შინაგანი სამუშაო: სიზმრებისა და აქტიური წარმოსახვის გამოყენება პერსონალური განვითარებისათვის

რობერტ ალექს ჯონსონი
5
2

მთარგმნელები: დავით ჯანგველაძე და ვარიკო ესებუა

თავი მეთოთხმეტე - პირველი საფეხური: არაცნობიერის გამოწვევა

უსიერ ტევრში, ამ ცხოვრების ნახევარგზაზე,

ანაზდეულად გამოვფხიზლდი გზადაკარგული.

ენა ვერ იტყვის, თუ რამდენად იყო ტყე იგი...

დანტე ალიგიერი "ღვთაებრივი კომედია"

 

  აქტიური წარმოსახვის პირველი საფეხური არის არაცნობიერის შემადგენელი ნაწილის გამოწვევა, რომელიც ზედაპირზე ამოსვლის შედეგად უნდა დაგვიკავშირდეს. ჩვენ ვიწვევთ შინაგან პიროვნებებს დიალოგის დასაწყებად. 

  როგორ გავაკეთოთ ეს მოწვევა? ჩვენ ვიწყებთ გონების მოშორებას გარეგანი სამყაროსაგან და მთლიანად ვფოკუსირდებით წარმოსახვაზე. ჩვენ მივმართავთ შინაგან თვალს ჩვენს შიგნით არსებული ადგილისაკენ და შემდეგ ველოდებით, ვინ გამოჩნდება. 

  დანტეს "ღვთაებრივი კომედიის" ზემოთ მოყვანილ სტრიქონში ვხედავთ, როგორ ფორმირდება გამოწვევის აქტი. დანტე საკუთარ ფანტაზიაში შევიდა თავი ჩაბნელებულ ტყეში ამოყო. ყველა კოლექტიური გზა აღმოიფხვრა: "ანაზდეულად გამოვფხიზლდი გზადაკარგული". მას ჩახლართული ტყის გავლით საკუთარი აღმოჩენებისაკენ გზის გაკვლევა მოუწია. 

  ლიტერატურაში აქტიური წარმოსახვის რამდენიმე შესანიშნავი მაგალითი არსებობს; "ღვთაებრივი კომედია" ერთ-ერთი მათგანია. დანტე ტყის გავლით შინაგან სამყაროში აღმოჩნდება. იგი ხვდება პოეტ ვირგილიუსს, რომელიც, როგორც აღმოჩნდება, მშვენიერი ბეატრიჩეს მიერ არის გამოგზავნილი. ვირგილიუსი ხელმძღვანელობს და ესაუბრება დანტეს, ჯოჯოხეთის სხვადასხვა საფეხურის გავლისას. 

  ეს არის კლასიკური მაგალითი იმისა, თუ როგორ უნდა დაიწყოს აქტიური წარმოსახვა. დანტე დაუკავშირდა ვირგილიუსს და დაიწყო მასთან ერთად სიარული; ის შეხვდა სხვადასხვა ადამიანს: ზოგიერთი მათგანი ისტორიული პირი იყო, რომელსაც იგი სიკვდილამდე პირადად იცნობდა. მათ ერთმანეთთან იდეების გაცვლა და ღირებულებათა შეჯახება ჰონდათ. 

  რაღაც მომენტში ვერგილიუსი ქედს იხრის და ამბობს, რომ ამიერიდან ვიღაც მასზე დიადი გააგრძელებს დანტეს მეგზურობას, მისი მოგზაურობის დარჩენილ გზაზე. შემდეგ, მალევე ჩნდება ბეატრიჩე, დასავლურ ლიტერატურაში ანიმას ერთ-ერთი უდიდესი ილუსტაცია, რომელსაც დანტე განსაწმენდელამდე და სასუფევლამდე მიჰყავს. 

  კომედია ჭეშმარიტი აქტიური წარმოსახვაა. დანტე თავის ისტორიას პირველ პირში ჰყვება. მისი ეგო მთელი გამოცდილების განმავლობაში რეაგირებს, მონაწილეობს მოვლენებში და მართავს დიალოგს შინაგან ადამიანებთან, რომელთაც საკუთარ წარმოსახვაში პოულობს. იგი ეხება ერთგულებისა და ღალატის, სათნოებისა და ბოროტების, სამოთხისა და ჯოჯოხეთის, სიკვდილისა და სიცოცხლის არქეტიპებს, რომლებიც კოლექტიური არაცნობიერიდან მოდიან. ესენი ყველა ჩვენგანისათვის საერთოა, მაგრამ არქეტიპული თემების დანტესეულ ვერსიას თავისი საკუთარი გამოცდილება, უნივერსალური ლაიტმოტივები და ევოლუციის ცხოვების ინდივიდუალური გზა გააჩნია, რომელიც თითოეულმა ჩვენგანმა უნდა გაიაროს. 

  თქვენ არ გჭირდებათ უზარმაზარი ლიტერატურული ნაწარმოებების დაწერა. თუ სხვისი თვალისთვის წერას ვიწყებთ, ვერ შევძლებთ გულწრფლად გადმოვცეთ ჩვენი შინაგანი თავგადასავალი. თქვენ უნდა დაწეროთ საკუთარი ეპიზოდი, საკუთარი "ღვთაებრივი კომედია", რომელიც ადამიანთა ცხოვრებისათვის საერთოა. ამისათვის თქვენ არ მოგიწევთ დანტეს ან რომელიმე სხვა მწერალის დაკოპირება; უნდა ჩაიწეროთ მხოლოდ ის, რაც სპონტანურად მიედინება თქვენს წარმოსახვაში კოლექტიური არაცნობიერის განსაკუთრებული კუნჭულებიდან. 

 ბევრისთვის, აქტიურ წარმოსახვასთან მუშაობის პირველი საფეხური - არაცნობიერის გამოწვევა, თავიდან ცოტათი რთულია. ისინი სხედან საბეჭდ მანქანასთან ან ბლოკნოტთან კალმით ხელში და უეცრად აღმოაჩენენ, რომ მათი გონება მთლიანად ცარიელდება. 

  თუ ასე მოხდა, მოთმინება იქონიეთ. დაიცადეთ და არ მოადუნოთ კონცენტრაცია წარმოსახვისგან, რადგან გამოსახულებების გამოჩენას დრო სჭირდება. თუ მაინც არაფერი გამოჩნდა, უნდა გამოიყენოთ ერთი კონკრეტული ტექნიკა, რომელსაც აქვე მოვიყვან.

  ზოგჯერ ძნელია რაღაცის წარმართვა. ჩვენმა შინაგანმა პიროვნებებმა შესაძლოა თავიდან არ გვიპასუხონ კარებზე კაკუნის შედეგად და მოსასალმებლად არ დაგვხვდნენ. თუ გამოჩნდებიან, ადვილი მოსალოდნელია მათგან გაბრაზებული ტონით მსგავსი რამ მოისმინოთ: "აჰა! შენ დამაიგნორე და გამაკრიტიკე იმდენჯერ, რომ სათვალავიც ამერია. ახლა კი, როცა თავად მოხვედი ჩემთან სასაუბროდ, მე ბევრი არაფერი მაქვს შენთვის სათქმელი!". თუმცა, როდესაც ერთხელ გამოვიწვევთ არაცნობიერს, ჩვენ ის უნდა მივიღოთ, რაც მისგან წამოვა. 

  გამოწვევა არ ნიშნავს მართვას. აქტიური წარმოსახვის ხელოვნების დაწყებისას ყველა ადამიანს გარკვეულწილად წინასწარი შეხედულება გააჩნია იდეებისა და პიროვნებების შესახებ, თუ ვინ უნდა გამოჩნდეს და რა უნდა თქვას მან. ხალხი მოელის დაუყოვნებლივ მოისმინოს "დიდი დედის" კეთილშობილური გამოსვლები ან ღრმა სიბრძნე შინაგანი გურუს მეოხებით. ასეთი რაღაცები ხშირად ხდება, მაგრამ როდესაც დეპრესიულ მდგომარეობაში ვიმყოფებით, ჩვენ ყველანაირად ვცდილობთ გავექცეთ მარტოობის, სიცარიელის და არასრულფასოვნების შეგრძნებებსა და გამოსახულებებს. 

  უბრალოდ მიიღეთ ის, რაც თქვენამდე მოვა. არ გაექცეთ და უარი არ თქვათ მოსმენილზე და დანახულზე. ნეგატიური მასალა თქვენი ტოტალური მთლიანობის მეორე მხარეა. ადრე თუ გვიან, თქვენ მაინც მოგიწევთ მასთან დიალოგი. მოგვეპოვება იუნგის სიტყვები, სადაც ის ამბობს, რომ სწორედ იქ გვაქვს პიროვნული ზრდის უდიდესი შესაძლებლობა, სადაც ყველაზე მეტად გვეშინია და ყველაზე მეტად გვტკივა. 

  ამ ძირითადი პრინციპების გათვალისწინებით, ახლა შეგვიძლია შევხედოთ რამდენიმე კონკრეტულ მიდგომას, რომლის გაკეთებაც არაცნობიერის გამოწვევის მიზნით შეგიძლიათ.

 

  პასუხის მოლოდინში

 ფაქტობრივად, აქტიური წარმოსახვის ყველაზე სუფთა ფორმა არის ის, როდესაც თქვენ მთლიანად აცარიელებთ გონებას, გადადიხართ წარმოსახვის სფეროში და მოთმინებით ელოდებით, ვინ ან რა გამოჩნდება. ეს არის მიდგომა, რომელსაც ფონ ფრანცი "ეგო-გონების დაცლას" უწოდებს. ჩვენ ვასუფთავებთ გონებას გარესამყაროსთან დაკავშირებული ყველანაირი აზრისგან და ფხიზელი და ყურადღებიანი დამოკიდებულებით ველოდებით ნებისმიერი რამის გამოჩენას. 

  ხანდახან ეს მიდგომა დიდ მოთმინებას და კონცენტრაციას მოითხოვს. შესაძლოა გარკვეული პერიოდის განმავლობაში არაფერი გამოჩნდეს. ის, რაც გამოჩნდება, ასევე შეიძლება უმნიშვნელო ან უღირსი ჩანდეს ეგო-გონებისათვის, რის გამოც თქვენ უგულებელყოფთ მას. თუ საკმარსად დიდხანს მოახდენთ გონების კონცენტრაციას, ჩვეულებრივ აღმოაჩენთ, რომ ზოგიერთი გამოსახულება მზადაა გამოჩენისთვის, სცენაზე წარსადგენად და ყურადღების ცენტრში მოქცევისათვის. როდეაც ფიგურა გამოჩნდება, ნუ დაიწყებთ მის განსჯას ან უარყოფას. უმჯობესია ვივარაუდოთ, რომ მას რაღაც ისეთი აქვს სათქმელი, რაც თქვენში ნამდვილად აქტუალურია. 

  შეიძლება დაინახოთ წინა ღამეს ნანახი სიზმრისეული პერსონაჟი და აღმოაჩინოთ, რომ მოქმედება იქიდან უნდა განაგრძოთ, სადაც ის სიზმარში შეჩერდა. გამოსახულება შესაძლოა ისეთი აღმოჩნდეს, ვინც აქამდე არასდროს გინახავთ. თქვენ დაინტერესდებით ვინ არის იგი და რატომ გამოჩნდა თქვენს წარმოსახვაში. ასე რომ, არაცნობიერის გამოწვევის ყველაზე მარტივი გზაა დასვათ შეკითხვა: "ვინ ხარ? რა გინდა? რა გაქვს სათქმელი?" შედეგად, თქვენი დიალოგი იწყება. 

  მე ვთქვი, რომ ეს არის აქტიური წარმოსახვის ყველაზე სუფთა ფორმა. ისიც იმიტომ, რომ ამ შემთხვევაში ეგო არ ირჩევს ვისთან გამართავს დიალოგს ან რა გამოჩნდება წარმოსახვაში. თქვენ წარმოადგენთ სრულ მიმღებლობას იმის მიმართ, რაც ყოველგვარი წინაპირობებისა და მოლოდინების გარეშე ჩნდება აქტიურ წარმოსახვაში. 

 

  როგორ დავიწყოთ

  ბევრ ადამიანთან ეგო-გონების დაცარიელების მეთოდი ეფექტურად არ მოქმედებს. მათ ძალიან უჭირთ წარმოსახვის მოხელთება მხოლოდ გონების ფოკუსირებისა და მოლოდინის შედეგად. დიდი ხნის განმავლობაში მათი ფურცლები მთლიანად ცარიელია.

  მე მჯერა,რომ ამ შემთხვევაში სწორია რაიმე კონკრეტულისა და მიზანმიმართულის გაკეთება, რათა ჩვენი წარმოსახვის ნაკადი მოქმედებაში მოვიდეს. ჩვენ ახლა განვიხილავთ რამდენიმე ლეგიტიმურ მეთოდს, რომელთა მეშვეობითაც წარმოსახვის ამოქმედებას შევძლებთ. 

  გავითვალისწინოთ ერთი დეტალი, რომელიც ამავდროულად სიფრთხილის ზომასაც აღნიშნავს: მას შემდეგ, რაც გამოსახულება გამოვლინდება და შინაგან დიალოგში ჩაერთვებით, თქვენ მთლიანად უნდა მიატოვოთ რაიმე სახის კონტროლის მცდელობა. როდესაც არაცნობიერის მოწვევის შედეგად გამოსახულება გამოჩნდება, თქვენ აღარ შეგიძლიათ წარმოსახვის ფოკუსირების კარნახი და ვეღარ უბიძგებთ მას რაიმე კონკრეტული მიმართულებით.   

 

  1. ფანტაზიის გამოყენება

  ფანტაზიის გამოყენება არის პასიური ფანტაზიის აქტიურ არმოსახვად გადაქცევის მეთოდი. მისი უმარტივესი ფორმით, თქვენ უყურებთ და აკვირდებით ფანტაზიებს, რომლებიც დღის განმავლობაში გონებაში მოდიან და ირჩევთ ერთ გამოსახულებას, შინაგან პიროვნებას ან სიტუაციას. შემდეგ მიდიხართ მასთან და ამ მომენტს აქტიური ფანტაზიისთვის საწყის წერტილად იყენებთ. მიიღეთ მონაწილეობა ფანტაზიაში, შედით დიალოგში შინაგან პიროვნებებთან და ჩაიწერეთ ყველაფერი რაც ითქვა ან გაკეთდა; ამის მეშვეობით პასიური ფანტაზია აქტიურ წარმოსახვად იქცევა. 

  აქტიური წარმოსახვისადმი მოცემული მიდგომა განსაკუთრებით სასარგებლოა, როდესაც ადამიანს აქვს ძალიან ბევრი ფანტაზიის მასალა. აქტიური წარმოსახვა შეამცირებს ფანტაზიის რაოდენობასა ინტენსივობას, არაცნობიერიდან ზეწოლის მოხსნის შედეგად. როდესაც გსტუმრობთ განმეორებადი ფანტაზია, რომელიც თქვენთან მთელი დღის მანძილზე რჩება, ესეიგი ეს მიუთითებს, რომ თქვენში არსებობს რაღაც პრობლემა, რომელიც უნდა გადაიჭრას. როდესაც თქვენს გონებაში ფანტაზიის დიდი რაოდენობა იღვრება, ეს ხშირად ნიშნავს, რომ თქვენ საკმარის ყურადღებას არ აქცევთ არაცნობიერს. ჭარბი ფანტაზია ანაზღაურებს გარე სამყაროს მიმართ არსებულ დისბალანსს, რაც უენბლიედ გაიძულებთ რომ ერთგვარი შინაგანი ცხოვრებითაც დაკავდეთ. 

  იუნგის მიხედვით, ასეთ სიტუაციებში თქვენ შეგიძლიათ აიღოთ თქვენი ფანტაზიის თემა და დაიწყოთ გაცნობიერებული დიალოგი მის გამოსახულებებთან. იმის ნაცვლად, რომ ერთსა და იგივე მასალას პასიურად უყუროთ, თქვენ გადააქცევთ მასალას აქტიურ წარმოსახვად. თქვენ ამყარებთ დიალოგს განსხვავებულ შინაგან ნაწილებს შორის, რომელიც შეშფთებულია და კონფლიქტი თქვენამდე მოგვარების მიზნით მოაქვს. ეს არის ფანტაზიის ცნობიერებად გადაქცევა. 

  გახსოვდეთ, რომ ფანტაზია მკითხაობის შესანიშნავი საშუალებაა. თუ ფანტაზია აქტიურად მიედინება გონების შრეებში, შეგიძლიათ უსაფრთხოდ ივარაუდოთ, რომ იგი სიმბოლური ფორმით გამოხატავს ერთ-ერთ მთავარ დინამიკას, კონფლიქტს ან სფეროს, სადაც თქენი ფსიქიკური ენერგიის ძირითადი ნაწილია თავმოყრილი. როდესაც ასეთ ფანტაზიასთან მიხვალთ და მას აქტიური წარმოსახვის საწყის წერტილად მიიღებთ, თქვენ ავტომატურად ორიენტირდებით შინაგან საგანზე, რომელიც უშუალო, აქტიუალური და მნიშვნელოვანია. 

  არსებობს ორი მნიშვნელოვანი რამ, რისი მიღწევაც პასიური ფანტაზიის აქტიურ წარმოსახვად გადაქცევით შეგიძლიათ. პირველ რიგში, იგი დაგეხმარებათ არაცნობიერის გამოწვევაში, როდესაც გონება ცარიელია და მასში არანაირი გამოსახულება ან პიროვნება არ ჩნდება. მეორეც - როდესაც შეგვიპყრობს ფანტაზია, რომლის მიმართაც ზიზღსა და სიძულვილს განვიცდით, ეს შესანიშნავი გზაა ფოკუსირებისათვის, რათა სიტუაცია ზედაპირზე ამოვიტანოთ და აქტიური წარმოსახვის მეშვეობით ამიერიდან მისი გაცნობიერებით ვიცხოვროთ. ფანტაზიის განმეორებადი დაკვირვება არაფერს მოგვცემს, რადგან ასეთ დროს თქვენ მას აცნობიერებთ მხლოდ იმ დონეზე, რა დონეზეც იგი თავს ავლენს, ანუ ფანტაზიის დონეზე.

 

  2. სიმბოლური ადგილების მონახულება

 არაცნობიერის გამოწვევის ერთ ძალიან მარტივ გზას წარმოადგენს წარმოსახვაში კონკრეტულ ადგილას წასვლა და გამოკვლევა, თუ ვის შეხვდებით იქ. როგორც წესი, ამის გაკეთებისას თქვენი წარმოსახვა მიგიყვანთ იმ შინაგან ადგილას, სადაც წასვლა გჭირდებათ და დაგაკავშირებთ იმ პიროვნებებთან, ვისთანაც შეხვედრა გჭირდებათ. უამრავი ადამიანი ყოველგვარი დაკვირვებისა და გაცნობიერების გარეშე საკუთარ წარმოსახვაში ისევ და ისევ უბრუნდება ერთ განსაკუთრებულ ადგილს. 

  პირადად ჩემთვის, ზღვის სანაპირო არის ჯადოსნური ადგილი, რომელიც ხშირად ჩნდება ჩემს სიზმრებში. როცა არ ვიცი როგორ დავიწყო ჩემი აქტიური წარმოსახვა, ფანტაზიაში ხშირად ვიწყებ ზღვის სანაპიროზე სიარულს. მცირე ხნის შემდეგ ვიღაც აუცილებლად ჩნდება ჩემს ფანტაზიაში, ან რარაც ისეთი ხდება, რითაც ჩემი აქტიური წარმოსახვა იწყება. ყოფილა შემთხვევები, როდესაც დავდიოდი, დავდიოდი და არაფერი ხდებოდა; ხანდახან შეიძლება სიარულისგან დაიღალოთ კიდეც. თუმცა, ხშირ შემთხვევაში, როდესაც შინაგან ადგილას მიდიხართ, აუცილებლად იპოვით იმას, ვინც გელოდებათ. 

  წლების წინ მყავდა პაციენტი, რომელსაც აქტიური წარმოსახვის დაწყებაში საშინელი პერიოდი ჰქონდა. გარეგნულად მის ცხოვრებაში მნიშვნელოვანი არასოდეს არაფერი მომხდარა და იგივე სიტუაცია ხვდებოდა მის წარმოსახვაშიც. ამ ადამიანის ფანტაზია აბსოლუტურად ცარიელი იყო. ამიტომ, მე ვუთხარი, რომ წასულიყო ფანტაზიაში სანაპიროზე და იქ სიარული დაეწყო. 

  მომდევნო კვირას პაციენტი დაბრუნდა და მითხრა: "დიახ. მე ვისეირნე სანაპიროზე. ვიღაცები დადიოდნენ მაგრამ ჩემთან ლაპარაკი არავის უნდოდა. არაფერი მომხდარა". 

  ცოტათი გავბრაზდი: "ახლა შეხედე! რაღაც უნდა მოხდეს. იქამდე იარე, სანამ დაღლილობისგან არ წაიქცევი. შემდეგ წარმოსახვაში საავადმყოფოში წაგიყვანენ. იქ დიდი ალბათობით თქვენი მომვლელი მედდა შეგიყვარდებათ და დაქორწინდებით. რაღაც აუცილებლად უნდა მოხდეს. ახლა წადი და ისევ იგივე გააკეთე!"

  მომდევნო კვირას დაბრუნდა და სრულიად სერიოზული სახით შემომხედა: "მედდა არ მომეწონა. მაგასთან არ დავქორწინდები". 

  რაც არ უნდა იყოს, პაციენტმა აქტიურ წარმოსახვასთან მუშაობა დაიწყო. 

  თქვენი შინაგანი ადგილი შეიძლება იყოს ჯუნგლები, ოკეანის სანაპირო, არკადული მდელო ან მონასტრის საკანი. თქვენ შეგიძლიათ თქვენი იპოვოთ ადგილი, სადაც ენერგია არსებობს და შეგიძლიათ ისწავლოთ, როგორ გამოიყენოთ ეს ენერგია პროდუქტიულად. 

 

  3. პერსონიფიკაციის გამოყენება

  მოდით, დავუბდუნდეთ ქალბატონს, რომელიც სახლის გარემონტებით იყო შეპყრობილი. შესაძლოა გახსოვთ, რომ მან არაცნობიერის გამოწვევა აკვიატებული გრძნობების პერსონიფიცირებით გააკეთა. იგი ეძებდა გამოსახულებას ან პიროვნებას, რომელიც ქალბატონს დაძინების საშუალებას არ აძლევდა. 

  მან დაიწყო ვიღაც პიროვნებასთან საუბარი. ერთი შეხედვით ისე ჩანს, თითქოს ქალბატონი ჰაერს ელაპარაკება. მცირე ხნის შემდეგ მან გონებაში ხმა გაიგონა და მალევე დდაინახა პიროვნებაც, ვინც ლაპარაკობდა:

  ეგო:

  რა ხდება აქ? რაღაც უცნობმა ძალამ აიღო ჩემზე კონტროლი. მე ვერ ვიძინებ ჩემს თვალწინ არსებული ფიგურების ქარიშხლის გამო. რას აკეთებ? რა გინდა? ვინ ხარ?

  ხმა:

  (ჩემს წარმოსახვაში ქალის ხმას ჰგავს). ფერები ძალიან საყვარლები არიან. მათ შორის ურთიერთქმედება დაინახე. შეედე, როგორ იწვევენ ისინი ბუნების სხვადასხვა ასპექტს. აი, კონკრეტულად ეს განსაკუთრებით კარგად უხდება წიგნების თაროებს და ხის ტონებს. 

  ეგო:

  უკაცრავად...

 როდესაც წარმოსახვა ან შეგრძნებები ძლიერად შეგიპყრობთ, ამით არაცნობიერი გაძლევთ ძლიერ მინიშნებას, რომ არაცნობიერში დიალოგის დასაწყებად უნდა წახვიდეთ. მიდით და შეხვდით იმას, ვინც თქვენში შეპყრობილია, დეპრესიულია ან რაიმე სხვა განწყობაზე იმყოფება. 

  შედით თქვენს წარმოსახვაში და თქვით: "რატომ არის დეპრესიულ განწყობაზე ჩემში არსბეული პიროვნება? სად ხარ? როგორ გამოიყურები? გთხოვ, მიიღე რაიმე ფორმა, რათა დაგინახო და დამელაპარაკო. მინდა ვიცოდე ვინ ხარ და რა გინდა". 

 

 4. დიალოგი სიზმრისულ ფიგურებთან

  ერთ-ერთი ყველაზე ადრეული აღმოჩენა, რომელიც იუნგმა აქტიური წარმოსახვისთვის გამოიყენა, იყო სიზმრები გაფართოების საშუალება. თუ სიზმარში სიზმრისეული სიტუაციის გადაწყვეტა არ ხდება, ან ერთი და იგივე სიზმარი ხშირად გვსტუმრობს, ჩვენ შეგვიძლია სიზმარი გადავიტანოთ წარმოსახვაში და მივიყვანოთ იგი გადაწყვეტამდე. ეს არის წარმოსახვის ლეგიტიმური გამოყენება, რადგან სიზმარიც და წარმოსახვაც არაცნობიერის ერთი და იგივე წყაროდან მოდიან. 

  თავის მხრივ, ეს არაცნობიერის გამოწვევის სხვა გზას გვაჩვენებს. შესაძლოა სიზმარში ამოირჩიოთ ერთი ადამიანი, რომელთანაც საუბრის აუცილებლობას გრძნობთ. თქვენ ნამდვილად შეგიძლიათ სიზმარში შეწყვეტილი სიზმარის აქტიურ წარმოსახვაში გაგრძელება. 

  ამ ფორმით, აქტიური წარმოსახვა სიზმრების ღირებული დამატება ხდება. იგი საშუალებას გაძლევთ წახვიდეთ შეწყვეტილ სიზმარში, სადაც სიტუაცია ჯერ კიდევ არ მოგვარებულა და განავითაროთ შინაგანი სიტუაცია, რომელიც სიზმარში იყო წარმოდგენილი. 

  ასე რომ, როდესაც აქტიური წარმოსახვის დაწყებაში სირთულეს აღმოაჩენთ, იპოვეთ საწყისი წერტილი და გადადით უკანასკნელ სიზმარში. იგი არამარტო აქტიური წარმოსახვის განვითარებას დაეხმარება, არამედ გარდაქმნის თქვენს ურთიერთობას სიზმართან მიმართებაში. 

 

  აქტიური წარმოსახვის ილუსტრაციები

  სანამ მეორე საფეხურზე გადავალთ, მოვიყვან სამ მაგალითს, რომელიც აქტიური წარმოსახვის მეშვეობით სიზმრების გაფართოების ილუსტრაციას ასახავს. 

  ჩვენი პირველი მაგალითი იუნგიდან მოდის. იუნგმა აღმოაჩინა, რომ ფსიქიკის სტრუქტურის ღრმა შრეების ცოდნა და მისი შორსმიმავალი ხედვები ფსიქოლოგიის შესახებ მოდიოდა ერთი შინაგანი პიროვნებიდან, რომელსაც იუნგი ფილემონს უწოდებდა; იგი იუნგის სიზმარში გამოჩნდა და მასთან ერთად ჩაატარა აქტიური წარმოსახვის სესია:

 

  წარმოსახვის შედეგად მალევე არაცნობიერიდან სხვა ფიგურაც ამოვიდა. იგი განვითარდა ელიას ფიგურიდან და მას ფილემონი დავარქვი. ფილემონი წარმართი იყო და ეგვიპტურ-ელინისტური ატმოსფერო მოჰქონდა, ცოტათი გნოსტიკური შეფერილობით. ეს ფიგურა პირველად ქვემოთ მოყვანილ სიზმარში ვნახე:

  ვხედავ ლურჯ ცას, ოკეანის მსგავსს, რომელიც არა ღრუბლებით, არამედ ალაგ-ალაგ დედამიწისეული მოყავისფრო სიბრტყით არის მოსილი. უეცრად მარჯვენა მხრიდან ცაზე ვხედავ ფრთიან არსებას, რომელიც ცაში დაფრინავს. დავაკვირდი და აღვიქვი, რომ ეს არის კაცი, რომელსაც თავზე ხარის რქები ადგას. ხელში უჭირავს გასაღებების აცმა, რომელზეც ოთხი გასაღებია ჩამოკიდებული; აქედან ერთი გასაღები ისე უჭირავს, თითქოს რაღაც საკეტის გახსნას აპირებს. მას აქვს კოლიბრის ფრთები, რომელზეც განსაცვიფრებელი ფერები მოძრაობენ.

  ფილემონმა და ჩემი წარმოსახვის სხვა ფიგურებმა ჩემამდე მოიტანეს გადამწყვეტი გაგება, რომ ჩემს ფსიქიკაში არის რაღაცები, რომელთაც მე არ ვაწარმოებ, არამედ ისინი საკუთარ თავს აწარმოებენ და საკუთარი სიცოცხლე გააჩნიათ. ფილემონი განასახიერებდა ძალას, რომელიც მე არ ვიყავი. ჩემს წარმოსახვაში მე მასთან ვსაუბრობდი და მან ისეთი რაღაცები მითხრა, რაც ცნობიერად არასდროს ვიცოდი. დავაკვირდი და აღმოვაჩინე, რომ აშკარად იგი საუბრობდა და არა მე. მან თქვა, რომ აზრებს ისე ვეპყრობოდი, თითქოს მე მე თვითონ შევქმენი ისინი, მაგრამ მისი თქმით აზრები ტყეში მცხოვრებ ცხოველებს ჰგავდნენ... სწორედ მან მასწავლა ფსიქიკის ობიექტურობისა და ფსიქიკის რეალობის შესახებ. მისი მეშვეობით გავარკვიე განსხვავება ჩემსა და ჩემი ფიქრის ობიექტს შორის.

  ფსიქოლოგიურად, ფილემონი უმაღლეს სიბრძნეს განასახიერებდა. იგი ჩემთვის იდუმალ ფიგურას წარმოადგენდა. ხანდახან საკმაოდ რეალურად მეჩვენებოდა, თითქოს მართლაც ცოცხალი პიროვნება იყო. ბაღში მასთან ერთად ზემოთ-ქვემოთ დავსეირნობდი ხოლმე. ჩემთვის იგი სწორედ ის იყო, რასაც ინდიელები გურუს ეძახიან. (MDR, pp. 182–83)

 

  არსებობს ურთიერთობათა უსასრულო მრავალფეროვნება, რომელიც შესაძლებელია აქტიურ წარმოსახვაში ჩამოყალიბდეს. თქვენ შეგიძლიათ საკუთარი გამოცდილებით დაამტკიცოთ, რომ შინაგანი დიალოგებისა და გამოცდილებების საპასუხოდ, თქვენ შეცვლას იწყებთ. თუ სიზმრისეულ ფიგურასთან საშინელი კონფლიქტის წინაშე დგახართ, აქტიური წარმოსახვის მეშვეობით მასთან შეგიძლიათ ჩაატაროთ მრავალი სესია, რათა ეტაპობრივად დაამუშაოთ და გადაწყვიტოთ თქვენი კონფლიქტი. თუ იუნგის მსგავსად სიზმარში ბრძენ კაცს ან ქალს აღმოაჩენთ, თქვენ შეგიძლიათ რეგულარულად დაბრუნდეთ ამ ადამიანთან და ითხოვოთ მისგან სიბრძნე და რჩევა. 

  დიდი ხნის წინ დამესიზმრა, რომ საკუთარ კაბინეტში ვიჯექი და რაღაცას ვსწავლობდი. უეცრად ოთახში ლომი შემოვიდა. ძალიან შევშინდი. ყველანაირად ვცდილობდი ლომი როგორმე კაბინეტიდან გამეყვანა. ვუბიძგე, ვუბრძანე, უცნაური ხმაც გამოვეცი, მაგრამ ამან მე უფრო მეტად შემაშინა, ვიდრე ლომი. შემდეგ მასთან მივედი და კუდი მოვუგრიხე, მაგრამ ამ დროს სიზმარი დასრულდა. გაღვიძებისას ჯერ კიდევ მეშინოდა, რომ ლომმს ჩემი კაბინეტი არ დაუტოვებია. როგორც ხედავთ, მსგავსი რამ სრულიად არადამაკმაყოფილებელი გადაწყვეტაა სიზმრისთვის; სიზმარში პრობლემის გადაწყვეტას ადგილი არ ჰქონია. 

  ასე რომ, სიზმარი აქტიურ წარმოსახვაში გადავიყვანე. ჩემს წარმოსახვაში მოქმედება დავიწყე ზუსტად იქ, სადაც სიზმარში სიტუაცია შეჩერდა; შიშის განცდა ისევ დამეუფლა; თმა ყალყზე დამიდგა და ხერხემალზე ჟრჟოლამ დამიარა - ეს ყველაფერი ნიშნავდა, რომ ჩემი აქტიური წარმოსახვა მაღალი ხარისხის გახლდათ. ჩემმა შეგრძნებებმა მთლიანად მომიცვა. ისეთი განცდა მქონდა, თითქოს ნამდვილ ლომს ვუყურებდი და იმის ალბათობა არსებობდა, რომ მას დავეკბინე. გული ამიჩქარდა, ავკანკალდი და ცივმა ოფლმა დამასხა. 

  ამ სიზმართან დაკავშირებით აქტიური წარმოსახვის ოთხი სხვადასხვა სესია ჩავატარე და აღმოვაჩინე, რომ ლომი ჩემს დაკბენას არ აპირებდა. მისი განთავისუფლებისთვის მე დამჭირდა აქტიური წარმოსახვის ოთხი სესია, რათა მისი სიმბოლური დატვირთვის ინტეგრაცია ჩემს ცხოვრებაში მომეხდინა.

  ჩემი აქტიური წარმოსახვა თავდაპირველად იმდენად ძლიერი იყო, რომ მის გაწყვეტას ვერ ვახერხებდი. ყოველ ჯერზე, როდესაც ჩემს კაბინეტში შევდიოდი, წარმოსახვა ბრუნდებოდა და ოთახში ლომის არსებობას ვრძნობდი, რომელიც ხანდახან ახლოს მოდიოდა და ტანსაცმელზე მყნოსავდა, ხან კი ბოლო ხმაზე ბრდღვინავდა და ჩემს ყურადღებას იქცევდა. 

  მე მასთან საუბარი დავიწყე: "ვინ ხარ? რისთვის ხარ აქ? ვერ ხედავ, რომ მუშაობაში ხელს მიშლი? შენს გამო მოვალეობას ვეღარ ვასრულებ, რადგან ზედ ჩემს კისერთან სუნთქავ. მიუხედავად იმისა, რომ წარმოსახვითი ლომი ხარ, მაინც ჯოჯოხეთურად შემაშინე. რატომ არ გადიხარ გარეთ, რომ სხვა ლომები იპოვო ან რამე სხვა აკეთო? ლომები სახლისთვის არ არსებობენ და მე მათ ჩემს ყოველდღიურ რუტინაში, კაბინეტში არ მივესალმები". 

  მას ნამდვილად შევეჩვიე, მაგრამ რამდენიმე კვირა დამჭირდა რათა რაიმე სახის მიღწევამდე მივსულიყავი. ლომი არის ჩემი ძალიან ძლიერი და ამავდროულად საშინელი ნაწილი; აქტიურ წარმოსახვასთან ერთად მკაფიოდ დავინახე კონკრეტულად ჩემს რა ნაწილს განასახიერებდა იგი და რაც უფრო ვარკვევდი მის მნიშვნელობას, მით უფრო მეშინოდა მოსალოდნელი შედეგების. დიდი შრომა დამჭირდა, რათა მისთვის თვალებდი ჩამეხედა და მის პირისპირ დავმდგარიყავი. 

  ბოლოს, აქტიური წარმოსახვის მრავალი სესიის შემდეგ, ერთ დღესაც ლომი ოთახის კუთხისკენ გაემართა, ჩამოჯდა და ბრინჯაოს სკულპტურად იქცა, რომელსაც მარჯვენა თათზე რაღაც წიგნი ჰქონდა დასვენებული. მე ყველაზე საოცარი საკითხები წავიკითხე ამ წიგნში.

  მას შემდეგ ლომი იქაა. ხანდახან წარმოსახვაში მასთან მივდივარ, რათა შევამოწმო, არის თუ არა ლომი ისევ თავის ადგილზე. წიგნიც ასევე თავის ადგილას დევს და ყოველთვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის მქონე გვერდზე მხვდება გადაშლილი.

  ამ თავში ჩვენი ბოლო მაგალითი არის ახალგაზრდა ქალბატონის გამოცდილებც მოკლე სიზმარი ნახა საკუთარი ძმისა და მეუღლის შესახებ. მან სიზმრის საპასუხოდ აქტიური წარმოსახვის გამოყენება გადაწყვიტა, რათა სიზმრისეულ პერსონაჟებს შეხვედროდა და გაერკვია, შეძლებდა თუ არა პრობლემის გადაწყვეტას. 

  თქვენ ეს სიზმარი გაგახსენდებათ, რადგან ეს იყო პირველი სიზმრისეული გამოცდილება, რომელიც ამ წიგნში განვიხილეთ. ახლა ვნახავთ, როგორ გამოიყურება სიზმრის გაგრძელება აქტიური წარმოსახვის გამოყენების შედეგად.

 სიზმარი:

 "სიზმარში ვეძებ ჩემი ავტომობილის გასაღებს. შემდეგ ვხვდები, რომ გასაღებები ჩემს ქმარს აქვს. მალევე მახსენდება, რომ ჩემმა ძმამ ჩემგან ავტომობილი ითხოვა, მაგრამ უკან არ დაუბრუნებია. ორივე მათგანს ვურეკავ, მაგრამ არც ერთი მპასუხობს. შემდეგ ვიღაც დაბნეული ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც "მოღალატის" შტაბეჭდილებას მიტოვებს, ჩემს მანქანაში ჯდება და მიდის. თავს უკიდურეად იმედგაცრუებულად, უმწეოდ და გარკვეულწილად, მიტოვებულად ვგრძნობ".

  სიზმარმხილველის ჩანაწერი:

  გადავწყვიტე მიმემართა აქტიური წარმოსახვისთვის, რადგან სიზმარში პრობლემის გადაწყვეტა არ ჩანდა. ჩემთვის ეს იყო გამოწვევა, საკუთარ წარმოსახვასთან მუშაობისთვის. ვიგრძენი, რომ სიზმარმა მიჩვენა ფაქტი, თუ რამდენად ცუდ ურთიერთობაში ვიყავი ჩემს შინაგან მამაკაცურ მხარესთან. სიზმარში არც ერთ მამაკაცთან კომუნიკაცია არ მქონდა. ჩემი კოლექტიური აღქმით, მანქანას მართმევდნენ, მაგრამ პრობლემის გადაწყვეტის გზა არ გამოჩენილა. აქტიურ წარმოსახვაში ვესაუბრე არქეტიპულ მეუღლეს, ძმას და უცნობ მამაკაცს:

  მე:

  რატომ მიკეთებთ ამას? (ვეუბნები ძმას და მეუღლეს), თქვენ ორივემ დაარღვიეთ საკუთარი დანაპირები.

  (ძმა და მეუღლე დუმს, თითქოს საუბარს არც აპირებენ. უცხო მამაკაცი ზურგს მაქცევს და სხვა მხარეს იყურება). 

  მე:

  გთხოვთ. რატომ არ მელაპარაკებით? გთხოვთ ისაუბრეთ. რატომ წაიყვანეთ ჩემი ავტომობილი სიზმარში? რატომ დამტოვეთ მარტო? რა ხდება?

  (ძმა და მეუღლე ერთმანეთს უყურებენ. ვხედავ, რომ მანქანის გასაღები ჩემს მეუღლეს უჭირავს ხელში). 

  მე: 

  თქვენ მე მაიგნორებთ; მაგრამ, რაღაც ისეთიც ჩაიდინეთ, რითაც ჩემი ყურადღება მიიქციეთ. რა გინდათ?

  (გრძელი სიჩუმე)

  მე:

  გთხოვთ, არ დამაიგნოროთ. ეს მტკივნეულია. მე თქვენთან საუბარი მჭირდება.

  მეუღლე:

  შენ თავად გვაიგნორებ შენ. ამასთანავე, გასაღები არაფერში გჭირდება.

  მე:

  მათ გარეშე ავტომობილს ვერ ვმართავ. 

  ძმა:

  შენ მანქანა არ გჭირდება.

  მე:

  არ მესმის.

  მეუღლე:

 (გასაღებს ჩემს ძმას აწვდის და ამბობს): თუ ყოველთვის სუპერქალის მსგავსად მოქცევას აპირებ, რატომ არ მიფრინავ იქ, სადაც უნდა წახვიდე?

 მე:

 (თავს ძალიან ტრამვირებულად ვგრძნობ. ვცდილობ, მისი სიტყვები გავიაზრო და გავაანალიზო. მოთხოვნილება მაქვს, რომ ყოველთვის ძალიან დაკავებული ვიყო. ვგრძნობ, როგორი სევდიანი - უფრო სწორად, როგორი ცარიელი ვარ ამ მისწრაფების მიღმა). 

 მეუღლე:

 ისე იქცევი, თითქოს საერთოდ არ გჭირდებით; თითქოს საერთოდ არაფერი გჭირდება. სწორედ ამიტომ ვართ შენგან ასე შორს. 

 მე:

 მე ვხედავ, როგორ გაცივდით ჩემს მიმართ. გასაკვირი არ არის, რადგან ამ ბოლო დროს ძალიან დაძაბული ვარ. ვწუხვარ. ჩემს სამსახურს უფლება მივეცი მთლიანად მოეცვა ჩემი ცხოვრება. რითაც ბევრ საკითხთან მიმართებაში გაუცნობიერებლად ვიქეცი. 

 (ახლა ვხვდები, ვინ არის უცნობი ადამიანი. იგი სახეს ჩემსკენ აბრუნებს).

 მას მივმართავ: შენ ჩემში გაქცეული ენერგია ხარ. შენ ხარ ის, ვინც ჩემს მანქანაში ჯდება და მიდის. ყველაფერი შენ წამოიწყე. მაგრამ, ეს არ არის ის, რაც მე მინდა, და არც ის, რაც ჩემთვის სწორია. მე აღარ მინდა პროექტის გაგრძელება. სხვა პროექტები კარგია, მაგრამ ერთით ნაკლები პროექტი ჩემს ცხოვრებას უკეთესს გახდის. 

 უცნობი:

 სამწერლო პროექტი კარგი რამეა. ეს შეიძლება სხვა ადამიანებისთვისაც მნიშვნელოვანი იყოს. გარდა ამისა, შენ უკვე თქვი, რომ მისით დაინტერესდი.

 მე:

 არანაირი ვალდებულება არ ამიღია. ისე ამბობ, თითქოს ამის ლოდინი კატასტროფული იქნება. ეს ასე არ არის. 

 უცნობი:

 საკლასო შეხვედრის გამოტოვება სტუდენტებს იმედს გაუცრუებს. მათ კონკრეტულად ითხოვეს დახმარება. თუ უკან დაიხევ, მათ ნდობას დაკარგავ.

 მე:

 უამრავი ადამიანი ჩემზეა დამოკიდებული, მაგრამ მე არ ვარ შეუცვლელი. ვიღაც სხვასაც შეუძლია, რომ ასწავლოს. სტუდენტები სხვა კუთხითაც ისწავლიან საგანს. 

 (ჩვენ ვინარჩუნებთ სიჩუმეს და ასე ვრჩებით გარკვეული დროის განმავლობაში).

 ეს მაგალითი გვიჩვენებს, როგორ შეიძლება მოკლე და გადაუჭრელი სიზმარი გაფართოების გზით გადაწყდეს აქტიურ წარმოსახვაში. სიზმრის კიდევ ერთხელ ნახვის ნაცვლად, ქალბატონი მასში შევიდა და ცნობიერად მიიღო მასში მონაწილეობა.

 მოცემულ მაგალითებთან ერთად, გთხივთ იპოვოთ საკუთარი წამახალისებელი მოტივაცია, რათა წახვიდეთ საკუთარ სიზმრებში და გამოიყენოთ ისინი, როგორც არაცნობიერის გამოწვევის საწყისი წერტილი. გამოიყენეთ აქ მოყვანილი მეთოდი, როგორც სიზმრების ევოლუციის ტექნიკა, რათა შეიძინოთ და განავითაროთ ცნობიერება, რომელიც თავად გეკუთვნით.

წიგნის თავები


წიგნის ელექტრონული ვერსიის შეძენა წიგნის გადმოწერა
იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff