თავი მესამე - ალტერნატიული რეალობები: სიზმარხილვის სამყარო და წარმოსახვის სფერო
ჩვენი ვერბალური შაბლონები ჩვენს ავტომატურ ვარაუდებს ხშირად ღალატობენ: თუ სიზმარს განვიხილავთ მეგობართან ერთად, ის სავარაუდოდ იკითხავს: „ეს დეტალი მართლა მოხდა, თუ მხოლოდ სიზმარში?“ ამის მნიშვნელობა ისაა, რომ რაც სიზმარში ხდება, „რეალური“ არ არის. სინამდვილეში, უფრო ზუსტი იქნება კითხვა დაისვას შემდეგნაირად: „ეს სიზმრის რეალობაში მოხდა, თუ ფიზიკურ რეალობაში?“
ორივე მათგანი ნამდვილი სამყაროა, ორივე რეალობაა, რომელიც ნამდვილად არსებობს. მაგრამ, სიზმრების სამყაროს - მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მათ შეტყობინებებს ვაცნობიერებთ - უფრო პრაქტიკული და კონკრეტული გავლენა აქვთ ჩვენს ცხოვრებაზე, ვიდრე გარეგან მოვლენებს. რადგან სწორედ სიზმრების სამყაროში მუშაობს არაცნობიერი საკუთარი ძლიერი დინამიზმის მეშვეობით. სწორედ აქ იბრძვიან ის დიადი ძალები, რომლებიც ახდენენ იმ დამოკიდებულებების, იდეალების, რწმენის და იმპულსების ფორმირებას, რომლებიც ჩვენი ქცევების უმეტესობას განაპირობებს.
როდესაც სიზმრებისადმი მგრძნობიარენი გავხდებით, აღმოვაჩენთ, რომ ყველა სიზმარში არსებული დინამიკა გარკვეულწილად ვლინდება ჩვენს პრაქტიკულ ცხოვრებაში - მოქმედებებში, ურთიერთობებში, გადაწყვეტილებებში, ავტომატურ რუტინებში, სურვილებსა და გრძნობებში. ჩვენ გვჯერა, რომ გაცნობიერებულად ვაკონტროლებთ ცხოვრების ზემოთ აღნიშნულ ელემენტებს. მაგრამ ეს რწმენა, ეგო-გონების დიდი ილუზიაა. ჩვენი ცხოვრების ასეთი ასპექტები, რეალურად, ბევრად უფრო ღრმა ადგილიდან არიან განსაზღვრულნი. ეს ხდება სიზმრების სამყაროში, სადაც მათი ძირეული წყაროები ისეთი სახითაა გამოვლენილი, რომ ჩვენ შეგვიძლია დავინახოთ და გავიგოთ მათი მნიშნელობა.
სიზმრები არაცნობიერს გამოხატავენ. ისინი არიან დინამიური მოზაიკები, რომლებიც შედგებიან სიმბოლოებისგან, და მოძრაობებისგან, ხოლო კონფლიქტებისა და ურთიერთქმედებების მეშვეობით არაცნობიერში დიდი ენერგეტიკული სისტემის განვითარებას გამოხატავენ.
არაცნობიერს გააჩნია განსაკუთრებული უნარი, წარმოქმნას ხატ-სახეები და გამოიყენოს ისინი სიმბოლოების სახით. სწორედ ეს სიმბოლოები ქმნიან ჩვენს სიზმრებს და წარმოადგენენ ენას, რომლის მეშვეობითაც არაცნობიერი საკუთარ შინაარსს ცნობიერ გონებას აწვდის.
ისევე, როგორც ანთებული ცეცხლი გამოსცემს სითბოს, ასევე არაცნობიერიც თავისებურად წარმოქმნის სიმბოლოებს. ამის გაკეთება არაცნობიერის ბუნებაა. როდესაც ჩვენ ვისწავლით ამ სიმბოლოების წაკითხვას, მივიღებთ უნარს, უკეთ აღვიქვათ ჩვენი არაცნობიერი. არაცნობიერის უნარი, წარმოქმნას ასეთი სიმბოლოები, მოქმედებს ბევრად მეტ საკითხში, ვიდრე მხოლოდ სიზმრებში: ადამიანის მთელი ცხოვრება იკვებება არაცნობიერის წყაროდან წამოსული სიმბოლური გამოსახულებების ნაკადით.
არაცნობიერის სიმბოლური გამოსახულებები წარმოადგენენ ადამიანის შემოქმედებით წყაროს, ყველა თავისი სულიერი რეალიზების ჩათვლით. სამყაროს მიმართ ფილოსოფიური გაგება არ წარმოიქმნება მხოლოდ ცნობიერების მიერ შემუშავებული ფილოსოფიური კონცეფციებისგან, არამედ იგი შეადგენს რელიგიური სიმბოლიზმის, რიტუალის, კულტის, ხელოვნებისა და წეს-ჩვეულებების ნაწილსაც. ეს ყველაფერი ხდება ერთი მიზეზის გამო: არაცნობიერის სიმბოლური ფორმირების პროცესი არის ადამიანის სულის წყარო, რომლის ისტორია თითქმის იდენტურია ადამიანის წარმოშობისა და მისი ევოლუციური განვითარებისა, რომელიც თავიდაპირველად ყოველთვის იწყება, როგორც სიმბოლური გამომხატველობა/ენა. იუნგი წერს:
„არქეტიპული შინაარსი საკუთარ თავს, უპირეველეს ყოვლისა, მეტაფორულად გამოხატავს.“ (Neumann, Great Mother, Inner Work: Seeking the Unconscious)
არაცნობიერის სიმბოლური გამომხატველობები საკუთარ გზას ცნობიერ დონემდე, ძირითადად, ორი გზით პოულობენ, ესენია: სიზმრები და წარმოსახვა. საკმაოდ ადვილია სიზმრების სიმბოლური ხარისხის მნიშვნელობის განსაზღვრა, რადგან სიზმრები ხშირად ავლენენ მითიურ არსებებსა და არამიწიერ სიტუაციებს, რომელთა არსებობაც შეუძლებელია ყოველდღიურ ცხოვრებაში. ადამიანები, როგორც წესი, იბნევიან სიზმრისეული გამოსახულებებით იქამდე, სანამ არ ისწავლიან, რომ სიზმარხილვის ხატ-სახეები უბრალოდ სიმბოლურია და არ უნდა იქნეს აღქმული პირდაპირი მნიშვნელობით.
იმის გამო, რომ სიზმრისეული გამოსახულებები ჩვეულებრივი თვალსაზრისით არანაირ აზრს არ ატარებენ, ადამიანები უარყოფენ მათ და აღიქვამენ, როგორც „უცნაურსა“ და უაზროს, მაგრამ, სინამდვილეში სიზმრები სრულიად თანმიმდევრულნი არიან. თუ ჩვენ დროს გამოვყოფთ სიზმრების ენის შესასწავლად, აღმოვაჩენთ, რომ ყოველი სიზმარი წარმოადგენს სიმბოლური კომუნიკაციის შედევრს. არაცნობიერი სიმბოლოთა მეშვეობით არ გვესაუბრება ჩვენი დაბნევის მიზნით, არამედ იმისათვის, რომ მოცემული გამოსახულება მისი ბუნებრივი და მშობლიური იდიომის ნაწილს წარმოადგენს.
არასდროს ვეთანხმებოდი, რომ სიზმარი არის „ფასადი“, რომლის ჭეშმარიტი მნიშვნელობა მის უკან იმალება - სიზმრის მნიშნელობა უკვე ცნობილია, მაგრამ ცნობიერებისათვის ბოლომდე გასაგები არ არის. ჩემთვის, სიზმრები განასახიერებენ ბუნების ნაწილს, რომელთაც არ აქვთ ჩვენი მოტყუების განზრახვა, არამედ რაიმეს გამოხატავენ ისეთივე ფორმით, როგორც მცენარე იზრდება. სიზმრები არ გვატყუებენ, მაგრამ შესაძლოა ჩვენ საკუთარი თავი მოვიტყუოთ, რადგან საკმარისად შორს ვერ ვიყურებით. დიდი ხნით ადრე, სანამ ფროიდს შევხვდებოდი, მე ვფიქრობდი არაცნობიერზე და სიზმრებზე, რომ ისინი ბუნებრივი პროცესების პირდაპირ მაჩვენებლებს წარმოადგენენ და მათ არ შეიძლება, რომ რაიმე სახის თვითნებობა მივაწეროთ. (Jung, MDR, The Four-Step Approach to Active Imagination)
სიზმარი შეიძლება შევადაროთ ეკრანს, რომელზეც არაცნობიერი ახდენს შინაგანი დრამის პროექცირებას. ჩვენ აქ ვხვდებით სხვადასხვა შინაგან პიროვნებებს, რომლებიც ჩვენი საერთო ხასიათის დიდ ნაწილს ქმნიან და ესაა დინამიკა ძალებს შორის, რომელიც არაცნობიერ მდგომარეობაში იქმნება. ეს უხილავი ძალები და მათ აქტივობები არაცნობიერის ეკრანზე გამოისახება. ისინი გამოსახულების ფორმას ღებულობენ, და სიზმრების სიმბოლოების ურთიერთქმედება გვაძლევს ზუსტ წარმოადგენას იმ დინამიკის შესახებ, რომელიც ჩვენს შიგნით მიმდინარეობს.
ამ სიზმრისეული ხატ-სახეების შესწავლისას, ჩვენი საწყისი წერტილია იმის გაცნობიერება, რომ ისინი პირდაპირი მნიშვნელობით არ უნდა აღვიქვათ: ჩვენ ვსწავლობთ დამოკიდებულებების, შინგანი პიროვნებების განვითარებასა და კონფლიქტების ძიებას, რომლებიც არაცნობიერში საკუთარ ფორმასა და ფერებს ატარებენ, რათა ჩვენთვის ხილულ მდგომარეობაში იმყოფებოდნენ.
წარმოსახვა და სიმბოლოები
ჩვენ ვთქვით, რომ სიზმარი არის ერთ-ერთი დიდებული არხი არაცნობიერიდან წამოსული კომუნიკაციის ორ გზას შორის; მეორე არის წარმოსახვა.
თავიდან ბევრს აბნევს იმის გაგონება, რომ წარმოსახვა არის არაცნობიერის თანმიმდევრული კომუნიკაციის მეთოდი, რომელიც იყენებს უაღრესად დახვეწილ და კომპლექსურ ენას არაცნობიერიდან სიმბოლური შინაარსის გამოსახატად. თუმცა ერთი რამ ცხადია: თუ ჩვენ ვისწავლით პრაქტიკული თვალით დავაკვირდეთ წარმოსახვას, აღმოვაჩენთ, რომ ეს არის ენერგიის ნამდვილი ნაკადი და აზრობრივი გამოსახულება, რომელიც მნიშვნელოვან ინფომრაციას გვაწვდის არაცნობიერიდან დროის უმეტესი ნაწილის განმავლობაში.
ჩვენ შეგვიძლია წარმოვიდგინოთ ორი არხი, რომელიც არაცნობიერიდან ცნობიერისკენ გაედინება. პირველი მათგანი არის სიზმრების ხარისხი, ხოლო მეორე - წარმოსახვის ხარისხი. სიზმარსაც და წარმოსახვასაც გააჩნიათ ერთი საერთო, განსაკუთრებული თვისება: მათ უნარს წარმოადგენს არაცნობიერის უხილავი ფორმების გადაქცევა ისეთ სიმბოლოებად, რომლებიც აღქმადია ცნობიერი გონებისათვის. ამიტომ, ზოგჯერ ჩვენ ისეთი შეგრძნება გვაქვს, თითქოს სიზმარი არის წარმოსახვა, რომელიც მუშაობს ძილის დროს და წარმოსახვა არის სიზმარი, რომელიც მუშაობს სიფხიზლის დროს.
როგორც არაცნობიერი გამოსცემს ენერგიის მუხტს საღამოობით, რომელიც სიზმრისეული გონების ეკრანზე სიმბოლურ შაბლონებს წარმოქმნის, ასევე არაცნობიერი ფუნქციონირებს სიფხიზლის საათებშიც. არაცნობიერი ასხივებს ენერგეტიკული იმპულების უწყვეტ ნაკადს, რომელიც საკუთარ გზას ცნობიერებისაკენ პოულობს შეგრძნებების, განწყობების და, ყველაზე მეტად, იმ ხატ-სახეების სახით, რომლებიც წარმოსახვაში ჩნდებიან. როგორც სიზმრებთან დაკავშირებით, წარმოსახვის შემთხვევაშიც შესაძლებელია სიმბოლური მნიშვნელობების გაგება იმ ადამიანისთვის, ვინც მზად არის ისწავლოს.
მასალა, რომელიც წარმოსახვის მეშვეობით მიედინება, ღებულობს უამრავ ფორმას. ამას გარკვეულწილად პასიური ფანტაზია ეწოდება: ეს არის ცხადი სიზმარი, რომელიც უცნაურ მომენტებში ტრიალებს გონებაში მთელი დღის განმავლობაში და ხანდახან იპყრობს ჩვენს ყურადღებას საკმაოდ დიდი ხნის მანძილზეც. ასეთი ფანტაზიები არის უბრალოდ ყურადღების გაფანტვა, რომლებიც არაფერს მატებს ცნობიერებას.
საუკეთესო ვარიანტში ეს არის ხედვის გამოცდილება, რომელშიც აქტიური წარმოსახვა და რელიგიური შეხედულებები ერთმანეთს ერწყმის. აქტიური წარმოსახვა არის წარმოსახვის კონსტრუქციული გამოყენების ერთ-ერთი გზა არაცნობიერთან მიახლოების მიზნით; არსებობს მრავალი სხვა გზაც, მათ შორის, მედიტაციის სხვადასხვა ფორმები.
ჩვენს კულტურას მეოცე საუკუნეში ჰქონდა უზარმაზარი კოლექტიური ცრურწმენა წარმოსახვის საწინააღმდეგოდ. ეს აისახებოდა თეზისებში, როდესაც ხალხი ამბობდა: „შენ მხოლოდ რაღაცებს წარმოიდგენ“ ან „ეს მხოლოდ შენი ფანტაზიაა და არა რეალობა“.
ფაქტობრივად, წარმოსახვაში არავინ არაფერს „ქმნის“. მასალა, რომელიც წარმოსახვაში ჩნდება, არაცნობიერიდან მომდინარეობს.
სიტყვა - წარმოსახვის - ფესვი არის ლათინური სიტყვა imago, რაც ნიშნავს „გამოსახულებას“, რადგან წარმოსახვა არის გონებაში გამოსახულების ფორმირების უნარი, რომელსაც ძალუძს შინაგანი სამყაროს მდგომარეობები გამოსახულებით შემოსოს იმგვარად, რომ ჩვენ მათი აღქმა შევძლოთ. წარმოსახვა წარმოქმნის არაცნობიერის სიმბოლოებს და იყენებს მათ საკუთარი თავის გამოსახატად.
ისტორიული და ფსიქოლოგიური მოვლენების გრძელმა სერიამ საუკუნეების განმავლობაში წარმოქმნა ჩვენი დღევანდელი გაუგებრობა იმის შესახებ, თუ რა არის ფანტაზია და წარმოსახვა სინამდვილეში. ჩვენ არ გვაქვს საკმარისი ადგილი ყველაფრის გასახსენებლად, მაგრამ, რადგან ცრურწმენა ძალიან გავრცელებულია, ღირს, რომ მოკლედ შევხედოთ, როგორც ესმოდათ ფანტაზიის მნიშვნელობა ჩვენს ინტელექტუალურ წინაპრებს, ძველ ბერძნებს.
ინგლისური სიტყვა fantasy მომდინარეობს ბერძნული სიტყვიდან phantasia. ამ სიტყვის ორიგინალი მნიშვნელობა ნიშნავს „ხილულად გახდომას“. ეს მომდინარეობს ზმნიდან, რომელიც ნიშნავს „ხილვას“, „გამოვლენას“. შესაბამისობა ნათელია: წარმოსახვის ფსიქოლოგიური ფუნქცია არის არაცნობიერი ფსიქიკის დინამიკის ხილულად გადაქცევა.
ბერძნულ ფსიქოლოგიაში ჩვენ ვპოულობთ ფუნდამენტურ შეხედულებას, რომელიც თანამედროვე სიღრმის ფსიქოლოგიას თავიდან უნდა აღმოეჩინა. ადამიანის გონება აღჭურვილია განსაკუთრებული უნარით, რომ გარდაქმნას უხილავი სფერო ხილულ ფორმებად იმგვარად, რომ მისი დანახვა და დაფიქსირება შეეძლოს. ჩვენ ამ უხილავ სფეროს არაცნობიერს ვუწოდებთ: პლატონისთვის ეს იყო იდეათა სამყარო; სხვა ანტიკური მოაზროვნეები ფიქრობდნენ, რომ ეს იყო ღმერთების სფერო, ჭეშმარიტი სულის რეგიონი. მაგრამ ყველა გრძნობდა ერთ რამეს: მხოლოდ ხატ-სახეების შექმნის ძალა გვაძლევდა მათი დანახვის საშუალებას.
ბერძნებისათვის phantasia აღნიშნავდა გონებაში განსაკუთრებულ უნარს, რომელსაც პოეტური, აბსტრაქტული და რელიგიური გამოსახულებების შექმნა შეეძლო. Phantasia არის უნარი, რომ „ხილული გავხადოთ“ შინაგანი სამყაროს შიგთავსი, საკუთარი ფორმის მიცემით, მათი პერსონიფიცირების შედეგად. ბერძნებმა მიიღეს შინაგანი სამყაროს რეალობა, რომელიც საკუთარ თავს იდეალური ფორმების ან უნივერსალური თვისებების სახით გამოხატავდა. მათთვის, Phantasia იყო ორგანო, რომლითაც ღვთაებრივი სამყარო ადამიანურ გონებას ესაუბრებოდა.[1]
ევროპულ ფსიქოლოგიაში, სულ მცირე შუა საუკუნეებამდე მაინც, გამოსახულებების ფორმირების უნარი, რომელსაც წარმოსახვა ან Phantasia ჰქვია, განიხილებოდა, როგროც ორგანო, რომელიც ღებულობდა იდეებს სულიერი და ესთეტიკური სამყაროებიდან და ყალიბდებოდა შინაგან გამოსახულებებად, რომელთა მეხსიერებაში შენახვის შემდეგაც, ისინი ობიექტის აზროვნებისა და მსჯელობის ნაწილნი ხდებოდნენ. რელიგიაში წარმოსახვის უნარი გაიგივებული იყო რელიგიურ შთაგონებასთან, გამოცხადებასთან და სულიერ გამოცდილებასთან.
ეს მოხდა ალბათ ელისაბედის ხანაში, სადაც ფანტაზიის განსხვავებული მნიშვნელობის განმარტება დაიწყეს - თითქოს ეს იყო ფიქტიური სიზმარი, რაღაც ფანტასტიკური და სრულიად არარეალური. გრამატიკაში დამკვიდრდა სიტყვა fancy, რომელიც მომდინარეობდა სიტყვა - ფანტაზიიდან და აღნიშნავდა რაღაცას, რაც წარმოსახვაში ახირებულად იყო შექმნილი, როგორც უბრალოდ გასართობი. სამწუხაროდ, ეს არის გაუგებრობა, რომლიც ჩვენ მემკვიდრეობით მივიღეთ წარმოსახვასთან დაკავშირებით, ჩვენი საუკუნის პოპულარულ გონებაში.
თუ დავფიქრდებით, გასაგები იქნება, თუ რა სისულელეა წარმოსახვის მნიშვნელობის დაკნინება. ადამიანი მთლიანადაა დამოკიდებული წარმოსახვით იმიჯზე. ძალაუფლების შექმნა და მისი გამოხატულება, პოეტური გამომხატველობის სიმბოლოები, ლიტერატურა, ფერწერა, ქანდაკება და არსებითად ყველა მხატვრული, ფილოსოფიური და რეალიგიური ფუნქციონირება დამოკიდებულია წარმოსახვის ხარისხზე. ჩვენ ვერ განვავითარებთ აბსტრაქტულ ინტელექტს, მეცნიერებას, მათემატიკას, ლოგიკას, მსჯელობას, ან თუნდაც, ენას, თუ არ შეგვეძლება გამოსახულების სიმბოლური ენით დამუშავება. ამიტომაც ნიუმანმა თქვა ის, რაც ადრე ჩვენს მიერ იყო ციტირებული:
არაცნობიერის სიმბოლური გამოსახულებები წარმოადგენენ ადამიანის შემოქმედებით წყაროს ყველა თავისი სულიერი რეალიზების ჩათვლით... ეს ყველაფერი ხდება ერთი მიზეზის გამო: არაცნობიერის სიმბოლური ფორმირების პროცესი არის ადამიანის სულის წყარო, რომლის ისტორია თითქმის იდენტურია ადამიანის წარმოშობისა და მისი ევოლუციური განვითარებისა, რომელიც თავიდაპირველად ყოველთვის იწყება, როგორც სიმბოლური გამომხატველობა/ენა. (Jung, MDR, The Four-Step Approach to Active Imagination)
აქტიური წარმოსახვა: წარმოსახვითი ხარისხის ცნობიერად გამოყენება
აქტიური წარმოსახვა, არაცნობიერის მსგავსად, ყოველთვის არსებობდა ადამიანურ ცხოვრებაში. მაგრამ, ისევე როგორც, ჩვენი შინაგანი ცხოვრების მრავალი ასპეტის შემთხვევაში, იუნგს დასჭირდა ამ დაკარგული ხელოვნების ხელახლა აღმოჩენა, რათა თანამედროვე ადამიანებისთვის ხელმისაწვდომი გაეხადა მოცემული მეთოდი.
ერთი შეხედვით აქტიური წარმოსახვა შესაძლოა ძალიან მარტივად ან გულუბრყვილოდ მოგვეჩვენოს იმისთვის, რომ იგი სერიოზულ ფსიქოლოგიურ ტექნიკად იქნეს აღქმული: ის მოიცავს გამოსახულებებში წასვლას და მათთან დიალოგის გამართვას, რომლებიც თავისთავად ჩნდებიან ადამიანის წარმოსახვაში. ცნობიერი ეგო-გონება რეალურად შედის წარმოსახვაში და მონაწილეობს წარმოსახვის პროცესში. ეს ხშირად ნიშნავს საუბრის წამოწყებას იმ ფიგურებთან, რომლებიც აქტიური წარმოსახვისას საკუთარ თავს ავლენენ, მაგრამ იგი ამავდროულად მოიცავს მოქმედებასაც, თავგადასავალს ან კონფლიქტში შესვლას, რომელი მოვლენაც არ უნდა ვითარდებოდეს ადამიანის წარმოსახვაში, გააჩნია, კონკრეტულად რა სახის წარმოსახვას აქვს ადგილი.
ცნობიერების წარმოსახვით მოვლენებში შეგნებულად მონაწილეობა არის ის, რაც წარმოსახვის პროცესს პასიური ფანტაზიიდან აქტიურ წარმოსახვად გარდაქმნის. წარმოსახვით სფეროში ცნობიერი და არაცნობიერი გონების გაერთიანება გვაძლევს შესაძლებლობას დავშალოთ ზოგიერთი ბარიერი, რომლებიც გამოყოფს ეგოს არაცნობიერიდან, რათა შეიქმნას ფსიქიკის ორ დონეს შორის კომუნიკაციის ნაკადი არაცნობიერიდან გამოწვეული ნოვროზული კონფლიქტების გადაწყვეტის მიზნით და შესაბამისად იმის გასაგებად, თუ ვინ ვართ ჩვენ როგორც ინდივიდები.
პოპულარული წარმოდგენის გამო, რომ ფანტაზია თავიდან ბოლომდე ფიქტიურია, უამრავი ადამიანი ავტომატურად ფიქრობს, რომ წარმოსახვაში არსებული მსგავსი გამოცდილება აბსოლუტურად არაფრის მომცემია. ისინი ფიქრობენ: „მხოლოდ საკუთარ თავს ველაპარაკები“. მაგრამ თუ ჩვენ ვიმუშავებთ აქტიურ წარმოსახვასთან, მალე დავადასტურებთ, რომ, სინამდვილეში, საკუთარი არსების სხვადასხვა ასპექტებთან ვსაუბრობთ. ჩვენ ვუპირისპირდებით ძლიერ პიროვნებებს, რომლებიც ჩვენს შიგნით არაცნობიერ დონეზე ცხოვრობენ და, რომლებიც საკმაოდ ხშირად არიან ჩვენს ცნობიერ იდეებსა და ქცევებთან კონფლიქტში. ჩვენ, რეალურად შევდივართ არაცნობიერის დინამიკაში: ვმოგზაურობთ ისეთ რეგიონში, სადაც ცნობიერმა გონებამ აქამდე არ იცოდა, როგორ მოხვედრილიყო.
ეს გამოცდილება, რა თქმა უნდა, სიმბოლურია. მოცემული ხატ-სახეები, რომლებთანაც ურთიერთქმედება გვაქვს, არის სიმბოლური, და ჩვენ მათ ვხვდებით ყოფიერების სიმბოლურ სიბრტყეში. მაგრამ აქ ჯადოსნური პრინციპი მოქმედებს: როდესაც ჩვენ განვიცდით მსგავს სიმბოლოებს, ამავდროულად გამოვცდით საკუთარი თავის შინაგან ნაწილებს, რომლებიც გამოსახულებებით არიან შემოსილნი. ეს არის სიმბოლური გამოცდილების ძალა ადამიანურ ფსიქიკაში, როდესაც იგი ცნობიერად გამოიცდება: მისი ინტენსივობა და გავლენა ჩვენზე იმდენად კონკრეტულია, როგორც ფიზიკური გამოცდილება. მისი ძალა მდგომარეობს ჩვენი დამოკიდებულებების ამაღლებაში, რომელიც გვასწავლის და გვცვლის ძალიან ღრმა დონეზე და ასეთი ცვლილება ბევრად აღემატება გარეგან მოვლენებს, რომლებსაც შესაძლოა სრულად შეუმჩნევლად გავცდეთ.
სიმბოლოების გამოცდილებისას, ჩვენ ერთდროულად განვიცდით კომპლექტებს, არქეტიპებს და შინაგან ფსიქიკურ ერთეულებს, რომლებიც კონკრეტული სიმბოლოს სახით არის წარმოდგენილი . როდესაც გამოსახულება საუბრობს, ეს არის ჩვენი ერთ-ერთი შინაგანი ხმა. როდესაც პასუხს ვუბრუნებთ, ეს არის ჩვენი თავის უხილავი შინაგანი ნაწილი, რომელიც უსმენს და აღრიცხავს მოსმენილს. იგი ჩვენს წინაშე წარმოსახვითი გამოსახულების სახით ვლინდება.
აქტიურ წარმოსახვაში მე იმდენად არ ველაპარაკები საკუთარ თავს, რამდენადაც ველაპარაკები ჩემს ერთ-ერთ ნაწილს. ეს არის ურთიერთმიმოცვლა ეგოსა და ჩვენში არსებულ სხვადასხვა პიროვნებებს შორის, რომლებიც ამოდიან არაცნობიერიდან და ჩნდებიან ჩვენს წარმოსახვაში ჩვენვე დაქუცმაცებული ნაწილების გაერთიანების მიზნით. მე ვიწყებ სწავლას და საკუთარი თავის იმ ნაწილების გაგებას, რომელთა შესახებაც აქამდე არაფერი ვიცოდი.
გადატანითი მნიშვნელობით შემიძლია ვთქვა, რომ აქტიური წარმოსახვა არის „უფრო რეალური, ვიდრე რეალობა“. ეს არ არის რეალური მხოლოდ იმ გაგებით, რომ მას აქვს პრაქტიკული და კონკრეტული გავლენა ჩვენს ფიზიკურ ცხოვრებაზე, არამედ იგი ასევე გვაკავშირებს ზებუნებრივი და ტრანსცენდენტული ძალების სამყაროსთან. ეს საშუალებას გვაძლევს, მონაწილეობა მივიღოთ ენერგიის ძირითადი ნაკადების ფორმირებაში, რომლებიც ქმნიან ჩვენი ცხოვრების გრძელვადიან ნიმუშებს, ჩვენს ურთიერთობებსა და დამოკიდებულებებს. ეს გავლენას ახდენს ჩვენი რეალობის ხარისხზე, რომელიც უფრო ღრმად მოქმედებს ჩვენზე, ვიდრე ნებისმიერი მოვლენა ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში.
ამ უზარმაზარ შინაგან ძალებთან და შორ მანძილზე არსებულ კონტურებთან ერთად, რომლებსაც არაცნობიერი ჩვენში ამკვიდრებს, ყოველდღიური ცხოვრების საზრუნავებთან და გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით აღმოჩნდება, რომ ყოველი მათგანი არის ცალკეული ტალღა სიცოცხლის უზარმაზარი მდინარის ზედაპირზე, რომელსაც ნელა და უეჭვლად მივყავართ საკუთარი მიზნისკენ. სიზმრებთან მუშაობას და აქტიურ წარმოსახვას მივყავართ ცხოვრების უფრო ფართო ხედვისკენ, სწორედ ამ უზარმაზარი მდინარის მიმართულებით. მათ ამოაქვთ ჩვენი გონება ტალღებისაგან და ჯვარედინი დინებებისგან, რომლებიც უმეტესწილად აწუხებენ ჩვენს არსებას.
სწორედ ამიტომ, ჩვენ ვგრძნობთ, რომ სიზმარი და წარმოსახვა გვაკავშირებს ყოფიერების ისეთ დონეზე, რომელიც არა მხოლოდ „რეალურია“, რეალობის გარეგანი გაგებით, არამედ არის რეალურზე მეტიც.
[1] The Romans apparently had no word in Latin for this exact idea of poetic, spiritual, or religious imagination that produced a symbolic representation of inner truth. The word imagination meant in classic Latin “fictitious”, in the sense that the picture is not the same as the external object that it represents. Roman writers came to use the Greek word phantasia when they wanted to speak of the human faculty by which we express the contents of the soul by using poetic or spiritual imagery. Cicero used Greek characters to write the word.