თავი მეთერთმეტე - აქტიური წარმოსახვის განსაზღვრება და მასთან მიახლოება
ნაწილი მესამე: აქტიური წარმოსახვა
თავი მეთერთმეტე - აქტიური წარმოსახვის განსაზღვრება და მასთან მიახლოება
წიგნის მომდევნო გვერდებზე ჩვენ განვიხილავთ აქტიური წარმოსახვის ხელოვნებას და შევისწავლით ოთხ საფეხურს მოცემულ პრაქტიკასთან მუშაობისთვის. სანამ დავიწყებთ, აუცილებლად გავითვალისწინოთ, რომ არსებობს ფუნდამენტური სიფრთხილის ზომები, რომელიც ყველამ უნდა დაიცვას: აქტიური წარმოსახვის დაწყებამდე დარწმუნებული იყავით, რომ არსებობს ადამიანი, ვისთანაც შეგიძლიათ წახვიდეთ იმ შემთხვევაში, თუ წარმოსახვა ზედმეტად შეგიპყრობთ ან მისი მიმდინარეობის გაწყვეტას ვეღარ შეძლებთ.
ადამიანთა უმეტესობისთვის ეს საგანგაშო პრობლემას არ წარმოადგენს. ფაქტიურად, ყველაზე რთული აქტიური წარმოსახვის დაწყებაა. ზოგი ადამიანი გადამეტებულად ექვემდებარება წარმოსახვის სფეროში წარმოქმნილ ხატ-სახეებს და მასთან კავშირის გაწყვეტას ვერ ახერხებს. მათი გონება იკარგება წარმოსახვის სფეროში და ვეღარ პოულობს უკან დასაბრუნებელ გზას ჩვეულებრივ სამყაროში, ანუ აქ და ახლა დასაბრუნებლად. ამიტომ, მე ვურჩევ დამწყებ პრაქტიკოსებს, რომ მხოლოდ მას შემდეგ დაიწყონ აქტიურ წარმოსახვასთან მუშაობა, როდესაც მათთვის ხელმისაწვდომი იქნება ანალიტიკოსი ან უბრალო ერისკაცი, რომელიც კარგად იცნობს მოცემულ ხელოვნებას და საჭიროების შემთხვევაში დედამიწაზე დაგვაბრუნებენ.
დილაობით აქტიური წარმოსახვის სამუშაოს შესრულების შემდეგ, ჩვეულებრივ დაკავდით ყოველდღიური განრიგით და შემდეგ შესაძლოა აღმოაჩინოთ წარმოსახვის დაბრუნება, ცნობიერი გონების ხელში ჩაგდება და ისტორიის ან დიალოგის გაგრძელების მცდელობა, სადაც ის შეჩერდა დღის დასაწყისში. როდესაც ეს მოხდება, შეიძლება გართულდეს ყოველდღიურად დასახულ ამოცანაზე ცნობიერების შენარჩუნება. ამ შემთხვევაში, უმჯობესია დაურეკოთ თერაპევტს ან მეგობარს და მიიღოთ დახმარება განმეორებადი აქტიური წარმოსახვიდან უვნებლად გამოყვანაში.
იმ იშვიათი შემთხვევების დროს, როდესაც ადვილად იკარგებიან წარმოსახვის სფეროში და უკან დასაბრუნებელ გზას ვერ პოულობენ, მათთვის უმჯობესია არა აქტიური წარმოსახვა, არამედ უფრო დამიწებული და მყარი გზები, მათ შინაგან სამყაროსთან ურთიერთობისათვის.
თუ თქვენ რაიმე ეჭვები გაწუხებთ ამასთან დაკავშირებით, მიზანშეწონილია გაიაროთ კონსულტაცია იუნგიანელ ანალიტიკოსთან, აქ მოყვანილი სამუშაოს დაწყებამდე.
ტექნიკა იმისთვის არ არის გამიზნული, რომ ხელი შეგიშალოთ შინაგანი სამუშაოს შესრულებაში, არამედ ეს მხოლოდ იმ ფაქტზე მიანიშნებს, თუ რამდენად ძლიერია არაცნობიერი. თუ ჩვენ აქტიური წარმოსახვის გამოყენებას ვაპირებთ, პატივისცემა და ზრუნვა აუცილებელი მოცემულობებია. ამ დამოკიდებულებით, ჩვენ შეგვიძლია მივიღოთ შინაგანი სამუშაოს სარგებელი, მაგრამ მაინც დავიცვათ საკუთარი თავი არაცნობიერის აბსოლუტური ძალისგან.
აქტიური წარმოსახვის პასიური ფანტაზიისგან გარჩევა
აქტიური წარმოსახვა არის იუნგის მიერ ხელახლა აღმოჩენილი წარმოსახვის ძალის განსაკუთრებული გამოყენება, რომელიც იუნგმა მეოცე საუკუნის დასაწყისში განავითარა. მიუხედავად იმისა, რომ აქტიური წარმოსახვა უკვე უამრავმა ადამიანმა გამოიყენა და მისი უზარმაზარი ღირებულება შეცნო, იგი მაინც არ არის ფართოდ ცნობილი, იუნგიანური ფსიქოლოგიის საზღვრებს მიღმა. მათგან, ვისაც მსგავსი პრაქიკის შესახებ სმენია, ბევრი ფიქრობს, რომ საკმარისად კარგად არ ესმის აქტიური წარმოსახვის პრაქტიკული მნიშვნელობა.
ამ განყოფილებაში ჩვენ განვიხილავთ აქტიური წარმოსახვის ძირითად ცნებებს, გადავხედავთ რამდენიმე მაგალითს და ვისწავლით ოთხ საფეხურიან მიდგომას, რომლებსაც შეგიძლიათ გაჰყვეთ აქტიური წარმოსახვის პრაქტიკისას.
არსებითად, აქტიური წარმოსახვა არის დიალოგი, რომელშიც საკუთარი თავის იმ სხვადასხვა ნაწილებთან ურთიერთობაში შედიხართ, რომლებიც არაცნობიერში ცხოვრობენ. გარკვეული თვალსაზრისით ეს სიზმარის მსგავსია, მხოლოდ იმ განსხვავებით, რომ თქვენ სრულიად ფხიზლად ხართ მოცემული სამუშაოს გამოცდილებისას. ფაქტობრივად, სწორედ ეს არის ის, რაც ამ ტექნიკას გამორჩეულ ხარისხს ანიჭებს. თქვენ ნებას რთავთ გამოსახულებებს, რომ ამოვიდნენ არაცნობიერიდან; ისინი თქვენთან წარმოსახვის დონეზე მოდიან, ზუსტად ისევე, როგორც ძილის დროს გვსტუმრობენ ხოლმე.
თქვენს წარმოსახვაში თქვენ იწყებთ გამოსახულებებთან საუბარს და მათთან ურთიერთობას. ისინი გპასუხობენ. თქვენ გაოგნდებით, როდესაც გაიგებთ, რომ გამოსახულებები თქვენი ცნობიერი გონებისგან რადიკალურად განსხვავებულ შეხედულებებს გამოხატავენ. ისინი გეუბნებიან იმას, რაც ცნობიერად არასდროს იცოდით და გამოხატავენ აზრებს, რომლებიც ცნობიერად არასდროს გიფიქრიათ.
ადამიანთა უმეტესობა საკმაოდ ბევრს ლაპარაკობს აქტიურ წარმოსახვაში შინაგან ფიგურებთან ერთად. ისინი აზრების მიმოცვლის მდგომარეობაში იმყოფებიან და საპირისპირო შეხედულებებში შუალედის დამყარებას ცდილობენ. იქნებ არაცნობიერში მცხოვრები ძალიან ბრძენი პერსონაჟისგან რჩევის თხოვნა გინდათ? მაგრამ, ყველა დიალოგი არ არის სიტყვიერი და დიალოგის ფორმით.
ალბათ ყველაზე ადრეული თანამედროვე ფორმით დაფიქსირებული გამოცდილება აქტიური წარმოსახვის შესახებ არის იუნგის ვიზუალური გამოცდილება, რომელშიც სიტყვებით არ იყო ლაპარაკი, არამედ ღრმა ურთიერთქმედება ხდებოდა ცნობიერ გონებასა და იმ გამოსახულებებს შორის, რომლებიც იუნგს არაცნობიერიდან ეცხადებოდა. ეს იყო ერთ-ერთი გამოცდილება, რომელმაც იუნგს აჩვენა, რომ შეეძლო საკუთარ წარმოსახვაში გადასვლა, მასში ცნობიერად მონაწილეობა და აქტიური მიმოცვლის წარმოება ცნობიერ და არაცნობიერ ენერგეტიკულ სისტემებს შორის.
"ისევ ჩემს მაგიდასთან ვიჯექი და ჩემს შიშებზე ვფიქრობდი. შემდეგ, უეცრად ჩავვარდი. თითქოს უცებ მიწა საერთოდ გაქრა და ბნელ სიღრმეში დავინთქი. პანიკის შეგრძნების შეკავება შეუძლებელი აღმოჩნდა. მაგრამ შემდეგ, მოულოდნელად, არც თუ ისე დიდ სიღრმეზე, სადღაც, რბილ და წებოვან მასაზე ფეხებით დავეშვი. დიდი შვება ვიგრძენი, თუმცა როგორც ჩანს, სრულიად სიბნელით ვიყავი გარშემორტყმული. ცოტა ხნის შემდეგ, როცა თვალები სიბნელეს მიეჩვია, დავინახე, რომ ჩემს ირგვლივ სქელი ბინდი იდგა. სანამ ჩემს წინ აღმართულ ბნელ გამოქვაბულში შევედი, იქვე დავინახე მუქი ფერის ჯუჯა, რომელიც თითქოს მუმიფიცირებული იყო. ვიწრო შესასვლელით, მუხლამდე ყინულოვან წყალში გავედი გამოქვაბულის მეორე ბოლოში, სადაც კლდეზე მბზინავი წითელი კრისტალი დავინახე. ქვას ხელი მოვკიდე, ავწიე და მის ქვეშ ღრუ აღმოვაჩინე. თავიდან ვერაფერი გავარჩიე, მაგრამ შემდეგ, შავი წყალი დავინახე. მასში ცურავდა გვამი, ახალგაზდა გოგონა ქერა თმით და ჭრილობით თავში. მას მოჰყვა გიგანტური შავი ხოჭო და წითელი, ახალშობილი მზე, ამომავალი წყლის სიღრმიდან..." (jung, MDR, step two: dialogue).
აქტიური წარმოსახვის მეშვეობით უფრო და უფრო ცხადი ხდება, რომ გამოსახულებები, რომლებიც წარმოსახვაში ჩნდება, სინამდვილეში სიმბოლოები არიან და ჩვენი სიღრმის შინაგან ნაწილებს წარმოადგენენ. სიზმრისეული გამოსახულებების მსგავსად, ისინი არაცნობიერის შემადგენელ ნაწილებს განასახიერებენ. ვინაიდან ამ შინაგან არსებებს საკუთარი გონება გააჩნიათ, ისინი ამბობენ და აკეთებენ ისეთ რამეებს, რაც ჩვენთვის გამაოგნებელია, ახალია, განმანათლებელია და ხშირად, შეურაცხმყოფელია ჩვენი ეგოსთვის.
მიუხედავად იმისა, რომ იუნგი დიდ პატივს სცემდა სიზმრებს და მათ მაღალ მნიშვნელობას ანიჭებდა, იგი თვლიდა, რომ აქტიური წარმოსახვა კიდევ უფრო ეფექტური გზა იყო არაცნობიერისკენ. განსხვავება ესაა: როდესაც თქვენ სიზმარს ნახულობთ, თქვენ იღებთ სიგნალებს არაცნობიერიდან, მაგრამ ამაში თქვენი ცნობიერება არ მონაწილეობს. როცა ვიღვიძებთ, ცნობიერ გონებას შეუძლია დაიმახსოვროს სიზმარი და იფიქროს მის მნიშვნელობაზე, მაგრამ თავად სიზმრის დროს ცნობიერი გონება მასში აქტიურად ვერ მონაწილეობს. აქტიურ წარმოსახვაში კი პირიქით, ცნობიერება ფხიზელია და თავად მონაწილეობს მოვლენებში.
სიზმარში მოვლენები ხდება სრულიად არაცნობიერ დონეზე. აქტიურ წარმოსახვაში მოვლენები ხდება წარმოსახვის დონეზე, რომელიც საბოლოოდ არც ცნობიერია და არც არაცნობიერი, არამედ ესაა ამ ორს შორის შეხვედრის ადგილი და მათი საერთო საფუძველი, სადაც ორივე თანაბარ პირობებში ხვდება ერთმანეთს და ერთად ქმნის ცხოვრებისეულ გამოცდილებას, რომელიც ორივე ელემენტს აერთიანებს. ცნობიერების ორი დონე მიედინება წარმოსახვის ველში, როგორც ორი მდინარე, რომლებიც ერთ ძლიერ ნაკადს ერწყმის. ისინი ერთმანეთს ავსებენ და ერთად იწყებენ მუშაობას. ცნობიერსა და არაცნობიერს შორის არსებული დიალოგი წარმოშობს ტრანსცენდენტურ ფუნქციას, თვითობას, რომელიც ამ ორს შორის არსებული სინთეზის განსახიერებაა.
საინტერესო ფაქტია, რომ სიზმრები მკვეთრად მცირდება, როდესაც აქტიური წარმოსახვის სამუშაოთი ვკავდებით. თუ ამ ხელოვნებას სერიოზულად ღებულობთ, როგორც მედიტაციის გზას, თქვენ რეალურად დაინახავთ არაცნობიერის მასალას, სანამ მისი სიზმრის სახით ამუშავების საჭიროება დადგება. საკითხები, რომლებიც სიზმარში იქნებოდა წარმოდგენილი, აქტიური წარმოსახვის საშუალებით მუშავდება.
სიზმრებსა და აქტიურ წარმოსახვას შორის არსებული ურთიერთობის გამო, იუნგი აქტიური წარმოსახვის პრაქტიკას უნიშნავდა ადამიანებს, რომლებიც ძალიან ბევრ სიზმარს ნახულობდნენ და ამის გამო არ შეეძლოთ სიზმრებთან სრულფასოვანი მუშაობა. როდესაც აქტიური წარმოსახვის სამუშაოს რეგულარულად შესრულებას დაიწყებთ, აღმოაჩენთ, რომ სიზმრების რაოდენობა მცირდება, ისინი უფრო კონცენტრირებულნი და ნაკლებად განმეორებადი ხდებიან. აქტიური წარმოსახვის შესრულებისას, სიზმრები აღარ საჭიროებენ საკუთარი მოტივის განმეორებას.
აქტიური წარმოსახვის არსი არის თქვენს წარმოსახვაში ცნობიერი მონაწილეობა. ასეთი სახის წარმოსახვა აქტიურია, რადგან ეგო რეალურად შედის შინაგან სამყაროში, დასეირნობს და საუბრობს, უპირისპირდება და კამათობს, მეგობრობს ან ებრძვის მათ, ვისაც იქ აღმოაჩენს. თქვენ ცნობიერად ღებულობთ მონაწილეობას წარმოსახვით დრამაში. თქვენ ჩაერთვებით სხვადასხვა პერსონაჟებთან დიალოგში, მიმოცვლით აზრებს, გაივლით თავგადასავლებს და საბოლოოდ, ერთმანეთისგან რაღაცას ისწავლით.
ეს ხარისხი განასხვავებს აქტიურ წარმოსახვას ჩვეულებრივი, პასიური ფანტაზიისგან. პასური ფანტაზია ილუზორულია: ის ზის და უბრალოდ უყურებს ფანტაზიის ნაკადს, რომელიც გონებაში მოედინება, თითქოს ფილმს ხედავს. ამას გარდა, პასიურ ფანტაზიაში თქვენ ცნობიერად არ მონაწილეობთ; თქვენ არ გაქვთ რეაქცია იმაზე, რაც ირგვლივ ხდება; თქვენ არ ღებულობთ დამოუკიდებელ, ეთიკურ პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რაც ხდება.
პასიური ფანტაზიის შემთხვევაშიც გამოსახულებები არაცნობიერიდან ამოდის, მაგრამ ვინაიდან ჩვენ მასში ცნობიერად ვერ ვმონაწილეობთ, ეს ძირითადად დროისა და ენერგიის კარგვაა. პრობლემები ან საკითხები, რომლებიც ფანტაზიაში წარმოიქმნება, არ წყდება. ყველა ასეთი ფანტაზია უბრალოდ ისევ და ისევ მეორდება, სანამ გონება ან საკუთარ თავს არ ამოწურავს, ან ჩვენ არ გამოგვწურავს სასიცოცხლო ენერგიას. ასეთ შემთხვევაში არ არსებობს ევოლუცია, რადგან ეგო არასოდეს უპირისპირდება ფანტაზიაში წარმოქმნილ სიტუაციას და ვერც მასში მონაწილეობს, როგორც ცნობიერი და დამოუკიდებელი ძალა.
ამის კარგი მაგალითია შფოთვის და ნერვიულობის ფენომენი. წუხილი და ნერვიულობა, პასიური ფანტაზიის ერთ-ერთი ფორმაა. ჩვენ, უმრავლესობას გაგვაჩნია საკითხები, რომლებიც ყოველდღიურად გვაწუხებს. შეიძლება გვეწვიოს ფანტაზია, რომელშიც ვიმარჯვებთ და ყველაფერი კარგად მუშაობს. შემდეგ ჩნდება კონტრფანტაზია, ანუ შფოთვის ფანტაზია, რომელშიც ჩვენ დამარცხებულნი და დამცირებულნი ვართ. სანამ პასიურად ვიჯდებით და შფოთვის ფანტაზიებს საკუთარი არსების დაუფლების ნებას დავრთავთ, გამოსავალი არასოდეს გამოჩნდება; ამისგან განსხვავებით, აქტიურ წარმოსახვაში შესაძლებელია საზრუნავების გადასაწყვეტად წასვლა, მასთან აქტიური დაპირისპირება, დიალოგში შესვლა, კონფლიქტის არსის გარკვევა და მასთან დაკავშირებით რაღაცის გაკეთება.
თქვენ შეამჩნევთ, რომ აქტიური წარმოსახვის ყველა მაგალითში ისტორია ყოველთვის პირველ პირთანაა დაკავშირებული: "მე" ყოველთვის იქ არის. "მე" მივდივარ გარკვეულ ადგილას. "მე" ვხედავ გამოსახულებას. "მე" მასთან ვსაუბრობ; წინააღმდეგ შემთხვევაში, ეგო მასში არ მონაწილეობს.
წარმოსახვა არ არის აქტიური, თუ თქვენ არ მონაწილეობთ დრამაში თქვენივე გრძნობებით და ემოციებით. "მეს" ყოველთვის გააჩნია გრძნობითი რეაქცია: შეიძლება ვიყო ბედნიერი, დაინტერესებული, სევდიანი ან გაბრაზებული. "მე" უნდა შევიდეს წარმოსახვით მოქმედებაში ისევე ინტენსიურად, როგორც ეს იქნებოდა გარეგანი, ფიზიკური გამოცდილების შემთხვევაში. მიუხედავად იმისა, რომ ეს სიმბოლური გამოცდილებაა, მაინც ნამდვილ გამოცდილებად ითვლება, რომელიც რეალურ გრძნობებს მოიცავს.
თქვენი აქტიური მონაწილეობით თქვენ გარდაქმნით იმას, რაც არაცნობიერია; ასეთ დროს პასიური ფანტაზია უაღრესად ცნობიერ და ძლიერმოქმედ წარმოსახვად გარდაიქმნება. როდესაც აქტიური წარმოსახვა სწორად სრულდება, იგი აერთიანებს თქვენს ნაწილებს, რომლებიც ფრაგმენტაციაში და კონფლიქტში იმყოფებოდნენ. იგი ძლიერად აღვიძებს თქვენს შიგნით არსებულ ხმებს, ამას კი მოაქვს მშვიდობა და ურთიერთდახმარება მეომარ ეგოსა და არაცნობიერს შორის.
ამ ხელოვნების მთავარი მიზანია კომუნიკაციის უზრუნველყოფა ეგოსა და არაცნობიერის იმ ნაწილებს შორის, რომელთაც ჩველებრივ, მოწყვეტილი ვართ. აქტიური წარმოსახვის კეთებისას, ფსიქიკაში ყველაფერი იცვლება. ასევე იცვლება ეგოსა და არაცნობიერს შორის ურთიერთობაც. თუ ეგოს დამოკიდებულებებსა და არაცნობიერის ღირებულებებს შორის ნევროზული დისბალანსი არსებობს, უფსკრული შეიძლება შევიწროვდეს და დამატებით, საპირისპირო მხარეები შესაძლოა გაერთიანდნენ. ადამიანი დგება საკუთარი არსების მთლიანობის გაცნობიერების ბილიკზე, და ეს უბრალოდ შინაგან სამყაროსთან კომუნიკაციაში შესვლის სწავლების შედეგია.
აქტიური წამოსახვის მაგალითი: საუბარი შინაგან არტისტთან
იმისათვის, რომ ჩვენი დისკუსია თავიდანვე კონკრეტული იყოს, მე მოგცემთ აქტიური წარმოსახვის სესიის მაგალითს, რომელიც ჩაწერილია ქალბატონის მიერ. ეს იქნება პირველი მაგალითი მაგალითების სერიიდან, რომელთაც ჩვენ მომდევნო რამდენიმე თავის ფარგლებში განვიხილავთ. მოცემული მაგალითები უკეთეს წარმოდგენას მოგცემთ იმაზე, თუ რას აკეთებენ პრაქტიკოსები აქტიურ წარმოსახვასთან მუშაობისას: როგორ უახლოვდებიან მას, როგორ იწერენ დიალოგებს და სხვადასხვა მიზნებს, რომელთა ამოტანაც აქტიურ წარმოსახვას შეუძლია შინაგან სამუშაოში.
ამ მაგალითებიდან ნათელი უნდა გახდეს ერთი პუნქტი: თქვენ არ უნდა ეცადოთ, რომ თქვენს წარმოსახვას "მოერგოთ" ან ის "სწორად" და გრამატიკულად "დახვეწილად" ჟღერდეს. მიზანს წარმოადგენს განვიცადოთ და ჩავიწეროთ ყველაფერი, რაც არაცნობიერიდან სპონტანურად ამოდის. თქვენ არ აკეთებთ შემოქმედებით წერას, სხვა ადამიანების დასანახად. ეს არის თქვენი პირადი საქმე და თქვენი არაცნობიერი, ამიტომ, იყოს იგი ისეთივე უხეში, არათანმიმდევრული ან უხერხული, როგორიც არაცნობიერიდან გამოვლინდება. შედეგებიც მეტად გულწრფელი და ნამდვილი იქნება.
აქტიური წარმოსახვის ეს კონკრეტული ნიმუში ჩაწერილია ქალბტონის მიერ, რომელმაც ერთ ღამეს ვერ დაიძინა, რადგან მისი სახლის გადაღებვისას შეპყრობილი გახდა. ქალბატონი ძალიან დაღალა ყველაფრის დამოუკიდებლად გაკეთებამ, რაც ეხებოდა ფერების არჩევას, საღებავების ყიდვას, სამუშაოს შესრულებას და ასე შემდეგ, მაგრამ ფერთა კომბინაციებისა და სხვადასხვა ვარიანტების გამო ქალბატონი ვერ იძინებდა. მის გონებაში ავეჯისა და ფერების თანხმობის შესახებ ფიქრები წარმოსახვაში მიმოქროდა და ნახევარი ღამის განმავლობაში ამ წარმოსახვისგან თავის დაღწევა ვერ შეძლო.
ვინაიდან ქალბატონი აქტიურ წარმოსახვას ადრე იყენებდა, მან გადაწყვიტა ფანტაზიაში წასვლა და გამოსახულების პოვნა, რომელიც ამ შემთხვევაში აკვიატებას წარმოადგენდა. მას სურდა მის შიგნით არსებული შეპყრობილის პოვნა და ამის მეშვეობით, საკუთარი არსების ნაწილთან დიალოგის გამართვა.
ეს არის აქტიური წარმოსახვის გამოყენების ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითი: ესაა არაცნობიერის უხილავი შინაარსის იდენტიფიცირება და მისი ზედაპირზე გამოტანა გამოსახულების სახით, რათა მასთან დიალოგისა და გამკლავების შესაძლებლობა შეიქმნას.
ჩვენ ხშირად გვაქვს რაღაც ბუნდოვანი და უხილავი არაცნობიერში, რომელიც გვაწუხებს. ჩვენ შეგვიძლია ვიგრძნოთ კონფლიქტი ზედაპირის ქვემოთ, მარგამ ვერ ვხედავთ, კონკრეტულად რა ხდება. ამას ვერაფერ სპეციფიკურთან და კონკრეტულთან ვერ ვაკავშირებთ. შესაძლოა ვგრძნობთ ეფექტს, მაგრამ ხშირ შემთხვევაში იგი იმდენად ბუნდოვანი და უფორმოა, რომ ვერ ვუმკლავდებით. ზოგჯერ ეს არის აუხსნელი სიბრაზე ან გაღიზიანება. ასეთ დროს ვერ ვამბობთ, რა მიზეზით ვართ გაბრაზებულნი, ჩვენ უბრალოდ, ვგრძნობთ ამას. განწყობის ცვლილება, წუხილი, დეპრესია, ინფლაცია და აკვიატება მოცემულ კატეგორიაში შედიან.
როდესაც ეს მოხდება, თქვენ შეგიძლიათ წარმოსახვის მეშვეობით არაცნობიერში წახვიდეთ და სთხოვოთ უხილავ შინაარსს, მოახდინოს საკუთარი თავის პერსონიფიცირება. შეგიძლიათ აქტიური წარმოსახვა დაიწყოთ შეკითხვით: "სად არის აკვიატება? საიდან მოდის ეს გრძნობა? ვინ არის ჩემში, ვინც ამგვარად გრძნობს საკუთარ თავს? რას ჰგავს ის?"
თუ ამას აკეთებთ, საბოლოოდ თქვენს გონებაში გამოსახულება ჩნდება. გამოსახულება შეიძლება განასახიერებდეს აკვიატებას, შეპყრობილობას, დეპრესიულობას ან გაბრაზებას.
ქვემოთ მოყვანილია ქალბატონის გამოციდლება, რომელიც მან შუა ღამით დააფიქსირა. მან ჩაიწერა რამდენიმე ახსნა-განმარტება, რომლებიც აქტიურ წარმოსახვას თან ერთვის და ფრჩხილებში არის მოცემული:
(ჩვენი სახლის ინტერიერის ხელახლა შეღებვისას, გაჩნდა ფერების ვარიაციები, დიზაინი, ტექსტურა და ბალანსი. გეგმების განვითარების პროცესში, ჩემი გონება ამ "ვარიაციებმა" მთლიანად მოიცვა. ვერ ვიძინებდი და ფერებისა და დიზაინის მასივების გაუთავებელი ფანტაზიის გონებაში ტრიალით მეღვიძებოდა. თითქოს რაღაც საინტერესო პროექტი ჩემს აკვიატებად იქცა.
პროცესმა საკუთარი სიცოცხლე მიიღო; იგი ჩემს ყველანაირ რესურსს იყენებდა და ამავდროულად, მთლიანად ჩემს ცნობიერ კონტროლს მიღმა ფუნქციონირებდა. ვგრძნობდი, რომ ენერგიისგან მთლიანად ვიცლებოდი. მოთმინებადაკარგული და გაღიზიანებული ვიყავი ჩემი ქმრის მიმართ, რომელიც ვერ ხვდებოდა ჩემს გულმოდგინებას.
საკმარისი არ გამოდგა, რომ ენერგიის ნაკადისათვის უბრალოდ "ნეგატიური ანიმუსის" პროექცია მიმენიჭებინა. მიუხედავად იმისა, რომ ამ აკვიატებას ნეგატიური კუთხით ვგრძნობდი, ამავდროულად იმასაც ვგრძნობდი, რომ ის არ იყო გადამეტებულად ნეგატიური. აქ არსებობდა სიცოცხლისუნარიანობის ახალი წყარო, რომელიც ბოლომდე გახსნილი არ იყო. ქცევითი საშუალებებით მასზე კონტროლის მცდელობა მის რეპრესირებას ისევ ჩრდილში მოახდენდა და მასზე წვდომას საბოლოოდ დავკარგავდი. ამიტომ, დავსვი შეკითხვა: "რა არის ის, რამაც ასე მოულოდნელად შემიპყრო?" შუა ღამისას მე შევედი ჩემს შიგნით არსებულ "ენერგიასთან" დიალოგში, რათა გამეგო ვინ იყო იგი და რა სურდა ჩემგან).
ჩემი აქტიური წარმოსახვა
(როგორც ჩემს ბლოკნოტში ჩავწერე, "ეგო" წარმოადგენს ჩემს ცნობიერ გონებას, რომელიც ლაპარაკობს. "არტისტი" წარმოადგენს ხმას, რომელიც გარკვეული პერიოდის შემდეგ გამოვლინდა და აღმოჩნდა, რომ ის იყო იაპონელი მხატვარი. თავიდან მე ვერ დავინახე ფიგურა, რომელიც ლაპარაკობდა).
ეგო:
რა ხდება აქ? რაღაც უცნობმა ძალამ აიღო ჩემზე კონტროლი. მე ვერ ვიძინებ ჩემს თვალწინ არსებული ფიგურების ქარიშხალის გამო. რას აკეთებ? რა გინდა? ვინ ხარ?
(ხმა):
(ჩემს წარმოსახვაში ქალის ხმას ჰგავს). ფერები ძალიან საყვარლები არიან. მათ შორის ურთიერთქმედება დაინახე. შეხედე, როგორ იწვევენ ისინი ბუნების სხვადასხვა ასპექტს. აი, კონკრეტულად ეს განსაკუთრებით კარგად უხდება წიგნების თაროებს და ხის ტონებს.
ეგო:
უკაცრავად. დიახ, ეს მართლაც მშვენიერია, მაგრამ ძალიან დაღლილი ვარ და ცხოვრებაში სხვა მოვალეობებიც გამაჩნია. ჩემი ენერგიით სხვა საკითხებიც უნდა მოვაგვარო და დავაბალანსო. მაგრამ მთელი ჩემი ენერგია თქვენ აიღეთ.
(ამ დროს დავიწყე იმის გაცნობიერება, რომ ჩემში არსებული ქალური ხმა არა იმდენად შეპყრობილი იყო, რამდენადაც აღფრთოვანებული).
(ხმა)
მე მაქვს მკაფიო წარმოდგენა იმაზე, თუ რისი გაკეთება შეიძლება აქ. ვცდილობ ვიპოვო სწორი მიდგომა. შესაბამისი ქსოვილი და ფერებიც საპოვნელია, ასევე საღებავის დიზაინი და სწორი პალიტრა.
ეგო:
ეს ყველაფერი კარგია. მაგრამ, მთელი ღამე ეს უნდა აკეთო???
არტისტი:
ოჰ. დიახ. ვხვდები რასაც გულისხმობ.
(ფიგურა უფრო და უფრო ნათელი ხდება. იგი იაპონელია. თავიდან მამაკაცის ფიგურას ჰგავდა, მარგამ ახლა ვხედავ, რომ არც მამაკაცურია დ არც ქალური, არამედ ანდროგნს ჰგავს. ვგრძნობ, რომ ის არის მხატვარი, რომელსაც ნარინჯისფერი ძენ-ბუდისტური სამოსი აცვია. ფიგურა ჩუმდება. მე ამ პიროვნებას "თვალს ვადევნებ" და ვგრძნობ, რომ მას ძალიან მაღალი მგრძნობელობა და ზედმიწევნითი აღქმა აქვს ფიზიკური ბუნების შესახებ. ვგრძნობ, რომ არ მინდა დავკარგო ეს არსება. ჩემი გაღიზიანება და იმედგაცრუება ორთქლდება. მისით ძალიან დაინტერესებული ვხდები).
ეგო:
გთხოვ, არ გაუჩინარდე. აღარ ვარ შენზე გაბრაზებული. შეგვიძლია ისე შევთანხმდეთ, რომ ორივემ ვითანამშრომლოთ და გავძლიერდეთ. რატომ მიბიძგებ ასე ძლიერად?
არტისტი:
მეშინია.
ეგო:
რისი გეშინია?
არტისტი:
მეშინია, რომ ისევ ჩავიკეტები.
ეგო:
ჩაიკეტები?
არტისტი:
იშვიათად მაქვს საკუთარი თავის გამოხატვის შესაძლებლობა. როგორც ჩანს, ძალიან სწრაფად და ინტენსიურად უნდა ვიმუშაო, სანამ ჩემთვის კარები ღიაა. მალე ეს დასრულდება და ისევ ჩაკეტილი ვიქნები.
ეგო:
ვხვდები რასაც გულისხმობ. ჩემს ცხოვრებაში ძალიან ცოტა შესაძლებლობა ყოფილა შენი გამოხატვისთვის, იმდენად ცოტა, რომ არც კი ვიცოდი თუ არსებობდი. კულტურა, რომელშიც მე ვცხოვრობ, შენისთანა პიროვნებისთვის ადგილს არ ითვალისწინებს. ამ საკითხში მე არ ვდგავარ ჩემი კულტურისგან განცალკევებით.
არტისტი:
ეს სიმართლეა. ვგრძნობდი, რომ ვშიმშილობდი. ეს შეიძლება ჩემი ერთადერთი შესაძლებლობა იყოს.
ეგო:
არ არის აუცილებელი, რომ ასე იყოს. თუ მე მოგაწვდი სხვა საშუალებებს, რათა საკუთარი თავი გამოხატო, თავს ნაკლებად სასოწარკვეთილად იგრძნობ? შეგიძლია, რომ საკუთარ ინტენსივობას მოუკლო?
არტისტი:
დიახ...
(აქ არის გრძელი პაუზა. შემდეგ არსება ძალიან ნაზად იწყებს საუბარს)
იცი თუ არა, აქ რა იგულისხმება?
ეგო:
(შიში მეუფლება. თითქოს რაღაც ვალდებულებაში შესვლა მომიწევს, საიდანაც ვეღარ გამოვალ).
ვფიქრობ, ვხვდები. ვიცი, რომ წმინდად შემოქმედებითი პოტენციალისთვის ნებართვის მიცემა ადვილი არაა ფიზიკურ და სენსორულ სამყაროში. პრაქტიკულობა ყოველთვის ხელს მიშლის. ყოველთვის ვგრძნობ სამუშაოსა და პასუხისმგებლობის ზეწოლას.
არტისტი:
მე ვცდილობდი შენი მეშვეობით საკუთარი თავი გამომეხატა. მაგრამ, უმეტესწილად "პრაქტიკული" საკითხები უფრო იმარჯვებს. შემოქმედების წმინდა სიხარული და ცხოვრების ფიზიკური მხარე თავის თავში ამ ყოველივეს ისედაც აერთიანებს - ესაა შედეგი მოლოდინის გარეშე, ან შედეგი პრაქტიკული სარგებელის გარეშე.
ეგო:
მართალია. ჩემი განპიობებულობიდან და დამოკიდებულებებიდან გამომდინარე, ვიცი, რომ დისკომფორტი უნდა შემქმნოდა, რათა შენთვის ყურადღება მომექცია. ვხედავ, რომ პროდუქტიულობის ღირებულებებისგან დამოუკიდებლად უნდა ვიდგე, რომლებიც ჩემს გარშემოა და ჩემზე დომინირებენ. უნდა გავუმკლავდე მასკულინური მხარის ნეგატიურ მენტალიტეტს, რომელიც ამ იდეებს ახორციელებს და სხვა ყველაფერს აიგნორებს. ის იყენებს წარუმატებლობის შიშს და შფოთვას. მე უნდა დავახარისხო მხატვრულ და შემოქმედებით საქმიანობასთან დაკავშირებული ღირებულებები ფიზიკური სამყაროს მიმართ და შენი თვითგამოხატვისთვის ადგილი და საშუალება უნდა ვიპოვო. რას მირჩევ?
არტისტი:
კერამიკა და აკვარელი მოუხდება. ყვავილებიც დარგე და ლამაზად გადაანაწილე. შეგიძლია რაიმე ნაკლებად ფორმალურიც გააკეთო. უბრალოდ მინდა, რომ ვიმუშაოთ და ვითამაშოთ ფერებთან და ფიზიკური სამყაროს ასპექტებთან ერთად.
ეგო:
კარგი. შენი დახმარება დამჭირდება. სენსაციური სამყაროს შესახებ შენი ღირებულებების შესახებ შენი ცოდნა მჭირდება, რათა იმ ცრურწმენების წინააღმდეგ გამაძლიეროს, რომელიც მმართავდა.
არტისტი:
შენ მხოლოდ დამშვიდება და ჩემი მოხმობა დაგჭირდება, მე კი აუცილებლად გიპასუხებ. ისევ დავბრუნდები.
არსებობს საინტერესო სქოლიო, აქიტური წარმოსახვის მოცემული სესიის შესახებ: ესაა რეაქციული შეგრძნებები და მნიშვნელობები, რომელიც ქალბატონმა საკუთარი გამოცდილებიდან მიიღო:
მე წინააღმდეგობას ვუწევდი რჩევას და წინადადებებს, რომელიც აქტიური წარმოსახვის შედეგად იყო გამოხატული. კერამიკა და მსგავსი თემები ცოტათი სულელურად და შეუსაბამოდ ჟღერდა. მაგრამ, იმასაც მივხვდი, რომ როგორც არ უნდა ჟღერდეს, მე მჭირდება რომ ჩემი შემოქმედებითი მხარე გამოვკვებო. მასთან გამკლავება საკუთარი პირობების გზით მომიწია და გავაკეთე ის, რასაც გონივრულ ფარგლებში ჩემგან საჭიროება მოითხოვდა.
იაპონელი არტისტის ფიგურამ დამაპირისპირა ხარისხთან, თუ რა დოზით უშლის ხელს ჩემი კულტურა სილამაზის აღქმას. ჩემი კულტურა მხოლოდ პროდუქტიულობით და ემპირიულობით არის დაინტერესებული. იგი არანაირ ღირებულებას არ ანიჭებს სილამაზეს, რომელიც უტილიტარული წარმოების გარეშე თავისთავად არსებობს. ამ ახლად აღმოჩენილ მოკავშირესთან გაბმულმა დიალოგმა ჩემში კულტურული ცრურწმენების ხანგრძლივი კვლევა გამოიწვია, რომელიც ყოფიერების ძალით მქონდა შთანთქმული. ეს დამეხმარა ჩემი ინდივიდუალური ბუნების კოლექტიურიდან გარჩევაში. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ეს იყო ჩემი ინდივიდუაციის პროცესის ნაწილი.
ზემოთ მოყვანილი აქტიური წარმოსახვის შემდეგ, ქალბატონმა აღმოაჩინა, რომ მისთვის ახალი სამყარო გაიხსნა. იგი რეგულარულად ესაუბრებოდა იაპონელი არტისტის ფიგურას. მან კერამიკის შემსწავლელ კურსზე სიარულიც კი დაიწყო. იგი ყოველკვირეულად კავდებოდა სხვადასხვა შემოქმედებითი და მხატვრული აქტივობებით, რომელსაც მისთვის სილამაზის განცდა მოჰქონდა და დედამიწის ფემინურ ღირებულებებთან კონტაქტში მოჰყავდა.
როგორც ქალბატონის დიალოგიდან ჩანს, იგი იმდენად იყო მიბმული მენტალურ სამუშაოსთან - ფიქრთან, ანალიზთან და პროდუქტიულობასთან - რომ მის ცხოვრებაში ადგილი აღარ რჩებოდა ფიზიკური სილამაზის სფეროსთვის და ყოფიერების შეგრძნებისათვის.
შესაბამისად, მან მიიღო ღრმა კმაყოფილება საკუთარი შინაგანი ნაწილის გამოკვებისგან, რომელიც მანამდე შიმშილობდა. ქალბატონის ინდივიდუალობის განცდა გაძლიერდა. იგი იმაზე მეტს წარმოადგენდა, ვიდრე აქამდე ეგონა.
თქვენში არსებული ნებისმიერი თვისება შესაძლოა სწორედ ამ გზით პერსონიფიცირდეს, რათა მასთან ურთიერთობა შეძლოთ. თუ ფსიქიკაში ინფლაციას გრძნობთ, შეგიძლიათ წახვიდეთ ფანტაზიაში და სთხოვოთ ინფლაციას გამოსახულების სახით პერსონიფიცირება. თუ ბუნდოვნად გრძნობთ, რომ გარკვეული განწყობა გაკონტროლებთ, ამ შემთხვევაშიც იგივეს გაკეთება შეგიძლიათ. ეს არის გამოსახულება, რომელიც ადამიანს საწყის წერტილს აძლევს. შემდეგ შეგიძლიათ, რომ დიალოგიში შეხვიდეთ. შესაძლებელია, რომ თქვენი აღქმა და გაგება შეიცვალოს.
მოცემულ მაგალითში თქვენ იპოვით ყველა ძირითად ელემენტს, რომელიც აუცილებელია კარგად ჩატარებული აქტიური წარმოსახვისთვის. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ მთელი გამოცდილება თავდაპირველად ერთგვარი პასიური ფანტაზიის სახით იწყება. როდესაც ქალბატონი საწოლში იწვა და მის გონებაში სხვადასხვა გამოსახულებები ირეოდნენ, ამ დროს იგი მხოლოდ პასიური დამკვირვებელი გახლდათ, რომელიც ფანტაზიით იყო შეპყრობილი.
მან გადააქცია ფანტაზია აქტიურ წარმოსახვად სწორედ მაშინ, როდესაც ცნობიერად ჩართო საკუთარი ეგო მოქმედებაში და აქტიური როლის აღება მოახერხა. ქალბატონმა კითხვების დასმა დაიწყო და დაელოდა პასუხებს, რათა გაეგო ვინ იდგა ამ ყველაფრის უკან, ვინ წარმოქმნიდა ფანტაზიის ნაკადს. როგორც ვნახეთ, გამოსახულებაც გამოჩნდა და საუბარიც შედგა.
კიდევ ერთი ნიშანი იმისა, რომ აქტიური წარმოსახვა სწორად იყო შესრულებული, არის ქალბატონის ემოციური ჩართულბა, როდესაც მან ინტერესი და შიში იგრძნო ფიგურის მიმართ. მისი შეშფოთება გამოსახულებასთან საუბრის ფონზე ჩაცხრა. გამოსახულების დაფასება ნაჩვენებია არა მხოლოდ ქალბატონის საუბრით, არამედ იმ ქმედებითაც, რომელიც ქალმა შემდგომში განახორციელა.
კიდევ ერთი ფაქტორი იყო მისი მზადყოფნა, მოესმინა არაცნობიერიდან ამოსული გამოსახულებისთვის. იგი არ ცდილობდა შინაგან ხმაზე დომინირებას ან მისი ხმის საკუთარით გადაფარვას. ქალბატონი მზად აღმოჩნდა, რაღაც ესწავლა მისგან.
არსებობს მრავალი კონცეფცია, რომელიც აქტიურ წარმოსახვასთანაა დაკავშირებული და ჩვენ მათ მომდევნო თავებში განვიხილავთ. უკვე მოყვანილ მაგალითში თქვენ გაქვთ ძირითადი პრინციპები, რომლებიც ნამდვილი აქტიური წარმოსახვის შესასრულებლად დაგჭირდებათ. თუ მათ მტკიცედ მიიღებთ მხედველობაში, თქვენ მალევე დაიწყებთ ამ ამაღლებული ხელოვნების გაგებასა და გამოყენებას.
როცა გგონიათ, რომ რაღაცას აყალბებთ
ანალიზის გასაკეთებლად ჩემთან ახალი პაციენტი მოვიდა. ინტელიგენტი კაცი იყო, მაგრამ იმასაც ვგრძნობდი, რომ ამასთანავე თაღლითიც იყო. ეს მაშინვე ვიგრძენი, როდესაც პირველივე სესიაზე მოვიდა; მის თვალებში უცნაური მზერა იდგა.
პირველი რამდენიმე სესიის მანძილზე არაფერი მომხდარა. მას არც სიზმრები ახსოვდა და არც მნიშვნელოვანი დისკუსია შემდგარა. მაინტერესებდა, საერთოდ რატომ იყო დაინტერესბული ანალიზით. ამიტომ, მას აქტიური წარმოსახვის შესახებ მოვუყევი და პრაქტიკაც შევასწავლე. ვფიქრობდი, რომ ეს კარგი საშუალება იქნებოდა მისი არაცნობიერის განბლოკვისათვის და იმის გასარკვევად, თუ რა ხდებოდა მის შიგნით.
თავიდან არაფერი მომხდარა. არც აქტიური წარმოსახვის სამუშაო შედგა. მას ავუხსენი ოთხი საფეხური და ვუთხარი: "წადი და რამე გააკეთე შენს წარმოსახვაში. ნებისმიერი რამ! შემდეგ ყველაფერი ჩაიწერე შენს ბლოკნოტში. მომდევნო ჯერზე იქიდან დავიწყებთ".
მომდევნო კვირას პაციენტი დაბრუნდა და თვალებში ისევ ისეთი მზერა ედგა. ვიცოდი, რომ რაღაცას აპირებდა. მაგიდაზე რამდენიმე გვერდიანი აქტიური წარმოსახვის ჩანაწერი დამიგდო, რომლიც თავდან ბოლომდე სუფთა მელოდრამა და ფენტეზს ჟანრის მოთხრობა გახლდათ.
ამის შემდეგ, კვირიდან კვირამდე მას აქტიური წარმოსახვის გვერდები მოჰქონდა. მოვლენები უფრ და უფრო ინტენსიური და სასოწარკვეთილი ხდებოდა. ეს იყო უზარმაზარი ორთაბრძოლები სინათლისა და სიბნელის ძალებს შორის. კვირიდან კვირამდე ასე გრძელდებოდა და მე თითქმის არაფერს ვამბობდი. მე ვუყურებდი, საით მიჰყავდა პაციენტს მთელი შინაგანი დრამა და რისკენ მიდიოდა ეს ყველაფერი.
ერთ დღესაც იგი კაბინეტში შემოვიდა და დრამატულად დააგდო მაგიდაზე აქტიური წარმოსახვის ბოლო ნაწილი. იქ წავიკითხე საშინელი, მაგრამ ამავდროულად საოცარი სიუჟეტური ცვლილებები, რომლებიც მთელი ამ დროის განმავლობაში ვითარდებოდა. კითხვა რომ დავასრულე, მითხრა: "შე იდიოტო! ყველაფერი შენს გასასულელებლად გავაკეთე. არაფერი, რაც მასში წერია, სიმართლე არ არის!"
არაფერი მითქვამს, მაგრამ გავიფიქრე: "პირველად არ უცდიათ ჩემი გასულელება". შემდეგ უბრალოდ ვიჯექი და ველოდებოდი. მე მას ვუყურებდი და არასოდეს დამავიწყდება ცვლილება, რომელიც მის სახეს დაეტყო. ტრიუმფალური გამომეტყველება ნელ-ნელა საშინელებამდე შეიცვალა. თვალებზე ცრემლი მოადგა. მან მითხრა: "ჯანდაბაშიც წასუხლარ! შენ მე მომატყუე, გამაცურე! ეს ყველაფერი სიმართლე იყო, მე კი ეს არ ვიცოდი!".
ალბათ ხედავთ, მაშინაც კი, როდესაც პაციენტს "ყალბი" ისტორიის შეთხზვა და ამით ჩემი გაცურება ჰქონდა გადაწყვეტილი, სინამდვილეში იგი საკუთარი შინაგანი ნაწილების საიდუმლო შიგთავსს აფრქვევდა. იგი ცდილობდა მის გაყალბებას, მაგრამ ხელებში აქტიური წარმოსახვა შერჩა. მან საბოლოოდ განიცადა არაცნობიერის სიმბოლოები და აქტიურმა წარმოსახვამ იგი პირდაპირ შინაგან მესთან მიიყვანა. ეს ადამიანი იგივე აღარასდეს ყოფილა.
როდესაც პაციენტთან აქტიური წარმოსახვის დაწყებას ვცდილობ, ვღებულობ შემდეგ შეკითხვებს: "როგორ შემიძლია ვისაუბრო ვინმესთან, რომელიც მხოლოდ ჩემი ფანტაზიის ნაყოფია?". ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე დარწმუნებული ვარ, რომ თითქმის შეუძლებელია წარმოსახვაში რაიმეს წარმოება, რომელიც ავთენტურად რაღაცას არაცნობიერში არ განასახიერებს. წარმოსახვის მთელი ფუნქცია არაცნობიერის მასალისაგან შედგება, რომელსაც იგი ცნობიერებას გადასცემს. რაც წარმოსახვაში ჩნდება, იგი ნამდვილად ცხოვრობს სადღაც არაცნობიერის ქსელებში.
მაშინაც კი, როდესაც ადამიანი უაზროდ და შეგნებულად ცდილობს რაღაცის გამოგონებას, რაც სულელურად ჟღერს, ასეთ წარმოსახვაშიც კი დევს რაღაც ფარული ნაწილი, რომელიც ინდივიდს ეკუთვნის. წარმოსახვა შეუძლებელია არაფრისგან შეიქმნას; იგი აუცილებლად უნდა მოდიოდეს ადამიანის შიგნიდან, საიდანაც გამოსახულებების წარმოება ხორციელდება.
რეალურ საკითხს არა გამოსახულებათა ავთენტურობა წარმოადგენს, არამედ ის, თუ როგორ ვმოქმედებთ მათთან დაკავშირებით. მათი არასწორად გაგება და მათი ბოროტად გამოყენება ადვილია. მაგრამ, ადამიანთა უმეტესობა არასოდეს მიდის ნამდვილ კითხვამდე, თუ რა უნდა გააკეთოს არაცნობიერიდან გამოცხადებულ გამოსახულებასთან დაკავშირებით. ამის მიზეზი ისაა, რომ ადამიანები მათ ავთენტურობას ეჭვქვეშ აყენებენ.
ერთხელ, ლექციის შემდეგ, ერთმა კაცმა მკითხა: „მაგრამ, საიდან ვიცი, რომ უბრალოდ არ ვესაუბრები ჩემს სუპერ-ეგოს?” ხანდახან ჩვენს სუპერ-ეგოს ვესაუბრებით, ან ფსიქიკის იმ ნაწილს, რომელსაც შეიძლება სუპერ-ეგო ეწოდოს; საქმე იმაშია რომ თქვენ ლაპარაკობთ საკუთარი თავის ნაწილთან - და სწორედ ეს არის ამ ყველაფრის მთავარი ობიექტი.
სხვა პაციენტმა ერთხელ მითხრა: "უბრალოდ ვგრძნობ, თითქოს საკუთარ თავს ველაპარაკები". მე ვუპასუხე: "დიახ. თქვენ ესაუბრებით თქვენი არსების სხვადასხვა ნაწილებს, მთელი აზრიც ამაშია".
თუ გრძნობთ, რომ საკუთარ თავს ელაპარაკებით, შესანიშნავია! თუ გრძნობთ, რომ რაღაცას ფანტაზიორობთ, ესეც კარგია. რასაც შეთხზავთ, იცოდეთ, რომ ისინი არაცნობიერიდან მოდიან. ეს ერთ-ერთ შინაგან პერსონაჟთან საუბარი იქნება. ყველაფერი რაც საჭიროა, საბოლოო ჯამში, არის ის, რომ ჩაწეროთ ის, რასაც თქვენ იტყვით, ჩაწეროთ თქვენი პერსონაჟების საუბარი და ჩაწეროთ ისიც, რასაც ერთად მოიმოქმედებთ. თქვენ მიხვდებით, რომ იგი არაცნობიერის შინაგან სამყაროს საოცრად ზუსტად, უაღრესად გაპრიალებული სარკის მსგავსად ასახავს.