შინაგანი სამუშაო: სიზმრებისა და აქტიური წარმოსახვის გამოყენება პერსონალური განვითარებისათვის

რობერტ ალექს ჯონსონი
5
2

მთარგმნელები: დავით ჯანგველაძე და ვარიკო ესებუა

თავი მეოთხე - არაცნობიერი და არქეტიპები

არქეტიპების კონცეფცია საკმაოდ ხშირად ჩნდება სიზმარხილვისა და აქტიური წარმოსახვის საკითხებში: ამიტომ, ჩვენთვის სასარგებლოა ამ მნიშვნელოვანი კონცეფციის განხილვა, სანამ უშუალოდ პრაქტიკულ მუშაობაზე გადავალთ. შემდეგ, როცა არქეტიპული გამოსახულებების მაგალითები ჩვენი დისკუსიის ფარგლებში გამოჩნდებიან, უკეთეს მდგომარეობაში აღმოვჩნდებით მათი მნიშვნელობის გაგებისათვის. ჩვენ ახლა განვიხილავთ არქეტიპების კონცეფციაში  შემავალ ძირითად იდეებს: მოგვიანებით, როდესაც კონკრეტული სიზმრების მაგალითების განხილვაზე გადავალთ და პრაქტიკული ნაბიჯების გამოყენებას დავიწყებთ, გვექნება შესაძლებლობა, გავაღრმავოთ ჩვენი გაგების ხარისხი მოცემულ საკითხთან დაკავშირებით.         

ფსიქოლოგიური არქეტიპების იდეა არის იუნგის მიერ აღმოჩენილი ერთ-ერთი ყველაზე სასარგებლო და პროვოკაციული საკითხი თანამედროვე აზროვნებაში. არქეტიპებს გააჩნიათ ფართო გამოყენება ფსიქოლოგიის სფეროს გარეთაც და მოცემულმა საკითხმა გავლენა იქონია ბევრ მეცნიერზე, რომლებიც მუშაობენ ისეთ სფეროებში, როგორებიცაა: ანთროპოლოგია, კულტურის ისტორია, მითოლოგია, თეოლოგია, შედარებითი რელიგია და ლიტერატურა. ასე იმიტომ ხდება, რომ იუნგის მიხედვით, არქეტიპები სიმბოლური სახით ჩნდებიან არა მხოლოდ ცალკეული ადამიანების სიზმრებში, არამედ მითოლოგიაში, კულტურულ ნიმუშებში, რელიგიურ სიმბოლოებში, რიტუალებში და ადამიანური წარმოსახვის ყველა პროდუქტში, როგორიცაა ლიტერატურა და ხელოვნება.

არქეტიპების იდეა უძველესია. იგი დაკავშირებულია პლატონისეულ იდეათა სამყაროს კონცეფციასთან - ეს არის ღვთაებრივ გონებაში უკვე არსებული ნიმუში, რომელიც განსაზღვრავს, თუ რა სახის მანიფესტაციაში გამოვლინდება მატერიალური სამყარო. თუმცა, ფსიქოლოგიური არქეტიპების განსაზღვრების საკითხში, იუნგს უნდა ვუმადლოდეთ - ისინი განასახიერებენ პიროვნებისთვის დამახასიათებელ ნიმუშებს, რომლებიც უკვე წინასწარ არსებობენ კაცობრიობის კოლექტიურ ფსიქიკაში და მარადიულად მეორდებიან ცალკეული ადამიანების ფსიქოლოგიურ სტრუქტურაში, რომლებიც განსაზღვრავენ ძირითად გზებს, და სწორედ მათი მეშვეობით აღვიქვამთ და ვფუნქციონირებთ, როგორც ფსიქოლოგიური ქმნილებები.

იუნგმა სიზმრისეულ სიმბოლოთა დაკვირვების შედეგად შეიტყო, რომ  არქეტიპები, რომლებიც ადამიანების სიზმრებში წარმოიქმნებოდა, ძალიან ხშირად და ზუსტად შეესაბამებოდა აღწერილობებს, რომლებიც ჩნდებოდნენ უძველეს მითებში, ხელოვნებასა და რელიგიაში და ისინი მოდიოდნენ ისეთი დროიდან და ადგილებიდან, რომლის შესახებაც სიზმარმხილველს ხშირ შემთხვევაში წარმოდგენა არ ჰქონდა. იუნგი გრძნობდა, რომ არსებობს გარკვეული რაოდენობის პირველყოფილი სიმბოლოები და უნივერსალური მნიშვნელობები, რომლებიც ღრმა კავშირშია ადამიანურ არაცნობიერთან და სპონტანურად ფეთქდება არაცნობიერიდან, ნებისმიერ დროსა და ადგილას, ყოველგვარი კულტურული საჭიროების გარეშე.   

ამავდროულად იუნგმა შენიშნა, რომ ეს „პირველყოფილი გამოსახულებები“ აყალიბებენ ბიოლოგიურ ნიმუშებს, რომლთა მიხედვითაც ყალიბდება ჩვენი ძირითადი ადამიანური ფსიქოლოგიური სტრუქტურა. ჩვენ შეგვიძლია ვიფიქროთ მათზე, როგორც ბუნებრივ გამოსახულებებზე, რომლებიც ჩვენს შინაგან გონებრივ სტრუქტურებს კარნახობენ ძირითად ფორმებს და საერთო ჯამში განსაზღვრავენ ჩვენს ინსტიქტურ მიდრეკილებებს, ღირებულებებს, ქმედებებს, აღქმის მანერას, შეგრძნებასა და მსჯელობას.

ისინი სპონტანურად წარმოიქმნებიან არაცნობიერიდან, რათა გამოჩნდნენ ნებისმიერი ინდივიდის სიზმრებში, ხილვებსა და წარმოსახვაში, ნებისმიერ დროსა და ადგილას. რადგანაც ისინი ჩნდებიან უნივერსალურ, კოლექტიურად განსაზღვრულ ხატ-სახეებში, მათი სიმბოლიზმი იწვევს იდენტურ შეგრძნებებს და წინ სწევს ერთმანეთის მსგავს საკითხებს, რომლებიც წარმოიქმნებიან როგორც ინდივიდუალურ ცხოვრებაში, ასევე კოლექტიურ კულტურაშიც.

ტერმინი „არქეტიპი“ ჯერ კიდევ ფილონ ალექსანდრიელთან გვხვდება, როდესაც იგი საუბრობს ადამიანში არსებული ღმერთის ხატის შესახებ. არქეტიპი ასევე გვხვდება ირინეოს ლიონელთან, რომელიც ამბობს: „სამყაროს შემოქმედს ეს ყველაფერი არ შეუქმნია პირდაპირ საკუთარი არსებიდან, არამედ ისინი გამოხატულია არქეტიპების სახით, თავისი არსების გარედან“... „არქეტიპი“ არის იდეათა სამყაროდან პლატონის მიერ მოხსენიებული პარაფრაზი. ჩვენი მიზნებისათვის მოცემული ტერმინი შესაფერისი და გამოსადეგია, რადგან გვეუბნება, რომ საქმე გვაქვს არქაულ - ან მე ვიტყოდი - პირველყოფილ ტიპებთან, ანუ უნივერსალურ გამოსახულებებთან, რომელბიც ჯერ კიდევ უძველესი დროიდან მოყოლებული არსებობდა.  (Jung, 9, CW, 5-6)

არაცნობიერიდან გამომდინარეობს განმსაზღვრელი ზემოქმედება, რომლიც ტრადიციისგან დამოუკიდებლად თითოეულ ინდივიდში ერთმანეთის მსგავსად გამოიცდება, მაგრამ ისინი გამოცდილების მხრივ ძალიან მრავალფეროვანნი არიან. ამის ერთ-ერთი მთავარი დასტური არის თითქმის უნივერსალური თანხვედრა მითოლოგიურ პარალელებს შორის და მათი პირველყოფილი წარმომავლობის გამო მე მათ არქეტიპებს ვუწოდებ. ( 9, CW, 118)

ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ ვივარაუდოთ, რომ ადამიანური ქცევები მომდინარეობს შაბლონური ფუნქციონირებისგან, რომელიც მე ავღწერე, როგორც პირველყოფილი გამოსახულებები. ტერმინი „გამოსახულება“  მიზნად ისახავს გამოხატოს არა მხოლოდ მიმდინარე აქტივობის ფორმა, არამედ ტიპიური სიტუაცია, რომელშიც აქტივობა ვლინდება. მსგავსი გამოსახულებები არიან პირველყოფილი გამოსახულებები, რამდენადაც ისინი დამახასიათებელია მთელი კაცობრიობისათვის და მათი წარმოშობა ყოველთვის უნდა დაემთხვეს სახეობათა წარმოშობის საწყისს. ისინი განასახიერებენ „ადამიანურ თვისებებს“, განსაკუთრებით კი აქტივობისას განხორციელებულ ფორმებს. (,9, CW, 153)

არქეტიპები დაკავშირებულია სხვადასხვა ტიპებთან - ტიპებთან, რომლებიც დამახასიათებელია პიროვნულ მახასიათებლებთან ან თვისებების ერთობლიობასთან, რომლებიც ისევ და ისევ ჩნდებიან სპონტანურად განმეორებადი ნიმუშების სახით. „სათნო ქალწული“ არის ერთ-ერთი ტიპი, „ბრძენი და მზრუნველი დედოფალიც“ ასევე არის ტიპი, „მამაცი მეომარი“ არის ტიპი, ასევე „პურიტანიც“ არის ტიპი. თითქმის არცერთი ადამიანი ზუსტად არ ერგება ნებისმიერ ტიპს, რადგან ტიპები თავიანთი ბუნებით, ხასიათობრივი თვისებებისა და ქცევითი ნიმუშების იდეალიზებულ მოდელებს განასახიერებენ. ლიტერატურასა და სიზმრებში ჩვენ ვპოულობთ ფიგურებს, რომლებიც ზუსტად ერგებიან მოცემულ ტიპებს, მაგრამ რეალურ ადამიანში არსებობს მრავალი ტიპის კომბინაცია, რომლებიც მდიდარ და არათანმიმდევრულ, მრავალმხრივ პიროვნებას აყალიბებენ.

თუ ჩვენ ვიპოვით საკუთარ გზას პირველყოფილ შაბლონთან, რომელმაც შექმნა უნივერსალური ტიპები, რომლებსაც ჩვენ ინსტიქტურად ვაღიარებთ, როგორც ჩვენში პოტენციურად არსებულ პიროვნულ თვისებებს, - როგორც თქვენში, ასევე ჩემში, - მაშინ ჩვენ გარკვეული გაგებით ვიპოვით პირველყოფილ ტიპს, საიდანაც ყველა დანარჩენი ტიპი წარმოიქმნება.

Arche ბერძნულად ნიშნავდა „პირველს“, ხოლო type ნიშნავდა „ნიმუშს“ ან „ანაბეჭდს“. მაშასადამე, ფსიქოლოგიური არქეტიპები აღნიშნავენ „პირველად შაბლონებს“, რომლებიც ადამიანის პიროვნული კოპონენეტების ძირითადი დინამიკის გეგმას განსაზღვრავენ. რეალური გაგებით, როცა სხვადასხვა ტიპებს ვაკვირებდებით, ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ სწორედ მათი კომბინაცია განსაზღვრავს იდენტიფიცირებადი ადამიანის მოდელს. ისინი დაბადებულნი არიან ჩვენს შიგნით, როგორც ადამიანური რასის მემკვიდრეობითი ნაწილი.

ყველა ხატ-სახე, რომელიც სიზმარში ჩნდება, არ არის არქეტიპი. პირველ რიგში, უნდა გავიაზროთ და უნდა დავაკვირდეთ, რომ არაცნობიერი შედგება გარკვეული სახის ენერგიისგან და განსხვავებულ ენერგეტიკულ სისტემაში იგი შესაბამის ფორმებად ყალიბდება, რასაც ჩვენ „ენერგეტიკული ფორმები“ შეგვიძლია ვუწოდოთ. ასეთი ენერგეტიკული ფორმები შეიძლება აღნიშნავდნენ შეგრძნებებს, დამოკიდებულებებს, ღირებულებით სისტემებს ან მთლიან პიროვნებებს, რომლებიც ჩვენში ცხოვრობენ. სინამდვილეში, ყოველ ჩვენგანში არსებობს მრავალი განსხვავებული პიროვნება, რომლებიც არაცნობიერ დონეზე ერთდროულად თანაარსებობენ. ეს შინაგანი „პიროვნებები“ სიზმარში განსხვავებული „ადამიანების“ სახით გვევლინებიან.

ენერგეტიკულ ფორმებს შორის, რომლებიც საკუთარ თავს სიზმრებში კონკრეტული გამოსახულებების სახით წარმოგვიდგენენ, არსებობენ არქეტიპებიც. მაგრამ, მათი უმეტესობა არ წარმოადგენს არქეტიპებს და არ შეესაბამება უნივერსალურ ნიმუშებს; ისინი მხოლოდ სიზმარმხილველის პირადი ენერგეტიკული სისტემების განსახიერებები არიან. ადამიანები ხშიად იბნევიან, როცა პირველად ესმით არქეტიპების შესახებ და როდესაც აცნობიერებენ იმ გასაოცარ სიბოლოებს, რომლებშიც არქეტიპები ჩნდებიან. მათ შესაძლოა იფიქრონ, რომ სიზმარში გამოჩენილი ყველა ხატ-სახე არქეტიპს წარმოადგენს; ან მათ შეიძლება ჰქონდეთ შთაბეჭდილება, რომ არსებობს კომპლექტების სია, რომელთა მეშვეობითაც ყოველი არქეტიპის განსაზღვრებით, შესაძლებელია ნებისმიერი სიზმრის ინტერპრეტაცია.

არცერთი ეს იდეა არ არის ზუსტი. სავარაუდოდ, არსებობს არქეტიპების უსასრულო რაოდენობა, ისევე, როგორც არსებობს ადამიანში არსებული უამრავი პერსონალური თვისება. არქეტიპის იდენტიფიცირება არის სენსორული საკითხი, რომელიც ჩართულია ადამიანის უნივერსალურ ენერგეტიკულ სისტემაში, როდესაც ადამიანი ხედავს ძლიერ სიმბოლოს, რომელიც მომდინარეობს ჩვენი კოლექტიური ადამიანური ბუნების სიღრმიდან. ეს არ არის ვიღაცის მიერ შექმნილ ტიპობრივ სიებთან მუშაობის საკითხი. ამ სფეროში ჩვენ გვაქვს არა მხოლოდ უფლება, არამედ მოვალეობაც, რომ ჩავრთოთ საკუთარი შემოქმედებითი წარმოსახვა. ჩვენ თავისუფლად შეგვიძლია დავარქვათ სახელები, რომელთაც ჩვენთვის მნიშვნელობა ექნებათ. მოგვიანებით ამაზე უფრო დაწვრილებით ვისაუბრებთ.

ზოგიერთმა მაგალითმა შესაძლოა მოგვცეს უკეთესი გაგება, თუ როგორ მივხვდეთ არქეტიპების მნიშვნელობას: ყოველი კულტურისა და რელიგიის ისტორიაში დასაწყისიდანვე არსებობდა იდეა სულის შესახებ. კაცობრიობამ ყოველთვის ინტუიციურად იცოდა, რომ ჩვენს შიგნით არსებობდა რაღაც არსება, რომელიც იყო უხილავი, მაგრამ აქტიური. მამაკაცები თავიანთ სულებს პოეზიასა და რელიგიურ ალეგორიებში ხშირად მოიხსენიებდნენ ფემინურ ასპექტში. ზოგჯერ სული მოიხსენიებოდა, როგორც „შინაგანი ქალი“, რომელიც ქორწინდებოდა ქრისტესთან ან შესაძლებელს ხდიდა ღმერთთან  ზიარებას. ხანდახან მამაკაცები წარმოიდგენდნენ ქალურ მუზებს, რომლებიც მათ შთააგონებდნენ პოეზიას, ლიტერატურას, ხელოვნებას ან დახვეწილი მგრძნობელობის ასპექტებს. ქალები პირიქით, ხშირად წარმოიდგენდნენ სულს, როგორც მასკულინურ ასპექტს, რომელიც უზრუნველყოფდა სიბრძნესა და ძალას.

იუნგმა აღმოაჩინა, რომ იმას, რასაც ხალხი რელიგიურ ენაზე „სულს“ უწოდებდა, სინამდვილაში ჰქონდა ფსიქოლოგიური ანალოგი, რომელიც არის შინაგანი ფსიქიკის კონკრეტული და ობიექტური ნაწილი და იგი მოქმედებს რელიგიასა და პოეზიაში არწერილი სულის მსგავსად. მამაკაცების სიზმრებში სული ჩნდება ქალის სახით. ქალებში, ჩვეულებრივ, იგი მამაკაცური ფიგურის სახით ვლინდება. ობიექტური ფსიქოლოგიური არსების რელიგიური ცნებებისაგან გამიჯვნის მიზნით, იუნგმა მამაკაცში არსებულ ქალურ ფიგურას უწოდა ანიმა, ხოლო ქალში არსებულ მამაკაცურ ფიგურას უწოდა ანიმუსი. ორივე სიტყვა ლათინურად „სულსა და სამშვინველს“ ნიშნავს. 

შემდგომ თავებში ვიხილავთ ანიმასა და ანიმუსის სიზმრებსა და წარმოსახვაში გამოჩენის რამდენიმე მაგალითს. აქ საქმე ისაა, რომ არქეტიპისთვის დამახასიათებელია უნივერსალურობა და იგი ქმნის სტრუქტურას ან ენრგიის ფორმას, რომელიც, როგორც ჩანს, არსებობს ნებისმიერი ქალისა და მამაკაცის ფსიქოლოგიურ სტრუქტურაში. ეს ეხება სულს, რომელიც არის როგორც ობიექტური ქმნილება, ასევე უნივერსალური სიმბოლო. ეს არის ჩვენი ადამიანური მემკვიდრეობის ნაწილი; ის, რაც ჩვენ გვაქცევს ადამიანებად.

სული არა მხოლოდ არსებობს ყველა ადამიანში, როგორც შინაგანი რეალობის ნაწილი, არამედ იგი წარმოქმნის სიმბოლოთა უნივერსალურ კომპლექტს - ანუ ანიმასა და ანიმუსის სხვადასხვა გამოსახულებებს -  რომელთა მეშვეობითაც ისინი საკუთარ თავს ავლენენ. ასე რომ, ჩვენ შეგვიძლია ვიპოვოთ გამოსახულებების მსგავსი ნაკრები მამაკაცებისთვის - ანიმასთან დაკავშირებით: მითებში, ხალხურ ზღაპრებში, რელიგიაში, ხელოვნებასა და ლიტერატურაში. იგივე ეხება უნივერსალურ სიმბოლიკას ანიმუსთან დაკავშირებითაც.

ისევე, როგორც არქეტიპი შეიძლება ყველაზე ადვილად იდენტიფიცირდეს, როგორც შინაგანი სტრუქტურა, იგივე ხდება ანიმასა და ანიმუსის შემთხვევაშიც; იგი შეიძლება ჩაითვალოს, როგორც უნივერსალური თვისება, რომელსაც ყოველი ადამიანი აღიარებს შეგრძნებისა და ქმედებების სახით. მაგალითად, ქალს შესაძლოა ესიზმროს, რომ იგი იმყოფება სიყვარულის ღმერთის ან ქალღმერთის გვერდით; სიყვარული არქეტიპია: სიყვარული არის წინასწარ ჩამოყალიბებული ტენდენცია ადამიანში; ეს არის ადამიანური გრძნობის პირველყოფილი გეგმის, ურთიერთობების ნაწილი. იგი საკუთარ გზას პოულობს ყველა ადამიანსა და კულტურაში. ის იმდენად უნივერსალურია, რომ მისი მნიშვნელობის ახსნაც კი არაა საჭირო.

ქალი, რომელიც მსგავსი არქეტიპის სიზმარს ხედავს, მხოლოდ სიყვარულის სურვილით არ არის აღვსილი. მას ასევე გააჩნია სიძულვილის უნარი, ისევე, როგორც ჩვენ ყველას, და იგი ფარულად არის მიმალული სადღაც, ტოტალური პიროვნების ფარგლებში. მაგრამ, მოცემულ სიზმარში, ქალი იმყოფება ისეთი გამოსახულების თანმყოფობასთან, რომელიც სიყვარულის არქეტიპს განასახიერებს - სიყვარული  უნივერსალური, ზეპიროვნული ძალაა, რომელიც ჩვენი პირველყოფილი ფსიქიკის სიღრმეებიდან ამოდის.

მოცემული სიზმრის პირისპირ, თუ სიზმარმხილველი გააცნობიერებს, რომ ეს არის სიყვარულის უნივერსალური ენერგიის განსახიერება, იგი დადგება გამოწვევის წინაშე, რომ უკეთ გააცნობიეროს საკუთარი შეგრძნებები, ემოციები და ქმედებები.

ადრე აღვნიშნეთ, რომ ადამიანში უთვალავი არქეტიპი იმყოფება არაცნობიერ მდგომარეობაში. სიზმარში არქეტიპული გამოცდილების დადგენის საკითხი, უნივერსალური ინსტიქტის ან გამოსახულების მიღმა სიმბოლირებული ნიმუშის დადგენასთან არის დაკავშირებული.

ჩვენ არ გვჭირდება იმის ცოდნა, თუ რომელი მათგანი იყო ოფიციალურად აღნიშნული, როგოროც იუნგის არქეტიპი. ჩვენ ასევე არ გვჭირდება ვიცოდეთ, რა სახელებით მოიხსენიებდა მათ იუნგი, თუმცა ზოგჯერ მათი ცოდნა შესაძლოა სასარგებლო იყოს.

იუნგიანელები არქეტიპების სახელწოდებებს, ჩვეულებრივ პოულობენ მითებსა და უძველეს რელიგიებში, რადგან სწორედ აქ ჩნდებოდა მათი ხატ-სახეები პირველად, ხშირად დრამატული და დასამახსოვრებელი ფორმების სახით. მაგალითად, გმირის მოგზაურობის არქეტიპს, რომელშიც ადამიანი ბედისწერის მიერ გამოიცდება, ხშირად „ოდისეას“ უწოდებენ, რადგან მოცემული არქეტიპის ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოხატულება არის ოდისევსის მოგზაურობა. მაგრამ, ასეთი დასახელებები ხანდახან თვითნებურია. ჩვენ ყველანი თავისუფალნი ვართ, გამოვიყენოთ საკუთარი განსჯა, შეგრძნებები და ფანტაზია იმის გადასაწყვეტად, თუ რომელ არქეტიპთან გვაქვს საქმე და თავისუფლად შეგვიძლია გამოვიყენოთ ისეთი დასახელებები, რომლებსაც ჩვენთვის აქვს მნიშვნეელობა.

წლების წინ, ჩემთან ახალგაზრდა კურსდამთავრებული მოვიდა საკუთარ სიზმრებთან მუშაობის მიზნით და ამ დროიდან მოყოლებული, მის სიზმრებში გამოჩენა დაიწყო მამაკაცურმა ფიგურამ. სტუდენტმა სპონტანურად გამოიგონა სახელი თავისი სიზმრისეული თანამგზავრისთვის, რომელმაც უნივერსალური ხასიათი აჩვენა. მან მას „ტომის ძმა“ უწოდა.

სიზმარმხილველი და მისი ტომის ძმა ცხოვრობდნენ უძველესი ხანის ევროპაში, ერთ-ერთ ვიკინგურ ტომში. ზოგიერთ სიზმარში ის და მისი თანამგზავრი იყვენენ მეომრები და ერთად მიდიოდნენ ომში საბრძოლველად. სხვა სიზმრებში ისინი მკურნალები იყვნენ. ერთ-ერთ სიზმარში მათ აღმოაჩინეს  თეთრ სამოსში გამოწყობილი კაშკაშა და ჯადოსნური ქალი, რომელიც სიზმარმხილველის მეუღლე გახდა. მათ ერთად გაიარეს ყველა ბრძოლა და ახალგაზრდობის მრავალრიცხოვანი აღმოჩენები. სიზმარმხილველის მეგობრობა შინაგან ფიგურასთან იმდენად ახლო და რეალური იყო, რომ თავს ყოველთვის მარტოსულად გრძნობდა, როდესაც სიზმარში მისი ნახვის გარეშე მრავალი დღე ერთმანეთს მისდევდა.

აშკარაა, რომ „ტომის ძმა“ არის არქეტიპი, და არსებობს „ტომობრივი დის“ არქეტიპი ქალების სტრუქტურაშიც. მამაკაცებს და ქალებს ადრეულ ასაკში ხშირად ესიზმრებათ მსგავსი სიზმრები - ეს არის იგივე ასაკისა და სქესის ადამიანი, რომელიც მას ეხმარება, მისი ერთგული მოკავშირე და თანამგზავრია ცხოვრებისეულ განსაცდილებსა და გამოწვევებში. ხატ-სახე შეესაბამება ობიექტურ რეალობას, რადგან ენერგეტიკული სისტემა ცხოვრობს ინდივიდის შიგნით და რეალურ ძალას აძლევს ცნობიერებას, მისი განვითარების მიზნით. ქალში, „ტომის და“  არის ფემინური ცნობიერების არქეტიპი, რომელიც აძლიერებს ფემინურ იდენტობას, როდესაც იგი სექსუალური სიმწიფის ფაზაში გადადის.

მე მომყავს  მოცემული მაგალითი იმის ხაზგასასმელად, რომ თქვენ გაქვთ საკუთარი არჩევანის გაკეთების უფლება, თავად აირჩიოთ თქვენი დასახელებები. ვერავინ იპოვის „ტომის ძმის“ არქეტიპის დასახელებას სტანდარტული სიმბოლოების ლექსიკონში. მიუხედავად ამისა, სიზმარმხილველმა სიზმარში დაინახა მოცემული სიმბოლო და იპოვა სახელი, რომელიც არქაული წარსულიდან მომდინარეობს. მოცემული ძალა თქვენშიც ისევე იმყოფება, როგორც მასში.

ზოგჯერ დანახვას აადვილებს იმის აღმოჩენა, თუ როგორ შეესაბამებიან სიზმარში გამოჩენილი პიროვნებები ბუნების დიდ ძალებს; ანუ, მაგალითად, თუ არქეტიპებს შევადარებთ ძველი ბერძნების ღმერთების პანთეონს. ღმერთები, როგორც ბერძნები თვლიდნენ, განასახიერებდნენ ძალებს, რომლებიც ინდივიდუალურად ურთიერთობდნენ თითოეულ ადამიანთან. ეს ძალები არსებობდნენ ყოველი ადამიანის ცხოვრებაში და ისინი ამავდროულად უსასრულონი, უნივერსალურნი და მარადიულნი არიან და არსებობენ დროსა და საზღვრებს მიღმა. „ღმერთები“ შეგვიძლია აღვწეროთ, როგორც „ენერგეტიკული ველები“, რომლებიც უშუალოდ მოქმედებენ ადამიანურ რასაზე. ამავდროულად, მათ ხატ-სახეებში წარმოდგენილია ინტერგირებული პიროვნებები, რომლებიც მსგავსია ჩვენს სიზმრებში გამოჩენილი პიროვნებებისა, მაგრამ ისინი ბევრად დიდ ძალას და ადამიანურ მახასიათებლებს ატარებენ. მათი ასპექტების ინტეგრაცია ადამიანში შესაძლებელია.

ამ მიზეზით, იუნგი ამბობდა, რომ ბერძნული პანთეონის ღმერთები და გმირები სინამდვილეში არქეტიპების ბრწყინვალე სიმბოლოებს განასახიერებდნენ. მათი სიმბოლოები გამოხატავენ უნივერსალურ, პირველყოფილ ტიპებს, რომელებიც ადამიანურ პიროვნებას აყალიბებენ.

მკაცრად რომ ვთქვათ, არქეტიპები არ განასახიერებენ ძალებს, არამედ ისინი არიან წინარე ნიმუშები, რომლებიც ტიპიურ ფორმას ანიჭებენ ჩვენში არსებულ ძალებს. მიუხედავად ამისა, როცა ჩვენ არქეტიპულ გამოსახულებებს ვგხვდებით, ყოველთვის ვგრძნობთ იმ ძალას, რომელიც ჩამოყალიბებული გამოსახულების მიღმა იმყოფება. ჩვენ ვგრძნობთ, რომ შეჭრილები ვართ არა მხოლოდ სიმბოლურ ტიპში, არამედ ზეადამიანური ძალის უზარმაზარ რეზერვში, რომელიც კოლექტიურ არაცნობიერში ბინადრობს. ჩვენ შეგვიძლია ვიგრძნოთ არქეტიპი, როგორც ენერგიის მუხტი. ისეთი შეგრძნება იქმნება, თითქოს ჩვენს გარეთ არსებულ ასპექტთან გვიწევს ცნობიერი ურთიერთობა და გამკლავება. როცა მათ მოქმედ ძალებად აღვიქვამთ, რომელბიც უშუალოდ ჩვენი გავლით მოქმედებენ, შეგვიძლია დავიწყოთ იმის გაცნობიერება, თუ რატომ აღიქვამდნენ ბერძნები და სხვა ძველი ხალხები მათ, როგორც ზებუნებრივ ძალებს.

რადგანაც არქეტიპების მიერ ჩამოყალიბებული ენერგეტიკული სისტემები ტრანს-პერსონალური, უნივერსალური, მარადიული და პირველყოფილი ხასიათით გამოირჩევიან, საკუთარ სიზმრებში არქეტიპული გამოცდილება აღიქმება, თითქოს ღვთაებების ან ღმერთების წინაშე ვდგავართ. ჩვენ მათ განვიცდით, როგროც დიადი ძალების ზემოქმედებას. ისინი ზოგჯერ გვეხმარებიან, ზოგჯერ გვემუქრებიან, მონაცვლეობით - გვაძლიერებენ ან გვთრგუნავენ, გვათავისუფლებენ ან გვბოჭავენ, რაც დამოკიდებულია ევოლუციაზე, რომელსაც გავდივართ და იმ საფეხურზე, რომელზეც ვიმყოფებით. ჩვენ მათ ვგრძნობთ, როგორც დიად, ტრანსცენდენტურ, მარადიულ ენერგიებს, რომელბიც ჩვენი კონტროლის მიღმა იმყოფებიან, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ცხოვრებისა და ბუნების განუყოფელ ნაწილებს შეადგენენ.

როგორც ფსიქოლოგიური ცნებების უმეტესობაში, არქეტიპების იდეაშიც ბევრი რამ არის ისეთი, რომლებიც დაკავშირებულია ჩვეულებრივ, ყოველდღიურ ცხოვრებასთან. ჩვენ შევიგრძნობთ არქეტიპების მოქმედებას ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში მათი იდენტიფიცრების გარეშე.

მაგალითად, თუ ვიცნობთ ქალს, რომელიც მის წინაშე არსებული პრობლემების მიმართ ზეადამიანური გამბედაობის გამოვლენით იბრძოდა, ჩვენ მასზე ვიტყვით, რომ: „ ეს ქალი გმირია. იგი გმირულად გაუმკლავდა ყველა პრობლემას.“ ჩვენ გაცნობიერების გარეშე ვაღიარებთ, რომ გმირის არქეტიპი თავად ამ ქალში ცხოვრობს, იგი აყალიბებს მისი ხასიათის ნაწილს და იქცევა იმ უნივერსალური ტიპის შესაბამისად, რომელიც გმირს შეესაბამება.

სხვა შემთხევვაში შეიძლება ვთქვთ, რომ ჩვენთვის ნაცნობი მამაკაცი „ძალიან ძუნწად იქცევა“. ამაში ჩვენ ვგულისხმობთ, რომ ცინიკური ძუნწის არქეტიპი კონკრეტული მამაკაცის დამოკიდებულებებსა და ქცევაში ვლინდება.

გმირის არქეტიპი თითოეულ ჩვენგანში ცხოვრობს ისევე, როგროც ძუნძის არქეტიპი. სწორედ ამ მიზეზის გამო მყისიერად აღმოვაჩნეთ ხოლმე მათ არსებობას სხვებში.  ზოგიერთ ადამიანს კონკრეტული არქეტიპის აქტიურობა აშკარად ეტყობა. სხვა შემთხვევებში, არქეტიპები არაცნობიერში დაფარულ პოტენციალს განასახიერებენ. გმირის არქეტიპი, მაგალითად, კონკრეტულ ადამიანში შეიძლება გამოჩნდეს მხოლოდ მაშინ, როდესაც ამას კრიზისი მოთხოვს ან სიყვარული და ლოიალობა შთააგონებს მის გამოვლინებას.

არცერთი ჩვენგანი არ არის მხოლოდ ერთი რამ. ჩვენ არ ვართ მონოგანზომილებიანი არსებები. ჩვენ ვართ უსაზღვროდ მრავალფეროვანი არქეტიპების კომბინაციის შედეგი. თითოეულ ჩვენგანში არსებობს გმირის, მხდალის, მშობელის, შვილის, წმინდანისა და ქურდის ნაწილი. სწორედ ამ დიდი არქეტიპული მოტივების ინდენტიფიცირებაში მდგომარეობს სწავლების არსი. ჩვენ ვსწავლობთ პატივი ვცეთ თითოეულ მათგანს, როგორც კანონიერ ადამიანურ თვისებებს, ვსწავლობთ, გამოვყოთ თითოეული მათგანის ენერგია კონსტრუქციულად, რათა შინაგანი სამუშაო, სულის ოდისეად ვაქციოთ.

არქეტიპები ხშირად არაცნობიერის მიერ წარმოდგენილია ღვთაებრივ, სამეფო, მაგიურ ან მითიურ ხატ-სახეებში. თუკი თქვენს სიზმრებში უნივერსალური გმირის არქეტიპი ჩნდება, მან შეიძლება მიიღოს ისეთი ლეგენდარული ფიგურის სახე, როგორიცაა ჟანა დ’არკი. მას შეიძლება ჰქონდეს მბზიანავი ჯავშანი ან ატარებდეს მაგიურ ხმალს. ზოგადად, სიზმარში იქნება რაღაც, რაც შექმნის კეთილშობილების ან ავტორიტეტის შეგრძნებას.

მაშინაც კი, თუ აღტაცების, ღვთაებრივობის ან მაგიურობის სპეციფიკური განცდა არ აღინიშნება, შესაძლოა მოვიდეს განცდა, რომ ადამიანი უნივერსალური ტიპის პროტოტიპის მაგალითს უყურებს, ეს შეიძლება იყოს: დედათა დედა, არმაგედონი, ან სიყვარული, რომელიც მოიცავს მთელს ადამიანურ გამოცდილებას, რაც კი ოდესმე ყოფილა.

წიგნის თავები


წიგნის ელექტრონული ვერსიის შეძენა წიგნის გადმოწერა
იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff