თავი მეთხუთმეტე - მეორე საფეხური: დიალოგი
პირველ საფეხურში თქვენ გამოიწვიეთ არაცნობიერი; წარმოსახვაში გამოსახულებები გამოჩნდნენ. ახლა თქვენ მზად ხართ დიალოგის დასაწყებად.
დიალოგის გამართვა უმეტესწილად ნიშნავს წარმოსახვის ნაკადის თავისუფლად გაშვებას. არსებობს სხვადასხვა პრინციპი რომლებსაც შეგვიძლია გავყვეთ, მაგრამ უშუალო გამოცდილება შინაგანი ფიგურებისთვის საკუთარი ცხოვრების ნებაყოფლობით მინიჭებას ითვალისწინებს.
როგორც პრაქტიკული საკითხი, თქვენ ამბობთ ან აკეთებთ იმას, რაც თქვენი გონებისათვის სათანადოდ და ეთიკურად გამოიყურება. როდესაც წარმოსახვაში ფიგურა ჩნდება და თავდაპირველად არაფერი გაქვთ ერთმანეთისთვის სათქმელი, შეგიძლიათ დაიწყოთ კითხვით, თუ ვინ არის იგი. ჰკითხეთ რა სურს მას, რა თემაზე უნდა საუბარი ან რის გაკეთებას ითხოვს თქვენგან. კითხვების დასმა საუკეთესო არჩევანია, ვიდრე თავად საუბარი და ლექციების წაკითხვა, რადგან სასურველ დამოკიდებულებას ამ შემთხვევაში მოსმენის განზრახვა და სურვილი წარმოადგენს.
თუ შინაგანი ფიგურა რაღაცას აკეთებს, ჩაიწერეთ; შემდეგ გააკეთეთ ან თქვით რაიმე, რაც თქვენი საპასუხო რეაქცია იქნება. ხშირად შინაგანი ფიგურა რაიმე აქტივობაში თქვენს ჩათრევას ეცდება; მაგალითად, სადმე წაგიყვანთ ან მოგზაურობას შემოგთავაზებთ. თუ ეს სწორად მოგეჩვენებათ, გააკეთეთ ეს და ჩაიწერეთ, რა ხდება გზაზე. თუ იგრძნობთ, რომ ამ ადამიანის გაყოლა არასწორია ან არ მოგწონთ მის მიერ შემოთავაზებული აქტივობა, თქვენ გაქვთ ამის თქმისა და დაფიქსირების უფლება. თქვენ უფლება გაქვთ თქვათ უარი და დაასახელოთ საკუთარი მიზეზები. თავის მხრივ, ეს ხშირად გამოიწვევს თქვენსა და გამოსახულებას შორის არსებული კონფლიქტის მწვავე განხილვას - რა გინდათ, რა არ გინდათ, რას ამტკიცებთ; ეს და სხვა მრავალი ამგვარ დიალოგებში განხილული იქნება. ეს ყველაფერი შესანიშნავი მასალაა აქტიური წარმოსახვისთვის: დიალოგი დაიწყო და საკუთარი არსების სხვადასხვა ნაწილები ერთმანეთს სწავლობენ.
თუ აღმოაჩენთ, რომ შინაგანი პერსონაჟი არ საუბრობს, ამ შემთხვევაში ლეგიტიმურია "ტურბოს გააქტიურება". თქვენ შეგიძლიათ წამოიწყოთ საუბარი ისე, თითქოს ოთახში მორცხვ და არაკომუნიკაბელურ ადამიანთან ერთად იმყოფებით. დასვით კითხვები, გამოხატეთ თქვენი გრძნობები. თუ გეშინიათ გამოჩენილი ფიგურის, ესეც თქვით. თუ დანახული რაიმე მოვლენას, ადამიანს, სიზმარს ან განცდილ ემოციას გაგახსენებთ, უთხარით მას ამის შესახებ.
ალბათ, ისე ვერაფერი ახერხებს დიალოგის სწრაფად და ღრმა დონეზე განვითარებას, როგორც გრძნობების გამოხატვა. როცა თქვენ გრძნობებს გამოხატავთ და თქვენი თანამოსაუბრეც იგივეს აკეთებს, ეს მიმოცვლის ძალიან პირდაპირი და ეფექტური გზაა ურთიერთობის ღრმა საფეხურზე გადასასვლელად. ეს იმიტომ ხდება, რომ გრძნობები ძირითადად ღირებულებებს ეხება: ვინ გვიყვარს, რა გვიყვარს, რას ვაფასებთ, რისი გვეშინია, რას ვგრძნობთ, რა არის არაკეთილსინდისიერი და არალეგიტიმური და ასე შემდეგ.
უაღრესად მნიშვნელოვანია ყველაფერი ისე ჩაიწეროთ, როგორც ხდება და რაც ვერბალურად ფიქსირდება. წერა გვიცავს პასიურ ფანტაზიაში გადასვლისაგან, რომელიც გონების კუნჭულებიდან გვეპარება ხოლმე. წერა კონცენტრირებაში და უფრო ღრმა გამოცდილების დაფიქსირებაში გეხმარებათ. ფიზიკური წერა გამოცდილებას ცნობიერ გონებაში უფრო ნათლად ასახავს.
საუბარი ერთ გამოსახულებასთან
აქტიური წარმოსახვის ჭეშმარიტი აქტის ჩასატარებლად, აუცილებელია შევინარჩუნოთ გამოსახულება, რომელიც კონტაქტზე გამოდის; ჩვენ მასთან იქამდე უნდა დავრჩეთ, სანამ რაიმე სახის რეზოლუციას არ ექნება ადგილი. როდესაც პიროვნება კონკრეტულ გამოსახულებას ხვდება ან მასთან დიალოგს იწყებს, მნიშვნელოვანია კომუნიკაცია უწყვეტი ფორმით გაგრძელდეს და არ მივცეთ სხვა გამოსახულებებსა და ფანტაზიის მასალებს ჩარევის უფლება, რომლებიც შესაძლოა გონებაში შემოიჭრან და ამით აქტიურ წარმოსახვას ხელი შეუშალონ.
თუ თქვენ გონებას გამოსახულებებზე ხეტიალის ნებას მისცემთ, ხელთ მხოლოდ ხატ-სახეების უაზრო სერიები შეგრჩებათ და მეტი არაფერი, რომელთაგან არცერთი არსად მიგვიყვანს. თუ თქვენი ეგო ნამდვილად მიდის შინაგან ფიგურებთან და მათთან ურთიერთობას იწყებს, ასეთი ურთიერთქმედება იქნება უწყვეტი და თანმიმდევრული გამოცდილება. არ დაჯდეთ პასიურად, სანამ თქვენი გონება ერთი გამოსახულებიდან მეორეზე გადადის.
აქტიური წარმოსახვა არის თანმიმდევრული გამოცდილება, რომელსაც აქვს დასაწყისი, შუა ეტაპი და დასასრული. სიზმრის მსგავსად, იგი გვაჩვენებს პრობლემისა და კონფლიქტის ილუსტრაციას, სადაც პრობლემასთან ურთიერთობის პერიოდი და საკითხებზე განსხვავებული შეხედულებების დაფიქსირებისა და განხილვის საშუალება იქმნება, სანამ კონფლიქტი საბოლოოდ არ მოგვარდება. პრობლემის გადაწყვეტა შეიძლება მოხდეს ერთ სესიაში ან დასჭირდეს რამდენიმე სესია, რომელიც შესაძლოა დღეების, თვეების ან წლების განმავლობაშიც გაგრძელდეს.
დააკვირდით აქამდე მოყვანილ მაგალითებს და იპოვეთ, რა პრაქტიკული მაგალითის მიღება შეგიძლიათ მათგან. გავიხსენოთ ქალბატონისა და იაპონელი მხატვარის მაგალითი; ამ დიალოგში ადვილად შეგიძლიათ ამოიცნოთ წერტილი, სადაც პრობლემა თავიდანვე წამოიჭრა. დიალოგის დასასრულს ჩვენ ვხედავთ რეზოლუციას. მიუხედავად ამისა, ეს არ იყო უკანასკნელი საუბარი იაპონელ მხატვართან, მაგრამ მოცემულ სესიაზე ძირითადი საკითხები აღმოვაჩინეთ.
ამის საპირისპიროდ, განვიხილოთ მამაკაცის მაგალითი, რომელიც თითქოს მითიურ მოგზაურობაში გასაჭირში მყოფი დედოფლის დასახმარებლად იმყოფებოდა. სესიაზე აქტიური წარმოსახვის პრობლემა დაფიქსირებულია: დედოფლის მიწაზე მოქმედებს ბოროტი ძალები და ადამიანები ზარალდებიან. ამ ყველაფერს უდანაშუალო დედოფალს აბრალებენ. როდესაც მამაკაცი მეგზურთან ერთად მოგზაურობს, იგი აკეთებს იმას, რაც შეუძლია: იწყებს პატარა გოგონას მკურნალობას, მაგრამ ამით მისი მოგზაურობა მხოლოდ იწყება. მომავალში მეტი და მეტი სამუშაოა გასაკეთებელი. სინამდვილეში, ეს კონკრეტული აქტიური წარმოსახვის სესია წლების განმავლობაში გაგრძელდა და ახლაც გრძელდება.
შეგრძნებების თანხლებით მონაწილეობა
მთლიანად მასში მონაწილეობა - სწორედ ესაა აქტიური წარმოსახვის არსი. ყველაფერი, რაც აქტიური წარმოსახვისა და პასიური ფანტაზიის შესახებ აქამდე ითქვა, ამ ეტაპზე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ წარმოსახვასთან სრულიად ლეგიტიმური წევრის სახით გაერთიანდეთ. თქვენ უნდა წამოიწყოთ საუბარი, დასვათ კითხვები, ილაპარაკოთ, იკამათოთ და გააპროტესტოთ - ყველაფერი, რასაც გააკეთებთ, შინაგან ნაწილებს შორის ურთიერთგაცვლას უდრის.
მოცემულ საკითხში ყველაზე მნიშვნელოვანი ასპექტია თქვენი შეგრძნებების გამოცდილებაში ჩართვა და მათი თანხლებით მონაწილეობის მიღება. ადამიანმა უნდა იგრძნოს, რომ გამოცდილება რეალურია. მან უნდა იგრძნოს, რომ განცდილი ნამდვილად ხდება - მიუხედავად იმისა, რომ ეს არის შიგნით და არა გარეთ. როდესაც შეგრძნებისაგან მოწყვეტილნი ვართ ან უბრალოდ ვრგძნობთ რომ ეს ყველაფერი სხვა არაფერია თუ არა უბრალო ფანტაზია, ესეიგი ჩვენთვის არ არსებობს რეალური გამოცდილება. თუ ვინმე აქტიურ წარმოსახვაში მთელი თავისი შეგრძნებებით არ მონაწილეობს, ეს არ არის ნამდვილი აქტიუირი წარმოსახვა.
გრძნობებით კონცენტრაციის კარგი მაგალითია ქალბატონის შეგრძნება, რომელიც გრძნობდა, რომ მისი მეუღლე და ძმა მას აიგნორებდნენ. როგორი შეგრძნებები ჰქონდა ქალბატონს, როდესაც აქტიურ წარმოსახვაში მათთან შესახვედრად და სალაპარაკოდ წავიდა? მან იგრძნო გაბრაზებაც, იგნორიც და აღშფოთებაც - და მან რეალურად იგრძნო ეს ყველაფერი. სწორედ ამ შეგრძნებების გამო უპასუხეს შინაგანმა ფიგურებმა ქალბატონს.
ჩვეულებრივ, მარტივად შეგვიძლია გავარკვიოთ, ასრულებს თუ არა ადამიანი აქტიური წარმოსახვის ნამდვილ სესიას; უნდა გავიგოთ, არის თუ არა სესიისას ნამდვილი შეგრძნებების განცდა და რა სახის პასუხები მოდის ამ შეგრძნებებიდან გამომდინარე. თუ ვხედავ, რომ აქტიურ წარმოსახვაში ადამიანის ნორმალური ემოციური რეაქცია ბრაზი, შიში ან უსაზღვრო სიხარული უნდა იყოს, მაგრამ ადამიანი ამ შეგრძნებებს არ განიცდის, ეს ფაქტი თავისთავად მეუბნება, რომ იგი მოწყვეტილია რეალურ პროცესს და მხოლოდ შორიდან უყურებს სიტუაციას.
აქტიურ წარმოსახვაში ჩვენ მთლიანად უნდა მივიღოთ მონაწილეობა. თუმცა, არსებობს ერთი ხაზი, რომელიც არ უნდა იქნეს გადაკვეთილი. ჩვენ არ უნდა ვეცადოთ კონტროლს. აქტიურ წარმოსახვაში ჩვენ ვერ ვახორციელებთ კონტროლს შინაგან პიროვნებებზე ან შექმნილ სიტუაციაზე. წარმოსახვას ნება უნდა მივცეთ, რომ ყოველგვარი დადგენილი და წინასწარი მცდელობის გარეშე განვითარდეს, რათა წინასწარ არ განვსაზღვროთ რა მოხდება, რა ითქმება ან რა შესრულდება.
ზოგჯერ ძნელია დავინახოთ განსხვავება უშუალო მონაწილეობასა და კონტროლის მცდელობას შორის. ანალოგის აღება გარეგან ადამიანებთან მიმართებაში შეგიძლიათ; როცა ვინმესთან საუბრობთ, თავაზიანობა და პატივისცემა გიბიძგებთ, რომ ამ ადამიანს "თანაბარი დრო" დაუთმოთ. ჩვენ არ ვცდილობთ დომინირებას საუბრის განმავლობაში. ჩვენ არ ვაწუხებთ სხვა ადამიანს საკუთარი მოსაზრებებით, რათა თავისი აზრის გამოხატვის შანსი ხელიდან წავართვათ. თავაზიანობის, თავშეკავებისა და პატივისცემის წესები მაშინაც გამოიყენება, როდესაც შინაგან პიროვნებებთან ვამყარებთ ურთიერთობას.
ზოგჯერ ის, რასაც თქვენი შინაგანი პიროვნება ამბობს, სულელურად, პრიმიტიულად და უაზროდ ჟღერს. შესაძლოა მისმა სიტყვებმა "მაზოლზე ფეხი დაგვაჭიროს" და შედეგად გავბრაზდეთ კიდეც. მიუხედავად ამისა, თქვენ გაქვთ სიბრაზის გამოხატვისა და დაფიქსირების უფლება. ერთხელაც სცადეთ და ყოველგვარი კონტროლის მცდელობა გააქრეთ. შეწყვიტეთ მიდრეკილება, რომ შინაგანი ფიგურები ჭკვიანურად და შთამბეჭდავად გამოიყურებოდეს თქვენივე ეგოს სტანდარტებისთვის.
კონტროლის მცდელობის დათმობა ნიშნავს უარი თქვათ თქვენს წინასწარგანწყობაზე. სინამდვილეში, თქვენ ამ ეტაპზე საერთოდ არ უნდა იფიქროთ, თუ რას ნიშნავს დანახული ან მოსმენილი საერთო ჯამში, რადგან იგი სცენარის კონტროლის მცდელობამდე მიგიყვანთ. პროცესის განმავლობაში ეგოს მოლოდინების უარსაყოფად მოთმინება გვჭირდება. ჩვენ უნდა დავთმოთ ეგოს მენტალიტეტი და ამის ნაცვლად მთლიანად უნდა მივენდოთ შეგრძნებებს, კონფლიქტებსა და პიროვნებებს, რომლებიც ჩვენი ცხოვრების ზედაპირის სიღრმეში ცხოვრობენ.
მოსმენის სწავლა
აქტიური წარმოსახვა ყველაზე მეტად მოსმენის პროცესია.
მიუხედავად ამისა, არ არის აუცილებელი რომ ყველა დიალოგი მაინცდამაინც სიტყვებით იყოს გამართული. არსებობს აქტიური წარმოსახვის სესიები, რომლებშიც მთელი გამოცდილება ხდება მოქმედებებით, დანახულით და კეთებით. ეს ყველაფერი მაინც დიალოგად ითვლება, მაგრამ ეს არის დიალოგი სიტყვების გარეშე. თუმცა, უფრო ხშირად დიალოგი სწორედ სიტყვიერი სახით ხდება. ნებისმიერ შემთხვევაში ჩვენ მოსმენა უნდა ვისწავლოთ.
ხშირად ჩვენ წარმოსახვაში საკუთარი არსების ისეთ ნაწილებს ვხვდებით, რომლებიც მტრულად განწყობილნი, ნევროზულნი, მოუმწიფებელნი და სხვადასხვა მანკიერებებით დატვირთულნი არიან. ასე გამოიყურებიან ისინი ჩვენი ეგოსთვის. მაგრამ ახლა, თუ შუა ომის ველზე ურთიერთობებისთვის სივრცის შექმნას განვიზრახავთ, მოსმენა უნდა დავიწყოთ.
ჩვენს მიერ წლების განმავლობაში საკუთარი არსების ამ ნაწილების იგნორირების შემდეგ, მათ ვხედავთ, როგორც ჩვენი პიროვნების არასრულფასოვანი მახასიათებლები; ჩვენ ვხვდებით, რომ მათ გარკვეულწლად რაღაც ძალიან უსიამოვნო უნდა გვითხრან, მაგრამ მხოლოდ მას შემდეგ, რაც ყურადღებით მოვუსმენთ. სულაც არ არის გასაკვირი, თუ რომელიმე შინაგანი პიროვნება მეტყვის, როგორი ტირანი ვიყავი წლების განმავლობაში.
ადამიანი მზად უნდა იყოს დასვას შეკითხვა: "ვინ ხარ შენ? რა გაქვს ჩემთვის სათქმელი? მე მოგისმენ. თუ გინდა, შეგვიძლია მთელი საათის განმავლობაში ვისაუბროთ. მე აქ მოსასმენად ვარ."
ეს ყველაფერი ჩვენი დამოკიდებულებათა უმრავლესობის სერიოზულ გადაფასებას მოითხოვს. თუ თქვენში არის რაღაც, რასაც დანახვისას სისუსტედ, დეფექტად ან ნაყოფიერი ცხოვრების საშინელ შეფერხებად აღიქვამთ, მაინც უნდა შეწყვიტოთ მასთან "ცუდი ბიჭის" ასპექტში მიახლოება. ერთხელაც, აქტიური წარმოსახვის დროს, თქვენ უნდა შეეცადოთ, რათა მოუსმინოთ ამ "დაბალ" არსებას, თითქოს იგი სიბრძნის ხმა არის. თუ ჩვენი დეპრესიული სისუსტეები ჩვენამდე პერსონიფიცირებულ ფორმაში მოდიან, ჩვენ გვჭირდება პატივი ვცეთ ამ მახასიათებლებს, როგორც მთლიანი მე-ს ნაწილს.
გასაოცარი და ამავდროულად საშინელია, როდესაც ჩვენი არასრულფასოვნების, დანაშაულის შეგრძნების ან სინანულის აღქმას მივიღებთ და მათ ვეტყვით: "შენ გაქვს ყველა პრივილეგია. შენ ხარ ის, ვინც მოწმობს იმას, რაც არ ვიცი და არ მესმის. შეგიძლია რაც გინდა ის თქვა ან რამდენიც გინდა. შენ იქნები პატივცემული და დაფასებული. ყველაფერი, რასაც კი ამბობ ჩაიწერება". სწორედ აქედან იზრდება აქტიური წარმოსახვის ნამდვილი ძალა: ჩვენ ვსწავლობთ იმის მოსმენას, ვინც აქამდე დადუმებული გვყავდა. ჩვენ ვსწავლობთ პატივი ვცეთ მას, ვინც ჩვენგან შეურაცხყოფილნი არიან.
პასუხის გაცემა
როდესაც მოსმენას ვისწავლით, ასევე უნდა ვისწავლოთ პასუხის გაცემაც, რათა დიალოგში შევიტანოთ ჩვენი საკუთარი ინფორმაცია, შეხედულება და ღირებულება.
როდესაც ადამიანები არაცნობიერის პატივისცემას და მოსმენას სწავლობენ, თავდაპირველად ხშირად არსებობს ტენდენცია, რომ პიროვნებამ იფიქროს, თითქოს "მისმა საკუთარმა ეგომ არაფერი იცის". არსებობს შინაგანი ფიგურებისადმი გადამეტებული მნიშვნელობის მიდრეკილება და ფიქრი, რომ მათი შეხედულებები და მიდრეკილებები საბოლოო ავტორიტეტებს განასახიერებენ. ასეთი აღქმა ისეთივე სულელური და ცალმხრივია, როგორც ჩვენი ჩვეული, მთლიანად ეგოზე ორიენტირებული მიდგომა. როგორც ეგოს სჭირდება საკუთარი თვალსაზრისების დაბალანსება არაცნობიერის გავლით, ასევე არაცნობიერსაც სჭირდება იყოს დაბალანსებული ცნობიერი გონების დამოკიდებულებით.
გაიხსენეთ იუნგის დაკვირვება: მან თქვა, რომ ეგოს არაცნობიერთან ურთიერთობა ჰგავს პატარა ნავს, რომელიც უზარმაზარ ოკეანეში ტივტივებს. ჩვენ ხშირად ვიგრძნობთ, რომ ეს მართლაც ასეა. ჩვენ მთლიანად ტალღებზე და ქარებზე ვართ მინდობილნი. როგორც ჩანს, ჩვენ ძალიან მცირედი კონტროლი და ძალაუფლება გაგვაჩნია რაიმე სფეროში.
მიუხედავად იმისა, რომ ეგო პატარაა, მას აქვს განსაკუთრებული ძალა - ცნობიერება, რაც ეგოს ისეთივე საჭირო, ძლიერ და ღირებულ ძალას ანიჭებს, როგორც არაცნობიერში არსებული სიმდიდრე. ეგოს შეუძლია არაცნობიერის ოკეანესთან საუბარი, რომლის გარეშეც ცნობიერების ევოლუცია ვერ გაგრძელდება. არაცნობიერთან ერთად ეგო თავადაც ერთვება დიალოგში, რითაც ორივე მათგანს თანასწორობას ანიჭებს.
ეგოს ცნობიერების უნარი მას აძლევს ძალას, უფელბას და მოვალეობას, რათა არაცნობიერთად ერთად თანაბარ პირობებში შემუშავებულ იქნეს ღირებულებების სინთეზი.
მანიპულაციაზე უარის თქმა
აქტიური წარმოსახვის მეორე საფეხურის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კანონი არის ის, რომ არასდროს ვიმუშაოთ წინასწარ მომზადებული გეგმით. თქვენ არ უნდა იცოდეთ რა უნდა მოხდეს, სანამ ეს უშუალოდ არ მოხდება.
თქვენ შეიძლება იცოდეთ, რას გრძნობთ რაღაცის მიმართ; თქვენ შეიძლება იცოდეთ რა უნდა უთხრათ შინაგან ადამიანს; თქვენ შეიძლება იცოდეთ ვის ეძებთ, როდესაც წარმოსახვაში შედიხართ. მაგრამ, თქვენ არ უნდა იცოდეთ რის თქმას აპირებს შინაგანი პიროვნება, სანამ არ იტყვის. თქვენ არ იცით რას გააკეთებენ შინაგანი ფიგურები, სანამ უშუალოდ არ მოიმოქმედებენ რამეს. თქვენ გაქვთ უფლება მოუხმოთ ანიმას, ანიმუსს ან ჩრდილოვან ფიგურებს, მაგრამ არ გაქვთ იმის დაგეგმვის უფლება, რაიმე სახით მოახდინოთ მათზე დომინირება, როდესაც ისინი გამოჩნდებიან.
საუკეთესო შემთხვევაში, აქტიური წარმოსახვა სიურპრიზებით სავსე ცხოვრებაა, რომელშიც მრავალი მოულოდნელობა გველის. ჩვენ არ ვადგენთ გეგმებს და არც არაფრის მოლოდინი გვაქვს. ჩვენ უბდალოდ ვიწყებთ და რაც მოვა, გახსნილად ვღებულობთ. ის, რაც არაცნობიერიდან სპონტანურად, ყოველგვარი ძალდატანებისა და კონტროლის გარეშე მოედინება, არის ნამდვილი აქტიური წარმოსახვის საგანი.
ჩვენ ეს მომენტი ნათლად უნდა გავიგოთ, რადგან ახლა უამრავი სისტემა არსებობს და სხვა საკითხი არ უნდა აგვერიოს აქტიურ წარმოსახვაში. სხვა სისტემებს შორის განსხვავება ისაა, რომ დანარჩენები წინასწარ მომზადებული გეგმით და მოლოდინებით ხელმძღვანელობენ, სადაც ყველაფერი წინასწარ განსაზღვრულია.
ასეთ სისტემებს ზოგჯერ "მართულ გამოსახულებას", "კრეატიულ გამოსახულებას" ან სხვა რამს უწოდებენ. ამ შემთხვევაში ეგო წყვეტს რისი გამოყვანა სურს არაცნობიერიდან და თავად ამზადებს სცენარს. იდეა არაცნობიერის "დაპროგრამებაში" მდგომარეობს, რათა მან ის გააკეთოს, რაც ეგოს სურს.
გამოსახულებებისადმი მოცემული მიდგომის პრობლემა ის არის, რომ ყველა გადაწყვეტილებას ეგო იღებს. ასეთ დროს არაცნობიერი განიხილება, როგორც ერთგვარი სულელი ცხოველი, რომელსაც საკუთარი შეხედულება არ გააჩნია. მთელი აზრი მდგომარეობს არაცნობიერის გაწვრთნაში, რათა მან ის გააკეთოს, რაც ეგოს სურს. ეგოს გადაწყვეტილებები შესაძლოა კარგად გამოიყურებოდეს; პრობლემა ის არის, რომ ამ გადაწყვეტილებების მიღებისას არაცნობიერს მისთვის კონსულტაცია არ გაუწევია.
აქტიური წარმოსახვა სრულიადნ განსხვავებული პერსპექტივიდან იწყება. ჩვენ ვაღიარებთ, რომ არაცნობიერი ფლობს დიდ სიბრძნეს, აქვს საკუთარი თვალსაზრისებ და მათი უმეტესობა ისეთივე რეალისტურია, როგორც ეგო-გონების შეხედულებები. აქტიური წარმოსახვის მიზანი არ არის არაცნობიერის „დაპროგრამება“, არამდ მისი მოსმენა.. თუ თქვენს არაცნობიერს მოუსმენთ, თავის მხრივ არაცნობიერიც მოგისმენთ თქვენ.
თუ გადაწყვეტთ, რომ რაიმე დიდი პროექტის განხორციელება გსურთ, მაგრამ ამავდროულად არაცნობიერი თქვენს გადაწყვეტილებას წინააღმდეგობას უწევს, ამის გამო არაცნობიერის "დაპროგრამებას" არ უნდა ეცადოთ, რათა იგი თქვენს იდეებს დაეთანხმოს. ამის ნაცვლად, თქვენ უნდა წახვიდეთ არაცნობიერში და იპოვოთ ის, ვინც ამის წინააღმდეგია ან დეპრესიულ განწყობაზე იმყოფება. თუ ამას გააკეთებთ, ხშირად გაგიკვირდებათ როდესაც აღმოაჩენთ, რომ არაცნობიერს კარგი მიზეზები აქვს რათა თქვენს სურვილს წინააღმდეგობას უწევდეს.
შესაძლოა განიცდიდეთ აკვიატებას ან ინფლაციას; შესაძლოა იმის მიღწევას ცდილობდეთ, რისი მიღწევაც შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე შეუძლებელია. სავარაუდოდ. თქვენი არაცნობიერი წინააღმდეგობას გაგიწევთ და ეცდება, რომ გონზე მოგიყვანოთ. შესაძლოა თქვენი გეგმები ნიშნავს მუდმივი ზიანის განხორციელებას ოჯახურ ცხოვრებაში, ქორწინებაში, მეგობრობაში და ასე შემდეგ. არაცნობიერმა შესაძ₾ოა გამოგიგზავნოთ ფიზიკური სიმპტომები, დეპრესიია და დამბლის განცდა, რათა თავიდან აიცილოთ ქმედება, რომელიც თქვენს ცხოვრებაში მნიშვნელოვან რაღაცას გაანადგურებს.
აქტიური წარმოსახვა იწყება პრინციპით, რომ პატივი ვცეთ არაცნობიერს და გავაცნობიეროთ, თუ რა წვლილი უჭირავს მას. ამიტომ, დიალოგი ისე უნდა წარიმართოს, როგორც ორ თანასწორს შორის, რომლებიც პატივს სცემენ ერთმანეთს. ეს არ შეიძლება იყოს შემთხვევა, როდესაც ერთი მეორეს "დაპროგრამებას" ცდილობს.
სწორედ ამიტომ, აქტიურ წარმოსახვაში არ არსებობს არანაირი სცენარი. თქვენ არ მიჰყვებით დაგეგმილ კურსს. წინასწარ ნუ გადაწყვეტთ, რა არის მიზანი, რათა შემდგომში არაცნობიერის მიმართ მანიპულაციის მცდელობებს არ ჰქონდეს ადგილი.
ისტორიულად, "მართული გამოსახულების" მრავალი ლეგიტიმური და კარგი მეთოდი არსებობს. ამის ერთ-ერთი მაგალითია წმინდა იგნატიუსის წვრთნები. ეს არის მედიტაციების სერია ქრისტეს ცხოვრების შესახებ, სადაც მართვადი ვიზუალიზაცია ყოველდღიურად გამოიყენება. იუნგი წლების განმავლობაში კითხულობდა შვეიცარიაში ლექციების სერიას იმის შესახებ, თუ რითი განსხვავდება ერთმანეთისგან აქტიური წარმოსახვა და მართული გამოსახულება.
მაგალითად, მართული გამოსახულების დროს თქვენ მიდიხართ ქრისტეს ჯვარცმის დღემდე. თქვენ ხედავთ მტვერს და გრძნობთ ოფლისა და სისხლის სუნს. გესმით, როგორ დასცინის ბრბო ქრისტეს. ხედავთ ეკლის გვირგვინს, ჯვარს და სისხლს. ფეხქვეშ გრძნობთ ქვებს და სხეულზე მზის მცხუნვარებას ხალხთან ერთად, რომლებიც გოლგოთასკენ მიდიან.
ეს არის რელიგიური გამოცდილების მაგალითი, როდესაც წარმოსახვის გზით სიმბოლოები იმდენად რეალურნი ხდებიან, რომ უშუალო გამოცდილებად გადაიქცევიან. ამ სახით მართული გამოსახულება სასარგებლოა, თუ იგი ნამდვილად ემსახურება თქვენს რელიგიურ მიზნებს. იგი ძირითადად შუა საუკუნეების მენტალიტეტისთვის იყო განკუთვნილი, მაგრამ ამ მენტალიტეტის დიდი ნაწილი ჯერ კიდევ ცხოვრობს ჩვენში და ჩვენ შეგვიძლია პატივი ვცეთ მას.
იუნგმა თქვა, რომ ჩვენთვის უკეთესია აქტიურ წარმოსახვაში წასვლა, რათა საკუთარი გოლგოთა გავიაროთ და აღმოვაჩინოთ, რა იმყოფება ჩვენი ინდივიდუალობის შიგნით. ასეთ დროს ვინმეს მიერ წინასწარ განსაზღვრული არაფერია გარდა იმისა, რაც ჩვენს შიგნით ცხოვრობს. აქტიური წარმოსახვა უგულებელყოფს ავტორიტეტს და ტრადიციას. ერთ რამეში შეგიძლიათ დარწმუნებული იყოთ: საბოლოო ჯამში ყველა გზა გოლგოთამდე მიდის, რადგან ყოველი ჩვენგანი აღმოაჩენს საკითხებს და კონფლიქტებს, რომელიც უნდა გავიაროთ ზოგჯერ მტკივნეულად, მაგრამ ამავდროულად გმირული სულისკვეთებით. ხანდახან ეს არის თავგანწირვა, რათა ადამიანმა ცნობიერების სამეფოში ინიციაცია მიიღოს.
თუ თქვენ თანამედროვე მენტალიტეტის მქონე ადამიანი ხართ, საკუთარი გზა უნდა იპოვოთ. თქვენ უნდა იაროთ საკუთარი ბილიკებით, რომლებიც ერთდროულად შემზარავი და ამაღელვებელია. ამასთან დაკავშირებით ვერავინ ვერაფერს გეტყვით, რადგან არ არსებობს ერთი დადგენილი გზა, არამედ არსებობს მხოლოდ თქვენი გზა, რომელიც ისევე მოქმედებს, როგორც ნებისმიერი სხვა დანარჩენი, სანამ პატიოსნად ცხოვრობთ.
თქვენი ცხოვრების ხელოვნური მარტოობის დიდი ნაწილი აორთქლდება, თუ გააცნობიერებთ, რომ თქვენი გზა მხოლოდ თქვენ გეკუთვნით - ეს არის ერთი გზა მრავალთა შორის, მაგრამ თქვენივე ბუნებიდან გამომდინარე იგი ყველასგან განსხვავებული და უნიკალურია. იგი თქვენს აღმოჩენას ელოდება.
თითოეული ჩვენგანისთვის ეს გზა მარტოხელაა და იგი მარტომ უნდა გავიაროთ; სხვა ვერავინ გვეტყვის, რა საბოლოო მიმართულებას მიიღებს იგი და ასევე, ჩვენს მაგივრად სხვა ვერ შეძლებს საკუთარ გზაზე სიარულს.
თუ ამ გზით სიარულს აპირებთ, აქტიური წარმოსახვა სწორი გზამკვლევი იქნება.