ ვართ შინაგან სამყაროსთან შემხებლობაში, რომ, ძირითადად, მას ფსიქოლოგიური სტრესის ფონზე ვეხებით. მაგალითად, ქალი, რომლიც ფიქრობს, რომ ყველაფერს აკონტროლებს, შესაძლოა, საშინელ დეპრესიაში აღოჩნდეს, სადაც მას არ შეეძლება მკაფიო მოქმედება და არც იმის გაგება, თუ რა ხდება მის გარეშემო. ან კაცმა შეიძლება აღმოჩინოს, რომ მას საშინელი კონფლიქტები აქვს ყოველდღიურ ცხოვრებასა და არაცნობიერ იდეალებს შორის, რომელსაც ღრმად ინახავს საკუთარ თავში და იგი არასდროს უყურებს მას თვალებში. მამაკაცი გრძნობს გახლეჩილობას ან/და შფოთვას, მაგრამ ვერ ხსნის ამის მიზეზს.

როდესაც ჩვენ აუხსნელ კონფლიქტებს განვიცდით რომელთა მოგვარებაც შეუძლებელია, როდესაც ვაცნობიერებთ საკუთარ თავში მოთხოვნილებებს, რომლებიც ირაციონალურად, პრიმიტიულად ან გამანადგურებლად გამოიყურებიან, როდესაც ნევროზი გვაწუხებს, რადგან ჩვენი ცნობიერი დამოკიდებულებები ინსტინქურ „მეს“ წინააღმდეგობას უწევს - მხოლოდ მაშინ ვიწყებთ იმის გაცნობიერებას, რომ არაცნობიერი უდიდეს როლს თამაშობს ჩვენს ცხოვრებაში და მას უნდა გავუმკლავდეთ.

ისტორიულად, იუნგმა და ფროიდმა სწორედ ამ სახის პათოლოგიების სახით, ხელახლა აღმოაჩინეს არაცნობიერის არსებობა - ეს იყო პაციენტების ფსიქოლოგიურ ტანჯვაზე დაკვირვებით გამოწვეული კვლევები, რომლებშიც ცნობიერსა და არაცნობიერ დონეებს შორის ურთიერთობა დანგრეული გახლდათ.

არაცნობიერის იუნგიანური მოდელი

იუნგმა აღმოაჩინა, რომ არაცნობიერი არ არის მხოლოდ ცნობიერი გონების დანამატი, სადაც დავიწყებული მოგონებები ან უსიამოვნო გრძნობები არიან რეპრესირებულნი. მის მიერ წარმოდგენილი არაცნობიერის მოდელი იმდენად მნიშვნელოვანია, რომ დასავლურ სამყაროს ბოლომდე ჯერ კიდევ არ მიუღია ფაქტობრივი შედეგები. მან აჩვენა, რომ არაცნობიერი არის ყველაფრის შემოქმედებითი წყარო, რაც ვითარდება ცნობიერ გონებასა და თითოეული ინდივიდის მთლიან პიროვნებაში. გარესამყაროში არსებობს არაცნობიერის შემადგენელი ნაწილები, რომელსაც ჩვენი ცნობიერი გონება ავითარებს, აფართოებს იმ მიზნისათვის, რათა მოიცავდეს ყველა იმ თვისებას, რომელსაც ჩვენ პოტენციურად ჩვენს არსებაში ვატარებთ. სწორედ ამ საგანძურის ძლიერი მხარეებისა და თვისებების მეშვეობით ვმდიდრდებით, რომლებიც არასდროს გვეგონა, რომ გვქონდა.

იუნგმა გვაჩვენა, რომ ცნობიერი და არაცნობიერი გონება კრიტიკულ როლს ასრულებენ ტოტალური მეს წონასწორობაში. როცა მათ შორის სწორი ბალანსი ირღვევა, შედაგად დგება ნევროზი ან სხვა დაავადებები.

ცნობიერების ევოლუცია

იუნგის კვლევებმა იგი მიიყვანა დასკვნამდე, რომ არაცნობიერი ჩვენი მთელი ადამიანური ცნობიერების წყაროს წარმოადგენს. ეს არის ჩვენი მოწესრიგებული აზროვნების, მსჯელობის, შეგრძნებისა და ცნობიერების წყარო. არაცნობიერი არის კაცობრიობის ნამდვილი გონება, საწყისი მატრიცა, რომელიც ჩვენს სახეობას განუვითარდა ცნობიერი გონების სახით და შემდგომში ათასწლეულების განმავლობაში განვითარდა და დაიხვეწა იმ მოცემულობამდე, რაც ჩვენ დღეს გვაქვს. ყოველი შესაძლებლობა, ჩვენი მოქმედი ცნობიერების ყოველი მახასიათებელი, პირველად ასპექტებს არაცნობიერში შეიცავდა და შემდეგ პოულობდა გზას ცნობიერებამდე.

იუნგმა განავითარა ადამიანური შესაძლებლობების ბრწყინვალე ხედვა ცნობიერების მიმართ და გაარკვია მისი როლი და მნიშვნელობა ადამიანურ ცხოვრებაში. მან დაინახა შემოქმედებითი ძალა, რომელიც მუშაობს ბუნებასა და კოსმოსში, იგი ფუნქციონირებს მარადიულ ეონებში, რათა დაიბადოს ეს იშვიათი მდგომარეობა/ხარისხი, რასაც ჩვენ ცნობიერებას ვუწოდებთ. ადამიანთა რასის მეშვეობით, უზარმაზარი ბუნების მქონე არაცნობიერი ფსიქიკა ნელ-ნელა აცნობიერებდა საკუთარი არსების ნაწილს. იუნგს სჯეროდა, რომ ღმერთი და ყველა ქმნილება დროთა განმავლობაში შრომობდა, რათა სამყაროში შემოეტანა ცნობიერება, ხოლო ადამიანის როლი ამაში ევოლუციის განვითარება გახლდათ.

ადამიანური ცნობიერება ვითარდება არაცნობიერის პირველყოფილი მატერიიდან. ცნობიერების ზრდა იკვებება არაცნობიერის შიგთავსის მუდმივი ნაკადით, რომელიც თანდათან მაღლდება ცნობიერების დონემდე, რაც ადამიანს უფრო სრულყოფილ და ცნობიერ პიროვნებად აყალიბებს. არაცნობიერის ინტეგრაცია უნდა გაგრძელდეს იქამდე, სანამ ცნობიერი გონება საბოლოოდ არ აირეკლავს არაცნობიერის ტოტალურობას.

იუნგს სჯეროდა, რომ ყველა მოკვდავს ინდივიდუალური როლი ეკისრებოდა ევოლუციის პროცესში. ისევე, როგორც ჩვენი კოლექტიური ცნობიერება წარმოიშვა არაცნობიერი ფსიქიკისგან, იგივე ხდება თითოეული ინდივიდის შემთხვევაში. თითოეულ ინდივიდუალურ ცხოვრებაში ადამიანმა უნდა გაიმეოროს რასობრივი ევოლუცია, რომელშიც ცნობიერება უწყვეტად წინ მიიწევს.

თითოეული ჩვენგანი არის მიკროკოსმოსი, რომელშიც ხდება უნივერსალური პროცესის აქტუალიზაცია. ამიტომ, ჩვენ ყველანი ჩაფლულები ვართ არაცნობიერი შინაარსის მოძრაობაში, რომელიც ცნობიერი გონებისკენაა მიმართული. თითოეული ჩვენგანი ჩართულია ეგო-გონების საწინააღმდეგო მოძრაობისკენ, ანუ უკან - არაცნობიერისკენ; ეს არის ხელახალი დაკავშირება მის ფესვთან, მშობელ მატრიცასთან, რომლმაც იგი დაბადა.

თითოეული ადამიანის არაცნობიერში არის პირველყოფილი ნიმუში (თუ გნებავთ, გეგმა), რომლის მიხედვითაც ცნობიერი გონება და მთლიანი პიროვნება ყალიბდება - დაბადებიდან იმ ნელი წლების განმავლობაში, რომელსაც ფსიქოლოგიური სიმწიფისაკენ მივყავართ. ეს ნიმუში, ენერგიის უხილავი ბადე, შეიცავს ყველა თვისებას, სიძლიერეს, ხარვეზებს, ძირითად სტრუქტურასა და ნაწილებს, რომლებიც ტოტალური ფსიქოლოგიის ასპექტებს შეადგენენ.

უმეტეს ჩვენგანში ამ ენერგეტიკული საწყობის მცირე ნაწილის ათვისება ხდება ცნობიერების მიერ. ცნობიერებაში მთლიანი გეგმის მხოლოდ მცირე ნაწილი ინტეგრირდება.

ინდივიდის შინაგანი არაცნობიერი მოდელი ჰგავს კათედრალის გეგმას: თავდაპირველად, როცა გეგმა ფიზიკურ რეალობაში ითარგმნება, მხოლოდ მისი ზოგადი კონტურები მოჩანს. გარკვეული პერიოდის შემდეგ, ფაქტობრივი სტრუქტურის მცირე ნაწილი საკმარისად არის დასრულებული, რათა წარმოაჩინოს, რა იქნება საბოლოო შედეგი. გადის წლები, შენობა მაღლა იწევს, ქვას ქვა ემატება, სანამ უკანასკნელი აგურიც არ აღმოჩნდება თავის ადგილზე და, შედეგად, სამუშაო დასრულებულია. მხოლოდ მაშინ გამოვლინდება არქიტექტორის ბრწყინვალე ხედვა.

ანალოგიურად, ინდივიდუალური ადამიანის ჭეშმარიტი სიღრმე და სიდიადე არასოდეს ვლინდება სრულყოფილად იქამდე, სანამ პიროვენბის ძირითადი ელემენტები არ გადაადგილდებიან არაცნობიერის სიღრმიდან ცნობერი ფუნქციონირების საფეხურამდე.

თითოეული ჩვენგანი აშენებს ცხოვრებას. თითოეული ადამიანის შიგნით არსებობს გეგმა და ჩამოყალიბებული ძირითადი სტრუქტურა, რომელიც ღრმად არაცნობიერ მდგომარეობაში იმყოფება. მაგრამ ჩვენ გვჭირდება არაცნობიერი კონსულტაცია და მასთან თანამშრომლობა, რათა ჩვენში ჩაშენებული პოტენციალის სრული რეალიზაცია შევძლოთ. ჩვენ პირისპირ უნდა შევხვდეთ გამოწვევებსა და მტკივნეულ ცვლილებებს, რომლებიც ყოველთვის შინაგანი ზრდის პროცესის თანმდევი ნაწილია.

ეგო არაცნობიერის შუაგულში

არაცნობიერი არის ენერგიის უზარმაზარი ველი, ბევრად უფრო დიდი, ვიდრე ცნობიერი გონება. იუნგმა, ეგო - ცნობიერი გონება - შეადარა ნავს, ბობოქარი არაცნობიერის უზარმაზარ ოკეანეში. მან ცნობიერი გონება ასევე შეადარა აისბერგის წვეროს, რომელიც წყლის ზედაპირზე ტივტივებს. აისბერგის ოთხმოცდათხუთმეტი პროცენტი ყინულოვანი და ბნელი წყლების ქვეშ იმალება. არაცნობიერი, ისევე როგორც, აისბერგის უმეტესი ნაწილი, მხედველობის მიღმა იმყოფება, თუმცა ის უზომოდ მძლავრი და ისეთივე საშიშია, როგორც წყალქვეშა აისბერგი, თუ მას სათანადო ყურადღება არ დაეთმობა. უფრო მეტი ადამიანი ჩაიძირა არაცნობიერთან შეჯახების შედეგად, ვიდრე ტიტანიკები აიბერგთან შეჯახებისას.

ეგო ლათინურად ნიშნავს „მეს“. ფროიდი და იუნგი ცნობიერ გონებას მოიხსენიებენ, როგორც ეგოს, რადგან ეს არის ფსიქიკის ის ნაწილი, რომელიც საკუთარ თავს „მეს“ უწოდებს, ანუ ის არის „თვითგაცნობიერებული“ - იგი აცნობიერებს საკუთარ თავს, როგორც არსებას რომელიც დამოუკიდებელი და სხვებისგან განცალკებეულია. როცა ჩვენ ვამბობთ „მეს“, ვგულისხმობთ საკუთარი თავის მცირე ნაწილს, რომლის შესახებაც ვიცით. „მე“ შეიცავს მხოლოდ იმ პიროვნებას, თვისებებს, ღირებულებებსა და შეხედულებებს, რომლებიც ეგოს ხედვის დიაპაზონში არის მოქცეული, ანუ ცნობიერების ხელმისაწვდომ მდგომარეობაში იმყოფებიან. სწორედ ეს არის ჩემი შეზღუდული, უაღრესად არაზუსტი ვერსია იმის შესახებ, თუ ვინ ვარ მე.

ეგო-გონებამ არ იცის, რომ მთლიანი „მე“ გაცილებით დიდია, ვიდრე ეგო; მან არ იცის, რომ ფსიქიკის ნაწილი, რომელიც არაცნობიერში იმალება ბევრად აღემატება ცნობიერ გონებას და საკუთარ თავზე ბევრად უფრო ძლიერია.

ჩვენი ეგო მიდრეკილია იფიქროს არაცნობიერზე, როგორც ჩვენგან გარეთ მყოფ ასპექტზე, მიუხედავად იმისა, რომ მისი შინაარსი ჩვენში ღრმად იმყოფება. სწორედ ამიტომ გვესმის ისეთი სიტყვები, როგორიცაა: „ჩემი თავი არ ვიყავი, როცა ეს ჩავიდინე“. როცა ჩვენ ვაკეთებთ რაღაც მოულოდნელს, რაც არ ჯდება საკუთარი თავის შეგნებულ წარმოდგენაში, ჩვენ ვსაუბრობთ თითქოს ამ ქმედებას ვიღაც სხვა ჩადის. ცნობიერი გონება გაოგნებულია, რადგან იგი ამტკიცებს, რომ არაცნობიერი იქ არ იმყოფება. ვინაიდან არაცნობიერი ბევრად უფრო დიდი და რთულია, ვიდრე მას ეგოს გონება აღიქვამს, მის მიერ წარმოქმნილი საგნები და ქმედებები ყოველთვის მოულოდნელად აღიქმება, თითქოს ისინი გარედან მოდიან და არა ჩვენივე არსებიდან.

სიზმრებსა და მითებში ცნობიერი გონება ხშირად სიმბოლიზებულია კუნძულით. კუნძულზე მცხოვრები ხალხის მსგავსად, ეგო ქმნის პატარა სამყაროს საკუთარი თავისთვის, სადაც წესრიგის სისტემისა და რეალობის შესახებ საკუთარ ვარაუდებს აყალიბებს. ჩვენი ეგო ვერ აცნობიერებს, რომ პატარა კუნძულის საზღვრებს გარეთ არსებობს რეალობების მთელი სამყარო და არაცნობიერის უკიდეგანო ზღვაში შემავალი ჭეშმარიტებები, რომლის აღქმაც ეგოს არ შეუძლია.

ენერგიის ამ უხილავ ოკეანეში უზარმაზარი ძალები მოქმედებენ. მითიური სამეფოები, რომელთა სიმბოლოა ატლანტიდას ლეგენდა, არსებობს არაცნობიერის სიღმეებში და აგრძელებს ცხოვრებას ჩვენი ყოველდღიური ყოფის პარალელურად. ალტერნატიული ცნობიერების ცენტრები, ალტერნატიული ღირებულებები, დამოკიდებულებები და იდეები ამ ზღვაში პატარა კუნძლების სახით არსებობენ. ისინი ცნობიერი გონების მიერ აღმოჩენასა და აღიარებას ელოდებიან.

არაცნობიერთან მუშაობის სწავლის მიზანს არ წარმოადგენს მხოლოდ კონფლიქტებისა და ნევროზული სიმპტომების მოგვარება. იქ ვიპოვით განახლების, ზრდის, სიძლიერისა და სიბრძნის ღრმა წყაროს. ჩვენ დავუკავშირდებით ჩვენი განვითარებადი პიროვნების წყაროს; ჩვენ ვთანამშრომლობთ პროცესთან, რომლის მეშვეობით ცხოვრებაში შემოგვაქვს ტოტალური თვითობა; ჩვენ ვსწავლობთ ენერგიისა და ინტელექტის მდიდარი ტალღის გამოყენებას, რომელიც შიგნით გველოდება.

არაცნობერი და შინაგანი ცხოვრება

შინაგანი ცხოვრება, რომელიც იუნგმა აღწერა, არის საიდუმლო ცხოვრება, რომელიც დღისით და ღამით აისახება ჩვენს უხილავ, არაცნობიერ შინაგან მესთან ურთიერთობაში. როდესაც ადამიანის ცხოვრება წონასწორობაშია, ცნობერი და არაცნობერი გონება ერთმანეთთან ჰარმონიულ ურთიერთქმედებაში იმყოფებიან. ამ ორ დონეს შორის არსებობს ენერგიისა და ინფორმაციის მუდმივი ნაკადი, როდესაც ისინი ერთმანეთში ხვდებიდან სიზმრების, ხილვების, რიტუალებისა და წარმოსახვის მეშვეობით.

კატასტროფა, რომელიც თანამედროვე მსოფლიოს თავს დაატყდა, არის ცნობიერი გონების სრული გაყოფა არაცნობიერი ფესვებისაგან. არაცნობიერთან ურთიერთქმედების ყველა ფორმა, რომელიც ჩვენს წინაპრებში საზრდოობდა - იქნება ეს სიზმრები, ხილვები, რიტუალები თუ რელიგიური გამოცდილებები - ჩვენთვის დიდწილად დაკარგულია, ისინი უარყოფილია თანამედროვე გონების მიერ, როგორც პრიმიტიული და ცრუმორწმუნე ასპექტები. ამრიგად, ჩვენი სიამაყისა და თავხედობის შედეგად, ჩვენ გავწყვიტეთ საწისი კავშირი არაცნობიერთან და საკუთარი თავის ღრმა ასპექტებთან.

თანამედროვე დასავლურ საზოგადოებაში, ჩვენ მივედით იმ წერტილამდე, სადაც ვცდილობთ ცხოვრების გავლას შინაგანი ცხოვრების გაცნობიერების გარეშე. ისე ვიქცევით, თითქოს არაცნობიერი საერთოდ არ არსებობდეს, თითქოს არ არსებობს სულიერი სფერო, თითქოს ჩვენ შეგვიძლია სრულფასოვანი ცხოვრება მხოლოდ გარეგანი, მატერიალური სამყაროსადმი ყურადღების დათმობით. ჩვენ ვცდილობთ, ცხოვრების ყველა საკითხს გავუმკლავდეთ გარეგანი საშუალებებით - მეტი ფულის გამომუშავებით, მეტი ძალაუფლების მოხვეჭით, სასიყვარულო ურთიერთობების დაწყებით, ან „რაღაცის მიღწევით“. თუმცა, ჩვენდა გასაკვირად აღმოვაჩენთ, რომ შინაგანი სამყარო არის რეალობა, რომელსაც საბოლოოდ უნდა გავუსწოროთ თვალი.

იუნგმა შენიშნა, რომ ნევროზის უმეტესი შემთხვევა და ფრაგმენტაციის განცდა, თანამედროვე ცხოვრებაში გამოწვეულია ეგოს არაცნობიერისგან იზოლაციით. როგორც ცნობიერი ქმნილებები, ჩვენ ყველანი მივდივართ ბუნდოვანი შეგრძნების გააზრებისკენ, რომ დავკარგეთ საკუთარი არსების ის ნაწილი, რომელიც ერთ დროს ჩვენ გვეკუთვნოდა.

ჩვენი არაცნობიერისგან იზოლაცია არის სულიერებისა და ცხოვრებისგან იზოლაციის სინონიმი. ეს იწვევს ჩვენი რელიგიურობის შეგრძნების დაკარგვას, რადგან სწორედ არაცნობიერში ვპოულობთ ჩვენ ინდივიდუალურ წარმოდგენას ღმერთის შესახებ და განვიცდით ჩვენს შინაგან ღვთაებებს. რელიგიური ფუნქცია - მნიშვნელობისა და გამოცდილების თანდაყოლილი შინაგანი მოთხოვნილება - გაწყვეტილია დანარჩენ შინაგან ცხოვრებასთან ერთად. მას მხოლოდ ნევროზისა და შინაგანი კონფლიქტების გზით შეუძლია ჩვენს ცხოვრებაში დაბრუნება; ასევე ფსიქოლოგიური სიმპტომების გზით, რომელებიც ჩვენს ყურადღებას ითხოვენ.

რამდენიმე წლის წინ, რომის კათოლიკურ სემინარიაში სასაუბროდ მიმიწვიეს. ბოლო წუთს რაღაც ბოროტმა ლტოლვამ შემიპყრო და ჩემს თავს უფლება მივეცი ლექციისათვის დამერქმია - „შენი ნევროზი, როგორც დაბალი დონის რელიგიური გამოცდილება“. ლექციამ აშკარად შეძრა მრევლი. მე მქონდა კითხვების წარღვნა, იმაზე ვნებით აღვსილი საუბრები და ამაღელვებელი დიალოგები, ვიდერ ოდესმე მქონია. ხალხი შეკრთა იმის გაგონებაზე, რომ თუ ჩვენ არ მივდივართ სულთან, სული მოდის ჩვენთან, როგრც ნევროზი. ეს არის უშუალო პრაქტიკული კავშირი ფსიქოლოგიასა და რელიგიას შორის ჩვენს დროში.

ყველა ადამიანმა ამა თუ იმ ფორმით შინგანი ცხოვრებით უნდა იცხოვროს. გაცნობიერებულად ან გაუცნობიერებლად, ნებაყოფლობით თუ უნებურად, შინაგნი სამყარო მოგვმართავს, რათა დავაზუსტოთ მისი გადასახადები. თუ ჩვენ გაცნობიერებულად შევდივართ ამ სფეროში, მას ჩვენი შინაგანი სამუშაო ეწოდება. ამაში შედის ჩვენი ლოცვები, მედიტაციები, სიზმარხილვის სამუშაოები, ცერემონიები და აქტიური წარმოსახვა. თუ ვცდილობთ უგულებელვყოთ შინაგანი სამყარო, როგორც ამას უამრავი ჩვენგანი აკეთებს, არაცნობიერი იპოვის საკუთარ გზას ჩვენს ცხოვრებაში სხვადსხვა პათლოგიის მეშვეობით: ესენია ფსიქოსომატური სიმპტომები, დეპრესია და ნევროზი.

ინდივიდუაციის პროცესი

ინდივიდუაცია არის ტერმინი, რომელსაც იუნგი იყენებდა ტოტალურ ადამიანად გახდომის უწყვეტი პროცესის აღსანიშნავად, რისთვისაც დავიბადეთ კიდეც. ინდივიდუაცია არის ტოტალური თვითობის გამოღვიძება, რაც ჩვენ პიროვნებას საშუალებას აძლევს, განვითარდეს იქამდე, სანამ იგი არ შეიცავს ყველა ძირითად ელემენტს, რომელიც თითოეულ ჩვენგანში თანდაყოლილია. ეს არის „გეგმის აქტუალიზაცია“, რომელზეც ზემოთ ვისაუბრეთ.

რატომ უნდა ეწოდოს ამას „ინდივიდუაცია“? რადგანაც საკუთარი თავის აქტუალიზაციისა და სრულყოფილად გახდომის პროცესი ასევე ავლენს განსაკუთრებულ ინდივიდუალურ სტრუქტურას. ეს გვიჩვენებს, თუ როგორ არის უნივერსალური ადამიანის თვისებები და შესაძლებლობები შერწყმული თითოეულ ინდივიდში ისე, რომ არც ერთი ადამიანი სხვას არ ჰგავს.

იუნგმა ხაზი გაუსვა თითოეული ადამიანის ფსიქოლოგიური სტრუქტურის უნიკალურობას. ამრიგად, სახელი, რომელიც მან ამ პროცესს დაარქვა, არ იყო შემთხვევითი; ეს ასახავდა იუნგის რწმენას, რომ რაც უფრო მეტად უყურებს ადამიანი არაცნობიერს და აკეთებს მისი შინაარსის სინთეზირებას ცნობიერი გონების მიმართ, მით უფრო მეტია ადამიანში საკუთარი უნიკალური ინდივიდუალობის განცდა.

ამავდროულად, ინდივიდუალობა არ ნიშნავს ადამიანური რასისგან იზოლირებას. როგორც კი ჩვენ თავს უფრო დაცულად ვიგრძნობთ, როგორც ინდივიდები, ბუნებრივია, რომ ვეძიოთ უამრავი გზა - ღირებულებები, ინტერესები და ადამიანური თვისებები, რომლებიც ადამიანთა ტომთან გვაკავშირებს. თუ კარგად დავაკვირდებით, დავინახავთ, რომ ჩვენი ინდივიდუალობა შედგება განსაკუთრებული უნივერსალური ფსიქოლოგიური შაბლონებისგან და ენერგეტიკული სისტემებისგან, რომლებიც ყველა ადამიანს საერთო აქვს. იუნგმა ამ შაბლონებს არქეტიპები უწოდა.

რადგანაც არქეტიპები უნივერსალურია, ისინი თითოეული ადამიანის არაცნობიერში იმყოფებიან. მაგრამ ისინი აერთიანებენ უსასრულო ვარიაციებს, რათა შექმნან ინდივიდუალური ადამიანის ფსიქიკა. ეს ყველაფერი შეიძლება შევადაროთ ადამიანის ფიზიკურ სხეულს. გარკვეულწილად, ჩვენი სხეული ყველა სხვა ადამიანის სხეულს ჰგავს, ჩვენ ყველას გვაქვს ხელები, ფეხები, გული, ღვიძლი და კანი - ესენი ადამიანის სახეობის უნივერსალური მახასიათებლებია. თუმცა, თუ მე შევადარებ ჩემი თითის ანაბეჭდს ან თმის ღერს სხვა ადამიანებისას, აღმოვაჩენ, რომ ადამიანთა სხეული ზუსტად ერთნაირი არ არის.

ზუსტად ასევე, უნივერსალური ფსიოლოგიური ენერგიები და შესაძლებლობები თითოეულ ჩვენგანში განსხვავებულადაა შერწყმული. თითოეულ ადამიანს აქვს განსხვავებული ფსიქოლოგიური სტრუქტურა. მხოლოდ ამ თანდაყოლილი სტრუქტურის ინტეგრაციით არის შესაძლებელი, რომ ადამიანმა აღმოაჩინოს, თუ რას ნიშნავს იყო ინდივიდი.

როდესაც ინდივიდუაციაზე ვმუშაობთ, ჩვენ ვიწყებთ იდეებსა და ფასეულობებს შორის განსხვავებების დანახვას, რომელებიც გამოდიან ჩვენი საკუთარი არსებიდან და სოციალური მოსაზრებებიდან, რომლებიც თავს გვახვევია. ჩვენ შეგვიძლია აღარ მოვერგოთ საზოგადოების ჩარჩოებს: ჩვენ ვსწავლობთ, რომ გვაქვს საკუთარი ღირებულებები, საკუთარი ცხოვრებისეული გზები, რომლებიც თანდაყოლილად მომდინარეობენ ჩვენი ბუნებიდან.

ინდივიდუაციის პროცესიდან ვითარდება უსაფრთხოების დიდი შეგრძნება. ადამიანი იწყებს იმის გაგებას, რომ არ არის აუცილებელი ბრძოლა, რათა ვინმეს დაემსგავსოს, რადგან საკუთარ თავთან ყოფნით ადამიანი ყველაზე საიმედო ადგილზე იმყოფება. ჩვენ ვსწავლობთ საკუთარ თავს და ვავითარებთ ყველა იმ ძლიერ მხარეს, რომელიც თანდაყოლილად არის ჩვენში ჩაშენებული. ხოლო მათი რეალიზაცია მთელს ჩვენს ცხოვრებისეულ ამოცანას წარმოადგენს. ჩვენ არ გვჭირდება სხვისი ცხოვრების იმიტაცია. აღარ არსებობს პრეტენზიების საჭიროება, რადგან ის რაც ჩვენ გაგვაჩნია, საკმარისად და იმაზე ბევრად მეტად გვამდიდრებს, ვიდრე ოდესმე წარმოგვედგინა.

წიგნის თავები


წიგნის ელექტრონული ვერსიის შეძენა წიგნის გადმოწერა
იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff