შინაგანი სამუშაო: სიზმრებისა და აქტიური წარმოსახვის გამოყენება პერსონალური განვითარებისათვის

რობერტ ალექს ჯონსონი
5
2

მთარგმნელები: დავით ჯანგველაძე და ვარიკო ესებუა

თავი მეცხრე - მესამე საფეხური: ინტერპრეტაცია

სიზმრის ინტერპრეტაცია არის თქვენივე შრომის საბოლოო შედეგი, რომელსაც განვლილი საფეხურების შესრულებაში დებდით. ინტერპრეტაცია აერთიანებს ყველა მნიშვნელობას, რომლებიც თითოეული გამოსახულებიდან გამოიტანეთ. ეს არის თანმიმდევრული ეტაპი იმის გასაგებად, თუ რას ნიშნავს სიზმარი თქვენთვის მთლიანობაში. 

 ამ საფეხურზე თქვენ სვამთ შემდეგ კითხვებს: რა არის უმთავრესი, ყველაზე მნიშვნელოვანი შეტყობინება, რომლის გადმოცემასაც სიზმარი ჩემთვის ცდილობს? რის გაკეთებას მირჩევს? რა არის სიზმრის საერთო მნიშვნელობა ჩემს ცხოვრებაში? 

 ჩვენ არ გვაქვს უფლება გავაკეთოთ სიზმრის ინტერპრეტაცია იქამდე, სანამ წინა საფეხურებს არ გავივლით. ინდივიდუალური ასოციაციების შეგროვების გარეშე სიზმრის ინტერპრეტაციის მცდელობა მხოლოდ ვარაუდია და მეტი არაფერი. თუ თქვენ ინტერნეტიდან ან წიგნიდან ამოიღებთ გამოსახულებათა მნიშვნელობებს, ეს სხვისი ტანსაცმლის ტარებას დაემსგავსება, რომელიც არ გიხდებათ. ინტერპრეტაცია უნდა იყოს განვლილი ორი საფეხურის ბუნებრივი დინების შედეგი. ასოციაციები თქვენს გონებაში ერთმანეთთან დაკავშირებას იწყებენ. შინაგან ცხოვრებასთან კავშირი ნათელი ხდება და აქედან იბადება სიზმრის საერთო მნიშვნელობის შეგრძნება. 

 როგორც ინტერპრეტაციის ნაწილი, თქვენ უნდა შეეცადოთ გააკეთოთ მარტივი დასკვნა, ერთი მთავარი იდეა, რომელსაც სიზმარი გადმოსცემს. ჰკითხეთ საკუთარ თავს: „რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი მიგნება, რომლის მოწოდებასაც სიზმარი ჩემთვის ცდილობს?“.

 წინა თავში მოყვანილი სიზმრის მეშვეობით, მე მოვამზადე სიზმრის ინტერპრეტაციის ნიმუში იმის საილუსტრაციოდ, თუ რა სახის იდეები შეიძლება გამოვლინდეს თქვენი სიზმრების ზოგად გზავნილებთან დაკავშირებისას. 

  ინტერპრეტაციის მაგალითის წაკითხვისას გახსოვდეთ, რომ მე მქონდა პაციენტის სიზმართან მუშაობის გამოცდილება წლების წინ, რათა დავკვირვებოდი პაციენტის ცვლილებას და ამ მიზეზით, ინტერპრეტაციის თხრობის მანერა შეუფერხებლად და თანმიმდევრულად გამომდის, ვიდრე ეს იქნებოდა ჩემივე სიზმრის შემთხვევაში, რომლის ინტერპრეტაციასაც პირველად ვეცდებოდი. 

 როდესაც თქვენივე სიზმრის ინტერპრეტაციას დაიწყებთ, ნუ ეცდებით რომ პირველივე ცდაზე თანმიმდევრული სახით გამოგივიდეთ. უბრალოდ ჩაიწერეთ თქვენი იდეები იმის შესახებ, თუ როგორ გამოიყურება სიზმარი მთლიანობაში და რა მნიშვნელობა აქვს მას თქვენი ცხოვრებისათვის. განაგრძეთ მუშაობა მანამ, სანამ ინტეპრეტაცია აზრიანი არ გახდება და არ მოერგება საერთო სიზმრისეული მოვლენების ნიმუშს. 

 ქვემოთ მოცემული მაგალითი ილუსტრაციის სახით მომყავს პირველ პირში, თითქოს მთხრობელი თავად სიზმარმხილველია.

 

 ინტერპრეტაცია: გოგონა ციმციმა თვალებით

 როგორია ჩემი ცხოვრების საერთო სურათი, რომელსაც ეს სიზმარი მაჩვენებს? სიზმარი მაძლევს საშუალებას გავიგო ჩემი ემოციური რეაქციების, დეპრესიისა და უუნარობის შესახებ, რის გამოც ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში კოლეჯში სწავლას ვეღარ ვაგრძელებ.

 მძიმე ნევროზში ვარ ჩარჩენილი. ვინაიდან, ნევროზი სინამდვილეში ის დაუმუშავებელი უფსკრულია, რომელიც ჩემს ცნობიერ დამოკიდებულებებსა და არაცნობიერ მოთხოვნილებებს შორის არსებობს, მე შემიძლია დავინახო რა ხდება. ჩემს ცნობიერ  დამოკიდებულებას წინსვლა წარმოადგენდა, რის გამოც კოლეჯში წარმატება და კარიერული მიღწევები მესახებოდა. ახლა ვგრძნობ, რომ ეს ყველაფერი თითქოს გარეგანმა სამყარომ მიკარნახა და ჩემს შინაგან არსებას სრულიად საპირისპირო რამ სურს, რომელიც „შინაგანი ცხოვრების“ სახელით მევლინება. ეს ნიშნავს მედიტაციას, სიზმრებთან მუშაობას, იმის გარკვევას, თუ ვინ ვარ, რომ მე სული მაქვს - ძველი რელიგიური გაგებით, რისიც ხალხს უძველესი დროიდან სწამდა, რომ მათ ჰქონდათ საკუთარ თავში ნაწილი, რომელიც ღმერთთან აკავშირებდათ და ამას სულს უწოდებდნენ. 

სიზმარში, კოლექტიურ სამყაროში წარმატების მიღწევის ჩემეული მცდელობის შედეგები და დამოკიდებულად ყოფნის კომპლექსი ილუსტრირებულია ჩემი ქუჩაში წოლის აქტით, სადაც აბსოლუტურად უმწეოდ და პასიურად ვარ განრთხმული. 

 სიზმარი ჩემს შიგნით მაჩვენებს სამი სახის ფემინურ ენერგიას, რომლებიც ჩემს ცხოვრებაში აქტიურნი არიან. პირველ რიგში, მე ვხედავ დიდი დედის არქეტიპს, რომლის უარყოფით ასპექტში, ანუ დედის კომპლექსში ვარ გაჭედილი. ეს არის იგივე დამოკიდებულობის კომპლექსი. მე სრულიად პასიური და დამოკიდებული გავხდი, რამაც ჩემს ცხოვრებაში საშინელი დამბლა გამოიწვია, შედეგად კი კოლეჯში ფუნქციონირების სრული შეწყვეტა მივიღე. მაგრამ სხვა, კიდევ უფრო ღრმა მიზეზი, რომელიც ამ ყველაფერს ეფუძნება, არის ის, რომ მე არ ვცხოვრობდი იმ ცხოვრებით, რითაც ჩემი ღრმა, შინაგანი მე იყო დაინტერესებული. ყოველთვის მივყვებოდი იმას, რასაც სხვები მოელოდნენ ჩემთან დაკავშირებით, მაგრამ არა იმას, რისკენაც ჩემს ღრმა ინსტიქტებს მივყავდი. ბებიაჩემის სახლის წინ, ქუჩაში წოლა მიმანიშნებს, რომ შეპყრობილი ვარ რეგრესიული დედობრივი კომპლექსით, ანუ ბავშვური გაგებით, მთლიანად სხვებზე ვარ დამოკიდებული, რათა მითხრან რა ვიფიქრო და რა გავაკეთო. 

  ჩემში მოქმედი ფემინური ასპექტის მეორე მხარეს განასახიერებს ჩემი და. მას სურს დავბრუნდე ქალურ ასპექტთან ურთიერთობაში და პაემანზე მის რომელიმე მეგობართან ერთად წასვლას მთავაზობს. ეს კარგია, მაგრამ არ შემიძლია ამის გაკეთება, რადგან უმწეოდ ვწევარ დედის კომპლექსითა და კოლექტიური ცხოვრების წესით გარემოცული. უნდა ვისწავლო როგორ დავუკავშირდე ჩემს შინაგან მეს, სანამ ვიგრძნობ, რომ სწორად ვახერხებ ადამიანებთან ურთიერთობას ჩემს გარეთ. როგორც ჩანს, წინააღმდეგ შემთხვევაში მოვხვდები კოლექტიურ სივრცეში, რომელიც დახმარების ნაცვლად ზიანს მომიტანს. 

 ფემინური მხარის კიდევ ერთი თანმყოფობა ჩემში არის გოგონა ციმციმა თვალებით. მე მის იდენტიფიცირებას ვახდენ, როგორც ჩემი სულის, ჩემი შინაგანი ფსიქიკის, ჩემი ანიმას გამოსახულებას. ის არის ჩემში არსებული ძალა, რომელსაც მივყავარ შინაგანი სამყაროსაკენ და საკუთარი არაცნობიერის აღმოჩენისკენ. იგი ჰგავს ქალღმერთს, რომელსაც შეუძლია ჩემი შინაგანი სამყაროს ფარულ ადგილებში მოგზაურობისკენ წამიყვანოს და მაჩვენოს როგორ ვიცხოვრო იმით, ვინც ვარ, იმის ნაცვლად, რომ ვიცხოვრო იმით, რასაც ვფიქრობ, რომ წარმოვადგენ. 

 როგორ შემიძლია გამოვიყენო ეს ინფორმაცია? პირველ რიგში ვფიქრობ, რომ უნდა შევეშვა ვიღაცად ყოფნის სურვილს და ძალაუფლებისა და სოციალური მოწონების გამო კონკურენტუნარიან სამყაროსთან ჭიდილში არ უნდა ვიმყოფებოდე. სამაგიეროდ, ყოველდღიურ ცხოვრებაში უნდა გავაკეთო ის, რასაც სიზმარში ვაკეთებ: წავიდე ჩემს სულთან ერთად და დავიწყო მოგზაურობა საკუთარი თავის აღმოჩენისკენ. 

 სიზმრებისათვის დრო უნდა გამოვყო, უნდა დავიმახსოვრო, ამავდროულად ჩავიწერო და მათთან ვიმუშაო. მე უნდა ვისწავლო შინაგანი სამუშაოს კეთება და შევეცადო გავარკვიო, ჩემში არსებულ ყველაზე ღრმა არაცნობიერს რა სურს ჩემგან, როგორ უნდა რომ ვიცხოვრო? ვფიქრობ, რომ შემიძლია ვიცხოვრო საშინელი შინაგანი კონფლიქტების და დეპრესიაში ჩავარდნის გარეშე. ამ სიზმრის მიხედვით, ჩემს სულთან შეხვედრა და შინაგანი მეს შესწავლა ჩემი ერთადერთი გზაა, რომელიც ჩემთვის ღიაა; ეს არის ერთადერთი რამ, რაც გამომიყვანს აპათიური მდგომარეობიდან და რაც საშუალებას მომცემს ისევ წამოვდგე ფეხზე, როგორც ნამდვილი მამაკაცი.

 როგორც ინტერპრეტაციის წაკითხვისას ხედავთ, ადვილი აღსაქმელია როგორ ბუნებრივად გამომდინარეობს სიზმრის ინტერპრეტაცია პირველი და მეორე საფეხურების გავლის შედეგად. აქ იდენტიფიცირებულია სიზმრისეული სიტუაცია და მასში გამოჩენილი ფიგურები, რისი მეშვეობითაც შესაძლებელია დავინახოთ რა სახის გავლენას ახდენენ ისინი სიზმარმხილველზე. ამის შედეგად, პაციენტი მზად არის მკაფიოდ შეაფასოს სიზმრის საერთო გზავნილი. პაციენტი კი, თავის მხრივ ღებულობს გადაწყვეტილებას იმის შესახებ, თუ როგორ იცხოვრებს იგი მომავალში. 

 ადეკვატურმა სიზმრის ინტერპრეტაციამ თქვენი სიზმარი მოკლედ უნდა შეაჯამოს. მან ასევე უნდა უზრუნველყოს კონკრეტული გზავნილი თქვენს პირად ცხოვრებასთან დაკავშირებით, თუ რას აკეთებთ და რის გაკეთებას აპირებთ. 

 

არჩევანი ალტერნატივებს შორის

ზოგჯერ აღმოაჩენთ, რომ თქვენ შეგიძლიათ შექმნათ რამდენიმე ინტერპრეტაცია თქვენს მიერ შეგროვებული სიზმრისეული ასოციაციებისგან და ყველა მათგანში დევს აზრი. როგორ უნდა გადაწყვიტოთ შესაძლო ინტერპრეტაციებს შორის? ზოგჯერ თქვენ გაქვთ სიმბოლური ასოციაცია, რომელიც დადებითია და სწორად ჟღერს, მაგრამ ამავდროულად გაგაჩნიათ მეორე ასოციაციაც, რომელიც უარყოფითია და გაფრთხილებთ, რომ რაღაც რიგზე არ არის. როგორ უნდა გადაწყვიტოთ, რომელი ასოციაციაა სწორი? 

  რამდენიმე მიდგომა დაგეხმარებათ გადაწყვიტოთ, რომელია სავარაუდო ინტეპრეტაცია. ყველაზე მნიშვნელოვანი ტექნიკა უკვე ვისწავლეთ: ჩამოწერეთ თქვენი ინტერპრეტაციები. როდესაც მათ ქაღალდზე ვიწერთ, შესანიშნავ ეფექტებს იძლევიან. ამით ჩვენ ფანტაზიისა და აბსტრაქციის დონე გამოგვაქვს ისეთ ფორმაში, რომელსაც ნათლად ვხედავთ. წერის აქტით, თქვენ უკეთ იწყებთ შეგრძნებას, არის თუ არა სწორი თქვენი ინტერპრეტაცია. როდესაც იგი თავში ტრიალდება, შეიძლება კარგად ჟღერდეს, მაგრამ ქაღალდზე გადატანისას მასში ხვრელების დანახვას დაიწყებთ. თქვენ დაინახავთ, რომ ინტერპრეტაცია ნამდვილად არ შეესაბამება სიზმარს; იგი არ ემთხვევა თქვენი ცხოვრების მოვლენებს. ინტერპრეტაციების ჩაწერით თქვენ დაინახავთ, რამდენად ერგება იგი რეალურ მნიშვნელობას. 

 

ენერგეტიკული ინტენსივობის განსაზღვრა

ვინაიდან თქვენი სიზმარი ენერგეტიკული სისტემებისგან შედგება, ინტერპრეტაციისთვის კარგ ტესტს წარმოადგენს იმის გარკვევა, არის თუ არა ენერგია მის უკან. თუ ინტერპრეტაცია თქვენში ძლიერ შეგრძნებებსა და ენერგიას აღძრავს, თუ ის გთავაზობთ შეხედულებებს და გათავისუფლებთ იმ ნიმუშებისგან, რომლებშიც თავს ჩარჩენილად გრძნობთ, ეს ყველაფერი იმის ნიშანია, რომ ინტერპრეტაციის უკან უზარმაზარი ენერგია იმალება. 

სხვა ინტერპრეტაციების ჩაწერისას, სავარაუდოდ მალევე აღმოაჩენთ, რომ მასში უბრალოდ ენერგია არ არის; ინტერპრეტაცია მშრალია და გამხმარი, მას ვერაფერთან აკავშირებთ, რომელიც თქვენთვის სიცოცხლესა და ძალას ატარებს. ეს კარგი ნიშანია იმის დასანახად, რომ ინტერპრეტაცია სიზმარს არ შეესაბამება.

 

 მცირე მინიშნებების გამოყენება

 ყველა სიზმარში ყოველთვის არსებობს პატარა მინიშნება, რომელსაც მხოლოდ ყველაზე ყურადღებიანნი ამჩნევენ; ასეთ მინიშნებებს გამოსავლისკენ და გადაწყვეტისკენ მივყავართ. ეს ერთი შეხედვით ლიტერატურული ხრიკი რეალურად აისახება ცხოვრებისა და სიზმრების არქეტიპულ შაბლონებში. ყოველი სიზმარი გვაწვდის ზოგიერთ მცირე დეტალს და მინიშნებას, რომელიც გვეუბნება, რომელ ინტერპრეტაციას მივყვეთ ან როგორ აღვიქვათ სიზმარი. 

  ათი წლის წინ, ჩემს მეგობარს შესთავაზეს სამუშაო, რომელიც შესანიშნავად გამოიყურებოდა. იგი დაიწყებდა მუშაობას, როგორც ფირმის სრულუფლებიანი პარტნიორი, ექნებოდა რთული სამუშაო, მაგრამ უსაზღვრო შესაძლებლობებით. ჩემი მეგობარი აღელვებული იყო, მაგრამ შინაგანად რაღაცამ უკარნახა, რომ გადაწყვეტილების მიღებამდე კიდევ რამდენიმე დღე მოეთმინა და დალოდებოდა. იმავე საღამოს მას ესიზმრა მაცდური, მოკლე ღამის კაბაში გამოწყობილი ვნებიანი ქალი, რომელმაც თავისთან წაყვანა შესთავაზა. მეგობარი სიზმარში ქალს დათანხმდა და როდესაც მას მიუახლოვდა, მათი თვალები ერთმანეთს შეხვდა. მისი მონაყოლით, ქალს ძალიან უცნაური, არაამქვეყნიურად მწვანე შეფერილობის თვალები ჰქონდა, რამაც მასში შეძრწუნება და შიში გამოიწვია. სიზმარში მან უკან დაიხია.

  მეორე დღეს, კორელაცია მაცდურ ქალბატონსა და დასაქმების შეთავაზებას შორის ძალიან ნათელი იყო. მამაკაცმა იგრძნო, რომ ანიმას პროექციას სამსახურის ახალ შემოთავაზებაზე ახდენდა, მაგრამ სიზმარი გამაფრთხილებელი იყო, რადგან მასში ანიმას ჯადოქრული ასპექტი გამოჩნდა. რაღაც არასწორი იყო ახალი სამსახურის შემოთავაზებაში, რაღაც ფარული მახე - რის გამოც ჩემმა მეგობარმა შემოთავაზებაზე უარი თქვა. მოგვიანებით, სხვა წყაროებიდან მეგობარმა აღმოაჩინა, რომ ფირმა არაკეთილსინდისიერი იყო და იგი ამ სამსახურს ვერ გადაურჩებოდა. 

  მან ასევე შეიტყო მწვანე ფერის არქეტიპული მნიშვნელობის შესახებ. ყველა სხვა ფერის მსგავსად, მწვანეს აქვს როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი დატვირთვა; როდესაც მწვანე ფერი ბუნებაში ჩნდება, ესაა სასიცოცხლო ძალის და ბუნებაში არსებული ენერგიის სიმბოლო, რომელიც გაზაფხულზე იღვიძებს. პოზიტიურ ასპექტში იგი სიცოცხლის განახლებას განასახიერებს. რაც შეეხება ნეგატიურ ასპექტს, მწვანე არის შხამის სიმბოლო - გველის შხამი, ჩირქი ჭრილობაში, შხამის ხარისხი კოლექტიურ ბრბოში და ასე შემდეგ. მწვანე ფერს ზოგჯერ შურთანაც აიგივებენ.

  მაცდურის თვალებში არამეგობრული, ავადმყოფურად მწვანე ფერის სიმბოლო იყო მინიშნება და განსაკუთრებული დეტალი, თუ როგორ უნდა აგვეხსნა ეს ორაზროვანი სიზმარი. კარგი სამუშაო, ახალი ბიზნეს შეთავაზება - გარეგნულად ამაში ცუდი არაფერია; იგივენაირად, ლამაზი და ვნებიანი ქალის ფიგურა, რომელიც სიზმარში გვიახლოვდება, შეიძლება დასანახად მშვენიერი იყოს, მაგრამ თუ მის თვალებში გაელვებული მწვანე ელფერი თქვენში ცუდ განწყობას ტოვებს, ესეიგი ამის მიზეზი არსებობს. 

  ჰაროლდ გოდარდმა, შექსპირის დიდმა მკვლევარმა დაგვანახა, რომ პრინციპი შექსპირის პიესებშიც და შესაძლოა სხვა დიდ ლიტერატურაშიც მუშაობს. როგორც მახსოვს, მაგალითი, რომელიც მან მოიყვანა, იყო სცენა, „რომეო და ჯულიეტადან“, რომელშიც ჯულიეტას მამა მსჯელობს იმაზე, თუ როგორი სიძე უნდა ოჯახისათვის; მას სურს, რომ ჯულიეტა დაქორწინდეს მდიდარ და სხვებზე ძლიერ მამაკაცზე, რომელიც შეძლებული ოჯახიდან იქნება და მასთან ალიანსის დამყარებას შეძლებს. მეთხუთმეტე საუკუნის იტალიისთვის ეს ყველაფერი საკმაოდ ნორმალურად და ნეიტრალურად ჟღერს. მოცემული ეპიზოდი არ გვიტოვებს რაიმე სახის საშინელ შეგრძნებას იმის შესახებ, თუ საითკენ მიდის სიუჟეტი. 

  მაგრამ, შემდეგ ჩნდება ერთი დეტალი, რომელიც თითქოს უმნიშვნელო და შეუმჩნეველია; ეს არის ოჯახის მოახლის პროტესტი; მოახლე ამბობს, რომ მამის დამოკიდებულება იგივეა, რაც ჯულიეტას პროსტიტუციულ დაწესებულებაში გაყიდვა, რადგან მას მიჰყიდიან მოძალადეს, რომელიც ჯულიეტაში ყველაზე მეტს გადაიხდის. მოახლის განცხადება მიგვანიშნებს, რომ ღრმა დონეზე, ოჯახის ბედისწერა კარგი გეზისკენ არ მიდის. არსებობს ღრმა განხეთქილება ფასეულობებს შორის; ოჯახის საქმეები ცუდად მიდის და ტრაგედიის თესლები უკვე დათესილია. 

  თქვენს საკუთარ სიზმრებში, ისწავლეთ ამ მცირე დეტალებზე ყურადღების გამახვილება და გაარკვიეთ, რას ამბობენ ისინი. მათი გარკვევა შექმნის განსხვავებას, სიტუაციის უკეთ აღქმასთან დაკავშირებით, რაც სხვაგვარად ორაზროვანი ჩანდა. 

 

  კამათი საპირისპირო მხარეებს შორის

  თუ აღმოაჩენთ, რომ ინტერპრეტაცია ჯერ კიდევ არ არის ნათელი, ან არ შეგიძლიათ გადაწყვიტოთ ვარიანტებს შორის, ეთამაშეთ სიზმარს "ეშმაკის ადვოკატი": დაიკავეთ ადვოკატის მხარე და მკაცრად ეკამათეთ თითოეულ თვალსაზრისს. 

  პირველ რიგში, დაამტკიცეთ ინტერპრეტაცია დადებით ასპექტში; დააფიქსირეთ, რომ შინაგანი პოზიციიდან ეს თვალსაზრისი აბსოლუტურად სწორია. შეაგროვეთ ყველა მტკიცებულება, რისი შეგროვებაც სიზმრიდან შეგიძლიათ და ჩამოთვალეთ ისინი. 

  შემდეგ, დაამტკიცეთ საპირისპირო პოზიცია; იყავით ეშმაკის ადვოკატი. დაამტკიცეთ, რომ სიზმარი მიგითითებთ იმ ადგილზე დარჩენისაკენ, სადაც ახლა იმყოფებით, რათა შეინარჩუნოთ სტატუს კვო. დაამტკიცეთ, რომ თქვენ უნდა დახარჯოთ ენერგია შინაგანი ცხოვრების გასწორებაში და ნევროზული განხეთქილების განკურნებაში, ვიდრე დრო და ენერგია დახარჯოთ ძალაუფლების თამაშში. დაამტკიცეთ ინი და დაამტკიცეთ იანი. წარმართეთ კამათი თქვნი მასკულინური ასპექტიდან, შემდეგ კი ფემინურიდან. ჯერ დაამტკიცეთ, რომ ყველაფერი ბედისწერას უნდა მიანდოთ და დაელოდოთ, შემდეგ კი დაამტკიცეთ, რომ სწორედ თქვენ უნდა განახორციელოთ გადამწყვეტი ქმედება. ეშმაკის ადვოკატის თამაშით, თქვენ ცდილობთ მოუსმინოთ თქვენს შიგნით არსებულ თითოეულ თვალსაზრისს, სანამ რეალურად არ დაინახავთ, რომელი ასახავს კონკრეტული სიზმრის გაკვეთილს. ჩვეულებრივ, დაინახავთ, რომ გარკვეული სიმართლე ორივე ინტერპრეტაციაში დევს და თქვენი საბოლოო შედეგი სხვადასხვა თვალსაზრისის სინთეზი იქნება. 

  ზოგჯერ სიზმარი ამბობს, რომ არ არსებობს ერთადერთი "სწორი" არჩევანი. თქვენ შეიძლება აირჩიოთ რომელიმე გზა და შედეგად, სიზმარი გეტყვით, რა შედეგები მოჰყვება თქვენს მიერ არჩეულ გზას. სიზმარი გეტყვით რა ფასის გადახდა მოგიწევთ. სიზმარმა შეიძლება თქვას: "შეხედე, ეს არის დამოკიდებულება, თუ როგორ უნდა მიუდგე ამ საკითხს, მაგრამ, თუ სხვა მიდგომით განაგრძნობ, აი რა შედეგი მოჰყვება ამას". 

  არაცნობიერი ჩვენთან მიმართებაში სამართლიანია. ეს საშუალებას აძლევს ეგოს ისეთი გადაწყვეტილებები მიიღოს, რისკენაც არაცნობიერი მოუწოდებს, რის შედეგადაც ჩვენ ვიღებთ პასუხისმგებლობას საკუთარ არჩევანზე და შესაბამის შედეგებსაც ვღებულობთ. მაშინაც კი, როცა არასწორ გზას ვადგავართ, - რაც ხშირად ხდება ხოლმე - ჩვენ ვიმაღლებთ ცნობიერებას და ვსწავლობთ მოცემული გამოცდილებიდან - ისევ იმ პირობით, რომ ჩვენ ვღებულობთ მასზე პასუხისმგებლობას და პატიოსნად ვხვდებით შედეგებს. ისიც კი, რაც "არასწორად" გვეჩვენება, ჩვენთვის სარგებლიანია, თუ შეგვიძლია რომ მისგან რაღაც ვისწავლოთ. 

  მაგრამ, ერთი რამ, რასაც არაცნობიერი არასდროს მოითმენს, ეს არის პასუხისმგებლობისგან თავის არიდება. არაცნობიერი ტანჯვის მეშვეობით ერთიდან მეორე გადაწყვეტილებისკენ გვიბიძგებს; ესაა ერთი ქაოსი, რომელსაც მოდევნო ქაოსი მოსდევს, სანამ საბოლოოდ არ გამოვფხიზლდებით, რათა დავინახოთ, რომ სწორედ ჩვენ ვირჩევთ რთულ ბილიკებს და ვღებულობთ სრულ პასუხისმგებლობას საკუთარი გადაწყვეტილებებისათვის. 

 

ინტერპრეტაციის გამყარების ოთხი პრინციპი

არსებობს რამდენიმე ზოგადი პრინციპი, რომელსაც შეგიძლიათ მიმართოთ, რათა გაამყაროთ საკუთარი ინტერპრტაცია ან უგულებელყოთ იგი, რაც საერთო სურათში არ ჯდება. მოდით, განვიხილოთ ოთხივე მათგანი.

1. აირჩიეთ ისეთი ინტერპრეტაცია, რომელიც გაჩვენებთ რაღაც ისეთს, რაც აქამდე არ იცოდით

აირჩიეთ ინტერპრეტაცია, რომელიც რაღაც ახალს გასწავლით, ვიდრე ისეთი, რაც უფრო ადასტურებს თქვენს ფესვგადგმულ მოსაზრებებს და ცრურწმენებს. გახსოვდეთ, სიზმრის მთავარი ფუნქცია თქვენთვის ისეთი სათქმელის მოწოდებაა, რაც აქამდე არ იცოდით და გაცნობიერებული არ გქონდათ, რადგან იგი არაცნობიერის სიღრმეში ცხოვრობდა. თქვენი სიზმარი არ დაკარგავს დროს იმის სათქმელად, რაც უკვე ისედაც იცით და რასაც ისედაც აცნობიერებთ. ამიტომ, თქვენ უნდა აირჩიოთ ისეთი ინტერპრეტაცია, რომელიც ეჭვქვეშ აყენებს თქვენს არსებულ იდეებს და არა ისეთი, რაც უბრალოდ იმეორებს იმას, რაც თქვენ უკვე ისედაც იცით. 

  ამ წესში არსებობს ერთი გამონაკლისი: ზოგჯერ თქვენი სიზმრები გიგზავნიან იდენტურ შეტყობინებას, მაგრამ თქვენ ან არ გესმით მათი, ან პრაქტიკულ ასპექტში ვერ იყენებთ. ამ შემთხვევაში სიზმარი ამეორებს იმას, რაც უკვე იცით. თუ ასეა, უმჯობესია დაინტერესდეთ, რატომ იმეორებს სიზმარი ერთსა და იგივე შეტყობინებას. 

  თუკი სიზმრები მხოლოდ არსებული მოსაზრებების დადასტურებას ემსახურებიან, მაშინ ისინი საერთოდ არ უწყობენ ხელს ფსიქოლოგიურ ზრდასა და მომწიფებას. ჩათვალეთ, რომ სიზმრები გამოწვევებს გთავაზობენ, გეხმარებიან გაზრდისთვის, გამოღვიძებისთვის და რაც მთავარია, გასწავლიან რისი სწავლაც და რომელი ასპექტის ცვლილებაც გჭირდებათ. დაარეგულირეთ თქვენი ინტერპრეტაცია ამ ყველაფრის შესაბამისად. 

 2. მოერიდეთ ინტერპრეტაციას, რომელიც თქვენს ეგოს ბერავს ან საკუთარი თავის ქებაში გეხმარებათ

სიზმრები ხშირად ფუნქციონირებენ როგორც რეპორტიორები. როდესაც თქვენს შინაგან ცვლილებებს განახორციელებთ, როდესაც შინაგან ფასეულობებს გაასწორებთ ან როდესაც ინდივიდუალური სიმწიფისაკენ გარკვეულ წინსვლას მიაღწევთ, სიზმრები  გიპასუხებენ. თქვენ უფლება გაქვთ სასიამოვნოდ იგრძნოთ საკუთარი თავი, როდესაც მსგავსი სახის პოზიტიურ ცვლილებებს განახორციელებთ. 

  თუმცა, სიზმრები არასოდეს გვამცნობენ ასეთ საკითხებს იმგვარად, რომ ჩვენში ეგოისტური კმაყოფილება გამოიწვიონ. თუკი თქვენს ინტერპრეტაციას საკუთარი თავის მილოცვისა და ხოტბის შესხმის ასპექტში წერთ, რათა დააფიქსიროთ რამდენად მაღლა დგახართ სხვა მოკვდავებზე, დარწმუნებული იყავით, რომ თქვენი ინტერპრეტაცია ზუსტი არ არის. სიზმრები არ გვაძლევენ ასეთი სახის სიგნალებს და არ გვეპატიჟებიან ეგოს ინფლიაციაში.  

  სიზმრები მიზნად ისახავენ თქვენი ცხოვრების დაუმთავრებელი საქმეების გადაწყვეტას და აჩვენებენ იმას, თუ რის წინაშე მოგიწევთ შემდგომში თვალის გასწორება და რისი სწავლა გჭირდებათ. შინაგან ცხოვრებაში ჩვენ ვერასდროს მივაღწევთ ისეთ საფეხურს, როდესაც შეგვეძლება სწავლა შევწყვიტოთ და საბოლოოდ დავისვენოთ. ასე რომ, თუ თქვენ საკუთარი თვითშეფასების ამაღლებისთვის წერთ სიზმრის ინტერპრეტაციას, უნდა იცოდეთ, რომ ეს არ არის თქვენი სიზმრის ზუსტი განმარტება. 

 

 3. მოერიდეთ ინტერპრეტაციებს, რომლებიც პასუხისმგებლობისგან თავის არიდებაში გეხმარებათ

  არსებობს ძლიერი ცდუნება, რომ სიზმრები, ჩვენს ცხოვრებაში მომხდარი მოვლენებისთვის სხვა ადამიანების დასადანაშაულებლად გამოვიყენოთ. მაგალითად, თუ სამსახურში ვიღაცასთან იჩხუბეთ და შემდგომში ეს ადამიანი თქვენს სიზმარში უარყოფით ასპექტში გამოჩნდა, შესაძლოა დასკვნის სახით იფიქროთ: "კარგია! ჩემი სიზმარი ადასტურებს, რომ მე ყოველთვის მართალი ვიყავი. სხვა ადამიანი ცდება და მთელი კონფლიქტი მთლიანად მისი ბრალია და არა ჩემი."

  ამგვარი ინტერპრეტაცია არა მხოლოდ თვითმომსახურებაა, არამედ სრულიად არაზუსტიც. თქვენი სიზმრები არ არის დაკავშირებული იმასთან, რომ სხვა ადამიანებების ნაკლოვანებებზე მიუთითებდეთ ან მიგანიშნებდეთ, რომ სხვებს ცვლილება სჭირდებათ. დაუტოვეთ ეს საკითხი სხვების სიზმრებს და მათ არაცნობიერს. შეგიძლიათ მოცემული საკითხი ღმერთს მიანდოთ. თქვენი სიზმრები მხოლოდ თქვენ გეხებათ: რა ხდება თქვენში, რა უხილავი ენერგიები ფუნქციონირებენ თქვენს არსებაში, რომლებიც თქვენს ცხოვრებისეულ გზას და სფეროებს ერთმანეთთან აკავშირებენ, რათა ისინი გააცნობიეროთ და შესაბამისი ცვლილებების განხორციელება შეძლოთ. 

  თუკი თქვენი სიზმარი გარეგან სიტუაციაზე აკეთებს კომენატარს, იგი ყურადღებას გაამახვილებს კონკრეტულად თქვენს დამოკიდებულებაზე და არაცნობიერი ქცევის ნიმუშზე. 

 4. ისწავლეთ თქვენს სიზმრებთან ერთად ცხოვრება - მიიჩნიეთ ისინი ცხოვრების გრძელვადიანი ნაკადის ნაწილად

ჩვეულებრივ, სიზმარი შეიძლება გაგებულ იქნეს ბოლო დღეებში მომხდარი შინაგანი ცხოვრების კონკრეტული მოვლენების თვალსაზრისით. თუმცა, ხანდახან ვნახულობთ "დიდ სიზმრებს", რომლებიც შინაგანი ცხოვრების პანორამულ ხედვას ხანგრძლივი დროის ფარგლებში ასახავენ. ასეთი სიზმარი შეიძლება განმარტავდეს რა მოხდა თქვენს წარსულში და რა მოხდება მომავალში, რაც საერთო წარმოდგენას მოგცემთ იმის შესახებ, თუ როგორ ჯდება დღევანდელი გამოცდილება მოცემული დინების გრძელვადიან ნაკადში. ზოგჯერ ძნელია გააკეთოთ ასეთი სიზმრების მშრალი და მოკლევადიანი ინტერპრეტაცია, რადგან მათი მთლიანი მნიშვნელობა მხოლოდ დროთა განმავლობაში ირკვევა. 

  ჩვენ ასეთი სიზმრებით ცხოვრება და რეგულარულად მათთან დაბრუნება უნდა ვისწავლოთ. რაც დრო გადის, ჩვენი გაგება იზრდება. ჩვენ ვხედავთ ჩვენს ცხოვრებაში არსებულ მოვლენებს და ვხვდებით რომ ისინი ზუსტად ჯდებიან შორ მანძილზე არსებულ მოვლენებთან მიმართებაში, რომლის შესახებაც სიზმარი ჯერ კიდევ საკმაო ხნის წინ საუბრობდა. ასეთ სიზმრებში ჩვენი შინაგანი ზრდის გეგმები ვლინდება და დროთა განმავლობაში ვსწავლობთ, როგორ ემთხვევა ჩვენი ცხოვრება მოცემულ გეგმას. 

  თუ თქვენი მუშაობის შედეგად არ შეგიძლიათ გულწრფელად აირჩიოთ ერთი და საბოლოო სიზმრის ინტერპრეტაცია, უბრალოდ დათანხმდით იცხოვოთ მასთან გარკვეული დროის განმავლობაში. თქვენ შეგიძლიათ ლეგიტიმურად განაცხადოთ: "ეს სიზმარი ან ამას ნიშნავს, ან იმას. შეიძლება ინტერპრეტაცია ან მარჯვნივ წავიდეს ან მარცხნივ". მოცემულ საკითხზე პასუხს მხოლოდ დრო გაგცემთ.

  ასეთი სიზმრები თქვენი ცნობიერების საზღვრებიდან მომდინარეობს. ისინი გარკვეულწილად უერთდებიან თქვენს მომავალს, რომლის ნაყოფებიც უკვე აწმყოში არსებობს. მიეცით საკუთარ თავს დრო და გამოცდილება და განაგრძეთ ურთიერთობა სიმბოლოებთან; ეცადეთ, რომ დროდადრო დაუბრუნდეთ სიზმარს და თავის დოზე ყველაფერი ცხადი გახდება.

წიგნის თავები


წიგნის ელექტრონული ვერსიის შეძენა წიგნის გადმოწერა
იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff