თავი მეხუთე - კონფლიქტი და გადაწყვეტა: Credo In Unum
იმ ფაქტის გამო, რომ შინაგანი სამუშაო არის დიალოგი, რომელიც იმართება ცნობიერ და არაცნობიერ ელემენტებს შორის, იგი ყოველთვის ბადებს კონფლიქტურ ასპქეტს - ეს შინაგანი კონფლიქტი მიმდინარეობს ღირებულებებთან, სურვილებთან, რწმენასთან ცხოვრების წესთან, მორალსა და ერთგულებასთან დაკავშირებით. კონფლიქტი, რა თქმა უნდა, ნებისმიერ შემთხვევაში მიმდინარეობს, არ აქვს მნიშვნელობა, ჩვენ მათ წინაშე პირისპირ ვდგავართ, თუ არა. მაგრამ ჩვენი სიზმრები გვიბიძგებს, მათ პირისპირ შევხედოთ. ყველა სხვა შინაგანი მუშაობის ფორმასთან შედარებით აქტიურ წარმოსახვას საუკეთესოდ ამოაქვს კონფლიქტები ზედაპირზე და იწყებს მათ ღიად განხილვას.
როგორ გავუძლოთ მათი ღიად გამოტანის პროცესს? ადამიანთა უმეტესობას არ შეუძლია შინაგან კონფლიქტთან პირისპირ შეხვედრა; ისინი გარკვეულწილად ეჯაჭვებიან სიცოცხლის ხელოვნურ ფორმებს და ცდილობენ ჩაახშონ არაცნობიერიდან წამოსული ხმები. საკუთარ თავში არსებობს უამრავი ნაწილი, რომლებსაც გააჩნიათ განსხვავებული ღირებულებები და საჭიროებები, ხოლო უმეტეს ჩვენგანს ურჩევნია საერთოდ არ გაიგოს მათი არსებობის შესახებ.
ჩვენ უკვე ვისაუბრეთ ჩვენივე შინაგანი სტრუქტურის მრავალფეროვნების შესახებ. მიუხედავად იმისა, რომ ინდივიდები ვართ, სინამდვილეში, ჩვენში ძალიან მრავალმხრივი პიროვნებები თანაარსებობენ. თითოეულ ჩვენგანში არსებობს მრავალი განსხვავებული პიროვნება, რომლებიც ერთ სხეულსა და ფსიქიკას იზიარებენ. ჩვენ ასევე ვიცით, რომ ადამიანური გონება სამყაროს განიხილავს, როგროც დუალობას/ორმაგობას: ჩვენ ვყოფთ სამყაროსა და საკუთარ თავს ნათელ და ბნელ ასპექტებში, „კარგ“ და „ცუდ“ მოცემულობებში და სამუდამოდ ვდგავართ განსჯის წინაშე; მოგვწონს ერთი მხარე და ვიწუნებთ მეორეს, მაგრამ იშვიათად გვიჩნდება ამ ყველაფრის ერთ მთლიანობად ინტეგრირების საშინელი ამოცანის შესრულების სურვილი.
ადამიანური მიდრეკილებაა, რომ ყველაფერი დაინახოს, როგროც „კარგი“ ან „ცუდი“, რაც უდიდეს დაბრკოლებას გვიქმნის ჩვენი მრავალფეროვანი შინაგანი სამყაროს მიღებასა და გამოყენებაში. ჩვენ არ გვესმის, რომ ჩვენ მიერ დაყოფილი კატეგორიები „კარგი“ და „ცუდი“, როგორც წესი, თვითენებური და სუბიექტურია. მოცემული სტანდარტების უმეტესობას ჩვენ ვღებულობთ ოჯახიდან და კულტურიდან, რასაც უმეტეს წილად ბავშვობა განაპირობებს. თუ ჩვენ გვეყოფა გამბედაობა, გახსნილი გონებით შევხდეოთ ზოგიერთ ინსტიქტსა და ენერგეტიკულ სისტემებს, რომელთა არსებობაც აქამდე ძალიან გვრცხვენოდა, თითქმის ყოველთვის აღმოვაჩენთ, რომ ისინი შეიძლება ამავდროულად განასახიერებენ პოზიტიურ და ძლიერ მხარეებს და სინამდვილეში ტოტალური ადამიანური ბუნების სრულად ნორმალურ ნაწილებს წარმოადგენენ. ჩვენ უნდა ვაღიაროთ ყველა ჩვენი შინაგანი ასპექტი, პატივი ვცეთ მათ და ვიცხოვროთ მათთან შესაბამის, კონსტრუქციურ საფეხურზე.
საკუთარ „ცუდ“ მხარეებთან შეხვედრას, იმის აღიარებას, რომ მათ ჩვენს ცხოვრებაში შესაძლოა ჰქონდეთ კონსტრუქციული როლი, დიდი გამბედაობა სჭირდება. როგორც ჩანს, ერთი მხარე ამტკიცებს დადებითს, ხოლო მეორე მკაცრად ამტკიცებს უარყოფითს. ჩემი ფსიქიკის ერთ მხარე პრივილეგიას ანიჭებს ფესვებსა და სტაბილურობას, ხოლო მეორე მხარეს სურს გმირულ ლაშქრობებზე წასვლა, ეგზოტიკური ადგილების მონახულება და მოგზაურივით ცხოვრება. ჩემს სხვა პიროვნებას სურს, ააშენოს იმპერია და გააძლიეროს ძალაუფლების სისტემა. ხანდახან ეს კონფლიქტები შეურიგებლად გვეჩნვენება და ჩვენ ვგრძნობთ მათი გადაწყვეტის მძაფრ სურვილს, მოვალეობასა და ვალდებულებას.
როგორ შეგვიძლია შევიდეთ არაცნობიერში და ჩავიძიროთ საკუთარი თავის ფრაგმენტაციასა და ორმაგობაში? ჩვენ ვერ ვიპოვით საკუთარ თავში საკმარის გამბედაობას, სანამ არ აღმოვჩნდებით საშინელი განხეთქილების წინაშე ან ინსტიქტურად არ ვიგრძნობთ, რომ კონფლიქტები საბოლოოდ უნდა მოგვარდეს, დაპირისპირებული მხარეები მშვიდობიანად უნდა გაერთიანდნენ და ფრაგმენტირებული ასპექტები მხოლოდ ამის შემდეგ გამოავლენენ უფრო ღრმა რეალობასა და ცხოვრების აზრს.
შინაგანი სამუშაოს დასაწყებად შესანიშნავ საწყის წერტილს წარმოადგენს - შეიძლება თავიდან უცნაურად მოგეჩვენოთ - ნიკეის კრების თეზისი. Credo In Unum: მე მწამს ერთი ღმერთი.
მილიონობით ადამიანი იმეორებს ამ ციტატას ყოველდღიურად. რა თქმა უნდა, უმეტესობა არასდროს ითვალისწინებს მის შედეგებს; ეს ფრაზა იქცა ციტატად, რომელიც ყოველგვარი ფიქრის გარეშე ავტომატურად წარმოითქმება. რაც არ უნდა იყოს თქვნი მრწამსი და რელიგიური გამომხატველობის შეგრძნება, ყოველთვის უნდა გაითვალისწინოთ, რას ნიშნავს იგი ფსიქოლოგიურ დონეზე. ეს ნიშნავს, რომ არსებობს ერთადერთი სუბიექტი/საგანი; არსებობს მხოლოდ ერთი წყარო, ერთი დასაწყისი, ერთი ერთობა, საიდანაც ყოველი სიცოცხლის მრავალფეროვნება მოედინება და საბოლოოდ თავადვე უბრუნდება მას.
ამ პრინციპის გააზრების შედეგად, ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ როგორი კონფლიქტიც არ უნდა აღმოვაჩინოთ საკუთარ თავში, ყოველი მათგანი ერთი ხის ტოტებს წარმოადგენენ.
მოცემული გაცნობიერების გარეშე, ჩვენი მცდელობები სრულიად უმწეო იქნება; სერიოზული სიზმარხილვის სამუშაო და აქტიური წარმოსახვის პრაქტიკა ჩვენთვის შეუძლებელი იქნება. ჩვენი შინაგანი „მე“-ების მრავალფეროვნება ძალიან უარყოფით ასპექტში შეგვიყვანს. მაგრამ მოცემული კრედო გვასწავლის, რომ ყველა ეს „მე“ და მთელი ეს ენერგია მოედინება ერთადერათი განუყოფელი წყაროდან და საბოლოოდ მასვე უბრუნდება. ამ ფატის მიკვლევის ერთ-ერთი გზა არის საკუთარ დუალობაში გაბედულად შესვლა, რაშიც შინაგანი სამუშაო დაგვეხმარება.
ვის არ აწუხებს დუალობა, რომელიც ცხოვრებაში მუდმივად აისახება? მასკულინური და ფემინური ხმები ჩვენ შიგნით, მოვალეობა და სურვილი, სიკეთე და ბოროტება, მარჯვენა და მარცხენა არჩევანი, გულისა თუ გონების მიყოლა - ჩვენ შეგვიძლია სამუდამოდ გავაგრძელოთ მსგავსი საპირისპირო წყვილების მაგალითების მოყვანა, რომლებიც ცხოვრების ინსა და იანს წარმოადგენენ.
ვინაიდან ჩვენ კვლავ გამოვიყენებთ ინისა და იანის ტერმინს, კარგი იქნება, თუ ავხსნით, რას ნიშნავს ეს ტერმინი. ძველ ჩინურ ფსიქოლოგიასა და ფილოსოფიაში ეს სიტყვა აღნიშნავდა სამყაროს თანდაყოლილ და სპონტანურ დაპირისპირებულ წყვილთა დაყოფას: წყვდიადი და სინათლე, ცხელი და ცივი, მასკულინური და ფემინური. ანტიკური ბრძენები ასწავლიდნენ, რომ ტოტალური რეალობის გაგება საპირისპირო წყვილების ბალანსში შენარჩუნებას მოითხოვს.
იანი განასახიერებს მასკულინურს, მოძრაობას, აქტიურობას, თბილს, მშრალს და მსუბუქს. ინი განასახიერებს ფემინურს, დასვენებას, მიმღებლობას, სიცივეს და სიბნელეს. ამ ტერმინის იუნგიანურ ფსიქლოგიაში გამოყენება ადამიანური ფსიქოლოგიის დუალობას აღნიშნავს. ჩვენი შინაგანი ასპექტები, სინამდვილეში, ყოველთვის ავსებენ ერთმანეთს. ჩვენი ერთი ნაწილი მომხრეა, ხოლო მეორე ეწინააღმდეგება. ჩვენ ერთ ნაწილს სურს წინსვლა, ხოლო მეორე ნაწილს სურს იყოს ჩუმად და დააკვირდეს, როგორ განვითარდება მოვლენები. ერთი მიდრეკილება მოდის მასკულინური, ხოლო მეორე ფემინური მხარეებიდან.
ძველი მოაზროვნეების აზრით, სიბრძნე ინისა და იანის ფუნქციონირების მონაცვლეობაში მდგომარეობს. ბალანსი მოდის მხოლოდ მაშინ, როდესაც ორივე მხარეს ენიჭება სათანადო უფლებამოსილება.
მაგრამ ამ ორმაგობისა და კოსმიური დუალობის გარეშე არ იარსებებდა ადამიანური სიცოცხლე იმ სახით, როგორი სახითაც ჩვენ ვიცით. ეს არის ფასი, რომელსაც იხდიან ცნობიერი არსებები, რომლებიც აუცილებლად სწავლობენ სამყაროს დუალობის დანახვას და საკუთარი განსხვავებულობის შეგრძნებას.
ცნობიერებისკენ მიმავალი გზა იწყება მაშინ, როდესაც ვისწავლით ჩვენი არაცნობიერის პირველყოფილი ერთიანობის გატეხას. ადამის დროიდან მოყოლებული, ჩვენ ვსწავლობთ საკუთარი თავის დანახვას ჩვენს გარშემო არსებული სამყაროსა და ადამიანებისგან განსხვავებულად. ჩვენ ვსწავლობთ სამყაროს კატეგორიებად დაყოფას მათი კლასიფიცირების მიზნით. ჩვენ ვიწყებთ არა მარტო ჩვენს გარეთ არსებული ფენომენების დაყოფას, არამედ ჩვენს თავში არსებული მახასიათებების განცალკევებასაც: რა გამოიყურება „კარგად“ და რა გამოიყურება „ცუდად“, რა გვაშინებს და რა გვანუგეშებს, რა გვაძლიერებს და რა გვამცირებს და ა.შ. ამრიგად, ჩვენ მივდივართ საკუთარ ცნობიერებამდე, ანუ ინდივიდუალობის განცდამდე, რომელიც განცალკევებულია ბრბოსგან და ცალკე დგას კოლექტიური არაცნობიერისგან.
მაგრამ ფასი, რომელსაც ამგვარი ცნობიერებისათვის იხდიან, საკმაოდ ძვირია: ეს არის ფრაგმენტაცია, ერთი შეხედვით შეურიგებელი კონფლიქტების გაცნობიერება, სამყაროს ნგრევა და შეგრძნება, თითქოს ცხოვრებას მნიშვნელობა არ გააჩნია. ჩვენ საკმარისად ცნობიერნი ვართ, რათა გავაცნობიეროთ ცხოვრებისეული კონფლიქტები, მაგრამ არ ვართ საკმარისად ცნობიერი იმისთვის, რომ შევიგრძნოთ ცხოვრების ერთიანობა. მიუხედავად ამისა, სწორედ ამ გზით აცნობიერებს ბუნება საკუთარ თავს: ეს არის ადამიანის ცნობიერება.
შეიძლება იკითხოთ, „აუციელებელია თუ არა ადამიანმა მიაღწიოს ცნობიერების უფრო მაღალ დონეს?“ ეს ნამდვილად გადამწყვეტი კითხვაა და მე არ მიმაჩნია, რომ ამაზე პასუხის გაცემა მარტივია. რეალური პასუხის ნაცვლად მე მხოლოდ საკუთარი რწმენის გაზიარება შემიძლია: მე მჯერა, რომ ათასობით და მილიონობით წლის შემდეგ ვიღაცას უნდა გაეცნობიერებინა, რომ მთელი ეს მშვენიერი სამყარო თავისი მთებითა და ოკეანეებით, მზეებითა და მთვარეებით, გალაქტიკებითა და ნისლეულებით, მცენარეებითა და ცხოვრებებით - რეალურად არსებობს. აღმოსავლეთ აფრიკის დაბლობის ბორცვებიდან ერთხელ ვუყურებდი ველური ცხოველების უზარმახარ ნახირს, რომლებიც ძოვდნენ უხმოდ, როგორც ამას აკეთებდნენ უძველესი დროიდან მოყოლებული. მაშინ ვიგრძენი, თითქოს მე ვიყავი პირველი ადამიანი, რომელმაც გააცნობიერა, რომ ყოველივე ეს არსებობს. ჩემ გარშემო მთელი სამყარო ჯერ კიდევ პირველყოფილ მდგომარეობაში იმყოფებოდა; მაგრამ სამყარომ არ იცოდა, რომ ამ დგომარეობაში იყო. და შემდეგ ერთ მომენტში შევიცანი, რომ სამყარო არსებობაში აღმოცენდა; ამ მომენტის გარეშე იგი არასოდეს იარსებებდა. მთელი ბუნება საკუთარი მიზნის აღსრულებას ეძებს და პოულობს ადამიანში... ყოველი წინსვლა, თუნდაც ყველაზე პატარა, ცნობიერი რეალიზაციის გზაზე, თვითშემეცნებას მატებს სამყაროს. (Jung, 9,I, CW par.177)
როდესაც სამყაროსაგან განვცალკევდებით, ანუ როდესაც გავაცნობიერებთ, რომ ჩვენ განვსხვავდებით ყველაფრისაგან, ჩვენი ამოცანა ჯერ კიდევ არ არის დასრულებული. თითოეულ ჩვენგანს გააჩნია ინტუიცია, ლატენტური რწმენა იმისა, რომ ეს ყველაფერი საბოლოოდ მნიშნელობას შეიძენს. ადამიანებში არსებობს უნივერსალური აზრი ყოფიერების ერთიანობის შესახებ, რომელიც ცხოვრების გულის ცენტრში იმყოფება და ჩვენთვის შესაძლებელია ამ ფაქტის გაცნობიერება. რამდენადაც აღმოვაჩინე, სწორედ ამ პირველყოფილი ფსიქიკის არსებით ერთიანობას უწოდებს რელიგიებისა და ფილოსოფისების უმეტესობა იმას, რასაც გასხივოსნებად მოიხსენიებენ.
შინაგანი სამუშაო გვასწავლის ერთიანობისკენ მიმავალ ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან პრინციპს. ბევრს სჯერა, რომ მათ შეუძლიათ ერთიანობის მიღწევა კონფლიქტების თავიდან არიდების მეშვეობით, თითქოს კონფლიქტები საერთოდ არ არსებობენ. შინაგანი სამუშაო პრაქტიკული გამოცდილების სახით გვიჩვენებს, რომ ჩვენ შეგვიძლია კონფლიქტების გადაწყვეტა, შეგვიძლია დუალობას შორის გაბედულად ჩავდგეთ, რომ დაპირისპირებულ ხმებს შორის გაბედულად მოვთავსდეთ მათ ცენტრში და ვიპოვოთ საკუთარი გზა მათი გაერთიანებისკენ, რის სურვილსაც ისინი აქტიურად გამოხატავენ.
ჩვენ არ შეგვიძლია უკან დახევა. ჩვენ ვერ ვიპოვით პირველყოფილი ერთიანობის შეგრძნებას ცნობიერების გაუქმებით და ცხოველური არაცნობიერებისაკენ დაბრუნების გზით. ჩვენმა ევოლუციამ აიღო განსხვავებული გეზი და ეს გეზი ჩვენშია ჩეშენებული ისევე, როგორც ჩვენი ფიზიკური სხეულის სტრუქტურა. ჩვენს გზას მივყავართ პირდაპირ, რომელიც მოძრაობს დუალობის გარშემო, მაგრამ მისი მეშვეობით ცნობირების საფუძვლიან ერთიანობამდე მივდივართ. ჩვენი ამოცანაა ვიპოვოთ ფუნდამენტური ერთიანობა და ცხოვრების აზრი, ჩვენი ცნობიერების, საკუთარი ინდივიდუალობისა და განსხვავებულობის შეგრძნების შეწირვის გარეშე.
ეს იმიტომ ხდება, რომ კოსმოსი გაყოფილია სამოთხედ და დედამიწად; სამოთხე და დედამიწა ერთმანეთთან დიალოგში იმყოფებიან, ხოლო სამყარომ შექმნა ისეთი წინასწარმეტყველები, როგორებიცაა ქრისტე, ბუდა, მუჰამედი და სხვა წინასწარმეტყველები. თითოეული მათგანი ატარებს ერთანი თვითობის არქეტიპს და ისინი იძლევიან გზავნილებს იმის შესახებ, რომ ყველაფერი ერთიანია. სწორედ ჩვენს პირად ცხოვრებაში არსებული კონფლიქტებისა და ამ კონფლიქტების კონსტრუქციულ დიალოგად გადაქცევის გზით ვითარდება ჩვენი ცნობიერება.
თუ გულწრფელები ვიქნებით, ჩვენი ხვედრია, რომ დუალობაში და პარადოქსში ვიცხოვროთ. ამ პარადოქსულ ელემენტებთან დიალოგი არის ცხოვრების საგანი. გასაკვირია, რომ იგი ამავდროულად ყველაზე საიმედო გზაა ერთიანობისაკენ. ჩვენი სიზმრები წარმოადგენენ მათ სცენას, სახელოსნოსა და ბრძოლის ველს. ხოლო აქტიური წარმოსახვა მისი შესანიშნავი ენაა.