შინაგანი სამუშაო: სიზმრებისა და აქტიური წარმოსახვის გამოყენება პერსონალური განვითარებისათვის

რობერტ ალექს ჯონსონი
5
2

მთარგმნელები: დავით ჯანგველაძე და ვარიკო ესებუა

 თავი მეშვიდე - ოთხ საფეხურიანი მიდგომა; პირველი საფეხური: ასოციაციები

 პირველი საფეხურის დაწყებამდე, მოკლედ გადავხედოთ ოთხ ძირითად საფეხურს, რომლის შესახებაც წინა გვერდებში გვქონდა საუბარი. ოთხი საფეხური იყოფა შემდეგ პუნქტებად:

  1. ასოციაციების შექმნა და დაკავშირება.

  2. სიზმარხილვის ხატ-სახეების შინაგან დინამიკასთან დაკავშირება.

  3. ინტერპრეტაცია.

  4. რიტუალები სიზმარხილვის კონკრეტიკისთვის.

  პირველ საფეხურზე ჩვენ შევქმნით საფუძველს ინტერპრეტაციისთვის და ვიპოვით ასოციაციებს, რომლებიც სიზმრის გამოსახულებების საპასუხოდ, ჩვენივე არაცნობიერიდან წარმოიქმნება. ყოველი სიზმარი შედგება სიმბოლოებისა და ხატ-სახეების სერიებისგან, ამიტომ, ჩვენი მუშაობა იმ მნიშვნელოვანი გაცნობიერებით იწყება, რაც მოცემულ ხატ-სახეებს გააჩნიათ.

 მეორე საფეხურზე მოვძებნით და ვიპოვით შინაგანი მე-ს ნაწილებს, რომლებსაც სიზმრისეული გამოსახულებები წარმოადგენენ. ჩვენ ვიპოვით ჩვენს შიგნით მოქმედ დინამიკას, რომლის სიმბოლოც თავად სიზმრისეული სიტუაცია იქნება. შემდეგ, მესამე საფეხურზე, ჩვენ შევაგროვებთ პირველ ორ საფეხურზე მოპოვებულ ინფორმაციას და  სიზმრის ინტერპრეტაციას მთლიანობაში მივუახლოვდებით.

 მეოთხე საფეხურზე ვისწავლით რიტუალების შესრულებას, რაც ჩვენს სიზმრებს უფრო ცნობიერს გახდის და ამავდოულად, საკუთარ მნიშვნელობას უფრო ნათლად აღბეჭდავს ჩვენს გონებაში, რითაც მას უშუალო ფიზიკურ გამოცდილებად გარდაქმნის. როდესაც მეოთხე საფეხურამდე მივალთ, განვიხილავთ, თუ რა გამოყენება შეიძლება ჰქონდეს ჩვენთვის ცერემონიას და რიტუალს, არაცნობიერთან ხელახლა დაკავშირებისას.

  ჩვენს წინაშე გადაშლილი ამ მოკლე საგზაო რუქის აღწერით, ჩვენ ვიწყებთ  პირველ საფეხურს.

 

  პირველი საფეხური: ასოციაციები

 

  არაცნობიერი მზადაა სიზმარში არსებული ყველა სიმბოლოსათვის მოგვაწოდოს ასოციაციები, რომლებიც გამოჩენილი სიმბოლოს მნიშვნელობას ხსნიან. არაცნობიერი, მის მიერ წარმოქმნილ სიმბოლოებთან ერთად, მასთან დაკავშირებულ მითითებებსაც შეიცავს; ამიტომ, არაცნობიერის სიმბოლური ენის გაშიფვრა ჩვენთვის შესაძლებელია. ჩვენი ამოცანა იწყება იმ ასოციაციების გამოღვიძებით, რომლებიც სპონტანურად ვლინდებიან სიმბოლოებთან ერთად.

 პირველ რიგში, თავიდან ბოლომდე გაყევით თქვენს სიზმარს და ჩაიწერეთ ყველა ასოციაცია, რომელიც თითოეულ სიზმრის გამოსახულებასთან დაკაშირებით გაგაჩნიათ. სიზმარი შეიძლება შეიცავდეს ადამიანებს, საგნებს, სიტუაციებს, ფერებს, ბგერებს ან მეტყველებას. ჩვენი მიზნებისთვის, თითოეულ მათგანს განსხვავებული გამომხატველობა გააჩნია და ისინი სწორი მიდგომით უნდა განიხილებოდნენ.

  ძირითადი ტექნიკა ასეთია: ჩაიწერეთ პირველი გამოსახულება, რომელიც სიზმარში გამოჩნდა. შემდეგ, ჰკითხეთ საკუთარ თავს: "რა შეგრძნება მაქვს ამ გამოსახულებასთან დაკავშირებით? რას ვგრძნობ მის მიმართ? რა მახსენდება, როდესაც მას ვუყურებ?". თქვენი ასოციაცია შეიძლება იყოს ნებისმიერი სიტყვა, იდეა, წარმოსახვითი ხატ-სახე, შეგრძნება ან მოგონება, რომლსაც სიზმრის გამოსახულება აღგიძრავთ. ეს არის ფაქტიურად ყველაფერი, რასაც სპონტანურად აკავშირებთ სიზმრის გამოსახულებასთან.

  როგორც წესი, ყველა გამოსახულება რამდენიმე ასოციაციის ინსპირაციას ახდენს. ჩამოწერეთ თითოეული ასოციაცია, რომელიც თქვენამდე პირდაპირ გამოსახულებიდან მოდის. შემდეგ დაუბრუნდით იგივე გამოსახულებას და ნახეთ, ხომ არ გაგახსენათ მან სხვა სახის ასოციაცია, რომელიც ჯერ კიდევ არ დაგიფიქსირებიათ. განაგრძეთ სიზმარზე დაკვირვება და ჩამოწერეთ ყველა ასოციაცია, რაც თავში მოგივათ. მხოლოდ მას შემდეგ, როცა ჩამოწერთ ყველა ასოციაციას რომელიც ერთი გამოსახულებიდან ამოიტანეთ, უნდა გადახვიდეთ მომდევნო გამოსახულებაზე და დაიწყოთ იგივე პროცესი.

  თავდაპირველად შეიძლება მოგვეჩვენოს, რომ ძალიან ბევრი სამუშაოა საჭირო. მაგრამ მას შემდეგ, რაც სამუშაოს რამდენჯერმე ჩაატარებთ და აღმოაჩენთ ასოციაციის ტექნიკის გასაოცარ ძალას თქვენი სიზმრების სიმბოლოთა მნიშვნელობის გასაგებად, თქვენ იგრძნობთ, რომ ძალისხმევა ამად ღირს. თქვენ იმის დანახვას დაიწყებთ, თუ რატომ აქვთ სიმბოლოდებს ასეთი ძალა ადამიანებზე: ისინი სპონტანურად გვაკავშირებენ საკუთარი თავის ღრმა ნაწილებთან, რომელთა აღმოჩენაც ყოველთვის გვინდოდა.

  ასეთ დროს თქვენ არ უნდა ეცადოთ რომ გაარკვიოთ - რომელი ასოციაციაა აქედან სწორი? ხშირად, პირველი ასოციაცია, რომელიც თავში მოგდით, სულაც არაა ის, რომელიც თქვენთვის საუკეთესოდ იმუშავებს ინტერპრეტაციის შემდგომ პროცესში. არაცნობიერი არ მიჰყვება ეგო-ლოგიკის ბილიკებს. ასოციაცია, რომელიც სულელუად ჟღერს ან ყველაზე ირაციონალურად გამოიყურება, შეიძლება აღმოჩნდეს ყველაზე აზრიანი ასოციაცია მას შემდეგ, როცა მუშაობას განაგრძნობთ. ხანდახან ყველა ასოციაცია თქვენი სიზმრის შესაბამისი აღმოჩნდება, თუმცა თავდაპირველად ისინი წინააღმდეგობრივად გამოიყურებიან. ასე რომ, ამ ეტაპზე ნუ ეცდებით მათ შორის არჩევანის გაკეთებას. უბრალოდ ჩაწერეთ ისინი.

  დავუშვათ, რომ თქვენ გაქვთ სიზმარი, რომლის აღწერაც ასე იწყება: "მე ვარ ლურჯ ოთახში". პირველი გამოსახულება, რომელზეც უნდა იმუშაოთ, არის ლურჯი ფერი. დაახლოებით ასეთი შეიძლება იყოს ასოციაციები, რომლებსაც თქვენ შექმნით:

 1. ლურჯი: სევდიანი ან დეპრესიული განწყობა.

 2. სიცხადისა და ცნობიერების ფერი.

 3.განცალკევებული და განჯაჭვული ცნობიერება ეწინააღმდეგება ცეცხლოვან, ემოციურ "წითელს".

 4. ლურჯი სვიტრი, რომელსაც ვიცვამ ხოლმე.

 5. ბებიაჩემის მისაღები ოთახის საღებავის ფერი.

 6. პატიოსნებისა და ერთგულების სიმბოლო.

 შემთხვევითი არ არის, რომ არაცნობიერი წარმოქმნის ლურჯ ფერს ერთ სიზმარში, მაგრამ იყენებს წითელს მეორეში ან შავს მესამეში. ლურჯი ფერი სიზმარში ვლინდება იმიტომ, რომ ეს კონკრეტული ფერი არაცნობიერის დინამიკის ერთ-ერთი გამოხატულებაა. ეს ნიშნავს, რომ არაცნობიერს საღაც სიღრმეში გააჩნია ლურჯი ფერისთვის მინიჭებული მნიშვნელობა, სადღაც ამ ფერის ასოციაციებში, რომელსაც არაცნობიერი წარმოშობს.

  იმისდა მიხედვით, თუ ვინ არის სიზმარმხილველი, ფერი შეიძლება წარმოადგენდეს სიცხადეს და განცალკევებულ ჭვრეტას. ჩვენი ოთხ საფეხურიანი მიდგომის მესამე საფეხურზე, სიზმრის ინტერპრეტაციისას ლურჯი ფერი შეიძლება ნიშნავდეს, რომ ადამიანს, რომელიც მთლიანად ემოციების კონტროლის ქვეშაა, სჭირდება იყოს უფრო განჯაჭვული და ცხადად მოაზროვნე. სხვა სიზმარმხილველისთვის ლურჯი ფერი შეიძლება ნიშნავდეს, რომ ყველაფერი ზედმეტად აბსტრაქტულია, "წითელსისხლიანი" ადამიანური ენერგიისა და დიონისური შეგრძნებისაგანაა დაცლილი.

  სხვისთვის ლურჯი ოთახი შეიძლება წარმოადგენდეს დეპრესიის ილუსტრაციას. ამ ფერთან დაკავშირებით თქვენი საკუთარი ასოციაციები და რეაქციები უნდა მონახოთ.

  არ აქვს მნიშვნელობა რამდენად შორეული მოგეჩვენებათ თქვენი ასოციაცია. ეს არის სიზმართან მუშაობის ეტაპი, რომელშიც თქვენ უბრალოდ აგროვებთ ინფორმაციას არაცნობიერიდან. თქვენ, ფაქტობრივად, პირადად ეკითხებით არაცნობიერს: "რა მნიშვნელობას უკავშირებ საკუთარ სიმბოლოს?"

 თითოეული ადამიანისაგან ბევრი განსხვავებული ასოციაცია გამოვლინდება, მაგრამ მნიშვნელობა იმას აქვს, რა არის თქვენი საკუთარი უნიკალური ასოციაციები და არა ის, რასაც სხვა გეუბნებათ - ამაში კი ინტერპრეტაციის წიგნებს და ფსიქოლოგიურ თეორიებს ვგულისხმობ. ასე რომ, არ შეგარცხვინოთ თქვენმა ასოციაციებმა; არ მოახდინოთ მათი ცენზურა; ნუ ეცდებით, რომ ისინი უფრო ელეგანტურად ან „სწორად“ ჟღერდეს. უბრალოდ მიიღეთ ისინი ისეთებად, როგორებადაც მოდიან.

  ყოველ ჯერზე, როდესაც ასოციაციის დაკავშირებას ცდილობთ, დაუბრუნდით სიზმრის ხატ-სახეს. მოძებნეთ ახალი ასოციაცია დანახული გამოსახულებიდან გამომდინარე. ყოველთვის დაუბრუნდით სიზმარს და ახალი ასოციაცია სწორედ იქიდან გააკეთეთ, რაშიც იმას ვგულისხმობ, რომ ნუ გააკეთებთ ჯაჭვურ ასცოციაციებს.

  მრავალი ასოციაცია, რომელიც სპონტანურად წარმოიქმნება, არის კოლოკვიალიზმი (ვერბალიზაცია). არაცნობიერი ხშირად იყენებს სიმბოლოებს, რომლებიც წარმოშობს სასაუბრო ფრაზებს; ეს იმიტომ ხდება, რომ ჩვენი სასაუბრო გამოთქმები მომდინარეობს ძველი დროიდან, როდესაც ჩვენი ენა უფრო მდიდარი იყო კონკრეტული გამოსახულებებით და უფრო ახლოს იყო არქეტიპებთან; ისინი გამომდინარეობენ მარტივი, მიწიერი ყოველდღიურობიდან; ამიტომ, ვერბალიზაცია შესანიშნავი ენაა არაცნობიერისთვის.

  სიზმარში გავრცელებული მაგალითია ფრენის მოტივი. თუ სიზმარში დაფრინავთ, ამან შეიძლება გაგახსენოთ უამრავი სასაუბრო გამოთქმა, რგორებიცაა: „მაღლა დავფრინავ“. "ღრუბლებში ვიმყოფები." ”მიწაზე უნდა დავეშვა.” და ასე შემდეგ.

  მსგავსი მრავალფეროვანი ფრაზები გამოხატავს მდგომარეობას, რომელსაც ჩვენ ინფლაციას ვუწოდებთ. ეგო ინფლაციას მაშინ განიცდის, როდესაც ძალაუფლების სისტემაში აღმოჩნდება ჩაფლული, ან როდესაც იდეალებისა და აბსტრაქციის მორევში ჩაინთქმება ჩვეულებრივი ადამიანობის ხარჯზე; ინფლაცია ხშირად მაშინ დგება, როდესაც ეგო არქეტიპთან იდენტიფიცირდება და საკუთარი საზღვრების შეგრძნებას კარგავს. შემდეგ ჩვენ ვიწყებთ „ჰაერში ფრენას“ და ამისგან წამალი "მიწაზე დაშვებას“ წარმოადგენს.

 

  სწორი ასოციაციის პოვნა

 

  ასოციაციების ჩაწერის შედეგად საკითხს მივყავართ ლოგიკურ კითხვამდე: როგორ უნდა ავირჩიოთ ამ ასოციაციებიდან ერთ-ერთი? რომელი მიგვიყვანს სიზმრის სწორ ინტეპრეტაციამდე?

  იუნგს მზად აქვს პასუხი მოცემულ კითხვაზე, რომელიც ერთი შეხედვით ჟარგონულად და ძალიან მარტივად ჟღერს: იუნგის თქმით, სწორი ასოციაცია  ზუსტად "აწკაპუნებს"! თქვენი ასოციაციების მოყვანისას, ერთ-ერთი ასოციაცია თქვენში ენერგიის მოზღვავებას ან შეგრძნებას გამოიწვევს, თითქოს გუმანით გრძნობთ, რომ მოცემული ასოციაცია სიზმრის გამოსახულებასთან ყველაზე ახლოა. ან შეიძლება იგრძნოთ, რომ ასეთი ასოციაციის დაკავშირებისას თავს დაჭრილად და დაბნეულად გრძნობთ. შეიძლება აღმოაჩინოთ, რომ ეს ასოციაცია გაიძულებთ საკუთარ თავში დაინახოთ ისეთი რამ, რაზეც აქამდე არასოდეს გაგიმახვილებიათ ყურადღება. იმ მომენტში, სადღაც შიგნიდან მიიღებთ დარწმუნებულობისკენ სწრაფვას: თითქოს ასოციაცია ზუსტად ჯდება, ზუსტად "აწკაპუნებს".

  მიუხედავად იმისა, რომ ეს მეთოდი ძალიან მარტივად ჟღერს, იგი საიმედოა. გახსოვდეთ, რომ სიზმრები ჩვენივე ენერგიისგან იქმნება. სიზმრის სიმბოლოს არსის აღმოჩენის ერთ-ერთი გზა არის წასვლა იქ, სადაც ენერგია იმყოფება - ანუ წასვლა ისეთ ასოციაციაში, რომელიც ჩვენში ენერგიის მოზღვავებას იწვევს. ყველა სიმბოლო გათვლილია იმისთვის, რათა გამოგვაღვიძოს. სიზმარში დანახული სიმბოლოები ორგანულად არიან მიბმულნი არაცნობიერის ღრმა ენერგეტიკულ სისტემებთან. როდესაც თქვენ პოულობთ კავშირს, რომელიც ძალიან ახლოს არის ენერგიის წყაროსთან, ნაპერწკლები გაღვივებას იწყებენ, თითქოს ცოცხალ ორგანოს ეხებით. ასეთ დროს ინტუიციურად გრძნობთ, რომ თქვენს ენერგიას სიზმრის მიღმა იყენებთ: სწორედ ესა სწორი ასოციაციის აღმოჩენა.

  ზოგჯერ არ არის ნათელი, რომელი ასოციაციაა ყველაზე ზუსტი ან უფრო სასარგებლო თქვენი სიზმრის უკეთ გასაგებად. ამ შემთხვევაში ჯობია ცოტა ხნით თავი დავანებოთ პირველ სიმბოლოს და გადავიდეთ შემდეგ სიმბოლოზე. ნუ იტრიალებთ სიმბოლოს მხოლოდ ერთი მნიშვნელობის მორევში; შეინარჩუნეთ ცხადი და ღია აზროვნება, სანამ მთელი სიზმრის ერთმანეთთან დაკავშირებას არ დაიწყებთ. დაე, სიმბოლოთა გაგება ბუნებრივად გაიზარდოს თქვენში, ყოველგვარი იძულებისა და ნაჩქარევი დასკვნების გამოტანის გარეშე.

 

  სიზმარხილვასთან მუშაობის ილუსტრაცია: მონასტერი

 

  ასოციაციების დაკავშირების მაგალითისთვის მოგვყავს სიზმარი და ზოგიერთი ნამდვილი ასოციაცია, რომელიც სიზმარმხილველმა საკუთარ სიზმარზე მუშაობისას, დღიურში დააფიქსირა. იმის გამო, რომ ჩვენს წიგნში შეზღუდული დრო და სივრცე გაგვაჩნია, სიზმრის მხოლოდ რამდენიმე გამოსახულებას და მათთან კავშირში მყოფ ასოციაციებს მოვიყვანთ.

  ქალბატონი, რომელმაც ეს სიზმარი ნახა, წარმოშობით იტალიელი კათოლიკური ოჯახიდანაა. სრულწლოვანების ასაკის მიღწევისას, მან აღმოაჩინა, რომ პროტესტს განიცდიდა თავისი ლათინური წარმომავლობისა და ბავშვობის რელიგიის მიმართ. გარკვეული ხნის შემდეგ იგი ძენ-ბუდიზმის ფილოსოფიაში და მედიტაციურ პრაქტიკებში ჩაერთო. ქვემოთ მოყვანილი სიზმარი მიანიშნებს კულტურულ და რელიგიურ ფესვებთან დაბრუნებაზე, თუმცა იგი ბავშვობისდროინდელი აღქმის დასრულებისკენ მიუთითებს. სიზმარმხილველმა აღმოაჩინა, რომ მას უნდა მოეხდინა დასავლური და აღმოსავლური სწავლების საკუთარ არსებაში სინთეზი, რომელიც მისი პიროვნების მთლიანობისთვის იყო დამახასიათებელი.

  სიზმარი:

  „ვარ სამონასტრო კომპლექსში, სამლოცველოს თუ საკურთხეველის მსგავს ადგილას. დანარჩენი ხალხისგან განცალკევებით ვდგავარ, თითქოს დანარჩენი სამლოცველო გისოსებით არის გამოყოფილი. წირვა იწყება. ჩემს „საკანში“ წირვაში მარტო ვმონაწილეობ. გადაჯვარედინებული ფეხებით, „ზაზენის“ სტილში ვჯდები, მაგრამ ხელში კრიალოსანი მიჭირავს. გისოსებს მიღმიდან ლაპარაკის და პასუხების ხმა მესმის. მშვიდი ხმებია, აუღელვებელი. თვალებს ვხუჭავ და ზიარებას ვღებულობ, თუმცა საკანში ჩემს საზიარებლად ფიზიკურად არავინ შემოსულა. წირვა სრულდება. ჩემი პალატის გვერდოთ ყვავილების შეკვრას ვხედავ. ღრმა სიმშვიდის შეგრძნებას განვიცდი“.

  ნაბიჯი პირველი: ჩემი ასოციაციები.

  მონასტერი:

 ფორმალური რელიგიური ცხოვრება; საზოგადოება; ჩემი ბავშვობის რელიგია; ჭვრეტა; მსხვერპლშეწირვა; შუა საუკუნეების მონასტერი იტალიაში; ყოველდღიური სამყაროსგან განშორება; ძენის მონასტერი, რომელშიც კინაღამ ოფიციალურად შევედი.

  ოთახი/საკანი:

  ვიწრო ადგილი; კონტეინერი; საშვილოსნო; სასიცოცხლო ფორმების ძირითადი კომპონენტი; დაცულობა; კოლექტივისგან გამოყოფა; ინდივიდუაცია; გზა, რომელიც მარტომ უნდა იმოგზაურო; ყოველგვარი კოლექტიური იდენტობის და კომფორტის მიღმა.

 წირვა:

 რელიგიური გამოცდილების კოლექტიური ფორმა; ჯგუფური თაყვანისცემა შუამავალი მღვდლის მეშვეობით; ჩემი კონკრეტული კოლექტივის რელიგიური ფორმა; რელიგიურ გამოცდილებასთან მონაწილეობა, რომელიც ჯერ კიდევ არ არის კოლექტივთან იდენტიფიცირებული, რომელიც შინაგანი გამოცდილების გარეგნული ფორმაა.

  ხალხმრავლობა/კომუნა:

  ქრისტეს მსხვერპლი, ზიარება, და გალობა, რომელიც ყოველთვის მძულდა; სამ საათიანი მარხვა; მისტიური გაერთიანება; ტრანსფორმაცია და ტრანსსუბსტანცია, რომელიც არაფიზიკურ დონეზე შემოდის, უნდა განიცადო შინაგანად, ვიდრე კოლექტიურად.

  კრიალოსანი:

  ლოცვა; გამოყოფა; იდენტობა; განცალკევებული ცნობიერება.

 

  ეს მაგალითი გვაძლევს იმ ასოციაციების სიმდიდრის ნიმუშს, რომელოც სპონტანურად წარმოიქმნება არაცნობიერიდან. მთავარია ყურადღება სიზმარზე გავამახვილოთ და მოვძებნოთ ყველა ასოციაცია, რომელიც გაგვახსენდება.

  როდესაც ყურადღებით დააკვირდებით ქალბატონის მიერ მოყვანილ ასოციაციებს, აღმოაჩენთ, რომ სხვადასხვა გამოსახულებას შორის გარკვეული ურთიერთკავშირი არსებობს, თითქოს სხვადასხვა ასოციაციები თანმიმდევრულ აზრს ქმნიან. თქვენ ნახავთ, როგორ მიიყვანა მოცემულმა ასოციაციებმა ქალბატონი სიზმრის ინტერპრეტაციამდე.

  სიზმარმა სიზმარმხილველს ურჩია, რომ აუცილებელია ქალბატონი იყოს ინდივიდუალური. სიზმარში აქცენტი ცხოვრების რელიგიურ ბუნებაზე იყო გამახვილებული. ქალბატონს უნდა მიეღო მონაწილეობა ზიარების საიდუმლოებაში, მაგრამ არა რელიგიის გარეგნულ, კოლექტიურ ვერსიასთან იდენტიფიკაციის გზით. სიზმარში იგი ზიარებაში მონაწილეობდა, მაგრამ საზოგადოებისგან ცალკე იმყოფებოდა. ეს ასე იმიტომ კი არ იყო, რომ ქალბატონი ელიტარულ ფენას ეკუთვნოდა, არამედ იმიტომ, რომ ეს არის მისი, როგორც ინდივიდის ბუნება და გზა.

  ყოველგვარი ფიზიკური კონტაქტის გარეშე ზიარების მიღების დეტალი სიზმრის გასაგებად მნიშვნელოვანი დეტალია. ქალბატონს უნდა განეცადა ღმრთეების უშუალობა და ტრანსფორმაცია, მაგრამ ეს უნდა მომხდარიყო შინაგანად და მისი ინდივიდუალური გზით, და არა კოლექტივთან იდენტიფიცირებით, რომელიც გამოცდილების კულტურული ვერსიაა. მის მიერ მოყვანილ ასოციაციებში მოხსენიებულია ბუდისტურ ტაძარში გაწევრიანების მცდელობა, ანუ მან სცადა შეერთებოდა საზოგადოებას  და გაჰყოლოდა კოლექტიურად განსაზღვრულ გზას. მაგრამ მას ამის გაკეთება ბუდიზმთან იმაზე მეტად არ შეეძლო, ვიდრე კათოლიციზმთან.

  ამ ყველაფერში ქალბატონისთვის კარგი ამბავი ისაა, რომ მას შეუძლია ქრისტიანულ მემკვიდრეობასთან დაბრუნება, მაგრამ ამჯერად ახალი გაგებით. სიზმარმხილველს შეუძლია იმყოფებოდეს საზოგადოებაში, მაგრამ არ იქნეს ჩაყლაპული მის მიერ. ქალბატონმა მიიღო მონაწილეობა კოლექტიურ რიტუალში, მაგრამ ამავდროულად საკუთარ უნიკალურ გზაზე მოსიარულე ინდივიდად დარჩა.

  წირვის დასასრულს დანახული ყვავილები ახალი სიცოცხლისა და ახალი ცნობიერების სიმბოლოს განასახიერებენ, რომელიც ბავშვობის რელიგიისა და ზრდასრულობის სულიერი გამოცდილების სინთეზის შედეგია. უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, ყვავილები თავად ამ სინთეზს გამოხატავენ. ასეთი სიმბოლო მოუთითებს თვითობის არქეტიპზე, რომელიც სცილდება დაპირისპირებულ მხარეებს მათ მიღმა არსებული ცენტრალური რეალობის გამოვლენის მეშვეობით და შედეგად, ორივე მხარეს აერთიანებს.   

  ყვავილები არამხოლოდ ფემინური სიმბოლოა, არამედ იგი ერთიანი თვითობის სიმბოლოსაც განასახიერებს: ქრისტიანულ სიმბოლიზმში ვარდი თავად ქრისტეს განასახიერებს. აღმოსავლურ რელიგიებში ერთიანი თვითობის სიმბოლოდ კიდევ ერთი ყვავილი, ათასფურცლიანი ლოტოსია მიჩნეული. მოცემული სიზმარი ქალბატონისთვის თვითობის ყვავილის გაფურჩქვნას განასახიერებს. მან სიზმარში აღმოაჩინა სულის უნივერსალური ბირთვი, რომელიც საერთო გამოდგა ქრისტიანობისთვის და ძენ-ბუდიზმისთვის - იგი ერთდროულად აღემატება ორივე მათგანს და არ არის იდენტიფიცირებული რომელიმე მათგანის გარეგნულ ფორმასთან.

 სიზმარხილვის შემდეგ, ქალის ცხოვრებაში რამდენიმე მნიშვნელოვანი მოვლენა მოხდა. როდესაც სიზმრებთან მუშაობის მეოთხე საფეხურამდე მივალთ და სიზმარხილვის ფიქსირების რიტუალებს ვისწავლით, ჩვენ ისევ დავუბრუნდებით ამ სიზმარს. ქალბატონის მიერ ამ სიზმარხილვის მიმართ ჩატარებული რიტუალი და შემდგომი მოვლენები, ჩვენთვის ძალიან ინსტრუქციული იქნება.

 

  არქეტიპული სიმძლავრის გამოყენება

 

  სიზმრის გამოსახულებების მიმართ ასოციაციების პოვნის კიდევ ერთი გზა არსებობს: ესაა არქეტიპული სიმძლავრის გამოყენება. ძირითადად ეს პროცესი არქეტიპული ინფორმაციის შეგროვებას უკავშირდება, რომლებიც ჩვენს სიზმრებში მითების, ზღაპრების და უძველესი რელიგიური ტრადიციების მსგავსი სიუჟეტით ჩნდებიან.

  მსგავსი მეთოდის გამოყენების მარტივი მაგალითი მე უკვე მოგეცით მონასტერის სიზმარში, სადაც ვარდის არქეტიპული სიმბოლიზმი სპონტანურად ქრისტიანობას დავუკავშირე. მსგავსი არქეტიპული ასოციაციების დაჭერა დიდ მასალას ჰმატებს ჩვენს სიზმრებს, მათი ინტერპრეტაციის გააზრებაში.

  იუნგმა არქეტიპებზე დაკვირვების შედეგად შეიტყო, რომ მათი სიმბოლოები ერთნაირად ჩნდებან როგორც ანტიკურ მითებსა და ზღაპრებში, ასევე თანამედროვე ადამიანების სიზმრებშიც. იუნგი გაოგნებული დარჩა, როდესაც აღმოაჩინა, რომ სიზმარმხილველის სიზმარში გამოჩენილი ანტიკური სიმბოლო შესაძლოა იმდენად შორეული და განსხვავებული კონტინენტის ასპექტს ასახავდეს, რომლის შესახებაც სიზმარმხილველს შესაძლოა წარმოდგენაც არ ჰქონდეს. მსგავსი გამოცდილებებიდან იუნგმა დაიწყო დანახვა, რომ სიზმრები უნივერსალურ და პირველყოფილ წყაროებს ეყრდნობა, რომელიც მთელი კაცობრიობის კოლექტიური არაცნობიერის სიღრმეში ბინადრობს.

  შესაძლებელია მითებისა და ზღაპრების აღმოჩენა, რომლებშიც სიზმრებში წარმოჩენილი არქეტიპები ჩნდებიან, რადგან კოლექტიური არქეტიპები და ასოციაციები მთელს კაცობრიობას ეკუთვნის.

  იუნგმა გვაჩვენა, რომ მითებიც და ზღაპრებიც არაცნობიერის ისეთივე სიმბოლური გამოვლინებებია, როგორიც ჩვენი სიზმრები. გარკვეული გაგებით ისინი კაცობრიობის კოლექტიურ სიზმრებს წარმოადგენენ; მითები და ზღაპრები კოლექტივის, ტომის და კულტურის არაცნობიერს უფრო ასახავენ, ვიდრე ცალკეული ინდივიდის არაცნობიერს, და სწორედ ამიტომ, მსგავსი არქეტიპები ინფორმაციის მდიდარ წყაროს წარმოადგენენ. მათ ინფორმაცია ამოაქვთ პრე-ცნობიერი (წინარე-ცნობიერი) ეპოქიდან, როდესაც კაცობრიობა არქეტიპულ ფესვებთან ბევრად უფრო ახლოს იმყოფებოდა. სიზმრებში ასევე შეიძლება გამოვლინდეს ეზოთერული ფილოსოფიის ტრადიციები, როგორებიცაა ოკულტიზმი, ალქიმია, ასტროლოგია და ასე შემდეგ; ისინიც, სხვა დანარჩენთან ერთად, არქეტიპული ინფორმაციების წყაროებს წარმოადგენენ.

  არქეტიპი, რომლებიც  თქვენს სიზმრებში ჩნდება, უნივერსალურ ხასიათს ატარებს; ეს არის ენერგიის ნაკადი, რომელიც ყოველ ადამიანში არსებობს. როგორც არქეტიპია უნივერსალური, ასეთივე უნივერსალურია მისი გამოსახულებაც. ყოველი არქეტიპი საკუთარ თავს მისთვის დამახასიათებელი სიმბოლიკით გამოხატავს.

  მაგალითად, ბრძენი მოხუცის ხატ-სახე ყველა კულტურასა და რასაშია გავრცელებული. მისი გამოსახულება ერთმანეთისგან განსხვავდება მითიდან მითამდე, კულტურადან კულტურამდე. მაგრამ, როგორც კი ისწავლით მის ამოცნობას, ინდუისტურ სიზმრებშიც ისევე მარტივად აღმოაჩენთ, როგორც დასავლურ სიზმრებში.

  მან შეიძლება მიიღოს წმინდა პეტრეს სახე, რომელსაც ხელებში სამოთხის გასაღები უჭირავს, როგორც იუნგის ერთ-ერთ სიზმარში აღმოჩნდა. იგი შეიძლება გამოჩნდეს ღმერთის პერსონიფიკაციად, როგორც მიქელანჯელოს ხილვაში, სიქსტის კაპელას ჭერზე. ბუდისტურ სიზმარში იგი იქნება გასხივოსნებული ოსტატი, ან ბოდჰისატვა (ნახევრად ღმერთი); ინტუისტურ სიზმრებში ეს არქეტიპი ხშირად გამოცხადდება როგორც გურუ ან სანიასინი (ასკეტი, წმინდა კაცი).

  არსებობს ერთი საერთო თვისება, რომელიც ბრძენკაცის სიმბოლიზმს აერთიანებს - ესაა სიბრძნის თანმყოფობა, რომელიც თაობების, სიბერისა და დროის შეგრძნების საზღვრებს სცილდება. ვნახოთ, როგორი სახით ვპოულობთ მას თანამედროვე მითში, რომელიც ჯ.რ.რ. ტოლკინის ხელმა დაგვიტოვა:

  „ელრონდს ასაკი არ ეტყობოდა, არც მოხუცის შეხედულება ჰქონდა, არც - ახალგაზრდის, თუმცა დანახვისთანავე შეატყობდით, ბევრი კარგის და ავის მომსწრე რომ იყო. ბინდის ჩრდილებივით შავ თმაზე ვერცხლის გვირგვინი ედგა, ნათელი საღამოსავით ნაცრისფერ თვალებში ვარსკვლავების კაშკაშა სხივები უკრთოდა. ერთდროულად, წლებით დაბრძენებილ მოხუც ხელმწიფესაც წააგავდა და ძლიერების სისავსის ასაკში მყოფ მრავალნაცად მეომარსაც. შუაველის მბრძანებელი ელფებსა და ადამიანებს შორის ყველაზე ძლევამოსილად ითვლებოდა“. (ჯ.რ.რ. ტოლკინი, „ბეჭდების მბრძანებელი: ბეჭდის საძმო, კარი II, თავი პირველი: შეხვედრები“. (ნიკა სამუშიას თარგმანი).

  არქეტიპული სიმძლავრის გამოყენება იწყება გაცნობიერებით, რომ სიზმარმხილველის სიზმარში არქეტიპი დაფიქსირებული და აღმოჩენილია. სიზმრები, რომლებშიც არქეტიპები ჩნდებიან, ხშირად ატარებენ მითიურ ხასიათს. ყოველდღიური სამყაროს სცენების ნაცვლად, ასეთ სიზმარს მიჰყავხართ უცნობ ადგილას, რომელშიც სიძველის, სხვა სამყაროს ან ზღაპრული მდგომარეობის განცდა იგრძნობა. არქეტიპებმა საკუთარი თავი შეიძლება ზღაპრული ცხოველების სახითაც წარმოაჩინონ: მოლაპარაკე ცხოველები, გრიფონები, მფრინავი ამ ცალრქიანი ცხენები, დრაკონები და ასე შემდეგ.

  არქეტიპულ ფიგურებს ხშირად ახლავთ დიდებული ან ღვთაებრივი აურა. ძველი ბერძნები არქეტიპებს ღვთაებების სახით იხსენიებდნენ, რომლებიც ადამიანთა ბედისწერის ქსელებს ქსოვდნენ.

  დიადი დედის ხარისხი ადამიანურ ბუნებაში ჩნდება როგორც აფროდიტე, გრძნობადი სიყვარულის ქალღმერთი; ჰერა, სახლისა და კერიის ქალღმერთი; დემეტრა, სოფლის მეურნეობის ქალღმერთი. ინდუისტურ სამყაროს თუ მივუბრუნდებით, დიადი დედის პერსონიფიკაციას დავინახავთ ქალღმერთ კალიში, რომელიც შემზარავი ღვთაებაა; იგი ანადგურებს და ქმნის, სიცოცხლეს ართმევს და ისევ უბრუნებს სამყაროს, ბუნების მარადიული ციკლის ფარგლებში.

  მსგავსი ძლევამოსილი არქეტიპები ჩვეულებრივ მოკვდავთა სიზმრებში ჩნდებიან. ასეთი არქეტიპებისთვის, თითოეული ჩვენგანი არხს წარმოადგენს, რომლის მეშვეობითაც მათ საკუთარი გზა უნდა იპოვონ თვითგამოხატვისთვის. ჩვენი ინდივიდუალური ცხოვრება იმ კონტეინერს წარმოადგენს, რომლებშიც ეს არქეტიპები თავიანთ მარადიულ, კოსმიურ ბრძოლებში იბრძვიან ან ასრულებენ უნივერსალურ დრამებს, რომელიც ყოველი ადამიანის სიცოცხლეში სპეციფიკური სახით ვლინდება.

  როგორც კი აღმოვაჩენთ, რომ სიზმარში დანახული ფიგურა არქეტიპს წარმოადგენს, შემდეგი ნაბიჯია იმ მითებში და წყაროებში გადასვლა, სადაც სიზმარში დანახული ერთი და იგივე არქეტიპი ჩნდება. სიზმარში გამოჩენილმა ფიგურამ ან მოვლენებმა შეიძლება გაგვახსენოს ბიბლიის მონაკვეთი ან რომელიმე ზღაპარი, რომელიც წაკითხული ან მოსმენილი გვაქვს. ამის შემდეგ, ჩვენ მივდივართ იმ წყაროსთან და ვნახავთ რას ამბობს იგი ამ დიდი არქეტიპის შესახებ, რომელიც ჩვენს სიზმარში გამოჩნდა; რა არის მისი მახასიათებელი? რა როლი აქვს მას ადამიანის ცხოვრებაში? თუ ეს დიადი დედის არქეტიპია, ამისთვის მაგალითად, თქვენ მიდიხართ ბერძენი ქალღმერთების მითებთან, მის ინდურ გამოვლინებებთან ან წმიდა ღვთისმშობლის ცხოვრების ასოციაციებთან.

  ასეთი შემთხვევების დროსაც ჩაიწერეთ ასოციაციები, რომელთაც მითებში, ზღაპრებში ან რელიგიურ მოტივებში დაინახავთ და შეუსაბამეთ ისინი თქვენს პირად ასოციაციებს. თუ მათში ენერგიის მოზღვავებას იგრძნობთ, დააკვირდით მათ სათქმელს უფრო ყურადღებით; დაინახეთ, თუ რის თქმას ცდილობენ ისინი თქვენს შესახებ; ვინ ხართ თქვენ და რა ძალები მოქმედებენ თქვენში?

 

   პერსონალური ასოციაციების გამოყენება

 

  მიმაჩნია, რომ შესახსენებლად კარგი ადგილია თუ ვიტყვი, რომ არ გამოიყენოთ ეგრეთ წოდებული სიზმრის ლექსიკონები და სიმბოლოების ენციკლოპედიები; არავითარ შემთხვევაში არ ჩაანაცვლოთ ისინი პერსონალური ასოციაციების ადგილას და ნუ ეცდებით, რომ თქვენი ასოციაციები მსგავსი ლექსიკონების ხარჯზე განმარტოთ.

  ბევრი ადამიანი საკუთარი სიზმრების ინტერპრეტაციისათვის ყოველ ჯერზე მსგავს საშუალებებს მიმართავს. ისინი უკირკიტებენ თითოეულ სიმბოლოს, კითხულობენ მრავალ განმარტებას და საბოლოოდ სჯერათ, რომ სიზმრის „ინტეპრეტაციას“ ახდენენ. თუ თქვენც ამ სახის მიდგომას მიჰყვებით, ვერასოდეს მიიღებთ თქვენთვის უნიკალურ და განსაკუთრებულ მნიშვნელობებს, რომელბსაც მხოლოდ თქვენივე სიზმრები ატარებენ.

  მსგავსი მიდგომა ერთ მცდარ ვარაუდს ეფუძნება: თითქოს ყოველ სიმბოლოს გააჩნია ერთადერთი ფიქსირებული მნიშვნელობა, რომელიც საერთოა ყველა ადამიანისათვის. ასე რომ ყოფილიყო, ყველასთვის ძალიან მოსახერხებელი იქნებოდა, მაგრამ ასე არ არის.

  უბრალოდ სისულელეა გჯეროდეს, რომ მზა სახელმძღვანელოები სიზმრების ინტერპრეტაციას იძლევიან, თითქოს შეიძლება უბრალოდ იყიდო საცნობარო წიგნი და მოძებნო კონკრეტული სიმბოლო, რომელიც შენს სიზმარს ამოხსნის. არც ერთი სიზმრის სიმბოლო არ შეიძლება განცალკევდეს ინდივიდისგან, ვინც კონკრეტულ სიზმარს ხედავს. თითოეული ინდივიდი იმდენად განსხვავდება ერთმანეთისგან რომ შეუძლებელია იმის დადგენა, თუ რამდენად შორს შეიძლება კლასიფიცირდეს სიზმრები და მასში გამოჩენილი ყველა სიმბოლო...

  „მართალია, არსებობს სიზმრები და ცალკეული სიმბოლოები (მირჩევნია მათ „მოტივები“ ვუწოდო), რომლებიც ტიპიურია და ხშირად გვხვდება უამრავი ადამიანის სიზმარში. ასეთ მოტივებს შორისაა დაცემა, ფრენა… სირბილის სურვილი, მაგრამ თითქოს მანძილს ვერ ვფარავთ... კიდევ ერთხელ ხაზგასმით უნდა აღვნიშნო, რომ ეს არის მოტივები, რომლებიც თავად სიზმრის კონტექსტში უნდა განიხილებოდეს და არა როგორც თვითახსნადი შიფრების სახით. (Jung, Man and His Symbols, Step One: Associations).

  თქვენს სიზმარში ყველა სიმბოლოს აქვს განსაკუთრებული, ინდივიდუალური კონოტაცია, რომელიც მხოლოდ თქვენ გეკუთვნით, ისევე როგორც სიზმარი საბოლოო ჯამში მხოლოდ თქვენია. მაშინაც კი, როცა სიმბოლოს აქვს კოლექტიური ან უნივერსალური მნიშვნელობა, იგი მაინც ატარებს პირად შეფერილობას და მისი სრულად ახსნა მხოლოდ თქვენგან გამომდინარეა შესაძლებელი. 

 ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ  პირველ საფეხურში მოცემული დავალება საფუძვლიანად შეასრულოთ. იპოვეთ ასოციაციები, რომლებიც თქვენია; ისინი, რომლებიც თქვენივე არაცნობიერიდან მოდის. ნუ მიიღებთ სტანდარტულ ინტერპრეტაციებს, მათი შემცვლელების სახით.

  ეს რჩევა კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, როცა არქეტიპული სიმძლავრის გამოყენებას აქვს ადგილი. მითებში ასოციაციების ძიებისას, ადამიანებს ძლიერი ცდუნება უჩნდებათ საცნობარო ლექსიკონებს ჩახედონ და მათი კვლევა იქვე დასრულდეს.

  თუ ჩემი სამუშაოს შესრულებისას მე ვერ ვპოულობ პირად კავშირს არქეტიპთან, მაშინ სრულიად უაზროდ ვირჯები. არქეტიპები ჩემში არსებობენ და ჩემი არსების გავლით მოქმედებენ; ისინი თავიანთ ცხოვრებას ჩემი ცხოვრების მეშვეობით აგრძელებენ. როდესაც არქეტიპი ჩემს სიზმარში ჩნდება, ეს ნიშნავს, რომ რაღაც ხდება ჩემს ეგოსა და ამ არქეტიპს შორის; რაღაც მოცემულობა ჩემში განვითარებას ცდილობს. მე მჭირდება საკუთარი კვლევა და ასოციაციები, რათა დავადგინო, როგორ უკავშირდება იგი ჩემს ცხოვრებას დღეს, აქ და ახლა.

 საკმარისი არ არის ამის თქმა: „აჰა! ეს არის დიადი დედის სიმბოლო“. არ არის საკმარისი, რომ აბსტრაქტული ეტიკეტები ჩამოვიკიდოთ და ვთქვათ, რომ სიზმარში აღმოვაჩინეთ დიადი დედა, ანიმა, ჩრდილი, და შემდეგ მოვშორდეთ მას. ჩვენ  უფრო შორს უნდა ვიმოქმედოთ. ჩვენ უნდა დავსვათ კითხვები: „რას აკეთებს ეს არქეტიპი დღეს ჩემს პირად ცხოვრებაში? რას აკეთებს ეს ინდივიდუალურად, ჩემთან მიმართებაში?” 

  მკაცრად რომ ვთქვათ, არ უნდა იყოს აუცილებელი რომ მითებს, შედარებით რელიგიას, ალქიმიას და ა.შ. ვიკვლევდეთ, რათა სიმბოლოს მნიშვნელობის უნივერსალური დონეს მივაღწიოთ. როდესაც არაცნობიერი სიმბოლოს იყენებს, იგი თავისთავად შეიცავს სიმბოლოს მნიშვნელობასაც. ანუ, მან უკვე იცის საკუთარი სიმბოლოს მნიშვნელობა. ამიტომ, თუ თქვენ საკუთარ პიროვნულ ასოციაციებს გაყვებით, არაცნობიერი ადრე თუ გვიან დაგანახებთ არქეტიპულ კავშირებს, რომლებიც სიზმარში გამოიყენება.

  მიუხედავად ამისა, ჩვენთვის დიდ დახმარებას წარმოადგენს იმის ცოდნა, თუ რას ნიშნავს მოცემული სიმბოლო კოლექტიურ მითებსა და ხალხურ ზღაპრებში. ასეთმა ცოდნამ შეიძლება პროცესის ხანგრძლივობა შეამციროს. მას ასევე შეუძლია იმოქმედოს როგორც დადასტურება პირადი ასოციაციებისთვის, რომლებიც სპონტანურად ჩნდებიან თქვენივე არაცნობიერიდან.

წიგნის თავები


წიგნის ელექტრონული ვერსიის შეძენა წიგნის გადმოწერა
იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff