თავი მეათე - მეოთხე საფეხური: რიტუალები
მეოთხე საფეხურის დაწყებამდე თქვენ უნდა გაიაროთ წინა სამი საფეხური და გააკეთოთ სიზმრის ინტერპრეტაცია. თქვენ ყველაფერი უნდა გააკეთოთ, რომ სიზმარი გონებრივად ცხადად აღიქვათ. ახლა კი დროა, გავაკეთოთ სამუშაო ფიზიკურ ასპექტში. მოცემული საფეხური ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან იგი დაგეხმარებათ გააერთიანოთ სიზმრისეული გამოცდილება თქვენს ცნობიერ, ცხოვრებისეულ გამოცდილებასთან ერთად.
ზოგი ადამიანისთვის სიზმრებთან მუშაობის მოცემული საფეხური რთულ ეტაპს წამოადგენს. "ქმედით ასპექტში რის გაკეთებას აპირებთ სიზმართან დაკავშირებით?", უმეტესობა ამ კითხვას პასუხგაუცემელს ტოვებს. თუმცა, მცირედი ვარჯიშის შედეგად თქვენ ისწავლით ფანტაზიის გამოყენებას და გენიალური რიტუალების ჩატარებას, რაც თქვენსავე სიზმარს უშუალო და ფიზიკურ კონკრეტიკას მიანიჭებს. თქვენ გაკვირვებულნი დარჩებით, თუ რამხელა ძალა აქვს მეოთხე საფეხურს სიზმრის გაგებისათვის და თუნდაც, ჩვენი ჩვევებისა და დამოკიდებულებების ცვლილებისათვის.
ცნობიერი ქმედება სიზმრების პატივსაცემად
ეს საფეხური ითვალისწინებს ფიზიკურ ქმედებას, რომელიც დაადასტურებს სიზმრის გზავნილს. აქ საუბარია პრაქტიკული ქმედების შესახებ: სიზმარხილვის შემდეგ, შეიძლება იგრძნოთ, რომ დროულად უნდა დაიწყოთ გადასახადების გადახდა ან გამოასწოროთ ურთიერთობები, რომელიც გაურკვეველი გახდა. ეს შეიძლება იყოს სიმბოლური სახის რიტუალი, რომელიც სიზმრის მნიშვნელობას ძლიერი მეთოდით უფრო ცხადს გახდის.
უამრავი მაგალითის მოყვანა შეიძლება. ადამიანებს ხანდახან ესიზმრებათ, რომ მათი ემოციური ასპექტის და ემოციური ღირებულებების მეტად გაცნობიერება სჭირდებათ. ასეთი სიზმრისათვის შეგიძლიათ გააკეთოთ ღრმა ღირებულების მქონე რიტუალი, რომელიც მნიშვნელოვანი და ამაღელვებელი იქნება, რისთვისაც აქამდე დრო არ გქონდათ. ან გააკეთეთ პატარა, დახვეწილი ქმედება, რათა გამოხატოთ სიყვარული და მზრუნველობა სხვა ადამიანის მიმართ. წვრილმანები საუკეთესოდ მუშაობს: მაგალითად, ხანმოკლე ვიზიტი, წერილობითი მოკითხვა ან რაიმე მსგავსი. ნებისმიერი ფიზიკური რიტუალი სიზმრის დადასტურებას ემსახურება.
თუ თქვენი სიზმარი გეუბნებათ, რომ ძალიან დიდ დროს უთმობთ სამუშაოს, ესეიგი მეტი ფიზიკური დასვენება გჭირდებათ; ამ შემთხვევაში თქვენთვის რიტუალი იქნება სასეირნოდ სანაპიროზე ან ბუნებაში წასვლა, ლანდშაფტით ტკბობა და ბუნების სამყაროსთან ხელახლა დაკავშირება. ასეთი სახის სულ მცირე ქმედებებიც ატარებენ საკუთარ ძალას; იგი დააკონკრეტებს თქვენს სიზმარს და დაიწყებს ცნობიერ ცხოვრებაში ინტეგრაციას.
ერთ-ერთი საუკეთესო რიტუალი, რაც კი მახსოვს, ჩაატარა კოლეჯის სტუდენტმა, რომელიც ჩემთან გადიოდა სიზმრების ანალიზს. მას დაესიზმრა, რომ სავაჭრო ცენტრში შაბათ საღამოს იმყოფებოდა. ერთი ადგილიდან მეორეზე დადიოდა, მაგრამ მისთვის ყველაფერი ცუდად წავიდა. სიზმარში აღმოაჩინა "ვადაგასული საჭმელი", რომელმაც ავად გახადა და საყიდლებმა საერთო ჯამში ძალიან უკმაყოფილოდ დატოვა.
სიზმარხილვასთან მუშაობის პირველი სამი საფეხურის განმავლობაში იგი საფუძვლიანად შრომობდა. მისი ინტერპრეტაცია იყო, რომ სიზმარი ეხებოდა "შაბათის ღამის სინდრომს". ამაში იგულისხმებოდა "ბიჭებთან გასვლა", ბევრი სასმელი, არაჯანსაღი კვება, თავგადასავლები და ემოციისგან დაცლილი ურთიერთობები. სიზმრის ფონზე, მან გადაწყვიტა, რომ ასეთი სახის დასვენება მისთვის ჯანსაღი არ იყო. ასეთი ცხოვრება წარმოადგენდა ღირებულებების ერთობლიობას, რომელიც მას არ ეკუთვნდა.
მე ვკითხე: "რა მოიმოქმედე შენს სიზმართან დაკავშირებით? რა იყო შენი მეოთხე საფეხური?"
მან გადაწყვიტა, რომ სიზმრის არსი ასახული იყო ფრაზაში: "ვადაგასული საჭმელი". სიზმარში მან განიცადა ადამიანური ურთიერთობებისა და კოლექტიურობის ვადაგასულობა. ვადაგასული საკვების მსგავსად, ასეთი ურთიერთობები არ აძლევდა მას შინაგან საზრდოს, ამიტომ მან შექმნა შემდეგი რიტუალი:
იგი მივიდა ჰამბურგერის სტენდთან და ყველაზე დიდი პორცია შეუკვეთა. სახლში დაბრუნებისას ნიჩაბი აიღო და ეზოში მიწა გათხარა, შემდეგ კი ნაყიდი საჭმელი საზეიმო განწყობით გათხრილ ორმოში ჩაყარა. მან ეს გააკეთა, როგორც უარის თქმის სიმბოლური აქტი. მამაკაცმა რიტუალურად დაადასტურა თავისი განზრახვა, დაეტოვებინა ზედაპირული და დესტრუქციული სიტუაციები, რომლის შესახებაც ყურადღების გამახვილება მისმა სიზმარმა მოითხოვა.
ამ სიზმარმა და მის მიერ ჩატარებულმა რიტუალმა მასზე დიდი გავლენა იქონია. ამ ორმა მოვლენამ მასში ცნობიერების, ძალისა და სიმწიფის დიდი ცვლილება გამოიწვია. რიტუალმა განკურნა იგი, რადგან აქამდე საზრდოს იქ ეძებდა, სადაც მას ვერ იპოვიდა.
ეს არის სასწავლო გაკვეთილი იმის შესახებ, თუ რას უკეთებს საზოგადოება ჩვენს ახალგაზრდებს მთლიანობაში. ჩვენ დავკარგეთ კოლექტიურობის ტრადიციული ფორმები ჯანსაღ ასპექტში - ოჯახი, სკოლა, ეკლესია და ასე შემდეგ. დღევანდელ დროში ახალგაზრდობისთვის ხელმისაწვდომი სოციალური ფორმებისა და აქტივობების უმეტესობა არ უწყობს ხელს ფიზიკურ ჯანმრთელობას და შინაგან კეთილდღეობას.
ადამიანებს, როგორც წესი უკვირთ, როდესაც იგებენ, რომ ყველაზე ძლიერი რიტუალები სწორედაც რომ პატარები და დახვეწილები არიან. არ არის აუცილებელი დიდი და ძვირადღირებული რიტუალების ჩატარება. სინამდვილეში, უფრო პროდუქტიულია, რომ სიზმრის რიტუალში ჩავდოთ დრო და ენერგია. არ დაიწყოთ მთელი სახლის გადალაგება ან ბიზნესის ხელახალი ორგანიზება მხოლოდ იმის გამო, რომ სიზმარი ამისკენ მიგითითებდათ. თქვენ არ გჭირდებათ მარათონში მონაწილეობის მიღება, თუ სიზმარმა მეტი ვარჯიში გირჩიათ.
რაც უფრო პატარა, დახვეწილი და მარტივია თქვენი რიტუალები, მით უფრო ძლიერი იქნება. რიტუალი შინაგანი დამოკიდებულების ცვლილების ფიზიკური განსახიერებაა, როდესაც სიზმარი სწორედ ამ დონეზე ითხოვს რაღაცის ცვლილებას.
კარგი იდეა არ არის, რომ სიზმრის რიტუალად მასზე საუბარი ან სხვებისთვის თქვენი სიზმრის ახსნა ჩათვალოთ. საუბარი მთლიან გამოცდილებას მხოლოდ აბსტრაქტულ დონეზე ამყოფებს. სიტყვები აბინძურებენ თქვენს სურვილს, რადგან საუკეთესო ასპექტში გსურთ სიტუაციის დახატვა. ნათელი და პირადი გამოცდილების ნაცვლად, ხელთ ამორფული იდეები შეგრჩებათ. საუკეთესო რიტუალი არის ფიზიკური, მარტო შესრულებული და ჩუმი, ზედმეტი ხმაურის გარეშე; სწორედ ისინი აღირიცხება ყველაზე ღრმად არაცნობიერში.
სხეულის გამოყენება
ფიზიკური მოქმედების შესრულება მაგიურ ეფექტს ახდენს სიზმართან მუშაობაზე. მას გადმოჰყავს თქვენი სიზმრისეული გაგება წმინდა აბსტრაქტული საფეხურიდან და აქცევს უშუალო, კონკრეტული რეალობის ნაწილად. ეს არის გზა, სიზმრის "აქ და ახლა" დაფიქსირებისათვის.
რიტუალი და ცერემონიული ქმედება, ზოგადად გამოიყენება ცნობიერსა და არაცნობიერს შორის კავშირის დამყარებისთვის. რიტუალები საშუალებას გვაძლევს ავიღოთ კონკრეტული პრინციპები არაცნობიერიდან და ამით გავლენა მოვახდინოთ ცნობიერ გონებაზე. თუმცა, პროცესის გავლენა პირიქითაც ხორციელდება და იგივე გავლენას არაცნობიერის მიმართაც ვანხორციელებთ. კარგად გაცნობიერებული რიტუალი შეტყობინებას უგზავნის არაცნობიერს, რაც თავის მხრივ ცვლილებებს იწვევს ღრმა დონეზე, საიდანაც ჩვენი ღირებულებები და დამოკიდებულებები წარმოიქმნება.
მას შემდეგ, რაც თქვენი სიზმრების მნიშვნელობას ცნობიერ დონეზე გაიგებთ, აუცილებელია მოახდინოთ ტრანპსლანტაცია და თქვენი ცნობიერება ისევ არაცნობიერის ღრმა შრეებისკენ მიმართოთ. შეგვიძლია ვიფიქროთ, რომ ეს არის მცენარიდან თესლის ამოღება და მისი ხელახლა ჩარგვა მიწაში, საიდანაც იგი იზრდება. ანალოგიურად, როდესაც ჩვენ ხელახლა ვუბრუნდებით არაცნობიერს, იგი აწარმოებს ახალ ენერგიას და ახალ ცხოვრებას, პირველყოფილ მატერიაში. განვითარების ციკლი გრძელდება და ცნობიერებამდე გზას ახალი ფორმები იკვლევენ.
მრავალი წლის წინ, როცა ციურიხში, იუნგის უნივესიტეტში ვსწავლობდი, ცნობილი ტონი ვულფი (იუნგის კოლეგა) ჯერ კიდევ მუშაობდა პაციენტებთან ანალიტიკოსის სახით. ამ კონკრეტული თემის განხილვასთან მიმართებაში, იგი ჟარგონულად ცნობილი იყო, როგორც "წმინდა ტერორი". ტონი პაციენტებს კარებთან ხვდებოდა, მათ სავარძელში ჩაჯდომას არ აცლიდა და პირდაპირ ეკითხებდა: "რა გააკეთე გასულ კვირას შენს სიზმართან დაკავშირებით?"
პაციენტები, რომლებიც რაღაც განსაკუთრებულსა და ფიზიკურს აკეთებდნენ თავიანთი სიზმრების რიტუალურ ასპექტში, დაცულნი იყვნენ ტონის რისხვისგან, მაგრამ, თუ ასე არ იყო და პაციენტი არაფერ კონკრეტულს აკეთებდა სიზმართან დაკავშირებით, ტონი მას უკან აბრუნდებდა და ცხვრიწინ კარებს მიუხურავდა ხოლმე. პაციენტების გასტუმრებისას, ტონი მათ ეუბნებოდა: "უკან მაშინ დაბრუნდი, როცა საქმეზე გადახვალ". ასე მუშაობდა ტონი და ამის შესახებ ყველამ იცოდა: ან მუშაობდი, ან გამოგაბუნძულებდნენ.
ტონი ვულფის მსგავსი ქმედების ამოსავალი წერტილი ის იყო, რომ სიზმრები თანამედროვე ადამიანებისთვის მხოლოდ იდეისა და აბსტრაქციის დონეზე რჩებოდნენ. პაციენტებს საკუთარი სხეულისთვის უნდა ეცნობებინათ, რომ სიზმარს აფიქსირებდნენ და მას ყურადღებას აქცევდნენ. ვულფი ამბობდა: "ადამიანებს შეუძლიათ ოცი წლის მანძილზე იარონ ანალიზზე, მაგრამ კოჭების ზემოთ არაფრის გაცნობიერება არ შეუძლიათ! რაღაც უნდა გააკეთოთ. რაღაც, თქვენი კუნთების და სხეულის ჩართულობით".
დასავლურ სამყაროში ჩვენს ტენდენციად იქცა, რომ ყველაფერი აბსტრაქტული გავხადოთ და დისკუსიები გამოვიყენოთ, როგორც პირდაპირი და ცოცხალი გამოცდილების შემცვლელი. ჩვენ გვაქვს უზარმაზარი საჭიროება და მოთხოვნილება, რომ ამ ყველაფერში სხეულმაც და შეგრძნებებმაც მიიღოს მონაწილეობა. თეორიული იდეები აუცილებლად გამოცდილებაში უნდა გარდავქმნათ. იდეები და სიმბოლოები თქვენი სიზმრიდან უნდა შევიდეს თქვენს სხეულში, ემოციებში, კუნთებში, ბოჭკოებში, უჯრედებსა და მოლეკულებში, ამას კი ფიზიკური ქმედება სჭირდება. როცა ქმედება ფიზიკურ ასპექტში დარეგისტრირდება, იგი ამავდროულად დარეგისტრირდება ფსიქიკის ღრმა დონეზეც.
რიტუალის სიმძლავრის ხელახლა აღმოჩენა
ერთის მხრივ, ჩვენ უნდა გადავლახოთ კულტურული ცრურწმენები, არაცნობიერთან მიახლოების მიზნით, ხოლო მეორეს მხრივ, პატივი უნდა ვცეთ რიტუალს, როგორც ადამიანური ცხოვრების აუცილებელ და დამხმარე ნაწილს. ზოგიერთი ჩვენგანი ავტომატურად აღიარებს, რომ რიტუალი სხვა არაფერია, თუ არა ცრუმორწმუნე წარსულისა და მოძველებული რელიგიური რწმენის გადმონაშთი. სიტყვა რიტუალი და ცერემონია ხშირად გამოიყურება დაკნინებულად, რომელიც ადამიანებითვის ცარიელ და უაზრო ფორმალობას აღნიშნავს.
ბოლო წლებში, უამრავი ადამიანი დაინტერესდა შამანიზმით და მკვიდრი ამერიკელებისა და სხვა ტომობრივი კულტურის რიტუალებით. ჩვენ ვიწყებთ რიტუალის სიმძლავრის ხელახლა აღმოჩენას, როგორც ადამიანის ბუნებრივი ინსტრუმენტი შინაგან მესთან დასაკავშირებლად, რელიგიური შეხედულებების ფოკუსირებისთვის და ფსიქიკის თანავარსკვლავედის დახვეწისათვის. ჩვენ ვიწყებთ იმის გაცნობიერებას, თუ რამდენად გავღატაკდით, როდესაც წინაპართა სულიერი ცხოვრების, ყოველდღიური ყოფის მნიშვნელოვანი ნაწილი აბსოლუტურად მივივიწყეთ.
იუნგი ათწლეულების წინ ელოდა საზოგადოების მიერ მსგავსი საკითხებით დაინტერესებას, რადგან მან ცხადად დაგვანახა, რომ რიტუალი და ცერემონია არაცნობიერისკენ მისასვლელი მნიშვნელოვანი გზაა. რიტუალი არის შინაგან სამყაროსთან მიახლოების საშუალება, რომელიც კაცობრიობამ ჯერ კიდევ ისტორიის დასაწყისში განავითარა. რიტუალის გამოყენება ჩვენი პრეისტორიული წინაპრებიდან მომდინარეობს; ეს არის ჩვენი ერთ-ერთი უნარი, ისევე როგორც სიზმარი, რაც საშუალებას გვაძლევს კომუნიკაციის ნაკადი დავამყაროთ ცნობიერსა და არაცნობიერს შორის. დღევანდელ დროში ჩვენ ინსტინქტურ შიმშილს ვგრძნობთ რიტუალის მიმართ, მიუხედავად იმისა, რომ მისი ფსიქოლოგიური და სულიერი როლი დავკარგეთ.
სიტყვა "ცერემონიის" ერთ-ერთი მნიშვნელობა ლათინურ ენაზე ნიშნავს "აღფრთოვანებას". რელიგიური ცერემონიის გარშემო არსებული ყველა ფორმალობა მიუთითებს იმ პატივისცემისა და შიშის შესახებ, რომელსაც ხალხი ერთ დროს გრძნობდა ცერემონიის ობიექტის მიმართ. ბუნებრივია, რომ ადამიანი პატივს უნდა სცემდეს ფორმალობის მსგავს გამოვლინებებს, რომლის მეშვეობითაც ფრთხილად ვუახლოვდებით შინაგან სამყაროს.
როგორ ეხება ეს ყველაფერი სიზმრებს? როდესაც სიზმრების გამოცდილებას პირადად დაიწყებთ, იგრძნობთ, რომ მათ უკან უზარმაზარი ძალა და ინტელექტი იმალება. თქვენ იგრძნობთ, რომ სიზმრები ამჟღავნებს სულის სხვადასხვა ფენას, რომელთა შესახებაც არასოდეს იცოდით; ისინი ეხებიან საკითხებს, რომლებიც იმდენად მნიშვნელოვანია, რომ მათი გაცნობიერების შედეგად თქვენი ცხოვრების მნიშვნელობის ცვლილება იწყება.
სწორედ ამიტომ, ჩვენ უნდა ვიცოდეთ ადამიანის ცხოვრებაში რიტუალისა და მისი დატვირთვის შესახებ. ჩვენი რელიგიური ცხოვრება ხელახლა იღვიძებს, ჩვენ აღმოვჩნდებით ღვთაებრივი სამყაროს წინაშე და რიტუალი გვჭირდება ისეთივე სასოწარკვეთით, როგორც ეს ჩვენს წინაპრებს სჭირდებოდათ. ჩვენ უნდა შევასრულოთ რიტუალები, რათა შევეხოთ სიზმრისეულ ენერგიებს და განვავითაროთ ისინი, ამავდროულად კი ყოველდღიურ ცხოვრებაში წონასწორობა შევინარჩუნოთ; უნდა გამოვხატოთ აღტაცება, მადლიერება და ზოგჯერ - შიშიც. ამ ყველაფრისთვის, რიტუალი არის ის არხი, რომელსაც ჩვენი ინსტინქტები გვანიჭებს. მოცემულ ასპექტში არაფრით განვსხვავდებით ჩვენი წინაპრებისგან.
ჩემი, როგორც ფსიქოლოგის მთლიან გამოცდილებას მივყავარ დასკვნამდე, რომ პატივისცემის შეგრძნება აუცილებელია ფსიქოლოგიური ჯანმრთელობისთვის. თუ ადამიანს არ გააჩნია პატივისცემის გრძნობა და განცდა იმისა, რომ ვინმე ან რამე მასში აღფრთოვანებას იწვევს, ეს ფაქტი ზოგადად ეგოს ინფლაციაზე მიუთითებს, რაც არაცნობიერის მკვებავი წყაროებიდან ადამიანის ცნობიერების მთლიანად მოწყვეტას ნიშნავს. ირონიულია, რომ თანამედროვე კულტურის დიდი ნაწილი მიზნად ისახავს ყოველგვარი პატივისცემის ძირფესვიანად ამოთხრას იმ ღირებულებებისა და თვისებების მიმართ, რომლებიც ადამიანში მოწიწებასა და თაყვანისცემას აღძრავს.
რიტუალი, მისი ნამდვილი გაგებით, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი არხია ჩვენში აღფრთოვანებისა და თაყვანისცემის გამოსახატავად. ამიტომ, რიტუალი სპონტანურად გაჩნდა ადამიანთა შორის, დედამიწის ყველა კუთხეში. შესაბამისად, თანამედროვე ადამიანები შინაარსიანი რიტუალის მათ ცხოვრებაში არარსებობის გამო, ქრონიკულ სიცარიელეს გრძნობენ. ისინი უარყოფენ დიდ არქეტიპებთან კონტაქტს, რომლებიც ჩვენს სულს კვებავენ.
თუკი რიტუალს ფსიქოლოგიური თვალსაზრისით შევხედავთ, აღმოვაჩენთ, რომ სწორად შესრულებული რიტუალი არის სიმბოლური აქტი, რომელიც ცნობიერად სრულდება. სხვადსხვა პიროვნებებს ექნებათ ერთმანეთისგან განსხვავებული ენა, რომელიც შესრულებულ რიტუალებში სიმბოლიზდება. მაგრამ, რიტუალის უმაღლეს ფორმას ერთი მახასიათებელი აქვს: მასში მონაწილე ადამიანებს აქვთ განცდა, რომ ქმედება სიმბოლურია, მაგრამ ამ ქმედებით ისინი ცნობიერად ცდილობენ აქტი დინამიურ და აქტიურ სიმბოლოდ გარდაქმნან.
ჩვენი ქცევის დიდი ნაწილი სიმბოლურია; არ აქვს მნიშვნელობა, ვიცით თუ არა ამის შესახებ. მაგრამ ის, რაც ფიზიკურ აქტივობას ამაღლებულ რიტუალად გარდაქმნის, არის სიმბოლიზმის გამოხატვა ცნობიერი აქტის ფარგლებში. საუკეთესო შემთხვევაში, რიტუალი არის ფიზიკური აქტივობების სერია, რომელიც არაცნობიერის სამყაროსთან ურთიერთობას გამოხატავს.
ცნობიერების ზრდაში რიტუალის როლი დაკავშირებულია მის ძალასთან, აქციოს სიმბოლური გამოსახულება რაღაც კონკრეტულად და ფიზიკურად. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ შეგვიძლია გავიგოთ სიმბოლოს მნიშვნელობა ჩვენი გონებით, იგი განუზომლად უფრო ღრმა და კონკრეტული ხდება, როცა ამ სიმბოლოებს სხეულით და შეგრძნებებითაც აღვიქვამთ. სიმბოლოების შესახებ მხოლოდ ფიქრი და საუბარი ძალიან ამცირებს განცდის ხარისხს, რომელსაც თავად ატარებს.
ამ საკითხებზე ფსიქოლოგიური თვალსაზრისით ფიქრის გარეშე, ანტიკურ და პრიმიტიულ კულტურებს ყოველთვის ინსტინქტურად ესმოდათ, რომ რიტუალს ფიზიკურ ცხოვრებაში რეალური მნიშვნელობა გააჩნდა. მათ რიტუალის მნიშვნელობა ესმოდათ, როგორც ფორმალური აქტების ერთობლიობა, რაც დაუყოვნებლივ აკავშირებდათ ღმერთებთან.
რიტუალი იცავს ინდივიდის ცნობიერების მყიფე ეგოს, არაცნობიერის ველური ძალებისაგან. როდესაც ანტიკური და პრიმიტიული კულტურები "ღმერთების სამყაროში გადასვლაზე" საუბრობენ, ისინი იყენებენ არქაულ ენას, რომელიც კოლექტიური არაცნობიერის უზარმაზარ და საშინელ არქეტიპებთან მიახლოებას განასახიერებს.
ჩვენს დროში ჯერ კიდევ მოდად მიაჩნიათ ასეთი საკითხებისადმი გულუბრყვილო და ცრუმორწმუნეობრივი დამოკიდებულება. მაგრამ, სხვა კულტურებს ჩვენზე დიდი უპირატესობა ჰქონდათ: ისინი აღიარებდნენ ფსიქიკური სფეროს არსებობას და რიტუალებისა და სიზმრების მეშვეობით ცდილობდნენ მასთან დაკავშირებას. ამის საპირისპიროდ ჩვენ თანამედროვე ადამიანებმა, ძირითადად უარი ვთქვით რელიგიის ენაზე. ძალიან რთული საპოვნელია სხვა მიდგომა, რომელიც სულიერ სფეროსთან მიგვაახლოებს და ამის საშინელი გვერდითი ეფექტი ის არის, რომ ჩვენ სრულიად დავივიწყეთ მისი არსებობა. ამ საკითხში კი, ჩვენ იმაზე მეტად უარეს მდგომარეობაში ვართ, ვიდრე ეგრეთ წოდებული პრიმიტიული წინაპრები.
როდესაც შინაგან სამყაროზე და სიზმრებზე ყურადღების გამახვილებას ვსწავლობთ, ეს შესანიშნავი დროა რიტუალის მნიშნელობის ხელახლა აღმოსაჩენად. ჩვენთვის არ არსებობს დადგენილი რიტუალები, არც ფორმულა ან რაიმე სახის ტრადიცია. ამის ნაცვლად, თითოეული ჩვენგანი უნდა შევიდეს საკუთარ წარმოსახვაში და სიტყვასიტყვით "წარმოიდგინოს" რიტუალი, რომელიც კონკრეტული სიზმრის დაფასებას ემსახურება. თითოეული რიტუალი შინაგანი მეს მასალისაგან უნდა მომდინარეობდეს. იგი წარმოიქმნება იმ სიღრმიდან, რომელიც თქვენს სიზმრებს, ასოციაციებს და ინტერპრეტაციებს წარმოქმნის. შინაგანი სამუშაო ნაკლებად რთული და სახიფათო ხდება, როდესაც იმის დანახვას დავიწყებთ, რომ არაცნობიერის ყოველი გამოხატულება - სიზმარი, წარმოსახვა, ხილვა თუ რიტუალი - ერთი და იგივე რეზერვუარიდან მომდინარეობს და შესაბამისად, ყველაფერი ერთად მუშაობს.
ყვავილების ცერემონია
სიზმრის კონკრეტიკასთან დაკავშირებული რიტუალის ილუსტრაციის მიზნით, ჩვენ განვიხილავთ კიდევ რამდენიმე მაგალითს.
მოდით, დავუბრუნდეთ სიზმარს, რომელიც წინა თავებში მოვიყვანეთ: ესაა სიზმარი მონასტრის შესახებ. ალბათ გახსოვთ ჩემი სიტყვები, როდესაც ვთქვი, რომ ამ სიზმარს ისევ დავუბრუნდებოდით; მოდით ვნახოთ, რა დაემართა ქალბატონს, როდესაც იგი სიზმართან მუშაობის მეოთხე საფეხურამდე მოვიდა.
სიზმარმხილველის გამოცდილება ასახავს ფაქტს, რომელიც კარგად არის ცნობილი ისეთი ხალხისთვის, რომლებიც რეგულარულად მუშაობენ თავიანთ სიზმრებთან: შინაგანი სამუშაოს გაკეთებისას და რიტუალების შესრულებისას, ხშირ შემთხვევაში ეს იწვევს ჩვენს გარშემო აკუმულირებულ ძლიერ და კონსტრუქციულ ენერგეტიკულ მუხტს, რომლებიც ჩვენს გარშემო არსებულ გარემოებებს იმგვარად აყალიბებს, რომელსაც ვერასდროს მოველოდით. ეს არის მთავარი მტკიცებულება, რომელიც კოლექტიური არაცნობიერის არსებობას ამტკიცებს; ჩვენ აღმოვაჩენთ, რომ სწორედ არაცნობიერი გვაკავშირებს სხვა ადამიანებთან და მთლიან გარემოსთან. მაშასადამე, როდესაც დიდ ენერგიასა და ყურადღებას შინაგან სამყაროზე მივმართავთ, პარალელური ენერგია ჩვენს გარშემო მყოფ ადამიანებში ან სიტუაციებში ვლინდება. შინაგანი მუშაობის გზით შეგვიძლია განვიკურნოთ იმგვარი ფორმით, რაც არასოდეს შეგვეძლება გარეგანი საშუალებებით.
კიდევ ერთხელ მოვიყვანოთ მონასტერის სიზმარი:
"ვარ სამონასტრო კომპლექსში, სამლოცველოს თუ საკურთხევლის მსგავს ადგილას. დანარჩენი ხალხისგან განცალკევებით ვდგავარ, თითქოს დანარჩენი სამლოცველო გისოსებით არის გამოყოფილი. წირვა იწყება. ჩემს "საკანში", წირვაში მარტო ვმონაწილეობ. გადაჯვარედინებული ფეხებით, "ზაზენის" სტილში ვჯდები, მაგრამ ხელში კრიალოსანი მიჭირავს. გისოსებს მიღმიდან ლაპარაკის და პასუხების ხმა მესმის. მშვიდი ხმებია, აუღელვებელი. თვალებს ვხუჭავ და ზიარებას ვღებულობ, თუმცა საკანში ჩემს საზიარებლად ფიზიკურად არავინ შემოსულა. წირვა სრულდბა. ჩემი პალატის გვერდით ყვავილების შეკვრას ვხედავ. ღრმა სიმშვიდის შეგრძნებას განვიცდი".
მას შემდეგ, რაც ქალბატონმა თავის სიზმართან იმუშავა, მან დაინახა, თუ რა შედეგები მოჰყვა ამას. თავდაპირველად ქალბატონმა ვერაფერი მოიფიქრა ფიზიკურ აქტთან დაკავშირებით. თითქოს მოცემული სიზმარი უფრო შინაგან ხედვასა და გაგებას ემსახურებოდა. სიზმარში არანაირი გარე მოქმედება არ იყო თავისთავად ნაგულისხმევი: ქალბატონი თუ ეკლესიაში წირვაზე დასწრებას გადაწყვეტდა, ეს შეეწინააღმდეგებოდა სიზმრის სულის გზავნილს, რადგან მასში მკაფიო შეტყობინება იდო ზიარების მარტოობაში მიღების შესახებ, რომელიც ყოველგვარ რელიგიურ და კოლექტიურ ჯგუფში აღრევას უარჰყოფდა.
ბოლოს, ახალგაზრდა ქალბატონმა მოიფიქრა მარტივი და სიმბოლური მოქმედება, რომელიც სიზმრის მიმართ ქალის შეგრძნებებსა და მნიშვნელობას გამოხატავდა: სიზმარში, ზიარების შემდეგ ქალის გვერდით ყვავილები გამოჩნდა. იგი წავიდა და იშოვა ზუსტად ისეთი ყვავილები, როგორიც სიზმარში ნახა. ქალბატონი მივიდა სანაპიროზე და რიტუალური ცერემონიის გამოსახატავად, ყვავილები ზღვის ტალღებში ისროლა.
მან ეს გააკეთა ფიზიკურ ასპექტში, მაგრამ ამავე დროს სიმბოლური დატვირთვით, რადგან ეს იყო დედამიწის მიმართ საჩუქრის გაცემის აქტი უკან, ფემინური არაცნობიერის ოკეანისკენ. იგი უზომოდ მადლიერი იყო სიზმრის მიმართ და სწორედ ამ ქმედებით გამოხატა მადლიერება ღმერთისა და შინაგანი ფემინურობის მიმართ.
ზღვის სანაპიროდან მან მდუმარედ გასწია სახლისაკენ და აღმოაჩინა, რომ სანამ სანაპიროზე იმყოფებოდა, სახლში მეგობარი ესტუმრა. ადამიანი, რომელსაც იგი არც თუ ხშირად ხვდებოდა. მათ მცირე ხნით მიმდებარე სამეზობლოში სასეირნოდ გასვლა გადაწყვიტეს. ის მოვლენები, რაც ამის შემდეგ სწრაფი თანმიმდევრობით მოხდა, ერთი შეხედვით დამთხვევად ჩანდა, მაგრამ ეს ყველაფერი დამთხვევა არ იყო. ჩვენმა სიზმარმხილველმა აღმოაჩინა, რომ მის სახლთან ძალიან ახლოს, სულ რამდენიმე კვარტალში მონასტერი იდგა. ქალი ძალიან გაკვირვებული იყო, რადგან მთელი ამ დროის განმავლობაში საკუთარ სიზმარზე და მონასტერზე ფიქრობდა. მისი მეგობარი კი აღმოჩნდა, ერთ-ერთი მცირერიცხოვანი ადამიანთაგანი, რომელსაც ჰქონდა ნებართვა, რომ შესულიყო მონასტერში. მას ჭიშკრის გასაღები ჰქონდა! მან ჩვენს სიზმარმხილველს სამლოცველოში სტუმრობა და მონაზვნების მონახულება შესთავაზა.
როდესაც ქალბატონი მონასტრის სამლოცველოში შევიდა, თავი ისე იგრძნო თითქოს ისევ სიზმარში დაბრუნდა. სამლოცველო, რომელიც აქამდე არასდროს უნახავს, სიზმარში ნანახის იდენტური იყო. ყველა დეტალი ერთნაირად გამოიყურებოდა. იგი განმარტოვდა ტაძრის ერთ კუთხეში, რომელშიც ფეხმორთხმით, "ზაზენის" პოზაში დაჯდა და მედიტაციის დახმარებით შეეცადა განეცადა ის ინტენსიური სიმშვიდე, რომელიც სიზმარში ზიარების შემდეგ დაეუფლა.
მომდევნო დღეებში ქალს ნებართვა მისცეს, რომ სურვილისამებრ მოსულიყო ეკლესიაში და რეგულარულად ემედიტირა. მონასტრის სიზმარი გახდა ფიზიკური რეალობის ნაწილი, ისევე როგორც იგი შინაგანი რეალობის ნაწილს წარმოადგენდა. შინაგანი და გარეგანი ენერგეტიკული სისტემების ნაკადმა სრულ ტანდემში დაიწყო მოძრაობა. ამ ყველაფერში პარადოქსული ის არის, რომ როდესაც სიზმარმხილველმა ყოველგვარი კუთვნილებისა და ინსტიტუციური რელიგიისგან თავის შორს დაჭერა გადაწყვიტა, ეკლესიის სამლოცველოში, მონაზვნებთან ერთად აღმოჩნდა, რომლებთანაც კვირაში რამდენიმე საათის განმავლობაში დროის გატარების საშუალება მიეცა. არც ერთი ფაქტორი არ ეწინააღმდეგება სიზმარში ნაჩვენებ სულის შინაგან ცხოვრებას, რომელიც რელიგიის გარეგანი და კოლექტიური ფორმების მიღმა იმყოფება.
როგორც ხედავთ რიტუალი, რომელიც სიზმარმხილველმა გააკეთა, არ გამოიყურებოდა დრამატულად, მაგრამ იგი ზუსტად შეესაბამებოდა სიზმარში არსებულ მარტივ და ძლიერ სიმბოლოებს. ამით სიზმარმხილველმა კავშირი წარმოქმნა შინაგან სამყაროსა და გარეგან სამყაროს შორის, რომელმაც შემდგომში ხელი შეუწყო სინქრონულ მოვლენებს და რეალობის ეს ორი მხარე ერთმანეთთან დააკავშირა.
თუ ჩვენ ამგვარად ცხოვრებას ვისწავლით, აღმოვაჩენთ, რომ ყველა ჩვენი სიზმარი შინაგან სამყაროშიც და ფიზიკურ სამყაროშიც ეთნაირად მანიფესტირდება. ერთადერთი, რაც ამ დახვეწილი კავშირის დანახვაში ხელს გვიშლის, ჩვენი გაუცნობიერებლობაა. რიტუალები და ცერემონიები სწორედ ამ ასპექტში შეძლებენ ჩვენს დახმარებას; ისინი დაგვანახებენ, სად ხვდება ერთმანეთს შინაგანი და გარეგანი სამყარო.
როდესაც თავში არაფრის გაკეთების იმპროვიზაცია არ მოგვდის
თქვენ ყოველთვის შეგიძლიათ განახორციელოთ მარტივი ფიზიკური ქმედება; მაშინაც კი როდესაც ვერაფერს ვერ მოიფიქრებთ, რაც პირდაპირ კავშირში იქნება თქვენს სიზმართან. უბრალოდ გადით სახლიდან და გაისერინეთ სიზმრის საპატივსაცემოდ, თუ ეს ყველაფერია რისი გაკეთებაც შეგიძლიათ. აანთეთ სანთელი; რაღაც გააკეთეთ. თუ თქვენ გაცნობიერებულად გააკეთებთ რაიმე მოქმედებას - ნებისმიერი მოქმედებას - იგი აუცილებლად დარეგისტრირდება თქვენს არაცნობიერში.
მახსოვს, ერთხელ ჩემთან ანალიზის ჩასატარებლად ერთი საოცარი კაცი მოვიდა, რომელიც ბერი გახლდათ. ეს ადამიანი უაღრესად ინტელექტუალური იყო და მისთვის ყველაფერი სულიერს, თეორიულს და აბსტრაქტულს წარმოადგენდა. თავისი სიზმრების საპასუხოდ, იგი ყველაზე ჰაეროვან ფანტაზიებს და თეოლოგიურ მცნებებს იშველიებდა, მაგრამ როგორც ჩანს, მისი სიზმრები არასოდეს დარეგისტრირებულა მის ემოციურ და პრაქტიკულ ცხოვრებაში, რაც ადამიანებთან და გარესამყაროსთან ურთიერთობას გულისხმობდა.
ყველაფერი კარგად მიდიოდა, სანამ სიზმართან მუშაობის მეოთხე საფეხურამდე არ მივედით. ბერი გამიბრაზდა; იგი აზრს ვერ ხედავდა, რატომ უნდა განეხორციელებინა რაიმე ფიზიკური აქტი სიზმართან დაკავშირებით. მას სრულიად საკმარისად მიაჩნდა, რომ სიზმრის არსი მხოლოდ თეორიულ ასპექტში გაეგო.
ერთ დღეს, როდესაც ჩვეულებრივ მის ერთ-ერთ სიზმარზე ვმუშაობდით, ტრადიციულად გამიბრაზდა და მითხრა: "მაშ, რას ელი ჩემგან, რომ გავაკეთო ამ სიზმრის შესახებ?" მოულოდნელად ჩემი არაცნობიერიდან სრულიად ირაციონალური პასუხი გამოხტა: "წადი და სიზმრის პატივსაცემად მიყოლებით ათი ხის ქერქს ხელი შეახე", - ვუთხარი მე.
ბერმა გაოგნებით შემომხედა, ფეხზე წამოდგა და ოთახის კუთხეში უკუსვლით დაიხია. თავი ცოტათი უხერხულად ვიგრძენი. ხეების შესახებ სიზმარში არანაირი მინიშნება არ არსებობდა. მეც ისევე გაოგნებული ვიყავი იმით რაც ჩემი პირიდან ამოვიდა, როგორც ბერი.
დაახლებით სამი საათის შემდეგ ბერმა მღელვარებით დააკაკუნა ჩემს კარზე. მან თქვა: "რობერტ! თქვენ არც კი იცით, რამდენად საინტერესოა ხის ქერქები! ზოგი ყავისფერია, ზოგიც ნაცრისფერი. ზოგი გლუვია, ზოგს კი უამრავი ნაოჭი აქვს, მასში პატარა არსებები ცხოვრობენ. ქერქები ჩრდილოეთით სხვა ფერია, ვიდრე სამხრეთით და ჩრდილოეთის მხრიდან ხავსი იზრდება. თქვენ ვერც კი დაიჯერებთ, რა საინტერესოა ხეების ქერქები!"
ამ სამი საათის მანძილზე მასში პირველად გაიღვიძა ფიზიკური სამყაროთი დაინტერესებამ, რაც მასში აქამდე არასდროს შემიმჩნევია. ბერმა დაინახა ცოცხალი სული, რომელიც ფიზიკურ სამყაროში არსებობდა და მისგან ცალკე მდგომი არ იყო.
საღი აზრის გამოყენება
როგორც წესი, თქვენმა წარმოსახვამ კარგი რიტუალის მოფიქრება უნდა შეძლოს. თქვენ უნდა მიმართოთ თქვენს წარმოსახვას დახმარებისთვის: როგორც უკვე ვისწავლეთ, წარმოსახვა და სიზმრები ერთი და იგივე წყაროდან მოდიან და ერთგვარ უნისონში იმყოფებიან. მაგრამ ყველაფერი რასაც თქვენი წარმოსახვა აწარმოებს, არ უნდა განხორციელდეს გარეგნულად. თქვენ საღი აზრი უნდა გამოიყენოთ!
ინდუისტმა წმინდანმა, შრი აურობინდომ ერთხელ თქვა: "რატომ ხდება, რომ როდესაც ადამიანები ყველაფერზე ხელის ჩაქნევას და დათმობას იწყებენ, პირველი რასაც ისინი თმობენ, საღი აზრია?" შეიძლება იგრძნოთ, რომ როდესაც სიზმრების ახალ და ჯადოსნურ სამყაროს თვალს გაუსწორებთ, თითქოს ძველ და ვიწრო სამყაროს თმობთ და უკან იტოვებთ. მაგრამ, ნუ იტყვით უარს საღ აზრზე. ნუ იტყვით უარს თქვენს გარშემო მყოფთა მიმართ თავაზიანობისა და პატივისცემის გამოხატვაზე. სიზმართან მუშაობის მეოთხე და ბოლო საფეხური ძალიან ძლიერი ეფექტურობით გამოირჩევა, რამაც შეიძლება ღრმად იმოქმედოს თქვენს ცხოვრებაზე, თუ მას კონსტრუქციულად გამოიყენებთ. მაგრამ, თუ ამ მეთოდს სულელურად და უპასუხისმგებლო გზით იყენებთ, თქვენს ცხოვრებაში მწუხარება და უსიხარულობა დაისადგურებს. ორჯერ დაფიქრდით, სანამ ისეთ გადაწყვეტილებას მიიღებთ, რომელიც ძალიან დრამატული ან კონფრონტაციულია, როდესაც საქმე სხვა ადამიანებს და მათ გრძნობებს ეხება.
თქვენ უნდა მოერიდოთ ისეთ ქმედებებს, რომლის გაკეთებაც სიზმრების საპასუხოდ, სირთულეებს წარმოქმნის. თქვენ არ უნდა შეხვიდეთ სხვა ადამიანებთან დესტრუქციულ დაპირისპირებაში. არასოდეს გამოიყენოთ თქვენი სიზმარი, როგორც ლიცენზია, თამამი მოქმედებისთვის.
ხანდახან სიზმარი შეგვახსენებს, რომ სხვა ადამიანთან კონფლიქტი გვაქვს ან შეიძლება ჩვენში გაღვივდეს გარკვეული ლტოლვა, რომ "განვთავისუფლდეთ ამ ყველაფრისგან", უარი ვთქვათ საზოგადოების შეზღუდვებზე, პასუხისმგებლობებზე და ვალდებულებებზე. ასეთ სიტუაციებში თქვენ ფრთხილად უნდა იყოთ, რათა არ გქონდეთ გადამეტებული რეაქცია და არ დაიწყოთ თქვენი სამყაროსა და ურთიერთობების გადაკეთება ხანგრძლივი გაანალიზების გარეშე. ამით საკუთარ თავსაც და სხვებსაც დიდ ზიანს მიაყენებთ.
ერთხელ მყავდა პაციენტი, რომელიც სკოლაში სწავლობდა. იგი გაღიზიანებული იყო მის ოთახში მცხოვრები უახლოესი მეგობრით, რადგან ის ძალიან უპასუხისმგებლო იყო. ერთ საღამოს ჩემს პაციენტს დაესიზმრა, რომ გაბრაზებული უკითხავდა თავის მეგობარს საყოფაცხოვრებო ლექციას, რაც მალევე მუშტი-კრივში გადაიზარდა.
როდესაც ბიჭმა გაიღვიძა, მისი პირველი იმპულსი იყო ამდგარიყო და პირდაპირ ეთქვა მეგობარისთვის, თუ რა ნაბიჭვარიც იყო და რაც შეიძლება მალე დაეხვია ოთახიდან. იგი გაფრთხილებული იყო, რომ იმპულსური მოქცევისაგან თავი შეეკავებინა და ამის ნაცვლად, იგი სიზმარხილვის სამუშაოთი დაკავდა; მან საკუთარ თავს ჰკითხა: "ვინ არის ჩემში ის, ვინც სიზმარში თანამოსაუბრის სახით არის წარმოდგენილი?". მან დაიწყო იმის გააზრება, რომ სინამდვილეში სწორედ საკუთარ უპასუხისმგებლობაზე იყო ყველაზე მეტად გაბრაზებული, რაც სწავლაში გამუდმებით ხელს უშლიდა; სიზმარმა აირჩია მეგობრის იმიჯი, რათა წარმოედგინა მისივე მიდრეკილება სიზარმაცისკენ.
როდესაც იგი სიზმართან მუშაობის მეოთხე საფეხურზე მოვიდა, საკუთარ თავს ჰკითხა, თუ რა ფიზიკური რიტუალი შეიძლებოდა გაეკეთებინა სიზმრის გაგების მიზნით. წასვლისა და მეგობართან ჩხუბის ცდუნება ჯერ კიდევ ძალიან ძლიერი იყო, მაგრამ მან შეძლო და წინააღმდეგობა გაუწია ამ გრძნობას.
ამის ნაცვლად, იგი დაჯდა და დაწერა გრძელი წერილი, რომელშიც მიმართავდა საკუთარი არსების იმ ნაწილს, რომელსაც გაზრდა სჭირდებოდა. წერილი რამდენიმე გვერდი გამოვიდა. წერილში მან ახსნა ყველაფერი, რაც კი ისწავლა პასუხისმგებლობის აღებასთან და არჩევანის გაკეთებასთან დაკავშირებით. ეს იყო ყველაფერი, რაც შინაგან "თანამცხოვრებს" სჭირდებოდა, რომ სცოდნოდა.
ბიჭმა წერილი კონვერტში ჩადო, საკუთარი სახლის მისამართი მიაწერა და ფოსტაში მიიტანა. იმ დღეს, როდესაც წერილი მასთან მივიდა, ბიჭს ძალიან უცნაური შეგრძნება დაეუფლა, თითქოს ამ წერილით თავისი არაცნობიერი ესაუბრებოდა. ამის შემდეგ, პაციენტი რამდენიმე დღეში ერთხელ წერილს წერდა და ფოსტაში საკუთარ თავს უგზავნიდა. ყოველი წერილი განასახიერებდა არაცნობიერიდან წამოსულ მესიჯს, რის შედეგადაც არაცნობიერიც ღებულობდა საკუთარ პასუხს. ამან ბიჭის შეხედულება სამუდამოდ შეცვალა ცხოვრების შესახებ.
ეს მაგალითი ჩვენს პრინციპს ასახავს: სიზმრებთან მუშაობის მეოთხე საფეხური არ ნიშნავს იმ ადამიანებთან დრამატულ დაპირისპირებას, რომლებზეც გაბრაზებულნი ვართ; ეს არც ურთიერთობების გაწყვეტას ან დესტრუქციული საქმეების გაკეთებას ნიშნავს. ამ ყველაფერს არსად მივყავართ. რიტუალი უნდა იყოს ფიზიკური აქტი, რომელიც დაადასტურებს პირად პასუხისმგებლობას სიზმართან და იმ საკითხთან დაკავშირებით, რომელსაც მოცემული სიზმარი ასახავს.
შეინარჩუნეთ თქვენი რიტუალები დახვეწილი, მარტივი და პოზიტიური სახით, შედეგად კი მათგან საუკეთესოს მიიღებთ.
რიტუალი არის ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი ინსტრუმენტი, რომელიც რეალობის პოლარულ ასპექტებს შორის სინთეზს ქმნის. ეს არის ხელოვნება, რომელიც ჩვენს ორ ნახევარს ერთმანეთთან აკავშირებს. ინი და იანის არქეტიპული და სულიერი იანი, ბუნებისა და სამყაროს ინთან უნდა იყოს მიბმული.
სამყარო, რომელსაც სიზმრებში ვხედავთ, არის შინაგანი სამყარო, რომელიც დროსა და სივრცის მიღმა არსებობს. ამ სამყაროდან წამოსული ენერგიისა და გზავნილის ნაწილი უნდა დაფიქსირდეს ფიზიკურ სამყაროში აქ და ახლა. მან უნდა მოძებნოს გზა თქვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში, რადგან სიზმრების ჭეშმარიტება იკარგება, თუ მათით არ ცხოვრობთ.
სიზმარხილვის სამუშაოს ილუსტრაცია: ოთხი ხულიგანი
ჩვენი ოთხსაფეხურიანი მიდგმომის შემაჯამებელი და პრაქტიკული ილუსტრაციისთვის თქვენთან ერთად ვაპირებ მივყვე კიდევ ერთ სიზმარს. ეს არის საკმაოდ მოკლე სიზმარი, რომელიც წლების წინ ვნახე. სიზმრები, რომლებიც ერთი შეხედვით პატარები და უბრალოები ჩანან, შესაძლოა წარმოუდგენლად ძლიერ მნიშვნელობას ატარებდნენ სიზმარმხილველისთვის, ისევე როგორც ჩემს შემთხვევაში მოხდა. ეს სიზმარი ასევე ასახავს, თუ როგორ შეიძლება არქეტიპული ცნობების კომბინაციაში გამოყენება, პირადი ასოციაციებით სიზმრის გზავნილის გაგებისათვის.
ესეც ჩემი სიზმარი:
"მე ჩემს მშობლიურ ქალაქში, პორტლენდში, ორეგონში ვარ. უილიამსის გამზირზე ვსეირნობ, რომლის გავლითაც გიმნაზიაში მივდიოდი ხოლმე. ეს ჩემი ძველი უბანია, ისეთივე, როგორიც ჩემი ბავშვობის დღეებში იყო. როგორც ჩანს ძველ უბანს ვსტუმრობ. გზად იაპონური მაღაზიის დახლს ჩავუარე. ვგრძნობ, რომ ჩემი ამჟამინდელი ასაკის ვარ, მაგრამ თითქოს ძველ დროში მოვხვდი, როცა ასაკით უმცროსი ვიყავი.
ცარიელ ადგილას ვხვდები. ვგრძნობ, რომ რაღაც მოხდება; მკაფიო შეგრძნება მომდის, რომ მალე გამძარცვავენ. ამას თითქოს ჩემი ინტუიცია მეუბნება. ვჩერდები და ჯიბიდან საფულეს ვიღებ. ორმოცი დოლარი მაქვს. თანხას ჟილეტის მარცხენა გულის ჯიბეში ვიდებ და საფულეს ისევ ვინახავ.
ბუჩქიდან ოთხი ახალგაზრდა, ქურდული გამომეტყველების ხულიგანი ხტება და გარს მეხვევა. მე ვხვდები, რომ ეს ის ძარცვაა, რასაც ველოდი. ვხედავ, რომ სირბილი უსარგებლოა: ოთხნი არიან, ჩემზე ახალგაზრდები და ძლიერები. "ქუჩის ხალხი" ადვილად მომერევა.
საგულდაგულოდ მჩხრეკენ. ფეხსაცმლიდან იწყებენ და ნელ-ნელა ზევით ამოდიან. საფულეს პოულობენ, მაგრამ საფულეში ფული არ დევს, ამიტომ ძებნას განაგრძობენ. შემდეგ, ჟილეტის მარცხენა ჯიბეში ორმოც დოლარს პოულობენ. მაგრამ, იმ დროისთვის მათ იმდენი დრო გაატარეს ჩემთან და ფიზიკურად იმდენჯერ შემეხნენ, რომ უკვე „მიცნობენ“. გარკვეული გაგებით, დავმეგობრდით.
ისინი რჩებიან და მეგობრულად მესაუბრებიან, მაგრამ ფულს არ იღებენ, რადგან ახლა მეგობრები ვართ და ისინი მეგობრების ფულს არ იღებენ. აბსურდულად ბედნიერად ვგრძნობ თავს, რომ მეგობრებად ეს ქურდები მყავს და ოთხივე მათგანი ძალიან მომწონს.
პირველი საფეხური: ასოციაციები
სიზმრის ინტერპრეტაციისას ვაპირებ მოვიყვანო ორი გზა, რომელიც ილუსტრაციას ორი განსხვავებული მიდგომის სახით დაგვიხატავს და რომლითაც შეგიძლიათ თქვენი ასოციაციები ქაღალდზე ჩამოაყალიბოთ. პირველი ფორმატი არის ძალიან ლაკონური და შემოკლებული.
მეორე ფორმატი უფრო საკუთარ თავთან საუბარს წააგავს, უკვე მოყვანილი ასოციაციების შესახებ. მე ასევე გამოვიყენებ მეორე ფორმატს, როგორც არაფორმალური კომენტარი მკითხველისთვის, რომელიც ხსნის, თუ როგორ მივიღე ზოგიერთი ჩემი ასოციაცია. თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ რომელიმე მათგანი ან ორივე ერთდროულად.
მოცემული მასალის წაკითხვის შემდეგ შეამჩნევთ, რომ თითოეულ გამოსახულებასთან დაკავშირებით ბევრი ასოციაცია მომყავს, ხოლო მათგან მხოლოდ რამდენიმე შეიძლება აღმოჩნდეს ზუსტად ისეთი, რომელიც საბოლოო ინტერპრეტაციას მოერგება. შეიძლება აღმოაჩინოთ, რომ ასოციაციების შეგროვებისას საკმაოდ მოუთმენლად უდგებით ამ საკითხს, რაც საბოლოოდ არ გამოგადგებათ ინტერპრეტაციის საფეხურზე მიღწევისას.
ყველა ეს ასოციაცია შეგნებულად დავტოვე თავის ადგილზე, რათა დაინახოთ, თუ რა გზის გავლა გვიწევს საფეხურეობრივად, სიზმრის მნიშვნელობის ამოხსნამდე. თქვენ უნდა სცადოთ ერთმანეთისგან განსხვავებული ასოციაციები და იპოვოთ ისეთი, რომელიც მოერგება შინაგან დინამიკას, საბოლოოდ კი ეს ყველაფერი ინტერპრეტაციაში უნდა შეადუღოთ. ამ კონკრეტულ სიზმართან მუშაობას კვირები დასჭირდა, რადგან დროგამოშვებით ვუბრუნდებოდი და ვამატებდი ასოციაციებს, სანამ ყველაფერი თავის ადგილზე არ დადგა. ჩემი მუშაობა ამად ღირდა: სიზმარმა შეცვალა ჩემი წარმოდგენა იმის შესახებ, თუ ვინ ვარ მე და ამავდროულად შეცვალა ჩემი ცხოვრების კურსი.
ჩემი ასოციაციები სიზმრისეული სიმბოლოების მიმართ
უილიამსის გამზირი და ძველი უბანი:
ბავშვობის დრო, კონფლიქტების გამოღვიძებამდე; ე.წ "ედემის ბაღი"; ქუჩა, როგორც პირველი ადგილი, სადაც ბავშვის აზრით ხალხი იკრიბება; კოლექტიური ცხოვრების დასაწყისი; ნოსტალგია.
უილიამსის გამზირი წარმოადგენს ჩემი ცხოვრების იმ პერიოდს, როცა ბავშვი ვიყავი; სანამ „გავიღვიძებდი“ და გავიგებდი განხეთქილებისა და კონფლიქტების შესახებ, რაც ცხოვრების თანდაყოლილი ნაწილია. ეს არის ძველი, მარტივი და ბედნიერი დრო. უილიამსის გამზირი ჩემთის არის არქეტიპული ქუჩა, რომელმაც ჩამომიყალიბა განცდა, რომ კიდევ მრავალი ქუჩა არსებობდა, სადაც უამრავი ადამიანი მოძრაობდა და მიმდებარე ტერიტორიაზე ხალხი ცხოვრობდა. ეს არის ბიზნესის, ცივილიზაციისა და ადამიანთა კოლექტიური არსებობის პატარა კერა. მე ამ უბანში "ედემის ბაღში" ვიყავი. ეს იქამდე ხდებოდა, სანამ ჩემში ეთიკურმა კონფლიქტებმა არ გაიღვიძა და არ გავაცნობიერე, თუ რამდენი ღალატი და სიძულვილი არსებობდა სამყაროში.
იაპონური მაღაზიის დახლი:
განსხვავებული კულტურის მქონე ხალხი; კულტურა; ცერემონია; თავაზიანობა; იასამნისფერი კალათა; ბრინჯის ნამცხვრები; ძენ ბუდიზმი; ნათესაობის განცდა; ურთიერთობა პროექციის მიღმა; სენტიმენტალურობა.
პირველი რაც მახსენდება არის ის, რომ ეს იყო ჩემი პირველი გამოცდილება სხვა კულტურის ხალხთან და მათით ძალიან მოვიხიბლე. მე პირველად გავიგე ადამიანთა განსხვავებების შესახებ. მახსოვს, ერთხელ იაპონიიდან ნათესავი ჩამომივიდა, რომელიც ტრადიციულ კიმონოში იყო გამოწყობილი და სანამ მას ვუყურებდი, გაოცებული ვიყავი თავაზიანობისა და ფორმალობის გამოვლინებით, რომელიც პატივისცემას გამოხატავდა. ეს იყო ძველმოდური იაპონური მანერა, რომელიც არასდროს მინახავს მშობლიური პორტლენდის საშუალო კლასის ჩემს ანგლო თანამემამულეებს შორის.
იაპონური კულტურით დაინტერესება წლების მსვლელობასთან ერთად ჩემში გაძლიერდა და შემდგომში იაპონიასა და ინდოეთს ვესტუმრე კიდეც. ამ სიმბოლოს ვაკავშირებ ჩემს სპონტანურ ინტერსს ძენ ბუდიზმთან, აღმოსავლურ კულტურასთან და ინდუისტურ კულტურასთან დაკავშირებით. იაპონურმა კულტურამ ჩემში წარმოქმნა თვალსაზრისი რაღაც კეთილშობილისა და მშვენიერის შესახებ, რომელიც ჩემი კულტურული გამოცდილების მიღმა იმყოფებოდა.
ცარიელი ადგილი:
განუვითარებელი = პრიმიტიულს; ველური ადგილი ქალაქის ცენტრში; ქუჩებით შემოსაღვრული ადგილი; საზღვარი; ფორმა; სტრუქტურა; სიცარიელეში ფორმა არ არსებობს; კანონის მიღმა; არაცივილიზებული; უდაბნო; უკანონობის დასამალი ადგილი; უკან დახევა; რელიგიური უკუსვლა? ჩრდილოვანი ადგილი; ჩრდილის მყოფობის ადგილი? გაუცნობიერებელი ადგილი ცნობიერების ველში?
ჩემთვის ცარიელი ადგილი არის პრიმიტიული და ხელუხლებელი ადგილი ქალაქის ცენტრში. ირგვლივ ყველაფერი ცივილიზებულია და ადამიანური მოხმარების ფარგლებშია მორგებული. ამ ადგილს გარკვეულწილად არაცნობიერს და ჩრდილს ვუკავშირებ. ეს არის ადგილი ჩემს შიგნით, რომელიც ცნობიერებითაა შემოსაზღვრული, მაგრამ ჩრდილოვან ადგილას იმყოფება და ჩემი ცნობიერი კონტროლის მიღმაა.
საფულე:
ადგილი, სადაც ფულს ვინახავ; რესურსების შენახვის ადგილი; საფულე, როგორც ერთგვარი "პასპორტი", ხალხთან კომუნიკაციის დასამყარებლად; უსაფრთხოების ხელოვნური ფორმა.
ფული;
ორმოცი დოლარი = ციფრი ოთხი; მთლიანობა და სისრულე; ციკლის დასასრული; ფული არის რესურსი; ერთგვარი ენერგიის განსახიერება? ფსიქოლოგიური ძალა ან უშუალო ძალაუფლება; სასიცოცხლო ძალა; რაღაც ინვესტიცია; სად არის ინვესტიცია ჩადებული?
სწორედ აქ იწყებს დახმარებას არქეტიპული სიმძლავრის გამოყენება. ციფრები და რიცხვები სიზმარში ძალიან დიდ მნიშვნელობას ატარებენ; შესაბამისად, მე ვიცი, რომ ციფრი ოთხიანი სისრულისა და მთლიანობის ტრადიციულ სიმბოლოს განასახიერებს. ეს მნიშვნელბა ერთმანეთს ემთხვევა უამრავ რელიგიაში. ძველ ფილოსოფიურ სისტემებში და ალქიმიაში ოთხიანი ელემენტების სიმბოლოა (ცეცხლი, წყალი, მიწა და ჰაერი). ქრისტიანულ მანდალაში არსებობს თორმეტი მოწაფე, რომელიც ოთხ ჯგუფადაა დაყოფილი. ოთხიანი ადამიანის ცნობიერებაში ელემენტების გაერთიანებას აღნიშნავს.
ფული, როგორც ჩანს, დაკავშირებულია რესურსებთან: შესაძლოა ეს იყოს ფიზიკური ან ფსიქოლოგიური ენერგია; ან, უფრო ღრმა დონეზე, სასიცოცხლო ძალას განასახიერებდეს. ფული არის ინვესტიციის სიმბოლო. მაშ, სად ვდებ ჩემს სასიცოცხლო ძალას, ჩემს ინვესტიციას? სად იხარჯება ჩემი ყურადღება და ენერგიის დიდი ნაწილი? რესურსებში ასევე იგულისხმება ნიჭი და რაღაცის მიღწევის უნარი. ფულს ძალისხმევის შედეგად ვღებულობთ. იგი წარმოადგენს ჩვენი დისციპლინისა და მუშაობის ანაზღაურების სიმბოლოს.
მარცხენა გულის ჯიბე:
რაღაც გულთან ახლოს; გულის ღირებულებები = ემოციური ღირებულებები; შეგრძნების ფუნქცია; ანაჰატა ჩაკრა; კუნდალინი; ენერგიის ინვესტიცია გულის დონეზე; ადამიანებთან ურთიერთობის განცდა.
ეს სიზმარი იდუმალ ამბავს ჰგავდა, რომელიც ნელ-ნელა გაიხსნა ჩემს წინაშე. თავიდან მარცხენა გულის ჯიბესთან დაკავშირებით ვერაფერი მოვიფიქრე. ვგრძნობდი, რომ ორმოცი დოლარის საფულედან გულის ჯიბეში გადატანა სიზმარში გადამწყვეტი პუნქტი იყო, რომელმაც შემდგომში განვითარებული მოვლენები წარმოქმნა.
არ ვიცი რამდენი დრო გავიდა - დღეები ან შეიძლება კვირები, სანამ გიჟური ასოციაციების ჩაწერა დავიწყე. შემდეგ გამიჩნდა იდეა, რომ ეს გულის დონეზე მიუთითებდა. ამან შემდგომში მეტად გამიხსნა ასოციაციების ნაკადი.
იუნგიანურ მოდელში გრძნობების ფუნქცია არ არის დაკავშირებული ემოციებთან, როგორც ამას ზოგიერთები ვარაუდობენ. გრძნობები და ემოციები ფსიქიკაში სხვადასხვა ენერგეტიკულ სისტემებს მიეკუთვნებიან. როდესაც სხვა ადამიანი გიყვართ, თქვენ მას უმაღლეს ღირებულებას ანიჭებთ თქვენს ცხოვრებაში. როდესაც გრძნობთ, რომ რაღაც მშვენიერია, ისევ და ისევ, თქვენ ამ საგანს მაღალ ღირებულებას ანიჭებთ.
ამიტომ, შეგრძნების ფუნქციას უკეთესად შესაძლოა შეფასების ფუნქცია ეწოდოს. ესაა ფსიქიკის ფუნქცია, რომელიც ღირებულებებისა და დაფასების ფუნქციას ასრულებს იდეებთან, საგნებთან და ადამიანებთან მიმართებაში. იგი განასხვავებს ერთმანეთისგან მაღალი ღირებულებისა და დაბალი ღირებულების საგნებს. ეს არის ფუნქცია, რომელიც გეუბნებათ, კონკრეტული ადამიანი თქვენთვის "დადებითია" თუ "შხამიანი". როდესაც გრძნობითი ფუნქცია გაცნობიერებულად ფუნქციონირებს, იგი გეუბნებათ, რა არის თქვენთვის კონსტრუქციული და რა იქნება თქვენთვის დესტრუქციული.
შემდგომში გამეხსნა ასოციაციები კუნდალინი იოგას შესახებ. ანაჰატა ჩაკრაც ასევე მდებარეობს გულის დონეზე. ცნბილია, რომ ცნობიერების მოცემული ცენტრი წარმოქმნის და აკონტროლებს ისეთ დახვეწილ შეგრძნებებს, როგორიცაა სილამაზის დაფასება, სულიერი გრძნობა და უანგარო სიყვარული მოყვასის მიმართ. ეს ჩაკრა წარმოშობს გრძნობებს იმის შესახებ, თუ რა არის კარგი, ჭეშმარიტი, კეთილშობილი ან ლამაზი.
ხულიგნები:
კანონის დამრღვევი ხალხი; "კანონის" მიღმა = ცნობიერი გონების ან ჩემი ეგოს მიერ დადგენილი წესრიგის მიღმა; ჩრდილის არქეტიპი; ფულის, ძალაუფლების, რესურსების, ენერგიის მოპარვის მცდელობა; ოთხიანი როგორც მთლიანობა და სისრულე; მთლიანობა ჩემი ფსიქიკის "ქურდულ" მხარის მეშვეობით ვლინდება? ენერგია დამეკარგება თუ მას გულთან ახლოს არ დავაყენებ?
როგორც ხედავთ, ჩემი გონება უკვე ცდილობს სიზმარხილვასთან მუშაობის მეორე საფეხურზე გადასვლას. სპონტანურად ვფიქრობ იმაზე, თუ რა ნაწილებს წარმოადგენენ ჩემში ხულიგნები. მე მათ ვუკავშირებ ჩრდილის არქეტიპს, რადგან ისინი, როგორც ჩანს ეგოს ცნობიერების ველში "ცხოვრობენ", მაგრამ ცარიელ და ყველასგან დაჩრდილულ ადგილას იმყოფებიან. მათ არსებობას აშკარად ვერ ვაცნობიერებ, რადგან ჩემი ცნობიერებისა და კონტროლის მიღმა იმყოფებიან. რატომ ვერ ვაცნობიერებ მათ, ჩემგან რეპრესირებულნი არიან? ჩემი მამაკაცური მხარის ნაწილები ცნობიერ ეგოში ასიმილაციას და სინთეზის მოხდენას ცდილობენ.
ისინი ოთხნი არიან. პარადოქსულია, მაგრამ ეს მეუბნება, რომ მიუხედავად მათი გაუცნობიერებლობისა, თითოეული მათგანი ჩემთვის საერთო ჯამში მთლიანობას წარმოადგენს. ეს ნიშნავს, რომ მე უნდა შევიყვანო ისინი ცნობიერ ცხოვრებაში, რათა საკუთარი თავის სისრულეს მივაღწიო და ვიყო სრულიად ინდივიდუალური არსება.
უშუალოდ ძარცვას ძირითად ფსიქოლოგიურ პრინციპს ვუკავშირებ: თუ თქვენ საკუთარი არსების ნაწილს თრგუნავთ და მას ცნობიერი ცხოვრებისაგან შორს ამყოფებთ, იგი ადრე თუ გვიან ყაჩაღად იქცევა და იწყებს თქვენივე დროსა და ენერგიის "მოპარვას" ფსიქოლოგიურ სტრუქტურაში ნევროზის გამოწვევით. ეს არის მისი გზა, რისი მეშვეობითაც ძალით ცდილობს შემოაღწიოს თქვენს ცხოვრებაში. იგი ხელს გიშლით ისეთი სახით ფუნქციონირებაში, როგორიც თქვენ გსურთ. "ქურდობის" აქტი ფიზიკურ ცხოვრებაში შეიძლება გამოიხატოს ავადმყოფობის, ნევროზის, შფოთვის და "ცუდი იღბალის" სახითაც კი, რომელსაც, როგორც ჩანს, თქვენივე არაინტეგრირებული ნაწილები იწვევენ.
სიზმარში მათი ჩემს მიერ დაძლევის ფაქტს ვუკავშირებ იდეას, რომ არაცნობიერ არქეტიპებს ზოგადად ბევრად მეტი ძალა აქვთ, ვიდრე ეგოს. თუ ჩემი ეგო უარს იტყვის არაცნობიერთან სინთეზზე, ამ შემთხვევაში არაცნობიერს მიეცემა საშუალება, რომ მთლიანად გააჩეროს ჩემი ცხოვრების კურსი. სიზმარშიც ერთ ადგილზე ვიყავი გაჩერებული და სიტუაციის პოზიტიურად ცვლილებას არ ველოდებოდი; მოგვიანებით იგივე პროცესი განხორციელდებოდა ჩემს ყოველდღიურ ცხოვრებაშიც.
ფულის ძებნა:
სიზმარში ფიზიკური კონტაქტი ფსიქიკის ნაწილებს შორის არსებული კუმუნიკაციის მანიშნებელია. ესაა კომუნიკაცია ცნობიერსა და არაცნობიერს, ეგოსა და ხულიგნებს შორის. ფულის ძიება არც ისე მნიშვნელოვანი დეტალია, ვიდრე ის, თუ სად შევინახე იგი.
მეგობრად გახდომა:
კონფლიქტის დასასრული; ძალების გაერთიანება; საპირისპირო წყვილების შეერთება; სინთეზი საკუთარი არსების სხვა ნაწილებთან; კომუნიკაცია კონფლიქტით იწყება და სრულდება პარტნიორული სინთეზით; გაკვეთილის სწავლა; უკანონობის გაუქმება.
ყველა სახის ურთიერთქმედება, რომელსაც სიზმარში მყოფ ადამიანებს შორის ვხედავთ, არის კომუნიკაციის ფორმა, ჩვენი მთლიანი მეს სხვადასხვა ნაწილებს შორის. იქ შეიძლება იყოს ბრძოლა, ომები, სიყვარული, სიძულვილი, მეგობრობა, მტრობა - ეს ყველაფერი ერთგვარი პოლარობების შერწყმის განსახიერებაა სხვადასხვა ენერგეტიკულ სისტემას შორის, რომლებიც ჩვენში თანაარსებობენ.
ასე, რომ ფულის ძიება კომუნიკაციის ერთ-ერთი ფორმაა, რომელსაც ჩემი ეგო საკუთარი თავის ნაწილთან, ჩრდილთან ამყარებს. ფსიქიკაში კომუნიკაციის უმეტესობა კონფლიქტით იწყება. არაცნობიერში არსებულ ჩვენივე პიროვნების ნაწილებს ბრძოლა უწევთ, რათა ჩვენი მხრიდან თანაბრად დაიმსახურონ დროის დათმობა. მაგრამ ბრძოლა, ძარცვა და კონფლიქტი უკეთესია, ვიდრე კონტაქტის საერთოდ არ არსებობა. თუ კონფიქლტის შედეგად ეგოს ჩრდილოვანი ასპექტის ღირებულებებისა და შეხედულებების ასიმილაცია შეუძლია, იგი მალევე გადაიქცევა მეგობრულ და მოკავშირე ძალად.
მეორე საფეხური: სიზმარხილვის დინამიკა
უილიამსის გამზირი:
ახლა ვცდილობ ვიპოვო ჩემში არსებული შინაგანი დინამიკის განსახიერება, რომელსაც უილიამსის გამზირი წარმოადგენს.
ერთი ასოციაცია, რომელმაც კარგად "დააწკაპუნა" არის "ედემის ბაღი". ეს იყო განუყოფელი, ბავშვური მდგომარეობა, როდესაც ადამიანს სამყაროსგან განცალკევების შეგრძნება არ აქვს. ბავშვი გრძნობს სრულ ერთიანობას მშობლებთან, ოჯახთან და სამყაროსთან. ასეთ დროს არ არსებობს განხეთქილება და კონფლიქტი.
რატომ ჩნდება ეს სიმბოლო სიზმარში? რა ხდება ჩემს შიგნით, სადაც მოცემული გამოსახულება შექმნილ სიტუაციას ერგება? როდესაც სიზმარში რაღაც ბავშვობის დროინდელი ჩნდება, ეს შეიძლება მიუთითებდეს ცხოვრებისეული პროგრესირების საერთო სურათზე, რომელიც ბავშვობიდან დღემდე გრძელდება.
აქ ასევე მხვდება იაპონური მაღაზიის დახლი, რომელიც ჩემს ბავშვობაშიც იქ იდგა. უილიამსის გამზირი არის ჩემი ძირითადი ორიენტაცია სამყაროს შესახებ ბავშვობის ასაკში. ჩემს პიროვნებაში არსებული უცხო ელემენტი, რომელიც გარდაუვალ კონფლიქტში აპირებდა ჩართვას, წარმოდგენილია იაპონური მაღაზიის დახლით; ეს არის განსხვავებული ღირებულებების ნაკრები, რომელიც ჩემს ანგლო კულტურას ჰქონდა.
ამბობენ, რომ სიზმრებს განვითარების ოთხი ეტაპი აქვთ და ყველა მათგანი უნდა იყოს წარმოდგენილი სიზმირის სისრულეში მოყვანის მიზნით:
1. სიზმრისეული პერსონაჟები და სიტუაციები.
2. პრობლემის არსი.
3. პასუხი სიზმარში არსებულ პრობლემაზე. (სიზმრის განვითარება).
4. შედეგი და გადაწყვეტა.
ანგლიკანურ სამყაროსთან კონფლიქტი იაპონური დახლით იკვეთება. ესაა ნაცნობობა, რომელიც ჯერ კიდევ ადრეულ ბავშვობაში იწყება და ახალი კულტურა საპირისპირო ღირებულებათა ნაკრებს წარმოადგენს. ეს ყველაფერი ჯერ კიდევ აღვიძებს მიძინებულ კონფლიქტებსა და ღირებულებებს. მოცემული გამოსახულება ასახავს ჩრდილთან შეხვედრის გარდაუვალი და უწყვეტი ურთიერთობის დასაწყისს, რომელსაც საკუთარი თავის სისრულემდე მივყავართ. ამ პრობლემის პასუხი შემდგომში ვლინდება ორმოცი დოლარის გულის ჯიბეში გადატანით და ქურდობის აქტით.
იაპონური მაღაზიის დახლი:
თითქოს ჩემში პატარა "ცივილიზაცია" ცხოვრობს, რომელიც იაპონიის ძველმოდურ, ძენ ბუდისტურ კულტურას წააგავს. ჩემი ეს ნაწილი ორიენტირებულია შინაგან საკითხებზე, სულიერ ცხოვრებაზე, არქეტიპების ჭვრეტაზე და შინაგანი ჰარმონიის ძიებაზე. მოცემული ასპექტი ღთაებრივ სამყაროსთან მაბრუნებს. მეჩვენება, რომ ეს არის "შინაგანი მადლი".
სამყარომ, რომელშიც უილიამსის გამზირზე გამზარდა, ძირითადად გარეგან საგნებზე ორიენტირება მასწავლა: ეს არის ღირსეული ცხოვრების სურვილი, გადასახადების პუნქტუალურად გადახდა, საქმეების დასრულება, სახლის აშენება და სხვა დანარჩენი, რათა თანაქალაქელების თვალში ღირსეულ ადამიანად გამოვჩნდე. ამ თვისებებს აქვს თავისი ღირებულება და აქტუალობა ფიზიკურ ცხოვრებაში, მაგრამ მათში მცირე ადგილია შინაგანი სამყაროსათვის.
სწორედ ჩემში არსებული "იაპონური" ნაწილი არის დაინტერესებული შუა საუკუნეებით, აღმოსავლური რელიგიებით, არქეტიპული ქრისტიანობით, ძენ ბუდიზმით, ინდუიზმით და დიდი მითებით. სწორედ ეს ნაწილი პოულობს ჩემში ამაღლებულ და კეთილშობილურ თვისებებს სხვა კულტურასა და რელიგიებში.
ცარიელი ადგილი:
როგორც ჩანს, ეს არის ადგილი ჩემს ფსიქიკაში, რომელიც გარშემორტყმულია ჩემივე ეგო სტრუქტურით ან ცნობიერი გონებით (ქალაქის ქუჩები), მაგრამ მის მცირე ნაწილს გაუცნობიერებელი უდაბნო წარმოადგენს, რაც ჩემს კონტროლს მიღმა იმყოფება. ამ ადგილზე ჩემი ჩრდილი იმალება.
შემიძლია ვიპოვო რაიმე კონკრეტული ჩემს ცხოვრებაში, რაც ამ სიმბოლოს შეესაბამება? ვიცი, რომ ჩემს პიროვნებაში არის სასაცილო „ადგილები“, ლაფსუსები ან ხარვეზები, სადაც არაცივილიზებული და გაუცნობიერებელი ვარ. ეს არის უხერხული და არასასიამოვნო ასპექტების ნაკრები, რომელთა გაკონტროლებასაც ვცდილობ, მაგრამ ხშირ შემთხვევაში ვერ ვახერხებ.
მე ვსწავლობდი, რომ ზოგჯერ ასეთ სფეროებში მეტი სპონტანურობა, სიცოცხლე და ბუნებრივი ჰუმანურობა იმალება, ვიდრე სადმე სხვაგან. ვცდილობ პერიოდულად შევიხედო ჩემი პიროვნების ამ სფეროებში. ცარიელ ადგილას შესაძლებელია ცნობიერებისა და ცივილიზაციის შეტანა, წინააღმდეგ შემთხვევაში იქ სარეველა და ველური ბალახი გაიზრდება.
მე ამას ჩემს გრძნობებს ვუკავშირებ. ადამიანებთან მიმართებაში უეცარ ენთუზიაზმს განვიცდი. მე სრულიად მოულოდნელად მომწონს კონკრეტული ადამიანები და მინდება რაღაც გავუკეთო მათ. ხშირად თავს უხერხულად ვგრძნობ იმის შიშით, რომ სხვების თვალში შევრცხვები და საკუთარ თავს კარგად არ წარმოვაჩენ. მაგრამ, ხშირ შემთხვევაში ადამიანებთან თბილი და მეგობრული ურთიერთობა მიყალიბდება. ამან მიმიყვანა ღრმა და დამაკმაყოფილებელ ურთიერთობებამდე, რომლებშიც სხვადასხვა ქვეყნის და კულტურის ხალხიც იყო ჩართული.
ხშირად ვყოფილვარ ჩემს შიგნით ცარიელ და დაუკმაყოფილებელ ადგილას. ვფიქრობ, რომ იქაურობა უნდა გავასუფთაო, განვავითარო და კონტროლის ქვშ მოვიყვანო. შემდეგ ვასკვნი, რომ სჯობს ბუნებას მივცე ამის გაკეთების უფლება. ხანდახან ველური ბალახები სჯობს ფორმალურად გაშენებულ ბაღნარებს.
საფულე და ფული:
ჩემი ასოციაციებიდან გამომდინარე ვფიქრობ, რომ ფული ჩემს შინაგან რესურსებს, ჩემს მთავარ ენერგიას და სასიცოცხლო ძალას ეხება. სიზმარი ორიენტირებულია გავარკვიო, თუ სად ვდებ ჩემს ინვესტიციას და სასიცოცხლო ძალას? ჩემი ცხოვრების უმთავრეს მიზანს და საზრუნავს? ორმოცი დლარი (ციფრი ოთხიანი) მეუბნება, რომ ეს არ არის უმნიშვნელო საკითხი.
გულის ჯიბე:
ჩემი ასოციაციებიდან ყველაზე დიდი ყურადღება ორმა მაგალითმა მიიქცია: ერთი არის გული, როგორც ემოციებისა და გრძნობების ცენტრი და მეორე, ანაჰატა ჩაკრა კუნდალინი იოგაში. პირველ საფეხურში მე მოვიყვანე მცირედი ინფორმაცია გრძნობითი ფუნქციების შესახებ და ერთმანეთისგან განვასხვავე ემოციები და გრძნობები. მარცხენა გულის ჯიბის სწორი ასოციაციის საპოვნელად საკმაოდ დიდი დრო დამჭირდა. ვაცნობიერებ, რომ აქამდე ვერ ვიტანდი მკაფიო სენტიმენტალურობას, რადგან ჩემში აზროვნება და ინტუიცია დომინირებდა.
სწორედ ამ ასოციაციამ დამანახა უკეთესად, რომ იუნგი არ გულისხმობდა "ემოციას", როდესაც გრძნობით ფუნქციაზე საუბრობდა. მოცემულმა სიმბოლომ მაიძულა უკეთესად დავკვირვებოდი საკუთარ თავს. დავიწყე იმის გაცნობიერება, რომ ცხოვრების ის ასპექტი, რომელშიც მართლა ვვითარდები, არის გრძნობითი მხარე. ადამიანების მიმართ სიყვარული და ასევე საპასუხო სიყვარული მათი მხრიდან, ენერგიას მატებს ჩემს ცხოვრებას და ეს არის ჩემი ფუნქციონირების ცენტრალური მოტივი, რაც ყოველმხრივ შთამაგონებს.
სანამ ეს სიზმარი არ ვნახე, იქამდე ყოველთვის ვცდილობდი ენერგიის მოცემული ნაკადის ჩემში ჩახშობასა და დამცირებას. ოჯახი და კულტურა რომელშიც გავიზარდე, გრძნობით ასპექტში ღიად არასდროს ყოფილა გამოხატული. ემოციები სამარცხვინოდ, არასანდოდ და არაპრაქტიკულად ითვლებოდა. ემოციების ღიად გამოხატვას უცნაურ თვისებად გითვლიდნენ. მეტისმეტი სიყვარულის გამოხატვა სხვებს უხერხულობის შეგრძნებას უქმნიდა. ნებისმიერს, ვინც გადაწყვეტილებას გულისმიერი კარნახით ღებულბდა ვიდრე პრაქტიკული კუთხით, არასანდო ადამიანად თვლიდნენ. ინტენსიური და რომანტიზებული სიყვარული შეუსაბამო და უადგილო იყო პატივცემულ საზოგადოებაში.
ამ სიზმრისა და სიმბოლოებთან ჩემი ურთიერთობის შემდეგ აღმოვაჩინე საკუთარი ტიპოლოგია და მასთან დაკავშირებული კანონები - მივხვდი, რომ მე ვარ ინტროვერტი და ჩემი ცხოვრების მთავარი წყარო იმისგან განსხვავებულია, რომელიც მგონია. მე ვიპოვე დინამიკის სპეციფიკური ნაკრები ჩემს შინაგან ცხოვრებაში, რომელმაც შინაგანი ნაწილები მოქმედებაში მაჩვენა.
ფულის საფულედან გულის ჯიბეში გადატანას აღვიქვამ, როგორც ჩემი ენერგიისა და შესაძლებლობების ახალ ინვესტიციას, რომელიც გრძნობით ფუნქციაში გადადის. ეს არის ანაჰატა ჩაკრის შესაბამისი სფერო.
ხულიგნები:
პირველ საფეხურზე ვთქვი, რომ ხულიგნებს ჩრდილთან ვაკავშირებ; ეს არის ჩემი ალტერ ეგო, რომელიც ჯერ კიდევ გაუცნობიერებელ მდგომარეობაში იმყოფება და ჩემი პიროვნების ისეთ ასპექტებს შეიცავს, რომლის ინტეგრაციაც ჯერ არ მომიხდენია. მე უნდა ვიპოვო ჩემი ცხოვრების კონკრეტული ასპექტები, რომლებშიც ჩრდილის არქეტიპს ვხედავ.
თუკი ჩემი სიზმრის განვითარების ეტაპებს შევხედავ, დავინახავ, რომ რაღაც ცხადი ხდება. ეს არის საშინელი კონფლიქტი ჩემს ანგლო კულტურასა და იმ ახალ ღირებულებებს შორის, რომელსაც სხვა სისტემების შესწავლისას ვაწყდები. იაპონური მაღაზიის დახლი შემდგომში ოთხი ხულიგანის სახით უშუალო კონფლიქტის ილუსტრაციას ასახავს.
ჩრდილის არქეტიპი იგნორის შემთხვევაში ჩვენში დეპრესიას და სხვა ცუდ განწყობებს იწვევს. ისინი ფიზიკურადაც გვაავადებენ. დეპრესია და ავადმყოფობა სასიცოცხლო ძალასა და განწყობას მაფიოდ დაბალ საფეხურზე აგდებს, მაგრამ არაცნობიერი აშკარად გრძნობს, რომ დეპრესია სულ არაფერს ჯობია. შინაგანი "ხულიგნები" კეთილშობილურ როლსაც ასრულებენ: მდიდარს ართმევენ და ღარიბს აძლევენ; ანუ, ისინი იპარავენ ჩვენი იმპერიული ეგოს ენერგიას და მას გაუცნობიერებელ ასპექტებს უნაწილებენ.
მესამე საფეხური: ინტერპრეტაცია
როგორც ხედავთ, პირველი და მეორე საფეხურების ეტაპობრივად გავლის შემდეგ, სიზმრის ინტერპრეტაციასაც მივადექით, სადაც ინფორმაცია უნდა შევაჯამოთ და სიზმრისეული გამოსახულებები ერთმანეთს დავუკავშიროთ. ხანდახან ასეც ხდება - პირველი ან მეორე საფეხურის გავლისას თქვენში რაღაც ანათებს და იწყებ მთლიანი სიზმრის ერთმანეთთან დაკავშირებას. შედეგად, ჩემი ინტერპრეტაცია შეიძლება იყოს საკმაოდ მოკლე და არსებითი. შემიძლია პირდაპირ გადავიდე კითხვაზე: "რა არის მთავარი მნიშვნელობა, რასაც სიზმარი ჩემი ცხოვრებისათვის ატარებს?"
უპირველეს ყოვლისა, სიზმარი მიჩვენებს, რომ მე იმისგან განსხვავებული ადამიანი ვარ, რომელიც მგონია. მაქვს სრული უფლება და მოვალეობა, ვიცხოვრო იმის მიხედვით, რასაც ნამდვილად წარმოვადგენ. სიზმრის შედეგად აღმოვაჩინე, რომ ინტროვერტი ვარ. ჩემი ცხოვრების მთავარი აქცენტი უნდა იყოს გრძნობითი ღირებულებები სამყაროსთან და განსაკუთრებით, ადამიანებთან მიმართებაში.
რას ნიშნავს ეს ყველაფერი ჩემი ცხოვრების პრაქტიკულ წესში? შემიძლია გაცნობიერებულად, გამბედავად და მიზანმიმართულად დავიწყო საკუთარი თავის გრძნობებისადმი მიძღვნა. შემიძლია ჩემი დროისა და ენერგიის დიდი ნაწილი დავუთმო ჩემი მეგობრობის განვითარებას და ადამიანებთან ურთიერთობას. რაც მთავარია, მე შემიძლია ამის გაკეთება დანაშაულის გრძნობის გარეშე და იმის განცდის გარეშე, რომ ვემორჩილები საკუთარი თავის „ქურდულ“ მხარეს; ამის ნაცვლად, პროცესისაგან სიამოვნება უნდა მივიღო ადამიანთა თბილ კამპანიასთან ერთად.
სიზმრის გადაწყვეტა, კონფლიქტის მოგვარება და ფსიქიკაში არსებული განხეთქილების მოგვარება სიმბოლიზებულია ფულის გულის ჯიბეში გადატანით. ეს ნიშნავს, რომ მე უნდა განვსაზღვრო ჩემი ცხოვრება და ფასეულობები გრძნობითი ღირებულებების გარშემო. როდესაც ჩემი შინაგანი "ხულიგანი" აღოაჩენს, რომ მე ნებაყოფლობით გადავიტანე ჩემი ენერგია გულთან, საკონფლიქტო აღარაფერი რჩება.
ეპილოგი
ოთხი ხულიგანის სიზმართან ჩატარებული სამუშაოს შემდეგ, ჩემთვის აბსოლუტურად ბუნდოვანი იყო, რა უნდა გამეკეთებინა რიტუალის სახით. ჯერ მხოლოდ სიზმრის ინტერპრეტაციისათვის საკმარისზე მეტი დრო დამჭირდა; შემდეგ იდეა გამიჩნდა: ქალაქში ცარიელი ადგილი ვიპოვე, მანქანიდან გადმოვედი და რამდენიმეჯერ ფეხით შემოვიარე მთელი არემარე. ამან ფიზიკურ ასპექტში დამაკავშირა სიზმართან; შემდეგ კი ცოტა ხნით დავისვენე.
რამდენიმე თვის შემდეგ, სრულიად შემთხვევით პორტლენდში მომიწია დაბრუნება. გზად ჩემი სიზმარი გამახსენდა და გადავწყვიტე, რომ მასთან დაკავშირებით ძლიერი რიტუალის გაკეთება შემეძლო. მე უნდა მომენახულებინა უილიამსის გამზირი და ძველი უბანი, სადაც ბავშვობა გავატარე.
უილიამსის გამზირი შეცვლილი დამხვდა. დავიწყე ჩემი ბავშვობისდროინდელი სახლიდან და განვაგრძე სიზმარში განვლილი მარშრუტის გავლა. იაპონური მაღაზიის დახლი ისევ თავის ადგილზე იდგა. ცარიელი ადგილიც კი თავის ადგილზე იყო, ბუჩქებითა და სარეველებით სავსე. ირაციონალურად, უეცრად შიში მეწვია; მე ფიზიკურ სამყაროში აღარ ვიყავი, არამედ სიზმარში.
მოულოდნელად, არსაიდან ახალგაზრდა ბიჭი გაჩნდა და მომიახლოვდა. წამით გავიფიქრე, რომ ჩემს გაძარცვას აპირებდა და ყველაფერს ამომაცლიდა, რაც კი გამაჩნდა. ყველაფერი ზუსტად ისე იყო, როგორც სიზმარში. ბიჭმა შემომხედა და თითქოს იგრძნო რომ რაღაც მინდოდა და რაღაცას ვეძებდი. რა თქმა უნდა მას წარმოდგენაც არ ჰქონდა, რომ სინამდვილეში ჩემი სიზმრის უფრო ღრმა მნიშვნელობის ამოხსნას ვეძებდი და ჩემი აზრით იმ მომენტში მართლა სიზმარში ვიყავი.
ბიჭმა ჩემი დაკითხვა დაიწყო: მინდოდა თუ არა მარიხუანა? კოკაინი ხომ არ მინდოდა? იქნებ ქალი მსურდა? არა არა, ალბათ ჰეროინი? როცა ყველა შესაძლო ვარიანტი ჩამოთვალა და ჩემგან უარი მიიღო, გაკვირვებულმა მკითხა: "აბა, აქ რა ჯანდაბა გინდა?"
გონებაში გამიელვა მისთვის მეპასუხა, რომ ხულიგნებთან საუბარი მინდოდა. შემეძლო ისიც მეთქვა, რომ ახლა სიზმარში ვსეირნობდი და იგი ზუსტად ისევე გამოჩნდა, როგორც სიზმარში თვეების წინ ვნახე. იმ მომენტში ფიზიკურ სამყაროსა და ჩემს სიზმარს შორის ურთიერთქმედება ძალიან ინტენსიური გახდა. საბოლოოდ, უკან გამოვბრუნდი, მანქანაში ჩავჯექი და იქედან მოვუსვი. გული ამოვარდნაზე მქონდა.
ამ რიტუალის ჩატარების ფარგლებში, ჩემს სიზმარს იმდენად ღრმად შევეხე, რამდენადაც შემეძლო. თანდათან ჩემი ცხოვრება შეიცვალა და მას ახალი მნიშვნელობა მიეცა. ჩემი ცხოვრება შეესაბამებოდა საკუთარ თავზე ახალ წარმოდგენას, რომელიც სიზმარში თავიდანვე იყო ჩადებული.
და მაინც, რა იყო ეს ახალი აღქმა? სიზმარმა მაიძულა გამეცნობიერებინა, რომ ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანებთან მეგობრობა და მათთან ემოციური მიმოცვლა გახლდათ. ბევრი ნაცნობი არ მჭირდება, მაგრამ მჭირდება მეგობრობა, რომელიც კომუნიკაციის ღრმა დონეს მოიცავს, იქნება ეს უბრალოდ იდეების გაცვლა თუ ერთად ყოფნის მარტივი სიხარული.
სიზმრის საპასუხოდ, გადავწყვიტე წავსულიყავი ინდოეთში და მომენახულებინა უძველესი კულტურა, სადაც ადამიანები ჯერ კიდევ არქაული გზით უკავშირდებიან ერთმანეთს კლანური და ტომობრივი კავშირებით, სადაც ფასდება სითბო, გრძნობა და ადამიანური მიმოცვლა ლოგიკაზე და წარმოებაზე მაღლა დგას. ინდოეთში გატარებული ვიზიტების სერიამ და ზოგადად აღმოსავლეთმა მომცა ახალი აღქმა იმ მენტალიტეტის მიღმა, რომელიც აღზრდის შედეგად მქონდა მიღებული. როდესაც სიყვარული და მეგობრობა ყველა სხვა ფასეულობაზე მაღლა დავინახე, თავი სახლში ვიგრძენი.
ამერიკაში დაბრუნებისას სიზმრის გავლენა ისევ გაგრძელდა. მე დავიწყე სტანდატრული ამერიკული ცხოვრების წესიდან გამოსვლა, რაც გადაჭარბებულ სამუშაო გრაფიკს, მუდმივი ზეწოლის შეგრძნებას და დადგენილ ვადებს ეფუძნებოდა. ეს ყველაფერი ნელი პროცესი იყო, მაგრამ ახლა, წლების შემდეგ, შემიძლია ვთქვა, რომ ჩემი ცხოვრება დიდად განსხვავდება იმისგან, როცა ოთხი ხულიგნის სიზმარი ვნახე. პრაქტიკული ცვლილების თანმიმდევრული განხორციელების პროცესი შეილება დაიწყოს მას შემდეგ, როდესაც სიზმართან ახალი დამოკიდებულება გვექნება და მის გზავნილს ამოვხსნით.
იმედი მაქვს, რომ აქ აღწერილი საფეხურები და პრაქტიკული მაგალითები გაგიადვილებთ საკუთარი სიზმრის შესწავლის პროცესს და მათი დამუშავების შედეგად ისწავლით, როგორ ამოიტანოთ თქვენი სიზმრებიდან სიბრძნე, რომელიც მოცემულ მომნტში გჭირდებათ. გახსოვდეთ, რომ არაცნობიერი მუდმივად გამოხატავს საკუთარ თავს და ნებაყოფლობით წარმოქმნის ყველა ასოციაციასა და ცნობას, რომლებიც სიზმრის გასაგებად გჭირდებათ. ერთადერთი, რაც არსებითად საჭიროა, თქვენი შრომაა: ესაა სურვილი საფეხურების თანმიმდევრულად გავლისთვის.
ყველაფერი პირველი მოქმედებიდან, - ხელისა და გონების მოძრაობიდან - იწყება, რომელიც ჩვენს შიგნით დაფარულ ჯადოსნურ და გასაოცარ საიდუმლოებებს გვიხსნის. თქვენი არაცნობიერი მზად არის მათ განსახორციელებლად.