შინაგანი სამუშაო: სიზმრებისა და აქტიური წარმოსახვის გამოყენება პერსონალური განვითარებისათვის

რობერტ ალექს ჯონსონი
5
2

მთარგმნელები: დავით ჯანგველაძე და ვარიკო ესებუა

თავი მეექვსე: სიზმარხილვის სამუშაოსთან მიახლოება

ნაწილი მეორე: სიზმარხილვის სამუშაო 

 თავი მეექვსე: სიზმარხილვის სამუშაოსთან მიახლოება

  ვინაიდან, მოცემული სახელმძღვანელო სიზმარხილვაში პირდაპირი და პრაქტიკული მიდგომის ასახსნელად არის გამიზნული, თეორიაზე საუბრით დიდ დროს არ დავხარჯავთ. თუმცა, სიზმრების იუნგიანურ ანალიზში არსებობს რამდენიმე ცნება და ტერმინი, რომლებიც ძალიან სასარგებლოა სიზმარხილვის სამყაროში ორიენტაციისთვის. მოცემული ცნებები დრო და დრო გამოჩნდებიან, ამიტომაც გამოვიყენოთ შესაძლებლობა და ახლავე განვიხილოთ ისინი. მცირე ხნის შემდეგ კი, პრაქტიკული ნაბიჯებით წინსვლას დავიწყებთ, რათა მათი გამოყენება შეგვეძლოს.

  საწყის წერტილად გამოდგება ერთი ქალბატონის რეალური სიზმრის განხილვა, რომელსაც ზოგიერთი ძირითადი იდეის საილუსტრაციოდ გამოვიყენებთ. ეს არის ახალგაზრდა ქალბატონის სიზმარი, რომელიც უაღრესად დატვირთულ ცხოვრებას ეწევა. სიზმარი ძალიან მოკლე და მარტივია ზედაპირულად, მაგრამ მან ძლიერი გავლენა მოახდინა სიზმარმხილველზე.

  ესეც სიზმარი:

  "სიზმარში ვეძებ ჩემი ავტომობილის გასაღებს. შემდეგ ვხვდები, რომ გასაღებები ჩემს ქმარს აქვს. მალევე მახსენდება, რომ ჩემმა ძმამ ჩემგან ავტომობილი ითხოვა, მაგრამ უკან არ დაუბრუნებია. ორივე მათგანს ვურეკავ, მაგრამ არც ერთი მპასუხობს. შემდეგ ვიღაც დაბნეული ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც „მოღალატის“ შთაბეჭდილებას მიტოვებს,, ჩემს მანქანაში ჯდება და მიდის. თავს უკიდურესად იმედგაცრუებულად, უმწეოდ და გარკვეულწილად, მიტოვებულად ვგრძნობ."

  ამ სიზმარზე მუშაობისთვის, სიზმარმხილველმა ინტერპრეტაცია დაიწყო ორი ძირითადი პრინციპით: პირველი - სიზმრების ძირითადი ფუნქცია არაცნობიერის მიერ საკუთარი თავის გამოხატვაა. მაშასადამე, ქალბატონი პირველ რიგში აცნობიერებს, რომ სიზმარი გამოხატავს რაღაცას, რაც მის შიგნით, არაცნობიერ დონეზე არსებობს. მეორე - მან უნდა იცოდეს, რომ სიზმარში გამოსახულებები უნდა აღიქვას არა პირდაპირი გაგებით, არამედ როგორც მისი შინაგანი ცხოვრების ნაწილების დინამიკისა და სიმბოლური განსახიერებების სახით. ქალბატონი სიზმრის ინტერპრეტაციისთვის ასრულებდა როგორც სიზმარხილვის სამუშაოს, ასევე აქტიურ წარმოსახვასაც - სიზმარში წარმოდგენილი პერსონაჟების მიმართ. ვნახოთ ძირითადი ინტერპრეტაცია, რაც ამის შედეგად მივიღეთ:

 სპონტანური ასოციაციების გამო, რომელიც მის გონებაში საკუთარ ქმართან და ძმასთან დაკავშირებით გამოვლინდა, იგი გრძნობდა, რომ ისინი წარმოადგენდნენ საკუთარ ნაწილს, რომელიც უნდა ყოფილიყო მშვიდი, მედიტაციური და საკუთარ თავში ორიენტირებული. ქალბატონმა დაინახა და იგრძნო - იგი იმდენად დაკავებული იყო ექსტრავერტული პროფესიული ცხოვრებით, რომ დრო არ რჩებოდა სახლისთვის, ოჯახისთვის და სიმშვიდისათვის, რომელიც საკუთარი თავის ცენტრირებისთვის აუცილებელი გახლდათ. იგი საკუთარ მხრებზე იმაზე მეტს იღებდა, ვიდრე მისი ზიდვა შეეძლო; ასწავლიდა სხვადასხვა კლასებში და ამას გარდა დიდ პროექტზეც მუშაობდა, რომელიც ძალიან დიდ დატვირთვას ახდენდა მასზე. ქალბატონი ისე იყო გადატვირთული, რომ ვერ პოულობდა დროს მარტო ყოფნისთვის და ქმართან ერთად ცხოვრებისათვის. მან თანხმობა განაცხადა ყველა მოთხოვნაზე, რათა ყველა პროექტს ერთდრულად გამკლავებოდა.

 ამ შემთხვევაში ავტომობილი მისთვის განასახიერებს ზედმეტი ჩართულობის ილუსტრაციას. ავტომობილის მსგავსად, აქტივობის ნიმუშიც იყო მექანიკური და განასახიერებდა კოლექტიური საზოგადოების პროდუქტს, რომელიც ქალბატონის კონტროლს არ ექვემდებარება. მან იგრძნო, თითქოს რაღაცამ მანქანაში ჩააგდო, და უცხო მამაკაცთან ერთად "სხვა პროექტისკენ", "სხვა ჩართულობისკენ" გააქანა.

  ამ უცხო, დაბნეულ ადამიანთან დაკავშირებით ქალბატონმა ასოციაცია მოახდინა საკუთარი თავის ნაწილთან, რომელსაც ყოველთვის სურდა მაღალი სიჩქარით მოქმედება, რომელიც ყველაფერზე თანხმდებოდა, რათა კოლექტიურ წრეებში გარევის შესაძლებლობა მიეღო. ქალბატონის აღწერით უცხო მამაკაცი ჰგავდა ველურ ადამიანს, რომელსაც ჩუმად და მშვიდად ჯდომა არ შეეძლო. სიზმარმხილველმა იგრძნო განცალკევებისა და მიტოვებულობის შეგრძნება ცხოვრების ორ მხარეს შორის, სადაც პირველს მისი ქმარი და ძმა წარმოადგენდა, ხოლო მეორეს დაბნეული, "მოღალატეობრივი" მამაკაცი ასახავდა.

  მოცემული სიზმრის საპასუხოდ, მან მკვეთრი ცვლილებები შეიტანა თავისი ცხოვრების განრიგში. ქალბატონმა შეამცირა ჩართულობა გარე სამყაროსთან მიმართებით და საკუთარ თავს მეტი დრო დაუთმო; იგი ხშირ დროს ატარებდა ოჯახთან და შინაგანი სამუშაოს შესრულებით დაკავდა. შედეგად, მაშინვე დადგა შვების გრძნობა, რადგან ენერგია ამჟამად მისი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვან ასპექტზე გახდა ფოკუსირებული.

 სიზმარი ასახავს რამდენიმე ძირითადი პრინციპის ილუსტრაციას, რომელიც აშკარად დაგვეხმარება. პირველი მნიშვნელოვანი პრინციპი: ძალიან მოკლე და ერთი შეხედვით უმნიშვნელო სიზმარიც კი, ცდილობს გვითხრას რაღაც ისეთი, რაც უნდა ვიცოდეთ. სიზმრები ჩვენს დროს ფუჭად არასდროს კარგავენ. თუ "პატარა" სიზმრებსაც ყურადღებას დავუთმობთ, აღმოვაჩენთ, რომ ისინი მნიშვნელოვან შეტყობინებებს ატარებენ.

  ვინ არიან პიროვნებები, რომლებიც ჩვენს სიზმრებში ჩნდებიან? რას ასახავს ჩვენი შინაგანი სტრუქტურა, რომელშიც ისეთი პერსონაჟები ჩნდებიან, როგორებიცაა ქმარი, ძმა, უცხო ადამიანი და ასე შემდეგ? ქალის სიზმარში ვნახეთ, რომ ქმრის იმიჯი მისი ფიზიკური ქმრისაგან, რაღაც განსხვავებულს წარმოადგენდა - რაღაც ისეთს, რაც მის შინაგან არსებაში არსებობდა. სიზმარში დანახული გამოსახულება წარმოადგენდა ცხოვრების პრინციპს, რომელშიც ქალბატონი მოქმედებდა და ფასეულობების ერთობლიობას, რაშიც შინაგანი განცდა და პერსონალური გზის მიმართულება ვლინდებოდა.

 სიზმარში წარმოდგენილი ადამიანების სიმრავლე, შინაგანი მე-ს მრავალგანზომილებიანი სტრუქტურის სიმრავლეს ასახავს. ჩვენ ყველანი, ჩვენში არსებული მრავალი შინაგანი პიროვნებისგან ვართ შექმნილნი, რომლებიც ერთ სხეულში და ერთ გონებაში თანაარსებობენ. მაგრამ, მიუხედავად ამისა, საკუთარი თავი ერთ ინდივიდად მიგვაჩნია, რომელსაც მხოლოდ ერთი შეხედულება აქვს ცხოვრების შესახებ. თუმცა, რეალურად, თუ უფრო ყურადღებით ჩავიხედებით ჩვენს შიგნით აღმოვაჩენთ, რომ სადღაც ღრმად, იქ ერთზე მეტი ადამიანი ცხოვრობს და თითოეული მათგანი განსხვაბებული მიმართულებით ცდილობს სიარულს.

  სიზმრები, სიმბოლური ფორმით ამ განსხვავებული პიროვნებების ჩვენთვის ჩვენებას ცდილობენ; ყოველი მათგანი ჩვენში მოქმედებს და ისინი ერთიანი თვითობის ნაწილებს წარმოადგენენ. ჩვენს სიზმარში სიზმარმხილველმა საკუთარი თავის რამდენიმე ასპექტი აღმოაჩინა, რომლებიც ქმრის, ძმის და დაბნეული ადამიანის ფიგურების სახით გამოჩდნენ. მის ერთ ნაწილს სურდა სახლში დარჩენა, სიმშვიდე და მედიტაცია, ხოლო მეორე ნაწილს საქმის გაკეთება საკუთარ პროფესიაში. მესამე ნაწილს სურს სამყაროს გადარჩენა და აქტიურობა; უცნობი ახალგაზრდა, რომელიც მასში მცხოვრები არქეტიპული გმირის გამოვლინებაა, დაბნეული ჩანს. ამ ყველაფრის ჩვენებით, სიზმარი ცხადყოფს, რომ ქალბატონმა უნდა იპოვნოს ბალანსი, საპირისპირო სურვილებსა და ღირებულებებს შორის.

  იუნგი აღნიშნავდა, რომ თითოეული ჩვენი ფსიქოლოგიური კომპონენტი, განსხვავებულ ცნობიერების ცენტრებს განასახიერებენ. ჩვენ შეგვიძლია მათზე ვიფიქროთ, როგორც საკუთარ თავში არსებულ სტრუქტურებზე, რომლებიც ერთობლივად მთლიან ფსიქიკას ქმნიან. ჩვენ შეგვიძლია ისინი აღვიქვათ, როგორც დამოუკიდებელი ენერგო სისტემები, რომლებიც ერთობლივად თანაარსებობენ ჩვენში, რადგან ისინი ავტონომიურები არიან: თითოეულ მათგანს საკუთარი ცნობიერება, ღირებულებები, სურვილები და მისწრაფებები გააჩნია, რომლებიც სხვადასხვა მიმართულებით მოძრაობენ; თითოეულ მათგანს აქვს განსხვავებული ძალა ან ხარისხი, რათა ხელი შეუწყონ ჩვენს აქტიურ ცხოვრებას, და ამასთანავე, თითოეული მათგანი საკუთარ როლს ასრულებს ჩვენი მთლიანი პიროვნების ჩამოყალიბებაში. სწორედ ამიტომ, ისეთი შთაბეჭდილება გვრჩება, თითქოს ჩვენს შიგნით დამოუკიდებელი ადამიანები ცხოვრობენ და სიზმრებში ისინი სხვადასხვა პიროვნებების სახით გვევლინებიან.

  ხშირად, როდესაც გადაწყვეტილების მიღებას ფაქტებზე დაყრდნობით ან ლოგიკის მეშვეობით ვცდილობთ, რეალურად ჩვენს შიგნით არსებულ საშინელ ძალებს შორის ბრძოლაში ვართ ჩართულნი. ვინაიდან ისინი ძირითადად არაცნობიერ მდგომარეობაში იმყოფებიან, ჩვენ არ ვიცით ვინ - რისთვის იბრძვის, და სწორედ ამიტომ, საკუთარ არსებაში სიმშვიდეს ვერ ვამყარებთ. ამავდროულად, არც ის ვიცით, თუ რომელი მხარე უნდა დავიჭიროთ და ამის გამო დაპირისპირებულ ძალებს შორის გაჭედილები, თავს უიმედოდ ვგრძნობთ.

  ერთ-ერთი თანამედროვე მწერლის რომანში, ქალს ვხვდებით, რომელიც საკუთარ თავში მაცდურის აღმოჩენის შედეგად თავს გახლეჩილად გრძნობს:

  ”მაშინ, ჩვენ შეგვიძლია ერთად ვიმოგზაუროთ”, - განმარტავს იგი, თითქოს ეს არის გამოსავალი ორივე მათგანის ერთობლივი მუშაობისთვის.

  მასში თითქოს თითოეული კომპონენტური ასპექტი ებრძვის ერთმანეთს: შვილი - ებრძვის დედას, მეამბოხე - ებრძვის მონაზონს და ასე შემდეგ. (LeCarre, Little Drummer Girl, Step Two: Dynamics)

  ვინ არის ეს ბავშვი, რომელიც დედას ებრძვის, ან ეს მეამბოხე, რომელიც მონაზონს ებრძვის? რა შეიძლება ითქვას იმ ადამიანზე, რომლის შინაგან გმირსაც ციხე-სიმაგრეების შტურმი და  წმინდა გრაალის ძებნა სურს მაშინ, როცა მის შინაგან "განდეგილს" საკუთარ საკანში მშვიდად დარჩენა და ღვთაებრივი საიდუმლოს ჭვრეტა სურს? შეიძლება ითქვას, რომ ყოვლი მათგანი წარმოადგენს ადამიანის შესაძლებლობებს და ადამიანური ხასიათის ასპექტებს, რომლებიც ყველა ჩვენგანისთვის საერთოა.

  სწორედ აქ ვხვდებით არქეტიპებს; უნივერსალურ ნიმუშებს ან ტენდენციებს ადამიანის არაცნობიერში, რომელიც საკუთარ გზას პოულობს ჩვენს ინდივიდუალურ ფსიქიკაში და მის ჩამოყალიბებაში უდიდეს როლს თამაშობს. ისინი ფსიქოლოგიური ენერგიის სამშენებლო ბლოკები არიან, რომლებიც ინდივიდუალური ფსიქიკის შესაქმნელად უნდა გერთიანდნენ. აქ გვხვდება შვილის, დედის, უნივერსალური ქალწულის და უნივერსალური მეამბოხის არქეტიპები, ხოლო ეს ყველაფერი ერთი ინდივიდის პიროვნებაში მიედინება.

  ჩვენს სიზმრებში, ისინი ხშირად უერთდებიან გმირის, მღვდელის ან ნაძირალას უნივერსალურ არქეტიპებს. თითოეული მათგანი ჩვენს ხასიათსა და ფსიქიკას ერთმანეთისგან განსხვავებულ სიმდიდრეს მატებს და ყოველ მათგანს საკუთარი სიმართლე გააჩნია.

  შინაგანი თვითობა მხოლოდ მრავლობითი არ არის: იუნგმა აღმოაჩინა, რომ ფსიქიკა თავის თავს ავლენს როგორც ანდროგენი, რომელიც საკუთარ თავში ერთდროულად მასკულინურ და ფემინურ ენერგიებს შეიცავს. ყოველ მამაკაცს სჭირდება ფსიქიკაში დაუკავშირდეს "მასკულინურ" ეგოს, რათა მისივე არაცნობიერმა საკუთარი "ფემინური" ასპექტის დანახვა და გაცნობიერება შეძლოს. იგივე ასპექტში, ყოველი ქალის "ფემინურ" ეგოს სჭირდება სინთეზში მოვიდეს საკუთარი თვითობის "მასკულინურ" მხარესთან.

  ფსიქიკა სპონტანურად იყოფა დაპირისპირებულ წყვილებად. ჩვენში არსებული ყველა არქეტიპული ენერგია ცნობიერ გონებას საპირისპირო წყვილების სახით ავსებს: ინი და იანი, ქალური და მამაკაცური, ბნელი და ნათელი, პოზიტიური და ნეგატიური. ჩემი ერთი ნაწილი ცხოვრობს ცნობიერ გონებაში, ხოლო მისი დანარჩენი ნაწილი, - რომელიც ცნობიერებაში არსებულ ნაწილს ავსებს - არაცნობიერის უგონო მდგომარეობაში იმყოფება. არაცნობიერი, შინაგანი ძალების ურთიერთქმედების სიმბოლიზმის გამოხატვის მიზნით მასკულინურ და ფემინურ ასპექტებს გამუდმებით იყენებს. ისინი უნდა დაბალანსდნენ და მათ ერთმანეთი უნდა შეავსონ. ისინი შეიძლება გამოჩნდნენ, როგორც ერთმანეთის მიმართ სამკვდროდ გადაკიდებული მტრები, მაგრამ არსობრივად მათ განზრახული აქვთ სინთეზისა და გაერთიანებისკენ სწრაფვა, რადგან ერთი და იგივე ენერგიის ორ ასპექტს წარმოადგენენ.

  საპირისპირო სქესის მქონე ფიგურები, რომლებიც სიზმრებში ჩნდებიან, ხშირად განასახიერებენ ენერგეტიკულ სისტემებს, რომლებიც ყველაზე შორს არიან ეგოსგან და ცნობიერი გონებისაგან, რაც იმას ნიშნავს, რომ სიზმარმხილველის არაცნობიერის სიღრმეებში იმყოფებიან. თითქმის შეუძლებელია იმის პროგნოზირება, თუ რა სახის შინაგან ნაწილებს ავლენს სიზმარში გამოჩენილი საპირისპირო სქესის მქონე ადამიანი; ეს დამოკიდებულია ინდივიდზე, მაგრამ ზოგი ნიმუში ჩვენთვის ცნობილია, და სასარგებლოა, მათი ნათლად განსაზღვრება შეგვეძლოს.

  ჩვენს კულტურაში, კაცები ტრადიციული იდენტიფიკაციისთვის განსაზღვრულნი არიან, როგორც ცხოვრების მოაზროვნე და ორგანიზებული ნაწილი. არაცნობიერი, მამაკაცის სიზმრებში ფემინურ ფიგურას ხშირად ირჩევს მისი ემოციური ბუნების წარმოსაჩენად; ასევე იმისთვის, რომ გამოავლინოს მისი შეგრძნების უნარი, სილამაზის დაფასების ძალა, ღირებულებებისა და ურთიერთობების სიყვარულით განვითარების სურვილი. ძირითადად, სწორედ ეს შესაძლებლობები ცხოვრობენ მამაკაცის არაცნობიერში. მამაკაცის სიზმრებში ქალური ასპექტის გამოჩენა "მასკულინური" ეგო-ცხოვრების ვიწრო თვალსაწიერის გაფართოების საჭიროებაზე მიანიშნებს.

  უამრავი ქალის ეგოს სტრუქტურა, ძირითადად იდენტიფიცირებულია გრძნობებთან, ნათესაობასთან, აღზრდასთან და დედობასთან - ანუ იმ თვისებებთან, რომლებიც ტრადიციულად ითვლება, როგორც "ქალური". ფსიქიკის ფემინური მხარეც რაციონალურია, მაგრამ იყენებს გრძნობა-ლოგიკას, ისეთ რაციონალურ პროცესებს, რომლებიც გრძნობების მეშვეობით ღირებულებების დიფერენციაციაზეა დაფუძნებული. მან „იცის“ ფუნქციონირების სხვა რეჟიმით, ვიდრე ამას მასკულინური მხარე აკეთებს, - ფემინურის შემთხვევაში ეს ხდება შეგრძნების და არა ანალიზის სახით. ამიტომ, ქალის არაცნობიერი ხშირად იყენებს მასკულინურ ფიგურებს, ფსიქიკის მეორე მხარის წარმოსაჩენად.

  ანდროგენული ფსიქიკის ყველაზე მნიშვნელოვანი ასპექტი არის სულის გამოსახულება. ყველა მამაკაცსა და ქალში არსებობს შინაგანი არსება, რომლის მთავარი ფუნქციაა გაერთიანების როლი - ის, ვინც წარმართავს ეგოს შინაგან სამყაროს და რომელიც შუამავალია არაცნობიერსა და ეგოს შორის.

  იუნგმა საკუთარ თავში სულის გამოსახულება მაშინ გააცნობიერა, როდესაც თავის არსებაში ფემინური ასპექტის თანმყოფობა შეიგრძნო, რამაც იგი არაცნობიერისკენ მიიზიდა. იუნგმა მოცემული ასპექტი სწორედ სიზმრებში და წარმოსახვით ფანტაზიებში აღმოაჩინა; როდესაც იგი მის სიზმრებში გამოჩნდა, იუნგმა აღმოაჩინა, რომ ეს არსება მითიურ ხარისხს ატარებდა; იგი ერთი შეხედვით ჯადოსნურიც იყო და ნახევრად ღვთაებრივიც. დანტეს "ღვთაებრივ კომედიაში" ბეატრიჩეს მსგავსად, მან მიიყვანა იუნგი არაცნობიერის შინაგან სამყაროში, სადაც ემსახურებოდა მას მეგზურის სახით; იუნგმა იგივე ასპექტის მქონე არქეტიპული ფემინური თანმყოფობა სხვა მამაკაცებშიც აღმოაჩინა. ამავდროულად, იუნგი ასევე აკვირდებოდა შესაბამის მასკულინურ სულიერ იმიჯს ქალების სიზმრებში და წარმოსახვაში.

  იუნგი გრძნობდა, რომ ეს შინაგანი ადამიანი, რელიგიურ წარმოდგენას შეესაბამებოდა სულის შესახებ, როგორც საკუთარი თავის ნაწილი, რომელიც სულიერ სფეროსთან გვაკავშირებს და  რომელსაც ღმერთთან მივყავართ. მამაკაცში არსებული ფემინური, სულიერი ხატ-სახე იუნგის მიერ მოხსენიებულია, როგორ ანიმა, ხოლო ქალში არსებული მასკულინური სულიერი ხატ-სახე, როგორც ანიმუსი. ანიმა და ანიმუსი სულის აღმნიშვნელი ლათინური ტერმინებია.

  მნიშვნელოვანია გააცნობიეროთ სულის გამოსახულების არსებობის ფაქტი. ისინი რეგულარულად ჩნდებიან ჩვენს სიზმრებში და დიდ როლს თამაშობენ ჩვენს, როგორც ინდივიდების განვითარებაში. სულის გამოსახულება, გავლენას ანხორციელებს ცხოვრების მთელი მსვლელობის განმავლობაში.

  ისინი ერთდროულად უნდა აღვიქვათ, როგორც ჩვენში არსებული ენერგიები და ძლევამოსილი სიმბოლოები, რადგან ისინი უზარმაზარი შესაძლებლობის მქონე ძალებს განასახიერებენ. ყველა ჩვენი თანდაყოლილი სურვილი, რომელიც მიზნად საკუთარ თავში არსებული საპირისპირო ძალების ერთიანობას ისახავს, ყველა სურვილი რომელიც არაცნობიერის და შინაგანი სამყაროს გამოკვლევისკენ გვიბიძგებს, ასევე, რელიგიური გამოცდილებისკენ სწრაფვა, კონცენტრირებულია სწორედ ამ შინაგან არსებებში, რომლებიც შუამავლები არიან ჩვენს ეგოსა და უზარმაზარ არაცნობიერს შორის. თუ შინაგანი სამუშაოთი დაკავების პროცესში საკუთარ ანიმასთან და ანიმუსთან არ ვურთიერთობთ, ჩვენ აუცილებლად მოვახდენთ მათ პროექციას ცხოვრების ისეთ სფეროებში, რომელთაც ისინი საერთოდ არ ეკუთვნიან.

  მაგალითად, მამაკაცმა შეიძლება ანიმას პროექცია მოახდინოს საკუთარ სამსახურთან მიმართებაში და შედეგად, სამსახური აკვიატებად ექცეს, რითაც საკუთარ შემოქმედებას სულიერებასთან შედარებით ცხოვრების დაბალ არხად აქცევს. ქალმა შეიძლება საკუთარი ანიმუსის პროექცია მოახდინოს ცხადში არსებულ მამაკაცზე, და უსაზღვროდ შეუყვარდეს არა თავად ეს ადამიანი, არამედ საკუთარი პროექციით დანახული ანიმუსის იმიჯი, რომლის პროექციაც მამაკაცზე მოახდინა. რომანტიკული ფანტაზიის მთელი საფუძველი, რომელიც ადამიანურ სიყვარულში ვლინდება, ძალიან ხშირად სწორედ ანიმასა და ანიმუსის სხვა ადამიანზე პროექციას წარმოადგენს. ამით ადამიანები ცდილობენ ერთიანნი გახდნენ სხვა ადამიანის მეშვეობით, და ცდილობენ საერთოდ დაივიწყონ არაცნობიერის არსებობა, რადგან საკუთარ არსებაში არარეალიზებული ნაწილების პროექციას სხვა ადამიანზე რომანტიკული პროექციის გზით ახდენენ.

  წიგნის შესავალში, მე ვისაუბრე ინდივიდუაციის პროცესზე. როგორც უკვე იცით, ინდიცვიდუაცია არის, ცნობიერების მოძრაობა ტოტალური თვითობის ერთიანობისაკენ. სიზმრების დაკვირვებისა და გამოყენების შედეგად, ჩვენ იმასაც ვხედავთ, რომ ინდივიდუაცია ასევე ჩვენში არსებული სხვადასხვა პიროვნებების დიდწილად გაერთიანებისა და სინთეზისაგან შედგება. ინდივიდუალობა არ არის მხოლოდ ამ შინაგანი ენერგიის სისტემების გაცნობიერებისკენ სწრაფვა, არამედ, ამაში მათ შორის კავშირისა და ერთიანობის დამყარებაც იგულისხმება.

  ამ ევოლუციის საბოლოო პროდუქტი არის ის, რაც შეგვიძლია აღვქვათ, შევიგრძნოთ და აღვწეროთ ინტუიციურად, - მიუხედადვად იმისა, რომ ჯერ ამისთვის არ მიგვიღწევია - ეს არის მთლიანობის, დასრულების შეგრძნება. ჩვენი არსების ტოტალური მთლიანობა და მოცემული სიმთელის ხარისხის ცნობიერება ერთ არქეტიპშია გამოხატული. იუნგმა ამ არქეტიპს თვითობა უწოდა.

  თვითობა არის ინტეგრაციის პრინციპი. ამავდროულად, ის არის მთლიანობაში აღებული პიროვნება. როდესაც სიზმარში თვითობის სიმბოლო ჩნდება, იგი განასახიერებს არა მხოლოდ ჩვენი არსების მთლიანობას, არამედ ჩვენს პოტენციურ შესაძლებლობებს უმაღლესი ცნობიერებისაკენ, - ეს არის ერთიანობის გაცნობიერება საკუთარ თავში და მთელს კოსმოსში.

  სიზმრები მუდმივად აღწერენ და აფიქსირებენ ინდივიდუაციის პროცესს და ეგოს მოძრაობას თვითობის მიმართულებით. უმეტესად, სიზმრებში ჩვენ ვხედავთ უშუალო, ადგილობრივ სიტუაციებს, სადაც ცხოვრებისეული გარემოებების შედეგად ვართ მოთავსებულნი. მაგრამ, ამავე დროს, თუ თქვენ შეაგროვებთ საკუთარ სიზმრებს და მთლიანობაში დანახვას შეძლებთ, აღმოაჩენთ, რომ ისინი თვითობისკენ მიმავალ გზაზე მოგზაურობისას არსებულ საფეხურებს ასახავენ.

  თვითობის დამახასიათებელი სიმბოლოებია: წრე, მანდალა, კვადრატი, ბრილიანტი და ყველა აბსტრაქტული ფიგურა, რომელიც არქეტიპულ თვითობას გამოხატავს.

  თვითობა ჩნდება სიზმრებში, რომელიც რაიმე სახით კავშირშია ციფრ ოთხიანთან; იქნება ეს სიზმარში ნანახი ოთხი პერსონაჟი თუ უბრალოდ თვალშისაცემი ოთხიანი. იუნგმა აღმოაჩინა, რომ რიცხვები არქეტიპულ სიმბოლოებს განასახიერებენ. ხოლო, რიცხვი ოთხიანი ყველა რელიგიაში, უძველესი დროიდან დღემდე, სიმბოლურად კოსმოსის მთლიანობასთან და სულიერი ევოლუციის დასრულებასთან ასოცირდება.

  თვითობისათვის დამახასიათებელი კიდევ ერთი სიმბოლოა ღვთაებრივი ან სამეფო წყვილი; მასკულინური და ფემინური პოტენციალების შეერთება, როგორიცაა ინი და იანი; ასეთი სიმბოლოები საკუთარ არსებაში უმაღლესი სინთეზის მიღწევას მიანიშნებენ.

  არაცნობიერში არსებობს კიდევ ერთი ძირითადი ენერგეტიკული სისტემა, რომელიც რეგულარულად ჩნდება ჩვენს სიზმრებში და მის შესახებ ცოდნა ჩვენთვის ძალიან სასარგებლოა. იუნგი ამ შინაგან არსებას ჩრდილს უწოდებს. ყველა ადამიანში არის არაცნობიერის ნაწილი, რომელიც ძალიან ახლოს არის ეგოსთან და ჩვეულებრივ, სიზმარში ჩნდება როგორც სიზმარმხილველის იდენტური სქესის მქონე პიროვნება. ჩრდილი არის ერთგვარი ალტერ-ეგო, რომელიც გამოყოფილია ცნობიერი ეგოს იმიჯისაგან და არაცნობიერში ბინადრობს. როგორც წესი, ჩრდილი შეიცავს როგორც ნეგატიურ, ასევე პოზიტიურ თვისებებს, რომლებიც ეგო-პიროვნების სავსებით ბუნებრივ ნაწილებს წარმოადგენენ. მაგრამ, ეგო ამა თუ იმ მიზეზის გამო ვერ ახერხებს ჩრდილის თვისებებისა და ხარისხის მიღებას და პირდაპირი ძალისხმევით თრგუნავს მას. ხანდახან ჩრდილში არსებული თვისებები ეგოსთვის უხერხულად, პრიმიტიულად ან საზიზღრად გამოიყურება: ეგოს არ სურს აღიაროს, რომ ეს თვისებები თავად მას ეკუთვნის. ზოგჯერ ჩრდილი უზარმაზარ და პოზიტიურად ძლიერ მხარეებს ავლენს, რომლის მიღებაც ეგოს ასევე არ უნდა, რადგან მისთვის ეს ან ზედმეტ პასუხისმგებლობას ნიშნავს, ან საკუთარი თავის წვრილმანი იმიჯის მკვეთრად შეცვლასთან ასოცირდება. თუ როგორ გამოჩნდება ჩრდილი სიზმარში, ეს დამოკიდებულია ეგოს დამოკიდებულებაზე. ასე მაგალითად, თუ მამაკაცის დამოკიდებულება მისი შინაგანი ჩრდილის მიმართ მეგობრულია და ამავდროულად მამაკაცს განვითარება და ცვლილება სურს, ჩრდილი ხშირად გამოჩნდება როგორც დამხმარე მეგობარი, რომელიც ეხმარება მას თავგადასავალში, მხარს უჭერს მას და ასწავლის მამაკაცს ახალ-ახალ უნარებს. თუ სიზმარმხილველი საკუთარი ჩრდილის დათრგუნვას ცდილობს, სიზმარში ჩრდილი გამოჩნდება როგორც საძულველი მტერი ან ურჩხული, რომელიც თავს ესხმის სიზმარმხილველს. იგივე პრინციპი მოქმედებს ქალის შემთხვევაშიც; ჩრდილი შეიძლება გამოჩნდეს, როგორც მოსიყვარულე დაქალი ან როგორც დემონი და საშინელი ჯადოქარი.

  ეს არის რამდენიმე ძირითადი კონცეფცია და მოდელი, იუნგიანურ სიზმრების ანალიზში, რაც ადამიანთა უმრავლესობას სიზმრებთან პირველად მიახლოებისას ნამდვილად გამოადგება. მოცემული კონცეფციები უფრო მკაფიო გახდება, როდესაც სიზმრების ნიმუშებთან მუშაობას დავიწყებთ და მომდევნო თავებში პრაქტიკული ნაბიჯების გამოყენებას ვისწავლით.

წიგნის თავები


წიგნის ელექტრონული ვერსიის შეძენა წიგნის გადმოწერა
იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff