შინაგანი სამუშაო: სიზმრებისა და აქტიური წარმოსახვის გამოყენება პერსონალური განვითარებისათვის

რობერტ ალექს ჯონსონი
5
2

მთარგმნელები: დავით ჯანგველაძე და ვარიკო ესებუა

თავი მეჩვიდმეტე  - მეოთხე საფეხური: რიტუალები

  აქტიური წარმოსახვის ინკარნირება ნიშნავს მისთვის ფიზიკური თვისებების მინიჭებას და არსობრივად აბსტრაქტული საფეხურიდან ამოღებას. რიტუალის მეშვეობით აქტიურ წარმოსახვას ფიზიკურ და მიწერ სამყაროსთან ვაკავშირებთ.

  აქტიური წარმოსახვის მეორე საფეხური თითქმის იგივეა, რაც სიზმარხილვის მეოთხე საფეხური. ეს თანხვედრა შემთხვევითი არ არის. როდესაც აქტიური წარმოსახვის ზოგადი პრინციპების დაფიქსირების შემდეგ არაცნობიერიდან გამოსახულებების ამოყვანას შევძლებთ, უნდა გავაკეთოთ რაღაც, ქმედების ფიზიკურ სამყაროში დაფიქსირებისათვის და კონკრეტიკისთვის. 

  ვინაიდან ჩვენ უკვე განვიხილეთ მეოთხე საფეხურის თეორიული და პრაქტიკული ნაწილი, ამ თავში დიდხანს არ ვისაუბრებთ ამის შესახებ. შეგიძლიათ ხელახლა წაიკითხოთ სიზმარხილვის მეოთხე საფეხური და მიუსადაგოთ იგი აქტიურ წარმოსახვას. გადახედეთ მაგალითებს, რომელთაც იქ ნახავთ და გამოიყენეთ ყოველივე თქვენს აქტიურ წარმოსახვაში. 

  მეოთხე საფეხურში არსებობს ერთი ძალიან მნიშვნელოვანი მოცემულობა: თქვენ არ უნდა იმოქმედოთ. ფსიქოლოგიურ ჟარგონში მოქმედება ნიშნავს, რომ ძირითადად ჩვენი შინაგანი, სუბიექტური კონფლიქტები და მოთხოვნილებები გარეგნულად ყოველთვის გამოიხატება ქმედებებისა და პროექციის სახით.

  ექსტრემალურად კლინიკურ სიტუაციებში შესაძლოა მოქმედებებმა ძალადობრივი და სასტიკი სახე მიიღოს, რომელიც ან საკუთარი თავისკენ იქნება მიმართული ან გარშემო მყოფი ადამიანებისკენ. ადამიანთა უმეტესობა ასეთ ქმედებებს გამუდმებით ასრულებს შედარებით მსუბუქ ასპექტში და ყოველი მათგანი გაუცნობიერებლად ხორციელდება. მაგალითად, მამაკაცი რომელიც შინაგანად საშინელ კონფლიქტში იმყოფება, ძალიან ბრაზდება საკუთარ ცოლზე და შვილებზე; ამის საშუალებით იგი შინაგანი კონფლიქტის გადაწყვეტას და დაგროვილი ენერგიისგან განთავისუფლებას ცდილობს. 

  აქტიური წარმოსახვა მსგავსი ქმედებებისთვის უამრავ მასალას იძლევა, რადგან იგი უამრავ ენერგიას და კონფლიქტურ საკითხებს აყალიბებს. როდესაც მამაკაცი აქტიური წარმოსახვისას ფრთხილად არ იქცევა და საკუთარ ანიმასთან კონფლიქტში შედის, იგი აუცილებლად იჩხუბებს საკუთარ მეუღლესთანაც. იგი შეეცდება ფიზიკურ ასპექტში განახორციელოს შინაგანი კონფლიქტის მანიფესტაცია. 

  აქტიური წარმოსახვის რიტუალურად დაფიქსირება არ ნიშნავს თქვენი ფანტაზიების პირდაპირი გზით განხორციელებას. ეს უფრო მეტად ნიშნავს შინაგანი სამყაროდან მიღებული გამოცდილების პრაქტიკულ ცხოვრებაში ინტეგრირებას. არასწორი გადაწყვეტილებების მიღებისას შესაძლოა პრობლემები შეგექმნათ და საკუთარ თავს ან სხვებს ზიანი მიადგეს. არ გამოიყენოთ აქტიური წარმოსახვის მეოთხე საფეხური თქვენი ფანტაზიის უხეში და პირდაპირი გზით დაფიქსირებისათვის. 

  როდესაც მოცემული პრინციპი ჩვენამდე ექსტრემალურ ფორმაში მოვა, ადვილი მისახვედრია თუ რამდენად მართალია ზემოთ მოყვანილი ყოველი სიტყვა. დავუშვათ, რომ აქტიურ წარმოსახვაში მე მახვილით ხელში ვებრძვი ჩემს მტრებს. შესაძლოა ასეთი ქმედება შინაგან სამყაროში ჩემი გასაკეთებელი იყოს, მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ ფიზიკურ სამყაროშიც იგივე უნდა გავაკეთო. როდესაც აქტიური წარმოსახვის საკითხები ყოველდღიურ თემებს უახლოვდება, განსხვავების დანახვა რთულდება, რადგან წარმოსახვის პროექციის გამო ყველაფრის რეალურად განხორციელების ცდუნება იზრდება. 

  ამ მიზეზით, მე ყოველთვის ხაზს ვუსვამ, რომ აქტიურ წარმოსახვაში არ უნდა გამოვიყენოთ ფიზიკური ადამიანების გამოსახულება, რომლებიც ჩვენს ცხოვრებაში არსებობენ. არ გამოიხმოთ თქვენი მეგობრის, მეუღლის ან თანამშრომლის იმიჯი და არ დაიწყოთ მათთან საუბარი. თუ ამას გააკეთებთ, შემდგომში, როდესაც ამ ადამიანის გვერდით რეალურად აღმოჩნდებით, ეს გამოიწვევს არაცნობიერის უკიდურეს ზეწოლას. თქვენ უნებურად ვეღარ დაინახავთ განსხვავებას და ეცდებით იგივე დამოკიდებულება გამოამჟღავნოთ რეალური ადამიანის მიმართ, რასაც წარმოსახვაში ავლენდით. სხვა ადამიანებს არ აქვთ წაკითხული ტქვენი არაცნობიერის სცენარი, ამიტომაც ნუ დავაბნევთ მათ და ნუ ვეცდებით რეალური ადამიანების წარმოსახვით პროექციას, რადგან ამან შეიძლება ყველაფერი უარესობისკენ შეცვალოს. 

  როდესაც აქტიურ წარმოსახვაში ჩვენთვის ნაცნობი ადამიანის იმიჯი ჩნდება, ჩვენ უნდა შევწყვიტოთ მისი გარეგნობის მიღება. შეგიძლიათ ეს თქვენი დიალოგის ნაწილად აქციოთ; მაგალითად, უთხარით გამოსახულებას: "არ ვიცი რატომ, მაგრამ ზუსტად იმ ადამიანს ჰგავხარ, ვისზეც ძალიან გაბრაზებული ვარ. ვიცი რომ შენ ჩემში არსებული ენერგეტიკული სისტემა ხარ, ამიტომ გთხოვ, შეიცვალე ფორმა. მე არ მინდა ერთმანეთში ამერიოს შენი გამოსახულება და ის ადამიანი, რომელსაც შენ გამგვანებ". თუ ამას გააკეთებთ, დაინახავთ რომ შინაგანი პიროვნება თითქმის ყოველთვის თანამშრომლობს თქვენთან და შედეგად საკუთარ გარეგნობას იცვლის. ამის შემდეგ, უკვე თავისუფლად შეგიძლიათ მასთან დიალოგში შესვლა რადგან გეცოდინებათ, რომ საკუთარი არსების ნაწილს ესაუბრებით და არა გარეგან ადამიანს.

  არსებობს კიდევ ერთი მიზეზი, თუ რატომ არის ცუდი იდეა აქტიურ წარმოსახვაში რეალურად არსებულ პიროვნებასთან საუბარი. ეს მიზეზი არის ფაქტი, რასაც ადამიანები "მაგიას" უწოდებენ. გამოცდილებიდან ცხადი ხდება, რომ ის რასაც ჩვენ არაცნობიერ დონეზე ვაკეთებთ, სხვა ადამიანებს გადაეცემა და უნებურად მათზეც მოქმედებს. მაშინაც კი, როდესაც მათთან ერთად ფიზიკურად არ ვიმყოფებით, ფანტაზიაში და წარმოსახვაში არსებული ვიბრაციები საკუთარ რხევებს კოლექტიურ არაცნობიერში აგზავნის, რომლის მეშვეობითაც სხვა ადამიანები ამ ყველაფერს საკუთარ არაცნობიერში გრძნობენ. 

  ამიტომ, როდესაც აქტიური წარმოსახვის მსგავს ძლიერ ინსტრუმენტს იყენებთ და ამავდროულად მთელს ენერგიას კონკრეტული ადამიანის გამოსახულებაზე ამახვილებთ, ეს ყველაფერი ნამდვილად დაიწყებს ინდივიდზე ზემოქმედებას. მაშინაც კი, როდესაც თქვენი განზრახვა კარგია, შედეგი მაინც მანიპულაციური და უკონტროლო იქნება: თქვენ წინასწარ ვერასდროს იწინასწარმეტყველებთ, რა სახის შედეგი დადგება. ასეთ დროს ადამიანი შესაძლოა გრძნობდეს გაურკვევლობას, არაცნობიერ ზეწოლას და ასე შემდეგ. მან შეიძლება უცნაური და არაადეკვატური დამოკიდებულება გამოავლინოს თქვენს მიმართ, რომლის მიზეზსაც ვერ გაიგებს. 

  ამავე მიზეზით, შეცდომად ითვლება ვიღაცასთან დაკავშირებით საკუთარ თავს ფანტაზიის უფლება მივცეთ. არ არის აუცილებელი, რომ წარმოსახვა მაინცდამაინც აქტიური იყოს. შესაძლოა უბრალო ფანტაზიასაც მსგავსი შედეგი გააჩნდეს. იმის ჩათვლით, რომ პასიური ფანტაზია სრულიად უსარგებლოა, იგი ამავდროულად ცუდად მოქმედებს სხვა ადამიანზე და არასასიამოვნოდ აისახება ურთიერთობაზე. როდესაც ადამიანზე გაბრაზებული ვართ ან იგი უზომოდ გვიყვარს, ხშირად გვსტუმრობს ინტენსიური ფანტაზიები, რომელიც არაჯანსაღ ენერგიებს ატარებენ. 

  როგორც აქტიური ფანტაზიის შემთხვევაში, უწყვეტი პასიური ფანტაზიაც ნეგატიურად მოქმედებს სხვა ადამიანზე მისი არაცნობიერის გვალით. მეორეც, პასიური ფანტაზია ნეგატიურად მოქმედებს თქვენზეც, რადგან იგი ბლოკავს ადამიანთან ურთიერთობის გახსნილ და გულწრფელ შესაძლებლობას. განმეორებადი ფანტაზიის გამო თქვენ განპირობებული ხდებით საკუთარ ქცევებში და დამოკიდებულებებში, რის შედეგადაც თქვენი ქცევები და სიტყვები ავტომატური და მთლიანად მექანიკური ხდება, ყოველგვარი გაცნობიერების გარეშე. მსგავსი წინასწარგანსაზღვრულობა შეიძლება მთლიანად მოწყვეტილი იყოს ობიექტურ და ჯანსაღ დამოკიდებულებას. 

  ამიტომ, თუ თქვენ გაქვთ ძლიერი შინაგანი გრძნობები გარეგანი ადამიანის მიმართ, დადებითი იქნება ეს თუ უარყოფითი, უმჯობესია დაიწყოთ შინაგანი სამუშაოთი და აღმოაჩინო რა ხდება სუბიექტურად თქვენს შიგნით. თუ სხვა ინდივიდისთვის რაღაც გაქვთ სათქმელი, უთხარით მას საღი აზრისა და თავაზიანობის მეგზურობასთან ერთად. არ ჩართოთ აქტიურ წარმოსახვაში და პასიურ ფანტაზიაში ნამდვილი ადამიანი, და რაც ყველაზე მთავარია, არ იმოქმედოთ თქვენი ფანტაზიის მიხედვით პირდაპირი გაგებით. 

  აქტიური წარმოსახვის მეორე საფეხური ორპირიანი მახვილია; აუცილებელი მოცემულობაა, რომ მისი ბოროტად გამოყენება არ შეიძლება, წინააღმდეგ შემთხვევაში ცხადია ზიანი მეტი იქნება ვიდრე სიკეთე. ამ ეტაპზე ჩვენ უნდა გამოვიყენოთ მთელი ინტელექტი და საღი აზრი, რაც საკუთარ თავში მოგვეპოვება. ჩვენ არ უნდა ვიყოთ მომთხოვნები სხვა ადამიანების მიმართ და არ უნდა გამოვამჟღავნოთ თავხედური დამოკიდებულება. 

  ბოლოს, მეოთხე საფეხური არ შეიძლება განცალკევდეს მესამე საფეხურისგან; ეთიკური ელემენტის გამოყენება და მეოთხე საფეხურის გაერთიანება ძალიან მნიშვნელოვანია. სწორედ ეთიკურობის შეგრძნებამ უნდა დააყენოს საზღვრები და უნდა იყოს გიგი ყველაფერში, რასაც აკეთებთ.

წიგნის თავები


წიგნის ელექტრონული ვერსიის შეძენა წიგნის გადმოწერა
იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff