შინაგანი სამუშაო: სიზმრებისა და აქტიური წარმოსახვის გამოყენება პერსონალური განვითარებისათვის

რობერტ ალექს ჯონსონი
5
2

მთარგმნელები: დავით ჯანგველაძე და ვარიკო ესებუა

თავი მერვე - მეორე საფეხური: სიზმარხილვის დინამიკა

მეორე საფეხურზე სიზმრის თითოეულ გამოსახულებას შინაგანი ცხოვრების კონკრეტულ დინამიკასთან დავაკავშირებთ. ჩვენ იმ შინაგანი ნაწილების იდენტიფიცირებას ვსწავლობთ, რომლებიც სიზმრისეულ ზმანებებში გვევლინებიან. 

 ასეთი კავშირის დამყარების მიზეზი ფუნდამენტურია: ჩვენ გვჭირდება გავერკვეთ, რა ხდება ჩვენს შიგნით, რომელიც სიზმრის გამოსახულებებით არის წარმოდგენილი. თუკი სიზმრების კონკრეტულ მოვლენებთან, შეგრძნებებთან ან სხვადასხვა ცხოვრებისეულ დინამიკასთან დაკავშირებას ვერ შევძლებთ, სიზმარს არანაირი მნიშვნელობა არ გააჩნია. 

 ამ საფეხურის შესასრულებლად, ჩვენ ვუბრუნდებით საწყისებს და სიზმრის თითოეულ გამოსახულებას შემდეგ კითხვებს ვუსვამთ: "ჩემი რა ნაწილია ეს?", "მინახავს თუ არა მისი ფუნქციონირება ჩემს ცხოვრებაში, ამ ბოლო ხანებში?", "სად ვხდავ იგივე მიდრეკილებებს ჩემს პიროვნებაში?". ამის შემდეგ, ჩაწერეთ თითოეული მაგალითი რომლის მოფიქრებაც შეგიძლიათ, რასაც თქვენი შინაგანი ნაწილები გამოხატავენ როგორც თქვენს შიგნით, ასევე თქვენს ცხოვრებაშიც.

 შინაგან დინამიკაში ჩვენ ვგულისხმობთ ყველაფერს, რაც თქვენს შიგნით ხდება და ნებისმიერ ენერგეტიკულ სისტემას, რომელიც თქვენში ცხოვრობს და მოქმედებს. ეს შეიძლება იყოს ემოციური მოვლენა, როგორიცაა სიბრაზის მოზღვავება ან შინაგანი კონფლიქტი, როდესაც თქვენში არსებული პიროვნებები საკუთარ თავს თქვენივე შეგრძნებების, დამოკიდებულებებისა და განწყობის მეშვეობით გამოხატავენ. 

 დავუშვათ, რომ ვმუშაობთ სიზმართან, რომელშიც ლურჯმა ფერმა მიიქცია ყურადღება. ასოციაციათა შეგროვების შემდეგ, თუ თქვენ აღმოაჩენთ, რომ ლურჯი ფერი თქვენთვის დეპრესიასთან და ცუდ განწყობასთან ასოცირდება, დაუსვით საკუთარ თავს კითხვა: "რა არის ლურჯი ფერის ხარისხი ჩემში? როდის ვიყავი მკვეთრად ცუდ განწყობაზე?"; შესაძლოა პასუხი მაშინვე მოვიდეს: "მე სამსახურში დეპრესიაში ვიყავი" ან "ამა და ამ დღეს ძალიან ცუდი განწყობა მქონდა". საკუთარ თავთან მოცემული კუთხით კითხვების დასმის გზით თქვენ იწყებთ იმის დანახვას, თუ როგორ უკავშირდება სიზმრის სიმბოლო რეალურ ასპექტს. 

 ხშირად ჩვენ დიდი ხნის განმავლობაში ვერ ვხვდებით, რომ დეპრესიამ შეგვიპყრო. ჩვენ იმდენად დაკავებულნი ვართ გარეგანი საქმეებით, რომ დრო აღარ გვრჩება, რათა ფოკუსირება მოვახდინოთ იმაზე, რაც ჩვენს შიგნით ხდება. სხვა შემთხვევებში, შინაგანად რაღაც ძალიან კარგი სამუშაოს გაკეთება შეგვიძლია - ახალი ძალის აღმოჩენა, ჭრილობის შეხორცება, ქრონიკული შიშისგან განთავისუფლება და ასე შემდეგ. დაუსვით საკუთარ თავს კითხვა: "რა ხდება ჩემს შიგნით, რაზეც კონკრეტული სიზმარი ლაპარაკობს?". შემდეგ ჩვენ ვიღვიძებთ იმ ბილიკებზე, რომლებზეც ჩვენი შინაგანი ცხოვრება გვაყენებს. 

 ჩვენ უნდა ვიპოვოთ კონკრეტული შინაგანი მოვლენა ჩვენი ცხოვრების ღრმა დონეზე. ყოველთვის ვეცადოთ რომ მოვძებნოთ კონკრეტული მაგალითები. ჩვენ ვერ დავასრულებთ მეორე საფეხურს, სანამ ჩვენი ცხოვრებიდან რეალურ მაგალითებს არ ვიპოვით, რომლებიც სიზმრისეულ მოვლენებს შეესაბამებიან. 

 საჭიროა, რომ სიზმრების ჩაწერა და მათი ასოციაციების ჩაწერაც განვაგრძოთ. ქრისტიანებში არსებობდა ძველი ტრადიცია, სადაც ითვლებოდა, რომ არ ლოცულობდი, სანამ ტუჩებს არ ამოძრავებდი. ეს იდეა ფსიქოლოგიურ ჭეშმარიტებას გამოხატავს: რაღაც ფიზიკური და მატერიალური აუცილებლად უნდა მოხდეს. სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ თქვენი მაგალითები ქაღალდზე დაწეროთ. როდესაც ფიზიკურად აფიქსირებთ თქვენსავე მაგალითებს, სიზმართან კავშირი ბევრად ნათელი და გარკვეული ხდება.

 

სიზმრების შინაგანად მიღება

სიზმარხილვასთან მუშაობის მოცემულ ეტაპზე ყოველთვის ჩნდება კითხვა; სიზმარი შინაგან ცხოვრებაზე აკეთებს კომენტარს თუ გარეგნულ სიტუაციაზე? ჩვენ ხანდახან გვაინტერესებს, არის თუ არა სიზმარი შინაგანად მიღებული. 

სიზმრების უმეტესობა სიზმარმხილველის შინაგან სამყაროსთან ასოცირდება და სწორედ იმას ასახავს, რაც პიროვნების შიგნით ხდება; ძირითადად ისინი ჩვენს შიგნით არსებული ძალების ევოლუციაზე, კონფლიქტებზე, ფასეულობებზე და შეხედულებებზე საუბრობენ. ამ გზით, სხვადასხვა არაცნობიერი ძალები ცდილობენ, რომ ცნობიერი ცხოვრებისაკენ საკუთარი გზა იპოვონ. 

 საბოლოო ჯამში, ჩვენი სიზმრების საერთო საგანი არის ინდივიდუაციის შინაგანი პროცესი. სიზმრების უმრავლესობა, ამა თუ იმ გზით ჩვენი ინდივიდუალობის მთლიანობისკენ მოგზაურობას ასახავს. ისინი გვიჩვენებენ ეტაპებსა და საფეხურებს, რომლებიც ამ გზაზე გვხვდება: თავგადასავლებს, დაბრკოლებებს, კონფლიქტებსა და შერიგებებს, რომლებსაც საბოლოოდ თვითობის განცდამდე მივყავართ. ყოველი სიზმარი, გარკვეულწილად აჩვენებს ჩვენი ფსიქიკის ძალისხმევას, რათა ზოგიერთი არაცნობიერი ნაწილის ცნობიერებაში ინტეგრირება მოხდეს; ზოგი სიზმარი აჩვენებს, რომ ხანდახან მათგან რაღაცის სწავლის ნაცვლად, მათ უფრო და უფრო მეტად ვეწინააღმდეგებით. ეს არის მთავარი თემა, რომლის შესახებაც ჩვენი სიზმრები იუწყებიან და სწორედ ისინი უნდა მოვძებნოთ საკუთარ სიზმრებში. 

 თავდაპირველად ბევრ ადამიანს უჭირს შინაგანი სამყაროს შესახებ იმგვარად ფიქრი, რომ იგი ჩვენს შიგნით არსებობს და გარეგანი ცხოვრების პარალელურად მიმდინარეობს. ზოგისთვის ძნელად დასანახია რომ ჩვენი სიზმრისეული ცხოვრება ძირითადად შინაგან სამყაროს ეხება. თანამედროვე კულტურა გვასწავლის გარეგან სამყაროზე ფოკუსირებას, ამიტომ მივდივართ დასკვნამდე, რომ ჩვენი სიზმრები რაღაც გარეგანზე საუბრობენ. ეს არის კოლექტიური ცრურწმენა, რის გამოც ძლიერ ვიტანჯებით: ჩვენ სპონტანურად ვვარაუდობთ, რომ მხოლოდ გარე სამყაროს აქვს რაიმე მნიშვნელობა.

 შინაგანი სამყაროს ნამდვილი მნიშვნელობა უფრო ნათელი ხდება, როდესაც ჩვენ ვიწყებთ იმის გაცნობიერებას, რომ თითქმის ყველაფერი, რასაც ვაკეთებთ, ყველა რეაქცია რომელიც გვაქვს, ყველა გადაწყვეტილება რომელსაც ვიღებთ, ყოველი ურთიერთობა რომელსაც ვაყალიბებთ, საბოლოო ჯამში ჩვენი შინაგანი თვისებებისგან და შინაგანი დინამიკისგან გამომდინარობს. ყველაფერს უზარმაზარი ენერგეტიკული სისტემები აკონტროლებენ, რომლებიც შინაგანი ბიძგების ფონზე განსაზღვრავენ ჩვენს ფიქრებს და ქმედებებს.

 თუკი თქვენს სიზმრებს არაცნობიერის დინამიკის ანარეკლებად აღიქვამთ, დიდი ალბათობით, საქმის არსს ჩასწვდით. როდესაც სიზმრის ინტერპრეტაციას გარეგნულ დონეზე ვცდილობთ, როგორც წესი, ჩვენი შედეგი ზედაპიულია. სწორედ შინაგან დონეზე გაქვთ შესაძლებლობა, ცხოვრებისეული ნიმუშები ყველაზე ღრმად შეცვალოთ. 

 არის რამდენიმე სიზმარი - ისინი ზოგადად იშვიათად ჩნდებიან - რომელსაც გარეგან მოვლენებთან აქვს კავშირი და არაფერი აქვს საერთო სიზმარმხილველის შინაგან სამყაროსთან. 

 მახსოვს პაციენტი, რომელიც ჩემთან მოვიდა სიზმრით, სადაც მისმა მეგობარმა მანქანით გიჟური სისწრაფით ჩაუარა და შენობას შეასკდა. პაციენტს ეშინოდა, რადგან სიზმარი ავტოსაგზაო შემთხვევის წინასწარმეტყველებად მიაჩნდა; ღელავდა, გაეფრთხილებინა თუ არა მეგობარი. მე ვუთხარი, რომ დიდი ალბათობით სიზმარში მისი მეგობრის გამოსახულება  საკუთარ ცხოვრებაში არსებული ინფლაციის განსახიერებისთვის გამოიყენებოდა - ეს იყო გაქცევის, იძულებისა და იძულებითი მოგზაურობის ილუსტრაცია, ან ენთუზიაზმი, რომელიც წყობიდან გამოსულიყო; პაციენტს ისიც ვურჩიე, რომ არ წასულიყო სამგზავროდ ისეთ მეგობრებთან ერთად, რომლებიც მანქანით სწრაფად დადიოდნენ. 

  როგორც აღმოჩნდა, ჩვენი ინტერპრეტაცია სწორი იყო. პაციენტმა ახალი სამსახური დაიწყო, ცოტა ხანში თავი დიდ კაცად იგრძნო და "კარიერულ მოგზაურობაში" თავი დაკარგა. საბედნიეროდ, რადგან სიზმარმა წინასწარ გააფრთხილა ამის შესახებ, მან დაინახა საკუთარი ეგოს ინფლაცია და შეძლო მისი კონტროლის ქვეშ მოყვანა, სანამ ძალიან გვიანი არ იყო. რაც შეეხება მეგობარს, რომელიც სიზმარში დაილეწა, დღესაც გიჟივით მოძრაობს.

 საუკეთესო გამოსავალი, რაც ამ საკითხზე წლობით ჭიდილის შედეგად გამოვიტანე ისაა, რომ სიზმრების გაგება მისი შინაგანი რეალიზების გზით უნდა დაიწყოთ. დაიწყეთ იმის ვარაუდით, რომ თქვენი სიზმარი წარმოადგენს შინაგან დინამიკას და იმუშავეთ მასზე მოცემული საფუძვლის მიხედვით. მოგვიანებით, თუ აღმოჩნდება, რომ სიზმარი გარეგან სიტუაციას ეხება, შეცვალეთ თქვენი ინტერპრეტაცია ამის შესაბამისად. 

 არსებობს კარგი მიზეზები, რის გამოც მოცემული მიდგომა სწორია; პირველ რიგში, ეს არის მარტივი ფაქტი, რომლის მიხედვითაც სიზმრების უმეტესობა რაღაცას შინაგან ასპექტში ეხება და არა გარეგანში. ყველა თვალსაზრისით, უფრო აზრიანია ამ ვარაუდით დაწყება, წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენ შეიძლება გამოტოვოთ თქვენი სიზმრის მთავარი სათქმელი. 

 მეორეც, ჩვენ უნდა ავინაზღაუროთ ჩვენი კოლექტიური ცრურწმენა გარეგნულ მოვლენებთან დაკავშირებით. ერთადერთი, რისი გაკეთებაც შეგვიძლია, არის ძალისხმევის მიმართვა და დისციპლინირებული გზა, სიზმრის შინაგანი მნიშვნელობის ძიებისათვის. როგორც კი სიზმრის გარეგნულ ასპექტში ინტერპრეტაციას ვცდილობთ, ჩვენ ვიკარგებით სპეკულაციებში ადამიანებისა და სიტუაციების შესახებ. ჩვენ ვერასოდეს დავუბრუნდებით სიზმრის რეალური სათქმელის შესწავლას; ესაა შინაგანი მდგომარეობა, რომელიც გარეგან მდგომარეობას ქმნის. 

 მაშინაც კი, როდესაც ჩვენი სიზმრები პირდაპირ აკეთებენ ფიქსაციას გარეგან სიტუაციებზე, შეიძლება ჩათვალოთ, რომ ამ შემთხვევაშიც შინაგანი დინამიკაა ჩართული. ადამიანებთან ურთიერთობისას ან სხვადასხვა სიტუაციებში მოქმედებისას, თქვენზე გავლენას ახდენს რაღაც ფანტაზია, რომელმაც შეგიპყროთ, რაღაც შინაგანი დამოკიდებულება, რომელიც თქვენზე დომინირებს ან რაღაც რწმენა და იდეალი, რომელიც თქვენში არსებობს. 

 უშედეგოა დროის დაკარგვა გარეგანი სიტუაციების გასაგებად, თუ თქვენ ასევე არ განსაზღვრავთ თქვენს შიგნით არსებულ ფსიქოლოგიურ შაბლონებს, რომლებიც გავლენას ახდენენ მასზე. სწორედ ამ შაბლონებზეა მიმართული თქვენი სიზმრები. 

 მიუხედავად ამისა, ადამიანები ხშირად იბნევიან ამ საკითხში, რადგან არაცნობიერს გააჩნია მიდრეკილება, ისესხოს გამოსახულებები გარეგანი სიტუაციიდან და გამოიყენოს იგი სიზმარმხილველის შინაგან სამყროში კონკრეტული დინამიკის სიმბოლირებისთვის. თქვენმა სიზმარმა შეიძლება ისესხოს თქვენი მეზობლის, მეუღლის ან მშობელის გამოსახულება და გამოიყენოს იგი თქვენს შიგნით რაღაცის გამოხატვისთვის.

 საილუსტრაციოდ, დავუშვათ, რომ მამაკაცი უკიდურესად მიკერძოებული და ცალმხრივია. ერთ საღამოს მას ესიზმრება საკუთარი ცოლის გამოსახულება, რომელიც მასთან არგუმენტირებულად მსჯელობს და მისთვის ზოგიერთი დამოკიდებულების დამტკიცებას ცდილობს. სიზმარმხილველის ცოლი გონებაგახსნილი და მოქნილი გონების მქონე  ადამიანია ცნობისმოყვარე ინტელექტით, რომელიც სხვა ადამიანების შეხედულებებით არის დაინტერესებული. ამ შემთხვევაში სიზმარი ალბათ იყენებს ცოლის იმიჯს, რათა მძინარეს უთხრას, რომ იგი ნაკლებად მიკერძოებული უნდა იყოს, ამასთანავე ნაკლებად თავდაცვითიც და უფრო უნდა გაიხსნას ახალი იდეების მიმართ. ამის უნარს მისი შინაგანი ქალური მხარე ავლენს, ამიტომ, სიზმარმხილველის არაცნობიერი ირჩევს ცოლის იმიჯს, ქალური მხარის წარმოსაჩენად. მეუღლის სიმბოლურად გამოყენებისას სიზმარი ცდილობს გააღვიძოს ასეთი შესაძლებლობა საკუთარ თავში.

 ბუნებრივი რეაქციაა ვიფიქროთ: "რახან სიზმარში ჩემი ცოლი გამოჩნდა, ესეიგი მასთან რაღაც საკითხზე სერიოზული საუბარი მომიწევს". ეს არის ბუნებრივი დასკვნა, მაგრამ პრაქტიკაში, ასე არ ხდება ხოლმე. სიზმარი სავარაუდოდ სიზმარმხილველის შიგნით წარმოქმნილი კონფლიქტის ილუსტრაციას ახდენს, რასაც მცირე საქმე აქვს სიზმარმხილველის მეუღლესთან.

 ამ სიტუაციაში მამაკაცს რამდენიმე საკითხი აქვს გასაგები: პირველ რიგში მან უნდა დაინახოს, რომ მას ჰყავს შინაგანი ცოლი, რომელიც განსხვავდება გარეგანი ცოლისგან და ცხოვრობს შინაგან სამყაროში, რადგან მისი ნაწილია. შემდეგ მან უნდა შეწყვიტოს დადანაშაულება და ცრურწმენა ფიზიკური ცოლის მიმართ, კონფლიქტის წარმოქმნის გამო; და ბოლოს, მამაკაცს სჭირდება თავისი შინაგანი ცოლის, მისი შინაგანი ქალურობის სერიოზულად მიღება. მან უნდა შეეცადოს და გაიგოს, თუ რა ნაწილს განასახიერებს იგი და რის თქმას ცდილობს შინაგანი ცოლი სიზმარმხილველისათვის. 

 ეს არის ალბათ ერთადერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პრინციპი სიზმრებთან მუშაობაში; ესაა ფაქტორი რომელიც განსაზღვრავს, იპოვით თუ არა სიბრძნეს თქვენს სიზმრებში. უნდა ვაღიაროთ, რომ სიზმრები სიმბოლიზმის რთული გობელენები არიან და თითოეული გამოსახულება წარმოადგენს რაღაცას, რაც საკუთარ თავში ხდება. 

 ზოგჯერ გამოსახულების პირდაპირი მნიშვნელობით გაგების სურვილი ჭარბობს, განსაკუთრებით მაშინ, თუ რეალურ კონფლიქტში ხართ იმ ადამიანთან, რომელიც თქვენს სიზმარში ჩნდება. ჩვენ გვსურს სიზმარი სხვა ადამიანის დადანაშაულების საბაბად გამოვიყენოთ ან საკუთარ თავზე დიდი წარმოდგენა შეგვექმნას, თითქოს რამდენად მართლები ვართ. მაგრამ, თუ ამ ცდუნებას წინააღმდეგობას გავუწევთ და სამაგიეროდ სიზმრისეული სიმბოლოს ხარისხს ვიპოვით, ჩვენ საკუთარ თავზე საოცარ რაღაცებს ვისწავლით, რისი დანახვაც სხვაგვარად არასდროს არსად შეგვეძლო.

 

გამოსახულებების დაკავშირება კონკრეტულ მახასიათებლებთან

ალბათ ყველაზე დაუყოვნებელი და პრაქტიკული გზა კონკრეტულ გამოსახულებასთან საკუთარი თავის დასაკავშირებლად  არის შეკითხვა, თუ რა საერთო თვისებები გაქვთ მოცემულ გამოსახულებასთან: რა არის სიზმარში მყოფი ადამიანის ძირითადი მახასიათებელი? როგორ აღწერდით მის ხასიათსა და პიროვნებას? სად პოულობთ ასეთ თვისებებს თქვენში?

 თუკი სიზმარში გაბრაზებული ადამიანის გამოსახულებას ხედავთ, სად იპოვით სიბრაზის თვისებას თქვენში? თუ გამოსახულება ბედნიერია, სად პოულობთ საკუთარ თავში იგივე თვისებას? 

 ჩვენ ყველას გვაქვს ფუნდამენტური მახასიათებლების ნაკრები, საიდანაც შინაგანი პიროვნებების ყველა სხვა მახასიათებელი გამომდინარეობს; ეს საფუძვლები მოიცავს ჩვენს გრძნობებს, რწმენის სისტემებს, დამოკიდებულებებს, ქცევის ნიმუშებსა და ღირებულებებს, რომლებსაც ვიცავთ. ჩვენს სიზმრებში თითოეული ასეთი თვისება ვლინდება და ძებნის  შემთხვევაში მათი ამოცნობა შესაძლებელია. 

 ყოველი სიზმარი სიზმარმხილველის პორტრეტია. იფიქრეთ თქვენს სიზმრებზე, როგორც შინაგან სარკეზე, რომელიც თქვენი პიროვნების ისეთ ასპექტებს განახებთ, რაც თქვენ ბოლომდე არ იცით. როგორც კი ამას გავიგებთ, შეგვიძლია დავინახოთ, რომ ჩვენს სიზმრებში გამოჩენილი ყოველი თვისება სადღაც ჩვენს შიგნით უნდა არსებობდეს; მიუხედავად ყველა ქმედებისა და მახასიათებლისა, სიზმრისეული თვისებები გარკვეულწილად სიზმარმხილველს ეხება. 

 ამით არ ვგულისხმობ, რომ სიზმარში ნაჩვენები თვისება ან ქცევა ისევე ზუსტად შეესაბამება სიზმარმხილველს, როგორც ეს სიზმარშია გამოსახული. სიზმრები ხშირად საუბრობენ უკიდურესობებში; ისინი ცდილობენ აანაზღაურონ ჩვენი ცნობიერების ნაკლებობის ხარისხი მისი ექსტრემალური, დრამატული გამოსახულებების გამოხატვის შედეგად. 

 მაგალითად, თუ სიზმარში ქურდს ხედავთ, ეს არ ნიშნავს რომ მაინცდამაინც ქურდი ხართ. სიზმარი ქურდის გამოსახულებას თქვენი ყურადღების მისაზიდად და იმის სათქმელად იყენებს, რომ თქვენ უნდა გამოაღვიძოთ რაღაც თქვენს შიგნით; შეიძლება საკუთარი თავის მიმართ ბოლო ხანებში არაკეთილსინდისიერი იყავით; თუ ეს ასეა, თქვენ უნდა გააცნობიეროთ მოცემული ფაქტი და შესაბამისად გაუმკლავდეთ მას. ქურდის გამოსახულება შეიძლება იმასაც ნიშნავდეს, რომ თქვენ დათრგუნეთ რაღაც კარგი თვისება საკუთარ თავში; გადატანითი მნიშვნელობით, იგი "ჩაკეტეთ" და ახლა მისი საკუთარ ცხოვრებაში დაბრუნების ერთადერთი გზა ისაა, რომ შეიჭრათ მასში, როგოც მძარცველი. 

 იმის გამო, რომ ჩვენ ხშირად ვთრგუნავთ საკუთარი თავის საუკეთესო ნაწილებს და მათზე "უარყოფითი" თვისებების სახით ვფიქრობთ, საკუთარი თავის ზოგიერთ უმდიდრეს ნაწილს - თავად ღმერთის ხმასაც კი - ჩვენს ცხოვრებამდე მოღწევა ჩვენივე დროის "მოპარვით" და ნევროზული სიმპტომების გამოწვევით შეუძლია, სადაც ჩვენი ცხოვრების დაუცველ ადგილებში ვცურავთ. 

 "დროზე და ვადებზე საჭირო არ არის რაიმე მოგწეროთ ძმებო, რადგან თქვენ თვითონაც ზუსტად იცით, რომ უფლის დღე ღამით ქურდივით მოვა". (მოციქულ პავლეს პირველი წერილი თესალონიკელთა მიმართ 5:1-2). 

 ჩვენი ეგო სამყაროს პოზიტიურ და ნეგატიურ, კარგ და ცუდ ასპექტებად ჰყოფს. ჩვენი ჩრდილოვანი ასპექტების უმეტესობა, რომელთაც ჩვენ "ნეგატიურებად" ვთვლით, ღირებულ სიძლიერედ იქცევა, თუ ჩვენ მათ ცნობიერებაში ინტეგრირების საშუალებას მივცემთ. ჩვენი ნეგატიური ასპექტის უზნეო, ბარბაროსული ან უხერხული მახასიათებლების მიღმა ღირებული ენერგიები და შესაძლებლობები იმალება, რომელთა გამოყენებაც სავსებით შეგვიძლია. თქვენ ვერასდროს იპოვით არაცნობიერში ერთ ნამცეცსაც, რომელიც ცნობიერად და სწორ დონეზე გამოყენების შედეგად სასარგებლო და კარგი არ იქნება. 

 რა ნაწილი იმალება ქურდის სიმბოლოს მიღმა? ალბათ ცოცხალი მატყუარა, რომელიც გასაოცარი ნიჭით არის დაჯილდოებული. ალბათ ეს თქვენში არსებული არასრულწლოვანი დამნაშავეა, რომელსაც არასოდეს მისცემია საშუალება რათა გაზრდილიყო და თავისი გმირული მოწოდებები რაიმე სასარგებლოსა და ღირებულის სამსახურში დაეყენებინა. ალბათ ეს ქურდი დიონისეა, რომელიც არაცნობიერში დაიმალა, რადგან თქვენი მიზანდასახული ცხოვრების შუაგულში არ გაქვთ ადგილი დიონისესთვის ბუნებრივი ექსტაზური და ლირიკული სულის გამოვლინებისათვის. 

 მხოლოდ თქვენ შეგიძლიათ თქვათ, თქვენი რა ნაწილია სიზმრისეულ გამოსახულებაში წარმოჩენილი, რადგან სწორედ თქვნივე არაცნობიერი ფლობს ასეთ მინიშნებებს. შეგიძლიათ დარწმუნებული იყოთ, რომ თუ სიზმრის სათქმელს მოისმენთ, იგი გამოვლინდება, როგორც თქვენი შინაგანი მე-ს ღირებული ნაწილი.

 საინტერესოა, რომ ადამიანები ჩვეულებრივ უფრო ხშირად ეწინააღმდეგებიან საკუთარ კარგ თვისებებს, ვიდრე ისინი ეწინააღმდეგებიან უარყოფით თვისებებს. შეიძლება სიზმარში პერსონაჟი ძალიან კეთილშობილურად და გაბედულად იქცევა; ვინაიდან შინაგანი ადამიანი თქვენივე ნაწილია, მისი თვისებებიც ასევე თქვენ გეკუთვნით. სანამ პირისპირ შეხვდებით თქვენს უარყოფით და გაუცნობიერებელ თვისებებს, პარალელურად თქვენ ასევე გაქვთ მოვალეობა აღიაროთ საკუთარ თავში შესანიშნავი თვისებები და იცხოვროთ მათი გაცნობიერებით.

 

რწმენის სისტემების, დამოკიდებულებებისა და ღირებულებების შესწავლა

ჩვენი სიზმრები მუდმივად გვესაუბრება რწმენა-დამოკიდებულებებზე, რომლებიც გაგვაჩნია. ისინი გადამწყვეტ მნიშვნელობას ატარებენ, რადგან სწორედ რწმენა-დამოკიდებულებები განსაზღვრავს რას ვაკეთებთ, როგორ ვურთიერთობთ ადამიანებთან და როგორ ვრეაგირებთ უმეტეს სიტუაციებზე. უმრავლესობამ არ იცის, რამდენად კონტროლირებადნი არიან საკუთარი დამკიდებულებების გამო და რამდენად არაცნობიერია ჩვენი ღირებულებების სისტემები. 

 წინასწარ არავინ წყვეტს რა რწმენითა და დამოკიდებულებით დაიწყებს შესწავლას. ყოველი ჩვენგანი სამყაროს მიმართ დამოკიდებულებას ადრეული ასაკიდან, ოჯახის და საზოგადოების კარნახის მეშვეობით ღებულობს. ზოგადად, ჩვენ არ ვიცით და ხშირად ვერც კი ვამჩნევთ, რომ ასეთი დამოკიდებულებები გვაქვს. როდესაც საკუთარ ღირებულბებსა და რწმენას ვაცნობიერებთ, მიგვაჩნია, რომ ისინი სავსებით მართლები არიან; ჩვენ იშვიათად შეგვაქვს ეჭვი საკუთარ შეხედულებებში. 

 გარკვეულ მომენტში ჩვენი სიზმრები იწყებენ ასეთი დამოკიდებულებების გამოწვევას და აღნიშვნას, რადგან შინაგანი ზრდის პროცესი იმ ყველაფრის შეგნებულად შესწავლას მოითხოვს, რაც მოტივაციას გვაძლევს.  თუ თქვენ გადახედავთ ირგვლივ მცურავ რწმენის სისტემებს თქვენსავე სიზმრებში, შედეგად შეგიძლიათ იპოვოთ ძალაუფლებით შეშლილი დიქტატორი, დიდი გენერალი, წმინდანი ან ბრძენი, რომელიც თქვენს შიგნით ცხოვრობს და დამოკიდებულებების სრული კომპლექტი გააჩნია. როდესაც მსგავსი გამოსახულება გამოჩნდება, უნდა იკითხოთ: "რწმენის რა ნაკრები, რა მოსაზრებები იკვეთება მოცემულ პესონაჟში? ნუთუ გაუცნობიერებლად იგივე დამოკიდებულებას მეც ვიზიარებ?"

