შინაგანი სამუშაო: სიზმრებისა და აქტიური წარმოსახვის გამოყენება პერსონალური განვითარებისათვის

რობერტ ალექს ჯონსონი
5
2

მთარგმნელები: დავით ჯანგველაძე და ვარიკო ესებუა

თავი მეორე - შინაგანი სამუშაო: არაცნობიერის ძიება

ამ წიგნის მიზანია, უზრუნველყოს პრაქტიკული, თანმიმდევრული მიდგომა საკუთარი შინაგანი სამუშაოს შესრულებისთვის. კერძოდ, თქვენ აღმოაჩენთ ოთხსაფეხურიან მეთოდს როგორც სიზმრებთან, ასევე აქტიურ წარმოსახვასთან დაკავშირებით. როგორც ჩვენი კვლევის ნაწილი, ასევე შევეხებით რიტუალისა და ფანტაზიის გამოყენებას, როგორც გზამკვლევებს არაცნობიერისკენ.

მე ამ ტექნიკებს „შინაგანი სამუშაოს“ ტერმინით მოვიხსენიებ, რადგან ისინი განასახიერებენ პირდაპირ და ძლიერ გზებს არაცნობიერ სამყაროსთან მიახლოებისათვის. შინაგანი სამუშაო არის ძალისხმევა, რომლითაც ჩვენ ვღებულობთ ცოდნას ჩვენში დაფარული ცნობიერების ღრმა შრეების შესახებ და მივდივართ საკუთარი ტოტალური თვითობის ინტეგრაციისაკენ.

პრაქტიკული მიდგომა აუცილებელია, მიუხედავად იმისა, თუ რამდენად დახელოვნებული ვართ თეორიულ დონეზე. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს უმრავლესობას საკმაოდ კარგად ესმის გარკვეული რაოდენობის ფსიქოლოგიური თეორიები, ცოტას თუ შეუძლია აღიქვას, როგორ უნდა დაიწყოს რეალური მუშაობა სიზმრებთან და არაცნობიერთან დაკავშირებით. როგორც წესი, ჩვენი ენერგია იქ რჩება, სადაც იწყება, ანუ თეორიულ დონეზე, და არ გადაიზრდება შინაგან თვითობასთან კონკრეტულ  და უშუალო შემხებლობაში.

ფსიქიკის სამყაროში ცნობიერებას უფრო მეტად პრაქტიკული სამუშაო აშენებს, ვიდრე თეორიული იდეები. თუ ჩვენ შევისწავლით საკუთარ სიზმრებს და გულწრფელად ვიმუშავებთ იმ სიმბოლოებთან, რომლებიც აქ გვხვდებიან, მაშინ ძირითადად შევისწავლით იმას, რაც გვჭირდება ვიცოდეთ საკუთარი თავისა და ჩვენივე ცხოვრების მნიშვნელობის შესახებ, მნიშვნელობა არ აქვს, თუ რა ვიცით ამ ყველაფერში ჩართულ, ფსიქოლოგიურ თეორიებთან დაკავშირებით.

შინაგანი სამუშაოს მიზანია ცნობიერების აგება. შინაგანი სამუშაოს კეთების შესწავლით, თქვენ აცნობიერებთ კონფლიქტებსა და გამოწვევებს, რომლებიც თქვენს ცხოვრებაში ვლინდება. თქვენ შეგიძლიათ მოძებნოთ თქვენივე არაცნობიერის ფარული სიღრმეები და იპოვოთ ძლიერი მხარეები და რესურსები, რომლებიც თქვენს მიერ აღმოჩენას ელოდებიან.

სინამდვილეში, მედიტაციის ნებისმიერ ფორმას, რომელიც ჩვენს გონებას არაცნობიერიდან წამოსულ შეტყობინებებს უხსნის, შეიძლება ეწოდოს „შინაგანი სამუშაო“. კაცობრიობამ შეიმუშავა შინაგანი სამყაროსადმი მიდგომის  უსასრულო მრავალფეროვნება; თითოეული მათგანი ისტორიაში, კულტურაში, რელიგიაში, და სულიერებასთან ჩვენს ურთიერთობაში ადაპტირდა. ამის რამდენიმე მაგალითია იოგური მედიტაცია, ძაძენი ძენ ბუდიზმში, ქრისტიანული ლოცვა, სუფიური მედიტაციები  და ეთიკური მედიტაცია კონფუციანურ ფილოსოფიაში.

იუნგმა შენიშნა, რომ ავსტრალიის აბორიგენი მოსახლეობა მათი მღვიძარე ცხოვრების ორ-მესამედს ხარჯავს  შინაგანი მუშაობის ამა თუ იმ ფორმაში. ისინი ატარებენ რელიგიურ ცერემოენიებს, განიხილავენ და ინტერპრეტაციას უკეთებენ თავიანთ სიზმრებს და აწყობენ სულიერ შეხვედრებს. მთელი ეს თანმიმდევრული ძალისხმევა ეძღვნება შინაგან ცხოვრებას, სიზმრების სფეროს, ტოტემებს და სხვადასხვა სახის სულებს - საერთო ჯამში ეს არის საკუთარ არაცნობიერთან კონტაქტის დამყარების მეთოდი. ჩვენ, თანამედროვე ადამიანები, ძლივს გამოვნახავთ მთელი კვირის განმავლობაში რამდენიმე საათს, რათა ეს დრო შინაგან სამყაროს დავუთმოთ. სწორედ ამ მიზეზის გამოა, მთელს ჩვენს ტექნოლოგიებთან ერთად, ჩვენ ნაკლები ვიცით საკუთარი სულისა და ღმერთის შესახებ, ვიდრე ეს პრიმიტიულმა ადამიანებმა იციან.

მაგრამ, არის კიდევ ერთი ძირითადი განსხვავება ჩვენსა და აბორიგენ ხალხებს შორის: მათ შეინარჩუნეს შინაგან სამყაროსთან მიახლოებისა და თაყვანისცემის უძველესი ფორმები. როდესაც ისინი სულისკენ მსვლელობას ირჩევენ, არსებობს დადგენილი გზა სულიერი ძიებისათვის, ასევე არსებობს დადგენილი გზა სიზმრებისა და ხილვების გასაგებად, და ჯადოსნურ წრეში ან საკურთხეველში დადგენილი ცერემონიები ღმერთებთან შეხვედრისათვის. ჩვენთვის უძველესი მიდგომების უმრავლესობა გამქრალია. სიზმრების სამყაროში მოგზაურობის შესასწავლად, დიდებულ სულებთან ურთიერთობისთვის, არაცნობიერიდან უძველესი ცეცხლის კვლავ ანთებისათვის და დიდი ხნის წინ დავიწყებული ტომობრივი მოგონებების გაღვიძებისთვის, ჩვენ უნდა მივიდეთ თანამედროვე შამანთან, კარლ იუნგთან, რათა ვიპოვოთ გზა სულისკენ, რომელიც თანამედროვე გონებისათვის აუცილებელი მოთხოვნილებაა.

შინაგანი სამუშაოს ფორმები, რომელებსაც ჩვენ შევისწავლით, ეფუძნება იუნგის სწავლებებსა და შეხედულებებს. სიზმრებთან დაკავშირებული სამუშაოები, რა თქმა უნდა, მომდინარეობს იუნგიანური სიზმრების ანალიზიდან. იგი სიზმრების სიმბოლური ენის წაკითხვის სწავლას გულისხმობს. აქტიური წარმოსახვა სპეციალური გზაა წარმოსახვითი ძალის განვითარებისათვის, რათა შედგეს ურთიერთქმედება ცნობიერ გონებასა და არაცნობიერს შორის. ეს არის მრავალსაუკუნოვანი პროცესი, რომელიც იუნგმა ჩამოაყალიბა თანამედროვე ტექნიკის სახით, რათა კაცობრიობას მისი გამოყენება შესძლებოდა.

აქტიური წარმოსახვა არ ჰგავს ამჟამინდელ  „ვიზუალიზაციის“ ტექნიკას, რომელსაც უბრალოდ რაღაცის წარმოდგენის მიზნით ვიყენებთ. აქტიურ წარმოსახვაში არ არსებობს სცენარი; თუ გავითვალისწინებთ მის შესაძლებლობასა და ძალაუფლებას, აქტიურ წარმოსახვას აბსოლუტურად განსხვავებული  ურთიერთობა აქვს არაცნობიერთან. აქტიურ წარმოსახვაში, საკუთარ არაცნობიერში მიდიხარ იმის გასარკვევად, თუ რა არის იქ და რას სთავაზობს იგი ცნობიერ გონებას.  არაცნობიერი არ არის ის, რაც მანიპულირებული უნდა გახდეს ცნობიერი გონების მიზნებისათვის, არამედ ეს არის თანაბრად პარტნიორული დიალოგი, რომელიც შედეგად სრულ სიმწიფეს იძლევა.

ბევრმა იცის, რომ არაცნობიერი, ცნობიერ გონებასთან სიზმრების მეშვეობით ურთიერთობს. ბევრმა ისწავლა თეორიები იმის შესახებ, თუ როგორ მოახდინოს სიზმრების ინტერპრეტაცია. მაგრამ, უმეტესი ჩვენგანი პარალიზებულია, როცა ვცდილობთ, ვიმუშაოთ ჩვენს კონკრეტულ სიზმრებთან. განვიხილოთ ნაცნობი სცენარი: მე გავიღვიძე ცოცხალ/ლუციდურ სიზმარში. შემდეგ გადავწყვიტე, რომ „ყველაფერი ჩემით გამეკეთებინა“. სიზმარი მიზანმიმართულად ჩავიწერე წიგნაკში. დავჯექი სიზმრის ინტერპრეტაციისთვის. მომენტალურად გონება მებინდება. საკუთარ თავს ვეკითხები: „რა უნდა გავაკეთო? საიდან დავიწყო?“. ფურცელს ვაშტერდები.  სიზმარი გამოიყურება ან სრულიად აშკარად, ან სრულიად უაზროდ.

ზოგჯერ ჩვენ ვცდილობთ ვიპოვოთ გარკვეული ასოციაციები სიზმრების გამოსახულებებთან დაკავშირებით. მაგრამ, ჩვენ ვკარგავთ მოთმინებას. ვგრძნობთ, თითქოს მთავარი აზრი გამოგვრჩა. ჩვენ გადავწყვეტთ დავუბრუნდეთ ამ სიზმარს მომდევნო დღეს და ვცადოთ ხელახლა, მაგრამ ამ დროისათვის უკვე სხვა რამ ხდება.

ჩემი მუშაობის პირველ წლებში აღმოვაჩინე, რომ ეს იყო უნივერსალური პრობლემა ჩემს პაციენტებსა და მეგობრებს შორის. რატომღაც, რამდენიც არ უნდა წავიკითხოთ სიზმრების სიმბოლიზმის თეორიების შესახებ, ჩვენ ყველანი ვიჭედებით, როდესაც საქმე საკუთარ სიზმრებთან პრაქტიკულ და დაუყოვნებლივ მუშაობას ეხება. ხალხი მოდიდა საკონსულტაციო ოთახში საკუთარი სიზმრებით სავსე რვეულებთან ერთად. როცა ვეკითხები, რა ისწავლეს საკუთარი სიზმრებიდან, ისინი მპასუხობენ: „ მე არ მესმის ჩემი სიზმრები. როცა ანალიტიკურ საათზე ვიმყოფები, ჩემს სიზმრებთან დაკავშირებით გამონათებებს ვღებულობ, თუმცა, როცა დამოუკიდებლად ვჯდები მათთან სამუშაოდ, ვერაფერს ვხედავ. არ ვიცი საიდან დავიწყო.“

საკუთარი სიზმრების გაგება არ წარმოადგენს პრობლემას მხოლოდ უბრალო ადამიანებისთვის; ეს ერთნაირად პრობლემური საკითხია ფსიქოლოგების უმეტესობისთვისაც. როდესაც ვმუშაობ პაციენტების სიზმრებთან, მე შეიძლება ვიბრწყინო, მაგრამ, როდესაც საქმე საკუთარ სიზმარს ეხება, ჩემს გონებას მოკლე ჩართვა ემართება. ეს ნორმალურია, რადგან თითოეული სიზმარი გადასცემს ისეთ ინფორმაციას, რომელიც არ არის ცნობილი სიზმარმხილველის ცნობიერებისათვის. ამიტომ, ამას სჭირდება გარკვეული რეალური ძალისხმევა და ჩვენი შესაძლებლობების გაფართოება, რათა გავიგოთ, რას გვეუბნება სიზმარი. თუ ინტერპრეტაცია ზედმეტად იოლად მოდის, ეს ნიშნავს, რომ ის არც ისე ზუსტი და ღრმაა.

ამ პრაქტიკული საჭიროების საპასუხოდ, მე შემოგთავაზებთ სიზმრებთან მიდგომის ოთხსაფეხურიან გზას, რომელსაც ამ წიგნში იხილავთ. ჩემი მიზანია, უზრუნველვყო საშუალება, რომ ადამიანებმა დამოუკიდებლად მოახდინონ საკუთარი სიზმრების ინტერპრეტაცია. ადამიანების უმრავლესობას სჭირდება სწავლა, როგორ შევიდნენ საკუთარ სიზმრებში და საკუთარ არაცნობიერში. მაგრამ ამის მისაღწევად, ჩვენ გვჭირდება პრაქტიკული მიდგომა, რომელიც იწყება შემდეგნაირად: ეს არის ფიზიკური და მენტალური ნაბიჯების სერია, რომელიც საშუალებას გვაძლევს, შემხებლობაში მოვიდეთ სიზმართან, დავშალოთ იგი საკუთარ სიმბოლოებად და აღმოვაჩინოთ თითოეული ამ სიმბოლოს მნიშვნელობა ჩვენი არსებისათვის.      

წლების წინ, ჯერ კიდევ იმ დროიდან, როცა მე და ჩემმა პაციენტებმა შევიმუშავეთ ოთხსაფეხურიანი მეთოდი, მე დავინახე, რომ ადამიანთა უმეტესობა, რომლებიც მათ კეთილსინდისიერად იყენებდა, საკუთარი სიზმრების საკმაოდ ზუსტ ინტერპრეტაციებამდე მივიდნენ. ისინი პოულობდნენ თავიანთი სიზმრების არსს ან მთავარ მამოძრავებელ ენერგიას, და სწორედ ეს არის სიზმრის ინტერპრეტაციაში მნიშვნელოვანი.

თეორიებთან გადაჭარბებული დამოკიდებულება არის მთავარი დაბრკოლება სიზმრებთან მუშაობისთვის:

ბუნებრივია, ანალიტიკოსი კარგად უნდა იცნობდნეს ე.წ. „მეთოდებს“. მაგრამ თავი უნდა დაიცვას რაიმე კონკრეტული, რუტინული მიდგომისაგან. ზოგადად, მან თავი უნდა დაიცვას თეორიული დასკვნებისაგან... ჩემი აზრით, ინდივიდუალურ საკითხებში მხოლოდ ინდივიდუალური გაგებაა შესაძლებელი. ჩვენ ყველა პაციენტისთვის განსხვავებული ენა გვჭირდება. ერთ ანალიზში შესაძლოა ადლერის დიალექტზე ვსაუბრობდე, ხოლო მეორეში - ფროიდისტულზე. (Jung, MDR, Step Four: Rituals)[1]

იუნგისაგან ავიღე გამბედაობა და ვუთხარი ჩემს პაციენტებს, რომ არ დაეჯერებინათ აბსტრაქტული ცნებები. დაუჯერეთ საკუთარ არაცნობიერს, საკუთარ სიზმრებს. თუ თქვენი სიზმრებისგან რაიმეს სწავლა გინდათ, მაშინ  იმუშავეთ მათზე. იცხოვრეთ თქვენი სიზმრების სიმბოლოებთან ერთად, თითქოს ისინი თქვენი  ყოველდღიური ცხოვრების ფიზიკური თანამგზავრები არიან. თუ ამას გააკეთებთ, აღმოაჩენთ, რომ ისინი ნამდვილად არიან თქვენი შინაგანი სამყაროს თანამგზავრები.

 

ანალიზი და საშინაო დავალება

ეს წიგნი არ არის გამიზნული იმისთვის, რომ შეცვალოს თქვენი დახმარება და ხელმძღვანელობა ანალიტიკოსისგან, თუ თქვენ აკეთებთ ფორმალურ ანალიზს ფსიქოანალიტიკოსთან ერთად. წიგნი გამიზნულია, რომ დაგეხმაროთ საშინაო დავალების შესრულებაში. თქვენ უნდა განიხილოთ ის მიდგომები, რომელებსაც ამ წიგნში აღმოაჩენთ და უნდა დაიცვათ თქვენი ანალიტიკოსის რჩევა, მოცემული ტექნიკების გამოყენებისას.       

ადამიანები საუკეთესო შედეგს იღებენ ანალიზისგან, როდესაც ისინი ყოველდღიურად ასრულებენ საშინაო დავალებას, ახდენენ საკუთარი სიზმრების და ფანტაზიის ინტერპრეტაციას და იყენებენ აქტიურ წარმოსახვას მას შემდეგ, რაც იმუშავებენ თერაპევტთან და ნაწილობრივ მაინც გადაჭრიან პრობლემებს. ანალიტიკური საათი შეიძლება დაიხარჯოს იმ სამუშაოს დახვეწაში ან გაძლიერებაში, რომელიც ჩვენს მიერ უკვე შესრულებულია. ეს ანალიტიკოსს საშუალებას აძლევს, რათა საუკეთესოდ გამოიყენოს პაცენტის დრო და დაეხმაროს მას უფრო სწრაფი ტემპით განვითარებაში.

 

მუშაობა ანალიტიკოსის გარეშე

თუ თქვენ არ გყავთ ხელმისაწვდომი ანალიტიკოსი, შესაძლოა გაინტერესებთ, სწორია თუ არა საკუთარ სიზმრებთან და სხვადასხვა ტექნიკებთან მუშაობა დამოუკიდებლად, სხვისი დამხარების გარეშე. მჯერა, რომ თქვენ ამის გაკეთება შეგიძლიათ უსაფრთხოდ და ასევე ამ მეთოდების გამოყენებით თავისუფლად შეგიძლიათ მათგან ისარგებლოთ. არსებობს ერთი პირობა: თქვენ უნდა დაიცვათ სიფრთხილის ზომები. 

ამ თავების კითხვის პროცესში, აღმოაჩენთ რამდენიმე გაფრთხილებას, პრობლემისაგან თავის დაღწევის მიზნით. დარწმუნდით, რომ სერიოზულად ეკიდებით და მიჰყვებით მოცეულ რჩევებს.

უნდა გესმოდეთ, რომ როდესაც არაცნობიერს უახლოვდებით, თქვენ  საქმეს იჭერთ ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ და ავტონომიურ ძალასთან, მთელი ადამიანური გამოცდილების ფარგლებში. შინაგანი სამუშაოს ტექნიკების გამოყენება მიზნად ისახავს არაცნობიერის დიდებული ძალების ინტეგრაციას, მაგრამ გარკვეული გაგებით ეს ჰგავს გეიზერის ამოხეთქვას: თუ საკმარისად ფრთხილად არ იქნებით, შეიძლება ყველაფერი ცუდად წავიდეს. თუ ამ პროცესს საკმარისად სერიოზულად არ აღიქვამთ ან მის უბრალოდ გასართობ საშუალებად გამოყენებას შეეცდებით, საკუთარ თავს სერიოზულ ზიანს მიაყენებთ.

თქვენ განსაკუთრებით ფრთხილად უნდა იყოთ აქტიური წარმოსახვის მიმართ. არ შეიძლება ამ ტექნიკაში ვარჯიში იქამდე, სანამ არ გეყოლებათ გვერდით ვინმე, ვინც კარგად იცნობს ამ ხელოვნებას და ვინც იცის,  როგორ დაგაბრუნოთ დედამიწაზე, თუ ზედმეტად შეგიპყრობთ შინაგანი სამყარო. აქტიური წარმოსახვა უსაფრთხოა, როცა ვემორჩილებით წესებს და ვიყენებთ საღ აზროვებას, მაგრამ შესაძლებელია ძალიან შორს შევტოპოთ და ვიგრძნოთ, თითქოს ძალიან ღრმად ვიძირებით არაცნობიერში. თქვენი დამხმარე შეიძლება იყოს ანალიტიკოსი ან პროფესიონალი, რომელსაც გარკვეული გამოცდილება გააჩნია აქტიურ წარმოსახვასთან დაკავშირებით. მთავარია გყავდეთ მეგობარი, რომელსაც მოუხმობთ, თუ შედეგად სიტუაციაზე კონტროლს დაკარგავთ.

აქედან არც ერთმა დეტალმა არ უნდა შეგაყოვნოთ შინაგანი სამუშაოს შესრულებაში. ჩვენ მხოლოდ უნივერსალურ კანონს შევისწავლით: ყველაფერს, რასაც დიადი სიკეთის ძალა გააჩნია, შეუძლია იყოს გამანადგურებელიც, თუ თავად ეს ძალა არასწორად იქნება გამოყენებული. თუ გვინდა, ინტიმურად ახლო კონტაქტში ვიცხოვროთ შინაგანი სამყაროს ძლევამოსილ ძალებთან ერთად, ჩვენ ამავდროულად  პატივი უნდა ვცეთ მათ.



[1] Memories, Dreams and Reflections will be designated throughout with this abbreviation. Other works of Jung will be referred to by the abbreviation CW, for Collected Works, preceded by volume number and followed by paragraph number. To eliminate footnotes as much as possible, all quotations will be followed in the text by the author’s name short title only. The Complete references for all materials quoted will be found in the Bibliography.

წიგნის თავები


წიგნის ელექტრონული ვერსიის შეძენა წიგნის გადმოწერა
იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff