ეპილოგი
ნამდვილად გასაკვირია რამდენად ფართო სპექტრს ემსახურება აქტიური წარმოსახვის პრაქტიკა, როგორც კი მის ადაპტირებას ცხოვრების მსვლელობაში დავიწყებთ. ერთ შემთხვევაში ეს შეიძლება დაგეხმაროთ პრაქტიკული, ყოველდღიური კონფლიქტების მოგვარებაში; მაგალითად, სად გამოიყენოთ თქვენი შესაძლებლობები ან როგორ დახარჯოთ ფული. სხვა დროს შესაძლოა იმოგზაუროთ მითიურ თავგადასავალში, რომელიც თქვენში არსებობს. სპექტრის ბოლო ასპქტში აქტიუი წარმოსახვა მისტიურ, რელიგიურ გამოცდილებად იქცევა.
აღმოვაჩინე, რომ აქტიური წარმოსახვის სახეობები მისი გამოყენების მიხედვით სამ ძირითად დონედ იყოფა:
1. ცხენის გახედნა
2. არაცნობიერის მიღება
3. სულიერი განზომილებების გამოცდილება
როგორც მე ვუწოდებ ჟარგონულად ცხენის გახედვნა ყველაზე პრაქტიკული და პერსონალური დონეა. ეს არის აქტიური წარმოსახვის გამოყენება, როდესაც შინაგან პიროვნებებთან მოლაპარაკება გვჭირდება იმ კონფლიქტებისა და კომპრომისების გადასაწყვეტად, რომელიც პრაქტიკულ ცხოვრების შენარჩუნებისთვისაა საჭირო. ცხენის გახედვნა შესაძ₾ოა აქტიური წარმოსახვის პრაქტიკისათვის საკმაოდ უღირსი სახელია, მაგრამ პერსონალური დონე ისედაც არაკეთილსინდისიერ აქტივობას წარმოადგენს: ეს არის შინაგან ნაწილებთან უხეში ვაჭრობის პროცესი, რათა გარკვეული შეთანხმებები მიღწეულ იქნეს და ცხოვრება გაგრძელდეს.
არაცნობიერის მიღება არის ის დონე, რომელშიც საკუთარი არსების ამოუცნობი ნაწილები არაცნობიერიდან ამოგვაქვს, რატა მათი ინტეგრირება ცნობიერ ფუნქციონირებაში შევძლოთ. ეს არის საფეხური, სადაც საკუთარი თავის შინაგან ნაწლთა უცნობი ასპექტების გაცნობას ვცდილობთ. ჩვენ მიერ აქამდე მოყვანილი მაგალითების უმეტესობა ამ დონეს განეკუთვნება. სწორედ ეს არის აქტიური წარმოსახვის ძირითადი ფუნქცია და მიზანი, რომლიდანაც ადამიანთა უმრავლესობა ნამდვილ პრაქტიკას იწყებს.
სულიერი განზომილებების გამოცდილება არის ძალიან მაღალი დონე, სადაც პიროვნება დიადი არქეტიპების ღრმა გამოცდილებას ღებულობს. ასეთ დროს აქტიური წარმოსახვა აღიქმება როგორც ხილვა და იგი რელიგიური გასხივოსნების გამობრწყინებებს წარმოშობს. ეს არის აქტიური წარმოსახვის არაჩვეულებრივი და საკმაოდ იშვიათი ფორმა, მაგრამ ვინაიდან იგი მრავალ ადამიანს გამოუცდია, სასარგებლოა ვიცოდეთ მისი არსებობის შესახებ.
ცხენის გახედნა
ცხენის გახედვნა არის აქტიური წარმოსახვის ყველაზე პრაქტიკული და მიწიერი გამოყენება. იგი იწყება აღიარებით და გაცნობიერებით, რომ თქვენ შედგებით მრავალი ნაწილისაგან და თითოეულ ამ ნაწილს საკუთარი საჭიროებები და ცხოვრება გააჩნია, რომელთაც სურთ რომ მონაწილეობა მიიღონ თქვენს ცნობიერ ცხოვრებაში. როდესაც ამას ნამდვილად დაინახავთ, იმასაც აღმოაჩენთ, რომ ერთი შეხედვით "ამოუხსნელი" კონფლიქტები და გაღიზიანებები, რომელთაც ყოველდღიურ ცხოვრებაში განიცდით, სინამდვილეში შინაგანი ნაწილების მარტივი კამათის შედეგია, რომლებიც ერთსა და იმავე საკითხს სხვადასხვანაირად აღიქვამენ.
როდესაც შინაგან სამყაროში არსებული კონფლიქტის სინთეზი და გადაწყვეტა ვერ ხორციელდება, იგი მოლაპარაკების საკითხად იქცევა; ასეთ დროს თქვენ რაიმე სახის კომპრომისი უნდა შეიმუშაოთ.
ზოგჯერ ადამიანები აყოვნებენ აქტიური წარმოსახვისადმი მოცემულ მიდგომას. უამრავ ადამიანს მსგავსი პრაქტიკა ზედმეტად საზიზღრად და ჩვეულებრივად მიაჩნია, რათა ეს ამაღლებული ხელოვნება კონფლიქტების გადასაწყვეტად გამოიყენოს. მაგრამ პრაქტიკული ფაქტი ამბობს, რომ ჯანსაღი ფუნქციონირების შენარჩუნებისათვის ერთადერთი გზა არის ცხენის გახედვნის კარგი და პატიოსანი სამუშაოს შესრულება. ყოველ შემთხვევაში, იგი აყალიბებს კომუნიკაციას სხვადასხვა ნაწილებს შორის, რომელთა ხმებიც აქამდე არ გვესმოდა და საბოლოოდ, სწორედ ეს კომუნიკაცია იწვევს სინთეზს, რომელიც ასე გვჭირდება.
როდესაც პირველად გავხდი ანალიტიკოსი ფსიქოლოგი, ხშირად ღამის საათებში მუშაობა მიწევდა. ჩემი ბევრი პაციენტი დღის განმავლობაში მუშაობით იყო დაკავებული, რის გამოც მათი მიღება მხოლოდ საღამოობით ან შაბათ-კვირას შემეძლო. ცუდი განრიგი არ იყო, რადგან თავისუფალი დღეები გამაჩნდა, მაგრამ რატომღაც გამუდმებით ვწუწუნებდი და უკმაყოფილო ვიყავი. ჩემი შინაგანი არსების რაღაც ნაწილი საღამოობით თავისუფალ დროს სხვანაირად ატარებდა - მეგობრებს ნახულობდა, მუსიკას უსმენდა, პირადი ცხოვრებით იყო გატაცებული და ასე შემდეგ.
ჩემი ბავშვური ნაწილი გაბრაზდა. შედეგად, არაცნობიერის ირაციონალურმა წყენამ ჩემს პრაქტიკულ ცხოვრებაშ თავისი გზა გამონახა. ჩემი პაციენტების მიმართ გაღიზიანებული ვიყავი. ჩანიშნული შეხვედრები თითქმის მავიწყდებოდა. ასეთი რამ მაშინ ხდება, როდესაც არაცნობიერში ვიღაც რადიკალურად ეწინააღმდეგება იმას, რასაც ეგო აშენებს.
მოცემული პრობლემა აქტიურ წარმოსახვაში გადავიტანე. ჩემს იმ ნაწილს ვეძებდი, რომელიც საკუთარი სამუშაო გრაფიკის მიმართ გაბრაზებული იყო. გამოსახულება, რომელიც გამოჩნდა გახლდათ თავხედი მოზარდი. მან თქვა: "არა! საღამოობით არ ვიმუშავებ! დროის შეგრძნება საერთოდ დაკარგული გაქვს? ესაღამო ემოციების პერიოდია. საღამო მხიარულებით სავსე დროა. საღამო ადამიანების დროა. ეს არ არის სამუშაო დრო".
მასთან ხანგრძლივი საუბარი გავაბი. ხანგრძლივი დროის განმავლობაში უბრალოდ ვუხსნიდი და ისევ ვუხსნიდი: "შეხედე... ჩვენ საარსებო წყარო უნდა ვიშოვოთ. საჭიროა რომ ფული ვიშოვოთ, თუ არადა ქუჩაში აღმოვჩნდებით, მშიერ-მწყურვალი. ჩვენ ეს-ეს არის პროფესიული მუშაობა დავიწყეთ, ამიტომაც პაციენტები მხოლოდ საღამოობით ან შაბათ-კვირას გვყავს. ეს არის პრაქტიკული აუცილებლობა, რომელიც უნდა შესრულდეს".
თავდაპირველად გაშეშებული იდგა, არ იძვროდა და არც არაფერს ამბობდა. მე დავამატე: "ქირის ფულიც უნდა გადავიხადოთ".
მან მიპასუხა: "საერთოდ არ მადარდებს ქირის ფული. უბრალოდ გართობა მინდა და ეს სწორედ ის არის, რის გაკეთებასაც ვაპირებ".
მე ვუპასუხე: "სამაგიეროდ მე მადარდებს ქირის ფული".
მისი პასუხი: "მიდი და იდარდე".
მე ვთქვი: "მუშაობას ვერ შევძლებ თუ ყოველთვის ასეთ გუნებაზე იქნები. შენს გაბრაზებას მეც ვგრძნობ. შენი განწყობა პაციენტებზეც გავლენას ახდენს. რაღაცეები მავიწყდება. პაციენტების მიღება რამდენიმეჯერ არასწორ დროს დავნიშნე". ყველაფერი რაც ითქვა, სიმართლე იყო. ეს იყო ზოგადი ქაოსის ილუსტრაცია, ვინაიდან ჩემი არსების დიდი ნაწილი ჩემივე სამუშაოს წინააღმდეგ აჯანყდა.
ბოლოს ამ ბიჭუნას ყელში ხელი წავუჭირე (რა თქმა უნდა, ჩემს წარმოსახვაში), კედელთან მივაყენე და ვუთხარი: "კეთილი ინებე და მომისმინე, თუ არ გინდა ძალიან ცუდ დღეში აღმოვჩნდეთ. ახლა, რა სახით გარიგებას შეგვიძლა რომ მივაღწიოთ?"
ცხენის გახედნა შემდგომში ასე განვითარდა: იგი დამთანხმდა პაციენტებთან მშვიდად მუშაობას, თუ კვირაში რამდენჯერმე ათი საათისთვის ფილმის სანახავად წავიდოდი და გემრიელ საკვებსაც მივირთმევდი. მრავალი თვის მანძილზე სწორედ ასე ვმუშაობდი. სანამ ფილმის სანახავად დავდიოდი და დელიკატესებს მივირთმევდი, ჩემი შინაგანი ნაწილი თავისუფლად მუშაობის საშუალებას მაძლევდა, მაგრამ თუ რაღაც მიზეზების გამო გასეირნების სესია ერთი ღამით მაინც გამომრჩებოდა, არასრულწლოვანი მეორე დღეს გაღიზიანებული მხვდებოდა. ჩემთვის წარმოუდგენელი იყო, რამდენად დიდი გავლენა ჰქონდა ამ შინაგან პერსონაჟს ჩემს განწყობაზე და ფუნქციონირების ხარისხზე.
მე მის არსებობას არასდროს ვაღიარებდი, სანამ მრავალი წლის შემდეგ იძულებული არ გავხდი ურთიერთობა მომეგვარებინა ამ გაუზრდელ, აუტანელ, თავმოყვარე და მერკანტილურ შინაგან ბავშვთან. ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს ფაუსტმა ეშმაკთან დადო შეთანხმება. გარკვეულწილად ასეთი დიალოგები უფრო მეტად აქტუალურია ვიდრე ღმერთებთან და მთავარანგელოზებთან ამაღლებული საუბრები. ისინი ადამიანის სიცოცხლის ქსოვილს ხელუხლებლად ინარჩუნებენ.
არაცნობიერის მიღება
აქტიურ წარმოსახვასთან მიდგომის უმეტესობა დაკავშირებულია არაცნობიერიდან გამოსახულებების ამოტანაზე, მათი ავტონომიური ძალაუფლების უარყოფითი ეფექტების შემცირებაზე და ცნობიერი ქმედებებით მათთან მშვიდობის დამყარებაზე.
ჩვენ უკვე შევეხეთ ასეთი მიდგომის რამდენიმე ილუსტრაციას. პრაქტიკის პრიცნიპული პირობებია: ეგო-გონების დაცლა და არაცნობიერ შინაარსთან დიალოგი, რომლებიც სპონტანურად ჩნდებიან; შესაძლებელია სიზმრების სპექტრის გაფართოება და წარმოსახვაში სიზმრისეულ ფიგურებთან დიალოგიც; შესაძლებელია ფანტაზიის აქტიურ წარმოსახვად ქცევა; ასევე განწყობების, რწმენა-დამოკიდებულებებისა და ღირებულებების პერსონიფიცირება; და ბოლოს, მითიური მოგზაურობა აქტიური წარმოსახვის გზით.
ამ განყოფილებაში ყურადღებას გავამახვილებ ორ შესანიშნავ მიზანზე, რომელიც აქტიური წარმოსახვის მეორე დონეს ემსახურება. პირველს ვუწოდებ "იერიქონის კედლებს", ხოლო მეორეს ვუწოდებ "უცხოვრებელი ცხოვრებით ცხოვრებას".
იერიქონის კედლები
პრინციპი, რომელიც "იერიქონის კედლების" მიღმა იმალება, მოყვანილია ერთ უძველეს ამბავში:
"უთხრა უფალმა იესოს: დამაცადე, ხელში ჩაგაგდებინებ იერიქონს, მის მეფეს და მებრძოლებს. ირგვლივ შემოუარეთ ქალაქს ყველამ, ვისაც ბრძოლა შეუძლია. ერთხელ დაარტყით წრე. ასე აკეთეთ ექვსი დღის მანძილზე. შვიდმა მღვდელმა ატაროს ვერძის რქის შვიდი ბუკი კიდობნის წინ. მეშვიდე დღეს შვიდგზის შემოუარეთ ქალაქს და მღვდლებმა სცენ ბუკებს. როცა ჩაჰბერავენ ვერძის რქას და გაისმება ბუკის ხმა, დასცეს დიდი ყიჟინა მთელმა ერმა და იქვე ჩაიქცევა ქალაქის კედლები, და ავა ხალხი ქალაქში, თითოეული თავისი გზით". (იესო ნავეს ძე 6:2 - 6:5).
ეს ამბავი უკავშირდება მოვლენას, რომელიც უნდა მომხდარიყო ქრისტეშობამდე 1500-2000 წლით ადრე და იგი თავდაპირველად ზეპირსიტყვიერი ტრადიციით იყო გადმოცემული. თუ ამ ამბავს სიმბოლური კუთხით შევხედავთ, იგი შესანიშნავ არქეტიპულ პრინციპს შეიცავს - ეს არის მისაახლოებლად ერთი შეხედვით შეუძლებელ კონფლიქტებთან მიახლოების გზა ჩვენს არსებაში.
ამ შესანიშნავ ლეგენდაში ხალხი ილაშქრებს იერიქონის ბარიერის წინააღმდეგ, რომელიც ფაქტობრივად აბსოლუტურად მიუწვდომელია. იერიქონს იმთავითვე ჰქონდა ისეთი კედლები, რომლის დანგრევაც წარმოუდგენელი იყო იმ დროისათვის არსებული ნებისმიერი ტექნოლოგიით. მაგრამ მათ ჰქონდათ კონკრეტული რეცეპტი: ეს იყო უბრალო რიტუალი, რომელიც იერიქონის კელდების გარშემო ყოველდღიურ მსვლელობას გულისხმობდა. მათ არ განუხორციელებიათ კედელზე პირდაპირი შეტევა, რადგან ჩანაფიქრშივე ყოველი მცდელობა უშედეგო იქნებოდა. საბოლოოდ, ამ რიტუალური მსვლელობისა და ყიჟინის შემდეგ, კედლები დაინგრა.
ჩვენი შინაგანი მოგზაურობა ხშირად ჰგავს ერთი იერიქონიდან მეორეში მოგზაურობას. ჩვენ მუდმივად ვხვდებით საკუთარ თავში არსებულ დაბრკოლებებს, რომლებიც აუღებელ ციხე-სიმაგრეებად გვეჩვენება, რომელთაც უმტკიცესი კედლები იცავს. ფსიქოლოგიურ ენაზე მათ ავტონომიური კომპლექსები ეწოდებათ, რადგან ისინი იმგვარ კონფლიქტებს განასახიერებენ, რომლებიც მთლიანად ცნობიერი გონების გავლენისა და ცოდნის მიღმა იმყოფებიან. მათ შესახებ მხოლოდ იმ განადგურებების მეშვეობით ვგებულობთ, რომელთაც ისინი ჩვენს ცხოვრებაში და ემოციებში ახდენენ. ცვენ ხშირად ვერ ვპოულობთ გზას გასაგრძელებლად, ადგილს დასადგომად ან მიდგომას, რომელმაც შეიძლება რომ კონფლიქტის გადაწყვეტა მოიტანოს.
შინაგანი პრობლემა, რომელიც გადასწყვეტად ზედმეტად რთულად გამოიყურება, შინაგანი იერიქონის მაგალითს ჰგავს. ეს არის არაცნობიერში არსებული, იერიქონის გალავნით შემოსაზღვრული ქალაქი, ცარიელი ადგილი, სადაც ცნობიერი გონება ვერ აღწევს. შეიძლება თქვენ უიმედოდ ხართ შეყვარებული ადამიანზე, რომელიც თქვენთვის მიუწვდომელია. ეს შეიძლება იყოს ქცევის ნიმუში, რომელსაც ვერაფერს უხერხებთ და ამავდროულად იგი თქვენს ჯანმრთელობას, ურთიერთობებს და პრაქტიკულ ცხოვრებას ანგრევს. პრობლემა ჩვენშია, მაგრამ ჩვენ ვერ ვიგებთ, ვერ ვუმკლავდებით და ვერ ვპოულობთ პირდაპირ გზას მასთან მიახლოებისათვის.
ჩვენი გადმოსახედიდან იერიქონის ისტორია ფსიქოლოგიური პროცესისთვის სიმბოლურ რეცეპტს ასახავს. საკუთარ თავში შეძლებისდაგვარად უნდა მოახდინოთ იმის იდენტიფიცირება, თუ რა არის კონფლიქტი და როგორ შეიძლება მასთან მუშაობა. შემდეგ თქვენ წრე უნდა დაარტყათ ავტონომიურ კომპლექსს; უნდა შეხედოთ მას ყოველი მხრიდან და შინაგანი სამუშაოს რიტუალის მეშვეობით მასში ფსიქოლოგიური ენერგია უნდა შეიტანოთ. როგორც ბიბლიურ ამბავშია მოთხრობილი, საბოლოოდ იერიქონის კედლები იშლება.
იერიქონის ირგვლივ სეირნობას შეუძლია ნებისმიერი ფორმა მიიღოს, თუ თქვენ ყურადღებას გაამახვილებთ ენერგიით შემოფარგლულ ქალაქზე. კონფლიქტების პერსონიფიკაცია ნიშნავს გონებაში გამოსახულებების აღძვრას და მათთან საუბარს. მოიწვიეთ ხალხი ქალაქგარეთ და გაარკვიეთ ვინ არიან ისინი და რატომ გეწინააღმდეგებიან.
აქტიური წარმოსახვაგანსაკუთრების სასარგებლოა იერიქონის კედლების მსგავს კომპლექსებთან მუშაობისას; ნამდვილი ტექნიკა სინთეზს წარმოადგენს: იდეა მდგომარეობს იმაში, რომ შინაგან სამუშაოში შეიტანოთ ყველა ფორმა და თქვენს რეპერტუარში არსებული ყველა მეთოდი. ადამიანი ასეთ დროს იყენებს ყველა შესაძლო ტექნიკას, რომელიც მას გარკვეულ ბერკეტს მისცემს ავტონომიურ კომპლექსზე ენერგიის ფოკუსირებისათვის. ფოკუსი ნარჩუნდება იქამდე, სანამ კომპლექსსა და ცნობიერ გონებას შორის არსებული ბარიერი არ დაინგრევა. თუ მსგავსი სიტუაცია სიზმარში ვლინდება, მაშინ სიზმარხილვის სამუშაოთი უნდა დავკავდეთ და შემდეგ გავაფართოვოთ სიზმრის სპექტრი აქტიურ წარმოსახვაში რათა ვნახოთ, სად მიგვიყვანს იგი.
ვთქვათ, რომ თქვენ დაგეუფლად დეპრესიული განწყობა, რომელიც დღიდან დღემდე უწყვეტად გრძელდება. ამავდროულად თქვენ ვერ ხვდებით რატომ ხართ ასეთ განწყობაზე რადგან ერთი შეხედვით ისეთი არაფერი მომხდარა რომ თქვენში მსგავსი შეგრძნებები გამოეწვია. ასეთ დროს თქვენი დეპრესია არის შინაგანი იერიქონი.
როგორ უნდა მივუახლოვდეთ მას? პირველ რიგში, საჭიროა დეპრესიის პერსონიფიკაცია. შედით თქვენს წარმოსახვაში და მოძებნეთ გამოსახულება ან ფიგურა რომელიც თქვენს დეპრესიას განასახიერებს. ახლა, დაიწყეთ თქვენი ლაშქრობა იერიქონის კედლების გარშემო. დაელაპარაკეთ თქვენს დეპრესიას. იარეთ თქვენი დეპრესიის გარშემო და შეხედეთ მას ყველა მხრიდან. ესაუბრეთ ფიგურებს, რომელიც აქტიურ წარმოსახვაში მოვლენ და გაიაზრეთ, რასაც ისინი დეპრესიის შესახებ გეტყვიან. რა არის ეს? საიდან გაჩნდა? ჩვეულებრივ, დეპრესია ინფლაციას აბალანსებს. მაგრამ თავად ინფლაცია რას აბალანსებს? რა იციან მათ ამის შესახებ? ალბათ ერთ-ერთი მათგანი აღიარებს, რომ დეპრესიას თავად განასახიერებს და მას დეტალურად შეუძლია გესაუბროთ დეპრესიის შესახებ.
აქტიური წარმოსახვის პრაქტიკის გარდა, ყურადღებას ვაქცევთ სიზმრებს და ფანტაზიებს. ჩვენ ვიწერთ ყველა სიზმრისეულ გამოსახულებას, ყველა წარმოსახვით გამოსახულებას და ყველა იდეას, რომელიც ჩვენს თავში მოდის, თითქოს ისინი შინაგან იერიქონს ეხება. უპირველეს ყოვლისა, ჩვენ ყოველდღირად ვაგრძელებთ შინაგან პერსონაჟებთან საუბარს. ამოიტანეთ ზედაპირზე თქვენი გრძნობები. მოითხოვეთ ინფორმაცია; ითხოვეთ ხელმძღვანელობა. გაწირეთ ინფლაცია, იდეალი ან პრეტენზიები, რომელიც დეპრესიის მიერ არის კომპენსირებული.
იერიქონის ლეგენდის მსგავსად, ყოველდღიურად შემოიარეთ შინაგანი კედლები. ერთ დღესაც, გააკეთეთ აქტიური წარმოსახვა. შესაძლოა ამ დღეს არაფერი დრამატული ამოვიდეს არაცნობიერიდან, მაგრამ თქვენ გაკეთებული გექნებათ რიტუალური სამუშაო: კომპლექსში ცნობიერი ენერგია უკვე ჩადებულია. მომდევნო დღეს შეიძლება გახდეს ფანტაზიის ძლიერი საგანი. ჩამოწერეთ და გააანალიზეთ იგი ისე, როგორც სიზმრებთან დაკავშირებით აკეთებთ; გამოიყენეთ სიმბოლოები და შეეცადეთ გაიგოთ თუ რა ხდება ღრმად არაცნობიერში. მეორე დილით შესაძლოა ნახოთ სიზმარი. მას შემდეგ, რაც თქვენ ამდენ ენერგიას დებთ შინაგან იერიქონში, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ სიზმარი სწორედ ამ თემას ეხება, ამიტომ დღის დარჩენილ ნაწილში იერიქონის კედლების გარშემო მსვლელობა სიზმარხილვის სამუშაოს ემსახურება. ალბათ ინტერპრეტაციის შედეგად გამაოგნდებით როდესაც აღმოაჩენთ, თუ რას წარმოადგენს სინამდვილეში თქვენი კონკრეტული, შინაგანი იერიქონი.
ყოველდღიურად, ამა თუ იმ ფორმით განაგრძეთ ავტონომიური კომპლექსის გარშემო სიარული. საბოლოოდ, კედლები ჩამოიშლევა და თქვენც დაიწყებთ იმის დანახვას, თუ რა არის იქ და რა უნდა გაკეთდეს ამის შესახებ.
აქ მუშაობის პრინციპი არის ენერგიის აკუმულირების ამოცანა. ადამიანი იწყებს ენერგიის ინვესტიციას და ცნობიერების ენერგიის შინაგან კომპლექსში ჩადებას. შედეგად ერთი შეხედვით აუღებელი კედლები იშლება. კომპლექსში საბოლოოდ იჭრება ცნობიერება. თქვენ შედიხართ ქალაქში და გებულობთ თქვენი არსების რა ნაწილი ცხოვრობს მასში და რატომ გამოგიცხადათ მან ომი.
ამ სასწაულებრივი პროცესის ერთ-ერთი მოთხოვნა იმაში მდგომარეობს, რომ ჩვენ არ ველით მყისიერ შედეგებს. ზოგჯერ შედეგები საოცრად სწრაფად მოდის მაგრამ გახსოვდეთ, რომ ასეთ დროს საქმე გაქვთ საკუთარი არსების ისეთ ნაწილებთან, რომლეც მთლიანად დალუქული და ცნობიერებისთვის აბსოლუტურად შეუვალი იყო წლების განმავლობაში. ამ პროცესს დრო უნდა მივცეთ და მოთმინებით უნდა გავყვეთ მას.
ძველ ბიბლიურ ამბავში ღმერთმა იესო ნავეს ძეს იერიქონის კედლების გარშემო შვიდ დღიანი მსვლელობა დაავალა. ციფრი შვიდი შინაგანი დროის სრული ციკლის სიმბოლოა, რომელიც ცნობიერების სრული ევოლუციისათვის არის საჭირო. თქვენი იერიქონის შინაგან გამოცდიკებას დასჭირდება დროის შვიდი შინაგანი ერთეული - რეალურად რამდენი დროც არ უნდა დასჭირდეს; ეს შეიძლება იყოს შვიდი დღე, შვიდი კვირა, შვიდი თვე ან შვიდი წელი.
ერთი რამ ცხადია: თუ თქვენ კედლების გარშემო ყოველდღიურ მსვლელობას დაიწყებთ, საბოლოოდ შედეგსაც დაინახავთ. არ უნდა დაიტანჯოთ პასიურ მდგომარეობაში. რაღაცის გაკეთება ყოველთვის შეგიძლიათ. შეგიძლიათ მოუხმოთ შინაგანად არსებული ძლიერი ძალების დახმარებას და მსვლელობა დაიწყოთ. თქვენ უბრალოდ უნდა ჩადოთ ენერგია, შეასრულოთ რიტუალი და შედეგიც მოვა. რაც არ უნდა სულელურად გრძნობდეთ თავს, არ აქვს მნიშვნელობა რამდენად სუსტად ან არაკომპეტენტურად გამოიყურება შინაგანი კომპლექსის სახე. თქვენ მსვლელობით მიდიხართ, შედეგად კი კედლები ინგრევა.
ეს ჩვეულებრივ იმაზე სწრაფად ხდება, ვიდრე თქვენ მოელით. მე მინახავს ხალხი, რომლებიც ამ უაღრესად კონცენტრირებულ ტექნიკას გმირული გამბედაობით ათეულობით წლის მანხილზე აპრაქტიკებდა, მაგრამ შემდგომში აღმოუჩენიათ, რომ პრობლემა სამ-ოთხ დღეში გვარდებოდა ინტენსიური ძალისხმევის შედეგად!
მაგრამ სხვა იერიქონები შეიძლება უფრო რთული იყოს. ისინი არაცნობიერის ძალიან ღრმა ადგილებში იმყოფებიან. გარკვეული გაგებით ეს არის „ცხოვრებისეული პრობლემები“, რომლებიც ჩვენთან წლების განმავლობაში რჩებიან და ჩვენი ზრდისათვის აუცილებლობას წარმოადგენენ. ისინი გვტანჯავენ, მაგრამ სანაცვლოდ სიმწიფესა და ინდივიდუალურობას გვაძლევენ.
ამ „ცხოვრებისეულ პრობლემებთან“ გამკლავების ილუსტრაციას იერიქონის კედლები ძალიან კარგად ასახავს. თუ თქვენ მოახერხებთ თქვენთვის მტანჯველი საკითხის პერსონიფიკაციას და იერიქონის აღმოჩენას, იმასაც გაიგებთ, რომ თქვენი ზოგიერთი პრობლემა და დაბრკოლება თქვენი ნამდვილი მეგობრები არიან. ჩვენი ჭრილობები ჩვენი განკურნების წყაროდ იქცევიან.
უცხოვრებელი ცხოვრებით ცხოვრება
აქტიური წარმოსახვის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი დონის გამოყენება არის მნიშვნელობის პოვნა, რითაც საკუთარი არსების აქამდე უცხოვრებელი ნაწილების გამოცდა შეგვიძლია.
ჩვენ ყველანი არქეტიპების, ენერგიებისა და შესაძლებლობების მდიდარი ნაზავი ვართ. ზოგიერთ ჩვენს შიგნით არსებულ შესაძლებლობებს არასოდეს ვიყენებთ, რადგან ისინი „ცუდად“ გამოიყურებიან ან „არ გვეკადრება“. ჩვენი ეგოები მიდრეკილნი არიან მათტვის გაუგებარი საკითხების კლასიფიცირება მოახდინონ როგორც რაღაც „ცუდი“ და ბუნებრივია, ჩვენ თავს ვარიდებთ ისეთ საგნებს შევხედოთ, რომელიც უსიამოვნო შეგძნებას გვანიჭებს. მაგრამ თუ ჩვენ შევძლებთ ეგოს ცრურწმენების გარშემო გამოსავლის პოვნას, აღმოვაჩენთ, რომ აქამდე განუყრელი და რეპრესირებული თვისებები ჩვენს ყველაზე ძლიერ მხარეებს წარმოადგენენ.
ალბათ, მთავარი მიზეზი იმისა, თუ რატომ გვაქვს უამრავი „უცხოვრებელი ცხოვრება“ ის არის, რომ ადამიანის სიცოცხლე არ არის საკმარისად ხანგრძლივი, რათა თითოეული შინაგანი პიროვნების, ნიჭის, პროფესიის და პოტენცილის გამოცდილება მოასწროს.
გზის რაღაც მომენტში ჩვენ ყველა ვაკეთებთ არჩევანს. პიროვნებამ შეიძლება იგრძნოს, რომ მას აქვს საკონცერტო პიანისტის ნიჭი მაგრამ ამავდროულად იმასაც ხედავდეს რომ ასევე აქვს ბიზნესის ნიჭიც; შედეგად იგი გარკვეული გადაწყვეტილებების ფონზე აღმოაჩენს, რომ ადის კორპორატიულ კიბეზე და თავის ცხოვრებას ბიზნეს სამყაროს გარშემო აწყობს.
ანალოგიურად, შეიძლება მთლიანად საქმეზე და კარიერაზე ორიენტირებულმა ქალმა აღმოაჩინოს, რომ წლების მანძილზე მისი შინაგანი არსების რაღაც ნაწილს ყოველთვის სურდა ოჯახში შვილებთან ერთად ყოფნა და დიასახლისობა. შესაძლოა სსაკუთარ თავში აღმოაჩინოს ისეთი ნაწილიც, რომელიც რელიგიური ცხოვრებისაკენ და მონაზვნობისკენ არის მიდრეკილი.
აქტიურ წარმოსახვაში ჩვენ შეგვიძლია აღმოვაჩინოთ საკუთარი არსების მსგავსი უცხოვრებელი ნაწილები და განვიცადოთ მათი ცხოვრება მნიშვნელოვან ასპექტში. შესაძლებელია მსგავს ნაწილებთან ერთად ვიცხოვროთ სიმბოლურ დონეზე და ეს ხშირად იმაზე მეტად აკმაყოფილებს შინაგან ნაწილებს, ვიდრე მათი გარეგნულ ასპექტში განცხოვრება. როგორც ჩანს, ღმერთი და ბუნება მთლიანად ჩვენ გვაბარებს პასუხისმგებლობას, თუ როგორ გამოვიყენებთ ცნობიერად ამ გამოცდილებას. თუ მათით შინაგანად სიმბოლური გამოცდილების დონეზე ვცხოვრობთ, ურთიერთობა უფრო ღრმად მიდის, უფრო ინტენსიურია და უფრო მეტ ცნობიერებასაც აწარმოებს.
ათი სიცოცხლეც კი არ იქნება საკმარისი ყველა იმ ადამიანთან დასაქორწინებლად, რომლებიც ადამიანს უყვარდა; არც იმ პროფესიისა და ინტერესების მიყოლისათვის, რომლითაც სარგებლის მიღება შეგვიძლია. მაგრამ თუ ამ შეუცვლელ შესაძლებლობებს უგულებელვყოფთ, ისინი შეიძლება გაუარესდეს. მათ საკუთარი თავის ნწარმოჩენა ბევრად უფრო არასასიამოვნო გზებითაც შეუძლიათ. ჩვენ შესაძლოა ნოსტალგიური დამოკიდებულებით ვიფიქროთ, თუ "რა იქნებოდა, ყველაფერი სხვანაირად რომ მომხდარიყო". ან შეიძლება ძალიან გავბრაზდეთ და ჩვენი წარუმატებლობა ბედ-იღბალს ან სხვა ადამიანებს დავაბრალოთ, ჩვენი უარყოფისთვის.
როგორიც არ უნდა იყოს ეს სხვა ცხოვრება, თქვენ მაინც შეგიძ₾იათ მათით ცხოვრება, თუ მათ დათანხმდებით, როგორც შინაგან გამოცდილებას. სიზმარში და წარმოსახვაში თქვენ შეგიძ₾იათ იცხოვროთ აქამდე უცხოვრებელი ცხოვრებით; აქტიურ წარმოსახვაში თქვენ შეგიძლიათ განიცადოთ მისი როგორც უარყოფითი, ასევე დადებითი მხარეები. დიდი ალბათობით თქვენ ხანდახან იმასაც აღმოაჩენთ, რომ ეს არც თუ ისე მშვენიერია, როგორც თქვენი განვლილი ცხოვრება. მაგრამ მნიშვნელოვანია რომ თქვენ განიცადოთ ყველა ძირითადი ენერგეტიკული სტრუქტურის ტოტალურობა და იცხოვროთ მათი მეშვეობით ცნობიერი გზით.
მე ვიცნობ კაცს, რომლსაც ძალიან ძლიერი რელიგიური მოწოდება აქვს. მიუხედავად იმისა, რომ იგინ არასოდეს გამხდარა მღვდელი ეკლესიაში, იგი ყველა პრაქტიკული ატრიბუტიკითა და დატვირთვით ცხოვრობს, როგორც ბერი. იგი ბაკალავრის წოდებაზე შეჩერდა და თავშეკავებულ ცხოვრებას ეწევა; დღეთა უმეტესობას ლოცვაში, ჭვრეტაში და შინაგან სამყაროზე მედიტაციაში ატარებს. იგი ამავდროულად ძალიან მნიშვნელოვან როლს ასრულებს საკუთარ ოჯახში. მას აღიქვამენ როგორც საუკეთესო მრჩეველს და ხშირად ესაუბრებიან სხვადასხვა საკითხის განმარტების მიზნით, შინაგანი სამყაროს შესახებ.
რამდენიმე წლის წინ ამ კაცს გასაოცარი რამ დაემართა. მას ერთ მშვენიერ ღამეს ესიზმრა, რომ იტალიაში ცხოვრობდა. მას ჰყავდა ძალიან ლამაზი იტალიელი მეუღლე და რამდენიმე შვილი, რომლებიც სოფელში მასთან ერთად ცხოვრობდნენ. ეს სიზმარი თავისთავად გასაკვირი არ არის, მაგრამ გასაკვირი ისაა, რომ იმავე სიზმარი გაგრძელდა მეორე დღეს, მესამე დღეს და ასე უწყვეტად კვირიდან კვირამდე, ზედიზედ რამდენიმე თვის განმავლობაში.
ყოველ ღამე მამაკაცი სიზმარში ბრუნდებოდა იმავე სოფელში, იმავე ცოლთან და შვილებთან და მეუღლისა და მამის სრული ცხოვრებით ცხოვრობდა. მას ძალიან უყვარდა თავისი ცოლი, ხანდახან კამათობდა კიდეც მასთან, უვლიდა თავის შვილებს და შრომობდა მათ შესანახად. იგი დადიოდა სამსახურში და სახლში უზარმაზარი ჩანთები მოჰქონდა, რათა ოჯახი სათანადოდ გამოეკვება. მან გაიარა ყველანაირი სახის სიხარული და მწუხარება რასაც ოჯახის კაცი განიცდის ცოლთან და შვილებთან ცხოვრებისას. ეს პროცეში საღამოობით უწყვეტად გრძელდებოდა თითქმის ერთი წლის განმავლობაში. იმ ერთ წელიწადში ოცი წლის ოჯახური ცხოვრება ჩაეტია! ყოველ დილით მამაკაცი ოჯახური მუშაობისგან დაღლილი იღვიძებდა.
იგი თანდათანობით მიეჩვია ოჯახურ ცხოვრებას და მოუთმენლად ელოდა ღამის დადგომას, რადგან ყოველ ღამე საკუთარ ცოლსა და შვილებს ხედავდა და ახალ თავგადასავლებს ელოდა. შემდეგ, უეცრად, მისი იტალიურ სოფელში ცხოვრება ამ სიზმრით დასრულდა.
"ისევ ძალიან ბევრს ვმუშაობ, ვცდილობ ჩემს ოჯახზე ვიზრუნო. ძველი ნაგებობის ნანგრევებს ვწმინდავ. სახლის უძველეს კედელს ჰგავს, რომელიც თითქოს მრავალი საუკუნის წინ დაეცა.
მუშაობისას დამსხვეული ქვების ქვეშ ძალიან ძველი ვარდის ბუჩქი აღმოვაჩინე. მრავალი წლის განმავლობაში ქვების ქვეშ ყოფნის გამო მკვდარივით გამოიყურება, თითქოს გაქვავებულია. რატომღაც შინაგანად ვიცი, რომ ეს ვარდი ძალიან ძველია და ამ მიწაზე იქამდე იზრდებოდა, სანამ ეს სოფელი დაარსდებოდა. იგი სასიცოცხლო ძალას და სიცოცხლის დაპირებას ატარებს, რომ ჩემი ოჯახისა და სოფლის თაობის ცხოვრება გაგრძელდება და კიდევ დიდხანს იარსებებს.
მაინც ვგრძნობ, რომ ვარდი მკვდარი არ არის, ის ცოცხალია. პატივისცემით და ფრთხილად ვიღებ და ჩემს ბაღში მიმაქვს. ჩემი ბაღი იდეალურად გამოიყურება, იგი სახლის კედლებით არის შემოსაზღვრული და ძალიან ლამაზი სტილი აქვს. ვარდის ბუჩქისთვის ბაღის ცენტში სპეციალურად მისთვის ადგილს ვანთავისუფლებ. ყველა მიყურებს, მათ შორის ჩემი მეუღლე და შვილები; ისინი დამცინიან და მეუბნებიან, რომ ისევ დონ კიხოტივით ვიქცევი. ისი ამბობენ, რომ საუკუნეების მანძილზე ქვების ქვეშ ყოფნის გამო არ შეიძლება ვარდი ცოცხალი იყოს. მაგრამ მე დარწმუნებული ვარ რომ ვარდი ცოცხალია და დაჟინებით მოვითხოვ მის დარგვას.
ფრთხილად ვამზადებ მიწას, ვარდის ბუჩქს მასში ვდებ, მიწას ვუფხვიერებ და ვრწყავ. როგორც ჩანს, გარკვეული დრო გადის. ვხედავ, რომ ვარდის ბუჩქი ჩვენს თვალწინ ცოცხლდება. ნელ-ნელა გამოაქვს მწვანე ფოთლები და ბოლოს, ჩვენს წინაშე სრულყოფილი წითელი ვარდი იფურჩქნება.
ეს ბრწყინვალე სიზმრისეული გადაწყვეტა გვეუბნება, თუ რა იდო სასწორზე მთელი ამ ხნის განმავლობაში, როდესაც მამაკაცი საღამოობით თავის იტალიურ სოფელში ცხოვრობდა. ეს იყო თვითობა; საკუთარი არსების მთლიანობა. ვარდი არის არქეტიპული თვითობის დიადი სიმბოლო, რომელიც ლათინურ ეკლესიაში ერთდროულად სულიწმიდასთან და ქრისტესთან ასოცირდება. თვითობა ანტიკური ვარდია, რომელიც ადამიანის ცხოვრების ცენტრში ყვავის. ეს არის პირველყოფილი შინაგანი ერთიანობა, რომელიც ამ ადამიანმა თავის ინდივიდუალურ სულში ააყვავა და შინაგანი და გარეგანი ცხოვრებით საკუთარი არსების სხვადასხვა ნაწილი გააერთიანა.
როგორც ხედავთ, ამ კაცში ორი ძალიან ძლიერი ენერგია მიედინებოდა. ერთი იყო სულიერი სამყაროსადმი განკუთვნილი ჭვრეტა და მეორე გახლდათ ლმობიერი, ოჯახური ცხოვრებით ცხოვრება. იგი თავისი ბუნების ერთი მხარის გამოვლენით დილის ცნობიერ საათებში ცხოვრობდა, ხოლო სიზმრის მიწებზე საკუთარი არსების მეორე მხარეს ავლენდა. ვარდის სიმბოლიკამ ბოლო სიზმარში მამაკაცს აცნობა, რომ ოჯახური ცხოვრება კიდევ ერთი გზაა უმაღლესი ცნობიერებისაკენ, სულიერ ცხოვრებასთან ერთად.
ეს უცხოვრებელი ცხოვრება იგივე ასპექტში მთლიანად შესანიშნავად შესაძლოა განხორციელებული იქნეს აქტიური წარმოსახვის მეშვეობითაც.
ერთ დროს კლდისპირა სახლში ვცხოვრობდი, რომელიც ოკეანეს გადაჰყურებდა. ყოველ დილით სამსახურეობრივ სამოსს ვიცვამდი და სან დიეგოში, ჩემს ოფისში მივდიოდი. მე ძალიან დიდი პასუხისმგებლობით სავსე პოზიცია მქონდა - პაციენტები მელოდნენ, მეგობრები მყავდა, კარგი სახლი გამაჩნდა. მთლიანად სრულფასოვანი უნდა ვყოფილიყავი - ან უბრალოდ, ასე მიმაჩნდა.
სამსახურისკენ მიმავალ გზაზე, ცნობიერების კიდეებიდან ჩემამდე ფანტაზია მოიჭრა. ჩემი სახლის გარეთ ვიდექი და ერთ-ერთ "სერფერს" ვუყურებდი:სერფერები მთელ დღეს თავიანთ სერფინგის დაფებთან ერთად სანაპირპზე ატარებენ და ნაღევარ ღამეს კოცონის პირას სერფერ გოგონებთან ერთად სხედან. ლუდს სვამენ, ეწევიან მარიხუანას და რამდენადაც ვხედავ არასდროს ჩაუცვამთ სამუშაო სამოსი და არ უმუშავიათ რუტინული გრაფიკით, არასდროს უნერვიულიათ გადასახადების გადახდაზე და ასე შემდეგ.
ფანტაზია თავში მოულოდნელად და დაუპატიჯებლად ამოხტა არაცნობიერიდან: "თუ ჩემს პროფესიაშ რაიმე დაუფქრებლობას ჩავიდენ, ეკლესიიდანაც გამომაგდებენ და პროფესიული სტატუსიდანაც, როგპრც ფსიქოლოგი. შემდეგ შემეძლება ვიყო ბედნიერი, უპასუხისმგებლო ბოზი, როგორც ის სერფერები არიან, ყოველ დღე რომ ვუყურებ".
ფანტაზია გონებიდან განვაგდე; ძალიან სულელურად - ზედმეტად სულელურად მეჩვენა. არც იმდენად სერიოზული ფანტაზია იყო, რომ მისთვივის ყურადღება მიმექცია. მაგრამ სხვადასხვა ვერსიები ისევ და ისევ მოდიოდა ჩემს გონებაში. საბოლოოდ გადავწყვიტე, რომ ამით ჩემი არაცნობიერიდან რაღაც ნაწილი ყურადღების მიქცევას ცდილობდა და მოცემული ფანტაზია მივიღე, როგორც აქტიური წარმოსახვის ნაწილი. ჩემმა აქტიურმა წარმოსახვამ ორი ფორმა მიიღო: ნაწილობრივ ეს იყო დიალოგი ჩემს შიგნით არსებულ სერფერთან და ნაწილობრივ, მე ვიმყოფებოდი კოცონთან ქალებისა და მამაკაცების გვერდით, რითაც მათ წვეულებებს და შინა წრეს შევუერთდი, სადაც თამაშისა და გართობის გარდა არაფერი იყო გასაკეთებელი.
შინაგან სერფერთან ჩემი დიალოგი დაახლოებით ასე წარიმართა:
სერფერი:
შეხედე, შენ ქურთუკიანი და ჰალსტუხიანი ცხოვრებით ცხოვრობ. ეს არის ის, რასაც შენ აკეთებ. ლექციებს ატარებ, პატივს გცემენ, ფული გაქვს. ლამაზი სახლიც გაქვს ოკეანის პირას, მაგრამ შენ არ ხარ ისეთი ბედნიერი, როგორიც მე!
რობერტი:
ჰოო... შესაძლებელია.
სერფერი:
ახლა შეხედე ყველა იმ ბიჭსა და გოგოს სანაპიროზე მთელი დღის განმავლობაში. შენ ფარულად გშურთ მათი. ისინი მზისგან გარუჯულები არიან, სრულად შეიგრძნობენ ცხოვრებას და არ სჭირდებათ რაიმე სახის ჩეკების განაღდება და ბალანსირება. ისინი მართლა ბედნიერები არიან!
ამ ეტაპზე, ჩემმა პატივცემულმა სამყარომ, მთელი თავისი პროფესიონალური ნიშითა და ჰალსტუხებით, ჩამოშლა დაიწყო. დიალოგი გაგრძელდა და უფრო დამძიმდა:
სერფერი:
ახლა შეხედე! მარიხუანას მოწევის გეშინია და იპოთეკურ გადასახადებზე ხარ დამოკიდებული, რომ როგორმე შენი საოცნებო სახლიდან არ გამოგაპანღურონ. შეგიძლია მოხვიდე, ჩვენთან ერთად გაერთო და ჩვენსავით ბედნიერი გახდე. მე გასწავლი, როგორ გამოიმუშაო ფული ნარკოტიკებით. შენ შეგიძლია ისევე ბედნიერი იყო, როგორც ჩვენ.
იმედია ახლა ხედავთ, რატომ არ გვიყვარს და არ გვსიამოვნებს საკუთარი არსების ამგვარ ასპექტებს შევხედოთ. ამ დროს პასუხის გაცემა დავიწყე:
რობერტი:
მაგრამ მე მომწონს ჩემი სახლი კლდეზე. მომწონს ჩემი სტუმრები, რომლებიც ჩემთან მოდიან. როდესაც ვიღვიძებ და ოკეანეს გავცქერი, ის ისეთი ლამაზია. მე არ მინდა ამის დათმობა. ჩემი სამუშაოც მომწონს: მიყვარს იმის ყურება, თუ რა ემართებათ ადამიანებს, როდესაც სერიოზულად აღიქვამენ ანალიტიკურ სამუშაოს და ცნობიერებაში ნამდვილ ევოლუციას განიცდიან. ,ე მიყვარს იმ მღელვარების ყურება, რომელსაც ხალხი განიცდის შინაგან სამყაროში შესვლის შედეგად. ჩემი პროფესია შეიძლება ხანდახან დახშულ და რუტინული ჩანდეს, მაგრამ ეს რაღაც ძალიან მაღალისა და ძალიან ლამაზის გამოცდილებაა.
სერფერი:
მაგრამ პაციენტები არ გღლიან და არ გაავადებენ? არ იღლები გამუდმებით ამხელა პასუხისმგებლობის გამო? არ დაიღალე სხვა ადამიანების ჩივილის მოსმენით?
რობერტი:
ხანდახან. მაგრამ აქ ასევე ძალიან ძვირფასი და ღირებული რამაა დაფარული და მე იგი არ უნდა გავცანადგურო. მომწონს პატიოსანი ცხოვრებით შრომა. მომწონს, რომ ბანკში გარკვეულ თანხას ვფლობ, მომწონს გაჭირვებული მეგობრების დახმარება და მომწონს როდესაც გამუდმებით არ მიწევს იმაზე ფიქრი, თუ რითი უნდა ვიარსებო და გამოვიკვებო მომდევნო კვირის განმავლობაში. მინდა, რომ საკუთარ თავში დარწმუნებული ვიყო.
ისტორიკოსმა არნოლდ ტოინბმა თქვა, რომ დასავლეთ ევროპაში ორი დიდი არქეტიპი არსებობს, რომლებიც პრიმიტიულ დონეზე ჩვენს ინდივიდუალურ სულში ჯერ კიდევ ებრძვიან ერთმანეთს: ერთის მხრივ, ეს არის მიწის მესაკუთრე, საზოგადოებრივი ცხოვრებით მცხოვრები პირი; მეორეს მხრივ კი ეს არის მომთაბარე ადამიანი, რომელიც მუდმივად ნაკლებ პასუხისმგებლობას და უფრო თავისუფალ ცხოვრებას მიელტვის. ასეთი ტიპი უარს ამბობს რაიმე სახის დამოკიდებულებაზე და პასუხისმგებლობაზე.
საკუთარ თავში რაღაც ძალიან ღრმას შევეხე. ჩემს ნაწილს რაღაც მეტი უნდოდა, ვიდრე ჩემი "ჰალსტუხიანი სამყარო". შემეშინდა. ვგრძნობდი, რომ ნამდვილად შემეძლო ამ ყველაფერზე უარის თქმა და იმად გახდომა, რაც ფარულად მინდოდა ვყოფილიყავი. ასე ხდება ჭეშმარიტი აქტიური წარმოსახვის შემთხვევაში. როდესაც თქვენ შეხვალთ თქვენივე არსების რეალურ ნაწილთან, თქვენ შესაძლოა ეს იგრძნოთ როგორც რაღაც საფრთხე, მუქარა. შეიძლება მუხლები აგიკანკალდეთ. მაგრამ თქვენ უსაფრთხოდ ხართ, რადგან ამ ყველაფერს აქტიური ფანტაზიის კონტროლირებად ლაბორატორიაში აკეთებთ. შეგიძლიათ ისეთი რამ გარისკოთ, რასაც სხვანაირად ვერ გაბედავდით; შეგიძლიათ ისეთ რაღაცას დაუპირისპირდეთ, რაც სხვაგვარად სასიკვდილო იქნებოდა.
ამ აქტიური წარმოსახვის საბოლოო შედეგი ის იყო, რომ მე მშვიდობიანად მოვგვარდი სერფერთან. ამისათვის სრულებით არ მომიწია დანაშაულის ჩადენამ და პატივცემული საზოგადოებიდან გაძევებამ. მაგრამ ამისათვის დამჭირდა დამენახა, რომ ჩემში აქამდე უცხოვრებელი ცხოვრება იმალებოდა, რომელიც ცხოვრების შესაბამის დონეს ელოდა. ასეთი ცხოვრების პირველი შესაბამისი დონე აქტიური წარმოსახვა გახლდათ. მაგრამ მას შემდეგ მე აღმოვაჩინე სხვა დონეებიც, რომლებიც ჩემს ფიზიკურ ცხოვრებას ერწყმის.
ეს არის იგივე დიონისური, სექსუალური, მომთაბარე თვისება, რომლის მეშვეობითაც მე ხალისიანი გამოცდილებით ვიკვებები. მიეცით შინაგან ნაწილებს სიცოცხლის შანსი და აღმოაჩენთ, რომ მათში შენიღბული წმინდა კაცები და სიბრძნეები იმალებიან.
სულიერი განზომილებების გამოცდილება
აქტიური წარმოსახვის მესამე დონე ძალიან ჰგავს იმას, რასაც ადამიანები ხილვებს უწოდებენ. ზოგადად, ამ დონეზე საუბარი რთულია. თუ ამ საკითხს ზედმეტად ფსიქოლოგიური და ანალიტიკური კუთხით მივუდგებით, ჩვენ ხელიდან დაგვისხლტება ამ სახის გამოცდილების ნამდვილი ძალა და მნიშვნელობა. მაგრამ როდესაც აღწერილობისა და გამოცდილების მიზნით პოეტურ და რელიგიურ ენას ვიყენებთ, ჩვენ სწორ ნიადაგზე ვდგავართ.
ვიზუალური გამოცდილება არის არაცნობიერის ამოფრქვევა, რომელსაც შუა საუკუნეების მისტიკოსები ცნობიერების ერთიან ხედვას ეძახდნენ. ადამიანს იტაცებს გამოსახულება ან მოვლენათა ნაკრები, რითაც იგი სილამაზის, ცხოვრების აზრის და ჭეშმარიტი ერთიანობის არსს განიცდის.
როდესაც ეს გამოცდილება მოდის, მას ყოველთვის აქვს ძლიერი გავლენა. დაახლოებით ერთი დღის შემდეგ, შესაძლოა ადამიანმა გამოცხადების ინტენსივობა დაკარგოს. შესაძლოა ადამიანი ჩვეულებრივ დაბრუნდეს სოციალურ ცხოვრებაში და ცხოვრებისეულ წვრილმანებთან ჰქონდეს შეხება, მაგრამ რატომღაც ამ სახის ვიზუალური გამოცდილების მეხსიერება არაცნობიერ დამოკიდებულებებზე ძალიან ღრმა დონეზე მუშაობს. ადრე თუ გვიან მას მოაქვს რწმენის გრძნობა, რომელიც აქამდე არ იყო, ასევე ცხოვრების მნიშვნელობის ცოდნა, რაც აქამდე არ ვიცოდით.
ასეთი გამოცდილებას აქტიურად არ უნდა ეძებდეთ: თუ მას რაიმე სახის მიღწევად აღიქვამთ, თქვენ სულიერ გამოცდილებას მიღწევის და წარმოების ასპექტში აყენებთ, რაც უფრო მეტად ხელს უწყობს თქვენივე ეგოს გაფუყვასა და ინფლაციას.
უმჯობესია მხოლოდ თქვენი თავმდაბალი შინაგანი სამუშაოთი დაკავდეთ. როდესაც საკმარის შრომას შეასრულებთ და არაცნობიერში საკმარის ენერგიას ჩადებთ, ვიზუალური გამოცდილება მოულოდნელად და დაუპატიჟებლად მოვა. თუ იგი არ მოდის, ეს ნიშნავს, რომ ამ ეტაპზე არც გჭირდებათ. საჭიროა უბრალოდ ვიცოდეთ მსგავსი საფეხურის არსებობის შესახებ და მასთან გამკლავება შეგვეძლოს.
აქტიური წარმოსახვის ამ დონის ჭეშმარიტი გამოცდილება სწორედ მაშინ მოდის, როდესაც ადამიანი ყველაზე ნაკლებად ელის მას. შეიძლება ქუჩაშ სეირნობდეთ და აღმოაჩინოთ, რომ ხალხი, ქუჩები და შენობები სპონტანურ ხილვად გადაიქცა. ტროტუარები და შენობები ფიზიკურად არ იცვლება, მაგრამ აქტიური წარმოსახვა იფეთქებს ცნობიერების დონეზე და აწარმოებს ხედვას, რომელიც მას ფიზიკურ გარემოსთან აერთიანებს. ისინი ისეთ რაღაცას განასახიერებენ, რაც ტრანსცენდენტური და მარადიულია.
შესაძლოა გეგონოთ, რომ ისინი სულელურად და უაზროდ ჟღერენ, მაგრამ როდესაც მსგავსი ხილვები და გამოცდილებები ადამიანის არაცნობიერიდან სპონტანურად ამოდის, ადამიანი შინაგანად მის სინამდვილეს და ჭეშმარიტებას განიცდის. პიროვნებას აღარ სჭირდება სხვების მოსმენა და არც ის, რომ ვინმეს რაიმე უმტკიცოს. ერთი მომენტიდან მეორე მომენტამდე, თქვენ თავად იცით საკუთარი გამოცდილების შესახებ.
ეს არის ხილვის მნიშვნელობის მთავარი არსი და აქტიური წარმოსახვის გული: ესაა საკუთარი გამოცდილების მეშვეობით ღრმა ცხოვრებისეული ჭეშმარიტებების შესწავლა, რაც არ შეიძლება რომ ერთიდან მეორე ადამიანს სიტყვიერად გადაეცეს; მაგრამ კოლექტიურ არაცნობიერთან ჭეშმარიტი კავშირი ყველა ადამიანს გააჩნია. ამ გაგებით, ჩვენ მხოლოდ იმის სწავლა შეგვიძლია, რაც უკვე ვიცით არაცნობიერ დონეზე.
სერენ კიერკეგორმა სწორედ ეს პრინციპი გამოთქვა, როდესაც თქვა, რომ არავის შეუძლია სხვას რწმენა მისცეს. იგი გულისხმობდა, რომ არავითარ სწავლებას, ვერავითარ სიტყვებს და საოცრად ნათქვამ აფორიზმებს არ შეუძლიათ ისეთი გამოცდილების დაბადება, რომელიც რწმენას შობს. არსებობს ერთგვარი ცოდნა და რწმენა, რომელიც მხოლოდ გამოცდილებიდან მოდის. ჩვენ ღრმად უნდა ჩავიხედოთ ჩვენს შიგნით და თავად უნდა ვიპოვოთ ისინი, რადგან შეუძლებელია სხვა ხალხის მიერ მათი მეორადი გამოცდილება. თითოეულმა ადამიანმა პირდაპირ წყაროს უნდა მიმართოს.
გაუგებრობები შეიძლება წარმოიშვას, როდესაც ხედვა განიხილება და არა როგორც მოვლენა შინაგან წარმოსახვაში, არამედ როგორც ფიზიკური მოვლენა გარესამყაროში. ეს იყო პრიმიტიული სამყაროს აღქმა ხილვასთან დაკავშირებით, მრავალი საუკუნის განმავლობაში. ხალხს სჯეროდა, რომ ასეთ დროს მართლაც ჩნდებოდა რაღაც სული ან არსება, თითქოს ისინი ფიზიკური არსებები იყვნენ, რომლებიც შინაგანი არსების გარეთ არსებობდნენ.
სინამდვილეში ხილვითი გამოცდილება წარმოსახვითი გამოცდილების ფორმაა, არაცნობიერის გამოსახულებების კიდევ ერთი სახის ამოტანა ცნობიერების საფეხურამდე. გამოსახულებები არამარტო შინაგან გონებაზეა დაპროექტებული, არამედ იგი მისი ინტენსიურობის გამო გარეგნულ ასპექტშიც პროექცირდება და იმგვარად აღიქმება, თითქოს იგი "გარეთ" ხდება.
მას შემდეგ, რაც აქტიურ წარმოსახვასთან გარკვეული დროის განმავლობაში იმუშავებდით, თქვენ გამოცდით გარკვეული ხარისხის ხილვასაც; ეს იქნება აქტიური წარმოსახვის ან სიზმრების მეშვეობით და თქვენ დაასკვნით, რომ ესაა აქტიური წარმოსახვის დონე, რომელშიც გამოსახულებები ობიექტური სახით გამოჩდნენ.
ვიზუალური გამოცდილების სხვა ფორმას შეიძლება ეწოდოს შინაგანად აღქმული ხედვა. ადამიანი განიცდის ნათელ და ძლიერ გამოცდილებას მაგრამ მან იცის, რომ წარმოსახვას "გონების თვალით", შინაგანად ხედავს. ასეთ შემთხვევაში ადგილი არ აქვს დაბნეულობას, რადგან თქვენ არ გიჩნდებათ მოჩვენებითი ან ჰალუცინაციური განცდა, თითქოს მოვლენას "გარეთ" აღიქვამთ.
აქტიური წარმოსახვის მოცემული დონის მაგალითი არის ხილვა, რომელიც მას შემდეგ გამოჩნდა, რაც ჩემს სიზმრებში ლომმა დაიწყო გამოცხადება. დასასრულს, წარმოსახვითი ქმედებები მთელი თავიანთი ძალით ხილვადნი ხდებიან. თუმცა მე ვიცოდი, რომ ეს ყველაფერი ჩემს შიგნით ხდებოდა. მიუხედავად ამისა, არსების თანმყოფობისა და უშუალობის ძალა იმდენად ძლიერი იყო, რომ ნამდვილი ფიზიკური არსება მეგონა.
სპირიტუალი კაცი წმინდა ელენეს მთაზე
მინდა მოგიყვეთ ხედვითი გამოცდილება, რომელიც განვიცადე მრავალი წლის წინ, ჯერ კიდევ მაშინ როდესაც ახალგაზრდავიყავი და იმაზე ბევრად ადრე, ვიდრე საერთოდ გავიგებდი, თუ რა ფენომენი იყო ასეთი სახის გამოცდილება. ეს არის ხილვა, რომელმაც ჩემი ყურადღება სრულიად დაუპატიჟებლად მიიქცია ერთ ჩვეულებრივ დღეს, როდესაც ჩვეულებრივი ამქვეყნიური დავალებით ვიყავი დაკავებული.
ერთ საღამოს წმინდა ელენეს მთაზე ცეცხლი დავანთე, სადაც ვულკანის ამოფრქვევამდე ბავშვობაში უამრავი ბედნიერი ზაფხული გავატარე. შებინდებისას კოცონთან ვიჯექი და ცეცხლს ვუყურებდი. დღესაც შემიძლია გავიხსენო იმ საღამოს ნათელი ფერები და ის, თუ როგორ აღმაფრთოვანეს მათ. კოცონის ნარინჯისფერი, დაისის ცის მუქი ლურჯი ფერი, მეწამული, ნაცრისფერი ჩრდილები მთებზე. ვიგრძენი დიდი სიხარული, სილამაზე, სიმშვიდე - მაგრამ ასევე მოლოდინი.
ახალგაზრდა მამაკაცი, დაახლოებით ჩემი ასაკის, ფეხით მოუახლოვდა კოცონს და ცეცხლის მერე მხარეს დადგა. ფეხზე წამოვდექი. მოულოდნელად არსაიდან მოსული სტუმარი მდუმარედ იდგა. ჩვენ დიდხანს ვუყურეთ ერთმანეთს სახეში. ჯერ კიდეც ერთგვარ ექსტაზში ვიყავი ცეცლის ფერების სილამაზის გამო.
შემდეგ, ჩემდა გასაოცრად, ცეცხლი დაპატარავდა, ჩაქვრა და მისგან ნაკვერჩხლის ნაღვერდალიღა დარჩა. უეცრად კი ისევ აინთო და აგიზგიზდა. ახალგაზრდამ ცეცხლისკენ ერთი ნაბიჯი გადადგა და მის შუაგულში დადგა. იგი ცეცხლის ალებში შთაინთქა; ცეცხლი დატრიალდა, მამაკაცს შეერწყა და მის ძარღვებში დაიწყო დენა. ცოტა ხნით ასე ვიდექით, მე პირდაღებული და გაშტერებული ვუყურებდი ამ მოვლენებს; შემდეგ მან დაილაპარაკა: "მოდი, მე ვაპირებ გაჩვენო, როგორ შეიქმნა სამყარო".
ჩვენ გავედით კოსმოსში, უზარმაზარ მანძილზე, იქამდე, სანამ დედამიწა და თავად მზის სისტემა უმცირეს წერტილად არ იქცა, მან ნაჩვენა სპირალური ნისლეული, რომელიც ტრიალებდა. ეს დიდი, ინერტული, უფორმო მასა ძალიან ნელა ტრიალებდა; იმდენად ნელა, თითქოს მას თავისი ევოლუციის განმავლობაში მთელი მარადისობა გაევლო. იგი ჩემს თვალწინ თანმიმდევრულად იქამდე ტრიალებდა, სანამ უზარმაზარი ნისეული ბრილიანტად არ იქცა. ბრილიანტი უზარმაზარი და მრავალმხრივი იყო, რომელიც შიგნიდან შუქს და იმგვარ ფერს გამოსცემდა, რომ დღემდე ნათლად მახსოვს.
ყურების პროცესში ბრილიანტმა ჩრდილოეთ პოლუსიდან უკიდეგანო ენერგიის ამოფრქვევა დაიწყო და სამხრეთ პოლუსიდან ამ ენერგიას უკან შთანთქავდა. ირგვლივ სინათლის ბუშტუკების ცირკულაციას ვხედავდი. ამან გააძლიერა ფერი და გამოსხივებული სინათლის სახე. შემდეგ ფიზიკურად შეუძლებელი რაღაც მოხდა: ბრილიანტი შუაზე გაიყო და მთელმა სისტემამ პლანეტის მსგავსად დაიწყო მოძრაობა. ორმა ნახევარმა ერთმანეთის საპირისპირო მიმართულებით დაიწყო მოძრაობა და ჯერ კიდევ ერთმანეთზე შეხებისას, სინათლისა და ფერების ნაპერწკლებს აფრქვევდნენ.
ამ დროს, უსასრულო სივრცეში ისეთი რამ გავაჯეთე, რისი გახსენებაც მრცხვენია. მე შემოვტრიალდი ახალგაზრდისკენ, ხელი მკლავზე ჩავავლე და ვუთხარი: "კარგია, მაგრამ ეს ყველაფერი რისთვის არის კარგი?"
ახალგაზრდამ ზიზღით შემომხედა: "არაფრისთვის არ არის კარგი. უბრალოდ უყურე!" ამან გამაჩუმა. ჩვენ ვუყურებდით და ვიგრძენი, რომ ფერები, სინათლე, უსასრულო ენერგიისა და მოცულობის ფოკუსირება ალმასის მსგავს სიმკვრივეში დაინთქა და სიკაშკაშე სამუდამოდ ჩაიბეჭდა ჩემს მეხსიერებაში; იგი თითქოს ჩემი სხეულის ფიზიკური უჯრედებშიც შევიდა.
მალევე ახალგაზრდამ უკან წამიყვანა და ისევ კოცონის პირას აღმოვჩნდი. იგი ცეცხლიდან გამოვიდა, ცეცხლი ჩაქვრა, ხელახლა აინთო და ამასობაში სტუმარი შებრუნდა. იქითკენ წავიდა, საიდანაც მოვიდა. ხილვა დასრულდა და "ნორმალურ", ფიზიკურ სამყაროში დავბრუნდი.
ძალიან რთულია იმის ცოდნა, თუ რა უნდა გააკეთოთ ასეთ ხილვასთან დაკავშირებით. მე ვფიქრობ, პასუხი თავისთავად უშუალოდ გამოცდილებაში დევს: არაფერი გააკეთოთ მასთან დაკავშირებით. ნუ შეეცდებით გადააკეთოთ რაიმე პრაქტიკული კუთხით ან განცდილი რამენაირად ეგო-გონებას მოარგოთ. უბრალოდ შეხედეთ, გამოსცადეთ, იყავით იქ.
ზოგიერთ ნაწილს სურს იკითხოს: "მაგრამ, რამე არ უნდა შეიცვალოს? არ აქვს ამ ყველაფერს რაიმე პრაქტიკული გამოყენება?" არ არის საჭირო პრაქტიკულ დონეზე ვიზუალური გამოცდილების გაერთიანება. მაგრამ ვინაიდან ყველა ცხოვრებისეული ასპექტი ერთ რეალობას უბრუნდება, საბოლოოდ ვიგებთ, რომ მათ აქვთ პრაქტიკული ასპექტებიც. ისინი გვიცვლიან. ისინი ძალიან ღრმად აყალიბებენ ჩვენს ხასიათს. ისინი განსაზღვრავენ, როგორი ადამიანები ვიქნებით ხუთ, ათ თუ ოც წლიანი გამოცდილების შემდეგ, როდესაც მთელი მისი ძალა ზედაპირზე და ჩვენს ცხოვრებაში დაბრუნდება. შემდეგ ეს დიდებული ძალა გარდაიქმნება წვრილმანებად, ყოველდღიური ქცევად, დამოკიდებულებებად და არჩევანად, რომელსაც ჩვენ ვაკეთებთ ადამიანის ყოველდღიური ცხოვრების წესის ფარგლებში.
იუნგი თვლიდა, რომ ღმერთს ადამიანის შუამავლობა სჭირდება მისი შემოქმედების ინკარნაციისათვის. ადამიანთა ხილვები ქმნის კიბეს და გადმოსცემს ინფორმაციას, კაცობრიობის კოლექტიურ არაცნობიერში. არანაირი "პრაქტიკულობა" ამის მიღმა, საჭირო არ არის.