 ნაპოლეონი რწმენა-დამოკიდებულების კონკრეტულ თვალსაზრისს ემხრობოდა. განდი ნაპოლეონისგან რადიკალურად განსხვავებული დამოკიდებულებებით ცხოვრობდა; შესაძლებელია, ორივე მათგანი თქვენში არსებობს. 

 ლიბერალურ ახალგაზრდას, რომელსაც სჯეროდა, რომ მას არ ჰქონდა ინტერესი ამქვეყნიური ძალაუფლების მიმართ, არამედ მხოლოდ ღარიბების სამსახურში ყოფნა უნდოდა, ესიზმრა სიზმარი იმავე დღეს, როდესაც პროფესიული ლიცენზია მიიღო. 

 სიზმარი: 

 "როდესაც გასაუბრების ადგილას მივედი აღმოჩნდა, რომ მეორადი ავტომობილების სადგომთან ვიყავი. ტროტუარზე ვდგავარ. უცებ რიჩარდ ნიქსონი მიახლოვდება. ისე გამოიყურება, თითქოს გამყიდველია. ზურგზე ხელს მიტყაპუნებს და მეუბნება: კარგი! კარგი! ვნახოთ ახალგაზრდული ენთუზიაზმი! თუ აპირებ რომ ნამდვილი პროფესიონალი გახდე, ადამიანებით მანიპულირების ძირითადი ხრიკები უნდა ისწავლო. პოზიტიურად ფიქრი ისწავლე. წადი და გაყიდე შენი თავი. ეს არის წარმატების გზა."

 სიზმარმხილველისთვის ეს სიზმარი უკიდურესად სარკასტულია; ხშირად სიზმრები სწორედ ასეთები არიან. თავის ცნობიერ დამოკიდებულებებში ჩვენს გმირს არ მოსწონდა პოლიტიკოსები და ადამიანები, რომლებიც "მქვეყნიურ ძალაუფლებას" იყენებდნენ. მაგრამ აი, სიზმარში აღმოჩნდა, რომ მას არა მხოლოდ ფარული ძალაუფლების მისწრაფება ჰქონდა, არამედ მთელი რწმენის სისტემაც გააჩნდა, რომელიც შიგნით, ფარულად ცხოვრობდა. 

 სულაც არაა საიდუმლო, რისი თქმა სურს ამ სიზმარს. ფიგურა სავარაუდოდ განასახიერებდა იმ დამოკიდებულებებს, რომელიც სიზმარმხილველს არ მოსწონდა და მის მიმართ ილაშქრებდა. ასეთი სიზმრები საზიზღარი და უხერხულია, მაგრამ უსაზღვროდ ღირებულია სიზმარმხილველისთვის. სუფთა ოქრო ღირს იმის გასაგებად, თუ რას აკეთებთ სინამდვილეში თქვენს აღიარებული იდეალებთან დაკავშირებით. სიზმარი საშუალებას გვაძლევს მივიღოთ ცნობიერი და ეთიკური გადაწყვეტილება - მივიღოთ სიზმარში არსებული დამოკიდებულებები ან უარვყოთ ისინი; საუკეთესო ვარიანტში შესაძლებელია მოახდინოთ ინტელექტუალური სინთეზი.

  პრაქტიკაში, საბოლოო პასუხს არც თქვენი ეგოს ცნობიერი დამოკიდებულება განსაზღვრავს და არც თქვენი შინაგანი მე-ს არაცნობიერი დამოკიდებულება. დამოკიდებულება, რომელიც თქვენს პერსონაჟს შეესაბამება, სადღაც შუაშია. სინამდვილეში, თუ თქვენი არაცნობიერის დამოკიდებულება გადაჭარბებულია, ეს ჩვეულებრივ ნიშნავს, რომ არაცნობიერი ანაზღაურებს თანაბრად გაუწონასწორებელ და გაზვიადებული პოზიციას, რომელც თქენს ეგოს გააჩნია. 

 ეს არის ერთ-ერთი გზა, რომლის საშუალებითაც შეგიძლიათ გაიგოთ, როდის დაიკავა თქვენმა ეგომ უკიდურესი, ცენტრიდან მოშორებული პოზიცია, რომელიც არ შეესაბამება თქვენს რეალურ ხასიათს: თქვენ არაცნობიერში აღმოაჩენთ გადაჭარბებულ პოზიციას, რომელიც ეგოს შეხედულებას ანაზღაურებს. არაცნობიერი დამოკიდებულება ყოველთვის ზუსტად ისეთივე პოზიციაში იმყოფება ცენტრთან მიმართებაში, რომელშიც ეგო. რაც უფრო ზომიერი ხდება ეგოს დამოკიდებულება, მით უფრო მეტ რელაქსაციას განიცდის არაცნობიერი ცენტრის მიმართ. 

 უკანასკნელი სიზმრის შემთხვევაში, სიზმარმხილველი დიდებულ იდეალიზმში იკარგებოდა. იგი არ ფიქრობდა რაიმე პრაქტიკულზე ან იმაზე, თუ როგორ გამოიმუშავებდა საცხოვრებელ თანხას. არაცნობიერმა კომპენსატორული დამოკიდებულების წარმოქმნით, რეაგირება მძვინვარე მატერიალიზმის სახით მოახდინა. 

 სიზმრები ასევე საუბრობენ ჩვენს ღირებულებებზე და გრძნობებზე იმის შესახებ, თუ რა არის კარგი, სასურველი, ლამაზი, ჭეშმარიტი, მორალური ან საპატიო. საბოლოო ჯამში ჩვენი ღირებულებები ხარისხობრივ თვისებებს წარმოადგენენ, რომლებსაც ყველაზე მეტად ვეძებთ ცხოვრებაში; ისინი ჩვენს ცხოვრებას მნიშვნელობას აძლევენ. ჩვენი ღირებულებები გამოხატავს იმას, რაც ჩვენთვის უმაღლესი და ყველაზე მნიშვნელოვანია.

 ჩვენ ყველას გვაქვს ბევრი ფასეულობათა სისტემა, რომლებიც ჩვენში თანაარსებობენ და ყოველი მათგანი გარკვეულწილად ერთმანეთთან კონფლიქტში იმყოფება. ჩემი ეგო შეიძლება გრძნობდეს, რომ მარტო მუშაობა საუკეთესოა შემოქმედებისათვის, ხოლო დროის კარგვა ამორალურია. მაგრამ, ჩემს სხვა ნაწილს ღირებულებათა სხვა ნაკრები აქვს; ერთ მათგანს სურს წვეულებაზე წასვლა და ტროპიკულ კუნძულზე მოგზაურობა. ჩემი ეგო შეიძლება უპირველეს ყოვლისა აფასებდეს ეკონომიურობას და პრაქტიკულობას, მაგრამ ჩემი მეორე ნაწილი გრძნობს, რომ უბრალოდ ვერ მოვისვენებ, სანამ ძვირადღირებული კოსტუმი ან მდიდრული მანქანა არ მეყოლება. ამის შესხებ ძალიან ძლიერი გზით შემატყობინა ერთმა უმნიშვნელო შესახედაობის მქონე სიზმარმა, რომელიც წლების წინ, ფსიქოლოგიის დარგში პროფესიული საქმიანობის დაწყებისას ვნახე.

 სიზმარი:

 "გასაყიდი ავტომატიდან გაზეთის ეგზემპლარს ვიპარავ. უეცრად მეღვიძება შეგრძნებით, რომ შეშფოთებული ვარ ჩადენილი საქციელის გამო და თავს დამნაშავედ ვგრძნობ". 

 ეს იყო სიტუაცია, როდესაც ჩემი ეგო გარკვეულ ღირებულებებს იცავდა, მაგრამ მე შემდეგ აღმოვაჩინე, რომ სადღაც ჩემში სხვა ღირებულების სისტემაც არსებობდა. სიზმარმა სახეში მესროლა ბრალდება: "ქურდი ხარ! შენს ნაწილს რაღაცის მოპარვა სურს!" 

 რისი გაკეთება შემეძლო ამასთან დაკავშირებით? სიზმარში თავს განადგურებულად და დამნაშავედ ვგრძნობდი. ვცდილბდი გამეგო, ჩემს ცხოვრებაში სად ვახორციელებდი არაცნობიერად მოპარვის აქტს. საბოლოოდ გადავწყვიტე, რომ სიზმარში სხვა დეტალებს უფრო დეტალურად დავკვირვებოდი. რას უნდა ნიშნავდეს გაზეთი? 

 დავიწყე ფიქრი, რას უნდა განასახიერებდეს გაზეთი ამ სიზმარში? მალე დავასკვენი, რომ ჩემთვის გაზეთი განასახიერებს კოლექტიური სისულელეების, კოლექტიური მოსაზრებების, ჭორებისა და სკანდალების ნაკრებს, რომელიც მოწოდებულია, როგორც რაღაც სიახლე და პროპაგანდა. დავინახე, რომ სიზმარში ძალიან დაბალი ხარისხის "ნივთს" ვიპარავდი; ყოველ შემთხვევაში, ჩემი არაცნობიერის გადმოსახედიდან ეს "ნივთი" დაბალი ხარისხის იყო; სიზმარმა ისევე გააპროტესტა ის, რასაც ვიპარავდი, როგორც თავად მოპარვის აქტი, 

 ბოლოს და ბოლოს, მე დავამყარე კავშირი: იმ დროს მე მხოლოდ ვიწყებდი ჩემს კარიერას და საკუთარ თავში ძალიან დაურწმუნებელი ვიყავი. მე შეშინებული ვუყურებდი ავტორიტეტულ ფიგურებს და ვცდილობდი, რომ ყველა ჯგუფსა და მიმდინარეობას მოვრგებოდი, რასაც შეეძლო მოეცა რაღაცის კუთვნილების შეგრძნება. მოვუსმინე კოლექტიურ მოსაზრებებს, კოლექტიურ სისულელეებს, მათ გარშემო არსებულ ჭორებს და თავადაც დავიწყე მათი გამეორება. ამ შეხედულებებს ისეთნაირად ვიმეორებდი, თითქოს ისინი ჩემს ინფორმაციას, ჩემს დასკვნებს და ჩემს შეხედულებებს წარმოადგენდნენ.

 მე "ვიპარავდი" კოლექტიური სისუელეების ნაკრებს, თითქოს ისინი მე მეკუთვნოდნენ. მე არ ვიხდიდი ფასს საკუთარი იდეების ქონის წინაშე და ვერც კი ბედავდი საკუთარ თავზე მეფიქრა, რადგან სასოწარკვეთილად მინდოდა რაღაცის კუთვნილება ვყფილიყავი. ამ გაგებით, მე "ვიპარავდი" უამრავ უსარგებლ საგანს, რომელიც საერთოდ არაფრად ღირდა. 

 ეს არ არის რაიმე სახის უჩვეული ქურდობის აქტი: ადამიანთა უმეტესობა სწორედ ასე იქცევა, როდესაც მათ კონკრეტულ დაჯგუფებაში ან გაერთიანებაში მოხვედრის სურვილი უჩნდებათ. მაგრამ, ჩემმა არაცნობიერმა ასეთი ქმედება გააპროტესტა და გამოიყენა სიზმრის მოცემული სიმბოლიკა, რათა ჩემთვის ცივი წყალი შეესხა. ფსიქოლოგიურად, მან მე გამომაღვიძა.  

 მოცემული სიზმარი კარგი მაგალითია იმის საჩვენებლად, რომ სიზმრის გასაგებად თითოეული საფეხურის საფუძვლიანად გავლა აუცილებელია. ჩვენ უნდა ვიმუშაოთ ყველა გამოსახულებასთან და არ უნდა გამოგვრჩეს არც ერთი დეტალი, რადგან არ ვიცით, რომელმა დეტალმა შეიძლება მოგვაწოდოს გასაღები, რომელშიც სიზმრის ღრმა მნიშვნელობა იხსნება. მთელი კვირა გავატარე ამ პატარა სიზმართან ჭიდილში, სანამ საკმარისად არ დავრწმუნდი, თუ რა მნიშვნელობა ჰქონდა ჩემთვის გაზეთის სიმბოლიკას. 

 ქცევის შაბლონები განასახიერებენ ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან პიროვნულ თვისებებს, რომლებიც ჩვენს სიზმრებში ჩნდებიან. ჩვენი ქცევა, ისევე როგორც ჩვენი ღირებულებები, შიგნიდან მოდის. დროის უმეტესი ნაწილის განმავლობაში ჩვენ არ ვიცით რას ვაკეთებთ ან რატომ ვაკეთებთ ამას. ჩვენი საქციელი წარმოიქმნება იმ ღირებულებებითა და რწმენა-დამოკიდებულებებით, რომელთაც ვემსახურებით. ერთ-ერთი საუკეთესო საშუალება ღირებულებებისა და დამოკიდებულებების აღმოსაჩენად, არის საკუთარ ქცევაზე დაკვირვება. 

 მაგალითად, შეიძლება ფიქრობთ, რომ გჯერათ ფულის დაზოგვის. მაგრამ, რეალურ გამოცდილებაში, თუ მთელ ხელფასს ხარჯავთ და ცენტსაც კი არასოდეს ზოგავთ, ეს ავლენს სრულიად განსხვავებულ რწმენის კომპლექტს, რომელიც თქვენ გაკონტროლებთ და იგი განსხვავებული ღირებულებების სისტემისაგან შედგება. 

 სიზმრები ჩვენი არაცნობიერი ქცევის ნიმუშების მშვენიერი რეპორტიორია. თუ მე მიდრეკილი ვარ ვიყო აზრიანი და მებრძოლი, ჩემს სიზმრებში აუცილებლად გამოჩნდება მებრძოლი ფიგურა რომელსაც დავინახავ ან თავად ვიქნები მეომარი სიზმარში. ჩემი სიზმრები მაძლევს წარმოდგენას, თუ როგორ ვექცევი სხვა ადამიანებს. თუ გამუდმებით ვეუბნები ყველას თანხმობას, როცა საჭიროა რომ ვთქვა უარი, ჩემმა სიზმრებმა შეიძლება მიჩვენოს ვინმე, ვინც ამას აკეთებს. არეულობას, რომელშიც სიზმრისეული ფიგურა მოხვდება, საოცარი მსგავსება ექნება იმ სიტუაციებთან, რომლებშიც რეგულარულად ვპოულობ საკუთარ თავს. 

 ასე რომ, როდესაც სიზმარში ქცევის ნიმუშს დაინახავთ, გულმოდგინედ მოძებნეთ იგი თქვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში. როდესაც მას იპოვით, ქცევის ნიმუშის უკან არსებულ დამოკიდებულებასაც იპოვით.

 

 შინაგანი პიროვნებების აღმოჩენა

 საკუთარი არსების შინაგან ნაწილებთან დასაკავშირებლად კარგ მეთოდს წარმოადგენს თითოულ სიზმრისეულ პერსონაჟზე ფიქრი, რომ იგი თქვენში მცხოვრები რეალური პიროვნებაა. იფიქრეთ თქვენი სიზმრის თითოეულ ადამიანზე, როგორც ერთ-ერთ ავტონომიურ პიროვნებაზე, რომელიც თქვენი ფსიქიკის შიგნით არსებობს და გაერთიანებისკენ ისწრაფვის, რისგანაც თქვენი ტოტალური თვითობა შედგება. 

 შემდეგ ჩნდება კითხვა: „სად ვნახე ეს ადამიანი ამ ბოლო ხანებში ჩემი ცხოვრების სამსახურში? ჩემი რა ნაწილია რომელიც ასე ფიქრობს, გრძნობს და იქცევა?"

 თუ სიზმრისეული ფიგურა სიზმარში კონფლიქტს წარმოშობს, მაშინ შეეცადეთ იპოვოთ თქვენი შინაგანი ნაწილი, რომელიც კონფლიქტში იმყოფება. თუ სიზმრის ფიგურა სიყვარულსა და მეგობრობას ეძებს, მოძებნეთ თქვენში ის ნაწილი, რომელიც ასეთ ღირებულებებს დაეძებს. 

 როდესაც სიზმარში კონკრეტულ პიროვნებას უყურებთ, უნდა იცოდეთ, რომ იგი თქვენივე პიროვნების ერთ-ერთი ძირითადი სტრუქტურის გამოვლინებაა; ესაა ერთ-ერთი ენერგეტიკული სისტემა, რომელიც მთლიანობაში ფსიქიკას ქმნის. სიზმრისეული ფიგურა შეიძლება ზუსტად ერგებოდეს ჩრდილის ან ანიმა/ანიმუსის აღწერილობას. 

 თუ მამაკაცი აღმოაჩენს, რომ სიზმარში ანიმა გამოჩნდა, მისი ინტერპრეტაცია ამით არ სრულდება. მან უნდა მოძებნოს, კონკრეტულად ცხოვრების რომელ ასპექტში არის აქტიური მისი ანიმა. მამაკაცმა უნდა მოძებნოს შეგრძნებები, რომლებიც განიცადა, ფანტაზიის ნაკადი, რომელმაც შეიპყრო და განწყობა, რომელიც განიცადა შინაგან სამყაროსთან შეხვედრისას - როგორიც არ უნდა იყოს იგი, სწორედ ეს გვიჩვენებს სიზუსტით, თუ რა ასოცირდება მამაკაცისთვის სულის ფემინურ ასპექტთან.

 ნაჩქარევი დასკვნების გამოტანა შეცდომა იქნება; ჩვენ არ უნდა დავარქვათ სიზმრისეულ ფიგურას ანიმა ან ჩრდილი, სანამ დარწმუნებულები არ ვიქნებით, რომ ისინი ამ ტერმინებს ნამდვილად შეესაბამებიან. ყველა სიზმარში დანახული ფიგურა რომელიმე არქეტიპს შესაძლოა კარგად ერგება, მაგრამ არსებობს სხვა მრავალი, რომელსაც იგი არ ერგება. ისინი უბრალოდ სიზმრისეული პიროვნებები არიან. ამ შემთხვევაში, ნუ აიძულებთ სიზმრისეულ ფიგურებს, რომ ხელოვნურ ყალიბებს მოერგონ. დაე იყვნენ ისეთები, როგორებიც არიან. 

 იმისათვის, რომ სიზმრისეული პიროვნება საკუთარ თავში იპოვოთ, საწყის ეტაპზე კარგი იქნება აღწერილობის გაკეთება. დაწერეთ, როგორი ადამიანია იგი თქვენი აზრით, რა პიროვნულ მახასიათებლებს ფლობს იგი და რას ნიშნავს ეს ადამიანი თქვენთვის. სწორედ ამის შემდეგ შეგიძლიათ მოძებნოთ თქვენი პიროვნების ის ნაწილი, რომელიც მოცემულ აღწერას შეესაბამება. 

 თუ სიზმრისეული პიროვნება შეუწყნარებელი და მორალისტია, მოძებნეთ, თქვენი რა ნაწილი ავლენს ამ თვისებებს. იქ იპოვით თქვენი სიზმრის ფიგურას, რომელიც თქვენში და თქვენი მეშვეობით ცხოვრობს. 

 ხშირად თქვენი სიზმარი ადამიანის სახელსაც ახსენებს. თუ ასე არ ხდება, შეგიძლიათ მოიფიქროთ ისეთი სახელი, რომელიც თქვენი აზრით პერსონაჟის ხასიათს ესადაგება. ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ აღწერილობითი სახელი. თუ იგი მამაკაცური ფიგურაა, ეს შეიძლება იყოს მამაცი მეომარი, უფროსი ბრძენი, ძუნწი მოხუცი, მზაკვარი თაღლითი, არასრულწლოვანი დამნაშავე, ახალგაზრდა პრინცი, მატყუარა, ტომობრივი ძმა და ასე შემდეგ. ფემინური პერსონაჟის შემთხვევაში იგი შესაძლოა ასახავდეს ბრძენ დედას, ტირან დედას, ბუნების დედას, ერთგულ დას და ასე შემდეგ. თუკი სიზმარში გამოჩენილი პერსონაჟი მითოსურ ხასიათს ატარებს, შეგიძლიათ მისცეთ სახელები: ჰელენა, ლუნა, აფროდიტე, ლუთიენი და სხვა. 

 უმჯობესია შინაგან პიროვნებებს ისე გავეცნოთ, როგორც საკუთარი უფლებების მქონე ქმნილებებს, სანამ მათ შორის დისტანციას შევქმნით და ფსიქოლოგიური კლასიფიკაციების მეშვეობით მათ კვლევას დავიწყებთ. თქვენ ბევრად უფრო მიუახლოვდებით თქვენში არსებულ ფემინურ ასპექტს, როდესაც სიზმრებში წარმოჩენილ ქალურ ფიგურებს განსაკუთრებულ და საინტერესო ქმნილებებად მიიჩნევთ, რომლებიც თქვენში ცხოვრობენ; მისთვის მინიჭებული ტიტული "ანიმა" და შინაგანი პიროვნების აბსტრაქტულ მოცემულობად გადაქცევა პრაქტიკულად სასარგებლო შედეგებს ვერ მოგვცემს. 

 ამრიგად, თუ მამაკაცის სიმარში ქალური ფიგურა გამოჩნდება, მან აღწერილობა არ უნდა დაიწყოს ანიმას სტანდარტული მოცემულობებიდან გამომდინარე. სიზმარმხილველმა სიზმრისეული დეტალები უნდა აღწეროს დამოუკიდებლად და საკუთარ თავს უფლება უნდა მისცეს დაინახოს სიზმრის ფიგურა როგორც უნიკალური, ინდივიდუალური არსება, რომელიც სიზმარმხილველთან სიზმარში მივიდა. ადამიანმა უნდა მიანიჭოს ასეთ ფიგურებს საკუთარი ინდივიდუალურობის ქონის უფლება. 

 ანალოგიურად, როცა ქალი სიზმარში მამაკაცურ ფიგურას აღმოაჩენს, მან არ უნდა გამოიტანოს დასკვნა, რომ ეს მისი ანიმუსია. ქალი უნდა დაუახლოვდეს შინაგან მამაკაცს და უნდა გაარკვიოს, რა შინაგანი თვისებები, ფუნქციები და ხასიათები გააჩნია მას. ქალს შეუძლია ისწავლოს, თუ რა ინფორმაციას ან/და თვისებებს სთავაზობს სიზმრის ფიგურა, შინაგან სამყაროში აღმოსაჩენად. 

 

სხვა შინაგანი რეალობების იდენტიფიცირება

რა თქმა უნდა, სიზმარში მხოლოდ სიზმრისეული პერსონაჟები არ ჩნდებიან. სიზმრებში ასევე გვხვდება ადგილები, შენობები, ცხოველები, ფერები, რიცხვები, ობიექტები და აბსტრაქტული გეომეტრიული სიმბოლოდები. სიზმრები გამოსახულებათა უსასრულო მრავალფეროვნებას წარმოადგენენ და ყველა მათგანი სიმბოლური სახით გარკვეულწილად თქვენი შინაგანი ცხოვრების დინებას ასახავს. 

 ამა თუ იმ გზით, თქვენ ყოველთვის შეგიძლიათ წარმოიდგინოთ სიზმრისეული ხატ-სახე, როგორც რაღაც, რაც თქვენში ცოცხლობს. მაგალითად, თუ სიზმარში კონკრეტულ ადგილს ხედავთ, ეს ადგილი თქვენში არსებობს და მისი განსაზღვრება შესაძლებელია. სიზმარში დანახული ადგილი შეიძლება ასახავდეს "პოზიციის ადგილს" - შესაძლოა ეს იყოს ეთიკური პოზიცია, რომელიც უნდა დაიკავოთ. მაგალითად, წმინდა გრაალის ციხე წარმოადგენს სულიერი ცნობიერების საფეხურს და მიზანს, რომლისკენაც შინაგანი ზრდა მიისწრაფის. სიზმრისეული ადგილი ასევე შეიძლება წარმოადგენდეს ემოციურ გარემოს, გარემოებების ერთობლიობას ან გავლენის სფეროს.

  გახსოვთ ჩვენი მაგალითი ლურჯი ფერის შესახებ? მთავარი ასოციაცია იყო ემოციური გარემო. ეგო იჯდა ლურჯი ოთახის შუაგულში, ანუ გარშემო დეპრესიული განწყობა ეხვია. სიზმარში სხვადასხვა ადგილების ერთ-ერთი ყველაზე ხშირი ილუსტრაცია არის იმის ჩვენება, თუ რისი გავლენის ქვეშ ვიმყოფებით მოცემულ მომენტში. ასე რომ, ადგილის მნიშვნელობის გასაგებად კარგი საშუალებაა დაისვას კითხვა, თუ ვის ეკუთვნის იგი. 

 ძველმა ასტროლოგებმა ჩამოაყალიბეს სიმბოლური ტერმინი, როგორიცაა მარსის "სახლი" ან სატურნის "სახლი" და ასე შემდეგ. ეს ნიშნავს, რომ თქვენი ფსიქიკა კონკრეტული პლანეტარული გავლენის ქვეშაა მოქცეული: თქვენ მის სახლს სტუმრობდით. როდესაც ერთ-ერთ სიმბოლურ სახლში შედიხართ, თქვენ ხვდებით განსხვავებულ ფსიქოლოგიურ გარემოში და ენერგეტიკულ სფეროში. ანალოგიურად, თუ თქვენ სიზმარში ბებიის სახლში აღმოჩნდით, ეს შესაძლოა ნიშნავს, რომ დიადი დედის (სატურნის) გავლენის სფეროში ხართ. ავად თუ კარგად, თქვენ მისი ჯადოსნური გავლენის ქვეშ მოექეცით, სანამ ცნობიერებას ეძინა და არაცნობიერს ეღვიძა. შეიძლება ეს იმასაც ნიშნავდეს, რომ თქვენ ზეციური დედოფლის გამოცხადების ზღვარზე იმყოფებით. რა თქმა უნდა, მხოლოდ თქვენი სიზმრის გარემოებები გეტყვით, რას შეიძლება ნიშნავდეს ბებიის სახლში ყოფნა. 

 თუკი სიზმარში სახლი თქვენ გეკუთვნით, იგი ალბათ განასახიერებს თქვენი ეგოს სახლს, ანუ ცნობიერების ველს, სამყაროს, რომელშიც ეგო საკუთარ თავს აშენებს. იგი შედგება იმისგან, რაც იცით, რასაც ფიქრობთ და რისიც გჯერათ, ხოლო კედლები იმისთვისაა აღმართული, რომ არაცნობიერისგან დაგიცვათ. როდესაც სიზმარში თქვენს სახლში გარედან ვიღაცები შემოიჭრებიან, ეს ზოგადად ნიშნავს, რომ ეგოს სამყაროში მალე არაცნობიერი ძალები შეიჭრებიან. თქვენ მოგიწევთ პირისპირ დადგომა რეალობასთან, ღირებულებებთან და საკუთარი თავის ნაწილებთან, რომელთა თავიდან აცილებასაც აქამდე წარმატებით ახერხებდით. 

 თუ აღმოჩნდებით ისეთ ქვეყანაში, რომელსაც ბოროტი ჯადოქარი ან სამხედრო დიქტატორი მარტავს, ეს შეიძლება ნიშნავდეს, რომ თქვენ საკუთარი ძალაუფლების კონტროლის ქვეს ხართ მოქცეული. თუ თქვენ დადიხართ კურთხეულ მიწაზე, რომელსაც ბრძენი მეფე ან დედოფალი მართავს, ასეთი სიზმარი გვაძლევს მინიშნებას, თუ როგორია არქეტიპულ მესთან თანხმობაში ცხოვრება და უზენაეს სიბრძნესთან შესაბამისოფაში ყოფნა, რომელიც ჩვენში არსებობს.

 რა ხდება ცხოველებთან დაკავშირებით? თუ სიზმარში ცხოველი ჩნდება, ეს შეიძლება მივიჩნიოთ ცხოველურ ინსტიქტად ან ცხოველური ცნობიერების განსახიერებად, რომელიც სადღაც თქვენში არსებობს; იგი ფსიქიკის ყველაზე ღრმა, პირველყოფილ და წინარე ადამიანური ფესვებიდან მოდის. ეს არის ერთ-ერთი ენერგეტიკული სისტემა, რომლისგანაც ჩვენ ვართ შექმნილნი და მათი არსებობა გასათვალისწინებელია. იგი დროდადრო გვახსენებს საკუთარ თავს, როდესაც უგულებელყოფილია ჩვენს მიერ.  

 იდენტურად, როგორც ადამიანებს აქვთ მახასიათებლები, რომლებთანაც იდენტიფიცირება შესაძლებელია, იგივე ხდება ცხოველებთან მიმართებაშიც. ცხოველებს, ისევე როგორც ბევრ სხვა არქეტიპულ სიმბოლოს, გააჩნიათ დადებითი და უარყოფითი კონოტაცია. ძაღლი ამის კარგი მაგალითია. ძაღლები ხროვისკენ მიდრეკილი ცხოველები არიან, ისევე როგორც მგლები და კოიოტები. სიზმარში ძაღლი შეიძლება მიუთითებდეს ადამიანის მიდრეკილებაზე, „გაჰყვეს ხროვას“, ანუ ჩაერთოს ჯგუფებსა და კოლექტივში. რაღაცისადმი „კუთვნილების“ დროს ჩვენ ვწყვეტთ განვითარებას როგორც ცალკეული ინდივიდები და აღარ გაგვაჩნია შინაგანი ცხოვრება. ადამიანებიც „ხროვისკენ“ მიდრეკილი ცხოველები არიან. ეს არის ჩვენში არსებული ძალიან ძლიერი ინსტინქტი, რომელიც ადამიანის ბუნებაში ავლენს როგორც საუკეთესოს, ასევე ყველაზე დამღუპველს. 

 მეორეს მხრივ, ძაღლები უაღრესად ლოიალურები და მეგობრულები არიან. ძაღლის გამოსახულება სიზმარში შეიძლება ეხებოდეს თქვენში არსებულ კეთილშობილურ თვისებას, მეგობრობისა და ერთგულების უნარს. ხანდახან ძნელია სიზმრიდან გავიგოთ, მისგან ნეგატიური კონოტაცია ვლინდება თუ პოზიტიური. ზოგჯერ ძაღლი შეიძლება იყოს გაფრთხილება, ზოგჯერ კი ძლიერი დადასტურება. როგორც წესი, სიზმრის ძალიან მცირე დეტალები გვესაუბრება, თუ რომელი კუთხით უნდა აღვიქვათ სიმბოლო. 

 იუნგმა აღმოაჩინა, რომ ცხოველები ხშირად ჩვენში არსებულ პრიმიტიულ, ფიზიკურ და ინსტინქტურ ენერგეტიკულ სისტემებს განასახიერებენ. ისინი შეიძლება შეესაბამებოდნენ საკვების ფიზიკურ მოთხოვნილებას, დასვენებას, ვარჯიშს ან ეროტიული და სექსუალური გამოცდილების მოთხოვნილებას. სიზმარში ცხოველთან ბრძოლა შეიძლება მიუთითებდეს კონფლიქტს თქვენს ღრმა, ინსტინქტურ მხარესა და ცნობიერების ცივილიზებული მხარის დამოკიდებულებებს შორის. 

 როდესაც ცხოველები მითიური ფორმის სახით ვლინდებიან, ისინი განასახიერებენ უძლიერეს არქეტიპებს, ანუ სულიერი განვითარებისა და ცნობიერების უმაღლეს საფეხურებს. სპილო ინდურ სიმბოლიზმში ჭეშმარიტი მეს უმაღლეს მანიფესტაციას განასახიერებს; აღმოსავლეთის მსგავსად, დასავლელი ადამიანის სიზმარში ზოგჯერ სპილო იგივე მნიშვნელობით ჩნდება. პირადად ჩემს სიზმრებში, როდესაც სიზმარში ჩემთან თეთრი კობრა მოდის, იგი ჩემთვის თვითობასთან და უმაღლესი ცნობიერების გამოვლინებასთან ასოცირდება. 

 მაგალითები, რომლებიც მე ბოლო რამდენიმე გვერდზე მოვიყვანე, მხოლოდ მცირეა იმ უსასრულო შესაძლებლობებიდან, რომლებიც თქვენს ხელთაა სიზმრებთან დაკავშირების მიზნით, შინაგანი ცხოვრების დინამიკის გასაგებად. ამ წიგნში ან რომელიმე სხვა წიგნში ვერასოდეს იარსებებს საკმარისი ადგილი ყველა სიმბოლოს მნიშვნელობის განსამარტავად, რომლებიც ჩვენს სიზმრებში წარმოიქმნება. თუ მაინც ვეცდებით ამის გაკეთებას, მხოლოდ შეცდომაში შევიყვანთ საკუთარ თავს. სწორედ ამიტომ ვუსვამ ხაზს ასე ხშირად იმ ფაქტს, რომ თქვენს სიზმრებსა და თქვენსავე შინაგან ცხოვრებას შორის რეალური კავშირების დამყარება მხოლოდ თქვენი არაცნობიერის ნაყოფიერი ნიადაგიდან არის შესაძლებელი. 

 

სიზმარხილვასთან მუშაობის ილუსტრაცია: გოგონა ციმციმა თვალებით

მეორე საფეხურში მოყვანილი ინფორმაციის უკეთ გასაგებად, მე მაგალითის სახით წარმოგიდგენთ კიდევ ერთ სიზმარს კავშირებთან ერთად, რომელიც შინაგანი დინამიკის ილუსტაციის მიზნით გამოგვადგება. 

 ეს სიზმარი მომიტანა ოცდაორი წლის კოლეჯის სტუდენტმა. იგი ჩემთან ანალიზისთვის მოვიდა, რადგან კოლეჯის გაგრძელება მძიმე ნერვოზის გამო ვერ შეძლო. იგი იმ დონემდე იყო მისული, რომ აღარ შეეძლო სწავლა, გამოცდების ჩაბარება და სასოწარკვეთილებაში იმყოფებოდა. 

 ეს იყო პირველი სიზმარი ანალიზის განმავლობაში. სიზმარი საოცრად ლამაზად აღწერს მდგომარეობას, რომელშიც სტუდენტი იმყოფება; იგი გვიჩვენებს იმ შინაგან სისტემებს, რომლებიც მასშია ჩართული და სიზმარმხილველს საჭირო მიმართულებასაც უთითებს. სიზმარი ნერვოზის დრამატულ განკურნებას წინასწარმეტყველებს, რომელიც თითქმის მაშინვე ახდა, რაც პაციენტმა შინაგანი სამუშაოს კეთება დაიწყო. მან დაამთავრა სწავლა და ახლა უჩვეულოდ სავსე და სასარგებლო ცხოვრებას ეწევა. 

 მისი ანიმას გამოვლინების საპატივსაცემოდ, რომელიც სიზმარში ჩნდება, მე ვუწოდებ სიზმარს: „გოგონა ციმციმა თვალებით“. 

 გოგონა ციმციმა თვალებით:

 „ბებიაჩემის სახლის წინ, ქუჩაში ვიწექი. უკანა მხრიდან მანქანით მოვიდა ჩემი და და მისი მეგობარი. მეშინოდა რომ მანქანა გადამივლიდა და რაც შემეძლო სწრაფად გადავტრიალდი ბორდიურისკენ. ისინი ჩემს გვერდით იდგნენ. ჩემმა დამ მითხრა, მინდოდა თუ არა პაემანი მქონოდა მის ერთ-ერთ მეგობართან. მან რამდენიმე სახელი ახსენა. მე ვერ გადავწყვიტე და ჩემი და სადღაც გაქრა. ჩემი დის მეგობარმა მკითხა, რისი გაკეთება მინდოდა პაემანთან დაკავშირებით. ერთი წუთით დავფიქრდი და მერე უეცრად გავიფიქრე, რომ შესაძლოა ეს გოგონა თანახმა ყოფილიყო საღამოს ჩემთან გასატარებლად. ამ მომენტში გავიაზრე, რომ მის სახეს საერთოდ არ დავკვირვებივარ და სწორედ მაშინ შევთავაზე ჩემთან ერთად პაემანზე წამოსვლა, როცა მან ზურგი მაქცია. გოგონა შემოტრიალდა და როდესაც შევხედე გამიხარდა, რადგან ძალიან მიმზიდველი იყო. მისი თვალები ციმციმებდა. მე ვკითხე, თანახმა იყო თუ არა ჩემთან ესაუბრა; იგი დამთანხმდა. როგორც კი მომიახლოვდა, მე წამოვდექი და მასთან ერთად განვაგრძე სეირნობა“. 

  ჩვენი მიზნებისთვის უნდა ვივარაუდოთ, რომ უკვე გავიარეთ პირველი საფეხური და გავაკეთეთ ჩვენი ასოციაციები, ზოგიერთი ასოციაცია კი ზუსტი გამოდგა. ახლა, მეორე საფეხურზე ჩვენ უნდა გამოვიყენოთ ეს ასოციაციები  სტუდენტის შინაგანი ცხოვრების სპეციფიკური დინამიკის დანახვის მიზნით. აქ არის ის კავშირები, რომლთა დამყარებაც მან შეძლო:

 

ბებიაჩემის სახლი

ვინაიდან ეს ბებიაჩემის სახლია და მასში დედაჩემი დაიბადა, ეს უნდა იყოს ჩემში არსებული „დედის სახლი“. ეს თაობების უკან ხდება, ამიტომ რაღაც მეტი უნდა იყოს, ვიდრე უბრალოდ „დედის კომპლექსი“; ეს არის არქეტიპული დედა, დედობრივი ენერგია ან დედის თანმყოფობა ჩემს ფსიქიკაში. ეს მისი ტერიტორიაა, ამიტომ, მე - ჩემი ეგო - მის ტერიტორიაზე ვიმყოფები. ჩემი ეგო არქეტიპული დედის ტერიტორიაზე იმყოფება და რაღაცნაირად მისი გავლენის ქვეშ ვარ. 

 ახლა, სად მინახავს მისი ფუნქციონირება ჩემს ყოველდღიურ ცხოვრებაში? დედის პრინციპთან დაკავშირებით მე ვხედავ რეგრესიულ ურთიერთობას, სადაც პატარა ბავშვივით ვიწყებ ქცევას, რომელსაც დამოუკიდებლად არაფრის გაკეთება არ შეუძლია და უბრალოდ სურს, რომ მთელმა სამყარომ მასზე იზრუნოს. თავს დამოკიდებულად ვგრძნობ და არ მინდა გადაწყვეტილების მიღება, უბრლაოდ მინდა რომ ჩემზე ვიღაცამ იზრუნოს. ნეგატიურ ასპექტში, დედობრივი ენერგია დამოკიდებულობის კომპლექსში გადაიზარდა. ეს არის ფაქტი, რომელიც ბოლო დროს საკუთარ თავში აღმოვაჩინე. მე დავთმე ჩემი მამაკაცური მხარე. მე სამყაროს შიში და საკუთარი გზის გაკვალვის შიში მაქვს. საკუთარ თავს ფემინურ მხარეში მოქცეულად ვგრძნობ და იგი ნეგატიურ ასპექტში მაიძულებს, რომ თავი ბავშვად და დამოკიდებულად ვიგრძნო. 

 

ქუჩაში წოლა

სად ხდებოდა ეს აქტი ჩემს ცხოვრებაში? პასუხს მაშინვე ვპოულობ. მე ვარ დეპრესიაში და სასოწარკვეთილებაში, რის გამოც არ შემიძლია კოლეჯში სწავლის გაგრძელება. პარალიზებული ვარ, არ ვიცი საით წავიდე. ქუჩაში წოლა სიმბოლურად ზუსტად ასახავს იმას, თუ როგორ ვგრძნობ ახლა თავს. უმწეო ვარ და წამოდგომა არ შემიძლია. ვგრძნობ, რომ ნებისმიერ მსურველს შეუძლია მოვიდეს და დამარტყას ან თავზე გადამიაროს. არ მაქვს დაცულობის შეგრძნება და საკუთარ თავს ვერ ვეხმარები.

  კიდევ ერთი ასოციაცია, რომელიც დავიჭირე, ის არის, რომ ქუჩა ხალხმრავლობის ადგილია; ეს არ არის ჩემი საკუთარი სივრცე. ქუჩა ვიღაც სხვებს ეკუთვნის. როგორც ჩანს, არა მარტო დედობრივ ფემინურობაში ვარ დაკარგული, არამედ კოლექტიურადაც დავიკარგე. რას უნდა ნიშნავდეს ეს დეტალი? როცა ამას ვუფიქრდები, ვხვდები რომ ყველაფერს სხვის თვალში გამოჩენის მიზნით ვაკეთებ, იქნება ეს სწავლა თუ ნებისმიერი ქმედება. საქმე იმაშია, რომ უნდა დავიწყო განსხვავებული ცხოვრების წესი, რომელიც მე მეკუთვნის; უნდა გადავწყვიტო რა ღირებულებებს მინდა ვემსახურებოდე და რა არის ჩემთვის მნიშვნელოვანი. 

 ვფიქრობ, ქუჩიდან გასვლის ერთადერთი გზა არის პატარა მიწის ნაკვეთის პოვნა, რომელიც ნამდვილად მე უნდა მეკუთვოდეს და ფეხზე სწორედ იქ უნდა წამოვდგე. თუ ქუჩაში მწოლიარე დავრჩები, საზოგადოებიდან მოსულ ნებისმიერ კოლექტიურ წარმოდგენას ჩემზე გავლენა ექნება. 

 

ჩემი და

თუ ჩემი და სიზმარში ჩემს შიგნით მცხოვრებ ადამიანს წარმოადგენს, სად იმყოფება ეს შინაგანი ადამიანი? სად მაქვს ფემინური პიროვნება, რომელიც ჩემს დას ჰგავს? ერთადერთი, რაც ამასთან დაკავშირებით მახსენდება ისაა, რომ როდესაც დეპრესიაში ვარ, ჩემი ნამდვილი და სწორედ ისე იქცევა, როგორც სიზმრისეული და მომექცა: ის ცდილობს ჩემს გამხიარულებას, დეპრესიიდან გამოყვანას და სოციუმში გაყვანას. მე ვხედავ, რომ ჩემს შიგნით ნამდვილად მაქვს ადამიანებთან დაკავშირების სურვილი. მინდა ვიპოვო მეგობარი, ვისთანაც ძალიან ახლოს ვიქნები. მარტოობაში ყოფნა არ მინდა.

 მიუხედავად ამისა, მე ცხადშიც ისე ვიქცევი, როგორც სიზმარში; უარს ვამბობ ხალხთან ყოველგვარ კონტაქტზე. მარტოხელასავით ვიქცევი, რომელიც მხოლოდ საკუთარი პრობლემებით არის დაკავებული. სიზმარში ეს სიმბოლირებულია იმით, როდესაც ვერ ვღებულობ გადაწყვეტილებას, წავიდე თუ არა ვინმესთან პაემანზე. შესაძლოა პაემანზე წასვლა არც მინდა, რადგან იმ გოგოს ველოდები, რომელსაც ციმციმა თვალები აქვს, მაგრამ მე ეს ჯერ არ ვიცი. ჩემს შიგნით არსებული დის ფემინურ ასპექტს სურს, რომ ადამიანური ურთიერთობებით დავკავდე, მაგრამ ამ ეტაპზე მისთვის პასუხის გაცემა არ შემიძლია, რადგან ჯერ საკუთარი სული უნდა ვიპოვო. 

 

გოგონა ციმციმა თვალებით

ჩემთვის, მარადიული ქალურობის იდეალი სწორედ ის გოგოა, რომელსაც სიზმარში ვხედავ. ეს გოგო ჩემთვის რაღაც ღვთაებრივს ნიშნავს. იგი ან პრინცესაა, ან ქალღმერთი. როცა მას ვხედავ და როცა ვფიქრობ, რომ იგი ჩემში იმყოფება, ვგრძნობ, თითქოს სრული ვარ. თითქოს რაღაც ისეთი მაქვს, რაც ჩემს ცხოვრებას აზრს აძლევს. ეს გოგონა ანიმას აღწერილობას შეესაბამება. ის ჩემს სულს განასახიერებს. გოგონა არის ფემინური ასპექტი, რომელსაც „დისგან“ განსხვავებით შინაგანი, სულიერი სამყაროსკენ მივყავარ. ეს არის სულიერი გამოცდილება და რელიგიური ცნობიერება. მას სურს შეისწავლოს არაცნობიერი და იცხოვროს სიზმრებისა და არქეტიპების სამყაროში.

 საოცარი ის არის, რომ როგორც კი ანიმას ვხედავ, სიზმარში დამბლიდან გამოვდივარ და წამოდგომა შემიძლია. ეს ნიშნავს, რომ ცხოვრებას და ფუნქციონირებას ხელახლა ვიწყებ. 

 სად ვხედავ ამ ყველაფერს ჩემს ცხოვრებაში? პირველ რიგში, საუბრის მანერით ვიგრძენი, რომ ჩემს სულს ცხოვრების სხვა საფეხურისკენ აქვს ლტოლვა. მე მოვედი აქ, ანალიზზე და დავიწყე სწავლა, თუ როგორი კუთხით უნდა დავინახო საკუთარი სიზმრები, რადგან ვგრძნობ, რომ ჩემში რაღაც სიცარიელეა გაჩენილი. შინაგანი ცხოვრების მოთხოვნილებას ვგრძნობ, ასევე მინდა რელიგიური გამოცდილების ან ისეთი გამოცდილების შეძენა, რომელიც ცზოვრების ძირეული მნიშვნელობის განცდას მომანიჭებს. ყველაფერი, რაც ჩემში მინდინარეობს, როგორც ჩანს მისი თანმყოფობის ფონზე ხდება. ჩემი სული, ეს არის გოგონა ციმციმა თვალებით. ეს არის მისი გრძნობები, რომელსაც მე განვიცდი. მე მაქვს ახალი, სულიერი ცხოვრების ფანტაზიები. მინდა ჩავუღრმავდე არაცნობიერის საიდუმლოებებს. სულიერი ფანტაზიები, რომელთაც ვხედავ, მისია, და მე მას გონებით აღვიქვამ. 

 

გოგონას ვკითხე, ჰქონდა თუ არა ჩემთან დალაპარაკების სურვილი

მე მას პაემანზე ჩემთან ერთად წამოსვლა ვთხოვე, მაგრამ ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტი ის არის, როდესაც ვკითხე, ჰქონდა თუ არა ჩემთან დალაპარაკების სურვილი. ვცდილობ საუბარი მარტივად დავიწყო, მაგრამ შეგრძნება მეუბნება, რომ ეს ახალი ურთიერთობის დასაწყისია. 

 სად ვიპოვი ამ მოვლენას ჩემს შიგნით? რაც არ უნდა ეზოთერულად ჟღერდეს, ვფიქრობ, რომ საკუთარი სულის პოვნას ვცდილობ, მინდა დავამყარო ურთიერთობა საკუთარ სულთან. ალბათ, იმ მომენტში, როდესაც სიზმრების ჩაწერა და მათთან მუშაობა გადავწყვიტე, შინაგან სამყაროში ცხოვრებაც სწორედ მაშინ დავიწყე - ეს ის მომენტი იყო, როდესაც ჩემს სულს ვუთხარი, რომ მასთან საუბარი მინდოდა. მე მინდოდა შინაგან ფსიქიკასთან საუბარი და მასთან დამეგობრება. 

 

ქუჩიდან წამოდგომა

ქუჩიდან წამოდგომის სიმბოლიკა შემიძლია ჩემს შიგნით წარმოქმნილ ძალიან კონკრეტულ და სპეციფიკურ ცვლილებასთან დავაკავშირო. როგორც კი ამ სიზმრის მცირედით გაგება დავიწყე, გამიჩნდა შინაგანი ცხოვრების დაწყების სურვილი და რაც არ უნდა უცნაური იყოს, თავი უკეთესად ვიგრძენი. საკუთარ თავს უმწეოდ აღარ ვგრძნობ. არც პარალიზების და დაუცველობის შეგრძნება მაქვს. ვგრძნობ, რომ არის რაღაც, რისი გაკეთებაც შემიძლია, რათა ჩემი ცხოვრება კვლავ აღდგეს და გავიგო, რა ხდება ჩემში. შინაგანი სამყაროს გახსნა ნიშნავს, რომ იმედი და სიცოცხლის ძალა მიბრუნდება. მე აღარ უნდა შევიტყუო საკუთარი თავი პასიურობაში და უმოქმედობაში. 

ჩვენმა სიზმარმხილველმა შეძლო საკუთარი სიზმრისეული გამოცდილების კონკრეტულ მოვლენებთან დაკავშირება, რაც მის ემოციურ ცხოვრებაში ხდებოდა. სიზმარი საოცრად ზუსტად მიუთითებს იმაზე, თუ რას გრძნობდა იგი მთელი ამ დროის განმავლობაში. მისი უმწეობა და ცხოვრებისაგან დამარცხებულად ყოფნის შეგრძნება სიზმარში ცხადად ჩანს. ეს დეტალი სიმბოლიზმმა გამოხატა ქუჩაში წოლის სცენით, როდესაც ჩვენი პერსონაჟი სრუილად პასიური და უმწეო იყო. 

 ეს სიზმარი კარგ მაგალითს გვაძლევს არქეტიპული სიმძლავრის გამოყენების სარგებლიანობაში. ამ შემთხვევაში ის გვაძლევს ბევრ ინფორმაციას ანიმას შესახებ, რათა დავინახოთ სად ფუნქციონირებს იგი პაციენტის ცხოვრებაში. ჩვენ ვიცით, რომ ანიმა მიგვიყვანს შინაგანი სამყაროსკენ, რომელიც უპირველეს ყოვლისა შინაგან ცხოვრებას ეხება. აქედან ჩანს, რომ ამ განსაკუთრებულ ადამიანთან შეხვედრა და მასთან ურთიერთობის დაწყება ემთხვევა პაციენტის გადაწყვეტილებას შინაგანი სამყაროს შესწავლასთან დაკავშირებით, რათა მისი სიზმრების მეშვეობით განაახლოს საკუთარი შინაგანი ცხოვრება. ეს არის ანიმასთან მისვლისა და მასთან ურთიერთობის ყველაზე პირდაპირი გზა. 

 

წიგნის თავები


წიგნის ელექტრონული ვერსიის შეძენა წიგნის გადმოწერა
იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff